იმ საქმის უწესობა, რომლის შესახებაც ახლა გწერთ თქვენ, რად გახდა საეჭვო და, რად ითქვა ის, რამაც ტკივილით აავსო ჩემი სული და რაც ვერ დამიჯერებია. ასე რომ, ეს წერილი სამკურნალოდ უნდა მიიღოს იმან, ვისაც შეგნებული აქვს თავის მხრივ ამგვარი შეცდომა. ვისაც არა აქვს შეგნებული, უნდა მიიღოს როგორც წინასწარი გაფრთხილება. ხოლო ვინც ვნებულია ბოროტებისა და სიკეთისადმი გულგრილობის ვნებით, რომლის თქვენში არაღმოჩენაზე ვლოცულობ, იმან ეს წერილი უნდა მიიღოს როგორც მოწმობა მის წინააღმდეგ.

 

რა არის ეს, რის შესახებაც ვლაპარაკობ? ზოგიერთები ამბობენ, რომ ზოგი თქვენგანი ფულს იღებს ხელთდასხმადი სასულიერო პირისაგან, მაგრამ ნიღბავს ამას კეთილმსახურების სახელით, რაც უარესია, ვინაიდან თუ ვინმე ბოროტებას სჩადის სიკეთის სახით, ის ორმაგი სასჯელის ღირსია, იმიტომ რომ აკეთებს არაკეთილს და ცოდვას ისე სჩადის, თითქოს სიკეთეს ეხმარება. ეს თუ ამგვარად სადმე მომხდარა, ამიერიდან ნუღარ იქნება ასე, არამედ გამოსწორებულ იქნეს. ვერცხლის მიმღებს საჭიროა ეთქვას, რაც მოციქულმა უთხრა რა იმას [სიმონს სამარიიდან], ვისაც სურდა სულიწმიდის მადლის მიღება ვერცხლით: ”შენი ვერცხლი შენ თანავე იყოს შენს წარსაწყმედად” (საქმე 8,20). უფრო მსუბუქია იმის დანაშაული, ვისაც გამოუცდელობის გამო სურს მადლის ყიდვა, ვიდრე იმის დანაშაული, ვინც ღმრთის ნიჭს ყიდის, რადგანაც სავაჭროდ უქცევია ნიჭი, რომელიც უსასყიდლოდ აქვს მიღებული. თუ გაყიდი მას, გაიძარცვები მადლისაგან და გახდები სატანისთვის მიყიდული, რადგანაც შენ ვაჭრობას შემოიღებ სულიერ საქმეებში და ღმრთის ეკლესიაში, სადაც ჩვენ რწმუნებული გვაქვს ქრისტეს ხორცისა და სისხლის გაყოფა. ამისი ამგვარად გაკეთება არ არის ჯეროვანი. იმასაც გეტყვით, რაც მათ მიერ არის ჩადენილი. ჰგონიათ, რომ ცოდვა არ არის ვერცხლის მიღება ხელთდასხმის დროს, არამედ ხელთდასხმის შემდეგ მიღება მიაჩნიათ ცოდვად. მაგრამ მიღება ხომ, როცა არ უნდა იყოს, ყოველთვის არის მიღება. გევედრებით, თავი დაანებეთ ამ შემოსავალს, უფრო კი გეენიაში შესასვლელ მექრთამეობას, და ამგვარი მოხვეჭით თქვენივე ხელების წაბილწვით თავს წმინდა საიუდუმლოთა შესრულების უღირსად ნუ გახდით. მომიტევეთ მე, რადგანაც თუმცა თავდაპირველად არ მჯეროდა ეს და ისე ვამბობდი, ახლა კი, როდესაც დავიჯერე, მუქარით ვამბობ: ვინც ჩემი ეპისტოლის შემდეგ გაბედავს ამგვარი რამის ჩადენას, აქაურ და ჩვენს საკურთხევლებს უნდა გაშორდეს და სხვა საკურთხეველი უნდა ეძებოს, სადაც ღმრთის ნიჭის მყიდველს შეეძლება მისი გაყიდვა, რადგანაც ”ჩვენ და ღმრთის ეკლესიას ასეთი ჩვეულება არ გვაქვს” (I კორ. 11,16). მე კიდევ ერთ რამეს დავუმატებ და შემდეგ გავჩერდები: ვერცხლისმოყვარეობის გამო ხდება ეს, ხოლო ”ვერცხლისმოყვარეობა ყოველგვარი ბოროტების ფესვია” (I ტიმ. 6,10). და ”ანგარება კერპთმსახურებაა” (I კოლას. 3,5). ქრისტეზე უფრო მეტ პატივს ნუ სცემთ კერპებს მცირეოდენი ვერცხლისათვის. ნუ მიემსგავსებით იუდას და ქრთამისთვის მეორედ ნუ გასცემთ ჩვენთვის ერთხელ უკვე ჯვარცმულს, ვინაიდან ის სოფლებიც და ხელებიც, რომლებიც იღებენ ქრთამს, იწოდებიან აკელდამად.*

-------------------------------------------------------------------------------------

* აკელდამა (ებრ.) - ”ფასი და სოფელი სისხლისა”.

 

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:06)