ზესთასახიერი და ჭეშმარიტი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს საღვთო, ყოვლადკეთილი და სანატრელი სიტკბოება ყოვლითურთ, ყოველმხრივ და ყოველგვარად ავლენს ქველმოქმედებას ჩვენზე საკუთარი სიკეთის შესაბამისად და აღასრულებს ჩვენს ყველა ნებას. ამიტომ, ჩვენც გვმართებს, მცირედით მაინც შევიცნოთ საკუთარი თავი და თუმცა სხვა რამ სარგებლობის მოტანა არ ძალგვიძს, ის მაინც განვიზრახოთ და, უფრო კი, ვამჯობინოთ, რომ ჩვენს ლოცვაში აღმოვიქადაგებდეთ მისი სიდიადის დიდებულებას და გავაცხადებდეთ მისსავე უდიდეს ქველმოქმედებას, რაც კი ურჩეულესად ქმნილა ჩვენდამი, ხოლო ყველაფერზე წინ, ყველაფრითურთ და ყველაფერთან ერთად - ჩვენი მრავალი და შეუთანასწორებელი შეცოდებების ნაირსახეობისა და ნაირფერობის მრავალგვარ განზრახულობათა ენითუთქმელ დათმენას მისგან, ანუ მის სულგრძელებასა და ზეაღმატებულ კაცთმოყვარეობას კაცთმოყვარეობაში [3], აგრეთვე სიყვარულსა და გულმოწყალებას, რადგან რაც უფრო უკეთურნი ვხდებოდით ჩვენ თაობიდან თაობამდე და რაც მეტად გვებრძოდა ბოროტების მანქანება და გემოთმოყვარეობა, იმდენად მეტად უგულმოწყალესი, ულმობიერესი და ძვირუხსენებელი ჩნდებოდა ჩვენს წინაშე (და იყო კიდეც ამგვარი) ის, ვინც არის ყოველთა მიმართ კეთილი ღმერთი ჩვენი, რომელიც ბუნებითვე ჭეშმარიტად კეთილია დასაბამიდან.

მართლაც, იგი, როგორც მიუწვდომელი ზღვა მოწყალებისა, თავდაპირველადვე ავლენდა და დღემდე ავლენს ჩვენ, ცოდვილთა, ზედა იმას, რაც არის ყველასადმი მიმართული გამოუთქმელი და მზრუნველობითი სიკეთე მისი. ამიტომ იყო, რომ როდესაც დასაბამში პირველი მცნება დავარღვიეთ, არათუ არ წარგვწყმიდა მან ჩვენ და არ გაგვაქრო მყისვე დამსახურებულად, არამედ შეგვიწყალა კიდეც და ექსორიობაში წარგვგზავნა, განიზრახავდა რა ამ გზით ჩვენს გაუკეთესებას, არათუ უარესისკენ უკეთურყოფას; მიუხედავად ამისა, რადგან ჩვენი უგუნურების გამო უარესნი გავხდით, სამართლიანად მოგვსპო მან წარღვნით, თუმცა არც მაშინ განრისხებულა იგი (როგორც თითქოსდა ძლეული ჩვენი უსაზღვრო ბოროტებისგან), არამედ დაიცვა მან ჩვენეული მართალი თესლი მთელი სოფლის განსაახლებლად. ამასთან, რაჟამს ადრინდელივით კვლავაც უსაზღვროდ გამრავლდა ბოროტება, მეტად აღარ დაუტეხია მას ჩვენზე წარღვნა, რადგან გამოგვიჩნდა იგი იმ პირველის „შემნანებლადაც“, თუმცა, სანაცვლოდ, გადაბუგვითა და შიმშილით [4] განსწავლა და გამოასწორა მან მრავალნი, ხოლო ვისაც ტანჯვა არ შეხებია, თავისკენ უხმო [*1*].

იმის გამო, რომ შემდეგაც კვლავ და კვლავ გამრუდებული იხილა უფალმა ადამიანები, მისცა მათ რჯული და განაწესა, რომ სხეულებრივად განსწავლულიყვნენ [*2*] ცთომილნი, რათა ამ გზითღა დაშრეტილიყო ადამიანთა მეტისმეტი უკეთურება. მაგრამ როდესაც ყველა განსწავლითი საწერტელი წარმოაჩინა მან, ცოდვა კი მაინც ვერ იხილა თუნდაც მცირედით რამეგვარად უკუქცეული, ცანი მოდრიკა, ქვეყნად ჩამოვიდა და გახდა ადამიანი, ყოვლითურთ ჩვენებრ თანამლმობელი [*3*], ცოდვის გარეშე (როგორც ეს წინდაწინ გააცხადა მან წმინდა კაცთაგან განკაცებამდე), იტვირთა რა ჩვენი ყველა შეცოდების სასჯელი [5]. ამის შედეგად, მეტად აღარ არის ნებადართული მისგან, რომ ხორციელად დაუქვემდებარონ ვინმე საფრთხეს ან განსაცდელს, ან კიდევ განსწავლასა თუ სიკვდილს, არამედ უკვე მარტოოდენ გულიდან უნდა შეინანოს შემცოდემ მდაბალი სინდისით და მოიქცეს ღვთისკენ მთელი თავისი სულისმიერი წადიერებით [6], გულისწუხილით, ცრემლებითა და აღსარებითი სირცხვილგანცდით. არათუ მარტოოდენ სააქაოს აღარ ვიღებთ ტანჯვას რაიმე სახით [7], არამედ განკითხვის ჟამსაც მოწყალეს ვპოვებთ მას როგორც ყოველთა მსაჯულსა და ღმერთს, რომელმაც ექსორიათა, წარღვნათა, გადაბუგვათა, წყლულთა, შიმშილობათა, რჯულში დაწესებულ მრავალ სატანჯველთა, სიკვდილთა და ყოველგვარ განმსწავლელობით ორღანოთა ნაცვლად თავისი უხრწნელი და პატიოსანი ხორცი და სისხლი მოგვიბოძა ჩვენ თავისივე ნებსითი და ცხოველმყოფელი სიკვდილის გზით და წინადაგვიგო იგი გამოსაცდელად კრძალულებისა [8], განაჩინა რა და მტკიცედ დაუკანონა ყველას [9] თავის მოწაფეთა და მბაძველთა, ესე იგი სოფლისმხსნელ [10] წმინდა მოციქულთა მიერ, რომ ვისაც კი მისვე თანამოსახელედ ქრისტიანი ეწოდა და ვინც წმინდა ნათლისღების შემდეგ ცოდვებით შეიბილწა თავი, მცირე რამ ჟამს ანდა ხანგრძლივად, ან კიდევ თვით სულის გაყრამდეც აღარ ჰქონოდა ზიარება მასთან არანაირად.

ამგვარი და ესოდენი მოწყალების შემდეგაც კიდევ მრავალ ჟამს ხედავდა უფალი, რომ თუმცა ეგზომ კაცთმოყვარეობით დაატკბო მან ადამიანები, ეს უკანასკნელნი მაინც უგულებელყოფდნენ მას და კვლავ უარესისკენ მიიქცეოდნენ. ამიტომ, აღუდგინა უფალმა თავის ეკლესიას შვიდი მნათობი [11]: რა თქმა უნდა, პირველს ვამბობ დიდსა და სამღვდელო ბასილის, უთანალმობიერეს მესჯულეს [12], რომელმაც გაანახევრა [13] წმინდა მოციქულთა კანონები და დიდი ნუგეში მიანიჭა შეცოდებულებს, რომ სასო არ წარკვეთოდათ მათ, რადგან რაც კი მოციქულთაგან ათი [14], ოცი და ოცდაათი წლით ანდა თვით სიკვდილამდე იყო დაკანონებული, ამან შეკვეცა და განჩინებითად დაადგინა ნახევარი, რომ ცოდვილნი და ამის გამო მონანულნი, აღმსარებელნი და ეპიტიმიადადებულნი წელთა მრავალჟამეულობის განჭვრეტისას წყევლა-მრისხანებით არ აღვსილიყვნენ [15] და სულმოკლეობა არ გამოევლინათ. ამასთან ერთად, შემდგომ მოსულმა მამებმაც, არ ვიცი როგორ ვთქვა, დიდი შემცირებით შეამცირეს წლები [16], ისე რომ ადამიანთა ცხოვრებისეული უკეთურებანი, - თუნდაც იმგვარნი, რომლებიც არათუ საქმნელად, არამედ სათქმელადაც კი გაბედულებას მოითხოვდა, მხოლოდ სამი წლით [17] განასაზღვრეს და განაკანონეს მათ. ჩვენ გვწამს, რომ ყველა მათგანში მყოფობდა ბუნებით ტკბილი და კეთილი ღმერთი ჩვენი, მამცნებელი და მბრძანებელი მათი და თვითვე მეტყველი ყოველივესი, რომელმაც იხილა რა თაობიდან თაობაზე, შემდგომ და შემდგომ, ყველა ჩვენგანის მტრის - ეშმაკის და მისი დემონების მიერ ხანგრძლივად დევნილი გლახაკ ადამიანთა ბუნება, წახდენილი და ადვილად ცვალებადი, თავისი სახიერების შესაბამისად განგებულება გამოავლინა მისდამი და ახლაც ავლენს, რაჟამს ადვილშესანდობელი გახადა მან ჩვენთვის და ხდის კიდეც ჩვენს შეცოდებებს იმ სულიერ და უტკბილეს მკურნალთა მეშვეობით, მას რომ ჰბაძავენ და ძმათმოყვარეობასა და ყოველგვარ თანალმობიერებას რომ იჩენენ იმათ მიმართ, რომლებიც ან აზრით ან ბუნებით, ან კიდევ მტერთა მზაკვრობით, ცოდვებში (თუნდაც ყველაში) აღმოჩნდნენ შთაქანებულნი და შთაგდებულნი.

მას შემდეგ, რაც დადგინდა შეცოდებულთა ამგვარად მიღება და განკანონება, ანუ ის, თუ როგორი უნდა ყოფილიყო აღსარების მიმღებთა მსჯავრი, გამოჩნდნენ მავანნი, ჩემებრ უსწავლელნი ანდა ამპარტავანნი ან კიდევ თავისი თავის ვერმცნობნი, რომლებიც საკუთარი თავისთვისაც ესოდენ უმეცარნი იყვნენ ვრცელ ზღვაში ცურვისა, რომ სხვებიც მასში შთატყორცნეს და შთააკვეთეს, და ეს იმოქმედეს, ვამბობ, არა მხოლოდ სიწმინდისა და მცნებათა უკიდურესი დაცვის მიზეზით, არამედ, აგრეთვე, კეთილმოწყალების, თანალმობისა და უმეტესი შემცოდებლობის, ან კიდევ გამოუცდელობისა და განუსწავლელობის კვალობაზე. ამის გამო ისინი, განკურნებისა და მრთელყოფის სანაცვლოდ, ბუნებრივია, უმალ მოაკვდინებდნენ, ვიდრე ჰკურნებდნენ, კერძოდ ერთნი - სასჯელთა გამკაცრებულობით, მეორენი - სრული დაუსჯელობით [18], თუმცა კი ორივენი იმას ფიქრობდნენ, რომ კეთილს იქმოდნენ. ასე რომ, ერთი ნაწილი უგუნურ უმოწყალობას, მეორე კი განუსჯელ შემწყალებლობას წარმოაჩენდა, და ეს - იმ მიზნით, რომ პირველნი, როგორც თითქოსდა უაღრესად ზედმიწევნით დამცველნი სახარებისა და სათნოების უმწვერვალეს სამართლიანობას მიდევნებულნი, ამგვარად ზეგანდიდებულიყვნენ, მეორენი კი როგორც თითქოსდა სრულიად მოწყალენი და ქრისტესმბაძველნი, ამ სახით ყოფილიყვნენ ყველასგან ქებულნი და ნეტარყოფილნი (ანდა მავანთაგან რაღაც ნივთიერი სარგებლის საკუთრად მომხვეჭნი); მაგრამ ამათგან ორივენი, სიმარტივის ან უსწავლელობის გამო, ღვთისმსახურების მართალი მიზნისგან განიდრიკებიან.

აწ კი ჩვენც, რომლებიც ჭეშმარიტად მხოლოდღა უბადრუკნი ვართ და რომლებსაც გარკვეულწილად ჩვენივე საკუთარიც კი ჯეროვნად ვერ შეგვიცვნია, ამასთან, ვართ რა გლახაკნი, მაინც, დიდი უგუნურების გამო, ლიტონად, განუსწავლელად და უღირსად მივეახლებით იმას, რისი ღირსნიც არ ვართ და ჩვენი სისულელით ისე ვრაცხთ, თითქოს გვიპყრია მკურნალის პატივი, მაშინ როცა მთლიანად წყლულებში ვმყოფობთ და სასიკვდილო სენს შევუპყრივართ, - დიახ, ჩვენც შევუდგებით გამოძიებას და, შემდეგ, ასევე, შესწავლას, გამოწვლილვას, განსჯასა და აღწერას, რომ იმათ, რომლებიც ჩვენს შემდეგ იმოძღვრებენ [19], განვუწესოთ და დავუტოვოთ, თუ როგორი, რაოდენი და რა სახის განაწესით მართებს მონანულს ეპიტიმიების მიღება, უფრო კი (რაც მეტადრე საშიშია და თავზარდამცემი, ამასთან, ჩემი აზრით, მრავალთათვის უცნობი), თუ როგორი უნდა იყოს, ვინ უნდა იყოს და - რა თვისებისა ის, ვინც აღსარებათა მიმღებია, ან კიდევ, თუ როგორ უნდა გახდეს შესაძლებელი ამათ შედეგად მავანის (თუნდაც ცოდვილის) შეწყალება [20], ანდა პირიქით, ამათვე შედეგად და მხოლოდღა ამათ გამო, სხვა ცოდვის გარეშეც, ვინმეს (თუნდაც სრულიად წმინდას) წარწემედა [21], რადგან ვფიქრობთ, რომ სწორედ ამათია [22] ის მადლი, რასაც მოციქული თითქოსდა ბოლოსკენ ურთავს, როდესაც ჩამოთვლის დანარჩენებს და, კერძოდ, ამბობს, რომ ერთს მიცემული აქვს ესა და ეს მადლი, სხვას კი „განკითხვანი სულთანი“ (1 კორ. 12,10); და თუმცა ამგვართა შესახებ განვიზრახავ ძიებასა და გამოწვლილვას, რათა აღვწერო მიდრეკილებების, ჩვეულებების, ხანდაზმულობის, ყრმობის, უსწავლელობის, მცოდნეობის, აგრეთვე, აზნაურის, წარჩინებულის, გლახაკის, სნეულის, ჯანმრთელის, მომაკვდავის შესახებ, და თან ისიც მსურს, რომ გამოვიკვლიო ამათ შორის არსებული განსხვავებანი, მაინც ამას ყოველივეს ვიქმ არა იმგვარად, თითქოს მართლაც შემძლე ვიყო, არამედ როგორც ჭეშმარიტად უდღეურთა უუდღეურესი და არაფრით უკეთესი ძაღლზე, რამეთუ მეც, მისებრ, ღირსეულთა ტაბლის ნამცეცები შემოვიბოჭე; ამასთან, რადგან თუნდაც მცირედი რამ გამოცდილებაც შევიძინე ჩემივე აღმზრდელის გამოცდილებისგან (რომელიც თვით იყო სანთელი განმკითხველობისა) [23], და თან იძულებაც მივიღე მორწმუნეთა ერთი ნაწილისგან, რომ წერილობით დამეტოვებინა ეს ყოველივე, ამათ გამოა, რომ მეც უგუნურად და ამპარტავნულად მივედი ამგვარ გაბედულებამდე, ერთ რამეს კი ვიტყოდი ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცედ ვიცი, მავანთაგან უარყოფილი იქნება ეს (თუმცა ამის გამო არ შევწუხდები, რადგან „უფალი არ ეპირფერება ადამიანს“, გალატ. 2,6):

დიდ და წმინდა მამათაგან [24] მსმენოდა, რომ თუ ვინმე სქემის მიღებისას ითხოვდა ღვთისგან რასმე, მიიღებდა კიდეც [25]. ვირწმუნე რა ამის ჭეშმარიტება, მხურვალე [26] რწმენით, მტკიცე სასოებითა და მთელი სულისმიერი წადიერებით ვითხოვე ღვთისგან, რომელიც უშურველად გასცემს საბოძვარს, რომ ყოველი ჩემი დამმოძღვრელობის ჟამს პირის გახსნისას მოეცა მას ჩემთვის სიტყვა (თუმცა კი როგორც ეს უწყის თვით ჭეშმარიტებამ - ქრისტემ, ფრიად განსწავლული როდი ვარ), რათა ყველა ის, ვინც მე გამეზრახებოდა, ცოდვათამიერი დახსნილობისგან სიხარულისკენ შეცვლილიყო და ჰქონოდა იმედი ცხონებისა, რათა არანაირ სასოწარკვეთას არ მისცემოდა იგი, რა სახის ცოდვითაც არ უნდა დაცემულიყო. ამასთან, არა მარტოოდენ ამას და ამის მსგავსს ვთხოვდი მე, ყოვლადკადნიერი, მრავალკეთილ მეუფეს, არამედ შემდეგსაც: „მომეცი მე, უფალო, ესოდენი განმრჩეველობა, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც ირჩევს, რომ თავისი შეცოდებები, რაც კი უქმნია მას შენს წინაშე, წარმომიდგინოს მე, იმგვარად გამოვიწვლილო, შევაფასო და ეპიტიმიის მიერ სიხარულით განვკურნო იგი, როგორც ეს კეთილშესაწყნარებელი და კეთილსათნო იქნება შენს წინაშე, მეუფეო. ესე იგი იმგვარად, რომ აღუწყავი სიხარულით წავიდეს ჩემგან აღმსარებელი, რამეთუ თქმული გაქვს: „ყოველივე, რაოდენიც ითხოვოთ, გწამდეთ, რომ აღსრულდება“ (მრ. 11,24), და: „თქვენი რწმენისებრ შეგისრულდეთ თქვენ“ (მ. 9,29). ეს და კიდევ მრავალი ამგვარი სხვა მან, უშურველმა მეუფემ, კეთილმა მბოძებელმა და მშვენიერებათა მიზეზმა, რომელსაც ყოველთა ცხონება ნებავს და ყველას განუყოფს მას, სწორედ მან, იმ მსჯავრთა მიერ, თავად რომ უწყის, აღასრულა ეს ჩემთან, რომელიც უღირსი ვარ იმისა, რომ ეგზომ უდიდესი სიკეთე მქონდეს [27].

დავიწყებ კი, კეთილი ღმერთის წინამძღვრობითა და თანაშეწევნით, ყოველივე იმის დაწვრილებით, როგორც ვფიქრობ, აღწერას, რაც სხვების აღსარებათაგან შემიცვნია უკვე ბუნებითი და ბუნების გარეგანი შეცოდებების რაოდენობათა, რაგვარობათა და სხვადასხვაობათა შესახებ. გარდა ამისა, ვიტყვი იმასაც, თუ როგორ მართებს ყოველ მოძღვარს [28] გამოკვლევა და გამოძიება, ან კიდევ რა სახით მართებთ განკანონებულებს აღსარების თქმა მოძღვართა [29] წინაშე და ეპიტიმიების მიღება.

ამრიგად, პირველ რიგში აღვწერთ შეცოდებათა სახეობებს და რაოდენობებს (თუ რაგვარნი არიან ისინი და რაოდენნი), ხოლო შემდეგ, ამავე სახით, მცირეთა, საშუალთა და დიდთა სხვადასხვაობებს განვუმარტავთ იმათ, რომლებიც წადიერად მიმღებნი არიან:

ხორციელი ცოდვა შვიდია, ანდა რვა, თანახმად იმისა, რაც ბოროტებათა შესახებ განაჩინეს ღმერთშემოსილმა მამებმა, რომელთა ნაწილი შვიდს ამბობს, ნაწილი რვას. ესენია: 1. ხელითდაცემა; 2. სიძვა; 3. მრუშობა; 4. მამათმავლობა; 5. უასაკოთგამხრწნელობა; 6. პირუტყვქმნილობა [30]; 7. მრავალგვარი, მრავალსახოვანი, მრავალი სახელის მქონე, მძიმედ განსასჯელი და თანაშემთქვეფი სისხლაღრევა, რომლის სრული განსაზღვრა, წესისამებრ, მხოლოდ ძალიან მცირედისთვისაა შესაძლებელი; 8. კიდევ, რაც უარესთაგანია, ნებსითი და უნებლიე მკვლელობა.

 

ხელითდაცემის შესახებ

პირველად დადებულია ჩვენგან საშინელი ხელითდაცემა, [რასაც ეწოდება ჩუკენობა და] რასაც სჩადის მრავალი (ასე ვთქვათ, ყველა). იგი ორი სახისაა, რადგან ორადაა განყოფილი. ეს ცოდვა ადრინდელი ასაკიდანვე შეემთხვევათ ადამიანებს და ბევრის ქალწულობა განიხრწნება მისგან. ამით არიან შეპყრობილნი თვით წარჩინებულნიც, და, რაც უფრო სავალალოა, უმრავლესობისგან თითქმის სრულიად გაუცნობიერებელია იგი, რის გამოც ვიდრე სიბერემდე, ან კიდევ თვით სიკვდილამდეც, ხშირად სჩადიან მას არა მხოლოდ სოფელში მყოფნი, არამედ განშორებულნიც. ხოლო რომ ვთქვი ორად განიყოფება-მეთქი, მოდი ესეც განვსაჯოთ, რადგან ძალიან კარგად ვიცი, რომ ერთი მათგანი, ანუ ის, რაც ერთი ხელით [31] ხდება, ყველასთვისაა ცნობილი (საღვთო და ადამიანური ცოდნის კვალობაზე [32]) თვით ამის გამოცდილებისგან ანდა აღსარებებისგან. რაც შეეხება მეორეს, ძალიან ცოტამ თუ იცის იგი, ხოლო მე, ცოდვილმა, მის შესახებ სწორედ იმათგან შევძელი გაგება, რომლებიც სჩადიან მას. კერძოდ, ამგვარნი, რომლებსაც სძაგთ ხელითდაცემის ბილწი მოქმედება, მოუხმობენ მომსახურე მონებს ან აზნაურებს და მათი ხელებით (მათგანვე ქმნილი უბადრუკი ხელითდაცემის შედეგად) გადმოდენას აღასრულებენ. ვფიქრობ, სწორედ ამ პირთა შესახებ გოდებს მწუხარედ საღვთო კლემაქსი, როდესაც ამბობს: „საცოდავია ის, ვინც ეცემა, უფრო საცოდავი კი ის, ვინც სხვებსაც განუკუთვნებს მას, რადგან მის კისერზეა ორივე დაცემა და მეორის გემოთმოყვარეობა“ [33]. ამასთან, ის, ვინც მასწავლელია, ამ ბოროტების განცდის შემდეგ შეიძლება განუდგეს კიდეც ცოდვას, მაგრამ რადგან მისგან განსწავლული კვლავ იმავეს მოქმედებს, თვით მისი სინანულიც ძალადაკარგული ხდება.

ეს სიტყვები, როგორც აღვნიშნეთ, ეხება არა სხვა რამეს, არამედ სწორედ ხელითდაცემას და მაცთუნებლობას [34], რადგან უწმინდური ხელითდაცემა, ამავე დროს, მოიცავს თავის უკეთურ მაცთუნებლობას, თუმცა ეს უკანასკნელი უსახელოდ დაიდება ჩვენგან უკეთურების შვიდ სახესხვაობას შორის.

 

სიძვის შესახებ

სიძვას სამი სახესხვობა აქვს. ესენია: ქვრივთან, მხევალთან და მეძავთან დაცემა; ხოლო მეძავს ვუწოდებთ არა იმას, ვინც ერთგზის დაეცა, ან ორგზის ან სამგზის, ან კიდევ, ვინც დაეცა ერთთან და ორთან, ანდა ვინც შემთხვევით თუ მოტყუებით იქნა შეცდენილი, არამედ იმას, ვინც შეგნებულად და ჩვეულებითად ეცემა მრავალთან.

 

მრუშობის შესახებ

მრუშობად ვამბობთ ან ქალის დაცემას ცოლიან კაცთან ან კაცის დაცემას ქმრიან ქალთან. ასევე მრუშობაა, როდესაც დიდსქემოსანი [35] მონაზონი ქალი და მონაზონი კაცი დაეცემიან. სწორედ მრუშობის ეპიტიმიას იღებენ ისინი, როგორც ეს განაწესა მეცამეტე მოციქულად ცნობილმა დიდმა ბასილიმ, უფრო კი - ღმერთმა, რომელიც მეტყველებდა ყველაში და მასშიც, და დღემდე მეტყველებს.

 

მამათმავლობის შესახებ

მამათმავლობას სამი სახესხვაობა აქვს. ერთია ის, როდესაც ვინმე სხვისგან განიცდის ამას, რაც უფრო მსუბუქი დანაშაულია, რადგან შეიძლება ხდებოდეს ან უასაკობის ან სიღარიბის ან იძულების ანდა ბევრი სხვადასხვა მიზეზით; მეორეა ის, როდესაც ვინმე თვით მოქმედებს ამას, რაც უფრო მძიმეა; ხოლო მესამეა ის, როდესაც ვინმე სხვისგანაც განიცდის და, თავის მხრივ, სხვის მიმართაც მცოდველობს, რაც უკვე ყოველგვარ თავისმართლებას მოკლებულია.

 

უასაკოთგამხრწნელობის შესახებ

უასაკოთგამხრწნელობის დანაშაულად ითქმის ახალგაზრდა ქალწული ასულის გახრწნა მომწიფებამდე ანუ თექვსმეტ წლამდე [36], [ან კიდევ უასაკო ყრმის გახრწნა, რაც უფრო მძიმე ცოდვაა].

 

პირუტყვქმნილობის შესახებ

პირუტყვქმნილობის ან ფრინველქმნილობის, იგივე ფრინველთგამხრწნელობის სახეობა მხოლოდღა ერთ სახესხვაობად ჩანს, თუმცა ჩემგან ორადაც განიყოფება, რადგან მიღებული მაქვს მე უღირსს აღსარებანი, რომელთა მიხედვითაც თვით მამალ პირუტყვებთანაც ხდება მავანთა დაცემა, მათ შორის მონაზონებისა და წინამძღვრებისაც კი.

 

სისხლაღრევის შესახებ

სისხლაღრევის სახე, როგორც ითქვა, მრავალგვარია და ბევრსახოვანი, რისი გაცნობიერება და შეფასება უმრავლესობას არ ძალუძს, ისევე როგორც შეუძლებელია ამ ცოდვის რაოდენობისა და რაგვარობის წერილობითი აღრიცხვა, რადგან სხვა არის ორ დასთან დაცემა, სხვა მამით ან დედით ერთ დასთან, სხვა კიდევ - ორივე მათგანთან. ამასთან, დედინაცვალთან დაცემა მსგავსია მამით ერთ დასთან თანააღრევისა და არა ღვიძილ დასთან, [რაც უმძიმესია და უბოროტესი]; კიდევ სხვა არის უფროს დასთან დაცემა, სხვა უმცროსთან. ასევე სხვაა ძმის ცოლთან დაცემა, სხვა ბიძაშვილის ცოლთან, სხვა - ძის ცოლთან, სხვა - ცოლის ასულთან (მისი პირველი ქმრისგან), სხვა თავისი ნახევარდის ასულთან, კიდევ სხვაა საკუთარ ასულთან, რაც ყველაზე დიდი გაუბედურებაა, ისევე როგორც საკუთარ დედასთან, რომლის განცდა ყველას აშოროს ღმერთმა, რადგან ესეც გაგვიგია და გვსმენია ჩვენ, უბადრუკებს, უფრო კი სხვა ყველაფერთან ერთად ამგვარი აღსარებაც მიგვიღია, გაგვიგია, აგრეთვე, და აღმსარებლისგან გვსმენია საშინელი სისხლაღრევა, როდესაც სამმა ძმამ, მამით და დედით ერთმა, ურთიერთშორის ისიძვა, რომელთაგან შუათანამ ესეც მაუწყა მე, რომ უფროსისგან თვით იყო ამ ცოდვის განმცდელი, მესამისადმი კი თვითვე მოქმედებდა.

ამრიგად, როგორც გთქვი, აღურიცხავია სისხლაღრევის ვნება. ამასთან, არსებობს ქალებთან მამათმავლობაც, როდესაც მამაკაცები, საწყალობლად დაბნელებულნი, ტოვებენ სუფთა პურს და, ბრმავდებიან რა, სკორეს ჭამენ, ანუ თავს არიდებენ რა ქალურ ბუნებას, უკანა ტანიდან აიძულებენ სიძვას საცოდავ და ამის არმნდომელ ქალებს (ხშირად საკუთარ მეუღლეებსაც კი). ამგვარნი მამათბორგნეულ კაცთმესაწოლეებზე [37] ბევრად უფრო დაისჯებიან, კერძოდ სააქაოს განიკანონებიან, ხოლო საიქიოს (თუკი გულწრფელად არ მოინანიებენ) ყველაზე უფრო შეუბრალებელი სატანჯველი ექნებათ.

