წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა

 

”ლავსაიკონის” ავტორის შესახებ

ქრისტიანული ასკეტიკის გამორჩეული ძეგლი – წმინდა პალადი ჰელენოპოლელის ”ლავსაიკონი” - უმნიშვნელოვანესი წყაროა ეგვიპტური განდეგილური ეპოქის უადრესი საუკუნეების შესასწავლად. თხზულების ავტორი თანამოღვაწე და მოწაფე იყო IV საუკუნის დიდი ასკეტი მამებისა და მისი ნაშრომი ამ მხრივაც იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

წმინდა პალადის შესახებ ცნობებს, არსებული წყაროების გარდა, თვით ”ლავსაიკონი” გვაწვდის. იგი წარმოშობით ალექსანდრიელი იყო, დაახლოებით 363 წელს დაიბადა, განდეგილურ მოღვაწეობას კი სიჭაბუკეშივე შეუდგა. უშუალოდ მოღვაწეობის დაწყებამდე წმ. პალადი სხვა მეუდაბნოე მამათა ცხოვრებას გაეცნო. ამ მიზნით ის ჯერ ეგვიპტეში თებეს უდაბნოს ესტუმრა, შემდეგ კი ნიტრიას მიაშურა.

წმინდა პალადი მეტად დაახლოებული იყო დიდ წმინდა მამებთან: მაკარი ეგვიპტელსა და მაკარი ალექსანდრიელთან. ნიტრიის უდაბნოში ყოფნისას მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ევაგრე პონტოელმა და დაემოწაფა მას.

მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ წმინდა პალადიმ პალესტინას მიაშურა და საეპისკოპოსო კათედრას ჩაუდგა სათავეში. მას ინტენსიური სულიერი კავშირი ჰქონდა წმინდა იოანე ოქროპირთან. ამგვარ სიახლოვეს მოწმობს ისიც, რომ პალადიმ ამ დიდი წმინდა მამის დასაცავად დაწერა ”დიალოგი იოანე ოქროპირის ცხოვრებაზე”. მიიჩნევენ, რომ წერის ამგვარი ფორმა მწერალს აღებული აქვს ანტიკური ტრადიციიდან, კერძოდ, პლატონის დიალოგიდან (”ფედონი”).

წმ. პალადი დაუპირისპირდა ალექსანდრიის ეპისკოპოს თეოფილეს, რომელიც წმინდა იოანე ოქროპირს ებრძოდა. ცნობილი მუხის კრების შემდეგ წმინდა იოანეს დასაცავად ის რომში გადავიდა. ამის გამო პალადიმ თავისუფლებაც დაკარგა და საეპისკოპოსო კათედრაც, თუმცა მოგვიანებით დაიბრუნა იგი. დაახლოებით 420 წელს წმინდა მამა წერს ”ლავსაიკონს”. იგი გარდაიცვალა 428 თუ 429 წელს.

წმ. პალადის სამწერლობო საქმიანობა უმთავრესად ორი ფაქტორით განისაზღვრა: ერთი, ეგვიპტელ მეუდაბნოეებთან მოღვაწეობით და, მეორე, წმინდა იოანე ოქროპირთან სიახლოვით. სწორედ ამ ფაქტორებმა განუკუთვნეს მას მნიშვნელოვანი ადგილი ქრისტიანული საეკლესიო ლიტერატურის ისტორიაში.

 

”ლავსაიკონის” იდეურ-კომპოზიციური გააზრებისათვის

როგორც ირკვევა, ჩვენთვის საინტერესო ძეგლი - ”ლავსაიკონი” - დაკვეთით შექმნილი ნაწარმოებია. წმ. პალადის ამ თხზულებას იმპერატორ თეოდოსი უმცროსის კარზე დაახლოებული კაცი (სამეფო კაცი) - ლავსე უკვეთავს. გამომდინარე შემკვეთის სახელისგან, სახელწოდება - τὸ λαυσαικὸν ან λαυσαικὸν - თხზულებამ გვიანდელი მკითხველისაგან მიიღო.

ეპილოგის თანახმად, წმ. პალადი და ლავსე ერთობ დაახლოებული პირები ჩანან. აქვე ვიგებთ, რომ ნაწარმოების განსრულების ჟამს მისი შემკვეთი კვლავ მთავარია საიმპერატორო კარზე, თუმცა მოგვიანებით იგი კაბადოკიის პრეფექტი ხდება.

”ლავსაიკონის” წინასიტყვაობიდან ვიგებთ, რომ ლავსე გატაცებული იყო წმინდა მამებისა და დედების ცხოვრებით. იგი გულმოდგინედ აგროვებდა მათ შესახებ ცნობებს. ამ მიზნით მიმართა მან ეგვიპტელ ბერ-მონაზვნებთან დაახლოებულ პალადი ჰელენოპოლელსაც, რათა აღეწერა მათი ცხოვრება.

”ლავსაიკონი” არ არის ოდენ ისტორიული წყარო IV-V საუკუნეების დიდი ასკეტი მამების მოსაგრეობის შესასწავლად. იგი უფრო სამოძღვრო-ზნეობრივი ხასიათის თხზულებაა, რომელშიც გვმოძღვრავს და გვასწავლის ამბის მარტივი და უბრალო გადმოცემა.

თავისი ზნეობრივ-სამოძღვრო ხასიათით ”ლავსაიკონი” სცილდება შეკვეთით დაწერილი ნაწარმოების დანიშნულებას. მისი მიზანია, სარგებელი მოუტანოს მკითხველს. ამიტომ ავტორი ცოცხლად და შთამბეჭდავად ხატავს თავის გმირებს. სულიერ და ხორციელ ვნებებზე ამაღლებულ ადამიანთა გვერდით პალადი არც დაცემულთა ცხოვრების აღწერას ერიდება (”ამბავი დაცემული ქალწულისა”, ”ვერცხლისმოყვარე ქალწული” და სხვა). ამგვარი მხილებით ავტორი მკითხველისათვის სარგებლის მოტანაზე ზრუნავს.

”ლავსაიკონის” ავტორი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ დაცემულ ადამიანთა შესახებ ”მრავლისაგან მცირედი” მოვიხსენეო. იგი ხშირ შემთხვევაში დუმილს არჩევს. როგორც ჩანს, ამგვარი თავშეკავებით იკვეთება ავტორის მიზანი – დამოძღვროს მკითხველი და სულიერი სარგებლობა მოუტანოს მას.

ამ მიზანს ემსახურება ისიც, რომ წმ. პალადი არ იზღუდება მხოლოდ საკუთარი შთაბეჭდილებებით. მის თხზულებაში საკუთარ განცდილსა და ნანახს ენაცვლება სხვათა მონათხრობი, რომელსაც წმინდანი მოგზაურობის ჟამს ისმენდა. ”ლავსაიკონის” ზოგიერთი ამბის გადმოცემას წინ უძღვის ამგვარი შენიშვნა: ”იტყოდა უკუე წმიდაჲ იგი” (მაკარი ალექსანდრიელი), ან: ”გჳთხრობდა ჩუენ მონაჲ ქრისტესი პაფნოტი” და სხვა მისთანა. თხრობის ამგვარ მანერას წმინდა პალადი მიმართავს მაშინ, როცა ლაპარაკია ისეთ მოღვაწეებზე, რომელთა სიცოცხლეში ხილვა მან ვერ შეძლო.

”ლავსაიკონი” ფასდაუდებელ მასალას იძლევა როგორც მარტომყოფ მოღვაწეთა შესახებ (მაგალითად, "საფლავში დამკვიდრებული ალექსანდრა”, ”ევლოგი და დავრდომილი” და სხვა), ასევე ბერმონაზონთა ძმობის უადრესი ნიმუშების შესახებ (მაგალითად,”ანტინოოს მონასტერი”, ”ფერმის მთა” და სხვა).

თხზულებაში შეიმჩნევა ე.წ. ნაწილობრივი კავშირი მსგავსი ხასიათის ამბებს შორის, მაგალითად: მოღვაწე დედების შესახებ მოთხრობები ზოგჯერ ერთმანეთის გვერდით გვხდება. ამასთანავე, ხშირია მათი ამბების აღრევა წმინდა მამათა შესახებ მოთხრობებ- შიც. არ არის კანონზომიერება დაცული არც მაშინ, როცა ამბები მოღვაწეთა სათნოებით გაბრწყინებასა თუ დაცემას ეხება.

”ლავსაიკონის” მოთხრობათა ამგვარ არასწორ ქარგას ემატება ქრონოლოგიური და გეოგრაფიული აღრევებიც. იგი ერთი შეხედვით ტოვებს შეუკრავი თხზულების შთაბეჭდილებას, საიდანაც შეგვიძლია ცალკეული ამბავი ავიღოთ ისე, რომ ტექსტის მთლიანობაში აღქმას არაფერი დააკლდეს.

თხზულება საინტერესო ცნობებს გვაწვდის ბიზანტიური მარტიროლოგიის ისტორიისათვის. აქ ძუნწად, მაგრამ მაინც გაკრთება დევნულობის ჟამის ამსახველი ამბები: ”ჟამთა მაქსიმიანე განდგომილისათა” და სხვა.

”ლავსაიკონი” საინტერესოა ეპისტოლარული ჟანრის შესწავლის თვალსაზრისითაც. თხზულების წინ წამძღვარებული წერილებით წმინდა პალადი მოციქულთა ეპისტოლარული მემკვიდრეობის ღირსეულ გამგრძელებლად გვევლინება. ამათგან, თეოლოგიური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ფასეულია პირველი ეპისტოლე. აქ ავტორი საუბრობს ”აღსაშენებელი სწავლის” შესახებ, რომელიც არის ლოგოსთან მიმაახლებელი სიბრძნე.

წმინდა პალადის მიხედვით, საღვთო სიბრძნის დაუნჯება იერარქიული პრინციპით მიმდინარეობს. განსწავლა ხდება ”გონებით და სათნოებით”, სადაც უსრულესნი ”უდარესთა მათ მასწავლელ ექმნებიან”. თუ როგორი ცოდნის მიღებაზეა საუბარი, ამაზე ავტორი მოკლედ იტყვის: ესაა ”სწავლაჲ სიყუარულისაჲ”.

საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ხანგრძლივი მოღვაწეობა ღვთაებრივი სიბრძნის მისაღებად ადამიანის გულსა და გონებას ხსნის. ”ლავსაიკონში” ბერ-მონაზონთა პრაქტიკული მოქმედებით ნაჩვენებია, თუ როგორ განიღმრთობიან ადამიანები დროშივე.

წმინდა პალადი ჰელენოპოლელის თხზულება არ არის სრული ისტორია ასკეტიზმისა. ესაა ზნეობრივი სახეებისა და მაგალითების მთელი გალერეა. ავტორის მიზანია დამოძღვროს მკითხველი. იგი ცალკეულ ამბებს მათი საერთო იდეის მიხედვით კრავს. მოვლენათა ლოგიკური და გეოგრაფიული კავშირი აქ ადგილს უთმობს სხვაგვარ კავშირებს. ამდენად, ”ლავსაიკონი” თითქმის უსისტემო (თუმცა ზოგ შემთხვევაში არის სისტემაც) კრებულია სხვადასხვა ზნეობნივდამრიგებლობითი გადმოცემებისა წმინდა მამებსა და დედებზე.

თხზულების თანამედროვე ქართული თარგმანი

”ლავსაიკონის” ეფრემ მცირისეული თარგმანის კრიტიკული ტექსტის დადგენასთან ერთად, ჩვენი უპირველესი მიზანი ამ ტექსტის თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოღება იყო. მკითხველის ინტერესებიდან გამომდინარე, შინაარსის უკეთ გაგების მიზნით, ძველ ქართულ თარგმანს მივუდექით შემოქმედებითად და გადმოვიღეთ ე. წ. თავისუფალი თარგმანის პრინციპით, ოღონდ ისე, რომ არ შევცვალეთ აზრობრივად და შევეცადეთ, მაქსიმალურად დაგვეახლოვებინა დედანთან.

თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოვიღეთ ასევე ყველა ის ციტატა, რომელიც წმინდა წერილიდან იყო ”ლავსაიკონის” ეფრემისეული თარგმანის შესაბამის ადგილას მოხმობილი. საამისოდ ვისარგებლეთ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ბიბლიის თარგმნის ჯგუფის მიერ გამოცემული ოთხთავის თანამედროვე ქართული თარგმანით (2004, 2005, 2008, 2010). ასევე ძველი აღთქმის, კერძოდ, შესაქმის, ანალოგიური გამოცემით (2006). დანარ- ჩენ შემთხვევაში კი ბიბლიის თანამედროვე ქართული თარგმანის ე.წ. სტოკჰოლმის გამოცემით.

ამბის შესავალი და დასაწყისი

ამ წიგნში აღწერილია სათნოებითი მოღვაწეობა და საკვირველი ცხოვრება პატიოსანი და სანატრელი მეუდაბნოე მამებისა. ნაჩვენებია სასუფევლის დამკვიდრების მოსურნეთა სამოღვაწეო გზები, რათა მათი გაცნობით საღვთო შურითა და წმინდა მამების მიბაძვის სურვილით აღიძრას ზეციური მოქალაქეობის მოსწრაფე და მოტრფიალე მკითხველი. იგი ასევე მოგვითხრობს უხუცესი დედებისა და სხვა ღვთივსულიერი ადამიანების შესახებაც, რომლებმაც გონების სისრულით, სათნო ცხოვრებით იღვაწეს და აღესრულნენ. ხოლო ის, ვინც მათ მიბაძავს, მათს შემსგავსებულ წმინდა გვირგვინს დაიდგამს.

შენ კი, სანატრელს, ღრმად განსწავლულს, მშვიდს, გულით ღვთისმსახურს, გონებით ღვთისმოყვარეს, წარმატებულ კაცთა შორის სიყვარულის ნიჭით გამორჩეულს და საღვთო სულის დამცველს გიბრძანებია ჩემთვის, რომ ჩემი მძიმე გონება მიმემართა უზეშთაესი ხედვისაკენ და აღმეწერა სულიერი მამების მკაცრი ცხოვრება, რომლებმაც ხორცის იძულების გზით ღვთისსათნოდ იღვაწეს, რათა მათი ამბები გვიქადაგებდეს თითოეული დიდი მოღვაწის სათნოებას.

შენ, სულიერი ცხოვრების მოსურნესა და კაცთა შორის წარჩინებულს, ლავსეს, რომელიც, ღვთის განგებით, სამეფო კარის მცველად დაიდგინე, მე, უსწავლელმა და სულიერი სიბრძნის უმეცარმა, როგორ გავბედო და მოგითხრო წმინდა მამების შესახებ, და ამით მათი ღვაწლი დავაკნინო. მაშინებს ჩემი შესაძლებლობის საზომი და მორჩილებით მონიჭებული სარგებლის მიღება გამიჭირდება, რადგან ფრიად მაკლია როგორც ამსოფლიური სიბრძნე, ისე შინაგანი გულისხმიერება და მათი დაუნჯებისკენ ვილტვი, მაგრამ ამასთანავე მაფიქრებს ორი რამ: ერთი მხრივ, შენი სულიერი სწრაფვა, რაც მორჩილებისკენ მიბიძგებს და, მეორე მხრივ, ის სარგებელი, რასაცმათი ცხოვრების აღწერა მკითხველს მიანიჭებს. განსაკუთრებით მეშინია ურჩობისა, რამაც პირველი ადამიანები ცოდვაში ჩააგდო.

ამიტომაც, მე, წმინდა მამების ლოცვით ფრთებშესხმულმა, დიდი კრძალვით მორჩილება ვარჩიე და წმინდა და პატიოსანი ადამიანების ღვაწლისა და მათ მიერ აღსრულებული სასწაულების აღწერას შევუდექი, აღვწერე არა მხოლოდ უხუცესი მამების ცხოვრება, არამედ სანატრელი დედებისაც, რომლებმაც მოღვაწეობის გზით სრულყოფილებას მიაღწიეს და მათი მიბაძვის მსურველთათვის მაგალითად იქცნენ.

დავდიოდი ქალაქიდან ქალაქში, მეტადრე კი, დაბებსა და უდაბნოებში და ღვთისმსახური ბერების სენაკებში ვცხოვრობდი. ბევრი მათგანი თავად ვიხილე, ზოგიერთი წმინდა მამისა და საკუთარ ბუნებაზე ამაღლებული დედის ცხოვრების შესახებ კი სხვებისგან მოვისმინე. ეს ყოველივე ამ წიგნში ქრისტესმიერი სასოებით აღვწერე და შენთან გამოვაგზავნე, საღვთო სიტყვის მოყვარევ, სათნო ადამიანების მშვენიერებავ და მეფის ერთგულო მსახურო, ქრისტესმოყვარე ლავსე!

ამ წიგნში, პირველ ყოვლისა, წმინდა მამებისა და დედების სახელებს გაუწყებ, შემდეგ კი, ჩემი მოკრძალებული შესაძლებლობიდან გამომდინარე, სათნოებით სრულქმნილი წმინდა მოღვაწეების ცხოვრების შესახებ გიამბობ. გიამბობ იმათ შესახებაც, ვისაც ამპარტავნების მშობელმა – ცუდადმზვაობრობის ვნებამ სძლია და ჯოჯოხეთში ჩააგდო. გაუწყებ მათ შესახებაც, მთელი ცხოვრება კეთილად რომ იღვაწეს, მაგრამ მყისიერად ზვაობითა და ამპარტავნებით დაირღვნენ. ღვთის მადლით და სულიერი ძმების ლოცვით კი ეშმაკის ბადეში მოქცეულები კვლავ სათნო ცხოვრებას დაუბრუნდნენ.

ზანდუკი წიგნისა, რომელსაც ეწოდება ”ლავსაიკონი”

მთავარ ლავსესადმი მიწერილი წერილი
1. ალექსანდრიელი მღვდელი ისიდორე
2. თებაიდელი მოღვაწე დოროთე
3. მშვენიერი ქალი პოტამიანა
4. ბრმა მწერალი დიდიმე
5. საფლავში დაყუდებული ალექსანდრა
6. ვერცხლისმოყვარე ქალწული
7. ნიტრიის მთის მონასტრები და იქ მოღვაწე ბერები
8. ნეტარი ამონი და მისი მეუღლე
9. საკვირველი კაცის – მარტომყოფი ორის ამბავი
10. დიოსკორე ეპისკოპოსი და მისი ძმების მოძღვარი წმინდა პამბო
11. ღირსი ამონი და მისი სამი ძმა
12. საკვირველი ბერი ბენიამენი
13. ყოფილი ვაჭრის - სერაპიონის ამბავი
14. პაისიო და მისი ძმა ესაია
15. ყოველმხრივ საქებარი ჭაბუკი მაკარი
16. ფრიად გამოცდილი ნათანაელი
17. მაკარი დიდი ეგვიპტელი
18. მაკარი ალექსანდრიელი და ბერი მარკოზი
19. ავაზაკების წინამძღოლი მოსე შავი
20. ფერმის მთა და იქ მოღვაწე პავლე
21. სულგრძელი ევლოგი და მასთან მყოფი დავრდომილი
22. წრფელი პავლე
23. განდეგილი პახონი
24. ახოვანი მოღვაწე სტეფანე
25. გაამპარტავნებული უვალი
26. გაამპარტავნებული ირონი
27. დიდადშემცდარი პტოლემე
28. დაცემული ქალწული
29. ქალწულთმოყვარე ილია
30. ელიას მიმდევარი დოროთე
31. ქალწული პიამუნი
32. ანგელოზის მიერ დადგენილი წეს-განგება წმინდა მონასტრებისა და დიდი პახომისათვის
33. ამბავი ქალწულისა, რომელსაც წმინდა პიტირუმი გამოეცხადა
34. წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოებული იოანე ტაბენესელი
35. დაყუდებული პოსიდონი
36. სრულიად უპოვარი სერაპიონი
37. პიორი ეგვიპტელი
38. ეფრემ დიდი ასური
39. მოღვაწე დედები
40. ივლიანე ედესელი
41. ადოლი ტარსელი
42. ზეთისხილის მთის მღვდელი ინოკენტი
43. ფილორომ აღმსარებელი
44. მელანია რომაელი
45. მღვდელი ხორონიოსი
46. ბერი იაკობი
47. კეფალად წოდებული პაფნუტის სწავლანი
48. ელპიდი კაბადუკიელი
49. მრავალმხრივ საქებარი სისინა
50. ღადანა პალესტინელი
51. სტუმართმოყვარე ილია
52. ღვთისმოყვარე ერისკაცი საბა
53. ჭკუაშემცდარი აბრაამ ეგვიპტელი
54. პირველმოხსენიებული მელანია
55. ქალწული სილვანა
56. ღირსი დედაკაცი ოლიმპიადა
57. დედაკაცი კანდიდა
58. ქალწული გელასია
59. ანტინოოს მონასტერი
60. ბერი დიოკლი
61. დაყუდებული კაპიტონი
62. სიზმრებისაგან შემცდარი განშორებული
63. ანტინოოს დედათა მონასტერი
64. მელანია უმცროსი
65. წმინდა ათანასეს შემფარებელი ქალწული
66. თესალონიკელი ქალწული
67. სევერიანე ანკვირელი და იქ მოღვაწე სხვა ბერები
68. მონანული დაცემული ქალწული
69. ცილდაწამებული წიგნის მკითხველი
70. სათნოებათა ამბავი უცნობი ძმისა, რომელიც თავად აღასრულებდა სათნოებებს, მაგრამ სხვებს მიაწერდა
71. წიგნის ავტორი მადლობას უხდის უფალს

 

წმინდა და ნეტარი მამის, კაბადოკიის ეპისკოპოს პალადის წერილი მთავარ ლავსესადმი

შევნატრი შენს გულმოდგინებას და კეთილშობილურ სურვილს, ამიტომ ეს წერილი შენი ქებით უნდა დავიწყო, რადგან ყოველგვარ უკეთურ საქმეს განერიდე და სულის მარგებელი სიტყვის შესწავლა გადაწყვიტე, რომლის შეძენასაც მხოლოდ ყოვლისმპყრობელი ღმერთი არ ესწრაფვის, რადგან ის ბუნებით ყველაზე უპირატესია. ამგვარ სწავლას ყველა დანარჩენი საჭიროებს, რადგან ისინი ღვთივშექმნილნი არიან.

ანგელოზთა პირველი დასის უწინარესი მოძღვარი წმინდა სამებაა. ყოველი დასი კი მის წინამდგომისაგან განისწავლება, რადგან გონებით და სათნოებით უსრულესნი მათზე დაბლა მდგომის (უმცირესების) მასწავლებლები არიან. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დამოძღვრა არ სჭირდებათ. ამპარტავნება არ აძლევს მათ ნებას, რომ ყველაზე უმჯობესით – სიყვარულით განისწავლონ. ასეთები ისე წარწყმდებიან, როგორც ჰაერში მფრინავი ეშმაკები, რომლებმაც ზვაობით ზეციური სამკვიდრო დაკარგეს. ჭეშმარიტ სიბრძნედ სიტყვათა სიღრმე და წყობა კი არ მიიჩნევა, არამედ ღვაწლი – ნიმუში სულიერი წარმატებისა.

ის, ვისაც სურს, რომ არ დაბრკოლდეს, სხვა არ უნდა შეაწუხოს და თავად უნდა იყოს შეწუხებული, იყოს მშვიდი, უშიშარი და ურისხველი. სიტყვა მტკიცე უნდა ჰქონდეს და ყოველგვარ ბოროტებას ცეცხლივით სწვავდეს. მათთვის ამბობს უფალი: "ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი ვარ და მდაბალი გულით" (მათე 11. 29) - ასე განსწავლიდა ის მოციქულებს, განსწავლიდა არა ღრმა სიტყვებით, არამედ ღვთისმსახურებით.

ამგვარი სწავლება არავის აბრკოლებდა, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც სძაგდათ მისი ქადაგება და თავად მოძღვარი. ამიტომ ადამიანი, რომელიც უფლის სახელით მოღვაწეობს, თავად უნდა განისწავლოს სარწმუნოებაში. განსწავლილმა კი თავისი ცოდნა სხვას განცხადებულად უნდა აუწყოს. ხოლო ის, ვინც ასე არ იქცევა, ყოველმხრივ სნეულია. უფლისაგან განდგომის მიზეზი სიტყვის შეუწყნარებლობა და სწავლისადმი უგულისყურო დამოკიდებულებაა.

ღვთისმოყვარე სული ცოდნის შეძენისაკენ გამუდმებით უნდა ესწრაფოდეს. შენ კი გაძლიერდი და სულიერად გამტკიცდი, რადგან ამ გზით უფალი, რომელსაც მარადიული დიდება შვენის, უფრო მეტად მოგმადლებს მისი შეცნობის უნარს.

ამავე მამის, კაბადოკიის ეპისკოპოს პალადის წერილი მთავარ ლავსესადმი, რომელშიც შემოკლებით აღწერს თავის ცხოვრებას, შემდეგ კი წმინდა მამების შესახებ მოუთხრობს

მამაო, გვაკურთხე!

მრავალმა ადამიანმა სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული სახის წიგნი დაუტოვა შთამომავლობას. ზოგიერთი მათგანი ღვთაებრივი მადლის ზემოდან მობერვით არის შექმნილი. ისინი შეუმცდარი სარწმუნოების სულიერი და საქებელი წესით გვაუწყებენ ღვთის განგებულებას.

არიან ისეთებიც, რომლებიც კაცთმოთნეობითა და სახმართმოყვარეობის ვნებით შთაგონებულნი ესათნოებიან სიამაყით დასნეულებულებს. სხვა წიგნები უწესო ქმედებებითა და კეთილისმოძულე მტრის შემწეობითაა შექმნილი. მათი ავტორები ამპარტავანი და სილაღის ვნებით შეპყრობილი ადამიანები არიან. ეს წიგნები საცთურია ჭეშმარიტი სწავლებისათვის, რადგან არღვევენ ეკლესიას. ისინი უგუნურებს გონებას უფრო მეტად უბნელებენ, წმინდად და უბიწოდ მცხოვრებლებს კი აბრკოლებენ.

ღვთის წყალობას მინდობილი გავბედავ და შენ, დიდებულსა და სწავლისადმი სიყვარულით სხვათაგან გამორჩეულს, თავდაპირველად ჩემ შესახებ გაუწყებ.

ასაკობრივ ზრდასთან ერთად ჩემში იზრდებოდა უფლის შიში და მონაზვნური ცხოვრების სიტკბოებისკენ მიდრეკილება. ამ შიშმა მარტომყოფების ცხოვრებას შემაერთა, მათთან ერთად ჩემი ცხოვრების ოცდაცამეტ წლამდე დავყავი. ამის შემდეგ, ღვთის წყალობით, ეპისკოპოსი გავხდი. მას შემდეგ ოცი წელი გავიდა. ახლა უკვე ორმოცდაცამეტი წლის ვარ, როცა შენი სურვილის აღსასრულებლად და შენთვის სულიერი სარგებლის მოსატანად გადავწყვიტე, წმინდა მამების სათნო ცხოვრების ამბები მომეთხრო, მეუწყებინა მათი მიმბაძველი მხნე დედების შესახებაც. ამათგან ზოგი ჩემი თვალით ვიხილე, ზოგის შესახებ წმინდა და ღირსი ადამიანებისგან შევიტყვე, რომლებთან ერთადაც ეგვიპტის უდაბნოში, ლიბიაში, თებაიდასა და სვინში ვმოსაგრეობდი. ზოგიერთ მათგანს, სამოღვაწეო ადგილის შესაბამისად, ტაბენესელი, პალესტინელი, შუამდინარელი, რომაელი თუ კანპანელი ეწოდა.

ამ ადგილებში გამობრწყინებული მოღვაწეების სათნოებები აღვწერე ამ წიგნში, რათა მათი ცხოვრების მოხსენიებით სულის სარგებელი მიიღო და ჭეშმარიტების მარადიულ მასწავლებელად გექცეს. ამ გზით შეძლებ სულიდან ყოველგვარი თვლემის განდევნას, რომელიც ჩვენი ბოროტი გულისთქმებისგან მოიწევა. მისი გაცნობით შეიძლებ გულიდან სარწმუნოებისადმი ორგულობა განდევნო, ზურგი აქციო ნივთების სიყვარულს, შენი ცხოვრების წესისგან განდევნო ყოველგვარი სიზარმაცე, სულმოკლეობა, რათა შეძლო მრისხანების, პირუტყვებრივი შფოთისა და უდროო შიშის დათრგუნვა.

გმართებს მეტი კრძალვა და ამსოფლიური განმხრწნელი საზრუნავისაგან ზურგის შექცევა. თუ ამგვარი წესით მოღვაწეობას გადაწყვეტ, განუწყვეტლივ გქონდეს იმედი უფლისა. ამგვარი ღვთისმსახურებით შეძლებ საკუთარი თავის, შენზე დაქვემდებარებულებისა და ყველა იმ ადამიანის დარიგებას, რომლებიც სამეფო კარზე არიან დაწინაურებულნი. ასე წარემატებით უფლის სიყვარულში და ღმერთს ესათნოებით.

გამუდმებით გახსოვდეს სულის სხეულისგან განშორება. ამას წმინდა წერილი ყოველდღე გვაუწყებს, ის ხორცისგან გასვლასა და ქრისტესთან თანაყოფნას გვასწავლის. უფრო მეტად კი აი რას მოგვიწოდებს: ”შენი საქმეები და სამყოფელი მომავალი დღისთვის განამზადე”. რადგან, ვინც მუდამ სიკვდილზე ფიქრობს, რომ ის ნამდვილად მოვა, დროს ფუჭად არ ფანტავს. ასეთი ადამიანი არასოდეს ჩავარდება დიდ ცოდვაში. წმინდა წერილის სიტყვისაებრ, ”ყოველგვარი საქმიანობისას გაიხსენე სიკვდილი და აღარ სცოდავ”.

ამ ყველა ზემოთ თქმულთან ერთად, საღვთო ცოდნით განსწავლულს დაუჯერებლად ნუ მოგეჩვენება ჩემი უსუსური და დაულაგებელი სიტყვებით გადმოცემული ამბები. არამედ საჭიროა დაჯერება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც გონებით იქნა შეთვისებული. როგორც ნათქვამია, ”აღაღე პირი შენი სიტყჳთა ღვთისაჲთა და სჯიდი ყოველთა სიმართლით”. და კიდევ დაწერილია: ”ნუ დაგაეჭვებს ბერთა მონათხრობი, რადგან მათ მამებისგან ისწავლეს”.

მე, სწავლისმოყვარე ღვთისკაცო, ამ ზემოთქმული სიტყვის მიდევნებით მრავალი წმინდა მამის თანამოსაგრეობის ღირსი გავხდი. ღვთის წყალობითა და შეწევნით, ოცდათორმეტი დღის სავალზე ეგვიპტის უდაბნოებში მიმოვიდოდი. ამასთან ერთად, ფეხით მოვიარე მთელი საბერძნეთი. ამ ძნელად სავალ გზაზე მანუგეშებდა და მახარებდა ღვთისმოყვარე ადამიანების ხილვა და მათი სიტყვის მოსმენა. მათი წყალობით, ღირსი ვხდებოდი სათნოების შეძენისა, რომლის უქონელიც ვიყავი.

ასე დავდიოდი ფეხით, რადგან ყველა მოღვაწეთა და ერისკაცთა შორის თავისი სულიერებითა და ქრისტესადმი დიდი სარწმუნოებით გამორჩეული სანატრელი მოციქული პავლე ფეხით ავიდა იერუსალიმში პეტრესთან, იოანესა და იაკობთან სასაუბროდ. იგი თავისი ღვაწლითაც გვიქადაგებს და მაგალითს გვაძლევს ჩვენ, სათნოების მუშაკებს, რომ წინ აღვუდგეთ სიზარმაცესა და უმოქმედობას. იგი თავისი თავის სასიქადულოდ ამბობს: ”ავედი იერუსალიმში პეტრეს სანახავად” (გალატ. 1. 18). რადგან ასეთმა სათნო ადამიანმა არ იკმარა მოციქულთა თავის - პეტრეს ღვაწლზე მხოლოდ მოსმენა, არამედ მოისურვა მისი პირისპირ ხილვა და მასთან საუბარი, განა მე, მრავალი ცოდვის მომკრებს, უფრო მეტად არ მჭირდებოდა ეს ყოველივე? ამ გზაზე შემდგარმა ჯერ მოვინახულე წმინდა მამები და მათ გავესაუბრე, არა იმისთვის, რომ რაიმეთი დავხმარებოდი, არამედ საკუთარი თავისთვის მომეტანა სარგებელი. ამ მიზნით აღიწერა მავანთა მიერ პირველი მამების –აბრაამის, იაკობის, მოსეს და მათ შემდგომთა ცხოვრება, რათა მათი ღვაწლის აღწერით კი არ განდიდებულიყვნენ ეს მამები, არამედ ამ გზით მსმენელს სარგებელი მიეღო.

შენ კი, ლავსე, ქრისტეს რჩეულო და ერთგულო მონავ, ჩემი უცოდინრობით აღწერილი ეს ამბები შეიწყნარე, რათა შენი ღვთისმსახური ფიქრები ყოველმხრივ დაცული იყოს ბოროტის მრავალსახოვანი ხილული თუ უხილავი ბრძოლისაგან. ამასთანავე, დალოცვილი იყავი და დასჯერდი შენს კუთვნილ ქონებას და უხვადაც გაეცი.

მე მრავალი ღირსეული და შრომით განკაფული მონაზონი მინახავს, რომლებიც უქორწინებლობითა და სრული სიწმინდით გამოირჩეოდნენ, იწვრთნებოდნენ წმინდა წერილში და მისი შემეცნებისკენ ისწრაფოდნენ, მაგრამ დაეცნენ. ისინი საკუთარ განუკითხველ გონებას დაემონნენ და გლახაკთა განუკითხველობით სახმართმოყვარეობის ვნებით დასნეულდნენ. ამ ვნებამ მათში მრავალ ბოროტ საგანთა სიყვარული შვა. ამ ყველაფრის დედად და საფუძვლად კი საკუთარი ქონებისადმი მიჯაჭვულობა იქცა. ამიტომ გევედრები, მთელი ძალისხმევით ეცადე, არ ესწრაფო ქონების შეძენას, რომლის მოსურნე ისედაც არ ხარ, არამედ დაკმაყოფილდი იმ მცირედით და უბოძე იმას, ვისაც ეს სჭირდება. ამ გზით სათნოებას მოიმუშაკებ.

ნურც სხვა მხრივ იქნები პირუტყვივით უგულისხმო, რათა კაცთმოთნეობის გამო არ დასაჯო თავისუფლება შენი გონებისა, როგორც დაემართა მრავალს. რადგან იყვნენ ისეთებიც, ამპარტავნებისაგან უსმელ-უჭმელობით რომ გამოიცადნენ. ამ გზაზე მათ საკუთარი თავის ფლობა ფიცს დაუმონეს და ბოლოს დაეცნენ, და დაეცნენ იმიტომ, რომ ხორცთმოყვარეობითა და გემოთმოყვარეობით ვერ შეძლეს ფიცის შესრულება.

შენ კი, ქრისტესმოყვარევ, სხვათა დამოწმებით იხმიე ის, რისი ჭამაც გნებავს, მაგრამ განეშორე, თუკი ამას გიბრძანებენ. თუ ასე მოიქცევი, არსად შესცოდავ. რადგან ისინი, რომლებსაც ღმერთი ანიჭებს სიტყვას და სიბრძნეს, მავნებელს განგარიდებენ და სარგებელს მოგანიჭებენ, თუკი მათგან დაწესებულს მიიღებ. მრავალზეა ნათქვამი: ”რჯული არ აქვთ”.

მე კი გირჩევ: ”უმჯობესია მორჩილებით ღვინის სმა ურჩებით, ამპარტავნებით წყლის სმას”.

მრავალჯერ მინახავს ღვთისმსახურების სიტყვას დამორჩილებული ღვინისმსმელი წმინდა და სათნო ადამიანები და უგუნური და ურჩი წყლისმსმელები, რომლებიც არაწმიდებით იყვნენ სავსენი. ამიტომ ნუ აძაგებ ან შეაქებ ნივთსა თუ საჭმელს, არამედ შეაქე და აძაგე ნივთის კეთილად ან ბოროტად მომხმარებელი გონება. ოდესღაც იოსებიც ეგვიპტეში ღვინოს სვამდა, მაგრამ არ ავნო მას, რადგან გონებით ჯანსაღი იყო.

წყლისმსმელები იყვნენ პითაგორა, დიოგენე და პლატონი. ასევე მათ კვალს შემდგარი მანიქეველები და მათი თანამზრახველი სხვა ფილოსოფოსები, რომლებიც ისეთი ბოროტადმადიდებელი და გონებით უგულისხმონი გახდნენ, რომ ყოვლის დამბადებელი ღმერთი ვერ იცნეს და უსულო კერპებს დაემონნენ.

ყვედრებით ეუბნებოდნენ ოდესღაც ებრაელები ნათლისღების შემდეგ ყოველთა მაცხოვარს: ”შენი მოწაფეები რატომ არ მარხულობენ?” (მათე 9. 14. მარკოზი 2. 18), შემდეგ მის მოწაფეებთანაც მივიდნენ და უთხრეს: ”მეზუერეებთან და ცოდვილებთან რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღუარი?” (მათე, 9. 11).

ებრაელები პურისა და წყლის გამო კი არ განიკითხავდნენ უფალს, არამედ მოხარშულისა და ღვინის მიღებისათვის, რადგან ყოველმხრივ უგუნურები იყვნენ. ისინი ღვინისმსმელებს აძაგებდნენ და წყლისმსმელებს აქებდნენ.

უფალმა ასე მიუგო მათ: ”მოვიდა იოანე სიმართლის გზით, არც ჭამს და არცა სვამს და ამბობენ, ვითარმედ ეშმაკეულია. მოვიდა ძე ღვთისა, ჭამს და სვამს და ამბობენ: ”აი, კაცი მჭამელი და ღვინისმსმელი, მეზვერეთა და ცოდვილთა მეგობარი” (მათე 11, 18-19). ამას ისინი საჭმლის მიღების გამო ამბობდნენ.

როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ, რომ მოვერიდოთ ქებასაცა და ძაგებასაც? იოანეს სწავლების თანახმად, მარხვის ჟამს უნდა ვიმარხულოთ. სხეულის უძლურების ჟამს კი თუ საჭიროა, ვჭამოთ, თუნდა დაგვძრახონ და თქვან: ”აი, ადამიანები, საჭმლისა და ღვინის მოყვარულები”.

საჭმლის მიღება-არმიღებაზე არაფერია დამოკიდებული. არც ჭამას შეუძლია რამე, არც მის მოკვეთას, არამედ სარწმუნოებას, კეთილი საქმის სიყვარულით აღსრულებას. ამიტომაც ყოველი ამგვარი ქმედებისას დაუსჯელია ყველა, ვინც სარწმუნოებით ჭამს. ხოლო სხვა დანარჩენი, რაც რწმენის გარეშე აღსრულდება, ცოდვაა. ამასთანავე ყველა გემოთმოყვარე სცოდავს, როცა ამბობს, რომ სარწმუნოებით ჭამს. ანდა, თუკი პირუტყვული გულისთქმით ან ბილწი სურვილით არის მოცული და ფიქრობს, რომ სარწმუნოებით იქმს. ასეთთა ქმედება ურწმუნოების შედეგია, რადგან, მაცხოვრის თქმულისაებრ, "მათი ნაყოფით შეიცნობთ მათ" (მათე 7, 16).

საღვთო სულის ნაყოფი კი ასე განსაზღვრა მოციქულმა: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიტკბოება, სიკეთე, სარწმუნოება, სიმშვიდე, მარხვა, სიწმინდე, აღსარება. ყოველივე ეს და ამდაგვარნი სულის ნაყოფია. ასეთ ნაყოფთა შეძენის მოსწრაფე ადამიანი უდროოდ და უწესოდ, ანდა პირუტყვულად და უსაზომოდ, არც ხორცს ჭამს და არც ღვინოს იხმევს, არც იმის გვერდით დამკვიდრდება, ვინც გონებით ბოროტია, რადგან იგივე მოციქული ამბობს: ”ყველა მოღვაწე ყოველმხრივ მარხულობს”.

ამდენად, გასათვალისწინებელია ერთი რამ: ვინც სხეულით ჯანმრთელია, სასმელს უნდა მოერიდოს, ხოლო ვინც სნეულია ან დამწუხრებულია სხეულის უძლურების გამო, სასმელ-საჭმელი უნდა იხმიოს ისე, როგორც საკურნებელი რამ.

შენ კი გაშორდი და მოიკვეთე სულისთვის მავნე ჩვევები, როგორიცაა: რისხვა, შური, მოწყინება, ამაოდმეტყველება, ამპარტავნება და უდრტვინველად შესწირე მადლობა უფალს.

კიდევ ერთს გევედრები, სწავლისმოყვარევ! მთელი ძალით გაშორდი იმათ სურვილებს, რომლებიც გარეგნულად, კაცთა თვალის ასახვევად იმოსებიან ძაძით. ასეთთაგან სარგებელს ნუ ელი, უმჯობესია, განეშორო მათ, თუნდაც მართლმადიდებელნი იყვნენ და არა მწვალებელნი. თეთრი თმით, წელთა სიმრავლითა და სახით გამორჩეული შეიძლება ამაოდმეტყველი იყოს და ამ გზით გავნოს. თუნდაც ცუდი არაფერი შეგემთხვას, ასეთთაგან თავად განიკითხები. ამ გზით კი ამპარტავნებით შეპყრობილნი გძლევენ. თუკი ასეთებს, ბნელით მოცულთ, მოშორდები, მისდიე განმანათლებელ ნათელს.

ეს ნათელი ღვთივსულიერი საუბარია პატიოსან და გამორჩეული ღვაწლით მცხოვრებ მამებსა და დედებთან. მათი ნათქვამი შენს გულში უნდა ჩაიწერო, მათმიერი ნათლით წაიკითხო, ჩაუღრმავდე და, მათივე შემწეობით, შენი ყოველი ფიქრი განიკითხო, და ამ გზით გამოსცადო და შეიცნო ურთიერთმოწინააღმდეგეთა სწრაფვა, შეიცნო საკუთარი მცონარება.

ადამიანთა სიკეთეს მრავალი რამ გამოაჩენს, როგორიცაა: სახის ფერი, მოღვაწეობის ნაყოფი, მოკრძალებული შესამოსელი; ანდა პირიქით: ქედმაღლობა, თამამი ქცევა, ლაღი საუბარი და ამაოდმეტყველება სრულად განაცხადებს საქმის ვითარებას.

ყოვლისმპყრობელმა უფალმა დაიცვას შენი და ყველა იმ ადამიანის მშვენიერება, ვინც ღვთის გზას შეუდგა.

თუკი მოწყინება ან სხვა რომელიმე განსაცდელი დაგეუფლებათ, იყავით მხნენი და ძლიერნი, რადგან თქვენი გარეგნობით თქვენს შინაგან მდგომარეობას უნდა არეკლავდეთ, მსგავსად სოლომონის სიტყვებისა: ”უბრალო სამოსელი, მოკრძალებული სიარული, მომღიმარი ბაგეები – ესენი გამოაჩენენ ადამიანის შინაგან მდგომარეობას”.

ალექსანდრიელი მღვდელი ისიდორე

ამიერიდან წმინდა მამების ცხოვრების მოთხრობას შევუდგები. გაუწყებ არა მარტო იმათ შესახებ, რომლებიც ქალაქებსა და დაბებში ბრწყინავდნენ, არამედ უდაბნოებში, გამოქვაბულებსა და მონასტრებში დამკვიდრებულთა ამბებიც აღვწერე; რადგან გამოსაძიებელია არა ადგილი, სადაც ისინი მოღვაწეობდნენ, არამედ საჭიროა აღწერა თითოეულის სწრაფვისა და გულმოდგინებისა, რომლის გზითაც გახდნენ ისინი ღირსნი ამქვეყნად ანგელოზებრივი ღვაწლის აღსრულებისა.

პირველ ყოვლისა, ალექსანდრიაში წავედი. ეს მოხდა თევდოსი დიდის მეფობის მეორე წელს, რომელიც თავისი მართალი სარწმუნოების გამო დღეს ანგელოზთა გვერდით განისვენებს.

ქალაქ ალექსანდრიაში მისული შევხვდი საოცარ კაცს. იგი ყოველგვარი სიმშვენიერით იყო შემკული: სიტყვით, ქცევითა და გონიერებით. ეს იყო მღვდელი ისიდორე, რომელიც ალექსანდრიის ეკლესიის თავშესაფარს განაგებდა და იქ მოღვაწეობდა. ამ ნეტარ მამაზე ამბობდნენ, რომ სიჭაბუკის წლები უდაბნოში გაეტარებინა და შრომითა და ღვაწლით განკაფულიყო.

ნიტრიის მთაზე ყოფნისას თავად ვიხილე სენაკი, სადაც ის მოღვაწეობდა. როცა მას შევხვდი, სამოცდაათი წლის იყო, ამის შემდეგ თხუთმეტი წელი კიდევ იღვაწა და მშვიდობით მიიძინა.

ამ წმინდა მამას აღსრულებამდე არ ჩაუცვამს ტილოს სამოსი, გარდა თავსაბურავისა, რომელსაც იმ ქვეყნის წესისამებრ ატარებდნენ მონაზვნები. მას არ დაებანა აბანოში, არც ხორცი ეჭამა, არც ტაბლასთან მჯდომს ნაყროვანებით ეხმია საჭმელი. სხეული, ღვთის მადლით, ისე ჰქონდა დაცული, რომ მისი მხილველი იფიქრებდა, კარგად იკვებებაო. ამ მამის სულიერი სათნოებები სრულად რომ გაუწყო, დიდი დროც არ მეყოფა. ის ისეთი მშვიდი და კაცთმოყვარე იყო, რომ ურწმუნოებსა და ღვთის მოწინააღმდეგეებს მისი სამოსლის ჩრდილის დანახვისაც ეშინოდათ. მომეტებული სიკეთის გამო ის თავისი მადლით ყველაზე აღმატებული იყო, წმინდა წერილისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. მას მტკიცედ ეპყრა მართალი სარწმუნოება.

ამ წმინდა მამამ თავისი სათნოებით იმგვარ საზომს მიაღწია, რომ სხვებთან ერთად საზრდოს მიღებისას გონებით საღვთო აღმაფრენა ეუფლებოდა. იქ მყოფნი ამგვარი ხილვის მიზეზს ეკითხებოდნენ. ის კი ამბობდა, რომ ჩვენება ჰქონდა და ამიტომაც განე- შორებოდა ხოლმე ამ დროს გონებით მათ.

არაერთგზის მიხილავს მამა ისიდორე ტაბლასთან გულმდუ- ღარედ მტირალი. როცა ტირილის მიზეზი ვკითხე, ასეთი რამ მომიგო: ”მრცხვენია პირუტყვული საზრდოს მიღებისა, რადგან პირმეტყველი ვარ და მსურს სამოთხის განსასვენებელთა და უკვდავი საზრდოს მიღება, რომელიც მე ქრისტეს ძალით მომეცა”.

საბერძნეთში მყოფმა ყველა მთავარმა და ერისთავმა იცოდა, რომ პირველი დევნის წლებში ის ათანასე ეპისკოპოსის გვერდით იყო, მეორედ კი წმინდა დიმიტრი ეპისკოპოსისა. მისი სიმდიდრე მთელი ქონების უშურველი გაცემა იყო. ამ მხრივ, ის ისე წარემატა, რომ გარდაცვალების შემდეგ, ანდერძის თანახმად, თავისი სიმდიდრე გაჭირვებულებს დაურიგა, საკუთარ დებს კი, რომლებიც სხვა სამოცდაათ ქალწულთან ერთად მოღვაწეობდნენ, ერთი დრაჰკანიც კი არ დაუტოვა. ისინი ქრისტეს შეავედრა და თქვა: ”ღმერთმა, რომელმაც თქვენ დაგბადათ, იგივე განაგებს თქვენს ცხოვრებას ისე, როგორც ჩემი განაგო”.

ამ ღვთივსულიერმა ისიდორემ აღმზარდა მე. მასთან მისვლის ჟამს ყმაწვილი ვიყავი და ვევედრებოდი, რომ მონაზვნური წესით აღვეზარდე. ჩემი დაუდგრომელი სიჭაბუკე საღვთო სიტყვის დაუფლებას კი არა, არამედ ხორცისთვის აღვირის ასხმას, მკაცრ ცხოვრებას საჭიროებდა. ამიტომ მან, როგორც კეთილმა და კვიცების დახელოვნებულმა მწყემსმა, სამოღვაწეოდ ქალაქიდან ხუთი მილის* მოშორებით უდაბნოში გამიყვანა.

------------------------------------------------------------------------------------------

* მილი, მილიონი - ათასი ნაბიჯი

დოროთე თებაიდელი

ამ უდაბნოში მოღვაწეობდა ერთი წმინდა კაცი. იგი წარმოშობით თებაიდელი იყო და სახელად დოროთე ერქვა. მას გამოქვაბულში სამოცი წელი დაეყო. ნეტარმა მამა ისიდორემ ჩემი თავი მას ჩააბარა და მიბრძანა, რომ მასთან სამი წელი დავრჩენილიყავი. მას უნდა დავემწყსე და ამ გზით ჩემში სრულიად აღმოიფხვრებოდა სულის ვნებები.

ნეტარმა ისიდორემ იცოდა, რომ ეს მამა ფიცხი ცხოვრებით გამოირჩეოდა. სამი წლის შემდეგ კი ისევ ისიდორესთან უნდა დავბრუნებულიყავი. მე ვერ შევძელი სამი წელი ბერთან გამეტარებინა, რადგან ძლიერი სენით დავსნეულდი და უკან უფრო ადრე დავბრუნდი. სანამ ბერთან ვიყავი, ვხედავდი, რაოდენ საკვირველი მოღვაწე იყო. ის მეტისმეტი ჯაფისგან გამხმარიყო.

ეს წმინდა მამა შუადღემდე ზღვის პირას მიმოდიოდა, ქვებს აგროვებდა და ამ ქვებით მთელი დღე სენაკებს აშენებდა. მრავალი წლის განმავლობაში ის თავის სენაკს უთმობდა იმას, ვისაც აშენება არ შეეძლო. თავად კი ახლადაშენებულ სენაკში მიიცვალა. მისი მკაცრი ცხოვრების შემხედვარემ ვუთხარი:

- რას სჩადი, მამაო, ასეთი მოხუცი ხარ და მომეტებული სიცხით კლავ საკუთარ სხეულს?!

მან კი მომიგო:

- რადგან ის მკლავს, ჯერ მე უნდა მოვაკვდინო.

მამა დოროთე ექვსი უნკია* პურით და ამდენივე რაოდენობის წყლით იკვებებოდა – მცირეოდენ მხალთან ერთად.

ღმერთია მოწამე, რომ არასოდეს მინახავს იგი მიწაზე ან საწოლზე დაწოლილი, არც მჯდომარე მძინარი. არამედ მთელი ღამე ფინიკის ფურცელს წნავდა, რათა ამ გზით საზრდო მოერეწა. როცა მის საქმიანობას ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ ამგვარ ღვაწლს ჩემი მოსვლის შემდეგ შეუდგა.

ამ წმინდა მამას ბევრი მოწაფე ჰყავდა, რომლებიც თავიდანვე მასთან ცხოვრობდნენ. მე მათ ვთხოვე, ეთქვათ ჩემთვის თავიდანვე ასე მოღვაწეობდა თუ არა მათი მოძღვარი. მათ კი მიპასუხეს: ”მამა დოროთეს სიჭაბუკიდან ასეთი ჩვეულება ჰქონდა: ის არასოდეს წვებოდა დასაძინებლად, არამედ ხელსაქმისას ან პურის ჭამისას თუ მიერულებოდა”.

ხშირად დავარდნია ჩაძინებულს პირიდან პური. ერთხელ ის ვაიძულე, რომ ცოტა ხნით ჭილზე მიწოლილიყო. მან კი ტირილით მითხრა: ”მოღვაწემ საერთოდ არ უნდა მოასვენოს სხეული ძილით”.

ერთ დღეს, როცა ძმები საზრდოს იღებდნენ, ნეტარმა მამამ წყლის მოსატანად გამგზავნა. ამ დროს დღის ცხრა საათი იყო. იქ მისულს საშინელი რამ შემემთხვა. ჭაში გველი იჯდა. შეშინებულმა ვეღარ გავბედე წყლის ამოვსება, ბერისკენ გავიქეცი და ვუთხარი:

- დავიხოცებით, მამაო, რადგან ჭაში მჯდომარე გველი ვიხილე.

მან კი სიყვარულით თავი გააქნია და თქვა:
- ეშმაკს რომ გველები, ასპიტები ან სხვა ქვეწარმავლები ყველა ჭასა და წყაროში ჩაეყარა, განა აღარ დავლევდით წყალს?

