[178]იერუსალიმში, მოუმზადებლად, ათი დოგმატის შესახებ, და საკითხავი კოლასელთა მიმართ ეპისტოლიდან: “გაფრთხილდით, ვინმე თქვენგანი არ იქნას გატაცებული სიბრძნისმოყვარებისა და ფუჭი საცდურის მიერ, ადამიანთა გადმოცემის შესაბამისად, სამყაროს სტიქიონთა შესაბამისად” (კოლ. 2.8) და შემდგომი.

1. ბაძავს სათნოებას ბოროტება და ღვარძლი იფქლად წარმოჩენას მეცადინეობს, რომელიც ფორმით იფქლის მსგავსია, მაგრამ გემოსხილვით შეიცნობა1 განმრჩეველთაგან. ეშმაკიც გარდაისახება სინათლის ანგელოზად (2 კორ. 11.14), არა იმისთვის, რომ იქ დაბრუნდეს, სადაც იყო (რადგან მოიგო განუჭედელი გული, როგორც გრდემლი (იობ. 41.15), და აქვს შეუნანებელი არჩევანი), არამედ იმისთვის, რომ ანგელოზთასწორი ცხოვრებით მოქალაქეებს სიბრმავის წყვდიადი და ურწმუნოების წყლულებითი მდგომარეობა გარეშეარტყას.2 მრავალი მგელი დაძრწის ირგვლივ ცხვართა სამოსით (მათ. 7.15),  რომელთაც ცხვართა სამოსი კი შეუძენიათ, მაგრამ არა ჩლიქები და კბილები, არამედ მოსავთ რა შინაური ცხოველის ტყავი და გარეგნობით აცდუნებენ რა უბოროტოებს, კბილებიდან უღმერთობის გამხრწნელ შხამს გადმოადენენ. მაშ, გვესაჭიროება საღვთო მადლი, ფხიზელი გონება და მხედველი თვალები, რომ არ დავზარალდეთ არცოდნის გამო ღვარძლის როგორც იფქლის მჭამელნი, არც მგლის ცხვრად მიღებით წარვიტაცოთ,  არც მომსვრელი ეშმაკის კეთილისმყოფელ ანგელოზად მიჩნევით შთავინთქათ, “რადგან დადის როგორც მბრდღვინავი ლომი და დაეძებს, თუ ვინ შთანთქოს” (1 პეტ. 5.8), თანახმად წერილისა. ამიტომაც შეგვაგონებს ეკლესია, ამიტომაც არის ახლანდელი სწავლებანი, ამიტომაცაა საკითხავები.

2. ღვთისმოსავობის სახე3 ამ ორი რამისგან შედგება: კეთილმოსავობის დოგმატები4 და კეთილი საქმეები.5 არც დოგმატები კეთილი საქმის გარეშე არიან [179]სათნონი ღვთისთვის და  არც კეთილმოსავობის დოგმატთა გარეშე აღსრულებულ საქმეს იწყნარებს ღმერთი. რადგან რა სასარგებლოა კარგად ცოდნა ღვთის შესახებ დოგმატებისა, როდესაც სამარცხვინოდ ვისიძვავთ? კვლავ, რა სასარგებლოა უბიწოება კეთილად, როდესაც ვმგმობელობთ უღირსად?  მაშ, უდიდესი განძია დოგმატთა ცოდნა, მაგრამ საჭიროა ფხიზელი სული, რადგან მრავალნი არიან შეკრებილნი “სიბრძნისმოყვარებისა და ფუჭი საცდურის მიერ” (კოლ. 2.8). წარმართები მჭევრმეტყველების მიერ მიიზიდავენ, რადგან “თაფლი მოწვეთავს მეძავი ქალის ბაგეებიდან” (იგავ. 5.3), წინადაცვეთილთაგანნი [მათთან] მისულებს საღმრთო წერილის მეშვეობით ატყუებენ6, რომელსაც დამახინჯებულად განმარტავენ, იზუთხავენ7 რა სიყრმიდან მხცოვანებამდე და [მაინც] უვიცობაში ბერდებიან. ერეტიკოსთა შვილები კი ქრისტოლოგიისა და მჭევრმეტყველების მეშვეობით აცდუნებენ უბოროტოთა გულებს და ქრისტეს სახელით, როგორც თაფლით, ფარავენ უკეთურების დოგმატთა სამსალას8. ყველა მათგანის შესახებ ერთად ამბობს უფალი: “იხილეთ, ნურავინ გაცდუნებთ თქვენ” (მათ. 24.4). ამის გამო არსებობს სარწმუნოების სწავლება9 და მისი განმარტებანი.

3. მრწამსის გადმოცემამდე10 მართებულად მეჩვენება აუცილებელ დოგმატთა მოკლე კრებულის წარმოდგენა, რომ სათქმელის სიმრავლემ და მთელი წმინდა ორმოცეულის11 დღეთა შუალედის ხანგრძლივობამ სიწრფოებათა დავიწყება არ წარმოშვას თქვენს გონებაში. მაგრამ განვაბნევთ რა ახლა შემოკლებულად, არ [180]დაგვავიწყდება იმავეს უფრო ვრცლად დამუშავება მოგვიანებით. ხოლო დამსწრეთაგან იმათ, რომელნიც უფრო სრულყოფილნი არიან გონებით12 და “გრძნობები უკვე გაწვრთნილი აქვთ კეთილისა და ბოროტის გასარჩევად” (ებრ. 5.14), მოითმინონ, მოისმენენ რა შედარებით ბავშვურ და რძისმაგვარ შესავალს, რათა ერთდროულად იმათ, რომელთაც დამოძღვრის საჭიროება გააჩნიათ, სარგებელი მიიღონ, ხოლო იმათ, რომელთაც აქვთ ცოდნა, იმის თაობაზე, რაც ადრე შეიმეცნეს, მეხსიერება გამოაცოცხლონ.

ღვთის შესახებ [დოგმატი I]

4. მაშ, უპირველესად თქვენს სულს დავუსაფუძვლებ დოგმატს ღვთის შესახებ, რომ ღმერთი არის ერთი მხოლო, უშობელი, დაუსაბამო, უცვლელი, გარდაუქმნელი, არც სხვისგან შობილი და არც სიცოცხლის გამგრძელებლად სხვისი მქონებელი, არც დროში სიცოცხლის დამწყები და არც ოდესმე დასრულებადი, და რომ თავად არის სახიერი და მართლმსაჯული, რადგან თუკი ოდესმე მოისმენ ერეტიკოსის საუბარს იმის შესახებ, რომ სხვა არის მართლმსაჯული და სხვა არის სახიერი, [ზემოთქმულის] უმალ გამხსენებელმა შეიცნო ერესის შხამი. უკრძალველად (ἀσεβῶς) თავხედობენ ზოგნი ერთი ღმერთის გაყოფას სიტყვით, ზოგნი კი სხვად ამბობენ სულის შემოქმედსა და მეუფეს, ხოლო სხვად სხეულისას, მოძღვრობენ რა ორივენი უგუნურად და უწმინდურად (δυσσεβῶς). როგორ იქნება ორი უფლის მონა ერთი ადამიანი, როცა უფალი ამბობს სახარებაში: “არავის ძალუძს ორი უფლის მონობა” (მათ. 6.24)? მაშ, ერთია მხოლო ღმერთი, შემოქმედი (ὁ ποιητής) სულისა და სხეულისა, ერთია შემქმნელი (ὁ δημιουργός) ცისა და მიწისა, შემოქმედი (ὁ ποιητής) ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, რომელმაც მრავალი რამ კი შექმნა, მაგრამ მხოლოდ ერთისა არის მამა უწინარეს საუკუნეთა: თავისი ერთი მხოლო მხოლოდშობილი ძისა, რომლის მიერაც შექმნა ყოველივე _ ხილულიც და უხილავიც.

5. ეს მამა ჩვენი უფლისა იესო ქრისტესი არ გარშემოიწერება რამ ადგილით, არ არის მცირე ცაზე, არამედ მისი თითის ნამოქმედარია ცანი (ფს. 8.4) და მთელი დედამიწა უჭირავს თავისი პეშვით (ეს. 40.12), ის არის ყველაფერში და ყველაფრის მიღმა13. ნუ გეგონება, რომ იგი მზეზე მცირეა ბრწყინვალებით, ან თანაბარია მისი, რადგან ის, ვინც მზე შექმნა, თავად უპირველესად მართებს იყოს ბევრად უფრო შეუდარებელი14, უდიდესი და უბრწყინვალესი. წინასწარმცოდნეა მოსალოდნელთა და ყველაფრის შემძლეა, ყველაფერი იცის და აკეთებს, როგორც სურს. არ ექვემდებარება მოვლენათა თანმიმდევრობას, არც შობის დროს ვარსკვლავთა განლაგებას15, არც შემთხვევითობას, არც ბედისწერას, ყოვლითურთ სრუ[181]ლია და თავის თავში მოიცავს სიქველეთა ყოველგვარ სახეს. არც დაიმცრობა და არც აღორძინდება, არამედ მუდამ იგივეა და იმავენაირად მყოფი. განუმზადებს სასჯელს ცოდვილებს და გვირგვინებს მართლებს.

