წმინდა ბასილი კესარია-კაპადუკიის ეპისკოპოსის პირველი ეპისტოლე კანონთა შესახებ ამფილოქე იკონიის ეპისკოპოსის მიმართ

"უგუნურსა კითხვაჲ სიბრძნისაჲ სიბრძნედ შეერაცხებისო" (იგავ. 17,18), ნათქვამია, ხოლო ბრძენის მიერ დასმული კითხვა, როგორც ჰგავს, უგუნურსაც ბრძნად აქცევს. ასე შეგვემთხვა ჩვენც ღმრთის მადლით, რამდენჯერაც შევიწყნარეთ შენი ტკივილთმოყვარე სულის წერილი. მასში დასმულმა კითხვებმა ბევრი რამ გვასწავლეს, რაც არ ვიცოდით და უფრო გულისხმიერი და გონიერი გაგვხადეს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემისთვის გაწეული ზრუნვა კეთილის მასწავლებელი გახდა ჩვენთვის. ამაზე არასოდეს მიზრუნია და შენმა კითხვებმა იძულებული გამხადეს გამომეკვლია, განმეხილა ყოველივე, და რაც მოხუცებულთაგან მსმენია, ის გავიხსენე და იმისი მსგავსი ჩემითაც დავამატე, რაც მათგან მისწავლია.

თავი 1. წმინდად (კათარად) წოდებულთა საკითხის შესახებ ადრეც ნათქვამია და კეთილად არის მოხსენიებული, რომ ისინი უნდა მიჰყვნენ ადგილობრივ წესს, რადგან მათი ნათლისღების შესახებ სხვადასხვაგვარად ფიქრობდნენ სხვადასხვა დროს.

პეპუზიანელთა შესახებ არა მგონია, რომ რაიმე თქმულიყო მათ დასაცავად და მიკვირს, თუ როგორ აუარა გვერდი ამას დიონისემ, რომელიც კანონს კარგად იცნობდა და მისდევდა. ძველებმა განაწესეს მიღება იმათი ნათლისღებისა, რომლებიც სარწმუნოებაში არ ცდებოდნენ. ამიტომ ზოგს ერესი დაარქვეს, ზოგს განხეთქილება და ზოგს კიდეშესაკრებლობა (თვითნებური თავშეყრა). მწვალებელი, ერეტიკოსი დაერქვა სარწმუნოებისაგან მთლად ჩამოცილებულთ და უცხოქმნილებს. განხეთქილება არის ისეთი მიზეზი, რომლის განკურნება შეიძლება. ესენი არიან საეკლესიო საკითხებზე დავის გამო ერთმანეთისაგან გაყოფილები. კიდეშესაკრებლობა (თვითნებური თავშეყრა) კი არის, როცა დაუმორჩილებელ ეპისკოპოსს ან მღვდელს აყოლილი ერი კრებას იწვევს, როცა რაიმე ბრალისთვის დასჯილი განუდგება სამღვდელო დასს, თავს არ მოუხრის კანონს, თავის თავს თვითონ ასამართლებს და ძალით მიიკუთვნებს პატივსა და მღვდლობას. ასევე თუ გამოიყოფა ვინმე, დატოვებს კათოლიკე ეკლესიას და მოაწყობს თვითნებურ შეკრებას - ეს არის თვითნებური თავყრილობა, კიდეშესაკრებლობა. ეკლესიაში მყოფთაგან განსხვავებული აზრის ქონება სინანულის შესახებ არის განხეთქილება. ხოლო ერესი, მაგალითად, მანიქეველთა, ვალენტინიანელთა, მარკიონელთა და თვით პეპუზიანელთა ნიშნავს გაყოფას თვით ღმრთის სარწმუნოების საკითხში.

პირველ მამებს სურდათ მწვალებელთა სრულიად გაძევება და მათი, როგორც წარმართთა, ისე მიღება-შეწყნარება. განხეთქილების მოქმედთა, როგორც ჯერ კიდევ ეკლესიის ნაწილთა, შეწყნარება შეიძლება. თვითნებური თავშეყრის მომწყობთა ჯეროვანი სინანულის, გამოსწორებისა და მობრუნების შემდეგ შეიძლება მათი ისევ შეერთება ეკლესიასთან. ისე რომ, დაუმორჩილებლებთან ერთად განდგომილი სამღვდელო დასის წარმომადგენლები თუ მოიქცევიან და ინანებენ თავიანთ განდგომას, ისინი იმავე ხარისხით იქნებიან შეწყნარებულნი, რომელშიც იყვნენ თავიდან.

პუპუზიანელები მწვალებლები არიან განცხადებულად, რადგან ისინი გმობენ სულიწმიდას და უსირცხვილოდ აკუთვნებენ მონტანსა და პრისკილას ნუგეშისმცემელთა სახელს. ამიტომ, როგორც კაცთა ღმერთმყოფელნი, დასასჯელნი არიან ამისთვისაც და იმიტომაც, რომ სულიწმიდას ადამიანებთან გათანაბრებით აგინებენ. ამგვარად საუკუნო სასჯელს იმსახურებენ, რადგან სულიწმიდის გინების შენდობა არ შეიძლება. რა გამართლება აქვს ამათი ნათლისღების შეწყნარებას, რომლებიც ნათელს სცემენ მამის, ძისა და მონტანის და პრისკილას მიმართ? არ არის ნათელღებული ის, ვინც ნათელ-იღო იმათ მიმართ, ვინც არ არის ჩვენთვის მოცემული.

თუმცა დიდი დიონისე არ შეხებია მათ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივყვეთ ამ შეცდომას, რადგან უსწორობა ცხადზე ცხადია, ყველასთვის თვალსაჩინოა და ამის არად ჩაგდება უსამართლობა იქნება.

წმინდად (კათარად) წოდებულნიც განხეთქილების მოქმედნი არიან. ჩვენს პირველ მამებს, კვიპრიანესა და ფირმილიანეს სურდათ ერთი განსაზღვრების განჩინება ყველა ამათთვის, რომლებიც არიან: წმინდად წოდებულნი, მმარხველნი (ენკრატიტები) და წყლისშემწირველნი (ჰიდროპარასტატები), რადგან გადნგომის დასაწყისი წარმოიშვება განხეთქილებისაგან. განუდგებიან რა ეკლესიას, მათ აღარ აქვთ თავის თავში სულიწმიდის მადლი, რადგან მოაკლდათ მადლი კანონიერი წესების მიყოლის აღკვეთასთან ერთად. პირველ განდგომილთ მამებისაგან ჰქონდათ მიღებული სულიერი მადლი. ხოლო თანდათან გამოეყვნენ მათ, ერისკაცები გახდნენ და არც ნათლიცემისა და არც ხელთდასხმის ნება არ ჰქონდათ, აღარ შეეძლოთ სულიწმიდის მადლი მიენიჭებინათ სხვებისთვის, რადგან თვითონ ჩამოშორდნენ ამ მადლს. ამის გამო მათგან ნათელღებულების, როგორც ერისკაცთა მიერ მონათლულების, ხელახლა ნათლისღებით განწმენდას ბრძანებს ეკლესია, როცა ასეთი ვინმე ისევ დაუბრუნდება მართლმადიდებლობას. მაგრამ რადგან აზიელთაგან ბევრს სურს მათი ნათლისღების შეწყნარება, შეიწყნარონ.

ჩვენ უნდა გავიგოთ მმარხველთა (ენკრატიტებად) წოდებულთა მზაკვრობა, რადგან ეკლესიისგან შეუწყნარებელნი რომ იყვნენ ისინი, ხელი მიჰყვეს თავიდანვე თავიანთი ნათლისღების დაჩქარებას, რითაც თავისი საკუთარი ჩვეულებაც შეცვალეს. ამიტომ რადგან არაფერი მათ შესახებ ნათლად თქმული და განჩინებული არ არის, ჩვენ გვმართებს მათი ნათლისღების გაუქმება. თუ ვინმეს ნათელ-უღია მათგან, ხელახლა უნდა ნათელ-ვცეთ მას, დაუბრუნდება რა ეკლესიას. მაგრამ თუ საერთო მამათა განგებას სურს თავის შეკავება და ამის სხვაგვარად განწესება, ისევ ჩვეულებას უნდა მივყვეთ და ჩვენი მამების დადგენილებას შევუდგეთ, რადგან როცა გვინდა ვინმე  შევაჩეროთ აჩქარებული ნათლისღებისაგან, ვერიდები, რომ ცხოვნებისაგან არ დავაბრკოლო ისინი ჩვენი მკაცრი განჩინებით. თუ ისინი დაიცავენ ჩვენს ნათლისღებას, ეს ნუ დაგვამშვიდებს ჩვენ, რადგან ასე მოქცევა კი არ გვევალება ჩვენ, არამედ საჭიროა, პატივი ვცეთ და გულმოდგინედ მივყვეთ უცთომელ კანონს და კრძალვით დავიცვათ შემდეგი, რომ, როცა ვინმე, მათგან ნათელღებული, მოუბრუნდება ეკლესიას, პირველად მას ეცხებოდეს საცხებელი სულიწმიდისა მორწმუნეთა შორის და შემდეგ ეზიარებოდეს საიდუმლოს. ვიცი ესეც, რომ ძმები იზო და სატორნინე, რომლებიც მათი დასის წევრები იყვნენ, შევიწყნარეთ ეპისკოპოსის ტახტზე, რის გამოც მათი საზოგადოების წევრებს ვერ გამოვყოფთ ეკლესიისაგან რაიმე კანონის მიღებით მათი და მათი ეპისკოპოსების ზიარების შესახებ.

2. წინასწარი განზრახვით მუცელში ჩვილის მომკვლელს კაცისკვლის სასჯელი ედება. ჩვენ არ შეგვიძლია, ზუსტად დავადგინოთ, ჩასახულია და არის ბოლომდე გაფორმებული თუ არა მოწყვეტილი ჩვილი. აქ გამოძიება და დასასჯელი იქნება არა მხოლოდ დამნაშავე დასაბადებელის მოსპობისათვის, არამედ მისი მშობელიც, რომელმაც თავის თავზე აღმართა ხელი, რადგან ამ მიზეზით მრავალი ქალი კვდება. ამას უერთდება გახრწნა ნაყოფისა, როგორც სხვა სახე კაცისკვლისა. ვინც ამის წინასწარი განზრახვით გაკეთებას გაბედავს, მკვლელია, მაგრამ მისი სინანული არ უნდა გაგრძელდეს სიკვდილამდე, არამედ მისი შეწყნარება შეიძლება ათი წლის შემდეგ. მათი სრულიად განკურნება ბრალისაგან შეუძლია არა დროს, არამედ სინანულის სახეს.

