ღმერთი უფალი გამოგჳჩნდა ჩუენ დღეს, განმზადეთ დღესასწაული და მხიარულებით მოვედით და განვადიდოთ ქრისტე ბაიაჲთა და რტოებითა ქებისმეტყუელთა: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა უკუნისამდე.
განადიდე შენ, ქრისტე, მშობელი შენი ღმრთისმშობელი, რომლისა მიერ ქმნისა ჩუენისა თჳთმოქმედმან, მსგავს ვნებანი, შეისხენ ჴორცნი, დამჴსნელნი უმეცრებათანი. ამას უკუე ჰნატრიან ყოველნი ტომნი და შენ გადიდებენ.
დაუტევნელისა ღმრთისა მუცლითა-დამტევნელსა და სოფლისსიხარულისა მშობელსა, შენ გადიდებთ, ღმრთისმშობელო ქალწულო.
სულთა განწმედითა და ბაგეთა სიმართლითა მოვედით, განვადიდოთ უქორწინებელი და ყოვლადუბიწოჲ დედაჲ ემმანუელისაჲ, მისგან შობილისა მიმართ ოხისა მიმრთუმელი; ულხინე სულთა ჩუენთა, ქრისტე ღმერთო ჩუენო; და გუაცხოვნენ ჩუენ.
სტუმრობისა საღმრთოჲსა და უკუდავისა ტაბლისა ზეშთაადგილთა, გრძნობათა უმაღლესთასა, მორწმუნენო, მოვედით, მოვიღოთ უზენაესისა სიტყჳსა სიტყჳთა განსწავლულთა და მას ვადიდებდეთ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ჰოჲ ნუ მტირ მე, დედაო, მხილველი საფლავსა შინა ძისაჲ, რომელი მუცლად-მიღე თჳნიერ თესლისაჲ, რამეთუ აღვდგე და ვადიდო მე ღმრთეებრ და მაღალ-ვყვნე დიდებით სარწმუნოდ და სურვილით დაუცხრომელად შენნი მგალობელნი.
ანგელოზი ღაღადებს: მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ! ძე შენი აღდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინნა. ერნო, გიხაროდენ!
განათლდი, განათლდი, ახალო იერვსალემ! დღეს დიდებაჲ შენზედა გამობრწყინდა. განსცხრებოდე და იხარებდ, სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.
ადიდებს სული ჩემი ქუეყანით ზეცად ამაღლებულსა ქრისტესა ცხოვრებისმომცემელსა.
ჰშევ, ქალწულო, მიუწდომელი ბუნებათაჲ უჟამოდ, გამოუთქუმელი; ამისთჳს, უბიწოო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ.
მოციქულთა რაჲ იხილეს გარდამოსლვაჲ ნუგეშინისმცემელისაჲ, დაუკჳრდათ, ვითარ სახითა ცეცხლისა ენათაჲთა გამოჩნდა სული წმიდაჲ.
გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თუალო, რამეთუ მეტყუელებად ვერ შემძლებელ ვართ ღირსად ქებასა შობისა შენისასა; ამისთჳს სარწმუნოებით გადიდებთ შენ.
ადიდე, სულო ჩემო, თაბორს ზედა ფერისცვალებაჲ უფლისაჲ.
შობაა შენი უხრწნელ არს, ქალწულო. ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განჴორციელებული [და] კაცთა შორის იქცეოდა; ამისთჳს ჩუენ შენ, ღმრთისმშობელო, სამართლად ყოველნი გადიდებთ.
ანგელოზთა მიცვალებაჲ ყოვლადწმიდისაჲ იხილეს და დაუკჳრდათ, ვითარ ქალწული აღვალს ქუეყანით ზეცას.
ძლეულ იქმნეს ბუნებანი, მეტყუელნი შენთჳს, ქალწულო უბიწოო, ქალწულებრივი შობაჲ და სიკუდილი ცხოვრებისმომცემელი და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე და მოკუდავი ცხოველ ხარ, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ.
ადიდებს სული ჩემი ბერწთაგან შობილსა ქალწულსა მარიამს.
განკჳრდეს ზესკნელსა ცანი და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოეცხადა და საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა; ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.
