ძველი ქართული თარგმანი

თქუმული წმიდისა აბრაჰამ მონაზონისაჲ  [მონაზონთათჳს]

არა ჯერ-არს ჩუნდა მონაზონთა, რაჲთამცა მივსცენით თავნი თჳსნი ნებასა ჴორცთა ჩუენთასა. უკუეთუ ჭეშმარიტად გნებავს, ძმაო, რაჲთამცა იყავ ერთი წმიდათაგანი, შეიმოსე საჭურველი მარხვისაჲ და განძლიერდი ლოცვითა, და შეიკრძალე მოთმინებაჲ შიმშილისაჲ და ღუაწლი წყურილისაჲ. რამეთუ გუამი განყენებული ნებათაგან ჴორციელთა, წმიდად იხილვებინ და ჴორცნი, მოგინებულნი მარხვითა, უბიწოდ გამოჩნდიან. ხოლო გუამსა შინა მსუქანესა და ნუკვეულსა ეგზებინ დაუშრეტელად ალი იგი სიძვისაჲ.

უკუეთუ გნებავს გჳრგჳნი წმიდათაჲ მიღებად, ჯერ-არს შენდა, რაჲთა შეაიწრო მუცელი და წინა-აღუდგე ნებასა ჴორცთა შენთასა და განსუენებასა გუამისასა და გულის-თქუმასა გულისა შენისასა დღისა და ღამისასა. და ესე უწყოდე ჭეშმარიტად, ვითარმედ არა მოიგების გჳრგჳნი თჳნიერ ტანჯვისა, და არცა ძლევაჲ იქმნების თჳნიერ ბრძოლისა, და არცა მოსაგებელი - თჳნიერ საქმისა, და არცა განსუენებაჲ - თჳნიერ შრომისა, და არცა სიხარული - თჳნიერ მწუხარებისა, და არცა მხიარულებაჲ - თჳნიერ ჭმუნვისა. უკუეთუ გნებავ[ს] ძლევად ღუაწლისა და შემოსად ქალწულებისა გჳრგჳნი, იყავნ ბრძოლაჲ შენი თავსა შენსა და ყოველი ღუაწლი შენი ნებისა შენისა მიმართ, და დააყენე თავი შენი ნებათაგან და ნუ შეუდგ მას, და ნუ გნებავნ ნუკევაჲ მისი. და ნუ მიენდვები თავს-მდებასა მისსა, რამეთუ მიენდვის და უტყუის, უქადის და ეცრუის, ეფუცის და არა დაადგრის, რამეთუ ეშინინ მარხვისაგან. და დადნების მღჳძარებისაგან და უდებ არს ლოცვისათჳს. ეწყინების შრომაჲ და მიზეზობნ სალმობასა და ტკივილსა, ევლტის ყოველსა საქმესა სულიერებისასა. და უყუარს განსუენებაჲ ჴორციელი, სძულს დაყუდებაჲ ღმრთისათჳს და ეყუარების ცუდი განცხრომაჲ და ლაღობაჲ. და ამან უბადრუკმან იცის იგი, ვინ აღიყვანებს ზეცად, და ემოყურების და შეუდგს მას, რომელი შთაიყვანებს ქუესკნელთა ჯოჯოხეთისათა. რამეთუ ეშინის სწავლისაგან და ჰყუარობს მაქებელთა მისთა, და განშორებულ არს კეთილის მოქმედთაგან და უყუარან მზაკუარნი, სძულს მას დუმილი და უყუარს ზრახვაჲ ბოროტისაჲ, სირცხჳლისა და წარწყმედისაჲ. და ვითარცა ესმის სიტყუაჲ საღმრთოჲ, მუნთქუესვე დაჰჴსნდის და მოუძლურდის და დაეძინებიედ. და რაჟამს ესმის ცუდის მეტყუელებაჲ და ტყუვილი, განეღჳძის და მხიარულად ისმენნ.