3. თუ დიაკონმა დიაკვნად ხელთდასხმის შემდეგ ისიძვოს, დიაკვნობა ჩამოერთვას და მიეცეს ერისკაცებთან ერთად ზიარების უფლება, რადგან ძველია ის კანონი, რომელიც სამღვდელო ხარისხჩამორთმეულს მხოლოდ ამ სასჯელს აკმარებს. როგორც ვფიქრობ, ეს მოდის ძველი სჯულიდან, რომელშიაც ნათქვამია: "არ დასაჯო ორი სასჯელით ერთდროულად" (ნაუმ. 1,9). არის სხვა მიზეზიც, რადგან, თუ ერისკაცებიდან ვინმე გაძევებული არის უცთომელი მორწმუნეების რიცხვიდან, მონანიების შემდეგ ისევ შეიწყნარებენ მას და დააბრუნებენ თავის ადგილზე მორწმუნეთა შორის, საიდანაც განიდევნა. ხოლო დიაკონს ერთგზის მიეზღვება განკვეთის სასჯელი და აღარასოდეს დაუბრუნდება დიაკვნის ხარისხი, ამიტომ მხოლოდ ეს ერთი სასჯელი დაუწესეს. ასეა ეს წესების მიხედვით, მაგრამ ყოველმხრივი და უჭეშმარიტესი განკურნება არის ცოდვისაგან სრული განშორება. ამიტომ ვინც ცოდვა იგემა და უგულებელყო მადლი, ხორცის შემუსვრით და დიდი შრომით, სურვილთა ალაგმვით და გემოთმოყვარეობის, რომლისგანაც დაეცა, განშორებით უნდა მოგვცეს თავისი ყოველმხრივი და სრული განკურნების თვალსაჩინო დასტური. ჩვენ ორივე უნდა ვიცოდეთ. პირველი ის, რაც ჩვეულებით გადმოგვეცა და დაწესებულია, და მეორე ის, რაც უცთომელი წესიერებით გვეძლევა მათთვის, ვინც ვერ მიაღწევს ნამდვილ, ჭეშმარიტ განკურნებას.

4. სამჯერ და მრავალჯერ დაქორწინებულთა შესახებ იგივე კანონი უნდა დაწესდეს, რაც არის დაწესებული ორჯერ ქორწინებულთა შესახებ, ქორწინებათა რიცხვის შესაბამისად. ერთი წელი თქვეს მეორედ ქორწინებულთა უზიარებელ-ყოფა და ზოგიერთმა - ორი წელი. ხოლო მესამედ ქორწინებულებს სამი წლით და ზოგჯერ ოთხი წლით უზიარებელ-ყოფენ. მას უწოდებენ არა ქორწინებას, არამედ მრავალქორწინებას და უფრო კი სიძვას, რომელიც სასჯელს იმსახურებს. უფალმა ხუთ ნაქმარევ სამარიტელს უთხრა: "რომელიც ახლა გყავს, არ არის შენი ქმარიო" (იოანე 4,18). აქედან გამომდინარე, სამართლიანი არ არის, რომ მათ, რომლებიც მეორე ქორწინებას გადააცილებენ, ქმრობის ან ცოლობის სახელი ეწოდოს ვისგანმე. ჩვენ კი ჩვეულებრივ და წესად მივიღოთ მესამედ ქორწინებულთა ხუთ წელს უზიარებელ-ყოფა, რაც მოდის არა კანონთაგან, არამედ წინამორბედთაგან მიღებული განწესებიდან და ჩვენი დადგენილებიდან. მაგრამ ისინი მთლიანად არ უნდა გავაძევოთ ეკლესიიდან, არამედ ორ-სამ წელიწადს მსმენელობის ღირსი უნდა გავხადოთ. ამის შემდეგ ნება უნდა მიეცეთ მათ, დადგნენ ზიარების ღირსთა შორის, მაგრამ საიდუმლოს ზიარებიდან ისევ განყენებულ იქნენ და ამგვარად, როცა აჩვენებენ სინანულის ღირს ნაყოფს, მაშინ მიიღებენ წმინდა ზიარებას.

5. სიკვდილის წინ საჭიროა შევიწყნაროთ ის მწვალებლები, რომლებიც მოინანიებენ. მაგრამ, ცხადია, ეს შეწყნარება განუკითხველად არ უნდა მოხდეს. საჭიროა გამოცდა და გამოძიება, ჭეშმარიტ სინანულს აჩვენებენ თუ არა, და თუ აქვთ ნაყოფი, რომელიც დაამოწმებს მათ მისწრაფებას გადარჩენისკენ.

6. კანონის მორჩილთა, ღმრთისთვის შეწირულთა სიძვა ქორწინებად ნუ ჩაითვლება, არამედ ყოველი ღონით უნდა გაითიშოს მათი შეერთება. ამით ეკლესიის უცთომელობა იქნება წარმატებული და მწვალებლებიც ჩვენზე ძვირის საქთქმელად არ გახსნიან პირს, რომ ჩვენ ცოდვას მივიზიდავთ მისთვის თავისუფლების მიცემით.

7. ვაჟთა და პირუტყვთა განმხრწნელნი, კაცისმკვლელნი, მომწამვლელნი, მრუშები და კერპთმსახურნი - ყველა ერთსა და იმავე სასჯელს იმსახურებს. ამიტომ რაც სხვებზე წესი გაქვთ, ის უნდა დაიცვათ ამათზეც. ხოლო ვისაც ოცდაათწლიანი სინანული მოუხდია იმ არაწმიდებისათვის, რაც უვიცობით ჩაუდენია, არ უნდა ვიორჭოფოთ მათი შეწყნარების დროს, რადგან არცოდნა და, გარდა ამისა, ნებით აღიარება და ამოდენა დრო შენდობის ღირსად აქცევთ მათ. იმდენი დროა გასული, კაცის თითქმის მთელი ცხოვრება მიცემულია სატანისთვის, რამაც მათ ასწავლა, რომ აღარ შეცოდონ. ამის გამო ბრძანე, რომ ისინი დაუყონებლივ შეიწყნარონ, თუ ცრემლით მოწყალე ჰყოფენ შენს მამობრივ სიკეთეს და აჩვენებენ შენდობის ღირს ცხოვრებას.

8. ვინც განრისხდა და ცული იხმარა თავის მეუღლეზე, იგი კაცისმკვლელი არის. შენი გულისხმიერების შესაბამისად კეთილად მიბრძანე მე, რომ უფრო ვრცლად მეთქვა ამის შესახებ. დიდი განსხვავებაა განზრახ და უნებლიე კაცის კვლასა და სხვა ცოდვებს შორის. სრულიად უნებლიე და გარეშე მიზეზია ის, როცა ვინმე ძაღლს ან ხეს ესვრის ქვას და ეს ქვა მოხვდება კაცს, რადგან საქმის ვითარება ესაა: ამის მოქმედის სურვილია, ან მხეცი გააქციოს, ან ხიდან ნაყოფი ჩამოაგდოს. აგრეთვე თუ ვინმე, გზად მიმავალი, ჩავარდება ჯურღმულში, უნებლიეა ესეც. ამათთან ერთად უნებლიეა ისიც, როცა ვინმეს უნდა მოაქციოს მისთვის ჩაბარებული პიროვნება და ჯოხს ან სხვა რამეს დაარტყამს არა ძალიან მტკივნეულად და ნაცემი მოკვდება, რადგან საქმის ვითარება ის იყო, რომ სურდა უკეთესისკენ შეცვლის საჭიროებაში დაერწმუნებინა და არ სურდა, რომ მოეკლა შემცოდველი. უნებლიეა ისიც, როცა ჩხუბში შესაშინებლად გამეტებით დაარტყას ვინმემ ჯოხი ან ხელი ჭრილობის მისაყენებლად საშიშ ადგილას, რომ თავი დაიცვას და ტკივილი მიაყენოს, მაგრამ მოკვლის განზრახვა არ ჰქონდეს. ეს უკვე უახლოვდება განზრახ მკვლელობას, რადგან, თუ იხმარა იარაღი ან ხერხი შურისსაძიებლად და ან თუ არ მოერიდა დიდი ჭრილობის მიყენებას, ცხადია, რომ დაუზოგავად შეებრძოლა იგი იმ კაცს. ასევე ვინც მძიმე შეშა ან კაცის ბუნებრივ ძალას აღმატებული ქვა იხმაროს, ასეთი მკვლელობაც განზრახ მკვლელობად ჩაითვლება, მიუხედვად იმისა, რომ სხვა რამ უნდოდა და სხვა აღასრულა, რადგან გულისწყრომამ სძლია და ისეთი ჭრილობები მიაყენა, რომ მოკლა დაჭრილი, თუმცა მისი სურვილი მოწინააღმდეგის დამარცხება იყო და არა მოკვლა.

ხოლო ვინც მახვილი ან რაიმე ბასრი იარაღი იხმაროს, არაფერი აქვს მას თავის გასამართლებელი, მით უფრო, თუ ცულს ესვრის, რადგან ხელით კი არ მიაყენა ჭრილობა, რომ მოეზომა ჭრილობის სიდიდე, არამედ ესროლა, რის გამოც რკინის სიმძიმემ, მისმა ბასრმა პირმა და შორიდან წამოსვლამ გამოიწვიეს სასიკვდილო ჭრილობა.

ასევე განზრახ მკვლელობაა და სრულიად გაუმართლებელი ავაზაკებისა და მტრების თავდასხმა, რადგან ესენი ქონებისთვის კლავენ და მხილებას ემალებიან, სასიკვდილო ბრძოლაში უდიერად ებმებიან და არც შესაშინებლად, არც გასაწვრთნელად იბრძვიან, არამედ მტრის აშკარა მკვლელობას უდებენ საფუძვლად საქმეს.

აგრეთვე, თუ ვინმემ რაიმე მიზეზისთვის მოამზადოს წამალი და ის, ვინც ამ წამალს იხმარებს, მოკვდება, სიკვდილის ამ სახეს განზრახ კაცისკვლად ჩავთვლით.

