თითოეული სამთავროდან შეკრებილმა სარდიკიის კრებამ დაადგინა შემდეგი:

 

კანონი 1

ქალაქ კორდუბის ეპისკოპოსმა ოსიოსმა თქვა: ძირიანად აღმოსაფხვრელია საქმე, რომელიც ბოროტი ჩვეულება კი არ არის, არამედ მავნე და განმხრწნელი მოქმედებაა. არც ერთი ეპისკოპოსი მცირე ქალაქიდან სხვა ქალაქში არ უნდა გადავიდეს, რადგან ამ საქმის მიზეზი ცხადია. გასაგებია, თუ რა მიზეზი აიძულებთ ასეთი რამის ჩადენას, რადგან ვერავინ იპოვის ისეთ ეპისკოპოსს, რომელიც დიდი ქალაქიდან მცირეში ინდომებს წასვლას. აქედან ცხადია, რომ ანგარების ცეცხლით იწვიან ასეთები და ამპარტავნებას ემონებიან, ესწრაფვიან რა უფრო მეტი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. თუ ყველას ნება იქნება, ასეთი ვერაგობა მთელი სიმკაცრით განვაკანონოთ. მგონია, რომ ასეთები ერისკაცთათვის განკუთვნილი ზიარების ღირსნიც კი არ არიან.

ყველა ეპისკოპოსმა თქვა: ყველანი ვიწონებთ დადგენილებას.

 

კანონი 2

ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: თუ აღმოჩნდება ვინმე ისეთი კადნიერი და დაუოკებელი, რომ უკადრისად აღიარებულ საქმეს ჩაიდენს და თავის სამართლებლად ქალაქის მცხოვრებთა წერილობით თხოვნას წარმოადგენს, ცხადია, რომ მას მოუხერხებია პატივისცემითა და ფულის გაღებით ქალაქის მცხოვრებთა მცირე ნაწილის მოსყიდვა და დარწმუნება, რომ ეკლესიაში შფოთი შეიტანონ და თქვან, რომ მას ითხოვენ თავიანთ ეპისკოპოსად. მე ვფიქრობ, ასეთი სივერაგე და ხრიკები ისე უნდა დაისაჯოს, რომ ცხოვრების ბოლოსაც კი არ გახდეს თუნდაც ერისკაცისთვის დაწესებული ზიარების ღირსი.*

უპასუხეს: ნათქვამი მოგვწონს.

 

კანონი 3

ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: ესეც უნდა დავუმატოთ, რომ არც ერთი ეპისკოპოსი თავისი სამთავროდან არ უნდა მივიდეს სხვა სამთავროში, რომელსაც ჰყავს ეპისკოპოსი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას მიიწვევენ ძმები: არავის ეგონება, რომ ჩვენ ურთიერთსიყვარულის კარს ვხშავთ.

ამასთან ერთად ესეც დავადგინოთ, რომ თუ რომელიმე სამთავროში ერთ ეპისკოპოსს ჰქონდეს მეორესთან სადავო საქმე, ნურც ერთი მათგანი ნუ მოიხმობს სხვა სამთავროს ეპისკოპოსს ამ საქმის განსახილველად და მსჯავრის დასადებად.

თუ ივარაუდება, რომ რომელიმე ეპისკოპოსი რაიმე საქმის გამო უნდა დაისაჯოს და თვითონ კი ეგონოს, რომ მტყუანი არ არის, არამედ ნამდვილად მართალია, უნდა განახლდეს სასამართლო საქმე, თუ თქვენს სიყვარულს უნდა, პატივი ვცეთ პეტრე მოციქულის ხსენებას და მისწეროს მან იულიუს რომის ეპისკოპოსს. თუ ეს უკანასკნელი დაინახავს, რომ საჭიროა საქმის ხელახლა განხილვა, მეზობელი სამთავროს ეპისკოპოსებისგან გამოუყოფს საქმის განმხილველთ. თუ ხელახლა განხილვას და სამსჯავროს განახლებას არ ითხოვს, ერთხელ განხილული და გამოძიებული საქმე ნუღარ დაირღვევა, არამედ მტკიცედ დაიცვან მიღებული დადგენილება.

