A1

იერუსალიმში, თქმული მოუმზადებლად (σχεδιασθεῖσα), სინანულის, ცოდვათა მიტევებისა და წინააღმდგომისთვის, და საკითხავი ეზეკიელიდან: "სიმართლე მართლისა მასზე იქნება და ურჯულოება ურჯულოსი მასზე იქნება. და თუ ურჯულო მოიქცევა ყოველი თავისი ურჯულოებისგან..." (ეზეკ. 18.2) და შემდგომი

1. საშინელია ცოდვა და სულის უმძიმესი სნეულებაა ურჯულოება, არღვევს მის ძალებს და მიზეზია საუკუნო ცეცხლისა. უკეთური თვითხელმწიფება, არჩევანის ამონაყარი.2 და რომ საკუთრივი არჩევანით ვცოდავთ, ცხადად ამბობს სადღაც წინასწარმეტყველი: "მე შენ დაგნერგე ნაყოფიერ ვენახად ყოველი ჭეშმარიტებით, როგორ შეიცვალე მწარე უცხო ვენახად"? (იერ. 2.21). ნერგი კეთილია, ნაყოფი ბოროტი. არჩევანისმიერია ბოროტება, დამნერგველი უბრალოა, ვენახი კი ცეცხლით დაიწვება, რადგან კეთილად დაინერგა, მაგრამ ბოროტად ინაყოფიერა წინააღრჩევის მიერ. ეკლესიასტეს თანახმად, "ღმერთმა წრფელი (εὐθύν) შექმნა ადამიანი, მათ კი მოიძიეს მრავალი გულისთქმა" (ეკლ. 7.29). "რადგან მისი ქმნილებანი ვართ, შექმნილნი კეთილი საქმეებისთვის" (ეფეს. 2.10), ამბობს მოციქული. შემოქმედმა, არის რა კეთილი, კეთილი საქმეებისთვის შექმნა, ხოლო შექმნილი საკუთარი არჩევანით ბოროტისკენ მიიდრიკა. ამრიგად, საშინელი ბოროტებაა ცოდვა, როგორც ითქვა, მაგრამ არა უკურნებელი. საშინელია შემნარჩუნებლისთვის, ხოლო ადვილად კურნებადია სინანულით უკუმგდებლისთვის. რადგან წარმოიდგინე ვინმე, ვისაც ცეცხლი უპყრია ხელთ. სანამ მას ნაკვერჩხალი უჭირავს, იწვის, რა თქმა უნდა, ხოლო თუ განაგდებს ნაკვერჩხალს, მხურვალებასაც განაგდებს იმასთან ერთად. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ შემცოდე არ დაიწვება, მას ეუბნება წმინდა წერილი: "გამოიკრავს ვინმე ცეცხლს უბეში სამოსის დაუწველად" (იგავ. 6.27)? რადგან წვავს ცოდვა სულის ძალებს.
2. მაგრამ იკითხავს ვინმე: მაშ, ბოლოსდაბოლოს, რა არის ცოდვა? ცხოველია, ანგელოზი, დემონი, თუ რა, ასე რომ მოქმედებს? მტერი გარედან არ გესხმის თავს, ადამიანო, არამედ შენგანვე აღმოცენდა უკეთური მორჩი. "პირდაპირ (ὀρθοῖς) იცქირე შენი თვალებით" (იგავ. 4.25) და ნუ გექნება გულისთქმა. შენსას მოუფრთხილდი, სხვისას ნუ აიღებ და დაცხრება მტაცებლობა. გახსოვდეს სამსჯავრო და ნუ იმძლავრებს შენში ნურც სიძვა, ნურც მრუშობა, ნურც კაცისკვლა, ნურც სხვა რამ ურჯულოება. როგორც კი ღმერთს ივიწყებ, სწორედ მაშინ იწყებ ბოროტის ზრახვას და ურჯულოების აღსრულებას.