6. შემდგომში სხვადასხვაგვარად განიდრიკა ერთი ღმერთისგან ბევრი და ზოგმა მზე გააღმერთა, რომ მზის ჩასვლის შემდგომ, ღამის საათებში, უღმერთოდ დარჩენილიყო, ზოგმა კი მთვარე, რათა დღისით ღმერთი არ ჰყოლოდა, სხვებმა - დანარჩენი ნაწილი კოსმოსისა. ზოგმა - ხელობანი, ზოგმა - საკვები, ზოგმა სიამოვნება, ზოგიერთმა კი, დედათბორგნეულმა,16 შიშველი ქალის კერპი აღმართა შემაღლებულზე, აფროდიტე უწოდა და დაუფარავად სცა თაყვანი ვნებას. სხვებმა, ოქროს ბრწყინვალებით განცვიფრებულებმა, იგი და დანარჩენი ნივთიერებები გააღმერთეს. თუკი ვინმე ღვთის ერთმთავრობის შესახებ სწავლებას დაისაფუძვლებს გულში და მას ერწმუნება, ერთბაშად ამოძირკვავს მთელი კერპთმსახურების ბოროტებისა და ერეტიკოსთა საცდურის სიდამპლეს. ამრიგად, კეთილმსახურების ეს პირველი დოგმა ჩაინერგე შენ სულში სარწმუნოებისთვის.

ქრისტეს შესახებ [დოგმატი II]

7. გწამდეს ერთი ძე ღვთისა, ერთი და მხოლო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ღმერთი - შობილი ღვთისგან, სიცოცხლე - შობილი სიცოცხლისგან, ნათელი - შობილი ნათლისგან, ყოვლითურთ მსგავსი მშობლისა. რომელმაც არა დროში მიიღო მყოფობა, არამედ საუკუნეთა უწინარეს მარადიულად და მიუწვდომლად იშვა მამისგან. ღვთის სიბრძნე, ძალი და ჰიპოსტასური სიმართლე17. მამის მარჯვნივ მჯდომი ყველა საუკუნეზე უწინარეს, რადგან არა, როგორც ზოგიერთმა მიიჩნია,  ვნების შემდგომ თითქოსდა ღვთისგან გვირგვინოსანქმილმა მიიღო მარჯვენითი საყდარი მოთმინების გამო, არამედ მას შემდეგ რაც არის, არის კი   შობილი მამისგან მარადიულად, აქვს მეუფებრივი ღირსებაც. თანამოსაყდრე მამისა, ღმერთი მყოფი18, სიბრძნე და ძალი, როგორც ითქვა. მამასთან თანამმეუფებელი და მამის მიერ ყოველივეს შემოქმედი, მაგრამ არა დაკლებული ღვთაებრივ ღირსებას. იცნობს მშობელს, ისევე როგორც თავადაც ცნობილია მშობლისგან. მოკლედ რომ ვთქვათ, სახარებაში დაწერილს გაიხსენე, რომ “არავინ იცნობს ძეს გარდა მამისა, და არც მამას იცნობს ვინმე გარდა ძისა” (მათ. 11.27).

8. ნუ განასხვავებ19 მამისგან ძეს, ნურც შერწყმას მოიმოქმედებ და ძემამობას20 ირწმუნებ, არამედ გწამდეს, რომ ერთი მხოლოდშობილი ძე ჰყავს ერთ ღმერთს, ყოველი საუკუნის უწინარესი ღმერთი სიტყვა. სიტყვა არა ჰაერის გადმოდინებით წარმოთქმული, არც უჰიპოსტასო სიტყვებს მიმსგავსებული, არამედ სიტყვა ძე, სიტყვიერთა შემოქმედი, სიტყვა - მსმენელი მამისა და თავად მეტყველი. ამის შესახებ სათანადო ჟამს, თუ ღმერთი მოგვმადლებს, უფრო ვრცლად ვიტყვით, რადგან არ დაგვვიწყებია პირობა, რომ ახლა სარწმუნოების შემაჯამებელი წინასიტყვა წარმოვადგინოთ.

ქალწულისგან შობის შესახებ [დოგმატი III]

9. გწამდეს, რომ ეს მხოლოდშობილი ძე ღვთისა ჩვენი ცოდვებისთვის ზეციდან მიწაზე ჩამოვიდა, მიიღო რა ჩვენივე მსგავსი ეს ვნებული ადამიანობა და იშვა წმინდა ქალწულისგან და წმინდა სულისგან. არა მოჩვენებითად და ზმანებითად [182]აღასრულა განკაცება, არამედ ჭეშმარიტად, გაიარა რა ქალწულში არა როგორც არხში, არამედ მისგან ჭეშმარიტად განხორციელდა და რძითაც ჭეშმარიტად გამოიკვება, ჭამდა რა ჭეშმარიტად, როგორც ჩვენ და ჭეშმარიტად სვამდა, ჩვენს მსგავსად. რადგან თუკი ზმანება იყო განკაცება, ზმანება ყოფილა ცხონებაც. ორმაგი იყო ქრისტე, ადამიანი - ხილულად, ღმერთი კი - უხილავად: ჭეშმარიტად მჭამელი, როგორც ადამიანი, ისევე როგორც ჩვენ, რადგან ჰქონდა ჩვენივე მსგავსი ვნებული ხორცი, ხოლო დამპურებელი ხუთი პურით ხუთიათასისა, როგორც ღმერთი; მომკვდრი ჭეშმარიტად, როგორც ადამიანი, ხოლო ოთხი დღის მკვდრის აღმადგინებელი, როგორც ღმერთი; ჭეშმარიტად ჩაძინებული ნავში, როგორც ადამიანი და მავალი წყლებზე, როგორც ღმერთი.

ჯვრის შესახებ [დოგმატი IV]

10. იგი ჭეშმარიტად ეცვა ჯვარს ჩვენი ცოდვებისთვის, ხოლო თუკი უარყოფა გსურს, ადგილი გამხელს შენ ცხადად, ეს სანატრელი გოლგოთა, რომელზეც ახლა შევიკრიბეთ მასზე ჯვარცმულის გამო, და მთელი დანარჩენი სამყარო აივსო მცირედ-მცირედ ძელის ჯვრით. ჯვარს ეცვა არა საკუთარი ცოდვებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ გავეთავისუფლებინეთ ჩვენი ცოდვებისგან. მაშინ მოიძულეს ადამიანებმა და გვემეს, როგორც კაცი, მაგრამ ქმნილების მიერ შეცნობილ იქნა, როგორც ღმერთი. რადგან მზე, მხილველი უპატიოქმნილი მეუფისა, შედგა ძრწოლით, ვერ იტვირთა რა სახილავი. 
დაფვლის შესახებ

11. ჭეშმარიტად დაიდო კლდის საფლავში, როგორც ადამიანი, მაგრამ კლდეები შიშით შეიმუსრნენ მის მიერ. ჩავიდა მიწისქვეშეთში, რომ იქიდან მართლები გამოესყიდა. ისურვებდი, მითხარი ერთი, რომ ცოცხლებს მიეღოთ მადლი, რომელთა უმრავლესობა  არ არის წმინდა, ხოლო ისინი, რომელნიც ადამიდან მოყოლებული მრავალჟამეულად იყვნენ შემწყვდეულნი, ვერ მიახლებოდნენ თავისუფლებას საბოლოოდ? წინასწარმეტყველი ესაია ესოდენ მაღალხმიანად ქადაგებდა მის შესახებ. არ გსურს, რომ მეუფე ჩავიდეს და გამოისყიდოს ქადაგი? იქ იყო დავითი, სამუელი, ყველა წინასწარმეტყველი და თვით იოანე, რომელმაც თქვა მივლინებულთა მეშვეობით21: “შენ ხარ მომავალი, თუ სხვას უნდა ველოდოთ” (მათ. 11.3)? არ ისურვებდი, რომ ჩავიდეს და გამოისყიდოს ამგვარნი?

აღდგომის შესახებ [დოგმატი V]

12. მაგრამ ჩავიდა რა მიწისქვეშეთში, კვლავ ზეამოვიდა და დაფლული იესო კვლავ აღდგა ჭეშმარიტად მესამე დღეს. თუკი ოდესმე იუდეველები დაგცინებენ შენ, უმალვე პასუხი მიაგებე და ასე ჰკითხე: იონა მესამე დღეს გამოვიდა ვეშაპიდან (იონ. 2.11) და ნუთუ ქრისტე ვერ აღდგებოდა მიწიდან მესამე დღეს? მიცვალებული, შეეხო რა ელისეს ძვლებს, აღდგა (4 მეფ. 13.21) და ნუთუ ადამიანთა შემოქმედი უფრო ადვილად არ აღდგებოდა მამის ძალით? მაშ, ჭეშმარიტად აღდგა და აღდგა რა, კვლავ ეჩვენა მოწაფეებს. თორმეტი მოწაფე  არის მოწმე მისი აღდგომისა, რომლებიც არა ლამაზი სიტყვებით მოწმობდნენ, არამედ ვიდრე ტანჯვამდე და სიკვდილამდე მისი აღდგომის ჭეშმარიტებისათვის დამაშვრალობდნენ. თუკი “ორი ან სამი მოწმის პირით მტკიცდება ყოველი სიტყვა” (მეორ. რჯ. 19.15; მათ. 18.16), თანახმად წერილისა, ქრისტეს აღდგომას თორმეტი მოწმობს და ნუთუ კვლავ ურწმუნო ხარ აღდგომის მიმართ?