ხშირად ქალები ჯადოქრობითა და გრძნეული ძალებით თავს აყვარებენ მამაკაცებს. ამ მიზნით აძლევენ ისეთ წამალს, რომელიც გონებას უბნელებს მათ და კლავს. ასეთი სიკვდილიც, თუმცა სხვა იყო მათი მონდომების მიზეზი და სხვა აღსრულდა, უჯერო და უწესო ხერხების ხმარებისთვის განზრახ კაცისკვლად ჩაითვლება. ამათთან ერთად ისინიც, ვინც ფეხმძიმეებს მუცლის მოსაწყვეტ წამალს მისცემენ, კაცისმკვლელნი არიან და მათთან ერთად იგივე ბრალი ედება მიმღებსა და მომხმარებელს მათგან მომზადებული საწამლავისა. ესენიც იმდენადვე არიან დამნაშავე.

9. უფლის განჩინება, რომელიც ამბობს, რომ ქორწინება "სიძვის მიზეზის გარეშე" არ უნდა დაირღვეს (მათე 5,32), თანაბრად ეხება მამაკცებსა და დედაკაცებს. ჩვეულება კი სხვას გვიჩვენებს. დედაკაცების შესახებ არსებობს ბევრი მკაცრი გამონათქვამი. მოციქული ამბობს, რომ "ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მასთან ერთად " (I კორ. 6,16), ხოლო იერემია - "თუ ქმრის ცოლი სხვა ქმარს შეუერთდება, აღარ უნდა მიუბრუნდეს თავის ქმარს, არამედ იგი შეგინებულია" (იერემ. 3,1). და კიდევ: "ვისაც ჰყავს მრუში დედაკაცი, ის უგუნურია და უღმრთო" (იგავ. 18,23). ჩვეულება დედაკაცებს უბრძანებს, რომ არ გაშორდნენ მრუშ და სიძვის ჩამდენ მამკაც-მეუღლეებს. ამიტომ არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა, რომ მრუში ეწოდოს დედაკაცს, რომელიც შეუერთდება მიტოვებულ კაცს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ბრალი ედება ქმრის დამტოვებელ დედაკაცს. უნდა გაირკვეს, თუ რა მიზეზით დაარღვია მან ქორწინება, რადგანაც, თუ მეუღლე სცემდა მას და ვერ აიტანა ეს, მაინც მოთმინება უფრო ჰმართებდა, ვიდრე გაშორება მისგან. თუ ქონება დაკარგა და ეს ვერ აიტანა, არც ეს კმარა მიზეზად, ხოლო თუ სიძვაში ცხოვრობდა მისი თანამეცხედრე და ამის გამო მიატოვა იგი, ასეთი რამ არ გვაქვს საეკლესიო ჩვეულებაში: მოღალატე ქმართან განშორებას არ უბრძანებენ ცოლს, არამედ იგი უნდა ცხოვრობდეს მასთან, ვინაიდან არ არის ცნობილი, თუ როგორი დასასრული ექნება ამას, რადგანაც ნათქვამია: "რა იცი შენ, დედაკაცო, იქნებ გადაარჩინო შენი ქმარი?" (I კორ. 7,16). ამის გამო მრუშია ქმრის მიმოტვებელი ქალი, რომელიც შეუერთდება სხვა ქმარს, ხოლო მიტოვებული შენდობის ღირსია და მასთან შეერთებული სხვა დედაკაცი არ არის დასჯის ღირსი. თუ მამაკაცი მიატოვებს ცოლს და შეუერთდება სხვას, ის მრუშია იმის გამო, რომ ამით ცოლს აიძულებს, იმრუშოს. მასთან შეერთებული დედაკაციც მრუშია იმის გამო, რომ სხვა დედაკაცის ქმარი მიისაკუთრა.

10. იმათ, ვინც დაიფიცებს, რომ არ მიიღებს ხელთდასხმას, ნუ დაატანენ ძალას, რომ ხელთდასხმა მიიღოს, რათა დამფიცებელი არ იქცეს ცრუ ფიცის დამდებად. თუმცა უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც შეუნდობს ასეთნაირებს, მაგრამ ჩვენ გამოცდილებით ვიცით, რომ დამფიცებელნი არ არიან მოსაწონნი ღმრთისთვის. საჭიროა განხილვა იმისა, თუ რა სახის ფიცია დადებული, რა სიტყვებია ნათქვამი და რა ზომის გულითადობით არის ფიცი დადებული, და აგრეთვე ფიცზე დასართავი ნატიფი სიტყვებისაც. თუ არც ერთის მხრივ და არსაიდან არ გამოჩნდება რაიმე სანუგეშო, ასეთნაირებს სრულიად უნდა მივანებოთ თავი. სევეროსის საქმის ან მის მიერ ხელთდასხმული მღვდლის შესახებ, ჩემი აზრით, გვაქვს რაღაც ამგვარი სანუგეშო, თუ ეს შენი აზრიც იქნება. შენ ბრძანე, რომ სოფელი მინანდა უნდა ემორჩილებოდეს მასადის. ამგვარად, არც ხელთდასხმული მღვდელი კვირიაკოზი აღმოჩნდება ცრუმფიცავი, ვინაიდან არ მოშორდება იმ ადგილს, და ლონგინოზიც, რომელსაც თავისთან ეყოლება კვირიაკოზი, არ გააუქმებს ეკლესიას, არც თავის სულს დასჯის უმოქმედობით.

კანონთა საწინააღმდეგო არაფერი მოხდება კვირიაკოზის შეწყნარებით, რომელმაც ფიცი დადო მინდანაში ყოფნის შესახებ, შემდეგ კი დათანხმდა ადგილის შეცვლას. მისი დაბრუნება კი ფიცის დაცვას ნიშნავს. მისი მორჩილება ბრძანებისადმი არ ჩაეთვლება მას ცრუფიცობად, მის  ფიცში არ იყო ნათქვამი, რომ მცირედი დროითაც არ დატოვებდა მინდანას. მთელი დანარჩენი დრო კი უნდა გაეტარებინა იქ. სევეროსს, რომელმაც თავისი შეცდომის მიზეზად დავიწყება დაასახელა, ჩვენს შენდობის ღირსად მივიჩნევთ და ვიტყვით, რომ დაფარულთა მეცნიერი ღმერთი არ დაუშვებს, რომ მის ეკლესიად მიადგეს რაიმე ვნება ასეთნაირისაგან, რომელმაც თავიდანვე უკანონოდ გააკეთა ყველაფერი და ფიცით შეკრა ზოგიერთნი. წინააღმდეგ სახარებისა, მან ცრუფიცობა ასწავლა და ადგილის შემცვლელი გახადა თავისი ხელთდასხმული. ახლა კი ტყუის და იმიზეზებს დავიწყებას, მაგრამ ვინაიდან ჩვენ გულთა მსაჯულები კი არა ვართ, არამედ იმას განვსჯით, რაც გვსმენია, მივანდოთ უფალს სამაგიეროს მიზღვა, განკითხვის გარეშე შევიწყნაროთ იგი და მივცეთ შენდობა, რადგანაც ვიცით, რომ დავიწყება კაცობრივი სისუსტეა.

11. ვინც უნებლიე მკვლელობას ჩაიდენს, მისთვის საკმარისია თერთმეტი წლით განკანონება. ცხადია, დარტყმით დაჭრილთა შესახებ ჩვენ უნდა დავიცვათ მოსეს კანონი (გამოსვლ. 21, 18-19). ვინც ლოგინად ჩავარდება მიყენებული ჭრილობების გამო, მაგრამ შემდეგ ადგება და ივლის ჯოხით, იმას არ ჩავთვლით მოკლულად. ხოლო თუ ვეღარ ადგება ჭრილობების გამო, თუნდაც მცემელს სასიკვდილოდ არ ეცემოს იგი, მკვლელი კი არის, მაგრამ უნებლიე, ვინაიდან მოსაკლავად არ უცემია იგი.

12. ორჯერ ქორწინებულებს კანონი სრულიად განაყენებს მღვდელმსახურებისაგან.

13. ბრძოლის დროს ჩადენილი მკვლელობები ჩვენს მამებს არ მიაჩნიათ მკვლელობად, რადგანაც, როგორც მე მგონია, მათ შეუნდეობენ, როგორც მოღვაწეებს სიწმინდისა და კეთილი მსახურებისათვის. მაგრამ იქნებ უკეთესია, ვურჩიოთ მათ, როგორც ხელით არაწმინდებმა, სამი წლით თავი შეიკავონ საიდუმლოთა ზიარებისაგან.

14. თუ ვახშის ამღები ამ უსამართლო მოგებას გაუნაწილებს გლახაკებს და შემდეგ განთავისუფლდება მომხვეჭელობის სენისაგან, იგი შეწყნარებული იქნება მღვდლად.

15. მე მიკვირს სიტყვასიტყვითი სიზუსტე, რომლითაც განიხილავ საღმრთო წერილს და ფიქრობ, რომ ზოგიერთი მუხლი ნაძალადევია, კეთილ თარგმანს მოკლებულია და არ არის გადმოცემული სათანადოდ ებრაული სიტყვის მნიშვნელობა. მეძიებელი კაცის დავითის მიერ აღძრულ საკითხს გვერდი რომ ავუაროთ, არ არის ჯეროვანი: ცის ფრინველებს და ზღვის თევზებს შესაქმეშიც წარმოშობის ერთი და იგივე მიზეზი აქვთ, რადგან ორივე გვარი წყლიდან გამოვიდა. ხოლო ამაში დარწმუნების მიზეზი და ძალა ის არის, რომ ორივეს ქცევის გვარი და სახე ერთი და იგივეა, ვინაიდან ერთნი ცურვით კვეთენ წყალს, ხოლო მეორენი ფრენით კვეთენ ჰაერს. ამის გამო იხსენიებიან ერთად ისინი. ხოლო ფსალმუნის სიტყვების შინაარსი თითქოსდა არაშესატყვისი და შეუფერებელი ჩანს თევზების მიმართ, მაგრამ წყლის სხვა ცხოველების მიმართ შესაფერი და შესატყვისია, რადგანაც ადამიანს ემორჩილებიან ცის ფრინველები, ზღვის თევზები და არა მხოლოდ ისინი, არამედ სხვა ცხოველებიც, რომლებიც დადიან ზღვის ბილიკზე" (ფს. 8,9), რადგანაც ყველა ცხოველი, რაც წყალში ცხოვრობს, არ არის თევზი. ასეთები არიან: ვეშაპები, ფალენები, ზვიგენები, დელფინები, ფოკინები (ზღვის ლომები, სელაპები), ზღვის ცხენები, ზღვის ძაღლები, ხერხთევზები, მახვილთევზები, ზღვის ხარები. მათთან ერთად, თუ გნებავს, მედუზები, მოლუსკები, ნიჟარიანები, არ არიან თევზები, მაგრამ ყველანი დადიან ზღვის ბილიკებზე. ამრიგად, სამი გვარი არსებობს: ცის ფრინველები, ზღვის თევზები და სხვები, რომლებიც წყალში ცხოვრობენ, თევზებისაგან გამოიყოფიან და დადიან ზღვის ბილიკებზე.

