რათა მის გარეშე და კანონთა საწინააღმდეგოდ არ დაადგინონ მღვდელმსახურნი

ძალიან ვწუხვარ, რომ მამათა კანონები უგულებელყოფილია და ეკლესიის შეუცდომლობა დავიწყებული. მეშინია, ამ უწესობის თანდათანობითი წარმატებით ეკლესიის საქმეები სრულ არეულობამდე არ მივიდეს. ღმრთის ეკლესიებში ძველთაგანვე დამკვიდრებული ჩვეულება ეკლესიის მსახურად შეიწყნარებდა მხოლოდ დიდი სიმკაცრით გამოცდილებს და გამოიკვლევდა მათ საქციელს: ხომ არ არიან ისინი ავისმთქმელნი მოყვასზე, ან ლოთები, ადვილად ხომ არ იწყებენ ჩხუბსა და შფოთს, თუ კრძალვით ატარებენ სიჭაბუკეს, რათა შეძლონ, აღასრულონ ”სიწმინდე, რომლის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს” (ებრ. 12,14).

 

ყოველივე ამას გამოიკვლევდნენ მეზობელი და მათთან მცხოვრები მღვდლები და დიაკვნები და მიაწვდიდნენ ქორეპისკოპოსებს, რომელნიც მიიღებდნენ მოწმეებისაგან მოწოდებულ ჭეშმარიტ ცნობებს, წარუდგენდნენ ეპისკოპოსს და ამგვარად ჩარიცხავდნენ მას მსახურად საეკლესიო დასში. თქვენ კი, ჯერ ერთი, უგულებელ-გიქმნივართ მე და არაფერი გიცნობებიათ ჩემთვის, არამედ თქვენთვის მიგიხვეჭიათ მთელი უფლებები. ამის შემდეგ კი, არად აგდებთ რა ამ საქმეს, მღვდლებსა და დიაკვნებს ნებას აძლევთ, ვინც უნდათ, ის შეიყვანონ ეკლესიაში, უღირსნიც კი, ხორციელი, ანუ ნათესაური, ან სხვა რამ მეგობრული სიყვარულის გამო, მათი ცხოვრების გამოკვლევის გარეშე. ამის გამო მრავალი მსახური ირიცხება თითოეულ დაბაში, მაგრამ საკურთხევლის მსახურების ღირსნი კი არც ერთი არ არის. ამას თქვენ თვითონვე მოწმობთ, როდესაც უძლურნი ხართ, აირჩიოთ სამღვდელო კაცნი. ამჟამად კი ეს საქმე უარესისაკენ მიდის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც სამხედრო სამსახურში წავსლის შიშით ბევრი ირჩევს თავისთვის ეკლესიის მსახურად წასვლას. მე საჭიროდ ვცნობ მამათა კანონის განახლებას და გწერთ თქვენ, რათა გამომიგზავნოთ თითოეული დაბის საეკლესიო მსახურთა სახელების ნუსხა, და თუ ვისგან არის თითოეული მათგანი დანიშნული, ან როგორ ცხოვრებას ეწევა. იქონიეთ თქვენც თქვენთვის ამ ნუსხის პირი, რათა შეესატყვისებოდეს თქვენთან დაცული ნაწერი ჩვენთან გამოგზავნილს, რათა არ შეეძლოს, როცა ვის მოესურვება, თავისი თავის ჩაწერა მასში. თუ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მღვდლის მიერ იქნება ვინმე დადგენილი, ის ერისკაცებში უნდა იქნეს გადაყვანილი. თქვენ კი უნდა ჩაატაროთ მათ შესახებ დაწვრილებითი გამოკვლევა-გამოძიება. თუ ღირსნი აღმოჩნდებიან ისინი, თქვენი გადაწყვეტილებით მიღებულ უნდა იქნენ. გაწმინდეთ ეკლესია უღირსთაგან. ამიერიდან გამოსცადეთ ღირსნი და მიიღეთ ისინი. ოღონდ ნუ აღრიცხავთ მათ მანამ, სანამ არ მოიყვანთ ჩემთან. თუ არადა, მტკიცედ იცოდეთ, რომ ვინც ჩემს გარეშე იქნება მიღებული საეკლესიო მსახურად, ერისკაცად ითვლება იგი.

 

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:06)