ეკლესიაში დაცული სჯული და ქადაგებები ზოგი წერილობით მოცემული მოძღვრების სახით გვაქვს, ხოლო ზოგი მიღებული გვაქვს მოციქულთაგან, საიუდმლოდ გადმოცემული. ამათგან ორივეს ერთი და იგივე ძალა აქვს კეთილმსახურებისათვის და ამას არავინ თვლის საკამათოდ, ვისაც საეკლესიო განწესებათა ცოტაოდენი ცოდნა მაინც აქვს. თუ დაუწერელი წესების დარღვევას მივყოფთ ხელს, ვითომცდა იმიტომ, რომ მათ არა აქვთ დიდი ძალა, ამით თავს ვავნებთ თვით სახარების არაჯეროვანი გაგებით, ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელწოდებაღა შეგვრჩება. თავდაპირველად ვახსენებ პირველსა და საერთოს: მორწმუნეების მიერ ჯვრის სასწაულის გამოსახვა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელის მიმართ ვინ გვასწავლა წერილობით? ლოცვის დროს აღმოსავლეთის მხარეს თაყვანისცემა რომელმა წიგნმა გვაუწყა ჩვენ? მადლობის (ევქარისტიის) პურის ან სასმელის კურთხევის დროს სათქმელად რომელმა წმინდანმა დაგვიტოვა ჩვენ წერილობით რაიმე?

არც მხოლოდ იმით დავკმაყოფილდებით, რაც მოიხსენიეს მოციქულმა ან სახარებამ, არამედ მათზე ადრე და მათ შემდეგაც ვახსენებთ სხვა რამ მრავალსაც, როგორც საიუდმლოს მიმართ დიდი ძალის მქონეს. ეს კი მიღებული გვაქვს დაუწერელი მოძღვრებისგან. ხოლო ვაკურთხევთ აგრეთვე ნათლისღების წყალს და ცხების ზეთს და ვლოცულობთ ნათლისმღებელზე, რომელი წერილობითი გადმოცემისგან მიგვიღია ეს? განა დაფარული და საიდუმლო უწყებისგან არა? ხოლო თუ რა არის ზეთის ცხება, რომელმა დაწერილმა სიტყვამ გვასწავლა? საიდან არის კაცთა სამჯერადი ჩაყოფა წყალში ნათლისღების დროს? ამის გარდა სხვა რამდენი რამ არის ნათლისღების დროს: სატანისაგან და მისი ანგელოზებისაგან განშორება რომელი წერილიდან არის? განა არ არის ეს გაუმხელელი და უთქმელი მოძღვრებიდან, რომელიც მიუწვდომელია დაწვრილებითი გამოძიებისა და გამოკვლევისთვის და რომელიც საიდუმლოდ შემოინახეს ჩვენმა მამებმა, ღმრთის საიუდმლოთა დუმილით შენახვაში განსწავლულებმა? როგორ შეეფერებოდა ამ მოძღვრების გაცხადება და წერილობით გამხელა იმათ, ვინც განუსწავლელია საიდუმლოში და მისი შეხედვის უფლებაც კი არა აქვს. რადგანაც იმათთვის, ვინც ზიარებული არ არის საიუდმლოს და უფლებაც არა აქვს, შეხედოს მას, რამდენად შესაფერისია მოძღვრებით გაცხადება და წერილობით გამხელა? და ასე შემდეგ. რადგანაც დაუწერელი გადმოცემის სიტყვა და სარწმუნოებითი სჯულის (დოგმატის) ცოდნა არ არის დადებული სასწავლებლად, იგი ადვილად შეიძლება შეურაცხსაყოფელი გახდეს მრავალთაგან, ჩვეულების გამო. რადგანაც სხვა არის სარწმუნოებითი კანონი (დოგმატი, სჯული) და სხვა - ქადაგება. სარწმუნოებითნი სჯულნი (დოგმატები) დაფარულნი არიან, ხოლო ქადაგებები - გამხელილნი. დუმილისა და შეფარვით თქმის სახედ იყენებს წმინდა წერილი ძნელად მისაწვდომობას და იმას, რომ სარწმუნოებითი სჯულის (დოგმატის) აზრი არ არის ადვილად მისახვედრი მკითხველთათვის მათდა სასარგებლოდ. ამის გამო ყველანი ვუცქერით აღმოსავლეთს ლოცვის დროს, მაგრამ ცოტამ ვიცით, რომ ჩვენ პირველ მამულს, სამოთხეს ვეძიებთ, რომელიც შექმნა ღმერთმა ედემში, აღმოსავლეთით (შდრ. დაბ. 2,8). და სწორად მდგომარენი აღვასრულებთ კვირა დღის ლოცვებს, ამის მიზეზი კი ყველამ ვიცით: ლოცვების დროს სწორად დგომით არა მხოლოდ როგორც ქრისტესთან ერთად აღმდგარნი და ზეცის მეძიებელნი აღდგომის დღეს ჩვენთვის მოცემულ მადლს გავახსენებთ ჩვენს თავს, არამედ ამით ეს დღე გვესახება მომავალი უსასრულობის ხატად. ამის გამო დღეების დასაწყისად დაწესებული ეს დღე მოსესთანაც იწოდება არა პირველად, არამედ ერთად (ერთშაბათი) რადგანაც ”იყო მწუხრი, - ამბობს, - და იყო განთიად, დღე ერთი” (დაბ. 1,5), რადგანაც როგორც ერთი და იგივე დღე, მოიქცევა იგი მრავალჯერ და ამის გამო ერთია ის და ამავე დროს მერვეც, ნამდვილად ერთი და ჭეშმარიტი მერვე დღე, რომელიც მეფსალმუნემაც მოიხსენია ფსალმუნის წარწერებში და რომელიც მოასწავებს ამ საუკუნის შემდგომ მომავალ დაწყნარებას და დაუსრულებელ დღეს, დაუბინდებელ, უცვლელ, დაუსრულებელ და დაუბერებელ საუკუნეს. ამის გამო ეკლესია ასწავლის თავის აღზრდილებს, რომ გამართულად მდგომარეებმა შესწირონ ლოცვა და რომ დაუსრულებელი ცხოვრების ხშირი გახსენებით დაუდევრად არ მოვექცეთ იქ მიმყვანი საგზლის მოპოვებას. მთელი დრო სულიწმიდის მოფენის დღეებისა მომავალ საუკუნეში აღდგომის გასახსენებელია: ის ერთი და პირველი დღე, შვიდჯერ შვიდწილქმნილი, შეასრულებს ორმოცდამეათე დღის შვიდ კვირას. კვირის პირველი დღით დაწყებული მასზევე დასრულდება ორმოცდამეათე რიცხვზე გადასვლით. ორმოცდაათეულის ბრუნვას საუკუნის სახე ეძლევა, რადგან წრიულად ბრუნავს, ერთი და იმავე ნიშნიდან და წეტილიდან დაწყებული, და მასზედვე დასრულებული.