3. თუმცა მხოლოდ შენ არ ხარ მიზეზი საქმისა (τοῦ πράγματος). არამედ სხვა ვინმეც არის უბოროტესი წამქეზებელი - ეშმაკი. იგი აქეზებს ყველას, მაგრამ ვერ მძლავრობს იმათზე, რომელნიც არ ემორჩილებიან. ამიტომაც ამბობს ეკლესიასტე: "თუკი სული ხელისუფლისა ამაღლდება შენზე, შენს ადგილს ნუ დაუტევებ" (ეკლ. 10.4). დაგმანე შენი კარი, განიშორე შენგან და ვერ გავნებს შენ. თუკი განურჩევლად შეიწყნარებ ნდომისეულ წარმოდგენებს (τὴν ἐνθύμησιν ἐπιθυμίας), ფესვებს გაიდგამს შენში გულისთქმათა მიერ, შებორკავს შენს გონებას და ჩაგაგდებს ბოროტ მთხრებლში. მაგრამ შეიძლება თქვა: "მორწმუნე ვარ და ვერ მომერევა ნდომა, თუნდაც ხშირ-ხშირად წარმოვიდგინო". არ იცი, რომ ფესვი კლდეს ამსხვრევს, თუ დიდხანს დაადგრება მასში? ნუ შეიწყნარებ მარცვლებს, თორემ დაამსხვრევს შენს რწმენას. ვიდრე გაიფურჩქნებოდეს, ძირფესვიანად ამოძირკვე ბოროტება. ნუ მომედგრდები თავიდანვე, წერაქვით და ცეცხლით რომ არ გაწვალდე (πολυπραγμνήσῃς) შემდგომში (იერემ. 23.29; მთ. 3.10). თვალი თუ დაგიავადდება, დროულად უმკურნალე, რათა მაშინ არ ეძებდე ექიმს, როცა დაბრმავდები.

4. ეშმაკი რომ არის პირველსათავე ცოდვისა და წარმომშობი ბოროტებათა, ამას უფალი ამბობს და არა მე: "რადგან დასაბამიდან ეშმაკი ცოდავს" (I ინ. 3.8; ინ. 8.44), არავის უცოდავს მასზე უწინარეს. ხოლო შესცოდა არა იმიტომ, რომ ბუნებისგან მიიღო იძულებით მიდრეკილება ცოდვისადმი (მაშინ ბრალი ცოდვისა იმისკენ ზეაღიწევა (ἀνατρέχει), ვინც ასეთად შექმნა), არამედ კეთილად შექმნილი საკუთარი არჩევანით გახდა ეშმაკი და საქმისგან მიიღო ზედწოდება. მთავარანგელოზი იყო და მერე ეშმაკი ეწოდა ცილისწამების გამო.3 კეთილი მსახური იყო ღვთისა და გახდა სატანად წოდებული, რადგან "სატანა" "წინააღმდგომად" გამოითარგმანება. ჩემი არ არის ეს სწავლებანი, არამედ ეზეკიელისა, სულშემოსილი წინასწარმეტყველისა. იგი აღიღებს გოდებას მასზე და ამბობს: "შენ ხარ ანაბეჭდი მსგავსებისა და გვირგვინი სიკეთისა, ღვთის სასუფეველში დაიბადე (ἐγεννήθης)". მცირედის შემდგომ კი: "იყავი (ἐγεννήθης) უბიწო შენს დღეებში, შენი შექმნის დღიდან, ვიდრე არ (ἕως οὗ) აღმოჩნდა უსამართლობანი შენში". მეტად კარგად უთხრა: "აღმოჩნდა შენში", რადგან არათუ გარედან შემოვიდა ბოროტება, არამედ შენ თვითონ წარმოშვი იგი. შემდეგ მიზეზიც დაასახელა: "ამაღლდა შენი გული შენს მშვენიერებაზე შენი ცოდვების სიჭარბის გამო. მოიწყალ შენი ცოდვების მიერ და მიწას დაენარცხე" (ეზეკ. 28. 12-17). ამას, თავის მხრივ, უფალიც ეთანხმება და სახარებაში ამბობს კვლავ: "ვხედავ სატანას, როგორც ელვას, ზეციდან გადმოვარდნილს" (ლუკ. 10.18). ყურადღება მიაქციე ძველი აღთქმის ერთხმობას ახალთან. მისმა დაცემამ მრავალი თანადასცა (συναπέστησε). იგი უნერგავს (εἰ σβάλλει) გულისთქმებს თავის მორჩილთ. მისგან არის მრუშობა, სიძვა თუ სხვა რამ ბოროტება. მის გამო ჩვენი პირველმამა ადამი განიდევნა და საკვირველ ნაყოფთა თვითნებურად მხმეველმა სამოთხის წილ ეკალშემოსილი მიწა მიიღო (ἀντικατηλλάξατο).