16. ნეემანი დიდი იყო არა ღმერთის წინაშე, არამედ თავისი უფლის წინაშე, ესე იგი ასურთა მეფის წარჩინებულთა, ძლიერთა ზედამდგომელი იყო. განიხილე წერილი მოკრძალებული წვდომით და თვით მასშივე იპოვი საძიებელი საკითხის ახსნას (IV მეფ. 5,1).

 

ბასილი დიდის მეორე ეპისტოლე კანონთა შესახებ ამფილოქე იკონიელისადმი

დიდი ხანია, შენი ღმრთისმოსაობის მიერ ჩვენთვის დასმულ კითხვებს პასუხი გავეცი, მაგრამ ნაწერი არ გამომიგზავნია, ჯერ ერთი, გრძელი და სიკვდილის პირს მიმყვანი სნეულებისა და, მეორე მხრივ, მსახურთა უღონობის გამო, რადგანაც ჩვენ ცოტა გვყავს გზის მცოდნენიცა და ასეთი სამსახურისადმი მისწრაფების მქონენიც. როცა შეიტყობ დაყოვნების მიზეზს, შეგვინდე ჩვენ. გაოცებულნი ვართ შენი სწავლისმოყვარეობით და თავმდაბლობით, რადგანაც შენ შეუდექი მოსწავლეობას, მაშინ როდესაც მასწავლებლობის პატივში ხარ აყვანილი. გსურს ისწავლო ჩვენგან, რომლებსაც არავითარი დიდი ცოდნა არ გაგვაჩნია. შენ ღმრთის შიშის გამო შენ თავზე აიღე ამ საქმის შესრულება, რომელიც სხვებისათვის არ არის ადვილი გასაკეთებელი, ამის გამო გვმართებს, შენს გულმოდგინებას და კეთილ მისწრაფებას ხელი შევუწყოთ, თუნდაც ეს ჩვენს ძალას აღემატებოდეს.

17. შენ შეგვეკითხე მღვდელ ვიანორის შესახებ, შესაძლებელია თუ არა მისი მიღება სამღვდელო დასში მის მიერ დადებული ფიცის შემდეგ. მე ვიცი, რომ ადრევე გამოტანილია საერთო განსაზღვრება ანტიოქიელი მღვდლების შესახებ, რომლებსაც მასთან ერთად დაუდვიათ ფიცი, რომ ჩამოშორდებიან საერო კრებებს და ცალკე შეასრულებენ სამღვდელო საქმეებს. ვიანორს ეძლევა მსახურების უფლება, ვინაიდან მისი მღვდლობა არის არა ანტიოქიაში, არამედ იკონიაში, რომელზედაც გაცვალა თავისი ანტიოქური მკვიდრობა, როგორც შენ მოგწერე. ეს კაცი შესაწყნარებელია, ოღონდ შენი ღმრთისმოსაობის მიერ მას უნდა მოეთხოვოს ჯეროვანი სინანული  მაშინდელი ფიცის გამო, რომელიც დადო ურწმუნო კაცის წინაშე, რადგანაც ვერ შეძლო მცირე გაჭირვების სიმძიმის ატანაც კი.

18. სიძვით დაცემული ქალწულების შესახებ, რომლებმაც უფალს უბიწოებით ცხოვრების აღთქმა მისცეს, შემდეგ დაეცნენ ხორციელი ვნებით და თავისი აღთქმა უარყვეს, ჩვენმა მამებმა, მარტივი და წრფელი გულმოწყალებით შეცოდებულთა უძლურების გამო დაადგინეს კანონი ერთი წლის შემდეგ მათი შეწყნარების შესახებ, მეორედ ქორწინებულთა მსგავსად. ღვთის მადლით ეკლესია, დღითი-დღე წარმატებული, უფრო მტკიცე და ძლიერი ხდება და ქალწულთა დასი მრავლდება. ამიტომ მე მგონია, საჭიროა, გონების ძალით დაკვირვებით გამოვიკვლიოთ ვითარება და ჩავწვდეთ საღმრთო წერილის აზრს, რაც შესაძლებელია დაწვრილებით  ძიების შედეგად. ქვრივობა ქალწულობაზე უმდარესია, ამის გამო ქვრივთა ცოდვაც ბევრად უფრო მცირეა ქალწულთა ცოდვაზე. ამასთან დაკავშირებით უნდა ვნახოთ, რა მისწერა ტიმოთეს პავლემ: ”ახალგაზრდა ქვრივებს ერიდე, ვინაიდან, როცა აღგზნება ეუფლებათ ქრისტესთვის განკუთვნილებს, სურთ ქორწინება. ისინი განისჯებიან, რადგან უარყვეს პირველი რწმენა” (I ტიმოთ. 5, 11-12). თუ ქვრივს მძიმე სასჯელი ეკუთვნის, როგორც ქრისტეს მიმართ რწმენის უარმყოფელს, რაღა უნდა ვთქვათ ქალწულის შესახებ, რომელიც სძალია ქრისტესი და მეუფისთვის შეწირული პატიოსანი ჭურჭელი? დიდი ცოდვაა, თუ მხევალი მიეცემა ფარულ სიბილწეს, გახრწნილებით აავსებს სახლს და ურგები ცხოვრებით შეურაცხჰყოფს თავის პატრონს, მაგრამ ბევრად უარესია, როდესაც სძალი ხდება მრუში, სიძესთან ერთობას უპატიოდ აქცევს და მიეცემა აღვირახსნილ ავხორცობას. ამის გამო ქვრივი ისჯება როგორც გახრწნილი მხევალი (მონა), ხოლო ქალწული უნდა დაისაჯოს მრუშის სასჯელით, რადგანაც როგორც უცხო დედაკაცთან შეერთებულ მამაკაცს ვუწოდებთ მრუშს და არ შევიწყნარებთ ზიარებად, სანამ არ დაცხრება ცოდვისგან და არ მოინანიებს, ცხადია, ასევე გადავწყვეტთ იმის შესახებ, ვინც ქალწულს ბოროტად მოექცევა. ჩვენთვის ჯერ იმის აღიარებაა საჭირო, რომ ქალწული ეწოდება იმას, ვინც მოვიდა თავისი ნებით და თავი შესწირა უფალს, უარი თქვა ქორწინებაზე და უფრო მეტად პატივი სცა განწმენდილ ცხოვრებას. ხოლო აღსარებასა და აღთქმას მაშინ მივიღებთ მისგან, როდესაც ასაკი სიტყვის შესრულების შესაძლებლობას მისცემს, ვინაიდან ბავშვების ხმა არ უნდა ჩაითვალოს სარწმუნოდ. როდესაც გახდება თექვსმეტ-ჩვიდმეტ წელზე მეტი ხნისა, ბატონ-პატრონი იქნება თავისი განზრახვისა და განსჯით აირჩევს უფლის მიმართ დაწინდებულ ყოფნას. ამის შემდეგ დიდხანს უნდა იმყოფებოდეს ვედრებასა და თხოვნაში, რათა მიღებულ იქნეს ქალწულთა დასში. მხოლოდ მაშინ არის საჭირო მისი დაწესება ქალწულებათნ და მისი აღთქმის დამტკიცება, და უარყოფის შემთხვევაში - მისი დასჯაც აუცილებლად. ბევრი მოჰყავთ მშობლებსა და ძმებს ისეთები, რომლებიც არ არიან სრულწლოვანნი, მაგრამ ისინი უქორწინებლობას ირჩევენ არა საკუთარი ნებით, არამედ ამას სჩადიან მათი მომყვანნი ამქვეყნიური საზრუნავის გამო (მაგ.: არ შეუძლიათ მზითვის მიცემა და სხვა). ესენი ქალწულებად ადვილად არ უნდა შევიწყნაროთ, სანამ ცხადად არ გამოვიძიებთ და არ შევიცნობთ თვით მათ განზრახვასა და ნებას.

19. მამაკაცების აღთქმა სხვა არ ვიცით, იმათ გარდა, რომლებიც თავს მიათვლიან მონაზონთა დასს და დუმილით უჩვენებენ, რომ უქორწნილებლობის აღთქმას დებენ. მათ შესახებ მგონია და ვადგენ, რომ უნდა გამოვკითხოთ და მივიღოთ მათგან მტკიცე პირობა უქორწინებლობისა. თუ ამის შემდეგ გადაიხრებიან ხორცთმოყვარე და გემოთმოყვარე ცხოვრებისკენ, საჭიროა მათი განკანონება მეძავთათვის დაწესებული სასჯელის მიხედვით.

20. არ მიმაჩნია საჭიროდ იმ დედაკაცების განკანონება, რომლებიც მწვალებლები იყვნენ, დადეს ქაწულობის აღთქმა და ამის შემდეგ იქორწინეს, ”რადგან რასაც სჯული ამბობს, იმათ საყურადღებოდ ამბობს, ვინც სჯულს ემორჩილება” (რომ. 3,19). მწვალებელნი კი ჯერ არ არიან შესულნი ქრისტეს უღელქვეშ, არც იციან მეუფის კანონები, რის გამოც შეიძლება მათი შეწყნარება ეკლესიის მიერ ყველა შეწყნარებულთან ერთად და ისინი მიიღებენ მიტევებას ქრისტეს მიმართ სარწმუნოების მიერ. საერთოდ ყველანი, ვინც კათაკმეველთა ცხოვრების ზიარნი არიან, არ უნდა იქნენ მოყვანილნი სინანულად, ვინაიდან მათთვის საჭიროა დახმარების აღმოჩენა. ცხადია, ეკლესია არ შეიწყნარებს მათ ნათლისღების გარეშე.

