წავიკითხე შენი წერილი სულგრძელებით და გამიკვირდა, რა ადვილად და მალე შეგეძლო პასუხი მოგეცა ჩვენთვის საქმით, შენ კი ბრალმდებელთა მხილებას შეუდექი და მრავალსიტყვაობით მიჰყავი ხელი უკურნებელის მკურნალობას. არც პირველებს და არც მხოლოდ ჩვენ დაგვიწესებია კანონად, ჰოი, გრიგოლ, რომ ქალებმა არ იცხოვრონ მამაკაცებთან ერთად. წაიკითხე ნიკეის კრების წმინდა მამების მიერ დადგენილი კანონი. იგი ცხადად ქადაგებს, რომ არავინ სამღვდელოთაგანმა არ უნდა იყოლიოს თანამკვიდრად დედაკაცი.

 

უქორწინებლობის ღირსება, ცხადია, ის არის, რომ დედაკაცებისგან შორს უნდა იყვნენ. ამგვარად, ვინც აღთქმას დებს სიტყვით, და საქმით კი იმასვე მოქმედებს, რასაც მეუღლეებთან მცხოვრებნი, ცხადია, მან ქალწულობის სიკეთე მხოლოდ სახელად შეიტკბო, ხოლო ავხორცი ცხოვრების უმსგავსობას ვერ დაანება თავი. ამის გამო რამდენადაც შენ ამბობ, რომ თავისუფალი ხარ ყოველგვარი ხორციელი ვნებისაგან, მით უფრო გმართებდა ჩვენი სიტყვისადმი მორჩილება. მე არც დავიჯერებ, რომ შენ, სამოცდაათ წელს მიღწეული კაცი, დედაკაცთან ვნებით ცხოვრობდე და არც უწესო საქმის ჩადენისთვის განგვისაზღვრავს ის, რაც განვსაზღვრეთ, არამედ იმის გამო, რომ მოციქულისაგან გვისწავლია: ”ძმამ ძმას დაბრკოლება ან ცდუნება არ უნდა შეუქმნას” (რომ. 14,13). ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთების მიერ კეთილი და საღი ნამოქმედარი სხვებისთვის ცოდვის მიზეზი ხდება. ამის გამო გირძანეთ შენ, წმინდა მამათა მიერ განწესებულის თანახმად, დედაკაცისაგან ჩამოშორება. რისთვისღა ადანაშაულებ ქორეპისკოპოსს და იხსენებ ძველ მტრობას? ან რისთვის მდებ მე ბრალს, თითქოს ადვილად ვისმენდე ბრალდება-ცილისწამებას? და შენს თავს კი არ ადანაშაულებ, რომ არ თანხმდები დედაკაცთან ყოფნის აღკვეთას? გაუშვი ეგ ქალი შენი სახლიდან და დაამკვიდრე ქალწულთა მონასტერში. იყოს იგი ქალწულებთან ერთად. შენ კი გემსახურონ მამები, რათა ჩვენგან არ იგმობოდეს ღმრთის სახელი. სანამ ამას არ გააკეთებ, არავითარ სარგებლობას არ მოგიტანს შენ ეგ მრავალსიტყვაობა, რომელსაც წერ ეპისტოლეებში, მოკვდები განკვეთილი და უსარგებლო და პასუხს აგებ უფლის წინაშე შენი უსარგებლობისათვის. ხოლო თუ გაბედავ შენი თავის გამოუსწორებლად მღვდელმსახურების დაწყებას, შეჩვენებული იქნები მთელი ერის წინაშე და შენი შემწყნარებლები განიდევნებიან ეკლესიიდან.

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:05)