ეს რომ მითხრა, სენაკიდან გამოვიდა, ჭურჭლით ჭიდან წყალი ამოავსო, ზედ ჯვარი გადასახა, დალია და თქვა:
- სადაც პატიოსანი ჯვარი გამოისახება, იქ ეშმაკის ყოველგვარი ხლართი უძლურია.

---------------------------------------------------------------------------------------------

* უნკია - წონის ერთეული (სულხან-საბას განმარტებით, 12 უნკია 1 ლიტრაა)


მშვენიერი ქალი პოტამიანა

უცხოთაშემფარებელმა პირველხსენებულმა ნეტარმა ისიდორემ ანტონი დიდისგან გაგონილი ერთი ამბავი მაუწყა, რომლის მოთხრობა სათანადოდ მიმაჩნია.

მაქსიმიანე განდგომილის მეფობის დროს ცხოვრობდა ერთი მშვენიერი ქალი, სახელად პოტამიანა. ის ერთი ალექსანდრიელი ავხორცი კაცის მონა იყო. ბატონს მშვენიერ ქალთან თავისი პირუტყვული სურვილის აღსრულება ეწადა და მას თავს ევლებოდა. უჯერო ტრფიალებით ძლეულმა ვერ შეძლო პოტამიანას ცდუნება და განრისხებულმა ქალი ქალაქის მმართველთან დააბეზღა როგორც ქრისტიანი და მათი კერპების მგმობელი. მან თან დიდი ქრთამიც წაიღო და მმართველს სთხოვა, რომ ყველა ღონე ეხმარა მისი გულისწადილის აღსასრულებლად. თუ ქალი მას არ დაემორ- ჩილებოდა, ტანჯვით მოეკლა, რადგან ასე დასცინა მის ვნებას.

წმინდანი სამსჯავროზე წარადგინეს, სადაც სხვადასხვა იარაღით აწამეს, თან ლიქნით ცდილობდნენ, რომ დაჰყოლოდა ბატონის სურვილს. როცა ვერაფერს გახდნენ, განრისხებულმა მსაჯულმა ბრძანა, შეეკრათ ქალი და მოგიზგიზე კუპრით სავსე ქვაბში ჩაეგდოთ. პოტამიანამ მას ხმამაღლა სთხოვა: ”გაფიცებ მეფეს, რომლის წინაშეც ასე ძრწი, რომ არ შემკრან და გახსნილი ჩამაგდონ კუპრში, რათა იხილო, თუ როგორი მოთმინება მომანიჭა ქრისტემ, რომელსაც შენ გმობ”.

ჯალათებმა ქალი მოთუხთუხე კუპრში გახსნილი ჩააგდეს. სამი საათი დაჰყო წმინდანმა ამ სატანჯველში, ვიდრე კუპრი მხრებამდე არ მისწვდა და არ შეისვენა.

მრავალი ალექსანდრიელი ქალი და კაცი აღესრულა იმ დროს, რომელთაც საუკუნო განსასვენებელი მოიპოვეს.

ბრმა მწერალი დიდიმე

ამ დროს გარდაიცვალა დიდიმეც, რომელმაც ბევრი საღვთო წიგნი აღწერა, თუმცა უსინათლო იყო. იგი სათქმელს გულში გამოთქვამდა, შემდეგ კი სხვათა ხელით წერდა.

ამ ნეტარ მამას გარდაცვალებამდე ათი წლით ადრე ოთხგზის შევხვდი. როცა ამ სოფლიდან გავიდა, სამოცდათხუთმეტი წლის იყო. როგორც თავად მიამბო, თვალისჩინი ოთხი წლის ასაკში დაეკარგა, მასწავლებელი არასდროს ჰყოლია, არც წერა-კითხვა იცოდა.

განგების ნებით, მისი მანუგეშებელი და მასწავლებელი საკუთარი სინდისი იყო, რადგან საღვთო მადლი და სულიერი სიბრძნე
ამშვენებდა. სწორედ მასზე აღსრულდა წმინდა წერილის სიტყვები: ”უფალი თვალს უხელს ბრმებს” (ფს. 145. 8). წმინდანმა ძველი და ახალი აღთქმის წიგნები ზედმიწევნით იცოდა, საღვთო დოგმატებს კი პირველგამოჩინებულ წმინდა მამებზე მეტი სიზუსტით და დაბეჯითებით გადმოსცემდა.

ერთხელ ნეტარმა მამამ მითხრა, რომ მელოცა. მე კი დამეზარა და ვეურჩე. წმინდანმა ასეთი რამ მიამბო: ”ამ სენაკში ჩემს სანახავად სამჯერ იყო შემოსული სანატრელი დიდი ანტონი, რომელსაც ვთხოვე, რომ ელოცა. მან სათქმელი მეორედ აღარ გამამეორებინა, მუხლი მოიყარა, ილოცა და ამ გზით მორჩილება საქმით მასწავლა. რადგან შენც მის კვალს შესდგომიხარ, როგორც მონაზონი და ამსოფლიური სიამეების უარმყოფელი, უკუაგდე შენი ურჩება და დამემორჩილე”.

ღირსმა დიდიმემ ერთხელ ასეთი რამეც მიამბო: ”ერთხელ ძალიან ვიყავი დამწუხრებული უბედური იულიანე განდგომილის მეფობის გამო, რომელიც ქრისტიანებს დევნიდა. ისეთმა მწუხარებამ მომიცვა, რომ ჩამობნელებამდე არაფერი მიჭამია. სავარძელში მჯდარს ჩამეძინა და თეთრ ცხენებზე ამხედრებული კაცები მეჩვენა, რომლებიც ცხენებს სწრაფად დააქროლებდნენ და ხმამაღლა ამბობდნენ: უთხარით დიდიმეს, დღეს, შვიდ საათზე გარდაიცვალა იულიანე. ადექი, შეჭამე რამე და ეს ამბავი შეატყობინე ათანასე ეპისკოპოსსაც, რათა იმანაც იცოდეს. მე ის საათი, დღე და თვე დავიხსომე და მართლაც ასე მოხდა”.

საფლავში დამკვიდრებული ალექსანდრა

დიდიმემ ერთი ქალის შესახებაც მიამბო, რომელსაც ალექსანდრა ერქვა. ამ ქალს ქალაქი დაეტოვებინა, სამარე აეშენებინა და იქ დამკვიდრებულიყო. ალექსანდრას სამარისთვის ერთი მცირე სარკმელი ჰქონდა დატანებული და საზრდოს იქიდან იღებდა. მან ათი წელი ისე გაატარა ასეთ ყოფაში, რომ პირისპირ არავინ უხილავს, არც მამაკაცი, არც დედაკაცი, და ასე მიიცვალა. ერთმა ნეტარმა დედამ, რომელსაც მასთან საზრდო მიჰქონდა, მოგვითხრო, რომ გარდაცვალების დღეს, ჩვეულებისამებრ, მასთან მივიდა, დიდხანს აკაკუნა საფლავის კარზე, მაგრამ ამაოდ. შიგნით რომ შევიდა, წმინდანი გარდაცვლილი დახვდა.

ნეტარი ალექსანდრას შესახებ მელანია რომაელმაც მომიყვა, რომლის ამბავსაც თავის დროზე მოგითხრობ.

მელანია ამბობდა: ”ამ წმინდა დედის ხილვა პირისპირ ვერ შევძელი, ამიტომ მისი სარკმლის წინ დავდექი და ორი რამ ვთხოვე, ეთქვა - პირველი, თუ რატომ გამოვიდა ქალაქიდან, და მეორე, რატომ დამკვიდრდა საფლავში”.

მან კი ასეთი რამ მითხრა:

- ერთ კაცს ჩემ მიმართ ბოროტი ტრფიალება დაეუფლა. ეს კაცი რომ არ დამემწუხრებინა და განსაცდელში არ ჩამეგდო, გადავწყვიტე, იქაურობას გავცლოდი. წელზე სარტყელი შემოვირტყი, ქალაქიდან გამოვედი და საფლავში ცოცხლად დამკვიდრება ვარჩიე ღვთის ხატად შექმნილი ადამიანის ცთუნებას.

მე კვლავ შევეკითხე:

- როგორ ძლებ აქ მარტოდმარტო, ქრისტეს სასძლოვ, როგორ ერკინები მარტოობისა და მოწყინების ვნებას?

მან კი მიპასუხა:

- განთიადიდან ცხრა საათამდე ღვთისადმი ვლოცულობ, დანარჩენ დროს სელის რთვასა და წმინდა მამებსა და მამათმთავრებზე ფიქრში ვატარებ. ვიხსენებ ნეტარი მოციქულების, წინასწარმეტყველების და მოწამეების ამბებს და ვიწვრთვნები. საღამოობით კვლავ უფლის სადიდებელ ლოცვებს აღვავლენ და მოველი აღსასრულს, იმ იმედით, რომ უფლის შეწევნით ცოდვათაგან შეკრული გავიხსნები და ღირსი გავხდები მისი ხილვისა.

მინდა იმ ადამიანების შესახებაც მოგითხრო, რომლებიც მხოლოდ გარეგნულად ემსახურებოდნენ უფალს, შინაგანად კი შორს იყვნენ მისგან. რათა ამ გზითაც სულიერი სარგებელი მოგიტანო და სათნოებაში წარმატებულებსაც სათანადო ხოტბა შევასხა.

ვერცხლისმოყვარე ქალწული

ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი ქალწული, რომელიც მხოლოდ სახელს ატარებდა ქალწულისა, საქმით კი ყოვლადუღირსი იყო ამ სახელისა. იგი იყო ანგარებიანი, ამაყი, ნივთმოყვარე და ვერცხლისმოყვარე უფრო მეტად, ვიდრე მოყვარე ქრისტესი. მას არასოდეს გაუღია მოწყალება არც უცხოსთვის და არც ახლობლისთვის, არც მონაზონისთვის, არც უპოვარისთვის და არც ქუჩაში შემხვედრი გლახაკისთვისაც კი. იგი არაერთგზის ამხილეს წმინდა მამებმა, მაგრამ ამაოდ.

ვერცხლისმოყვარე ქალწულს ჰყავდა ერთი და. როცა ეს ქალი გარდაიცვალა, მისი ასული შვილად აიყვანა, ზრუნავდა მასზე და დღედაღამ მასაც სიმდიდრის სიყვარულს უნერგავდა.

ყველამ უწყის ეშმაკის ხრიკი, იგი ადამიანებს ახლობლის სიყვარულითა და მასზე ზრუნვის მომიზეზებით ხშირად მომხვეჭელობის სენით აავადებს. ბოროტი მათ ჩააგონებს, რომ ვერცხლისმოყვარეობად არ გეთვლება, როცა სიმდიდრეს ახლობლისთვის აგროვებ.

ისიც კარგად ცნობილია, რომ მომხვეჭელობის ვნება შობს მრავალ სხვა ცოდვას: მამისკვლას, დედის განკითხვასა და ძმათა მკვლელობას. ამგვარი შეგონებისთვის არ დაცხრება კაცთა მოდგმის მტერი.

წმინდა წერილში ნათლად არის ნათქვამი: თუ ვინმე სხვისი ქველმოქმედების ხარჯზე რაიმეს მოიხვეჭს, ასეთი ადამიანი ცრუ ღვაწლშია, მისი სასჯელი კი განცხადებულია მოციქულის თქმულისამებრ: ”ცრუნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს” (I კორ. 6. 9).

თუკი ვინმეს ძალუძს, სულიერი სიბრძნითა და საღვთო სურვილით აღძრულს, თავის სულსაც არ მოაკლოს ზრუნვა და არც თავის ახლობლებს, კარგია. ხოლო თუკი არ შეუძლია სხვადასხვა საზრუნავის თავს დება, ყოველი სწრაფვა სულისთვის უნდა წარმართოს, ყოველგვარი ამსოფლიური საზრუნავი მოიკვეთოს და ცუდი საქმენი დატოვოს. ასეთი ადამიანი საკუთარ სულს ამაოებაზე არ გაცვლის.

ასეთ ღვთისმოშიშს და სულიერ მოღვაწეს აქებს და უგალობს დავით მეფსალმუნე: ”ვინ ავა უფლის მთაზე? ან ვინ დადგება მის წმინდა ადგილზე? ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცავს” (ფს. 23. 3-4).

ცნობილია, რომ სულის დაღუპვას ხორციელი წარმატებებისაკენ სწრაფვა და სულიერი სათნოებების დაუნჯებაზე უზრუნველობა შობს.

ამდენი საუბარი ზემოთ ხსენებულმა ქალწულმა იმის გამო გამოიწვია, რომ მას, როგორც უკვე გაუწყეთ, მხოლოდ სახელი ჰქონდა ქალწულისა, საქმით კი ყოველმხრივ უცხო იყო მისგან.

სასნეულოთა გამგებელმა, სანატრელმა მამა მაკარმა ერთხელ ამ ქალწულის მხილება და მომხვეჭელობის ვნებისაგან მისი განთავისუფლება გადაწყვიტა. თუ როგორ და რაგვარი სიბრძნით, ამას წინამდებარე ამბავი გაუწყებს: სიჭაბუკის ჟამს ღირსი მაკარი ძვირფასი თვლების დამმუშავებელი იყო. ერთხელ ეს წმინდა მამა ვერცხლისმოყვარე ქალწულთან მივიდა და უთხრა:

- ძვირფასი თვლები - ზურმუხტები და იაგუნდები მომიტანეს. არ ვიცი, მოპარულია თუ ვაჭრობით შეძენილი. ძალიან ძვირფასი თვლებია და მათი პატრონი ხუთას დრაჰკანად* ყიდის. თუ მოგინდება მათი აღება, მომეცი ხუთასი დრაჰკანი და შეგეძლება ერთი მათგანი ამდენივე ფასად გაყიდო, დანარჩენით კი შენი დისშვილი მოკაზმო.

ქალწულს დისშვილი ძალიან უყვარდა და მისი ძვირფასი თვლებით შემკობა მთელი გულით ეწადა. ეს რომ გაიგო, მამა მაკარს ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა:

- გეხვეწები, ეს თვლები ჩემ გარდა სხვამ არავინ აიღოს.

წმინდანმა კი უთხრა:

- მიდი ჩემს სახლში, რათა თავად იხილო ისინი. ქალწულმა კი წასვლა არ ინება, მამა მაკარს ხუთასი დრაჰკანი მისცა და სთხოვა:

- გეხვეწები, აიღე ეს ფული, რადგან არ მსურს ვიხილო ის კაცი, რომელიც ძვირფას თვლებს ყიდის. წმინდა მაკარმა მას ფული გამოართვა, სასნეულოში წაიღო და იქ მყოფ ავადმყოფებსა და გაჭირვებულებს მოახმარა. ამასობაში ერთი წელიც გავიდა. დედაკაცი არ წუხდა, რადგან ამ მამის სახელი მთელ ალექსანდრიაში იყო განთქმული და ენდობოდა მას.

როცა ჩვენ ეს ღვთისმოყვარე მამა ვიხილეთ, ის ას წელს მიღწეული მოხუცი იყო. წლის ბოლოს ქალწული წმინდა მაკარს ეკლესიაში შეხვდა და უთხრა:

- გევედრები, იმ თვლების შესახებ მაუწყე, რომელშიც ხუთასი დრაჰკანი გადავიხადე.

წმინდანმა კი უთხრა:
- იმ დღეს, რაც შენგან ეს ფული მივიღე, იმ თვლებში გადავიხადე. თუ მათი ნახვა გსურს, მოდი ჩემს სახლში და იხილე. თუ არ გენდომება, შენი დრაჰკანები უკან დაიბრუნე.

ასე, ამ სიტყვებით წაიყვანა მამა მაკარმა ქალწული სნეულთა თავშესაფარში, რომლის პირველ სართულზე მამაკაცები იყვნენ, მეორეზე კი დავრდომილი ქალები. როცა თავშესაფრის კარი შეაღეს, წმინდანმა ჰკითხა დედაკაცს:

- პირველად რომელი თვლის ხილვა გსურს: იაგუნდისა თუ ზურმუხტისა?

ქალწულმა კი უპასუხა:

- რომელსაც შენ იტყვი.

მაშინ მამა მაკარმა ის მეორე სართულზე აიყვანა, მრავალი ხეიბარი და სნეული ქალი აჩვენა და უთხრა: ”აი ესენი არიან იაგუნდები”.

ამის შემდეგ წმინდანმა ის პირველ სართულზე ჩაიყვანა, იქ სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილი კაცები უჩვენა და უთხრა: ”ესენი კი ზურმუხტები არიან და, ვფიქრობ, ამათზე უპატიოსნესს ვერსად იპოვი. თუ არ მოგწონს, შენი ოქრო უკანვე მიიღე”.

წმინდა მამის მხილებით შერცხვენილი ქალწული თავის სახლში დაბრუნდა. ის დიდმა მწუხარებამ შეიპყრო და დასნეულდა. მეტადრე იმის გამო წუხდა, რომ ეს ფული ქველმოქმედების მიზეზით კი არ გასცა, არამედ იძულებით. ბოლოს კი დიდად მადლიერი იყო წმინდა მაკარისა, რადგან მისი სიმდიდრის მოხვეჭის მიზეზი – საყვარელი დისშვილი ქორწინების შემდეგ უშვილო დარჩა და ასე მიიცვალა. ვერცხლისმოყვარე ქალწულმა კი ამ ამბის შემდეგ მთელი ცხოვრება სინანულში გაატარა.

მრავალ ღირსეულ ადამიანს შევხვდი იმ ხნის მანძილზე. ალექსანდრიაში ყოფნისას მის სიახლოვეს მყოფი მონასტრები მოვიარე. აქ შევხვდი მრავალი სათნოებით გამორჩეულ ორი ათას მოღვაწეს, რომლებიც საღვთო მადლით იყვნენ დამშვენებულნი.

-------------------------------------------------------------------------------

* დრაჰკანი – ოქროს ფული

ნიტრიის მთაზე მოღვაწე მამები

ალექსანდრიაში სამი წელი დავყავი. ამის შემდეგ იქაურობა დავტოვე და ნიტრიის მთას მივადექი. ამ მთასა და ალექსანდრიას შორის არის ერთი ტბა, სახელად მარია. იგი სამოცდაათი მილის სავალია. ტბა გადავიარეთ და დღენახევრის შემდეგ ნიტრიის მთაზე ავედით, რომელიც ამ ტბის სამხრეთით მდებარეობს. ეს მთები მთლიანად უდაბნოდ არის ქცეული და მისი საზღვარი ეთიოპიამდე, მაზიკონამდე და მავრიტანიამდე ვრცელდება.

ნიტრიის მთაზე ხუთი ათასი კაცი იყო დამკვიდრებული, ისინი თავიანთი ძალისამებრ მოღვაწეობდნენ. აქ იყვნენ მარტომყოფი ბერები, ორ-ორად მცხოვრებნი და ასევე ზიარად მყოფნი. ამ მთაზე იყო ერთი პურის საცხობი სახლი, რომლიდანაც ხუთი ათასი ბერი საზრდოს იღებდა.

ნიტრიის მთისგან მოშორებით სხვა ექვსი ათასი მოღვაწე იყო. ამ მთაზე ერთი წელი დავყავი და წმინდა მამებისგან მრავალი სარგებელი მივიღე. აქ შევხვდი ისეთ დიდ მამებს, როგორებიც იყვნენ: არსისიოს დიდი, პუტუვასტოსი, აგიონოსი, ხრონიოსი და სერაპიონი. მათგან შევიტყვე ბევრი საინტერესო რამ პირველი წმინდა მოღვაწეების შესახებ და ამის შემდეგ უდაბნოს ყველაზე უღრმეს ადგილებს მივაშურე.

ნიტრიის მთაზე იყო ერთი დიდებული ეკლესია, რომლის კართანაც ფინიკის სამი ხე იდგა. ამ ხეებზე დასასჯელი საგნები ეკიდა. ერთი მათთვის, ვინც მონასტერი დატოვა და შემდეგ უკან დაბრუნდა, მეორე – ავაზაკთათვის და მესამე - იმ ბერთათვის, რომლებიც ყოველდღე რაიმე საცთურში ცვივდებოდნენ. ასეთებს ჯერ ასამართლებდნენ, ფინიკის ხესთან მიიყვანდნენ, ცოდვის სიმძიმის შესაბამისად სჯიდნენ და შემდეგ უშვებდნენ.

ეკლესიის გვერდით იყო უცხოთა თავშესაფარი, სადაც სტუმრად მოსულებს მოასვენებდნენ და შემდეგ გაისტუმრებდნენ. თუ ახალმოსული სამი წელი იქ დარჩენას მოინდომებდა, წინააღმდეგობას არ უწევდნენ და შემდეგ მათი სურვილისამებრ უკან აბრუნებდნენ. უსაქმოდ ყოფნას აქ ვერავინ გაბედავდა. ისინი ყოველდღიურად შრომობდნენ, გარდა კვირა დღისა. თითოეულს თავისი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი. ზოგი პურის საცხობში იყო განწესებული, ზოგი ბოსტანში, ზოგი ხილნარში. თუ ახალმოსულთა შორის წმინდა წერილის კარგი მცოდნე იყო, მას წიგნის კითხვის ნებას აძლევდნენ, თუმცა მასთან ექვს საათამდე საუბარს ვერავინ გაბედავდა და დროს ასე მარტო ატარებდა.

ნიტრიის მთაზე იყვნენ ექიმებიც და წამლების დამამზადებელნი. ავადმყოფობის ჟამს ბერები ღვინოსაც სვამდნენ მცირედ და, ამასთანავე, სასმელს ყიდდნენ კიდეც. ყველას ჰქონდა საერთო ხელსაქმე: სელის რთვა და ტილოს ქსოვა. ამ გზით ისინი უზრუნველად მოირეწდნენ სანოვაგეს. როცა მოსაღამოვდებოდა, საზრდოს იხმევდნენ. ამის შემდეგ თითოეული სენაკიდან ისმოდა ლოცვის ხმა, აღმავალი ზეცად. მშვენიერ ადგილებში ამგვარი ერთობლივი ღვაწლით ისინი სამოთხეში მყოფთა თანაზიარნი ხდებოდნენ.

ძმები ეკლესიაში მხოლოდ შაბათსა და კვირას იკრიბებოდნენ, დანარჩენ დღეს კი ცალ-ცალკე ატარებდნენ. ეკლესიის გამგებლად ერთი მღვდელი და ერთი უხუცესი იყო დადგენილი. ვიდრე ისინი ცოცხლები იყვნენ, მათ საქმიანობაში სხვა ვერავინ შეეცილებოდა, ვერც ვერაფერს განაგებდა, მათ წინაშე ყველანი მდუმარენი ისხდნენ.

ამ წმინდა მამათაგან ზოგიერთი, როგორებიც იყვნენ არსისიოს დიდი და სხვა მისი შემსგავსებული მოღვაწეები, ანტონი დიდის თანამედროვენი იყვნენ. ისინი იცნობდნენ ამონ ნიტრიელს, რომლის სული იხილა ანტონი დიდმა, თუ როგორ ადიოდა ზეცაში. ეს წმინდა მამები იცნობდნენ პახომი დიდსაც, წინასწარმეტყველების მადლით გამორჩეულ ტაბენესელ მოღვაწეს, რომელიც სამი ათასი კაცის მამასახლისად იყო დადგინებული. მისი მოღვაწეობის ამბავს თავის დროზე გაუწყებ.

[ ა მ ო ნ ი ]

ახლა ამონის შესახებ მოგითხრობ. მასზე ნიტრიელმა მამებმა მიამბეს. როცა ამონი დაობლდა, ოცდაორი წლის იყო. მას ბიძა აიძულებდა, რომ ცოლი შეერთო. ამონი ვერ შეეწინააღმდეგა მის სურვილს და დაქორწინდა. ქორწილის დასრულების შემდეგ, როცა მოსასვენებლად ის მეუღლესთან ერთად მარტო დარჩა, ცოტა მიიძინა. შემდეგ ადგა, გამოაღვიძა მეუღლე და უთხრა: ”ჩემო დედოფალო და დაო, ერთი რამ მინდა, გაუწყო. დაქორწინებაში სახარბიელო არაფერია. კარგი იქნება, თუ დღეიდან ჩვენ განცალკევებულად სიწმინდით ვიცხოვრებთ და ერთმანეთთან შეუხებლად დავიცავთ ჩვენს ქალწულებას. ამით ჩვენს დამბადებელ უფალს ვესათნოებით”.

ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ნეტარმა მამამ უბიდან წიგნი ამოიღო. მასში წმინდა სახარებიდან ის სიტყვები ეწერა, რომელიც უთხრა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს ქორწინებისა და ქალწულების შესახებ. მან ეს ყველაფერი თავის მეუღლეს წაუკითხა, რომელიც წმინდა წერილს არ იცნობდა. ამ სიტყვების ძალას მამა ამონი მას ღვთისგან მიცემული სიბრძნით განუმარტავდა. ის ყოველმხრივ ცდილობდა, რომ მეუღლე ქალწულებასა და სიწმინდით მოღვაწეობაში განემტკიცებინა. უფლის მადლით, ქალი სულიერად გაძლიერდა და ამონს უთხრა:

- გჯეროდეს ჩემი, დღემდე სიწმინდით გამიტარებია ჩემი ცხოვრება და დღეიდანაც მზად ვარ, ვიცხოვრო ისე, როგორც მიბრძანებ.

წმინდა ამონმა უპასუხა:

- გთხოვ, რომ ამიერიდან ერთმანეთისგან განცალკევებით ვიცხოვროთ.

ქალი არ დაეთანხმა და უთხრა:

- მე ჯერ სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელი ვარ და უმჯობესია, ორივემ ერთ სახლში ვიცხოვროთ, ოღონდ თითოეულს თავისი საწოლი ჰქონდეს.

მართლაც, ამონმა და მისმა მეუღლემ ასე უბიწოდ გაატარეს ერთად თვრამეტი წელი. ნეტარი მამა ყოველდღე ბოსტანში ფუსფუსებდა, უვლიდა მას, სხლავდა და რგავდა ვაზს. როცა მოსაღამოვდებოდა, სახლში ბრუნდებოდა და მეუღლესთან ერთად კითხულობდა ლოცვებს, გალობდა ცისკრის საგალობლებს, როცა გათენდებოდა, ისევ სამუშაოდ მიდიოდა. ამგვარად ცხოვრობდნენ ისინი და სიწმინდესა და ქალწულებას იცავდნენ.

ბოლოს, წმინდა ამონის ლოცვით, ქალი გაძლიერდა და მეუღლეს უთხრა:

- რაღაც მინდა გითხრა, ჩემო ბატონო, და თუ მომისმენ, ვირწმუნებ, რომ ნამდვილად გიყვარვარ.

მან უპასუხა:

- თქვი, რაც გინდა.

ნეტარმა ქალმა მიუგო:

- შენ ღვთისმსახური კაცი ხარ და ჭეშმარიტი მოღვაწე. შენი მიბაძვით მეც შევუდექი ამ გზას. ახლა კი დადგა ჟამი, მარტო იღვაწო და სხვა ადამიანებსაც მოუტანო სარგებელი. უსამართლობაა ჩემი მხრივ ჩვენი ერთად ყოფნით შენი სიბრძნისა და სათნოების დაფარვა.

ეს რომ მოისმინა წმინდა ამონმა, ჯერ ღმერთს შეწირა მადლობა, შემდეგ კი კეთილ მეუღლეს, და უთხრა:

- კარგად მოგიფიქრებია, ჩემო დედოფალო და დაო, თუ გსურს, შენ აქვე, ამ სახლში დარჩი, მე კი წავალ და სხვაგან ვიღვაწებ.

მართლაც, გამოვიდა წმინდა მამა თავისი სახლიდან და ნიტრიის უშინაგანეს უდაბნოს მიაშურა. იქ მონასტრები ჯერ არ იყო გაშენებული. ნეტარმა ამონმა ორი სენაკი ააშენა, სადაც ოცდაერთი წელი დაყო. იგი წელიწადში ორჯერ ნახულობდა თავის მეუღლეს. ასე, სათნოებისა და მოღვაწეობის მწვერვალზე ასულმა და მონაზონებრივ ცხოვრებაში წარმატებულმა სამოცდაორი წლის ასაკში თავისი სული უფალს შეავედრა და მშვიდობით დაიძინა.

საჭიროდ მიმაჩნია, ამ წმინდანის მიერ აღსრულებულ ერთ სასწაულზე მოგითხრო, რომელიც ათანასე ალექსანდრიელმა ანტონი დიდის ცხოვრებაში აღწერა: ერთხელ ნეტარმა მამამ მდინარეზე გადასვლა მოისურვა. ამ მდინარეს სახელად მგელი ერქვა. წმინდანს მოწაფე ახლდა და რცხვენოდა, რომ ვინმეს შიშველი ენახა. ამის გულში გაფიქრებისთანავე იგი უფლის ანგელოზმა აიტაცა და მდინარის მეორე ნაპირზე გადაიყვანა. ასეთი იყო მამა ამონი, ასე იცხოვრა და გარდაიცვალა. მისი სული იხილა ანტონი დიდმა, თუ როგორ აჰყავდათ ანგელოზებს ზეცაში.

მდინარე მგელზე გადასვლა ერთხელ მეც მსურდა. შეშინებულმა დიდი წვალებით ძლივს შევძელი ნაპირზე გადასვლა. ეს მდინარე ნილოსიდან შტოდ გამოდის და ადიდებისას ძალიან საშიშია.

[ ო რ ი ]

ნიტრიის მთაზევე მოღვაწეობდა ერთი საკვირველი კაცი, სახელად ორი. მის სათნოებებზე აქ მოღვაწე ყველა ძმა საუბრობდა, მეტადრე უფლის მხევალი მელანია, რომელიც ამ მთაზე ჩემს მისვლამდე იყო. ამ წმინდა მამას ცოცხალს ვერ მივუსწარი. მის შესახებ ამბობდნენ, რომ არასოდეს ეცრუა, არც დაეფიცა, არც დაეწყევლა ვინმე და არც არასდროს ამოსულიყო მისი პირიდან ცუდი სიტყვა, რადგან მხოლოდ საჭირო დროს საუბრობდა.

[ პ ა მ ბ ო ]

ამავე ნიტრიის მთაზე იყო დამკვიდრებული ნეტარი პამბო. იგი იყო მოძღვარი დიოსკორე ეპისკოპოსისა, ძმებისა – ამონისა, ევსევისა და ასევე ორიგენესი, რომელიც დიდი და საკვირველი კაცის – დრაკონტის დისშვილი იყო. მრავალი სათნოებით შემკული პამბო განსაკუთრებით ერთით იყო გამორჩეული: მას იმდენად დაეძლია ვერცხლისმოყვარეობის ვნება, რომ უფლის სიტყვებისამებრ, სისრულისთვის მიეღწია. ამ ღირსი მამის შესახებ ნეტარმა მელანიამ ასეთი რამ მიამბო: ”როცა რომიდან პირველად წამოვედი, ალექსანდრიას მივაშურე. აქ მღვდელი ისიდორე უცხოთშემფარებელისაგან მეუწყა პამბოს სათნოებითი მოღვაწეობის შესახებ და მასთან მიმიყვანა. როცა მივედი, სამასი ლიტრა ვერცხლით სავსე ყუთი მივართვი. ის კი იჯდა და ბაიას ტოტებს წნავდა. სტუმრად მისულს არც კი ამომხედა. არც ჩემს საჩუქარს მიხედა, არამედ დამლოცა და მითხრა: ”ღმერთმა სანაცვლო მოგცეს”.

ამის შემდეგ თავის იკონომოსს – ორიგენეს უთხრა: ”აიღე ეს ვერცხლი და ლიბიისა და ნისვიის მონასტრებს გაუნაწილე, რადგან ისინი სხვა დანარჩენებზე უღარიბესნი არიან”.

მან ორიგენე გააფრთხილა, რომ ეგვიპტელებისათვის არაფერი მიეცა, რადგან მათ ნაყოფიერი მიწები ჰქონდათ. მე კი ვიდექი და მისგან მადლობას, უფრო მეტად კი ქებას ველოდი. როცა არაფერი მითხრა, მე თავად ვუთხარი:

- ბატონო, მინდა, იცოდეს თქვენმა სიწმინდემ, რომ ეს ვერცხლი სამას ლიტრას იწონის. ბერმა კი არც ამ სიტყვების შემდეგ მომაქცია ყურადღება და არც ვერცხლს მიხედა, ისე მითხრა:

- შვილო, ვისაც ეს ვერცხლი მოართვი, ის მის აწონვას არ საჭიროებს, რადგან მას, ვინც მთები აწონა თავისი სასწორით, უფრო მეტად არ შეუძლია შენი ძღვენის აწონა? ჩემთვის რომ მოგეტანა, მაშინ საჭირო იქნებოდა მისი აწონა. ახლა კი წადი, შვილო, ნურაფერს იტყვი და ნურც შეწუხდები, რადგან იმისთვის შეგიწირავს, ვინც ქვრივის ორი მტრედი არ შეურაცხყო და ყველაზე მეტად დააფასა”.

მელანია რომაელი ამასაც ამბობდა: ”როცა მთაზე ავედი, რამდენიმე დღის შემდეგ, ღვთის განგებით, ამ წმინდა კაცის გარდაცვალებას შევესწარი. სიკვდილის წინ ის არც დასნეულებულა, არც არაფერი აწუხებდა, არამედ, ჩვეულებისამებრ, იჯდა და კალათს წნავდა. როცა კერვა დაასრულა და ნემსი გაატარა, მომიტრიალდა და მითხრა: `ეს კალათი ჩემს მოსაგონებლად გქონდეს, რადგან სხვა არაფერი მაქვს, რომ დაგიტოვო”.

ეს რომ წარმოთქვა, ყოველგვარი უძლურების გარეშე შეავედრა თავისი სული უფალს. წმინდა მამა ამ დროს სამოცდაათი წლის იყო. მე მისი სხეული ტილოში გავახვიე და საფლავში დავკრძალე. ამის შემდეგ იქაურობა დავტოვე და უდაბნოდან წამოვედი~.

ნეტარ მელანიას გარდაცვალებამდე თან ჰქონდა წმინდანის ნაჩუქარი კალათი. ამბობდნენ, რომ როცა პამბოს სიკვდილის ჟამი მოახლოვდა, მის წინ იდგნენ მღვდელი და იკონომოსი ორიგენე თავის ძმასთან, ამონთან ერთად, ყველასგან გამორჩეული ადამიანები. მათთან ერთად იდგა ძმების კრებულიც.

წმინდა მამამ მათ ასეთი რამ უთხრა: ”უდაბნოში როცა მოვედი, სენაკი ავიშენე და იქ დავემკვიდრე. იმ დღიდან არავისგან მიმიღია საზრდო, სხვებისთვის პურის ნატეხიც კი არ გამომირთმევია, არამედ თავს ჩემი გარჯით ვირჩენდი. ჩემი პირიდან არც ერთი ისეთი სიტყვა არ ამოსულა, რომ შემდეგ მენანოს. ახლა კი ისე წარვდგები უფლის წინაშე, თითქოს, ჯერაც არ შევდგომივარ უფლის მსახურებას”.

ამ წმინდანის შესახებ ქრისტეს მსახური ორიგენე და ამონი მოწმობდნენ და ამბობდნენ, რომ მას დაუფიქრებელი სიტყვა არავისთვის მიუგია. თუკი პამბოს წმინდა წერილის ან სხვა საქმის შესახებ რამეს ჰკითხავდნენ, ასე ამბობდა: ”არ შემიძლია მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა”.

მთელი სამი თვე ისე გავიდოდა, რომ ხმას არავის სცემდა. დუმილის მიზეზს ასე ხსნიდა: `ჯერ არ ვარ მეტყველების საზომს მიღწეული”.

ღვთის მადლით, ძმებს სჯეროდათ მისი ნათქვამისა და არ წუხდნენ. პირიქით, ამბობდნენ, რომ ის დუმილის სათნოებით იყო შემკული. იმასაც ამბობდნენ, რომ პამბო თავისი ღვაწლით ანტონი დიდსა და იმ დროის ყველა სხვა წმინდა მამაზე უპირატესი იყო.

წმინდა პამბოს სხვა სათნოების შესახებაც გაუწყებ, რათა ესეც უკვე ნათქვამს შემატო.

ერთხელ მასთან სტუმრად ნეტარი პიორი მივიდა და თან საზრდოდ გამხმარი პური მიიტანა. წმინდა მამამ ჰკითხა:

- რატომ მოიქეცი ასე?

მან კი მიუგო:

- იმიტომ, რომ ჩემი გამოკვებით არ შეგაწუხო.

ეს რომ წმინდანმა მოისმინა, გაჩუმდა და აღარაფერი მიუგო. გამოხდა ხანი და ახლა პამბო ესტუმრა პიორს და თან დამბალი პური წაიღო. პიორის კითხვაზე, თუ რატომ მოიტანა თან დამბალი პური, წმინდა მამამ უპასუხა: ”არც მე მინდა, რომ შეგაწუხო ჩემი სტუმრობით და ამიტომაც დავალბე პური”.

[ ა მ ო ნ ი ]

ზემოთ მოხსენებული ნეტარი ამონი დიდი პამბოს მოწაფე იყო. ის ორ ძმასა და სამ დასთან ერთად მოღვაწეობდა, რომლებიც, ერთდროულად საღვთო სურვილით აღძრულები, უდაბნოში მივიდნენ და უფლის მსახურებაში წარემატნენ. მათ ერთმანეთისგან მოშორებით ორი მონასტერი ააშენეს – მამებისა და დედებისა.

პამბო მონაზონთა შორის თავისი სულიერებითა და საღვთო სიბრძნით გამოირჩეოდა, ამიტომაც ერთ-ერთი ქალაქის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ ის მათი ეპისკოპოსი გამხდარიყო. მათ თავიანთი სურვილი მთავარეპისკოპოს ტიმოთეს გაანდეს, რომელმაც ხალხს უბრძანა, რომ ამონი მასთან მიეყვანათ. ისინი წმინდა მამასთან მივიდნენ და აიძულებდნენ, რომ მათ ნებას დაჰყოლოდა. ამონი გარშემოხვეულ ხალხს ევედრებოდა, რომ გაეშვათ და უდაბნოში წასვლის ნება მიეცათ. ისინი კი ეუბნებოდნენ: ”არ მოგცემთ ნებას, რომ უდაბნოში წახვიდე”.

როცა წმინდა მამა ვერაფერს გახდა, გარშემო მყოფთა თვალწინ დუქარდი* აიღო, მარცხენა ყური მოიჭრა და თქვა: ”ახლა გულდამშვიდებულები იყავით, რადგან აღარ შეიძლება ჩემი ეპისკოპოსად კურთხევა”.

როცა ისევ აიძულებდნენ, ასე მიმართა მათ: ”სჯულის კანონის თანახმად, სხეულის რომელიმე ნაწილის უქონელი ადამიანის მღვდლად კურთხევა არ შეიძლება”.

ეს ამბავი ხალხმა მთავარეპისკოპოსს შეატყობინა. მან კი მოახსენა: ”ეგ კანონი იერუსალიმელებმა დაიცვან. მე კი შესაწყნარებლად მიმაჩნია ნებისმიერი ასოდაკვეთილის ეპისკოპოსად ხელდასხმა, თუკი ის ამის ღირსი იქნება”.

ხალხი ისევ წავიდა ამონთან. რადგან ის ისევ წინააღმდეგი იყო, ხელები შეუკრეს და გადაწყვიტეს, ასე წაეყვანათ ეპისკოპოსთან. მან კი ასე მიმართა მათ: ”თუ მაიძულებთ, რომ ეპისკოპოსად მაკურთხონ, ენასაც მოვიკვეთ”.

ხალხი მიხვდა, რომ ვეღარაფერს გახდებოდა და დამწუხრებული უკან თავ-თავის სახლში დაბრუნდა.

ნეტარ ამონზე ბევრ საინტერესო და საკვირველ ამბავს ჰყვებოდნენ. მას არასოდეს აღძვრია ხორცი ბილწი გულისთქმით. ის ახალგაზრდობიდან სიკვდილამდე საზრდოს სხვებთან ერთად არ იღებდა, ცეცხლზე მომზადებული არაფერი ეჭამა, გარდა პურისა, ძველი და ახალი აღთქმის წიგნები ზეპირად დაესწავლა. მას წაკითხული ჰქონდა ისეთი დიდი მოღვაწეების წიგნები, როგორებიც იყვნენ: ორიგენე, დიდიმე, პიორი, სტეფანე და სხვ.

უდაბნოს წმინდა მამები ამბობდნენ, რომ ის წინასწარმეტყველების ნიჭით იყო დაჯილდოებული და ამ გზით მათ ანუგეშებდა. ნეტარ ძმათა შორის ერთი სათნოებით სრული კაცი ამოწმებდა, რომ არავის მიეღწია ისეთი უვნებლობისათვის, როგორიც ამონს.

ერთხელ უდაბნოში მცხოვრებმა მამებმა ამონს სთხოვეს, რომ კონსტანტინეპოლში წასულიყო და მონასტრებისათვის საჭირო სახმარი მიეტანა. მთავარეპისკოპოსმა მას ეკლესიისათვის აუცილებელი სხვა ნივთების წაღებაც დაავალა. ნეტარი ამონი დაემორჩილა მათ სურვილს და სამეუფო ქალაქისკენ გასწია. როცა მას მიუახლოვდა, კონსტანტინეპოლის ეპარტოზმა რუფინუსმა სთხოვა, რომ მის სამლოცველოში დარჩენილიყო, რომელიც წმინდანთა განსასვენებლად აეშენებინა. ამ ტაძარში მონათლა წმინდა მამა ეპისკოპოსმა. რუფინუსის თხოვნით, ამონი აქ დარჩა და ეხმარებოდა მას სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვაში.

გამოხდა მცირე ხანი. წმინდა მამა აღესრულა და აქვე დაიკრძალა. ამბობდნენ, რომ ამონის საძვალე კურნავდა ყველას, ვინც ციების სენით იყო დაავადებული.

--------------------------------------------------------------------------------------------------

* დუქარდი – დანა

[ბენიამენი]

ამავე ნიტრიის მთაზე იყო ერთი საკვირველი მამა, სახელად ბენიამენი. ის თავისი სათნო ცხოვრებით გამოირჩეოდა და ოთხმოცდაათ წელს იყო მიღწეული. სათნოების უმაღლეს საფეხურზე ასული წმინდა მამა ღირსი გახდა კურნების მადლისა. ყველა, ვისაც ის ხელს დაადებდა და ნაკურთხ ზეთს სცხებდა, წამიერად იკურნებოდა. ასეთი მადლით შემკული გარდაცვალებამდე რვა თვით ადრე წყალმანკის სენით დასნეულდა. წმინდანი ისე დასივდა და სხეული ისე დაუუძლურდა, როგორც იობს. ერთხელ მის სანახავად ეპისკოპოსმა დიოსკორემ წაგვიყვანა. ის იმ დროს ნიტრიის მთის წინამძღვარი იყო და გვითხრა: ”მიდით და იხილეთ ახალი იობი, რომელიც დაწყლულებული და განუკურნებელი სენით დაავადებული დაუდუმებლად მადლობას სწირავს უფალს”.

როცა მივედით, ბერს სხეული ისე ჰქონდა დასიებული, რომ მის ნეკა თითს ორივე ხელის თითებით ვერ შემოსწვდებოდი. ჩვენ ვერ ვბედავდით, მისთვის შეგვეხედა და თვალს ვარიდებდით. მან კი ასეთი რამ გვითხრა: ”ილოცეთ, შვილებო, რომ ჩემი შინაგანი კაციც წყალმანკით არ დაავადდეს. როცა ჩემი სხეული ჯანმრთელი იყო, არანაირი სარგებელი მოჰქონდა, ახლა კი, როცა ასეა დაუძლურებული, ვერაფერს მავნებს”.

რვა თვის განმავლობაში წმინდა მამა ისე იყო დასიებული, წამოწოლა არ შეეძლო, ცოტათი მაინც რომ დაესვენა ხორციელი ტკივილისგან. სამაგიეროდ, უკურნებელი სენით შეპყრობილი ბენიამენი სხვებს კურნავდა სხვადასხვაგვარი დაავადებისგან.

ამ ამბის შენთვის მოყოლა იმისთვის გადავწყვიტე, რომ არ გაგიკვირდეს, როცა ამგვარ უბედურებაში ჩავარდნილ სხვა წმინდა ადამიანს შეხვდები, რადგან უფალი ხშირად სწორედ მათთვის დაუშვებს ხოლმე განსაცდელს.

როცა ქრისტეს მხნე მოღვაწე გარდაიცვალა, სხეული ისე ჰქონდა გასიებული, რომ საჭირო გახდა მისი სენაკის კარის დარღვევა. მხოლოდ ამ გზით შეძლეს წმინდანის ცხედრის გარეთ გამოტანა.

[სერაპიონი]

ნიტრიის მთაზე მოღვაწეობდა კიდევ ერთი მამა, სახელად სერაპიონი, რომელიც აქ მოსვლამდე ვაჭრობას მისდევდა. როცა ის მონასტერში მოვიდა, ისეთ ასაკში იყო, რომ ვეღარ შეძლო რაიმე კეთილ საქმის დაუფლებოდა. ის ვერც წმინდა წერილს კითხულობდა და ვერც ფსალმუნები დაისწავლა. მან ამ მთაზე ოცი წელი გაატარა და ამ ხნის მანძილზე თავისი მონაგებით სნეულებს ეხმარებოდა: ყიდულობდა წამლებს და ყველაფერს, რაც მათ ესაჭიროებოდათ. მამა სერაპიონი განთიადიდან ცხრა საათამდე სენაკებში მიმოდიოდა და დავრდომილებს ეძებდა. მას თან მიჰქონდა ყურძენი, ბროწეული, კვერცხი. ის ყველას აძლევდა იმას, რაც სურდათ.

ასე იღვაწა წმინდა მამამ სიბერემდე. უძლურთა შეწევნით ის თავად ქრისტეს ემსახურებოდა. როცა მისი ამ სოფლიდან განსვლის ჟამი მოახლოვდა, სერაპიონმა თავისი ნივთები ერთ ძმათაგანს გადასცა, რომელსაც სურდა, რომ მისი გზა განეგრძო. მამა სერაპიონმა სთხოვა, მის ნაცვლად მომსახურებოდა ძმებს, რადგან მთაზე ხუთი ათასამდე მოღვაწე იყო და მათ ბევრ რამეში დახმარება და შეწევნა ესაჭიროებოდათ.

[პაისიო და ესაია]

იყო ორი ძმა, პაისიო და ესაია, რომლებიც ძალიან მდიდარი კაცის შვილები იყვნენ. როცა მამა გარდაეცვალათ, მთელი სიმდიდრე – ხუთი ათასი ოქროს ფულის მონეტა, ძვირფასი შესამოსელი, მსახურები და ყველაფერი, რაც ჰქონდათ, თანაბრად გაიყვეს. ამის შემდეგ იმაზე დაიწყეს ბჭობა, თუ რა გზას დადგომოდნენ. ”თუ მამაჩვენივით ვაჭრობას მივყოფთ ხელს, ჩვენი მონაგები სხვას დარჩება; ამას თან დაერთვება მრავალი განსაცდელი: ავაზაკთა თავდასხმა ანდა ზღვათა ღელვა, – ამბობდნენ ისინი, – ამიტომაც უმჯობესია, მონასტერს მივაშუროთ და ამით ჩვენი მამის სულზეც ვიზრუნოთ და ჩვენი სულებიც გადავარჩინოთ”.

ეს რომ განიზრახეს, ორივე ბერულ ცხოვრებას შეუდგა, ოღონდ განსხვავებულად. როცა ძმებმა მამისეული ქონება გაიყვეს, პირველმა მთელი სიმდიდრე გაჭირვებულებს, ეკლესია-მონასტრებსა და საპყრობილეებს გაუნაწილა, თავად კი ხელსაქმე შეისწავლა და ამ გზით მოირეწდა საზრდოს, თან გამუდმებით ლოცულობდა. მეორემ კი კუთვნილი ქონებით მონასტერი ააშენა, იქ მცირე საძმო შეკრიბა. ამ მონასტერში იგი უცხოებს იწყნარებდა, დაუძლურებულებს უვლიდა, დაღლილებს ასვენებდა. შაბათსა და კვირას ღარიბ-ღატაკებს მასპინძლობდა. მათთვის სამ და ოთხ მაგიდას აწყობდა და აპურებდა. ასე გაატარა მან მთელი ცხოვრება.

როცა ძმები გარდაიცვალნენ, სათნოების უმაღლეს საზომს მიღწეულებმა იმსოფლად სხვადასხვა სახის ნეტარი მდგომარეობა დაიმკვიდრეს. მამების ერთ ნაწილს ესათნოებოდა იმ ძმის ღვაწლი, რომელიც საკუთარ სულზე ზრუნვაში გამოვლინდა. ხოლო მეორეს უპირატესად მეორე ძმის მიერ სხვებზე ზრუნვა მიაჩნდა. ამის გამო ბერები ერთმანეთს ეცილებოდნენ. სიმართლის გასარკვევად ისინი ნეტარ პამბოსთან წავიდნენ. ისინი წმინდა მამას ევედრებოდნენ, ეთქვა, თუ ორივე ძმამ მოღვაწეობის რა საზომს მიაღწია. მან კი მიუგო: ”ორივე თანასწორია უფლის წინაშე, რადგან ერთმა უცხოთშეწყნარებით აბრაამის საქმე აღასრულა, ხოლო მეორემ უფლის სათნოყოფისათვის ილია წინასწარმეტყველის სიფიცხე და სულიერი მოშურნეობა აირჩია”.

ძმები კვლავ კამათობდნენ მათ თანასწორობაზე. იმაზე, ვინც ყველაფერი გასცა, ამბობდნენ, რომ სახარების სწავლებას მისდევდა, რადგან ყველაფერი ღარიბ-ღატაკებს დაურიგა და დღედაღამე ლოცვის ჯვარი იტვირთა და უფლის გზას შეუდგა. მეორემ კი ყველა გაჭირვებული შეიყვარა, მწუხარენი დაამშვიდა, ავადმყოფებს უვლიდა და თავშესაფრებს უხსნიდა. ამით ის საკუთარ თავზე მეტად სხვებზე ზრუნავდა და ფიქრობდა.

ნეტარმა პამბომ კვლავ მიუგო: ”ისევ გაგიმეორებთ, რომ ორივე თანასწორია ღვთის წინაშე, რადგან ორივეს ასე თავდადებით რომ არ ეღვაწა, ვერ მოიპოვებდა საუკუნო სიკეთეს და სიტკბოებას. უცხოთშემფარებელი უფალს მიემსგავსა, რადგან ღმერთი ამბობს: ”არ მოვედი, რომ მემსახურონ, არამედ ვემსახურო” (მათე 20, 28).

ამ ძმებმა ჭირთან და ტკივილთან თანაზიარობით თავს განსვენების ნება არ მისცეს. თქვენ კი მოგვიანებით კვლავ მოდით ჩემთან და დაბეჯითებით გეტყვით, თუ სად არიან ახლა ისინი”.

გამოხდა ხანი და ბერები კვლავ მოვიდნენ პამბოსთან და სთხოვდნენ, სიმართლე ეთქვა. მან კი უთხრა: ”ღვთებრივი გამოცხადების თანახმად, ვიხილე ორივე ძმა თანასწორად მოსიარულე სამოთხეში”.

[ მ ა კ ა რ ი ]

იყო ერთი თვრამეტი წლის ჭაბუკი, სახელად მაკარი. ერთ დღეს ის თანატოლებთან ერთად მდინარის ნაპირას თამაშობდა, თან ცხვარს აძოვებდა. ამ დროს მას უნებურად კაცი შემოაკვდა. ეს ამბავი მაკარმა არავის გააგებინა, არამედ შეშინებული უდაბნოში გაიქცა. ადამიანური შიშისგან ლტოლვილმა აქ ღვთის შიშის ისეთ სიმაღლეს მიაღწია, რომ სამი წელი საზრდოსა და თავშესაფრის გარეშე დაიარებოდა. ყველამ უწყოდა მისი ასეთი მკაცრი მოღვაწეობის შესახებ. ამ დროის გასვლის შემდეგ მან სენაკი აიშენა, რომელშიც ოცდახუთი წელი დაყო. ამ ხნის მანძილზე მან ისეთ მაღალ სულიერებას მიაღწია, რომ შენერწყვით განდევნიდა ბოროტ სულებს. ამგვარი მადლი მან მარტომყოფობის ღვაწლით მოი პოვა.

წმინდა მაკართან მრავალი წელი დავყავი. მას ერთხელ ვკითხე, თუ რას განიცდიდა კაცის კვლის შემდეგ. მან კი მი პასუხა: ”ამ შემთხვევის შემდეგ ისეთი დიდი მწუხარება და სინანული დამეუფლა, რომ, ბოლოს, მადლიერი ვიყავი ამ განსაცდელის გამო, რადგან ცხონების გზაზე დამაყენა”.