 

კანონი 4

ღავდენტიოს ეპისკოპოსმა თქვა: თუ საჭიროდ მივიჩნევთ, დავუმატოთ ასეთი დადგენილებაც, როგორც დამადასტურებელი უზაკველი სიყვარულისა: თუ ვინმე ეპისკოპოსი მეზობელი ეისკოპოსების საბჭოს დადგენილებით განიკვეთოს და დასჯილმა თქვას, რომ აქვს საბუთი თავის გასამართლებლად, მის საყდარზე მანამ ნუ დაინიშნება ნურავინ, სანამ რომის ეისკოპოსს არ ეუწყება საქმე და ის არ მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

 

კანონი 5

ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: საჭიროდ მიგვაჩნია ესეც, რომ თუ ვინმე ეისკოპოსის შესახებ შემოვა მხილება, შეიკრიბებიან იმ სამრევლოს ეისკოპოსები და მას დაამხობენ საყდრიდან, ხოლო იგი სამართლის საძებრად გაიქცეს სანატრელი რომის ეკლესიის ეპისკოპოსთან და ისურვებს, რომ მანაც მოუსმინოს მას, ის კი სამართლიანად მიიჩნევს მისი საქმის ხელახლა გამოძიებას, რომაელმა ეპისკოპოსმა უნდა მისწეროს მეზობელი  სამთავროს ეპისკოპოსებს, რომ სწრაფად და ზედმიწევნით გამოიძიონ ყოველივე და ჭეშმარიტი სარწმუნოების შესაფერისად გამოიტანონ საქმის განაჩენი. თუ ვინმე ითხოვდეს მისი საქმის ხელახლა განხილვას და თავისი ვედრებით დაარწმუნოს რომის ეპისკოპოსი საქმის ხელახალი განხილვის აუცილებლობაში, მის გვერდით მყოფი, მეზობელი მღვდელი გაგზავნოს და დაადგინოს მოსამართლეთა გაგზავნა ეპისკოპოსთან. მოსამართლედ წარგზავნილებს კი აქვს იმის ხელისუფლება, ვინც გაგზავნა ისინი. ეს როცა ასე იქნება, თუ რომის ეპისკოპოსი იფიქრებს, რომ ეს საკმარისია გამოსაძიებელი საქმის ზედმიწევნით შესასწავლად, მიიღოს ის გადაწყვეტილება ეპისკოპოსის შესახებ, რაც საჭიროდ მიაჩნია მის ბრძნულ განზრახვას.

ეპისკოპოსებმა უპასუხეს: მოგვწონს ეგ ნათქვამი.

 

კანონი 6

ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: თუ ერთ სამთავროში, სადაც მრავალი ეპისკოპოსი იყო, დარჩეს ერთი და მან თავისი სიზარმაცის გამო არ ისურვოს მისვლა და სხვათათვის მხარის დაჭრა ეპისკოპოსის ხელთდასხმაზე, ხოლო იქ შეკრებილი ერის სიმრავლე ითხოვდეს ძიებული ეპისკოპოსის დანიშვნას, თავიდან საჭიროა, რომ დარჩენილ ეპისკოპოსს მისწეროს წერილი იმ სამთავროს ზედამდგომელმა, ე.ი. მიტროპოლიტმა, რომ ერს სურს ეპისკოპოსის დანიშვნა. ვფიქრობ, რომ კარგია, თუ დაელოდებიან მის მოსვლას, მაგრამ თუ არც წერილით გამოძახების შემდეგ მოვიდეს და არც პასუხი მოიწეროს, მაშინ უმრავლესობის გადაწყვეტილების შესრულებაა საჭირო.** თუ არჩეულ უნდა იქნეს დედაქალაქის ეპისკოპოსი (მიტროპოლიტი), საჭიროა მახლობელი სამთავროს ეპისკოპოსთა მოწვევაც.

არ შეიძლება ეპისკოპოსის დადგენა დაბასა ან მცირე ქალაქში, რომელსაც მხოლოდ ერთი მღვდელიც ეყოფა. არ არის საჭირო იქ ეპისკოპოსის დადგენა, რომ არ დაკნინდეს ეპისკოპოსის სახელი და პატივი. სამთავროს ეპისკოპოსებს, როგორც თავიდან ვთქვი, იმ ქალაქებში ჰმართებთ ეპისკოპოსის დადგენა, სადაც თავიდან იყვნენ ეპისკოპოსები. თუ ერი მრავალი იყოს რომელიმე ქალაქში, შეიძლება ის საეპისკოპოსოდ ჩავთვალოთ და ასეთმა ქალაქმა უნდა მიიღოს თავისი ეპისკოპოსი. ყველას მოგწონთ ეს? ყველამ მიუგო: მოგვწონს