ამაღლების შესახებ

13. აღასრულა რა მოთმინების სარბიელი ქრისტემ და ადამიანები [183]გამოისყიდა ცოდვებისგან, ავიდა კვლავ ზეცაში და ღრუბელმა შეიწყნარა იგი. ანგელოზნი გვერდით ედგნენ22 აღმავალს, ხოლო მოციქულნი უჭვრეტდნენ. თუკი ვინმეს წარმოთქმულის არ სჯერა, მან იმის ძალით ირწმუნოს, რასაც ახლა ხედავს. ყოველი მეფის გარდაცვალების შემდგომ  სიცოცხლესთან ერთად იშრიტება მათი ძალაც, ჯვარცმულ ქრისტეს კი თაყვანს სცემს მთელი სამყარო. ჯვარცმულს ვქადაგებთ და ძრწიან აწ ძალნი. მრავალი ეცვა ჯვარს სხვადასხვა დროს, მაგრამ სხვა რომელი ჯვარცმულის მოხმებას გაუდევნია დემონები ოდესმე?

14. ამრიგად, არ უნდა გვერცხვინებოდეს ჯვარი ქრისტესი, არამედ სხვებმა თუნდაც დაფარონ, შენ ცხადად აღიბეჭდე შუბლზე23, რათა იხილავენ რა დემონები სამეფო ნიშანს, შორს გაცვივდნენ შეძრწუნებულნი. გამოისახე24 ეს ნიშანი ჭამისას თუ სმისას, ჯდომისას, წოლისას, დგომისას, საუბრისას, სიარულისას და, საერთოდ, ყოველი საქმისას. რადგან ვინც აქ ეცვა ჯვარს, ზემოთ არის, ცათა შინა. ჯვარცმული და დაფლული საფლავში რომ დარჩენილიყო, საფუძველი გვექნებოდა სირცხვილისა. ახლა კი, ვინც ჯვარს ეცვა ამ გოლგოთაზე, აღმოსავლეთისკენ [მდებარე] ზეთისხილის მთიდან აღვიდა ზეცად. ჩავიდა რა აქედან ჯოჯოხეთში და კვლავ ჩვენთან ამოვიდა, ჩვენგან ისევ მამასთან ავიდა ზეცაში, რომელიც მას უხმობს და ეუბნება: “დაჯექი ჩემს მარჯვნივ, სანამ დავსხამდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ” (ფს. 109.1).

მომავალი სამსჯავროს შესახებ [დოგმატი VI]

15. ეს იესო ქრისტე, რომელიც ამაღლდა, კვლავ მოვა ზეციდან და არა მიწიდან. “არა მიწიდან”, ვამბობ, რადგან მრავალი ანტიქრისტეს მოსვლა არის მოსალოდნელი მიწიდან. აჰა, როგორც ხედავ, მრავალმა დაიწყო თქმა, რომ “ მე ვარ ქრისტე” (მათ. 24.5), ხოლო შემდეგ მოსალოდნელია მოვიდეს “მოოხრების სისაძაგლე” (მათ. 24.15), რომელიც სახელს “ქრისტე” სიცრუით მიაკუთვნებს საკუთარ თავს. შენ კი ჭეშმარიტ ქრისტეს, ღვთის მხოლოდშობილ ძეს, ამიერიდან არათუ მიწიდან, არამედ ზეციდან მომავალს, დაელოდე, რომელიც გამოუჩნდება ყველას ყოველგვარი ელვისა და სინათლის ბრწყინვალებაზე აღმატებულად, ლახვარმოსილ ანგელოზთა თანხლებით25, რომ განსაჯოს ცოცხალნი და მკვდარნი და [184]იმეფოს ზეციურ, საუკუნო და დაუსრულებელ სასუფეველში. დარწმუნებული იყავი ამაშიც, რადგან არიან მრავალნი, რომელნიც ამბობენ, რომ დასრულებადია ქრისტეს სასუფეველი. 

სულიწმინდის შესახებ [დოგმატი VII]

16. გწამდეს სულიწმინდაც და მართებული აზრი გქონდეს მის შესახებ, რადგან მრავალნი არიან, რომელნიც უცხონი არიან სულიწმინდისგან და ბოროტმეტყველებას26 ასწავლიან მასზე27. შენ კი იცოდე, რომ ერთია ეს სულიწმინდა, განუყოფელი, მრავალძალოვანი, მრავალს იქმს, მაგრამ თავად არ ნაწილდება, იცის საიდუმლონი და გამოიკვლევს ყოველივეს, თვით ღვთის სიღრმეებსაც (1 კორ. 2.10). რომელიც უფალ იესო ქრისტეზე მტრედის სახით გადმოვიდა (მათ. 3.16); რომელიც რჯულსა და წინასწარმეტყველებში მოქმედებდა; რომელიც ახლაც, ნათლისღების ჟამს, აღბეჭდავს შენს სულს; რომლის სიწმინდესაც ყველა გონიერი ბუნება28 საჭიროებს; რომლის მიმართაც თუკი ვინმე გმობას გაბედავს, არ ექნება მიტევება არც ამ საუკუნეში და არც მომავალში (მათ. 12.32); რომელიც მამისა და ძის თანაბარი დიდების პატივით პატივიცემა; რომლის საჭიროებაც გააჩნიათ საყდრებს და უფლებებს, მთვრობებს და ხელმწიფებებს, რადგან ერთია ღმერთი, მამა ქრისტესი, ერთია უფალი იესო ქრისტე (შდრ. 1 კორ. 8.6), მხოლო ღმერთის მხოლოდშობილი ძე  და ერთია სულიწმინდა, ყოველივეს განმწმენდელი და ღმერთმყოფელი, რჯულსა და წინასწარმეტყველებში, ძველსა და ახალ აღთქმაში მეტყველი.

17. ეს ტვიფარი29 გქონდეს მუდამ შენს გონებაში, რაც ახლა შეჯამებული სახით ზედაპირულად წარმოითქვა შენთვის, ხოლო თუკი მოგვმადლებს უფალი, წერილისეული მტკიცებულებების თანდართვითაც გადმოიცემა ძალისაებრ. რადგან არ არის მართებული სარწმუნოების საღმრთო და წმინდა საიდუმლოთა შესახებ ალალბედზე, საღვთო წერილის გარეშე, მსჯელობა, არც ლიტონად რწმუნებითა და სიტყვათა დაკაზმულობით შემოზღუდვა (παραφέρεσθαι). ნურც მე, რომელიც ამას გეუბნები შენ, მერწმუნები მარტივად, თუკი  საღმრთო წერილიდან არ მოვიტან ნათქვამის მტკიცებულებებს, რადგან მაცხოვარება ამ ჩვენი სარწმუნოებისა არის არა სიტყვათმთხზველობისგან30, არამედ საღვთო წერილთა მტკიცებულებისგან.

ადამიანის აგებულების შესახებ31 [დოგმატი VIII]

სულის შესახებ

18. მას შემდგომ, რაც ეს პატიოსანი, დიდებული და ყოვლადწმინდა [185]სარწმუნოება შეიმეცნე, შეიცანი ახლა საკუთარი თავიც, თუ როგორი ხარ, რომ მრჩობლი აგებულებისა ხარ ადამიანი: სულისა და სხეულისგან შედგენილი, და რომ, როგორც ცოტა ხნის წინ ითქვა, თავად ღმერთი არის შემოქმედი სულისა და სხეულისა. იცოდე, რომ გაქვს თვითხელმწიფე სული, უმშვენიერესი ქმნილება ღვთისა, ხატი შემოქმედისა, უკვდავი ღვთისმიერი უკვდავმყოფელობით, არსება სიტყვიერი და უხრწნელი ამათი მომნიჭებლის მიზეზით, რომელსაც აქვს ხელმწიფება გააკეთოს ის, რაც სურს. მაშ, არა მნათობთა განლაგების შესაბამისად32 ჩადიხარ ცოდვას, არც ბედისწერის გამო ისიძვავ და არც,  როგორც ზღაპრობენ ზოგნი, თანავარსკვლავედები33 გაიძულებენ შენ, რომ აღვირახსნილობას მიეცე.  რატომ გაურბიხარ საკუთარ ცოდვათა აღიარებას  და უდანაშაულო ვარსკვლავებს მიაწერ მათ მიზეზს? მეტად ნუღარ დაუჯერებ ვარსკვლავთმრიცხველებს, რადგან მათ შესახებ ამბობს საღვთო წერილი: “დადგნენ და გიხსნან შენ ცის ვარსკვლავთმრიცხველებმა”. და შემდეგ: “აჰა ყველანი, როგორც ნამჯა ცეცხლში, დაიწვებიან და ვერ განარინებენ თავიანთ სულებს ალისგან” (ეს. 47. 13-14).

