წიგნი III


1. თეოფილე ავტოლიკეს მოვიკითხავ[1]! ისევე, როგორც სხვა მწერლები, რომლებიც ფუჭი დიდებისათვის მრავალი წიგნის დაწერას ესწრაფვიან და ხან ღმერთების, ხან ომების, ხან კიდევ ჟამთა შესახებ გვაუწყებენ, ხანაც უსარგებლო თქმულებებსა თუ რაღაც მსგავს სისულელეებს გადმოგვცემენ, დღემდე ამასვე ეშურები შენც და უყოყმანოდ თავს იდებ ამგვარ შრომას, ჩვენთან შეხვედრის ჟამს და უგუნურებად რაცხ ჭეშმარიტების სიტყვას და თვლი, რომ ჩვენეული წიგნები ახალია და არა ძველი. სწორედ ამიტომ არ დავაყოვნებ და როგორც ღმერთი მომმადლებს, გაუწყებ ჩვენი წერილის სიძველის შესახებ, გაუწყებ ზოგადი და მოკლე განმარტების სახით, რომ დიდად არ გაგსარჯო, მაგრამ ისე კი მოხდეს, რომ შეიცნო ფუჭსიტყვაობა სხვა წიგნისა.

2. მართებდათ მწერლებს, ან თვითმხილველნი ყოფილიყვნენ იმისა, რაც გვაუწყეს, ანდა თვითმხილველთაგან ზედმიწევნით გაეგოთ ყოველივე, რადგანაც საეჭვო საქმეთა აღმწერნი, შეიძლება ითქვას, წყალს ნაყავენ. რა ირგო თუნდაც ჰომეროსმა ილიონის ომის აღწერით, გარდა იმისა, რომ ცთომილებაში ჩააგდო მრავალნი, ანდა რა ირგო ჰესიოდემ ეგრეთ წოდებულ ღმერთთა შთამომავლობითი ხაზის შექმნით, ან კიდევ ორფევსმა სამას სამოცდახუთი ღმერთის აღიარებით[2] (თუმცა სიცოცხლის მიწურულს თვითვე უარყო ისინი და თავის “შეგონებებში”[3] ერთი ღმერთის არსებობა თქვა)! რა სარგებლობა მოუტანა არატეს ანდა სხვებს, რომლებიც მისებრ მსჯელობდნენ, კოსმიური წრებრუნვის სფერულმა აღწერილობამ გარდა ადამიანური დიდებისა, თუმცა ვერც ეს დიდება მიიღეს მათ ღირსებისამებრ. რა თქვეს მათ ჭეშმარიტი? რა ისარგებლეს ევრიპიდემ, სოფოკლემ და სხვა ტრაგიკოსებმა მათი ტრაგედიებიდან, ანდა მენანდრემ, არისტოფანემ და დანარჩენმა კომედიოგრაფებმა – კომედიებიდან, ან კიდევ ჰეროდოტემ და თუკიდიდემ – მათი ისტორიებიდან? რით არგი პითაგორას თუნდაც ტაძარმა და ჰერაკლესეულმა სვეტებმა[4], ანდა დიოგენეს ცინიკურმა ფილოსოფიამ, ეპიკურეს კი იმის მტკიცებამ, რომ არ არსებობს განგება; რა სარგებლობა მოუტანა ემპედიკლეს უღმერთოების სწავლებამ, ანდა სოკრატეს – ძაღლის, ბატის, ჭადრის, დამეხილი ასკლეპიოსის ან კიდევ იმ ღვთაებების დაფიცებამ, რომლებსაც თავად მოუხმობდა? რის გამო მოკვდა იგი ნებაყოფლობით, რა და როგორი საზღაურის მიღებას მოელოდა სიკვდილის შემდეგ? რა არგო პლატონს მისეულმა სწავლებამ ანდა სხვა ფილოსოფოსებს მათმა მოძღვრებამ, რომელთა ჩამოთვლა სიმრავლის გამო შორს წაგვიყვანდა? ყოველივე ამას იმიტომ ვამბობთ, რომ საჩინო ვყოთ ზემოხსენებული უსარგებლო და უღვთო აზროვნება.

