კოდექსი 162

მართლმადიდებელ ევსები თესალონიკელსა (585-603) და აფთარტოდოკეტის ანდრიას პაექრობის შესახებ

წაკითხულ იქნა ვინმე "ევსების" - ხარისხით ეპისკოპოსის და სარწმუნოებით მართლმადიდებლის, - ათი სიტყვა, დაწერილი მის მიერ ვინმე (ტავტოლოგიები აქაც და ქვემოთაც დედნისეულია, ე.ჭ.) ანდრია შეყენებულის მიმართ, რისი წინაპირობაც შექმნა თვით ამ შეყენებულმა, ვინაიდან მან დაწერა ეპისტოლე ევსებისადმი, რასაც უწოდა "პარანაგნოსტიკონი" ანუ "საჯაროდ წასაკითხი", და ფიცით აიძულა იგი, რომ წაეკითხა, ევსებიმ კი, წაიკითხა რა, თავდაპირველად გაკიცხა ეს კაცი, დაადანაშაულა რა ერთდროულად უვიცობასა და თავხედობაში, ვინაიდან უჩვენა, ერთი მხრივ, ის, თუ რა შეცდომებს უშვებდა იგი ასოების წერაშიც კი და რომ ერთი სტრიქონის დაწერაც არ შეეძლო უხარვეზოდ, მეორე მხრივ კი ის, რომ, მიუხედავად ამისა, მაინც შესდგომია იგი წერას და დაუვიწყებია აღთქმაც და მოღვაწეობითი მდუმარებაც.

