და საკითხავი პეტრეს კათოლიკე ეპისტოლისა: ”მაშ, განიშორეთ ყოველგვარი უკეთურება და სიცრუე და ბოროტმეტყველება” (I პეტ. 2,1) და შემდგომი.

1. ღვთის კაცთმოყვარეობით, წინარე შეკრებებზე საკმარისად ისმინეთ ნათლისღების, მირონცხებისა და ქრისტეს ხორცთან და სისხლთან ზიარების თაობაზე. აწ კი, გვმართებს რა შემდგომზე გადასვლა, გვირგვინით შევამკობთ დღეს თქვენი სარგებლობისთვის აგებულ სულიერ შენობას.

2. იხილეთ მაშინ დიაკონი, რომელმაც წყალი მოართვა მღვდელს (τῷ ἱερεῖ) და ღვთის საკურთხეველს გარემოდგომილ ხუცესებს. მოართვა არა სხეულებრივი ბიწის გამო, არ არის ასე, რადგან სხეულებრივი ბიწის მქონენი იმთავითვე არ შევიდოდით ეკლესიაში. არამედ განბანა ნიშანია იმისა, რომ გვმართებს განწმენდა ყოველგვარი ცოდვისა და ურჯულოებისგან. რამდენადაც ხელები სახეა საქმეებისა, მათი დაბანით, ცხადია, საქმეთა სისუფთავესა და უმწიკვლოებაზე მივანიშნებთ. არ გსმენია ნეტარი დავითისა, რომელიც სწორედ აქეთკენ გამესაიდუმლებს შენ და ამბობს: ”დავიბან უბრალოებით ჩემს ხელებს და გარემოვადგები შენს საკურთხეველს უფალო” (ფს. 25,6). ამრიგად, ხელების დაბანა ცოდვებისგან თავისუფლებას ნიშნავს.

3. შემდეგ ხმობს დიაკონი: ”ურთიერთი შეიტკბეთ და ურთიერთს ვეამბოროთ”. ნუ გეგონება, რომ ეს ამბორისყოფა ისეთივე ჩვეულებრივია, როგორიც მოედნებზე აღესრულება ახლო მეგობართა მიერ. არ არის იგი ამგვარი, არამედ ეს ამბორი სულებს ერთმანეთთან აკავშირებს და მათ ყოველგვარ ძვირუხსენებლობასთან აუღლებს. ამრიგად, ამბორი ნიშანია სულთა ურთიერთშერთვისა და ყოველგვარი ძვირისხსენების უკუგდებისა. ამიტომაც თქვა ქრისტემ: ”თუკი მოიტან შენს ძღვენს საკურთხეველზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას აქვს რაღაც შენ წინააღმდეგ, დატოვე შენი ძღვენი საკურთხეველზე, ჯერ წადი და შეურიგდი შენს ძმას, მერე კი მოდი და შეწირე შენი ძღვენი” (მათ. 5,23-24). ამრიგად, ამბორისყოფა შერიგებაა და ამიტომაც წმინდაა იგი, როგორც ხმობს სადღაც ნეტარი პავლე და ამბობს: ”მოიკითხეთ ერთმანეთი წმინდა ამბორით” (I კორ. 16,20), და პეტრე: ”მოიკითხეთ ერთმანეთი სიყვარულის ამბორით” (I პეტ. 5,14).

4. ამის შემდეგ ხმობს მღვდელი: ”ზემოთ – გულნი”[1]. ამ შესაძრწუნებელ ჟამს ჭეშმარიტად უნდა გვქონდეს გულნი ზემოთ, ღვთის მიმართ და არა ქვემოთ, მიწაზე და მიწიერ საქემთა მიმართ. მაშ, მღვდელს ძალუძს ამ დროს ყველას უბრძანოს დატევება ცხოვრებისეული საფიქრალისა და ოჯახური საზრუნავისა და ზეცად პყრობა გულისა კაცთმოყვარე ღვთის მიმართ.

მაშინ მიუგეთ: ”გვაქვს უფლის მიმართ”. ამ აღსარებით დაეთანხმეთ მას. ნუვინ იდგება ისეთი, პირით რომ ამბობს: “გვაქვს უფლის მიმართ”, შინაგანად კი ყოფითი საფიქრალისკენ ჰქონდეს მიქცეული გონება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ღმერთი, ხოლო თუკი ეს ადამიანური სისუსტის გამო შეუძლებელია, ამ ჟამს განსაკუთრებით არის საწადელი.