ამის მაგალითად მამა მაკარის ღვთის სარწმუნო მონის – მოსეს მიერ ეგვიპტეში კაცის მოკვლის ამბავი მოჰყავდა და ამბობდა: ”ამ შემთხვევის შემდეგ მოსე ეგვი პტიდან რომ არ გაქცეულიყო, ღვთის ხილვის ღირსი არ გახდებოდა; ფარაონისა რომ არ შეშინებოდა, ვერ ავიდოდა სინას მთაზე და ვერც იმ ნიჭს მიიღებდა, რომლის ძალითაც შეძლო სულიწმინდის სიტყვათა ჩაწერა”.

ამ ამბავს როცა ვიხსენებ, ვინმეს კაცის კვლისაკენ კი არ მოვუწოდებ, არამედ უფრო მეტად წარმოვაჩენ, რომ უნებლიე განსაცდელისაგან ღვთისკენ მოქცევა სათნოებად შეირაცხება. რადგან სათნოებათა შორის არიან ისეთნი, რომელიც საკუთარი სურვილით აღესრულება, ხოლო ზოგიერთი – განსაცდელში ჩავარდნით.

[ ნ ა თ ა ნ ა ე ლ ი ]

პირველ ჟამს გამოჩინებულ წმინდანებს შორის იყო ქრისტეს ერთი რჩეული მოღვაწე, სახელად ნათანაელი. მე მას ცოცხალს ვერ მივუსწარი, რადგან ამ მთაზე ჩემს მისვლამდე თხუთმეტი წლით ადრე გარდაიცვალა. თუმცა, შევხვდი იმათ, ვინც მასთან ერთად მოსაგრეობდა და გულმოდგინედ გამოვიკითხე ამ წმინდა მამის სათნოებათა შესახებ. მათ მიჩვენეს მისი სენაკი, რომელშიც უკვე აღარავინ ცხოვრობდა. ეს სენაკი სოფლის მახლობლად მდებარეობდა, რადგან მაშინ, როცა წმინდანმა ის ააშენა, ირგვლივ თითოოროლა მოღვაწე იყო. ისინი მიამბობდნენ, რომ იმ დღიდან, რაც ბერი ხელმეორედ დაემკვიდრა თავის სენაკში, აღარასოდეს გამოსულა იქიდან ეს წმინდა მამა, რადგან პირველად, აქ მოღვაწეობის დაწყებისას, ადამიანთა ზოგადმა მტერმა იგი მოწყენილობის ვნებით მოიცვა.

ბერს იმდენად დაეუფლა ეს ვნება, რომ სენაკი დატოვა და სოფლის მახლობლად სხვა ააშენა. ახალი სენაკის აშენების შემდეგ მას ეშმაკი მეომრის სახით გამოეცხადა, მას ტანზე დაგლეჯილი ტანსაცმელი ემოსა და ხელში, როგორც მხედარს, კვერთხი ეჭირა. ამ კვერთხით მან წმინდანს ცემა დაუწყო, ნათანაელი შეშფოთებული ეკითხებოდა:

- ვინ ხარ და ჩემგან რა გინდა?

მან კი უპასუხა:

- მე ის ვარ, ვინც პირველი სენაკიდან გამოგიყვანა და ახლა მსურს, რომ აქედანაც გაგიყვანო.

ნათანაელი მიხვდა, რომ მოწყენილობის ვნებამ სძლია და პირველ სენაკში დაბრუნდა, სადაც ოცდაჩვიდმეტი წელი დაყო და კარის ზღურბლსაც კი არ გადასცილებია. მან ისეთი ბრძოლა და მოთმინება აჩვენა, რომ მისი სიტყვით გამოთქმა შეუძლებელია. კეთილისმოძულე მტერს ესეც შეშურდა და გადაწყვიტა, წმინდა მამა გამოეცადა და მისი სიმშვიდე დაერღვია.

ერთ დღეს უფლის განგებითა თუ გამომცდელის გადაბირებით წმინდანთან სტუმრად შვიდი ეპისკოპოსი მივიდა. როცა ისინი მამა ნათანაელთან შევიდნენ, ლოცვა წარმოთქვეს და წმინდა მამა მოიკითხეს. მოკითხვის შემდეგ სენაკიდან გამოვიდნენ და წავიდნენ. ბერი მათ არც შემოსვლისას შეეგება და არც წასვლისას გადადგა ერთი ნაბიჯი, რათა ამ გზით ეშმაკისთვის არ დაეთმო. დიაკვნები ეუბნებოდნენ მამა ნათანაელს:

- ეს ამპარტავნებაა, მამაო, რადგან ეპისკოპოსებს არც მიეგებე და არც გააცილე.

ბერმა კი მიუგო:

- მე ჩემს ბატონებს – ეპისკოპოსებს ვემონები და ყველა ტაძრის მღვდლებსა და დიაკვნებს განვადიდებ, რადგან ყველა კაცზე უცოდვილესი ვარ, ფეხით დასათრგუნავი მიწა, ყველაზე უკანასკნელი ამ სოფელში მცხოვრებთა შორის; მაგრამ მაქვს ჩემი დაფარული კანონი, რომელიც მხოლოდ იმან იცის, ვინც ყველა ადამიანის გულისნადებს ხედავს, და მანვე იცის, თუ რა მიზეზით არ მივეგებე ეპისკოპოსებს.

წმინდა ნათანაელმა ასე სძლია მტრის შემოსევას. თუმცა შემდეგ ბოროტი სული მას სხვა სახით ეკვეთა. ნეტარი მამის გარდაცვალებიდან რვა თვით ადრე ეშმაკმა ათი წლის ბიჭის სახე მიიღო, რომელსაც ვირი ჰყავდა და თან ჯოხზე გადაკიდებული ხორბალი მიჰქონდა. საღამო ხანს მან ბერის სენაკთან ვირი მიიყვანა და ბავშვის ხმით დაიძახა. მამა ნათანაელმა სენაკიდან გამოსძახა:

- ვინ ხარ და რა გინდა?

მან კი უპასუხა: ”ერთი მონაზონის ბავშვი ვარ და მასთან ხორბალი მიმაქვს სეფისკვერისათვის, ვიცი, როგორ გიყვარს ეს ბერი, გევედრები, დამეხმარე, აქ ბევრი მხეცი ბინადრობს და მეშინია, არ დამგლიჯონ.

ნათანაელი ძალიან შეწუხდა, რადგან ახსენდებოდა იმ ბერის სიკეთე, თან აღთქმული წესის დარღვევაც არ უნდოდა. ”რა ვქნა, როგორ მოვიქცე”, – წუხდა ის. ბოლოს კი თქვა: ”უმჯობესია, რომ ამდენი ხნის მანძილზე დაცული წესი არ დავარღვიო, ამით ვძლევ ეშმაკს და შევარცხვენ”.

ამ სიტყვების შემდეგ მამა ნათანაელი ლოცვას შეუდგა, თან ბავშვს უთხრა: ”მომისმინე, ყრმაო, მე მწამს უფლისა, რომელსაც ვემსახურები. იგია გამგებელი ყველა ცოცხალი არსებისა. შენ შეგიძლია მას სთხოვო შეწევნა, რათა მხეცმა ან სხვა რამემ არ გავნოს. მაგრამ თუ ჩემი გამომცდელი ხარ, ღმერთი მაუწყებს”.

ეს რომ თქვა, ბერმა სენაკის კარი დაკეტა და შიგნით შევიდა. ბოროტი სული კი ჰაერში გაიფანტა, იგი დაემსგავსა გარეულ ვირს, რომელიც ადამიანების სიმრავლეს გაურბის. ასე სძლია ნეტარმა მამამ ეშმაკს. ასეთია სულიერი წარმატებები და სათნოებითი ცხოვრების აღსასრული მარადმოხსენებული ნეტარი მამისა.

[მაკარი ეგვიპტელი და მაკარი ალექსანდრიელი]

ახლა წმინდა და უკვდავი მამების – მაკარი ეგვიპტელისა და მაკარი ალექსანდრიელის ამბავს გაუწყებთ. მათ სათნომოღვაწეობით ისეთ სიმაღლეს მიაღწიეს, რომ ურწმუნოს ამის დაჯერება გაუჭირდება. მე მათი ცხოვრების აღწერას ვიწყებ, თუმცა, ზოგიერთმა მათი წაკითხვისას შეიძლება მატყუარა მიწოდოს. მაგრამ ყველამ უწყით, რომ უფალს სძულს სიცრუე და უყვარს ჭეშმარიტება.

ღვთის მადლით, მეც როდი ვცრუობ, ქრისტეს საიმედო მსახურო ლავსე, მჯერა, რომ ამ წმინდანებზე დაწერილ მოთხრობებს სიტყვით გაამშვენებ და პატივს მიაგებ მარადმოსახსენებელ ნეტარ მამებს, რომლებსაც სახელები ურთიერთშემსგავსებული ღვაწლის გამო ეწოდათ. ამათგან პირველი წარმოშობით ეგვი პტელი იყო, უპირველესი მონაზონთა შორის, ხოლო მეორე, რომელსაც ასევე მაკარი ერქვა, ალექსანდრიელი იყო და მშობლიურ ქალაქში სამეურნეო საქმეს განაგებდა.

თავდაპირველად მაკარი ეგვიპტელზე მოგითხრობ, იგი ღირსია მოხსენებისა. მან ოთხმოცდაათ წლამდე იცოცხლა და აქედან სამოცი წელი უდაბნოში გაატარა. როცა აქ პირველად მოვიდა, ოცდაათი წლის ჭაბუკი იყო და ფიზიკური მშვენიერებით ყვაოდა. მან ათი წელი ისეთი მოთმინებით იღვაწა, რომ სულიერად დიდად წარემატა. მას მოხუცებულ ჭაბუკს უწოდებდნენ. მისი სათნოება უპირატესი იყო მის საქმეზე. როცა ორმოცი წელი შეუსრულდა, სულიწმინდისაგან წინასწარმეტყველების მადლი მიენიჭა და მღვდლობის პატივიც მიიღო.

მამა მაკარის ორი მოწაფე ჰყავდა. ამათგან ერთი უდაბნოს ყველაზე ღრმა ადგილას – სკიტში მოსაგრეობდა და ყველას, წმინდანთან მიმავალს, ემსახურებოდა და ანუგეშებდა. მეორე კი მისგან მოშორებით სხვა სენაკში იჯდა. ერთი წლის შემდეგ წინასწარმეტყველების მადლით შემკობილმა მამა მაკარმა თავის მოწაფეს – იოანეს, რომელიც მოგვიანებით იმ წმინდა ადგილის მღვდელი გახდა, ასეთი რამ უთხრა: ”მომისმინე, ძმაო იოანე, და ჩემი ნათქვამი დაიმახსოვრე. შენ ვერცხლისმოყვარეობის ვნებით გამოიცდები, რადგან ეს მე ვიხილე. თუ დამიჯერებ, ამ საღვთო ადგილას დიდ სისრულეს მოიპოვებ და განსაცდელი არ შეგეხება, ხოლო თუკი მეურჩები, გეუზის[1] სენით დაავადდები, რაც აღსასრულის მიზეზად გექცევა”.

გამოხდა ხანი და წმინდა ბერის ნაწინასწარმეტყველები საქმით შეემთხვა მამა იოანეს. მაკარის გარდაცვალების შემდეგ მან დაივიწყა მოძღვრის ნათქვამი და ეურჩა. ამიტომ იმ სენით დაავადდა, რომელმაც იუდა დაღუპა. ამ ამბიდან თხუთმეტი თუ ოცი წლის შემდეგ მამა იოანეს ისეთი კეთრი შეეყარა გლახაკთა ქონების მითვისების გამო, მთელ სხეულზე ერთი სუფთა ადგილიც კი არ დარჩა თითით შესახებელი.

ეს შემთხვევა სავსებით საკმარისია წმინდა ბერის წინასწარმეტყველების მადლის წარმოსაჩენად. ხოლო ზედმეტად მიმაჩნია მოგითხრო იმის შესახებ, თუ როგორ ეკრძალებოდა მომეტებულ ჭამა-სმას, რადგან ისინი, რომლებიც შორს არიან მონაზვნური ღვაწლისაგან და გემოთმოყვარეობას და სხვა ვნებებს მისდევენ, ისეთი მონდომებით ვერ აღასრულებენ თავიანთ უწესობას, როგორც ეს – თავის წესიერებასა და ღვთივსათნო ცხოვრებას. მოკრძალებული, საზრდო და საღვთო შური, - აი ის, რაც ამ ადგილებში მოღვაწე ბერებს ჰქონდათ. ისინი თავიანთი ღვაწლით ერთმანეთს წარემატებოდნენ, ამასთანავე თითოეული რომელიმე სათნოებით გამოირჩეოდა.

ამ საღვთო კაცზე, მაკარზე, სხვა ამბებთან ერთად იმასაც ამბობდნენ, რომ გონებით ზეცამდე ადიოდა და წლის უმეტესი დროის მანძილზე ფიქრებით უფალთან იყო. იმ სიკეთესა და სასწაულებს შორის, რომელსაც ღმერთი მას ანიჭებდა, ერთი წინამდებარე მოთხრობამ გააცხადოს.

იყო ერთი ეგვიპტელი კაცი, რომელიც ერთი აზნაურის ცოლზე გამიჯნურდა. მან ვერ შეძლო სიწმინდისმოყვარე ქალის შეცდენა, რომელსაც თავისი ქმრისაგან ქალწულება დაეცვა. ამის შემდეგ ამ კაცმა ხერხს მიმართა, ბოროტ საქმეებში გაწვრთნილი ადამიანი მოძებნა და უთხრა: ”ყველანაირად ეცადე, რომ იმ ქალს ჩემდამი ტრფობა აღეძრას, თუ არა და, შენი ხელოვნებით ის ქმარს შეაძულე”.

თანამზრახველი მაშინვე შეუდგა ნაბრძანების აღსრულებას. ის ქალთან მივიდა და ყველა გზითა და ვერაგობით ეცადა, რომ ქალი შეერყია და ქმარი მოეძულებინა. როცა ვერაფერს გახდა, ისე მოაჯადოვა, რომ გარეგნულად ის ყველას ცხენად ეჩვენებოდა. როცა ქალის ქმარი მინდვრიდან დაბრუნდა, დაინახა, რომ მისი ცხენადქცეული ცოლი საწოლზე იყო წამოწოლილი. მან ხმამაღლა მოთქმა დაიწყო, მაგრამ ასეთი უცნაური ცვლილების მიზეზი ვერ შეიტყო. კაცი ხედავდა, რომ ბოროტი ადამიანების მზაკვრობით ცხენად შეცვლილი ქალი გონივრულად უყურებდა, მაგრამ პასუხს ვერ აძლევდა და უდიდესმა მწუხარებამ შეიპყრო. იგი თავისი დაბის მღვდლებს შეევედრა, რომ სახლში წამოჰყოლოდნენ და ყველაფერი თავიანთი თვალით ენახათ. ისინიც წამოჰყვნენ კაცს, მაგრამ ამ შემთხვევის მიზეზი ვერ ახსნეს, რადგან ცხენად ქცეულ ქალს სამი დღის განმავლობაში არც პური უხმევია ადამიანივით და არც თივა უჭამია ცხენივით.

ბოლოს, უფლის სადიდებლად და წმინდა მაკარის სათნოების გასაცხადებლად, ეგვიპტელმა კაცმა გადაწყვიტა, თავისი ცოლი წმინდა მამასთან უდაბნოში წაეყვანა. მან ის ცხენივით შეკაზმა და ღვთის კაცისკენ მიმავალ გზას დაადგა. როცა კაცი წმინდა მაკარის სენაკს მიუახლოვდა, იქ მყოფებმა ჰკითხეს:

- რატომ მოგყავს აქ ეგ ცხენი?

მან კი მიუგო:

- იმიტომ, რომ წმინდა მამის ლოცვით გადარჩეს.

ძმებმა კვლავ ჰკითხეს:

- რა განსაცდელი შეემთხვა?

კაცმა უთხრა:

- ეგ ცხენი კი არა, ჩემი საწყალი ცოლია, არ ვიცი, როგორ შეიცვალა ასე. სამი დღეა არაფერი უჭამია.

ბერებმა რომ ეს გაიგეს, წმინდა მაკართან მივიდნენ. ნეტარი მამა ამ დროს ლოცულობდა და ღმერთს ევედრებოდა, უეწყებინა, თუ რა მიზეზით შეემთხვა ქალს ეს განსაცდელი. ძმებს, რომლებმაც უთხრეს, რომ ვიღაცამ შენთან ცხენი მოიყვანაო, მან ასეთი რამ უთხრა: ”ეს თქვენ ხართ ცხენები, რადგან მათსავით იყურებით. ის ქალია, ოცნებით კი ცხენად გეჩვენებათ”. ამ სიტყვების შემდეგ ბერმა წყალი აკურთხა, მოჯადოებულს თავზე გადაასხა და ის, ვინც ყველასთვის ცხენად იხილვებოდა, მყისიერად შეიცვალა და წამში ქალად იქცა. ეს რომ მოიმოქმედა, მამა მაკარიმ ბრძანა, რომ ქალისთვის რამე ეჭმიათ. როცა აჭამეს, მოჯადოებული საბოლოოდ განიკურნა და ქმართან ერთად ღმერთს მადლობა შესწირა. წმინდა კაცმა კი ქალს ასეთი რამ უთხრა: ”ნუ დააკლდები ეკლესიურ ცხოვრებას და ნურც ქრისტეს წმინდა საიდუმლოს გაშორდები. ეს იმიტომ შეგემთხვა, რომ უკვე ხუთი კვირა გავიდა, რაც არ ზიარებულხარ”.

წმინდა მაკარზე სხვა ამბავიც მოისმინეთ. თავისი ამქვეყნიური ცხოვრების დღეებში მას მიწის ქვეშ გვირაბი ჰქონდა გათხრილი. ეს ხვრელი მის სენაკს გამოქვაბულთან აკავშირებდა, რომელიც მისგან ერთი სტადიონით[2] იყო დაშორებული. ეს წმინდა მამა გვირაბს მაშინ მიაკითხავდა, როცა მომსვლელთა სიმრავლე აწუხებდა, და ამ გზით მიდიოდა გამოქვაბულში. როგორც ერთმა ძმამ გვიამბო, ამ ხნის მანძილზე ის ოცდაოთხ ლოცვას წარმოთქვამდა. ასე, ლოცვით მიმოდიოდა იგი სენაკიდან გამოქვაბულში და პირუკუ.

ნეტარ მაკარიზე იმასაც ამბობდნენ, რომ მიცვალებული აღადგინა, რათა ამ გზით მწვალებელი დაერწმუნებინა მკვდართა აღდგომაში. ამ ამბავს დღესაც ჰყვებიან მთელ უდაბნოში.

ამ წმინდა და საღვთო კაცთან ერთხელ ერთი ატირებული ქალი მივიდა. იგი ევედრებოდა, განეკურნა მისი ეშმაკეული ძე, რომელიც ორ ახალგაზრდას ძლივს მოჰყავდა შეკრული. ბოროტი სული იმდენად იყო განრისხებული ამ ჭაბუკზე, რომ ის ყოველდღე სამ მოდ[3] პურს ჭამდა, დიდი დოქით წყალს სვამდა და მაინც არ ჰყოფნიდა. ეს საჭმელი ჰაერად და კვამლად იქცეოდა და, როგორც ცეცხლი, ისე ადიოდა ზევით. არიან ეშმაკები, რომლებიც ცეცხლს ჰგვანან, რადგან, როგორც ადამიანთა შორის, მათ შორისაცაა სხვაობა. ოღონდ ეს სხვაობა არსებითი კი არ არის, არამედ სახითა და ქცევით ვლინდება.

ბოროტისგან შეპყრობილ ჭაბუკს დედისგან მიცემული საზრდო არ ჰყოფნიდა და ხშირად საკუთარ განავალს სვამდა და ჭამდა. ქალი ძალიან იყო დამწუხრებული განსაცდელში ჩავარდნილი შვილის გამო და მხურვალედ ევედრებოდა მაკარს, რომ მისი ძე განეკურნა. ქრისტეს წმინდა და უძლეველმა მოღვაწემ ორი დღე- ღამე ილოცა და ჭაბუკს სენი შეუმსუბუქა. ამის შემდეგ კი ქალს უთხრა:

- რა რაოდენობის საკვებს გინდა რომ ჭამდეს შენი შვილი?

მან კი მიუგო:

- ბრძანეთ, რომ ათ კილო პურს კმარობდეს.

წმინდანი გაბრაზდა ასეთი დიდი რაოდენობის გამო და ქალს მკაცრად უთხრა: ”ასე ბევრს რატომ ითხოვ?”

მან შვიდი დღე იმარხულა და ილოცა ჭაბუკისათვის, ამ გზით მისგან ნაყროვანების ეშმაკი განდევნა და საზრდოდ სამი კილო პური დაუდგინა, ამასთანავე, მას ფიზიკურად ბევრი უნდა ეშრომა და ისე ეჭამა.

ამგვარად, ღვთის მადლითა და ღმერთშემოსილი მამის ვედრებით, ჭაბუკი გამოჯანმრთელდა და დედას დაუბრუნდა. ასეთი სასწაული მოახდინა უფალმა თავისი ერთგული მსახურის – მაკარის ხელით, რომლის სული ახლა ანგელოზებთან ერთად ხარობს.

ამ წმინდანის ხილვას ვერ მივასწარი და ვერც მასთან საუბრის ღირსი გავხდი, რადგან უდაბნოში ჩემს მისვლამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა ქრისტეს უძლეველი მოღვაწე და პირუტყვულ ვნებებთან ახოვანი მებრძოლი წმინდა მაკარი. სამაგიეროდ, შევხვდი და პირისპირ ვესაუბრე მის თანამოსახელესა და თანამოღვაწეს, სარწმუნოებაში მის თანასწორს, წმინდა მაკარი ალექსანდრიელს, რომელიც მრავალ სენაკს განაგებდა. მის სენაკში ცხრა წელი დავყავი. ამათგან სამი წელი მის გარდაცვალებამდე იქ გავატარე და მისი ღვაწლი და საქმიანობა თავად ვიხილე, ზოგიც მის სულიერ ძმათაგან ვისწავლე, რომლებიც მასთან ერთად მოღვაწეობდნენ, სხვებიც სხვათაგან შევიტყე. ერთს კი გეტყვით: თუ გამორჩეულად მოსაგრე ადამიანზე რამეს შეიტყობდა, მოსმენილს თავად საქმით აღასრულებდა. მაგალითად, როცა ტაბენესელ მამებზე შეიტყო, რომ ორმოცდაათი წლის განმავლობაში ცეცხლზე მომზადებულს არაფერს იხმევდნენ, გადაწყვიტა, შვიდი წლის განმავლობაში შემსგავსებული ღვაწლი ეტვირთა და არაფერი ეჭამა, გარდა უმი მხლისა ან დამბალი ცერცვისა. ასე, საქმით აღასრულა წმინდა მამამ ტაბენესელთა სათნოება. სხვა მოღვაწეზე კი შეიტყო, რომ მხოლოდ ერთ ლიტრ[4] პურს კმარობდა. საღვთო შურით ანთებულმა წმინდა მამამ პური დაანამცეცა, ერთ ჭურჭელში ჩაყარა და დააწესა: იმდენი ეჭამა, რამდენსაც მუჭით ამოიღებდა. ასეთი მკაცრი ღვაწლი იტვირთა მადლითშემოსილმა ბერმა. ის თავად შემდეგს გვიყვებოდა: ”პურის ნატეხების სიმრავლისა და სიმცირის, ასევე ჭურჭლის პირის სივიწროვის გამო, ნამცეცები ძირს მეპნეოდა. მინდოდა, რომ საერთოდ არაფერი მეხმია, მაგრამ ჩემმა მეზვერემ (მუცელმა) არ დამრთო ამის ნება”.

ბერმა სამი თუ ოთხი წელი ისე გაატარა დიდი მარხვა, რომ მხოლოდ ოთხ თუ ხუთ უნკია პურს იღებდა, ამავე ოდენობის წყალს სვამდა, ზეთს კი ყოველი წლის დასაწყისში მოიხმარდა.

მისი მოღვაწეობის შესახებ სხვა ამბავიც მოისმინეთ. ერთხელ, ამ წმინდა მამამ მოისურვა, რომ ძილის ვნებაზე ამაღლებულიყო.

სიმტკიცით ანდამატს მიმსგავსებულმა ბერმა სულისათვის სასარგებლო ასეთი რჩევა მოგვცა: ”ამ ვნების დასაძლევად ოცი დღე-ღამის განმავლობაში ოთახში არ შევედი, დღისით სიცხე მწვავდა, ღამით კი ჰაერის სიმკაცრე. ამ ხნის გასვლის შემდეგ სწრაფად შევედი სენაკში და დავიძინე, ბაგეები ისე მქონდა გამხმარი, რომ ლამის ჭკუიდან გადავედი. გადავწყვიტე, იმდენი დამეძინა, რამდენიც შემეძლო”.

ერთ დღეს, განთიადისას, წმინდა მამა სენაკში იჯდა. მას ფეხზე მუმლი დააჯდა და უკბინა. შეწუხებულმა ბერმა თავისი სისხლით გამაძღარი მწერი მოკლა. შემდეგ თავის ნამოქმედარს ჩაუფიქრდა და მუმლის მოკვლის გამო გადაწყვიტა, თავი დაესაჯა. ის სკიტის ბოლოს გაშიშვლებული დაჯდა. აქ ბევრი მუმლი იყო. მათ შეეძლოთ არა მხოლოდ ადამიანის, არამედ ღორის ტყავის გახვრეტაც კი. წმინდანმა ასეთ ყოფაში ექვსი თვე დაყო.

ექვსი თვის შემდეგ, როცა წმიდა მამა თავის სენაკში დაბრუნდა, მხოლოდ ხმით მიხვდებოდი, რომ ის მაკარი იყო.

ნეტარმა ასეთი რამ გვიამბო: ”ერთხელ გულმა მირჩია, რომ იმ ბაღში წავსულიყავი, სადაც იოანესა და იამბრეს საფლავები იყო. ისინი ფარაონის დროს მოგვთა ხელოვნებაში იყვნენ გაწვრთნილი”.

მამა მაკარის უწყებით, ამ ადგილებს ეშმაკები დაჰპატრონებოდნენ და იქაურობა ბოროტებისა და მზაკვრობის სადგურად ექციათ. ეს ბაღი მშვენიერებისა და ნაყოფის სიმრავლით გამოირჩეოდა. იგი თავად იოანესა და იამბრეს გაეშენებინათ, რომლებიც თავიანთი ხელოვნების წყალობით ეგვიპტის მეფის წინაშე დიდად პატივცემულნი იყვნენ. მათ აქ თლილი ქვებით სიცოცხლეშივე აეშენებინათ საფლავები და მასში უამრავ ოქროს ინახავდნენ. საფლავების გარშემო სხვადასხვა ჯიშის ხე იყო დარგული. რადგან ეს ადგილი ურწყავი იყო, მოგვებმა დიდი ჭა ამოთხარეს. მათ სჯეროდათ, რომ სიკვდილის შემდეგ სამოთხეში განისვენებდნენ.

როგორც უკვე გაუწყეთ, მაკარი ამ ბაღისა და მოგვთა საფლავების მოსანახულებლად წავიდა, თუმცა იქ მისასვლელი გზა არ იცოდა. მან ვარსკვლავების მიდევნებით გაიარა უდაბნო, მსგავსად მენავეებისა, რომლებიც ასევე გადიან ზღვაში. წმინდანს თან დაჭრილი ლერწმები მიჰქონდა, რომელსაც ყოველი მილის გავლისას მიწაში არჭობდა, რათა მათი საშუალებით დაბრუნება არ გასჭირვებოდა. ასე მიიწევდა წმინდა მამა ცხრა დღე და მიუახლოვდა ბაღს, სადაც დაღლილს მიერულა. ამასობაში უკეთურმა ეშმაკმა, რომელიც უფლის მსახურებს ებრძვის, ყველა ლერწამი მოაგროვა, ბაღის მახლობლად მიიტანა და მძინარეს თავქვეშ დაუდო.

როცა მამა მაკარიმ გაიღვიძა, ნახა ერთად შეკრული ლერწმები, რომლებიც გზის გასაგნებად დაენიშნა და მიხვდა, რომ ეს ამბავი ღვთის დაშვებით მოხდა, რათა ლერწამი კი არ მიეჩნია გზის მაჩვენებლად, არამედ მადლი უფლისა, რომელიც ორმოცი წლის განმავლობაში ხან ცეცხლის სვეტის, ხან კი ღრუბლის სახით უდაბნოს საშინელ სივრცეში წინ მიუძღოდა ისრაელს.

წმინდა მამა იგონებდა: ”როცა ბაღს მივუახლოვდი, წინ სამოცდაათი ეშმაკი შემომხვდა, რომლებიც სხვადასხვაგვარად მსახიობობდნენ: ზოგი ყვიროდა, ზოგი დარბოდა, ზოგი გაგულისებული იღრინებოდა და ზოგიც ყორანივით ჩემ წინ დაფრინავდა და ამბობდა: ”რა გნებავს, მონაზონთა შორის გამორჩეულო მაკარი, რატომ მოხვედი ჩვენთან? იქნებ, ბერთა შორის ვინმე დგას შენ ზურგს უკან, რომლებთანაც უდაბნოში დამკვიდრდი, ჩვენ კი იქიდან გამოგვყარეთ. რა საერთო გაქვთ ჩვენთან, რატომ მიუახლოვდი ჩვენს საზღვრებს? ჩვენთვის, განშორებულთათვის, საკმარისია ეს ბაღი, რომელიც მისმა გამშენებლებმა გვიმემკვიდრეს. შენი აქ ყოფნა არ შეიძლება. ამ ადგილებში იმ დღიდან, რაც მისი ამშენებლები დაიმარხნენ არც ერთი ცოცხალი ადამიანი არ შემოსულა”. ასე შფოთავდნენ ეშმაკები და ცდილობდნენ, ბერი შეეძრწუნებინათ. მამა მაკარი ამბობდა: ”მე მათ ვუთხარი, რომ მხოლოდ ერთხელ შევიდოდი იქ და ვნახავდი”, რაზეც ეშმაკებმა მიუგეს: ”შენი სინდისი დაიმოწმე, რომ ასე მოიქცევი”. ”ასე იყოს”, – უთხრა ბერმა და ეშმაკები წამში გაუჩინარდნენ.

”შევედი, – ამბობდა მაკარი, – და ვიხილე ყველაფერი: ვიპოვე სპილენძის ჭურჭელი, რომელიც ჯურღმულზე სპილენძის ჯაჭვით ჩამოეკიდათ. ის წელთა სიმრავლის გამო დაგესლებულიყო. მზისგან გადამხმარ ხეებს ბროწეული აღარ ესხათ.

ბერი მშვიდად გაშორდა იქაურობას და ოცი დღის შემდეგ თავის სენაკში დაბრუნდა. შინ მიმავალს სასმელ-საჭმელი შემოაკლდა, მრავალი განსაცდელი შეემთხვა, გემო კი არაფერს გაუსინჯა, ვიდრე საქმით არ იღვაწა და მოთმინებით გამოცდილება არ მოი პოვა. როცა სულმოკლეობამ ლამის სძლია, – როგორც თავად იხსენებდა, – ქალის სახით ვიღაცა გამოეცხადა. მას ტილოს ტანსაცმელი ემოსა, ხელში კი წყლით სავსე ჭურჭელი ეჭირა და ბერისაგან ერთი სტადიონით იყო დაშორებული. ბერი სამი დღის განმავლობაში მიდიოდა მისკენ, ის კი წყლით სავსე ჭურჭლით იდგა და მამა მაკარს უხმობდა.

ეს იყო დიდი და საიდუმლო ხილვა. მართალია, ცხელოდა, მაგრამ დალევის სურვილი ბერს სამი დღის სავალზე მოთმინებას სძენდა. ამის შემდეგ მას მრავალი ძროხა შემოხვდა, მათგან ერთერთს ხბო ჰყავდა. ის მამა მაკარის წინ გაჩერდა, ძუძუდან რძე სდიოდა. მან თავის ხბოსაც მოაწოვა და ბერსაც. როგორც თავად მამა მაკარი ამბობდა, რძე ხბოსაც ეყო და მასაც, ხოლო იმისთვის, რომ უფრო მეტად განდიდებულიყო უფალი, გამოჩენილიყო მისი მადლი, ბერის სულმოკლეობა კი განსწავლულიყო, ძროხას ებრძანა, მამა მაკარს სახლში გაჰყოლოდა. ძროხა ბრძანებას დაემორჩილა, ბერს გაჰყვა, თან გზაში რძეს აწოვებდა, ხბოს კი თავისთან არ უშვებდა.

სხვა დროს მამა მაკარიმ გადაწყვიტა, ძმების შესაწევნად ჭა ამოეთხარა. იქაურობა ძეძვით იყო დაფარული და მასში მრავალი ქვეწარმავალი ბუდობდა. მათგან ერთმა ბერს ხელზე უკბინა. წმინდა მამამ ასპიტი ორივე ხელით შუაზე გაგლიჯა და უთხრა: ”რადგან ჩემმა უფალმა არ მოგავლინა, როგორ გაბედე ჩემთან მოსვლა”.

ამ წმინდა მამას უდაბნოში რამდენიმე სენაკი ჰქონდა, რომლებშიც სხვადასხვაგვარად იღწვოდა. ისინი ერთმანეთისგან მოშორებით იყვნენ აშენებულნი. ერთი უდაბნოს სიღრმეში – სკიტში იყო, მეორე – ლუბიაში, სხვა კი ნიტრიის მთაზე. ამ სენაკთაგან ზოგი ბნელი და უკარო იყო. მასში წმინდა მამა მარხვის დღეებს ატარებდა. სხვა სენაკები ისეთი პატარა და ვიწრო იყო, რომ კაცი ფეხსაც ვერ გაშლიდა. მესამე სენაკი ყველაზე დიდი იყო. ის წმინდა მამასთან სტუმრად მისულებისათვის იყო განკუთვნილი.

შეუძლებელია იმის აღრიცხვა, თუ რამდენი ეშმაკეული განიკურნა ამ წმინდა ბერის ხელით. არ დავიზარებ და მოგითხრობთ იმ სასწაულების შესახებ, რომლებიც მასთან მისულებს შეგვემთხვა, რათა ამ მონათხრობმა სულის სარგებელი მოგიტანოთ. ჩვენი იქ ყოფნის ჟამს ბერთან ნიკიიდან, აქაიას საზღვრებიდან, ვიღაც ქალწული მოიყვანეს, რომელსაც სიარული არ შეეძლო. ის წმინდა მამის სენაკთან დატოვეს. ბერს ქალწული შეებრალა, ხელებზე ზეთი სცხო და ოცი დღე ლოცულობდა. ოცი დღის შემდეგ განკურნებული ქალწული თავის ქალაქში საკუთარი ფეხით წავიდა და უდაბნოში მყოფთ მრავალი შესაწირავი გამოუგზავნა.

ამ ღირსმა მამამ ერთხელ შეიტყო, რომ ტაბენესელი ბერები გამორჩეული მოღვაწეები იყვნენ. იგი ერისკაცის სამოსით შეიმოსა, თხუთმეტი დღის შემდეგ კი თებაიდაში ავიდა და ეძებდა მონასტრის მამასახლისს, გამოცდილ ბერს, სახელად პახომს, რომელიც წინასწარმეტყველების მადლით იყო დაჯილდოვებული. ღვთის განგებით, მას მამა მაკარის ვინაობა დაეფარა. როცა ის ბერ პახომთან მივიდა, უთხრა: ”გევედრები, ბატონო, შენს მონასტერში მიმიღე და მონაზონი გამხადე.”

დიდმა პახომიმ მიუგო: ”შენი მონაზვნობა შეუძლებელია, რადგან სიბერეს ხარ მიწევნილი და მოღვაწეობას ვერ შეძლებ, აქაურები სიჭაბუკეში არიან მოსულნი, ისინი შრომასა და ღვაწლში აღიზარდნენ და ყოველგვარ გაჭირვებას მიეჩვივნენ, ამიტომაც ყველაფერს ადვილად აკეთებენ. შენ კი მოხუცებულობის გამო არ ძალგიძს მოღვაწეობა, აქედან შეწუხებული წახვალ და ჩვენზე ძვირს იტყვი”.

ამ სიტყვების შემდეგ მან მამა მაკარი მონასტერში არც პირველ დღეს შეუშვა და არც მეორე დღეს. ასე გაგრძელდა მეშვიდე დღემდე. ამ ხნის მანძილზე ნეტარი ცოტა მოუძლურდა, რადგან რამდენიმე დღე უზმოდ გაეტარებინა.

მან პახომი დიდს უთხრა: ”შემომიშვი, მამაო, და თუ ისე არ ვიმარხულებ და ისე არ ვიღვაწებ, როგორც შენი ძმები, მაშინ ბრძანე, რომ მონასტრიდან გამომაგდონ”.

პახომი დიდმა ბერებს უთხრა, რომ მაკარი შეეწყნარებინათ. ამ დროს ამ მონასტერში ათას ოთხმოცი კაცი მკვიდრობდა. ყოვლადქებულმა მაკარიმ მასთან რამდენიმე ხანი დაყო.

როცა წმინდა მარხვის დღეები მოახლოვდა, მამა მაკარიმ ნახა, რომ ძმები სხვადასხვაგვარად მოღვაწეობდნენ: ზოგი საღამოს, ზოგი ორ-ორჯერ, სხვები ხუთ-ხუთჯერ მარხულობდნენ, ზოგნი მთელი ღამე ლოცულობდნენ, დღე კი საქმიანობდნენ.

ნეტარმა მამამ აიღო ფინიკის ფურცელი, დაალბო და ერთ კუთხეში დადგა. ასე განვლო ორმოცმა დღემ, სანამ არ მოახლოვდა აღდგომა. ამ ხნის მანძილზე მას არც პური უჭამია და არც წყალი დაულევია, არც დამჯდარა და არც დაწოლილა, არც მუხლი მოუდრეკია, გემო საერთოდ არაფრისთვის გაუსინჯავს, მხოლოდ უმი კომბოსტოს პატარა ფურცელს იღებდა კვირიდან კვირამდე სხვების დასანახავად, და, ამასთანავე, იმისთვისაც, რომ თავადაც ამპარტავნება არ დაუფლებოდა. როგორც ადამიანს, თუ რამე დასჭირდებოდა, მიდიოდა და მალევე უკან ბრუნდებოდა. ის იდგა უჩუმრად და ბაგეებს საერთოდ არ აღებდა, რათა თუნდაც ერთი სიტყვა არ წამოსცდენოდა, ასე მთელი დღეები უსიტყვოდ ლოცულობდა და ბაიას ქსოვდა.

ყოველივე ამის შემხედვარე ძმები გაკვირვებულები იყვნენ და მონასტრის მამასახლისს დრტვინვით ეუბნებოდნენ: ”ვინ მოიყვანე ჩვენს დასასჯელად, ეს უხორცო კაცი, ან ახლავე აქედან წაიყვანე, ან არადა, ჩვენ დავტოვებთ აქაურობას”.

ეს რომ მოისმინა პახომი დიდმა, მისი მოღვაწეობის შესახებ გამოიძია. მან ილოცა და ღმერთს შეევედრა, მონასტერში მოსულის ვინაობა ეუწყებინა. უფალმა მას გამოუცხადა, რომ ის იყო ბერი მაკარი. მაშინ პახომ დიდმა ბერს ხელი მოჰკიდა, სამლოცველოს საკურთხეველში შეიყვანა და თამამად უთხრა: ”მოდი, მონაზონო, შენ ხარ მაკარი, რომელმაც დამიმალა თავისი ვინაობა დიდი ხნის განმავლობაში, მსურდა, რომ მენახე. შენ დამიმდაბლე ჩემი სულიერი შვილები, რომლებიც ქედმაღლობდნენ თავიანთი მოღვაწეობის გამო. ახლა გევედრები, რომ დაბრუნდე შენსავე სანაკში, რადგან საკმარისია ის, როგორც განგვსწავლე, წადი და ჩვენთვის ილოცე”.

მაშინ ბერი, წმინდა მამისა და ძმების თხოვნით, განეშორა მათ და თავის სენაკში დაბრუნდა.

ამ წმინდა და უვნებელმა მამამ სხვა ამბავიც მოგვითხრო: ”ყოველი ფორმა მოღვაწეობისა, რაც გულით მეწადა, აღვასრულე, და ამის შემდეგ სხვა სულიერი სურვილი გამიჩნდა. ერთხელ მომესურვა, რომ ხუთი დღის გამავლობაში მთელი გონებით ღმერთთან ვყოფილიყავი, სხვა არაფერი მეფიქრა და მხოლოდ ამით განვსწავლულიყავი. როცა ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, ჩემი სენაკის კარი და ბჭე ჩავკეტე, რათა გარედან შემოსულს არავის დავლაპარაკებოდი.

ორშაბათიდან შევუდექი გადაწყვეტილების აღსრულებას და ჩემს გონებას ვუთხარი, რომ ზეცას არ განშორებოდა, რადგან იქ ჰყავდა ანგელოზი და მთავარანგელოზი, ზეციური ძალები – ქერუბიმები და სერაფიმები და ყველაზე აღმატებული ყოვლის- შემოქმედი ღმერთი, მხოლოდ იქ მევლო და არ გადმოვსულიყავი ზეციდან, არ დავბრუნებოდი რაიმე გრძნობად სურვილს და ამქვეყნიურ საზრუნავს.

ამგვარი სურვილის მოსწრაფე ორი დღე-ღამე გონებას ვიწვრთნიდი. ეშმაკებმა ისე შეიშურეს და აილესნენ, რომ ჩემს დასაბრკოლებლად ჩვენებით ცეცხლის სახე მიიღეს და ჩემს სენაკთან ერთად ჩემი დაწვა მოინდომეს. ჭილს, რომელზედაც ვიდექი, მათ ცეცხლი წაუკიდეს და ისე მოჩანდა, თითქოს მეც მთლიანად ვიწვოდი. ბოლოს, როცა ცეცხლი ფეხებზე მომედო, შემეშინდა, არ დავმწვარიყავი, სულიერ ჭვრეტას განვშორდი და, ღვთის დაშვებით, ფიქრები კვლავ ამასოფლური საზრუნავისაკენ მივმართე, რომ ამპარტავნებაში არ ჩავვარდნილიყავი”.

ერთხელ მოღვაწეთა შორის სათნოებით გამორჩეულ ამ სახელოვან მამასთან მისვლა გადავწყვიტე. როცა ბერის სენაკს მივუახლოვდი, მის კართან დავარდნილი მღვდელი დავინახე. მღვდლის თავი შეეჭამა სენს, რომელსაც კიბოს უწოდებენ. იგი იმდენად იყო სიმსივნისაგან შეჭმული, რომ თხემიდან გაშიშვლებული ძვლები მოუჩანდა. მღვდელი წმინდა მამასთან განსაკურნებლად იყო მისული. ბერს არა თუ განკურნება, მასთან საუბარიც არ სურდა. მაშინ მე შევევედრე და ვთხოვე, რომ მღვდელი მოერჩინა და პასუხის ღირსი გაეხადა.

წმინდანმა ასეთი რამ მითხრა:

- ის არ არის ღირსი განკურნებისა, ეს სენი უფალმა მის საწვრთნელად დაუშვა და თუ შენ მისი გამოჯანმრთელება გსურს, დაარწმუნე, რომ აღარ შესწიროს საღვთო მსხვერპლი.

მე ვკითხე;

- გევედრები, მითხარი, რატომ გსურს მისი მღვდლობიდან განყენება?

მან კი მიპასუხა;

- სიძვაში მყოფი მსახურობდა, ამიტომ მიეცა ეს განსაცდელი ჭკუის სასწავლებლად. თუკი შიშით განეყენება ის იმას, რასაც შეურაცხყოფდა, ღმერთი მხოლოდ მაშინ განკურნავს.

ცოდვილ მღვდელს წმინდანის ნათქვამი ვაუწყე. მან სიტყვა მომცა და ფიცით დამიმოწმა, რომ აღარ აღასრულებდა ღვთისმსახურებას. ბერმა ეს რომ მოისმინა, მაშინღა შეიწყნარა მღვდელი და უთხრა:

- გწამს, რომ არსებობს ღმერთი, რომელიც არავის ივიწყებს?

მან მიუგო:

- დიახ, ჩემო ბატონო, მწამს.

წმიდა მაკარიმ ისევ ჰკითხა:

- შეიძლება, რომ ღმერთი სადმე მოიკიცხოს?

მღვდელმა უპასუხა:

- შეუძლებელია, ჩემო ბატონო.

მაშინ ბერმა უთხრა:

- თუ შენი ცოდვა და უფლისაგან მოვლენილი მხილება შეგიცვნია, ამიერიდან აღიარე შენი ცოდვები და გამოსწორდი.

მღვდელმა ყველა თავისი ცოდვა აღიარა და ბერს პირობა მისცა, რომ ამიერიდან აღარ შესცოდავდა, აღარც მღვდელი იქნებოდა და აღარც საკურთხეველს მოემსახურებოდა, არამედ უბრალო საერო ცხოვრებით იცხოვრებდა. მხოლოდ ამის შემდეგ დაადო ხელი წმინდანმა მას. მღვდელი რამდენიმე Dდღის შემდეგ განიკურნა, მას თავზე თმა ამოუვიდა და გამოჯანმრთელებული სახლში დაბრუნდა. ის ღმერთს ადიდებდა და ღვთის მონას – მაკარი დიდს ემადლიერებოდა.

საღვთო სულით აღვსებული და ყოველგვარი პირუტყვული ვნების მკურნალი წმინდა მამა მაკარის შესახებ სხვა სასწაულებსაც გაუწყებთ, რომლებიც ჩემ თვალწინ მოხდა: ერთ ჭაბუკს, რომელიც უწმინდური სულისაგან იტანჯებოდა, თავზე თავისი მარჯვენა დაადო, გულზე კი მარცხენა ხელი და იმდენ ხანს ილოცა, სანამ ჰაერში არ ჩამოეკიდა. ჭაბუკი ჭურჭელივით აღივსო წყლით და ისე გაიბერა, რომ სხეულის ყველა ნაწილი დაუმძიმდა. მან უცბად ხმამაღლა დაიძახა და წყალი გადმოიღვარა. ჭაბუკი შემსუბუქდა და იმ ზომის გახდა, როგორიც თავდაპირველად იყო. გამოჯანმრთელებულს წმინდანმა წმინდა ზეთი სცხო, თავზე ნაკურთხი წყალი დაასხა და მამამისი დაარიგა, რომ ორმოცი დღის განმავლობაში ჭაბუკს არც პური ეჭამა და არც ღვინო დაელია. ასე, გამოჯანმრთელებული გაუშვა სახლში.

ერთხელ ყოვლადქებული მაკარი ამპარტავნების ვნებამ შეაშფოთა. იგი წმინდა მამას აიძულებდა, თავისი სენაკი დაეტოვებინა და რომში წასულიყო, რათა იქ მყოფი ავადმყოფები განეკურნა. ღვთის შეწევნით და მადლით, წმინდა მამას უკეთურ სულებთან ბრძოლაში სიმტკიცე და შეურყევლობა მოეპოვებინა, ამიტომ, რაც უფრო მეტად აწუხებდნენ ისინი, მით უფრო მეტი ძალისხმევით უპირისპირდებოდა. ბოროტი სულები ყველანაირად ცდილობდნენ, წმინდანი სენაკიდან გაეყვანათ.

მამა მაკარი კარის ზღურბლთან დაწვა, ფეხებიB სენაკში გაშალა და ქედმაღლობის ეშმაკებს უთხრა: ”თრევით თუ წამიყვანთ აქედან, რადგან მე ჩემი ფეხით არსად წამოვალ. ასე ვიწვები საღამომდე, რაც უნდა ეცადოთ, არ ვისმენ თქვენსას”.

წმინდა მამა მართლაც დიდი ხნის განმავლობაში გაუნძრევლად იწვა, როცა მოსაღამოვდა, მხოლოდ მაშინ ადგა. ღამით კვლავ მოვიდნენ ეშმაკები ცეცხლის სახით, ისინი გამოსცდიდნენ და აშფოთებდნენ წმინდანს. წმინდა მამა მაკარი ადგა და მარცვლეულის შესანახი ორი ჭურჭელი აიღო, ქვიშით აავსო, მხარზე შემოიდო და ასე მიდიოდა უდაბნოში. მას გზაში შემოხვდა ტაძრების მომხატველი ერთი კაცი, თეოსიევი ანტიოქიელი. მან ჰკითხა: ”რა არის, მამაო, რომ მოგიკიდებია ზურგზე, მომეცი მე წამოგიღებ, შენ ნუ დაიღლი თავს”.

ბერმა უპასუხა: ”დავღლი ჩემს დამღლელს, რადგან, თუ თავს დასვენების უფლებას მივცემ, მყუდროდ ჯდომის ნებას არ მომცემს”.

ეს რომ წარმოთქვა, კიდევ დიდხანს იარა, ბოლოს კი მეტისმეტად დაღლილი თავის სენაკში დაბრუნდა.

ამ ჭეშმარიტად ღვთის კაცმა ერთხელ ასეთი საკვირველი რამ მიამბო: ”როცა მე ეპისკოპოსმა მღვდლად მაკურთხა და ქრისტეს წმინდა საიდუმლოს აღსრულებას შევუდექი, ზიარების ჟამს საუფლო ნაწილს მარკოზ მონაზონს თავად კი არ ვაძლევდი, არამედ მას საკურთხევლიდან თავად წმინდა ანგელოზი აზიარებდა. მე კი მხოლოდ ხელის მოძრაობას ვხედავდი ანგელოზისას, რომელიც ბერს აზიარებდა”.

ზემოხსენებული მარკოზ მონაზონი ასეთი ჭაბუკი იყო: მას ძველი და ახალი აღთქმის წიგნები ზეპირად დაესწავლა, ბუნებით მშვიდს სხეული წმინდა ჰქონდა და სულიერების ძნელად მისაღწევ საზომს იყო მიწევნილი.

ერთ დღეს, როცა ის უკვე მხცოვანი იყო, მისი სენაკის კართან ჩამოვჯექი. მე ახალი შემონაზვნებული ვიყავი და მიმაჩნდა, რომ ეს წმინდა მამა ადამიანურ საზომს აღემატებოდა, რაც ჭეშმარიტება იყო. მე მას შევცქეროდი და ველოდებოდი, რას იტყოდა, ან რას მოიმოქმედებდა. ის კი განმარტოებით იჯდა სენაკთან, უკვე ას წელს მიღწეულს პირში ერთი კბილიც აღარ ჰქონდა, მაგრამ ისევ ებრძოდა თავის თავსა და ეშმაკს და ამბობდა: ”კიდევ რა გნებავს, ბოროტო ბერო, აი, ღვინოს სვამ და ზეთს იღებ, რაღა გსურს, ბევრისმჭამელო და მუცლის მონავ”.

ასე შეურაცხყოფდა ის თავის თავს, ეშმაკს კი ეუბნებოდა: ”ახლა კი წადი ჩემგან, ეშმაკო, რომელიც ჩემთან ერთად უწესო ქცევით დაბერდი, ხორციელ უძლურებაში ჩამაგდე, ზეთისა და ღვინის მომხმებელი, გემოთმოყვარე გამხადე, იქნებ რამე დანაშაული მიმიძღვის შენ წინაშე? ამიერიდან ვეღარაფერს მოიძიებ ჩემში. წადი აქედან, კაცთმოძულევ!”

მამა მარკოზი ამის შემდეგ ისევ საკუთარი თავის გინებას შეუდგებოდა: ”გასაკიცხო და ნაყროვანო ბერო, როდემდე ვიყო შენთან, შე საწყალო!”

მხნედ მოღვაწე ამ წმინდა მამის მოწაფემ, ქრისტეს მონა პაფნუტიმ, ასეთი რამ გვიამბო: ”ერთ დღეს ნეტარი ბერი თავისი სენაკის კართან მშვიდად იჯდა და ღმერთს ესაუბრებოდა. მასთან აფთარი მივიდა, რომელსაც თან ბრმა ლეკვი ჰყავდა. მან სენაკის კარს თავი დაარტყა და გააღო. როცა შიგნით შევიდა, მჯდომარე ბერი დახვდა, მის ფეხებთან თავისი ლეკვი დააგდო. ბერმა ლეკვი ხელში აიყვანა, თითებზე დაანერწყვა, ილოცა და თვალები მყის აუხილა. დედამ ლეკვს მოაწოვა და თან წაიყვანა. მეორე დღეს აფთარმა მას ცხვრის დიდი ტყავი მოართვა. წმინდანის გარდაცვალების შემდეგ მამა მაკარიმ ეს ტყავი წმინდა ათანასე ეპისკოპოსს დაუტოვა. ეს ამბავი ქრისტეს ღირსმა მხევალმა მელანიამ მაუწყა. ”ეს ტყავი, – ამბობდა ის, – წმინდა და საკვირველი კაცისგან ათანასესაგან მივიღე, რომელიც აფთარს მარკოზისათვის ძღვნად მიერთმია”.