 

ნებსითი და უნებლიე მკვლელობის შესახებ

ნებსითი მკვლელობის ცოდვა, ჩანს, არის (და მართლაც არის) ყველაზე უფრო გაუმართლებელი, თუმცა არც ესაა მიუტევებელი. რაც შეეხება უნებლიე მკვლელობას, იგი ღირსია ყოველგვარი შენდობისა როგორც ადვილად გასამართლებელი.

 

სისხლაღრევისა და მასთან დაკავშირებული ეპიტიმიების შესახებ

არსებობს, აგრეთვე, სულიერი სისხლაღრევა, რაც ორად განიყოფება. ერთია სისხლაღრევა ნათლულ ასულთან, მეორე კი - თვით საკუთარი ნათლულის დედასთან [38]. სულიერი სისხლაღრევა ხორციელზე უფრო სამწუხაროა, განსაკუთრებით მაშინ, თუ არა მხოლოდ ერთგზისია იგი, არამედ ჩვევად ხდება.

ზოგის თქმით, ნათლულის დედასთან შეცოდებას რვაწლიანი, ხოლო სულიერ ასულთან ვიდრე ოცდაათ წლამდე ეპიტიმია ახლავს (ისევე როგორც საკუთარ დედასთან). ამასთან, თუ ჩვეულებად იქცევა ეს სიბილწენი და არ შეწყვეტენ მათ ერთგზისი, ორგზისი ან სამგზისი შემთხვევის შემდეგ, მაშინ ვიდრე აღსასრულამდე, ესე იგი სიკვდილამდე დაედებათ უზიარებლობა.

ნებსითი მკვლელობის ეპიტიმია არის ოცი წელი, ხოლო უნებლიესი ათი.

სისხლაღრევის სასჯელი მრავალგვარია და მრავალსახოვანი. კერძოდ:

მამით ან დედით ერთ დასთან - თორმეტი წელი [ექვთიმე: „მრუშობის სასჯელი - 15 წელი [39]), ისევე როგორც დედინაცვალთან;

მამითაც და დედითაც ერთ დასთან - თვრამეტი წელი [ექვთიმე: „კაცისკვლის სასჯელი - 20 წელი“ [40], ისევე როგორც - მღვდლის ან მთავარდიაკონის [41] ცოლთან [42];

[კერძოდიაკონის ან] მედავითნის (წიგნისმკითხველის) ცოლებთან შემცოდეებს თექვსმეტი წელი განეკანონებათ, რადგან ამ ცოლთა ქმრები ვეღარ წარემატებიან მღვდლობამდე, თუ ისინი თანაყოფაში იქნებიან თავიანთ დაცემულ ცოლებთან [43].

ძის ცოლთან შეცოდებას იგივე სასჯელი აქვს, რაც - დედინაცვალთან [ანუ 12 წელი],

ხოლო ძმის ცოლთან - ათი წელი;

რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, მათზე სიძვის სასჯელი ვრცელდება [ანუ 7 წელი]. ამასთან, ეს ეპიტიმიები მაშინ განეწესება, თუ ზემოხსენებულ ცოლებს ცოცხალი არ ჰყავთ ქმრები, ხოლო თუ ქმრები ცოცხლები არიან, შემცოდეები ზემორე ეპიტიმიებსაც განიკუთვნებენ და კიდევ მრუშობის სასჯელსაც, ისე რომ ვიდრე ოც წლამდე, და უფრო მეტ წელსაც, იქნებიან განკანონებულნი.

პირუტყვქმნილობას ან ფრინველქმნილობას თხუთმეტწლიანი ეპიტიმია აქვს, მიუხედავად იმისა, რა სახისა იქნება წახდენილი ცხოველი. რაც შეეხება მამალ-დედლობას, ამის შესახებ არაფერია განწესებული, ისევე როგორც არც თვით დაცემულთა სქესის შესახებ, მდედრობითნი არიან ისინი თუ მამრობითნი.

მამათმავლობას, პირუტყვქმნილობის მსგავსად, თხუთმეტი წელი განესაზღვრება, ისევე როგორც მრუშობის გამო დასჯილებს.

ქალებთან მამათმავლობას ოცდაათ წლამდე ეპიტიმია აქვს, ისევე როგორც სულიერ ასულთან და საკუთარ დედასთან,

ხოლო ერთდროულად მამათმავლობის განცდაც და სხვის მიმართ მოქმედებაც ამათზე მეტად ისჯება, რადგან მამათმავლობის ორი აღნიშნული სახესხვაობა ზემორეთა (15 წლიან სასჯელთა) თანასწორია [44].

უასაკოთგამხრწნელობას იგივე სასჯელი განესაზღვრა, რაც დაცემას ნახევარდასთან (სულერთია, მამის მხრიდან თუ დედისა), ესე იგი - თორმეტი წელი, ისევე როგორც - დედინაცვალთან.

[მცირე ყრმის გახრწნას 16 წელი შეესაბამება] [45].

მრუშობის ანუ ქმრიან ქალთან შეცოდების სასჯელი თხუთმეტი წელია, ისევე როგორც დიდსქემოსან მონაზონ კაცთა და მონაზონ ქალთა დაცემანი, რადგან მცირესქემოსან [46] კაცთა და ქალთა შეცოდება სიძვად შეირაცხება, ესე იგი შვიდწლიანი ეპიტიმიით შემოისაზღვრება.

ეს ყოველივე არა ჩემს მიერ (ნუ მოხდება ეს!), არცთუ რომელიმე ჩემი თანამყოფისგან, არამედ წმინდა მოციქულთაგან და დიდი ბასილისგან განისაზღვრა და დაკანონდა.

 

* * *

რაც შეეხება ურჯულო და საძაგელ ხელითდაცემას, წმინდა მოციქულებს მის შესახებ ისევე არ განუსაზღვრავთ არაფერი, როგორც არც სხვა დანარჩენთა შესახებ, ხოლო ეს იმიტომ, რომ, როგორც ვთქვი, ამ ვნებით ბევრი იყო შეპყრობილი (თუნდაც ყველა), მათ შორის თვით დიდებულნიც. [ასე რომ, მოციქულებს ამ ვნებასთან დაკავშირებით კანონი არ დაუწერიათ, გარდა იმისა, რაც წმინდა პავლე მოციქულმა მოიხსენა. კერძოდ, „ვერც მეძავები, ვერც კერპმსახურები, ვერც ჩუკენები, ვერც მემრუშეები, ვერც მამათმავლები, ვერც ქურდები, ვერც მომხვეჭელები, ვერც მემთვრალეები, ვერც მაგინებლები, ვერც მტაცებლები ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ“ (1კორ. 6,10) [47]. მოციქულმა „ჩუკენობა“ ხელითდაცემას უწოდა [48] და გამოაჩინა, რომ ამ ბოროტი საქმის მოქმედი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, თუ არ მოიკვეთს მას და არ შეინანებს, მაგრამ მოციქულებს ცოდვის შესახებ კანონი არ დაუდგენიათ, ისევე როგორც არც მტაცებელთათვის, არც მემთვრალეთათვის, არც მაგინებელთათვის]. წმინდა მამებმა, თავის მხრივ, ისევე როგორც თვალმტკივანს მალამო, ასე განუწესეს ხელითდაცემის მოქმედს მხოლოდღა ორმოცი დღე, [აგრეთვე, ყოველდღე 50 მუხლდრეკა, სამგზის 50-ე ფსალმუნი, ასგზის „კვრიელეისონი“ („უფალო შეგვიწყალენ“), ორმოცდაათგზის „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ და ორმოცდაათგზის „ღმერთო, შეგცოდე, შემინდვე“], რადგან ამ მამებმა და მათმა შემდგომებმა ყველა ბუნებითი შეცოდების შესახებ კეთილად და წმინდად განაწესეს ერთწლიანი, ორწლიანი, სამწლიანიც, ან თუნდაც ნაკლები ხანგრძლივობის ეპიტიმიები, რამეთუ სულიწმინდა ხსენებულ მამათა მიერ ამჟამინდელ თაობასთან დაკავშირებით სასარგებლოსკენ მიმართავდა თავის განგებულებას. მართლაც, ეს რომ არ მომხდარიყო, ცოტანი და მხოლოდღა თითო-ოროლანი თუ იქნებოდნენ სინანულს შედგომილნი.

არის სხვა ცოდვაც, რაც მეტია ხელითდაცემაზე და ნაკლებია მამათმავლობაზე. ამ ცოდვას სჩადის, სავალალოდ, ორი მამაკაცი ქალის გარეშე, ან კიდევ ორი ქალი კაცის გარეშე, ერთი-მეორის თეძოებში, რასაც თორმეტწლიანი ეპიტიმია აქვს [ექვთიმე: „სიძვის კანონი ანუ 7 წელი აქვს“].

 

* * *

ეს არის, მცირედი სახით, ცოდვათა დაუწერელი და დაწერილი სახეობები, აგრეთვე, მათთან დაკავშირებული განსაზღვრებები და ეპიტიმიები, რაც ჩვენმა უბადრუკებამ დაწვრილებით აღწერა, ხოლო ის, რაც ჩემგან (როგორც ყოვლადკადნიერისგან) საერო და სამონაზვნო, ქალთა და მონაზონთა, ერისკაცთა, ღარიბთა და მდიდართა, მთავართა და უძლურთა, და თვით სიკვდილამდე მონანულთა აურაცხელი სიმრავლის მიმართ განეგო, განისაზღვრა და განკანონდა, შემდეგია [49]:

თუ ვინმე ჩაიდენს ბუნებით ცოდვას, [ესე იგი სიძვას ქვრივთან, მხევალთან ან მეძავთან] და მრავალი წელი დაჰყოფს ამ ბუნებით ცოდვაში (შესაძლოა, თვით სიბერემდეც), განსაკუთრებით კი, თუ ცოლიც ჰყავს მას, სამი წლით განიკანონოს ანუ ზიარებას განეშოროს იგი.

ამგვარი სასჯელი დაედოს იმასაც, ვისაც არ ჰყავს ცოლი, თუ ეს უკანასკნელი სიბერემდე დარჩება ასე შებილწებული და არ განუდგება ცოდვას, [რადგან ზემოწერილ კანონებშიც, რაც კრებათაგან და წმინდა ბასილისგან დადგინდა, მართალია შვიდი წელი არის სიძვისთვის განჩინებული, მაგრამ ამით თქმულია არა ის, რომ ყოველი ნასიძვებისთვის, რამდენსაც კი ადგილი ჰქონია, შვიდ-შვიდი წელი უნდა დაიცვას მცოდველმა უზიარებლად, არამედ ის, რომ როდესაც ამგვარი ვინმე სინანულამდე და აღსარებამდე მოვა, თუ მას მხოლოდ სიძვის ცოდვა აქვს ჩადენილი უქმრო ქალებთან, შვიდი წელი უნდა განუკანონდეს მას, ხოლო თუ მრუშობაში და მამათმავლობაში იყო ჩავარდნილი - თხუთმეტი წელი, და ამგვარადვე - სხვა ცოდვებთან დაკავშირებითაც, როგორც ეს ზემოთ არის დაწერილი. აწ კი სიძვისთვის დაწესებულ შვიდ წელს სამ წლამდე ვამცირებთ (ადამიანური უძლურების გამო) განურჩევლად იმისა, ცოლოსანი კაცია ამის ჩამდენი თუ უცოლო, რადგან თუ ცოლოსან კაცს შეემთხვევა მსიძველობა უქმრო ქალთან, არ მიეცემა მას მრუშობის სასჯელი, არამედ - მხოლოდ სიძვისა, მაგრამ თუ იგი ქმრიან ქალთან შესცოდავს, მრუშობა განესაზღვრება მას. ასევე, თუ ცოლოსანი კაცი თავის ცოლს გაშორდება სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობის ჩამდენი იქნება იგი, როგორც ეს წმინდა სახარებაში წერია (მათე 5,32), მაგრამ სანამ ამგვარი ვინმე თავის ცოლთან იქნება, თუნდაც რომ სიძვა შეემთხვეს მას ქვრივთან, მხევალთან ან მეძავთან, სიძვის სასჯელი დაედება და არა მრუშობისა. ამასთან, თუ ქმრიანი ქალი სხვა მამაკაცთან შესცოდავს, მრუშობის ჩამდენი იქნება იგი, რადგან წმინდა ბასილი ამბობს:

„უფლის ბრძანება მამაკაცთა და დედაკაცთა მიმართ თანაბრად გაიგება“ (მე-9 კანონი), თუმცა ჩვეულებად და წესად ეს გახდა: ქმრიან ქალთათვის მეტი კრძალულება იქნა დაწესებული, რომ ვერ შეძლონ მათ სხვა მამაკაცთან მისვლა, მაგრამ თუ ვინმე მაინც მივა, მემრუშეა იგი და ქმარი აღარ მიიღებს მას, არამედ გაუშვებს, როგორც ამბობს იერემია წინასწარმეტყველი. „თუ ქალი სხვა კაცთან მივა, ვეღარ მიუბრუნდება იგი თავის ქმარს“ (იერ. 3,1). კიდევ, დაწერილია: „ვინც იტოვებს თავისთან მრუშობის ჩამდენს, უგუნურია იგი და ურჯულო“ (იგავ. 18,23). მეორე მხრივ, თუ ცოლოსანი მამაკაცი ჩაიდენს სიძვას, არა აქვს უფლება მის ცოლს, რომ გაშორდეს მას, რადგან ასეთია ჩვეულება ამ საქმისა, რადგან ასევე ხდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ქმარი ურწმუნოა და ცოლი მორწმუნე, თუ ქმარს სურს მასთან ყოფნა, რამეთუ მოციქულის სწავლებით „განიწმინდება ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისგან“ (1 კორ. 7,14), ანუ მორწმუნე ქალის სარწმუნოებით ქმარიც მომსვლელია რწმენამდე“ [*4*]

მაშ, რადგან ეს ასეა, სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ თუ მამაკაცი, ცოლოსანი იქნება იგი თუ უცოლო, სიძვას ჩაიდენს (გინდ მცირედით, გინდ მრავალგზის) და შემდეგ აღსარებისათვის მოვა, სამი წელი უზიარებლობა განესაზღვროს მას, თუ, რა თქმა უნდა, ცოდვებს მოიკვეთს და გულმოდგინედ მოინანიებს].

ასევე განვაწესებთ ბუნების გარეგანი ცოდვის ჩამდენთა მიმართ, ესე იგი იმათ მიმართ, რომლებიც ან პირუტყვთან, ან მამაკაცთან დაეცნენ, ან კიდევ რომლებიც ერთდროულად მოქმედნიც იყვნენ და განმცდელნიც მამათმავლობისა, მაგრამ მალევე მოიკვეთეს ეს ცოდვა, ანდა რომლებმაც სისხლაღრევა ჩაიდინეს, ესე იგი თავის ნახევარდასთან, ან დედინაცვალთან, ან ძმის ცოლთან, ან მკვიდრი ბიძაშვილის ცოლთან, და სხვა ამგვართან დაეცნენ. [თუ ისინი მალევე მოიკვეთენ უკეთურ საქმეებს, არ დაახანებენ მათში, გულმწუხარე სინანულს მიეცემიან და აღიარებენ შეცოდებებს, სამი ან ოთხი წლის უზიარებლობა დაიცვან მათ].

ისინი, რომლებიც დაეცნენ ერთდროულად ქალთან და ამ ქალის ასულთან, ასევე ორ დასთან, ორ ძმასთან, ან ღვიძლ დასთან, ან ძის ცოლთან, ან სიძესთან, ოთხი წლით [ექვთიმე: „ხუთი წლით“] განიკანონოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მალევე მოიკვეთეს ეს ვნება, ამასთან, თუ მათ სხვა რამ ცოდვანი ჰქონდათ, კერძოდ სიძვა მრუშობის გარეშე, [რადგან თუ მრუშობაც აქვთ ჩადენილი, უფრო მეტ სასჯელს ექვემდებარებიან].

რაც შეეხება საკუთარ ასულთან ან დედასთან დაცემას, ამის ჩამდენი ხუთ წლამდე, ან ექვსამდე, ან შვიდამდე, ანდა თორმეტამდე განიკანონოს, ისევე როგორც ნათლულის დედასთან ანდა ნათლულთან დაცემულნი, რომლებსაც რვა ან ათი წელი უნდა განესაზღვროთ;

ამგვარივე ეპიტიმია დაედება იმასაც, რომელიც მამათმავლობით ეცემა თავის ძმასთან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად ამ ცოდვის მსწავლელიც არის უფროსისგან და, თავის მხრივ, მოქმედიც უმცროსზე (უკვე ვწერდით, რომ ამგვარი რამ აღსარებაში გვაქვს მოსმენილი). ეგევე სასჯელი ექნება უფროს ძმასაც (რომელიც მამათმავლობას მოქმედებს შუათანა ძმასთან) როგორც ბოროტების მასწავლებელსა და მიზეზს, ხოლო მესამე ძმა ვნების მიმღებია, თუ იგი მხოლოდ განმცდელია მამათმავლობისა და არა, ამავე დროს, კიდევ უფრო უმცროსზე ამ ცოდვის მოქმედი. ეგევე ეპიტიმია დაედება აგრეთვე მას, ვინც მამალ პირუტყვთან ეცემა (განსაკუთრებით, თუ ცოლი ჰყავს), კიდევ იმას, ვინც მონაზონია ან დიდსქემოსანი და ამათ ჩამდენად არის მხილებული, ან კიდევ იმას, ვინც ქალთან უკანა ტანიდან სჩადის შეცოდებას (განსაკუთრებით, თუ ამას თავის ცოლთან მოქმედებს, თანაც, რაც საშინელია, თუ მრავალგზის და არა მხოლოდ ერთგზის ჩანს შემცოდედ);

ხოლო რომლებიც პირუტყვთან ანდა მამაკაცთან დაეცნენ ერთგზის ან ორგზის ან სამგზის და არა უფრო მეტად, მათ შესახებ ორი წელი განეგო ჩემგან, - განსაკუთრებით, თუ უმეცარნი ან უსწავლელნი იყვნენ ან ცოლი არ ჰყავდათ ანდა ოცდაათ წლამდე ასაკი ჰქონდათ; ასე განვაგეთ მათზე, თუნდაც რომ სხვა რამ ცოდვაც ჰქონდეთ ჩადენილი. ამასთან, რომლებმაც, როგორც ვთქვით, ერთგზის, ორგზის ან სამგზის შესცოდეს, მაგრამ ოცდაათ წელზე მეტის იყვნენ, ასეთებს სამწლიანი ეპიტიმია უნდა დაედოთ, თუ ამავე დროს სხვა ბუნებით ვნებებშიც იქნებიან მხილებულნი.

აღნიშნულის მსგავსად, ოცდაათი წლის ასაკამდე ქმნილი ყველა ცოდვა ყოველგვარი თანალმობის ღირსია, თუნდაც რომ ეს ცოდვა ძალიან მძიმე იყოს, [მაშინ როცა ყველა ის ცოდვა, რაც ოცდაათი წლის ზევით შეემთხვევა ვინმეს, თუნდაც რომ ზემოაღნიშნულზე ნაკლებ მძიმე იყოს, უფრო მეტად განიკანონება].

ამასთან, ის, ვინც აღსარებებს ისმენს, მხედველობაში უნდა იღებდეს სიჭაბუკეს ან სიბერეს, შემძლეობას ან უძლურებას, სხვადასხვაობას ადგილის მიხედვით, სახეს, რითაც ბოროტება ხდება, ან კიდევ იმას, თავისით მოქმედებს მცოდველი თუ სხვა პიროვნების მიერ; კიდევ, გულმოდგინების შედეგია ცოდვა თუ შემთხვევითობისა, ღვინისგანაა იგი თუ ნაყროვანებისგან, ანთუ არა ამათგან, არამედ ძალაუფლების კვალობაზე, ან კიდევ სიღარიბისგან და ამათ მსგავსთაგან, რომელთა მიხედვითაც მართებს მოძღვარს გამოიწვლილოს ადამიანის, ჟამის, ადგილის, იძულების, სისუსტის შესახებ და ასე განაკანონოს; [ზოგიერთები თავის სახლშიც ერიდებიან ცოდვის ჩადენას, ზოგიერთები კი ეკლესიებსაც და საკრძალველ ადგილებსაც არ ეპუებიან. ამასთან, ყურადღებამისაქცევია ისიც, რომ მღვდლების და ეპისკოპოსების ცოდვები ერისკაცებზე ბევრად მძიმეა და დიდი. ასევე, სწავლულთა და მეცნიერთა ცოდვები უსწავლელთა და უმეცართა ცოდვებზე უფრო სამძიმოა]. ასევე, ევალება აღსარების მიმღებს, რომ გამოიძიოს მონანულისგან შემუსვრილობა, სირცხვილგანცდა, დამწუხრებულობა, შიშნეულობა, მორწმუნეობა, ისევე როგორც - შეურაცხმყოფლობა, უსირცხვილობა, დაუმდაბლებლობა, - და ამგვარი გამოძიების შედეგად უნდა აღასრულოს მან განკანონება, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც ძალუძთ კეთილ ჩვევათა გზით თავიანთი დიდი და მრავალრიცხოვანი ბოროტებების დამცრობა, სხვები კი მცირე ცოდვებსაც დიდს ხდიან უსირცხვილობის, შეურაცხმყოფლობისა და დაუმდაბლებლობის გამო. მართლაც, უფალი ამბობს: „ვის მიმართ განვიმზერ, თუ არა მშვიდისა და წყნარის მიმართ?“ და შემდგომი (ეს. 66,2).

ამიტომ, ისინი, რომლებიც ბუნებითად სცოდავენ, ამასთან - მცირედით, და უსწრაფესად მოიკვეთენ ვნებას, შენდობილნი იქნებიან ჩემგან ერთწლიანი განკანონებით, და ეს უფრო მაშინ, თუ აღმოჩნდება, რომ მგრძნობიარე ბუნებისანი არიან, [რადგან ამგვარ ადამიანებზე ხორციელი ბუნება ძალიან მძლავრობს, რის გამოც, თუკი ამ სახის ბრძოლათა მძლავრებისგან შეემთხვევათ მათ ერთგზის ან ორგზის ბუნებითი ან არაბუნებითი ცოდვით დაცემა და ამ ცოდვას თვითვე მოიკვეთენ მყისვე, აჩვენებენ რა ლმობიერ სინანულს და აღარ მიუბრუნდებიან რა ხსენებულ ვნებას, არამედ ღვთის შიშით წინ აღუდგებიან გულითქმებსა და ხორციელ ბრძოლებს, ასეთებისთვის ერთი ან ორი წელი მითქვამს და შენდობა მიმიცია].

მეორე მხრივ, რომლებიც გრილი [*5*] ბუნებისანი არიან [და რომლებზეც ბუნებითი სიმხურვალე და ბრძოლა არ მძლავრობს, არამედ ღვთისადმი უშიშობით და საკუთარი კადნიერებით სცოდავენ, ამგვარნი უფრო მძიმე ეპიტიმიას საჭიროებენ, რადგან ბუნების ძალმომრეობამ როდი ჩაადენინა მათ ცოდვა, არამედ ცოდვისმოყვარე ნებამ. ამათი ბუნებითი ცოდვებიც კი დიდად და სრულად ისჯება, ისე რომ უთანასწორდება მხურვალე ბუნების მქონეთა არაბუნებით ცოდვებს და ამ უკანასკნელთა შესაბამისი ეპიტიმია ეძლევა. ამასთან, თუ ისინი, რომლებიც გრილი ბუნებისანი არიან, საკუთრივ არაბუნებითი ცოდვით დაეცემიან ანდა დაახანებენ რომელიმე ცოდვაში, უფრო მძიმე და სრული ცოდვათსასჯელით დაისჯებიან ანუ განკანონდებიან, რადგან იმის ჩადენა ირჩიეს, რაც ბუნებისგან არა აქვთ. მსგავსადვე ისჯებიან ისინიც, რომლებიც ცოდვაში დაბერდნენ და სიბერემდე არ მოიკვეთეს ვნება.

ისინი, რომლებიც ოცდაათ წლამდე ასაკში უგუნურად დაეცნენ ცოდვით (თუნდაც რომ ზოგიერთებს ცოდნაც ჰქონოდათ ამისა, ან თუნდაც უმეცრებაში ყოფილიყვნენ) ამასთან არა გულმოდგინების შედეგად, არამედ შემთხვევისა გამო ჩაიდინეს ცოდვა, შენდობაც სწრაფად უნდა მიეცეთ მათ და მსუბუქი ეპიტიმია დაედოთ, როგორიც არ უნდა იყოს შემთხვეული ცოდვა, ოუნდაც რომ არაბუნებითი, მხოლოდ საშუალო სიმძიმისა და არა იმგვარი, რაც სრულიად დაუშვებელია და დაუწერლად არის აკრძალული კანონთა მიერ (ასეთი უმძიმესი ცოდვებია: ქალებთან მამათმავლობა, მოყვარესთან [*6*] მამათბორგნეულობა, ნათლულის დედასთან ანდა ნათლუღ ასულთან, ან კიდევ საკუთარ დედასთან დაცემა და სხვა. ამრიგად, რომლებიც მხოლოდ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ცოდვებით დაეცნენ (და არა ზემოჩამოთვლილი, ან კიდევ მათი მსგავსი უმძიმესი ცოდვებით), ამასთან შესცოდეს მარტოოდენ ერთგზის, ორგზის ან სამგზის და, როგორც ვთქვი, ოცდაათი წლის ფარგლებში მოიკვეთეს ვნება, ამგვარნი ერთ წლამდე ან, სულ ბევრი, ორ წლამღე [ანდა სამ წლამდე] უნდა განკანონდნენ და მხოლოდ შემდეგ ეზიარონ, [ხოლო რაც შეეხება აღნიშნულ უმძიმეს ცოდვებს, მათი ჩამდენის სასჯელი ზემოთ წერია.

ამასთან, თუ სხვა უმსუბუქესი ცოდვები, როგორც ვთქვი, ჩადენილია ცთომილების გამო სიჭაბუკისა და გნებათა მომძლავრების ჟამს და თუ ამ ცოდვათა ჩამდენი, მყის მოიკვეთს რა მათ, სინანულს შეუდგება, ამგვარი ვინმე უმსუბუქესად და წყალობით უჩღა განიკანონოს, შესაბამისად იმისა, როგორ გააცნობიერებს მოძღვარი საზომს, ძალას და ასაკს მცოდველისას, აგრეთვე მის გულმწუხარებასა და სინანულს, ან კიღევ ამათ საპირისპიროს, ესე იგი უშიშობას. უწყალობას და გულფიცხელობას.

აი, მოკლედ, ესაა ის ცოდვები, რომელთა მიხედვითაც მე, უღირსმა და ყოვლად უგუნურმა, განგებულებითად (ანუ იკონომიურად) განვაწესე ყოველივე ზიარებასთან დაკავშირებით, აგრეთვე იმის შესახებ, თუ რა სახის განგებულება (იკონომია) არის ნებადართული საჭმელთა, სასმელთა და ლოცვათა მხრივ მათთვის, რომლებიც აღიარებენ, რომ დამონებულნი იყვნენ ცოდვას, - კერძოდ მუდმივად ერთ სახეობას ცოდვისას ანდა სხვადასხვას. აღიარების შემდეგ სასჯელი უნდა დავდოთ მათ ზიარებისა და, აგრეთვე, სხვათა [*7*] მხრივ, მაგრამ ისე რომ, ისინიც სინანულის საზღვართა შიგნით და კეთილ იმედებში მკვიდრობდნენ, რათა ამ განგებულებათა მიერ მათაც შეძლონ ოდესმე, რა გზითაც იქნება, ცოდვათა მოკვეთა და სრულ გამოსწორებამდე მისვლა. და თუ როგორ არის საჭირო აღმსარებელთა მდგომარეობის გამოძიება წელთა და პირთა რაოდენობის შესაბამისად, ან კიდევ როგორ მართებს მოძღვარს აღმსარებელთა შესახებ განსჯა, ანდა იმის შესახებ, რაც უკავშირდებათ მღვდლების ცოლებს, მღვდლებს, აგრეთვე იმათ, რომლებიც მღვდელმოქმედების ღირსნი (ან უღირსნი) არიან, ანთუ რამდენი წლით და რა სახით უნდა განისაჯნონ ისინი, - დიახ, ამჯერად ამათ შესახებ ვიტყვით იმას, რაც ვიცით, შემოკლებულად და ძალისამებრ:

თუ მამაკაცი ან ქალი იძულების, ესე იგი ადამიანური შიშის ანდა სიღარიბის გარეშე შეიბილწება წარმართის სხეულით, და თუ მამაკაცი რჯულიერი ცოლის გარეშეა, ქალი კი ქმრის გარეშე, სამი წლით უნდა დარჩნენ უზიარებელნი იმ ეპიტიმიებთან ერთად, რაც იქნება დაწერილი საჭმელის, სასმელისა და ლოცვის შესახებ. ამასთან, მათ შესაძლებლობა აქვთ თვით აირჩიონ ერთ-ერთი იმ სამი სახიდან, რომლებსაც ქვემოთ გავაცხადებთ. მეორე მხრივ, თუ ამგვარად მცოდველ მამაკაცს რჯულიერი ცოლი ჰყავს, მცოდველ ქალს კი ქმარი, ოთხი და ხუთი წლით განიკანონონ, განსაკუთრებით კი, თუ სხვა ცოდვებითაც არიან დაცემულნი.