19. შეისწავლე ასევე ისიც, რომ სანამ ამ სამყაროში იშვებოდა სული, არანაირად არ სცოდავდა, არამედ შემოვედით რა უცოდველნი, ახლა არჩევანისმიერ ვცოდავთ. ყურს ნუ დაუგდებ იმათ, რომელნიც არასწორად განმარტავენ ნათქვამს: “ხოლო თუკი რაც არ მსურს, მას ვიქმ” (რომ. 7.16). არამედ ის გაიხსენე, ვინც ამბობს: “თუკი ისურვებთ და მე მომისმენთ, კეთილ ნაყოფს მიწისას შეჭამთ, თუკი არ ისურვებთ და არც შეისმენთ ჩემსას, მახვილი შთაგნთქვთ თქვენ (ეს. 1.19-20) და შემდგომი. და კვლავ: “როგორც წარუდგინეთ თქვენი ასოები მონებად უწმინდურობას და ურჯულოებას ურჯულოებისთვის, ასევე ახლა წარუდგინეთ თქვენი ასოები მონებად სიმართლეს სიწმინდისთვის” (რომ. 6.19). გახსოვდეს წერილი, რომელიც ამბობს: “როგორც არ გამოსცადეს ღმერთი, რომ ჰყოლოდათ გონებაში”, და რომ “ცოდნა ღვთის შესახებ ცხადია მათთვის” (რომ. 1.28,19), და რომ “მათი თვალები დაიხუჭნენ” (მათ. 13.15). და კვლავ, თავად ღმერთი ხმობს და ამბობს: “მე დაგნერგე შენ ნაყოფიერ ვენეხად ყოველი ჭეშმარიტებით, როგორ შეიცვალე სიმწარედ უცხო ვენახი”? (იერ. 2.21)

20. სული უკვდავია და მსგავსია ყოველი სული, მამაკაცისა თუ დედაკაცისა, მხოლოდ  სხეულის  ასოები განირჩევიან. არ არის წყება სულებისა, ბუნებითად რომ სცოდავდნენ და წყება სულებისა, ბუნებითად რომ იქმოდნენ სიმართლეს, არამედ არჩევანისგან არის ორივე. ერთსახოვანნი და მსგავსნი არიან ყველაფერში სულთა არსებანი34. ვიცი, რომ ბევრი ვისაუბრე და დიდი დრო გავიდა უკვე, მაგრამ რა არის ცხონებაზე უფრო ძვირფასი? არ გსურს დაშვრე და საგზალი მიიღო ერეტიკოსთა წინააღმდეგ? არ გსურს იცოდე გზის განშტოებანი, რომ უცოდინრობის გამო ხრამში არ გადაიჩეხო? თუკი მოძღვარნი ხედავენ არამცირე სარგებელს იმაში, რომ შენ ეს ისწავლო, ნუთუ შენ, მოსწავლეს, არ გმართებს სიამოვნებით შეიწყნარო ნათქვამთა სიმრავლე?

21. სული თვითხელმწიფეა და ეშმაკს ძალუძს შთააგონოს, არჩევანის წინააღმდეგ იძულების ხელმწიფება კი არა აქვს. გამოსახავს შენში სიძვის გულისთქმას, თუ გსურს, მიიღებ, ხოლო თუ არ გსურს, არ მიიღებ. რადგან თუ იძულებით ისიძვე, რაღა მიზეზით გაამზადა ღმერთმა გეენა? თუკი ბუნების გამო და არა არჩევანის კვალობაზე იქმ სიმართლეს, რის გამო გაამზადა ღმერთმა [186]გამოუთქმელი გვირგვინები? თვინიერია ცხვარი, მაგრამ იგი ვერასოდეს მიიღებს გვირგვინს თვინიერებისთვის, რადგან თვინიერება არა არჩევანის მიერ, არამედ ბუნებითად აქვს მას.

სხეულის შესახებ

22. შეისწავლე, საყვარელო, რამდენადაც შესაძლებელი იყო, სულის თაობაზე. ძალისაებრ მიიღებ სწავლებას შენი სხეული შესახებაც. ყურადღებას ნუ მიაქცევ იმათ, რომელნიც ამბობენ, რომ ეს სხეული უცხოა ღვთისგან. რადგან ისინი, რომელთაც სწამთ, რომ სხეული უცხოა ღვთისგან და სული დამკვიდრებულია მასში, როგორც უცხო ჭურჭელში, უყოყმანოდ მოიხმარენ მას სიძვაში. მაინც რატომ მოიძაგეს მათ ეს საკვირველი სხეული? რით არის იგი დაკლებული მშვენიერებას? განა არა აქვს აღნაგობის ქმნულკეთილობა? ნუთუ არ სჭირდებოდა მას შესამეცნებლად თვალთა უბრწყინვალესი აგებულება? როგორ ხდება, რომ ყურები, ირიბად განლაგებულნი, დაუბრკოლებლად ღებულობენ ბგერას? როგორ განარჩევს ყნოსვა სუნს და შეიწყნარებს კეთილსურნელებას? როგორ არის ენა მსახური ორი საქმისა: გემოს აღქმისა (γευστικῆς ἕξεως) და სამეტყველო მოქმედებისა? როგორ არის, რომ ფილტვს, რომელიც დაფარულში მდებარეობს, შეუწყვეტლად ძალუძს ჰაერის ამოსუნთქვა? ვინ შთააგონა გულს შეუჩერებელი  ფეთქვა? ვინ არის ის, ვინ დაანაწილა ამდენი ძარღი და არტერია? რომელმა ბრძენმა გადააბა ძვლები მყესებით? ვინ განსაღვრა (δοὺς) საკვების ნაწილი არსებობისთვის (εἰς ὑπόστσιν), ხოლო ნაწილი გამოაცალკევა კეთილსახოვანი გამოყოფისთვის (εἰς εὐσχήμονα διάκρισιν) და უშვერი ასოები უფრო კეთილსახოვანი ადგილებით დაფარა (1 კორ. 12.23)? ვინ შეამყარა უწყვეტად, მარტივი შეზავების მიერ, დარღვევისკენ მიდრეკილი ადამიანური ბუნება?

23. ნუ მეტყვი, რომ სხეული არის მიზეზი ცოდვისა. რადგან თუკი სხეული ცოდვის მიზეზია, რატომ არ სცოდავს მკვდარი? მიეცი მახვილი ხელში ახლადგარდაცვლილს, მკვლელობა არ მოხდება. ჩაიაროს ახლახან აღსრულებული ახალგაზრდის წინაშე ყოველგვარმა მშვენიერებამ, სიძვის გულისთქმა არ აღიძვრება. რატომ? იმიტომ რომ სხეული არ სცოდავს თავისთავად, არამედ სხეულის მიერ - სული. სხეული არის იარაღი და თითქოსდა სამოსი და საფარველი სულისა.  თუკი მისგან (სულისგან) სიძვა გადაეცემა, [სხეული] უწმინდური ხდება, ხოლო თუ წმინდა სული დამკვიდრდება [მასში], ხდება ტაძარი სულიწმინდისა. არა მე ვამბობ ამას, არამედ პავლე მოციქულმა თქვა: “არ იცით, რომ ჩვენ სხეული არის ტაძარი ჩვენ შორის დამკვიდრებული სულიწმინდისა” (1 კორ. 6.19)? მაშ, მოუფრთხილდი სხეულს, როგორც ღვთის ტაძრად მყოფს. ნუ შეამღვრევ სიძვით შენს ხორცს, ნუ შებღალავ ამ შენს მშვენიერ სამოსს. ხოლო თუკი შებღალე, გარეცხე ახლა სინანულის მიერ, რადგან ჟამია განბანისა.

24. უბიწოების შესახებ სიტყვაც ისმინონ თავდაპირველად მონაზონთა და ქალწულთა მწყობრმა, რომელთაც ანგელოზებრივი ცხოვრება წარმართეს წუთისოფელში, შემდეგ კი ეკლესიის დანარჩენმა სიმრავლემ35. დიდებული გვირგვინი არის გამზადებული თქვენთვის, ძმანო. ნუ გაცვლით მცირედ სიამოვნებაზე უდიდეს ღირსებას. ისმინეთ რას ამბობს მოციქული: “არავინ იყოს მეძავი, ან ბილწი, როგორც ესავი, რომელმაც ერთი შეჭამანდის სანაცვლოდ გაყიდა თავისი პირმშოობა” (ებრ. 12.16). ხარ რა ჩაწერილი ანგელოზებრივ წიგნში უბიწოების გულისთქმის გამო, გაფრთხლდი, კვლავ არ გაისვარო სამეძავო საქმეებით.

25. კვლავ, მეორე მხრივ, წარმართავ რა უბიწოებას, ნუ იქედმაღლებ ქორწინებაში შესულთა წინააღმდეგ, “რადგან ქორწინება წმინდაა და საწოლი შეუბღალავი” (ებრ. 13.4), როგორც მოციქული ამბობს. შენც, რომელსაც გაქვს [187]სიწმინდე, განა ქორწინებულთაგან არ დაიბადე? იმის გამო, რომ ოქროს შენაძენი გაქვს, ვერცხლს ნუ დაიწუნებ. კეთილი სასოება შეინარჩუნონ იმათაც, რომელნიც ქორწინებაში არიან ქორწინების რჯულის კვალობაზე, რომელნიც შეამკობენ რჯულიერ ქორწინებას და არა მის აღვირახსნილობას უზომო ძალაუფლების მიერ, რომელთაც იციან ჟამი თავშეკავებისა, რომ ლოცვისთვის მოიცალონ, რომელნიც შეკრებებზე36 ეკლესიაში სუფთა სამოსთან ერთად სუფთა სხეულითაც წარდგებიან, რომელნიც ქორწინებაში შევიდნენ შვილიერებისთვის და არა სიამეთმოყვარებისთვის.