მისი გარეგნობისა და სიმაღლის შესახებაც გაუწყებ, ღვთის სარწმუნო მონავ, ლავსე. მასთან დიდი ხანი დავყავი. ის ტანდაბალი იყო და მოკლე წვერს ატარებდა. ბაგეებთან ცოტაოდენი თმა ჰქონდა ამოსული, ამდენივე ნიკაპზე, რადგან მომეტებული მარხვისაგან აღარც თმა ამოსდიოდა.

ერთ დღეს წმინდანთან მივედი და ასეთი რამ ვუთხარი:

- მოწყინების ვნება მაშფოთებს, მამაო მარკოზ, რა ვქნა, როგორ მოვიქცე, გამუდმებით მეუბნება: ”წადი აქედან, რადგან არ მოღვაწეობ”.

ბერმა მომიგო:

- უთხარი შენს ვნებას, რომ ქრისტეს გულისთვის ამ სენაკის კედლებს იცავ და არ გახვალ აქედან.

აი ასე, ბევრიდან მცირედი მოგწერე, ღვთისა და სწავლისმოყვარე მონავ, იმ დიდი სასწაულებიდან და მოღვაწეობიდან მარად მოხსენიებული და სათნოებით შემკული მარკოზის შესახებ.

--------------------------------------------------------------------------------

[1] - გუეზი - ერთგვარი სენი.

[2] - სტადიონი - ასოცდახუთი ნაბიჯი.

[3] - მოდი - მარცვლეულის საწყაო (8,5 ლიტრამდე),

[4] - ლიტრი - საწყაო.

[ავაზაკთმთავარი მოსე]

იყო სხვა მოღვაწეც, წარმოშობით ეთიოპიელი, სახელად მოსე. ის ვიღაცის მსახური იყო და თავისი ბატონის ბრძანებით მრავალი ბოროტება და ავაზაკობა ჩაედინა. თავად იხსენებდა, რომ ის არა მხოლოდ ავაზაკობდა, არამედ კაცის კვლამდეც კი მივიდა. მინდა, ყოველივე გაუწყოთ, რათა გიჩვენოთ, თუ როგორ მოიქცა ეს წმიდა მამა ბოროტებიდან სინანულისაკენ.

როგორც მითხრეს, ის იყო ავაზაკმთავარი და წარჩინებული მათ შორის. ის ერთხელ ერთ მწყემსზე განაწყენდა და ღამით მასზე თავდასხმა გადაწყვიტა. როცა იმ ადგილას მივიდა, მწყემსის ძაღლების ყეფამ შეაყოვნა. მამა მოსემ მწყემსის მოკვლა განიზრახა. ამ მიზნით გამოიკითხა, თუ სად აძოვებდა ეს კაცი ცხვრებს და შეიტყო, რომ ეს ადგილი მდინარე ნილოსის ნაპირი იყო. მეტისმეტად ადიდებული მდინარე ამ დროს დაახლოებით ერთი მილის სიგრძეზე იყო გადმოსული. მოსემ ტანსაცმელი გაიხადა, თავზე დაიდო, კბილებით დანა დაიჭირა და მდინარე გადაცურა. როცა მეორე ნაპირზე გადავიდა, მწყემსმა მისი მოსვლის მიზანი შეიტყო, იქაურობას გაერიდა და სანდო ადგილას მიიმალა. მწყემსი რომ ვერ ჩაიგდო ხელში, მის ნაცვლად მოსემ ცხვრის ფარიდან ორი ვერძი ამოარჩია და თოკით შეკრა. ამის შემდეგ ისევ მდინარე გადმოცურა. მან დაკლული ცხვრები გაატყავა, მათი ხორცი შეჭამა, ტყავი ღვინოზე გადაცვალა, თორმეტი ჭიქა დალია, ორმოცდაათი მილი გაიარა და კვლავ თავის სამყოფში დაბრუნდა.

გავიდა კარგა ხანი ამ ამბიდან და ავაზაკთა წინამძღოლი მოსე რაღაცა განსაცდელის გამო ბერად აღიკვეცა. მონასტერში მისული ნამოქმედარის გამო წუხდა და სინანულის ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ სიბოროტეში თავისი თანამზრახველი ეშმაკი მისგან გაიკიცხა.

ამ წმინდანზე ყვებოდნენ, რომ ერთხელ, როცა ის თავის სენაკში იჯდა, მასთან ოთხი ავაზაკი მივიდა. ისინი არ იცნობდნენ მოსეს და უნდოდათ, მისთვის სენაკი წაერთმიათ. მან ისინი შეკრა, ბზით სავსე ტომრებივით მოიგდო ზურგზე, მონასტერში მიიყვანა და თქვა: ”რადგან ნაბრძანებია, რომ ამიერიდან აღარავის ვავნებ, ესენი აქ, თქვენთან, მოვიყვანე და თქვენ გადაწყვიტეთ მათი ბედი”.

მოსეს მიერ შეპყრობილი ავაზაკები მოიქცნენ და აღიარეს ღმერთი. როცა შეიტყვეს, რომ მათი დამჭერი ოდესღაც სახელოვანი და განთქმული ავაზაკმთავარი მოსე იყო, უფალი განადიდეს, გაოცდნენ მისი ამგვარი ცვლილების გამო და თქვეს: ”თუკი ამას, ძლიერსა და ავაზაკთა შორის განთქმულს, ასე შეეშინდა ღმერთისა, ჩვენც რატომ არ უნდა უარვყოთ ჩვენი საქმე და არ ვიზრუნოთ ჩვენი სულების ცხონებისათვის?” ეს თქვეს, მოიქცნენ და ისინიც გამოცდილი მონაზვნები დადგნენ.

სანატრელ მოსეს (არაფერია შემაფერხებელი, რომ მას ასე ეწოდოს) ერთხელ უძღებობის ვნება შეერკინა და კვლავ პირველი ჩვეულებისაკენ მოუწოდა. როგორც თავად ნეტარმა აღიარა, ის სიძვის ვნებამ მიიზიდა და ისეთი ბრძოლა გაუმართა, რომ ლამის მონაზვნური წესისგან გადადრიკა. მოწევნილი განსაცდელისაგან თავის დასახსნელად ის ნეტარ ისიდორე დიდთან წავიდა, რომელიც სკიტში იჯდა. მოსემ მას ყოველივე მოუთხრო.

ბერმა ანუგეშა იგი: ”ნუ შეწუხდები, ძმაო, ჯერ ახალი შემდგარი ხარ მონაზვნობის გზაზე და ამიტომაც გეკვეთა ასე ფიცხლად ბოროტი. ის შენში პირველ ჩვეულებას ეძებს, მსგავსად ძაღლებისა, რომლებიც, თუ საქონდაქრო გაღებულია, არსად წავლენ იქიდან, სანამ ნარჩენებსა და ძვლებს არ აჭმევენ. მაგრამ თუ დაუკეტავენ, იქ ვეღარ მოიძიებენ საჭმელს და არც არავინ არაფერს მისცემს, მაშინ იქაურობას შეწუხებულები განშორდებიან და იმ ადგილას აღარ მივლენ. ასევე შენც: თუ მოღვაწეობას შეუდგები, ამქვეყნიურ სურვილებს მარხვით დათრგუნავ და დახშავ ნაყროვანების კარს, რომელიც შობს უძღებებას, მაშინ სიძვის ეშმაკი მოიწყენს, ის დაინახავს, რომ საჭმელი აღარ ექნება და განგშორდება”.

ამის შემდეგ ქრისტეს ნეტარი მონა თავის სენაკში ჩაიკეტა და იქ მოთმინებით დაეყუდა. მას სურდა ყოველგვარი მოღვაწეობა ეტვირთა, განსაკუთრებით კი საჭმელს განშორებოდა. ის თორმეტი უნკია ხმელი პურის გარდა არაფერს იხმევდა, ამასთანავე, საქმიანობდა და ყოველდღე ორმოცდაორჯერ ლოცულობდა. მან ისე დააუძლურა სხეული, რომ ყოველგვარი ფიზიკური ძალა გამოეცალა.

ამის შემდეგ ბერთან ყოველმხრივ გამოცდილი სხვა ბერი მოვიდა და უთხრა:

- რა ვქნა, მამაო, ძილის ოცნებები აბნელებენ ჩემს ფიქრებს და ჩემს სულს კვლავ თავდაპირველი ჩვეულებებისაკენ იზიდავენ.

წმინდანმა უპასუხა:

- რადგან გონებით ჯერ კიდევ ვერ განშორებიხარ ძველ საქმეს, ისინი ძილში გეოცნებებიან. ამიტომ ისე მოიქეცი, როგორც გირჩევ: ”ცოტა ხანი ღამეები გაათიე, მოკრძალებულად ილოცე და ამ გზით სწრაფად განთავისუფლდები მაგ ვნებისაგან”.

ეს რომ მოისმინა ახოვანმა მოღვაწემ, მისი სიტყვა ისე შეიწყნარა, როგორც გამოცდილი და ბრძენი მასწავლებლის ბოძებული განძი. ის თავის სენაკში დაბრუნდა და ისეთ ღვაწლს შეუდგა, რომ მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, არც მუხლთდრეკის მომიზეზებით მოუდრიკავს მუხლი, არამედ ფეხზე მდგომარე ერკინებოდა ძილის ვნებას, რათა განთავისუფლებულიყო მისგან. ამგვარად იღვწოდა იგი ექვსი წელი, რათა ამ გზით ბოროტი და დაუმშვიდებელი ცოდვა დაეძლია, მაგრამ მაინც ვერ დათრგუნა. მან შრომითა და ღვაწლით განლია სხეული, მაგრამ მძვინვარე ვნება მაინც ვერ დაამარცხა.

ამის შემდეგ მამა მოსემ მოღვაწეობის სხვა გზით დაუწყო ბრძოლა ეშმაკს. იგი ღამღამობით იმ ბერების სენაკებთან მიდიოდა, რომლებიც შრომით იყვნენ დაუძლურებულნი, მამების სამყოფლისგან ორი, სამი და ხუთი მილით დაშორებული წყაროდან მათთან წყალი მიჰქონდა და სენაკის კართან ტოვებდა. ერთ ღამეს, როცა იგი ჩვეულებისამებრ საქმიანობდა, ეშმაკს შეშურდა. მან ვეღარ მოითმინა, წყლის ამოსაღებად დახრილ მამას თეძოში საგვემელი ჩაარტყა და შორს გადააგდო. მამა მოსე ძირს მკვდარივით იდო. მან არ იცოდა, როგორ ან ვისგან შეემთხვა ეს განსაცდელი.

მეორე დღეს წყლის ასაღებად ამ ადგილას სხვა ძმა მივიდა, მან ძირს დავარდნილი, გულწასული ბერი იპოვა და ყოველივე სკიტის წინამძღვარ ისიდორეს აუწყა. ისიდორე სხვა ძმებთან ერთად გაემარ- თა მოსეს მოსაყვანად. წმინდა მამამ მთელი წლის განმავლობაში იავადმყოფა და ძლივს მოძლიერდა. მას ქრისტეს დიდმა მოღვაწემ ისიდორემ ასეთი რამ უთხრა:

- დამშვიდდი, ძმაო მოსე, დღეიდან ეშმაკს ასე ძლიერ ნუღარ შეებრძოლები, რადგან როგორც ყველაფერში, ისე ეშმაკთან შეუპოვრად ბრძოლაშიც, ზომიერებაა საჭირო.

ქრისტეს უძლეველმა მოღვაწემ ასე უპასუხა დიდ ძმას:

- მანამ არ დავცხრები მასთან ბრძოლით, სანამ ჩემი სიზმრისეული ოცნებები არ დამიცხრება.

მაშინ მოთმინების შეურყეველმა სვეტმა – ისიდორე ხუცესმა ნეტარ მამას უთხრა:

- იესო ქრისტეს სახელით ამიერიდან შენში დაცხრებიან ძილის ეშმაკებანი. დღეიდან ეზიარე საღვთო საიდუმლოს, რათა უფრო მეტად მოიწიოს შენზე განსაცდელები, რომ არ იფიქრო, საკუთარი მოღვაწებით ვძლიეო ვნებებს, და ამის გამო ამპარტავნებაში არ ჩავარდე.

ეს რომ მოისმინა, ბერი თავის სენაკში დაბრუნდა, სადაც წყნარად და ზომიერად ცხოვრობდა.

ორი თუ სამი თვის შემდეგ ისიდორე დიდმა ჰკითხა ნეტარ მოღვაწეს, მოსეს:

- კიდევ გერკინებიან ეშმაკები?

მან კი მიუგო:

- იმ დღიდან, რაც ღვთის კაცმა ილოცა, აღარაფერი მიხილავს.

ეს მოღვაწე ისე იმორჩილებდა არაწმიდა სულებს, მათ ხრიკებს ისე აღწევდა თავს, როგორც ჩვენ – მუმლს ზამთარში. ასეთია მოსე დიდის მტერთან ბრძოლის ამბავი, ასე – ღვთისათვის სათნოდ იღვაწა ამ წმიდა მოღვაწემ. იგი წარმოშობით ეთიოპიელი იყო, მაგრამ საღვთო სულით აღსავსე დიდი მამების გზას შეუდგა და მათთან შეირაცხა.

ეს ნეტარი მამა სამოცდათხუთმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი სკიტის უდაბნოს მღვდელი იყო და გარდაცვალების შემდეგ სამოცდაორი მოწაფე დატოვა.

[ფერმის მთა, პავლე]

ეგვიპტეში, სკიტის უშინაგანეს უდაბნოში, არის ერთი მთა, რომელსაც ფერმა ეწოდება. აქ ღვაწლით გამშვენებული ხუთასი კაცი მკვიდრობდა. მათ შორის იყო რჩეული მონაზონი, სახელად პავლე, რომელსაც თავისი ცხოვრების ყოველი დღე ისე გაეტარებინა, რომ არანაირი ამქვეყნიური საზრუნავი არ უტვირთავს. იგი არც ვაჭრობდა, არც არავისგან არაფერს იღებდა, გარდა დღიური საზრდოსი. მისი საზრუნავი იყო დაუცხრომელი ლოცვა. ამისთვის სამასი ქვა ჰქონდა უბეში მოგროვილი და ყოველი ლოცვის წარმოთქმის შემდეგ თითო-თითოს დებდა მიწაზე.

ეს ღვთივგანბრძნობილი კაცი ერთხელ სულიერი სარგებლის მისაღებად მოღვაწეობით განთქმულ მაკარის ესტუმრა და უთხრა:

- მამაო მაკარი, იმის სათქმელად მოვედი თქვენთან, რომ მწუხარებამ მომიცვა.

ქრისტესმოყვარე მამამ ის აიძულა, მოწყენის მიზეზი გაემხილა. მან კი მიუგო:

- ერთ დაბაში ერთი ქალწული ცხოვრობს, რომელიც აი უკვე ოცდაათი წელია მოღვაწეობს. მის შესახებ მაუწყეს, რომ საზრდოს გემოსაც კი არ უსინჯავს, გარდა შაბათ-კვირისა. მთელი წლის განმავლობაში ის ხუთჯერ მარხულობს, დანარჩენ დღეებში კი საჭმელს იხმევს, ლოცვას კი შვიდასჯერ აღასრულებს. ამ ამბის შეტყობის შემდეგ ჩემი ღვაწლი აღარ მესათნოება, რადგან მამაკაცი ვარ, დედაკაცთან შედარებით უძლიერესი სხეულის პატრონი, და სამას ლოცვაზე მეტის წარმოთქმა არ შემიძლია.

წმინდა მაკარიმ მიუგო:

- აი უკვე სამოცი წლის ვარ და, როგორც თავიდან დამიწესებია, დღემდე ას ლოცვას აღვასრულებ, თან ჩემი ხელსაქმით მოვირეწ საზრდოს და სტუმრად მოსულ ძმებს სულიერ სარგებელზე ვესაუბრები, მაგრამ სინდისი არ მამხილებს, როგორც ზარმაცს. შენ კი სამას ლოცვას წარმოთქვამ და სინდისი მაინც გსჯის. ალბათ ან გაწმენდილი გულით არ ლოცულობ, ანდა მეტი ლოცვის აღსრულება შეგიძლია და არ ამბობ, ამიტომაც გამხელს სინდისი.

[ევლოგი და დავრდომილი]

ნიტრიელმა მღვდელმა კრონიოსმა ასეთი რამ მიამბო: ”სიჭაბუკის ჟამს მოწყინებამ შემი პყრო, ჩემს წინამძღვარს განვშორდი და მონასტერი მივატოვე. ასე, შემცდარმა, მივაღწიე ანტონის სამოღვაწეო მთამდე.

ნეტარი მამა ბაბილონსა და ირაკლიას შორის მდებარე უღრმეს უდაბნოში იყო, რომელიც მეწამული ზღვიდან ოცდაათი მილითაა დაშორებული. ამ ადგილას მდინარეა, რომლის ნაპირზე მონასტერი იყო აშენებული. აქ მოღვაწეობდნენ წმინდა ანტონის მოწაფეები – მაკარი და ამიტა, რომელთაც სულიერი მამა დამარხეს. ამ ადგილს პირისპირი ეწოდება. სწორედ აქ ვიპოვე ეს ბერები, რომლებმაც ხუთი დღე შემიფარეს. მათ შემდეგი რამ მაუწყეს: ”ანტონი ამ ადგილას მოდიოდა თავისი მთიდან. ის აქ იფარებდა შორიდან მოსულებს, ზოგს – ათი დღის სავალიდან, ზოგს – ოცი, ზოგს – ოცდაათი და სხვ. მათ სხვადასხვა ამბავი მოჰქონდათ მოსაყოლად და შეფასებას ბერისგან ელოდნენ.

მოსულთა შორის იყო ერთი, სახელად ევლოგი, ალექსანდრიელი ბერი, რომელსაც ერთი დავრდომილი ახლდა. მათი მოსვლის მიზეზი შემდეგი იყო: ევლოგის შესწავლილი ჰქონდა საღვთო სიბრძნე. უფლის შეწევნით, ის უკვდავების სურვილით მოიწყლა და სათნო ცხოვრებას ეძიებდა. ამიტომაც დატოვა მან ამქვეყნიური ორომტრიალი, მთელი სიმდიდრე დაარიგა და თავისთვის მხოლოდ მცირედი დაიტოვა. იგი წუხდა იმის გამო, რომ არც ძმათა კრებულთან ერთად ღვაწლი შეეძლო და არც მარტო ყოფნა.

როცა ევლოგი ამ ფიქრებით იყო მოცული, უბანთა შორის ერთ დავრდომილს წააწყდა, რომელსაც ორივე ხელ-ფეხი დაკარგული ჰქონდა, მხოლოდ ენა შერჩენოდა და ისიც ისეთი მოურიდებელი, რომ მის გამო მრავალ განსაცდელს მოიწევდა ხოლმე. ამ ამბის მხილველმა მამამ ხელები ზეცისკენ აღაპყრო და ღვთის წინაშე ასეთი აღთქმა დადო: ”უფალო, შენი სახელით ამ დავრდომილს სახლში წავიყვან და სიკვდილამდე მოვემსახურები, რათა ამ გზით ვცხოვნდე. შენ კი, ღმერთო, მომეცი მოთმინება მისი მსახურებისას”. ამ სიტყვების შემდეგ ევლოგი მივიდა დავრდომილთან და ჰკითხა: ”გინდა, რომ ჩემთან წაგიყვანო, მოგიარო და გემსახურო?” დავრდომილმა მიუგო: ”შენ ღირსეული კაცი ხარ, ბატონო, და არ გეკადრება ჩემისთანა უღირსის მსახურება”. ევლოგიმ კვლავ უთხრა: ”ახლა წავალ, ვირს მოვიყვან და აქედან წაგიყვან”. ამ სიტყვებზე დავრდომილმა ასეთი პასუხი გასცა: `თუ ასე მოიქცევი, დიდ სიხარულსა და განსვენებას მომანიჭებ. შენ კი ამგვარი ღვაწლისთვის სასყიდელს მიიღებ~. ამის შემდეგ ევლოგი მართლაც წავიდა, ვირი მოიყვანა, დავრდომილი სახლში წაიყვანა და იქ მას მოსასვენებლად ყველაფერი მოუმზადა.

დავრდომილმა კაცმა ევლოგის სახლში თხუთმეტი წელი დაყო. ამ ხნის მანძილზე ევლოგი მას მამასავით უვლიდა, დაუძლურებულს ანუგეშებდა, ბანდა, საცხებელს სცხებდა, ასმევ-აჭმევდა, ხელში აყვანილი დაჰყავდა და ყოველმხრივ ემსახურებოდა. ამ გზით მის ფიზიკურ ნაკლს ავსებდა და ანუგეშებდა.

თხუთმეტი წლის შემდეგ დავრდომილს ეშმაკი შეუჩნდა. ბოროტს სურდა, რომ ევლოგის აღთქმა დაერღვია, დავრდომილისთვის აღარ მოევლო და ამით ღვთის მადლს მოჰკლებოდა. ეშმაკისგან განრისხებული უძლური პატრონს მძვინვარე სიტყვებით შეურაცხყოფდა და ეუბნებოდა:

- ენაჭარტალავ და ბატონისგან გამოქცეულო მონავ, სხვისი განძი მოგიპარავს და ახლა ჩემი მოვლა-პატრონობა გსურს, რომ დაფარო იგი და ჩემი გზით ცხონდე?

ევლოგის სურდა, მისი გულის მწუხარებისთვის ეწამლა, ამიტომაც დავრდომილს ეხვეწებოდა და ეუბნებოდა:

- არა, ჩემო ბატონო, ასე ნუ ილაპარაკებ, მითხარი, რით დაგამძიმე, რომ შევძლო ჩემი შეცდომის გასმოსწორება.

ავადმყოფი კვლავ მძვინვარებდა და აღშფოთებული ამბობდა:

- რაში მჭირდება შენი მლიქვნელობა, წამიყვანე და დამაგდე იმ უბნებში, საიდანაც მომიყვანე.

სულგრძელებით აღსავსე ევლოგი კვლავ ეუბნებოდა:

- გევედრები, ჩემო პატიოსანო ბატონო, მითხარი, რა მწუხარებით ხარ დაწყლულებული, რომ განგკურნო.

მრისხანებისაგან აბობოქრებული დავრდომილი კვლავ მძვინვარებდა:

- არაფერში მარგია შენი მლიქვნელობა, არ დავჯერდები ასეთ უფერულ ცხოვრებას, რადგან მე ხორცის ჭამა მინდა.

ამ სიტყვების გამგონე ევლოგიმ ავადმყოფს ხორცი მოუტანა. ის კი ისევ გაჰყვიროდა:

- არ მაკმაყოფილებს მხოლოდ შენ გვერდით ყოფნა, მე ხალხის სიმრავლე მინდა.

მაშინ ევლოგიმ მიუგო:

- თუკი ასე მოგისურვებია, აქ უამრავ ადამიანს მოვუყრი თავს და, რაც გწადია, ის მოიმოქმედე.

დავრდომილი ისევ ბობოქრობდა:

- ვაი შე საცოდავო, ჩემი დანახვა არ შეგიძლია და განა შეძლებ აქ შენისთანა უქნარების მოყვანას? არ მინდა აქ, შენ გვერდით ყოფნა, ამას უბნებში გდება მირჩევნია, ამიტომაც ახლავე წამიყვანე იქ, საიდანაც მომიყვანე.

ასე მძვინვარებდა დავრდომილი. იმასაც გეტყვით, ხელები რომ ჰქონოდა, თავს მოიკლავდა, ან მახვილით განიგმირებოდა, იმდენად იყო გაველურებული ეშმაკისაგან.

ამ ამბის შემხედვარე ღირსი ევლოგი რჩევის საკითხავად თავის სენაკის მახლობლად მყოფ ბერებთან მივიდა და უთხრა:

- რა ვქნა, როგორ მოვიქცე. ამ დავრდომილმა სასოწარკვეთილებამდე მიმიყვანა.

მათ ჰკითხეს:

- როგორ და რა სახით?

ევლოგიმ კი მიუგო:

- მეტისმეტად შეურაცხმყოფს და აღარ ვიცი, რა გზას დავადგე. რომ გავაგდო, ღვთის წინაშე დადებული აღთქმის დარღვევის მეშინია. თუ დავტოვებ, დარჩენილ დღეებს ბოროტად გამატარებინებს. ამიტომ აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე.

მაშინ ძმებმა ასეთი რამ ურჩიეს:

- სანამ ცოცხალია დიდი (ასე უწოდებდნენ წმინდა ანტონის), ადი მასთან, თან ნავით დავრდომილიც წაიყვანე და მონასტერში მანამდე დარჩით, სანამ წმინდანი გამოქვებულიდან არ დაბრუნდება. და როცა მოვა, ყველაფერი აუწყე; შენ კი ისე მოიქეცი, როგორც ის გირჩევს, რადგან მისი პირით თავად ღმერთი გეტყვის თავის სათქმელს.

ძმების რჩევა ევლოგის ძალიან მოეწონა, ის მაშინვე დავრდომილთან დაბრუნდა, დიდი ხვეწნით ნავში ჩასვა და მონასტერში, წმინდა ანტონის მოწაფეებთან წავიდა. როცა დანიშნულ ადგილას მივიდნენ, იქ ერთი დღე დაყვეს. მეორე დღეს, საღამო ჟამს, წმინდანიც მოვიდა. როგორც კრონიოსი მიყვებოდა, ის მეწამული ფერის ტყავით იყო მოსილი.

მამა ანტონის ასეთი ჩვეულება ჰქონდა: როცა მონასტერში მოდიოდა, თავის მოწაფეს – მაკარის მოუხმობდა და ეკითხებოდა: ”ძმაო მაკარი, უცხო ძმები ხომ არ მოსულან აქ?”

ის კი უპასუხებდა: ”მოვიდნენ”.

წმინდანი ამის შემდეგ ისევ ეკითხებოდა:

- ეგვიპტელები არიან თუ იერუსალიმელები?

ასე იმისთვის კითხულობდა, რომ გაეგო, ცუდადმავალნი, ანუ ეგვიპტელები, იყვნენ თუ მისი სიტყვისა და ხილვის ღირსნი, ესე იგი, იერუსალიმელები.

ახლაც ჩვეულებისამებრ იკითხა წმინდანმა:

- აქ მოსულები ეგვიპტელები არიან თუ იერუსალიმელები?

მაკარიმ მიუგო:

- შერეულები არიან.

მაშინ წმინდანმა უთხრა:

- მოუმზადეთ მათ ოსპი და აჭამეთ.

ღვთისთვის არასათნოდ ცხოვრებულთათვის იგი ერთხელ ილოცებდა და შემდეგ გაუშვებდა. ხოლო თუ ეტყოდნენ, იერუსალიმელები არიანო, დაჯდებოდა წმინდა მამა და მთელი ღამე მათ სულის სარგებელზე ესაუბრებოდა. იმ ღამესაც დაჯდა წმინდანი და მოუხმო ყველას. იქ მყოფთაგან არავინ იცოდა, რომ სტუმრად მოსულს ევლოგი ერქვა. როცა ღამე გადავიდა, წმინდანმა დაიძახა: ”ევლოგი, ევლოგი, ევლოგი”. მან ღირს მამას სამჯერ დაუძახა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო, რადგან ევლოგის ეგონა, რომ იქ მყოფთაგან რომელიმე მისი მოსახელე იყო.

წმინდანმა მას ხელმეორედ უთხრა:

- შენ გეუბნები, ევლოგი, ალექსანდრიიდან მოსულო!

მაშინ ევლოგიმ მიუგო:

- რას მიბრძანებ, ჩემო ბატონო?

წმინდანმა ჰკითხა:

- რატომ მოხვედი?

მან კი უპასუხა:

- ვინც ჩემი სახელი გაუწყა, იგივე გეტყვის, თუ რისთვის მოვედი აქ.

წმინდა ანტონიმ მას უთხრა:

- შეიცნე და ისწავლე, თუ რა მიზეზით მოხვედი. ახლა კი ძმებსაც უთხარი, რომ მათაც შეიტყონ.

ეს რომ მოისმინა ქრისტეს მონა ევლოგიმ, ყველას გასაგონად თქვა:

- ეს დავრდომილი გზაზე ვიპოვე, შემებრალა და ღმერთს შევთხოვე, მის მოსავლელად ჩემთვის მოთმინების მადლი მოეცა. ქრისტეს წინაშე აღთქმა დავდე, რომ დაუძლურებულს მოვემსახურებოდი, რათა ამ გზით მეც ცხონების ღირსი გავმხდარიყავი და მასაც ჩემი გზით განესვენა. ასე დავყავით თხუთმეტი წელი, ღვთის მადლით, როგორც თავად შენც უწყი. არ ვიცი, რა განსაცდელი შევამთხვიე, რომ ამდენი წლის გასვლის შემდეგ ასე მლანძღავს და მაიძულებს, წავიყვანო და იმავე ადგილას დავაგდო, საიდანაც წამოვიყვანე. ამ უბედურების გამო იძულებული გავხდი, შენთან რჩევის სათხოვნელად მოვსულიყავი, რომ გელოცა და გეთქვა ჩემთვის, როგორ მოვქცეულიყავი, რადგან ეს ამბავი ძალიან მაწუხებს.

წმინდა ანტონიმ მას მკაცრი და ძლიერი ხმით უთხრა:

- შენ უნდა გააგდო ის გარეთ, ევლოგი, მაგრამ მას ის არ გააგდებს, ვინც შექმნა. შენ უნდა დატოვო ის, მაგრამ ღმერთი მას შენზე უკეთეს მომვლელს გამოუჩენს.

ამ სიტყვების მოსმენამ ევლოგი დაადუმა. ამის შემდეგ წმინდანი დავრდომილს მიუბრუნდა და ხმამაღლა უთხრა:

- საწყალო დავრდომილო, უღირსო ცისა და მიწისა, არ დაწყნარდი ღმერთისა და შენი ძმის განრისხებით? არ იცი, რომ შენ თავად ქრისტე გემსახურება? როგორ ბედავ მასთან ასეთ მოქცევას. არ იცი, რომ მან უფლისათვის დაგიმონა თავი და გემსახურება? ასე, სიტყვიერად გაწვრთნა მამა ანტონიმ ორივე და ძმებს უთხრა, რომ პური ეჭამათ. საზრდოს მიღების შემდეგ მან კვლავ მოაყვანინა ორივე თავისთან და უთხრა: ”ნუღარსად წახვალთ, შვილებო, არამედ შინ დაბრუნდით მშვიდობით და ერთმანეთს ნუ მოშორდებით. უკუაგდეთ ყოველგვარი მწუხარება, რომელიც ეშმაკმა თქვენ შორის დათესა, კვლავ სიწმინდით და სიყვარულით იღვაწეთ იქ, სადაც ამდენი წელი დაგიყვიათ და დაელოდეთ მას, ვინც უფლის ბრძანებით თქვენკენ მოდის. ბოროტმა იხილა, რომ მოახლოებულია თქვენი აღსასრული და ორივეს ქრისტესგან გვირგვინები გელოდებათ: შენ – მის გამო და მას – შენ გამო, ამიტომაც ჩამოაგდო თქვენ შორის შუღლი. თუ თქვენ სხვა საზრუნავს შეუდგებით, თქვენ წასაყვანად მოსული ანგელოზი ვეღარ მოგიძიებთ თქვენს სამოღვაწეო ადგილას და ამ გზით თქვენთვის გამზადებულ გვირგვინებს დააკლდებით.

ამ ამბის შემტყობმა ევლოგიმ და დავრდომილმა სწრაფად დატოვეს იქაურობა, თავიანთ სახლში დაბრუნდნენ სიყვარულით სავსენი. ორმოცი დღე არც იყო გასული, ევლოგი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ კი დავრდომილიც მიიცვალა – ხორცით დასახიჩრებული, ხოლო სულით მხიარული, რადგან თავისი სული უფალს შეავედრა.

წმინდა ანტონის მოწაფე კრონიოსმა, რომელიც რამდენიმე ხნით თებეში იყო და ალექსანდრიაში მოგზაურობდა, შეიტყო ევლოგისა და დავრდომილის ამგვარი გარდაცვალების ამბავი შეიტყო. ის იმდენად იყო გაოცებული ამ დიდებული სასწაულის გამო, რომ სურდა, ყველასთვის მოეყოლა.

კრონიოსი ძმებს არწმუნებდა: ”ამ ამბის მთხრობელმა დაიფიცა, რომ წმინდა ანტონის წინასწარმეტყველების შესახებ ბევრი რამ უწყოდა, მათ შორის ამ ამბისაც, რადგან ყველა მისი სიტყვის თარჯიმანი თავად ვიყავი იმის გამო, რომ დიდმა მამამ არ იცოდა ბერძნული ენა. მე კი ორივე ენა ვიცოდი და ვუთარგმნიდი ნეტარ ევლოგისა და დავრდომილს წმინდანის სიტყვებს, თავად ანტონის კი ეგვიპტურად გადავცემდი ორივეს ნათქვამს~.

კრონიოსი ამბობდა, რომ დიდმა მამამ ასეთი რამეც მოუთხრო მათ იმ ღამეს, როცა ევლოგი და დავრდომილი დაამშვიდა: ”ამ წელს გამუდმებით ვევედრებოდი ღმერთს, რომ ეჩვენებინა ჩემთვის მართალთა და ცოდვილთა სამყოფელი.

ვედრების შემდეგ ვიხილე ერთი მაღალი კაცი, შავი ფერისა. ის თავით ღრუბლებს სწვდებოდა, ხელები კი ცამდე ჰქონდა გაშლილი. მისი ფეხების ქვეშ ისეთი ღრმა ზღვა იყო გადაშლილი, რომ თავი და ბოლო არ უჩანდა.

ვხედავდი სულებს, რომლებიც ფრინველებივით დაფრინავდნენ მაღლა. ის, ვინც კაცს თავზე გადაუფრენდა, ანგელოზებს მიჰყავდათ და ცხონდებოდნენ. ისინი კი, ვისაც ეს კაცი შეიპყრობდა, ზღვის სიღრმეში ინთქმებოდნენ. ხმა მომესმა: ”ისინი, ვინც კაცს თავზე გადაუფრინეს, სამოთხეში ანგელოზებთან ერთად განისვენებენ, რადგან მართლების სულები არიან. ხოლო ისინი, ვისაც კაცი ხელით იჭერს, ჯოჯოხეთის უფსკრულში ინთქმებიან, რადგან ცოდვილთა სულები არიან, ხორციელ სურვილებსა და განკითხვის ვნებას რომ აჰყვნენ”.

[ პ ა ვ ლ ე ]

ქრისტეს რჩეულმა და წმინდა მსახურმა ერაქსიმ, პირველმოხსენიებულმა კრონიოსმა და სხვა ძმებმა ერთი ამბავი მაუწყეს, რომლის მოთხრობასაც ახლა ვაპირებ: ”იყო ერთი მდაბიო მშრომელი კაცი, სახელად პავლე. ბუნებით უმანკო და წრფელი. მან ცოლად გარეგნულად ლამაზი, მაგრამ შინაგანად უკეთური ქალი შეირთო. ეს ქალი ქმრისგან მალულად მრუშობდა. ასე ცხოვრობდა ის რამდენიმე ხანს.

ერთ დღესაც, როცა პავლე მინდვრიდან სახლში ადრე დაბრუნდა, ნახა, რომ მისი ცოლი ვიღაც კაცთან ერთად მრუშობდა. ეს ამბავი ღვთის განგებით განცხადდა, რათა უფალს პავლესთვის ცხონების გზა ეჩვენებინა.

მან მრუშ კაცს ღიმილით უთხრა: ”ამ საქმეში მე არაფერი მესაქმება. ღმერთმა იცის, რომ ამიერიდან მე აქ აღარ ვარ საჭირო. ეს ქალიც და მისი შვილებიც შენი იყოს, მე კი შევმონაზვნდები”.

ეს რომ თქვა, აღარავისთვის არაფერი უთქვამს, ანტონი დიდის მონასტერს მიაშურა და წმინდა მამას სენაკის კარზე დაუკაკუნა. ხმაურზე ნეტარი ბერი გამოვიდა და ჰკითხა:

- რა გნებავს?

პავლემ მიუგო:

-მინდა, მონაზონი გავხდე.

ანტონიმ კი უთხრა:

- სამოცი წლის მოხუცისათვის შეუძლებელია ბერად შედგომა. წადი დაბაში, იშრომე, იცხოვრე და მადლობა შესწირე უფალს, რადგან უდაბნოში ცხოვრებას და გაჭირვებას ვერ დაითმენ.

პავლემ ისევ უთხრა:

- რასაც მასწავლი, იმას აღვასრულებ.

ანტონიმ კვლავ მიუგო:

- უკვე გითხარი, რომ მოხუცი ხარ და ვერ შეძლებ უდაბნოში მარტო ყოფნას. თუ ბერობა ძალიან გინდა, მიდი საძმოში, სადაც იტვირთავენ შენს უძლურებას. მე აქ მარტო ვმოსაგრეობ, ხუთხუთი დღე ვმარხულობ და შემდეგ ვჭამ.

ამ სიტყვებით აშინებდა ანტონი პავლეს და, როცა დაინახა, არ ისმენდა, თავისი სენაკის კარი დახურა, საიდანაც სამი დღის განმავლობაში საზრდოსათვისაც კი არ გამოსულა.

ამ ხნის განმავლობაში პავლე მოთმინებით იდგა კართან და იქაურობას არ შორდებოდა. მეოთხე დღეს წმინდანმა საჭიროებისათვის სენაკის კარი გააღო და გარეთ გამოვიდა. ბერმა პავლეს კვლავ უთხრა:

- რატომ მაწყენინებ, წადი აქედან, მოხუცო, შენი აქ ყოფნა შეუძლებელია.

პავლემ კი უპასუხა:

- შეუძლებელია ჩემი სხვაგან წასვლა, მინდა, აქ მოვკვდე.

წმინდა ანტონიმ შეხედა და ნახა, რომ საზრდო არ ჰქონდა: არც პური, არც წყალი და არც სხვა რამ. ასე გაეტარებინა მას ორი დღე. ბერს შეეშინდა, პავლე შიმშილისგან არ მომკვდარიყო, რადგან მარხვაში არ იყო გამოცდილი და მისი სიკვდილი მოეკითხებოდა, ამიტომაც შეიწყნარა და იმ დღიდან ისეთ მოღვაწეობას შეუდგა, რაც სიჭაბუკეშიც არ აღესრულებინა.

მამა ანტონიმ ფინიკის ფურცელი დაალბო და პავლეს უთხრა: ”აიღე და ისე დაწანი, როგორც მე”. მანაც აიღო და მეცხრე საათამდე წნავდა. დაწნა თხუთმეტი მხარი* დიდი შრომითა და მონდომებით. როცა წმინდა ანტონიმ მოწნული იხილა, ვერ იჯერებდა. მან გადაწყვიტა, პავლე უფრო მეტად გამოეცადა და უთხრა: ”კარგად არ დაგიწნავს, დაარღვიე და ახლიდან დაწანი”.

როგორც უკვე გითხარით, პავლე ოთხი დღის ნამარხულევი იყო, თანაც მოხუცი და უძლური. ანტონი დიდი ისევ აიძულებდა, რომ ბერობა გადაეფიქრებინა და უკან დაბრუნებულიყო. მაგრამ უფლის კეთილმა მსახურმა ხელახლა დაწნა გაცილებით ძნელად მოსაქსოვი ბაია, რომელიც თავდაპირველი ქსოვისგან გამრუდებულიყო.

ანტონი დიდმა დაინახა, რომ მოხუცი ყველაფერს უდრტვინველად აღასრულებდა და დამშვიდდა. მზის ჩასვლისას პავლემ მას უთხრა: ”ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც მოისურვებ”.

ამ სიტყვებმა ანტონის გული უფრო მეტად მოდრიკა. მან დაინახა, რომ პავლე საზრდოს მიღებას არ ესწრაფოდა, არამედ ასეთი მარხვის შემდეგაც სთხოვდა, ყოველივე მისი ნებისამებრ განეგო.

ამის შემდეგ ანტონიმ უბრძანა, სუფრა გაეშალა, თავად კი ოთხი პური მოიტანა, თითოეული ექვს უნკიას იწონიდა. ისინი ბერმა მაგიდაზე დააწყო: ერთი თავისთვის დაილბო, სამი კი პავლეს დაულბო. ამის შემდეგ, ჩვეულებისამებრ, ფსალმუნი წარმოთქვა, თითოეულ ფსალმუნზე თორმეტჯერ ილოცა, რათა ამ გზითაც გამოეცადა სტუმარი. მოხუცმა ისე გულმოდგინედ ილოცა, რომ, ვფიქრობ, ერჩია ღრიანკალი ემწყემსა, ვიდრე მემრუშე ცოლის გვერდით ეცხოვრა. თორმეტგზის ლოცვის წარმოთქმის შემდეგ ანტონი და პავლე საჭმელად დასხდნენ. როგორც ვიცი, უკვე დაღამებულიყო. ბერმა ერთი პური შეჭამა, სხვებს კი ხელი არ ახლო. მოხუცი უფრო ნელა ჭამდა, ის ისევ იმ პურს ჭამდა, რომელიც თავდაპირველად აიღო.

ანტონი მას მოთმინებით ელოდა, შემდეგ კი უთხრა:

- მეორეც შეჭამე.

მან კი უპასუხა:

- თუ შენც შეჭამ, მეც შევჭამ, თუ არა და, არც მე მინდა.

წმინდა ანტონიმ მიუგო:

- საკმარისია ეს ერთი ჩემთვის, რადგან ბერი ვარ.

ამ სიტყვებზე პავლემ უპასუხა:

- ჩემთვისაც საკმარისია, რადგან მეც ბერობა მინდა.

როცა ორივე სუფრიდან წამოდგა, წმინდა ანტონიმ კვლავ თორმეტგზის ილოცა, თორმეტი ფსალმუნიც წარმოთქვა და დასაძინებლად მიწვა. შუაღამისას წმინდანმა კვლავ წამოაყენა პავლე სალოცავად. მათ გათენებამდე ილოცეს.

ანტონი დიდმა რომ დაინახა, როგორი მორჩილებით ლოცულობდა მოღვაწეობის მოსურნე პავლე, უთხრა:

- აი, ძმაო, თუ შეგიძლია ყოველდღე ასე დაითმინო, დარჩი ჩემთან.

მოხუცმა მიუგო:

- ამის გარდა თუ კიდევ სხვა რამის ჩვენება გსურს, არ ვიცი, როგორ შევძლებ, ამ ყველაფერს კი სიხარულით შევასრულებ, ღვთის შეწევნითა და თანადგომით.

გამოხდა ხანი და წმინდა ანტონიმ მას უთხრა:

- ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს სახელით გახდი მონაზონი!

როცა ანტონი დარწმუნდა, რომ პავლეს ყველა სათნოება მოეპოვებინა, იყო სულით უმანკო და წრფელი, თავისი სენაკისაგან სამი თუ ოთხი მილის მოშორებით სენაკი აუშენა და უთხრა: ”ღვთის მადლითა და შეწევნით, უკვე მონაზონი გახდი, ახლა კი მარტო დაეყუდე, რომ ეშმაკთან ბრძოლაში გამოცდილება მიიღო”.

ასე დაეყუდა პავლე მისგან მოშორებით ერთი წლის განმავლობაში და მიიღო ძალა ეშმაკსა და საკუთარ ვნებებზე ბატონობისა. ის ღვთისთვის სათნოდ და მკაცრად მოღვაწეობდა.

ერთ დღეს ნეტარ ანტონისთან ერთი ჭაბუკი მოიყვანეს. ის არაწმინდა სულებით იყო შეპყრობილი და ძალიან იტანჯებოდა, რადგან მასთან თავად მთავარი უწმინდური ეშმაკები იყვნენ. ის ისე იყო გაბოროტებული, რომ ცასაც გმობდა.

წმინდა მამამ რომ იხილა ჭაბუკის ტანჯვა, მომყვანებს უთხრა:”ამის განკურნება არ შემიძლია, რადგან ისეთ სიმაღლემდე არა ვარ ასული, რომ ეშმაკთა მთავარი განვდევნო. ეს მადლი წრფელ პავლეს აქვს მინიჭებული”.

ამ სიტყვების შემდეგ მან ჭაბუკი გამოცდილ მონაზონთან წაიყვანა და უთხრა:

- ბერო პავლე, განდევნე ამ კაცისგან ეშმაკი, რათა გამოჯანსა- ღებული დაბრუნდეს სახლში და განადიდოს უფალი.

პავლემ ჰკითხა:

- შენ რას აკეთებ?

ანტონიმ მიუგო:

- არ მცალია, რადგან სხვა საქმე მაქვს.

ეს რომ თქვა, ანტონიმ ჭაბუკი ბერთან დატოვა, თავად კი სენაკში დაბრუნდა.

ამის შემდეგ ყოვლადუმანკო ბერი ადგა, ლოცვა წარმოთქვა, რომ ამ გზით შეწევნა მიეღო. ეშმაკეულს კი უთხრა:

- მამა ანტონიმ ბრძანა, რომ ბოროტი მაგ კაცისგან გავიდეს და ადიდებდეს ღმერთს.

ეშმაკმა კი გინებით მიუგო:

- არ გავალ, გემოთმოყვარე და ამაოდმეტყველო ბერო!

ამის გამგონე ნეტარმა მამამ თავისი მოსასხამი აიღო, ჭაბუკს ბეჭებზე ურტყამდა და ამბობდა:

- გამოდი მაგისგან, რადგან დიდ ანტონის უბრძანებია!

ეშმაკი კი პავლესთან ერთად ანტონისაც აგინებდა და გაბოროტებული ამბობდა:

- იხილეთ ღორმუცელები, რომლებიც არ კმაყოფილდებიან იმით, რაც აქვთ. რა საერთო გაქვთ ჩვენთან, რატომ გვეწინაააღმდეგები?

ღირსი პავლე ისევ ეუბნებოდა მათ:

- თუ არ გახვალთ, წავალ და ვეტყვი ქრისტეს, ვფიცავ იესოს სახარებას, ახლავე წავალ მასთან, ვაი შენ, უბედურო!

ეს რომ მოისმინა უკეთურმა, იესოს გმობაც დაიწყო და თქვა:

- არ გავალ!

ამან წმინდა პავლე განარისხა, ის თავისი სენაკიდან გამოვიდა და შუადღის საშინელ სიცხეში დადგა. ეგვი პტის სიცხე კი, მით უმეტეს იმ ადგილისა, თანასწორია ქალდეველთა ცეცხლისა.

პავლე იდგა კლდეზე, როგორც სვეტი, ლოცულობდა და ამბობდა: ”შენ ხედავ, იესო ქრისტე, რომელიც ჯვარს ეცვი პონტოელი პილატეს მიერ, არ ჩამოვალ კლდიდან, არც შევჭამ და არც დავლევ, სანამ არ მომისმენ და არ გაიყვან ამ კაცისგან ეშმაკს, თუ არა და აქ ასე მოვკვდები”.

ასეთი სიტყვებით ევედრებოდა იესოს წრფელი და თავმდაბალი პავლე. თავისი სათხოვარი ბოლომდე ჯერ კიდევ არ ჰქონდა ნათქვამი, რომ პავლეს სენაკის ქვემოთ ეშმაკმა დაიძახა: ”გავალ, ძალითა და გაჭირვებით გავდივარ. ამიერიდან გავშორდები ამ კაცს და აღარასოდეს მივეკარები, რადგან თავმდაბალი და წრფელი პავლე განმდევნის მე, სად წავიდე, არ ვიცი”. – ეს თქვა და სწრაფად დატოვა ჭაბუკი. ის დიდ ვეშაპად გადაიქცა, სამოცდაათი წყრთა სიგრძე ჰქონდა და თრევით წავიდა მეწამულ ზღვისკენ, რათა აღსრულებულიყო სულიწმიდის ნათქვამი: ”ჭეშმარიტების აღმომსუნთქველი სიმართლეს აცხადებს, ცრუ მოწმე კი - ცბიერებას” (იგავები, 12, 17). სხვა ადგილას კი ამბობს: ”ამას მოვხედავ – მორჩილსა და მშვიდს, აკანკალებულს ჩემს სიტყვაზე” (ესაია 66, 2), რადგან შედარებით პატარა ძალის ეშმაკები სათნოებით შემოსილი დიდი ადამიანების მიერ განიდევნებიან, რომლებსაც ჭეშმარიტი სარწმუნოება აქვთ. ხოლო ეშმაკთმთავრებისა და უდიდეს მას სიბოროტით გამორჩეულებს თავმდაბალი და მორჩილი ადამიანები დევნიან”.

ასეთია საკვირველი ამბები გონებით წრფელი და თავმდაბალი პავლესი. მან არა მხოლოდ ეს, არამედ სხვა უფრო ამათზე აღმატებული საქმეები ჩაიდინა, მას ბერებმა წრფელი შეარქვეს.

----------------------------------------------------------------------------

* მხარი - საზომი.

[ პ ა ხ ო ნ ი ]

იყო ერთი მოღვაწე, სახელად პავლე, რომელიც სკიტში იჯდა და სამოცდაათ წელს იყო მიწევნილი. ეშმაკმა მას გულში ქალების მიმართ ბოროტი სურვილი აღუძრა და ისე გაუძლიერა ეს სურვილი, რომ, ცოტაც და, მთლიანად დაიმონებდა.

ის ამბობდა: ”ვნებაშეპყრობილმა სენაკი დავტოვე, ჩემ ახლოს მყოფ ბერებს არაფერი ვუთხარი და შემცდარი შუაგულ უდაბნოში დავრბოდი. ასე ვიყავი თხუთმეტი დღე და ამის შემდეგ მივედი მამებთან, რომლებიც სკიტის უდაბნოში იყვნენ მოღვაწეობით დაბერებულნი. მათ შორის იყო ერთი წმინდა კაცი, სახელად პახონი, რომელიც ასაკით ყველაზე მოხუცი იყო და ღვაწლით ყველაზე უპირატესი. გადავწყვიტე, მის წინაშე ყველაფერი მეღიარებინა.

წმინდანმა მითხრა: ”ეს განსაცდელი შენი სიზარმაცის გამო არ შეგმთხვევია, ამას ეს ადგილი და აქაური მკაცრი ყოფაც მოწმობს. აქ ქალებთან ვერ ისაუბრებ. მოწინააღმდეგისგან ეს ყოველივე სათნოების მოპოვების სურვილის გამო დაგემართა, რადგან სამი სახისაა და სამგვარია სიძვის ვნებისგან მოწეული ბრძოლა. ერთი ჩვენი ხორცის მიშვების გამო გვეუფლება, მეორე ჩვენი გულის- თქმებისგან წარმოიშობა, მესამე კი ეშმაკის შურის გამო, რომელიც ჩვენ მიმართ აქვს, რადგან მე თავად მრავალჯერ გამოვცადე და ვიხილე ყველაფერი ეს.

აი, მიყურებ მოხუც კაცს, რომელმაც უკვე ორმოცი წელი დავყავი სენაკში სულზე ზრუნვით, ამხელა ასაკს მივაღწიე და ბოროტისგან დღემდე გამოვიცდები”.

წმინდანი მეფიცებოდა და მეუბნებოდა: ”ორმოცდაათი წლის გარდა კიდევ თორმეტი წელი ვიღვაწე, მაგრამ ამ ხნის მანძილზე არც დღე და არც ღამე არ განმშორებია ეს განცდა. ამას რომ ვხედავდი, ვფიქრობდი, ღმერთმა მიმატოვა-მეთქი, განსაცდელი იმდენად ძლიერი იყო, რომ მსურდა, პირუტყვივით მოვმკვდარიყავი, ვიდრე ცხოვრება ხორციელი ვნებებითა და ბოროტი გვემით გამეტარებინა.

ამ მიზეზით ჩემი სენაკი დავტოვე და უდაბნოში მიმოვიდოდი. ერთ ადგილას, აფთრის გამოქვაბული ვიპოვე, გავშიშვლდი, შევედი შიგ და იქ ერთი დღე დავყავი, რომ მხეცი მოსულიყო და შევეჭამე. როცა მოსაღამოვდა და, წმინდა წერილის სიტყვისაებრ, ”მზემ იცის თავისი დასავალი. განავრცობ ბნელს და იქნება ღამე, მაშინ ამოძრავდებიან ყოველნი ნადირნი ტყისა. ლომის ბოკვერები ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს” (ფს. 103, 19-21).