 

კანონი 7

ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: ჩვენი გამოუცდელობის, ზედმეტი აღრევის, უსამართლოდ მიღებული ღირსების გამო ჩვენ არც იმდენი მადლი და გაბედულება გვაქვს, რამდენიც უნდა გვქონდეს. ცნობილია, რომ მრავალნი ეპისკოპოსთაგან არ აყოვნებენ და მიდიან მეფესთან ლაშქარში სხვადასხვა თხოვნით. ეს, როგორც გვესმა ჩვემი ძმისა და თანაეპისკოპოსის ღრატოსგან, ეხება აფრიკელ ეპისკოპოსებს, რომლებიც სასარგებლო რჩევას არაფრად აგდებენ, არ ისმენენ და ერთ კაცს მიაქვს ერთის ან მრავალთა სავედრებელი წერილი სხვადასხვა საკითხზე სასახლეში (ან იქ, სადაც არის მეფე), რაც არ არის სასარგებლო ეკლესიისათვის. ისე კი არ მოქმედებენ, როგორც ეპისკოპოსს შეეფერება, გლახაკთა, ერისკათა ან ქვრივთათვის კი არ ზრუნავენ და არ ეხმარებიან მათ, არამედ ამქვეყნიური პატივისა და საქმისათვის იღვწიან. ასეთი მოსასპობი და აღსაკვეთი სიმრუდე არ გვტოვებს ჩვენ საფრთხისა და დაბრკოლბის გარეშე. ამიტომ სამართლიანად მიმაჩნია, რომ ეპისკოპოსი უნდა შეეწიოს იმას, ვინც ძალადობის მსხვერპლია, ან ქვრივია და გაძარცულია, ან ობოლია და მის ქონებას ვინმე აკლებს რასმე. თუ ასეთი პირისთვის გაირჯება, ჯეროვანი და სამართლიანი იქნება მისი თხოვნა და ზრუნვა.

საყვარელო ძმებო, თუ ყველას მოგწონთ ეს, დავადგინოთ, რომ არც ერთი ეპისკოპოსი არ მივიდეს ლაშქარში (მეფესთან), გარდა იმისა, რომელსაც ჩვენი კეთილმსახური მეფე წერილით თავისთან მოიხმობს.

ხშირად ეკლესიას თავს აფარებენ საწყლები და გაჭირვებულები, რომელნიც თავიანთი ცოდვებისათვის დასჯილნი არიან ან საპყრობილით, ან კუნძულზე განდევნით, ან სხვა სასჯელით. ასეთებს უნდა შევეწიოთ, მაგრამ დაუყოვნებლივ და ორგულობის გარეშე უნდა ვითხოვოთ პატიება მათთვის. მაშ, თუ მოგწონთ ეს დადგენილება, ყველამ მხარი დაგვიჭიროს.

ყველამ მიუგო: დამტკიცდეს ესეც.

 

კანონი 8

ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: ესეც განსაჯოს თქვენმა გულისხმიერებამ, რადგან გვსურს, რომ ეპისკოპოსი არ იქცეს განკითხვის საგნად, თუ ის მივა სამხედრო ბანაკში (მეფესთან), ამიტომ, თუ რომელიმე მათგანს აქვს რაიმე ისეთი სავედრებელი, როგორიც ზემოთ ითქვა, გაატანოს რომელიმე დიაკონს, რადგან მსახური არ არის ისე თვალშისაცემი, და დავალებულს სწრაფად შეასრულებს.

ყველამ თქვა: ესეც დაწესდეს.