5. შემდეგ, მღვდელი ამბობს: ”ვმადლობდეთ უფალს”. ჭეშმარიტად უნდა ვმადლობდეთ, რადგან ჩვენ, უღირსებს, ეგზომ აღმატებული მადლისკენ გვიხმო, მტრადქცეულნი შეგვირიგა და სული ძეობილობისა მოგვანიჭა (შდრ. რომ. 5,10-11; 8,15) და თქვენ მიუგებთ: ”ღირსია და სამართლიანი”. რადგან ვმადლობთ რა [უფალს], ჩვენ აღვასრულებთ ღირსსა და სამართლიან საქმეს, თავად კი არა სამართლიანს, არამედ სამართლიანზე აღმატებულს იქმს – ჩვენ გვისათნოვა და ეგოდენ სიკეთეებს ღირსგვყო.

6. ამის შემდეგ მოვიხსენებთ ცას, მიწას და ზღვას, მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს, ყველა სიტყვიერ თუ უტყვ ქმნილებას, ხილულს თუ უხილავს, ანგელოზებს, მთავარანგელოზებს, ძალებს, უფლებებს, მთავრობებს, ხელმწიფებებს, საყდრებს, მრავალსახა ქერუბიმებს (შდრ. ეზ. 10,21), არსობრივად ვიმეორებთ რა დავითის ნათქვამს: ”ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად” (ფს. 33,4). მოვიხსენებთ სერაფიმებსაც, რომელნიც სულიწმინდით იხილა ესაიამ ღვთის საყდრის ირგვლივ მდგომარენი, ორი ფრთით რომ იფარავდნენ პირისახეს, ორით – ფეხებს, ორით კი ფრენდნენ და ამბობდნენ: ”წმინდაა, წმინდაა, წმინდაა უფალი საბაოთ” (ეს. 6,2-3). ხოლო წარმოვთქვამთ კი სერაფიმთაგან ჩვენთვის გადმოცემულ ამ დიდებისმეტყველებას, რომ ზიარნი გავხდეთ ზესთასოფლის მხედრობათა საგალობლისა.

7. შემდეგ, განვიწმინდეთ რა საკუთარი თავი ამ სულიერი საგალობლებით, ვევედრებით კაცთმოყვარე ღმერთს გარდამოავლინოს სულიწმინდა წინამდებარე ძღვენზე, რომ იქმნას პური ხორცი ქრისტესი, ღვინო კი – სისხლი ქრისტესი. რამეთუ რასაც კი შეეხება სულიწმინდა, ყოვლითურთ განწმენდს და გარდაქმნის მას.

8. ამის შემდეგ, ოდეს აღესრულება სულიერი მსხვერპლშეწირვა და უსისხლო მსახურება მოწყალების ამ მსხვერპლზე, ვევედრებით ღმერთს ეკლესიათა საზოგადო მშვიდობისთვის, სამყაროს კეთილადდგომისთვის, მეფეთათვის, მხედართა და თანამებრძოლთათვის, სნეულთა, მაშვრალთა და, ერთი სიტყვით, ყველასთვის, ვინც კი შეწევნის მთხოვნელია, ვევედრებით ჩვენ ყველანი და ვწირავთ ამ მსხვერპლს.

9. შემდეგ მოვიხსენებთ განსვენებულებსაც. პირველად მამათმთავრებს, წინასწარმეტყველებს, მოციქულებს, მოწამეებს, რომ ღმერთმა მათი ლოცვებითა და მეოხებით შეიწყნაროს ჩვენი ვედრება, შემდეგ კი [მომხსენებელნი ვართ] შესვენებულ წმინდა მამათა და ეპისკოპოსთათვისაც და, საერთოდ, ყველა ჩვენგან მიცვალებულისთვის, რადგან გვწამს, რომ დიდი სარგებელი ექნებათ სულებს, რომელთათვისაც ვედრება აღევლინება წმინდა და შესაძრწუნებელი მსხვერპლის შეწირვისას.