საღამო ჟამს გამოვიდნენ დედალ-მამალი მხეცები, ისინი თავიდან ფეხებამდე მყნოსავდნენ. როცა მეგონა, რომ ეს-ესაა შემჭამდნენ, მაშინვე მშორდებოდნენ. ასე, მთელი ღამე ძირს ვეგდე, მათ კი არ შემჭამეს. ვფიქრობდი, რომ ღმერთმა საბოლოოდ დამტოვა-მეთქი და სენაკში დავბრუნდი.

ამის შემდეგ ეშმაკმა ცოტაოდენი მოითმინა და პირველზე უფრო მეტი ბრძოლა დამიწყო, ისე, რომ სრულად დავკარგე სასოება. ის გამომეცხადა ინდოელი ქალის სახით, რომელიც სიჭაბუკის ჟამს მკის დროს მენახა, თავთავებს რომ აგროვებდა. სენაკში მჯდომარეს ის, თითქოსდა, მუხლებზე ჩამომიჯდა, ისეთი ბრძოლა გამიმართა და იმდენად აღმძრა, რომ ჩვენებით წარმომიდგა, თითქოსდა, მასთან ვიყავი. ისეთმა მრისხანებამ მომიცვა, რომ მოჩვენებას ხელით შევეხე, ის კი გაუჩინარდა. გწამდეს ჩემი, – ამბობდა ის, – გწამდეს, რომ ჩემი ხელიდან მისი შეხებით გამოწვეული სიმყრალე ორი წელი ვერ მოვიშორე”.

მხნედ მოღვაწე სტეფანე

მარმარიკოსა და მარიოტს შორის მოსაგრეობდა ერთი მოღვაწე, რომელიც წარმოშობით ლიბიელი იყო. მას სახელად სტეფანე ერქვა. ამ ადგილებში მან სამოცი წელი დაყო და სათნოების ისეთ სიმაღლეს მიაღწია, რომ კაცთა სულებს ჭვრეტდა.

ღვთის მადლით, მამა სტეფანესთან თუ ვინმე დამწუხრებული მივიდოდა და თავის გასაჭირს აუწყებდა, უკან დარდისგან გან- თავისუფლებული ბრუნდებოდა.

ეს წმინდა მამა იცნობდა ანტონი დიდს, რადგან მისი თანამედროვე იყო. მან ჩვენ დრომდე იღვაწა. მართალია, იგი ჩვენგან მოშორებით მოსაგრეობდა, მაგრამ გზის გამო ვერ შევძელით მისი მონახულება. სამაგიეროდ, სტეფანეს შეხვდნენ და მასთან პირისპირ ისაუბრეს წმინდა ამონიმ და ევაგრემ. მათ წმინდა მამის შესახებ ასეთი რამ გვაუწყეს: ”როდესაც ჩვენ სტეფანე მოვინახულეთ, ის მძიმე სენით იყო დასნეულებული. ამ სენს ფაგედენანი ეწოდება. მას სარცხვინელი ადგილი დაწყლულებული ჰქონდა”. ნეტარი მამები შემდეგს იხსენებდნენ: ”როცა ჩვენ იქ მივედით, წმინდანთან მკურნალი იყო მისული და სინჯავდა. ამ დროს ნეტარი მამა ბაიას წნავდა და თან ჩვენ გვესაუბრებოდა. მკურნალმა მას დაწყლულებული ნაწილი მოჰკვეთა, მოთმინების მადლით აღსავსე წმინდანმა კი ისე დაითმინა ეს ყოველივე, თითქოს ხორცს სხვას სჭრიდნენ. ღვთის შეწევნით, მამა სტეფანე ისე შეხვდა საკუთარი სხეულის ნაწილის მოკვეთას, როგორც თმის მოჭრას”.

ამ ამბის მთხობელმა მამებმა თავიანთ თავზე ასეთი რამ გვაუწყეს: ”როცა წმინდანთან ვიყავით და მის გასაჭირს ვუყურებდით, ძალიან დამწუხრებულები ვიყავით. იმ ამბავმაც შეგვაშფოთა, რომ ასეთი სათნო ადამიანი რა მძიმედ იყო დაავადებული”.

ნეტარმა სტეფანემ ჩვენი ფიქრები ამოიცნო და ასეთი რამ გვითხრა:

”ეს ამბავი ნუ დაგაბრკოლებთ, შვილებო! ღმერთი ბოროტს არასდროს შეგვამთხვევს. ერთს კი გეტყვით, რომ სახიერი უფალი თავისი სიკეთიდან გამომდინარე დაუშვებს ხოლმე ხორციელ უძლურებას, რათა ჩვენი სულები მარადიული ტანჯვისგან გაათავისუფლოს. უმჯობესია, სასჯელი აქ დავითმინოთ, ვიდრე ამ სოფლიდან განსვლის შემდგომ”.

ასე დაგვმოძღვრა წმინდანმა და განსაცდელის დათმენა გვასწავლა”.

ყოველივე ეს იმისთვის მოგიყევი, რომ არ გაგიკვირდეს, როცა მოღვაწეს განსაცდელში ჩავარდნილს ან სნეულებით შეპყრობილს იხილავ.

უვალი პალესტინელი

იყო სხვა მოღვაწეც, სახელად უვალი. იგი წარმოშობით პალესტინელი იყო, მაგრამ გონებით კორინთელი, რადგან იგი გონებით გაამპარტავნებული იყო კორინთელთა მსგავსად, რომლებიც ამბობდნენ: ”ჩვენ აღთქმის კანონიერი შვილები ვართ”. ნეტარმა პავლე მოციქულმა მათ მისწერა: ”თქვენ ქედმაღლობთ” (1 კორ. 5, 2).

უდაბნოში სამოღვაწეოდ მოსულმა უვალიმ ჩვენთან ერთად მრავალი წელი დაყო. ამ ხნის მანძილზე მან ისეთი მკაცრი მონაზვნური ღვაწლი იტვირთა, რომ საკუთარი ხორცი დათრგუნა. მაგრამ იგი ქედმაღლობის ეშმაკმა შეი პყრო. ისე გაძლიერდა მასზე ეს ვნება, რომ ბოროტების სათავე – ამპარტავნება დაეუფლა. უვალი ნელ-ნელა ჭკუაზე შეცდა. გამედიდურებულმა ანგელოზთა თანასწორად შერაცხა საკუთარი თავი და ფიქრობდა, რომ ყოველგვარ მსახურებას მათ მიერ აღასრულებდა.

ერთ დღეს, როგორც თავად გვიამბობდა, ასეთი რამ შეემთხვა: ”ღამით გოდორს ვწნავდი, ოთახში ბნელოდა და ნემსი დამეკარგა. ის იქვე დავარდა, სადაც ვიჯექი, მაგრამ ამაოდ ვეძებდი. მაშინ ეშმაკმა ჩემ წინაშე სანთლის სახით რაღაცა აანთო და დაკარგული ნემსი მაშინვე ვიპოვე”.

ამ სასწაულის მხილველი უვალი კიდევ უფრო ქედმაღალი გახდა. იგი ისე გაამპარტავნდა, რომ თვით ქრისტეს საიდუმლოს შეურაცხყოფდა.

მოწყალე ღმერთმა არ დაფარა მისი დაცემა და ყველას წინაშე გამოააშკარავა. ვნებებით დაწყლულებული მისი სული კი ასე განკურნა:

ერთხელ უდაბნოში უცხო ადამიანები მოვიდნენ და ძმებს ძღვენი მოართვეს. ჩვენმა წინამძღვარმა მაკარიმ ძღვენი გაანაწილა და ბერებს სენაკებში გაუგზავნა. მათ შორის- უვალისაც. ბერმა მის მომტანს აგინა, შენერწყვა და უთხრა:

- წადი და მაკარის ასე უთხარი: ”არ ვარ მე შენზე ნაკლები, რომ ძღვენს მიგზავნი”.

ეს რომ წმინდა მაკარიმ შეიტყო, მიხვდა, ბერს რა განსაცდელიც ადგა. მეორე დღეს მასთან მივიდა და უთხრა:

- ძმაო უვალი, შემცდარი ხარ, დამშვიდდი და ისე შეევედრე უფალს.

უვალიმ ყურად არ იღო მისი ნათქვამი, არც მისი დამოძღვრა შეიწყნარა. დამწუხრებული მაკარი მას განშორდა.

ამ ამბის შემხედვარე ეშმაკი მიხვდა, რომ უვალი ცთომილების მწვერვალზე იყო ასული. მან მაცხოვრის სახე მიიღო და ღამით სხვა ეშმაკებთან ერთად უვალის სენაკში მივიდა. დემონები ბერს ბრწყინვალებით მოსილი ანგელოზების დასის სახით წარმოუდგნენ. ისინი უვალის ცეცხლის წრედ შემოერტყნენ, მათ შორის მთავარი ეშმაკი იდგა. მას მაცხოვრის სახე ჰქონდა მიღებული. ერთ-ერთი დემონი ბერის წინ დარბოდა და ეუბნებოდა:

”გამოდი შენი სენაკიდან, ნურაფერს მოიმოქმედებ. მხოლოდ დადექი და, როცა იხილავ მათ შორის მდგომარე ქრისტეს, დავარდი, თაყვანი ეცი მას და კვლავ შენ სენაკში დაბრუნდი”.

ეს რომ გაიგონა, უვალი გარეთ გამოვიდა. მან იხილა თავისი სენაკიდან მოშორებით ცეცხლის ალით მოსილი ეშმაკები, რომელთა შორის იდგა ანტიქრისტე. ბერი დავარდა და მას თაყვანი სცა.

ამ ამბის შემდეგ უვალი ისე გადავიდა გონებიდან, რომ მეორე დღეს ეკლესიაში მყოფ ძმებს უთხრა:

- ამიერიდან აღარ ვსაჭიროებ ზიარებას, რადგან დღეს თავად ქრისტე ვიხილე.

ამის გამგონე მამებმა ბერი რკინის ჯაჭვებით შეკრეს. ისინი წლის ბოლომდე სხვადასხვა სასჯელით წვრთნიდნენ უვალის და მისთვის ლოცულობდნენ. როგორც ვიცი, მათ ამ გზით განკურნეს ბერი, რადგან ”წინააღმდგომი წინააღმდგომით იკურნება”.

წმინდა მამების ღვაწლით უვალი ერთი წლის შემდეგ განიკურნა.

ამ წიგნში დაცემული ადამიანების ამბების მოთხრობაც სათანადოდ მივიჩნიე. რადგან მათი ამბავი ემსგავსება სამოთხის კეთილსურნელებათა შორის დანერგილ ცნობადის ხეს, ხეს კეთილისა და ბოროტისა. ასე აქაც მოღვაწეობის ჟამს თავს იწონებს თავისი წარმატებებით და ბრკოლდება.

ყველამ უნდა იცოდეს: ვინც იკვეხნის თავისი სათნოებებით, ამგვარი წარმატება ხშირად დაცემის მიზეზად ექცევა. ის ეცემა მაშინ, როცა მოღვაწეობა სულისთვის სასარგებლოდ კი არ აღესრულება, არამედ განკითხვით. აღესრულება არა ღვთისმსახურების მიზეზით, არამედ წერილისამებრ, ”მართალი იღუპება თავის სიმარ- თლეში” (ეკლესიასტე 7, 15).

აი ასე წარმოიშობა ამაოებით ამაოება.

ირონ ალექსანდრიელი

იყო ერთი ჭაბუკი, სახელად ირონი, რომელიც ჩემს მეზობლად ცხოვრობდა. იგი წარმოშობით ალექსანდრიელი იყო, დაბალი სოციალური ფენიდან. ირონი გონების სიმახვილითა და წმინდა ცხოვრებით გამოირჩეოდა, იყო შრომისმოყვარე და სულიერი მოღვაწეობით სათნოებათა მწვერვალს მიწევნილი, მაგრამ უგუნური ფიქრებით აღზვავდა და თავი სამყაროს გაუტოლა. ქედმაღლობის ვნებით შეპყრობილ საბრალო ბერს გონება დაუბნელდა და წმინდა მამებს შეურაცხყოფდა.

”ვინც თქვენს სწავლებას იწყნარებს, სცდება, რადგან, ქრისტეს გარდა, არავინ შეიძლება იყოს მოძღვარი”, – ეუბნებოდა ირონი მათ და თავისი ნათქვამის დასამოწმებლად წმინდა წერილიდან შემდეგი ადგილი მოჰქონდა: ”ნურავის უწოდებთ წინამძღვარს ქვეყანაზე, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი” (მათე 23, 10).

ამგვარმა აზრებმა და ამპარტავნების ვნებამ სულიერად ისე დააბრმავა, რომ ქრისტეს წმინდა და უხრწნელ საიდუმლოსაც აღარ ეზიარებოდა. ჭკუიდან გადასული ბერი წმინდა მამებმა ჯაჭვით შეკრეს.

სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ ირონი სათნოებათა მოპოვებას ისე ესწრაფოდა და მოღვაწეობის ისეთ მაღალ საფეხურს იყო მიღწეული, რომ მის შესახებ მრავალი მამა მიყვებოდა, რადგან ისინი თვითმხილველნი იყვნენ მისი სათნო და ზნეკეთილი ცხოვრებისა. იგი ისეთი გამორჩეული მმარხველი იყო, რომ სამი თვის განმავლობაში, წმინდა ზიარების გარდა, არაფერს იხმევდა და, თუ ველური მხალი სადმე გამოჩნდებოდა, იმასაც იშვიათად მიიღებდა.

ყოველივე ამის მოწმე თავად შევიქმენი, როცა ალვინესა და მასთან ერთად სკიტში მივდიოდი. გზაში, ორმოცი მილის მანძილზე, მე და ალვინემ ორჯერ ვისაუზმეთ, წყალი კი სამჯერ დავლიეთ. მან კი გემო არაფერს გაუსინჯა, არამედ ქვეითადმავალმა თხუთმეტი ფსალმუნი წარმოთქვა, შემდეგ დიდი ფსალმუნი "ნეტარ არიან" მიაყოლა, ამის შემდეგ ებრაელთა მიმართ ეპისტოლე, ესაიას და იერემიას წინასწარმეტყველება და ლუკას სახარებაც წაიკითხა, ბოლოს კი სოლომონის იგავები. ამასთან ერთად, ისე სწრაფად მიდიოდა, რომ ძლივს ვეწეოდით.

ბოროტმა ძალამ ბერი ბოლოს ისე შეიპყრო, რომ ცეცხლის მსგავსმა მხურვალებამ სენაკში აღარ გააჩერა და ალექსანდრიას მიაშურა. ეს ყოველივე ღვთის დაშვებით მოხდა, რადგან, როგორც ნათქვამია, სოლომონმა უკანასკნელი დაცემით პირველი დაცემა განაგდო.

ასე დაემართა ირონსაც. ალექსანდრიაში ჩასული სირბილით მიდიოდა ღვინის სარდაფებისკენ. ნაყროვანებისა და მემთვრალეობის გულისთქმით შეპყრობილი, ბოლოს, მრუშობის ვნებით აინთო. მან ერთ დედაკაცს გაანდო თავისი სურვილი და მასთან ერთად ბოროტი ვნებით დაეცა. ასეთი უკეთური საქციელის შემდეგ, ღვთის განგებით, სასირცხვო ადგილას ანთრაკის სნეულება შეეყარა, ექვსი თვის მანძილზე ტკივილი ისე გაუმძაფრდა, რომ სარცხვინელი დასცვივდა. ბოლოს კი, როცა განიკურნა, ვნებისგან თავისუფალი კვლავ მონასტრის კედლებს დაუბრუნდა. ამის შემდეგ, კვლავ საღვთო სურვილით ანთებულმა, წმინდა მამების წინაშე ყოველივე აღიარა, მაგრამ საქმით ვერ შეინანა, რადგან მცირე ხნის შემდეგ გარდაიცვალა.

პ ტ ო ლ ე მ ე

იყო სხვა მოღვაწეც, სახელად პტოლემე, რომელიც ისე მკაცრად ცხოვრობდა, რომ ძნელია მისი სიტყვებით გადმოცემა. მონასტრულ ცხოვრებას რომ შეუდგა, თავდაპირველად სკიტში დაემკვიდრა, ამ ადგილს კიბეს უწოდებენ. ბერთაგან აქ სხვამ ვერავინ შეძლო მოღვაწეობა, რადგან ჭისგან, რომლიდანაც წყალს იღებდნენ, თხუთმეტი მილით იყო დაშორებული. მამა პტოლემე ზაფხულის ცხელ დღეებში დიდი ჭურჭლით ეზიდებოდა წყალს, ზამთრობით კი, განსაკუთრებით დეკემბრისა და იანვრის ცივ დღეებში, კლდიდან ჩამონაჟონ წვეთებს კრებდა, რადგან ამ დროს კლდიდან განსაკუთრებით ბევრი ცვარი მოდის. იგი ამ გზით ავსებდა წყლის ჭურჭელს და ამას კმარობდა. ასე განვლო თხუთმეტმა წელმა.

პტოლემემ განმარტოებით იღვაწა ამ ადგილებში, ამ ხნის მანძილზე ის მოაკლდა წმინდა მამათა სულიერ სწავლებას და წმინდა ზიარებისგან განეყენა.

უგუნურებამ ისე მოიცვა ბერი, რომ ღვთისკენ სავალი გზიდან გადავიდა. სხვა ურწმუნოთა მსგავსად, ისიც ოდენ მეცნიერული აზრებით ცდილობდა შესაქმის დიდი საიდუმლოს ახსნას, ფიქრობდა, რომ სამყაროში ყველაფერი არაარსისგან, თავისთავად შეიქმნა. ყოველივე ამის შემდეგ კაცობრიობის მოძულე და მოშურნე ეშმაკმა მის გულში რისხვით ბოროტი აზრები დათესა, რომ აღარ დაემწყსო საკუთარი თავი, რადგან ამგვარი ღვაწლის სანაცვლოდ არაფერი მიეღო, ანდა რა სასჯელი მოელოდა, რომელსაც წერილი გვასწავლიდა, როცა ამ სოფელში ყველაფერი შემთხვევის შედეგი იყო.

ამგვარი ბოროტი ფიქრებით მოცული საწყალი პტოლემე ჭკუიდან შეცდა და დღემდე ამპარტავნების ვნებით მოწყლული ეგვიპტეში დახეტიალობს. მან თავი ნაყროვანებისა და მემთვრალეობის ვნებას მისცა, არავის ესაუბრება, არამედ ასე მდუმარედ დაწანწალებს უბანთა შორის. მის მნახველ ქრისტიანებსაც მწუხარება იპყრობს, ხოლო იმათთვის, რომელთაც ჩვენი ბერული მოღვაწეობის წესი არ უწყიან, სასაცილო და გასაკიცხია.

ისეთმა უკურნებელმა ვნებამ შეი პყრო გაამპარტავნებული პტოლემე, რომ ბოროტისგან ცთუნებული ფიქრობდა, გონიერებით ყველა წმინდა მამაზე უპირატესი ვარო. ის წარწყმედის უფსკრულში დაინთქა, რადგან რჩევა არავის ჰკითხა. როგორც კეთილ ხეს, მშვენიერი ფურცლითა და ნაყოფთა სიმრავლით დამძიმებულს, მყისიერად შეიძლება ყოველივე შემოეძარცვოს და გაშიშვლდეს, ასე დაემართა პტოლემესაც, რადგან წმინდა წერილის სწავლების თანახმად, ”ბრძნულ რჩევათა გარეშე ეცემა ერი, როგორც ფურცელი” (იგავ. 11.14).

დაცემული ქალწული

იერუსალიმში კიდევ ერთი ქალწული ვნახე, რომელიც ექვსი წლიდან ძაძით იყო მოსილი. იგი კარდახშულ სენაკში დაეყუდა, ყოველგვარ დედაკაცურ სურვილებს განერიდა და სისრულეს მიაღწია, მაგრამ ბოლოს, ამპატავნების ვნებით შეპყრობილი, უფალმა დატოვა. მან თავისი სენაკის კარი გააღო, შიგ მსახური შეიყვანა და მასთან დაეცა.

ეს ყოველივე ქალს იმის გამო დაემართა, რომ მოღვაწეობას რაიმე სულიერი მიზეზით ან ღვთის სიყვარულით კი არ შეუდგა, არამედ კაცთა სახილველად და ამპარტავნების გამო. ღვთისმსახურების სურვილი მისგან ქედმაღლობის დემონმა განდევნა, მოიკიცხა მისგან და იგი ქალწულებისა და სიწმინდის მცველმა ანგელოზმა მიატოვა.

ეს ყველაფერი იმისთვის დავწერე, სათნო და მორწმუნე ადამიანთა შორის გამორჩეულო კაცო, რომ ყველა მოღვაწემ გულისხმა-ყოს კაცობრიობის მტრის დაფარული მახეები და ივლტოდეს მისგან. რადგან მრავალი მოღვაწე მამა და დედა სისრულის მწვერვალიდან ეშმაკის დაგებულ მახეში გაება. ამგვარ მოღვაწეთაგან მცირედთა შესახებ გაუწყე, უმრავლესზე კი დავდუმდი, რადგან მათი ამბების მოთხრობა არც მათ აღადგენს და არც მე მომიტანს სარგებლობას. გარდა ამისა, მათ შესახებ თხრობის გაგრძელება ქრისტეს წმინდა მოღვაწეთა სათნო ცხოვრების გადმოსაცემად დროს აღარ დამიტოვებს.

ი ლ ი ა

იყო ერთი მოღვაწე, სახელად ილია. მას გამორჩეულად უყვარდა ქალწულები და ზრუნავდა მათზე, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ამგვარი სურვილებით აღძრულნი, დასასრულს ყველას დაანახვებენ, რომ ამ ყველაფერს სათნოებათა შესაძენად აღასრულებენ. ასეთი იყო ილიაც. მან ქალწულებზე ზრუნვის მიზნით ხმაურიანი ქალაქის ორომტრიალში თავისი სახსრებით მონასტერი ააშენა, სადაც მრავალი გზააცდენილი მოათავსა. მან შეიძინა ყველაფერი, რაც მონასტრული ცხოვრებისა და მათი სულების განსასვენებლად იყო საჭირო. ამქვეყნიური ცხოვრების შფოთსა და წესებს მიდევნებული დედები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ. ბერი ილია ცდილობდა, რომ მათ შორის სიმშვიდეს დაესადგურებინა. ისინი ბევრნი იყვნენ, ასე სამასნი.

გავიდა ორი წელი და ასაკით ჯერ კიდევ ჭაბუკ ილიას დედების მიმართ გულისთქმის ვნება გაუჩნდა. იგი ამ დროს ოცდაათი თუ ორმოცი წლის იყო და, რადგან გემოთმოყვარეობის ვნებით ჯერ კიდევ გამოიცდებოდა, იქაურობა დატოვა და უდაბნოს მიაშურა. იქ ორი დღის განმავლობაში მშიერ-მწყურვალი მიმოდიოდა და ღმერთს ასე ევედრებოდა: ”უფალო, ან მომკალი, რომ არ ვიხილო მათი უბედურება, ან ყველაფერი ისე განაგე, რომ ზრუნვა შევძლო მათზე”.

როცა მოსაღამოვდა, მამა ილიას უდაბნოში მიეძინა. როგორც თავად მოგვიყვა, მას სამი ანგელოზი გამოეცხადა, რომლებმაც ჰკითხეს: ”რატომ წამოხვედი დედათა მონასტრიდან?”

ბერმა ანგელოზებს წამოსვლის მიზეზი აუწყა. ისინი მამა ილიას შეეკითხნენ: ”თუ ამიერიდან გაგათავისუფლებთ მაგ ვნებისაგან, წახვალ და იზრუნებ მათზე?”

როცა უფლის ანგელოზებმა თანხმობა მიიღეს, ბერს ფიცის დადება მოსთხოვეს.

როგორც შემდეგ თავად გვაუწყა, მამა ილიამ ასე შეჰფიცა მათ: ”ვფიცავ ჩემს მზრუნველს, რომ ვიზრუნებ მათზე”.

როცა ბერმა ფიცი წარმოთქვა, ერთი ანგელოზი მის ფეხებზე დაჯდა, მეორე კი ხელებზე. ერთმა მათგანმა მახვილი აიღო და გამოასაჭურისა იგი. თუმცა, გამოსაჭურისება ნამდვილად კი არ მოხდა, არამედ ჩვენებით. მამა ილიას კი ეგონა, რომ მართლა მოხდა და ანგელოზებმა შემდეგ განკურნეს.

ამის შემდეგ უფლის მაცნეებმა ჰკითხეს:

- მიიღე სარგებელი ასეთი ქმედებისაგან?

მან კი მიუგო:

- დიდი სარგებლობის მომტანია ეს ყოველივე ჩემთვის, რადგან ვნებაც შემიმსუბუქდა და ტანჯვისაგანაც გავთავისუფლდი.

მაშინ ანგელოზებმა უბრძანეს:

- მაშ, წადი და იმავე ადგილას იღვაწე.

ხუთი დღის შემდეგ მამა ილია კვლავ მონასტერში დაბრუნდა. მთელი დედათა მონასტერი იგლოვდა მის წასვლას, ახლა კი სიხარულმა მოიცვა. დაბრუნებული ბერი მონასტრის განაპირა მდებარე ერთ სენაკში დაემკვიდრა. ამ მოშორებული სენაკიდან იგი უფრო მეტი გულმოდგინებით შეუდგა დედებზე ზრუნვას. ბერმა მათთან ერთად კიდევ ორმოცი წელი დაყო. იგი წმინდა მამებს დაბეჯითებით ეუბნებოდა: ”იმ დღიდან, რაც უკან დავბრუნდი, აღარასოდეს შევუწუხებივარ დედების მიმართ ვნებიან ფიქრებს”.

ასეთი მადლი მიანიჭა უფალმა ღირს ილიას, ასე იღვაწა ამ წმინდა მამამ, ასე ღირსეულად განაგო მონასტრული ცხოვრება და ღირსეულადვე აღესრულა.

დ ო რ ო თ ე

ღირსი ილიას გარდაცვალების შემდეგ ქალწულთა მონასტრის მზრუნველობა იტვირთა ერთმა გამოცდილმა მოღვაწემ. მას სახელად დოროთე ერქვა და კეთილი, ღვთივსათნო ცხოვრებით დაბერდა. იგი უფრო მეტი კრძალვით შეუდგა დედებზე ზრუნვას.

მამა დოროთე ილიას სენაკში კი არ დაემკვიდრა, არამედ ცალკე, ამაღლებულ ადგილას დაეყუდა და შესასვლელი კარი ჩარაზა. მან სენაკს პატარა სარკმელი დაუყენა და დედათა მონასტერს იქიდან ადევნებდა თვალ-ყურს. ამ სარკმელს წმინდა მამა ხან აღებდა, ხან კი ხურავდა. იგი მოუწყინებლად იჯდა სარკმელთან და დედების უშფოთველ და მშვიდ ცხოვრებაზე ზრუნავდა. ასე დაუბრკოლებლად დაყო მან სენაკში სიბერემდე. ამ ხნის განმავლობაში არც არავინ ადიოდა მასთან და არც თავად ჩამოდიოდა. შეუძლებელიც იყო ბერთან ასვლა, რადგან მის სამყოფელს კიბე არ ჰქონდა. ასე იღვაწა ნეტარმა დოროთემ და ასე აღესრულა.

პ ი ა მ უ ნ ი

ერთ დაბაში იყო ერთი ქალწული, სახელად პიამუნი. იგი დედასთან ერთად ცხოვრობდა და საზრდოს მხოლოდ დღეში ერთხელ, მზის ჩასვლის დროს იღებდა, დანარჩენ დროს კი სელს რთავდა. უფალმა მას წინასწარმეტყველების ნიჭი მიმადლა.

ერთხელ ასეთი რამ მოხდა: მდინარე ნილოსის ადიდებისას ეგვიპტელები ერთმანეთს შეებრძოლნენ, რათა მინდვრების მოსარწყავად რაც შეიძლება მეტი წყალი წაეღოთ. მათ შორის ბრძოლა ისე გამძაფრდა, რომ საქმე კაცის კვლამდე მივიდა.

ერთ დღეს ყველაზე ძლიერი და დიდი დაბის მოსახლეობა იმ დაბაზე თავდასასხმელად გამოემართა, რომელშიც ქალწული პიამუნი ცხოვრობდა. თავდამსხმელები ლახვრებითა და კვერთხებით იყვნენ შეიარაღებულნი და დაბის დარბევას აპირებდნენ. იმ ღამეს ქალწულს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აუწყა. პიამუნმა ეს ამბავი სოფლის უხუცესებს აცნობა და ურჩია, მომხდურებთან მისულიყვნენ და ეთხოვათ, რომ მათი სოფელი არ დაერბიათ, თორემ ყველა დაიხოცებოდა.

როცა უხუცესებმა ეს მოისმინეს, ძალიან შეშინდნენ, ქალწულს ფეხებში ჩაუცვივდნენ და უთხრეს: ”ჩვენ მათთან შეხვედრას ვერ გავბედავთ, რადგან ვიცით, რომ მრავალრიცხოვანნი და თან შეუგნებლები არიან. გევედრებით, რომ თავად წახვიდე, დაამშვიდო ისინი და უკან დაბრუნება სთხოვო”’.

უფლის წმინდა სარძლომ არ ისურვა თავდამსხმელებთან შეხვედრა, თავის სენაკში ჩაიკეტა, მუხლმოდრეკილმა უფლის წინაშე ილოცა და თანასოფლელები მას შეავედრა: ”უფალო, რომელიც მთელ ქვეყნიერებას სამართლიანად განსჯი, რომელსაც უსამართლობა არ გესათნოება, შეისმინე ჩემი ვედრება, აჩვენე შენი ძალმოსილება და მომხდურები უძვრელი სვეტებივით ერთ ადგილას გააჩერე”.

როცა წმინდა პიამუნმა ლოცვა დაასრულა, ასეთი რამ მოხდა: მეორე დღეს თავდამსხმელები სვეტებივით გაშეშდნენ და წინ ნაბიჯიც ვერ გადადგეს. გამოცხადებით უფალმა მათაც აუწყა, რომ ეს ყველაფერი პიამუნის თხოვნისამებრ შეემთხვათ.

მომხდურებმა დაბის მცხოვრებთ უთხრეს: ”მადლობა შესწირეთ უფალს და მართალი პიამუნის წმინდა ლოცვას, რომელმაც ჩვენ დაგვაყენა და თქვენ კი ბოროტებისგან გიხსნათ”.

ანგელოზისგან მონასტრისათვის წეს-განგების დაწესება

თებეში იმ ადგილას, რომელსაც ტაბენესს უწოდებენ, ცხოვრობდა ერთი ბერი, სახელად პახომი. მან თავისი მოღვაწეობით სათნოების უმაღლეს საფეხურს მიაღწია და წინასწარმეტყველების მადლის და ანგელოზთა ხილვის ღირსი გახდა, რადგან კაცთმოყვარეობით ყველასგან გამოირჩეოდა.

ერთ დღეს, გამოქვაბულში მყოფს, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა: ”პახომი, რადგან მოღვაწეობაში წარემატე, ნუღარ დაეყუდები გამოქვაბულში მარტო, გამოდი აქედან, შეკრიბე ჭაბუკი ბერები, მათთან ერთად დამკვიდრდი და იმ წესის მიხედვით დამწყემსე ისინი, რომელსაც მე გაუწყებ”.

ამ სიტყვების შემდეგ ანგელოზმა მას სპილენძის ფურცელი გადასცა, რომელშიც ასეთი რამ ეწერა: ”ყოველ ბერს იმდენი საზრდო და სასმელი დაუწესე, რამდენის მიღებასაც შეძლებს. საქმეც შესაბამისი მიუჩინე. ის, ვინც მომეტებულად მჭამელია, სამუშაოც მეტი შეასრულებინე. სუსტსა და მსუბუქად მჭამელს საქმეც მცირე დაუწესე. ერთ შემოსაზღვრულ ადგილას სენაკები ააშენე, თითოეულში სამ-სამი მოღვაწე მოათავსე. საერთო საზრდო ერთ სამყოფელში განაწესე. ძილის დრო რომ მოვა, ძმები საწოლში ნუ დაწვებიან, არამედ მაღალზურგიან დასაჯდომლებზე მოთავსდნენ და ასე დაიძინონ. ღამით მათ სელის პერანგები შეიმოსონ, ზემოდან სარტყელი შემოირტყან. თითოეულმა თხის თეთრი მოსასხამი ატაროს და მის გარეშე არც დაიძინოს და არც საზრდო იხმიოს. შაბათს და კვირას ქრისტეს წმინდა საიდუმლოსთან ზიარებისას სარტყელები მოიხსნან, მოსასხმელებიც გაიხსნან და მხოლოდ კუნკულებით* შევიდნენ”.

ანგელოზმა ბერებს ქუდები ბავშვების მსგავსად, ზეაღმართულები დაუწესა, ზედ გამოსახული იისფერი ჯვრით.

ძმები ოცდაოთხ ნაწილად უნდა ყოფილიყვნენ დაყოფილნი, ბერძნული ანბანის ოცდაოთხი ასოს შესაბამისად, და თითოეულს ამავე ანბანის ასოთა რიგის მიხედვით უნდა დარქმეოდათ სახელი. ასე დაიწყებოდა ალფადან ვიდრე ჰოემდე.

როცა არქიმანდრიტი რომელიმე დასით დაინტერესდებოდა, ასე იკითხავდა: ”როგორ არის ალფას, ზეტას ან რომელიმე დასი?” შემდეგ იკითხავდა როს შესახებ. ასე, თითოეულს თავისი სახელი ჰქონდა განჩინებული. წყნარ და მშვიდ მოღვაწეებს იოტა ეწოდა, ხოლო ფიცხებსა და რთულებს – ქსი. სახელები მათი კეთილი ქცევისა და სათნო ცხოვრების შესაბამისი იყო. ეს ყოველივე ამგვარად იმისთვის დაწესდა, რომ ძმები სულიერ გზაზე წარმატებულიყვნენ.

ანგელოზისგან განწესებულ წიგნში ისიც ეწერა, რომ სხვა მონასტრიდან მოსულისთვის, მისთვის განსხვავებული წესი უნდა დაედგინათ. ბერებს მასთან არც პური უნდა ეჭამათ, არც ესვათ. მას არც მონასტერში შესვლის უფლება ჰქონდა, გარდა უცხო მგზავრისა.

თუ ვინმე მონასტერში სამუდამოდ მოისურვებდა დამკვიდრებას, ასეთი ადამიანი მხოლოდ სამწლიანი მოღვაწეობის შემდეგ გახდებოდა საძმოს წევრი. ბერებს საზრდოს მიღების ჟამს თავი კუნკულით ჰქონდათ დაბურული, რათა არ ეხილათ ერთმანეთი ჭამის დროს. ჭამის შემდეგ ძმებს ლაპარაკი ეკრძალებოდათ, არც ერთმანეთის ჯამში უნდა ჩაეხედათ.

უფლის ანგელოზმა მონასტერს ლოცვების რაოდენობა და მათი შესრულების რიგიც განუწესა. მათ დღისით თორმეტი ლოცვა უნდა წარმოეთქვათ, ამდენივე – მწუხრისას; უნდა ელოცათ სამ და ცხრა საათზე. თუ ძმათაგან რომელიმე მოინდომებდა, შეეძლო თითოეული ლოცვის წარმოთქმის შემდეგ ფსალმუნიც წაეკითხა.

ანგელოზის ამგვარ დადგენილებას მამა პახომი წინ აღუდგა და უთხრა:

- ლოცვები, რომლებიც შენ დამაწერინე, მცირეა.

უფლის მაცნემ კი ასეთი პასუხი გასცა:

- მხოლოდ ამდენი იმიტომ დავწერე, რომ იგი ადვილად შესასრულებელი იყოს ძმათა შორის სუსტთათვისაც; რაც შეეხება ძლიერებს, ისინი წესის დადგენას არც საჭიროებენ, რადგან ასეთები თავიანთ სენაკებში განმარტოებულნი გამუდმებით უჭვრეტენ უფალს. მე კი წესი იმათ დავუდგინე, ვინც ჯერ კიდევ სუსტია გონებით, რადგან მათ, მსგავსად ურჩი გონებისა, ეს წესი უფლის შიშის გამო უნდა დაიცვან და ამ გზით კი სულის თავისუფლება მოიპოვონ.

სამონასტრო წეს-განგების დადგენის შემდეგ ანგელოზი პახომი დიდს გაშორდა. იმ დღიდან ამ წეს-განგებას აღასრულებენ ტაბენესის მონასტრები, სადაც შვიდი ათასი ძმაა შეკრებილი. ამ მონასტერთაგან უპირველესსა და უდიდეს მონასტერში პახომი იყო დამკვიდრებული. მისგან სხვა მონასტრებიც გაშენდა, რომელშიც ოცდაათი ათასმა მოღვაწემ მოიყარა თავი.

ამ ძმათა შორის იყო ერთი ღვთის მონა, სახელად აფთონი. იგი ჩემი ერთგული მეგობარი იყო და მონასტრის განმგებლად იყო დადგენილი. მას, როგორც გამოცდილსა და უფლის შეუდრეკელ მოღვაწეს, ხშირად აგზავნიდნენ ალექსანდრიაში ბერების ხელსაქმის გასაყიდად. აღებული თანხით მამა აფთონი მონასტრისათვის საჭირო სანოვაგეს იძენდა.

ამ ადგილებში იყო სხვა მონასტრებიც, რომელთაგან ზოგში ორასი კაცი მოსაგრეობდა, ზოგან სამასი. მაგალითად, პანოსტინში, სადაც თავად გახლდით და სამასი კაცისგან შემდგარი საძმო ვიხილე. ამ მონასტერში ჰყავდათ თხუთმეტი მკერავი, შვიდი სპილენ- ძის დამუშავების ოსტატი, ოთხი კალატოზი, თხუთმეტი მეაქლემე, თხუთმეტი მაუდის მწარმოებელი. ძმები რასაც მოირეწდნენ, მომეტებულს უგზავნიდნენ დედათა მონასტერს, ან მონასტრის მცველებს. ისინი ღორებსაც ზრდიდნენ და, როცა ვიკითხე, რატომ-მეთქი, ასეთი რამ მომიგეს: ”გადავწყვიტეთ, რომ ისინი ხორბლის ნარჩენებით, ან ხილითა თუ დარჩენილი წვნიანით გამოგვეკვება”.

როცა ღორები დაიკვლებოდა, ბერები ხორცს ყიდდნენ, თავფეხს კი უძლურებსა და მოხუცებს ურიგებდნენ. ქვეყანაში, სადაც მამები იყვნენ, მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა, ძირითადად ბერძნები.

ბერები საქმიანობას დილით ადრიანად იწყებდნენ. ზოგი სამზარეულოში იყო განწესებული, ზოგი – სატრაპეზოში და მათი საქმიანობა სამ საათამდე გრძელდებოდა. სადილობისას მაგიდაზე პურს, ზეთისხილს, მხალს, მწნილს, ყველს, კვერცხს, ხორცის ნაწილსა და უმ მხალს აწყობდნენ. პირველად, ექვს საათზე, საზრდოს ყველაზე უძლურები იღებდნენ, დანარჩენები – შვიდ, ცხრა და ათ საათზე, ზოგიც – მწუხრის ბოლოს. ზოგი ორ-ორჯერ, ზოგი სამჯერ, ზოგიც ხუთ-ხუთჯერ იღებდა საზრდოს.

ძმობა ანბანის რიგის მიხედვით სადილობდა და ასე ინაწილებდნენ შრომას. ზოგი მიწას ამუშავებდა, ზოგი ბოსტანს უვლიდა, ზოგი პურს აცხობდა, ზოგი მჭედლობდა. ზოგი კალატოზობდა, სხვები მაუდს ამუშავებდნენ, ნერგებს რგავდნენ, წერდნენ ან ქსოვდნენ. ყველა მათგანი წმინდა წერილის შესწავლას ესწრაფოდა.

-------------------------------------------------------------------------

* კუნკული - ბერის ქუდი

დედათა მონასტერი *

ამ ადგილას დედათა მონასტერიც იყო, სადაც ოთხასი მოღვაწე ცხოვრობდა. ისინი იმავე წეს-განგებას მისდევდნენ, რასაც მამები, ოღონდ განსხვავებული შესამოსელი ჰქონდათ. იგი მდინარე ნილოსის ერთ მხარეს იყო გაშენებული, მამათა მონასტერი კი მეორე მხარეს. როცა რომელიმე მათგანი გარდაიცვლებოდა, ცხედარს გააპატიოსნებდნენ, მდინარის პირას მიიტანდნენ და თავად იქაურობას ტოვებდნენ. ამის შემდეგ ძმები ნავით მოდიოდნენ, თან ბაიას ფურცლები და ზეთისხილის რტო მოჰქონდათ და გარდაცვლილის ცხედარი გალობით მეორე ნაპირას მიჰქონდათ, სადაც თავიანთ საძვალეში კრძალავდნენ.

დედათა მონასტერში, მღვდლისა და დიაკვნის გარდა, არავინ შედიოდა, ისიც კვირიდან კვირამდე. ამ მონასტერში ერთხელ ასეთი რამ მოხდა. მის კედლებთან ერთი მკერავი კაცი მივიდა, რომელიც სამუშაოს ეძებდა. ამ დროს იქ ერთი ახალგაზრდა ქალწული იყო გამოსული. ეს ადგილი უდაბნო იყო. ქალწულმა მოსულს უთხრა, რომ მკერავი არ სჭირდებოდათ, რადგანაც თავადაც ჰყავდათ. მათ საუბარს სხვა დათაგანი შეესწრო.

გამოხდა ხანი და ეშმაკმა ეს ქალწულები ერთმანეთს წაჰკიდა. ერთმა მეორეს მკერავთან საუბრის გამო ცილი დასწამა, მას დედების ერთი ნაწილი მიემხრო. ცილდაწამებული მონაზონი ძალიან შეწუხდა, სევდამ მას იმდენად დარია ხელი, რომ იქაურობას ჩუმად გაშორდა და თავი მდინარეში დაიხრჩო.

ცილისმწამებელი მიხვდა თავის დანაშაულს და შეშფოთებულმა თავადაც თავი მოიკლა. როცა მონასტერში მღვდელი მოვიდა, დედებმა ყოველივე აუწყეს. მან კი ბრძანა, რომ თვითმკვლელებისათვის არ ელოცათ. წმინდა მამამ ის ქალწულები, რომლებმაც მოპაექრეები არ დაამშვიდეს, შვიდი წელი განაყენა ზიარებისგან.

---------------------------------------------------------------------------

* ეს თავი ცალკე არ არის გამოყოფილი ზანდუკში

ამბავი ქალწულისა, რომელსაც წმინდა პიტირუმი ესტუმრა

ამავე მონასტერში ცხოვრობდა ერთი სალოსი ქალწული, რომელსაც ქრისტეს სიყვარულისთვის თავი ისე მოესულელებინა, რომ ყველას შეპყრობილი ეგონა. ამ წმინდა დედას სიმდაბლით სათნოებათა უმაღლესი მწვერვალისთვის მიეღწია. სხვა ქალწულები მას ისე ამცირებდნენ, რომ მასთან ერთად პურის ჭამასაც არ კადრულობდნენ. იგი ყოველივე ამას სიხარულით იღებდა, ჭკუა- შემცდარივით სამზარეულოში მიმოდიოდა და ყოველგვარ შეურაცხ მსახურებას მორჩილად აღასრულებდა. ემსახურებოდა ყველას, თავისი მორჩილებით ჰგავდა ღრუბელს, დედათა კრებულს რომ წმენდდა და საქმით აღასრულებდა სახარებისეულ სწავლებას: ”ვისაც უნდა დიდი იყოს თქვენ შორის, იყოს თქვენი მსახური” (მარკოზი 10, 43), ანდა: ”თუ ვინმეს ამ სოფელში თავი ბრძნად წარმოუდგენია, გაუგუნურდეს, რათა ბრძენი გახდეს” (I კორ. 3.18).

ამ მონასტრის დედები საკუთარ შესამოსლებს და კუნკულებს ატარებდნენ. ქრისტესთვის გასალოსებულ დედას კი თავი ძველი თავსაბურავით დაებურა და ყველაფერს ასე აღასრულებდა. ნეტარი ქალწული სამას მონაზონს შორის არც ერთს უხილავს ჭამის დროს, არასოდეს დამჯდარა მათთან მაგიდასთან, არც პურის ნატეხი აუღია, არამედ მხოლოდ ტაბლიდან დაყრილ ნამცეცებს იხმევდა და ჭურჭლის ნარეცხს ჭამდა. ასეთი შეურაცხი საზრდო კმა იყო მისთვის. ის დადიოდა ფეხშიშველი, დრტვინვისა და ლაპარაკის ნაცვლად დუმილი გამოერჩია, დაითმენდა სხვათაგან გინებას, წყევლასა და სიძულვილს.

ერთ გამოცდილ და განთქმულ მოღვაწეს, პიტირუმს, ერთხელ უფლის ანგელოზი გამოეცხადა და სალოსი ქალწულის ღირსების შესახებ აუწყა. მარტომყოფ ბერს ყველა განადიდებდა. გამოცხადებისას ზეციურმა მაცნემ მას ასეთი რამ უთხრა: ”რატომ გგონია, რომ შენი ღვაწლით ყველას წარემატე. გინდა, შენზე უპირატესი დედა იხილო? მაშ, წადი ტაბენესში, იქ, მონასტერში იპოვი ერთ ქალწულს, რომელსაც თავზე ძველი თავსაბურავი ახურავს. ის შენზე უმჯობესია, რადგან დიდ შფოთში უწევს ტრიალი, ყველას მორჩილად ემსახურება და არასოდეს შეცვლილა მისი გული ქრისტესთვის ამდენი შეურაცხყოფისა და დამცირების გამო. შენ კი აქ დამჯდარხარ, ქალაქისგან მოშორებით, და გონებით სცდები, რადგან არასოდეს გასულხარ სოფელში”.

წმინდა პიტირუმმა ეს რომ მოისმინა, მაშინვე ტაბენესის მონასტრისაკენ მიმავალ გზას დაადგა, იქ ჩასული წინამძღვარს შეევედრა, რომ დედათა სამყოფელისკენ წაეყვანა. მისმა მხილველმა ტაბენესელმა ბერებმა ძალიან გაიხარეს და მოღვაწეობაში დაბერებული მონაზონი მდინარეზე გადაიყვანეს. როცა დანიშნულ ადგილას მივიდნენ, ერთად ილოცეს.

მამა პიტირუმმა თითოეულ ქალწულთან პირისპირ შეხვედრა ითხოვა, როცა ყველა მონაზონი ერთად მოგროვდა, სალოსი დედა მათ შორის არ ჩანდა.

წმინდა პიტირუმმა შეკრებილებს ჰკითხა:

- ყველა მოიყვანეთ აქ?

ქალწულებმა უპასუხეს:

- დიახ, ყველანი აქ ვართ.

წმინდანმა კი უთხრა:

- გაკლიათ ერთი, რომლის შესახებაც უფლის ანგელოზმა მაუწყა.

დედებმა მაშინ ასეთი რამ მიუგეს:

- არის ერთი სალოსი, რომელიც სამზარეულოშია.

ასე უწოდებდნენ მას, რადგან გონებაშეშლილი ეგონათ.

ამ სიტყვებზე მამამ მათ უთხრა:

- მომგვარეთ ის, რათა ვიხილო.

სალოსი ქალწული მასთან მისულ დედებს არ დაემორჩილა, მასაც საღვთო გამოცხადება უნდა ჰქონოდა. მაშინ მონაზვნებმა ის იძულებით წამოიყვანეს და თან ეუბნებოდნენ, რომ წმინდა პიტირუმს მისი ნახვა სურდა. ამ მამის სახელი მოღვაწეთა შორის იყო გან- თქმული.

როცა სალოსი ბერთან იძულებით მიიყვანეს, ქალწულის ძველმანებით დაბურულ სახეს შეხედა, ფეხებში ჩაუვარდა და სთხოვა:

- მაკურთხე მე, ამმა! ასე უწოდებდნენ დედებს.

ნეტარი დედა თავადაც ჩაუვარდა პიტირუმს ფეხებში და შეჰღაღადა:

- თავად შენ მაკურთხე, ამბა და ჩემო მამავ!

როცა ეს ყოველივე დანარჩენებმა იხილეს, წმინდა ბერს ურჩიეს:

- ნუ იქცევით თქვენთვის შეუფერებლად, რადგან ის, ვისაც კურთხევას სთხოვთ, სულელია.

მაშინ მამა პიტირუმმა ყველას ასე მიმართა:

- სულელები თქვენ ხართ, ეგ კი თქვენზეც და ჩემზეც უპირატესია და ყველა ჩვენგანის დედაა. ამიერიდან ვილოცებ, რომ განკითხვის დღეს მისი მსგავსი პატივის ღირსი გავხდე.

ქალწულებმა წმინდანის ნათქვამი რომ მოისმინეს, ფეხებში ჩაუცვივდნენ წმინდანს, ტიროდნენ და ხმამაღლა აღიარებდნენ ყველაფერს, რაც ნეტარი დედისთვის მიეყენებინათ.

ერთმა მათგანმა თქვა:

- მე მას გამუდმებით ვკიცხავდი.

მეორემ – მე მას დავცინოდი.

სხვამ კი: - მე ვაგინებდი.

თავად წმინდა ქალწული დუმდა, სხვები კი ამბობდნენ: ”მე ბევრჯერ ჭურჭლის ნარეცხი გადავასხი”, ”მე მრავალჯერ ვგვემე”, ”მე დავაბრკოლე”, ”მე მისი ცხვირი ბევრჯერ მდოგვით ავავსე” – ყველა აღიარებდა, რა ტკივილიც მიეყენებინა ნეტარისთვის.

პიტირუმმა დედებისგან აღსარება ჩაიბარა და დალოცა ისინი. სალოსმა ქალწულმაც ილოცა მათთვის და კვლავ თავის სენაკს მიაშურა. ამის შემდეგ მონასტრის ყველა წევრი მას ემსახურებოდა და პატივს სცემდა. ნეტარ დედას კი ემძიმებოდა ასეთი მოპყრობა. ამიტომ ამ შემთხვევიდან რადენიმე დღის შემდეგ იდუმალ დატოვა მონასტრის კედლები და არავინ უწყის, სად წავიდა ან როგორ გარდაიცვალა. ასეთი ღვთისსათნო ცხოვრებით იღვაწა სალოსმა ქალწულმა, რომელიც ყველასთვის ჭეშმარიტი სიმდაბლის მაგალი- თად იქცა.

ამბავი იოანესი, რომელიც წინასწარმეტყველების მადლით შეიმოსა

ერთ ქალაქში, რომელსაც სახელად მგელი ერქვა, ცხოვრობდა ბერი იოანე. ის ბავშვობიდან კალატოზი იყო. მისი ძმა კი მღებავი. როცა იოანეს ოცდახუთი წელი შეუსრულდა, თავისი ძმა დატოვა და ხუთი წლის განმავლობაში მონასტრიდან მონასტერში მიმოდიოდა. ამის შემდეგ ამ ქალაქის მთის მწვერვალზე ავიდა და იქ სამი სენაკი ააშენა. ერთში ლოცულობდა, მეორეში სადილობდა, მესამეში კი ხელსაქმობდა. ამგვარ ყოფაში გაატარა მან ოცდაათი წელი. ამ ხნის განმავლობაში დაყუდებული ბერი სენაკის სარკმლიდან თავისი მსახურისგან იღებდა საზრდოს და იგი უფლისგან გახდა ღირსი წინასწარმეტყველების მადლის მიღებისა.

ბერმა იოანემ მრავალგზის შეატყობინა წინასწარ ნეტარ იმპერატორ თეოდოსის მოსალოდნელი ცვლილებები, როგორიც, მაგალითად, იყო: მძლავრი მაქსიმეს დამარცხება და გალიის (საფრანგეთის) მოქცევა. ასევე ახარა მას ევგენის ძლევაც. მეფე თეოდოსის ნეტარი მამისგან საკუთარი აღსასრული და, ამის შემდეგ, მისი ვაჟის გამეფების ამბავიც ეუწყა.

ბერ იოანეს, როგორც დიდ და სათნო ადამიანს, ყველა პატივს მიაგებდა. განსაკუთრებით კი ანგელოსთა თანამოდასე მეფე თეოდოსი. როცა მე სხვა ძმებთან ერთად ნიტრიის მთაზე ვიყავი, ჩვენ მისი სათნო ცხოვრების შესახებ გამოვიკითხეთ.

ძმათაგან ერთმა ასეთი რამ თქვა: ”მსურს, შევხვდე ისეთ ადამიანს, რომელიც მამა იოანეს იცნობს. ასევე მინდა, ვიცოდე, გავხდები თუ არა ღირსი მისი ხილვისა და მისგან სარგებლის მიღებისა. სანამ ყოველივე ამას არ შევიტყობ, არ წამოვალ ამ მთიდან”.

