შიში ღმრთისაჲ მოიგების ჴსენებითა სიკუდილისაჲთა და ჴსენებითა აღდგომისაჲთა და განშორებითა მრავალ-მეტყუელებისაგან და გამოძიებითა გულის-სიტყუათაჲთა დილეულ და სამხრად და მწუხრი. რომელი ჰზრახეთ და რომელი გულსა მოგიჴდა, და რომელი საქმით აღასრულეთ. და უკუეთუ კეთილად განვლე დღე იგი, ჰმადლობდი ღმერთსა. და კუალად შეეყავ კაცსა, რომელსა ღმრთისა ეშენოდის და ნუ განეშორები მისგან, ვიდრემდის ისწაო შიში ღმრთისაჲ. და რომელმან ესე არა ყოს, იგი განსდევნის შიშსა ღმრთისასა.

თქუა წმიდამან პავლე: რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ აღთქუმანი ღმრთისანი ჭეშმარიტ არიან ბრალეულთათჳს, და გამოიხატნეს იგინი მარადის წინაშე თუალთა მისთა, მან მოიგოს შიში ღმრთისაჲ.
თქუა წმიდამან დიადოხოს: ვერ შემძლებელ არს კაცი მოგებად შიშსა ღმრთისასა, უკუეთუ არა განეშოროს ყოვლისაგან ზრუნვისა ამის საწუთროჲსა და არა დაჯდეს და დაეყუდოს მარტოდ.

თქუა წმიდამან კლემაქს: უკუეთუ სტიროდის კაცი ცრემლითა მჴურვალედ თავსა თჳსსა ვითარცა მკუდარსა, მან უშვეს მას შიში ღმრთისაჲ.

თქუა წმიდამან საჰაკ: პირველი კეთილი არს შიში ღმრთისაჲ და ესე იშვების სარწმუნოებისაგან და დაეთესვის გონებასა, ოდეს განაგდოს კაცმან მისგან ყოველი შექცეულებაჲ, საურავი ამის საწუთროჲსაჲ, და შეიკრიბნეს გულის-სიტყუანი თჳსნი, განბნეულნი საქმეთა შინა ქუეყანისათა, და ზრუნვდიეს საუკუნოჲსა მისთჳს მომავალისა.

თქუა წმიდამან ესაია: ჯერ-არს მისა, რომელი დაყუდებულ იყოს, რაჲთა მოიგოს შიში ღმრთისაჲ. ხოლო ესე უწყოდენ, ვიდრემდის გონებაჲ კაცისაჲ ცოდვასა მიდრეკილ იყოს და მხიარულად იჴსენებდეს, არა არს მის თანა შიში ღმრთისაჲ, და რომლისა თანა არა არს შიში ღმრთისაჲ, ჰშორავს იგი წყალობასა მისსა.

თქუა წმიდამან პიმენ: უჴმს კაცსა მოგებად შიში ღმრთისაჲ და სიმდაბლე მარადის და არა განშორებად მისგან დღე და ღამე, ვითარცა საშუმინველი სულისაჲ დაუცადებელი, რომელ არს პირსა მისსა.

თქუა წმიდამან კლემაქს: რომელი არა აგრძნობს თავსა შინა თჳსსა შისა ღმრთისასა, უწყოდენ მან, რამეთუ სული მისი მომკუდარ არს.

მანვე თქუა, ვითარმედ: არა გუაბრალებს ღმერთი, თუ რაჲსა სასწაულთა არა ვიქმოდეთ და რაჲსა დაფარულთა არა მეცნიერ ვიყვენით, ანუ რაჲსა განმოძიებისათჳს ღმრთისა საშჯელი არა ვიცოდეთ. ხოლო ესე ჭეშმარიტად გუაბრალოს, ვითარმედ: რაჲსა არა დავადგერით მწუხარებით და გლოვით ცოდვათა ჩუენთა ზედა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა.

თქუა მაქსიმოს: რამეთუ ესე არს შიში საღმრთოჲ, რაჲთა მარადის ზრუნვიდეს კაცი და ეკრძალებოდეს, რაჲთა არა შევარდეს პატიჟთა მათ საუკუნეთა, რომელნი მომავალ არიან ცოდვილთათჳს მერმესა მას.

თქუა წმიდამან ბასილი: შიში ღმრთისაჲ არს მოლოდებაჲ განსაცდელთაჲ, ვითარცა გუეშინინ მჴეცთაგან და ჴელმწიფეთა, რაჲთა არა შეგუემთხჳოს მათ მიერ განსაცდელი.