21. თუ ცოლთან მცხოვრები მამაკაცი არ იკმარებს თავის ქორწინებას და სიძვით დაეცემა, იგი ისჯება როგორც სიძვის მოქმედი და დიდი ხნით გავავრცობთ მისი განკანონების ვადას, რადგანაც არა გვაქვს კანონი, რომელიც მრუშობის სასჯელით დასჯიდა მას, თუ ცოდვა ჩადენილია ქორწინებისგან თავისუფალ პირთან და არა სხვა ქმრის ცოლთან ერთად. ნათქვამია, რომ მრუში დედაკაცი შეგინებით შეიგინოსო და აღარ დაუბრუნდეს თავის ქმარს (იერემია 3,1), და ”ვისაც ჰყავს მრუში დედაკაცი, ის არის უგონო და უღმრთო” (იგავ. 18,23). ხოლო სიძვის ჩამდენ მამაკაცს არ უნდა აეკრძალოს ცოლთან ცხოვრება, რის გამოც დედაკაცმა უნდა შეიწყნაროს სიძვისგან მოქცეული ქმარი. მამაკაცი კი შეგინებულ დედაკაცს აგდებს თავისი სახლიდან. ეს ადვილი ასახსნელი არ არის, მაგრამ ჩვეულება ამას გვიჩვენებს.

22. ვინც მოტაცებით მიიყვანს ცოლს, რომელიც ადრე სხვაზე იყო დანიშნული, მისი შეწყნარება არ შეიძლება მანამ, სანამ არ გაუშვებს მას. პირველ დანიშნულს უფლება აქვს, თუ სურს, მიიყვანოს ის, ან გაუშვას. ხოლო თუ ვინმე თავისუფალს მიიტაცებს, ისიც უნდა გაუშვას და დაუბრუნოს თავის ნათესავებს. თუ მისი ახლობლები ნებას დართავენ, ქალის მშობლები იქნებიან ისინი, ძმები თუ მეურვეები, და თუ ინებებენ ქალის მიცემას, მაშინ დამტკიცებულ იყოს ეს თანაცხოვრება. ხოლო თუ არ ინებებენ, ნურც იქნებიან იძულებულნი. თუ ვინმეს მეუღლედ ჰყავს დედაკაცი, შერთული ფარული ან ცხადი იძულებითი განხრწნის შედეგად, საჭიროა მისი განკანონება სიძვის სასჯელის მიხედვით. ხოლო სიძვის მოქმედთა სასჯელი კი განსაზღვრულია ოთხი წლით. პირველ წელიწადს საჭიროა მათი ჩამოშორება ლოცვისაგან. ისინი უნდა შესტიროდნენ ეკლესიის კარიბჭესთან. მეორე წელს საჭიროა მათი შეწყნარება მსმენელებთან ერთად. მესამე წელს - შევრდომით მლოცველებთან ერთად, ხოლო მეოთხე წელს საჭიროა ერთან ერთად დგომა ზიარების გარეშე. მხოლოდ ამის შემდეგ ექნებათ მათ წმინდა საიდუმლოთა ზიარების უფლება.

23. იმათ შესახებ, ვინც ორ დას შეირთავს, ან ვინც ორ ძმას შეუერთდება, ჩვენ დაწერილი გვაქვს ეპისტოლე დიოდორეს მიმართ და მისი ნუსხა გამოგზავნილი გვაქვს თქვენი პატიოსნებისთვის. ხოლო ვინც ძმის ცოლს შეირთავს, ის არ იქნება შეწყნარებული სინანულად, სანამ არ გაშორდება მას.

24. თუ ქვრივი, რომელიც ჩათვლილია ქვრივთა რიცხვში, ესე იგი, რომელიც ცხოვრობს და იკვებება ეკლესიის ხარჯზე, მოინდომებს ქორწინებას, მოციქულის ბრძანების თანახმად იგი უნდა დარჩეს ეკლესიის მეურვეობის გარეშე. ხოლო დაქვრივებული მამაკაცსითვის არ არის დაწესებული არავითარი კანონი. მისთვის საკმარისია მეორედ ქორწინებულთა ეპიტიმია. თუ სამოცი წლის ქვრივი მოისურვებს ქმართან ერთად ცხოვრებას, ის არ იქნება სიწმინდის ზიარების ღირსი, სანამ არ დაცხრება არაწმინდა ვნებისაგან. ხოლო თუ სამოც წელზე ადრე ჩავრიცხავთ მას ქვრივებში, ჩვენი ბრალი იქნება ეს და არა იმ დედაკაცისა.

25. ვინც თავის მიერ გახრწნილ დედაკაცს მიიყვანს ცოლად, იმ გახრწნისთვის ჯეროვნად განკანონებულ უნდა იქნეს, მაგრამ ნება მიეცეს, რომ ის დედაკაცი ჰყავდეს ცოლად.

26. სიძვა არ არის ქორწინება და არც ქორწინების დასაწყისი. ამის გამო უკეთესია, თუ შესაძლებელია იქნება, სიძვით შეერთებულთა დაშორება. ხოლო თუ ყოველნაირად ესწრაფვიან ერთად ცხოვრებას, მათ უნდა შეასრულონ სიძვის კანონი. ხოლო ერთად ცხოვრების უფლება უნდა მიეცეთ, რათა უარესი რამ არ მოხდეს.

27. თუ მღვდელი უცოდინარობით უწესოდ იქორწინებს, მის შესახებ განვსაზღვრე, რაც საჭიროა: უნდა ჰქონდეს სამღვდელო საჯდომელი, ხოლო სხვა მღვდელმოქმედებას უნდა ჩამოშორდეს, რადგანაც მისთვის საკმარისია ასეთი შენდობაც. შეუფერებელია სხვების კურთხევა იმის მიერ, ვისაც თავისი ჭრილობები აქვს განსაკურნებელი, რადგან კურთხევა არის სიწმინდის გადაცემა, ხოლო ვისაც ეს არა აქვს უმეცრებითი ცოდვის გამო, როგორც გადასცემს სხვას? ამის გამო ნურც ცალკე, ნურც საჯაროდ აკურთხებს იგი, ნურც ქრისტეს ხორცს გაუყოფს სხვებს, ნურც სხვა რაიმეს მოიმოქმედებს სამღვდელოს, არამედ საკმარისია მისთვის საჯდომელის პატივი და უნდა შესტიროდეს უფალს, რომ შეუნდოს მასთან უმეცრებით მოსული უსჯულოება.

28. სასაცილოდ მიმაჩნია, რომ ვინმეს ებრძანოს ღორის ხორცის ჭამისგან თავის შეკავება. ნება მოიღე და ასწავლე მათ, თავი შეიკავონ უვიცობით გამოწვეული დაპირებებისა და აღთქმებისაგან, და შეუნდე ხორცის ჭამა განკითხვის გარეშე,  ”რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით” (I ტიმოთ. 4,4). ამის გამო ეს პირობა სასაცილოა და თავშეკავება არ არის საჭირო.

29. მთავრებს, რომლებიც ფიცს დადებენ, რომ ქვეშევრდომებს ავად მოექცევიან, ძალიან სჭირდებათ მკურნალობა. მათი მკურნალობა ორგვარი სახისაა: ერთი - უნდა ასწავლონ მათ, რომ არ დაიფიცონ ნაჩქარევად და სახელდახელოდ, ხოლო მეორე - არ უნდა დარჩნენ ამ ბოროტ განზრახვაზე. ვინც სხვისთვის ბოროტების გაკეთების შესახებ ფიცს დადებს, სინანული უნდა აჩვენოს ნაჩქარევი ფიცის დადების გამო და ფიცისადმი მოწიწების დაჩემებით ნუ გააძლიერებს თავის სიბოროტეს, რადგანა არც ჰეროდეს არგო რამე ფიცის დაცვამ: იგი ცრუფიცობის შიშით წინასწარმეტყველის მკვლელი გახდა. ფიცი საერთოდ დასაგმობია, მით უმეტეს, ბოროტების შესახებ დადებული ფიცი უნდა დაისაჯოს. ამის გამო მფიცავმა უნდა დაარღვიოს ფიცი და არ უნდა სურდეს თავისი დაუფიქრებლობის განმტკიცება.  განიხილე უფრო ვრცლად ამ საქმის უაზრობა. თუ ვინმემ დაიფიცა თავისი ძმის თვალის ამოთხრა, განა კარგია მისთვის ამისი რულყოფა საქმით? ან თუ ვინმემ დაიფიცა ძმის სიკვდილი, ან რომელიმე მცნების გადალახვა დააპირა ფიცით? რადგანაც ”დავიფიცე და დავამტკიცე არა ცოდვა, არამედ შენი სიმართლის მცნებათა დაცვა” (ფს. 118,106). როგორც მცნება უნდა შესრულდეს განზრახვის გარდუვალობით, ასევე ყოველნაირად საჭიროა ცოდვის დაუმტკიცებლობა და მოსპობა.

30. დედაკაცების მომტაცებელთა შესახებ არა გვაქვს ძველი კანონი. მაგრამ ჩვენი მოსაზრებით დავაწესებთ, რომ სამი წელი უნდა დაყონ ლოცვათა გარეშე იმათაც და მოტაცების ხელისშემწყობებმაც. ხოლო თუ ვინმე ამგვარ რამეს მოიმოქმედებს ძალადობის გარეშე, ის უდანაშაულოდ უნდა ჩაითვალოს, თუ არც გახრწნას, არც მოპარვას ექნება ადგილი ამ საქმეში. ქვრივი კი თავის თავის პატრონია და მისი ნებაა კაცის წაყოლა. ამის გამო ჩვენი საზრუნავი არ არის, თუ რა სახისა არის ამ შემთხვევაში მოტაცება.

31. თუ დედაკაცი, რომლის ქმარი შორ გზაზე წავა და უკვალოდ გაქრება, შეირთავს სხვა ქმარს მანამ, სანამ გაიგებს პირველი ქმრის სიკვდილის ამბავს სარწმუნოდ, არის მრუში.

32. სასულიერო პირნი, რომლებიც ჩაიდენენ სასიკვდილო ცოდვას, უნდა დაემხონ ხარისხისაგან, ხოლო საერისკაცო ზიარებას არ უნდა ჩამოშორდნენ, რადგან ”არ უნდა დასაჯო ორი სასჯელით ერთი დანაშაულისათვის” (ნაუმ. 1,9).

33. დედაკაცი, რომლიც გზაში შობს და არ მიხედავს ნაშობს, ექვემდებარება მკვლელობის სასჯელს.

34. ჩვენმა მამებმა არ ბრძანეს იმ დედაკაცების გამოაშკარავება, რომლებიც იმრუშებენ და შემდეგ ღმრთის შიშით აღიარებენ ცოდვას, ან სხვა სახით გამომჟღავნდებიან, რათა ეს არ გახდეს სიკვდილის მიზეზი მხილებულთათვის. მამებმა მათ მორწმუნეებთან დგომის ნება დართეს, ოღონდ ზიარების გარეშე, სანამ არ შესრულდება მათი სინანულის ვადა.