ეს რომ მოვისმინე, არავის არაფერი ვუთხარი, ისე წავედი და ერთი დღე ცალკე სენაკში დავეყუდე. მეორე დღეს სენაკის კარი გავაღე, ღმერთს შემწეობა ვთხოვე და თვრამეტი დღის მანძილზე თებეში ვიხეტიალე. მივდიოდი ხან ფეხით, ხან ნავით და ამ გზით მთის ძირს მივაღწიე.

ეს ის დრო იყო, როცა მდინარე ნილოსი დიდდებოდა და სულ უფრო მეტი ადამიანი ავადდებოდა. მეც დავსნეულდი და მცირე ხნით შევყოვნდი. როცა იმ ადგილს მივუახლოვდი, სადაც წმინდანი იყო, შესასვლელი კარი დაკეტილი დამხვდა, რადგან ძმებს აქ ზღუდე აეშენებინათ, რომელიც ას კაცს იტევდა. კარს ბერები ხუთი დღე კეტავდნენ და მხოლოდ შაბათსა და კვირას აღებდნენ. როცა ეს ამბავი შევიტყვე, გადავწყვიტე, შაბათის დადგომამდე მომეცადა. მოვიდა შაბათიც და ორი საათისთვის მასთან სასაუბროდ მივედი.

მამა იოანე სარკმელთან იჯდა და ვიღაცას ესაუბრებოდა. როცა მე დამინახა, მომიკითხა და თარჯიმნის საშუალებით მკითხა: ”ვინ ხარ და რისთვის მოხვედი?”

საუბრისას მასთან სოფლის მთავარი მოვიდა, მას ალპიდი ერქვა. ბერმა ის რომ დაინახა, ჩემთან საუბარი შეწყვიტა. მთავარს ადგილი დავუთმე და მათგან მოშორებით დავჯექი.

მე მოვიწყინე და გავბრაზდი ბერზე, რომელმაც შეურაცხმყო და მთავარს კი დიდი პატივით შეხვდა. გონება ამემღვრა და ვფიქრობდი, სამაგიერო როგორ მიმეზღო.

ამ ფიქრებში ვიყავი, როცა ქრისტეს წმინდა მსახურმა თავის თარჯიმანს, სახელად თეოდორეს, უხმო და უთხრა: `წადი და უთხარი სტუმრად მოსულ ძმას, რომ ნუ სულმოკლეობს, ახლავე დავემშვიდობები მთავარს და საუბარს კვლავ მასთან გავაგრძელებ~.

წმინდანს, როგორც ჩანს, ჩემი დაფარული ფიქრები შეეცნო. ეს რომ მოვისმინე, მისდამი მეტი მოკრძალება დამეუფლა. როცა მთავარი წავიდა, წმინდანმა ასეთი რამ მითხრა: ”რა გევნო ჩემგან, როცა პირველად მთავარს ვესაუბრე. ჩემი მხრიდან ეს უწესო მოქმედება არ არის და არც შენი განსაკითხი. არ იცი, რომ დაწერილია: ”არ სჭირდებათ ჯანმრთელებს მკურნალი, არამედ ავადმყოფებს” (მათე 9,12).

მე შენ მაშინ გიპოვი, როცა მომესურვება, ასევე შენც. მე თუ ვერ გასწავლი ან ვერ განუგეშებ, სამაგიეროდ, შენი ძმები გასწავლიან და ნუგეშსაც გცემენ. ის კი, მთავარი, სოფლის საეშმაკო საზრუნავს არის მიცემული. ახლა მცირე ხნით აეხილა თვალი. როგორც მრისხანე ბატონს დამონებულმა მსახურმა, ამანაც ცოტა დრო გამოძებნა და სარგებლის მისაღებად ჩემთან მოირბინა. ამიტომ ჩემი მხრიდან დანაშაული იქნებოდა, რომ ის დამეტოვებინა და საუბარი შენთან გამეგრძელებინა, რომელიც ისედაც მარადიული ცხოვრების მოსწრაფე ხარ”.

ეს რომ მოვისმინე, შევევედრე, რომ ჩემთვის ელოცა, რადგან დავრწმუნდი, რომ მამა იოანე ჭეშმარიტად საღვთო სჯულით იყო აღსავსე. მაშინ ბერმა თავისი მადლიანი მარჯვენა ფრთხილად მარცხენა ღაწვზე დამადო და მითხრა: `წინ მრავალი განსაცდელი გელოდება. მრავალ ბრძოლას დაითმენ უდაბნოში გასასვლელად. ამ ბრძოლაში თითქმის დაიძლევი კიდეც. მტერი მამისა და შენი და-ძმების მონაზვნურ გზაზე დადგომის სურვილით აღგძრავს. მე კი გახარებ, რომ ორივემ უკვე ამ სოფელს ზურგი აქცია. მამაშენი კიდევ შვიდი წელი იცოცხლებს. შენ კი უდაბნოში მოსაგრეობა დაითმინე და ნუ მიატოვებ მათი მიზეზით, რადგან დაწერილია: ”ვინც ადებს ხელს სახნისს და იყურება უკან, არ გამოდგება ღვთის სასუფევლისთვის” (ლუკა 9, 62).

ასეთი სასარგებლო რჩევისთვის ღმერთს მადლობა შევწირე. ამის შემდეგ მადლმოსილმა იოანემ მკითხა:

- გინდა, რომ ეპისკოპოსი გახდე?

მე კი მივუგე:

- არა მარტო მინდა, არამედ ვარ კიდეც.

მან მკითხა:

- რომელი ქალაქის?

მე მივუგე:

- მე ვარ ეპისკოპოსი სამზარეულოების, მაგიდების, ღვინით სავსე ჭურების. როცა ღვინო დაძმარებულია, ვშორდები, და თუ კარგია, ვსვამ. ასევე განვაგებ საჭმელს. თუ რომელიმეს მარილი აკლია ან სხვა საკმაზი, შევაზავებ და ისე მივირთმევ. ესაა ჩემი საეპისკოპოსო და განსაგებელი, რისთვისაც ნაყროვანებამ დამასხა ხელი.

ჩემს ნათქვამზე წმინდა მამას გაეღიმა და მითხრა:

- მიატოვე ასეთი საუბარი, რადგან შენ ეპისკოპოსი ნამდვილად გახდები. ოღონდ იცოდე, მრავალი განსაცდელის დათმენა მოგიწევს, მაგრამ თუ ჭირს გაექცევი, უდაბნოს ნუ მიაშურებ, რადგან იქ ვერავინ შეძლებს შენს ხელდასხმას.

როცა ღვთისკაცისგან ასეთი რამ მოვისმინე, უდაბნოში ძველ ადგილს დავუბრუნდი და წმინდა მამებს ყოველივე ვაუწყე. ისინი ორი თვის შემდეგ ნავით მის სანახავად წავიდნენ. მე კი, საწყალმა, წმინდანის ნათქვამი დავივიწყე და სამი წლის შემდეგ დავსნეულდი. ძმებმა ალექსანდრიაში გამგზავნეს, რადგან ლამის წყალმანკით დავავადმყოფდი. ალექსანდრიაში მირჩიეს, რომ პალესტინაში გავმგზავრებულიყავი, სადაც მსუბუქი ჰაერი იყო. პალესტინიდან ბითვინიაში წამოვედი და არ ვიცი, როგორ, კაცობრივი სწრაფვითა თუ უმჯობესის ხელდასხმით, ეს მხოლოდ უფალმა უწყის, გავხდი ღირსი ხელდასხმისა. ამავე დროს, გავიზიარე ნეტარი იოანე ოქროპირის გასაჭირიც, რადგან თერთმეტი თვის მანძილზე ბნელ სენაკში ვიყავი გამოკეტილი და ვიხსენებდი საკვირველი კაცის ნათქვამს, რომელიც წინასწარ მაუწყა და საქმითაც აღსრულდა.

ქრისტეს ჭეშმარიტმა და საკვირველმა მოღვაწემ სხვა რამეც მითხრა. მან მირჩია, უდაბნოში დავრჩენილიყავი და არსად გავსულიყავი. ბერმა თავისი თავის შესახებ ასეთი რამ მაუწყა: ”უკვე ორმოცდარვა წელია, რაც ამ სენაკში ვარ. ამ ხნის მანძილზე არც ქალის სახე მიხილავს, არც ფული. არც არავის უნახავს, თუ როგორ ვჭამ და ვსვამ”.

ამ წმინდანის შესახებ უფლის მხევალმა პიმენმა ასეთი რამ მიამბო: ”მართალია, პირისპირ მის ნახვას ვერ ვეღირსე, მაგრამ წმინდა იოანემ სხვა კაცის პირით შემომითვალა, რომ თებედან მოსული ალექსანდრიაში არ მივსულიყავი, რადგან განსაცდელი მელოდა. მე ყურად არ ვიღე მადლმოსილი ბერის ნათქვამი, რადგან ამ ქალაქის ნახვა მსურდა. გზად, ნიკიელთა ქალაქის მახლობლად, ნავით წავედი. ჩემთან მყოფ კაცებს ამ სოფლელ კაცებთან ჩხუბი მოუვიდათ. ერთ საჭურისს თითი მოჰკვეთეს, ერთი კი მოკლეს. წმინდა ეპისკოპოსი იოანე მდინარეში ჩააგდეს, ხოლო სხვებს აგინეს და ისე გააგდეს”. აი, ასეთია ღირსი იოანე თებელის წინასწარმეტყველება.

პოსიდონ თებელი

გამოცდილი მოღვაწის – ნეტარი პოსიდონ თებელის შესახებ მრავალი რამ ვერ გაუწყეთ. კერძოდ, თუ რაოდენ მშვიდი და უმანკო იყო და როგორ მოღვაწეობდა. ბეთლემში ყოფნისას მის მახლობლად დავყავი. ზემოხსენებულმა პიმენმა ამ მამის მრავალ სათნოებათაგან შემდეგზე მომითხრო:

”პორფირიტთან ერთი წელი დავყავი სამოღვაწეოდ, - როგორც  თავად პოსიდონი ამბობდა, - წლის განმავლობაში არც არავის დავლაპარაკებივარ და არც სხვათა საუბარი მომისმენია. არც პურს შევხებივარ, არამედ მცირე ოდენობით ფინიკს და გარეულ მხალს ვიღებდი. ერთ დღეს, როცა საზრდო შემომაკლდა, გამოქვაბულიდან გამოვედი და ასე ორი მილი ვიარე. გზაში ცხენზე ამხედრებული კაცი შემომხვდა, ბრწყინვალე სამოსი ეცვა და თავზე ჩაფხუტი ეფარა. ის გარეგნულად მხედარს ჰგავდა. შეშინებულმა გამოქვაბულში დაბრუნება გადავწყვიტე, გზაში ახალმოკრეფილი ყურძნითა და ლეღვით სავსე ჭურჭელი ვიპოვე. გახარებული გამოქვაბულში შევედი და ორი თვე ამ ხილით ვსაზრდოობდი~.

წმინდა პოსიდონმა სხვა სასწაულიც აღასრულა.

იყო ერთი ფეხმძიმე ქალი, რომელსაც არაწმინდა სული დაეუფლა. როცა მშობიარობის ჟამი მოვიდა, ბოროტი სული ისე გამძვინვარდა, რომ ქალმა ვეღარ შეძლო მოლოგინება და საშინლად იტანჯებოდა. მისი ქმარი პოსიდონთან მივიდა და სთხოვა, სახლში წაჰყოლოდა. წმინდა მამა დაემორჩილა მის თხოვნას. მათთან მისულმა მუხლმოდრეკით ილოცა და ბოროტი სული ქალისგან გავიდა. ამის შემდეგ წმინდანმა ასეთი რამ გვითხრა: ”გევედრებით, რომ ყველამ ილოცოთ. რადგან არაწმინდა სულის გასვლის ნიშნად სასწაული მოხდება, რათა ეს ყოველივე ირწმუნოთ”.

მართლაც, ბოროტის გასვლასთან ერთად სახლის ბჭე საძირკვლიანად დაინგრა. ეს ქალი ექვსი წელი დამუნჯებული იყო. ეშმაკის გასვლისა და ბავშვის შობის შემდეგ ის ისევ ამეტყველდა. ამ საკვირველი კაცის ნაწინასწარმეტყველები მეც ვიხილე. იმ ადგილას ერთი მღვდელი ცხოვრობდა, სახელად იერონიმე. ის კეთილი ძირიდან იყო აღმოცენებული და ენამახვილობითა და სათნოებებით გამოირჩეოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი შურით იყო შეპყრობილი, რომ მისი ყველა სათნოება გადაფარა. ამ კაცთან სანატრელი პოსიდონი რამდენიმე დღე დარჩა. ერთ დღეს მან ყურში ჩამჩურჩულა: ”მისთვის მზრუნველი კეთილშობილი პავლა მასზე ადრე გარდაიცვლება”.

როცა მღვდელმა წინასწარმეტყველების ამბავი შეიტყო, ძალიან შეწუხდა. მან გადაწყვიტა, რომ იმ ადგილას არა მხოლოდ მამები აღარ დამკვიდრებულიყვნენ, არამედ თავად მისი ძმაც კი. იერონიმე ისე გაბოროტდა, რომ სანატრელი ოქსიპირემენტი იტალიაში გააძევა, ვინმე პეტრე კი ეგვიპტეში.

ნეტარ პოსიდონს იცნობდა ერთი საკვირველი კაცი, რომელსაც სახელად სოლომონი ერქვა. მან ამ წმინდა მამის შესახებ ასეთი რამ მაუწყა: ”ამ წმინდა მამას ორმოცი წელი პურის გემო არ ენახა და არც ვინმესადმი გულძვირად ყოფილა”.

ასეთია ღვაწლი და სასწაულები ქრისტეს ახოვანი მოღვაწის – ნეტარი პოსიდონისა, რომლის სულიერ წარმატებათა შორის ყველაზე გამორჩეული წინასწარმეტყველების ნიჭი იყო, რის გამოც იგი მარადიული მოხსენებისა და კეთილი აღსასრულის ღირსი შეიქმნა.

სერაპიონ ეგვიპტელი

იყო ერთი მოღვაწე, სახელად სერაპიონი. ის წარმოშობით ეგვიპტელი იყო და მეტსახელად სიდონს ეძახდნენ, რადგან სიდონის (სელის სამოსის) გარდა არაფერს იცვამდა. სანატრელმა მამამ ისეთი უპოვარება მოიპოვა, რომ უვნებლობის სიმაღლემდე ავიდა.

წმინდა წერილში ღრმად განსწავლული ეს წმინდა მამა, უპოვარებითა და სულიწმიდის მადლით საღვთო სიტყვაში გაწვრთნილი, თავის სენაკშიც არ ჩერდებოდა, რათა რომელიმე ნივთზე არ მიჯაჭვულიყო. ის სოფლიდან სოფელში მიმოდიოდა სრულიად უპოვარი და ამ გზით უვნებლობა მოიპოვა. ამგვარი გზა მოიფიქრა წმინდა მამამ, რათა წესიერად ეცხოვრა და უფლისთვის სათნო ყოფილიყო, რადგან არსებობს სხვადასხვა სახე კაცთა ქცევისა, რომელიც არსობრივად კი არ განსხვავდება, არამედ პიროვნულად, რაც მას ჭეშმარიტ თავისუფლებას ანიჭებს.

ამ ნეტარი მოღვაწის შესახებ მამები გვიყვებოდნენ, თუ როგორ დაემგზავრა ერთ ადამიანს, რომელიც თავის ბატონად გამოაცხადა და მას თავი ოც ოქროს მონეტად ერთ ბერძენ კაცზე მონად მიაყიდვინა. ეს ბერძენი კერპთაყვანისმცემელი მსახიობი იყო.

მამა სერაპიონი მთელ მის სახლეულობას მოთმინებით ემსახურებოდა. მათთან ერთად დახეტიალობდა მანამ, სანამ ისინი ღვთის გზაზე არ მოაქცია და თეატრალურ სანახაობათაგან არ განაშორა. ვიდრე მათ ემსახურებოდა, წყლისა და პურის გარდა არაფერს იხმევდა და თავის ბატონს გამუდმებით წმინდა წერილში წვრთნიდა. სერაპიონმა თავდაპირველად სწორედ ის მოაქცია ჭეშმარიტ რჯულზე. შემდეგ ბატონის მეუღლე, ბოლოს კი მთელი სახლეულობა.

ამბობდნენ, რომ სანამ ისინი წმინდა მამის ვინაობას გაიგებდნენ, ცოლ-ქმარს ფეხებს ბანდა და ყოველგვარ შეურაცხ საქმიანობას თავმდაბლობით აღასრულებდა. როცა ორივე მოინათლა, სერაპიონს აღარ იმსახურებდნენ, სამსახიობო საქმიანობაც მიატოვეს და ღვთისმსახურებით ცხოვრობდნენ. ცოლ-ქმარმა წმინდანს მოკრძალებით ასეთი რამ უთხრა: ”მოდი, ძმაო, როგორც შენ განგვათავისუფლე ბოროტის მონებისაგან, ისე შენ გაგათავისუფლებთ ჩვენ”.

დიდმა სერაპიონმა მათ მიუგო: ”რადგან უფალი შემეწია და თქვენც თანაშემწენი იყავით, რომ ღვთის გზაზე შემდგარიყავით და თქვენი სულები გადამერჩინა, ამიერიდან ჩემი ფერისცვალების საიდუმლოს გაუწყებთ:

მე წარმოშობით თავისუფალი ეგვიპტელი ბერი ვარ. თქვენი სულები შემებრალა და თქვენი ცხონებისათვის თავი მონად მოგყიდეთ. ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ეს ყველაფერი ჩემი სიმდაბლით აღასრულა, ამიტომ უკან მიიღეთ თქვენი ოქრო. მე კი სხვების შესაწევნელად გავემართები”.

ცოლ-ქმარი წმინდანს ევედრებოდა, რომ კვლავ მათთან დარჩენილიყო და მათი სულების გამგებელი გამხდარიყო. როცა ვერ დაარწმუნეს, ასეთი რამ უთხრეს:

- ეს ოქრო გლახაკებს დაურიგე, რადგან ჩვენ საუკუნო გვირგვინები შეგვაძენინე.

მან კი მიუგო:

- თქვენ თავად გაეცით, რადგან სხვის კუთვნილ ოქროს მე ვერ დავურიგებ გლახაკებს.

ისინი კვლავ აიძულებდნენ წმინდანს, რომ იმ წელს მაინც დარჩენილიყო მათთან, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.

ჩვეულებისამებრ, ეს წმინდა მამა ერთხელ საბერძნეთში გაემგზავრა. იგი სამი დღე დადიოდა ათენის ქუჩებში, მაგრამ პურით არავინ მოიკითხა, არც თავად ჰქონდა მის შესაძენად ფული, რადგან უპოვარს არაფერი აქვს: არც კვერთხი, არც მოსასხამი, არც სხვა რამ, გარდა ერთი სელის შესამოსლისა. მეორე დღეს მამა სერაპიონს ძალიან მოშივდა, რადგან უზმად გაეტარებინა, უნებლიე მარხვას კი ადამიანი უსასოებამდე მიჰყავს. ის ქალაქის ერთ უბანში შეჩერდა, სადაც მრავალ ადამიანს მოეყარა თავი. წმინდა მამა ხმამაღლა მოთქვამდა, ხელებს სახეში იცემდა და ამბობდა: ”ბერძნებო, შემეწიეთ!”

ისინი ნელ-ნელა მის გარშემო მოგროვდნენ, ტანზე იისფერი და წითელი ტანსაცმელი ემოსათ. მათ სერაპიონს ჰკითხეს:

- ვინ ხარ და რა გაწუხებს?

მან კი მიუგო:

- წარმოშობით ეგვიპტელი ვარ. როცა ჩემი მშობლიური მამულიდან წამოვედი, სამი რამ მაწუხებდა. აქედან ორი რამ ჩამომცილდა, რადგან სამაგიერო მიიღეს და აღარ მაწუხებენ. ხოლო მესამე კი აღარ მშორდება, რადგან ძალა აღარ მყოფნის, რომ ჩამოვიშორო.

მათ ჰკითხეს:

- სად არიან შენი შემაწუხებლები, გვიჩვენე, რომ მათ ჩამოცილებაში დაგეხმაროთ.

მან კი მიუგო:

- ბავშვობიდანვე მაშფოთებს სიმდიდრის სიყვარული, სიძვა და გემოთმოყვარეობა. ორმა მათგანმა უკვე მიმატოვა, რადგან არც ოქრო მაქვს და არც სხვა რაიმე სიმდიდრე, არც განცხრომას ვეძლევი, რომელიც სიძვის სურვილებს აღვიძებს. ამის გამო აღარ მაწუხებენ ისინი. გემოთმოყვარეობისაგან განშორება კი ვერ შევძელი, რადგან აგერ უკვე მეოთხე დღეა, არაფერი მიჭამია და მაწუხებს ბოროტი მასესხებელი მუცელი. ის ჩვეულებისამებრ მთხოვს, რომ გადავუხადო გადასახდელი. ამის გარეშე კი არ შემინდობს.

იქ მყოფ ფილოსოფოსებს მისი ნათქვამი სასაცილოდ არ ეყოთ და ერთი ოქროს მონეტა მისცეს. მან ეს მონეტა აიღო, იქვე საცხობში ერთი პური აიღო და იქაურობას გაშორდა. ფილოსოფოსები მიხვდნენ, რომ მას ჭეშმარიტი სათნოებითი ცხოვრება მოეპოვებინა, მეპურესთან მივიდნენ, პურის ფული გადაიხადეს და თავიანთი ოქრო უკან დაიბრუნეს.

თავად სანატრელი მამა ლაკიდემონელთა ქალაქისაკენ გაემართა, რადგან შეიტყო, რომ ამ ქალაქის მთავარი მთელ თავის სახლეულობასთან ერთად მანიქეველთა სექტას მისდევდა, სხვა მხრივ კი ყოველგვარი სათნოებით იყო შემკული. მონაზონთა შორის გამორჩეულმა მამამ მათ თავი ჩვეულებისამებრ მონად მიჰყიდა, სამი წლის განმავლობაში ქალაქის მთავარი მეუღლესთან და მთელ სახლეულობასთან ერთად მოაქცია და ტაძარში მიიყვანა. მათ ისე შეიყვარეს წმინდა სერაპიონი, როგორც ძმა ან მათზე უპირატესი მამა. ასე ეპყრობოდნენ და მასთან ერთად ადიდებდნენ უფალს.

მცირე ხნის შემდეგ ამ ოჯახსაც გაშორდა თავისი სიმტკიცით ანდამატს შემსგავსებული მამა. თანხა, რომლითაც მთავარს თავი მიჰყიდა, უკან დაუბრუნა და ცარიელ-ტარიელი ნავით რომისკენ გაემართა. მენავეებმა იფიქრეს, რომ მას სამგზავროდ ოქრო ან სხვა რამ ექნებოდა, ამიტომ წმინდანი ნავში დაუბრკოლებლად შეუშვეს. როცა ალექსანდრიისკენ აიღეს გეზი, დაახლოებით ხუთასი სტადიონი გაცურეს. მზის ჩასვლისას მენავეებმა თავიანთი საგზალი ამოიღეს და ჭამა დაიწყეს. მათ დაინახეს, რომ პირველ დღეს მამა სერაპიონმა არაფერი იხმია და იფიქრეს, რომ ნავში შესვლისას, ეტყობა, რამით განაწყენდაო. ასე გაგრძელდა მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე დღესაც. ბერი ჩვეულებისამებრ მშვიდად იჯდა.

მენავეებმა ჰკითხეს:

- რატომ არ ჭამ?

მან კი მიუგო:

- იმიტომ, რომ არ მაქვს.

მენავეებმა ერთმანეთში დაიწყეს გამოკითხვა, თუ ვინ აიღო მისი საგზალი. როცა დარწმუნდნენ, რომ არავის აეღო, წმინდანს წაეჩხუბნენ:

- როგორ შემოხვედი ნავში ცარიელ-ტარიელი ან კიდევ ამხელა გზაზე სად გაქვს შენთვის მოსახმარი ან სხვისთვის მისაცემი? - ეკითხებოდნენ ბრაზმორეულები.

სერაპიონმა მათ სულგრძელად მიუგო:

- მე არაფრის მქონებელი ვარ, ადექით და ისევ იქ დამაბრუნეთ, საიდანაც წამომიყვანეთ.

მენავეებმა უთხრეს:

- ასი ოქროც რომ მოგვცე, ამას ვერ შევძლებთ, თუნდაც კარგი ამინდი იყოს.

ასე დატოვეს ნეტარი მამა ნავში და მთელი გზა თავიანთი საზრდოთი უმასპინძლდებოდნენ.

როცა ქრისტეს ჭეშმარიტი მსახური რომში ჩავიდა, გამოიკითხა, თუ ვინ იყო აქ მოღვაწე მონაზონთა შორის უპირატესი. მან შეიტყო ერთი ახოვანი ბერის – დომნინეს შესახებ, რომელიც მონაზვნურ ცხოვრებაში დამაშვრალიყო. მისი სახელი ყველგან იყო განთქმული, იგი მრავალ სასწაულს აღასრულებდა. ამბობდნენ, როცა ის გარდაიცვალა, მისმა წმინდა ნაწილებმა კურნების მადლი შეიძინესო.

მამა სერაპიონი დომნინეს პირისპირ შეხვდა და გამოჰკითხა, თუ კიდევ ვინ იყო ამ მხარეში გამორჩეული მოღვაწე. სიკეთითა და გონიერებით შემკულმა ბერმა ერთ დაყუდებულ ქალწულზე მიუთითა, რომელიც აგერ უკვე ოცდახუთი წელი მოსაგრეობდა და არავის ესაუბრებოდა. ნეტარმა სერაპიონმა მისი სამყოფელი გამოიკითხა და მისკენ გაეშურა. იქ მისულმა მსახურ ქალს აცნობა, რომ დაყუდებული ქალწულის მოსანახულებლად იყო მოსული.

მან კი მიუგო:

- უკვე მრავალი წელია, არავის ელაპარაკება.

ნეტარმა სერაპიონმა უთხრა:

- შეატყობინე, რომ თავად უფალმა გამომგზავნა მასთან სასაუბროდ.

მსახურმა ქალმა არც ამის შემდეგ გადაწყვიტა რაიმეს თქმა. ეს ყოველივე წმინდა მამამ სამი დღის მანძილზე სულგრძელად დაითმინა, ბოლოს კი მაინც მოახერხა ქალწულის ხილვა. როცა მის წინაშე წარდგა, ასეთი რამ ჰკითხა:

- რატომ ზიხარ აქ?

ქალწულმა კი უპასუხა:

- კი არ ვზივარ, არამედ მივდივარ.

ბერმა კვლავ ჰკითხა:

- სად მიდიხარ?

მან კი მიუგო:

- ჩემს ღმერთთან.

უფლის მონამ ისევ ჰკითხა:

- ცოცხალი ხარ თუ მკვდარი?

ქალწულმა უპასუხა:

- მწამს ღვთისა, რომ ნამდვილად მკვდარი ვარ, რადგან ის, ვინც ხორცით ცოცხალია, ვერ შეძლებს უფლისკენ სვლას.

ეს რომ მოისმინა ნეტარმა სერაპიონმა, ასეთი რამ უთხრა:

- იმისთვის, რომ დამარწმუნო, ნამდვილად მოკვდი, ჰყოფ იმას, რასაც მე ვიზამ?

მან მიუგო:

- მაუწყე, რის გაკეთებასაც მთხოვ და შევასრულებ.

წმინდანმა უპასუხა:

- მკვდრისთვის ყველაფერი შესაძლებელია და ასევე შენგანაც, გარდა უწესო ქმედებისა. მაშ, გამოდი მანდედან და მე გამომყევი.

ქალწულმა ჰკითხა:

- ოცდახუთი წელია უკვე, რაც აქედან არ გამოვსულვარ და დღეს რა მიზეზით უნდა გამოვიდე?

ბერმა მიუგო:

- აი საკვირველება, შენ არ ამბობდი, რომ სოფლისთვის მოკვდი? მაშ თუ ასეა, გამოდი მანდედან, რადგან მკვდარს არაფერი აწუხებს და არც შენ უნდა შეწუხდე ამის გამო.

ქალწულმა რომ ეს სიტყვები მოისმინა, გამოქვაბულიდან გამოვიდა და ერთ ტაძარში მივიდა. წმინდა მამაც იმ ტაძარში მივიდა და მას უთხრა: ”თუ გსურს, საბოლოოდ დამარწმუნო, რომ ნამდვილად მოკვდი, აღასრულე, რის გაკეთებაც მე შემიძლია. მხოლოდ ამის შემდეგ ვირწმუნებ, რომ ამ სოფლისათვის მოკვდი”.

ქალწულმა უპასუხა:

- ამდენი წელია სენაკში ვიყავი დაყუდებული და გამოვედი. ახლა კიდევ რა გნებავს, რომ ჩავიდინო?

ბერმა მიუგო:

- მნებავს, რომ ტანსაცმელი გაიხადო, დაიწყო მხარზე, როგორც მე და ასე გაიარო ქალაქში. მე კი უსირცხვილოდ წაგიძღვები წინ.

გაოცებულმა ქალწულმა უთხრა:

- ასე რომ მოვიქცე, ჩემი უშვერი ქმედებით მრავალ ადამიანს დავაბრკოლებ. იფიქრებენ, რომ შევიშალე და ეშმაკეული გავხდი.

სანატრელმა სერაპიონმა მიუგო:

- ამას თუ იტყვიან, მერედა შენ რა? როგორც თავად ამბობ, სოფლისთვის მკვდარი ხარ. და თუ ეს ნამდვილად ასეა, მკვდარს სულაც არ აწუხებს, ვინ დასცინის ან ვინ აგინებს, რადგან ის უგრძნობელია ყოველივე ამის მიმართ.

ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ წმინდანს ქალწულმა უთხრა:

- გევედრები, სხვას, რასაც მიბრძანებ, აღვასრულებ, ასე კი ვერ მოვიქცევი, რადგან ამ სიმაღლემდე ჯერ არ ავსულვარ. ამიერიდან ვილოცებ, რომ ამ ზომამდე მივიდე.

მაშინ ვნებებისაკენ ყოვლადმიუდრეკელმა ქრისტეს მონამ ასეთი რამ მიუგო ქალწულს:

- შეხედე, დაო, დიდი ნუ გგონია შენი თავი. ნუ ფიქრობ, რომ ყველაზე წმინდა ხარ და ამ სოფლისათვის მოკვდი. ამ ყველაფრით ისწავლე, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ და კაცთაგან სათნოყოფას ესწრაფვი. მე კი შემიძლია საქმით გიჩვენო, რომ სოფლისთვის შენზე მეტად მოვმკვდარვარ და უვნებელობა მომი პოვებია. ის, რაც შენ სიტყვით გითხარი, ძალ-მიძს, რომ მე საქმით აღვასრულო.

ასეთი სიტყვებით მიდრიკა წმინდა მამამ ქალწული ჭეშმარიტი სიმდაბლისაკენ და დაარწმუნა, რომ ჯერაც არ შეემუსრა ბოლომდე თავისი სიამაყე და სოფლისთვის ჯერაც ცოცხლობდა. ამის შემდეგ ეს ნეტარი მამა ქალწულს გაშორდა.

ასეთია ცხოვრება ყოვლადუპოვარი და უვნებელი სერაპიონისა, რომელმაც ამის გარდა კიდევ მრავალი დიდი სასწაული მოახდინა. მათგან მხოლოდ მცირედის შესახებ მოგიყევით. სათნოებით მოსილი და უფლისგან გაბრძნობილი ეს წმინდა მამა იმავე უდაბნოში დაიმარხა.

პიორ ეგვიპტელი

იყო ერთი ეგვიპტელი კაცი, სახელად პიორი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ის თავისი მამულიდან წამოვიდა და ღვთის წინაშე აღთქმა დადო, რომ თავისი ოჯახის წევრებს შორის აღარავის მოინახულებდა.

გავიდა ამ ამბიდან ორმოცდაათი წელი და მისმა მოხუცებულმა დამ ვიღაცისგან შეიტყო, რომ პიორი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. რადგან ის მხარე უდაბური იყო და მარტო ვერ შეძლო დიდი ხნის უნახავი ძმის მონახულება, დახმარებისათვის იმ ადგილის ეპისკოპოსს მიმართა. მანაც, მოხუცებული ქალის თხოვნით, ბერს წერილი მისწერა.

წმინდა მამების იძულებით, პიორი საკუთარი მამულისკენ გამოემართა. მან თან ერთი ძმათაგანი წამოიყვანა და, როცა თავისი სახლის ზღურბლს მიუახლოვდა, გარეთ დადგა და მოხუც დას თავისი მოსვლის ამბავი შეატყობინა. როცა პიორს მისი ფეხის ნაბიჯების ხმა შემოესმა, თვალები დახუჭა, დას სახელით მიმართა და უთხრა: ”ჩემო დაო, მე ვარ შენი ძმა პიორი, შემომხედე და მიყურე, რამდენიც გსურს”.

ქალმა გული იჯერა ძმის ყურებით, ყველანაირად ეცადა, პიორი შინ შემოეყვანა, მაგრამ ამაოდ. მან ღმერთს მადლობა შესწირა. წმინდანმა სახლის ზღურბლთან ილოცა და კვლავ უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ.

პიორის შესახებ ამბობდნენ, რომ საოცარი მოთმინება ჰქონდა. იმ ადგილას, სადაც ეს წმინდა მამა დამკვიდრდა, წყალი არ იყო. მან ჭა ამოთხარა, იქიდან მწარე წყალი ამოვიდა და ნეტარი ბერი მთელი ცხოვრება მას კმარობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მრავალი გამოცდილი ბერი ეცადა მის სენაკში დამკვიდრებას, მაგრამ ვერავინ შეძლო თუნდაც ერთი წელი იქ დარჩენა. მწარე წყლის გარდა, ის ადგილი ბერული ცხოვრებისათვის მეტისმეტად მკაცრი და უნუგეშო იყო.

ერთმა მშვიდმა და დიდი სიყვარულით მოსილმა კაცმა, მოსე ლუბიელმა, ასეთი რამ მიამბო: ”როცა ჯერ კიდევ ჭაბუკი მონასტერში ვიყავი, დიდი ჭა ამოვთხარე, რომელიც ოცი ნაბიჯის სიგანე იყო. სამი დღის მანძილზე ოცი კაცი ვთხრიდით; როცა იმ ადგილას მივაღწიეთ, სადაც წყალი უნდა ყოფილიყო, ვერ მივაგენით და ძალიან შევწუხდით. ვფიქრობდით, საქმისთვის თავი დაგვენებებინა. ამ დროს შუაგული უდაბნოდან სიცხისგან დამწვარი სანატრელი პიორი მოვიდა. მას ტანზე მოსასხამი ემოსა.

წმინდა მამამ ჯერ მოგვიკითხა, შემდეგ კი ასეთი რამ გვითხრა: ”რატომ სულმოკლეობთ, მცირედმორწმუნეებო, გუშინდელი დღიდან ვხედავ თქვენს მწუხარებას”.


ამ სიტყვების შემდეგ პიორი ორმოს ფსკერში ფეხით ჩავიდა, იქ მყოფ კაცებთან ერთად ილოცა, სათხრელით მიწას სამჯერ დაჰკრა და თქვა: ”წმინდა მამამთავრების ღმერთო, ნუ შეურაცხყოფ შენი მონების ნაღვაწს და მიეცი მათ წყალი!”

ამ სიტყვების წამოთქმისთანავე ისეთმა წყალმა ამოჩქეფა, რომ ყველა დაასველა. წმინდა მამამ კვლავ ილოცა და დადუმდა. ჩვენ ვთხოვეთ ნეტარ ბერს, რომ დარჩენილიყო და ჩვენთან ერთად ეჭამა. მან კი მოგვიგო: ”რისთვისაც მოვედი, შევასრულე, პურის საჭმელად კი არავის გამოვუგზავნივარ”.

ასეთია საკვირველი ამბები წმინდა პიორისა, რომელიც მოთმინების მტკიცე სვეტი იყო და სათნო ცხოვრებით აღესრულა. ის ახლა სასუფეველში მწარე წყლის ნაცვლად მარადიული სიტკბოების წყალს იხმევს.

ედესელი დიაკვანი ეფრემი

ედესელთა ეკლესიის დიაკვნის – ეფრემის შესახებ, ალბათ, ყველას გსმენიათ, რადგან იგი ღირსი გახდა ქრისტეს რჩეულ და წმინდა მონათა შორის მოხსენებისა.

სულიწმიდის მადლით, ღვთისკენ მოსწრაფე ღირს მამას სიმარ- თლის გზიდან არასდროს გადაუხვევია. მას მიენიჭა მადლი ბუნების შეცნობისა, შემდეგ კი ღვთისმეტყველებისა, რასაც ნეტარი მდგომარეობა მოსდევს.

ეფრემი ამ სოფელში მყუდროებით ცხოვრობდა და ამ გზით სისრულეს მიაღწია. ეს წმინდა მამა მასთან მისულებს სულიერად ზრდიდა. ერთხელ მან თავისი სენაკი შემდეგი მიზეზის გამო დატოვა: ქალაქი ედესა იმ დროს შიმშილმა მოიცვა. ღვთივსულიერ მამას შეებრალა დაუძლურებული ღარიბები. ის მდიდრებთან მივიდა და უთხრა:

- რატომ არ ეხმარებით შიმშილისაგან დასნეულებულებს, ვერ ხედავთ, რომ თქვენი სიმდიდრე თქვენი სულების დასასჯელად დაგესლებულა?

მდიდრები შეწუხდნენ წმინდანის სამართლიანი მხილების გამო და თქვეს:

- კაცი ვერ ვნახეთ, ვისაც მშივრების დაპურებას მივანდობდით, სხვები კი თავიანთი სავაჭრო საქმით არიან დაკავებულნი.

სათნოებით სავსე მამამ მათ მიუგო:

- ჩემზე რას ფიქრობთ, როგორ მიცნობთ?

მათ უპასუხეს:

- გიცნობთ, როგორც ღვთის კაცს (სამართლიანი იქნება ითქვას, რომ მამა ეფრემის სახელი მათ შორის განთქმული იყო).

მაშინ ქრისტეს სარწმუნო მონამ მდიდრებს ასეთი რამ უთხრა:

- თუ ჩემზე ასე ფიქრობთ, მე მომანდეთ დამშეულთა მოვლაპატრონობა.

მდიდრებმა უპასუხეს:

- ვქნათ ასე, თუკი შენ ღირსად მიგვიჩნევ, რომ ეს ყოველივე ასე აღვასრულოთ.

ღვთისგან გამორჩეულმა ნეტარმა ეფრემმა მათ ასე მიმართა:

- თქვენგან ვხდები ხელდასხმული გაჭირვებულთა და მთხოვნელთა შემწედ.

ამ სიტყვების შემდეგ ბერმა მდიდრებს ვერცხლი გამოართვა და სასტუმროები ააშენა, სადაც სამასი საწოლი დადგა და ყველა შიმშილისაგან დაუძლურებული მოათავსა. მან გარდაცვლილები დამარხა, სასიკვდილოდ განწირულებს კი სიცოცხლის ბოლომდე მოუარა. იგი უშურველად ურიგებდა ყოველდღიურ საზრდოს გაჭირვებულებს და აძლევდა ყველაფერს, რაც ჰქონდა.

გავიდა ერთი წელი და სურსათ-სანოვაგე გაიაფდა. მოძლიერებული ხალხი თავის სახლს დაუბრუნდა. მარადმოხსენიებულმა მამამ დაინახა, რომ აღარაფერი ჰქონდა გასაკეთებელი და თავის სენაკს მიაშურა. ის ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა და სასუფეველში მშვიდთა და ნეტართა შორის განისვენებს.

ამ წმინდა მამის სულიერ წარმატებებს უძლურთა მსახურებაც შეემატა და მიწიერი ცხოვრების ბოლო ჟამს სიმშვიდისა და მოწყალების გვირგვინით შეიმკო.

ეფრემმა ასევე მრავალი წიგნი დაგვიტოვა, რომელშიც მისი სათნოებითი გამოცდილებაა აღბეჭდილი და ამ წმინდა მამის მოღვაწეობასა და სულიერებას წარმოაჩენს.

ედესელი იულიანე

ედესელი მოღვაწის - იულიანეს შესახებაც შევიტყვე. მან თავისი სხეული მოღვაწეობით ისე გალია, რომ ცარიელი ძვალი და ტყავიღა შერჩა. ამ ღვთივსათნო კაცის წმინდა ნაწილებს გარდაცვალების შემდეგ კურნების პატივი მიემადლა.

სათნოებით მოღვაწე დედები

სულიერი სარგებლის მომტანია, აგრეთვე, ამ წიგნში დედების ხსენებაც, რომლებიც მამაკაცების მსგავსად მოღვაწეობდნენ და ღვთივსათნოდ ცხოვრობდნენ. მათ ქრისტემ მამათა კრებულის თანასწორი პატივი მიმადლა და სათნოებების გვირგვინით შეამკო. ვინმე უკეთურთაგანმა შეიძლება ამაში ეჭვი შეიტანოს და შეურაცხყოს ისინი, როგორც უძლურნი.

მე ბევრი წარმატებული დედა ვიხილე. თხრობა რომ არ გამიგრძელდეს, ამათგან მხოლოდ მცირედის შესახებ გაუწყებ. ასეთი იყო ლაოდიკიელი მღვდლის – თეოკლისტეს ასული თეონია, რომელმაც სათნოებებით სისრულე დაიუნჯა.

ანტიოქიაში ყოფნისას შევხვდი ერთ პატიოსან ქალს, სახელად საბინინას, რომელიც სულიერი წარჩინებულობის უმაღლეს საზომს იყო მიწევნილი და საქმით აღასრულებდა ღვთის სიყვარულს. ის უწინ წმინდა იოანე ოქროპირს ემსახურებოდა.

რომში გავიცანი ქრისტეს მხევალი ქალწული ასელილა, რომელიც მონასტერში კეთილი ცხოვრებით დაბერდა. მან სიმშვიდის უმაღლეს საზომს მიაღწია და მრავალი კრებულის წინამძღვარი გახდა. მათ შორის იყვნენ სარწმუნოებაში ახალგანსწავლული მამები და დედები.

შევხვდი ნეტარ ავიტას, თავის ღირსეულ მეუღლესთან - აპრინიანთან და ასულთან – ევნუმიასთან ერთად. ისინი ყოველმხრივ ესათნოებოდნენ უფალს, რადგან ამქვეყნიური ბედნიერებით სავსე ცხოვრებას ამჯობინეს ქრისტიანული სათნოებითი და მარხვითი ღვაწლი. ამიტომ ამ სოფლიდან განსვლის ჟამს სრულიად განთავისუფლდნენ ცოდვებისგან და თავიანთი აღსასრულიც წინასწარ ეუწყათ. ამგვარად მიიცვალნენ და ჩვენ კი თავიანთი სულიერი ცხოვრება დაგვიტოვეს მოსაგონებლად.

ტარსელი ადოლი

იერუსალიმში შევხვდი წმინდა კაცს, რომელსაც სახელად ადოლი ერქვა და წარმოშობით ტარსელი იყო. როცა ის ამ ქალაქში მოვიდა, სათნოებითი ცხოვრების მეტად მაღალ და შეუცვლელ გზას დაადგა. დაადგა არა იმ გზას, რომლითაც ჩვენ დავდივართ, არამედ კაცთათვის უცხოსა და უმაღლესს. მან ისე იღვაწა, რომ თავისი მკაცრი და სათნო ცხოვრებით ბოროტ სულებსაც აფრთხობდა. ისინი ვეღარ ბედავდნენ მასთან მიახლოებას.

წმინდა ადოლი მომეტებული მარხვითა და ღამისთევით ყველას აოცებდა. წმინდა მარხვაში ორმოცი დღის მანძილზე მხოლოდ სამჯერ იღებდა საზრდოს და იმასაც მცირე რაოდენობით, წელიწადის დანარჩენ დროს კი მხოლოდ ხუთჯერ. საკვირველი კი ის იყო, რომ, მიუხედავად ასეთი მომეტებული მარხვისა, იგი ყოველდღე, მწუხრიდან ცისკრამდე, სანამ ძმები ეკლესიაში შეიკრიბებოდნენ, ზეთისხილის მთაზე შეუძვრელად იდგა და მთელი ღამე მადლობის ნიშნად ლოცვას აღავლენდა ღვთის წინაშე. ის იდგა იმ მთაზე, სადაც ამაღლდა ჩვენი უფალი – იესო ქრისტე. ის ამას იქმოდა ყოველდღე, დარსა თუ ავდარში, წვიმასა თუ თოვლში.

როცა ლოცვის ჟამი ახლოვდებოდა, ადოლი თითოეული ძმის სენაკს ჩამოუვლიდა და წარმოთქვამდა ლოცვას. ამის შემდეგ ცოტა ხნით თავის სენაკში შედიოდა. მე არაერთგზის მიხილავს, თუ როგორ მოსდიოდა ოფლი წყალივით, როცა ძმები მას სამოსელს ხდიდნენ და წურავდნენ. ის გაშრობამდე სხვა სამოსით იმოსებოდა და დღის სამ საათამდე ისვენებდა. შემდეგ ისევ დგებოდა და მწუხრამდე ლოცულობდა.

ასეთია სათნოებითი მოღვაწეობა და მოთმინება კლდესავით მტკიცე ადოლისა, რომელიც წარმოშობით ტარსელი იყო, საქმით კი მეტისმეტად მომთმენი. მან ასეთი მოთმინებით იღვაწა გარდაცვალებამდე და ამ გზით სისრულე მოი პოვა. მან მართალი კაცის ძილით მიიძინა და იერუსალიმშივე დაიკრძალა.

მღვდელი ინოკენტი

ზეთისხილის მთაზე მოღვაწე ნეტარი მღვდლის – ინოკენტის შესახებ მრავალი წარჩინებული ადამიანისგან მსმენია. ურიგო არ იქნება, ცოტაოდენი ჩემგანაც შეიტყო, რადგან სამი წელი მასთან ვცხოვრობდი და იმას, რაც მისი სათნო ცხოვრებიდან სხვებს დაავიწყდათ, ჩვენ გაუწყებთ. ასეთი ადამიანის სათნოებითი ცხოვრების სრული აღწერა შეუძლებელია არა მხოლოდ ერთხელ და ორჯერ, არამედ ასჯერაც კი.

მოღვაწეთა შორის გამორჩეული და ყოვლადუპოვარი მამა სამეფო კარზე იყო დაწინაურებული, კონსტანტინეს მეფობის დროს. ამ ბერის ვაჟი, სახელად პავლე, სამეფო კარის დომესტიკოსი იყო. იგი ერთი მღვდლის ასულთან დაეცა. ამ ამბავმა ინოკენტი ძალიან დაამწუხრა და უფალს სთხოვა: ”ღმერთო, ეს ჭაბუკი ისეთ ბოროტ სულს მიეცი, რომ აღარ შეეძლოს ფიზიკურად ცოდვის ჩადენა. უმჯობესია ის სხეულით იგვემებოდეს, ვიდრე სიძვას დაემონოს”. ლოცვა რომ დაასრულა წმინდანმა, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მან ითხოვა. ეს ჭაბუკი დღემდე ზეთისხილის მთაზეა ბორკილებდადებული.

თუ რაოდენ გულმოწყალე და სამართლიანი იყო ეს წმინდა მამა, ამის გამოთქმა ძნელია. იგი ხშირად გლახაკებს ისე განიკითხავდა, ძმებს არც გაუგიათ.

მამა ინოკენტი უმანკოების უმაღლეს საზომს იყო მიწევნილი. იგი გარეგნულადაც უბრალო იყო, მას უფლისგან მიენიჭა უნარი ეშმაკთა ძლევისა. ერთ დღეს დავინახეთ, თუ როგორ მიიყვანეს მასთან შეპყრობილი ჭაბუკი. ის არაწმინდა სულისგან იტანჯებოდა და სახე მოღრეცილი ჰქონდა.

როცა ჭაბუკი ასეთ დღეში ვიხილე, მისი განკურნების იმედი დავკარგე და გადავწყვიტე, ის დედამისთან ერთად უკან გამებრუნებინა. ამ ფიქრში ვიყავი, წმინდა ბერი რომ მოვიდა. როცა მან შეპყრობილი ჭაბუკი და მისი დამწუხრებული დედა იხილა, ძლიერ შეებრალა ისინი და თავადაც ატირდა. მან ყრმა თავის სამლოცველოში შეიყვანა, სადაც წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები ესვენა. ბერმა იქ სამი საათიდან ცხრა საათამდე ილოცა და გამოჯანმრთელებული ჭაბუკი დედამისს დაუბრუნა. იმ დღეს წმინდა მამამ მისგან ბოროტი სულიც განდევნა და დაღრეცილი სახეც გაუსწორა, რომელიც ისე ჰქონდა გამრუდებული, რომ გადაფურთხებისას საკუთარ ზურგზე ნერწყვავდა. ასეთი შესაბრალისი იყო იგი და ასე განიკურნა წმინდანის ლოცვით.

ამ ბერმა სხვა სასწაულიც აღასრულა. ლაზარიას სიახლოვეს ერთი ქალი ცხვრებს აძოვებდა. ერთი მათგანი იქაურმა ყმაწვილებმა მოიპარეს. ქალი ცხვრის დაკარგვამ ძალიან დაამწუხრა და ღვთისკაცთან მივიდა.

ბერმა მას უთხრა: ”მაჩვენე ის ადგილი, სადაც ცხვარი დაკარგე”.

ქალი წმინდანთან ერთად ლაზარიაში წავიდა. როცა იმ ადგილს მიუახლოვდნენ, ბერმა ილოცა და ქურდები მაშინვე იქ მივიდნენ. მათ ცხვარი დაეკლათ და ხორცი იქვე, ვენახში დაემალათ. როცა მათ მლოცველი წმინდანი იხილეს, მოსვლის მიზეზი არ აღიარეს.


ღვთის მადლით, ამ დროს ყორანი გამოჩნდა და იმ ადგილზე გაჩერდა, სადაც ცხვრის ხორცი იყო დამალული. მან ერთი ნაჭერი აიღო და თან წაიღო. გაკვირვებული წმინდანი ატირებულ დედაკაც თან ერთად იმ ადგილას მივიდა და ხორცი იპოვეს. ქურდები მას ფეხებში ჩაუცვივდნენ და აუწყეს, თუ როგორ და რა მიზეზით მოიპარეს. მათ დაკლული ცხვრის საფასური გადაიხადეს. წმინდანის მადლით, ასე გამოსწორდნენ ქურდები.

გალატელი მღვდელი ფილორომი

გალატიაში მოგზაურობისას ერთ ღვთისმოყვარე მღვდელს – ფილორომს შევხვდი. მასთან მრავალი წელი დავყავი. ის დიდად მოღვაწე და მოთმინებით სავსე ადამიანი იყო. მისი მამა თავისუფალი ადამიანი გახლდათ, დედა კი მონა.

მამა ფილორომმა თავისი მოღვაწეობით უფრო დიდ სიმაღლეს მიაღწია, ვიდრე იმ მხარეში მოსაგრე სათნოებებით გამორჩეულმა და ანგელოზთა მიმსგავსებულმა მამებმა. იგი ამ სოფელს იულიანე განდგომილის მეფობის დროს განეყენა. ქრისტეს მხნე მოღვაწე ფილორომმა ეს ურჯულო მეფე უშიშრად ამხილა. უღმერთო იულიანემ ბრძანა, იგი გაეპარსათ და ეცემათ. წმინდა მამამ უფლის სიყვარულით შემთხვეული ასეთი განსაცდელის დათმენა პატივად შერაცხა და შეურაცხმყოფელებს მადლობას უხდიდა.

როგორც თავად გვიამბობდა, მონაზვნური ცხოვრების შედგომისას ფილორომს სიძვისა და გემოთმოყვარების ვნება ებრძოდა, რასაც მარხვითა და მოთმინებით დაუპირისპირდა. მან ამ გზით განდევნა ვნებები. როგორც ცეცხლი ქრება წყლით, ასევე უზომო მარხვით, ბორკილთა ტარებით, სენაკში დაყუდებით, სასმელ-საჭმლისგან განყენებით დაშრიტა წმინდა მამამ თავისი გულისთქმები.

ფილორომი ცეცხლზე მომზადებულს არაფერს იხმევდა. ასეთი ღვაწლით განლია მან თვრამეტი წელი, ვიდრე არ დათრგუნა თავისი სურვილები, ამგვარი ძლევის შემდეგ კი გალობა შესწირა უფალს: ”განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და ჩემზე მტრები არ გაახარე” (ფს. 29,1). ასე გამოიცდებოდა ის ბოროტი სულებისაგან.


მამა ფილორომმა ერთ მონასტერში ორმოცი წელი დაჰყო. როგორც თავად გვიამბობდა, მას ოცდაათი წლის განმავლობაში არანაირი ხილის გემო არ გაუსინჯავს.