10. მსურს მაგალითითაც დაგარწმუნოთ თქვენ, რადგან ვიცი მრავალი, ასე რომ ამბობს: რა სარგებლობა ექნება სულს, ცოდვებით დატოვებს სოფელს, თუ ცოდვების გარეშე, თუ მოხსენებული იქნება მსხვერპლშეწირვისას? თუკი ვინმე მეფე თავის შეურაცხმყოფელებს განდევნის, ხოლო შემდეგ იმათი მოკავშირენი გვირგვინს დაწნავენ და ამას მეფეს მიართმევენ დასჯილთათვის, ნუთუ იგი არ შეუმსუბუქებს მას სასჯელს? ასევე ჩვენც, შესვენებულთათვის უფალს ვევედრებით, თუნდაც ცოდვილნი იყვნენ ისინი, არა გვირგვინებს ვწნავთ, არამედ ქრისტეს, დაკლულს ჩვენი ცოდვებისათვის, შევწირავთ, რომ მოწყალე ვყოთ მათთვის და ჩვენთვის კაცთმოყავრე ღმერთი.

11. ამის შემდგომ ამბობს იმ ლოცვას, რომელიც მაცხოვარმა გადასცა თავის უახლოეს მოწაფეებს. წმინდა სინდისით მამად უწოდებ ღმერთს და ამბობს: “მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა” (მთ. 6, 9-13). ჰოი, უდიდესი კაცთმოყვარეობა ღვთისა! მისგან უკუქცეულებს და უკიდურეს ბოროტებაში მყოფთ იმგვარი ებოძათ ცოდვათა მიტევება და მადლის თანაზიარება, რომ მამად უხმობენ მას. ”მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა”. ცანი ისინი არიან, რომელნიც ატარებენ ზეციურის ხატს (I კორ. 15,49) და რომელთა შორისაც მკვიდრობს და მიმოდის ღმერთი (II კორ. 6,16).

12. ”წმიდა იყავნ სახელი შენი”. ბუნებითად წმინდაა სახელი ღვთისა, მიუხედავად იმისა, ვიტყვით თუ არა ამას. თუმცა ცოდვილთა შორის ზოგჯერ შეიბღალება, როგორც დაწერილია: ”თქვენ გამო ჩემი სახელი მარადის იგმობა წარმართებში” (ეს. 52,5; რომ. 2,24). ვლოცულობთ, რომ ჩვენში ”წმინდა იყოს სახელი ღვთისა”, არათუ ისე, თითქოს არ იყოს წმინდა და წმინდა გახდეს, არამედ – ჩვენში იყოს წმინდა, რომელნიც განწმენდილნი ვართ და ღირსად სიწმინდისა ვიქცევით.

13. ”მოვედინ სუფევაჲ შენი”. განწმენდილ სულს ძალუძს კადნიერად აღმოთქვას ”მოვედინ სუფევაჲ შენი”, რადგან ვინც უსმინა პავლეს, რომელიც ამბობს: ”ნუღარ მეფობს ცოდვა თქვენს მოკვდავ ხორცში” (რომ. 6,12), და განწმინდა საკუთარი თავი საქმით, გონებით და სიტყვით, იგი მიმართავს ღმერთს: ”მოვედინ სუფევაჲ შენი”.

14. ”იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა”. საღვთო და ნეტარი ღვთის ანგელოზები აღასრულებენ ღვთის ნებას, როგორც თქვა დავით მეფსალმუნემ: ”აკურთხეთ უფალი ყოველმა ანგელოზმა მისმა, ძალით ძლიერებმა, რომლებიც აღასრულებთ მის სიტყვას” (ფს. 102,20). ამრიგად, მლოცველს ძალუძს თქვას: როგორც ანგელოზთა შორის აღესრულება შენი ნება, ასევე იყოს ჩემშიც, მიწაზე, უფალო.

15. ”პური ჩვენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს”. ჩვეულებრივი პური არ არის პური არსობისა, არამედ წმინდა პური არის პური არსობისა, რადგან სულის არსებას სრულყოფს. ეს პური არათუ მუცელში შედის და განსავლით გადის (მათ. 15,17), არამედ მთელ შენს აგებულებას განეფინება სარგებლად სულისა და ხორცისა. ნაცვლად სიტყვისა “ყოველდღე” თქვა “დღეს”, როგორც პავლეც ამბობს: “სანამ დღე ეწოდება” (ებრ. 3,13).