3. ამაო და ფუჭი დიდება შეიყვარა ყველა მათგანმა; ვერც თვით შეიცნეს ჭეშმარიტება, ვერც სხვებს უწინამძღვრეს ჭეშმარიტებისაკენ; მათივე სიტყვები ამხილებს მათ, რადგანაც ურთიერთსაწინააღმდეგოს ამბობდნენ ისინი და თვითვე არღვევდნენ თავიანთ მტკიცებებს, რაც ნიშნავს, არა მხოლოდ ერთიმეორე დაამხეს მათ, არამედ ზოგმა თავისი მოძღვრებაც გააქარწყლა. ასე რომ, მათი დიდება უღირსებად და უგუნურებად გადაიქცა; ამიტომაც გონივრულად მოაზროვნენი კიცხავენ მათ. მართლაც, ჯერ ღმერთების შესახებ იმსჯელეს მათ, შემდეგ კი უღმერთოება იქადაგეს, ასევე, ჯერ სამყაროს შექმნა აღიარეს, საბოლოოდ კი თავისთავადი არსებობა მიანიჭეს ყოველივეს და თუმცა განგების შესახებ თქვეს სიტყვა, იქვე დაგვმოძღვრეს, რომ უგანგებო იყო სამყარო. განა მათ არ გვასწავლეს აღვირახსნილობა, მრუშობა და სიძვა, როდესაც სიწმინდის შესახებ ისურვეს წერა? განა მათვე არ გაავრცელეს ფარული სიბილწენი? თვითვე ამბობენ, რომ პირველებმა სწორედ მათმა ღმერთებმა აღასრულეს ენით უთქმელი აღრევანი და შეწყვილებანი, აგრეთვე, უწესო ჭამა. ვინ არ უმღერის შვილთამჭამელ კრონოსს, აგრეთვე ზევსს, მის ძეს, რომელმაც ჩაყლაპა მეტისი და ბილწი ნადიმები გაუმართა ღმერთებს, სადაც, ამბობენ, კოჭლი მჭედელი ჰეფესტო მსახურებს მათ? ზევსის დამ ჰერამ არა მხოლოდ ძმაზე იქორწინა, არამედ თავისი ბილწი პირით ენით უთქმელი საქმენიც აღასრულა; თუმცა ყველაფერი ის, რასაც ზევსის შესახებ მღერიან პოეტები, შენც კარგად უწყი. რაც შეეხება პოსეიდონს, აპოლონს, დიონისეს, ჰერაკლეს, ავხორც (“ფილოკოლპოს”) ათინას, ანდა ურცხვ აფროდიტეს, მათ შესახებ ამჯერად არაფერს ვიტყვი, რადგანაც სხვა წიგნში უკვე მქონდა საუბარი[5].

4. იქნებ არც გაგვეკიცხა ისინი, ჭეშმარიტ მოძღვრებაში დაეჭვებული რომ არ მეხილე. თუმცა ხარ ბრძენი, წადიერად იწყნარებ სულელთ; უგუნურ კაცთაგან აღძრული და ფუჭი სიტყვებით წარტაცებული უღვთო პირთა მიერ გავრცელებულ ხმებს ერწმუნები, რომლებიც სიცრუით ცილსა გვწამებენ, - ღვთისმოსავებსა და ქრისტიანებად სახელდებულებს. იმას ამბობენ, თითქოს ზიარი ცოლები გვყავდეს, თითქოს აღრეულად თანავეყოფოდეთ ურთიერთს, თითქოს საკუთარ დებსაც ვეწყვილებოდეთ და, რაც განსაკუთრებით უღვთოა და პირუტყვული, თითქოსდა ვჭამდეთ კაცის ხორცსაც. ამასთან, რადგანაც, მათი თქმით, ახლად ჩენილია, რასაც ვასწავლით, ამიტომ თითქოს არაფრით ძალგვიძს დავამტკიცოთ ჩვენი მოძღვრება და ჩვენეული ჭეშმარიტება. ამბობენ, რომ სისულელეა ჩვენი სიტყვა. უფრო ის მიკვირს, რომ შენ, რომელიც ყველაფერში გულმოდგინე ხარ და ყოველ საქმეს გამოიწვლილავ, უგულისყუროდ ისმენ ჩვენსას, მაშინ როდესაც ღამითაც კი, თუ ამის დრო გაქვს, ბიბლიოთეკებს ეშურები.