26. ერთგზის ქორწინებულნი მეორე ქორწინებაში შესულთ ნუ მოიძაგებენ. მშვენიერია და საკვირველი თავშეკავება, მაგრამ დასაშვებია მეორე ქორწინებაში შესვლაც, რომ არ ისიძვონ უძლურებმა. “კარგია მათთვის თუკი დარჩებიან, როგორც მე, ამბობს მოციქული, ხოლო თუ ვერ მოითმენენ, იქორწინონ, რადგან უმჯობესია ქორწინება, ვიდრე აღგზნება” (1 კორ. 7.8-9). ხოლო ყველაფერი დანარჩენი შორს განიშორეთ: სიძვა, მრუშობა და აღვირახსნილობის ყოველგვარი გამოვლინება. შეუნახეთ უფალს წმინდა სხეული, რომ უფალმაც მოჰხედოს სხეულს.

საკვებთა შესახებ

27. გამოიკვებოს სხეული საჭმლით იმისთვის, რომ იცოცხლოს და დაუბრკოლებლად იმსახუროს, და არა იმისთვის, რომ განცხრომას მიეცეს37. საკვებთა შესახებაც გქონდეთ თქვენ ეს სწავლებანი, რადგან მრავალნი საკვებთან მიმართებაშიც სცდებიან. ერთნი ნაკერპავს მიეახლებიან განურჩევლად, მეორენი კი, მოღვაწენი, მჭამელებს განიკითხავენ და საკვების თაობაზე სწავლებით სხვადასხვაგვარად შეიბილწება იმათი სული, რომელთაც არ იციან ჭამისა თუ არჭამის სასარგებლო მიზეზები, რადგან ვმარხულობთ რა და ღვინისა და ხორცისგან თავის ვიკავებთ, მათ არ მოვიძულებთ, როგორც სისაძაგლეს, არამედ სასყიდელს მოველით: რომ გრძნობადთა უგულებელმყოფელნი სულიერი და უხილავი ტრაპეზით დავტკბეთ და რომ აწ ცრემლით მთესველებმა სიხარულით მოვიმკოთ მომავალ საუკუნეში (ფს. 125.5). მაშ, ნუ მოიძაგებ მჭამელთ და სხეულის უძლურების გამო [საკვების] მიმღებთ. ნურც იმათ გაკიცხავ, რომლებიც მცირედ ღვინოს იხმევენ სტომაქისთვის და ხშირი უძლურებისთვის (1 ტიმ. 5.23) და ნუ განსჯი მათ როგორც ცოდვილებს. ნუ მოიძულებ ხორცს როგორც უცხოს, რადგან მოციქულმა იცის ზოგიერთი ამგვარი, როცა ამბობს: ”აბრკოლებენ ქორწინებას, უგულებელყოფეს საჭმელს, რომელიც ღმერთმა შექმნა მადლობით მისაღებად მორწმუნეთათვის” (1 ტიმ. 4.3). მაშ, განიშორებ რა ამათ, ნუ განიშორებ როგორც საძაგელთ, რადგან სასყიდელი არ გექნება, არამედ არიან რა მშვენიერნი, მოიძაგე წინამდებარე უხილავ მშვენიერებათათვის.

28. განიმტკიცე სული, რომ არასოდეს შეჭამო რამე კერპებისთვის მიძღვნილი. ამგვარი საჭმლის საკითხი არა მხოლოდ ახლა ჩემი, არამედ ჯერ კიდევ მოციქულებისა და იაკობის, ამ ეკლესიის ეპისკოპოსის, საზრუნავი გახდა და მისწერეს მოციქულებმა და ხუცესებმა მთელ წარმართებს38 საყოველთაო ეპისტოლე, რომ თავდაპირველად ნაკერპავს გარიდებოდნენ, შემდეგ კი სისხლსა და დამხრჩვალს (საქ. 15.20). რადგან მრავალი ადამიანი არის გამხეცებული და გარეული ძაღლივით მცხოვრები, სისხლს ხვრეპენ უველურეს ცხოველთა სახეს მიმსგავსებულნი და ხარბად შეექცევიან დამხრჩვალს. შენ კი, ქრისტეს მონა, ჭამ რა, მოწიწებით ჭამე, ხოლო საჭმლის შესახებ კმარა.

[188]სამოსის შესახებ

29. სამოსი გეცვას უბრალო, არა შესამკობად, არამედ აუცილებელ საფარველად. არა იმისთვის, რომ თავი მოიწონო, არამედ იმისთვის, რომ ზამთარში გათბე და სხეულის უშვერება დაფარო. მაგრამ უშვერების დასაფარად სამოსზე ზრუნვის მიზეზით სხვა უშვერებაში ნუ ჩავარდები.

აღდგომის შესახებ [დოგმატი IX]

30. მოუფრთხილდი, გევედრები, ამ სხეულს და იცოდე, რომ მკვდრეთით აღდგები და ამ სხეულთან ერთად განისჯები. თუკი შენში რამ ურწმუნოების სიტყვა შემოვა, რომ თითქოს  შეუძლებელია ამ საქმის აღსრულება, საკუთარ თავს გადახდენილთაგან დააკვირდი დაუჯერებელთ39. რადგან თავად შენ, მითხარი, გახსოვს სად იყავი ასი40 ან მრავალი  წლის წინ [და] როგორი უმცირესი და უსაწყალობლესი არსისგან41 რაოდენ დიდი ახოვანებისა და რაოდენი მომხიბლავობის ღირსებას მიაღწიე? შემდეგ, უმყოფობიდან მყოფობაში შემომყვანს ნუთუ არ შეუძლია კვლავ აღადგინოს უკვე არსებული და დარღვეული? იმას, ვინც ჩვენთვის დათესილ ხორბალს, წლიდან წლამდე კვდომადს, აღადგენს, ნუთუ თავად ჩვენი აღდგინება გაუჭირდება, რომელთა გამოც თავადვე აღდგა?42 ხედავ ახლა ხეები ამდენი თვის განმავლობაში როგორ დგანან უნაყოფოდ და უფოთლოდ? მაგრამ ზამთრის გასვლის შემდგომ ყველანი უმალვე თითქოსდა სიკვდილიდან სიცოცხლეში დაბრუნდებიან. ჩვენ გაცილებით უკეთ და ადვილად არ გავცოცხლდებით? მოსეს კვერთხი გველის უცხო ბუნებად შეიცვალა ღვთის ნებით და ადამიანი, რომელიც სიკვდილში ჩავარდა, ვერ დაუბრუნდება კვლავ საკუთარ თავს?

31. ყურადღებას ნუ მიაქცევ იმათ, რომელნიც ამბობენ, რომ არ აღდგება ეს სხეული, რადგან აღდგება. ამას ადასტურებს ესაიაც, რომელიც ამბობს: ”აღდგებიან მკვდრები და აღიმართებიან საფლავებში მყოფნი” (ეს. 26.19), და ”მრავალნი, რომელთაც სძინავთ მიწის მტვერში (ἐν γῆς χώματι), აღდგებიან, თანახმად დანიელისა, ერთნი საუკუნო ცხოვრებისთვის და მეორენი საუკუნო სირცხვლისთვის” (დან. 12.2). ყველა ადამიანისთვის არის აღდგომა, მაგრამ ერთი და იგივე არ არის ყველას აღდგომა. ყველანი საუკუნო სხეულს მივიღებთ, მაგრამ არა ყველანი ერთსა და იმავეს. რადგან მართალნი [მიიღებენ] იმისთვის, რომ მარადიულად შეერთონ ანგელოზთა მწყობრს, ხოლო ცოდვილნი იმისთვის, რომ ცოდვების გამო საუკუნოდ დაითმინონ ტანჯვა.

საბანელის შესახებ

32. ამის გამო უფალმა, მიიღო რა წინასწარ კაცთმოყვარეობით43, მოგვცა სინანულის საბანელი, რომ ცოდვათა დიდი ნაწილის, უფრო სწორად კი მთელი სიმძიმის, ჩამოშორებითა და სულიწმინდის ბეჭდის მიღებით მკვიდრნი გავხდეთ საუკუნო ცხოვრებისა. მაგრამ საბანელის შესახებ საკმარისად ვისაუბრეთ რა ახლახანს, წიაღმყვანებელ სწავლებათა დანაშთომებს აწღა მივეახლებით.

საღმრთო წერილის შესახებ [დოგმატი X]

33. ეს ღვთივსულიერი წერილი ძველი და ახალი აღთქმისა გვასწავლის ჩვენ. ერთია  ღმერთი ორივე აღთქმისა, რომელმაც ახალში გაცხადებული [189]ქრისტე ძველში წინასწარ გვახარა, რომელმაც რჯულისა და წინასწარმეტყველთა მიერ ქრისტეს მიმართ აღგვზარდა. ”რადგან სარწმუნოების მოსვლამდე რჯულის ქვეშ ვიყავით დაცულნი და რჯული ჩვენი აღმზრდელი გახდა ქრისტეს მიმართ” (გალ. 3.23-24). თუკი ოდესმე მოისმენ, რომ ერეტიკოსთაგან ვინმე გმობს რჯულსა და წინასწარმეტყველებს, დაუპირისპირე მაცხოვნებელი სიტყვები და უთხარი: არ მოსულა იესო რჯულის დასარღვევად, არამედ აღსასრულებლად (მათ. 5.17). ცოდნისმოყვარეობითად შეისწავლე ეკლესიისგანაც თუ რომელნი არიან ძველი აღთქმის წიგნები და რომელნი - ახლის, ხოლო აპოკრიფთაგან არაფერი წაიკითხო, რადგან თუკი ის არ იცი, რაც ყველას მიერ არის  აღიარებული, რატომ უნდა დაშვრე ამაოდ იმის თაობაზე, რაც საეჭვოა? წაიკითხე საღმრთო წერილი, ეს ოცდაორი წიგნი ძველი აღთქმისა, სამოცდათორმეტი მთარგმნელის მიერ გადმოთარგმნილი.