 

კანონი 9

ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: ვფიქრობთ, უნდა დავძინოთ ესეც, რომ თუ რომელიმე სამთავროს ეპისკოპოსმა თხოვნის წერილი გაუგზავნეს თავის ძმასა და თანაეპისკოპოსს, ვინც უმთავრეს ქალაქში, ე.ი. დედაქალაქში ზის, თავისი დიაკონი და ის თხოვნის წერილი გაგზავნონ, მისცენ წარგზავნილს დასამტკიცებელი მოწმობა და მისწერონ ჩვენს ძმებსა და თანაეპისკპოსებს, რომლებიც იმ დროს იქნებიან იმ ადგილებში ან ქალაქებში, სადაც ჩვენი კეთილმსახური მეფე საერო საქმეებს განაგებს. თუ რომელიმე ეპისკოპოსს ჰყავს სასახლის ფარგლებში მეგობარი და სურს რაიმე ჯეროვანი საქმის გამო თხოვნა, ნუ დააყოვნებს მისი დიაკონი ამ თხოვნისა და ვედრების მათთვის შეტყობინებას, რომ მის თხოვნას კეთილად დახმარება მიჰმადლონ. ხოლო ვინც რომში მივიდეს, როგორც უკვე მოვიხსენეთ, მათ თხოვნის ბარათი, რომელიც აქვთ, უნდა მისცენ ჩვენს საყვარელ ძმასა და თანაეპისკოპოსს იულიუსს. ჯერ მან უნდა განიხილოს ის, და, თუ რომელიმე მათგანი (ამ თხოვნათაგან) არ იქნება სამარცხვინო, მაშინ მან თავისი დახმარებითა და მზრუნველობით გაგზავნოს იგი სამეფო სასახლეში.

ყველა ეპისკოპოსმა მიუგო: მოგვწონს, ჯეროვანია ეს მსჯელობა.

 

კანონი 10

ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: ვფიქრობთ, საჭიროა, რომ მიზანსწრაფულად და გულმოდგინედ დავაკვირდეთ, თუ ვინმე საერო სამსახურის მდიდარი და სწავლული პიროვნება მოინდომებს ეპისკოპოსობას, ნუ დაინიშნება მანამ, სანამ არ შეასრულებს წიგნისმკითხველის, დიაკვნისა და მღვდლის მოვალეობას, რომ თითოეულ ხარისხში გამოიცადოს მისი ღირსება. მან თითოეულ საფეხურზე უნდა დაყოს არამცირედი ხანი, რითაც მისი სარწმუნოება, ქცევის კეთილწესიერება, სიმტკიცე და სიმშვიდე ყველასათვის ცნობილი გახდება და თვითონაც მიჩნეულ იქნება საღმრთო მღვდელობის დიდი პატივის ღირსად.

არ არის საკადრისი, და არც განსწავლულობა, კეთილი ქცევა და ზრდილობა არ იძლევა იმის ნებას, რომ ავჩქარდეთ ეპისკოპოსად, მღვდლად ან დიაკვნად ხელთდასხმისას, რადგან, თუ ასე მოხდება, იგი სამართლიანად იქნება ჩათვილი ახალნერგად, და უფრო იმიტომაც, რომ ნეტარი მოციქული, რომელიც წარმართთა მოძღვრად არის ცნობილი, აჩქარებულ ხელთდასხმას წინ აღუდგებოდა (I ტიმ. 3,6). ხანგრძლივი დროით გამოცდა აჩვენებს თითოეულის ქცევასა და ხასიათს.

ყველამ თქვა, რომ მოსწონთ გადაწყვეტილება და არ არის ჯეროვანი ვისგანმე ამის დარღვევა.

 

კანონი 11

 

ოსიოს ეისკოპოსმა თქვა: უნდა დავადგინოთ ესეც, რომ როდესაც ეპისკოპოსი ერთი ქალაქიდან გადავა სხვა ქალაქში, ან ერთი სამთავროდან სხვა სამთავროში და სიტყვამჭევრობით თავისი თავის მაქებარია, როგორც სარწმუნოების წარმმართველსა, და სურს დიდხანს იქ ტრიალი, ამ ქალაქის ეპისკოპოსი კი არ არის გამოცდილი მოძღვარი, ნუ შეურაცხყოფს მას და ნუ ესწრაფვის, დააკნინოს მისი პიროვნება და შეარცხვინოს ადგილობრივი ეპისკოპოსი. ასეთი საქციელი იწვევს შფოთსა და დრტვინვას. ასეთი მანქანებით მოსული ეპისკოპოსი ცდილობს უცხო საყდრის მითვისებას და ამჟღავნებს სურვილს, მიატოვოს თავისი საყდარი და გადაინაცვლოს სხვისაში. მაშასადამე, ამისთვის უნდა დავადგინოთ დრო, რამდენ ხანს შეიძლება დარჩეს ეპისკოპოსი სხვა საეპისკოპოსოში, რადგან სულ არშეწყნარება სხვაგან მისული ეპისკოპოსისა კაცთმოძულეობად და უსამართლოდ ითვლება. გახსოვთ თქვენ, რაც ჩვენმა მამებმა დაადგინოს ადრე, რომ თუ ვინმე ერისკაცი ქალაქში იტრიალებს სამი კვრისი განმავლობაში და არ ეზიარება, ზიარებისაგან განყენებულ იქნეს. თუ კი ერისკაცთა შესახებ ასეთი დადგენილება არის მიღებული, არ შეიძლება, არც შეშვენის და არც ჯეროვანია, რომ ეპისკოპოსი, რომელსაც არაფერი საჭირო საქმე არა აქვს, არც რაიმე გაჭირვება აიძულებს, დიდ დროს დაჰყოფდეს სხვაგან, თავის თავს აკლებდეს თავის ეკლესიას და აწუხებდეს მისდამი რწმუნებულ ერს.