ადიდებს სული ჩემი ყოვლადპატიოსანსა ჯუარსა უფლისასა.
საიდუმლოჲ სამოთხე ხარ, ღმრთისმშობელო, რომელმან უმუშაკოდ აღზარდე ქრისტე, ხოლო ჩუენ, ჯუარითა ცხოვრებაშემოსილნი, ქუეყანასა ზედა დანერგულსა ძელსა ამისთჳს აწ აღვამაღლებთ, თაყუანის-ვსცემთ მას და შენ გადიდებთ.
ანგელოზთა რაჲ იხილეს შესლვაჲ ყოვლადწმიდისაჲ, დაუკჳრდათ, ვითარ ქალწული შევალს წმიდასა შინა წმიდათასა.
კიდობანსა მას სჯულისასა ვერ შეეხებოდა ჴელი ყოველთაჲ, ხოლო აქა დღეს ბაგენი ჩუენ მორწმუნეთანი ჴმითა დაუდუმებელითა ესრეთ გაბრიელის თანა ვიტყოდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა.
ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი და უდიდებულესი მაღლისა მჴედრობათაჲ, ქალწული ყოვლადწმიდაჲ ღმრთისმშობელი.
ჯერ-არს დუმილი, ვინაჲთგან ვერ შეუძლებთ ღირსებით ქებად შენდა დღეს, ღმრთისმშობელო, ხოლო არავე დავდუმნეთ შიშისაგან, არამედ მსგავსად შეძლებისა ჩუენისა შევსწიროთ შესხმაჲ, რომლითა გადიდოთ შენ.
შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოზთა კრებული და კაცთა ნათესავი. ტაძარო სიწმიდისაო, სამოთხეო პირმეტყუელო, ქალწულებისა სიქადულო, რომლისაგან სიტყუაჲ განჴორციელდა და ყრმაჲ იშვა, - პირველ საუკუნეთა ღმერთი ჩუენი, რომელმან საშოჲ შენი საყდრად გამოაჩინა და მუცელი შენი ცათა უვრცელეს ჰყო. შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, დიდებაჲ შენდა.
ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი მაღლისა მჴედრობათაჲ, ქალწული ღმრთისმშობელი ყოვლადწმიდაჲ.
ვერ შემძლებელ ვართ დიდებად შენდა ჯერისაებრ ქუეყანისანი და მოუძლურდებიან ზეცისანი, ღმრთისმშობელო, რამეთუ უზეშთაეს იქმენ; შეიწირე სარწმუნოებაჲ ჩუენი, [რამეთუ] უწყით სიყუარული შენი და ვითარცა ნათელსა ქრისტიანობისასა გადიდებთ.
ღმრთისმშობელო ქალწულო, სასოებაო ქრისტიანეთაო, დაგჳფარე, დაგჳცევ და გუაცხოვნე, რამეთუ შენზედა დაგჳც სასოებაჲ.
წერილთა მიერ სჯულისათა მოგუესწავა ჩუენ, მორწმუნეთა, ვითარმედ ყოველი წული, პირველ საშოჲსა განმღებელი, წმიდა უფლისა იწოდოს. აჰა, დღეს ვიხილეთ ჩუენ პირმშოჲ ზეცით და ქუეყანით, და სარწმუნოებით ვადიდებთ.
აუწყებდინ ქუეყანაჲ სიხარულსა დიდსა, აქებდინ ზეცისა ღმრთისა დიდებასა.
კიდობანსა მას სჯულისასა ვერ შეეხებოდა ჴელი ყოველთაჲ, ხოლო აქა დღეს ბაგენი ჩუენ მორწმუნეთანი ჴმითა დაუდუმებელითა ესრეთ გაბრიელის თანა ვიტყოდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა.
"ლოცვანი და დაუჯდომელი ღმრთისმობლისაჲ"
ახალი, შესწორებული გამოცემა მოამზადა ედიშერ ჭელიძემ
გამომცემლობა "ახალი ივირონი", "საეკლესიო ბიბლიოთეკა, ტ. III, თბილისი, 2006 წ.
ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:52)