5. რადგანაც დიდად ნაკითხი ხარ, გვითხარ, რა წერია ძენონის, დიოგენესა და კლეანთოსის წიგნებში. განა კაციჭამიობას არ გვასწავლიან ისინი, განა არ აქეზებენ შვილებს, რომ მათივე მშობლები შეაგბონ და შეთქვლიფონ, განა იმას არ გვაუწყებენ, რომ თუ ვინმე არ ინებებს ამგვარ რამეს ანდა ხსენებული ბილწი კერძის თუნდაც ერთ ნაწილს უკუაგდებს, თვით მას შეჭამენ? უფრო მეტიც, უღვთო ხმა დიოგენისა იმასაც გვასწავლის, რომ შვილებმა მსხვერპლად უნდა შეწირონ მშობლები და შეჭამონ ისინი. განა ჰეროდოტეც არ მოგვითხრობს, რომ კამბიზმა დაკლა ჰარპაგეს შვილები, შეაგბო ისინი და კერძად მიართვა მათსავე მამას? ჰეროდოტე იმასაც გვიყვება, რომ ინდოელთა შორის შვილები ჭამენ საკუთარ მშობლებს. ჰოი ამგვარ მწერალთა, უფრო კი ამგვარად მსწავლელთა უღვთო მოძღვრებავ! ჰოი, ამგვართა უღვთოებავ და ურჯულოებავ! ჰოი, ამგვარად სიბრძნისმეტყველთა და სიბრძნის მქადაგებელთა ბრმა აზროვნებავ! მათ, რომლებმაც გვამცნეს ეს ყოველივე, უღვთოებით აღსავსე სამყარო.

6. ურჯულო თანაყოფის შესახებაც ურთიერთთანხმობაშია გზააბნეულ ფილოსოფოსთა თითქმის მთელი გუნდი. პლატონმა, რომელიც სიბრძნისმეტყველთა შორის უმეტესად პატივდებული ჩანს, თავის ერთ-ერთ შრომაში “პოლიტიკის შესახებ”, კერძოდ კი ამ შრომის მეხუთე წიგნში, პირველმა დააკანონა გარკვეულწილად ის, რომ ყველას ზიარი ცოლები უნდა ჰყავდეს. მან ზევსისა და კრეტელთა რჯულმდებელის[6] მაგალითს მოუხმო და თავისი აზრი იმით დაასაბუთა, რომ ამ გზით თითქოს შვილიერებაც გამრავლდებოდა და შრომისაგან დაქანცულებსაც მსგავსი კავშირები თითქოს შვებას მოგვრიდა. ასევე, ეპიკურეც, გარდა უღმერთოების სწავლებისა, რჩევას იძლევა დედებთან და დებთან შეწყვილების შესახებ, თუმცა კანონები კრძალავენ ამას. სოლონმა ცხადად განაწესა, რომ კანონიერი ქორწინებით უნდა იშვეს შვილები და არა მრუშობის გზით, რათა არ მოხდეს ისე, რომ მამად მიიღონ ის, ვინც არ არის მამა, ხოლო ნამდვილი მამა უმეცრების გამო შეურაცხყონ. რომაელთა და ელინთა დანარჩენი კანონებიც მსგავსადვე კრძალავენ ხსენებულ საქმეებს.

ეპიკურე და სტოელები ზემოთქმულთან ერთად დებთან თანაწოლასა და კაცთა ურთიერთ თანაყოფასაც განაჩინებენ. ამგვარ სწავლათა მიერ ავსებენ ისინი ბიბლიოთეკებს, რომ სიყრმიდანვე შთაუნერგონ ბავშვებს ურჯულოება. თუმცა სხვა რა უნდა ვთქვა მათ შესახებ, როდესაც თვით ისინი მათსავე ღმერთებს ამგვარ საქმეებს განუკუთვნებენ.

