3. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ არც მართლებს არ მიუღიათ სრულიად თავისი ხვედრი (სავანე) და სხვა ნეტარი მდგომარეობა, რომლისთვისაც მათ თავი განიმზადეს აქაური საქმეებით და არც ცოდვილნი, სიკვდილის შემდეგ, არ წასულან საუკუნო სასჯელში, სადაც საუკუნოდ დაიტანჯებიან; არამედ, პირველიც და მეორეც აუცილებლად იქნება სამსჯავროს უკანასკნელი დღისა და მკვდართა საყოველთაო აღდგომის შემდეგ; ახლა კი – ერთნიც და მეორენიც თავის დამახასიათებელ ადგილას არიან;

პირველნი – სრულიად მშვიდნი და თავისუფალნი ცაში ანგელოზებთან და თვით ღმრთის წინაშე იმყოფებიან და თითქოსდა უკვე სამოთხეში არიან, საიდანაც დაეცა ადამი, სხვათა უწინარეს კი კეთილგონიერი ავაზაკი შევიდა, - და ხშირად გვესტუმრებიან იმ ტაძრებში, სადაც მათ პატივს მიაგებენ და უსმენენ მათს მომწოდებლებს და მათთვის ღმერთს ევედრებიან, მისგან ამ უაღრესი ნიჭის მიმღებელნი და თავისი ნაწილების მიერ სასწაულებს ახდენენ და ღმრთის ჭვრეტით და იქიდან მომდინარე გაცისკროვნებით ტკბებიან, უფრო სრულყოფილად და უფრო წმინდად, ვიდრე ადრე, როცა აქ ცხოვრობდნენ; მეორენი კი, თავის მხრივ, ჯოჯოხეთში ჩაგდებულნი, “მღვიმესა ქვესკნელისა, ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა” (ფს. 87,7) იმყოფებიან, როგორც ამბობს დავითი და შემდეგ იობი: “ქუეყანად ბნელისა, ქუეყანასა უკუნსა საუკუნისასა, სადა არა არს ნათელი, არცა ხილვად ცხოვრებაჲ კაცთაჲ” (იობი 10, 21-22). და პირველნი ყოველგვარ სიხარულსა და მხიარულებაში არიან, ელოდებიან (ოღონდ ჯერ ხელში არა აქვთ) რა მათთვის აღთქმულ სასუფეველს და გამოუთქმელ სიკეთეებს, მეორენი კი, პირიქით, ყოველგვარ იწროებასა შინა და უნუგეშო ტანჯვაში იმყოფებიან; ვითარცა განსასჯელნი, მსაჯულის განაჩენსა და სხვა ტანჯვას რომ ელოდებიან. და ჯერ არც პირველებს მიუღიათ სასუფევლის მემკვიდრეობა და ის სიკეთეები, “რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა” (I კორ. 2,9), არც მეორენი არ გადაუციათ საუკუნო სატანჯველისათვის და ჩაუმქრალ ცეცხლში არ ჩაუყრიათ. და ეს სწავლება გვაქვს ჩვენ მამათა ჩვენთაგან უძველესი დროიდან გადმოცემული და იოლად შეგვიძლია წარმოვადგინოთ თვით საღმრთო წერილიდან.

10. მაშასადამე, ამ ყოველივედან ნათელია, რომ ის, რაც ზოგიერთმა წმინდანმა ხილვასა და გამოცხადებაში იხილა მომავალ ტანჯვათა და მასში მყოფ უწმინდურთა და ცოდვილებთან დაკავშირებით, მომავალ საგანთა წყობის ერთგვარი სახე და აღბეჭდვაა და არა ის, რაც ეხლა საქმით ხდება; ასე, მაგალითად, დანიელი მომავალი სამსჯავროს აღწერისას ამბობს: “და ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს... მსაჯულნი დაჯდნენ... და წიგნნი განეხუნეს” (დანიელი 7, 9-10). ამასთან, ცხადია, რომ სინამდვილეში ეს არ მომხდარა, არამედ სულით წინასწარ განეცხადა წინასწარმეტყველს.

19. ამასთან, როცა ჩვენ განვიხილავთ თქვენს მიერ მაკაბელთა წიგნიდან და სახარებიდან მოტანილ მოწმობებს, უბრალოდ და ჭეშმარიტების სიყვარულით რომ ვთქვათ, ისინი სულაც არ შეიცავენ რაიმე მოწმობებს სასჯელისა თუ განწმენდის შესახებ, არამედ მხოლოდ ცოდვათა მიტევებაზე საუბრობენ. თქვენ რაღც საოცარი განყოფა გააკეთეთ, როდესაც თქვით, რომ ყოველი ცოდვა ორი ასპექტით უნდა გავიგოთ: (1) თვით ღმერთის შეურაცხყოფა; (2) სასჯელი ამის გამო. ამ ორი ასპექტიდან ღმრთის შეურაცხყოფა ნამდვილად შეიძლება მიტევებულ იქნეს სინანულისა და ბოროტისაგან მოქცევის შემდეგ, მაგრამ, სასჯელს ყველა შემთხვევაში ექვემდებარება. ასე რომ, ამ ცნების საფუძველზე, აუცილებელია, რომ ცოდვათაგან განთავისუფლებულნი მათს გამო სასჯელს მაინც დაექვემდებარონ.

მაგრამ, ჩვენ ვუშვებთ იმის თქმას, რომ საკითხის ასე დაყენება აშკარა და საყოველთაო ჭეშმარიტებებს ეწინააღმდეგება: თუკი ჩვენ ვხედავთ, რომ მეფე ამნისტიისა და პატიების შემდეგ, დამნაშავეს აღარ სჯის, მით უმეტეს ღმერთი, რომლის მრავალ თვისებათაგან კაცთმოყვარება განსაკუთრებით გამორჩეული თვისებაა, თუმცაღა სჯის ადამიანს, მის მიერ ცოდვის ჩადენის შემდეგ, მაგრამ, მას შემდეგ, რაც აპატია, სასჯელისგანაც დაუყოვნებლივ ათავისუფლებს. და ეს ბუნებრივია. რამეთუ, თუ ღმრთის შეურაცხყოფას სასჯელამდე მივყავართ, მაშინ, როცა დანაშაული გაუქმებულია, თვით დანაშაულის შედეგი, ე.ი. სასჯელი, აუცილებლობის ძალით უქმდება.

 

“სულთა მდგომარეობა საიქიოში”, თბილისი 2008 წ.

მთარგმნელები ედლარ ეკალაძე და რუსუდან გულორდავა

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 12 January 2022 10:23)