34. როდესაც ალექსანდრე, მაკედონელთა მეფე, გარდაიცვალა და მისი სამეფო დაიშალა ოთხ სამთავროდ: ბაბილონისა, მაკედონიისა, ასიისა და ეგვიპტისა, ეგვიპტის მეფეთაგან ერთმა, პტოლემეოს ფილადელფოსმა, რომელიც იყო მეფე სწავლისმოყვარე (φιλολογώτατος) და წიგნთა შემკრები ყოველი კუთხიდან, გაიგო რა ბიბლიოთეკის ზედამხედველის,  დემეტრიოს ფალერისგან რჯულისა და წინასწარმეტყველთა საღმრთო წიგნების შესახებ, ბევრად უკეთესად მიიჩნია წიგნების მოპოვება არა სურვილის საწინააღმდეგო იძულებით, არამედ, უფრო მეტად, მფლობელთა მოლმობიერება ძღვენისა  და მეგობრობის მეშვეობით. იცოდა რა, რომ ნაიძულევი და არაწინააღრჩევითად გაცემული ხშირად ნაყალბევია, ხოლო წინასწარი არჩევანით მონიჭებული მთელი ჭეშმარიტებით არის ნაბოძები, გამოუგზავნა ელეაზარს, მაშინდელი მღვდელთმთავარს, დიდი ძღვენი აქ, იერუსალიმის ტაძარში და სთხოვა მიევლინა მასთან თარგმანისათვის ტომების მიხედვით ექვს-ექვსი, ისრაელის თორმეტი ტომიდან. შემდეგ, [იმის გამოსავლენად] იყო თუ არა ღვთაებრივი ეს წიგნები, ჩაატარა ცდა. მიიღო ზომები, რომ გამოგზავნილები ერთმანეთს არ შეკავშირებოდნენ და თითოეულ იქ ჩასულ მთარგმნელს საკუთარი სახლი გამოუყო ალექსანდრასთან მდებარე [კუნძულზე], რომელსაც ჰქვია ფაროსი და თითოეულს მთლიანი წერილის თარგმნა უბრძანა. სამოცდათორმეტი დღის შემდგომ, როდესაც მათ საქმე დაასრულეს, მთელი თარგმანები, რომლებიც განცალკევებულ სახლებში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეიქმნა, ერთად შეკრიბა და აღმოაჩინა თანხმობა არა მხოლოდ მათ აზრებში, არამედ სიტყვებს შორისაც. რადგან არა სიტყვათმთხზველობა (εὐρεσιλογία) და ადამიანური სიბრძნის დაკაზმულობა იყო ეს საქმე, არამედ სულიწმინდისგან გამოთქმული საღმრთო წერილის თარგმნაც სულიწმინდისგანვე სრულიქმნა.

35. ეს ოცდაორი წიგნი44 იკითხე, ხოლო აპოკრიფებთან არანაირი საერთო არ გქონდეს.  მხოლოდ ისინი შეისწავლე გულმოდგინებით, რომელთაც განცხადებულად ვკითხულობთ ეკლესიაში. შენზე ბევრად უფრო ბრძენნი და წინდახედულნი იყვნენ მოციქულები და ძველი დროის ეპისკოპოსები, ეკლესიის წინამძღოლნი, რომელთაც ესენი გადმოგვცეს. მაშ შენ, ხარ რა შვილი ეკლესიისა, ნუ გააყალბებ რჯულდებებს. როგორც ვთქვით, ძველი აღთქმის ოცდაორი წიგნი შეისწავლე, რომლებიც, თუკი ხარ სწავლისმოყვარე, ეცადე სახელებით დაიმახსოვრო, როცა ჩამოვთვლი. რჯულს შეადგენს პირველი ხუთი წიგნი მოსესი: დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე რჯული; შემდეგ კი იესოსი, ნავეს [190]ძისა და მსაჯულთა წიგნი რუთთან ერთად, მეშვიდედ აღრიცხული; დანარჩენი ისტორიული წიგნებიდან პირველი და მეორე მეფეთა ებრაელებთან ერთი წიგნია; ერთი წიგნია მესამე და მეოთხე [მეფეთაც]; მსგავსადვე, მათთან პირველი და მეორე ნეშტთა ერთ წიგნს შეადგენს და ეზრას პირველი და მეორეც45 ერთ წიგნად მიიჩნევა; მეთორმეტე წიგნი არის ესთერი; ესენია ისტორიულნი. ხოლო მუხლედი46 არის ხუთი: იობი, ფსალმუნთა წიგნი, იგავნი, ეკლესიასტე და ქება ქებათა - მეჩვიდმეტე წიგნი; ამათ შემდეგ საწინასწარმეტყველონი ხუთი: თორმეტი წინასწარმეტყველისა - ერთი წიგნი, ესაიასი - ერთი, იერემიასი - ერთი ბარუქთან, გოდებასთან და ეპისტოლესთან47 ერთად, შემდეგ ეზეკიელი და დანიელი - ოცდამეორე წიგნი ძველი აღთქმისა.

36. ახალი აღთქმისა არის მხოლოდ ოთხი სახარება, ხოლო დანარჩენი ნაყალბევია და საზიანო. მანიქეველებმაც დაწერეს ”თომას სახარება”, რომელიც სახარებისეული სახელწოდების კეთილსურნელებით შეფერადებული ხრწნის უბრალოთა სულებს. შეიწყნარე ასევე საქმე თორმეტი მოციქულისა; ამათ შემდეგ შვიდი კათოლიკე ეპისტოლე: იაკობისა, პეტრესი, იოანესი და იუდასი; ხოლო დამბეჭდველი ყოველივესი და დასასრული მოწაფეთა არის პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე48. ყველაფერი დანარჩენი მეორე ადგილზე გადადე და რაც ეკლესიებში არ იკითხება, მათ შენთვისაც ნუ წაიკითხავ, როგორც მოისმინე. ეს იყოს ამათ შესახებ.

37. გაექეცი ყოველგვარ საეშმაკო მოქმედებას და ნუ დაემორჩილები განდგომილ ვეშაპს49, რომელსაც კეთილი არსისგან თვითარჩევითად აქვს ცვალება, რომელსაც შთაგონება ძალუძს მსურველებისა, იძულება კი არანაირად. ყურადღებას ნუ მიაქცევ ნურც ვარსკვლავთმრიცხველობას, ნურც ფრინველთგრძნეულებას, ნურც მისნობას, ნურც წარმართთა მითიურ მკითხაობას, მწამლველობას, შელოცვასა (ἐπαοιδίαν) და სულთა გამოძახების (νεκρομαντειῶν) ურჯულო საქმეს, სასმენლადმეც ნუ მიუშვებ მათ. განუდექი თავაშვებულობის ყოველგვარ სახეს, ნუ იქნები ნაყროვანი, ნურც სიამეთმოყვარე, ზეამაღლდი ყოველგვარ ვერცხლისმოყვარებასა და მევახშეობაზე. ნუ წახვალ წარმართულ თავყრილობებზე სანახაობებისთვის, ნურც თილისმებს (ἐπιδέσμασιν) გამოიყენებ ოდესმე სნეულებისას. მოიქეცი ყოველგვარი სიღოდითმავლობის უხამსობისგან50. ნურც სამარიტელო[191]ბაში, ან იუდაიზმში ჩავარდები, რადგან ამიერიდან გამოგისყიდა ქრისტემ. განეშორე შაბათთა ყოველგვარ დაცვას და თქმას იმისას, რომ რამ საკვებთაგანი, რომლებსაც არ უნდა განვარჩევდეთ, თითქოს შესვრილი იყოს და უწმინდური. განსაკუთრებით მოიძულე ურჯულო ერეტიკოსთა ყოველგვარი შეკრება  და ყოვლითურთ განიმტკიცე საკუთარი სული მარხვით, ლოცვით, მოწყალებითა და საღმრთო სიტყვათა ამოკითხვით, რომ დარჩენილ დროში უბიწოებითა და კეთილმსახურების დოგმატებით ხორციელად მცხოვრებმა ოდენ საბანელისეული51 მაცხოვარება მოიპოვო, ამგვარად აღირიცხო მამისა და ღვთის მიერ ზეციურ ლაშქარში და ღირსი გახდე ზეციური გვირგვინებისა ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომლისაც არის დიდება უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

----------------------------------------------------------------------------

შენიშვნები

1 - სიტყვ. “იმხილება”. შდრ. Gr: ἐξελεγχόμενον.

2 - შდრ. Gr: ἀπιστίας λοιμώδει περιβάλλῃ καταστάσει.

3 - შდრ. Gr:'Ο τῆς θεοσεβείας τρόπος. 

4 - შდრ. Gr: δογμάτων εὐσεβῶν.