5. და რა? იკითხავს ვინმე. წარვწყმდით შეცდომილნი. ნუთუ აღარ არის გამოხსნა? დავეცით. ნუთუ არ არის წამოდგომა? დავბრმავდით. ნუთუ არ არის აღხილვა? დავკოჭლდით. ნუთუ არ არის განმართვა? მოკლედ რომ ვთქვათ, მოვკვდით. ნუთუ არ არის აღდგომა? მაგრამ ვინც ოთხი დღის მკვდარი ლაზარე აღადგინა, კაცო, აყროლებული, გაცილებით უფრო იოლად არ აღგადგენს შენ, ცოცხალს? რომელმაც პატიოსანი სისხლი ჩვენთვის დაღვარა, თავად განგვწმენდს ჩვენ ცოდვისგან. ნუ უსასოვყოფთ საკუთარ თავს, ძმანო. ნუ ჩავაგდებთ (ἀπορῥίψωμεν) საკუთარ თავს უიმედო მდგომარეობაში. რადგან საშინელია ურწმუნოება სინანულის სასოებისა. ვინც არ მოელის გამოხსნას, მრავალად დააგროვებს ბოროტებას, ხოლო ვინც განკურნების მოიმედეა, საბოლოოდ იოლად დაიხსნის თავს. რადგან ყაჩაღი, რომელიც არ მოელის შეწყალებას, სასოწარკვეთილებამდე მიდის, მიტევების მომლოდინე კი ხშირად სინანულისკენ აღიძვრება. გარდა ამისა, თუ გველი იძრობს კანს, ნუთუ ჩვენ არ უნდა განვიძარცვოთ ცოდვები? თუ ნარეკლიანი ნიადაგი კარგად დამუშავების შემდგომ მოსავლიანი ხდება, ნუთუ ჩვენთვის შეუძლებელია ცხონება? ბუნება ღებულობს გამოხსნას, არჩევანი არის საძიებელი მხოლოდ.

6. კაცთმოყვარეა ღმერთი და კაცთმოყვარეა არა მცირედ. ამიტომ ნუ იტყვი: ვისიძვე, ვიმრუშე, საშინელებანი ჩავიდინე. და არა ერთხელ, არამედ მრავალგზის. ნუთუ შემიწყალებს? ნუთუ მომმადლებს მოტევებას? ისმინე რას ამბობს მეფსალმუნე: "რაოდენ დიდია შენი სიტკბოების სიმრავლე, უფალო" (ფს. 30.20). ვერ ძლევს შენი ცოდვების ერთობლიობა ღვთის სიტკბოებათა სიმრავლეს. ვერ ძლევს შენი წყლულები მკურნალის გამოცდილებას. მიეცი [მას] საკუთარი თავის სარწმუნოებით. უამბე ექიმს [შენი] ვნებულება. შენც თქვი დავითისამებრ: "ვთქვი: ვეტყვი ჩემზე ჩემს ურჯულოებას უფალს". და აღსრულდება შენზე შემდეგი გამონათქვამი: "და შენ მომიტევე უღმერთოება ჩემი გულისა" (ფს. 31.5).

7. გსურს იხილო კაცთმოყვარება ღვთისა შენ, რომელიც ახლახან მოხვედი განსასწავლად? გსურს იხილო ღვთის კაცთმოყვარება და სულგრძელების სიმრავლე? ისმინე ადამის შესახებ: ეურჩა ადამი, პირველქმნილი, ღვთის [მცნებას]. განა არ შეეძლო [ღმერთს] უმალვე სიკვდილისთვის გადაეცა იგი? მაგრამ ნახე რა გააკეთა უკაცთმოყვარესმა უფალმა: გამოდევნა იგი სამოთხიდან (რადგან უღირსი იყო იქ დაყოვნებისა ცოდვების გამო), ხოლო დასახლდა სამოთხის პირდაპირ (შეს. 3.24), რომ ენახა საიდან დაეცა, საიდან სად ჩამოვარდა და შემდეგ სინანულის მიერ გამოხსნილიყო. კაენი, პირველშობილი ადამიანი, ძმისმკვლელი შეიქნა, აღმომჩენი ბოროტებათა და პირველსათავე მკვლელობათა და პირველი დაწყევლილი. მაგრამ მოკლა რა ძმა, რა მიესაჯა? "სივიწროვესა და ძრწოლაში იქნები მიწაზე" (დაბ. 4.12). დიდია შეცოდება, სასჯელი (καταδίκη) მცირე.

8. მაშ, ჭეშმარიტად არის ეს კაცთმოყვარება ღვთისა, მაგრამ ჯერ კიდევ მცირედია წარმოდგენილი. ამას მიუმატე ნოეს დროს მომხდარნიც: შესცოდეს გიგანტებმა4 და მრავალი ურჯულოება გავრცელდა მაშინ დედამიწაზე, ამის გამო გარდაუვალი იყო წარღვნის მოვლინება. [ნოეს ცხოვრების] მეხუთასე წელს მუქარა წარმოთქვა ღმერთმა (შეს. 6.13), ხოლო მეექვსასე წელს მოავლინა წარღვნა დედამიწაზე (შეს. 7.11). ხედავ ღვთის კაცთმოყვარების სივრცელეს, ასწლოვან ჟამზე რომ განივრცობა? განა რაც აღასრულა მაშინ ასი წლის შემდეგ, მეყსეულად არ შეეძლო აღესრულებინა? მაგრამ მიზანმიმართულად დააყოვნა, მისცა რა საშუალება სინანულისა. ხედავ ღვთის სახიერებას? იმათ რომ შეენანიებინა, არ დააკლდებოდნენ ღვთის კაცთმოყვარებას.