შემდეგ, მისი მწვალებლური ცნობიერება ამხილა მან მრავალგვარად (ხოლო ეს ანდრია მიეკუთვნებოდა აფთარტოდოკეტისტებს, რომლებიც ამგვარად იწოდებოდნენ იმ გაუკუღმართებული მოძღვრების გამო, რაც მათ ჰქონდათ), ცხადყო რა, რომ გაკიცხვას იმსახურებდა იგი, ერთი მხრივ, ტერმინ "ხრწნადობის" ერთმნიშვნელოვნად გაგებისა და მარტოოდენ ცოდვისადმი მისი მისადაგების გამო (მაშინ როცა, როგორც გადმოუციათ ჩვენს წმინდა მამებს მათეულ სიტყვათხმარებაში, მრავალი საგნის მიმართ გამოიყენება ეს ტერმინი); მეორე მხრივ - იმის გამო, რომ ითავხედა მან, ივლიანესებრ, შემდეგის მტკიცება: "უვნებოა და უხრწნადია სხეული უფლისა თვით შეერთებიდანვე1", თუმცა იმავე ნაშრომში გვიბეჯითებდა იგი, რომ ამგვარი შრომა მისგან გაწეული იქნა სწორედ სევეროზისა და ივლიანეს წინააღმდეგ, ვინაიდან არ ცნობდნენ ისინი ორ ბუნებას (ანუ ორ არსებას), არც ორ თვისებას, არცთუ ორ მოქმედებას; მესამე მხრივ - იმიტომ, რომ არ ამბობდა იგი ადამის სხეულს გარდასვლამდე ბუნებითად მოკვდავად შექმნილს ანთუ ხრწნადად (რომ აქედან გამომდინარე კანონზომიერად დაესკვნა მას, რომ ქრისტემაც შეერთების შედეგად უხრწნადი და უვნებო სხეული მიიღო), თუმცა მართებდა კი ის ეფიქრა და ეთქვა, რომ ადამის სხეული ბუნებით მოკვდავი იყო და ხრწნადი, გარნა საღვთო მადლით უკვდავად და უვნებოდ დაიცვებოდა, ვიდრე გარდასვლა არ განაშიშვლებდა მას დამცველობისაგან, ვინაიდან სწორედ ამგვარად განაჩინებს წმინდანთა მწყობრი; მეოთხე მხრივ - იმიტომ, რომ არსებულ სამყაროს უხრწნადად და წარუწყმედელად2 რაცხდა იგი, თუმცა კი მართებდა სცოდნოდა, რომ ხრწნადია იგი და ცვალებადი. ამასთან, ხსენებულმა ეპისკოპოსმა3 თავის პირველ წერილობით პასუხში აშკარად გახადა, რომ ზემორეებთან ერთად დანარჩენი თავებიც ნაწილობრივ გაუგებარი იყო, ნაწილობრივ კი - ცილისმწამებლური, შეაგონებდა რა ანდრიას, გამოესწორებინა ეს ყოველივე, ხოლო ის, გამოსასწორებელი შეგონების მიმღები, უარესისკენ მიდრკა და მეორე წიგნი შეთხზა, რომელშიც მისგან ადრე დაწერილნი ხელახლა უფრო ვრცლად და (მისი ჭკუით) დასაბუთებულად ჩამოაყალიბა, რომლის წინააღმდეგაც შეადგინა კეთილმოშიშმა ევსებიმ ზემოხსენებული დეკალოგი4, ამხელს რა ამ შრომის მიერ მას, ერთი მხრივ, იმაში, რომ არ ისათნოვა მან წმინდა კრებათა მიერ გადმოცემული მრწამსის განსაზღვრება და ამის გამო კადნიერად შეთხზა მრწამსის თავისეული რამ გადმოცემა, მეორე მხრივ კი იმაში, რომ ძალადობრივად ამოგლიჯა მრავალი ადგილი წმინდანთა გამონათქვამებიდან და საკუთარ შეხედულებასთან მისადაგებულად გადააკეთა ისინი, მესამე მხრივ კი იმაში, რომ უპირისპირდება იგი ახალ და ძველ აღთქმას, ისევე როგორც ჩვენს წმინდა მამებს, მიიჩნევს რა, რომ უხრწნადია და წარუწყმედელი ეს სამყარო, რომ, აგრეთვე, მისი თქმით, ადვილად შეიძლება მცდარი განმარტება მიეცეს ცვალებადობას, გარდაქმნასა და მდინარებას როგორც უკეთურებისგან გამომდინარე ვნებულებებს, რის გამოც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემაც უცვალებელი, უვნებო, უხრწნადი და წარუდინებელი სხეული განიკუთვნაო. კიდევ, ამხილებს იმაშიც, რომ მარადიულს, უხრწნადსა და შეუქმნელს ამბობს იგი სამყაროს, არ ეთანხმება რა იმას, რაც თქმულია, რომ მარადიულობად გარდანივთდება იგი, ... და ამხილებს იმაშიც, რომ, მისი თქმით, ბუნებით უხრწნადად, უკვადავად და უვნებოდ იყო შექმნილი ადამის სხეული, და არა მხოლოდ იგი, არამედ თვით მიწამტვერიც უხრწნადი იყო, რომლისგანაც შეიძერწა სხეული. კიდევ, ამხილებს მას ტერმინ "ხრწნადობის" ერთმნიშნელოვნად გაგებაში; იქვე ცხადს ხდის [ევსები] იმასაც, რომ ღმერთი არაა შემოქმედი არც ხრწნისა, არც სიკვდილისა, არც უკეთური ვნებებისა და არც მცოდველობითი აზრებისა, - არცერთი ამათგანისა, თუმცა კი სწორედ იგი ჰგიეს ხრწნადთა და მოკვდავთა დამბადებლად, ვინაიდან უმყოფოთაგანნი არიან ისინი და თვითმდგომობის არმქონეთაგანნი. ამასთან, ამხილებს მასვე როგორც აღმომთქმელს იმისას, რომ საუფლო სხეული თვით შეერთებიდანვე უვნებო იყო, უხრწნადი და უცვალებელი, რის თითქოსდა დასამტკიცებლადაც მას, როგორც გვიჩვენებს ევსები, სხვა