35. თუ ცოლი მიატოვებს ქმარს, საჭიროა, განხილულ იქნეს მიტოვების მიზეზი. თუ უსამართლოდ და ჯეროვანი მიზეზის გარეშე მიუტოვებია მას თავისი ქმარი, ქმარი შენდობის ღირსია, ხოლო დედაკაცი განკანონებისა. შენდობა ქმარს მიეცემა ეკლესიასთან ზიარებით.

36. მოლაშქრე მხედრების ცოლები, რომელთა ქმრები უკვალოდ დაიკარგნენ ლაშქრობის დროს, თუ იქორწინებენ მათი ქმრების სიკვდილის ცნობის დადასტურებამდე, ისინი იმავე განკანონების ღირსნი არიან, რაც განჩინებულია იმათთვის, ვინც აღარ ელოდება მგზავრობიდან ქმრის დარუნებას. მაგრამ ამ საქმეს აქვს შენოდბის მიზეზი, ვინაიდან ამათ ქმრებს უფრო მეტად ემუქრებათ სიკვდილის საფრთხე.

37. თუ ცოლიანი იქორწინებს უცხო დედაკაცთან, ამ დედაკაცის წართმევის შემდეგ იგი მრუშად არის წოდებული პირველი ცოლის მიერ, ხოლო მეორე ცოლის მიმართ იგი უდანაშაულოა.

38. დედაკაცები, რომლებიც მათი მამების თანხმობის გარეშე მიეცემიან ვინმეს, შერაცხილნი არიან სიძვის მოქმედად. ხოლო მშობლებთან შერიგების შემდეგ ამ საქმის გამოსწორება შესაძლებლად არის მიჩნეული. მაგრამ ისინი არ იქნებიან ზიარებაზე შეწყნარებულნი, სანამ არ განიკანონებიან სამი წლით.

39. მრუშ ქმართან მცხოვრები დედაკაცი მრუშია მთელი დროის განმავლობაში.

40. ვინც თავისი უფლის ნებართვის გარეშე მისთხოვდება ქმარს, ის არის სიძვის მოქმედი. ხოლო თუ ამის შემდგომ აშკარა ქორწილს გადაიხდის, ეს იმას ნიშნავს, რომ იქორწინა. ამის გამო პირველი არის სიძვა, ხოლო მეორე - ქორწინება. ამრიგად, სხვისი ხელისუფლების ქვეშ მყოფთა აღთქმასა და ზავს არა აქვს სიმტკიცე.

41. ქვრივს, რადგან თავის თავზე უფლებამოსილია, დაქორწინების შემთხვევაში ბრალი არ ედება, თუ ვისიმე თანაცხოვრებას არ დაარღვევს, რადგან  მოციქული ამბობს: ”თუ მოკვდება ქმარი, თავისუფალია ქალი, თუ სურს უფლისმიერი ქორწინება” (I კორ. 7,29; რომ. 7,2).

42. ქორწინება, რომელიც შედგა დაქორწინებულთა პატრონის ნებართვის გარეშე, სიძვად ითვლება. თუ არც მამა იყოს ცოცხალი, არც პატრონი, დაქორწინებულებს არა აქვთ ბრალი. როცა პატრონი თანახმაა, მაშინ არის მტკიცე და კანონიერი ქორწინება.

43. თუ ვინმემ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენოს თავის მოყვასს, იგი კაცისმკვლელია, სულ ერთია, თვითონ დაჭრა პირველმა თუ საპასუხოდ მიაყენა ჭრილობა შურისძიების მიზნით.

44. დედათდიაკონს, რომელიც წარმართთან ისიძვებს, მიეცემა ერთან ერთად ლოცვის ზიარება. ხოლო სიწმინდის ზიარების ღირსი იგი შვიდი წლის შემდეგ გახდება, თუ ამ ხნის განმავლობაში წმინდად იცხოვრებს. თუ წარმართი, რომელიც სარწმუნოებაზე მოიქცა, ამის შემდეგაც შებღალავს სიწმინდეს, ამით იგი თავის ნათხევარს მიჰბრუნებია, რადგან დედათდიაკონის სხეული, როგორც ღმრთისათვის შეწირული, არ შეიძლება ხორციელი წესის მიხედვით მოიხმარონ.

45. თუ ვინმემ ქრისტიანის სახელი დაირქვას და უწესო ქცევით ქრისტეს პატივი შებღალოს, არაფერი ერგოს მისი სახელისაგან.

46. თუ ქალმა არ იცოდეს და ისე იქორწინოს ცოლისაგან დროებით დატოვებულ კაცთან, ხოლო პირველი ცოლის დაბრუნების შემდეგ კაცმა გაუშვას იგი, ასეთმა ისიძვა არცოდნის გამო, ამიტომ შეუძლია, კდიევ იქროწინოს სხვასთან. საერთოდ კი უმჯობესია, თუ ასევე დარჩება.

47. მმარხველებს (ენკრატიტებს), ძაძით მოსილებს (საკოფორებს) და განყენებულებს (აპოტაქტიტებს) იგივე განსჯა მიესადაგებათ, რაც ნავატიანებს, რადგან ზოგი ამათგანის შესახებ გამოტანილია სხვადასხვა დადგენილება, ხოლო ზოგის შესახებ კანონი არაფერს გვეუბნება. ჩვენ კი ერთნაირად მეორედ ნათელ-ვსცემთ მათ. თუ თქვენ მიერ უგულებელყოფილი იქნება, რომაელების მსგავსად, მათი მეორედ ნათლისცემა რაღაც კეთილგანზრახვით, ჩვენს სიტყვას მათი ნათლისღების არად შერაცხვის შესახებ მაინც უნდა ჰქონდეს ძალა, რადგან მათი ერესი მარკიონიტთა განაყოფი არის და მათ სძულთ ქორწინება, უარყოფენ ღვინოს და ღმრთისგან შექმნილს ბილწად და არაწმინდად თვლიან. ამიტომ არ შევიწყნარებთ მათ ეკლესიაში, თუ არ მოინათლებიან ჩვენი ნათლისღებით. მათ არ უნდა თქვან, რომ ნათელ-იღეს მამისა, ძისა და სულიწმიდის მიმართ, რადგან მარკიონისა და სხვა მწვალებლების მსგავსად ღმერთს ბოროტების გამჩენის სახელს არქმევენ. მაშ ასე, თუ საჭირო არის, ეპისკოპოსთა უმრავლესობა უნდა შეიკრიბოს და დადგინდეს კანონი, რომ მოქმედიც დაზღვეული იყოს და ვისაც ეკითხებიან და პასუხს აძლევს, მასაც ჰქონდეს სარწმუნო პასუხი შეკითხვაზე.

48. ქმრისაგან მიტოვებული დედაკაცი, ჩემი აზრით, უქორწინებელი უნდა დარჩეს, რადგან უფალმა თქვა, რომ ”თუ ვინმემ გაუშვას თავისი ცოლი სიძვის მიზეზის გარეშე, მას მემრუშედ აქცევს” (მათე 5,32), და რადგან მემრუშე უწოდა მას, ამით დააბრკოლა იგი სხვასთან შეუღლებისგან, რადგან, როგორ შეიძლება, რომ ქმარს დაედოს ცოლის მემრუშედ ქცევის ბრალი და ცოლს კი ბრალი არ დაედოს სხვა ქმართან შეუღლების გამო, თუ უფლისაგან მემრუშედ სახელდებულია.

49. ძალით გახრწნილს ბრალი არ ედება. ამის გამო, თუ მხევალი იძულებული იქნა ბატონის მიერ, მას ბრალი არა აქვს.

50. მესამედ ქორწინება, კანონის მიხედვით, არ არსებობს. ამის გამო მესამე ქორწინება, კანონის მიხედვით, არ შედგება. ასეთებს ვთვლით ეკლესიის ლაქად და ბიწად. მაგრამ საერთო სახალხო განსჯის საგნად არ ვაქცევთ, რადგან ისინი უკეთესად იქცევიან, ვიდრე აშკარა სიძვის მოქმედნი.

 

ბასილი კესარიელის მესამე კანონიკური ეპისტოლე ამფილოქე იკონიელის მიმართ

გრძელი გზიდან დაბრუნებულმა მივაღწიე პონტომდე საეკლესიო საქმეთა და სათანადო მოხილვისათვის, საიდანაც შრომით დამდაბლებული სხეული და გაჭირვებათაგან შეწუხებული სული მოვიტანე მხოლოდ. მივიღე შენი კრძალულების წერილი და მაშინვე დავივიწყე ყველაფერი, რადგან ჩემთვის ყველა მოსასმენზე უფრო ტკბილი ხმისა და ყოვლად სასურველი ხელის ნიშანი შევიცან. რადგან ასე დამატკბო შენმა წერილმა, უნდა იცოდე, თუ რამოდენა პატივად მიმაჩნია მე შენთან პირისპირ საუბარი, რომელიც ღმრთის ნებით შედგება იქ, სადაც უფრო ადვილია და სადაც ჩვენ გვიხმობენ. არ მიმძიმს მე, თუ შენც ჯეროვნად მიიჩნევ, ევფიმიადოსად წოდებულ სახლში ჩვენი ერთად შეკრებას, რადგან იქაც განვერიდები შფოთს და შენი უზაკველი სიყვარულის მიმართ მოვისწრაფვი. ამასთანავე სხვა სახის მიზეზიც მაქვს, რომ ნაზიანზოში ჩამოვიდე. ეს არის ღმრთისმოყვარე ეპისკოპოსის გრიგოლის მანდედან მოულოდნელი წასვლა. თუ რატომ მოხდა ეს, დღემდე უცნობია.[1]

ხოლო რაც შეეხება იმ კაცს, რომლის შესახებაც მე ვუპასუხე შენს სრულყოფილებას, შენ იმედი გქონდა მისი მზად დახვედრისა. იცოდე, რომ იგი ხანგრძლივმა ავადმყოფობამ შეიპყრო, თვალს დააკლდა რაღაც ადრინდელი დაზიანებისა და ზედიზედ შეხვედრილი დაავადებების გამო, და ყოვლად შეუფერებელი აღმოჩნდა მისგან მოსალოდნელი ქველმოქმედებისთვის. სხვა კი ჩვენს შორის არავინ არის, რის გამოც უკეთესია, თუ ჩვენთანვე დაბრუნდება ის ქონება. ხოლო იმის შესახებ, რომ ვინმე იმათგან იყოს არჩეული, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სიტყვები გაჭირვებისაა, ხოლო მათ სულს ის უნდა, რასაც თავიდან ითხოვდნენ, ვინმე იქაური იყოსო წინამძღვარი. მაშასადამე, თუ არის ვინმე ახალნათელღებული, უნდა თუ არა მაკედონიოსს, ის დაინიშნოს წინამძღვრად. ხოლო შენ უფლის შემწეობით საქმის შესაფერისად უნდა წარმართო იგი და მადლი მიანიჭო მას.