9. ვნახოთ სხვებიც, რომელნიც სინანულის მიერ გადარჩნენ. რადგან შესაძლოა დედაკაცთა შორის ვინმემ იკითხოს: ვისიძვე, ვიმრუშე, სხეული ყოველგვარი აღვირახსნილობით შევბილწე, ნუთუ არის გამოხსნა? შეხედე რააბს, ჰოი დედაკაცო, და შენც დაელოდე ხსნას, რადგან თუკი ვინც ცხადად და სახალხოდ ისიძვა, სინანულის მიერ გადარჩა, ნუთუ ერთხელ, ოდესღაც, მადლის უწინარეს მსიძავი ვერ გადარჩება სინანულითა და მარხვით? გამოიკვლიე, თუ როგორ გადარჩა იგი: მხოლოდ ეს თქვა: "რადგან თქვენი ღმერთი ცაშია და მიწაზე"5 (ისუ ნავ. 2.11). "თქვენი ღმერთი", რამეთუ არ გაკადნიერდა თავისად ეწოდებინა უწმინდურობის გამო. და თუკი გსურს მისი გამოხსნის შესახებ წერილობითი მოწმობის მიღება, გაქვს აღწერილი ფსალმუნში: "გავიხსენე რააბისა და ბაბილონისა, რომელნიც მიცნობენ მე" (ფს. 86.4), ჰოი, უდიდესი კაცთმოყვარება ღვთისა! მეძავიც კი იხსენიება წერილში, მაგრამ არა უბრალოდ "გავიხსენე რააბისა და ბაბილონისა", არამედ, ამასთანავე, "რომელნიც მიცნობენ მე". ასე რომ გამოხსნა, სინანულის მიერ მოპოვებული, ერთნაირად არის როგორც მამაკაცებისთვის, ასევე დედაკაცებისთვის.

10. მთელმა ხალხმაც რომ შესცოდოს, ვერ სძლევს ღვთის კაცთმოყვარებას. ოქროს ხბო ჩამოასხა ხალხმა, მაგრამ ღმერთი არ განუდგა კაცთმოყვარებას. უარყვეს ადამიანებმა ღმერთი, მაგრამ ღმერთმა არ უარყო საკუთარი თავი (ἑαυτὸν).6 "ესენი არიან შენი ღმერთები ისრაელ" (გამ. 32.4), თქვეს. და კვლავ, ჩვეულებისამებრ, ღმერთი ისრაელისა იყო მხსნელი მათი. და არა მხოლოდ ხალხმა შესცოდა, არამედ მღვდელთმთავარმა აარონმაც, რადგან მოსე არის ის, ვინც წარმოთქვამს: "აარონზეც იყო რისხვა უფლისა. და ვევედრე მისთვის, ამბობს, და შეიწყალა იგი ღმერთმა" (მეორე სჯულ. 9.20). თუკი მოსემ, რომელიც ცოდვილი მღვდელთმთავრისთვის ევედრებოდა, მოალმობიერა ღმერთი, მხოლოდშობილი იესო, ჩვენთვის მვედრებელი, ვერ მოალმობიერებს ღმერთს? თუკი იგი დაცემის გამო არ დააბრკოლა [ღმერთმა] შესულიყო მღვდელთმთავრობის პატივში, შენ, წარმართთაგან მოსულს, დაგიშლის შესვლას ცხონებაში? მაშ, შეინანე მსგავსადვე შენც, ადამიანო, და არ დაბრკოლდება შენთვის მადლი. უმწიკვლო ქცევა წარმოაჩინე შემდგომში, რადგან ჭეშმარიტად კაცთმოყვარეა ღმერთი და არარა კაცს არ ძალუძს ღირსებისამებრ გამოთქვას მისი კაცთმოყვარება. ადამიანთა მთელი ენებიც კი რომ ერთად შეერთდნენ, ასეთ შემთხვევაშიც ვერ შეძლებენ თუნდაც ნაწილობრივ აღწერონ ღვთის კაცთმოყვარება. ხოლო ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც ნაწილზე იმისა, რაც დაწერილია მისი კაცთმოყვარების შესახებ ადამიანთა მიმართ, მაგრამ არ ვიცით რამდენს სწყალობს ანგელოზებსაც. რადგან მათაც სწყალობს, რამდენადაც ერთი მხოლოა უცოდველი, რომელმაც აღხოცა ჩვენი ცოდვები, იესო. მაგრამ მათ შესახებ კმარა.

