რომელთაც დავა ჰქონდათ ბოსტრის საეპისკოპოსოს თაობაზე (394 წ.)

კეთილმსახური და ღმრთისმოყვარე მეფეების, ავგუსტოსების ფლავიოს არკადის მესამე და ჰონორის მეორე იპატოსობის დროს ოქტომბრის რვა კალანდის წინ, კონსტანტინეპოლის წმინდა კათოლიკე ეკლესიის სანათლოში დასხდნენ წმინდა ეპისკოპოსები: ნექტარი კონსტანტინეპოლელი, თეოფილე ალექსანდრიელი, ფლაბიანე ანტიოქიელი, ელადი კესარია-კაბადუკიელი, გელასი კესარია-პალესტინელი, გრიგოლ ნოსელი, ამფილოქე იკონიელი, პავლე ირაკლიელი, არაბიანე ანკვირიელი, ამონოს ანდრიანაპოლელი, ფალერი ტარსუნელი, ლუკიოს იერაპოლელი, ელპიდი დაოდიკიელი, პავლე ქსეოელი, დიოსკორე ერმოპოლელი, პროვატი ვერონიკელი, თეოდორე მომფსუესტელი, ვიზუ სელევკიელი, იპაღათუ მარკიანაპოლელი, გერონტი კლავდიოპოლელი და სხვა ეპისკოპოსები და მთელი სამღვდელო დასი.

როდესაც შევიდნენ ვაღადი და აღაპი, ნექტარი კონსტანტინეპოლელმა ეპისკოპოსმა თქვა: ღმრთის მადლით შეიკრიბა წმინდა კრება ამ წმინდა ადგილას. წმინდა კრების წმინდა ძმებსა და ჩვენს თანამწირველებს ჰმართებთ ჭეშმარიტი მსჯავრის დადება, ხედავენ რა, რომ ბოსტრის საეპისკოპოსოს გამო ჩვენი ძმები ვაღადიოსი და აღაპი ერთმანეთს შორის განყოფილნი არიან და დავა აქვთ. მათ უნდა დაასახელონ და გამოააშკარავონ მიზეზი პირველხსენებული ვაღადის განკვეთისა, რაც სისრულეში იყო მოყვანილი მხოლოდ ორი ეპისკოპოსის მიერ. ეს ორივე ეპისკოპოსი ამ კრებაზე ადრე გარდაცვლილიყო და ამის გამო ვერ ესწრებოდა კრებას.

არაბიანე ანკვირიის ეპისკოპოსმა თქვა: ახლანდელი საბჭოს გამო კი არა, არამედ იმის გამო, რომ ვშიშობ კაცთა მთელი შემდგომი ცხოვრებისათვის, ვითხოვ წმინდა კრებისგან აღსარებას, შესაძლებელია თუ არა განკვეთა ორი ეპისკოპოსის მიერ, და ისიც - დასასჯელის დაუსწრებლად? ახლანდელი მიზეზის გამო კი არ ვამბობ ამას, არამედ მეშინია, რომ ამ მოსახსნებელის შემდეგ ზოგიერთები ასეთი რამის ჩადენის უფლებას მისცემენ თავს და გაბედავენ ამგვარს რასმე. გევედრებით, პასუხი მომიგოთ.

ნექტარი კონსტანტინეპოლელმა ეპისკოპოსმა თქვა: საქებარია განკრძალული ეპისკოპოსის არაბიანეს ნათქვამი. მაგრამ ჩვენ არ განვსჯით წარსულ ბჭობასა და განაჩენს, და მომავლის შესახებ განვსაზღვრავთ შემდგომს.

არაბიანე ანკვირიის ეპისკოპოსმა თქვა: ასეთ განაჩენსა და გასამართლებას ნიკეაში შეკრებილი წმინდა მამების კრება ცხადად გმობს. იგი ბრძანებს, რომ ეპისკოპოსის ხელთდამსხმელი შეიძლება იყოს არა უმცირეს სამისა და ხელთდასხმა არ უნდა მოხდეს მიტროპოლიტის იქ არყოფნის დროს. მე ვშიშობდი მომავლის გამო და ამისთვის შემოვიტანე შეკითხვა. აწ გევედრებით თქვენ, რათა გვიქადაგოთ ცხადად და არა მორიდებით და საეჭვოდ, რომ არ შეიძლება ეპისკოპოსის არც ხელთდასხმა, არც განკვეთა ორი ეპისკოპოსის მიერ, როგორც განსაზღვრა ნიკეის კრებამ.

თეოფილე ალექსანდრიელმა ეპისკოპოსმა თქვა: წასულთა და მიცვალებულთა მიმართ არ არის ჯეროვანი, არც შესაძლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან აქ არმყოფნი საქმით უკვე დასჯილნი არიან. ხოლო თუ მომავლისთვის წინასწარ განაგებს ვინმე განსაკვეთი ეპისკოპოსის შესახებ ისე, როგორც ეს მე მიმაჩნია, საჭიროა არა მხოლოდ სამი ეპისკოპოსის ყოფნა, არამედ, თუკი შესაძლებელია, იმ სამთავროს ყველა ეპისკოპოსისა, რომელსაც ეკუთვნის განსაკვეთი ეპისკოპოსი, რათა მრავალთა განაჩენმა უცილობელი და მტკიცე სასჯელი მიაგოს განკვეთის ღირს ეპისკოპოსს, ცხადია, მისი სამსჯავროზე წარდგომისა და განკითხვის დროს.

ნექტარი კონსტანტინეპოლელმა ეპისკოპოსმა თქვა: საღმრთო კანონიერი განწესებისა და სჯულის კეთილწესიერების მიყოლით არის შექმნილი ეს სჯულისმდებლობა და არა ზოგიერთ პირთა მიერ. როგორც უწმინდესმა ეპისკოპოსმა არაბიანემ თქვა და მის მსგავსად კაცთმოყვარედ განსაზღვრა ყოვლად ღირსმა ეპისკოპოსმა თეოფილემ, მომავალში მსგავსი შემთხვევებისაგან თავის დასაზღვევად, ამიერიდან ნურც ორი, ნურც სამი ეპისკოპოსის მიერ ნუ განიკვეთება ეპისკოპოსი, არამედ მთელი კრების გასამართელბით და სამთავროს ეპისკოპოსთა განაჩენით, როგორც განსაზღვრა სამოციქულო კანონმა.

ფლაბიანე ანტიოქიის ეპისკოპოსმა თქვა: რაც განაჩინეს უწმინდესმა და ყოვლად ღირსმა ეპისკოპოსმა ნექტარიოსმა და უწმინდესმა და ყოვლად ღირსმა ეპისკოპოსმა თეოფილემ, ყველას მოგვწონს და მათ მისდიოს ყველა საეკლესიო პირმა

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 21:56)