კიდევ, თუ აღნიშნული ცოდვა შიშისა და ძალმომრეობის ანდა სიღარიბის მიზეზით იქნა ჩადენილი, მცოდველს ერთი ან, სულ დიდი, ორი წელი განესაზღვროს.

რაც შეეხებათ მღვდლების ანუ ხუცესების ცოლებს, თუ ამათი დაცემა მოხდება, სამწლიანი [ექვთიმე: „ოთხ ან ხუთწლიანი“] ეპიტიმია უნდა დაედოთ, როგორც მღვდლების (თავიანთი მეუღლეების) მკვლელებს, რადგან ეს უკანასკნელნი, თუნდაც რომ ერთგზის ინდომონ მათ შეერთება შემცოდე ცოლებთან, მეტად ვეღარ შეძლებენ მღვდელმოქმედებას.

ამასთან, თუკი მღვდლები (ხუცესები) ან დიაკონები [ან კიდევ ეპისკოპოსები] დაეცემიან, თუნდაც რომ ერთგზის იმხილონ [განსრულებულ ცოდვაში და] დაცემაში, მეტად ნუღარ აღასრულებენ მღვდელმოქმედებას. მსგავსადვე, რომლებიც მღვდლობამდე იქნებიან მხილებულნი იმაში, რასაც ეწოდება სიძვა, მრუშობა, მამათმავლობა, უასაკოთგამხრწნელობა, სისხლაღრევა ან მკვლელობა, ნურასოდეს მიეახლებიან მღვდლობას, არამედ ყოვლითურთ განიკუთვნონ მათზე დადებული ეპიტიმია [50], ხოლო იმ შემცოდეებს, რომლებსაც მღვდლობა უკვე მიღებული აქვთ, ზიარება მიეცეთ [*8*], რაჟამს ინებებენ, განუკიცხველად, ამასთან დაიკავონ მათ წიგნისმკითხველის ხარისხი და ურცხვენლად იმოქმედონ ყოველივე ის, რისი მოქმედებაც ძალუძს წიგნისმკითხველს, [კერძოდ, „წარდგომა“ თქვან, საკითხავი იკითხონ და რასაც სხვა წიგნისმკითხველები მოქმედებენ, მათაც იმოქმედონ, ხოლო მღვდლობისგან უნდა განეყენონ].

თუ წიგნისმკითხველი ან მისი ცოლი დაეცემა. ეს წიგნისმკითხველი უფრო მეტად აღარ უნდა დაწინაურდეს, არამედ დაუწინაურებელი უნდა დარჩეს; მაგრამ თუ იგი დაცემულ ცოლს განშორდება [და სხვას აღარ შეირთავს, არამედ სიწმინდით იცხოვრებს], დარჩეს თავის ადგილზე ანუ თავის ხარისხში და მიეცეს შესაძლებლობა დაწინაურებისა, [რადგან ხელეწიფება მღვდლობის პატივამდე მისვლა].

[ასევე, თუ ხუცესი ან დიაკონი თავის ცოლს შეატყობს სიძვის ქმნას და მყისვე განიშორებს მას, უნდა დარჩეს იგი მღვდლობაში უცვლელად; მაგრამ თუ მაინც ინებებს თავის ცოლთან ყოფნას, მღვდლობა აღარ ხვდება მას, არამედ უნდა განეყენოს ამ პატივისგან და, ამასთან, უფლება არა აქვს სხვა ცოლის შერთვისა].

თუ ვინმე ბავშვი ან ერისკაცი ან კიდევ სამონაზვნო წესის მქონე ან მორჩილი [51] შეიბილწება რომელიმე მამაკაცისგან და თუ ეს შებილწვა მხოლოდ თეძოების მიმართ იქნება, [ამასთან თუ ის, ვინც ამგვარად შეიბილწა, როდესაც ასაკოვანი გახდება, იქნება წესიერი ადამიანი და სხვა ცოდვაში აღარ ჩავარდება], ეპიტიმია დაედოს მას, [როგორც ამას მისი მოძღვარი დაუდგენს] და მღვდლობის უფლება მიეცეს (განსაკუთრებით, თუ აღნიშნული დაცემა ერთგზის ან ორგზის მოხდა). თუ უფრო მეტად შესცოდა მან, კერძოდ - უკანა ტანით, საერთოდ არ მიეახლოს იგი მღვდლობის პატივს ან დიაკონის ხარისხს, რადგან თუნდაც რომ მისი ბრალი არ ყოფილიყო [სიყრმის ანდა უმეცრების მიზეზით], მაინც, იმის გამო, რომ ჭურჭელი შეიმუსრა ანუ [მისი გვამი გაიხრწნა სიბილწით], არ არის მისთვის ნებადართული მღვდელმოქმედება, რამეთუ შერყვნილია იგი.

თუ ვინმე ხელითდაცემას ჩაიდენს მღვდლად კურთხევამდე და არ იცის, რა არის ეს (კერძოდ, რომ ეს ცოდვა აფერხებს მის მიერ მღვდლობის მიღებას), ანუ, თუ იგი დაეცა უმეცრებით ან კიდევ ვინმე სხვა სულგამხრწნელის (თუნდაც წიგნისმკითხველის) სწავლებით, მაგრამ თუ ეს კაცი, ცოდვის მიუხედავად, ბრძენია ან კეთილმოშიში, უპირველესად ეპიტიმია დაედოს მას ორივე ზემოაღნიშნული მიზეზის შესაბამისად და მხოლოდ შემდეგ გახდეს ღირსი [მღვდლად კურთხევისა].

თუ ვინმე მღვდლობის შემდეგ იქნება მხილებული ხელითდაცემაში და თუ მიზეზი ამისა კვლავ იგივეა, რაც ზემოთ ვთქვით, კერძოდ, ან უმეცრება ან კიდევ, სხვისი სწავლებით, იმგვარად ფიქრი, რომ თითქოს ამაში არაფერია ცუდი, ასეთ ვინმეს დაედოს ხანგრძლივი ეპიტიმია და დაყენებული იქნეს მღვდელმოქმედებისგანაც, [ყოველდღე სამგზის თქვას 50-ე ფსალმუნი, 40-ჯერ მუხლი მოიდრიკოს, ორმოც-ორმოცჯერ წარმოთქვას: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ და „უფალო შეგცოდე, შემინდვე სახელისა შენისათჳს წმიდისა“, ასგზის თქვას „კვრიელეისონი“] და მხოლოდ შემდეგ შეუდგეს კვლავ მღვდელმოქმედებას, მაგრამ თუ ამავე ცოდვას გაიმეორებს და გაასამებს, მეტად აღარ აღასრულოს მან მღვდელმოქმედება, არამედ მარტოოდენ წიგნისმკითხველის წესი განეკუთვნოს.

თუ ვინმე იქურდებს ისე, რომ ნაქურდალი მნიშვნელოვანი იქნება, არასოდეს მიეახლოს იგი მღვდლობას, არამედ მეძავთა ეპიტიმია მიიღოს ყოვლითურთ.

[ასევე, მღვდლებს არა აქვთ ცრუფიცის უფლება, არცთუ არის ფიცი მღვდელთა წესი].

ახლა წარმოვადგენთ ეპიტიმიების მეორე სახესსვაობებს:

აი, ესენია აღმსარებელთა და მათ მოძღვართა, აგრეთვე საზრდელის, სასმელისა და ლოცვათა სხვადასხვაობანი:

აღმსარებელთა სახეები, რომლებსაც ურთიერთისგან განვყოფ, ათია:

1. სხვა არის ის, რომელმაც მცირედ სცოდა [ერთი პირის მიმართ] ერთი სახის ცოდვით [52] და რომელმაც ეს ცოდვა ნებაყოფლობითი არჩევანით მოინანია.

2. და სხვა არის, რომელიც მრავალგზის და [მრავალ პირთან] მრავალი სახის ცოდვაში [53] იქნა მხილებული.

3. და სხვაა, რომელმაც ბუნებითად სცოდა [სიძვით], ალბათ ერთი სახით [ერთ ან ორ პირთან] [54], ამასთან დაახანა ამ ცოდვაში ვიდრე სიბერემდე.

4. ასევე სხვა არის, რომელმაც არაბუნებითად სცოდა, მაგრამ უმალვე მოიკვეთა ეს ცოდვა უფლის შიშით.

5. და სხვა არის, რომელიც უძლურების ან შემთხვევისეული გასაჭირის გამო მივიდა აღსარებაზე, ან კიდევ სიკვდილის ჟამს აღიარა და მოკვდა.

6. და სხვაა, რომელმაც შეწყვიცა ცოდვა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ეს ცოდვა, და მხოლოდ შემდეგ აღიარა მისგან ჩადენილი დანაშაულობანი.

[7. და სხვაა, რომელიც აღსარებამდე სცოდავს, აღსარების შემდეგ კი მოიკვეთს ცოდვას და სინანულს ეძლევა] [55].

8. და სხვაა, რომელიც აღიარებს ცოდვებს, მაგრამ მათგან განშორება არ ძალუძს ან არ ნებავს.

9. და სხვაა, რომელიც აღიარებს ყოველგვარი ბოროტებისგან განდგომილყოფას, მაგრამ ერთ-ერთ სახეს ვერ ელევა [56].

10. და სხვანი არიან, რომლებიც ლაშქრობების [ან მგზავრობების] ან იძულების ან შიშის ან ძღვენის ან კიდევ გულუბრყვილობის თუ სხვადასხვა რამ მიზეზის გამო სცოდავენ და აღიარებენ.

ამათგან ყველა, თითოეულად გამოკითხული და თითოეულად აღმსარებელი, ვალდებულია თქვას აღნიშნული ათი სახიდან რაც სცოდა, ამასთან, როდის და რამდენ პიროვნებასთან [57] დაეცა იგი, ესე იგი - რამდენ ქალთან (ან კიდევ რამდენ კაცთან, თუ ქალია აღმსარებელი) და მაშინ ის, ვინც ღმერთთან ერთად აღსარებას იღებს, მოვალეა გამოჰკითხოს აღმსარებლებს, თუ როგორები იყვნენ ეს პიროვნებანი [58] (გამომდინარე სიძვის ექვსი სახესხვაობიდან), ესე იგი რამდენი მათგანი იყო ქმრიანი, რამდენი მეძავი, რამდენი - ქვრივი, რამდენი მხევალი, რამდენი მცირესქემოსანი და რამდენი დიდსქემოსანი მონაზონი, რამდენი მღვდლის ანუ ხუცესის ცოლი. რამდენი - მთავარდიაკონისა (რადგან მცირესქემოსანი მონაზონები და წიგნისმკითხველთა ცოლები განისჯებიან როგორც მეძავნი, ხოლო დიდსქემოსნები [59] როგორც ქმრიანები). როდესაც აღმსარებლები ამათ სახესხვაობებს, ამათ რაოდენობასა და რაგვარობას გააცხადებენ, და იმასაც, თუ რა ხანგრძლივობით დაჰყვეს მათ თითოეულ ამ ვნებაში, ანდა - გაუჩნდა თუ არა რომელიმეს, ვისთანაც სცოდეს, შვილი, ან კიდევ - თვით მათ ცოლი ჰყავდათ თუ არა, ანდა ბუნებითად სცოდეს თუ ორივეგვარად (ესე იგი, არაბუნებითადაც), ამასთან - ეროგზის, ორგზის და სამგზის ანდა მრავალგზის დაეცნენ და მერე მოიკვეთეს ეს ცოდვა თუ თვით სიბერემდე სცოდავდნენ. ესე იგი უკვე განიშორეს ვნება თუ თვით იმ დღემდეც შემცოდენი არიან, როდესაც აღსარება თქვეს.

როდესაც ამ ყოველივეს სახესხვაობებს აღმოიტყვიან მონანულნი, კვლავ უნდა ჰკითხოს მათ მოძღვარმა სისხლაღრევათა შესახებ, ანუ იმის შესახებ, ხომ არ დაცემულან ისინი ნათესავებთან ან მოყვრებთან [60], და თუ მოძღვარი რაიმე ამგვარში გამოააშკარავებს მათ, გამოჰკითხავს იმასაც, ნათესაობის მეორე ხარისხიდან ხომ არ მიბრუნებულან ისინი პირველისკენ [61] (რადგან ეს უბოროტესია); ამის შემდეგ მსგავსადვე უნდა ჰკითხოს მათ მოძღვარმა არაბუნებით ცოდვათა შესახებ, კერძოდ, ხომ არ მომხდარა მათი დაცემა მამაკაცთან, ყრმასთან, პირუტყვთან, ფრინველთან, ან თუნდაც გოგონასთან განსაზღვრულ დრომდეს (ესე იგი თექვსმეტ წლამდეა [62]). ამის შემდეგ ასევე უნდა გამოიკითხოს მან უნებლიე და ნებსითი მკვლელობის თაობაზე, ისევე როგორც საშინელი და ორგვარი ხელითდაცემის შესახებ (თუ როდის იყვნენ ისინი ამათგან მცირეს ან დიდის ჩამდენნი, ან კიდევ მცირედით სცოდეს მათ თუ მრავალგზის, ანთუ ხანგრძლივად ჩანან ისინი შემცოდენი და, ამასთან, სანახევროდ, თუ - სრულად. ან, ბუნებითად სცოდეს მათ, არაბუნებითად კი ბევრად არა თუ, პირიქით, არაბუნებითად სცოდეს, ბუნებითად კი - არა, ანთუ - ხომ არ სცოდეს ორივე მხრივ).

როდესაც ამას ყოველივეს გამოიკითხავს მოძღვარი აღმსარებლისგან, მაშინ, ამ უკანასკნელის ძალისამებრ, უფრო კი მისი გულმწუხარების, სიმდაბლის, ცრემლების, ქველმოქმედების შესაბამისად (რასაც კი იგი აღუთქვამს ან შესწევს ძალა, რომ განუკუთვნოს ღმერთს), და ბოლოს, მისი მდუღარე სარწმუნოებისა და გულმოდგინების კვალობაზე, მოძღვარი აძლევს მას წერილობით [ან დაუწერელ] მცნებას ანუ ეპიტიმიას.

ხოლო ზიარებასთან დაკავშირებით, როგორც ზემოთ ითქვა, ერთ წლამდე, ან ორამდე, ან სამამდე, ან ოთხამდე, ან ხუთამდე, ან ექვსამდე, ან შვიდამდე მიეცეთ შენდობა [შესაბამისად ცოდვებისა და მათი სინანულისა];.

ხოლო საჭმელისა და სასმელის შესახებ ისე განესაზღვროთ, როგორც ამას დაიტევს თითოეული მათგანის ბუნება და შემძლეობა, [რადგან სამი სახესხვაობაა მონანულთა მარხვისა, როგორც მამაკაცთათვის, ასევე ქალთათვის, და ამ სამიდან, რომელიც ესურვებათ, ის მიიღონ].

რაც შეეხება მონანულთა დასწრებას ლიტურგიაზე, ისინი [სახარების მოსმენის შემდეგ] კათაკმევლებთან ერთად უნდა გამოვიდნენ ტაძრიდან და ნართექსში [ექვთიმე: „ეზოში“] დადგნენ, ხოლო მწუხრზე, ცისკარზე და სხვა მსახურებაზე ყოვლითურთ დაუბრკოლებლად შეუძლიათ ტაძარში დგომა, სადაც კი და როდესაც კი ინებებენ.

ხოლო ქრისტეშობას, ნათლისღებას, ვნების შვიდეულის დიდ ხუთშაბათს და დიდ შაბათს, აღდგომის დიდ კვირიაკეს, [სულთმოფენობას], წმინდა მოციქულთა ხსენების დღეს [ანუ ვარდობას] და მარიამობას ზიარების ნაცვლად მათ უნდა შესვან წმინდა ნათლისღების აიაზმა და ასე გაიხსნილონ: მონანულმა მონაზონებმა ყველითა და კვერცხით, ხოლო მონანულმა ერისკაცებმა - ხორცითაც. ამასთან, უნდა გამოიკითხონ მათგან, შეუძლიათ თუ არა ცოდვათსახეობათა რაოდენობის თქმა, რადგან ვინც ვერ შეძლებს ამის თქმას, უნდა განისაჯოს როგორც უძღები.

სამი სახესხვაობა აქვს საჭმლისა და სასმელის შესახებ ჩემეულ ეპიტიმიას ყველას მიმართ, რადგან, მონათა და მხევალთა გარდა, ერთი და იგივე განსჯა და სჯა არის საჭირო ქალთა და კაცთა, საეროთა და მონაზონთა შესახებ, თუმცა ჩანს, რომ ქალები გარკვეულწილად მეტად უნდა იქნენ გამოკითხულნი და გამოკვლეულნი, რადგან ისინი მამაკაცებზე უფრო ვარდებიან მაგიაში, მკითხაობაში, მწამვლელობაში და სხვა ამგვარ ბილწმოქმედებაში, ამასთან მათთვის ჩვეული დედათა წესითაც რყვნიან ისინი ამის უმეცარ მამაკაცებს და მკვლელობებსაც ბედავენ ორსულობათა ჟამს ათასგვარი ხერხებით, როდესაც მათი ერთი ნაწილი დაორსულებამდე ცდილობს ორსულობის საწინააღმდეგო რაღაც მცენარეებით საშოს შებილწვას ანუ ყოველთვიურად მკვლელობის ჩადენას, მეორე ნაწილი დაორსულების შემდეგ [სვამს ჩვილის მოსაკლავ წამალს], ზოგი კი, სხვათა ბრძანებას დამორჩილებული, ახალშობილ სრულ ჩვილს თავისივე ხელებით ახრჩობს. კიდევ, მამაკაცთა მსგავსად, ქალწულებიც ხელითდაცემას სჩადიან, რომლებსაც საერთოდ არანაირი გამოცდილება არა აქვთ მამაკაცისა.

ამრიგად, ესენი ყველა, [მამაკაცები იქნებიან თუ ქალები, როდესაც შეინანებენ და აღიარებენ თავის დანაშაულს, უზიარებლობით უნდა განკანონდნენ, როგორც ეს ზემოთ წერია თითოეული ცოდვის შესაბამისად], ამასთან მათ უნდა მიიღონ ქვემორე სამი სახესხვაობიდან ერთ-ერთი ეპიტიმია, გარდა მონებისა და მხევლებისა, რადგან მონებსა და მხევლებს საღვთო კანონთა მიერ დაუკანონდათ ეპიტიმიის მხოლოდ სანახევროდ მიღება, რამეთუ ისინი საკუთარი თავის ბატონ-პატრონები არ არიან.

 

პირველი განწესება:

ესაა ჩემგან ყველას მიმართ მიცემული ეპიმიტიათა პირველი განწესება (აღნიშნული ეპიტიმია ყველაზეა, გარდა მონებისა და მხევლებისა):

ორშაბათს და ოთხშაბათ-პარასკევს ჭამონ ზეთი და თევზი, აგრეთვე ბოსტნეული მწვანილთან ერთად, ხოლო ყველი, კვერცხი და ხორცი არ მოღონ [63]; სამშაბათს და ხუთშაბათს ყველაფერი დაუბრკოლებლად ჭამონ გარდა ხორცისა. შაბათსა და კვირას არცერთი საჭმელი და სასმელი არანაირად არ აეკრძალოთ, არამედ ისევე დაუბრკოლებლად მიიღონ ყოველივე, როგორც ყველა დანარჩენმა, რომლებსაც ეპიტიმია არა აქვთ (ესე იგი, მიიღონ ხორციც, ღვინოც და სხვა ყველაფერი). ასევე, ყველა საუფლო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულზე, აგრეთვე რა დღესაც თორმეტი მოციქულის სახელი შეიძლება ხვდეს [64] და რა დღეც არ უნდა იყოს ეს, საჭმელისა და სასმელის მხრივ დაუბრკოლებელი იყოს ის, ვისაც ეპიტიმია აქვს, და არც ოთხშაბათი, არც პარასკევი არ დაიცეას ამგვარ დღესასწაულზე [65], ისევე როგორც მაშინ, როდესაც არის იოანე ნათლისმცემლის დღესასწაული ანდა თორმეტდღეული [ქრისტეს შობიდან ნათლისღებამდე], [ნათლისღების მომდევნო შვიდეული], აღდგომის ბრწყინვალე შეიდეული, სულთმოფენობის შვიდეული (რასაც სულიწმინდის შვიდეულს ვუწოდებთ). რაც შეეხება დროს ახალკვირიაკიდან სულთმოფენობამდე, ეს დღეებიც მთლიანად და ყოვლითურთ ხსნილი იყოს მათთვის, მხოლოდ ოთხშაბათ-პარასკევს იმარხონ თავ-თავისი სახით, ერისკაცებმა - ხორცისგან, მონაზონებმა - ყველისგან და კვერცხისგან [66]. ასევე, ყველასათვის ყოვლითურთ ხსნილია კიდევ ორი შვიდეული: არაჯვორისა და ხორციელისა [67], გარდა მათი თთხშაბათ-პარასკევისა, რადგან ეს დღეები მაშინ სრული სიწმინდით უნდა დაიცვან, თუ შეუძლიათ - თევზის გარეშეც [68], და საღამომდე არ უნდა ჭამონ, რადგან საღვთო კანონისგან ეგევეა განსაზღვრული მუდმივად (გარდა, როგორც ითქვა, დღესასწაულისა, თორმეტდღეულისა და სულთმოფენობისა) და არ უნდა დაირღვეს ეს მარხვა არაფრის სიყვარულის გამო (არ ვიცი - უძლურებისა თუ სხვა რამ დიდი გასაჭირის შესაბამისად). [ხოლო ყველიერის მსგეფსი ყველით და კვერცხით არის ხსნილი მონაზონებისთვისაც და ერისკაცებისთვისაც, რადგან ხორცი ხორცის აღების კვირადღეს აიღება].

ამასთან, განკანონებულებს ღვინო აეკრძალოთ, თუკი შესაძლებელია, ყოველთვის, გარდა შაბათ-კვირისა და დღესასწაულისა; არ უნდა იქნეს მათთვის დაშვებული ღვინო ორშაბათსა და ოთხშაბათ-პარასკევს. ეს ნიშნავს, რომ შესვან მათ დღეში ერთი ლიტრა [69] ღვინო, ხოლო თუ ვინმე შეძლებს, რომ აღნიშნული სამი დღის განმავლობაში არ დალიოს ღვინო, დიდი მისაგებელი ექნება; თუმცა თითოეული მათგანის ბუნება, ნება და ჩვევა უნდა შეიცნოს მოძღვარმა და ასე განსაზღვროს განწესებულზე მეტის დალევა მათთვის.

ასევე, განვაწესებთ, რომ წმ. ფილიპეს ორმოცეულის და თორმეტი მოციქულის [ანუ ვარდობის] [*9*] მარხვებში [70] ერისკაცები ხორცს ნუ გასინჯავენ, მონაზონები კი -  ყველსა და კვერცხს, გარდა იოანეს შობისა [71] და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვარებისა [72], ხოლო თუ ვინმე ამ დღეებშიც იმარხულებს, არავინ არ იქნება მისი შემაფერხებელი.

ხოლო დიდმარხვაში, თუ შესაძლებელია, ერისკაცებმა არ მიიღონ თევზი, გარდა შაბათ-კვირიაკისა, მონაზონებმა კი - არც ზეთი, მაგრამ თუ ამას არ ირჩევენ, მაშინ მხოლოდ სამშაბათი და ხუთშაბათი გახსნან: ერისკაცებმა - თევზით, მონაზონებმა - ზეთით, [თევზი კი ამ უკანასკნელებმა ხარების დღესასწაულზე გახსნან] [73]; კიდევ, არ ვიცი, შეიძლება თუ არა, რომ ვინც მწოლიარეა, ღვინოც არ მიიღოს მან, გარდა შაბათ-კვირიაკისა. კიდევ, თუ აუცილებლობა შეიქმნება (სულმოკლეობის, გემოთმოყვარეობის და ბევრი სხვა მოსალოდნელი მიზეზის გამო) და არ ირჩევენ ამ სახით მარხვას, მაშინ ორშაბათსა და ოთხშაბათ-პარასკევს არცერთმა მათგანმა, რომელმაც კი სინანული აღირჩია, არც კი დაყნოსოს ღვინო და, განსაკუთრებით, მარხვის მთელი პირველი შვიდეულის განმავლობაში საერთოდ არ შესვას იგი, ხოლო უკანასკნელ შვიდეულში, ესე იგი ვნების კვირაში, მხოლოდ ხუთშაბათს მიიღოს მცირე ღვინო.

 

მეორე განწესება

მეორე განწესება ამგვარია:

თუ განკანონებულებს არ ძალუძთ, უფრო კი არ ნებავთ ზემორე განწესების დაცვა, მაშინ ყოვლითურთ წმინდად დაიცვან მათ [ორშაბათი და] ოთხშაბათ-პარასკევი და არც კი დაყნოსონ ღვინო, ესე იგი ერისკაცებმა არ გასინჯონ ხორცი, ყველი, [თუ შეეძლებათ] - თევზიც, არამედ მხოლოდ ზეთი, ბოსტნეული და მწვანილი, ხოლო მონაზონებმა კი - არც ზეთი, თუ უძლურებაში არ იქნებიან. რაც შეეხება შვიდეულის დანარჩენ ხუთ დღეს, ყოვლითურთ ყველაფრით გაიხსნილონ, შესაბამისად იმისა, ჭამის რა აღთქმაც აქვთ, კერძოდ, ერისკაცებმა ყოველმხრივ, ესე იგი ხორცითაც, ხოლო მონაზონებმა ყველით, კვერცხით და რძით [74].

 

მესამე განწესება

მესამე სახე, რაც გასაჭირისაა, ამგვარია:

თუ არც ზემორე განწესებას დაემორჩილებიან გემოთმოყვარეობის, ცუდმედიდობის ან უძლურების გამო, მაშინ შვიდეულის აღნიშნული ორი დღე, როგორც ითქვა, მთლიანად სიწმინდით დაიცვან მთელი მათი ეპიტიმიის განმავლობაში, კერძოდ, რომ მონაზონებმა ზეთი მიიღონ, ერისკაცებმა კი თევზიც, [ხოლო შვიდეულის სხვა დღეებში თითოეულმა მათგანმა გაიხსნილოს თავისი შესაბამისი საჭმელით: ერისკაცებმა - საერისკაცოთი, მონაზონებმა - სამონაზვნოთი] [75].

* * *

ვიცი, რომ ამგვარ მეტად ლმობიერ განგებულებათა გამო დასჯა მომელის ყოველთა ზოგადი მსაჯულისა და ღვთის წინაშე, მაგრამ მაინც უმჯობესია ჩემთვის, რომ ამათ შედეგად აგრერიგად განვისაჯო, ვიდრე შევიქო როგორც არათანამგრძნობი [76].

* * *

ხოლო ლოცვები, [დაწესებულ ჟამთა გარდა], დღეღამეში სამგზის აღასრულონ: განთიადისას (როდესაც ჭამას დააპირებენ), სადილობის ჟამს, და როდესაც დასაძინებლად წავლენ.

ყოველი ლოცვისას იმათ, რომლებმაც იციან, თქვან: 50-ე ფსალმუნი („მიწყალე...“) [ერთგზის]; „წმიდაო ღმერთო“ - [სამგზის]; „მამაო ჩუენო“ - [ერთგზის]; „კვირიელეისონი“ - ასჯერ; „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ - ორმოცდაათჯერ; „ღმერთო, შეგცოდე, შემინდვე“ - ორმოცდაათჯერ; შეასრულონ მეტანია ანუ მუხლდრეკა ორმოცდაათჯერ.

ისინი, რომლებიც ამგვარადაც არ ინებებენ ანდა ვერ შეძლებენ, ზემოთქმულთა ნახევარი მაინც აღასრულონ, ხოლო რომლებიც ამასაც ვერ შეძლებენ, ზემორეთა მესამედი ქმნან, რადგან არიან ზოგნი უხალისონი ან უძლურნი ან მოხუცებულნი ან მგზავრობაში მყოფნი, ან მონობისა თუ უკიდურესი სიღარიბისგან შეჭირვებულნი, და ამის გამო მოძღვარი ვალდებულია გამოიკვლიოს ეს ყოველივე, ისევე როგორც ზნე-ჩვეულება ან აღზრდილობა, მგზნებარება ანდა, პირიქით, დაშრეტილობა, მცოდნეობა ან სიბრძნის უქონლობა, მიშვებულობა ანდა შეკავშირებულობა, სიმდიდრე ანდა სიღარიბე, დადგრომილობა ანდა დაუდგრომლობა, და მხოლოდ შემდეგ განუსაზღვროს მონანულს როგორც ლოცვები, ასევე ყოველივე სხვა, რადგან შესაძლებელია, რომ ზოგ მათგანს დღე-ღამეში მხოლოდ ორი ლოცვა განეკუთვნოს, ხოლო თუ ვინმეს მიზეზები აქვს, მისთვის ერთი ლოცვც დასაშვებია.

მართლაც, ნებადართულია, რომ მცირედცოდვილი და გულმოდგინე უფრო მკაცრად და უფრო მძიმედ განკანონდეს, რომ ამგვარმა ვინმემ არა მხოლოდ ცოდვათა მიტევება, არამედ საზღაურიც [ღვაწლისა] მიიღოს ღვთისგან, რომელიც შეიწყნარებს ჩვენს გულმოდგინებას და არა ერთი რამ ნიშნით, არამედ ბუნებისა და გულმოდგინების მიხედვით სჯის. ამიტომ მოძღვარმაც, რომელიც ღმერთთან ერთად არის მათი განმსჯელი, ისე უნდა საჯოს, როგორც ეს მონანულის ბუნებასა და გულმოდგინებას შეესაბამება.