11.
თუკი გსურს, შენთვის სხვა მაგალითებიც იქნება წარმოდგენილი ჩვენ მიერ. მიდი ნეტარ დავითთან და გყავდეს იგი ნიმუშად სინანულისა. შეცდა ის დიდიც. განსვენების შემდგომ, საღამოჟამს, სეირნობდა რა ბანზე, გაიხედა (ἵδεν) განურჩევლად და ადამიანური რამ ვნება განიცადა. აღესრულა ცოდვა, მაგრამ არ თანაწარწყმდა ცოდვის აღიარების კეთილგონიერება. მოვიდა წინასწარმეტყველი ნათანი, მსწრაფლი მამხილებელი და წყლულის მკურნალი და თქვა: "განრისხდა უფალი და შესცოდე".7 მეფობის მქონეს კერძო პირი ეუბნება. პორფირშემოსილი მეფე არ განრისხდა, რადგან ხედავდა არა იმას, ვინც საუბრობს, არამედ იმას, ვინც აგზავნის. ვერ დააბრმავა (ἐτύφλωσεν) იგი ჯარისკაცთა გარემოდგომილმა მწყობრმა, რადგან გონებით უფლის ანგელოზთა მხედრობას ჭვრეტდა და "უხილავს, როგორც ხილულს", უფრთხოდა და უთხრა მოსულს, უფრო ზუსტად კი მის მიერ გამოგზავნილს პასუხად: "შევცოდე უფალს" (II მეფ. 12.13). ხედავ სიმდაბლეს მეფისას? ხედავ აღსარებას? განა იყო მხილებული ვინმესგან? ბევრმა იცოდა მომხდარი? სწრაფად აღესრულა საქმე, წინასწარმეტყველიც უმალ მოვიდა სამხილებლად და დაცემული აღიარებს დანაშაულს. ხოლო მას შემდეგ რაც კეთილგონივრულად აღიარა, დაუყოვნებლივ მიიღო კურნება, რადგან წინასწარმეტყველმა ნათანმა, რომელიც ემუქრებოდა, თქვა მაშინვე: "უფალმაც უგულებელყო შენი ცოდვები" (II მეფ. 12.13). ხედავ კაცთმოყვარე ღმერთის უსწრაფეს შემობრუნებას? კვლავ ამბობს: "სიფიცხით გააფიცხე უფლის მტრები" (II მეფ. 12.14). მრავალი მტერი გყავდა სამართლიანობის გამო, მაგრამ გიფარავდა თავდაჭერილობა. უარყავი რა უდიდესი იარაღი, გამზადებულნი არიან შენს წინააღმდეგ მტერნი თავდასასხმელად. ამგვარად ეუბნებოდა მას წინასწარმეტყველი.

12. ხოლო ნეტარმა დავითმა, თუმცა დანამდვილებით მოისმინა, რომ: "უფალმა უგულებელყო შენი ცოდვები", არ უგულებელყო სინანული მეფემ, არამედ შეიმოსა ჯვალო პორფირის წილ, მოოქროვილი ტახტის ნაცვლად კი ნაცარსა და მიწაზე დაჯდა მეფე. და არა მხოლოდ ჩაჯდა ნაცარში, არამედ საკვებადაც ნაცარი ჰქონდა, როგორც თავად ამბობს: "რადგან ნაცარი, როგორც პური, ვჭამე" (ფს. 101.10). ცრემლებით დაალტო (ἐξέτηξε) გულისმთქმელი თვალები: "დავბან ყოველღამე ჩემს საწოლს", ამბობს, "და ჩემი ცრემლებით ჩემს სარეცელს დავალტობ" (ფს. 6.7). მთავრებს, რომელნიც სთხოვდნენ პური ეჭამა, არ დაემორჩილა, [არამედ] მთელი ერთი კვირა გააგრძელა მარხვა. თუკი მეფემ ასე შეინანა, შენ, უბრალო მოკვდავს, არ გმართებს შენანება? აბესალომის აჯანყების შემდგომაც მრავალი გზა ჰქონდა მას გასაქცევად, მაგრამ ელეონის მთის გავლით გაქცევა აირჩია, თითქოსდა გონებით მოუხმობდა გამომსყიდველს, რომელიც აქედან ამაღლდა ზეცად და სემეის შესახებ, რომელიც მწარედ სწყევლიდა მას, თქვა: "მიუტევეთ მაგას" (II მეფ. 16.10), რადგან იცოდა, რომ მიმტევებელს მიეტევება.