უმსგავსობაც აღმოუთქვამს სამყაროსა და ადამის შესახებ. ამავე შრომაში ევსები იმასაც ასაჩინოებს, თუ რაგვარი და რამდენგვარი მნიშვნელობით იყენებს საღვთო წერილი ტერმინებს: "ხრწნადობა", "გახრწნილება" და "გახრწნადობა", ამბობს რა, რომ ისინი ითქმის, ერთი მხრივ, ბუნებისეულ და უყვედრელ ვნებულებათა მიმართ, აგრეთვე გულისხმობს ყოველივე იმას, რაც უკავშირდება შრომას, დაქანცულობასა და სიბერეს (ვინაიდან მოხუცებულობა ხრწნადობაა სიჭაბუკისა, ხოლო შრომანი და დაქანცულობანი - სხეულებრივი ძალთამოკრებისა), ისევე როგორც - დამდაბლებას სხეულისას მოღვაწეობისა და სულიერ მორკინალობათა კვალობაზე, რამეთუ მოციქულიც ამბობს: "თუმცა კი ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, გარნა შინაგანი განახლდება" და ა.შ. მათშივე იგულისხმება, აგრეთე, გვემათა რამ და ტანჯვათა მიერ განპირობებული დამდაბლებულობა ანუ განლეულობა სხეულისა, ისევე როგორც ის ზიანი, - ნაწილობრივი თუ მთლიანი, - რასაც ადგილი აქვს ცხოველთა, მცენარეთა და თესლთა შიგნით. ... შედეგად, ვინაიდან ამდენგვარადაა შესაძლებელი "ხრწნადობის", "გახრწნილების" და "გახრწნადობის" აღქმა, კანონზომიერად ააშკარავებს იგი [ევსები] ანდრიას ცთომილებას ზემორე ტერმინების ერთმნიშვნელოვნად გაგების გამო, ამასთან იმოწმებს მამხილებელ მტკიცებულებებს საღვთო წერილისგან, - ძველისა და ახლისგან, - ისევე როგორც მამათა ნასიტყვობებისგან, ... და ამათ კვალობაზე, გამომდინარე მისივე [ანდრიასვე] ფუჭმეტყველებისგან, სააშკარაოზე გამოჰყავს იგი, ერთი მხრივ, როგორც მსაზრებელი იმისა, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე აღდგომის მიერ არ შეცვლილა ხრწნადობისგან უხრწნადობისკენ, არამედ იგივეგვარად იყო უვნებო კაცობრივად, ვითარცა იყო უვნებო ღმრთეებითად, მეორე მხრივ კი - როგორც მკადრებელს იმისას, რომ მგმობელობაში დაედანაშაულებინა ისინი, რომლებიც განისაზრებენ და ამბობენ, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოკვდავი და ვნებადი სხეულით მოღვაწეობდა ამა სოფელში, და ეს მაშინ, როდესაც თავად იგი (ანდრია) მაცხოვრის სხეულს ურცხვად წარმოსახავდა ვნებადად სწორედ ვნებულებათა დაძლევისა და სიკვდილ-ხრწნადობის შემუსვრის შემდეგ5, ამასთან, გმობდა რა მართლმადიდებლებს როგორც "ხრწნადის- მსახურებს", ივიწყებდა, რომ თვითვე თავისვე ნათქვამთაგან ჭეშმარიტად იმხილებოდა როგორც "ვნებადის-მსახური"6. შემდეგ და შემდეგ, ევსების კვლავ მოაქვს მამათა გამონათქვამები და წარმოაჩენს საუფლო სხეულს როგორც ვნებადსა და მოკვდავს, აქედან კი - ხრწნადს, ვიდრე მის დიდებულ აღდგომამდე, აღდგომის მიერ კი - გარდაქმნილს უკვდავებად და უვნებობად. ამბობს იმასაც [ევსები], რომ ფუჭმეტყველებს ანდრია, როდესაც "ხრწნადისმსახურებად" ბრალდებულყოფს მართლმადიდებლებს, ვინაიდან არათუ კეთილმოსავთ, არამედ არიოზს, აეტიოსს, ევნომიოსს, აპოლინარსა და ნესტორს შეჰფერით და ესაკუთრებათ ამგვარად სახელდება. ამასთან, იგი [ევსები] რჯულმდებლობს იმასაც, რომ უფალმა და ღმერთმა ჩვენმა, როგორც ბუნების შემოქმედმა, განიკუთვნა ბუნებითი და უყვედრელი ვნებულებანი, რომლებიც არა საკუთრივ ვნებულებებად, არამედ ბუნებისეულ საქმეებად შეიძლებოდა წოდებულიყო უფრო მეტი შესატყვისობით, ხოლო საკუთრივ ვნებულებანი ანუ ბოროტებისაგანი ვნებულებანი მისგან ყოვლითურთ შეუწყნარებელი იყო. ამასთან, არათუ როგორც აღდგომის უწინარეს ჭამდა იგი და სვამდა, მსგავსადვე ჭამა მან და სვა მოწაფეებთან ერთად აღდგომის შემდეგაც, არამედ პირველს მოქმედებდა იგი ბუნების მიხედვით, ჭეშმარიტად განაძლიერებდა და განამტკიცებდა რა თავის წარმდინარე ხორცს7 ჭამითა და სმით, მეორე კი აღასრულა ზებუნებრივად, განგებულების კვალობაზე, რათა დაერწმუნებინა მოწაფეები, მათ მიერ კი ყველა მორწმუნე, რომ სწორედ ის ვნებული და ჯვარცმული სსხეული აღდგა და არა სხვა რომელიმე, მისგან განსხვავებული, თუმცა კი იყო იგი უხრწნადობად და უვნებობად გარდანივთული. აი, ესენი ირჯულმდებლად რა ღვთისმოყვარულად, დაასრულა კიდეც ათსიტყვედი (Photius Bibliotheque, ed. R. Henry, vol. II, Paris, 1960, p. 105a.16-106b.37)

