კონსტანტინეპოლის წმინდა ეპისკოპოსის გენადისა და მასთან ერთად წმინდა კრებისა - ღირსი მიტროპილიტებისა და რომის პაპის მიმართ

 

ყოვლად ღმრთისმოყვარე და ჩვენს ღირსეულ თანამწირველს... მიმართავს გენადი და მასთან ერთად ქრისტესმოყვარე სატახტო ქალაქ კონსტანტინოპოლში, ახალ რომში, შეკრებილი კრება.

ჩვენმა მეუფემ, ღმერთმა და მაცხოვარმა იესუმ, მიანიჭა რა თავის წმინდა მოწაფეებს სახარების ქადაგების უფლება და მსოფლიოს ყველა ადამიანის მოძღვრად წარავლინა ისინი, ცხადად უბრძანა მათ, რომ, რაც უსასყიდლოდ მიიღეს მისგან, მათაც უსასყიდლოდ უნდა მისცენ იგი ადამიანებს და ამ გზით ნუ მოიხვეჭენ მათგან ნურც სპილენძს, ნურც ვერცხლს, ნურც ოქროს და ნურც სხვა ნივთიერ და ამქვეყნიურ ქონებას, რადგან ზეციური და სულიერი მადლის სანაცვლო არ არის მიწიერი და გახრწნილი.

ეს მცნება მხოლოდ მათ კი არ მისცა, მათგან ჩვენც გვამცნო და ღირსი გვყო მათი ადგილისა და ხარისხის დაპყრობისა. როგორც მაშინ მათ, ასევე ჩვენც ამ ცნების უცდომელად შენახვა და დაცვა გვმართებს და არა ამაოდ ბრძნობა და ვერაგობა იმაზე, რაზეც არ უნდა ვივერაგოთ და არც უნდა დავიწყოთ ამაო ძიება წარსაწყმედელი საძიებელისა, რადგან ასე ამბობს საღმრთო ხმა: ”უსასყიდლოდ მიგიღიათ, უსასყიდლოდვე მიეცით. ნუ მოაგროვებთ სპილენძს, ნურც ვერცხლს, ნურც ოქროს თქვენს სარტყლებში” (მათე 10, 8-9). მარტივი და ცხადია ამ მცნების სიტყვები და არც ძნელად მისახვედრია. არც ჩხრეკა, ძიება და განმარტება სჭირდება. ეუბნება, რომ ჩემგან მიგიღიათ მღვდელმთავრობის პატივი და თუ თქვენ ჩემთვის მიგირთმევიათ დიდი ან მცირე ამის სანაცვლოდ და გიყიდიათ ეს ჩემგან, გაყიდეთ თქვენ სხვაზე და თუ უსასყიდლოდ მიიღეთ, თქვენც გაეცით უსასყიდლოდვე. რა არის ამ მცნებაზე უფრო ნათელი და რა შეიძლება იყოს უფრო სასარგებლო მათთვის, ვინც დაემორჩილება მას! ნამდვილად ვაი მათ, ვინც გაბედავს საღმრთო ნიჭის მიღებას ან გაცემას საფასურით, რადგან ასეთნი ნაღველივით გამწარდებიან და უსამართლობას შეუერთდებიან (საქმე 8,23), პეტრე მოციქულის განჩინებისამებრ, ვერცხლისმოყვარეობით შეპყრობილები.