13. ხედავ, რომ კარგია ცოდვათა აღიარება? ხედავ, რომ მონანულთათვის არის ცხონება? სოლომონიც დაეცა, მაგრამ რას ამბობს? "ბოლოს მეც შევინანე" (იგავ. 24.32). აქაბიც, სამარიის მეფე, გახდა ურჯულო კერპთმსახური, უსამართლო, წინასწარმეტყველთა მკვლელი, გაუცხოებული კეთილმსახურებისგან, უცხო ყანებისა და ვენახების მოსურნე. მაგრამ როდესაც იეზაბელის მეშვეობით ნაბოთე მოკლა და მოსულმა ელია წინასწარმეტყველმა ოდენ შერისხა, სამოსი შემოიხია და ჯვალო შეიმოსა (III მეფ. 17-27). და რა უთხრა კაცთმოყვარე ღმერთმა ელიას? "ხედავ როგორ მოდრკა აქაბი ჩემი პირისგან?" (III მეფ. 29), თითქოს არწმუნებს გაცეცხლებულ წინასწარმეტყველს დაინდოს მონანული, რადგან ამბობს: "არ მოვაწევ ბოროტებას მის დღეებში". და თუმცა არ იყო მოსალოდნელი მიტევების შემდგომ იგი უკეთურებას განშორებოდა, მაინც მიუტევებს მიმტევებელი, რადგან არათუ არ იცის მოსალოდნელი, არამედ იმჟამინდელი სინანულის კვალობაზე უბოძებს მიტევებას. რადგან სამართლიან მოსამართლეს ახასიათებს თითოეული ფაქტის სათანადო განსჯა.

14.
კვლავ, იერობოამი დადგა სამსხვერპლოზე და სწირავდა კერპებს. ხელი გაუხმა მას შემდეგ, რაც ბრძანა შეპყრობა მამხილებელი წინასწარმეტყველისა, მაგრამ გამოცდილებით შეიცნო რა ძალა წინამდგომარისა, თქვა: "შეევედრე უფლის, შენი ღმერთის, პირს" (III მეფ. 13.6), და ამ სიტყვის გამო კვლავ აღუდგა თავისი ხელი. თუ იერობოამი განკურნა წინასწარმეტყველმა, განა ქრისტეს არ ძალუძს შენი განკურნება? მანასეც უკიდურესად ურჯულო შეიქნა, რომელმაც ესაია გადახერხა, ყოველგვარი კერპთმსახურებით შეიბილწა და უდანაშაულოთა სისხლით აავსო იერუსალიმი, მაგრამ დატყვევებული წაიყვანეს რა ბაბილონში, განცდილმა ბოროტებებმა სინანულისეული კურნებისაკენ მოაქციეს, რადგან ამბობს წერილი: "დამდაბლდა მანასე ღვთის წინაშე და ილოცა, და შეისმინა უფალმა და დააბრუნა იგი თავის სამეფოში" (II ნეშტ. 12-13). თუკი წინასწარმეტყველის გადამხერხი სინანულის მიერ გადარჩა, შენ, რომელსაც ამდენი არ დაგიშავებია, ვერ გადარჩები?