მამა ფილორომმა ისიც გვითხრა, რომ ისე ებრძოდა მას შიშის ვნება, დღისითაც კი შეპყრობილი იყო მისით. მან ამ ვნების დასაძლევად ძალა მოიკრიბა და ექვსი წელი ერთ საფლავში დაეყუდა. ასეთი საკვირველი ბრძოლა გაუმართა მან შიშის მძლავრ ვნებას და განთავისუფლდა მისი ტყვეობისგან. თავისი მოღვაწეობის დაწყებიდან დღემდე ის ჩალის კალამს და რვეულს არ განშორებია.

ფილორომი ოთხმოცი წლის იყო, როცა ასეთი რამ მოგვიყვა: ”მას შემდეგ, რაც ღირსი გავხდი სულიწმიდითა და წყლით ნათლის- ღებისა, სხვათა ნაღვაწით მოწეული პური არ მიხმევია, არამედ საკუთარი შრომით ვირჩენდი თავს”.

წმინდა მამამ ასეთი რამეც გვაუწყა: ”ჩემი ხელსაქმით მორეწილი ორას ორმოცდაათი ოქროს მონეტა დავრდომილებსა და ავადმყოფებს დავურიგე და უკმაყოფილო არავინ დარჩენილა”.

მამა ფილორომი ფეხით წავიდა რომში მოციქულთა თავების – პეტრესა და პავლეს წმინდა ნაწილების თაყვანის საცემლად. ის ასევე ესტუმრა ალექსანდრიას დიდებული მახარებლის – მარკოზის საფლავის მოსალოცად.

მამა ფილორომი ასევე ღირსი გახდა, ორჯერ მოელოცა იერუსალიმი და ფეხით მოევლო წმინდა ადგილები. ამ გზაზე იგი თავისი შრომით მორეწილ ფულს კმარობდა.

ჩვენი სულების სარგებლისთვის მან ასეთი რამ გვითხრა: ”არასოდეს მახსენდება ისეთი შემთხვევა, ფიქრით ღმერთს რომ დავშორებოდი”.

ასეთია ღვაწლი ნეტარი ფილორომისა, რომელმაც მრავალი განსაცდელი დაითმინა და ღვთისგან დიდების უჭკნობი გვირგვინი მოიპოვა.

ნეტარი მელანია

ნეტარი მელანია წარმოშობით ესპანელი იყო. მისი მამა – მარკელე, რომაელი ვიპატოსი გახლდათ, მეუღლე კი სამეფო პატივის მქონე კაცი, რომლის სახელიც უმჯობესია, არ მოვიხსენოთ.

როცა ღირსი მელანია დაქვრივდა, ოცდაორი წლის იყო. ქმრის გარდაცვალების შემდეგ მან ისე შეიყვარა უფალი, რომ ღირსი გახდა ზეციური სძლობისა და საღვთო ტრფიალებისა. მან თავისი სურვილი არავის გაანდო, რადგან შეეშინდა მეფე ვალენტინიანესი, რომელიც იმ დროს მეფობდა.

ნეტარმა მელანიამ ფარულად განაგო თავისი ასულის ბედიც. მან იმდენი ოქრო-ვერცხლი აიღო, რამდენის წაღებაც შეეძლო და თავის სანდო მონა-მხევლებთან ერთად ნავით სწრაფად გაეშურა ალექსანდრიისკენ. როცა იქ მივიდა, მთელი მონაგები ოქროვერცხლზე გადაცვალა და ნიტრიის მთისკენ გაემართა, სადაც წმინდა მამებს – სანატრელ პამბოს, ქრისტეს მონა არსისიოსს, დიდ სერაპიონს, პაფნოტი სკიტელს, ისიდორე აღმსარებელს და ერმის ეპისკოპოს დიოსკორეს შეხვდა. მელანიამ მათთან ერთი წელი დაჰყო. იგი უდაბნოში მიმოდიოდა და წმინდა მამებს ხვდებოდა.

გამოხდა ხანი და მეფე ავგუსტინემ გადაასახლა წმინდა მამები: ისიდორე, პასიმიონი, ადელფიონი, პაფნოტი, პამბო, ამონი და სხვები. სულ ოცდაექვსი კაცი. მათ შორის იყვენენ ეპისკოპოსები და თორმეტი მღვდელი, რომლებიც პალესტინიდან ნეოკესარიაში გააზავნა. მათთან ერთად გაემგზავრა ნეტარი მელანიაც და თავისი განძით ემსახურებოდა მათ. როგორც პიმენიმ, პაფნოტიმ, ისიდორემ და ამონმა გვიამბეს, მცველები არ უშვებდნენ წმინდა დედას, მაგრამ მან, თავისი ახოვანებით მამებს მიმსგავსებულმა, საღამოს ჟამს ბერებს იდუმალი საზრდო მიუტანა.

ეს ამბავი პალესტინის მთავარმა რომ შეიტყო, გადაწყვიტა მელანიასთვის მთელი სიმდიდრე ჩამოერთმია, თავად ის კი საპყრობილეში შეემწყვდია, რადგან არ იცოდა მისი არისტოკრატული წარმომავლობის ამბავი.

როდესაც წმინდანი საპყრობილეში ჩაკეტეს, მან მთავარს უთხრა: ”მე ვარ ასული და ცოლი წარჩინებული ადამიანებისა, ახლა კი ქრისტეს სძლობა ავირჩიე და შეურაცხყოფილად არ ვგრძნობ თავს, ასეთი სამოსი რომ მმოსია. მე შემიძლია გიჩივლო, რადგან არ გაქვს უფლება არც ჩემი შეპყრობისა და არც ჩემი სამოსლის მითვისებისა. ეს ყველაფერი კი იმისთვის გაუწყე, რომ სიმართლე იცოდე და ჩემ გამო არ დაგსაჯონ. ახლა კი, როგორც გსურს, ისე მოიქეცი. რადგან ნათქვამია: ”უგუნურ ადამიანს ისე ამაყად უნდა მოექცე, როგორც მონადირე ფრინველს”.

ეს რომ მსაჯულმა მოისმინა, გონს მოეგო, თავისი საქციელი შეინანა, ნეტარ დედას შენდობა სთხოვა და მისცა ნება დაპატიმრებულებთან შეუფერხებლად სტუმრობისა.

წმინდა მამების საპყრობილიდან განთავისუფლების შემდეგ ღირსმა მელანიამ იერუსალიმში მონასტერი ააშენა.

მონასტერში შეკრებილ ქალწულებთან ერთად დაემკვიდრა უწარჩინებულესი მოღვაწე რუფინე, რომელიც იტალიიდან, კერძოდ, ქალაქ აკვილიადან იყო, ბოლოს კი მღვდლობის პატივი მიიღო. ამ მამის მსგავსი განათლებითა და სიკეთით ძნელად თუ მოი პოვებოდა კაცთა შორის. ის ოცდაშვიდი წლის განმავლობაში მელანიასთან ერთად უმასპინძლდებოდა და ემსახურებოდა იერუსალიმში მოსალოცად მოსულ ეპისკოპოსებს, ქალწულებს, მონაზვნებს, ღირსეულ საერო ადამიანებს: მამაკაცებსა თუ ქალებს. ისინი მათი ნახვის მსურველებს ღირსეულად მოასვენებდნენ, ამავე დროს თავიანთი ქონებით განიკითხავდნენ ყველას.

რუფინემ და მელანიამ ჭეშმარიტ სარწმუნოებას აზიარეს პავლიკიანელები, რიცხვით ოთხასი მონაზონი; ეკლესიის წიაღში მოიყვანეს სულიწმიდის მოწინააღმდეგე მწვალებლები. ასეთი ღვთივსათნო ცხოვრებით გალიეს ამქვეყნიური ცხოვრება ისე, რომ არავინ დაუბრკოლებიათ. პირიქით, მრავალს მოუტანეს სულიერი სარგებელი.

ხრონიოსი

წარმოშობით დაბა ფინიკიდან იყო ერთი მოღვაწე, სახელად ხრონიოსი. ეს დაბა უდაბნოს სიახლოვეს მდებარეობდა. ამ ნეტარმა მამამ მარჯვენა ფეხით ხუთი ნაბიჯი გადაზომა, ილოცა და იმ ადგილის ამოთხრას შეუდგა. შვიდი მხრის სიღრმეზე მან წყალს მიაგნო, ბერმა იქვე, ახლოს, პატარა სენაკი აიშენა და დაემკვიდრა.

მამა ხრონიოსმა უფალს სთხოვა, რომ უკან სოფელში აღარ დაებრუნებინა. გავიდა რამდენიმე წელი და ხრონიოსმა მღვდლობის პატივი მიიღო. მის სამოღვაწეო ადგილას ორასი ძმა შეიკრიბა.

ამ მამის ღირსეული მოღვაწეობის შესახებ შემდეგს გიამბობ: სამოცი წელი ის საკურთხეველს ემსახურებოდა. ამ ხნის მანძილზე მას უდაბნო არ დაუტოვებია, თავისი ხელსაქმით თავს ირჩენდა და სხვისგან არ იღებდა საზრდოს. მასთან ერთად მოღვაწეობდა მისივე ახლობელი, სახელად იაკობი. ისინი, ჩვეულებისამებრ, ხშირად მიდიოდნენ სტუმრად ნეტარ ანტონისთან.

ამბავი პაფნუტისა, რომელსაც კეფალა ეწოდა

ერთ დღეს ამ ორ წმინდანს ზემოთ ხსენებული პაფნუტი დაემგზავრა, რომელსაც კეფალა (კლდე) შეარქვეს. მას ჰქონდა მადლი ძველი და ახალი აღთქმის წიგნების განმარტებისა, ისე, რომ წმინდა წერილს არ იცნობდა.

პაფნუტი გამორჩეულად მშვიდი იყო და წინასწარმეტყველების ნიჭითაც იყო შემკული ფარულად. მის საქებრად იმასაც ამბობდნენ: ისე განვლო ამქვეყნიური ცხოვრების ოთხმოცი წელი, ერთდროულად ორი სამოსი არ ჰქონიაო.

ამ წმინდა მამებს დავემგზავრეთ ჩვენც: მე და სანატრელი ალვინე. მათ გამოვკითხეთ, თუ რატომ ეცემოდნენ ზოგჯერ ძმები ან რა მიზეზით განუდგებოდნენ რწმენას. უფრო მეტად კი ის გამოვიძიეთ, რატომ აღესრულა სავარძელში ხელსაქმესთან ერთად ქერიმონ განშორებული ან მეორე ძმა - ჭის თხრისას, სხვა კი - სკიტისკენ მიმავალი. გავიხსენეთ სტეფანეს დაცემაც, ასევე ამბები ევკარპიოსის, იერონ ალექსანდრიელის, უალი პალესტინელისა და პტოლემე სკიტელისა, რომელიც წარმოშობით ეგვიპტიდან იყო. ამასთანავე, ისიც ვიკითხეთ, თუ მრავალი წლის განმავლობაში უდაბნოში კეთილად მოღვაწე ზოგი ბერი რატომ გადავიდა ჭკუიდან ან გემოთმოყვარეობის ვნებამ რატომ შეიპყრო, სხვა კი სიძვის ვნებას დაემონა.

წმინდა პაფნუტიმ და მისმა თანამგზავრებმა, ხრონიოსმა და იაკობმა, ასეთი რამ გვაუწყეს: ”ყველაფერი, რაც ხდება, ორი მიზეზით აიხსნება - ღვთის ნებით და უფლის დაშვებით. ის, რაც სათნოებითა და ღმერთის სადიდებლად აღესრულება, მისი განგებით ხდება. ხოლო ის, რაც ზიანს, ტანჯვას, ღელვასა და შფოთს იწვევს, ღვთისგან დაიშვება იმათ მიმართ, ვინც ურწმუნოა და პირუტყვული ვნებითაა შეპყრობილი. ასეთებს უფალი განსაცდელს შეამთხვევს, მართლმორწმუნე და ღვთისმსახურ ადამიანს კი ღვთის შეწევნა არ აკლდება და უფალი მას სამარცხვინო დაცემისა და ეშმაკთა ცდუნებისათვის არ იმეტებს.

ეცემიან ისინიც, რომლებიც განმხრწნელი ან პირფერობის სენით არიან შეპყრობილნი. ისინი მზაკვრულად ფიქრობენ, რომ სათნოება მოიპოვეს. ასეთები ეცემიან და მათი გულარძნილობის გამო უფალი მათ ტოვებს, რათა ჩაუფიქრდნენ საკუთარ მდგომარეობას და შეცვალონ თავიანთი ცხოვრება.

ზოგჯერ ისიც ხდება, რომ არაწმინდა სურვილებით შეპყრობილი ჭაბუკი თავისი ბილწი განზრახვის აღსასრულებლად ვითომდა მოწყალებას იჩენს და ეხმარება გაჭირვებულებს. თუმცაღა, ისიც ვიცით, რომ ობლის, მონაზვნის მშობლის შეწევნა დიდი მადლია.

არიან ისეთებიც, რომლებიც მოწყალების მიზნით შეეწევიან სნეულს, მოხუცს, გასაჭირში ჩავარდნილს, მაგრამ ამ ყველაფერს დრტვინვით აღასრულებენ. არადა, მოწყალება უხვად და სიხარულით უნდა გაიღო.

წმინდანებმა ისიც მაუწყეს, რომ ადამიანები განსხვავებული თვისებებით გამოირჩევიან. მათი ერთი ნაწილი გონებამახვილია, მეორე მოღვაწეობის სურვილითაა მოცული. მაგრამ, თუ ისინი თავიანთი მახვილი გონებით თუ კეთილი საქმეებით არ განადიდებენ და მადლობას არ შესწირავენ სიკეთის მომნიჭებელ უფალს, ასეთებს ღმერთი ტოვებს. საკუთარ თავს მინდობილნი კი ამ დროს სირცხვილსა და უპატიობაში ცვივდებიან და აცნობიერებენ თავიანთ უპატიო ყოფას. მათი ამპარტავნება თანდათან ქრება. ამ გზით კი ისინი არა საკუთარი თავის, არამედ უფლის მოიმედენი და მადლიერნი ხდებიან.


ამპარტავნებით შეპყრობილი ადამიანი საკუთარი ნიჭით ქედმაღლობს. ის თავის ღირსებებს და უნარს ზეციერ მეუფეს კი არ უმადლის, არამედ საკუთარ ძალისხმევას მიაწერს. ასეთებს უფალი მფარველ ანგელოზს განაშორებს, რომელსაც განგებისგან მისი ნიჭის დაცვა ჰქონდა მინდობილი. მფარველი ანგელოზისაგან მიტოვებული კი კარგავს ამ ნიჭს და პირუტყვულ ვნებაში ვარდება. ამ გზით მის-გან განიდევნება დემონური ქედმაღლობა - ამპარტავნება. სიწმინდისაგან განშორებულის სწავლებას აღარავინ ისმენს. მას ისე გაურბიან, როგორც წურბელებით ავსებულ წყაროს, რათა მასზე აღსრულდეს წმიდა წერილის სიტყვები: ”ბოროტს კი უთხრა ღმერთმა: `რას ქადაგებ კანონებს და პირთან მიგაქვს ჩემი პირობა?” (ფს. 49. 16).

ცოდვილთა სულები სხვადასხვა სახის წყაროს ემსგავსება: გემოთმოყვარეობისა და მემთვრალეობის ვნებით შეპყრობილები დაბინძურებულ წყაროს ჰგვანან, ვერცხლისმოყვარენი და მომხვეჭელნი – ბაყაყებით სავსეს, შურიანები და ამპარტავნები, რომლებიც გონების სიფრთხილითაც გამოირჩევიან, ჰგვანან ისეთ წყაროს, რომელიც გველებს ზრდის. ასეთთა სიტყვა მუდამ მყრალი, მდორე და აშმორებულია. მწარე და მყრალი გემოს გამო მასზე დაწაფება არავის სურს. ამიტომაც დავით მეფსალმუნე უფალს სთხოვდა: ”კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, ვინაიდან ვირწმუნე შენი მცნებანი” (ფს. 118. 66).

მართლაც, ცოდნა სიტკბოების გარეშე უსარგებლოა. ვინც ეს ირწმუნა, მას უფალი არ მიატოვებს. ასეთი ადამიანი სიმდაბლესა და სიმშვიდეს მოიპოვებს. ის თავის შესაძლებლობას შეიცნობს და ამპარტავნება არ შეი პყრობს. ასეთი ადამიანი მადლიერია უფლისა. ის ამ გზით ჭეშმარიტ ცოდნას შეიძენს. თუ სულიერ საუბრებს წმინდა და პატიოსანი ცხოვრება არ ახლავს, ემსგავსება ქარისგან გამოფიტულ თავთავს, რომელიც გარეგნულად ხორბალს კი ჰგავს, მაგრამ შიგნით ცარიელია.

ყოველგვარი დაცემა – ცოდნით, ხილვით, სმენით, ყნოსვით, საქმით თუ სხეულით - ამპარტავნებისგან მოიწევა და ღვთისგან დატევების მიზეზი ხდება. უფლისგან მიტოვებულები კი უნდა დაფიქრდნენ თავიანთ მდგომარეობაზე. მათ უნდა იცოდნენ: თუ ბილწ გულისთქმას შეუერთდება ქედმაღლობის ვნება, გამოწვეული ხორციელი საქმეებით, ისინი სავსებით დაშორდებიან უფალს. უდიდესი ბოროტებაა არაწმინდა ცხოვრებასთან წილნაყარი ამპარტავნება, რადგან იგი ადამიანურ ბუნებას დემონურად გარდაქმნის.

ღირსმა და წმინდა მამებმა ისიც გვაუწყეს, რომ ვიხილავდით თუ არა ბოროტი ცხოვრებით მცხოვრებ ადამიანს, სიტყვით კეთილსა და სარწმუნოს, მაშინვე გაგვეხსენებინა წმინდა სახარებიდან ეშმაკის მიერ უფლის გამოცდის ამბავი ან წმიდა წერილისეული სიტყვები: ”ხოლო გველი იყო უგონიერესი ყველა მხეცს შორის ქვეყანაზე” (დაბ. 3. 1..) მისმა გონიერებამ უფრო მეტად მას ავნო, რადგან არ ახლდა სათნოება. ამიტომ მორწმუნე და ზნეკეთილი ადამიანი უნდა დასჯერდეს იმას, რასაც უფალი მიანიჭებს. მან საქმით ის უნდა აკეთოს, რასაც ფიქრობს. რადგან მართალ სიტყვას ვნებებისგან თავისუფალი სათნო ცხოვრება თუ არ ახლავს, ნეტარი იობის სიტყვისამებრ: ”ემსგავსება უმარილოდ გამოცხობილ პურს” (იობ. 6. 6). ასეთ პურს კი არავინ ჭამს, და თუ იხმევს, უგემურად იხმევს და მჭამელს ვნებს.

როგორც იობი ამბობს, უმარილო პურის ჭამა ემსგავსება საქმისგან დაცლილ, ცარიელ სიტყვას, რომელიც ვერ დაანაყრებს მის მიმღებს, რადგან კეთილი საქმის მარილი აკლია.

ღვთის მიერ ადამიანთა მიტოვების და მიშვების მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს: ზოგიერთი ამა თუ იმ დაფარულ სათნოებას ფლობს და განსაცდელი ზოგჯერ მისი მოთმინების გამოსაცდელად დაიშვება, მსგავსად მართალი იობისა, რომელსაც უფალმა უთხრა: ”ნუ გამოიკვლევ ჩემს საქმეებს, ნურც იფიქრებ, რომ სხვა რამისთვის გამოიცადე, არამედ რათა გამოჩენილიყო შენი სიმართლე” (იობი 40, 3). მე ადამიანთა გულში დაფარულ ზრახვებს ვჭვრეტ, სხვები უმეცარნი იყვნენ შენი სათნოებისა. ბოროტი აზრებით მოცულნი ფიქრობდნენ, რომ შენი სიმდიდრის გამო მეთაყვანებოდი. ამიტომ მოგივლინე ამდენი განსაცდელი, წაგართვი მთელი სიმდიდრე, რათა მათთვის მენახვებინა, როგორი მადლიერი იყავი ჩემი”.

ღმერთი ადამიანს ზოგჯერ იმიტომაც ტოვებს, რომ ქედმაღლობისა და ამპარტავნებისგან განაშოროს. ნეტარი პავლე მოციქულიც ღვთის მიშვებით დიდ ჭირსა და ღელვა-განსაცდელში ჩავარდა, როგორც თავად ამბობს: ”ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქენჯნოს, რათა არ გავმედიდურდე” (2 კორ. 12, 7). უფალმა იმიტომ დაუშვა მასზე განსაცდელი, რომ ამდენი სასწაულის აღსრულებითა და ადამიანებისაგან პატივის მიგებით უზრუნველ ცხოვრებას ზვაობაში არ ჩაეგდო და არ დაღუპულიყო.

უფალმა იესო ქრისტემ ცოდვების გამო დატოვა დავრდომილი, რომელსაც ასე მიმართა: ”აჰა, გამოჯანმრთელდი, ნუღარ სცოდავ, რათა რამე უარესი არ შეგემთხვეს შენ” (იოანე 5, 14).

ღმერთმა დატოვა იუდაც, რადგან ვერცხლისმოყვარეობის ვნებას უფრო მეტად მიაგო პატივი, ვიდრე განკაცებულ უფალს, მან ცხოვრება იმით დაასრულა, რომ თავი ჩამოიხრჩო.

უფალმა მიატოვა ესავიც, რომელიც გემოთმოყვარეობის ვნებას დაემონა. ის მამის კურთხევის ნაცვლად წვირეს ეთაყვანა (დაბ. 25, 30-34).

სულიწმიდის მადლით გააცნობიერა ნეტარმა პავლე მოციქულმა ყოველივე ეს და ღვთის მიერ ადამიანების დატოვების გამო თქვა: ”და რაკი არ ცდილობდნენ ცოდნით ჰყოლოდათ ღმერთი, ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას დაუწესებლის საკეთებლად” (რომ. 1, 28).

იმათზე კი, რომლებსაც ეგონათ, რომ გახრწნილი გონებითა და ამპარტავნებით შეეძლოთ ღვთის შემეცნება, იგივე მოციქული ამბობს: ”რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავთ ბრძენთ უწოდებდნენ და გამოსულელდნენ. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა უწმინდურებას მათი გულისთქმებით. ასე რომ, მათ თვითონ შებილწეს თავიანთი სხეულები” (რომ. 1, 21, 22, 24).

ყოველივე აქედან უნდა ვისწავლოთ, რომ შეუძლებელია, კაცი თავშეუკავებლობის ვნებაში ჩავარდეს, თუ ღმერთმა შეწევნა არ მოაკლო და არ დატოვა. უფალი კი მაშინ მიატოვებს მას, თუ უზრუნველ ცხოვრებასა და სულმოკლეობას მიეცემა.

ასეთია მონაზონთა შორის გამორჩეული სათნო ბერის – პაფნუტის სწავლა ძმათა დაცემის მიზეზებზე, რაც მან სანატრელ მამებთან – ხრონიოსსა და იაკობთან ერთად მგზავრობისას გვაუწყა. ეს მამები მოღვაწეთა შორის ბრწყინავდნენ. ისინი იერიქონის გამოქვაბულებში მკვიდრობდნენ. ამ ადგილებში თავდაპირველად ამორეველები სახლობდნენ. მათ თავიანთი გამოქვაბულები მაშინ გამოკეტეს, როცა ისუ ნავეს ძე უცხოტომელებს დევნიდა დუკას მთაზე.

ელპიდი კაბადოკიელი

იყო ერთი კაბადოკიელი მოღვაწე, სახელად ელპიდი, რომელმაც ცხოვრების ბოლოს მღვდლობის პატივი მიიღო. თავდაპირველად ის კაბადოკიელი ქორეპისკოპოსის- ტიმოთეს მონასტერში დაემკვიდრა. ეს ეპისკოპოსი ძალიან კეთილი და წარჩინებული იყო. ელპიდი ამ მონასტრიდან ერთ გამოქვაბულში დაემკვიდრა და ისეთი მმარხველი გახდა, რომ ყველას წარემატა. აქ მან ოცდახუთი წელი დაყო და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ შაბათსა და კვირას იღებდა საზრდოს, ყოველ ღამე კი ფეხზე მდგარი ფსალმუნებს კითხულობდა. ამ მთაზე მოღვაწე ძმათა შორის ისე გამოირჩეოდა, როგორც ფუტკრების მეფე.

ბერები მოღვაწეობას სხვადასხვაგვარად აღასრულებდნენ, მსგავსად ფუტკრებისა, რომლებიც ნაირ-ნაირი ყვავილებიდან აგროვებენ თაფლს. მათ შორის ყველაზე წარმატებული ელპიდი კი ყოველგვარ განსაცდელს სიხარულით დაითმენდა.

ერთ ღამეს წმინდა მამა ჩვენთან ერთად გალობდა და უეცრად ფეხზე მორიელმა უკბინა. ნეტარმა ელპიდიმ ადგილიც კი არ მოიცვალა, ისეთი მოთმინებით დაითმინა მისი დაგესლვით გამოწვეული ტკივილი.

სხვა დროს ერთ ძმათაგანს ხელში ვაზის ტოტი ეჭირა, წმინდანმა გამოართვა და მთის იმ ადგილას დარგო, სადაც თავად იჯდა. ამ დროს, მართალია, რგვის დრო არ იყო, მამა ელპიდის ლოცვით ვაზმა მაინც გაიხარა, ვენახად იქცა და მთელი ეკლესია დაფარა. ამ წმინდა და ქრისტეს კეთილ მოღვაწესთან ერთად ცხოვრობდა მარადმოხსენებული ენეზი, რომლის სიტყვა და საქმე ერთი იყო. ასევე მისი ძმა ევსტათი, ძმასავით პატივცემული და ღირსეული მოღვაწე. მათმა წინამძღვარმა ელპიდიმ უვნებელობისა და ხორცის განლევის ისეთ სიმაღლეს მიაღწია, რომ მზის ამოსვლისას ნათლად მოუჩანდა ძვლები. სხვა საკვირველ ამბებსაც ჰყვებოდნენ მისი მოღვაწეობის მოსწრაფე მოწაფეები.

ეს წმინდა მამა ოცდახუთი წლის განმავლობაში მზერას არასდროს აპყრობდა დასავლეთისკენ, თუმცა მისი გამოქვაბულის კარი დასავლეთით, ფრიად შემაღლებულ ადგილას იყო. იგი არც შუადღისას, დასავლეთიდან მის გამოქვაბულში შემოსულ მზის სხივს უყურებდა, არც ვარსკვლავების ამოსვლას ცაზე. ასე, ოცდახუთი წლის განმავლობაში, ისეთი მოთმინებით იღვაწა, რომ გამოქვაბულში შესვლის დღიდან იქიდან აღარ გამოსულა და იქვე დაიკრძალა. ასეთია ამბავი საღვთო მადლით მოსილი, უძლეველი და გვირგვინოსანი მოღვაწის – ელპიდისა, რომელიც, წმინდანების მსგავსად, ახლა სამოთხეში მკვიდრობს.

სისინი კაბადოკიელი

მარადმოხსენიებული ელპიდის მოწაფე იყო მამა სისინი. იგი სოციალური მდგომარეობით მონა იყო, სარწმუნოებით კი თავისუფალი, წარმოშობით - კაბადოკიელი. ურიგოდ არ მიმაჩნია მისი მონური წარმომავლობის ხსენება, რადგან ქრისტემ ის ცათა სასუფეველში ჭეშმარიტ თავისუფლებას აზიარა. მისი შეწევნით გაძლიერებულმა ბერმა ნეტარ ელპიდისთან ექვსი თუ შვიდი წელი დაყო და მონაზვნურ ცხოვრებაში გამოიწრთო. ამისათვის თავისთვის სამარხი გათხარა და იქ დაეყუდა.

სისინი სამი წლის განმავლობაში არც დღისით და არც ღამით არ ჯდებოდა, არამედ მდგომარე ლოცულობდა. მთელი ეს ხანი წმინდა მამა არც გარეთ გამოსულა. ასეთი მოთმინებით მან ეშმაკების განდევნის მადლი მოიპოვა. ამის შემდეგ ის თავის მამულში დაბრუნდა, სადაც მღვდლობის პატივი მიიღო, ძმები და დები შეკრიბა, რათა მათთვის უვნებელობის მიღწევის გზა და ვნებების დათმენა ეჩვენებინა. იგი მარხვითა და ხორცის დათრგუნვით უხორცოსავით შეიქმნა, რათა აღსრულებულიყო წმინდა წერილის სიტყვები: ”ქრისტე არ განასხვავებს მამაკაცსა და ქალს” (გალ. 3. 28).

ამ ყველა სიკეთესთან ერთად იგი საოცრად სტუმართმოყვარე იყო, თუმცა თავად არაფერი ებადა. იგი ამ გზით ანგარებიან და უწყალო მდიდრებს ამხელდა.

ღადანა პალესტინელი

მე კიდევ ერთი ბერი მოვინახულე, რომელიც წარმოშობით პალესტინელი იყო დ სახელად ღადანა ერქვა. მან მთელი თავისი ცხოვრება ღია ცის ქვეშ გატარა. იგი იორდანეში მოღვაწეობდა სხვა მეუდაბნოე მამებთან ერთად. ებრაელები ამ მამების მიმართ შურით აღივსნენ და მკვდარ ზღვასთან გაშიშვლებული მახვილებით დაესხნენ თავს. ერთ-ერთ მათგანს, რომელსაც წმინდა ღადანას მახვილით განგმირვა სურდა, ხელი გაუხმა და მის ფეხებთან დაეცა. ასე სასწაულებრივად შეეწია უფალი თავის ერთგულ მონას, რომელმაც მთელი ამქვეყნიური ცხოვრება ღია ცის ქვეშ გაატარა.

ილია პალესტინელი

იყო ერთი მოღვაწე, სახელად ილია, რომელიც იმავე ადგილებში იყო დამკვიდრებული. იგი ბერებს შორის თავის ღვთივსათნო ცხოვრებით გამოირჩეოდა. ლოცვასა და მარხვასთან ერთად ეს წმინდა მამა უცხოთა შემწყნარებელიც იყო. ერთ დღეს მას გზად მიმავალი ძმები ესტუმრნენ. როგორც თავად გვიამბო, პური შემოაკლდა და ისეთი უიმედობა დაეუფლა, რომ შეწუხებული სენაკში შევიდა; უეცრად სამი ახალგამომცხვარი უზარმაზარი პური დაინახა, გახარებულმა ძმებს გამოუტანა. ამ პურებით ოცი ძმა დანაყრდა და ერთი მათგანი კიდეც დარჩა. დარჩენილ პურს იგი ოცი დღე იხმევდა.

ასე სასწაულებრივად შეეწია უფალი უცხოთმოყვარე ილიას, რომელსაც ამქვეყნიური სიკეთის სანაცვლოდ ქრისტემ, ჩვენმა მხსნელმა და მეუფემ, მარადიული სიკეთე მიანიჭა.

ერისკაცი სავატიოსი

იყო ერთი იერიქოელი ერისკაცი, სახელად სავატი. მას მეუღლეც ჰყავდა. ღვთისმოშიშ კაცს მონაზვნები ისე უყვარდა, რომ ღამით უდაბნოში სენაკიდან სენაკში გადადიოდა და ყოველი მონასტრის კართან ფინიკსა და მხალს ტოვებდა, რადგან იორდანელი მონაზვნები პურს საერთოდ არ იხმევდნენ.

ბერების შემწყნარებელსა და მათი სუფრის გამშლელს ასეთი განსაცდელი შეემთხვია. ერთ დღეს მას ბერებთან, ჩვეულებისამებრ, საზრდო მიჰქონდა. გზად კეთილისმოძულე მტრისაგან აღძრული ლომი შემოხვდა, რომელმაც მონასტრიდან ერთი მილის მანძილზე სავატიოსი შეიპყრო და თავის ბრჭყალებში მოაქცია. მან, ვინც დანიელთან ერთად ორმოში მყოფ ლომებს მარხვა ასწავლა, ეს ლომიც დაამშვიდა და კეთილი კაცი არ შეაჭმევინა. რადგან მხეცს ძალიან შიოდა, უფალმა მასთან წმინდანის ვირი მიიყვანა და ამ გზით სავატიოსი იქაურობას გაარიდა. ამდენად, ვინც ამ კაცს სიცოცხლე შეუნარჩუნა, მანვე დააცხრო ლომის შიმშილი.

აბრაამ ეგვიპტელი

იყო ერთი ეგვიპტელი მოღვაწე, სახელად აბრაამი, რომელმაც უდაბნოში მეტისმეტად მკაცრად და სასტიკად იღვაწა. ბოლოს, იგი სულიერად დასნეულდა და ამპარტავნებამ მოიცვა. აბრაამი ტაძარში მივიდა და მღვდლებს უთხრა: ”ამ ღამით ქრისტემ მღვდლად დამასხა ხელი და თქვენ უნდა მაღიაროთ”.

წმინდა მამებმა ეს რომ მოისმინეს, იგი უდაბნოს გაარიდეს და უფრო ზომიერი და მარტივი ცხოვრების წესი დაუდგინეს. ამ გზით განიკურნა მისი ამპარტავნება და თავისი უძლურება შეიცნო. წმინდა მამების ლოცვით, აბრაამი ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა და ამის შემდეგ ყოველივეს სიმდაბლით იქმოდა.

ზემოთ მოხსენიებული მელანია რომაელი

დედებს შორის თავისი პატიოსანი და საკვირველი ცხოვრებით გამორჩეული მელანიას შესახებ უკვე გაუწყეთ. მაგრამ რაც გაუწყეთ, ეს ყველაფერი სხვებისგან მოვისმინე. ახლა კი იმ სათნოების შესახებ მოგითხრობთ, რაც თავად ვნახე. ეს მონათხრობი შუქურაა მისი მრავალფეროვანი სათნოებისა.

ამ წმინდა დედამ საკუთარი ღვაწლით მოიქსოვა სანატრელი უხრწნელი სამოსი, თავზე დიდების უჭკნობი გვირგვინი დაიდგა და ასე გამშვენებული უფლისკენ მიიცვალა, უფრო სწორად, უფლისკენ შეიცვალა. მე მის იმ წარმატებათა შესახებ გაუწყებთ, რომლებიც თავდაპირველად შევამოკლე. ახლა კი, თხრობის დასასრულებლად, იმ დანარჩენსაც მოგიყვებით.

მელანიას ამბავი ალბათ სადმე გაგიგონიათ, დრო კი თვალისთვის სახილველს თანდათან აქრობს, ამიტომ მისი აღწერა საჭიროდ მივიჩნიე. არავინ იცის, ზეციური სიკეთის მოსურნე ამ წმინდა დედამ ამქვეყნად რამდენი სიმდიდრე გააბნია. როგორც მოგიზგიზე ცეცხლი წვავს ყველაფერს, ასე დაარიგა მთელი თავისი ქონება. ჩემს ნათქვამს დაამოწმებენ სპარსეთის, ბრიტანეთისა თუ სხვა ადგილების მკვიდრნი. მისი ქველმოქმედება არავის მოჰკლებია: არც დასავლელებს და არც აღმოსავლელებს, არც ჩრდილოელებს და არც სამხრეთელებს.

წმინდა დედამ უცხოობაში ოცდაჩვიდმეტი წელი დაყო და თავისი სიმდიდრე ყველას უწილადა: ეკლესიებს, მონასტრებს, ღარიბ- ღატაკთა თავშესაფრებს. არავინ დარჩენილა მისგან უნუგეშოდ, თუკი მასთან რაიმეს სათხოვნელად მისულა. ყოველწლიურად წმინდანს მისი ასული და ახლობლები საკუთარი მამულიდან ქონებას უხვად უგზავნიდნენ. როგორც ლამპარი იწყებს უფრო მეტად ბრწყინვალებას ზეთის დამატებისას, ასე იყო მელანიაც, რომელიც მოწყალების სხივით სულ უფრო მეტად ბრწყინავდა და სიმდიდრის გაცემით სხვებსაც ანათებდა.

ამ წმინდა დედამ უცხოობაში ყოფნა ისე დაითმინა, რომ საკუ- თარი თავისთვის პატარა თავშესაფარიც არ აუშენებია. ვერც დედისერთა ასულის სიყვარულმა და მასთან ყოფნის სურვილმა ვერ გაანელა მასში უდაბნოში ყოფნის სურვილი. პირიქით, ღირსი დედის ლოცვით შვილმაც ტკბილი და მოწყალე ცხოვრებით იცხოვრა.

მელანიას ასული ერთ წარჩინებულ კაცზე გათხოვდა და ღირსეული პატივი დაიმკვიდრა. ცოლ-ქმარს ორი შვილი შეეძინა. გამოხდა ხანი და ნეტარმა მელანიამ შეიტყო, რომ მის შვილიშვილს საერო ცხოვრების დატოვება სურდა. მიუხედავად ასეთი სურვილისა, წმინდანს შეეშინდა, გოგონა ბოროტ ადამიანებს მწვალებლობისკენ ან უწესო ცხოვრებისკენ არ მიედრიკათ. ამ ფიქრებით შეწუხებულმა თავის უძლურებას სძლია, რადგან უკვე სამოცი წლის იყო, და კესარიიდან ნავით გაემგზავრა. ოცი დღის შემდეგ ის რომში ჩავიდა. იქ პირველად ნეტარ აპრონიანეს შეხვდა, რომელიც სიტყვისა და საქმის ერთობით გამოირჩეოდა. იგი წარმოშობით ბერძენი კერპთმსახური იყო.

წმინდა დედის ლოცვით აპრონიანე ქრისტიანობაზე მოიქცა და თავის მეუღლესთან, ავიტოსთან ერთად, რომელიც ღირსი მელანიას დისშვილი იყო, საღვთო ცხოვრებას შეუდგა. წმინდანმა თავისი შვილიშვილიც – მელანია უმცროსიც განამტკიცა რწმენაში მის მეუღლესთან პიპიანოსთან ერთად, ამასთანავე, თავისი შვილის რძალიც განსწავლა ქრისტიანობაში. მან ყველას უქადაგა, რომ გაეყიდათ მთელი სიმდიდრე, რომი დაეტოვებინათ და სულიერი ცხოვრების მშვიდი ნავსაყუდელი ეძიათ. ისინი ასეც მოიქცნენ.

ნეტარმა დედამ ქრისტეს გზაზე მოაქცია რომაელი დიდმოხელეები მათ მეუღლეებთან ერთად, რომლებიც თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდნენ მამისეული სახლის დატოვების გამო. ქრისტეს ჭეშმარიტმა რძალმა მათ მიუგო: ”შვილებო, ჯერ კიდევ ოთხასი წლის წინ დაიწერა, რომ ”უკანასკნელი ჟამია” (I იოან. 2. 18); თქვენ რაღას მისცემიხართ საწუთროს ამაოებას? გაფრთხილდით, ანტიქრისტეს მეფობის დრო არ მოვიდეს და მაშინ მშობლებისაგან ნაბოძებ ქონებასაც ვეღარ უპატრონებთ”. ეს რომ მოისმინეს, მრავალმა ირწმუნა მისი ნათქვამი და მონაზვნურ ცხოვრებას შეუდგა.

ნეტარმა მელანიამ თავისი უმცროსი ძეც, პოპლიდაც, დამოძღვრა და სიცილიაში წაიყვანა. თავად კი მთელი დარჩენილი სიმდიდრე გაყიდა, აღებული ფულით იერუსალიმში დაბრუნდა და მთელი ეს ფული დაარიგა. ორმოცი დღის შემდეგ დიდებულმა მოღვაწემ მოწყალების ნაყოფი მოიმკო და გარდაიცვალა. მან მთელი სიმდიდრე იერუსალიმის მონასტრებს დაურიგა.
როცა მელანიას დამოძღვრილები რომს გაშორდნენ, სასტიკი ქარის გრიგალი – უამრავი ბარბაროსი შემოესია ამ ქალაქს. ეს ყოველივე ნაწინასწარმეტყველები იყო. იქაურობა ისე მოოხრდა, რომ სპილენძის ქანდაკებებიც კი დაინგრა. ასი წლის აყვავებული რომი განადგურდა და უდაბნოს დაემსგავსა. წმინდა მელანიასგან დამოძღვრილი ახლობლები ხარობდნენ, რომ ამ უბედურებას გადაურჩნენ. ისინი ღმერთს მადლობას სწირავდნენ. ამ განსაცდელმა ტყვეობას გადარჩენილი მრავალი ურწმუნო მოაქცია. ნეტარი დედის შეწევნით, ისინი უფლის წმინდა ზვარაკებად იქცნენ და ცხოვრების დარჩენილი ნაწილი კეთილ სინანულში გაატარეს.

ქალწული სილვიანა

როცა იერუსალიმიდან ეგვიპტეში მივდიოდით, გზაში ნეტარი ქალწული სილვიანა დაგვემგზავრა. იგი ყოფილი ეპარტოზის – დიდებული რუფინუსის და იყო. ჩვენ გვახლდა დიაკვანი იუვინოსი, სანდო და ღირსეული კაცი, რომელიც დღეს ასკალინის ეკლესიის ეპისკოპოსია.

პილუსიაში ძალიან ჩამოცხა. იუვინოსმა გრილი წყლით ხელფეხი დაიბანა და დასასვენებლად წამოწვა. ეს რომ ნეტარმა სილვიანამ დაინახა, ისე უსაყვედურა იუვინოსს, როგორც შვილზე მზრუნველმა ბრძენმა დედამ.

ქალწულს არ მოეწონა, რომ იუვინოსი სხეულს ასე ანებივრებდა და უთხრა: ”როგორ არ გეშინია, შენ ხომ სისხლი ჯერ კიდევ გიდუღს. ხორცს ისე აფუფუნებ, თითქოს არ იცოდე, როგორ ავნებ ამით შენს თავს. დამიჯერე, შვილო, უკვე სამოცი წლის ვარ და ამ ხნის მანძილზე ხელ-პირი და ფეხი არ დამიბანია. მხოლოდ ხელის
თითებს თუ დავიბან და იმასაც წმინდა ზიარების მიღებისას. ბევრჯერ ვიავადმყოფე და ექიმებმა დაბანა მირჩიეს, მაგრამ მაინც არ მივეცი ჩემს სხეულს განსვენების ნება. არასოდეს დამიძინია საწოლში, არც საკაცით სიარულის უფლება მივეცი ვინმეს. ღამე ზეთს ვანთებდი და მღვიძარე ვიყავი”.

ეს პატიოსანი და ღირსეული ქალი საღვთო წერილს დიდი გულმოდგინებით ეწაფებოდა. იგი ერთხელ კი არა, შვიდჯერ და რვაჯერ კითხულობდა წმინდა ადამიანების დაწერილ წიგნებს და ამ გზით იღრმავებდა ცოდნას.

საღვთო სულით ფრთაშესხმულმა და ზეციური სიკეთის მოსწრაფე სილვიანამ თავისი ღვაწლით ამსოფლიური სიბნელე გაარღვია და აფრინდა ქრისტესთან, რომლის წყალობით მარადიულ სიკეთეს ეზიარა.

ქალწული ოლიმპიადა

ღირსი სილვიანას კვალს შეუდგა ნეტარი ოლიმპიადა. სულიერი ღვაწლში მისი მიმბაძველი ზეცისკენ ამყვანებელ გზაზე მოშურნეობდა და გამუდმებით საღვთოO წერილის შემეცნებას ესწრაფოდა.

ოლიმპიადა იყო პროკონსულ სელევკოსის ასული, სინამდვილეში კი - მაღალი ღმერთის შვილი, წარჩინებული ოჯახიდან, და ნათესავი ევლავი ეპარტოზყოფილისა. იგი მცირე ხნით ცოლად ჰყავდა კონსტანტინე პოვილს – ნევრიდიუსის ეპარტოზს. თუმცა, სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მისი მეუღლე არც ყოფილა, რადგან ქალწულებრივი უბიწოება დაეცვა.

ოლიმპიადა იყო უფლის რძალი, საღვთო სიტყვას მიდევნებული. იგი გამოირჩეოდა ჭეშმარიტი სიმდაბლით, ეხმარებოდა ღარიბ- ღატაკებს და ემსახურებოდა მათ. მან უხვად გასცა აურაცხელი სიმდიდრე. მისი წყალობის გარეშე არ დარჩენილა არც ერთი ქალაქი, დაბა, უდაბნო, კუნძული თუ სხვა ადგილი. მისი მონაგები ყველას ჰყოფნიდა: ეკლესიებსა თუ ლავრებს, მონასტრებსა თუ გლახაკთა და გადასახლებულთა თავშესაფრებს.

სანაქებო დედამ მთელ სოფელში დათესა მოწყალების თესლი და სიმდაბლის ისეთ მწვერვალზე ავიდა, რომელზე მაღლა ასვლაც შეუძლებელია. არავის დაეძლია ისე ქედმაღლობის ვნება, როგორც მას. შესახედად იყო უბრალო, თავისუფალი ყოველგვარი ფუჭი აღკაზმულობისგან. სხეული ჰქონდა გალეული, დადიოდა აუჩქარებლად, გული და გონება ჰქონდა მშვიდი, უყვარდა ღამისთევა და მღვიძარება, სული ჰქონდა წრფელი, სავსე უსაზღვრო სიყვარულით, მოწყალებას გასცემდა შეუსვენებლად, თავშეკავებას იჩენდა საზრდოს მიღებისას, იყო გამორჩეულად მმარხველი, გონება მუდამ მიმართული ჰქონდა ღვთისკენ. შეუძლებელია მისი ქველმოქმედების სიტყვით გამოთქმა.

წმინდა დედას მომეტებული თავმდაბლობაც ამშვენებდა.

ბოროტისაგან მოწევნილი არაერთი განსაცდელი დაითმინა წმინდანმა. მას მრავალი ცრემლი დაეღვარა გაჭირვებულებისათვის. უფლის მორჩილებას სხვებისადმი მორჩილებით ავლენდა, ემსახურებოდა ეპისკოპოსებს, პატივს სცემდა მღვდლებს, შეეწეოდა და ანუგეშებდა მონასტრებსა და საეპისკოპოსოებს, ზრუნავდა ქალწულებზე, ზრდიდა ქვრივ-ობლებს, უვლიდა მოხუცებსა და სნეულებს, იყო შეცთომილთა წინამძღვარი, გაჭირვებულთა შემწე. მან მრავალი ურწმუნო დედაკაცი დამოძღვრა და ღვთის გზაზე დააყენა, ბევრი გაათავისუფლა მონობისაგან. სამართლიანია ისიც ითქვას, რომ ეს ქალები თავიანთი ჩაცმულობით გარეგნულად უფრო წარჩინებულები ჩანდნენ, ვიდრე თავად. რადგან ისეთი ძველი და უბრალო ტანსაცმელი ემოსა, რომ ვერავინ იფიქრებდა, რომ მას არისტოკრატული წარმომავლობა ჰქონდა.

ნეტარი ოლიმპიადა იყო ყრმათა გამომზრდელი, არამიწიერი, მხურვალე მონანული. ამ დედას თვალებიდან ცრემლი წყაროსავით მოსდიოდა და გულს ცეცხლივით უდაგავდა. რაც უფრო ვუკვირდები მის ღვაწლს გონებით და ვჭვრეტ მისი სათნო ცხოვრების სულიერ ფრთოვანებას, მით უფრო ვრწმუნდები, რომ მართლაც შეუძლებელია ამის სიტყვით გადმოცემა.

ნურავინ იფიქრებს, რომ ყოველივე ეს სხვათაგან მოვისმინე, არამედ თავად ვიხილე და განვიცადე ოლიმპიადას ანგელოზებრივი ცხოვრება, რომელშიც სულიწმიდა იყო დავანებული. იგი სანდო და ერთგულ მეგობრად მიმიჩნევდა და მისი ბრძანებით არაერთხელ ამიღია საჭირო თანხა მისი განძეულობიდან.

ხორციელი საზრუნავისაგან თავისუფალი დედა ემორჩილებოდა ხელმწიფეებს და მთავრებს, თავს იმდაბლებდა ეპისკოპოსთა წინაშე, პატივს მიაგებდა მღვდლებს და სხვა ღვთისმსახურებს. მართალი სარწმუნოების მსახურმა დაითმინა არაერთი ცრუ ბრალდება. კონსტანტინეპოლელმა ღვთისმსახურებმა იგი აღმსარებლად შერაცხეს.

ოლიმპიადა უფლის სამსახურში აღესრულა და მარადიული გვირგვინით შემკული სხვა წმინდა სულებთან ერთად სასუფეველში განისვენებს.

კ ა ნ დ ი დ ა

ამ ღირსეული მოღვაწის კვალს შეუდგა სანატრელი კანდიდა – ტრაიანე მხედართმთავრის ასული. იგი პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობდა და ეკლესიებს ემსახურებოდა. ნეტარმა დედამ პირველად თავისი ასული დამოძღვრა და ქალწულებრივი ღვაწლისთვის შეამზადა. ბოლოს კი, წმინდა ცხოვრებით, თავადაც ასულის კვალს შეუდგა და მთელი სიმდიდრე გასცა.

თვითონ ვიხილე, თუ როგორ შრომობდა ეს ახოვანი მოღვაწე არა მხოლოდ დღისით, არამედ ღამითაც. საკუთარი ხელით ფქვავდა ხორბალს სეფისკვერისათვის, ასეთი შრომით იგი ხორცს მოაუძლურებდა. თავად მითხრა, რომ არ აკმაყოფილებდა მხოლოდ მარხვა და ღამეებს ათევდა. ამ გზით სხეულებრივ სურვილებს ებრძოდა და ესავის ავხორცობას ლაგამს ამოსდებდა.

ქების ღირსი კანდიდა ხორცს საერთოდ არ იხმევდა, მხოლოდ თევზს, ზეთსა და მხალს იღებდა და იმასაც დღესასწაულებზე. მთელი წლის განმავლობაში ის მხოლოდ მწნილითა და პურით იკვებებოდა. ამგვარად გალია ეს სოფელი და მარადიულ სიკეთეს ეზიარა, რომელიც გამზადებულია მათთვის, ვინც სათნოებით ცხოვრობს.

ღირსი გელასია

წმინდა კანდიდას მსგავსად, უკვდავებისაკენ სავალი გზა აირჩია და ქალწულების უღელი იტვირთა თავისი საღვთისმსახურო ცხოვრებით პატიოსანმა გელასიამ. იგი იყო ასული ერთი ტრიბუნისა.

იმ სათნოებათა შორის, რომლებითაც გელასია იყო შემკული, განსაკუთრებით მის ურისხველობას გამოყოფენ, რადგან არავის უხილავს, რომ მონას, მსახურს ან ვინმე სხვას გაწყრომოდა. მან ზურგი აქცია ეშმაკის ბოროტ საწერტელს – ძვირისხსენებას. საუკუნო ცხოვრების მოსურნე ცოდვათა მიტევებას ესწრაფოდა, ამიტომაც ყოველგვარ ცოდვას აპატიებდა ყველას, რათა მისთვისაც მიეტევებინა უფალს.

ანტინოოს მონასტერი

თებაიდის მახლობლად, ანტინოოში, ოთხი წელი დავყავი. ამ ხნის მანძილზე გამოვიკითხე ყველა მონასტრის შესახებ იმ კაცებისაგან, რომლებიც დაახლოებით ათას ორასნი იყვნენ, ქალაქის მახლობლად ხელსაქმით ირჩენდნენ თავს და სათნო ცხოვრებას ესწრაფოდნენ. მათ შორის იყო ოთხი, რომლებიც კლდეთა შორის - გამოქვაბულებში მკვიდრობდნენ.

ერთი განდეგილთაგანი, სახელად სოლომონი, სიბრძნითა და სიმშვიდით გამოირჩეოდა. ამბობდნენ, რომ ამ წმინდა მამას გამოქვაბულში ორმოცდაათი წელი გაეტარებინა, თავს ხელსაქმით ირჩენდა და წმინდა წერილი ზეპირად დაესწავლა.

მეორე გამოქვაბულში მოღვაწეობდა დოროთე, რომელსაც სიკეთის უმაღლესი საზომისთვის მიეღწია და სათნოებით ცხოვრობდა. იგი მღვდლად აკურთხეს და გამოქვაბულში დაყუდებული ძმებისთვის უსისხლო მსხვერპლს წირავდა.

ამ ღირსეულ და უპოვარ მამას ერთხელ მელანია დიდის ასულმა (რომლის ცხოვრებაც უკვე გაუწყეთ), მელანია უმცროსმა ხუთასი ოქროს მონეტა აჩუქა, რათა სხვა ძმებს მომსახურებოდა. წმინდანმა ამ თანხიდან მხოლოდ სამი ოქროს მონეტა აიღო. დანარჩენი კი სანდო კაცს, დიოკლი განშორებულს გაუგზავნა, რადგან მიიჩნევდა, რომ ის მასზე ბრძენი იყო და შეეძლო დანარჩენი ძმებისთვის დაერიგებინა იმდენი, რამდენიც ესაჭიროებოდათ. მისთვის კი ეს სამი ოქროს მონეტაც საკმარისი იყო.

