ქრისტეს ხორცისა და სისხლის შესახებ და საკითხავი კორინთელთა მიმართ ეპისტოლიდან: "რამეთუ მე უფლისაგან მივიღე, რაც თქვენ გადმოგეცით" (I კორ. 11,23) და შემდგომი.



1.ნეტარი პავლეს ეს სწავლებაც საკმარისია თქვენი გულსავსებისთვის საღმრთო საიდუმლოთა თაობაზე, რომელთა ღირსნიც იქმენით და ქრისტეს თანამესხეულენი და თანამესისხლენი გახდით. იგი ეს-ესაა ხმობდა: "რამეთუ ღამით, რომელსაც გაიცემოდა, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აიღო პური და მადლობდა, გატეხა და მისცა თავის მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი. და აიღო სასმისი, მადლობდა და თქვა: მიიღეთ, სვით, ეს არის ჩემი სისხლი" (I კორ. 11, 23–25). ამრიგად, თავად უფალმა ცხადყო და თქვა პურის შესახებ: – "ეს არის ჩემი ხორცი". ვინღა გაბედავს შეორგულებას შემდგომში? თვით მან დაადასტურა და თქვა: – "ეს არის ჩემი სისხლი". ვინღა შეეჭვდება ოდესმე და იტყვის: არ არისო მისი სისხლი?

2. ოდესღაც, გალილეის კანაში, წყალი საკუთარი ნიშნანცემით (οικειω νεύματι) ღვინოდ გარდაქმნა (ინ. 2, 1–10) და არ არის სარწმუნო ღვინის სისხლად გადაქცევა? ხორციელ ქორწილში მიწვეულმა ეს საოცრება ისაკვირველმოქმედა. რაოდენ უმეტესად უნდა იქნას აღსარებული, რომ სიძის ძეებს (მთ. 9,15) თავისი სისხლის და ხორცის ჭამას უბოძებს?

3. ამიტომ, ვეზიაროთ მთელი გულსავსებით როგორც ქრისტეს ხორცსა და სისხლს. პურის სახით გეძლევა შენ ხორცი და ღვინის სახით – სისხლი, რათა, ეზიარები რა ქრისტეს ხორცსა და სისხლს, გახდე თანამესხეულე და თანამესისხლე მისი. მაშ, ქრისტეშემოსილნი ვართ, რადგან მისი ხორცი და სისხლი განეფინა ჩვენს ასოებში. მაშ, "საღვთო ბუნების თანაზიარნი გავხდეთ" ( პეტ. 1,4), თანახმად ნეტარი პეტრესი.

4. ერთხელ ქრისტემ იუდეველებთან საუბრისას თქვა: "თუკი არ შეჭამთ ჩემს ხორცს და არ შესვამთ ჩემს სისხლს, არ იქნება სიცოცხლე თქვენში" (ინ. 6,55). მათ კი სულიერად არ ისმინეს ნათქვამი, დაბრკოლდნენ და უკუიქცნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის ხორცის ჭამისკენ მოუწოდებდა მათ მხსნელი.

5. ძველ აღთქმაში იყო პურები წინადაგებისა (ლევ. 24, 5–9). მაგრამ ისინი, როგორც ძველაღთქმისეულნი, სავსებით აღებულ იქნენ. ახალ აღთქმაში კი პური ზეცისა და სასმისი გამოხსნისა (ფს. 115,4) განწმენდს სულსა და ხორცს. როგორც პური ეთანადება ხორცს, ასევე სიტყვა (ο λόγος) ჰარმონიაშია სულთან.

6. ნუ გეგონება, რომ უბრალო პური და ღვინოა. არამედ ხორცი და სისხლი, თანახმად მეუფებრივი გამონათქვამისა. მართალია, გრძნობა ამას შთაგაგონებს, მაგრამ რწმენამ განგამტკიცოს შენ. გემოსხილვით ნუ განსჯი საგანს, არამედ რწმენით გულსავსე იქმენ შეუორგულებლად, რომ ღირსი გახდი ქრისტეს ხორცისა და სისხლისა.