15. აჰა, უმიზეზოდ ნუ უარყოფ სინანულის ძალას. გინდა გაიგო რაოდენ ძლიერია სინანული? გსურს იცოდე ცხონების მტკიცე საჭურველი და ისწავლო რა ძალა აქვს აღსარებას? ას ოთხმოცდახუთი ათასი მომხვდური ეზეკიამ აღსარების მიერ უკუაქცია. ჭეშმარიტად დიდია ესეც, მაგრამ ჯერ კიდევ მცირეა იმასთან შედარებით, რაც უნდა ითქვას. განცხადებული საღმრთო განჩინება შეცვალა მან სინანულის მიერ. სნეული იყო რა იგი, უთხრა ესაიამ: "ბრძანე შენი სახლის შესახებ, რადგან მოკვდები და ვერ იცოცხლებ" (IV მეფ. 20.1; ეს. 38.1). რაღას უნდა მოელოდე ამის შემდეგ? რა იმედი უნდა იყოს გამოხსნისა, როცა წინასწარმეტყველი ამბობს: "შენ მოკვდები?" მაგრამ არ განუდგა სინანულს ეზეკია, არამედ გაიხსენა წერილი: "როცა მოიქცევი და ივალალებ, მაშინ გადარჩები" (ეს. 30.15), გადაბრუნდა კედლისკენ, ლოცვის მიერ გონება ზეცას მიაწვდინა (რადგან ვერ აფერხებს კედელთა სისქე ღვთისმოშიშებით აღვლენილ ლოცვებს) და თქვა: "უფალო, გამიხსენე მე" (IV მეფ. 20.3), რადგან სრულიად საკმარისია განსაკურნებლად, რომ შენ გამიხსენო მე, არ ექვემდებარები დროს, არამედ თავად ხარ ცხოვრების რჯულმდებელი, რადგან არა ვარსკვლავთა შობისა თუ განლაგების მიხედვით ვცოცხლობთ, როგორც ამაოდმეტყველებს ზოგი, არამედ თავად რჯულმდებელს როგორ სურს, განაწესებს თუ ვინ იცოცხლოს და სანამ უნდა იცოცხლოს. და ვისაც გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდა საწინასწარმეტყველო განჩინების გამო, მას თხუთმეტი წელი შეემატა, [ხოლო] ნიშნად ამისა მზემ უკუსვლით მოძრაობა შეასრულა. ამასთან, ეზეკიასთვის მზე უკუიქცა, ხოლო ქრისტესთვის მზე დაბნელდა. არა უკუიქცა, არამედ დაბნელდა და ამით აჩვენა განსხვავება თითოეულისა, ვამბობ ეზეკიას და იესოს. პირველმა თუ შეძლო ღვთის განჩინების გაუქმება, იესო ვერ გიწყალობებს ცოდვათა მოტევებას? მოიქეცი და იგლოვე შენც, ჩაკეტე კარი და ილოცე, რომ შენც მოგეტევოს, რომ შენც გაექცე შემწველ ცეცხლს, რადგან შეუძლია აღსარებას დაშრიტოს ცეცხლი, შეუძლია მოათვინიეროს ლომები.

16. თუკი არ გჯერა, წარმოიდგინე რა შეემთხვათ ანანიას და მისთანათ. განა რა წყაროები გადმოადინეს? რაოდენ ლიტრა8 წყალს შეუძლია ორმოცდაცხრა წყრთის სიმაღლეზე ასული ალის ჩაქრობა? მაგრამ სადაც მცირედით (ὀλίγον) აღემატა ალი, იქ მდინარისებურად გადმოედინა სარწმუნოება და იქ წარმოთქვეს წამალი ბოროტებისა: "მართალი ხარ, უფალო, ყველაფერში, რაც კი გვიყავი ჩვენ", "რადგან შევცოდეთ და ვიუსჯულოეთ" (დან. 3.25,29). და სინანულმა დაშრიტა ალი. თუ არ გჯერა, რომ სინანულს ძალუძს ჩააქროს გეენის ცეცხლი, ისწავლე იმისგან, რაც ანანიას და მისთანათ შეემთხვათ. მაგრამ იკითხავს ვინმე ყურადღებით მსმენელთაგანი: "ისინი ღმერთმა სამართლიანად გამოიხსნა მაშინ და როცა არ სურდათ მეკერპეობა, მისცა მათ ღმერთმა ძალა." რადგანაც ეს შეკითხვა დაისვა, ახლა სინანულის სხვა ნიმუშს მივმართავ.

17. ნაბუქოდონოსორის შესახებ რას ფიქრობ? არ გსმენია წერილთაგან, რომ იყო სისხლისმსმელი, მხეცი და ლომისებრი მიდრეკილების მქონე? არ გაგიგია, რომ მეფეთა ძვლები საფლავებიდან სინათლეზე ამოყარა? (იერ. 8.1; ბარ. 2.24-25), არ გაგიგია, რომ ხალხი დაატყვევა? არ გაგიგია, რომ მეფეს, რომელმაც წინდაწინ საკუთარი ყელგამოჭრილი შვილები იხილა, თვალები დათხარა? არ გაგიგია, რომ ქერუბიმები დაამსხვრია? არ ვამბობ უხილავს, შორს ჩვენგან! ასე ნუ მიიღებ, ადამიანო, არამედ ჩამოსხმული, არამედ სალხინებელი, რომელთა შორისაც ხმით იტყოდა ღმერთი. სიწმინდის კრეტსაბმელი ფეხქვეშ გათელა, სასაკმევლე წაიღო და საკერპოში შეიტანა, მთელი შემოწირულობა გაზიდა, ტაძარი საფუძვლითურთ გადაწვა. როგორი სასჯელის ღირსი იყო მეფეთა დახოცვის, სიწმინდეთა დაწვის, ხალხის დატყვევებისა და წმინდა ჭურჭელის საკერპოთა შიგნით დადებისთვის??