7. რომლებსაც თუმცა ღმერთებად სახელდებენ, ამავე დროს არარად რაცხენ. ზოგიერთები ამბობენ, რომ ატომებისგან შედგებიან ეს ღმერთები, ზოგიერთები კი, პირიქით, ატომებად გარდაქმნიან მათ და იმასაც ცხადყოფენ, რომ არაფერი ძალუძთ ადამიანებზე მეტად. პლატონი ამბობს, რომ არსებობენ ღმერთები, მაგრამ ამავე დროს მოწადინეა იმისა, რომ ნივთიერი იყოს მათი აგებულება. პითაგორამ, რომელიც აგრერიგად დაშვრა ღმერთების გამო და რომელმაც მთელი ქვეყანა მოიარა, საბოლოოდ ის განაჩინა და თქვა, რომ ბუნებრივად და თვითნებურად მოძრაობს ყოველივე, ხოლო ღმერთები არარას ზრუნავენ კაცთათვის. ბევრი რამ უღვთო აზრი შემოიტანა, აგრეთვე, კლიტომაქე აკადემიელმა, ხოლო კრიტიამ ეს თქვა: “თუნდაც რომ არსებობდეს ღმერთები, არ ძალმიძს მათ შესახებ სიტყვის თქმა, არც იმის ცხადყოფა, თუ როგორები არიან ისინი, რადგანაც ბევრი რამ მაბრკოლებს მე” ამასვე ამბობს პროტაგორა აბდერიტელიც. რაც შეეხება უმეტესად უღვთო ევემეროსს, უსარგებლოა მისი ხსენებაც, რადგანაც ბევრი რამ შეჰკადრა მან ღმერთებს, ბოლოს კი სრულიად უარყო მათი არსებობა და მიიჩნია, რომ თვითნებურად განეგება ყოველივე. პლატონმაც თუმცა ამდენი რამ თქვა ღვთის ერთმთავრობისა და ადამიანის სულის შესახებ, რომელიც უკვდავად შერაცხა მან, შემდეგში თავისი თავის საწინააღმდეგოდ ზოგი სულის სხვა ადამიანებში გადასვლა, ზოგისა კი უტყვ ცხოველებში დამკვიდრება ირწმუნა. განა საშინელებად და ურჯულოებად არ წარმოუჩნდება გონიერ ხალს სწავლება იმისა, რომ ადამიანი შემდეგში მგელი გახდება, ანდა ძაღლი, ან ვირი ან კიდევ სხვა რამ უტყყვი ცხოველი? ამგვარ სისულელეებს ამბობენ აგრეთვე პითაგორა, რომელიც იმასაც დასძენს, რომ არ არსებობს განგება. ვისღა ვერწმუნოთ? იქნებ ფილემონ კომიკოსს, რომელიც ამბობს: “თაყვანისმცემელნი ღვთისა გულითადად ელიან გამოხსნას”; ანდა იქნებ ზემოხსენებულ ევემეროსს, ეპიკურეს და პითაგორას მივაპყროთ გულისყური ან სხვა ვინმეს, ვინც უარყოფს ღვთის თაყვანებას და აუქმებს წინაგანგებას. ღვთისა და განგების შესახებ ამბობს არისტონი:

“იმედი გქონდეს, ვინც ღირსია, ყველა მათგანი
განსაკუთრებულ შემწეობას მიიღებს ღვთისგან!
თუ არ მოელის საზღაური ღირსებით მცხოვრებს,
ფუჭი ყოფილა ჩვენეული ღვთისმსახურება!”
“ვთქვათ[7], რომ ასეა, მაგრამ თვითვე ხშირად მიხილავს
გაჭირვებაში, ვინც ირჩია საღვთოდ ცხოვრება,
ხოლო ისინი, გულმოდგინედ რომ დაეძებენ,
რა ისარგებლონ, საკუთარ თავს რა არგონ მხოლოდ,
ჩვენზე უმეტეს ღირსებას და პატივს იმკიან!”
“ეს[8] მხოლოდ ახლა! ჩვენ კი გვმართებს შორით განვჭვრიტოთ,
და მოველოდეთ, აღსრულდება ეს ყოველივე,
არა იმგვარად, როგორც ფიქრობს ზოგი მათგანი,
ბოროტგანზრახვით და ურგებად ცხოვრებისათვის,
თითქოს არსებობს თვითნებური რამ მოძრაობა
თითქოს განაგებს ყოველივეს ოდენ შემთხვევა.
მხოლოდ ისინი, უკეთურნი, სჯიან ამგვარად,
რომ გაამართლონ მათი ყოფა, ხოლო მართალნი
საზღაურს რასმე მიიღებენ, სასჯელს – ბოროტნი,
რადგანაც ვიცით, უგანგებოდ არარა ხდება!”