16. “და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა”. მრავალი ცოდვა გვაქვს, რადგან ვცდებით სიტყვით და გონებით, და გაკიცხვის თანამდებ მრავალ საქმეს აღვასრულებთ, “და თუკი ვიტყვით, რომ ცოდვა არ გვაქვს, ვიცრუებთ” (I ინ. 1,8), როგორც იოანე ამბობს. ღმერთს აღვუთქვამთ, მოგვიტევოს ჩვენ, მვედრებლებს, შეცოდებანი, როგორც ჩვენ მივუტევებთ თანანადებს ჩვენს ახლობლებს. ამრიგად, გავიაზროთ რას ვიღებთ და რის სანაცვლოდ, და ნუ დავაყოვნებთ, ნურც გადავდებთ ერთურთისთვის მიტევებას. ჩვენ მიმართ ჩადენილი დანაშაული მცირეა, უმნიშვნელო და ადვილად განქარვებადი. ჩვენ მიერ ღვთის საწინააღმდეგოდ აღსრულებული კი ძალზე დიდია და მისი, ერთადერთის, კაცთმოყვარეობას ვსაჭიროებთ. ასე რომ გაფრთხილდი, შენ მიმართ მცირე და უმნიშვნელო შეცოდბებების გამო ნუ დაუხშავ საკუთარ თავს უმძიმეს ცოდვათა მოტევებას.

17. “და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა”, უფალო. ნუთუ გვასწავლის ჩვენ უფალი იმას, რომ ვილოცოთ, რათა არასოდეს შევიდეთ განსაცდელში? მაშ, როგორ არის სხვაგან ნათქვამი: “განუცდელი კაცი უცოდინარია” (ზირ. 34,10)? და კვლავ: “ყოველივე სიხარულად შერაცხეთ, ძმანო, რაჟამს მრავალგვარ განსაცდელში ჩავარდებით” (იაკ. 1,2)? მაგრამ განსაცდელში შესვლა ყოველთვის არ ნიშნავს განსაცდელში ჩაძირვას, რადგან განსაცდელი მსგავსია ღვარცოფისა, რომლის გადალახვაც ძნელია. ისინი, რომელნიც განსაცდელში არ ჩაიძირნენ და გადალახეს იგი, არიან რა დახელოვნებული მოცურავენი, ვერასოდეს წარიტაცებიან მისგან. ხოლო რომელნიც ამგვარნი არ არიან, შედიან და იძირებიან, როგორც, მაგალითად, იუდა შევიდა ვერცხლისმოყვარეობის განსაცდელში, მაგრამ ვერ გადალახა იგი, არამედ ჩაიძირა და ჩაიხრჩო ხორცით და სულით, პეტრე კი შევიდა უარყოფის განსაცდელში, მაგრამ შესვლისთანავე არ ჩაიძირა, არამედ მხნედ განვლო იგი და განუსხლტა საცდურს.

კვლავ ისმინე, სხვა ადგილას როგორ აღავლენს სამადლობელს უვნებო წმინდანთა გუნდი განსაცდელისგან დახსნისთვის: “გამომცადე ჩვენ უფალო და გამომახურვე ჩვენ, როგორც ხურდება ვერცხლი. შეგვიყვანე ჩვენ საფრთხეში, დაგვადე ურვა ზურგზე, ადამიანები ატარე ჩვენს თავზე, განვვლეთ ჩვენ ცეცხლი და წყალი და გამოგვიყვანე ჩვენ განსასვენებელში” (ფს. 66, 10-12). ნახე, განცხადებულად ამბობენ, რომ განვლეს და არ მოიწყლებიან? “და გამოგვიყვანე ჩვენ განსასვენებელში”, განსასვენებელში მათი გამოსვლა არის ხსნა განსაცდელისაგან.

18. “არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან”: მას, სიტყვები: “და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა” განსაცდელში არასოდეს შესვლის სურვილს რომ გულისხმობდეს, მაშინ არ იტყოდა: “არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან”. ბოროტი კი არის წინააღმდგომი დემონი, რომლისგან ხსნისთვისაც ვლოცულობთ.

ლოცვის დასასრულს ვამბობთ: “ამინ” და ღვთივნასწავლ ლოცვაში თქმულს სიტყვით “ამინ” (რაც ნიშნავს “იყოს”) დავბეჭდავთ.