18. შენ იხილე სიდიდე ბოროტებათა, ახლა ნახე ღვთის კაცთმოყვარება. გაველურდა, უდაბნოში ცხოვრობდა, მათრახით იცემა, რომ გამოხსნილიყო. ჰქონდა ბრჭყალები როგორც ლომს, რადგან მტაცებელი იყო სიწმინდეთა. ჰქონდა ფაფარი ლომისა, რადგან იყო ლომი მტაცებელი და მბრდღვინავი. ბალახს ჭამდა, როგორც ხარი, რადგან პირუტყვი იყო და ვერ შეიცნო მეფობის მომნიჭებელი. ცვარი ასველებდა მის სხეულს, რადგან იხილა ცვრის მიერ ჩამქრალი ცეცხლი და არ ირწმუნა. და რა ხდება? "ამის შემდეგ", ამბობს, "მე, ნაბუქოდონოსორმა, ჩემი თვალები ზეცას მივაპყარი, მაღალი ვაკურთხე და უკუნისამდე ცოცხალი ვაქე და ვადიდე" (დან. 4.34). მაშ, როცა შეიცნო მაღალი და სამადლობელი ხმა აღუვლინა ღმერთს, როცა შეინანა ის, რაც ჩაიდინა და შეიცნო საკუთარი უძლურება, მაშინ ღმერთმა დაუბრუნა მას პატივი მეფობისა.

19. მაშ, რა? თუკი ნაბუქოდონოსორს, რომელმაც ამდენი რამ ჩაიდინა და შეინანა, მისცა შენდობა და მეფობა, შენ, მონანულს, არ მოგცემს ცოდვათა მოტევებასა და ზეციურ სამეფოს, თუ ღირსეულად იმოქალაქებ? კაცთმოყვარეა უფალი, სწრაფი შემნდობი და ნელი დამსჯელი. მაშ, ნურავინ დაკარგავს იმედს საკუთარი ცხონებისა. პეტრემ, მოციქულთა თავმა და წინამდგომელმა მხევლის წინაშე უარყო უფალი სამგზის, მაგრამ შეინანა და ტიროდა მწარედ, ხოლო ტირილი გულითადი სინანულის წარმომაჩენელია. ამის გამო არათუ მიიღო მიტევება უარყოფისა, არამედ განუშორებლად ჰქონდა სამოციქულო ღირსებაც.

20. ამრიგად, ძმანო, მრავალი ნიმუში გაქვთ შემცოდეთა, შემნანებელთა და ცხონებულთა. თქვენც შეჰღაღადეთ წადიერებით უფალს, რომ მიიღოთ შენდობა ჩადენილი ცოდვებისა, ღირსნი გახდეთ ზეციური ნიჭისა და დაიმკვიდროთ ზეციური სასუფეველი ყველა წმინდანთან ერთად ქრისტე იესოში, რომლისაც არის დიდება უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

---------------------------------------------------------------

შენიშვნები

1 - ცნობილია ამ ქადაგების B რედაქციაც.

2 - შდრ. Gr: βλάστημα παραιρέσεως.

3 - ბერძნული διάβολος "ცილისმწამებელს" ნიშნავს.

4 - შდრ. οἱ γίγαντες. შდრ.: "და გმირნი იყუნეს ქუეყანასა ზედა მათ დღეთა შინა" (შეს. 6.4).

5 - შდრ. "რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი ღმერთ არს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ქუე" (ისუ 2.11).

6 - შდრ. II ტიმ. 2.13: "უკუეთუ არა გურწმენეს, იგი სარწმუნოდ ჰგიეს; უარ-ყოფად თავისა თჳსისა ვერ ძალ-უც".

7 - შდრ. ეს. 64.5: "აჰა ესერა შენ განრისხენ, და ჩუენ შეგცოდეთ".

8- შდრ: ξέσται. ბერძნული ὁ ξέστης, რომელიც, თავის მხრივ, მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან sextarius, მოცულობის საზომი რომაული ერთეულია და უდროს 0,57 ლიტრს. გარდა ამისა აღნიშნავს უშუალოდ სითხის ჭურჭელსაც, მაგ. დოქს, კოკას, ლიტრას. იხ. A Greek-English Lexicon, compiled by Henry George Liddell and Robert Scott, Oxford, 1996.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა გიორგი ჯულაყიძემ

ჟურნალი "გული გონიერი", N3, 2011 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 29 DECEMBER 2011 19:40)