51. სასულიერო პირთათვის კანონი დადგენილია განურჩევლად, რომელიც ბრძანებს დაცემულთა, ე.ი. პატივაყრილთა ერთნაირი სასჯელით დასჯას, იქნებიან ისინი სამღვდელო წოდებით სრულქმნილნი, თუ ხელთდაუსხმელნი და მსახურის მოვალეობის შემსრულებელნი.

52. თუ ქალმა მის მიერ გზაში შობილს ყურადღება მოაკლოს და, როგორც შეეძლოს, არ გაუფრთხილდეს და უგულებელყოს, ან ცოდვის დაფარვა განიზრახოს, ან ყოვლად კაცთმოძულე და მხეცური განზრახვა შეასრულოს, როგორც კაცისმკვლელი, ისე დაისჯოს. ხოლო თუ ვერ შეძლოს გაფრთხილება ადგილის უდაბურობის ან გაჭირვებით შექმნილი აუტანელი პირობების გამო და დაიღუპოს შობილი, დედას უნდა შეენდოს.

53. მხევალი ქვრივი დიდად არ სცოდავს, თუ ვინმე მოიტაცებს და დაითანხმებს მას მეორედ ქორწინებაზე. ამის გამო მისი დასჯა არ არის ჯეროვანი, რადგან განკითხვის ღირსია არა საქმის გარეგანი მხარე, არამედ ის, რასაც თავისი ნებით აირჩევს თითოეული. ის კი ცხადია, რომ მან მეორედ ქორწინებულის ეპიტიმია უნდა შეასრულოს.

54. უნებლიე კაცისკვლის შესახებ ადრე მოვწერე ჩემი შეძლებისამებრ შენს ღმრთისმსახურებას. ამაზე მეტის მე აღარაფერი შემიძლია. შენს დაკვირვებასა და გადაწყვეტილებაზეა, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ვითარებისამებრ ან გაავრცო, ან შეამოკლო სასჯელი.

55. ვინც ავაზაკებს შეებრძოლება, უზიარებლობით დაისჯება საიდუმლოსაგან განყენებული. თუ სასულიერო პირი იყოს, პატივი აეყაროს, რადგან ”ყველა, ვინც აიღებს მახვილს, - ”ნათქვამია, - მახვილით მოკვდებაო” (მათე 26,52).

56. ვინც განზრახ მოკლას კაცი და ამის შემდეგ მოინანიოს, ოცი წელი ნუღარ ეზიარება ღმრთის სიწმინდეს. ის ოცი წელიწადი მას ასე უნდა გაუნაწილდეს: ოთხი წელი უნდა შესტიროდეს სალოცველი სახლის კარის გარეთ მდგომი და ევედრებოდეს შიგ შემსვლელ მორწმუნეებს, ილოცონ მისთვის, და აღიარებდეს თავის ურჯულოებას. ოთხი წლის შემდეგ მსმენელთა შორის იქნეს შეწყნარებული და ხუთ წელიწადს მათთან ერთად იყოს. შვიდ წელიწადს შევრდომილებთან ერთად გაატაროს. ოთხ წელიწადს სხვა მორწმუნეებთან ერთად დადგეს, ოღონდ სიწმინდეთა ზიარების გარეშე. ხოლო როცა ყოველივე ეს აღსრულდება, შემდეგ შეიძლება შეიწყნარონ სიწმინდეთა ზიარებაზე.

57. უნებლიე კაცისმკვლელი ათი წელი არ უნდა ეზიაროს სიწმინდეს. ის ათი წელიწადი ასე გაუნაწილდება მას: ორი წელი შესტიროდეს, სამი წელი მსმენელებთან ერთად უნდა იდგეს, ოთხი წელი შევრდომილებთან დაყოს, ერთ წელიწადს იდგეს მორწმუნეებთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეიწყნარონ იგი სიწმინდეთა ზიარებაზე.

58. ვინც იმრუშოს, თხუთმეტ წელიწადს იყოს სიწმინდეთა ზიარების გარეშე. აქედან ოთხი უნდა შესტიროდეს, ხუთი წელი მსმენელი უნდა იყოს, ოთხი წელი შევრდომილთა შორის იყოს, ორი წელი მორწმუნეებთან ერთად იდგეს ზიარების გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ ეზიაროს.

59. ვინც ისიძვოს, შვიდი წელი სიწმინდეთა უზიარებელი იყოს. აქედან: ორი წელი უნდა შესტიროდეს, ორი წელი მსმენელი უნდა იყოს, ორი წელი შევრდომილი იყოს და მხოლოდ ერთი წელი იდგეს მორწმუნეებთან. ამის შემდეგ უნდა შეიწყნარონ ზიარებაზე.

60. დედაკაცმა, რომელიც ქალწულობის აღთქმას დადებს და თავის აღთქმულს გააცრუებს, მრუშობის ცოდვისათვის განწესებული ჟამი უნდა სრულყოს, მისი ცხოვრების მიხედვით განაწილებული. ასევე - ვინც მონაზვნობის აღთქმა დადოს და არ შეასრულოს.

61. თუ ქურდმა თვთონ მოინანიოს და თავი თვითონ გაამჟღავნოს, მხოლოდ ერთი წელი აეკრძალოს მას სიწმინდეთა ზიარება. თუ სხვამ ამხილოს, ორ წელიწადს არ უნდა ეზიაროს. განაწილდეს ეს ორი წელი ასე: შევრდომილთა შორის იყოს, შემდეგ მორწმუნეთა შორის და ბოლოს ღირსი გახდეს ზიარებისა.

62. ვინც მამათა აღრევის უშვერება ჩაიდინოს, მრუშობისთვის დაწესებული სასჯელი მოიხადოს იმავე სახით.

63. ვინც პირუტყვთან თავისი უსჯულო მოქმედება აღიაროს, იგივე სასჯელი მოიხადოს იმავე სახით.

64. ვინც ცრუდ დაიფიცოს, ათი წელი უზიარებელი იყოს. აქედან: ორ წელს შესტიროდეს, სამ წელს მსმენელი იყოს, ოთხ წელს შევრდომილი იყოს და ერთი წელი იდგეს მორწმუნეებთან ერთად. ასე გახდეს ღირსი ზიარებისა.

65. ვინც თავისი გრძნეულება ან მომწამვლელობა აღიაროს, კაცის მკვლელის სასჯელი მოიხადოს დროის ისეთივე განაწილებით, რადგან თვით გაამჟღავნა თავისი ცოდვა.

66. საფლავის მძარცველი ათი წელი უზიარებელი უნდა იყოს. აქედან ორი წელი შესტიროდეს, სამი წელი მსმენელი იყოს, ოთხი წელი - შევრდომილი, ერთი წელი იდგეს მორწმუნეებთან და ასე შეიწყნარონ იგი საზიარებლად.

67. და-ძამათა სისხლის აღმრევს კაცისმკვლელის სასჯელი ედება.

68. ვინც გაბედოს ქორწინება ნათესავთან, რომელთანაც ქორწინება არ შეიძლება, და საქმით აღასრულოს ცოდვა, მას მემრუშეთა სასჯელი დაედოს და მათებრ იქნეს განკანონებული.

69. თუ წიგნისმკითხველი ქორწინებამდე შეუერთდეს თავის დანიშნულს, ერთ წელიწადს აეკრძალოს თავისი მოვალეობის შესრულება, შემდეგ შეწყნარებულ იქნეს, მაგრამ ხარისხი არ მოემატოს. ხოლო თუ ნიშნობის გარეშე ფარულად იქორწინებს, სრულიად აეკრძალოს თავისი მსახურება. იგივე ეხება კერძო დიაკონსაც.

70. თუ დიაკონმა ცრუფიცით და ტყუილით პირი შეიგინოს, აღიაროს ცოდვა და თქვას, რომ მომავალში ასეთი რამ აღარ მოხდება, დროებით აეკრძალოს მას ღმრთისმსახურება, ხოლო დიაკვნებთან ერთად ზიარების ღირსი იყოს. ასევე მღვდელიც. თუ ვინმეს ამაზე დიდი ცოდვა ემხილოს, განიკვეთოს სრულიად, რომელი ხარისხი და პატივიც არ უნდა ჰქონდეს.

71. ვინც მოწმე იყოს ყველა ზემოთჩამოთვლილი ცოდვისა და თვითონ კი არ აღიაროს, არამედ სხვამ ამხილოს, რომ იცის ცოდვის შესახებ, იმდენ ხანს იყოს დასჯილი ისიც, რამდენ ხანსაც განკანონებული იქნება თვითონ ცოდვის ჩამდენი.

72. ვინც გრძნობას ან რაიმე ასეთს მისცემს თავს, მან კაცისმკვლელის სასჯელი მოიხადოს იმავე დროით და დროის ისეთივე განაწილებით.

73. ვინც ქრისტეს უარყოფს და მიატოვებს ხსნის საიდუმლოს, იგი უნდა შეუდგეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეტირილს და ვალდებულია, თქვას აღსარება. მხოლოდ ცხოვრებიდან გასვლის ჟამს გახდება იგი სიწმინდეთა ზიარების ღირსი ღმრთის კაცთმოყვარეობის წყალობით.

74. თუ ვინმე, ზემოთქმულ ცოდვებში ჩავარდნილი, სინანულისა და აღსარებისადმი დიდ მისწრაფებას გამოიჩენს და თუ ის, ვისაც რწმუნებული აქვს კაცთმოყვარე ღმრთისგან სასჯელის დადებისა და მოხსნის უფლება, ნახავს მის გადაჭარბებულ აღსარებასა და სინანულს, კაცთმოყვარე აღმოჩნდება მის მიმართ და შეუმოკლებს განკანონების ვადას, იგი არ უნდა გახდეს განკითხვის ღირსი, ვინაიდან წმინდა წერილის თხრობებში ჩვენ ვხედავთ, თუ რა სწრაფად ხდებიან ღმრთის კაცთმოყვარეობის (წყალობის) ღირსნი დიდი ცოდვების მაღიარებელნი.