კიდევ, შესაძლებელია, რომ მრავალცოდვილი ვინმე და უმოქმედო, ან კიდევ უძლური და გულმოდგინებას მოკლებული ზემორეზე ბევრად უფრო მსუბუქად და უფრო ლმობიერად განკანონდეს ყოველ მხრივ, რომ [რამენაირად ისიც სინანულის წესში იყოს] და თუნდაც ამ სახით მაინც როგორღაც ცხონდეს და არ წარწყმდეს, [რადგან მოძღვარმა უნდა გაითვალისწინოს გონების ან სხეულის დიდი უძლურება და მისცეს ამგვარად ცოდვილს კანონად ორი ან ერთი ლოცვა და მცირედი მუხლდრეკა ანუ თაყვანისცემითი მეტანია, რომ სრულიად უნაყოფო და უნანელი არ დარჩეს ეს ცოდვილი. და ასეთი ლმობიერების გამო მოძღვარი დამნაშავე არ იქნება. მეორე მხრივ, თუ მოძღვარი ნახავს, რომ მონანული ხორციელადაც ძლიერია და გონებითაც მხურვალე, შესაბამისი და შესატყვისი კანონი უნდა დაადოს მას, როგორც ეს დაწერილია: „განსჯა და გულისხმისყოფა მოაზროვნე სულთა სინათლეა და იგი მიუძღვის მათ ყოველგვარი სიკეთისკენ“].

ხოლო ის მოძღვარნი, რომლებიც ყურადღებას აქცევენ საკუთრივ ცოდვათა სიმრავლეს ან ცოდვათა ხანგრძლივობასა და მრავალმხრივობას, ან კიდევ შეცოდების სხვადასხვა სახეს და სიმძიმეს, ესე იგი იმას, თუ რამდენად დიდ და საშინელ ბოროტებაში არიან ჩავარდნილნი მონანულები, - მაგალითად, კაცისკვლაში, [ანდა მამათმავლობაში] ან კიდევ სხვა არაბუნებით ცოდვებში, - და ამის შესაბამისად განაწესებენ ეპიტიმიებს, [ანუ შესაძლებელზე უფრო მძიმე ტვირთს ჰკიდებენ სინანულისკენ მოქცეულ ძმებს], ამგვარნი, უპირველეს ყოვლისა, ვერ არიან ჯეროვნად შემცნობნი ღვთის [სახიერებისა და მრავალმოწყალებისა], „რომელსაც ნებავს ყოველთა ცხონება“ (1ტიმ. 2,4). მეორეც, ხსენებული მოძღვრები ზემორე ქმედებათა შედეგად საკუთარ სულებსაც სრულად წარიწყმედენ, [თუკი უზომო უწყალოებითა და კანონის დამძიმებით სასოწარკვეთაში ჩააგდებენ ისინი შეცოდებულებს და სინანულისგან განაშორებენ მათ], რადგან იმ მოძღვარს, რომელსაც სურს, რომ ღვთის წინაშე თავდებად დაუდგეს ადამიანის სულს, მართებს, რომ იმგვარივე თანაგრძნობა და კაცთმოყვარეობა ჰქონდეს გულში, როგორიც აქვს ჩვენს გამო განკაცებულ ჩვენს კეთილ ღმერთს.

მაგრამ, ამ ყოველივეზე უწინარეს, აღსარების მიმღები მოვალეა, რომ მან ეკლესიაში, ან სხვა რამ დაფარულ ადგილას, მოსიყვარულე მზერით და მოხარული გულით, როგორც თითქოსდა ბრწყინვალე ტრაპეზობაზე მხმობელმა, დამოძღვროს და შეიტკბოს აღმსარებელი და ევედროს ამ უკანასკნელს, რომ მან ყოველ ცოდვაში, დიდსა თუ მცირეში, სწორედ თავისი თავი აღიაროს დამნაშავედ ღვთის წინაშე, შემდეგ თვით მოძღვარმა უნდა წარმოთქვას 69-ე [ან 50-ე] ფსალმუნი, „წმიდაო ღმერთო“ [და „მამაო ჩუენო“], ამასთან მცირედით უნდა ილოცოს მან მონანულთან ერთად, შემდეგ კი ამ უკანასკნელს თავი გაუშიშვლოს (თუ მონანული მამაკაცია), [მოადრეკინოს მუხლი აღმოსავლეთისკენ და ათქმევინოს დამხობილს:

„აღგიარებ შენ, უფალო, ღმერთო ცათა და ქუეყანისაო, ყოველთავე დაფარულთა გულისა ჩემისათა“;

შემდეგ უნდა წამოაყენოს იგი] და საერთოდ არ დაჯდეს არცერთი, სანამ ყოველივეს არ აღასრულებს აღმსარებელი [77].

შემდეგ [მოსიყვარულე სახით] [78] დაწვრილებით უნდა გამოჰკითხოს მას ყველა ცოდვისა და ამ ცოდვათა რაოდენობის შესახებ.

და რაჟამს მონანული დაასრულებს საუბარს, მოძღვარი კი, თავის მხრივ, ყოველივეს მოისმენს და, ამასთან, მოსმენილს კვლავაც გამოიძიებს და გამოიკითხავს, ესე იგი რაჟამს, ერთი მხრივ, მონანული დაასრულებს და იტყვის, რომ არა აქვს მას სხვა რამ ცოდვა, ხოლო, მეორე მხრივ, მოძღვარი არაფერს დატოვებს გამოუძიებელს და გამოუკითხავს, ისეთსაც კი, რაც მონანულს არ უთქვამს დავიწყების ანდა სირცხვილს გამო, - [მაშინ უნდა ადგეს [79] მოძღვარი და თქვას: „წმიდაო ღმერთო“ სამგზის, და „მამაო ჩუენო“], შემდეგ კი მონანული კვლავ მიწაზე უნდა დაამხოს მან და ასე ამყოფოს (ქვევითკენ მდებარე და წამოუდგომელი), თვითონ კი მის გამო ილოცოს და, სანამ აღმსარებელი ქვედამხობილი იქნება, ასე დაიწყოს მან ლოცვის წარმოთქვა:

„სახიერმან და კაცთმოყუარემან ღმერთმან ჩუენმან, რომელი ჩუენთვს კაც-იქმნა და ყოვლისა სოფლისა ცოდვანი აღიხუნა აურაცხელითა მით წყალობითა მისითა, შეგინდვენ, ძმაო, ყოველივე ესე, რომელი წინაშე მისა აღმიარე მე, უღირსსა ამას, და აჴოცენ ყოველნი ბრალნი შენნი ამასცა სოფელსა და მას საუკუნესა, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაა და მოელის ყოველთა მოქცევასა და სინანულსა, რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამენ. დიდებაა მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამენ“.

ამის შემდეგ უნდა წამოაყენოს იგი მოძღვარმა, ეამბოროს მას როგორც საკუთარ სულს, ამასთან, თუ შესაძლებელია, თვით მოძღვარმა თავისი ხელი დაიდოს თავისსავე კისერზე და ასე უთხრას მონანულს: „ჩემ ზედა იყვნენ, ამიერითგან, ძმაო, ბრალნი შენნი“ (და ეს განსაკუთრებით მაშინ, თუ ხედავს მას გაუსაძლის მწუხარებაში დანთქმულს).

ამის შემდეგ უნდა დაჯდეს მოძღვარი მონანულთან ერთად [და მისცეს მას უზიარებლობის კანონი ამ უკანასკნელის ცოდვების შესაბამისად, როგორც ეს ზემოთაა დაწერილი, ხოლო ლოცვასა და მარხვასთან დაკავშირებით] ჰკითხოს მონანულს მხიარული სახით, თუ ზემორე სამი განწესებიდან რომელი იქნებოდა მისთვის სასურველი, რომ დაეცვა, [და რომელსაც ისურვებს, განუწესოს კიდეც], თუმცა კი, უპირველესად, ყოვლითურთ კეთილი იმედი უნდა მისცეს მას და, ყოვლის უწინარეს, ეს განუსაზღვროს: „ბრძანება გაქვს, ძმაო, უფლისა ღმრთისა ჩვენისგან, რომ თუკი რამ ბოროტის ქმნა შეგემთხვევა შენ ამიერიდან, ყოველივე კეთილწადიერად, შენივე სულის სიხარულით უნდა აღიარო ჩემდამი, სადაც არ უნდა ვიყო მე“.

[ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ცოდვილთათვის დადგენილი კანონი ესაა წმინდა ზიარებისგან მათი განყენება (რადგან ყველა ცოდვაზე უმძიმესია უღირსად ზიარება), ამიტომ ამის შესახებაც მართებს მოძღვარს მონანულისგან გამოკითხვა, ეზიარებოდა თუ არა იგი ცოდვებში მყოფი, და თუ იტყვის, რომ ეზიარებოდა, ამის გამო უფრო მეტი სინანული ესაჭიროება. ხოლო მარხვა, ლოცვა და მუხლდრეკა ყოველი ადამიანის ძალისა და გულმოდგინების შესაბამისად განეჩინება სულიერ მოძღვართაგან].

აი, ესაა ყველაფერი ამათ შესახებ.

ხოლო არცერთ შაბათ-კვირიაკეს, არცერთ საუფლო [ან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის] დღესასწაულზე, არცთუ თორმეტდღიან მსგეფსში [ქრისტეშობიდან ნათლისღებამდე], არც აღდგომის დღიდან ვიდრე ყოველთა წმიდათა ხსენებამდე [ანუ სულთმოფენობის მსგეფსის კვირიაკემდე] არ მოიდრიკონ მუხლი ლოცვის დროს, არამედ მხოლოდ თაყვანისცემა აღასრულონ ყველა შემთხვევაში. [ამგვარადვე უნდა ხდებოდეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის, წმინდა იოანე მახარებლის, წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულების და წმინდა მთავარანგელოზთა დღესასწაულებზე, ხოლო სხვა დღეებში თუმცა ეკლესიაში სახალხოდ მუხლი არ უნდა მოიდრიკონ, მაგრამ განმარტოებით თითოეულმა თავისი კანონი აღასრულოს] [80].

აი, ესაა ჩემ მიერ მოცემული (და მოცემადი) უმსუბუქესი და მეტად ადვილად მიმტევებელი ეპიტიმიების განწესებანი, ხოლო ამგვარად განვაჩინებთ რა, ვეყრდნობით დიდ ბასილს, რომელმაც თქვა:

„ამ ყოველივეს ვწერთ, რათა გამოიცადოს ნაყოფი სინანულისა, რადგან არა უთუოდ სინანულის ხანგრძლივობას უნდა მივაქციოთ ყურადღება, არამედ რადგან ღვთის კაცთმოყვარეობისგან რწმუნებული აქვს მოძღვარს გახსნა და შეკვრა, შესაბამისად უფლებამოსილიცაა იგი, რომ, ერთი მხრივ, როდესაც ხედავს ცოდვილის ზეაღმატებულ ამღიარებლობას, კაცთმოყვარულად შეუმოკლოს მას ეპიტიმიების ხანგრძლივობა და ამის გამო არ იქნება იგი გაკიცხვის ღირსი, რამეთუ საღვთო წერილის ისტორიებიც გვაუწყებენ ჩვენ, რომ უფრი დიდი გარჯილობით ამღიარებელი უმალვე ხდება მიმიღები ღვთის კაცთმოყვარეობის,ა მაგრამ თუ მავანნი, მეორე მხრივ, ძნელად განეზღუდვიან თავიანთ ვნებებს და არ განიკუთვნებენ სახარებისეულ ცხოვრებას, არაფერი გვაქვს მათ მიმართ სათქმელი, რადგან გვისწავლია, რომ ურჩი და მოპაექრე ერის მიმართ ასეა თქმული: „ცხონებით აცხონე შენი სული“ (შესაქ. 19,17). ამიტომ, ნუ დავუშვებთ იმას, რომ ჩვენთვის უცხო ცოდვებთან ერთად ჩვენც წარვწყმდეთ, არამედ გვეშინოდეს მძიმე სასჯელისა, თვალწინ გვქონდეს დღე იგი საშინელი და ნუ ვინებებთ დაღუპვას ზემოხსენებულებთან ერთად, რადგან თუ ვერ განგვსწავლა ჩვენ უფლისგან ნამოქმედებმა შემაშინებელმა მოვლენებმა, თუ ესოდენმა წყლულებმაც ვერ შეგვაცნობინეს, რომ ჩვენი უსჯულოების გამო მიგვატოვა ჩვენ ღმერთმა, და თუ ერიც იმიტომ გადაეცა წარმართებს, რომ ამგვართა მკადრენი აღმოჩნდნენ ქრისტეს სახელით შემოსილები, ამასთან, თუკი ვერც იმის შეცნობა და გულისხმისყოფა მოხდა მავანთაგან, რომ სწორედ ზემორე საქმეთა გამო მოიწია ჩვენზე რისხვა ღვთისა, რაღა უნდა გვქონდეს ამ პირთა მიმართ ზიარი სათქმელი? მაგრამ ვალდებულნი ვართ, რომ დღე და ღამ, საჯაროდ და განმარტოებით შევაგონებდეთ მათ, ხოლო მათეულ უკეთურებებთან შეხების უფლებას ჩვენს თავს არ უნდა ვაძლევდეთ, პირიქით, ვლოცულობდეთ, რომ შევიძინოთ ისინი და გამოვიხსნათ ბოროტის ხაფანგისგან. მაგრამ თუ ამასაც ვერ შევძლებთ, ვეცადოთ, ჩვენი სულები მაინც გადავარჩინოთ საუკუნო სასჯელისგან“ [81].

 

წმ. ბასილი დიდი

ყოველდღიურ შეცოდებათა კანონები

 

 

შეიცანი, აგრეთვე, ის ეპიტიმიებიც, რომლებიც არა ჩვენ, არამედ უდიდესმა ბასილიმ გადასცა ცოდვითდაცემულებს:

1. ფიქრის შემოტევა, [როდესაც ეკვეთება იგი გონებას, მაგრამ გონება მყისვე უკუაგდებს], არ არის ცოდვა, [რადგან მტრისგან მოიწევა იგი]. მაგრამ თანაშეწყვილება [ანუ ამ ფიქრის დაშვება გონების მიერ და მათი თანამზრახველობა] საჭიროებს იმას, რომ სთქვას „წმიდაო ღმერთო“ და „მამაო ჩუენო“ და შესრულდეს თორმეტი მუხლმოდრეკა ანუ მეტანია.

2. მოწონება [ანუ ამ ფიქრის გონებაში წვრთნა და დაგემოვნება] ეპიტიმიების მიზეზი ხდება, [რის გამოც უნდა ითქვას „მიწყალე“ (50-ე ფსალმუნი), „წმიდაო ღმერთო“, „მამაო ჩუენო“ და შესრულდეს 40 მუხლდრეკა].

3. ბრძოლა ღირსია ან გვირგვინისა ან ტანჯვისა.

4. ღამისეული სიბილწით ქმნილი ვნება [ანუ ძილში დაცემა] საჭიროებს ერთი დღით უზიარებლობას, 49 [ან 50] მუხლდრეკას, 50-ე ფსალმუნის თქმას [სამგზის; ამასთან, აღნიშნული ფსალმუნის ყოველ წარმოთქმას უნდა დაერთოს „წმიდაო ღმერთო“ და „მამაო ჩუენო“, ხოლო მესამეგზისი წარმოთქმა დაბოლოვდეს იმით, რომ ითქვას: ასჯერ „კვირიელეისონი“ (ანუ „უფალო შეგვიწყალენ“), ორმოცდაათჯერ „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“, ორმოცდაათჯერ „უფალო, შეგცოდე, შემინდვე“]. თუ მოხდება ისე, რომ ხორციელად მღვიძარე ადამიანი შეიბილწება [აზრებისგანზ] [82], შვიდი დღე [ექვთიმე: „ოცი დღე“] უზიარებელი იყოს იგი და ყოველდღე 49 [ან 50] მუხლდრეკა, [აგრეთვე ზემოწერილი კანონი] შეასრულოს.

5. ხელითდაცემას განესაზღვრება 40 დღით უზიარებლობა, 49 [ან 50] მუხლდრეკა [აგრეთვე ყოველდღე სამგზის 50-ე ფსალმუნი, ასჯერ „კვირიელეისონი“ (ანუ „უფალო შეგვიწყალენ“), ორმოცდაათჯერ „ღმერთო, მილხინე ცოვდილსა ამას“, და ორმოცდაათჯერ „ღმერთო, შეგცოდე, შემინდვე“.

[თუ ქალი პირით დაეცემა მამაკაცთან, მას მამათმავლობის ჟამი განესაზღვროს სინანულისთვის].

6. ურთიერთისადმი მიტმასვნა, [როდესაც ერთიმეორის კოცნითა და შემჭიდროებით შეემთხვევა ვინმეს შებილწვა], ორმაგი ხელითდაცემაა, რადგან ორი სულის მიერ ხდება იგი. ამიტომ, ოთხმოცი დღით განესაზღვროთ მათ ხმელისმჭამელობა [და უზიარებლობა, ამასთან, ყოველდღე შეასრულონ ზემოწერილი კანონი და ჭამონ: პური, წყალი და მოუხარშავი ფხალი ანდა ცერცვი უღვინოდ და უზეთოდ.

ხოლო თუ მათ შორის ხელის შეხებას და კოცნას ადგილი ექნება, მაგრამ გადმოდინების დაცემა არ შეემთხვევათ, მხოლოდ ორმოცი დღით შეასრულონ კანონი, ისევე როგორც ხელითდაცემისას].

7. სიძვას ერისკაცთათვის შვიდი წელი განესაზღვრება, მაგრამ ქალწულთათვის [ანუ სქემოსან მონაზონ კაცთა და ქალთათვის] [83] სიძვის ეპიტიმია არ არსებობს. რადგან მრუშობენ ისინი, და მრუშობენ იმიტომ, რომ ჰყავთ სიძედ ქრისტე. ძველ მამათა მიერ მათი ეპიტიმია შვიდი წლით არის განსაზღვრული, ხოლო დიდმა ბასილიმ ორჯერ შვიდი თქვა (ექვთიმე: „თხუთმეტი წელი“).

ამასთან, რადგან არც ჩვენი უსაღვთოესი [პირველი] მამების ეპიტიმიებით, არც დიდი ბასილის მიერ არ არის განწესებული მათთვის არც მარხვა, არც მღვიძარება, არც ხმელისმჭამელობა, [არც მუხლდრეკა, არამედ მხოლოდ წმინდა ზიარებისგან განყენება], შესაბამისად, შენც თითოეული საქმის მიხედვით განჭვრიტე შემდეგი: თუ ამგვარად შემცოდე და მონანული ღვინის სმას მოიკვეთს, შენც ამის გამო [უზიარებლობა] ერთი წლით შეუკვეცე. ასევე შეუმცირე თითო წელი, თუ ზეთის მიღების შეწყვეტას ან თევზისას, ან ყველისა და კვერცხისას აღთქვამს [და დაიცავს] იგი, ან კიდევ - თუ მრავალ მუხლდრეკას აღასრულებს. ხოლო იმ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც [მონანული ერისკაცია] და იგი აღკვეცას გადაწყვეტს [ანუ სამონაზვნო სახეს შეიმოსავს], უსწრაფესი შენდობა მიეცი მას სქემის გამო, და იმის გამო, რომ ელის მას სიკვდილამდე დამაშვრალობა.

[რაც შეეხება სხვა დიდ ცოდვებს, როგორებიცაა კაცისკვლა, მრუშობა, მამათმავლობა, პირუტყვქმნილობა, მწამვლელობა და სხვა, მათი შესაბამისი ეპიტიმიები ზემოთ წერია]. კერძოდ:

8. ყაჩაღური მკვლელობა ისჯება სამჯერ შვიდი წლის უზიარებლობით, ბრძოლაში კვლა კი ორჯერ შვიდი წლით, თუმცა სინანულისმიერი განგებულება ამცირებს მათ შვიდ წლამდე.

9. თუ ვინმე ჩვილს შობს, მაგრამ უგულებელყოფს მას და ამის გამო ჩვილი მოკვდება, მკვლელობის სასჯელს დაექვემდებაროს, თუმცა განგებულებითად (იკონომიით) [84] სასჯელი მცირდება შვიდ წლამდე.

10. ისინი, რომლებიც წამლების მიღებით კლავენ ჩვილებს, მკვლელთა ეპიტიმიას განიკუთვნებენ (ამ წამლების შედეგად ხშირად თავის თავსაც იკლავენ ისინი). სასჯელი მათდამი არის ათი წლით უზიარებლობა, რაც განგებულებითად (იკონომიურად) მცირდვბა ხუთ ან სამ წლამდეც კი.

11. ის ვინც, ამგვარ მრუშობათა და ჩვილთმკვლელობათა თანამოაზრეა, მას ამ ცოდვათა მოქმედის თანაბარი სასჯელი აქვს.

12. არც საერო, არც შემონაზვნებული ქალი არც ერთი სასჯელის დროს არასოდეს განშორდეს ეკლესიას (თუ არა - მარტოოდენ ზიარებას), ისევე როგორც არც ხუცესი, არც დიაკონი, თანახმად იმისა, რომ სწორედ ამას იცავს კანონიც. ასე განვაწესებთ იმიტომ, რომ ამით ხსენებულმა შემცოდეებმა თავიდან აიცილონ დიდი სირცხვილი [*10*].

13. პირუტყვთან დაცემულს მამებმა სამჯერ შვიდი წელი განუსაზღვრეს, რაც განგებულებითად (იკონომიით) მცირდება შვიდ წლამდე.

14. ის, ვინც მონასტრისგან გაიქცევა, იქორწინებს და დაუშვებს იმას, რომ ამგვარად შეცდეს, მრუშობის ჩამდენია. ამიტომ, შემაცდენლისგან უნდა განაშორონ იგი [და თუ შეიგნებს და მოიქცევა, თავისი სინანულის შესაბამისად დაედოს ეპიტიმია. ამასთან, თუ შეძლებს მისი წინამძღვარი, იძულებით მოიყვანოს იგი მონასტერში] და მრუშობისათვის განწესებული უზიარებლობა განუკუთვნოს მას, [ასევე სხვა ყველა კანონიც, რაც შესაბამისია, განუსაზღვროს და ამ გზით განკურნოს მისი სულის წყლული].

15. ორ ძმასთან თანააღრეულს სისხლაღრევის ეპიტიმია დაედოს, ესე იგი - ორჯერ შვიდი წელი, რაც განგებულებითად (იკონომიით) მცირდება სამ წლამდე.

16. ის, ვინც მავანთა წინააღმდეგ მწამვლელობებს იხელოვნებს და გრძნეულებსა და მწამვლელებს მიმართავს. ამგვარი ვინმე, თუ იგი ეშმაკთა მსახურია და ეშმაკებს იძახებს, მთელი ცხოვრების განმავლობაში უზიარებლად იყოს, მაგრამ სიკვდილის ჟამს ეზიაროს.

17. ის, ვინც თუნდაც მხოლოდ მიმცემი იქნება მცენარეული საწამლავისა [85], მკვლელთა სასჯელს დაექვემდებაროს.

18. თუ ქურდი შეინანებს, მოპარულს უკან დააბრუნებს და აღსარებას იტყვის, 40 დღის უზიარებლობა განეწესოს.

ის, ვინც მხილებული და გამჟღავნებული იქნება, მისი სასჯელი ორი წლით განისაზღვრება, თუმცა განგებულებითად (იკონომიით) მცირდება ექვს თვემდე.

თუ ნაქურდალი საეკლესიო ჭურჭელია, ამის ჩამდენს სიწმინდის მძარცველთა [„ეკლესიისა მკრეხველთა“] ეპიტიმია დაედოს, თუმცა განგებულებითად (იკონომიით) სამ წლამდე განესაზღვროს მას უზიარებლობა [და კანონი სინანულისა].

19. საფლავთმძარცველობა ათი წლით ისჯება კანონის მიერ, [მაგრამ თუ გულმტკივნეულად მოინანიებს დამნაშავე, სამი წელი განეკუთვნოს მას შენდობითად].

20. დედათა წესის უგულებელმყოფელი და საღვთო საიდუმლოთა შემხები ორმოცდღიანი უზიარებლობით დაისაჯოს.

21. თუ რამ უწმინდური ჩავარდება ჭაში ან ზეთში ანდა ღვინოში, [და რომელიმე ამათგანი მანამ იქნება გასინჯული ვინმესგან, ვიდრე მღვდელი განწმენდდეს მათ] [*11*], ამგვარმა ვინმემ სამი დღის განმავლობაში არ მიიღოს ყველი, კვერცხი და მოხარშული საჭმელი, ამასთან არ ეზიაროს შვიდი დღე.

22. ის [ქალი], რომელიც ძალდატანებული იქნება და იძულებით გაიხრწნება ვინმესგან, თუ მშველელი არავინ იყო, ასეთი ქალწული უდანაშაულოა, ხოლო მოძალადე - მკვლელი. მაგრამ თუ მშველელი იყო, მაგრამ ქალს არ დაუყვირია, იგი, როგორც ნების დამრთველი, [სიძვის კანონით დაისაჯოს, მონაზონი ქალი კი] მრუშობის კანონს დაექვემდებაროს.

23. ის ქალი, რომელიც საკოცნელად მივა მამაკაცთან და შეეხება მას, თუ განუხრწნელი დარჩება, ხელითდაცჟმის ეპიტიმია დაედოს.

24. ღვთის სახელის დამფიცებელი [მონაზონი] ზიარებისგან დაეყენოს ერთი შვიდეული და [ყოველდღე] შეასრულოს 40 მუხლდრეკა.

25. ის, ვინც აგინებს [ძმას ანდა] მოხუცებულს, მანამ იყოს დაყენებული ზიარებისგან, ვიდრე არ შეუნდობს მას მისგან შეურაცხყოფილი პირი, ხოლო ის, ვინც შეურაცხყოფს ვინმეს, შემდეგ კი შეწყვეტს ამას, დაყენებული იყოს ერთ შვიდეულს.

26. ფუჭმეტყველების, ყბედობისა და სასაცილოთა მოქმედი დაყენებულ იყოს სამი დღე [და შეასრულოს 40 მეტანია ანუ მუხლდრეკა].

27. ის , რომელიც ნებართვის გარეშე გაესაუბრება გარედან მოსულთაგანს ვინმეს, დაყენებული იყოს სამი დღე.

[28. თუ წინამძღვარი სამართლიანად დასჯის ვინმეს, ამ უკანასკნელს კი მეორე გამოექომაგება. მასაც იგივე სასჯელი მიეცეს] [86].

29. ვინც დრტვინვას დაიწყებს მძიმე საქმეთა აღსრულებისას, [იმ დღეს] დაყენდეს ზიარებისგან.

30. ვინც უგულებელყოფს მასზე დაკისრებულ მსახურებას, [იმ დღეს] დაყენებული იყოს და ხმელისმჭამელობა განეკუთვნოს [ანუ პური და წყალი მიიღოს და 40 მეტანია ანუ მუხლდრეკა განეწესოს].

31. ვინც თვალებს განიმშვენებს და მეძავის სახეს მიიღებს ანდა ისეთ რამეს იმოქმედებს, რაც ავნებს მის დამნახველს, ხმელისმჭამელობა განესაზღვროს მას.

32. ვინც განიმშვენებს თავს [ანუ მშვენიერ სამოსლებს შეირჩევს], მას [წინამძღვარმა] ერთი-ორჯერ შეაგონოს, [და თუ კვლავაც იმავეს გააკეთებს], ხმელისმჭამელობა განესაზღვროს [ანუ განიკანონოს იგი ხმელი პურით და წყლით, და 40 მეტანია განეკუთვნოს].

33. ვინც გავა [მონასტრიდან] და წავა მამასთან ან დედასთან ან კიდევ სხვა ნათესავთან, წინამძღვრის [ბრძანების] გარეშე, ხმელისმჭამელობა განესაზღვროს და შვიდი დღის განმავლობაში ასრულებდეს [ას-ას] მეტანიას ანუ მუხლდრეკას.

34. ვინც გაესაუბრება ვინმე ქალს, გარედან მოსულს [მონასტერში], და პასუხსაც მიიღებს მისგან, ხმელისმჭამელობით დაისაჯოს.

35. ვინც დათვრება, არ დალიოს ღვინო სამი დღე (ექვთიმე: „შვიდი დღე“).

[ვინც ღვინის სმით აღებინებს („ამოაგდოს“), 40 დღე უზიარებელი იყოს და ყოველდღე 50-ე ფსალმუნი, „წმიდაო ღმერთო“ და „მამაო ჩვენო“ თქვას და 40 მუხლდრეკა შეასრულოს].

36. ვინც საცისკრო კანონზე არ დადგება, [თუ უძლურებაში არ არის და ზარმაცობს იგი], ერთი დღე ღვინო არ დალიოს მან, [მხოლოდ პური და წყალი მიიღოს და ასგზის მოიდრიკოს მუხლი].