სჯულის დამადასტურებელი კანონი (№2) გამოიტანა ღირს და სანატრელ მამათა ქალკედონში შეკრებილმა დიდმა და წმინდა მსოფლიო კრებამ. კანონი ასეა ჩაწერილი: თუ ეპისკოპოსმა ყოს ხელთდასხმა საფასურით, სავაჭროდ აქციოს არასავაჭრო მადლი და ფასით დაასხას ხელნი ეპისკოპოსს, მღვდელს, დიაკონს, ან სხვას ვისმე, სამღვდელო დასში ჩარიცხულს, ან დანიშნოს საფასურით იკონომოსი, ეკლესიის ნაფიცი ვექილი (ეკდიკი), ან დეკანოზი, ან სხვა ვინმე რომელიმე საეკლესიო თანამდებობაზე თავისი საძაგელი შესაძენისათვის და მხილებულ იქნეს ასეთ საქციელში, ჩამოერთვას თავისი პატივი. ხელთდასხმული კი ნურავითარ სარგებლობას მიიღებს ნაყიდი ხელთდასხმიდან ან დანიშვნიდან, არამედ ჩამოშორებულ იქნეს იმ პატივს ან საქმეს, რაც საფასურის გაღებით მიიღო. ხოლო თუ ვინმე სამღვდელოთაგანი ასეთი საძაგელი და უწესო ვაჭრობის შუამავალი იყოს, განიკვეთოს თავისი მღვდელობისაგან, ხოლო თუ ერისკაცი ან მონაზონი იყოს, შეჩვენებულ იქნეს. შესანიშნავი და ფრიად კეთილია წმინდა მამათა კანონის ეს მცნებანი, რომლებიც სატანის ყველა შემოტევას, ყოველ საეშმაკო ხელყოფას და სულიერი მადლის დასამხობად გამძვინვარებულ მტერეს დააცხრობს და აღკვეთს. ეს კანონი კრძალავს როგორც საფასურით ხელთდასხმას, ისე საფასურით ხელთდასხმის მიღებას. არ აპატიებს ამის ჩადენას არ ხელთდამსხმელს, არც ხელთდასხმულს. არ შეიძლება საფასურის გაღება არც ხელთდასხმის დროს, არც შემდეგ, არც ხელთდასხმამდე, ესე იგი სრულიად უარყოფილია ამ საქმისათვის ქრთამის მიცემა. მაგრამ ვინაიდან ასე მტკიცედ უარყოფილი და აღკვეთილი საქმის ქმნა ემხილა ზოგიერთი სულმოკლეს გალატელთა მსგავსად და მათ ანგარებისა და ვერცხლისმოყვარეობის გამო დაარღვიეს ეს საცხოვნებელი და კაცთმოყვარული მცნება, ჯეროვნად მიგვაჩნია ამ კანონის განახლება წმინდა კრების მიერ, რომელიც შეიკრიბა ამ სამეფო ქალაქში, ახალ რომად წოდებულ კონსტანტინეპოლში, რათა არ დავუშვათ ხრიკები და ბოროტი მოხერხება და ეს საძაგელი და, ვინ იცის, რა გზით შემოსული ჩვეულება ყოვლად და სრულიად მოისპოს ეკლესიიდან, რათა ჭეშმარიტად უყიდელი მადლი მღვდელმთავართა მიერ ხელთდასხმულზე სულიწმიდის მოხმობით გადმოვიდეს ზეციდან. ხოლო საფასურით ქმნილი დადგინების დროს, არაგანწმენდილი ხელით მოქმედთაგან, არ ვიცი, როგორ უნდა გადმოვიდეს იგი ხელთდასხმულზე, მხოლოდ ქადაგებით. ასეთი ქმედების დროს უფრო არ დაბრკოლდება ყოვლადწინდა სულის მადლი?

იცი შენ, ყოვლად ღმრთისმოყვარეო, რომ ყველა ამგვარად ვნებული და ბიწიანი ეპისკოპოსი, ქორეპისკოპოსი, პერიოდევტი, მღვდელი, დიაკონი, ან სხვა სამღვდელო პირი, ან ერისკაცი მღვდელთმთავართა საერთო სჯულის მიხედვით უნდა დაისაჯოს და საზოგადო დადგენილებით უნდა შეირისხოს, როგორც ამას წმინდა მამათა ზემოთ მოტანილი კანონი მოითხოვს. ჯეროვანია, რომ მადლი იყოს მადლი და არ შუამდგომლობდეს მისთვის ვერცხლი.

არის და იყოს კიდეც განქიქებული და ყოველგვარ სამღვდელო პატივაყრილი და მსახურებისაგან განყენებული, წყევისა და შეჩვენების ღირსი, ვინც ფულით შესყიდვა მოინდომოს ამისი, ფასით, ამის მიცემას დაჰპირდეს, გინდ სამღვდელო დასის წევრი იყოს, გინდ ერისკაცი: გინდ ემხილოს და გინდ ცხადად არ ემხილოს ამის ჩადენა, რადგან არ შეიძლება შეუფერებლის შეხამება, არც ღმერთთან მამონას დაწესება და მისი მონების ღმრთისათვის დამონება. სამეუფოა ეს უდავო განჩინებაც: ”არ შეგიძლია ღმრთისა და მამონას მონობა” (მათე 6,24). ამ სიტყვათა მინდობითა და მიყოლით ჩვენც ქრისტესთან ერთად ჩვენი ძალის შესაბამისად უსჯულოდ მოქმედთათვის ასე განვაჩინეთ. იზრუნოს შენმა ღირსებამაც იმისთვის, რომ პირველად თვითონ დაიცვას მოკრძალებით ეს კანონი. აუწყე შენს ხელქვეით ეპისკოპოსებს და პერიოდევტებს, და საერთოდ ყველას ყოველივე ეს მათთან ამ ეპისტოლის პირის გაგზავნით, რომ ერთი სულით და ერთი გულით ყველა ქრისტიანი გაძლიერდეს საერთო მტრის წინააღმდეგ და მისგან ჩვენ შორის დანერგილი კერპთმსახურების ძირი ბოროტების ყველა ნერგთან ერთად აღმოვფხვრათ. მოვიკითხავთ შენი ძმობის ყველა წევრს და უფლისაგან განმტკიცებულებმა ილოცეთ ჩვენთვის, ღმრთისმოყვარეო ძმაო.