7. ნეტარი დავითიც ცხადყოფს დაფარულს და ამბობს: "განამზადა ჩემ წინაშე ტაბლა, ჩემ მაჭირვებელთა თვალწინ" (ფს. 22,5). მის ნათქვამს კი ეს შინაარსი აქვს: შენს მოსვლამდე დემონებმა განუმზადეს ტაბლა ადამიანებს – წაბილწული, უწმინდური და საეშმაკო ძალით აღსავსე. მაგრამ შენი მოსვლის შემდეგ, მეუფეო, განამზადე ჩემ წინაშე ტაბლა. როცა ადამიანი ეუბნება ღმერთს: "განამზადე ჩემ წინაშე ტაბლა", სხვას რას უნდა ნიშნავდეს, თუ არა საიდუმლო და სულიერ ტაბლას, რომელიც უფალმა გაგვიმზადა ჩვენ მოპირისპირე და წინააღმდგომ დემონთა "თვალწინ"? მართლაც ასეა, რადგან იმას დემონებთან ჰქონდა თანაზიარება. ეს კი უფლის მოზიარეა. "განაპოხე ზეთით ჩემი თავი" (ფს. 22,5). ზეთით განიპოხა შენი თავი შუბლზე აღბეჭდვით, რომელიც გაქვს ღვთისგან, რათა გახდე "ტვიფარი ბეჭდისა, სიწმინდე ღვთისა" (გამ. 28,36). "და შენმა სასმისმა დამათრო მე, ვითარცა ურწყულმა"[1] (ფს. 22,5). ნახე, აქ ნახსენებია სასმისი, რომელიც იესომ აიღო ხელში, მადლი შესწირა და თქვა: "ეს არის ჩემი სისხლი, მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა" (მთ. 26,28).

8. ამიტომ, სოლომონიც მიანიშნებს ამ მადლს "ეკლესიასტეში" და ამბობს: "მოვედ, ჭამე სიხარულით შენი პური" – სულიერი პური. "მოვედ" აღნიშნავს მაცხოვნებელ და ნეტარმყოფელ მოხმობას, – "და სვი სახიერი გულით შენი ღვინო", – სულიერი ღვინო. – "და ზეთი გადაესხას შენს თავს" – ნახე, მიანიშნა თვით საიდუმლო ცხება – და "მუდამ იყოს სპეტაკი შენი სამოსი, რამეთუ სთნდა უფალს შენი ნაქმნარნი" (ეკლ. 9, 7–8). ამიერიდან "სთნდა უფალს შენი ნაქმნარნი", ხოლო სანამ მადლს[2] მიეახლებოდი, "ამაოება ამაოებათა" (ეკლ. 1,2) იყო შენი საქმენი. აწ კი განიძარცვე რა ძველი სამოსი და შეიმოსე სულიერად სპეტაკი, გმართებს მარადის სპეტაკშემოსილობა. სრულებითაც არ ვამბობთ იმას, რომ შენ თეთრი სამოსი უნდა ატარო მუდამ, არამედ აუცილებელია შეიმოსო ჭეშმარიტად სპეტაკი, ბრწყინვალე და სულიერი შესამოსელი, რომ ნეტარი ესაიას მსგავსად თქვა: "იხარებს ჩემი სული უფალში, რადგან ჩამაცვა მე სამოსელი ცხოვრებისა და კვართი სიხარულისა შემმოსა მე" (ეს. 61,10).

9. შეისწავლე რა ეს ყოველივე და დარწმუნდი, რომ ხილული პური არის არა პური, თუმცა კი ასეთია გემოსხილვით, არამედ – ხორცი ქრისტესი, და ხილული ღვინო არ არის ღვინო, თუმც კი გემოსხილვა ამას განგვაზრახებს, არამედ – სისხლი ქრისტესი, და რომ ამის შესახებ ამბობდა ძველად დავითი, ფსალმუნებდა რა: "პური კაცის გულს განამტკიცებს, ზეთით მხიარულობს სახე" (ფს. 103,15), განიმტკიცე გული, ეზიარე მას როგორც სულიერს და განიმხიარულე სახე სულისა, რათა იყო შენ საბურველახსნილი და წმინდა გონებით უფლის დიდების მზირალი, ხვიდოდე "დიდებიდან დიდებაში" (II კორ. 3,18), ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომლისაც არის დიდება უკუნითი–უკუნისამდე. ამინ.



---------------------------------------------------------



[1] - შდრ. οσεἰ κρατιστον. ბერძნული ტერმინი κρατιστος პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს "საუკეთესოს", "რჩეულს". საუკეთესო კი, ყოფითი გაგებით, ის სასმისია, რომელშიც სუფთა ღვინოა ჩასხმული და არა წყლით გაზავებული. სავარაუდოდ, ამას უნდა გულისხმობდეს ფსალმუნის ძველ ქართულ ენაზე მთარგმნელი, რომელმაც ბერძნული κρατιστος–ს "ურწყული" ("უწყლო", "წყლის არმქონე") მიუსადაგა. ჩვენც აღნიშნულ შესატყვისობას ვინარჩუნებთ.

[2] – იგულისხმება ნათლისღების საიუდმლო. შდრ. ინგლ. for befor thou camest to Baptism.




ბერძნულიდან თარგმნა გიორგი ჯულაყიძემ

გაზეთი "კლიტე დავითისი", ოქტომბერი, 2010 წელი

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:56)