5 - წმ. კირილე იერუსალიმელი გულისხმობს იმას, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანობა ორი რამის მთლიანობას წარმოადგენს: სწორი სარწმუნოება და კეთილი საქმეები. სწორ სარწმუნოებაში მოიაზრება ის უცთომელი მოძღვრება ეკლესიისა, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია წმინდა წერილსა და წმინდა გარდამოცემაზე, ხოლო კეთილი საქმეები არის ის ქველმოქმედება, რომელსაც მორწმუნე ყოველწუთიერად უნდა ავლენდეს მოყვასის მიმართ სხვადასხვა ფორმით. წმ. კირილე იერუსალიმელის სწავლებით, ეს ორი რამ ერთმანეთისგან განუყოფელია. ერთი მხრივ, აუცილებელია ადამიანს გააჩნდეს მართალი სარწმუნოება და, მეორე მხრივ, ამ მართალ სარწმუნოებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს პრაქტიკული გამოვლინებანი ადამიანის ყოფით ცხოვრებაში კეთილი საქმეების სახით. თავის მხრივ, სწავლება სარწმნოებისა და საქმეების ერთიანობის შესახებ დასაბამს თვით მოციქულთაგან იღებს. მაგალითად, მოციქულ იაკობის სწავლებით: "ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს" (იაკ. 2.26).  

6 - შდრ. ტიტ. 1.10: “რამეთუ არიან მრავალნი დაუმორჩილებელცა და ამაოჲსა მეტყუელ და გონება-მაცთურ, უფროჲს ხოლოღა წინადაცუეთილებისაგანნი იგი”.

7 - შდრ. Gr :μελετῶντες. ბერძნული μελετάω-ს ერთ-ერთი მნიშვნელობა არის “სწავლა”, “დასწავლა”. ჩვენ მას,  ზემორე ირონიული ელფერის მქონე შესატყვისი მივუსადაგეთ, რომელიც, თავის მხრივ, სწავლების იმგვარ პროცესს გულისხმობს, როდესაც შემსწავლელი შესასწავლის ჭეშმარიტ შინაარსს ვერ აცნობიერებს. სწორედ ამას ამბობს იუდეველთა შესახებ წმ. კირილე იერუსალიმელი. საგულისხმოა, რომ იუდეველთა ამგვარ მდგომარეობას ჯერ კიდევ ესაია წინასწარმეტყველი აღნიშნავდა. აი, რას მოუწოდებს იგი თავის თანამემამულეებს უფლის მიერ: “ისმინეთ ჩემი, სახლმან იაკობისმან და ყოველმან ნეშტმან ისრაჱლისამან, რომელნი გამორჩეულ ხართ დედის მუცლითგან და სწავლულ სიყრმითგან; ...ისმინეთ ჩემი, რომელთა წარგიწყმედიეს გული თქუენი, რომელნი შორს ხართ სიმართლისაგან” (ეს. 46.3,12). 

8 - შდრ. Gr: τὰ τῶν δυσσεβῶν δογμάτων ἰοβολα. როგორც ცნობილია, ტერმინი “დოგმატი” თავისი მნიშვნელობით გულისხმობს “მოძღვრებას”, “სწავლებას”, “დოქტრინას”. ასე რომ, თუ იგი ერთ შემთხვევაში მართებულ სწავლებას აღნიშნავს, სხვაგან შესაძლოა ერეტიკული სწავლების აღმნიშვნელადაც შეგვხვდეს.

9 - შდრ. Gr: ἡ τῆς πίστεως διδασκαλία. Lat: fidei doctrina. მინის გამოცემაში აღნიშნულია, რომ აქ წმინდა მამა სარწმუნოების სიმბოლოს, ანუ “მრწამსს” გულისხმობს. იხ. PG. t. 33, col. 458, შენ. 6. 

10 - შდრ. Gr: πρὸ δὲ τῆς εἰς τὴν Πίστιν παραδόσεως. “მრწამსის” გადმოცემას და, შესაბამისად, განმარტებასაც წმინდა მამა მეხუთე ქადაგებიდან იწყებს.

11 - იგულისხმება წმინდა დიდი მარხვა, რომლის განმავლობაშიც აღესრულებოდა ნათელღებადთა განსწავლა სარწუნოების საკითხებში. 

12 - შდრ. Gr: οἱ τελειότεροι τὴν ἕξιν . ბერძნული ἡ ἕξις-ის მრავალ მნიშვნელობათაგან ერთ-ერთი არის “გონების მდგომარეობა”, state or habit of maind, იხ. A Patristic Greek Lexicon, edited by G. W. H. Lampe, D.D. Oxford, 1961.  ასე არის განსახილველი ფრაზა გაგებული ლათინურ და ინგლისურ თარგმანებშც. შდრ. Lat: qui habit mentis perfectiores sunt. Eng:  whose habit of mind is mature.   

13
- შდრ. Gr: ἐν πᾶσιν ἐστί, καὶ πάντων ἐκτός.  Lat: in omnibus est et extra omnia. 

14 - შდრ. Gr: ἀσυγκρίτος. მინის გამოცემაში ეს სიტყვა ზმნიზედური ფორმით არის მოცემული: ἀσυγκρίτως. იხ. PG. ტ. 33. სვ. 460.  

15 - შდრ. Gr: οὐδὲ γενέσει. ბერძნული γένεσις-ის (შობა, დაბადება) ერთ-ერთი მნიშვნელობა არის სწორედ  “ვარსკვლავთა განლაგება შობის დროს”, “ჰოროსკოპი”. იხ. A Patristic Greek Lexicon, edited by G. W. H. Lampe, D. D. Oxford, 1961. შდრ. Lat: neque genesi [sideribusve natalitiis]. Ru: ни велению звезд. Eng. nor to nativity. აღასანიშნავია, რომ ტერმინი “შობის დღე” ამავე შინაარსით გვხვდება ძეგლში “გალობანი სინანულისანი”. წმ. მეფე დავითი ამბობს: “ზენაჲსა მოძრაობისა ასურასტანული ზმნობაჲ, და ცთომილთა ვარსკულავთა და უცთომელთა კრებაჲ და განყრაჲ, სუჱ და ბედი, და შობის დღე, ვითარცა საღმრთოთა უსმენელმან, ვიჩქურენ”. ლაურა გრიგოლაშვილი, დავით აღმაშენებლის “გალობანი სინანულისანი”, თბ. 2005, გვ. 217.

16
- შდრ. Gr: γυναικομανεῖς. Lat: mulierum amoribus insanientes. Ru: до безумия пристрастные к женщинам. Eng: mad after women.  

17 - შდრ. Gr: καὶ τὴν δικαιοσύνην τὴν ἐνυπόστατον. Lat: et justitia subsistens.

18 - შდრ. გამ. 3.14: καὶ εἶπεν ὁ θεὸς πρὸς μωυσῆν ἐγώ εἰμι ὁ ὤν  ”და ჰრქუ ღმერთმან მოსეს: მე ვარ ღმერთი მყოფი” (საბას ბიბლია).  

19 - შდრ. Gr: ἀπαλλοτριώσῃς. Lat: abalienes.

20 - შდრ. Gr: υἱοπατορίαν.

21
- შდრ. Gr: διὰ τῶν ἀποσταλέντων. იგულისხმება იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები, რომლების მან მაცხოვართან მიავლინა ზემორე შეკითხვით.  

22
- შდრ. Gr: παρειστήκεισαν.

23
- შდრ. Gr: σὺ φανερῶς ἐπὶ μετώπῳ σφραγίζου. წმ. კირილე იერუსალიმელი აქ პირჯვრის გადაწერის ერთ-ერთ უძველეს ფორმას ასახელებს. ადრეულ ეპოქაში შუბლზე ჯვრის გამოსახვის შესახებ მოწმობანი გვხვდება ასევე ტერტულიანესთან, კვიპრიანე კართაგენელთან, იოანე ოქროპირთან, ნეტარ იერონიმესთან, თეოდორიტე კვირელთან და სხვებთან. იხ. ე. ჭელიძე, ეკლესია – სძალი უფლისა, თბ. 1990, გვ. 178-220.

24 - სიტყვ. “გააკეთე”, ποίει.

25
- შდრ. Gr: ὑπ' ἀγγέλων δορυφορούμενον.  ტერმინი δορυφορούμενον, რაც ნიშნავს “ლახვრის მატარებელს”, “მცველს”, “ამალას”, გვხვდება ლიტურგიკულ საგალობელში “რომელი ქერუბიმთა”. შდრ. ὠς  τὸν βασιλέα τῶν ὅλων ὑποδεξόμενοι ταῖς ἀγγελικαῖς ἀοράτῶς δορυφορούμενον τάξεσιν. 'Αλλουια.  მოტანილი ციტატის შესატყვისად X ს.-ის შინ. 40 ხელნაწერში დაცულ უძველეს ქართულ თარგმანში გვაქვს შემდეგი ტექსტი: “ვითარცა მეუფისა ყოველთაჲსა შემწყნარებელთა, ანგელოზთაებრ, უხილავად ძღუენისა-შემწირველთა, წესისა. ალელუა”. როგორც ვხედავთ ბერძნულ δορυφορούμενον-ს (ლახვრის მატარებელი) ქართულ თარგმანში “ძღუენისა-შემწირველთა” შეესაბამება. როგორც “დიდნი კურთხევანის” გამომცემელი ე. ჭელიძე აღნიშნავს, სხვაობას გამომწვევი მიზეზი უნდა იყოს ურთიერთმონაცვლეობა თვით ბერძნულ ნუსხებში დადასტურებული ორი ფონეტიკურად მსგავსი ტერმინისა. ეს ტერმინებია, ერთი მხრივ, δορυφορούμενον - “ლახვრის მატარებელი”, “ლახვარმოსილი”, და, მეორე მხრივ, δωροφορουμενον - “ძღვნის შემწირველი” (იხ. დიდნი კურთხევანი, ძველი ქართული ხელნაწერების მიხედვით გამოსაცემად მოამზადა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ I, თბ. 2006 წ. გვ. 605-606). ქართულ საღვთისმსახური ტრადიციაში სწორედ ამ უკანასკნელის შესატყვისი არის დამკვიდრებული.