ყველა ეპისკოპოსმა თქვა: ეგ დადგენილებაც ძალზე საჭიროდ და ჯეროვნად მიგვაჩნია.

კანონი 12

ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: არ იქნება ზედმეტი, რომ დავადგინოთ შემდეგი: ზოგს ძმათა და ეპისკოპოსთაგან მიაჩნია, რომ ქალაქს, რომელშიც არიან დადგენილნი, ძალზე მცირე შემოსავალი აქვს, ხოლო სხვა ეკლესიას შემოსავალი დიდი აქვს, შემოსავალი კი მათ აძლევს გლახაკთა დახმარების საშუალებას. ვადგენთ: შეიძლება ნება დაერთოს მათ, რომ, თუ სურთ თავის სახნავ-სათეს ადგილებში წასვლა და მოსავლის აღება, შეუძლიათ სამ კვირას იტრიალონ იქ და მახლობელ ეკლესიაში, რომელსაც თავისი მღვდელი ჰყავს, მივიდნენ ხოლმე და ჟამისწირვა აღასრულონ, რომ არ დარჩნენ საეკლესიო მსახურებისა და ლოცვის გარეშე. ქალაქში, რომელშიც არის ეპისკოპოსი, ნუ შევლენ ზედიზედ. ამგვარად არც მათი პირადი საქმეები დაზარალდება იქ არყოფნით და არც მედიდურობისა და ამპარტავნობის ბრალი დაედებათ.

ყვეა ეპისკოპოსმა თქვა: მოგვწონს ეს განწესებაც.

კანონი 13

ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: ესეც ყველამ მიიღეთ, რომ გინდ მღვდელი, გინდ დიაკონი, გინდ სამღვდელო დასის რომელიმე სხვა წარმომადგენელი თუ დასჯილია თავისი ეპისკოპოსის მიერ უზიარებლობით და იგი მიაშურებს თავის ნაცნობ სხვა ეპისკოპოსს, რომელმაც იცის, რომ ეს პირი უზიარებლობითაა დასჯილი თავისი ეპისკოპოსისგან, იმ ეპისკოპოსმა, ვისთანაც გაიქცა დასჯილი, არ უნდა შეურაცხყოს თავისი ძმა და თანაეპისკოპოსი, და არ უნდა მისცეს მას ზიარება. თუ გაბედავს ამის გაკეთებას, იცოდეს, რომ პასუხი უნდა აგოს ეპისკოპოსთა კრებულის წინაშე.

ყველა ეპისკოპოსმა თქვა: ეს სამართალი და მშვიდობა ყოვლად დაცული და შენახული იყო ყველას ერთი ნებით და მოწონებით.

 

კანონი 14

ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: რაც ყოველთვის მაღელვებს მე, იმაზე არ უნდა გავჩუმდე; თუ ვინმე ეპისკოპოსი უცბად განრისხდეს, რაც მისი სახის მქონე მოღვაწეს არ შეშვენის, და აჩქარებული აღელვებით მოინდომებს მღვდლის ან დიაკვნის ეკლესიიდან გაძევება, დავადგინოთ, რომ არ შეიძლება ასეთი პიროვნების დასჯა ნაჩქარევად და მისთვის ზიარების აკრძალვა. ყველამ თქვა: გაძევებულს უფლება უნდა ჰქონდეს, მიმართოს იმ მხარის მიტროპოლიტს. თუ არ იყოს დედაქალაქის ეპისკოპოსი, მიაშუროს მახლობელ სამთავროს და შეევედროს (იქ მყოფ ეპისკოპოსებს), რომ დაწვრილებით გამოიძიონ მისი საქმე. მათ კი, ვისაც ევედრება ბრალდებული, ყური უნდა მიაპყრონ მას. იმ ეპისკოპოსს, რომელსაც სამართლიანად ან უსამართლოდ გაუძევებია ვინმე, ჰმართებს, მხნედ იდგეს, სანამ საქმეს იძიებენ, და ან დამტკიცდება მისი გადაწყვეტილება, ან გამართლდება ბრალდებული.