საეკლესიო წესი გვასწავლის კვირა დღეებში ფეხზე მდგომარე ლოცვას. და ამ ცხადი შეხსენებით ჩვენს გონებას იწვევს ამქვეყნიური ცხოვრებიდან სამუდამოში, იმქვეყნიურში დასამკვიდრებლად. ხოლო ყოველდღიური მუხლმოდრეკითა და ისევ ადგომით ვაჩვენებთ, რომ ცოდვით ქვეყანაზე დავეცით და ჩვენი დამბადებლის კაცთმოყვარეობით ზეცისკენ ვართ მიხმობილი.

დღე გამითავდება მე უწერელი საიდუმლოებების ეკლესიისთვის მოთხრობაში, ამიტომ თავს დავანებებ დანარჩენს. თვით სარწმუნოების აღსარება მამის, ძისა და სულიწმიდის მიმართ რომელი წიგნიდან გვაქვს მიღებული? თუ ნათლისღებისმიერი მოცემისგან და კეთილმსახურების წესების მიხედვით ვინათლებით, ასევე გვმართებს, გვწამდეს, რომ უეჭველად ნათლისღების მსგავს აღსარებას ვაღიარებთ. ამიტომ ნება უნდა მოგვეცეს ჩვენ, რომ სარწმუნოების აღსარებას ამავე წესით შესაფერისი დიდება მივცეთ. ხოლო თუ დიდებისმეტყველების ამ სახეს გვერდს უვლიან, ეს იმიტომ, რომ იგი დაუწერელია. მაშინ წარმოგვიდგინონ ჩვენ წერილობითი მტკიცება სარწმუნოების აღსარებისა და სხვა საკითხების შესახებ, რომლებიც აღვრიცხეთ.

მაშასადამე, ამდენი და ასეთი ძალის მქონე კეთილმსახურების საიდუმლო მოცემული გვაქვს დაუწერლად. განა არ უნდა მოგვეცეს ნება, რომ გვქონდეს მამათაგან ჩვენამდე მოღწეული გადმოცემა, რაც ვნახეთ დაუზიანებელ ეკლესიებში შემორჩენილი. ეს არ არის გამოგონილი ჩვეულებით დამტკიცებული და მას შეუძლია არა მცირე ძალისა და სისრულის მინიჭება საიუდმლოსთვის.

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 08 JUNE 2017 08:28)