37. ვინც [ეკლესიაში დადგება და] ფიქრში გართული არ იგალობვბს, ერთი-ორი შეგონების შემდეგ დაყენებული იქნეს ზიარებისგან [და 50 მუხლდრეკა მიეცეს].

38. ვინც დატოვებს [თავის სენაკს ან] თავის მსახურებას და [სხვა სენაკში გადავა ან] სხვა მსახურებას შეუდგება, რათა უდროო დროს იყბედოს და იბაასოს, [ამცნონ მას, რომ არ გააკეთოს ასე, ხოლო თუ არ შეისმენს], შეაყენონ ერთ სენაკში, რომ არ გამოვიდეს იქიდან შვიდი დღე.

39. ვინც განკანონების გამო დრტვინვას შეუდგება და მადლობით არ მიიღებს სასჯელს, მას ორმაგად დაედოს ეპიტიმია.

40. ვისაც ეცოდინება სხვისი ფარული ცოდვა და არ გაუმჟღავნებს ამას წინამძღვარს, იგივე ეპიტიმია დაედოს მას, რაც აღნიშნული ცოდვის ჩამდენს, რადგან „ქურდის დამნახავი და მასთან ერთად მსრბოლი და მეძავთან წილის დამდები“ (შდრ. ფს. 49,18). თანაზიარი ხდება მზაკვრობისა, რის გამოც იგივე ეპიტიმია თანაშეეზომება მასაც.

41. ურჩობის მოყვარული ურჩთა ეპიტიმიით დაისაჯოს და მუხლდრეკანი აღასრულოს, ხოლო თუ ცოდვაში დაახანებს, ხმელისმჭამელობა განესაზღვროს.

42. ვინც ტრაპეზობისას საუბარს დაიწყებს და არ გაჩერდება მაშინაც კი, როდესაც შეახსენებს მას [მეტრაპეზე], რომ დაიდუმოს, ამგვარმა ვინმემ ფეხზე მდგომმა ჭამოს როგორც საღვთო საკითხავის შეურაცხმყოფელმა; თუ კვლავაც არ დადუმდება, ტრაპეზისგანაც განიდევნოს.

43. ვინც დღისით ვინმეზე განრისხდება და საღამომდე არ შეურიგდება მას, [ვისაც ეჩხუბა], შერიგებამდე უზიარებელი იყოს.

44. ვინც ტრაპეზობის გარდა დამატებით მალულადაც შეჭამს, იმარხულოს ორი დღე, რათა ისწავლოს, რომ არ უნდა შეეხოს „აკრძალულ ნაყოფს“.

45. ვინც ისაუბრებს ეკლესიაში, ეკლესიის მსახურთა გარდა [87], დუმილი ამცნონ მას, მაგრამ თუ არ დაცხრება, [50] მუხლდრეკა შეასრულოს ანდა ხმელი პური ჭამოს.

46. ვინც საღამოს საძინებელში საუბარს დაიწყებს და სხვებს დასვენების საშუალებას არ მისცემს, დადგეს და მუხლედად იმეტყველოსა [88] 50-ე ფსალმუნი.

47. ვინც თავის მხევალს სცემს ან განურისხდება და მშფოთვარებას შეამთხვევს, მას უნდა წაერთვას ეს მხევალი, რათა ისწავლოს ამგვარმა ვინმემ საკუთარი თავისადმი მსახურება, რადგან იგი „მოსულია არა იმიტომ, რომ ემსახურონ, არამედ ემსახუროს“, როგორც ეს ქრისტემ თქვა (მარკ. 10,45).

48. ვინც ტანსაცმელზე იტყვის: „ჩემია ეს სამოსი“, ან კიდევ სხვა რამეზე: „ჩემია ეს“, ანდა სხვაზე: „ჩემი ქონებაა ეს“, არ უარუყვია მას ეს სოფელი და ამ სოფლის საქმენი. ამიტომაც ესწავლოს მას [წინამძღვართაგან], რომ ყოველივე საერთოა და არაფერია საკუთარი, ხოლო თუ ამგვარი ვინმე კვლავ იმავეს განაგრძობს, განეყენოს იგი დანარჩენი ძმობისგან.

49. ვინც უჩვეულო რამ საჭმელსა და სასმელს, ანდა ისეთ კკრძს ეძიებს, რაც განსხვავებული იქნება ტრაპეზობაზე მოტანილისგან, თვით ეს ტრაპეზობაზე მოტანილიც აეკრძალოს მას, ვიდრე არ ისწავლის, რომ დაკმაყოფილდეს იმით, რაც საერთოა.

50. ვინც სხვებზე უფრო ახალ და უფრო მდიდრულ შესამოსელს ეძიებს, განიკანონოს როგორც თავმომწონე და გალამაზების მოწადინე.

51. ის, ვინც განეშორება მონასტერს ანუ გაიქცევა მისგან, უკან დაბრუნების შემდეგ [ეკლესიის] კარიბჭესთან დადგეს და ყოველ გამომსვლელს მუხლდრეკით შეუვრდეს, რომ ილოცონ მისთვის.

[დროის ხანგრძლივობით ნუ განსჯი და ნუ განაწესებ მონანულთა კანონს, არამედ - მათი გონების მხურვალების, წესიერებისა და დამწუხრებულობის შესაბამისად, ისევე როგორც მათი სინანულის საზომისამებრ. მაგრამ თუ ისინი კვლავ თავიანთ ცოდვებში დარჩებიან და იკამათებენ, შენ შენი თავი უდანაშაულო გამოაჩინე, ჰოი წინამძღვარო, და შენი სული გადაარჩინე და აცხოვნე უფღის მადლით, რომლისაც არის დიდება აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ].

-------------------------------------------------------------------------------------

 

[*1*] - ე.ი. რომლებმაც სხვათა უბედურების მაგალითზე გამოცდილება მიიღეს, უფლისკენ მოიქცნენ.

[*2*] - „სხეულებრივად განსწავლულიყვნენ“ - ე.ი. ხორციელ სასჯელთა, სატანჯველთა გზით ჭკუა ესწავლათ.

[*3*] - „თანამლმობელი“ - ე.ი. ჩვენი ტკივილების მიმღები (შდრ. όμοιοπαθης).

[*4*] - აღნიშნულ აბზაცში ექვთიმე ნაწილობრივ პერიფრაზუღად გადმოგვცემს ბასილის IX კანონს.

[*5*] - ბერძნულში ήλίθιος, რაც ნიშნავს „სულელს, უბადრუკს, ფუჭს, ჩლუნგს“. ჩვენ მივყვებით ექვთიმეს: „სხუანი არიან ბუნებით გრილნი“ (გვ. 104).

[*6*] - ბერძნულშია ტერმინი ίδιωσύνη (ამ ტერმინის შესახებ იხილე სქოლიო №60).

[*7*] - „სხვათა“ - ე.ი. მარხვათა, ლოცვათა, მუხლდრეკათა.

[*8*] - ექვთიმეს თარგმანში მღვდლობისგან დაყენება, მაგრამ ზიარების მიცემა ასეა განმარტებული: „...ვერღარა ჴელეწიფების მღდელობაჲ, ხოლო ზიარებისაგან ნუ დაეყენებიან, რამეთუ არა იქმნების ორი შურისგებაჲ ერბამად“ (გვ. 106).

[*9*] - ექვთიმეს თარგმანის B ნუსხაში ასეთი განმარტება გვაქვს: „წმიდათა მოციქულთასა, რომელსა ქართველნი «ვარდობისად» უწოდენ“.

[*10*] - იგულისხმება, რომ თუ ხსენებულთაგან რომელიმე არ იქნება ეკლესიაში შეშვებული, ყველასთვის ცხადი გახდება, რომ მან რაღაც მძიმე ცოდვა ჩაიდინა, ხოლო სხვების თვალწინ საკუთარი ცოდვილიანობის ამგვარი გამოაშკარავება თვით მცოდველისთვის ძალიან სასირცხვილო და ძნელად ასატანი იქნება.

[*11*] - კავებში ჩასმული ტექსტი, რაც აკლია ბერძნულ გამოცემას და რაც სრულიად აუცილებელია, ემატება სლავური (და ექვთიმესეული) თარგმანის მიხედვით (საკუთრივ ექვთიმესეული ტექსტი, როგორც ორიგინალის საყურადღებო გავრცობა, სრულად გვაქვს მოტანილი შესაბამის სქოლიოში).

 


სქოლიოები

 

[1] - აღნიშნული ძეგლის ავტორად წმ. ექვთიმეს თარგმანში დასახელებულია VI ს-ის ცნობილი მოღვაწე, კონსტანტინოპოლის პატრიარქი წმ. იოანე მმარხველი (582-595), თუმცა ბერძნული ტექსტის შემცველ X ს-ის ხელნაწერში და სლავურ თარგმანში ასეთი სათაური გვაქვს: „იოანე მონაზონისა და დიაკონის, დიდი ბასილის მოწაფის (ზედწოდებით „შვილი მორჩილებისა“) კანონარი, რაც დაწვრილებით განაწესებს ყველა ვნებისა და მათი შესაბამისი ეპიტიმიების, აგრეთვე წმინდა ზიარების, საჭმელთა, სასმელთა და ლოცვათა შესახებ მეტად ლმობიერად“ (იხ. გამოცემა: Morino: Commentarius historicux de discipliona in administratione sacramenti poenitentia, Parisiis 1651, p.101-107). საყურადღებოა, რომ უფრო გვიანდელ (XIII ს.) ბერძნულ ხელნაწერში, ისევე როგორც ექვთიმესეულ თარგმანში, ავტორად წარმოდგენილია „ღირსი მამა ჩვენი იოანე მმარხველი, რომელიც იყო პატრიარქი კონსტანტინოპოლისა“ (ამ ხელნაწერის ტექსტი ცნობილი გახადა პიტრამ. იხ. Pitra, Spicilegium Solesmense, t.IV, 1858, p.436-438). აღნიშნული ძეგლი მეცნიერულად გამოიკვლია და ქართულ-სლავურ თარგმანებთან ერთად გამოსცა ნ. ზაოზერსკიმ (ქართული ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ა.ხახანაშვილმა. იხ. Н.А. Заозерский, А.С.Хаханов, Номоканон Иоанна Постника в его редакциах: Грузинской, Греческой и Славянской, М. 1902), რომლის დასკვნებიც ასე ყალიბდება: წმ. ბასილი დიდის შემდეგ VI ს-ში წმ. იოანე მმარხველმა (კონსტანტინოპოლის პატრიარქმა) შეადგინა კანონიკური შრომები: (1) „მოძღვრება მონაზონთა მიმართ და ეპიტიმია ყოველი ცოდვისა“; (2) „მამათა მოძღვრება იმათ შესახებ, რომლებსაც მართებთ საკუთარ ცოდვათა აღიარება“. აღნიშნულ ძეგლებზე დაყრდნობით და იმავე სულით VIII-IX სს-ში რჯულმდებელ მოღვაწეს, იოანე მონაზონს შეუდგენია „სჯულისკანონი“ („ნომოკანონი“) ანუ „კანონარი“, რასაც მყისვე უდიდესი გავრცელება მოუპოვებია და მოძღვართა სახელმძღვანელოდ დამკვიდრებულა მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში. მოგვიანებით, კერძოდ, XI ს-ში ზემორე კანონიკური წყაროების მიხედვით, ამ პერიოდის სახელგანთქმულ მოღვაწეს იოანეს, ასევე „მმარხვვლად“ წოდებულს, შეუდგენია ვრცელი „კანონარი“. შესაბამისად, ის ძეგლი, რაც XI ს-ის მიწურულიდან სწორედ იოანე მმარხველის „კანონიკონად“ არის ცნობილი და რაც რთული შედგენილობის კრებულია, ნ.ზაოზერსკის დასაბუთებით ეკუთვნის არა VI ს-ის წმინდანს და კონსტანტინოპოლის პატრიარქს იოანეს, „მმარხველად“ წოდებულს, არცთუ VIII-IX სს-ის მოღვაწეს იოანე მონაზონს, არამედ XI ს-ის მონაზონს იოანეს, ასევე „მმარხველად“ წოდებულს. მართლმადიდებლურ ტრადიციაში არც წმ. იოანე მმარხველის (პატრიარქის) ნაშრომებს, არც XI ს-ის იოანე მმარხველის (მონაზონის) კანონიკონს არ მოუპოვებიათ იმგვარი საყოველთაო გავრცელებულობა, რაც შეიძინა VIII-IX სს-ის მოღვაწის იოანე მონაზონის (ზედწოდებით: „შვილი მორჩილებისა“) „სჯულისკანონს“. მეტიც, იმ ძეგლმა, რაც იოანე მმარხველის „კანონიკონადაა“ ცნობილი. არ დაიმსახურა მოწონება წმ. ნიკოლოზ კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (იხ. „ათენის სინტაგმა“, ტ.IV, გვ.425), მაშინ როცა ხსენებული იოანე მონაზონის (ზედწოდებით: „შვილი მორჩილებისა“) „სჯულისკანონი“ (უკეთ: „მცირე სჯულისკანონი“) მოძღვართა სახელმძღვანელოდ დამკვიდრდა მართლმადიდებლურ სამყაროში. აღნიშნული ნაშრომის განსაკუთრებული მნიშვნელობა, ცხადია, იმაშიც გამოიხატება, რომ მისი სახით ჩვენამდე მოაღწია უძველესმა მართლმადიდებლურმა პენიტენციალურმა კანონარმა. ამ ძეგლის ღირსება ნ.ზაოზერსკის ასე აქვს გამოკვეთილი: „ეს კანონარი იყო უდიდესი მნიშვნელობის მქონე (имел огромноа значение) აღმოსავლური ეკლესიის ეპიტიმიური სჯულისკანონის ჩამოყალიბების ისტორიაში“ (დასახ. შრომა, გვ.25). ხსენებული კანონარი განსაკუთრებით ავტორიტეტული გახდა მას შემდეგ, რაც ათონის წმინდა მთამ X ს-იდან მართლმადიდებლურ „სჯულისკანონად“ დააკანონა იგი. ნ.ზაოზერსკი შენიშნავს: „უნდა ვიფიქროთ, რომ ეს კანონარი არ შედგენილა ათონზე, არამედ იგი მიტანილი იქნა იქ ოდესღაც და X ს-ში აქ ჰქონდა მას ავტორიტეტი როგორც წმინდა მამის ნაშრომს“ (გვ. 33-34). იოანე მონაზონის „კანონარის“ ანუ „სჯულისკანონის“ საყოველთაო გავრცელებულობას და განსაკუთრებულ მართლმადიდებლურ ღირსებას ასე წარმოაჩენს ხსენებული მკვლევარი: „ამ კანონარს ჰქონდა უაღრესად ფართო გავრცელებულობა (весьма широкое распостранение) მეათე და, ალბათ უკვე თვით მეცხრე საუკუნის მიწურულისთვისაც არა მხოლოდ ბერძნულ, არამედ სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებშიც“ (გვ.15). აღნიშნული „სჯულისკანონის“ მართლმადიდებლურ სიწმინდეს და საღვთო მადლმოსილებას ადასტურებს მისი ზედმიწევნითი სლავური თარგმანიც, რაც, მკვლევართა დასაბუთებით, მიეკუთვნება ან საკუთრივ სლავების უწმინდეს განმანათლებლებს (или самими апостолами славян) ანდა მათ უახლოგს მოწაფეებს (или их ближайшими учениками) (იხ. ზაოზერსკის დასახ. შრომა. გვ.15-16). განსაკუთრებით მკვეთრი და უპირობო განაცხადი აღნიშნული „სჯულისკანონის“ როგორც მოძღვართათვის საყოველთაოდ დაკანონებული რჯულდებითი სახელმძღვანელოს შესახებ მოცემულია წმ. ექვითმე ათონელის წინასიტყვაობაში, სადაც ხსენებულ ძეგლთან დაკავშირებით ათონის წმინდა მთის განჩინება ასეა ფორმულირებული: „და აწ ყოველნი მოძღუარნი ამას წესსა ზედა განჰკანონებენ შეცოდებულთა“ (დასახ. გამოც. გვ.2). X ს-ის შემდეგ იოანე მონაზონის „კანონარის“ (იგივე „სჯულისკანონის“ ანუ „ნომოკანონის“) მნიშვნელობა მართლმადიდებლურ სამყაროში კიდევ უფრო იზრდება. მოვუსმინოთ კვლავ ნ.ზაოზერსკის: „უაღრესად ბევრი სიტყვა-სიტყვითი ამონაწერი ამ „კანონარიდან“ ჩვენ გვხვდება ნიკონ შავმთელის (XI ს.) სახელგანთქმულ წიგნში. X ს-ში... და XI ს-ში... რჯულდებითი კომპილაციების შედგენა იოანე მონაზონის „კანონარზე“ დაყრდნობით უკვე უაღრესად ჩვეულებრივი მოვლენა იყო. და კიდევ უფრო ჩვეულებრივი გახდა ეს პროცესი მომდევნო საუკუნეებში, როგორც ამას მოწმობს მსგავსი კომპილაციების შემცველი ბერძნულ-სლავური ხელნაწერების აღურიცხავი რაოდენობა, რაც კი ჩვენამდეა შემონახული“ (დასახ. გამოც. გვ.16). ყოველივე ზემოაღნიშნული, ვფიქრობთ, აშკარას ხდის იოანე მონაზონის „სჯულისკანონის“, როგორც სავალდებულო პენიტენციალური სახელმძღვანელოს, თარგმნის აუცილებლობას. თარგმნისას, უპირველესად, ვხელმძღვანელობდით ნ.ზაოზერსკის მიერ ხელახლა გამოცემული ბერძნული ტექსტით (X ს-ის ხელნაწერი). ვითვალისწინებდით, აგრეთეე, პიტრას მიერ აღმოჩენილი მეორე ბერძნული ხელნაწერის ვარიანტულ წაკითხვებს და სლავურ თარგმანს (აგრეთვე, თანმხვედრ ადგილებში ლათინურსაც), მაგრამ ბერძნულთან ერთად განსაკუთრებულ ანგარიშს ვუწევდით წმ. ექვთიმე ათონელის თარგმანს, რაც პირველად ა.ხახანაშვილმა გამოსცა (იხ. ზემოთ მითითება აღნიშნულ გამოცემაზე), მეორედ კი - ე. გიუნაშვილმა (მცირე სჯულისკანონი, გამოსაცემად მოამზადა ელგუჯა გიუნაშვილმა, თბ. 1972). ჩვენ ვეყრდნობით ე.გიუნაშვილის გამოცემას, რაც აკმაყოფილებს მეცნიერული პუბლიკაციის მოთხოვნებს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მცირეოდენ ხარვეზებს, არსებითად პუნქტუაციური ხასიათისას, აგრეთვე ლექსიკონის სიმწირეს და კვლევითი ნაწილის შეკვეცილობას. დავძენთ, რომ ბერძნული ტექსტის გამოცემაც საკმაოდ ხარვეზიანია, რადგან მას არ ერთვის ტერმინოლოგიური ლექსიკონი და თემატური საძიებელი, არა აქვს მითითებანი ბიბლიური ციტატების წყაროებზე (იგივე ვითარებაა ე.გიუნაშვილის პუბლიკაციაშიც) და სხვა. მიუხედავად აღნიშნული ხარვეზებისა, რაც მეორეხარისხოვანია, ყველა ზემოაღნიშნული ტექსტის (კერძოდ, ბერძნული ორიგინალისა და ქართულ-სლავური თარგმანების), როგორც უწმინდესი დოკუმენტების პუბლიკაციები უთუოდ მნიშვნელოვანია, რადგან მათ საფუძველზე შესაძლებლობა გვეძლევა, საქართველოს სამღვდელობასა და მორწმუნე მრევლს სრული სახით მივაწოდოთ იოანე მონაზონის მიერ VIII-IX სს-ში შედგენილი და საეკლესიო ტრადიციაში მართლმადიდებლურ სჯულისკანანად აპრობირებული პენიტენციალური სახელმძღვანელოს ანუ „შეცოდებულთა კანონების“ ახალი ქართული თარგმანი. დავძენთ, რომ ჩვენეული თარგმანი ეფუძნება ხსენებულ ბერძნულ ტექსტს, მაგრამ ამასთანავე კვადრატულ კავებში ([ ]) მოგვაქვს ყველა ის მნიშვნელოვანი დამატება, რაც საკუთრივ ექვთიმესეულ ტექსტში გვხედება (ზოგჯერ, მეტი გარკვეულობისათვის კავებში ვურთავთ სიტყვას; „ექვთიმე“) და რაც უდიდესწილად მიზნად ისახავს ბერძნულში ლაკონურად გამოთქმული აზრის უფრო ცხადად გადმოცემას; აღვნიშნავთ, რომ იგივე მიზანდასახულობა აქვს, აგრეთვე, ჩვენს თარგმანს (რომ ყოველი ფრაზა, ერთი მხრივ, გადმოვცეთ ორიგინალთან აზრობრივად ზედმიწევნით იგივეობრივი, მეორე მხრივ კი, მკითხველისათვის მაქსიმალურად გასაგები ტექსტით). დავძენთ, რომ ტეხილი ფრჩხილები () გამოყენებული გვაქვს კონტექსტით ნაგულისხმევი სიტყვის შემატებისას.

[2] - სახელწოდება იოანე მონაზონის შრომისა, ბერძნულის მიხედვით, არის „კანონარი“ (κανονάριον), რაც ნ.ზაოზერსკის აზრით ორი სიტყვის („კანონ“ და „ჰოროს“) გაერთიანებითაა მიღებული (დასახ. გამოც. გვ.33). ეს შეხედულება, რა თქმა უნდა, ძალიან საეჭვოა. ბერძნული ტერმინი „კანონარიონ“ ბოლო ნაწილში („არიონ“) გულისხმობს არა „ჰოროსს“ (όρος - საზღვარი, განჩინება, წესი), არამედ წარმოადგენს სუფიქსს, რაც სხვა ტერმინებშიც იჩენს თავს. კერძოდ: „პენტეკოსტე-პენტეკოსტარიონ“ (შდრ. აგრეთვე: „აპოსტოლარიონ“, „ილიტარიონ“და სხვა). შესაბამის სლავურ დასათაურებაში (გვ.58) „კანონარი“ გამოტოვებულია. რაც შეეხება ექვთიმეს თარგმანს, იგი, როგორც ცნობილია, ერთიან ბერძნულ ტექსტს სამ ნაწილად ჰყოფს, რომელთაგან პირველსა და მეორეს ეწოდებათ „კანონნი შეცოდებულთანი“, ხოლო მესამეს - „კანონნი დღითი-დღეთა ცთომათანი“, მაგრამ სამივე მათგანის გამაერთიანებელ სახელწოდებად გამოყენებულია ტერმინი „მცირედი რჩულისკანონი“. ექვთიმესეული ტექსტი, კერძოდ, ამგვარია: „მაიძულეს ღმრთისმოყუარეთა და სულიერთა ძმათა აღწერად მცირედი ესე რჩულისკანონი“. აღნიშნულ ტექსტზე ყურადღება გაამახვილა ე.გიუნაშვილმა (დასახ. გამოც. გვ.3), თუმცა მკვლევარს ზემორე ციტატა მოაქვს, როგორც ექვთიმეს მიერ შედგენილი მთელი რჯულდებითი კრებულის (ე.ი. VI მსოფლიო კრების კანონებისა და „სარწმუნოების ძეგლისწერის“ ჩათვლით) სახელწოდების დადასტურება, მაშინ როცა ხსენებული სიტყვები იოანე მონაზონისაა და მხოლოდ მის „კანონარს“ გულისხმობს. საზოგადოდ, ექვთიმე „რჩულისკანონს“ უწოდებს, აგრეთვე, VI მსოფლიო კრების მისეულ რედაქციასაც და მთელ კრებულსაც (იხ. ე.გიუნაშვილის მიერ მოტანილი ციტატები, დასახ. გამოც. გვ.3). საყურადღებოა, რომ მოტანილი ციტატა შედის ხსენებული კანონარის წინასიტყვაობაში, რაც, ცხადია, ბერძნულ-სლავურ ტექსტებსაც აქვთ და რისი ავტორიც იოანე მონაზონია. ამრიგად, სულიერ ძმათაგან „იძულებაზე“ საუბრობს არა ექვთიმე, არამედ ბერძენი ავტორი იოანე მონაზონი, მაგრამ საყურადღებო ისაა, რომ საკუთრივ ბერძნულში გამოთქმა „მცირედი რჩულისკანონი“ არ გვხვდება. ორიგინალის ტექსტი, კერძოდ, ამგვარია: „იძულება მივიღე მორწმუნეთა ერთი ნაწილისგან, წერილობით დამეტოვებინა ესენი“. ამრიგად, ბერძნულში ნაცვლად „მცირედი რჩულისკანონისა“ გვაქვს „ესენი“ (ταύτα; შდრ. სლავ. сиа). შესაბამისად, განსაზღვრება „მცირედი (ანუ „მცირე“) სჯულისკანონი“ იოანე მონაზონის ნაშრომის ექვთიმესეული შეფასებაა, რაც უაღრესად ზედმიწევნითია. ამავე გამონათქვამს იყენებს უკვე თვით ექვთიმე VI კრების კანონებისა და იოანე მონაზონის კანონარის მისეულ თარგმანზე დართულ ანდერძში (სრულად გამოქვეყნებულია ნ.ზაოზერსკისა და ა.ხახანაშვილის პუბლიკაციაში, გვ.92-96; შესაბამისი მონაკვეთი ციტირებულია და განმარტებულია ე.გიუნაშვილის მიერ, თუმცა ციტატა დასრულებული არ არის. იხ. „მცირე სჯულისკანონი“, გვ. 3): „ღირსვიქმენ მე, გლახაკი ესე და ნარჩევი ყოველთა მოწესეთაჲ, ეფთჳმე თარგმანებად ბერძულისაგან ქართულად მცირესა ამას რჩულისკანონსა, წმიდისა მის მეექუსისა კრებისა მიერ აღწერილსა და ყოვლადნეტარისა იოვანეს მმარხველისა მიერ კოსტანტინეპოლისა მთავარებისკოპოსისა განწესებულსა სასწავღელად და სარგებელად სულისა“ (номоканон, стр.94). როგორც ვხედავთ, მოტანილ ციტატაში „მცირე რჩულისკანონი“ ეწოდება როგორც VI მსოფლიო კრების კანონებს, ასევე იოანე მონაზონის კანონარს. ამავე ძეგლს „რჩულისკანონად“ იხსენიებს წმ. გიორგი მთაწმინდელიც: „რჩულისკანონი წმიდისა იოვანე მმარხველისაჲ“ (დამოწმებულია ე.გიუნაშვილის მიერ: „მც.სჯ.“, გვ.4. აღვნიშნავთ, რომ თავისთავად ტერმინი „სჯულისკანონი“ კალკია ბერძნული „ნომოკანონისა“, რომლის უადრესი დამოწმებანიც, ნ.ზაოზერსკის მითითებით, IX ს-ზე ადრინდელი არ არის. იხ. დასახ. გამოც. გვ.19. შენ. 2) ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე ცხადი ხდება, რომ ბერძნულ „კანონარს“ ექვთიმე და გიორგი თარგმნიან „რჩულისკანონად“, რაც კონკრეტულად იოანე მონაზონის შრომასთან დაკავშირებით ბუნებრივად ითავსებს ეპითეტს „მცირედი“, „მცირე“, რის გამოც ჩვენეულ თარგმანსაც ნაცვლად ბერძნული „კანონარისა“ ექვითმესეულ „მცირე სჯულისკანონს“ ვუწოდებთ.

[3] - „კაცთმოყვარეობას კაცთმოყვარეობაში“ - შდრ. ბერძნ. έν φιλανθρώπω φιλανθρωπιαν.

[4] - „შიმშილით“ - ბერძნულის ძირითად ტექსდშია λοιμός (წყლული), თუმცა პიტრას გამოცემის ვარიანტია λιμός (შიმშილი), რასაც ეთანხმება ექვთიმეს ტექსტიც: „სიყმილითა წუართნა“.

[5] - შდრ. έπιτίμιον („ეპიტიმია, სასჯელი“); შდრ. სლავ. наказание.

[6] - „მთელი თავისი სულისმიერი წადიერებით“ - შდრ. όλοψύχω διαθέσει (სიტყვ. „მთელსულიერი წადიერებით“).

[7] - შდრ. ექვთიმე: „ტანჯვათაგან აქავე თავისუფალ ვიყვნეთ“.

[8] - „გამოსაცდელად კრძალულებისა“ - είς βασανόν παραφυλακής (შდრ. ექვთიმე: „კანონად სინანულისა“).

[9] - „მტკიცედ დაუკანონა ყველას“ - ბერძნულის ძირითად ტექსტს (მორინოს გამოცემას) ეს სიტყვები აკლია. მაგრამ არის პიტრას ვარიანტებში (შესაბამისი ადგილი დაცულია ექვთიმესთანაც, თუმცა ამ უკანასკნელთან „დამკანონებლებად“ საკუთრივ მოციქულები იგულისხმება: „ძლიერად დააკანონეს“).

[10] - „სოფლისმხსნელი“ - შდრ. ექვთიმე: „ყოვლისა სოფლისა მოძღუართა“ (ბერძნ. κοσμοσώστων).