(ხელს აწერენ):

გენადი - ეპისკოპოსი ახალი რომის - კონსტანტინეპოლისა

იოანე - არაკლიის დედაქალაქის ეპისკოპოსი (მიტროპოლიტი)

ანასტასი - ანკვირიის დედაქალაქის ეპისკოპოსი

ევნომიოსი - ნიკომიდიის დედაქალაქის ეპისკოპოსი

პეტრე - ნიკიის დედაქალაქის ეპისკოპოსი

პერგამოსი - პისიდიის ანტიოქიის ეპისკოპოსი

პავლე - მარკიანოპოლის ეპისკოპოსი

ნუნექიოსი - ლაოდიკიის ეპისკოპოსი

პეტრე - ღანგრის ეპისკოპოსი

კარტერი - კლავდიოპოლის ეპისკოპოსი

აღაპიტოსი - როდოსის ეპისკოპოსი

ელეფთერი - ქალკედონის ეპისკოპოსი

სტეფანე - იერაპოლის ეპისკოპოსი

გრიგოლი - ანდრიანოპოლის ეპისკოპოსი

ლუკიანე - ვიზოს ეპისკოპოსი

ევნოიოსი - მიტილენის ეპისკოპოსი

თალასი - პარიოს ეპისკოპოსი

მაქსიმე - ასურეთის ლაოდიკიის ეპისკოპოსი

გერონტი - სელევკიის დედაქალაქის ეპისკოპოსი (მიტროპოლიტი)

ევსტათი - პარნასოს ეპისკოპოსი

ნეტირასი - ღაზის ეპისკოპოსი

თევდოსი - კანთოს ეპისკოპოსი

ანატოლი - ათენის ეპისკოპოსი

სტეფანე - პრუსიელთა ეპისკოპოსი

კვირიაკოსი - აპოლონის ეპისკოპოსი

აკაკი - ანტანდრონის ეპისკოპოსი

პლუტარქოსი - პლატეოს ეპისკოპოსი

კვირიაკოსი - კარფიოს ეპისკოპოსი

აფოვიოსი - კორონიის ეპისკოპოსი

მაკედონი - მაგვიდონის ეპისკოპოსი

რუფინოსი - ექეონის ეპისკოპოსი

პალადიოსი - ანდროს ეპისკოპოსი

ფოტინოსი - ოტროს ეპისკოპოსი

ევტრაპი - ავრილიოპოლის ეპისკოპოსი

იოანე - ეკელისინის ეპისკოპოსი

ფოტინოსი - თერმას ეპისკოპოსი

იპატი - გერმიონის ეპისკოპოსი

სავატი - ეპისკოპოსი

ევდუქსიოსი - ბოსფორის ეპისკოპოსი

ბასილი - ნავკლესო ეპისკოპოსი

პიმენი - კლავიზმატოს ეპისკოპოსი

აპოლონი - პინიის ეპისკოპოსი

ესაია - ნავკრატიტოს ეპისკოპოსი

ისაკი - თვინეოს ეპისკოპოსი

ელპიდი - ტამიათესოს ეპისკოპოსი

მარინოსი - კვინოს ეპისკოპოსი

თეოტექნოსი - ასინის ეპისკოპოსი

ატალოსი - მალინოს ეპისკოპოსი

თეოტიმოსი - აკმონიის ეპისკოპოსი

ხარიტონი - აპასიის ეპისკოპოსი

სერინოსი - მაქსიმიანოპოლის დედაქალაქის ეპისკოპოსი (მიტროპოლიტი)

მაქსიმე - ზაგვილესო ეპისკოპოსი

ათანასი - ზოიტოს ეპისკოპოსი

პლუსამონი - ნიკეოტოს ეპისკოპოსი

პაპასი - ელეტიოს ეპისკოპოსი

თეონასი - ვოტინოს ეპისკოპოსი

აპოლოსი - ანტიფრონის ეპისკოპოსი

აღათოსი - პერიიკიდოს ეპისკოპოსი

პეტრე - იფესტოს ეპისკოპოსი

აპოლონიოსი - ათრივეოს ეპისკოპოსი

პეტრე - თვისთეოს ეპისკოპოსი

არპოკრასი - პანეოს ეპისკოპოსი

პავლე - სევენვიტოს ეპისკოპოსი

არისტოტელი - ექინატოს ეპისკოპოსი

ფოტი - ბაბილონის ეპისკოპოსი

ავგუსტინე - ახალი მარკიანაპოლის ეპისკოპოსი

იოანე - სომხეთის ნიკოპოლის ეპისკოპოსი

ივლიანე - კოუის ეპისკოპოსი

სავატი - ანქიალოს ეპისკოპოსი

სტრატოკლი - პროკონისონის ეპისკოპოსი

იოანე - ტრანოპოლის ეპისკოპოსი

მაქსიმე - ლიბიის ეპისკოპოსი

თეოდულე - ტრაიანაპოლის ეპისკოპოსი

მარინოსი - ეპიფანიის ეპისკოპოსი

ბასილი - ალექსანდრიის ეპისკოპოსი

იოანე - გერმანიკის ეპისკოპოსი

ინდიმოსი - არონიპოლის ეპისკოპოსი

ტიმოთე - დოლიქის ეპისკოპოსი

ფონტიანოსი - აღალასოს ეპისკოპოსი

დოკიმასიოსი - მარონიის ეპისკოპოსი

იოვინოსი - დივევტოს ეპისკოპოსი

----------------------------------------------------------------

* მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე - ცირკულარული, ენციკლიკია

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 21 October 2011 21:57)