წიგნი პირველი

წინასიტყვაობა

ისტორიის მიზანი

[8]მხატვრები დაფებსა და კედლებზე გამოსახავენ ძველ ამბებს, მაყურებლებს სიამოვნებას ანიჭებენ და წარსულის ხსოვნას დიდი ხნით ცოცხლად ინახავენ. ისტორიკოსები კი დაფების ნაცვლად იყენებენ წიგნებს, ფერების ნაცვლად - სიტყვათა ყვავილოვნებას, და გარდასულ საქმეთა ხსოვნას უფრო ხანგრძლივსა და მყარს ხდიან, რამეთუ მხატვართა ხელოვნებას ჟამი აზიანებს. ამიტომ, მეც ვცდი საეკლესიო ისტორიის დარჩენილი ნაწილის აღწერას, რადგან მართებულად არ მიმაჩნია, რომ უბრწყინვალეს საქმეთა და სასარგებლო ამბავთა დიდება უგულებელყოფილ იქნას, დავიწყებისგან იავარქმნილი. ამიტომ, ზოგიერთი მეგობარი ხშირად მაქეზებდა, რომ თავს მედო ეს ღვაწლი. მაგრამ როცა ეს საქმე ჩემი შესაძლებლობებით გავზომე, მისთვის ხელის მოკიდების შემეშინდა. თუმცა, თამამად მივენდე სიკეთეთა უხვად მომნიჭებელს და შევუდექი ჩემს ძალებზე აღმატებულ საქმეს. ევსები პალესტინელმა ეკლესიებში მომხდარი მოვლენები აღწერა წმინდა მოციქულთა ისტორიიდან მოყოლებული ღვთისსათნო კონსტანტინეს ზეობამდე, მე კი ამ აღწერის დასასრულს [ჩემი] ისტორიის დასაწყისად გავხდი.

 

 



თ ა ვ ი I

როგორ დაიწყო არიანელთა მწვალებლობა

[9]როდესაც აღიგავნენ ეს უწმინდური და ურჯულო ტირანები, ვგულისხმობ მაქსენტიუსს, მაქსიმინეს და ლიკინიუსს, დაცხრა ეკლესიის ღელვა-ტეხვა, რაც აღძრეს ამ უკეთურმა კაცებმა, როგორც რამ ქარიშხალთა კვეთებებმა. შემდეგ, როცა შეწყდა გრიგალის ქროლვა, დამყარდა ურღვევი მშვიდობა. ყოვლითურთ სახელგანთქმულმა იმპერატორმა კონსტანტინემ, რომელმაც არათუ ადამიანთაგან, არც ადამიანთა მეშვეობით, არამედ ზეციდან საღვთო მოციქულის1 მსგავსად მიიღო ეს მოწოდება, მისთვის2 ასე განაგებდა. რადგან დაწერა კანონები, გააუქმა კერპებისათვის მსხვერპლშეწირვა და ბრძანა ეკლესიათა აგება. ხალხებს დაუდგინა რწმენით შემკული მმართველები, ბრძანა პატივის მიგება მღვდლებისათვის და სიკვდილით დაემუქრა მას, ვინც მათ შეურაცხყოფდა. მაშინ ზოგნი აღადგენდნენ დანგრეულ ეკლესიებს, სხვები კი უფრო ფართოსა და ბრწყინვალეს აგებდნენ. როდესაც მოვლენები ასე ვითარდებოდა, ჩვენ აღსავსე ვიყავით როკვითა და სიხარულით, მოწინააღმდეგეები კი - სირცხვილითა და მწუხარებით. კერპთა საკურთხევლები დახურული იყო, ეკლესიებში მუდმივად კრებები და დღესასწაულები იმართებოდა3. მაგრამ ყოვლად უკეთურმა და შურიანმა დემონმა, ადამიანთა დამღუპველმა, ვერ აიტანა ზურგქარით მოცურავე ევლესიის ხილვა და ბოროტი სივერაგე განიზრახა, რათა ჯიბრში მყოფს დაენგრია ყოვლიერების შემოქმედისა და მეუფის მიერ მართული [ხომალდი]4. რადგან დაინახა, რომ ელინური საცთური ცხადი გახდა და დემონთა ნაირგვარი ხრიკები აღმოჩენილ [10]იქნა. უმრავლესობა მეტად თაყვანს აღარ სცემდა ქმნილებას (შდრ. რომ. 1, 25) და მის ნაცვლად შემოქმედს უგალობდა. ამის გამო, ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის წინააღმდეგ აშკარად აღარ წამოიწყო ომი, არამედ იპოვა კაცნი, ქრისტიანის სახელით ღირსქმნილნი, მაგრამ პატივმოყვარეობასა და ამაო დიდებას დამონებელნი, და ისინი თავისი ხრიკების საჭურველად წარმოაჩინა. მათი მეშვეობით მრავალი დაუბრუნა პირვანდელ საცთურს, მოაწყო არა კვლავ ქმნილების თაყვანისცემა, არამედ - შემოქმედისა და დამბადებლის5 ქმნილებასთან ერთად განწესება. მე გიამბობთ, თუ საიდან დაიწყო მან და როგორ თესავდა ღეარძლს.