თქუა წმიდამან გრიგოლი: შიში ღმრთისაჲ არს, ოდეს ვიხილნეთ აღთქუმულნი იგი სატანჯველნი ჯოჯოხეთისანი და განვეშორნეთ საქმეთაგან ჩუენთა ბოროტთა.

თქუა წმიდამან, ვითარმედ: შიში ღმრთისაჲ განსდევნის ყოველსა ბოროტსა და მოწყინებაჲ განსდევნის შიშსა ღმრთისასა.

თქუა წმიდამან პიმენ: ვითარცა კუალმან განასხნის ფუტკარნი და გამოუღიან ნაშრომი იგი სიტკბოებისა მათისაჲ, ეგრეთვე განსუენებამან ჴორცთამან განსდევნის შიში ღმრთისაჲ სულისაგან და წარუწყმიდის ყოველი საქმე კეთილისაჲ.

თქუა წმიდამან მოსე: ვერ შემძლებელ ხარ მოგებად შიშსა ღმრთისასა, უკუეთუ არა პირველად მოიგნე საქმენი მისნი. და საქმენი მისნი არიან ესე: ყოველსა უწინარეს დაყუდებაჲ, რომლისაგან იშვების ასკიაჲ სულიერი და ჴორციელი. და თარგმანებაჲ ამის ასკიაჲსაჲ საჴორციელოჲსაჲ ესე არს: ტაბლაჲ, რომელსა ზედა ჰგიედ ერთი ხოლო საჭმელი, და ასკიაჲ სულიერი ესე არს, რაჲთა არარას საქმესა ზედა მხიარულ იყოს. და ამან ასკიამან სულიერმან და ჴორციელმან შვის ტირილი, და ტირილმან შვის შიში ღმრთისაჲ და შიშმან შვის სიმდაბლე, და სიმდაბლემან იხილნის საქმენი მოწევნადნი პირველ მოსლვისა, და ამან ხილვამან შვის სიყუარული, რომლისა თანა არა არნ სალმობაჲ და არცა ტკივილი. მაშინ ცნის კაცმან, ვითარმედ ჰშორავს იგი ღმერთსა. და რომელსა ჰნებავნ მიმთხუევად ამით კეთილითა და მიწევნად ამას სათნოებათა, დაუტევენ ზრუნვაჲ ამის სოფლისაჲ და სიკუდიდ განჰმზადენ თავი თჳსი. და რაჟამს ილოცვიდეს და რაჟამს ეუწყოს მას, რომელი-იგი განაშორებს ღმრთისაგან და შეურაცხ-ყოს საწუთროჲ ესე, და მადლმან ღმრთისამან მიანიჭოს მას საქმედ სათნოებად. ხოლო ესემცა უწყი, ძმაო, რამეთუ რომელი ჭამდეს და სუმიდეს უფროჲს ზომისა და უყუარდენ გემონი ამის სოფლისანი, ვერ ოდეს მიიწიოს იგი მოგებად სათნოებათა, რამეთუ არს იგი მონაჲ და მორჩილი ნებასა ჴორცთასა.

ჰკითხა ძმამან ბერსა: ვითარ შემძლებელ ვიქმნე წინა-აღმდგომად მრავალ-მეტყუელებასა და შეკრძალვად ენისა ჩემისა? მიუგო წმიდამან და ჰრქუა: გლოვითა. ჰრქუა მას ძმამან მან: და ვითარ შემძლებელ ვარ მე მოგებად გლოვისა და ვარ მე შორის კაცთა შემავალ და განმავალ? მიუგო ბერმან და ჰრქუა: ოდეს მოიკუეთოს კაცმან ნებაჲ თჳსი და არა ჰხედვიდეს კაცთა ცოდვასა, მაშინ შეიკრიბნეს გულის-სიტყუანი თჳსნი, და ოდეს შეკრიბნე გულის-სიტყუანი, შვან მათ მწუხარებაჲ საღმრთოჲ, და მწუხარებამან შვნეს ცრემლნი დაგლოვაჲ.

და კუალად თქუა სიმდაბლისათჳს, ვითარმედ სიმდაბლე ორი არს და ამპარტავნებაჲ ორი არს.