[11] - „შვიდი მნათობი“ - არის ბერძნულ-სლავურში (შდრ. ეს უკანასკნელი: „воздвиже 7 сверил церковны“). არ არის ექვთიმესთან, სადაც ზოგადი ხასიათის ტექსტია: „აღადგინნა მნათობნი ეკლესიისანი წმიდანი მღდელთმოძღუარნი“. იოანე მონაზონი, სამწუხაროდ, არ აკონკრეტებს, თუ კონკრეტულად ვის გულისხმობდა იგი შვიდ მნათობში (გარდა ბასილი დიდისა). ამ მხრივ არავითარი კომენტარი არა აქვს მოცემული არც ნ.ზაოზერსკის.

[12] - „უთანალმობიერეს მესჯულეს“ - შდრ. κανονιστήν συμπαθέστατον (შდრ. სლავ.: правилнкина милостивного). ბასილი როგორც ულმობიერესი კანონისტი ანუ მესჯულე ექვთიმეს თარგმანში გავრცობილი ტექსტით ცხადდება; „...და შორის მათსა (შვიდ მნათობში, ე.ჭ.), ვითარცა ვარსკულავი ბრწყინვალე, წმიდათ და ნეტარი ბასილი კესარიელ მთავარებისკოპოსი და უბრძანა (უფალმა, ე.ჭ.) მას კუალად აღწერაჲ კანონთაჲ მათ წყალობით“.

[13] - „გაანახევრა“ - μεσάσας (ზმნიდან μεσάζω, რასაც აქტივის გაგება, ჩვეულებრივ, არა აქვს). შდრ. სლავ. преполовль; შდრ. ექვთიმე: „განაზოგნა“.

[14] - „ათი“ - ბერძნულ გამოცემაშია „თერთმეტი“ (ένδεκα), თუმცა ექვთიმესთან გვაქვს გაცილებით ზუსტი „ათი“, რასაც მხარს უჭერს სლავურიც.

[15] - „წყევლა-მრისხანებით არ აღვსილიყვნენ“ - ამგვარად გადმოვცემთ რთულად სათარგმნ ზმნას καταραθυμώσι (κατάρα - „წყევლა“; θυμόω - „მრისხანება“).

[16] - „დიდი შემცირებით შეამცირეს წლები“ - შდრ. ექვთიმეს თავისუფალი თარგმანი: „უმეტესად აღასუბუქნეს ჟამნი (=წელნი, ე.ჭ.) იგი უზიარებლობისანი“.

[17] - „მხოლოდ სამი წლით“ - შდრ. έν μόνοις τρισίν έτεσιν (შდრ. სლავ.: в тре токмо лете). იოანე მონაზონის მითითება საეკლესიო მოძღვართა კანონებზე, სადაც ეპიტიმიები სამ წლამდეა შემცირებული, ნ.ზაოზერსკის აზრით უნდა გულისხმობდეს წმ. იოანე მმარხველის (კონსტანტინოპოლის პატრიარქის) კანონებს, რომელთა მიხედვითაც მოგვიანებით წმ. თეოდორე სტუდიელიც (VIII-IX სს.) მსგავს ეპიტიმიებს გვაწვდის. მაგალითად, წმ. თეოდორეს მეჩვიდმეტე კანონი გვამცნობს: „მკვლელი კანონის მიხედვით სიკვდილით ისჯება, ბასილი დიდმა კი თხუთმეტწლიანი ტირილი განუსაზღვრა მას, ცხრა საათის შემდეგ ხმელისმჭამელობით და უზიარებლად. მაგრამ ჩვენ სამწლიანი დროით განვაწესებთ ამ კანონს, თუ ცოდვილი შეინანებს და იღვაწებს, მაგრამ თუ გულმოდგინებას არ გამოიჩენს, მაშინ თხუთმეტი წელი აღასრულოს თანახმად დიდი ბასილისა“. ასევე, მის მეთვრამეტე კანონში ვკითხულობთ: „მრუშობის ჩამდენი მკვლელის მსგავსია, რადგან მოყვასის ცოლის მიმართ ბოროტმზრახველობს და ორლესული მახვილით მოქმედებს, აღასრულებს რა განყოფას. თუმცა, როცა წმინდა ბასილიმ თხუთმეტი წელი განუსაზღვრა მას, ცხრა საათის შემდეგ ხმელისმჭამელობით, ჩვენ ორწლიან უზიარებლობას განვუწესებთ, სრული ხმელისმჭამელობით და ყოველდღიური 200 მუხლდრეკით“.

[18] - „ერთნი - სასჯელთა გამკაცრებულობით, მეორენი - სრული დაუსჯელობით“ - შდრ. ექვთიმე: „ანუ უზომოჲთა სიფიცხითა კანონთაჲთა, ანუ კუალად ფრიადითა აღსუბუქებითა და უკანონებლობითა“.

[19] - „იმოძღვრებენ“ - ბერძნ. είσδεχόμενοι (აქ: „აღსარების მიმღებნი“). ჩვენ, ექვთიმეს კვალობაზე, ბერძნულ δεχόμενος-ს ან άναδεχόμενος(“მიმრქმელს“) არაიშვიათად ვთარგმნით „მოძღვრად“.

[20] - აქ „მავანში“ იგულისხმება ესა თუ ის მოძღეარი, აღსარების მიმღები.

[21] - „ამათვე შედეგად... წარწყმედა“ - შდრ. ექვთიმე; „და თუ ვითარ... იქმნების ამის საქმისაგან ოდენ წარწემედაჲ, დაღაცათუ სხუანი ცოდვანი არა აქუნდენ“. მოტანილ ადგილას ხაზგასმაა აღსარების მიმღების ანუ მოძღვრის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე საკუთარი თავის მიმართაც. კერძოდ, თუ მოძღვარი ღირსეულად უმკურნალებს და მოვალეობის დიდი გრძნობით მოეკიდება აღმსარებელს, რაც ამ უკანასკნელისთვის ცხონების მიზეზად იქცევა, ამგვარი ქმედებით ხსენებული მოძღვარიც გათავისუფლდება თავისი ცოდვებისგან, მაშინ როცა სხვა მოძღვარი, თუნდაც თავისი პირადი ღვაწლით განწმენდილი, უკეთუ უგულისყურობას გამოიჩენს მონანულისადმი, მხოლოდ ამგვარი ქმედებითაც კი (სხვა ცოდვების გარეშე) წარიწყმედს თავს.

[22] - „ამათია“ - ე.ი. აღსარების მიმღებთა კუთვნილებაა.

[23] - „თუნდაც მცირედი... განმკითხველობისა“ - ეს მონაკვეთი ექვთიმეს თარგმანში ასეთია: „შევჰკრებ... უმეტესად გამოცდილებისაგან და გულისჴმისეოფისა სულიერისა მის მოძღურისა ჩემისა, რომელმან აღმზარდა, რომელი-იგი სანთელი იეო განკითხვისა და მეცნიერებისაჲ, რომლისაგან ყოველი სულიერი სწავლაჲ მისწავიეს, დაღაცათუ საქმით ვერ უძლე (=საქმით ვერ შევძელი, ე.ჭ.) სწავლათა მათ აღსრულებად“.

ძნელი სათქმელია, თუ ვის გულისხმობს ძეგლის ავტორი თავის სულიერ მოძღვარში. ალბათ, აქ ნაკლებად უნდა იგულისხმებოდეს ისტორიული მოძღვარ-მოწაფეობა. იოანე მონაზონი, შესაძლოა, მიგვანიშნებდეს კვლავ ბასილი დიდზე, რომლის სულიერ მოწაფედაც წარმოგვიდგენს იგი თავის თავს.

[24] - „მამათაგან“ - ბერძნული ტექსტის გამოცემაში შესატყვისი არა აქვს, მაგრამ დამოწმებულია ექვთიმესთან და სლავურ თარგმანში.

[25] - „თუ ვინმე სქემის მიღებისას ითხოვდა ღვთისგან რასმე, მიიღებდა კიდეც“ - ბერძნული ტექსტის მორინოსეულ პუბლიკაციაში აღნიშნული ადგილი ასე იკითხება: „ღვთისგან ხდება მიღება ნათხოვნისა“; პიტრასეულ ვარიანტში „სქემა“ (σχήμα) იჩენს თავს, თუმცა წინადადება გაუმართავია. გვაქვს, კერძოდ, ასეთი ტექსტი: „ღვთისგან სქემის მიღებისას უნდა მეთხოვა“. ექვთიმეს თარგმანი სავსებით ცხადია: „ჟამსა მას სქემის კურთხევისასა რაჲცა ვინ სარწმუნოებითა შეუორგულებელითა ითხოოს ღმრთისაგან, მიეცემის“. სლავური თარგმანი სწორედ ექვთიმესეულთან დგას ახლოს (от бога приимати, еж аиме кто святую приемля вопроси скымы).

[26] - „მხურვალე“ - ბერძნული ტექსტის გამოცემაში გვაქეს არარსებული სიტყვა διαπείρω. ექვთიმესეული თარგმანის „მჴურვალითა“ და სლავურის теплою მიგვითითებს, რომ ორიგინალის თავდაპირველ ტექსტში უნდა გვქონოდა διαπύρω.

[27] - აქ ბერძნულ ტექსტში გვაქვს ვიღაც გვიანდელი რედაქტორის თუ გადამწერის მინაწერი: „აქ არის დასასრული მშვენიერი შესავლისა“. ეს მინაწერი არ გვხვდება არც ექვთიმესთან, არც სლავურ თარგმანში.

[28] - „ყოველ მოძღვარს“ - ბერძნული სიტყვა-სიტყვით ასე ითარგმნება: „თითოეულს ამათ (აღსარებითა, ე.ჭ.) მიმღებთაგან (δεχομένων)“. როგორც უკვე აღნიშნული გვაქვს, δεχόμένων („მიმღები“), ექეთიმეს კვალობაზე, არაიშვიათად გადმოგვაქვს ზედმიწევნითი აზრობრივი შესატყვისით „მოძღვარი“ (შდრ. მოცემული ადგილი ექვთიმეს თარმანში: „ვითარ ჯერ-არს გამოძიებაჲ და გამოწულილვაჲ მოძღუარსა, რომელი შეიწყნარებდეს აღსაარებათა“, გვ. 92).

[29] - „მოძღვართა“ - άναδεχομένων (შდრ. აღნიშნული კონტექსტის ექვთიმესეული თარგმანი: „თუ ვითარ თანა-აც შეცოდებულთა აღსაარებაჲ და მათდა კანონსა, მოძღურისაგან მიცემულსა, მითუალვად“).

[30] - „პირუტყვქმნილობა“ - κτηνοβατία აღნიშნულ ტერმინს ექვთიმე ასე თარგმნის: „პირუტყუთა თანა დაცემაი“. ჩვენ, ტერმინოლოგიური თვალსაზრისით, ვამჯობინებთ წმ. არსენ იყალთოელის შესატყვისს „პირუტყუქმნილობაჲ“ (შდრ. „დიდი სჯულისკანონი“: „პირუტყუთა თანა პირუტყუქმნილთა მამათა გინა დედათათჳს... ეგერ-გჳჩნდა, რაჲთა ათხუთმეტ წელ შეუვრდებოდინ“, თბ. 1975, გვ. 239; ანკვირიის კრების XVI კანონი).

[31] - „ერთი ხელით“ - იგულისხმება: „ერთი ადამიანის ხელით“ ანუ მხოლოდ იმის ხელით, ვინც ამ ცოდვას სჩადის. ამიტომ გვაქვს ექეთიმესთან „თავისი ხელით“ („თჳსითა ჴელითა“).

[32] - „საღვთო და ადამიანური ცოდნის კვალობაზე“ - იგულისხმება, რომ აღსარების მიმღებმა მოძღვარმა ამ ცოდვის შესახებ შეიძლება იცოდეს ან „ადამიანური ცოდნის კვალობაზე“, ესე იგი საკუთარი ცოდვილი გამოცდილებიდან, ანდა „საღვთო ცოდნის კვალობაზე“, ესე იგი სამოძღვრო, სამღვდელო ცოდნის გზით ანუ აღსარებათა ჟამს ნაუწყებით, რაც მხოლოდ მოძღვართა ცოდნაა.

[33] - ეს სიტყვები „კლემაქსიდან“, რისი წყაროც ბერძნულ-ქართული ტექსტების გამომცემლებს მითითებული არა აქვთ, ექვთიმესეულ ტექსტში ასეთი სახისაა: „საწყალობელ არს, რომელი დაეცემოდის, ხოლო უსაწყალობელეს არს, რომელი მეორესა მომატეუებელ ცოდვისა ექმნებოდის, რამეთუ ორთავე დაცემათა და მოძღურებისა მის ბოროტისა სიმძიმე მას უტჳრთავს“. ცნობილია, რომ წმ. იოანე სინელის „კლემაქსი“ იმავე ექვთიმე ათონელმა მთლიანად თარგმნა ქართულად. აღნიშნულ თარგმანში ზემორე სიტყვები, რაც ეკუთვნის მე-15 თავს სათაურით „სიწმიდისა და ქალწულებისათჳს“, ასეთი სახისაა: „საწყალობელ არს, რომელი დაეცეს, ხოლო უსაწყალობელეს არს, რომელმან მეორესაცა მოატყუას დაცემაჲ, რამეთუ ორთავე დაცემისა და გულისთქუმისა სიმძიმე იტჳრთოს“ (საქ. ეკლ. კალენდ., 1986, გვ. 333). გამომდინარე იქიდან, რომ ექვთიმეს საკმაოდ სჩვევია უკვე თარგმნილი ძეგლების ციტირებანი, შესამჩნევი სხვაობა ზემორე ტექსტებს შორის, ალბათ, უფრო იმაზე მიგვითითებს, რომ „მცირე სჯულისკანონის“ თარგმნა-შედგენის დროს ხსენებულ მოძღვარს „კლემაქსი“ ჯერ კიდევ თარგმნილი არ უნდა ჰქონოდა. დავძენთ, რომ საზოგადოდ „კლემაქსის“ დამოწმება აღნიშნულ კანონარში კვლავაც იმას ადასტურებს, რომ ხსენებული კანონარი არ ეკუთვნის VI ს-ის ბოლო მეოთხედის მოღვაწეს წმ. იოანე მმარხველს, რადგან წმ. იოანე სინელი მასზე უმცროსია (გარდაიცვალა VII ს-ის პირველ მეოთხედში), თანაც ამ უკანასკნელის შრომა ასე მყისიერად ვერ მოიპოვებდა იმგვარ გაერცელებას და ისეთ ავტორიტეტულ ძეგლად დამკვიდრებას, რომ რჯულდებით შრომაში ყოფილიყო საგანგებოდ ციტირებული.

[34] - „მაცთუნებლობა“ - ბერძნულში გვაქვს იშეიათი ტერმინი μαυλισία, რაც ნიშნავს მსიძავ მამაკაცსა და მეძავ ქალთა შორის შუამავლობას (μαυλίς - შუამავალი, მაჭანკალი), სიძვისთვის ხელისშეწყობას, მაცთუნებლობას. ექეთიმესთან შესატყვისად არის „მატყუებლობაჲ“.

[35] - „დიდსქემოსანი“ - შდრ. μεγαλόσχημος (შდრ. სლავ.: велиции скиници). ძალიან საყურადღებოა, რომ ექვთიმესთან შესატყვისია „სქემოსანი“ („ეგრეთვე სქემოსანი მონაზონი გინა ენკრატისი სადაცა დაეცნენ, მრუშებაი არს“). აღნიშნული გარემოება, სხვა ასპექტებთან ერთად, უეჭველად იმას გვიდასტურებს, რომ ექვთიმესეული თარგმანი იცავს იოანე მონაზონის „კანონარის“ უფრო ადრეულ რედაქციას, ვიდრე ჩვენამდე მოღწეული ბერძნული ხელნაწერები ან სლავური თარგმანი. საქმე ისაა, რომ დიდ და მცირე სქემად დაყოფა გვიანდელი მოვლენაა და ადრეულმა სამონაზვნო ტრადიციამ ამგვარი რამ არ იცის. საყურადღებოა, რომ როდესაც ერთგან ნ.ზაოზერსკი ასაბუთებს უძველესობას თხზულებისას „მამათა მოძღვრება იმათ შესახებ, რომლებსაც მართებთ საკუთარ ცოდვათა აღიარება“ (ამ თხზულების შესახებ იხ. ზემოთ, შენ. 1), აღნიშნავს: „ამის (უძველესობის, ე.ჭ.) ერთადერთ დაბრკოლებად რჩება ადრევე მითითებული ანაქრონიზმი იოანე მმარხველის „ნომოკანონისა“, რაც (ეს ანაქრონიზმი, ე.ჭ.) თავს იჩენს ხსენებულ „მამათა მოძღვრებაშიც“, კერძოდ - „მცირე და დიდი სქემის“ მონაზონებად გაყოფა: μικρόσχημοι და μεγαλόχημοι (გვ.39). შემდეგ, სქოლიოში აღნიშნულია: „ეს ანაქრონიზმი მითითებული იყო ჯერ კიდევ ბინტერიმის მიერ, რომელიც წმ. თეოდორე სტუდიელის მე-12 კანონზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ სამონაზვნო სქემათა ამგვარ გაყოფას არ ცნობდა არცერთი ავტორი IX საუკუნემდე“ (იქვე). თუ ზემორე მონაცემს დავეყრდნობით, აშკარაა, რომ ბერძნულ-სლავური ტექსტების ტერმინი „დიდსქემოსანი“ (ან ცოტა ქვემოთ: „დიდსქემოსანი“ და „მცირესქემოსანი“) ამ ტექსტებში დაცულ რედაქციას IX-X სს-ისად წარმოგვიჩენს, მაშინ როცა ექვთიმესეული თარგმანი, რომელშიც არც ამჯერად და არც შემდეგში არავითარი კვალი არაა დიდ და მცირე სქემებად დაყოფისა, უთუოდ იოანე მონაზონის „კანონარის“ თავდაპირველ, ე.ი. IX ს-მდელ რედაქციას იცავს. ქართული ტექსტის ეს მნიშვნელოვანი მონაცემი არ გაუთვალისწინებია ნ.ზაოზერსკის, თუმცა იგი, როგორც ვნახეთ, საგანგებოდ მსჯელობს მონაზონთა დიდ და მცირე სქემებად დაყოფის გვიანდელობაზე. აღნიშნული ფაქტი (სხვა მონაცემებთან ერთად) სამწუხაროდ ადასტურებს, რომ ხსენებულ მკვლევარს საერთოდ არ შეუსწავლია ქართული ტექსტი (რომლის მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი რუსული თარგმანი ა.ხახანაშვილს წარმოდგენილი აქვს ძველი ქართული ტექსტის პარალელურ სვეტში). სხვათაშორის, ამითვე აიხსნება ისიც, რომ ნ.ზაოზერსკი ექვთიმისეულ ტექსტს მიიჩნევს ბერძნული კანონარის „სიტყვა-სიტყვით თარგმანად“ (буквальный перевод, стр. 25). ამგვარი რამ მხოლოდ იმას შეუძლია განაცხადოს, ვისაც ზერელედაც კი არ გადაუკითხავს ექვთიმეს ტექსტი, რომელიც შორს დგას „სიტყვა-სიტყვითი თარგმანისგან“. აღნიშნულის გამო, ცხადია, არაზუსტია აზრი ნ.ზაოზერსკისა და ა.ხახანაშვილის თანამშრომლობის შესახებ ქართული ტექსტის რუსულად თარგმნის საქმეში (ეს აზრი გამოთქმულია ნ.ქაჯაიას მიერ. იხ. ნ.ქაჯაია, ბასილი კესარიელის თხზულებათა ძველი ქართული თარგმანები, თბ. 1992, გვ. 161). ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავის მხრივ არც ა.ხახანაშვილს შეუსწავლია პარალელურ სვეტებად გამოცემული ბერძნულ-სლავური ტექსტები და იგი, ჩვენი აზრით, არც ნ.ზაოზერსკის გამოკვლევას გასცნობია საფუძვლიანად, თორემ შეუძლებელია, რომ მას ზაოზერსკისთვის არ ეცნობებინა ქართული ტექსტის არქაულობა სქემოსნობის ნიშნით (იხ. აგრეთვე მომდევნო შენიშვნა). წინამდებარე თარგმანში ჩვენ ვიცავთ ბერძნულ-სლავური ტექსტების ვითარებას გამომდინარე იქიდან, რომ ექვთიმესეულ მონაცემს დღეისათვის მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა აქვს და არა პრაქტიკული, რადგან დიდ და მცირე სქემებად დაყოფა IX-X სს-იდან მოკიდებული დღემდე არსებობს. აღვნიშნავთ, რომ დიდ და მცირე სქემათა შეტანა იოანე მონაზონის „კანონარში“ სწორედ პრაქტიკული აუცილებლობით განისაზღვრებოდა, რადგან ამგვარი რამ ბერმონაზვნობაში უკვე დამკვიდრებული იყო, კანონიკურ ძეგლს კი სწორედ მოქმედ რეალობასთან უნდა ჰქონოდა შესაბამისობა (და არა წარსულში არსებულ მოვლენასთან) (აღნიშნულ საკითხზე იხ. აგრეთვე ქვემოთ სქოლიოები: 46; 59).

[36] - „თექვსმეტ წლამდე“ - ბერძნული ტექსტის შემცველ ორივე ხელნაწერში არის „თორმეტ წლამდე“ (πρό τών δώδεκα χρόνων). ა.ხახანაშვილს ქართული ტექსტის ძირითად წაკითხვად მიუჩნევია „ათერთმეტი წელი“ („პირველ ათერთმეტისა წლისა“), თუმცა სქოლიოში შენიშნავს, რომ A და B ნუსხებში არის არა „ათერთმეტი“ არამედ „ათექუსმეტი“. ეს უკანასკნელი მონაცემი ა.ხახანაშვილს ნაკლებ მართებულად ეჩვენება („ათექუსმეტისა A და B - чтение менее вероятное, стр. 24, прим. 57). აქაც კვლავ დასტურდება ჩვენს მიერ წინა სქოლიოში (№35) გამოთქმული აზრი, რომ ა.ხახანაშვილი, როგორც ჩანს, მხოლოდ ქართული ტექსტის პუბლიკაციით შემოფარგლულა და საერთოდ არ გასცნობია იქვე პარალელურ სვეტებად დაბეჭდილ ბერძნულ-სლავურ ტექსტებს. საქმე ისაა, რომ სლავურში სრულიად გარკვევით იკითხება „თექვსმეტი“ (და არა „თერთმეტი“); „пре шестинадеся лет“ (стр. 25). ამრიგად, ექვთიმესეული და სლავური ტექსტების დამთხვევა გვიდასტურებს, რომ ბერძნული ტექსტის თავდაპირველი წაკითხვა უნდა ყოფილიყო არა „თორმეტი“, არამედ „თექვსმეტი“. რაც შეეხება ა.ხახანაშვილის „ათერთმეტს“, გამოცემიდან არ ჩანს, ეს რიცხვი უშუალოდ მკვლევარს ეკუთვნის (ე.ი. თვით ა.ხახანაშვილმა შეცვალა ხელნაწერთა „ათექუსმეტი“ „ათერთმეტით“, თავისი მოსაზრების კვალობაზე), თუ რომელიმე გეიანდელი ნუსხის შეცდომასთან გეაქვს საქმე. ექვთიმესეული თარგმანის და სლავურის „თექვსმეტი“ თვით ბერძნულითაც დასტურდება ქვემოთ (იხ. სქოლიო 62).

[37] - „მამათბორგნეული კაცთმესაწოლეები“ - ტერმინი „მამათბორგნეული“ გადმოსცემს ბერძნ. „άνδρομάνης“-ს, რაც ნიშნავს მამაკაცთა მიმართ ცოფიანი ჟინით, მანიით, ანუ, ძველი ქართულით, „ბორგნეულობით“ განმსჭვალულს, ხოლო „კაცთმესაწოლე“ - „άρσενοκίης“-ს.

[38] - „ნათლულის დედას“ ბერძნულად ეწოდება σύντεκνος, συντεκνισσα, რაც ექვთიმესთან უთარგმნელადაა გადმოტანილი (შდრ. „აქუმულისა მის დედაჲ სჳნდიკნოზი“; „რომელი სჳნდიკნოზსა თანა დაეცეს, რვა წელი განწესებულ არს კანონი მისი“ და სხვა). აღნიშნული ბერძნული სიტყვა კალკირებულად ნიშნავს „თანამშობელს“, რაც ხაზს უსვამს იმ აზრს, რომ ნათლულის ხორციელი მშობელი და სულიერი მშობელი ერთმანეთისადმი „თანამშობლები“ ანუ „სჳვნდიკნოზები“ არიან (შდრ. ე.გიუნაშვილის გამოცემაზე დართული ლექსიკონი, ტერმინი „სჳნდიკნოზი“, გვ.143).

[39] - ნახევარდასთან და დედინაცვალთან შეცოდება ბერძნულ-სლავურის მიხედვით 12 წლით ისჯება, ექვთიმეს მიხედვით კი - მრუშობის კანონით ანუ 15 წლით.

ბასილი დიდის კანონების მიხედვით, რაც „დიდ სჯულისკანონშია“ დაცული, დასტურდება 12 წელი (იხ. 75-ე და 79-ე კანონები).

[40] - ღვიძლ დასთან აღრევისათვის ბასილი დიდის კანონი, ექვთიმეს მსგავსად, კაცისკვლის სასჯელს განაჩინებს (67-ე კანონი).

[41] - ტერმინ „მთავარდიაკონს“, რაც მოხმობილია ექვთიმეს მიერ, ორიგინალში შესატყვისად აქვს: ό έμβαθμος διαάκονος.

[42] - ექვთიმე განმარტავს, თუ რატომ განესაზღვრება მღვდლისა და მთავარდიაკონის ცოლთან შემცოდეს კაცისკვლის კანონი: „რამეთუ [ეს შემცოდე] მეუღლეთა მათთა (ე.ი. მღვდლისა და მთავარდიაკონის, ე.ჭ.) მკლველ არს, რამეთუ უკუეთუ მიერითგან ხუცესი იგი ანუ დიაკონი ცოლსა თჳსსა თანა მივიდეს, მღდელობისაგან განიკუეთების და მემრუშესა მას კაცისკლვისა კანონი დაესაჯების“ (ე.გიუნაშვილის, გამოც. გვ. 97).

[43] - კერძოდიაკონთან ან მედავითნესთან დაკავშირებული მუხლი ბერძნულში ძალიან ხარვეზიანია. გვაქვს მხოლოდ შემდეგი გაუგებარი ფრაზა: „რადგან წიგნისმკითხველისა“. აღნიშნული სიტყვები უნდა იყოს ფრაგმენტი კერძოდიაკონის ან მედავითნის ცოლებთან დაკავშირებული მუხლისა, რაც ექვთიმესთან სრულადაა დაცული და რაც, ამჯერად, ძირითად ტექსტში შევიტანეთ, რადგან იგი არსებითად სლავურ თარგმანშიც დასტურდება (შესაბამისად, უთუოდ იქნებოდა თავდაპირველ ბერძნულ ტექსტშიც). სლავური თარგმანი, კერძოდ, ამგვარია: (Аиме кто ... еже четца жену - 21 (16) лет заповедано бы, иако беспреспевания пребываюшу четую (стр.31)).

[44] - იგულისხმება, რომ მამათმავლობის ორი სახესხვაობა (ერთი - სხვისგან განცდა; მეორე - სხვისადმი მოქმედება) ცალ-ცალკე 15-15 წლიან სასჯელს გულისხმობს (შდრ. ბასილი დიდის 62-ე კანონი, სადაც მამათმავლობას, სახეობათა მიუხედავად, 15 წელი ანუ მრუშობის კანონი განესაზღვრება). მაგრამ პიროვნება, რომელიც ორმაგად სჩადის მამათმავლობას (ე.ი. სხვისგანაც განიცდის და სხვაზეც მოქმედებს), ოცდაათი წლით განკანონდება ანდა მეტითაც, რადგან ორივე სახეობის ჩამდენი ერთი და იგივე პიროენებაა, რაც მის ცოდვილიანობას ზრდის და რაც განკურნებისათვის 30 წელზე მეტ ჟამს საჭიროებს.

[45] - როგორც აღნიშნული გვაქვს, აქაც და სხვაგანაც კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმული ტექსტები მხოლოდ ექვთიმესეული თარგმანის კუთვნილებაა - და მისგან ვურთავთ ხსენებულ ტექსტში.