ყველაფერი ის, რაც მრავალმა და მრავალმა თქვა ღვთისა და წინაგანგების შესახებ, ადვილად ამხელს მათ შეუთანხმებლობას. ზოგიერთებმა სრულიად უარყვეს ღმერთი და განგება, ზოგმა კი ღვთის არსებობა დაამტკიცა და ისიც აღიარა, რომ სწორედ განგება წარმართავს ყველაფერს. ამიტომ გონიერ მსმენელსა და მკითხველს მართებს გულისყურით ჩაუკვირდეს თითოეული მათგანის სიტყვებს, როგორც ამბობს სიმილოსი:

“ბოროტს თუ კეთილს განუსჯელად ვუწოდებთ პოეტს,
გვმართებს კი განსჯა!”

ამასვე ამბობს ფილემონიც:

“ბრიყვი მსმენელი სიბრიყვის გამო
თავის თავს როდი კიცხავს და ამხელს.”

ამიტომ, გვმართებს გულისყურით ჩავუკვირდეთ ყოველივეს და გამჭრიახი გონებით გამოვიწვლილოთ ფილოსოფოსთა და პოეტთა სიტყვები.

8. ღმერთების უარმყოფელნი შემდეგში თვითვე აღიარებდნენ იმავე ღმერთებს და ურჯულო საქმეებსაც განუკუთვნებდნენ მათ. პოეტები კეთილხმოვნად უმღერიან ყველაფერ იმას, რასაც უკეთურად იქმოდა ზევსი, ხოლო ქრიზიპე, რომელმაც ბევრი სისულელე თქვა, გარკვევით მიგვანიშნებს, რომ ჰერა ბილწი პირით თანაეყოფოდა ზევსს. განა საჭიროა აღვრიცხოთ ყველა სიბილწე, რაც აღასრულა ღმერთების დედამ, ანდა ლატიარის ზევსმა, რომელიც კაცის სისხლს ეწაფებოდა[9], ან თუნდაც ატისმა, რომელმაც თავი დაისაჭურისა, ან კიდევ ზევსმა, ტრაგიკოსად სახელდებულმა, რომელმაც წყალში ჩაძიერა თავისი ხელი, რომაელებმა კი იგი ღმერთად შერაცხეს. დავიდუმებ ანტინოეს ტაძარზე და სხვა ღმერთების სალოცავებზე, რადგანაც მათი ამბები სასაცილოა გონიერთათვის.

ამგვარად ხსენებულ სიბრძნისმეტყველთა უღვთოება, მათი ურთიერთაღრევები და უკანონო თანაყოფანი თვით მათ სიტყვებში ცნაურდება. ამასთან კაციჭამიობაც ვლინდება მათ ნაწერებში. როგორც თვით აღწერენ, მსგავს საქმეებს უპირველსად ღმერთები იქმან.

9. ჩვენ ვაღიარებთ ღმერთს, მაგრამ ერთს, რომელიც არის ყოველივეს შემოქმედი და დამბადებელი. ისიც ვუწყით, რომ განგება წარმართავს ყოველივეს, მაგრამ – მხოლოდ მისეული განგება; წმინდა რჯულიც გვისწავლია, მაგრამ რჯულმდებლად გვყავს ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც გვასწავლის სამართლიანობას, ღვთისმოსაობას, ქველმოქმედებას. ღვთისმოსაობის შესახებ ასე გვამცნებს იგი: “არა იყვნედ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა-ზე და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა-ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა-ქუეშე ქუეყანისა. არა თაყვანისცე მათ, არცა მსახურებდე მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი” (გამოსვლ. 20, 3-9). ქველმოქმედების შესახებ ამას გვასწავლის: “პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; რაითა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქუეყანასა ზედა, რომელი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ” (გამოსვლ. 20,12). ასევე სამართლიანობის შესახებ: “არა იმრუშო, არა კლა, არა იპარო, არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა წამებითა ცრუითა. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყუასისა შენისა. არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყუასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყოს მოყუასისა შენისა” (გამოსვლ. 20, 13-17); აგრეთვე: “არა გარდაჰგულარძნო სამართალი დავრდომილისა საშჯელსა შინა მისსა. ყოვლისაგან სიტყვისა ცრუისა განეშორო, უბრალო და მართალი არა მოაკუდინო და უღმრთოი არა განამრთლო ქრთამისათვის და ქრთამი არა მიიღო, რამეთუ ქრთამი დააბრმობს თუალთა მხედველთასა და განაბოროტებს სიტყუათა მართალთა” (გამოსვლ. 23, 6-8)