ზედმიწევნით და დაწვრილებით უნდა იქნეს ყოველივე გამოძიებული, ხოლო უზიარებულქმნილი კი მანამდე ნუ გაბედავს ზიარებას, სანამ მისი საქმე ყოველმხრივ არ იქნება გარკვეული.

თუ იქ შეკრებილ მოყვასთა შორის ვინმემ დაინახოს მისი კადნიერება და ამპარტავნობა, და მოისმინოს უსამართლო შეურაცხყოფა და გინება მისგან, რისი მოთმენაც არ შეიძლება, მწარე და მძიმე სიტყვით უნდა უკუაგდონ ისინი, რომ თავიანთ ბრძანებლებს ჯეროვნად ემსახურონ და უბიწოდ დაემორჩილონ.

როგორც ეპისკოპოსს ევალება, რომ გულწრფელად უყვარდეს და გულითადად სწყალობდეს თავის მსახურებს, ასევე მსახურნიც ერთგულად უნდა ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას ეპისკოპოსის წინაშე.

 

კანონი 15

ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: ესეც დავადგინოთ ერთხმად, რომ თუ სხვა სამრევლოს ეპისკოპოსმა მოინდომოს უცხო პირის დადგენა რომელიმე სამღვდელო ხარისხზე მისი ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე, ასეთი დანიშვნა და ხელთდასხმა დაუმტკიცებლად ჩაითვალოს. ხოლო ვინც ასეთი რამ დაუშვას, უნდა მოახსენოს და გამართლდეს ჩვენ ძმათა და თანაეპისკოპოსთაგან.

ყველა ეპისკოპოსმა თქვა: ეს დადგენილებაც დარჩეს შეუცვლელად.

 

კანონი 16

აეტიოს ეპისკოპოსმა თქვა: ყველასათვის ცნობილია, რამოდენაა და როგორი თესალონიკის სამიტროპოლიტო, რომელსაც ხშირად მიმართავენ სხვა სამთავროებიდან მღვდლები და დიაკვნები და არ კმაყოფილდებიან იქ მცირე დროის დაყოფით, არამედ ერთ წელიწადსაც კი რჩებიან, სულ იქ ტრიალი უნდათ და ძნელად თუ აიძულებ მათ თავიანთ ეკლესიაში დაბრუნებას. ამის შესახებ ვადგენთ: არ არის ჯეროვანი ასეთი საქციელი.

ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: ეპისკოპოსთა შესახებ მიღებული დადგენილება დაცული იქნეს ამ შემთხვევაშიც.

 

კანონი 17

ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: ჩვენი ძმის ულიმპიოსის შეხსენებისამებრ ესეც საჭიროდ მიგვაჩნია, რომ, თუ რომელიმე ეპისკოპოსი ძალადობით უსმართლოდ გაძევებულ იქნეს თავისი ღრმა ცოდნის, ან კათოლიკე ეკლესიის აღსარებისათვის, ან იმისათვის, რომ დაიცვა ჭეშმარიტება, და განსაცდელისაგან გამოქცეული უდანაშაულოდ და უმიზეზოდ დაზარალებული მივიდეს სხვა ქალაქში, ნუ დავუშლით იმდენი დროის დაყოფას იქ, სანამ უკან კეთილად დაბრუნების საშუალება არ მიეცემა, და არ დაირღვევა უსამართლობა, რომელიც მას შეემთხვა. უსამართლოდ დევნილთა არშეწყალება შეუბრალებლობა და მძიმე დანაშაული იქნება ჩვენგან. ამიტომ ფრიადი კაცთმოყვარეობით და ძმათა-მოყვარებით გვმართებს ჩვენ ასეთების სამსახური.

ყველამ თქვა: მოგვწონს ესეც.