19. ამის შემდეგ ამბობს მღვდელი: “წმიდაჲ წმიდათა”. წმინდაა წინამდებარე ძღვენი, რომელზეც სულიწმინდა გარდამოვიდა, წმინდები კი – თქვენ, რომელნიც ღირსნი გახდით სულიწმინდისა. ამრიგად, წმინდა წმინდათათვის არის შესაფერისი.

შემდეგ თქვენ ამბობთ: “ერთ არს წმიდა, ერთ არს უფალი იესო ქრისტე”, რადგან ჭეშმარიტად ერთია წმინდა – ბუნებით წმინდა. ჩვენ კი თუმც წმინდანნი, მაგრამ არა ბუნებით, არამედ თანაზიარებით, ღვაწლით და ლოცვით.

20. შემდეგ უსმენთ მგალობელს, რომელიც საღვთი მელოდიით გიწვევთ თქვენ წმინდა საიდუმლოსთან საზიარებლად და ამბობს: “იგემეთ და ნახეთ, რამეთუ ტკბილია უფალი”. ხორციელ სასას ნუ მიანდობთ განსჯას, არამედ შეუორგულებელ სარწმუნოებას. რადგან გემოსმხილველნი არა პურსა და ღვინოს იხმევთ, არამედ ქრისტეს ხორცისა და სისხლის ნაცვალსახეს.[2]

21. ხოლო მოსვლისას ნურც გაწვდილი ხელის მტევნით და ნურც გაშლილი თითებით მოხვალ, არამედ მარცხენა იყოს საყდრად მარჯვენისა, რომელიც ელოდება მეუფის შეწყნარებას. ხელისგულის სიღრმეში მიიღე ხორცი ქრისტესი და წართქვი “ამინ”. საგულდაგულოდ განიწმინდე თვალნი წმინდა ხორცთან შეხებით, ეზიარე და დააკვირდი არ წარწყმიდო რამე მისგან, რადგან თუკი წარწყმედ, ამით, ცხადია, დაჰკარგავ საკუთარი სხეულის ნაწილს. ერთი მითხარი, თუკი ვინმე ოქროს ნამცეცებს მოგცემს, ნუთუ მთელი გულმოდგინებით არ იპყრობ და დაიცავ, რომ მათგან რაიმე არ დაჰკარგო და ზარალი არ განიცადო? განა ბევრად მეტი სიფრთხილით არ დააკვირდები, რომ ნამცეცები არ დავარდეს იმისა, რაც ოქროსა და ძვირფას ქვაზე უპატიოსნესია?

22. ქრისტეს ხორცთან ზიარების შემდეგ მიეახლე სისხლის სასმისს, არა გაწვდილი ხელით, არამედ ქედდადრეკით. თაყვანისცემისა და კრძალულების ნიშნად თქვი “ამინ” და განიწმინდე ქრისტეს სისხლთან ზიარებითაც. სანამ სინოტივე ჯერ კიდევ ასველებს შენს ბაგეებს, ხელი შეახე და განიწმინდე თვალები, შუბლი და სხვა საგრძნობელნი. შემდეგ დაელოდე ლოცვას და მადლი შესწირე ღმერთს, რომელმაც ეგოდენ დიდთა საიდუმლოთა ღირსი გაგხადა.

23. შეურყვნელად დაიუნჯეთ ეს გადმოცემანი და მყარად დაიცავით თქვენში. ზიარებისგან ნუ განაყენებთ საკუთარ თავს, ნურც ცოდვისმიერი ბიწის გამო დააკლდებით ამ წმინდა და სულიერ საიდუმლოს.

“ხოლო მშვიდობის ღმერთმა წმინდა გყოს თქვენ ყოველგვარი სისრულით, და თქვენი სხეული, სამშვინველი და სული დაიცვას ყოველგვარი სიმრთელით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მოსვლისთვის” (I თეს. 5,23), რომლისაც არის დიდება უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

------------------------------------------------------------------------------------------------

[1] – შდრ. ძველი ქართული: “ზე გუაქუნდინ გულნი”.

[2] – ე.ი. გარეგანად კვლავ პურად და ღვინოდ ჩენილს, თუმც კი შინაგანად მაცხოვრის ხორცად და სისხლად გარდაქმნილს.

 

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა გიორგი ჯულაყიძემ

ჟურნალი "გული გონიერი", სააღდგომო გამცოემა, N2, 2011 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:54)