[46] - „დიდსქემოსან... მცირესქემოსან“ - ბერძნულთან ერთად ასევეა სლავურშიც: велицы скимници ... малы скимкик (с. 22). ექვთიმეს თარგმანმა, როგორც აღვნიშნავდით (იხ. ზემოთ სქოლიო 35), სქემათა ამგვარი დაყოფა არ იცის, რაც უადრესი სამონაზვნო ტრადიციის ამსახველია და რაც ასევე იქნებოდა ბერძნული ტექსტის თავდაპირველ რედაქციაში. ექვთიმესთან, კერძოდ, ეკითხულობთ: „ეგრეთვე მონაზონთა და ენკრატისთა სქემოსანთაჲ, ხოლო უსქემოთაჲ სიძვით დაცემაჲ შჳდ წელ განიკანონების“ (გვ.98). როგორც ვხედავთ, გვიანდელი ეპოქის „დიდსქემოსანი“ შეესაბამება ადრეული ეპოქის ამსახველი ექვთიმესეული ტექსტის „სქემოსანს“, ხოლო „მცირესქემოსანი“ - „უსქემოს“. იგივე ვითარება გვაქვს „დიდთა კურთხევათა“ წმ. გიორგი მთაწმინდელისეულ თარგმანში, სადაც, ერთი მხრივ, მოცემულია „კურთხევაჲ მონაზონისაჲ“ (იხ. „დიდნი კურთხევანი“, თბ. 2002, გვ.169-172), მეორე მხრივ კი - „წესი და განგებაჲ წმიდისა და ანგელოზებრივისა სქემისაჲ, თქუმული წმიდისა ბასილი დიდისაჲ“ (იქვე, გვ.172-195). დავძენთ, რომ აღნიშნულ „სქემას“ შეიძლება ეწოდებოდეს „დიდი“, მაგრამ ამგვარი წოდება არაიშვიათად მხოლოდ ეპითეტურია და არ გულისხმობს პარალელურად „მცირე სქემას“. მაგალითად, როგორც ცნობილია, ექვთიმემ თარგმნა „სქემის კურთხევა“, სადაც ამ სქემას ეწოდება „დიდი“ („განგებაჲ მათ ზედა, რომელთა მოაქუნდეს დიდი სქემაჲ“), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმავე ექვთიმეს „მცირე სქემის განგებაც“ ეთარგმნოს (იხ. „დიდნი კურთხევანი“ გვ.6) (იხ. აგრეთვე სქოლიო 59).

[47] - პავლე მოციქულის აღნიშნული სიტყვები ექვთიმესგან ასეა ციტირებული: „არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა ჩუკენთა, არცა მემრუშეთა, არცა მამათმავალთა, არცა მპარავთა, არცა ანგაჰრთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ“. ზემოთ უკვე აღვნიშნავდით, რომ საღვთო წერილის ან წმინდა მამათა შრომების ციტატებს ექვთიმე უფრო ხშირად უკვე არსებული ძველი ქართული თარგმანიდან იშველიებს (თუმცა გარკვეული სახის პერიფრაზირებანიც ბიბლიური ციტატებისა არაიშვიათია მასთან). მოტანილი ციტატა ამჯერად იმ განსაკუთრებული ღირებულებისაა, რომ, ვფიქრობთ, კიდევ ერთ შესაძლებლობას გვაძლევს ზუსტად მივუთითოთ „პავლეთა“ ქართული თარგმანის კონკრეტული ნუსხა, რაც უშუალოდ ჰქონდა ექვთმეს. საქმე ისაა, რომ მოტანილი ციტატა ორ თავისებურებას შეიცავს „პავლეთა“ წინაათონურ რედაქციასთან მიმართებით („პავლეთა“ რედაქციებისთვის ვსარგებლობთ ქ.ძოწენიძისა და კ.დანელიას ცნობილი გამოცემით: პავლენი, გამოსაცემად მოამზადეს ქ.ძოწენიძემ და კ.დანელიამ, აკაკი შანიძის რედაქციით, თბ.1974). პირველი მათგანი უაღრესად სპეციფიკურია. კერძოდ, ექვთიმესეულ ციტატაში ჯერ დასახელებულია „ჩუკენნი“ და შემდეგ „მემრუშენი“ („არცა ჩუკენთა, არცა მემრუშეთა“), მაშინ როცა ამგვარი რამ უცნობია როგორც ბერძნული ორიგინალისთვის, ისე ყველა სხვაენოვანი ვერსიისთვის, მათ შორის „პავლეთა“ შემცველი დღეისათვის ცნობილი ყველა ხელნაწერისთეის, გარდა იმ ნუსხისა, რომელიც „პავლეთა“ ქართული რედაქციების გამომცემლების მიერ „ე“ ლიტერით არის აღნიშნული (ხსენებულ გამოცემაში ძირითად ტექსტს: „არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა“ სქოლიოში აქვს ვარიანტული წაკითხვა. კერძოდ, მითითებულია: „არცა ჩუკენთა, არცა მემრუშეთა“ „ე“, გვ.108). მეორე თავისებურება გულისხმობს დამაბოლოებელ სიტყვებს: „ვერ დაიმკჳდრონ“. „პავლეთა“ ყველა დღეისათვის ცნობილ წინაათონურ ნუსხაში გვაქვს: „არა დაიმკჳდრონ“, მხოლოდ „ე“ ნუსხა შეიცავს ექვთიმესეული ტექსტის იდენტურ წაკითხვას: „ვერ დაიმკჳდრონ“. აღნიშნული ორი თავისებურებიდან პირველი გადამწერისეული ჩანს, რაც ექვთიმესეული ციტატისა და „ე“ ნუსხის განსაკუთრებულ ტექსტობრივ სიახლოვეზე მიგვითითებს. საყურადღებო სწორედ ისაა, რომ „ე“ ლიტერით აღნიშნული ნუსხა ესაა ათონის ივერთა მონასტრის ხელნაწერი №92 (ცაგარლით №11), რომელიც X ს-ს მიეკუთვნება და, საფიქრელია, X ს-ის მიწურულში სწორედ იგი ეპყრა ხელთ ექვთიმეს. აღვნიშნავთ, რომ იოანე მონაზონის „კანონარის“ თარგმანში ექვითმე სხვაგანაც ახდენს პავლე მოციქულის სიტყვათა ციტირებას: „განწმიდნების ქმარი ურწმუნოჲ ცოლისა მის მორწმუნისაგან“ (1 კორ. 7,14). „პავლეთა“ წინაათონური რედაქცია ამგვარია: „განწმდების ქმარი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა“. ამრიგად, ძირითად წინაათონურ ტექსტში გვაქეს „განწმდების“, ექვთიმეს ზემორე ციტატაში კი - „განწმიდნების“. როგორც წინაათონური რედაქციის ვარიანტებშია გამომცემელთაგან ნაჩვენები, მხოლოდ „ე“ ნუსხაში გეაქვს, ექვთიმესებრ, „განწმიდნების“ (და არა „განწმდების“). უფრო სიმპოტმატურია მეორე სხვაობა: ექვთმეს ციტატაში გვაქვს: „ცოლისა მის მორწმუნისაგან“, ხოლო „პავლეთა“ შემცველ დღეისათვის ცნობილ ყველა ქართულ ნუსხაში (წინაათონური იქნება იგი, თუ გიორგისეულ-ეფრემისეული რედაქციისა) გვაქვს: „ცოლისა მისგან მორწმუნისა“; ერთადერთი გამონაკლისი კვლავაც „ე“ ნუსხაა, სადაც ექეთიმესეული ციტატის იდენტური ტექსტია სახეზე: „ცოლისა მის მორწმუნისაგან“ (იხ. დასახ. გამოც. გვ. 113). „პავლეთა“ ხსენებული ნუსხის კავშირზე გიორგის რედაქციასთან შენიშნული აქეს კ.დანელიას (იხ. კ.დანელია, ქართული სამწერლობო ენის ისტორიის საკითხები, თბ.1983, გვ.213). ბოლო დროს აღნიშნული ნუსხის მიმართება „პავლეთა“ ექვთიმისეულ რედაქციასთან (იგულისხმება „რომაელთა“ და „I კორინთელთა“-ს ნაწილის ტექსტი, რაც დაცულია ექვთიმეს მიერ ნაწილობრივ თარგმნილ „პავლეს ეპისტოლეთა განმარტებაში“, ხელნ. Ath. 39) დაწვრილებით შეისწავლა ე.კოჭლამაზაშვილმა, რომელმაც, მიუხედავად არაერთი დასანანი კვლევითი ხარვეზისა, არსებითად სწორად გააანალიზა სათანადო მასალა, თუმცა მისი დასკვნით ექვთიმე ემყარებოდა „ე“ ხელნაწერის ტიპის სამოციქულოს“ (გვ. 553; შდრ. გვ.451, ანუ ეყრდნობოდა იმ „ქვერედაქციას“, რომლის ნუსხაა ზემორე ხელნაწერი (გვ.523), მაშინ როცა აუცილებლად უნდა ვსაუბრობდეთ არა „ტიპზე“, არამედ ექვთიმეს მიერ კონკრეტულად „ე“ ნუსხით სარგებლობის შესახებ. ცხადია, ექვთიმესთვის ქართული „სამოციქულოს“ სხვა ნუსხებიც იქნებოდა ხელმისაწვდომი, მაგრამ რასაც იგი არსებითად ეფუძნებოდა, სწორედ ზემორე ათონური ხელნაწერია. ამრიგად, ხელნაწერი Ath. 52 („ე“ ლიტერი) ტექსტობრივი იდენტურობით, აგრეთვე, დაცულობის ადგილით (ათონი) და ხნოვანებით (X ს.), უეჭველს ხდის, რომ ექვთიმე ათონელი „სამოციქულოს“ ციტირებისას („აპოკალიფსის“ გამოკლებით) სწორედ ამ ნუსხით სარგებლობდა. ეს ფაქტი განსაკუთრებულ ღირსებას სძენს აღნიშნულ ნუსხას, რადგან დიდი ათონელი ბერის წმინდა თითების უხილავი კეალია აღბეჭდილი მასზე.

[48] - „ხელითდაცემა“ ბერძნულად არის „მალაკია“, ხოლო „ხელითდაცემის მოქმედი“ - „მალაკოს“, რაც არის გამოყენებული პავლე მოციქულის მიერ (შდრ. რუსული ტექსტი: „ни прелюбодеи, ни маликии...“, იხ. ბიბლიის მოსკოვის საპატრიარქოს გამოც., 1983). შესაბამისად, მცდარია თანამედროვე ქართული თარგმანის „მხდალნი“ („ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი...“). კიდევ უფრო მცდარია რუსულ ტექსტში უთარგმნელად დადასტურებული ბერძნული „მალაკია“-ს გაგება მალაქიად ანუ ადამიანის (ალბათ, ბიბლიური წინასწარმეტყველის) სახელად (შდრ.: „მეხუთე და მეექვსე კანონები... ეხებიან მალაქიას“, ნ.ქაჯაია, ბასილი კესარიელის თხზულებათა ძველი ქართული თარგმანები, თბ. 1992, გვ.160; აღნიშნულ კანონებში, ცხადია, საუბარია არა ეინმე მალაქიაზე, არამედ ხელითდაცემაზე ანუ „ჩუკენობაზე“, რაც ბერძნულად „მალაკიად“ იწოდება).

[49] - აქედან იწყება კანონარის მეორე ნაწილი, რასაც ექვთიმეს თარგმანში ცალკე სათაური აქვს: „კანონნი შეცოდებულთანი, განწესებულნი ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე მმარხველისა მიერ, კოსტანტინეპოლელ პატრიარქისაჲ“.

[50] - „მსგავსადვე, რომლებიც მღვდლობამდე... ეპიტიმია“ - ეს მონაკვეთი ექვთიმეს თარგმანში ამგვარია: „ეგრეთვე პირველ კურთხევისა უკუეთუ ვინ დაეცეს სიძვითა, ვერღარა მოვალს მღდელობად“ (გვ.106).

[51] - παπαδίτζης

[52] - „[ერთი პირის მიმართ] ერთი სახის ცოდვით“ - ბერძნულშია: είς έν πρόσωπον სიტყვა πρόσωπον (პირი, სახე) შეიძლება გაგებული იქნეს „პირად“, „პიროვნებად“ (ამგვარი გაგებაა ექვთიმესთან: „ეცოდთს ერთსა თანა პირსა“), ანდა „სახედ“, „სახეობად“ (ცოდვისა). ამგვარი გაგება გვაქვს ლათინურში: uno modo peccavit (PG. 89. col. 1909 D). დაახლოებით ასეთივე გაგებაა სლავურში: во едине лице. რამდენადაც ორივე გაგება სავსებით მისაღებია და, საფიქრებელია, რომ ბერძნული ორიგინალიც სწორედ ორივეს გულისხმობს, ამდენად ძირითად ტექსტში ვტოვებთ სლავურ-ლათინურ გაგებას, კვადრატულ ფრთხილებში კი წარმოვადგენთ ექვთიმესეულს (იხ. აგრეთვე მომდევნო, 53-ე სქოლიო).

[53] - „მრავალ პირთან [მრავალი სახის ცოდვაში]“ - წინა ნიმუშის მსგავსად (იხ. 52-ე სქოლიო), ამჯერადაც ბერძნული πρόσωπον ლათინურ-სლავურში გაგებულია როგორც ცოდვის „სახეობა“ (შდრ. multis modis; სლავ.: во многы лици), ხოლო ექვთიმესთან კვლავაც „პირი“ გვაქვს: „მრავალთა პირთა თანა“.

[54] - „ერთი სახით [ერთ ან ორ პირთან]“ - ლათინურში კვლავ modus-ია, ხოლო სლავურში დამოწმებული лице ამჯერად უკვე, ექვთიმესებრ, პირს, პიროვნებას ნიშნავს: со едине лице (შდრ. ექვთიმე: „ეცოდოს ერთსა, გინა ორსა პირსა თანა“).

[55] - ეს მუხლი ბერძნულს აკლია. არის სლავურში და ექვთიმესეულ თარგმანში.

[56] - „ერთ-ერთ სახეს (πρόσωπου) ვერ ელევა“. აქ πρόσωπου უკვე აშკარად მხოლოდ „სახეს“, „სახეობას“ ნიშნავს ცოდვისას და არა პიროვნებას (შდრ. ლათ.: in una specie); იგივე მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში ექეთიმესეულ „პირსაც“: „ერთისა ოდენ პირისაგან ვერ ელევინ“.

[57] - „რამდენ პიროვნებასთან“ - შდრ. είς πόσα πρόσωπα ამ შემთხვევაში πρόσωπα ოდენ „პიროვნებას“ ნიშნავს და არა „სახეს“, „სახეობას“ (ცოდვისას). ეგევე გაგებაა ლათინურშიც: in quot personas. აქ რომ მართლაც ოდენ „პიროვნება“ იგულისხმება, ამას ადასტურებს მთელი კონტექსტი: „რამდენ პიროვნებასთან დაეცა იგი, ესე იგი - რამდენ ქალთან (ან კიდევ - რამდენ კაცთან, თუ ქალია აღმსარებელი“) (შდრ. ექვთიმე: „რაოდენთა პირთა თანა უცოდავს“).

[58] - აქაც კონტექსტი უეჭველად გვიჩვენებს, რომ πρόσωπα ნიშნავს საკუთრივ „პიროვნებას“ (შდრ. ლათ. personae, col. 1911 B).

[59] - „რამდენი მცირესქემოსანი, რამდენი დიდსქემოსანი... მცირესქემოსანი მონაზონები... დიდსქემოსნები“ - მცირე და დიდ სქემებად დაყოფა, როგორც ზემოთ უკვე ვიმსჯელეთ (იხ. სქოლიოები 35; 46) გვხვდება ბერძნულ-სლავურში (ამჯერად ემატება ლათინურიც: parvum habitum... magnum... parvi enim habitus monachae... magni vero habitus monachae, col. 1911 B). ექვთმეს თარგმანი, როგორც არქაული სამონაზვნო ტრადიციის ამსახველი, ამგვარ დაყოფას, კვლავ აღვნიშნავთ, არ იცნობს. მასში, კერძოდ, ვკითხულობთ მარტოოდენ შემდეგს: „რაოდენთა ენკრატისთა (=მონაზთნ ქალთა, ე.ჭ.)“ (გვ.108).

[60] - „მოყვრებთან“ - შდრ. είς ίδιωσύνας ლათინურში შესატყვისად გვაქვს affines, რაც ასევე „მოყვრებს“ (ე.ი. ცოლის ან ქმრის ნათესავებს) ნიშნავს.

[61] - „ნათესაობის მეორე ხარისხიდან ხომ არ მიბრუნებულან ისინი პირველისკენ“ - „ხარისხის“ შესატყვისად ბერძნულში გვაქვს πρόσωπον, რაც ამჯერად ნათესაობის ხაზს, რიგს ანუ ხარისხს აღნიშნავს (შრდ. ლათ. secundo gradu propinquitutis, col. 1911 C). პირველი ხარისხის ნათესაობაა, მაგალითად, და-ძმა, მეორე ხარისხისა კი - ბიძაშვილები (დისშვილები და ძმისშვილები).

[62] - „...განსაზღვრულ დრომდე (ესე იგი თექვსმეტ წლამდე)“ - ამჯერად რიცხვი „თექვსმეტი“ გვაქვს თვით ბერძნულშიც და ლათინურშიც (შდრ. ეს უკანასკნელი: puellam ante sextum decimum annum, col. 1911 C) (შდრ. სქოლიო 36).

[63] „ორშაბათს და ოთხშაბათ-პარასკევს ჭამონ ზეთი და თევზი, აგრეთვე ბოსტნეული მწვანილთან ერთად, ხოლო ყველი, კვერცხი და ხორცი არ მიიღონ“ - ესაა იოანე მონაზონის მიერ განწესებული მარხვის სამი სახეობიდან პირველი (ყველაზე მკაცრი). საგულისხმოა აღინიშნოს, რომ მინის პუბლიკაციაში „თევზი“ აკრძალულ საჭმელთა ჩამონათვალშია და არა ნებადართულთა შორის. მასში, კერძოდ, ვკითხულობთ: „ორშაბათს და ოთხშაბათ-პარასკევს ჭამონ მხოლოდ ზეთი და ბოსტნეული მწვანილთან ერთად, ხოლო ყველი, კვერცხი, ხორცი და თევზი არ მიიღონ“ (col. 1913 B). პიტრას პუბლიკაციაში მართალია თევზი აკრძალულ საჭმელთა შორის მითითებული არ არის, მაგრამ არც ნებადართულთა შორის გვხვდება იგი. მოგვაქვს ტექსტი: „ოთხშაბათსა და პარასკევს ჭამონ მხოლოდ პური და წყალი, ხოლო ყველი, კვერცხი და ხორცი - არა“ (ნ.ზაოზერსკის ნაშრომი, გვ.71). რაც შეეხება მორინოსეულ ტექსტს, იგი მოტანილ ადგილას ნაკლულევანია, მასში დაცულია მხოლოდ ჩამონათვალთა დასაწყისი (თანხვდება მინისეულ პუბლიკაციას): „ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ჭამონ მხოლოდ ზეთი“ (გვ.65). ჩვენეულ თარგმანში, როგორც ტექსტიდან ჩანს, „თევზი“ ნებადართულ საჭმელთა შორისაა დასახელებული, რადგან ვთვლით, რომ უთუოდ ამგვარი ვითარება გვქონდა თავდაპირველ ბერძნულ ტექსტში, რაც მოგვიანებით, ზოგ სხვა მონაცემთან ერთად, შეცვალეს გამკაცრებისკენ მიდრეკილმა რედაქტორებმა. ამ აზრს ეჭვმიუტანლად ადასტურებს, უპირველესად, ექვთიმესეული თარგმანი, სადაც თევზი სრულიად აშკარად არის ნებადართული („ორშაბათსა და ოთხშაბათსა და პარასკევსა წუელასა და ჴორცსა არა ჭამდენ, არამედ ზეთსა ოდენ და თევზსა“, ე.გიუნაშვილის გამოც. გვ. 110), მეორე მხრივ კი ამასვე შთამბეჭდავად მოწმობს სლავურიც, სადაც გარკვევით ვკითხულობთ: В понеделник убо и в среду и впято иасти древяное масло и рыбы, сыр же и иаица и мяс не иасти (стр. 65). ამასვე აღნიშნავს ნ.ზაოზერსკიც: „...есть только масло и рыбу“, с.31.

[64] - პიტრას პუბლიკაციაში მოციქულთა შესახებ ასეა დაზუსტებული: „ანდა თორმეტი მოციქულიდან თუნდაც ერთ-ერთის [დღესასწაული] ხვდეს“.

[65] - ჩვენ უკეე გამოქვეყნებული გვაქვს ძველი კანონიკური უწყება იმის შესახებ, რომ საუფლო და საღვთისმშობლო დღესასწაულებთან ერთად სხვა დიდ დღესასწაულებზეც (იოანე ნათლისმცემლისა, მოციქულებისა, დიდი წმინდანებისა) ყოვლითურთ ხსნილია ოთხშაბათ-პარასკევი (გარდა მარხვის პერიოდებისა) (იხ. მოგვაქვს ტექსტი: „უკუეთუ დაემთხჳოს დღესასწაული ოთხშაბათსა შინა, არა ვითარცა ოთხშაბათი შეირაცხებოდის იგი, არამედ ვითარცა კჳრიაკე პატივიცემოდის სადღესასწაულებელი ოთხშაბათი“ (სრულად და განმარტებით იხ. გაზ. „საეკლესიო სიწმინდენი“ №3, ოქტომბერი, 2000 წ., გვ.1.).). იოანე მონაზონის კანონარიც, როგორც ვხედავთ, ამავე რჯულდებას იძლევა. იხ. ბერძნ. μήτε τετράδα, μήτε παρασκευήν φυλάττειν έν τή τοιαύτη̨ έορτή (შდრ. სლავ.: пи сред, ни пятка хранити втаковы праздни, стр. 65; შდრ. ლათ.: neque in ejusmodi festis feriam Quartam, aut Parasceven observabit, PG. 89, col 1914 C).

[66] - ტექსტი ზედმიწევნით ამგვარია.

[67] - „...ორი შვიდეული: არაჯვორისა და ხორციელისა“ - ბერძნული ტექსტის მორინისეული გამოცემა ამ ადგილას აშკარად გამრუდებულია. მასში, კერძოდ, ვკითხულობთ: „ხორციელის ორი შვიდეული (τής άποκρέου δύο έβδομάδας)“. პიტრასეული ტექსტი უფრო გამართულია: „ორი შვიდეული ხორციელისა, ესე იგი „წინაუწყებისა“ (προφωνησίμου) და ხორციელისა“. ამ პუბლიკაციაში აშკარად მეტია პირველად დასახელებული „ხორციელისა“. მინის გამოცემაში აღნიშნული ტექსტი ამგვარია: „ორი შვიდეული: ხორციელისა და „წინაუწყებისა“ (προφωνησίμου)(PG.89, col. C) თითქოს მინისეული ტექსტი ყველაზე გამართულია, მაგრამ მასაც აქვს ერთი ხარვეზი: ჯერ დასახელებულია ხორციელის შვიდეული. შემდეგ კი - „წინაუწყებისა“ (προφωνησίμου). ვფიქრობთ, სრულიად ცხადია, რომ ყველაზე მართებულია პიტრასეული გამოცემა (ერთადერთი, რაც საჭიროა ამ ტექსტში, ესაა ორგზის დასახელებული „ხორციელისგან“ პირველის გაუქმება). ამრიგად, ტექსტი ამგვარი უნდა იყოს: „...ორი შვიდეული: „წინაუწყებისა (προφωνησίμου) და ხორციელისა“. ამ სიტყვების აზრი რომ გასაგები იყოს, ჯერ ის უნდა განვმარტოთ, თუ რომელ შვიდეულს გულისხმობს ის, რაც ბერძნულ ტექსტებში წოდებულია როგორც προφωνησίμου და რასაც პირობითად ვთარგმნით როგორც „წინაუწყებისა“. ერთი რამ აქედანვე უეჭველია: აღნიშნული შვიდეული წინამოსწავებაა, წინაუწყებაა, წინამორბედია დიდმარხვისა. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით დიდი შესაძლებლობა ჩანს იმისა, რომ ხსენებული ტერმინი ყველიერის შვიდეულს გულისხმობდეს. ამგვარი გაიგივებით თითქოს მართლდება მინისეული პუბლიკაციის მიმდევრობა: ხორციელისა და წინაუწყებისა. საეკლესიო კალენდრით, მართლაც, ჯერ ხორციელის შვიდეულია და შემდეგ მოდის ყველიერისა; ამასთან, რადგან ეს უკანასკნელი უშუალოდ უძღვის წინ დიდმარხვას, თითქოს მისი ზემორე სახელწოდებაც („შვიდეული წინაუწყებისა“) გამართლებულია. ეს ყოველივე, როგორც ვთქვით, ერთი შეხედვით ლოგიკურია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამგვარი ახსნა მართებული ვერ იქნება, რადგან, ჯერ ერთი, ყველიერის შვიდეული ყველა კანონიკურ ძეგლში თავისი ცნობილი სახელწოდებით გვხვდება (τυρινής) და ტერმინი προφωνησίμου მის აღმნიშვნელად არსად გამოიყენება, მეორეც „ყველიერის შვიდეული“, როგორც ცნობილია, ყოვლითურთ ხსნილი არ არის, კერძოდ ამ კვირაში არ შეიძლება ხორცის ჭამა, მესამეც ამგვარ გაგებას არ ეთანხმება ექვთიმესეული თარგმანი, სადაც აღნიშნული ორი შვიდეულის შესატყვისად გვაქვს შემდეგი: „ეგრეთვე მსგეფსი იგი არაჯვორთაჲ და აღებათაჲ ჴსნილნი არიან“. კარგად არის ცნობილი, რომ „არაჯვორის შვიდეულში“ მონოფიზიტები, კერძოდ იაკობიტები მარხვას ინახავდნენ (იხ. ა.ხახანაშვილის შენიშვნა ზემოციტირებულ პუბლიკაციაში, გვ.64, შენ.1; შდრ. ე.გიუნაშვილის გამოცემაზე დართული ლექსიკონი, ტერმინი „არაჯვორი, ალაჯვორი“, გვ.137). მაგრამ კონკრეტულად რომელი უნდა იყოს „არაჯვორის შვიდეული“ ექვთიმეს თარგმანის მიხედვით? რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება „ყველიერის მსგეფსი“, რადგან ეს უკანასკნელი იქვე იხსენიება ცალკე: „ხოლო ყველიერისა მსგეფსსა წუელაჲ ჴსნილ არს მონაზონთათჳსცა და ერისკაცთა“ (გვ. 110). ამასთან, ექვთიმე „არაჯვორს“ ახსენებს „აღებათა“ წინ და რადგან „აღებანი“, ცხადია, უნდა გულისხმობდეს „ხორცის აღებასა“ და ე.წ. „დიდ აღებას“, ანუ რძის ნაწარმის („წუელის“) აღებასაც, შესაბამისად არაჯვორის შვიდეული ხორციელისა და ყველიერის შვიდეულთა წინმსწრებია, ხოლო საეკლესიო კალენდრით ეს წინმსწრები შვიდეული გულისხმობს მეზვრისა და ფარისევლის კვირადღეს მოდევნებულ შვიდეულს (ე.ი. იმ შვიდეულს, რომელიც მოსდევს მეზვრისა და ფარისევლის კვირადღეს და მთავრდება უძღები შვილის კვირადღით, რასაც ხორციელის შვიდეული მოსდევს). არაჯვორის შვიდეული რომ მეზვრისა და ფარისევლის კეირადღის შემდეგ იწყება (ორშაბათიდან) და ბოლოვდება უძღები შვილის კვირადღით, ამას ადასტურებს 1052 წლის „მარხვანი“ (Sin.5), სადაც „მეზვრისა და ფარისევლის კვირიაკის მომდევნო კეირიაკესთან დაკავშირებით ვკითხულობთ: „არაჯვორთა კჳრიაკესა უძღებისაჲ“ (იხ. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, სინური კოლექცია, II, თბ. 1979, გვ.8). საყურადღებოა, რომ „არაჯვორს“ ორგზის ახსენებს ექვთიმე (ბერძნული ორიგინალის დამოუკიდებლად) მაქსიმე აღმსარებლის Questiones et Dubia-ს მისეულ რედაქციაში: „არცა შჳდეულისა მის ჯერ არს მარხვაჲ, რომელსა არაჯვორ ეწოდების“ (იხ. მ.ვან ესბროკის პუბლიკაცია კრებულში Philohistor, Leuven 1994, გვ.332); „არცა არაჯვორთა მარხვაჲ ჯერ არს“ (იქვე, გვ.333; არაჯვორის წარმოშობის შესახებ იხ. „საქართველოს სამოთხეში“). ამრიგად, ვფიქრობთ, ბერძნულის προφωνησίμου უნდა იყოს იმ შვიდეულის აღმნიშვნელი, რაც წინ უძღვის ხორციელისა და ყველიერის ანუ „აღებითა“ შვიდეულებს და რაც ექვთიმეს თარგმანში „არაჯვორის შვიდეულად“ არის წოდებული. განსაკუთრებით საგულისხმო გვეჩვენუბა ის გარემოება, რომ ხორციელის წინა შვიდეულს ბერძნულ ტრიოდიონში სწორედ προφωνησίμου („წინაუწყებისა“) ეწოდება. „დიდი ჟამნის“ ერთ-ერთ უახლეს პუბლიკაციაში (1995 წ.) „მეზვრისა და ფარისევლის კვირიაკის“ რუბრიკაში ამ კვირიაკეს ანუ ამ კვირადღეს მოდევნებული შვიდეულის შესახებ ნათქვამია: „რადგან სამი შვიდეულის შემდეგ შევაბიჯებთ წმინდა დიდმარხვის ასპარეზზე და სათნოების სულიერ ღვაწლში და რადგან პირველი საჭურველი სათნოებისათვის სიმდაბლეა (იგულისხმება მეზვერის სიმდაბლე, ე.ჭ.), ისევე როგორც, პირუკუ, ყველაზე დიდი დაბრკოლება მისკენ ამპარტავნებაა, ამის გამო საღვთო მამებმა ამ შვიდეულებს უწოდეს ჩვენი „წინამოსამზადებელნი“ ხსენებულ ღვაწლთა მიმართ, რის გამოც წინამდებარე შვიდეულსაც (ე.ი. იმ შვიდეულსაც, რაც მეზვრისა და ფარისევლის კვირიაკეს მოსდევს, ე.ჭ.) მათ სახელდეს Προφωνησίμου („წინაუწეებისა“), როგორც გარკვეულწილად „წინამთქმელი“ და მქადაგებელი იმისა, რომ მოახლოვდა ჟამი მარხვისა; ამასთან, დღეს მათ დააწესეს მეზვრისა და ფარისევლის იგავის წაკითხვა, რითაც გვასწავლიან ჩვენ, რომ არ ვიამპარტაენოთ, რაჟამს კეთილ საქმეს მოვიმოქმედებთ, არცთუ ვიმედიდუროთ ამის გამო, როგორც იმ ცუდმედიდმა ფარისეველმა“ (იხ. გვ.441). ამრიგად, მიმდევრობის სახით რომ წარმოვადგინოთ, დიდმარხვის მოსამზადებელი წინა პერიოდი ასეთ სახეს მიიღებს: (1) მეზვრისა და ფარისევლის კვირადღე; (2) ორშაბათიდან - არაჯვორის ანუ „წინაუწყების“ (Προφωνησίμου) შვიდეული; (3) უძღები შვილის კვირადღე; (4) ორშაბათიდან - ხორციელის შვიდეული (შეიცავს ხორციელის შაბათს); (5) ხორცის აღების (აკრების) კვირადღე; (7) ორშაბათიდან - ყველიერის შვიდეული; (8) დიდი აღების კვირადღე. დავძენთ იმასაც, რომ მართალია ზემომოტანილ მინისეულ ტექსტში მიმდევრობა დარღვეულია (ჯერ ხორციელის შვიდეულია ხსენებული, შემდეგ „წინაუწყებისა“ (προφωνησίμου, „არაჯვორისა“), მაგრამ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ იოანე მონაზონი შვიდეულებს ასახელებს არა ცენტრისკენული (დიდმარხვისკენ გამზერილი) მიმართულებით, არამედ პირიქით - ცენტრიდანული (დიდმარხვიდან - დიდმარხვის მოსამზადებელი შვიდეულებისკენ). ყოველ შემთხვევაში, საგულისხმო უნდა იყოს, რომ პირველ დასახელებაზე („ხორციელის შვიდეულზე“) მეორე დასახელების („წინაუწყების“) კალენდარული წინსწრება პირდაპირაა ხაზგასმული მინის მიერ ბერძნულის პარალელურად გამოქვეყნებულ ლათინურ თარგმანში, სადაც ვკითხულობთ: „ორი შვიდეული: ხორციელისა და „წინაუწყებისა“ (denuntiationis), ესე იგი: „სექსაგესიმა“ (Sexagesimae) და ის, რაც მისი წინმსწრებია (et quae eam praecedit)“ (col. 1014 C-D).