ამგვარი საღვთო სჯული ამსახურა მოსემ, ღვთის მონამ, მთელ ქვეყანას, განსაკუთრებით ებრაელებს, იუდეველებად სახელდებულებს, რომლებიც ძველთაგანვე დაიმონა ეგვიპტელთა მეფემ, თუმცა იყვნენ ისინი “მართალი თესლი” ღვთისმოსავ და ღირსეულ კაცთა: აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა. მოიხსენა ისინი ღმერთმა, მოსეს მიერ უჩვეულო სასწაულები და ნიშები აღასრულა, გამოიხსნა ებრაელები, გამოიყვანა ეგვიპტიდან, უწინამძღვრა მათ უდაბნოში და კვლავ დაამკვიდრა ქანანელთა მიწაზე, რომელსაც ამის შემდეგ იუდა ეწოდა. ბოლოს რჯულიც დაუდო მათ ღმერთმა და ასწავლა ყოველივე ზემოთქმული, რასაც მოიცავს მისი დიადი, საკვირველი და მართალი რჯულის ათი მცნება.


-------------------------------------------------------------------------------------------------


შენიშვნები


[1] - ერთ ხელნაწერში აღნიშნული მოკითხვის ნაცვლად წერია: “ანტიოქიის მეექვსე პატრიარქი თეოფილე ავტოლიკე ელინისადმი ქრისტიანთა სარწმუნოების შესახებ, და რომ ჩვენეული საღვთო სიტყვები (“ლოგია”) უძველესია და უჭეშმარიტესი ეგვიპტელ, ელინელ და ყველა სხვა მწერალზე” (პგ. VI, 1121, შენ. 93)

[2] - ასევე, ლაქტანციუსიც ორფევსის მიერ შემოტანილ 365 ღმერთს ასახელებს, ხოლო იუსტინე ფილოსოფოსის ავტორობით ცნობილ შრომაში “ერთმთავრობის შესახებ” მხოლოდ 360 ღმერთია მოხსენიებული (პგ. VI, 1122, შენ. 95).

[3] - “შეგონებები” _ ბერძნ. “დიათეკაი”. სიტყვა “დიათეკე”, ერთი მხრივ, ნიშნავს მცნებას, განჩინებას, შეგონებას, მეორე მხრივ კი – აღთქმას, დაპირებას. მიიჩნევენ, რომ ხსენებული სიტყვა ზემორე კონტექსტში პირველ მნიშვნელობას შეიცავს.

[4] - დიოგენე ლაერტის უწყებით, როცა პირთაგორა ეგვიპტეში მივიდა, ტაძარში შეიყვანეს იგი და ღმერთების საიდუმლოებებში განსწავლეს. იქვე იხილა მან ზემოხსენებული სხვეტები, რომლებსაც თეოფილე ჰერაკლეს ანუ იგივე ჰერკულესის სვეტებად წარმოგვიდგენს. ზოგი მკვლევარი ხელნაწერისეულ ტექსტს გამახინჯებულად მიიჩნევს და “ჰერაკლეს” ნაცვლად “ჰერმესს” აღადგენს. მართლაც ჰერმესის ანუ იგივე მერკურის სვეტებზე ცნობილი იყო ანტიკურ სამყაროში (იხ. პგ. VI, სვ. 1123, შენ 97).

[5] - იგულისხმება ამავე შრომის I წიგნი.

[6] - იგულისხმება მანოსი.

[7] - მეორე სტროფი მოპასუხეს ეკუთვნის.

[8] - ამ ტაეპიდან კვლავ პირველი მთქმელი შემოდის.

[9] - ლატიარის ზევსის სისხლისმსმელობას გვაუწყებს ტატიანე სირიელიც: “ვნახე რომაელებთან ლატიარის ზევსი, რომელიც კაცისმკვლელთა მიერ დანთხეულ ადამიანთა სისხლით ტკბებოდა” (ტატიანე, სიტყვა ელინთა მიმართ, პგ. VI, სვ. 866).

 

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო
ედიშერ ჭელიძემ
“სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”, ტ. I

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 17:50)