26 - შდრ. Gr: τὰ δύσφημα. 

27
- შდრ. Gr: Πίστευε καὶ εἰς τὸ Πνεῦμα τὸ ἅγιον, καὶ τὴν ὀρθὴν ἔχε περὶ αὐτοῦ γνῶσιν. ἐ πειδὴ πολλοὶ εἰσιν, οἱ ἀλλότριοι τοῦ ἁγίου Πνεύματος, οἱ τὰ δύσφημα περὶ αὐτοῦ διδάσκοντες.  მინის გამოცემაში (იხ. PG. t. 33. col. 473) აღნიშნული ციტატა განსხვავებული სახით არის წარმოდგენილი. შდრ: Πίστευε καὶ εἰς τὸ Πνεῦμα τὸ ἅγιον, καὶ τὴν αὐτὴν ἔχε περὶ αὐτοῦ δόξαν, ἢν παρέλαβες ἔχειν περὶ Πατρὸς καὶ Υἱοῦ. καὶ μὴ κατὰ τοὺς τὰ δύσφημα περὶ αὐτοῦ διδάσκοντας (გწამდეს სულიწმინდაც და იგივე შეხედულება გქონდეს მასზე, რაც მიღებული გაქვს მამისა და ძის თაობაზე, და ნუ მიბაძავ იმათ, რომელნიც ბოროტმეტყველებას ასწავლიან მის შესახებ). რუსული თარგმანი მინის გამოცემას თანხვდება. შდრ. Веруй и в Духа Святого и тех же держись касательно Его мыслей, какие имеешь об Отце и Сыне, а не внимай богохульному о Нем учению. 

28
- შდრ. Gr: πᾶσα νοητὴ φύσις.  Lat: universa intelligibilis natura.

29
- შდრ. Gr: τὴν σφραγίδα (ბეჭედი)

30 - შდრ. Gr: οὐκ ἐξ εὑρεσιλογίας. ბერძნული εὑρεσιλογία განიმარტება როგორც “სიტყვათა შეთხზვა”, “სიტყვათა გამოგონება”, “სიტყვების თამაში”. ჩვენც, შესაბამისად, εὑρεσιλογία-ს “სიტყვათმთხზველობა” მივუსადაგეთ. 

31 - დასათაურება “ადამიანის აგებულების შესახებ” (Περὶ ἀνθρωπίνης καταστάσεως) მინის გამოცემაში სქოლიოში არის ჩატანილი. იქ მე-18 აბზაცს სათაურად უძღვის მხოლოდ “სულის შესახებ”. იხ. PG. t. 33. col. 477 

32 - შდრ. Gr: κατὰ γένεσιν.

33 - სიტყვ. “ვარსკვლავთა შეკავშირება”. შდრ: αἰ τῶν ἄστερων πλοκαὶ.

34 - შდრ. Gr: τῆς τῶν ψυχῶν ὑποστάσεως. Lat: animarum substantia.

35 - შდრ. Gr: ὁ λοιπὸς τῆς 'Εκκλησίας λαός. Lat: reliquus Ecclesiae populus.

36
- შდრ. Gr: ἐν ταῖς συνάξεγι. იგულისხმება საღვთისმსახურო შეკრება, ლიტურგია.

37 - მინის გამოცემაში ეს წინადადება წინარე აბზაცს არის მიკუთვნებული. იხ. Migne, PG. t. 33, col. 489  

38
- შდრ. Gr: πᾶσι τοῖς ἔθνεσι. იგულისხმება წარმართთაგან მოქცეული ქრისტიანები, რომელთაც გაუგზავნა მოციქულთა კრებამ ზემოხსენებული ეპისტოლე.  

39 - სიტყვ. “არახილულთ”, “უჩინართ”. შდრ. Gr: τὰ μὴ φαινόμενα. 

40 - შდრ. Gr: ἑκατὸν. რუსულ თარგმანში არის არის “ასი”, არამედ “ათი” (десяти лет). 

41 - შდრ. Gr: ὑποστάσεως.

42 - შდრ. Gr: δι' οὕς κἀκεῖνος ἐγήγερται. Ru: для которых и Он восстал. Eng: for whose sakes that corn also has been raised. Lat: quorum gratia ipsum surrexit

43
- შდრ. Gr: προλαβὼν κατὰ φιλανθρωπίαν. იგულისხმება უფლის ნათლისღება იორდანეში იოანესგან, რომლითაც დასაბამი დაედო ნათლობის მაცხოვნებელი საიდუმლოს აღსრულებას.  

44 - წმ. კირილე იერუსალიმელს მხედველობაში აქვს ძველი აღთქმის წმინდა წერილის წიგნთა აღრიცხვის ებრაული ტრადიცია, რომლებიც, როგორც ცნობილია, წიგნებს ებრაული ანბანის ასოთა რაოდენობის მიხედვით აღნუსხავდნენ.  

45 - იგულისხმება “ნეემიას წიგნი”, რომელიც თავდაპირველად “ეზრას” ნაწილად იყო მიჩნეული. იხ. Толковая Библия, т. III.  Петербург, 1906. ст.197.

46 - შდრ. Gr: τὰ στιχηρα. Lat: versibus scripti.

47 - როგორც ვნახეთ, კირილე იერუსალიმელი ძველი აღთქმის კანონიკურ წიგნთა შორის მოიხსენიებს ”ბარუქის წიგნს” და “იერემიას ეპისტოლეს” ორივე ხსენებული წიგნი არაკანონიკურია, თუმცა, უადრეს ეპოქაში სხვაგვარი შეხედულებანიც არსებობდა მათ შესახებ, რის ერთ-ერთი დადასტურებასაც წმ. კირილე იერუსალიმელის ზემორე ინდექსი წარმოადგენს. ორივე წიგნს კანონიკურ წიგნთა შორის ასახელებს ლაოდიკიის კრებაც (360 წ.). აღსანიშნავია, რომ რომის კათოლიკური ეკლესიაც მათ კანონიკურ წიგნთა შორის აღრაცხავს. იხ. Толковая Библия, т. VI.  Петербург, 1909. ст.169, 177.

48 - წმ. კირილე იერუსალიმელი ახალი აღთქმის წიგნთა ჩამონათვალში არ ახსენებს იოანე ღვთისმეტყველის “გამოცხადებას”. ცნობილია, რომ აღნიშნულ წიგნთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა ეკლესიის მამათა შორის. ზოგიერთი საეკლესიო ავტორი (მაგ. დიონისე ალექსანდრიელი) ეჭვქვეშ აყენებდა მის სამოციქულო წარმომავლობას. ”გამოცხადებას” კანონიკურ წიგნთა შორის არ ასახელებს ლაოდიკიის კრებაც (360 წ.). მაგრამ მოციქულთაგან მომდინარე გადმოცემასა და მრავალი წმინდა მამის მოწმობაზე დაყრდნობთ ეკლესიის მიერ იგი კანონიკურ წიგნად არის შერაცხილი.  

49 - შდრ. Gr: τῷ δράκοντι.

50 - შდრ. Gr: τοῦ καπηλοδυτεῖν χυδαιότητα. ბერძნული καπηλοδυτέω განიმარტება როგორც ”ტავერნებში ხშირი სიარული”, haunt taverns, ix. A Patristic Greek Lexicon, edited by G. W. H. Lampe, D. D. Oxford, 1961. ჩვენ დასახელებულ ბერძნულ ტერმინს “სიღოდითმავლობა” მივუსადაგეთ, რადგან ეს ძველქართული სიტყვა მთლიანად იტევს ხსენებულ შინაარსს. კერძოდ სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, “სიღოდა” ეს არის “მთრვალისა მიერ ხუმრობა, მასხარ(ა)ობა, ზველვა, სიმღერა, როკვა, გინა სამეძაო ტრფიალებათა აღსაძრველი რამენი, გინა ღვინით ცნობის მიღებით ჴმოანება, უკაფიო და უშვერი, გინა მემთრვალეობისათღვის ვალის აღება”. იხ. სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, II, ავტოგრაფული ნუსხების მიხედვით მოამზადა, გამოკვლევა და განმარტებათა ლექსიკის საძიებელი დაურთო ილია აბულაძემ, თბ. 1993 წ., გვ. 97. ტერმინი “სიღოდითმავლობა” მსგავსივე შინაარსით გვხვდება წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის საგალობელში “გალობანი სინანულისანი”: “კაენის მკვლელებრი ცნობაჲ, სეითის ძეთა ლირწებაჲ, გმირთა სიღოდით მავალობაჲ, ხუთ-ქალაქელთა შეგინებისა მწჳრე, უფროჲს ვამრავალწილე”. ლაურა გრიგოლაშვილი, დავით აღმაშენებლიოს “გალობანი სინანულისანი”, თბ. 2005, გვ. 215.  

51 - ე. ი. ნათლისღებისეული.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა გიორგი ჯულაყიძემ

ჟურნალი "გული გონიერი", №1 (4), 2012 წ.

კავებში ჩასმული ([]) ნუმერაციით მითითებულია ჟურნალის გვერდები

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 20 March 2013 15:07)