---------------------------------------------------------------

1 - ე.ი. მაცხოვრის კაცობრივი ჩასახვიდანვე ანუ მისი სხეულის (მთლიანად მისი ადამიანური ბუნების) ღმრთეებასთან ერთ ჰიპოსტასში შეერთებიდანვე.

2 - ე.ი. როგორც მოუსპობელს, აღუხოცელს, დაუნგრეველს, შეუმუსრავს,

3 - ე.ი. ევსები თესალონიკელმა.

4 - ე.ი. ათსიტყვედი, ათთავედი.

5 - ე.ი. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ.

6 - "ვნებადის-მსახური" აქ ნიშნავს მაცხოვრისთვის ვნებულებათა განმკუთვნელს მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ.

7 - "წარმდინარე ხორცი" იგივეა რაც ხრწნადი და დაშლადი ხორცი.

 

171-ე კოდექსი

ევსტრატიოსის ანტიერეტიკული (ანტი-თნეტოფსიქიტური) შრომის შესახებ

წაკითხულ იქნა დიდი ეკლესიის ხუცესის, ევსტრატიოსის წიგნი, რაც სტილური თანაშეწყობით საქებარი არ არის, მაგრამ აზრთა კვალობაზე არცთუ ფრიად გასაკიცხია, მეტყველება კი მკაფიო აქვს. ამ კაცის მიზანდასახულობაა დაამტკიცოს სამი რამ: პირველი ის, რომ სხეულიდან გათავისუფლების შემდეგ მყისვე მოქმედნი არიან წმინდათა სულები, თუმცა არა მხოლოდ წმინდანთა სულები, არამედ მარტივად - ყველა ადამიანური სული, თითოეული შესაბამისად საკუთარი ღირსებისა; მეორე ის, რომ ხსენებული სულები, მრავალთა მიმართ მრავალგზის და მრავალგვარად გამოჩiნებულნი, სწორედ თვითონ ჩნდებიან თავიანთი არსობრიობით და არა ისე, თითქოს საღვთო რამ ძალა, წმინდანთა სულების სახეთა მიმართ გარდასახული, ავლენდეს მოქმედებას, ვინაიდან რადღა სჭირდება უზენაესს შენიღბულობა ანთუ დასახულობანი და ხატნი, რაჟამს შემძლეა იგი, რომ თვით იმ წმინდა სულების მიერ უფრო სწრაფად აღასრულოს განჩინებულნი? ... ხოლო მესამე საკითხად ის არის მისგან [ევსტრატიოსისგან, ე.ჭ.] წარმოჩენილი, რომ სარწმუნოებით აღსრულებულთათვის მღვდელთა მიერ სრულქმნილი მსხვერპლნი და შესაწირავნი ანთუ, აგრეთვე, მორწმუნეთა მიერ მათ სახელზე აღვლენილი ლოცვა-ვედრებანი და გაღებული მოწყალებანი უთუოდ მოუმუშაკებენ გათავისუფლებასა და ცთომილებათა მიტევებას იმათ, რომლებისთვისაც აღესრულება ეს ყოველივე. ამასთან, მათდამი [გარდაცვლილთადმი, ე.ჭ.], როგორც ამბობს იგი [ევსტრატიოსი, ე.ჭ.], ჯერ მესამე დღეს ხდება მსახურება [მღვდელთა მიერ], რომლებიც მათეული ვედრების თანამოქმედად და შემწედ განიკუთვნებენ საუფლო და სამდღიანი [ე.ი. მესამე დღეს მომხდარი, ე.ჭ.] აღდგომის საიდუმლოს1, შემდგომ ამისა მსგავსადვე ხდება მეცხრე დღეს, ვინაიდან აღდგომიდან რვა დღის შემდეგ [ე.ი. მეცხრე დღეს, ე.ჭ.] გამოუჩნდა მოწაფეებს უფალი2, ბოლოს კი - მსგავსადვე მეორმოცე დღეს, რამეთუ სწორედ ამდენი დღის შემდეგ, უკანასკნელად ეჩვენა რა მოწაფეებს, ჩვენეული თბითურთ [ე.ი. კაცობრივი ბუნებითურთ, ე.ჭ.] ამაღლდა იგი (PG. 103, col. 500)3.

-------------------------------------------------------

1 - აღდგომის დღეს, ე.ი. კვირადღეს ანუ ერთშაბათს (ჯვარცმა-დაფლვიდან ანუ კაცობრივი სიკვდილიდან მესამე დღეს) აღდგომილი უფალი პირველად გამოუჩნდა მოწაფეებს. შდრ. იოანე 20.19-25: "და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! და ვითარცა ესე თქუა, უჩუენა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი. რქუა მათ იესუ კუალად: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ. ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანნი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ. უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს".

2 - შდრ. იოანე 20.26-31: "და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ჴშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ. მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე. მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თჳსთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას. ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა".

3 - აღვნიშნავთ, რომ ევსტრატიოსის განმარტებანი მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღესთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარადაა წარმოჩენილი საეკლესიო ტრადიციაში, რასაც ცალკე ვეხებით საგანგებო სტატიაში. სტატიის გამოქვეყნება იგეგმება "საეკლესიო მართლმკვეთელობის" II ტომში.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ

წიგნიდან "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები". აღნიშნული თარგმანები მოთავსებულია წიგნის 181-187 და 222-გვერდებზე

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 26 AUGUST 2018 23:11)