მონაზონი დიოკლი

ღირსი დიოკლი თავდაპირველად ვაჭარი იყო, ბოლოს - თავისი საქმიანობა მიატოვა და ფილოსოფოსი გახდა. ღვთის მადლით, ის სიბრძნისმოყვარეობამ ზეცისკენ მიიზიდა. როცა ოცდარვა წელი შეუსრულდა, საერო სიბრძნეს განეშორა და საღვთო სიბრძნეს ეზიარა.

ეს წმინდა მამა ოცდათხუთმეტი წელი ერთ გამოქვაბულში დაეყუდა. მან ასეთი რამ გვითხრა: ”გონება, რომელიც საღვთო ხედვას მოშორდება, ან ეშმაკი გახდება, ან პირუტყვი”.

ჩვენ სიყვარულით გამოვკითხეთ ვითარება ამ საქმისა. მან კი მოგვიგო: ”ღვთის ხედვისაგან განშორებული კაცის გონება ორიდან ერთ-ერთ საცდურში ვარდება. მას ან გულისთქმის ეშმაკი დაეპატრონება და სიძვის ვნებაში ჩააგდებს, ან მრისხანების სული, რომელიც ადამიანს უგუნურებით ეშმაკს მიამსგავსებს”. პირველ ვნებას წმინდა მამამ პირუტყვული უწოდა, მეორეს კი ეშმაკეული.

მე მის ნათქვამს წინ აღვუდექი და ვკითხე:

- როგორ შეუძლია ადამიანს, რომ გონებით გამუდმებით ღმერთთან იყოს?

მან ასეთი რამ მიპასუხა:
- თუკი ადამიანი ფიქრითა და საქმით კეთილმსახურია და საღვთო ფიქრებით სავსე, იგი მუდამ უფალთან არის.

კაპტონ დაყუდებული

ამ ახოვანი მოღვაწის მახლობლად ცხოვრობდა კაპტონი, მართალი და გამოცდილი ბერი. ნეტარმა მამამ ორმოცდაათი წელი დაყო გამოქვაბულში, რომელიც ქალაქ ანტინოოსგან ხუთი მილით იყო დაშორებული. ამ ხნის განმავლობაში მას გამოქვაბული არ დაუტოვებია, არც მდინარე ნილოსამდე მისულა.

ნეტარი მამა ამბობდა: ”არ შემიძლია გამოქვაბულიდან გამოვიდე და ერისკაცთა შორის ვიყო, რადგან ჯერაც მეწინააღმდეგება ადამიანთა მტერი”.

სიზმრებისაგან შემცდარი განდეგილის ამბავი

კაპტონის მახლობელ გამოქვაბულში მკვიდრობდა ერთი განდეგილი. იგი მოღვაწეობის ბოლო ჟამს სიზმრების მიდევნებით დაბრკოლდა უფლისკენ სავალ გზაზე და ქედმაღლობამ შეი პყრო. სტუმრად მოსულებთან ხუმრობდა და აცინებდა მათ, უარყო წმინდა წერილის სწავლება და სიზმრების აყოლით დაემსგავსა მწყემსს, ქარსა და აჩრდილებს რომ დასდევს. მოხუცებულობის გამო, მართალია, მან ხორციელი სიწმინდე მოიპოვა, მაგრამ ქედმაღლობით შეიშალა.

ბერი გაიხრწნა ამპარტავნების ვნებით, რის გამოც პატიოსან და წესიერ ცხოვრებას განშორდა.

დედათა მონასტერი

ქალაქ ანტინოოში იყო დედათა თორმეტი მონასტერი, რომელშიც სათნოდ ცხოვრობდნენ. მათ შორის მოვინახულე და პირისპირ ვესაუბრე ღვთის მხევალ ატალიდას, რომელსაც ოთხმოცი წელი უფლის სამსახური ეტვირთა.

როგორც მონაზვნის ახლობლები მიამბობდნენ, ამ ნეტარ დედას- თან ერთად იყო სამოცი ქალწული, რომლებიც მისი წინამძღოლობით სათნო ცხოვრებაში წარემატებოდნენ. მათ ისე უყვარდათ თავიანთი სულიერი დედა, რომ თავიანთ საცხოვრისს კლიტით არ კეტავდნენ, სხვა მონასტრებისგან განსხვავებით. წინამძღვრის უსაზღვრო სიყვარულით სავსენი და მისი სულიერი სწავლებით გაძლიერებულნი სიწმინდეს იცავდნენ. წმინდა დედამ უვნებელობის ისეთ სიმაღლეს მიაღწია, რომ თვალებზე ხელები დამადო, როცა ვესტუმრე.

ამავე მონასტერში ცხოვრობდა ერთი ქალწული – ღირსი ატალიდას მოწაფე, სახელად ტაორი. მან ოცდაათი წელი იღვაწა და ამ ხნის განმავლობაში არ შემოსილა ახალი სამოსით, არც ახალი თავსაფარი და ფეხსაცმელი შეუძენია.

ძველმანებით მოსილი არასდროს გადიოდა თავისი სენაკიდან და ამბობდა: ”არ შევიმოსები კარგი სამოსით, რათა გულმა სენაკიდან გასვლა არ მოისურვოს”.

როცა სხვა ქალწულები კვირაობით წმინდა საიდუმლოსთან საზიარებლად გარეთ გამოდიოდნენ, ღირსი დედა თავის სენაკში იჯდა და ხელსაქმობდა. იგი გარეთ იმ მიზეზითაც არ გამოდიოდა, რომ თავისი მშვენიერი გარეგნობით არავისთვის ევნო. ასეთი უმშვენიერესი სულის და საღვთო მადლის მატარებელი იყო ატალიდა.

ამავე მონასტერში იყო ერთი ჭეშმარიტი ქალწული. იგი იმ სენაკის მახლობლად ცხოვრობდა, რომელსაც დევნულების დროს ვაფარებდი თავს. მისი ხილვის ღირსი ვერ გავხდი, რადგან, როგორც ამბობდნენ, სამოცი წელი დედასთან ერთად მოღვაწეობდა და გარეთ არ გამოდიოდა. როცა ქალწულის ამ სოფლიდან გასვლისა და მარადიულ ცხოვრებასთან მიახლების ჟამი დადგა, მაშინ ღამით მასთან ღირსი კოლუთე მოვიდა. ამ წმინდანის ტაძარი იქვე იყო აგებული. მან ქალწულს უთხრა: ”დღეს წარდგები უფლის წინაშე, იხილავ წმინდანებს. გამოდი სენაკიდან და ჩვენთან ერთად ისამხრე”.

განთიადისას ნეტარი დედა შეიმოსა, პური, ზეთი და მხალი კალათაში მოათავსა და იმ მონასტერში წავიდა, სადაც ამ წმინდანის სახელობის ეკლესია იყო აგებული.

ტაძარში მისულმა ქალწულმა ილოცა, დაჯდა და ელოდა მარჯვე ჟამს, რომ საზრდო მიეღო. როცა ეკლესიაში აღარავინ იყო, ღირსმა ქალწულმა თავისი საზრდო აიღო და წმინდა მოწამეს მიმართა: ”აკურთხე ეს საჭმელი, წმინდაო კოლუთე, და შენი მეოხება იყოს ჩემი თანამგზავრი!”

ქალწული ისევ დაჯდა, საზრდო იხმია, კვლავ ილოცა და მზის ჩასვლის ჟამს თავის სენაკში დაბრუნდა. მან დედას სტრომატის აღმწერელი კლიმენტის წიგნი – ამოსის წინასწარმეტყველების განმარტება გადასცა და სთხოვა, რომ ეს წიგნი დევნილი ეპისკოპოსისათვის გადაეცა, რათა მისთვის ელოცა, რადგან იგი უფლის წინაშე უნდა წარმდგარიყო.

წმინდანი იმავე ღამეს ისე აღესრულა, რომ არ დასნეულებულა, და უფლის წინაშე ასე წარდგა.

მელანია უმცროსი

ზემოთ დაგპირდით, რომ მელანია უმცროსის შესახებ გიამბობდით. ახლა დადგა ჟამი დაპირების შესრულებისა, რადგან ჩემი მხრიდან უსამართლობა იქნებოდა იმ ამბის დამალვა, რომლის მხილველი თავად შევიქმენი. მიუხედავად თავისი ახალგაზრდობისა, მელანია სათნო ცხოვრებით მოხუცებზე მაღლა იდგა.

ღვთისმსახურების მოსურნე ქალწული მშობლებმა იძულებით მიათხოვეს რომაელ მთავარს. მან არ დაივიწყა თავისი ბებიის – მელანია უფროსის ღვაწლი და გულით ეწადა, მისთვის მიებაძა. მელანიას ქორწინებით ორი ვაჟი შეეძინა, მაგრამ ორივე მალე გარდაიცვალა.

შვილების გარდაცვალების შემდეგ მელანიამ ისე მოიძულა ქორწინების წმინდა წესი, რომ თავის ქმარს, ოლქის ყოფილი მმართველ სევერიანის ძეს – პინიანოს უთხრა: ”თუ გსურს, რომ ერთად ვიყოთ, ამიერიდან სიწმინდე დავიცვათ. შენ ჩემი ბატონი და ქმარი იქნები, მაგრამ, თუ გემძიმება შენი სიჭაბუკის გამო ასეთი ყოფა, დაიტოვე მთელი ჩემი სიმდიდრე. მე კი ღვთის გზას შევუდგები; ისე მინდა ვემსახურო მას, როგორც ჩემი ბებია ემსახურა, რომლის მოსახელეც ვარ. ღმერთს რომ ჩვენი თანაცხოვრება სათნოდ მიეჩნია, ჩვენს შვილებს ასე ადრე არ გაიყვანდა ამსოფლიდან”.

ცოლ-ქმარმა დიდხანს იკამათა, მაგრამ ვერ შეთანხმდა. უფალს შეებრალა ჭაბუკი პინიანო და მის გულში ღვთისმსახურების სურვილი გააღვიძა. მან ზურგი აქცია ამსოფლიურ სიამეებს, მოციქულის სწავლებისამებრ: ”რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი? ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი? ” (I კორ. 7. 16).

ღირსი მელანია როცა გათხოვდა, ცამეტი წლის იყო. მან ქმართან შვიდი წელი დაყო. როცა ოცი წლის შესრულდა, მეუღლეს გაშორდა. ნეტარი ოლიმპიადას მსგავსად, მელანიამ თავისი ძვირფასი მოსასხამები საკურთხეველს შესწირა. აბრეშუმის სამოსი კი ნაჭრებად დაჭრა ეკლესიების შესამკობლად. მან ოქრო-ვერცხლი დალმატელ მღვდელ-მონაზონ პავლეს აღმოსავლეთში გაატანა, ეგვიპტეს, თებაიდას, ანტიოქიასა და იერუსალიმს ათი ათასი ოქროს მონეტა შესწირა, ხუთი ათასი - კუნძულებზე მდებარე ტაძრებს, ათი ათასი - დასავლეთის ეკლესიებსა და მონასტრებს, დევნილთა თავშესაფრებს ოთხჯერ მეტი რაოდენობის ოქრო დაურიგა, რადგან ძალიან უჭირდათ. ამ გზით მელანიამ თავისი სიმდიდრე მძლავრი ალარიხისგან დაიხსნა. ნეტარმა დედამ რვა ათასი მონა გაათავისუფლა, დანარჩენები კი ისევ თავის სახლში დატოვა, რადგან თავად არ მოისურვეს აქედან წასვლა და ახლა მელანიას ძმასთან შეუდგნენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას.

განთავისუფლებულ მონებს წმინდანმა სამ-სამი ოქროს მონეტა დაურიგა, ამასთანავე, ესპანეთში, აკვიტანიაში, ტარაკონიასა და გალიაში სოფლები გაყიდა. სიცილიის, კანპანიისა და აფრიკის მიწები კი დაიტოვა, რათა აქედან აღებული შემოსავლით დახმარების ხელი გაეწოდებინა მონასტრებისა და გაჭირვებულებისათვის.

ასეთი ბრძენი და გონებით მოხუცებული იყო წარმავალი სიმდიდრის უარყოფელი მელანია უმცროსი.

ეს წმინდა დედა შემონაზვნების პირველ ხანებში კვირაში ხუთი დღე იღებდა საზრდოს, შემდეგ კი დღეგამოშვებით. როგორც მისი თანამოწესე დედები ამბობდნენ, იგი ამასთანავე ქველმოქმედებას აღასრულებდა.

ღირს მელანიასთან ერთად ცხოვრობდა მისი დედა, ალვინა, რომელმაც შვილის მსგავსად იღვაწა და მთელი სიმდიდრე გასცა. ისინი თავიანთ მამულებში: სიცილიასა და კანპანიაში მოღვაწეობდნენ. მათთან ერთად იყვნენ თხუთმეტი საჭურისი, ქალწულები და მონები.

მელანიას მეუღლე, პინიანო, ოცდაათ ბერთან ერთად მოსაგრეობდა. ისინი ერთად კითხულობდნენ წმინდა წერილს, უვლიდნენ ხეხილს და საუბრობდნენ სულიერ საკითხებზე. მათ არაერთგზის გვიმასპინძლეს და მოგვასვენეს, როცა წმინდა იოანე ოქროპირის მოსანახულებლად ვიყავით წასულნი. ისინი იწყნარებდნენ და იფარებდნენ უცხო ადამიანებს, დევნილებს, და მთელი ცხოვრება სტუმართმოყვარეობით განლიეს. ასეთი სათნო მოღვაწეობით მოიმუშაკეს მათ მარადიული ნეტარი ცხოვრება.

პინიანოზე გვიყვებოდნენ სათნო და ღვთისმოყვარე ადამიანები: პამატიოს ანტიპაყოფილი, რომელმაც მის მსგავსად სოფელი დატოვა, თავისი სიმდიდრის ნაწილი სიცოცხლეში გასცა, დანარჩენი კი - გარდაცვალების შემდეგ გლახაკებს დაუტოვა; ასევე ვინმე მაკარი ვიკარიელი და კონსტანტი, იტალიის ეპარტოზთა ყოფილი თანამოსაყდრე. ვფიქრობ, ეს ადამიანები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და წმინდა ცხოვრებით დაუსრულებელი სიკეთისკენ ისწრაფვიან.

წმინდა ათანასეს შემფარებელი ქალწული

ალექსანდრიაში ერთ ქალწულს შევხვდი, რომელიც ასაკით სამოცდაათი წლის იყო. ეკლესიის მთელი კრებული იხსენებდა მისი სილამაზის ამბავს.

ოცი წლის ასაკში ეს წმინდა ქალწული თავისი გარეგნული მშვენიერებით და სათნოებით მცხოვრებლებსაც აოცებდა. ამ მიზეზით ის ერთ სახლში დაეყუდა, რათა თავისი სილამაზით არავისთვის ევნო.

ამ დროს არიანელებმა მეფე კონსტანტინეს დროის დიდმოხელის, ევსევის ხელშეწყობით, დაიწყეს ალექსანდრიის ეპისკოპოს ათანასეს დევნა, რომელსაც უსამართლოდ სწამებდნენ ცილს.

წმინდანი მათ მალულად განერიდა, ისე, რომ არავის შეატყობინა: არც ოჯახის წევრებს, არც ნათესავებს, არც თავის სამწყსოთაგან ვინმეს. როცა დიდმოხელის წინამძღოლობით მის შესაპყრობად მოვიდნენ, აიღო სტიქარი, შესამოსელი, ფილონი და შუაღამისას წმინდა ქალწულს მიადგა.

მასპინძელი ძალიან გააოცა ათანასეს მოულოდნელმა სტუმრობამ. ეპისკოპოსმა კი ასეთი რამ უთხრა: ”არიანელები მეძებენ, რომელთაც ცილი ბოროტად დამწამეს. მათგან პირუტყვობის შემსგავსებული ცუდმედიდობა რომ არ მოვი პოვო და ჩემი დამტანჯველები ცოდვაში არ ჩავაგდო, ამიტომაც გავშორდი იქაურობას. ამ ღამეს მაუწყა ღმერთმა, რომ, შენ გარდა, არავის შეუძლია ჩემი შეფარება”.

როცა ქალწულმა ეს ამბავი შეიტყო, ყოველგვარი ეჭვი სიხარულით განდევნა გულიდან. მან წმინდა ეპისკოპოსი გულმოდგინედ დამალა ექვსი წლის განმავლობაში, ვიდრე კონსტანტინე მეფე არ გარდაიცვალა.

ამ ხნის მანძილზე ქალწული ათანასე დიდს ყოველმხრივ ემსახურებოდა: ფეხებს ბანდა, საჭირო წიგნს დროულად აწვდიდა და ა.შ. ექვსი წელი ისე გავიდა, რომ ალექსანდრიაში ვერავინ შეიტყო მისი სამყოფელი.

როცა კონსტანტინე მეფის სიკვდილი ყველგან გავრცელდა, წმინდანი კვლავ ეპისკოპოსის სამოსით შეიმოსა და ასე გამშვენებული შუაღამისას ეკლესიაში წავიდა. როცა მრევლმა წმინდანი იხილა, გაოცდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ მათ წინ მკვდრეთით აღმდგარი ეპისკოპოსი იდგა.

ახლობლებმა ათანასეს უსაყვედურეს ასეთი ფარული გაუჩინარების გამო. მან კი მიუგო: ”იმისთვის არ მოვედი თქვენთან, რათა შეგძლებოდათ, ნამდვილად დაგეფიცათ ჩემი მძებნელების წინაშე, რომ არ იცოდით, თუ სად ვიყავი. თავი კი იმას შევაფარე, ვინც ძალიან ახალგაზრდა და მშვენიერი იყო და ვისზეც ვერავინ იფიქრებდა, რომ მასთან ვიყავი. ორმაგი სიკეთის მომტანი აღმოჩნდა აქედან ჩემი ფარული წასვლა. ერთი, რომ ქალწულს სარგებელი მოვუტანე და, მეორეც, დევნილის ცუდდიდებას გავშორდი”.

კესარიელი ქალწული იულიანა

კაბადოკიის კესარიაში ცხოვრობდა ერთი ქალწული, სახელად იულიანა. ამბობდნენ, რომ ის თავისი სათნო ცხოვრებით ქებას იმსახურებდა.

წმინდა ქალწულმა თავის სახლში მწერალი ორიგენე შეიფარა, რომელსაც კერპთმსახურები დევნიდნენ. იგი ორი წლის განმავლობაში საკუთარი სახსრებით უვლიდა და ინახავდა მას. ამ ღირსეულ ქალთან ძველი წიგნები, სტიქარონები ვიპოვე, რომელიც ორიგენეს დაეწერა და იქვე სახლში დაემალა. ამ წიგნების თანახმად, ბიბლია ებრაელი სვიმახოსის მიერ იყო თარგმნილი.

ქალწულ იულიანას სათნოებებზე ჩემს წიგნებში უმიზეზოდ არ დავწერე: იმის საჩვენებლად გიამბობთ, რომ მრავალი გზა და საშუალება არსებობს სულისთვის სარგებლის მოტანისა, თუკი ამას თავად მოვისურვებთ.

სხვა ძველ წიგნში, რომელიც დაწერა წმინდა მოციქულების მეგობარმა – იპოლიტემ, ასეთი მოთხრობა ვიპოვე: ქალაქ კორინთოში იყო ერთი მშვენიერი და კეთილშობილი ქალწული, რომელიც ღვთისთვის სათნო ცხოვრებით გამოირჩეოდა. ქრისტიანთა დევნის ჟამს ის მსაჯულთან დაასმინეს, რომ მეფეებსა და კერპებს გმობდა. ბოროტი ადამიანების მიერ მისი დასმენის ნამდვილი მიზეზი ქალწულის ხორციელი სილამაზე იყო. მათ უწყოდნენ, რომ უღვთო მსაჯულს მშვენიერი ქალების მიმართ ბილწი გულისთქმა ჰქონდა.

წმინდანის დასმენისთანავე მსაჯული ბოროტი ტრფიალებით აინთო, პირუტყვული ვნებით აღსავსემ ქალწული მაშინვე მოაყვანინა. მან სხვადასხვა ხერხს მიმართა, მაგრამ უფლის მხევლის დაყოლიება ვერ შეძლო. მსაჯულმა არაერთი ტანჯვა მიაყენა წმინდანს, მაგრამ უფლის რწმენისგან ვერ გადადრიკა.

დაუმშვიდებელი მტარვალი კიდევ უფრო გაბოროტდა და ასეთი რამ მოიგონა: ქალწული სამეძაო სახლში გააგზავნა და სახლის ზედამხედველს მის ნაცვლად სამი ოქროს მონეტის გადახდა მოსთხოვა. ბოროტმა მეპატრონემ ქალწულის სილამაზის ამბავი ყველგან გაავრცელა.

როცა ბილწი ტრფიალებით შეპყრობილებმა ეს ამბავი გაიგეს, საროსკიპოში მორბოდნენ ურჯულო საქმის აღსასრულებლად და ფულს იხდიდნენ ქალწულის უსასყიდლო სულისთვის. ისინი იმის გახრწნას ესწრაფოდნენ, ვინც გაუხრწნელი იყო.

განსაცდელისაგან თავის დასაღწევად წმინდანმა ასეთი რამ მოიფიქრა. მან მოძალადეებს უთხრა, რომ მძიმედ იყო დაავადებული და ამ დაავადების სიმყრალე მათ თავს შეაძულებინებდა. ამიტომ სთხოვა, რომ რამდენიმე ხანს გამოჯანმრთელება ეცლიათ და მერე აღესრულებინათ თავიანთი სურვილი. ამ გზით შეძლო ნეტარმა დედამ პირუტყვული სურვილით შეპრობილთა დარწმუნება და უკან გააბრუნა. თავად კი უფლის წინაშე მხურვალედ ილოცა, რათა წყალობა მოეღო მასზე და ამ განსაცდელისაგან ეხსნა.

ღმერთმა, რომელიც ჩვენს გულებს ხედავს, დაინახა, რომ ქალწულის გული სიწმინდით იყო სავსე, და მისი ცხოვრება ასე წარმართა: ერთ ჭაბუკს, რომელიც მაგისტრი იყო და მშვენიერი გარეგნობითა და ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა, გულში საღვთო სურვილი აღუძრა და შუაღამისას სამეძაო სახლში მიიყვანა, ვითომდა ბილწი გულისთქმით შეპყრობილი.

ჭაბუკმა სახლის მეპატრონეს ხუთი ოქროს მონეტა მისცა და ქალწულთან შესვლის ნება გამოითხოვა. როცა ის წმინდანთან შევიდა, სწრაფად უთხრა: ”ადექი და იხსენი შენი თავი!”

ჭაბუკმა ქალწული თავისი შესამოსლით შემოსა და ურჩია, რომ პირი მოსასხამის წვერით დაეფარა. წმინდანმა პირჯვარი გადაიწერა და უფლის ძალით უვნებელი გაშორდა იქაურობას. ჭაბუკმა კი ასეთი მსხვერპლის გაღებით იგი გახრწნისაგან დაიცვა.

როცა გათენდა, ყველაფერი გამოაშკარავდა. მხნე მაგისტრი გამხეცებულ მსაჯულთან მიიყვანეს. მან ყოველივე დაწვრილებით გამოიკითხა და, როცა საქმის ვითარება გაიგო, ბრძანა, ჭაბუკი მხეცებისათვის მიეგდოთ შესაჭმელად.

ამ გზით შეარცხვინა უფალმა კეთილისმოძულე ეშმაკი, რომელსაც ეგონა, რომ თავდადებულ კაცს დიდ სატანჯველში ჩააგდებდა, სინამდვილეში კი მისი ღვაწლი წარმოაჩინა.

ჭაბუკმა თავისი ახოვანებით არა მარტო საკუთარ სულს მოუტანა უკვდავება, არამედ ნეტარი ქალწულის ტკივილი გაითავისა და ამ გზით უფლისგან ორმაგი გვირგვინით შეიმკო.

ანკვირელი სევერიანე

გალატიის ქალაქ ანკვირიაში შევხვდი მდაბიო წარმომავლობის ერთ კაცს, სახელად სევერიანეს, მეუღლესთან, ვესპორიასთან ერთად. მათ ისეთი დიდი სურვილი ჰქონდათ საუკუნო ცხოვრებისა, რომ შვილებზე დიდად არ ზრუნავდნენ, ისინი მთელ სიმდიდრეს ღარიბ- ღატაკებს ურიგებდნენ. მათ ოთხი ვაჟი და ორი ასული ჰყავდათ.

როცა შვილები დაოჯახდნენ, მშობლებმა ქონების მცირე ნაწილიც კი არ მისცეს, არამედ ასეთი რამ უთხრეს: ”როცა გარდავიცვლებით, მთელი ჩვენი სიმდიდრე თქვენი იქნება. სანამ ცოცხლები ვართ, მთელ ჩვენს მონაგებს მოვაგროვებთ”.

ცოლ-ქმარი უშურველად ურიგებდა ყველაფერს ეკლესიამონასტრებს, ღარიბ-ღატაკებსა თუ თავშესაფრებს. მათ სათნოებაზე კიდევ ერთი ამბავი გაუწყებთ: ერთხელ შიმშილობა ჩამოვარდა. ნეტარმა ცოლ-ქმარმა ყველა ტკბილად განიკითხა, თავიანთი მოწყალებით მათ მრავალი მწვალებელი მოაქციეს მართლმადიდებლობაზე, გააღეს დიდი ხნის განმავლობაში მოგროვილი ხორბლით ავსებული ბეღლები და შიმშილით დაუძლურებულებს დაურიგეს. როცა ხალხი მათ რწმენასა და სიუხვეს ხედავდა, ღმერთს ადიდებდა.

ცოლ-ქმარმა სხვა მრავალი სიკეთეც აღასრულა. თავად ისინი ცხოვრობდნენ მოკრძალებით, იკვებებოდნენ ღარიბული საზრდოთი, ეცვათ უბრალოდ. საკუთარი თავისთვის მხოლოდ მცირე ქონებას მოიხმარდნენ, საკვებს იმდენს იღებდნენ, რამდენიც საჭირო იყო არსებობისათვის, წელიწადის უდიდეს დროს თავიანთ მამულებში ატარებდნენ, იყვნენ სიმშვიდისა და დუმილის მოყვარულნი, გაურბოდნენ ქალაქის ხმაურიან ცხოვრებას, რათა ამ გზით არ დაჰკლებოდნენ საუკუნო განსასვენებელს. ისინი ამ სოფელშივე ჭვრეტდნენ მარადიულ დიდებას, რომელსაც უფალი ერთგულ მსახურებს განუმზადებს.

ამავე ქალაქში ორი ათასზე მეტი ქალწული ცხოვრობდა. ისინი არანაკლებნი იყვნენ თავიანთი მოღვაწეობით უკვე მოხსენიებულ წმინდანებზე. უყვარდათ მშვიდი და თავმდაბალი მოქცევა. საღვთო ღვაწლის მოსურნენი დაუფარავად აღიარებდნენ ყოველგვარ ცოდვას.

ამ ქალწულთა შორის იყვნენ სახელოვანი დედებიც, რომლებიც ასევე არანაკლები საღვთო სურვილით იყვნენ აღვსილნი. ასეთი იყო წარჩინებული და გამოცდილი მოღვაწე მაგნაც, რომელიც არ ვიცი, როგორ მოვიხსენიო: ქალწულად თუ ქვრივად. ის დედამ ძალდატანებით გაათხოვა. სხეულის სიწმინდის დაცვას ამ ხნის მანძილზე ის სხვადასხვა გზით ცდილობდა. მაგნა ამ მიზნით ხან ავადმყო-ფობას იმიზეზებდა, ხან კი სხვა რამეს. როგორც მისი ახლობლები ამბობდნენ, მან შეძლო ქმრისგან შეუხებლად ქალწულების დაცვა.

გამოხდა ცოტაოდენი ხანი და მაგნას მეუღლე გარდაიცვალა. წმინდანი მთელი მისი ქონების პატრონი გახდა. მან მიწიერ სიკეთეს მარადიული ამჯობინა, თავი კი მთლიანად ღმერთსა და საუკუნო ცხოვრებას განუკუთვნა.

ქალწულმა თავისი მონები გაათავისუფლა. სხვებთან საუბარს ის ისე გაურბოდა, რომ რცხვენოდა საკუთარი თავისა და მასთან სტუმრად მისული ეპისკოპოსებისა, რომლებსაც მისი პატიოსანი ცხოვრების ხილვა სურდათ.

ამ ყოვლადსანატრელმა დედამ მთელი სიმდიდრე უპოვარების ცეცხლით გალია. ყველაფერი უშურველად დაურიგა ეკლესიამონასტრებს, ღარიბთა თავშესაფრებსა და ქვრივ-ობლებს. ამ გზით სიხარულით ემსახურებოდა უფალს, მას სიკეთის გაცემა თავისი მონებისაგან დაფარულად უყვარდა, არ აკლდებოდა ეკლესიაში სიარულს, მეტადრე ღამისთევებს. ამ და სხვა მრავალი ღვაწლით წმინდა მაგნა საუკუნო განსასვენებელს მოელოდა.

ამავე ქალაქში შევხვდი ერთ მონაზონს, რომელსაც ხელდასხმა არ მიუღია, რადგან საერო ცხოვრებაში მხედარი იყო, და მისი დატოვების შემდეგ შეუდგა ბერულ ცხოვრებას. მან მონაზვნობაში ოცი წელი დაყო და ამ ხნის მანძილზე ისე იღვწოდა, როგორც ქალაქის ეპისკოპოსები და სხვა სულიერად წარჩინებული ადამიანები. იგი ღარიბ-ღატაკებს ემსახურებოდა, დადიოდა საპყრობილეებსა და საავადმყოფოებში.

წმინდა მამა არც მდიდრებს ივიწყებდა, ლოცულობდა მათზე, რომ ღვთისმსახურებით და კაცთმოყვარებით ეღვაწათ, დახმარებოდნენ ახლობლებს, მეტადრე კი შიშველ-ტიტვლებს, უხვად გაეცათ წყალობა, რათა განკითხვის ჟამს უფლისგან სანაცვლო მიეღოთ. ამ გზით ის მდიდრებს ხელგაშლილობას ასწავლიდა, მოჩხუბრებს არიგებდა და ამშვიდებდა, შიშვლებს აცმევდა, უძლურებს კურნავდა.

როგორც ყველა დიდ ქალაქში, აქაც მრავალრიცხოვანი მოსახლე იყო. ტაძრის კარებთან ისხდნენ დავრდომილები, მათ შორის, ზოგი დაოჯახებული, ზოგიც დასაოჯახებელი, მაგრამ ყველა გაჭირვებული და გლახაკი. ერთ ღამეს მათგან ერთ ქალს წინასამშობიარო ტკივილები დაეწყო. იგი ძალიან იტანჯებოდა და ხმამაღლა მოთქვამდა. წმინდა მამა ამ დროს ეკლესიაში ლოცულობდა და ქალის ტირილი ესმოდა. მან ლოცვა მიატოვა, გარეთ გამოვიდა, მაგრამ მშობიარის შემწე ვერავინ ნახა, ვერც ექიმი მოიყვანა, რადგან ეს ქალი ღარიბი იყო.

წმინდანმა არ ითაკილა საძაგელი საქმიანობა, რომელიც მშობიარობას ახლავს, ქალს დაეხმარა და ტკივილებისაგან გაათავისუფლა. ასეთი საქციელით წმინდანმა უფლისგან კაცთმოყვარების სათნოება მოიპოვა.

ამ წმინდა მამას ისეთი ძველი და უბრალო ტანისამოსი ეცვა, მისი შემხედვარე იფიქრებდა, რომ ერთი მტრედის შეწირვასაც ვერ შეძლებდა, საზრდოსაც მოკრძალებულად იღებდა. ერთხელ ერთმა ძმამ, სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად, მას წიგნი აჩუქა. წმინდანმა კი ნაჩუქარი გაყიდა და ამ გზით აღებული ფული მათხოვრებს დაურიგა. როცა ეს ყველაფერი მისმა ახლობლებმა იხილეს, წმინდა მამას უსაყვედურეს. მან კი უპასუხა: ”თუ მე ჩემს მოძღვარს ვეტყვი, რომ შენი ნასწავლი კარგად შევითვისე, თავად ის არ წამიძღვება ამ ცოდნის საქმით აღსასრულებლადო”.

ასე უშურველად იღვაწა ნეტარმა მამამ და თავის ახლობლებს მრავალი კეთილი საქმე დაუტოვა გასახსენებლად. თავად კი, ამქვეყნიური ღვაწლის სანაცვლოდ, სასუფეველი მოიმუშაკა, რადგან მშივრები დააპურა და საკუთარი სამოსი შიშვლებს ჩააცვა. ამ გზით ის მარადიულ სიკეთეს ეზიარა.

ამბავი დაცემული ქალწულისა, რომელმაც შეინანა

იყო ერთი ქალწული, რომელიც სხვა ორ ქალწულთან ერთად ცხოვრობდა. ასე გაატარა მან ათი წელი, მაგრამ ერთხელ ერთ მგალობელთან დაეცა, დაფეხმძიმდა და ბავშვი შვა. ამ შემთხვევის შემდეგ მან თავისი შემაცდენელი მოიძულა, მის გულში მწუხარებამ დაისადგურა და სინანულის იმგვარ საზომს მიაღწია და ისეთ უკიდურეს მარხვას მისცა თავი, რომ თითქმის სიკვდილს მიეახლა.

ნეტარი დედა ასე ლოცულობდა: ”დიდო და მაღალო ღმერთო, რომელსაც ჩვენი ცოდვები და ამსოფლიური სიმძიმე გიტვირთავს, რომელსაც არ გსურს არც ერთი ცოდვილის დაღუპვა და დაცემულის წაწყმედა, არამედ გებრალება შენი შექმნილი, შენი კეთილი ნება ყველას ცხონებაა. თუ შენ სხვებთან ერთად ჩემი გადარჩენაც გსურს, მომმადლე სიკეთე, აჩვენე შენი საკვირველი ძალმოსილება და მოსპე ჩემი უსჯულოების ნაყოფი, რადგან არაწმინდა გზით დავფეხმძიმდი და ცოდვაში ვშობე ჩემი სულის დასაღუპავად. და თუ ეს ასე არ აღსრულდება, მაშინ მომკალი”.

უფალმა შეისმინა დაცემული ქალწულის ვედრება და რამდენიმე დღის შემდეგ ახალდაბადებული ბავშვი გარდაიცვალა. იმ დღიდან ქალმა თავის შემაცდენელს ხმა აღარ გასცა, მან ფიცხელ მოღვაწეობას მიჰყო ხელი და ექვსი წლის განმავლობაში დავრდომილებს უვლიდა. მთელი ეს ხანი გულმხურვალედ, ტირილით ევედრებოდა უფალს შენდობასა და მოელოდა წყალობას მანამ, სანამ ერთ წმინდა და პატიოსან მღვდელს ეუწყა ღვთისაგან, რომ ეს ქალი თავისი სინანულით დაცემის შემდეგ უფრო ესათნოებოდა ღმერთს, ვიდრე ქალწულობის დროს.

ამბავი ცილდაწამებული წიგნისმკითხველისა

ერთი ქალწული ცხოვრობდა, რომელიც მღვდლის შვილი იყო. ის ერთმა კაცმა შეაცდინა და ურჩია, რომ ცილი ქალაქის ერთი ტაძრის წიგნის მკითხველისთვის დაეწამა. დაფეხმძიმებულ ქალს მამამ ჰკითხა, თუ ვინ იყო მისი შემაცდენელი. მან კი წიგნისმკითხველს დასდო ბრალი. მღვდელმა რომ ეს ამბავი გაიგო, სიბრაზემ შეიპყრო და ყველაფერი ეპისკოპოსს უამბო. ეპისკოპოსმა სასულიერო პირები შეკრიბა და წიგნის მკითხველიც დაიბარა. ჭაბუკმა ცრუ ბრალდება არ აღიარა.

განრისხებულმა ეპისკოპოსმა მშფოთვარე ხმით უთხრა: ”არ აღიარებ შენი დაცემის შესახებ, საწყალო და უბედურო, არ შეინანებ არაწმინდა სურვილებით სავსევ?”წიგნისმკითხველმა კი მიუგო:

- გევედრები, რომ ჩემი ნათქვამი დაიჯერო. მე არაფერი მაქვს საერთო მაგ საქმესთან. თქვენ კი მაიძულებთ, ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია.

ჭაბუკის ვედრება ყურად არავინ იღო და წიგნისმკითხველობისგან განკვეთეს. ის კვლავ ფეხებში ჩაუვარდა მღვდელმთავარს და უთხრა:

- თუკი გსურდა, თქვენო მეუფებავ, მეთქვა, რომ მე ვცოდე და ამის გამო საკურთხეველს დამაშორე, არ მიმიჩნიე ღირსად, ვყოფილიყავი წევრი შენი სამწყსოსი, იმის ნება მაინც მომეცით, რომ ის ქალი ცოლად შევირთო, რადგან ამიერიდან აღარც წიგნის მკითხველი ვარ და აღარც ქალწული.

როცა ეპისკოპოსმა და მღვდელმა ეს სიტყვები მოისმინეს, გადაწყვიტეს, ეს ქალი წიგნის მკითხველისათვის შეერთოთ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ჭაბუკი ვეღარ შეძლებდა მისგან გაშორებას.

წიგნის მკითხველმა ფეხმძიმე ქალი დედათა ერთ მონასტერში მიიყვანა და წინამძღვარს სთხოვა, რომ მშობიარობამდე იქ დაეტოვებინა. თავად კი ერთ სენაკში დაეყუდა.

ჭაბუკი ცრემლითა და სულთქმით ასე ევედრებოდა ღმერთს: ”შენ იცი, უფალო, ჩემი საქმე. შენ, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი დაგემალება, რადგან ყველაფერს ხედავ. შენ სწვდები გულის სიტყვათა ღრმა უფსკრულებს, რადგან შენ წინაშე განცხადებულია ყველა ჩვენგანის აზრი. შენ ხარ გულთა მხილავი, ჭეშმარიტი მსაჯული, ცილდაწამებულთა განმამართლებელი, გძულს სიცრუე, ადამიანთა ყოველი ქმედება შენი სიმართლით იწონება და შენი თვალშეუდგამი სინათლის წინაშე ყველაფერი განცხადებულად იხილვება. სიმართლის მეუფევ, შენ განსაჯე ჩემი საქმენი შენი სამსჯავროს წინაშე”.

ასე შეუსვენებლივ ლოცულობდა და მოთმინებით მარხულობდა ცილდაწამებული წიგნისმკითხველი მანამ, სანამ ქალის მშობიარობის ჟამმა არ მოაწია.

როცა შობის დრო მოახლოვდა, მასთან ერთად მოახლოვდა უფლის მართლმსაჯულებაც. ცილისმწამებელ ქალს წინასამშობიარო ტკივილები გაუძლიერდა. ის ხმამაღლა ყვიროდა, დღითი დღე ტკივილი მატულობდა, ბავშვი კი არ იბადებოდა. ასე გავიდა ექვსი დღე, მეშვიდე დღეს ტკივილი აუტანელი გახდა. უბედური ქალი ისე იტანჯებოდა, როგორც ჯოჯოხეთში მყოფი. ამ ხნის განმავლობაში მას არც არაფერი უჭამია და არც დაუძინია, არამედ განუწყვეტლივ მოთქვამდა.

ჭაბუკის ლოცვით ქალი სინანულმა მოიცვა და ხმამაღლა აღიარა: ”ვაი მე, საწყალს და უბედურს, რადგან ორი ბოროტების გამო ვიტანჯები: ერთის მხრივ, სიძვით და, მეორეს მხრივ, ცილისწამებით. დავღუპე ჩემი ქალწულება და ორმაგმა უბედურებამ შემიპყრო: სხვამ შემაცდინა და ცილი სხვას დავწამე”.

ეს ამბავი რომ მონასტრის დედებმა შეიტყვეს, ყველაფერი ქალის მამას უამბეს. მღვდელს შერცხვა, რომ ყველას წინაშე განცხადდა ცილისწამების ამბავი და გაჩუმება ამჯობინა. მაგრამ ღვთის მართლმსაჯულებით ქალს ტკივილი ისე გაუძლიერდა, რომ არც კვდებოდა და არც რჩებოდა; შუაღამისას აუტანელმა ტკივილმა გონება მთლიანად დაუბნელა.

მონასტრის დედები სირბილით წავიდნენ ეპისკოპოსთან და აუწყეს, რომ უკვე მეცხრე დღე იყო, რაც მშობიარე ქალი ცილისწამებას აღიარებდა, ბავშვი კი არ იბადებოდა. მღვდელმთავარმა რომ ქალწულთა მონათხრობი მოისმინა, ორი მათგანი მიუგზავნა ჭაბუკს, რათა ელოცა და სამართლიანად მოწევნილი უბედურებისაგან ეხსნა ქალი. წიგნისმკითხველმა მათ ხმა არ გასცა, არც სენაკის კარი გაუღო, არამედ კვლავ ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს.

ამ ამბავმა ქალის მამა მოდრიკა, ის ეპისკოპოსთან მივიდა და სთხოვა, რომ ყველას ეკლესიაში ელოცა მისი შვილისათვის. მაგრამ ვერც ამ გზით იხსნეს მშობიარე განსაცდელისაგან, რადგან ცილდაწამებული ჭაბუკის ლოცვა ადიოდა უფლის წინაშე და სხვათა ვედრებას უკან აბრუნებდა.

ამის შემდეგ ჭაბუკის სენაკთან თავად ეპისკოპოსი მივიდა და კარზე დაუკაკუნა. მან კი არ გაღო. მღვდელმთავარი რამდენიმე საათის განმავლობაში ამაოდ იდგა. ბოლოს კი ბრძანა, რომ სენაკის კარი ჩამოეხსნათ. როცა შიგნით შევიდნენ, ნახეს, რომ წიგნისმკითხველი ისევ მხურვალედ ლოცულობდა.

ეპისკოპოსმა დალოცა ჭაბუკი და უთხრა: ”ძმაო ევსტათი, უფლის ნებით გაცხადდა, რომ ცილი დაგწამეთ. ღმერთმა შენი ლოცვა შეისმინა. ახლა შენც შეიწყალე ცოდვილი ქალი, გახსენი ცოდვების მარწუხებისგან, რადგან ასეთი სნეულება შენი ლოცვით შეემთხვა, შეევედრე უფალს, რომ გაათავისუფლოს მშობიარობის ტკივილებისგან”.

კეთილად მოხსენიებულმა წიგნის მკითხველმა ეპისკოპოსთან ერთად ილოცა და საწყალი ქალი ტანჯვისაგან იხსნა. ცილისმწამებელმა ბავშვი გააჩინა და ყველას მხურვალედ ევედრებოდა, რომ ცოდვები მიეტევებინათ. ნეტარი ჭაბუკი კი ყოველგვარ შფოთს განერიდა და თავისი მოღვაწეობით საღვთო მადლი მოიმუშაკა. იგი თავისი ახოვანებით მარტვილებს გაუთანაბრდა.

ყოველივე ეს იმისთვის დავწერე, რომ გავფრთხილდეთ და ცილი არავის დავწამოთ, რათა მტრის დაცემულ მახეში არ გავებათ და მისი საშუალებით უკურნებელი ხორციელი სენი არ შევიყაროთ, როგორც ზემოთ მოხსენიებულმა ქალმა. ასეთი ადამიანი გარდაცვალების შემდეგ საუკუნო სატანჯველს მოიმკის, რადგან ცილისმწამებელი ღმერთს არისხებს, ცილდაწამებული კი სულგრ- ძელებითა და ლოცვით მოელის უფლის სამართალს, როგორც ქრისტეს ერთგული ჭაბუკი, რომელიც აქ განდიდდა და იმ სოფელშიც უჭკნობი გვირგვინი მოიპოვა.

ამ მაგალითით განცხადებულად უნდა შევიმეცნოთ ლოცვის ჭეშმარიტი ძალა. იგი სარწმუნოებას ამტკიცებს, ცოდვილებს იწყალებს, სათნოების მოქმედის წინამძღვარია, ყოვლის შემოქმედის წინაშე მვედრებელია, კეთილად მცხოვრებთათვის გვირგვინის მომნიჭებელია, ცილისწამების დამთმენთათვის კი ცათა სასუფევლის განმამზადებელია.

[სათნოებათა ამბავი უმცროსი ძმისა, რომელიც თავად აღასრულებდა სათნოებებს, მაგრამ სხვებს მიაწერდა]

ყოველივე ამასთან ერთად მინდა მცირედი რამ ერთი ძმის შესახებაც გაუწყოთ, რომელიც, ახალგაზრდობიდან მოყოლებული დღემდე, ჩემ გვერდითაა, და ამით დავასრულებ თხრობას.

ეს ძმა მრავალი წლის განმავლობაში კეთილად მოღვაწეობდა და ვნებებს აღვირს ასხამდა. როგორც ვიცი, იგი არც მოჭარბებულად ჭამდა და არც მომეტებულად მარხულობდა. ვფიქრობ, რომ იგი ვერცხლისმოყვარეობისა და ქედმაღლობის ვნებებისგანაც სრულიად განდგომილი იყო: ყოველთვის კმაყოფილდებოდა მცირედი და შეურაცხი სამოსით, მადლობით დაითმენდა შეურაცხმყოფელთაგან ყოველგვარ დაცინვას, ზრუნავდა მეგობრებზე და იზიარებდა მათ ჭირსა თუ ვარამს.

მრავალგზისი გამოცდილებით მოეპოვებინა ამ წმინდა მამას ეშმაკთა ძლევა იქამდე, რომ ერთხელ ბოროტმა სულმა ასეთი რამ უთხრა: ”თუ დამიჯერებ და მხოლოდ ერთხელ სცოდავ, როგორი დიდება თუ სიმდიდრე გენდომება, ყველაფერს მიიღებ”.

სხვა დროს კი გმობის ეშმაკი დაადგა ბერს თავზე და თოთხმეტი დღე-ღამის განმავლობაში ერკინებოდა. როგორც თავად მომიყვა, ღამით ფეხითაც კი ითრია და ხმამაღლა უთხრა, ნუღარ ეთაყვანებოდა ქრისტეს და ამის სანაცვლოდ აღარასოდეს გაეკარებოდა.

ბერმა კი მიუგო: ”რადგან ეგ ამბავი ასე გამწარებს, ამიერიდან გამუდმებით თაყვანს ვცემ უფალს და განვადიდებ. ყოველთვის მისი მავედრებელი ვიქნები და უფლის ერთგული მსახურებით წინ აღგიდგები. რადგან ყველა ქრისტიანის იარაღი მისი სახელია, ძალა კი მისი პატიოსანი ჯვარია, რომლის წარმოთქმაც კი გაშინებს. მისი სახელით ითრგუნება შენი ძალა და ყველა შენი ხრიკი სასაცილოდ გვეჩვენება. ამიტომ ამაოდ ნუ ცდები, არამედ შერცხვენილი მოგვშორდი და საერთოდ ნუღარ შეეხები ქრისტეს მონებს!”

ბოროტმა სულმა ვეღარ გაუძლო უფლის სახელის ხსენებას და, როგორც კვამლი, ისე გაუჩინარდა. ასეთი ბრძოლა დაითმინა ეშმაკისგან ჩემმა სულიერმა ძმამ, რის შესახებაც თავად მომიყვა.

ამ წმინდა მამას უვნებელობის ისეთი სიმაღლისათვის მიეღწია, რომ ას ექვსი ქალაქი მოიარა, უმეტეს მათგანში დიდი ხანი გაატარა, მაგრამ ქალთან არასოდეს დაცემულა. არც სიზმარში აჰყოლია ცთუნებას, გარდა სიძვის ვნებასთან ბრძოლისა. სხვა დროს ის სამჯერ ვიხილე მოშიებული და თავად ანგელოზმა მოუტანა საზრდო. ერთ დღეს ეს წმინდა მამა უდაბნოს ბოლოს იყო და თან საზრდო არ ჰქონდა. უცბად მან იოანეს მოსასხამის ქვეშ სამი პური იპოვა. მეორედ მან სამხრისას იპოვა პური, მესამედ კი პური და ღვინო.

ერთხელ საზრდოს მოკლების ჟამს ანგელოზმა წმინდა მამა ერთ კაცთან გააგზავნა და უთხრა, პური და ზეთი გამოერთმია. როცა ბერი ამ კაცთან მივიდა, მან ვინაობა გამოჰკითხა. ძმამ კი მიუგო: ”მე ის ვარ, ვისაც შენ კითხულობ”.

სახლის მეპატრონემ აუწყა, რომ ანგელოზებისგან ნაბრძანები ჰქონდა, მისთვის ოცდაათი მოდი ფქვილი და ათი საწყაო ზეთი მიეცა.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანთან ვმეგობრობდი. ის მე სხვა გაჭირვების გამო ატირებულიც მინახავს, თავად უპოვარი ყველაფერს გლახაკებს ურიგებდა, თავად კი, საკუთარი ხორცის გარდა, აღარაფერი ებადა.

სხვა დროსაც მინახავს ჩემი მეგობარი დაცემულ ადამიანთა გამო ატირებული იქამდე, სანამ მისმა გლოვამ შედეგი არ გამოიღო და ცოდვილებს სინანული არ დაეუფლათ.

ერთხელ იმაზე მეფიცებოდა ჩემი სულიერი ძმა, თუ როგორ ევედრა არაერთხელ უფალს, მდიდრებისათვის ცოდვები შეენდო, რადგან მათ არაერთხელ განუკითხავთ იგი.

ამ წიგნის დამწერი ღმერთს მადლობას სწირავს

ღვთის მადლითა და შეწევნით ღირსი გავხდი, დამეწერა ზემოთ მოხსენიებული წმინდა მამების, პატიოსანი ძმებისა და ყოვლადსანატრელი დედების ცხოვრება, რადგან, ვფიქრობ, უფლის ნების გარეშე არ აღმძვრია სურვილი ამ წმინდანების ღვაწლის წარმოჩენისა.

შენ კი, ქრისტეს საიმედო და რჩეულო მსახურო ლავსე, ჩემს ახლობელთა შორის ყველაზე უპირატესო და გამორჩეულო, გულმოდგინედ წაიკითხე ეს წიგნი, რათა საყოველთაო აღდგომის ჟამს შენს სულს სარგებელი მოუტანო. უფლის სათნო მოღვაწეების, მათი მოთმინებისა და შეჭირვების გახსენებით სიკეთეში წარემატები, გონების თვალით უფრო მეტად წარმართავ მზერას უფლისაკენ, გახდები მისი მსასოებელი, რადგან დაინახავ ამსოფლიური ცხოვრების სწრაფად დინებას.

ილოცე ჩემთვისაც. გაუფრთხილდი საკუთარ თავს და ეცადე, იყო ისეთი, როგორსაც გიცნობდი ტატიანეს კონსულობიდან დღემდე. პატივცემულო პრეპოსიტობის პატივით, კეთილმსახური მეფის სამეფო კარის მცველად დადგინებულო, მსოფლიური დიდების მქონებელს არ მოგკლებია ღვთისადმი შიში, რადგან უფლისგან გსმენია სიტყვები, რომლითაც ბოროტმა სულმა მას მიმართა: ”ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე”, ღმერთმა კი შეარცხვინა იგი და უთხრა: ”წადი ჩემგან, სატანავ” (მათე 4-10).

შენც უფლის მსგავსად შეურაცხყავი და არარად ჩათვალე აჩრდილს შემსგავსებული ამსოფლიური დიდება, რადგან ზეციური მარადიული ცხოვრებისა და გამოუთქმელი სიკეთის მოსურნე ხარ, ”რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია” (I კორ. 2. 9).

ღმერთმა გაგვხადოს ღირსი, რომ ვიყოთ მემკვიდრენი წმინდა მამამთავრებისა, წინასწარმეტყველებისა, მოციქულებისა და მარტვილებისა, რომელთა შესახებაც ამ წიგნში დავწერე ჩვენი უფლისა და მაცხოვრის – იესო ქრისტეს მადლით, ყოვლადწმიდა სამების შეწევნით, რომელსაც შვენის საუკუნო პატივი და დიდება. ამინ!

 

წმიდა პალადი ჰელენოპოლელის "ლავსაიკონის" ეფრემ მცირისეული თარგმნის კრიტიკული ტექსტი დაადგინა, თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოიღო, შესავალი და შენიშვნები დაურთო ფილოლოგიის დოქტორმა ქეთევან მამასახლისმა.

 

გამომცემლობა "ახალი ივირონი",

"საეკლესიო ბიბლიოთეკა", ტ. XIV, 2010 წ.

 

გთხოვთ ნუ გადაბეჭდავთ ტექსტს დაუკუთხავად (საიტის ადმინისტრაცია)

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:17)