და რაჟამს დადგის ლოცვად და ღამის თევად, მუნთქუესვე მოუძლურდის და დაჴსნდის ყოველი ძალი მისი, და ოდეს იმარხის, შეიმჭუხის პირი თჳსი. და ოდეს იხილის საჭმელი, განიხარის და მხიარულად შესცხრებიან თავსა თჳსსა, რაჲთამცა განუსუენა და არა მოაგინა. და რავდენცა განამრავლო განსუენებაჲ მისი, ვერ განძღების იგი. და უკუეთუ შეაიწრო და დააყენე მისგან საშუებელნი და განსასუენებელნი დიდადნი, დაგჯერდების იგი მცირედსა, და რაჟამს მისცე მას მცირედი, იწყოს შენგან თხოვად დიდსა. ოდეს შეიკრძალო იგი მარხვითა, შიმშილითა და წყურვილითა, არარას სხუასა ითხოვდეს შენგან, თჳნიერ პურისა და წყლისა ხოლო. და უკუეთუ მიუშუა განძღომად, გთხოვდეს მერმე სანოვაგეთა და სანუკვართა. და რავდენცა მიუშუა და ანუკვო, ეგეოდენცა შთაგჴადოს მან ქუესკნელად, და რავდენცა აჭირვო, აღგიყუანოს სიმაღლედ. ხოლო საქმე ჴორციელებრი ფრიად მარჯუე არს მის ზედა და სძულს სულიერი. ამისთჳს ნუ მისცემ ნებასა მისსა და ნუცა დაემოჩილები ნებასა მი[ს]სა, რამეთუ გამოცადის კაცისა გულის თქუმაჲ და ეგრეთცა ჰბაძავნ იგი და საქმე ჴორციელი მსწრაფლ უბრძანის აღსრულებად, ხოლო სულიერსა მიადროებნ და მრავალთა მიზეზთა და ცუდთა განზრახვათა მიზეზობნ. ხოლო დააყენე იგი ნებისაგან მისისა, რომელ არიან საჭმელნი და სასუმელნი, ძილი და განსუენებაჲ, და გიძლევიეს. და მისა შემდგომად იღუაწე ღუაწლი იგი მეორე, და შეკარ გუამი შენი გლოითა და მწუხარებითა და დამოჰკიდე იგი ჯუარსა ზედა მარხვითა, ჯუარსა აცუენ გულის თქუმანი ბოროტნი შრომითა ჴორცთაჲთა და დასცხრენ ბრძოლანი მისნი შენგან.

ჯერ-არს შენდა, რაჲთა მარადის გული გითქუმიდეს პურისათჳს და არა ცოდვისათჳს, და გული გეტყოდის წყლისათჳს და არა ვნებათათჳს. უკუეთუ შეიყუარო თავი შენი და განუსუენო, მან შეგაწუხოს შენ და მოგიძულოს. და უკუეთუ პატივ-სცე, მან შეურაცხ-გყოს. უკუეთუ ანუკვო, მოგტანჯოს; და უკუეთუ განჰჴსნე კრულებისაგან, მან უწყალოდ შეგკრას შენ, რამეთუ მეგობარი არს მედგარი და მოყუასი მზაკუარი. ითხოვს შენგან ნებასა მი[ს]სა, ღამე ძილსა, და განსუენებასა შინა დაილევიან ცხორებისა ჩუენისა დღენი და ღამენი. და ამას შექცეულებასა შინა ჟამსაცა ერთსა არა შეგჳნდობს, რაჲთა ნებაჲ ღმრთისაჲ აღვასრულოთ. და უკუეთუ შენ განსძლიერდე მის ზედა და მცირედ მოთმინე იქმნე, სძლო მას და დაიმონო იგი. და ქრისტე შემწე გეყოს და მოგმადლოს ძლევაჲ მისი, უკუეთუ მას მიენდო და გრწმენეს მაცხოარებაჲ მისი ყოვლითა გულითა შენითა, გიჴსნეს მან ყოვლისაგან ბოროტისა და ისმინოს შენი ყოველსა ჟამსა თხოისა შენისასა, რამეთუ მისა შუენის დიდებაჲ და პატივი მამისა თანა სულით წმიდითურთ აწ და მარადის და  [უკუნითი უკუნისამდე, ამენ].

 

"მამათა სწავლანი" - X-XI ს.ს. ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ

ტექსტი გადმოღებულია საიტიდან http://titus.uni-frankfurt.de/

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 14 DECEMBER 2013 16:54)