პირველი ამპარტავნებაჲ ესე არს: ოდეს განლაღნეს კაცი ძმასა თჳსსა ზედა და შეურაცხ და დაკლებულ ყოს და არარად შეჰრაცხოს იგი და თავსა თჳსსა ჰხედვიდეს უდიდეს მისა. უკუეთუ არა განიღჳძოს და მოიქცეს, და მოიწიოს მის ზედა ამპარტავნებაჲ მეორე. ხოლო მეორე ამპარტავნებაჲ ესე არს: ოდეს აღზუავნეს კაცი და განლაღნეს ღმრთისა ზედა და ყოველნი დიდებანი და სათნოებანი აჩუენეს თავსა თჳსსა და არა ღმერთსა დამბადებელსა თჳსსა და წარწყმიდოს ყოველი კეთილისა საქმე. ესე არს თარგმანებაჲ ამპარტავანებისა პირველისა და მეორისაჲ.

ხოლო სიმდაბლე პირველი ესე არს: ოდეს იხილოს კაცმან ძმაჲ თჳსი უბრძნეს მისა და უმჯობეს და უაღრეს მისა ყოველსა ზედა საქმესა და ვითარმედ არარაჲ იცის, ოდეს შეატყუას თავი თჳსი მოყუასსა თჳსსა. ესე არს სიმდაბლე პირველი. და სიმდაბლე მეორე ესე არს, რაჲთა ყოველი კეთილი და დიდებაჲ ღმერთსა აჩემოს და შეცთომილებაჲ და შეურაცხებაჲ თავსა თჳსსა აჩემოს. ესე არს სიმდაბლე წმიდათაჲ, სრული და უბიწოჲ სულსა შინა საქმეთაგან ნათლისათა. რამეთუ წმიდანი რაოდენცა მიეახლებიედ ღმერთსა, იხილნიედ თავნი თჳსნი უცოდვილესად ყოველთა კაცთასა. და სიმდაბლე არს სიგლახაკე ჴორციელი, რამეთუ სიგლახაკე დაამდაბლებს ჴორცთა, და ოდეს დამდაბლდენ ჴორცნი, დამდაბლდის მათ თანა სულიცა. სიმდაბლე ჭეშმარიტი ესე არს, რაჲთა არარად შეჰრაცხოს კაცმან თავი თჳსი და მოიკუეთოს ნებაჲ თჳსი ყოველსა და უდრტჳნველად დაუთმოს ყოველთა განსაცდელთა, მომავალთა მის ზედა ვინაჲთვე.

თქუა ბერმან: არავის ზედა მოიწევის განსაცდელი და მწუხარებაჲ ყოვლესავე შინა საქმესა, თჳნიერ ზეგარდამო ღმრთისა მიერ უმჯობებისათჳს. და რომელსა არა ჰრწმენეს ესე, მას არა ჰრწამს, ვითარმედ: ღმერთი მართლმსაჯულ არს და სიმართლით განაგებს.

თქუა მამამან პიმენ: ნებისა აღსრულებაჲ კაცისაჲ ზღუდე არს რვალისაჲ შორის მის[ს]ა და შორის ღმრთისა.

თქუა მაქსიმოს: რომელმან სძლოს ნაყროვანებასა, უძლევიეს ყოვლთა ვნებათა. და რომელმან მოიგო სიმდაბლე, მოუგიან ყოველნი სათნოებანი.

თქუა ბერმან: სამნი ესე საქმენი თავ არიან ყოველისა საქმისა. და ჯერ არს კაცისა, რაჲთა წინაშე თუალთა მისთა განმოიწერნეს ყოველსა ჟამსა: ჴსენებაჲ სიკუდილისაჲ ყოლადვე და ჴსენებაჲ სატანჯვლეთა მათ საუკუნეთაჲ და ყოფაჲ მარადის ღმრთისა თანა. და უკუეთუ არა მოიჴსენოს კაცმან სიკუდილი, ვერ შემძლებელ არს მოკუდინებად ყოველთა კაცთაგან; და უკუეთუ არა მოკუდეს ყოველთა კაცთაგან, ვერ შემძლებელ არს ყოფად ღმრთისა თანა.

თქუა წმიდამან კლემაქს: ჴსენებაჲ სიკუდილისაჲ არს განშორება ზრუნვასა ჴორციელებრსა და შეკრძალვაჲ გონებისაჲ და ლოცვაჲ მარადის დაუცადებელად.

მანვე თქუა: ვერ შემძლებელ არს კაცი გარდავლად დღესა ჯერისაებრ, უკუეთუ არა შეჰრაცხოს იგი უკუანაჲსნელად დღედ ცხოვრებისა მისისად.

 

"მამათა სწავლანი" - X-XI ს.ს. ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ

ტექსტი გადმოღებულია საიტიდან http://titus.uni-frankfurt.de/

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 14 DECEMBER 2013 16:08)