[68] - შდრ. εί δυνατόν καί όψαρίου χωρίς. ესეც ადასტურებს, რომ თევზის ჭამა მარხვის ყველაზე მკაცრ კანონშიც არ ჩანს კატეგორიულად აკრძალული.

[69] - „ერთი ლიტრა“ - შდრ. μίαν λίτραν (შდრ. ექვთიმე: „უკუეთუ კულა ვერცა ესე შეეძლოს, ასისა წონსა ლიტრასა სუმიდენ დღითი-დღე“, გვ.111). „ლიტრა“ როგორც საწყაოს ერთეული უდრის 12 უნციას ანუ დაახლ. 327 გრამს.

[70] - „წმ. ფილიპეს ორმოცეულის და თორმეტი მოციქულის [ანუ ვარდობის] მარხვებში“ - მორინოს გამოცემა ამგვარია: „ორმოცეულები, - ესე იგი წმინდა მოციქულის ფილიპესი და თორმეტი მოციქულისა“ (შდრ. სლავ.: в ока поста в малая: на святаго Филиппа и на святы апостол, ნ.ზაოზერსკის დასახ. პუბლიკაცია, გვ.67). მინის გამოცემაში ვკითხულობთ: „ორი ორმოცეული, - წმინდა ფილიპესი და თორმეტი მოციქულისა“ (col. 1916 A; იგივეა ლათინურშიც). თუ რომელი მარხვა იგულისხმება წმ. ფილიპეს ორმოცეულში, აღნიშნული ნაშრომის პირველ გამოცემის დროს ჩვენთვის გაურკვეველი იყო (იხ. იოანე მონაზონი, მცირე სჯულისკანონი, ბერძნულიდან თარგმნა, ძველქართულ, სლავურ და ლათინურ ტექსტებს შეუჯერა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, თბილისი 2003, გვ.186). დღეისათვის გარკვევით შეიძლება ითქვას, რომ „წმ. ფილიპეს ორმოცეული“ არის იგივე ქრისტეშობის მარხვა. საზოგადოდ, საღვთისმსახურო ტრადიციაში, გარდა წინასააღდგომო მარხვისა, ცნობილია კიდევ ოთხი მარხვის ციკლი (ქრისტეშობის წინა, პეტრეპავლობის წინა, ფერისცვალების წინა და მიძინების წინა), რომელთაგან ერთი (ქრისტეშობის წინა) ორმოცდღიანია და ფაქტობრივად იმავე ხანგრძლივობისაა, როგორისაც წინასააღდგომო მარხვა. ასევე, პეტრე-პავლობის მარხვა არაიშვიათად განივრცობა და თითქმის უტოლდება წინასააღდგომო მარხვას (როგორც ვიცით, პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ დღეს დაემთხვეეა აღდგომა და, შესაბამისად, სულთმოფენობის ანუ მარტვილიის შემდგომი „ყოველთა წმიდათა კჳრიაკე“, რომლის შემდეგაც იწყება აღნიშნული მარხვა). საკითხი მარხვის შესახებ ყოველთვის ცხოველი პაექრობის საგანი იყო. თვით XI-XII სს-თვისაც კი არ არსებობდა ერთსულოვნება ამ მხრივ. წყაროების შესწავლა ცხადყოფს, რომ იკვეთებოდა სამი პოზიცია: (I) გარდა წინასააღდგომო მარხვისა, არ არსებობს სხვა სამარხვო ციკლი, რადგან არც წმინდა წერილი აღნიშნავს მათ შესახებ და არც საეკლესიო გადმოცემა ადასტურებს მათ. ეს მარხვები შემოტანილია ზოგი მონაზონის მიერ საკუთარი სურვილით (ამ პოზიციის არსებობას აფიქსირებენ და კიცხავენ თეოდორე ბალსამონი და ანასტასი სინელი; იხ. „ათენის სინტაგმა“, ტ.6, ათენი 1854; გვ.577; ანასტასი, კერძოდ, აღნიშნავს: „ზოგიერთები ჩვენს შორის, არა მხოლოდ ერისკაცნი, ანდა უმეცარნი თუ უწიგნურნი, არამედ თვით ისინიც, სწავლულობის გამო პატივდებულნი და უდიდესი სიბრძნის კვალად წარბაწეულნი, - ვამბობ ეპისკოპოსებს, მიტროპოლიტებს, მღვდლებს, დიაკონებს და სხვა სასულიერო პირებს, გარკვეულწილად თვით მონაზონებსაც, - ... ურცხვად და ურიდად ასწავლიან, რომ ერთიაო მარხვა, წმინდა მოციქულებისგან და საღვთო მამათაგან გადმოცემული და „დიდად“ წოდებული, ხოლო ქრისტეშობის წინა მარხვა, რასაც ზოგი წმინდა ფილიპეს მარხვასაც უწოდებს, ... ისევე როგორც მოციქულთა კორიფეების პეტრეს და პავლეს ხსენების წინმსწრები მარხვა, არ არისო სამოციქულო და მამათა განაწესისგან მომდინარე, არამედ ვიღაც მონაზონთა აღმონაჩენი და მოსურვებაო“, გვ.581); (II) გარდა დიდმარხვისა, არსებობს კიდევ მარხვის ოთხი ციკლი (წინასაშობაო, პეტრე-პავლობის წინა, ფერისცვალების წინა, მიძინების წინა), თუმცა ესენი ერთკვირიანი მარხვებია, ხოლო მართლაც დიდი მარხვა მარტოოდენ წინასააღდგომო პერიოდია. ამ პოზიციას მკვეთრად აფიქსირებს და სავალდებულოდ რაცხს ცნობილი კანონისტი თეოდორე ბალსამონი, რომელიც აღნიშნავს: „აუცილებლად წინ უძღვის მარხვები ოთხ დღესასწაულს, ესე იგი პეტრე-პავლობას, ქრისტეშობას, ფერისცვალებას და ღვთისმშობლის მიძინებას, თუმცა ეს მარხვები შვიდდღიანია (ბერძნ. έπταήμεροι), რადგან ერთია ორმოცდღიანი მარხვა - წმინდა და დიდი აღვსებისა (=აღდგომისა)“ (გვ.488); აქვე ბალსამონი უთითებს თაეის სხვა შრომაზე, სადაც აღნიშნული საკითხი მას ვრცლად აქვს განხილული: „ხოლო თუ როგორ და რატომ გვმართებს, რომ აუცილებლად ვიმარხოთ ამ ოთხი დღესასწაულის წინ შვიდდღიანი მარხვა (ბერძნ. έπταήμερον νηστείαν), ნაუწყებია ჩვენს მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით დაწერილ სინოდალურ ტომოსში“ (იქვე გვ.488). ბალსამონი გულისხმობს თავის ცნობილ ეპისტოლეს „მარხვათა შესახებ“ (იხ. ათენის სინგატმა, 6, გვ. 565-579), სადაც აღნიშნული მარხვების მართებულობა ძველი აღთქმის მარხვათა კვალობაზეა დამტკიცებული; (III) აღნიშნული მარხვებიდან პირველი ორი (ქრისტეშობის წინა და პეტრე-პაელობის წინა) ზოგი მონაზონის და ქრისტიანის მიერ, მათი ნებისამებრ ანდა მათეულ ტიპიკონზე დაყრდნობით, ხანგრძლივდება ორმოც დღემდე, რაც, კანონისტის თქმით, „გასაკიცხი არ არის“. ამის შესახებ ორგზის აღნიშნავს თეოდორე ბალსამონი. ეპისტოლეში, კერძოდ, იგი გვამცნებს: „სამეუფეო ქალაქში (კონსტანტინოპოლში, ე.ჭ.) მონაზონები და იქ მცხოვრებთაგან უმრავლესნი „ყოველთა წმიდათა“ დღესასწაულის შემდეგ (ე.ი. სულთმოფენობის ანუ მარტვილიის მომდევნო კვირადღის შემდეგ, ე.ჭ.) ერთიან მარხვას იცავენ ვიდრე წმინდა და ყოვლადქებული მოციქულების დღესასწაულამდე ..., ისევე როგორც ქრისტესა და ღვთის შობის წინ მარხულობენ ისინი ორმოცდღიან მარხვას, მიჰყვებიან რა კერძო ტიპიკონს“ (გვ.577). თუ ამ ეპისტოლეში ბალსამონი სხვებსაც ურჩევს ამგვარი წესის დაცვას (იხ. იქვე), ზემოციტირებულ „კანონიკურ კითხვა-მიგებაში“ იგი სავალდებულო წესად ოთხივე ხსენებული მარხვისთვის მხოლოდ შვიდდღიან პერიოდს ასახელებს, ხოლო ქრისტეშობისა და პეტრე-პავლობის წინა მარხვათა ორმოცდღიან გახანგრძლივებას კერძოობით მოვლენად მიიჩნევს, რაც, მისი თქმით, სათაკილო არ არის („ხოლო თუ ვინმე შვიდ დღეზე მეტად მარხულობს წმინდა მოციქულებისა და ქრისტეშობის დღესასწაულების კვალობაზე, ან ნებსით, ან კიდევ კტიტორული ტიპიკონისგან ნაიძულები, არ შეირცხვინება იგი“, გვ.488, პასუხი 55-ე). ვფიქრობთ, საკამათო არაა შვიდდღიან მარხვათა უადრესობა, რადგან სხვა შემთხვევაში გაუგებარი იქნებოდა, თუ რატომ ეწოდა მხოლოდ წინასააღდგომო ციკლს „დიდი მარხვა“. ანასტასი სინელისგან დამოწმებულ სიტყვებში, რაც ამჯერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ვნახეთ, გვაქვს უწყება იმის შესახებ, რომ ქრისტეშობის მარხვას ეწოდება, აგრეთვე, წმ. ფილიპე მოციქულის მარხვა. ხსენებული პატრიარქი (რომლის სიტყვებიც დამოწმებული გვაქვს მისივე შრომიდან „სამი წმინდა ორმოცეულის შესახებ“) ახსნასაც გვაწვდის, თუ რამ განაპირობა წმ. ფილიპეს მარხვის აღმოცენება და რის საფუძველზე გაუიგივდა იგი ქრისტეშობის მარხვას. ანტიოქიის მღვდელმთავარი ჯერ იმას გვაუწყებს რომ „ქრისტეშობის ორმოცეულის შესახებ წერია „წმინდა ფილიპეს მიმოსვლაში“ (იხ. ათენის სინტაგმა, გვ.582). შემდეგ, აღნიშნულ „მიმოსვლაზე“ დაყრდნობით, მოთხრობილია: ღვთის სიტყვის მქადაგებელ ფილიპეს ბართლომესთან ერთად მიუღწევია აზიის ჰიერაპოლისამდე (მათ თან ახლდათ ბართლომეს და მარიამნა). ისინი შეუპყრიათ წარმართებს, რომლებსაც ფილიპე ჯვარზე გაუკრავთ, ბართლომე მის ახლოს დაუკიდიათ ხეზე, მარიამნა კი საპყრობილეში ჩაუსვამთ. იქ მისული იოანესთვის ფილიპეს უთხოვია, რომ ვედრება აღევლინათ ღვთისადმი ზეციდან ცეცხლის მოსავლენად და ურჯულოთა გასანადგურებლად. მიუხედავად იოანესგან უარისა, ამ უკანასკნელის წასვლის შემდეგ ფილიპეს მაინც ულოცია, მისი ლოცვით მიწა გახსნილა და წარმართები ერთიანად შთანთქმულან ჯოჯოხეთში. ფილიპეს გამოცხადებია მაცხოვარი, რომელსაც შეუხსენებია მისთვის თავისი მცნება („ნუვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ“, რომ. 12,17) და ბოლოს უთქვამს: „რადგან ეურჩე ჩემს მცნებას და ბოროტი მიაგე შენს შემაწუხებლებს, ამიტომ როდესაც შენ აქ აღესრულები და დიდებით იქნები წაყვანილი ჩემი წმინდა ანგელოზების მიერ თვით სამოთხემდეც, ვერ შეხვალ მასში, არამედ ორმოცი დღე გარეთ იდგები დამწუხრებული და „მოტყინარე მახვილისგან“ დაბრკოლებული, რადგან დაამწუხრე შენ შენი შეურაცხმყოფლები. ბოლოს, შეხვალ შიგნით და მიიღებ შენთვის გამზადებულ ადგილს“. ამ სიტყვების შემდეგ უფალს ამოუზიდავს ჯოჯოხეთში შთაკვეთებულნი და ცად ასულა, ფილიპეს კი უბრძანებია ბართლომესა და მარიამნასთვის, რომ ეთქვათ მათ იაკობისა და სხვა მოციქულებისთვის, ემარხულათ და ელოცათ მის გამო ორმოცი დღე. აი. ამ ამბის უწყების შემდეგ ანასტასი პატრიარქი ასკვნის: „ასე განუსაზღვრეს მოციქულებმა ყველა მორწმუნეს ორმოცდღიანი მარხვა და ლოცვა, რაც დაცულია წმინდა მამათაგან და შვიდი მსოფლიო კრების მიერ ... იგი იწოდება „ქრისტეშობისად“, რადგან ამ ორმოცი დღის დასასრულს ემთხვევა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მაცხოვნებელი შობა. და ორი სიკეთე ხდება [ერთდროულად], რადგან მოციქულთა გადმოცემასაც აღვასრულებთ [ამ მარხვით] და, აგრეთვე, წინდაწინ განვიწმინდებით წმინდა ღვთისმშობლისა და მარადქალწულისგან წარუდინებლად და გამოუთქმელად შობილი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შესახვედრად“ (გვ.583). ამრიგად, იოანე მონაზონის „კანონარში“ ნახსენები „ფილიპეს ორმოცეული“ იგივე ქრისტეშობის ორმოცეულია. რაც შეეხება მომდევნო მითითებას, კერძოდ „თორმეტი მოციქულის [ანუ ვარდობის] მარხვას“ ცხადია, იგი უნდა გულისხმობდეს პეტრეპავლობის მარხვას (როგორც ცნობილია, 29 ივლისს არის პეტრე-პავლობა, ხოლო მომდევნო დღეს - 12 მოციქულის დღესასწაული). ასე რომ, ბერძნული ტექსტის ორი დასახელება: „წმ. ფილიპეს მარხვა (ორმოცეული)“ და „თორმეტი მოციქულის მარხვა“ იგივეა, რაც, შესაბამისად, „ქრისტეშობის მარხვა“ და „პეტრე-პავლობის მარხვა“. ამას, ზემორე მონაცემებთან ერთად, შთამბეჭდავად გვიდასტურებს წმ. ექვთიმეს თარგმანიც, რაც, არაერთი მონაცემით, უადრეს რედაქციას უნდა წარმოადგენდეს. ექვთიმესთან ვკითხულობთ: „ორთა მათ მარხვათა: ქრისტესშობისა და ვარდობისათა“ (გვ.111; ტერმინი „ვარდობა“ აღნიშნულ თარგმანში საკუთრივ მოციქულთა დღესასწაულს გულისხმობს. შდრ. „ქრისტესშობად და განცხადებად... და მარტჳლიასა და წმიდათა მოციქულთასა ვარდობად“, მცირე სჯულისკანონი, ე. გიუნაშვილის დასახ. გამოც. გვ.109; შდრ. აგრეთვე B ხელნაწერის შენიშვნა, რაც შესაბამისი ტექსტის სქოლიოში უკვე დავიმოწმეთ: „წმიდათა მოციქულთასა, რომელსა ქართველნი ვარდობისად უწოდენ“. დასახ. გამოც., გვ. 111, შენ.11). უაღრესად საგულისხმოა, რომ ამავე მონაცემს შეიცავს კანონარის სხვა ბერძნული რედაქცია, რომლის შესაბამისი მონაკვეთი გამოქვეყნებულია პიტრას (აქედან ზაოზერსკის) მიერ. მასში ეკითხულობთ: „ორი ორმოცეული: წმინდა მოციქულებისა და ქრისტეშობისა (χριστουγέννων)“ (ნ.ზაოზერსკის დასახ. შრომა, გვ.56). მართალია, აღნიშნული ბერძნული ტექსტი და ექვთიმესეული თარგმანი მიმდევრობითად ერთი-მეორისგან სხვაობს, მაგრამ ესეც ახსნადია, რადგან ბერძნულში კალენდარული რიგია დაცული (თუ ხარებიდან ავითვლით, ჯერ მოციქულთა მარხვაა და შემდეგ ქრისტეშობისა), ხოლო ექვთიმე უპირატესობას ანიჭებს აქსიოლოგიურ მხარეს (აქსიოლოგიურად ანუ ღირსებითად უთუოდ ჯერ ქრისტეშობის მარხვა უნდა იქნეს ხსენებული და შემდეგ მოციქულებისა).

[71] - „იოანეს შობა“ - ბერძნულში „შობის“ (სლავ. рождество, ექვთ. „შობაჲ“) შესატყვისად გვაქვს ήλιοτρόπιον, რაც ნიშნავს „მზის მობრუნებას“, „მზის შემოქცევას“. ამ ტერმინით აღინიშნება იოანეს შობის დღე იმიტომ, რომ სწორედ ამ დღეს, როდესაც იშვა ჭეშმარიტი მზის წინამორბედი, მზე ჩვენსკენ შემობრუნდა. აღნიშნული ტერმინის ამგვარი გაგება კარგად ჩანს ლათინურ თარგმანში, სადაც ვკითხულობთ: „წინამორბედის დღესასწაული, როდესაც მზე ჩვენსკენ შემობრუნდა“ (col. 1915 A).

[72] - „ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება“ - ეს მონაცემი გვაქვს ექვთიმეს თარგმანში (გვ.111). ბერძნულშია „წმიდანი წმიდათანი“ (შდრ. სლავ. на святая святы). ლათინურში სრულიად სხვა გაგებაა: „თუ ინებებენ და იმარხავენ (იოანეს შობას, ე.ჭ.), წმიდათა წმიდათ ეზიარებიან“ (col. 1915). ნ.ზაოზერსკი „წმიდა წმიდათას“ და „ღვთისმშობლის ტაძრად მიევანებას“ ერთმანეთთან აკავშირებს და აღნიშნავს: „Святое святых“ или Введение во храм Пресвятыя Богородицы (стр. 31).

[73] - როგორც ვხედავთ, აღნიშნული ყველაზე მკაცრი სამარხვო განაწესიც კი თევზის ჭამას განაჩინებს ერისკაცთათვის დიდმარხვაში (გარდა ოთხშაბათ-პარასკევისა). საგულისხმოა, რომ თევზის როგორც დაკანონებული სამარხვო საჭმელის შესახებ საგანგებო აღნიშვნა გვხვდება, ერთი მხრივ, წმ. ექვთიმეს ცნობილ პასუხში მისდამი გაგზავნილ შეკითხვებზე, მეორე მხრივ კი VI მსოფლიო კრების კანონთა საფუძველზე შედგენილ „სჯულისკანონში“, რაც ასევე ექვთიმე ათონელის რედაქციას წარმოადგენს. მოვიტანთ შესაბამის ციტატას ამ უკანასკნელიდან: „და ესეცა გუესმა, თუ ქუეყანასა მას სომხითისასა წუელასა (=რძის ნაწარმს, ე.ჭ.) და თევზსა და ღჳნოსა ერთად შეჰრაცხვენ და ესე სრულადი არს სიცოფე და უგუნურებაჲ და წარტყუენვაჲ მტერისაგან. ჭეშმარიტად ყოველი უწესოჲ და განდრეკილი მოძღურებაჲ ეშმაკისა მიერ მოპოვნებულ არს. ხოლო ჩუენ უწყით, ვითარმედ არარაჲ არს ზიარებაჲ, არცა თჳსებაჲ წუელისა და თევზისაჲ და ზეთისაჲ და ღკნისაჲ. იგინი უკუე, რომელნი ამათ შეაერთებენ, წესისაგან კათოლიკე ეკლესიისა განყოფილ არიან. დღეთა მათ წმიდათა მარხვათასა წუელისა ჭამად არცა შაბათ-კჳრიაკეთა, არცა სხუათა დღეთა ვის ჴელ-ეწიფების, ხოლო თევზი და ზეთი და ღჳნოჲ, ვითარცა ვის ძალ-ედვას, მარხვადცა ჴელ-ეწიფების და უძლურებისათჳს, ანუ სხჳსა რაჲსმე სათანადოჲსა მიზეზისა, განჴსნად არა დაყენებულ არს“ (ე.გიუნაშვილის დასახ. გამოც. გვ.34). როგორც ვხედავთ აღნიშნული „სჯულისკანონის“ მიხედვით წმინდა მარხვებში თევზის კატეგორიული აკრძალვა არის „სრულიადი სიცოფე“ და „ეშმაკისა მიერ მოპოვნებული“, ხოლო ამის მოქმედნი „წესისაგან კათოლიკე ეკლესიისა განეოფილ არიან“.

[74] - ეს მეორე განწესება „კანონარის“ სხვა რედაქციაში, რაზეც ზემოთ უკვე ვუთითებდით (ქრისტეშობის მარხვასთან დაკავშირებით) და რაც პიტრამ გამოაქვეყნა (აქედან - ნაწილი ნ.ზაოზერსკიმ, ძველი სლავური თარგმანის დართვით), ასეთი სახისაა: „ხოლო მეორე [განწესება] ამგვარია მათთვის, რომლებსაც არ სურთ [პირველი]: ორი დღე, ოთხშაბათ-პარასკევი, ჭამონ ზეთი და თევზი (შდრ. სლავ.: (два дни в среду и в пятницу да ядат масло древяное и рыбы), ორშაბათს, სამშაბათს და ხუთშაბათს - ყველი და კვერცხი, შაბათს და კვირას - ხორცი“ (ნ.ზაოზერსკის გამოც., გვ.56).

[75] - ექვთიმეს თარგმანი ამგვარია: „...სამთა მათ დღეთა (ე.ი. ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს) ბარე იმარხეიდენ: ერისაგანნი ჴორცსა და წუელასა, ხოლო თევზსა იჴმარებდენ და მცირედსა ღჳნოსა დღეთა მათ კანონისა და სინანულისა მათისათა, ხოლო მონაზონნი მიიღებდენ ზეთითა ზავებულსა და მცირედსა სასუმელსა; ხოლო სხუათა მათ ოთხთა დღეთა თითოეული თჳსისა წესისა ჭამადთა ზედა ჴსნილ იყოს: ერისკაცნი - ერისკაცთასა და მონაზონნი - სამონაზნოსა“ (გვ. 112).

[76] - შდრ. აღნიშნული აბზაცის ექვთიმესეული თარგმანი: „ამათ უკუე სუბუქთა და ადვილთა კანონთათჳს არა უწყი, ნუუკუე ბრალეულ ვიქმნე წინაშე ღმრთისა, გარნა უმჯობეს არს ჩემდა, რაათა ამის ჯერისათჳს მიმეჴადოს ბრალი, ვიდრეღა უწყალო თუმცა ვიპოე და სასოებისა წარმკუეთელ ცოდვილთა და უძლურთათჳს“ (გვ. 113).

[77] - ასეა ბერძნულ-სლავურში (შდრ. ეს უკანასკნელი: и не сести отнюд обема донде исполни исповедая все, стр. 75). ექვთიმესთან პირიქითაა: „მერმე აღადგინოს იგი (მონანული, ე.ჭ.) და დაჯდეს მოძღუარი იგი და მონანული იგი, შემსგავსებულად საზომისა მისისა, გინათუ ქუე დასუას, გინათუ ზე დგეს“ (გვ.114).

[78] - შდრ. ექვთიმე: „ჰკითხოს სახიერითა პირითა...“ (გვ. 114).

[79] - ექვთიმესთან: „კუალად აღდგეს“ (გვ. 114).

[80] - შდრ. ექვთიმე: „ხოლო სხუათა დღეთა, დაღაცათუ ეკლესიას საეროდ მუჴლთა არა იდრეკდენ, არამედ თჳსაგან (=განმარტოებით, თავისთვის, ე.ჭ.) კაცად-კაცადმან კანონი თჳსი აღასრულოს“ (გვ.116).

[81] - აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს წმ. ბასილი დიდის 74-ე და 84-ე კანონთა ციტირებას (იხ. „დიდი სჯულისკანონი“, თბ. 1975, გვ.495;497). ბერძნულში შემდეგ მოდის მსჯელობანი დიდმარხვაში მცოდველთა, საჭურისთა და ბარბატოსთა (მამათმავალთა) შესახებ. ეს მსჯელობანი ექვთიმესეულ თარგმანს არ მოეპოვება და აშკარაა, რომ ისინი გვიანდელი დანართია. ამ ნაწილებს ნ.ზაოზერსკი უწოდებს дополнения-ს (გვ.32). შესაბამისად, ისინი არ შევიტანეთ არც ჩვენეულ თარგმანში.

[82] - შდრ. ექვთიმე: „უკუეთუ მღჳძარესა გულისსიტყუათაგან შეემთხჳოს შეგინებაჲ...“ (გვ. 118).

[83] - შდრ. ექვთიმე: „მონაზონთა სქემოსანთაჲ ანუ ენკრატისთაჲ“ (გვ.119).

[84] - ბერძნული οίκονομία (იკონომია) ძველ ქართულად გადმოიცემოდა ტერმინით „განგებულებაჲ“, რასაც ვიყენებთ ჩვენც და მეტი გარკვეულობისათვის ფრჩხილებში ვურთავთ ტერმინ „იკონომიას“. ზმნას οίκονομείται გადმოვცემთ ორსიტყვედად: „განგებულებითად მცირდება“.

[85] - „მცენარეული საწამლავისა“ - შდრ. φάρμακον βοτάνης (სლავ. смертное былие).

[86] - ეს შეგონება აკლია ბერძნული ტექსტის გამოცემას, მაგრამ არის ქართულში და სლავურში.

[87] - „ეკლესიის მსახურთა გარდა“ - ბერძნულშია: πλήν τής έπιτεταγμένης τόν κανόνα („იმის გარდა, ვინც დადგენილია კანონის, წეს-განგების [აღსასრულებლად]“). ჩვენ მივყვებით ექვთიმეს (შდრ.: „რომელი ეკლესიას უბნობდეს გარეშე მსახურთა ეკლესიისათა...“, გვ.122).

[88] - „მუხლედად იმეტყველოს“ - ბერძნ. στιχολογοΰσα.

 

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ.

"სპეკალი მართლმადიდებლობისა", თბილისი 2007 წელი


AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 21:56)