[15]დიდ ხარ, უფალო, და საკჳრველ არიან საქმენი შენნი, და ვერ შემძლებელ ვართ მადლისა მიცემად, რამეთუ ნებითა შენითა არაარსისაგან ყოველივე არსად მოიყვანე, შენითა ძლიერებითა დაამტკიცე სოფელი და მოღუაწებითა შენითა განაგებ სოფელსა. შენ ოთხთაგან წესთა შეამკვე სოფელი და ოთხთაგან ჟამთა წელიწადისა გარეშექცევაჲ გჳრგჳნოსან-ჰყავ; შენგან ძწიან ყოველნი ძალნი ნათლისანი, შენ გიგალობს მზჱ, შენ გადიდებს მთვარჱ, შენ გაქებენ ვარსკულავნი, შენ გერჩის ნათელი, შენგან ძწიან უფსკრულნი, შენ გმონებს წყაროები, შენ გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავანი, შენ დააფუძნე ქუეყანაჲ წყალთა ზედა, შენ ჰაერნი განსასუენებელად განჰფინენ, ანგელოზთა ძალნი გმსახურებენ, კრებული მთავარანგელოზთაჲ თაყუანის-გცემსა, მრავალთუალნი ქერობინნი და ექუს-ექუს ფრთენი სერაბინნი გარემოჲს დგანან და იფარვენ შიშით მიუახლოებელისა დიდებისა შენისათჳს, რამეთუ შენ ხარ ღმერთი გამოუთქუმელი და მიუწდომელი და დაუსაბამოჲ; მოხუედ ქუეყანად და ხატი მონისაჲ შეიმოსე და მსგავს კაცთა იქმენ, რამეთუ ვერ იტჳრთე წყალობითა მოწყალებისა შენისაჲთა ხილვად ეშმაკისაგან მიმძლავრებული ნათესავი კაცთაჲ, არამედ მოხუედ უფალი და მიჴსენ ჩუენ. აღვიარებთ მადლსა შენსა და ვქადაგებთ წყალობასა შენსა, არა დავჰფარავთ ქველისსაქმესა შენსა, რომელ ჰყავ ნათესავისა ჩუენისა განთავისუფლებაჲ; საშოჲ ქალწულისა განსწმიდე შობითა შენითა, ყოველი დაბადებული გიგალობს შენ. შენ, უფალო ჩუენო, ქუეყანასა ზედა გამოშჩნდი და კაცთა შორის იქცეოდი, იორდანისა წყალნი განსწმიდენ და ზეცით გარდამოავლინე მათზედა სული წმიდაჲ შენი, და თავები ვეშაპისაჲ მის, რომელ დამალულ იყო მას შინა, შეჰმუსრე.

მეუფეო კაცთამოყუარეო, მოედ აწცა და აკურთხე წყალი და მოეც ამას მადლი გამოჴსნისაჲ და კურთხევაჲ იორდანისაჲ და ყავ ესე წყარო უხრწნელების და სიწმიდის მომანიჭებელ და მლხინებელ ცოდვათა;

ნუ შეეხებინ ამას ძალი წინააღმდგომი, არამედ ყავ ესე ძალითა დაცვულ, რაჲთა ყოველთა, რომელთა აღმოიღონ და მიიღონ ესე, იქმნეს განსაწმედელ სულთა და ჴორცთა, საკურნებელად ვნებათა და ყოვლისა სარგებლისა უმჯობჱს, რამეთუ შენ ხარ, რომელმან წყლითა და სულითა განაახლე დაძუელებული ბუნებაჲ ჩუენი ცოდვისაგან. შენ წყლითა წარჰრღუენ ნოვჱსზე ცოდვაჲ; შენ ხარ, რომელმან წყლითა და ცეცხლითა ელიაჲს მიერ განაშორე ისრაელი საცთურისაგან ბაალისა; შენ ხარ, რომელმან ზღჳსაგან მეწამულისა მოსჱსზე განათავისუფლე ნათესავი ებრაელთაჲ; შენ ხარ, რომელმან მწარჱ იგი წყალი უდაბნოსა ტკბილად გარდააქციე და წყურიელი ერი შენი განჰკურნე; შენ ხარ, რომელმან უშვილონი იგი წყალნი ელისჱს მიერ მარილითა განჰკურნენ. შენ, უფალო, განწმიდე წყალი ესე წმიდითა სულითა შენითა და მოეც ყოველთა, რომელნი შეეხნენ და მიიღონ და იჴმიონ სიწმიდეჱ, კურთხევაჲ, განწმედაჲ, სიცოცხლეჱ, რაჲთა წესთაგან ანგელოზთა და კაცთა, ხილულთა და არახილულთა, იდიდებოდის სახელი შენი - მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

------------------------------------------------------------------------------------

 

ხელნაწერ Sin. 12-ის (X-ს) მიხედვით პუბლიკაცია მოამზადა ნანა უგრეხელიძემ

ჟურნალი ”გული გონიერი”, საშობაო გამოცემა, 2011 წ.


კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია ჟურნალის გვერდი

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 23 MARCH 2013 13:07)