კანონი 18

ღავდენტიოს ეპისკოპოსმა თქვა: ვიცი, ძმაო აეტიე, როგორი მშვიდობა სუფევს მას შემდეგ, რაც შენ ხარ ეპისკოპოსი. რომ არ იყოს არავითარი ნაშთი საეკლესიო წესის ორად განკვეთისა, გვსურს მოსეს და ევტიქიანეს მიერ ყოველივე დადგენილის შეწყნარება, რადგან მათ არ აქვთ არავითარი ბრალი.

 

კანონი 19

ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: ჩემი სიმდაბლის აზრი ასეთია: ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდი და მომთმენი და ყველას მიმართ უნდა გვქონდეს სიტკბოება კაცთმოყვარული. ვინც მღვდელთა საეკლესიო წოდებას შეუერთდა ჩვენ ძმათა ეპისკოპოსთაგან, ისინი თუ არ ისურვებენ მიბრუნებას იმ ეკლესიაში, რომლის სახელზეც ხელნი დაესხათ მათ, სხვაგანაც ნუ შეიწყნარებენ ასეთებს. ევტიქიანე ნურც ეპისკოპოსის სახელს უწოდებს თავის თავს. ასევე ნურც მოსე მოიხსენიება როგორც ეპისკოპოსი. თუ ისინი საერისკაცო ზიარებას ითხოვენ, ნუ დავაბრკოლებთ.

ყველამ თქვა: მოგვწონს.

 

კანონი 20

ღავდენტიოს ეპისკოპოსმა თქვა: ეს, რაც შესაფერისად, ჯეროვნად და საცხოვნებლად დაადგინეთ თქვენ, ღმრთისა და კაცთათვის სათნო მღვდელმა, თავის ძალასა და სიმტკიცეს ვერ აჩვენებს, თუ არ დაშინდებიან გამოსული დადგენილებების დამრღვევნი. თქვენც იცით, რომ ხშირად ვისიმე მცირედი ურცხვობით დიდი და პატიოსანი სახელი მღვდელობისა მრავალთაგან განსჯისა და განკითხვის საგანი ხდება. აწ, თუ ვინმე მრავალთა მიერ მოწონებულისა და დადგენილის საწინააღმდეგოდ რაიმეს ჩადენას გაბედავს უწესო სურვილით, ამპარტავნებით და უფრო ცუდმედიდურობით, ვიდრე ღმრთის სიყვარულით, იცოდეს ასეთმა, რომ ეისკოპოსობის პატივისა და ღირსების აყრის ღირსად გაუხდია თავი. ყველამ მიუგო: სათანადო და ჯეროვნად მიგვაჩნია ასეთი განაჩენი.

ამას უნდა დავუმატოთ და ამით სრულყოფილი გავხადოთ დადგენილება, რომ თუ თითოეულმა ჩვენგანმა ნახოს მოგზაური ეპისკოპოსი, გამოჰკითხოს მგზავრობის მიზეზი, თუ საით მიემართება. და თუ სამხედრო ბანაკში (მეფესთან) მიდიოდეს, გამოიძიოს მისი იქ მისვლის მიზეზი. და თუ ის მიხმობილი იყოს და ისე მიდიოდეს იქ, ნუ დააბრკოლებს მას. ხოლო თუ მოსაჩვენებლად, როგორც თავიდან თქვა თქვენმა სიყვარულმა, ან რაიმეს სათხოვნელად და სავედრებლად მიისწრაფის იგი სამხედრო ბანაკში, ნურც მის წერილს მოაწერს ხელს, ნურც მისი საქმის თანამოზიარე გახდება.

ყველამ თქვა: დავადგინოთ ესეც.

 

----------------------------------------

* ხელნაწერის აშიაზე მიწერილია: ეს ერტადერთი კანონია, რომელიც ასეთ მკაცრ სასჯელს აწესებს (სიკვდილის წინაც რომ არ აზიარონ).

**ქართულ ხელნაწერში ამ კანონს აქვს კომენტარი: 1, ”უცხო და საწინააღმდეგო სხვა კანონების”; 2, ”შეისწავლე, სად უნდა დადგინდეს ეპისკოპოსი და სად არა”. კომენტატორები (ბალსამონი, არისტინე და ზონარა) მიუთითებენ, რომ ეს კანონი შეიცვალა.

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:11)