75. იმას, ვინც მამით ან დედით ერთ დასთან შეგინებულ იქნება, სალოცავ სახლში შესვლის უფლება არა აქვს, სანამ არ დაანებებს თავს უწესო და უსჯულო საქმეს. ხოლო იმ საშინელი ცოდვის შეგნების შემდეგ ის სამლოცველო სახლის კართან მდგომარე სამი წელი უნდა შესტიროდეს და ევედრებოდეს სალოცავად შემსვლელ ხალხს, რათა თითოეულმა თანაგრძნობით ლმობიერი ვედრება შესწიროს მისთვის უფლის მიმართ. ხოლო ამის შემდეგ კიდევ სამი წელი შეწყნარებულ იქნება მსმენელად. საღმრთო წერილის კითხვისა და მოძღვღების მოსმენის შემდეგ ის უნდა განიდევნებოდეს გარეთ და ლოცვებს არ უნდა ეზიაროს. ამის შემდგომ, თუ ცრემლით ითხოვს და მუხლმოყრილი შეევედრება უფალს გულის მჭმუნვარებით და ღრმა თავმდაბლობით, უნდა მიეცეს მას შევრდომის სასჯელი კიდევ სამი წლით. ამგვარად თუ აჩვენებს სინანულის ღირს ნაყოფს, მეათე წელს შეწყნარებულ უნდა იქნეს თანამორწმუნეებთან ერთად ლოცვაზე სიწმინდეთა ზიარების გარეშე. როდესაც ორი წელი იდგება მათთან ერთად, მხოლოდ შემდეგ გახდება სიწმინდეთა ზიარების ღირსი.

76. ეს წესი დაცული უნდა იყოს აგრეთვე იმათ მიმართ, ვინც შეგინებულ იქნება თავის რძალთან.

77. ვინც გაუშვებს კანონიერად შეუღლებულ დედაკაცს და სხვას მოიყვანს, იგი უფლის განჩინებისამებრ დაისჯება მრუშობის სასჯელით (შდრ. მათე 19,9) და განკანონებულ იქნება ჩვენი მამების მიერ შემდეგნაირად: ერთი წელი უნდა შესტიროდეს. ორი წელი მსმენელი უნდა იყოს, სამი წელი უნდა შეუვრდებოდეს, ხოლო მეშვიდე წელს უნდა იდგეს მორწმუნეებთან ერთად. ამგვარად გახდება იგი ზიარების ღირსი, თუ ცრემლით მოინანიებს.

78. იგივე წესი დაცულ უნდა იქნეს იმის მიმართაც, ვინც ორ დას მოიყვანს თანამცხოვრებლად, თუნდაც სხვადასხვა დროს.

79. ის, ვინც მამის ცოლთან გაიხრწნება, იმავე სასჯელს ექვემდებარება, რაც განწესებულია თავის დასთან შეგინებულისათვის.

80. მრავალქორწინებულობის შესახებ მამები დუმან, როგორც პირუტყვულ და კაცთა მოდგმისათვის სრულიად უცხოს შესახებ. ჩვენ გვგონია, რომ მრავალქორწინებულობა სიძვაზე უარესია, რის გამოც სამართლიანია მათი განკანონება ისე, რომ ერთი წელი უნდა შესტოროდნენ, სამი წელი უნდა შეუვრდებოდნენ და მხოლოდ ამგვარად უნდა იქნენ შეწყნარებულნი.

81. ბარბაროსთა მიერ რბევის დროს ბევრმა უღალატა ღმრთის მიმართ სარწმუნოებას, საწარმართო ფიცი შეასრულა და კერპებისთვის გრძნებით შეწირული უწესო საჭმელი ჭამა. ისინი, თუ ტანჯვით უმძიმესი გაჭირვება განიცადეს, ვერ მოითმინეს ტკივილი და იძულებულნი გახდნენ, უარ-ეყოთ ქრისტე, ჩვენი მამების მიერ უკვე გამოტანილი კანონების თანახმად, სამი წელი შეუწყნარებელნი უნდა იყვნენ, ორი წელი - მსმენელნი, სამი წელი უნდა შეუვრდებოდნენ და ამგვარად იქნებიან მიღებული ზიარებაზე. თუ მათ დიდი გაჭირვების გარეშე გასცეს ღმრთის სარწმუნოება, შეეხნენ ეშმაკთა ტაბლას და დადეს საწარმართო ფიცი, ისინი განდევნილ უნდა იქნენ ეკლესიიდან სამი წლით, მსმენელნი უნდა იყვნენ ორი წელი, შევრდომით მლოცველნი - სამი წელი და კიდევ სამი წელი უნდა იდგნენ მორწმუნეებთან ერთად ვედრებით. ამგვარად იქნებიან ისინი მიღებულნი სიწმინდეთა ზიარებაზე.

82. ცრუმფიცავთა შესახებ. ვინც გაჭირვებისა და იძულების გამო გატეხა ფიცი, უფრო მსუბუქი განკანონებით დაისჯება, რის გამოც ექვსი წლის შემდეგ მიიღებს შეწყნარებას. ხოლო ვინც გაჭირვების გარეშე უღალატა თავის სარწმუნოებას, ორი წელი უნდა შესტიროდეს, ორი წელი მსმენელი უნდა იყოს, ხუთი წელი შევრდომით უნდა ილოცოს და კიდევ ორი წელი მიღებულ უნდა იქნეს ლოცვათა ზიარებაზე სიწმინდეთა ზიარების გარეშე. ამის შემდეგ უნდა მიიღოს ქრისტეს ხორცის ზიარება.

83. ის, ვინც გაჰყვება საწარმართო ჩვეულებას და სახლში შეიყვანს ბოროტად გრძნეულებს წამლობისა და მისონიბისთვის, განკანონებულ უნდა იყოს ექვსი წლით შემდეგნაირად: ერთი წელი უნდა შესტიროდეს, ერთი წელი მსმენელი უნდა იყოს, სამი წელი უნდა შეუვრდებოდეს და ერთი წელი უნდა იდგეს მორწმუნეებთან ერთად. ამგვარად უნდა იქნეს იგი შეწყნარებული.

84. ამას ყველაფერს ვწერთ, რათა სინანულის ნაყოფი გამოვცადოთ, რადგან ჩვენ დროის მიხედვით კი არ განვიკითხავთ მონანულთ, არამედ ვუყურებთ სინანულის სახეს, თუ რამდენად გულმოდგინეა მონანული. თუ ძალიან უჭირთ თავიანთი ჩვეულების მოშლა, მსურველნი არიან, ემსახურონ უფრო ხორციელ სიამოვნებას, ვიდრე უფალს, და სახარებისამებრ ცხოვრებას არ მიიღებენ, ერთ სიტყვასაც არ ვეტყვით მათ, ვინაიდან ურწმუნო და მოდავე ერში გვსმენია: ”თვითონ იხსენი სული შენი” (დაბ. 19,17).

ამის გამო ნუ დავუშვებთ მათთან ერთად ჩვენს წარწყმედას. უნდა გვეშინოდეს საშინელი სასჯელისა, თვალწინ უნდა გვქონდეს უფლის მიერ მიზღვის საშინელი დღე და ნუ მოვინდომებთ სხვათა მიერ ჩადენილი ცოდვებისაგან დაღუპვას. თუ ვერ გვასწავლა ჩვენ უფლის საშინელმა ხელმა, ვერც ამგვარმა დარტყმებმა მოგვიყვანა გონს, რომ ჩვენი უსჯულოებების გამო მიგვატოვა უფალმა, მიგვცა ბარბარსოთა ხელთ, მოწინააღმდეგემ ტყვედ წაიყვანა ერი და გაფანტულ იქნა იგი, რადგანაც ამას ბედავდნენ ქრისტეს სახელის მატარებელნი, თუ ვერც შეიცნო ადამიანმა და ვერც მიხვდა, რომ ამის გამო გადმოვიდა ჩვენზე ღმრთის რისხვა, მაშინ რაღა გვეთქმის და რაღა გვაქვს მათთან საერთო! ჩვენ დღე და ღამე, საჯაროდ და ცალკე უნდა ვუდასტურებდეთ მათ ჭეშმარიტებას. მაგრამ ნუ დავუშვებთ, რომ მივყვეთ მათ სიბოროტეში. უკეთესია, ვილოცოთ, რათა შევიძინოთ ისინი და გამოვიხსნათ ბოროტის მახისაგან. თუ ამის ქმნას ვერ შევძლებთ, ვისწრაფოთ, რომ ჩვენი სულები ვიხსნათ საუკუნო სასჯელისაგან.

 

წმინდა ამფილოქესადმი ბასილი დიდის მიერ მიწერილი ეპისტოლიდან უფლის აღსასრულის დღისა და ჟამის ცოდნის შესახებ

85. სიტყვამჭევრ მმარხველთა (ენკრატიტთა) მიერ წამოჭრილ საკითხზე, რომელიც ამბობს, რად არ ვჭამთ ჩვენც ყველაფერსო, უნდა ითქვას შემდეგი: ჩვენ ჩვენი გამონაყოფიც გვძაგს. ღირსების მიხედვით ჩვენთვის მწვანილიც, ბოსტნეულიც იგივეა, რაც ხორცი. რაც შეეხება სარგებლობას, როგორც მწვანილში, ბოსტნეულში ვიცით მავნებლის გამოყოფა მარგებლისაგან, ასევე ხორცში გამოვყოფთ სასარგებლოს მავნებლისაგან. ვინაიდან კონიონიც (მათუთა) მწვანილია, ბოსტნეულია, ისევე როგორც ძერაც არის ხორცი. მაგრამ არავინ გონიერთაგანი არ ჭამს ელევენს (ლენცოფას), არც ძაღლის ხორცის გემოს ნახავს, თუ დიდი გაჭირვება არ აიძულებს. მისი მჭამელი გაჭირვებაში უსჯულოებას არ სჩადის.

----------------------------------------------------------------------------------

[1] - ხელნაწერში არის მინაწერი: ”უეჭველად ღვთისმეტყველის ნაზიანზოდან წასვლაზე ამბობს, როდესაც მან მამის სიკვდილის შემდეგ დატოვა ნაზიანზო. ნაზიანზოზე ზრუნვა მამის თხოვნით ჰქონდა თავიდანვე დაკისრებული. იგი წავიდა სალევკიაში ქალწულთა სავანეში, ქალწული და მოწამე თეკლას სამყოფელში” (დიდი სჯულისკანონი, გვ. 491).

 

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:05)