ალექსანდრია არის დიდი ქალაქი, და მას არა მხოლოდ ეგვიპტელთა, არამედ ეგვიპტის მახლობლად მცხოვრებ თებელთა და ლიბიელთა პირველობა აქვს მიკუთენებული. ამ ძლევამოსილი მებრძოლის, ვინც ურჯულო ტირანების დროს მოწამეობის გვირგვინი მოიპოვა, - პეტრეს6 შემდეგ ამ ქალაქის ეკლესიას მცირე ხნით აქილასი7 წინამდგომელობდა და ეპყრა მისი სადავეები. მის შემდეგ კი - ალექსანდრეს8, სახარებისეული მოძღვრების ჭეშმარიტ წინამბრძოლს. მის დროს ხუცესთა სიაში განწესებულმა არიოზმა, ვისაც მინდობილი ჰქონდა საღვთო წერილის განმარტება, როდესაც დაინახა, რომ ალექსანდრეს გადაეცა მღვდელმთავრობის განმგებლობა, ვერ გაუძლო შურის შემოტევას და მისგან კვეთებული აღიძრა დავისა და ბრძოლის საძიებლად. დაინახა ამ კაცის ღირსადქებული მოქალაქობა და ვერ შეძლო ცილისწამების შეთხზვა. როდესაც ჭეშმარიტების მოწინააღმდეგემ იპოვა თავისი ბოროტმოქმედებისთვის სათანადო საჭურველი, მისი მეშვეობით აღაშფოთა და აღძრა ეკლესიის ღელვა-ტეხვა. იგი დაარწმუნა, დაპირისპირებოდა ალექსანდრეს სამოციქულო მოძღვრებას. იგი (ალექსანდრე - მთარგ.) საღვთო სწავლებების მიმდევარი ამბობდა, რომ ძეს მამის თანასწორი პატივი და იგივე არსი ჰქონდა, რაც მშობელ ღმერთს. მაგრამ ჭეშმარიტების წინააღმდეგ მებრძოლმა არიოზმა მას დაბადებული და ქმნილება9 [11]უწოდა და დასძინა: "იყო დრო, როდესაც არ იყო", და სხვაც, რასაც უფრო ცხადად მისი ნაწერებიდან შევიტყობთ. ამას არა მხოლოდ ეკლესიაში ამბობდა, არამედ გარეშე თავყრილობებსა და კრებებზე. დადიოდა სახლებში და შეეძლო მრავალთა დამონება. სამოციქულო მოძღვრებათა დამცველი ალექსანდრე ჯერ შეგონებებითა და რჩევებით ცდილობდა მის დარწმუნებას. მაგრამ მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ შლეგი იყო10, ღიად განაცხადა ეს უღმერთობა და სამღვდელო სიიდანაც ამოაგდო. რადგან ყურად იღო, რასაც საღვთო რჯული ხმობს: "თუკი შენი მარჯვენა თვალი გაცთუნებს, ამოაგდე იგი და განაგდე შენგან" (მათ. 5, 29).


თ ა ვ ი II

წინამძღვარ ეპისკოპოსთა სია

ამ დროს რომაელთა ეკლესიის სადავეები ეპყრა სილვესტრს11, რომელმაც შეცვალა მილტიადე12; იგი იყო მარკელინუსის13 შემდეგ, რომელმაც თავი გამოიჩინა დევნულების დროს და მიიღო სამღვდელმთავრო ხელდასხმა.

ანტიოქიაში ტირანოსის14 შემდეგ, როცა ეკლესიებში დაიწყო მშვიდობის დამყარება, ვიტალისმა15 მიიღო წინამძღვრობა, რომელმაც ააგო ტირანების მიერ "პალაიაში"16 დანგრეული ეკლესია. მის შემდეგ თავმჯდომარეობა მიიღო ფილოგონიოსმა17 და შეუმატა დარჩენილის მშენებლობას, და ლიკინუსის დროს აჩვენა კეთილმსახურების გამო მოშურნეობა.

იერუსალიმში [ეკლესია] ჰერმონას18 შემდეგ მინდობილი იქნა მაკარისადმი, რომელიც იყო თავის სახელის შესაფერი კაცი19 და მრავალგვარი სიკეთეებით შემკული. ამავე დროს გახდა კონსტანტინოპოლის სამღვდელთმთავრო მსახურების ღირსი და გაბრწყინდა სამოციქულო ნიჭებით20.

[12]ამ დროს ალექსანდრიელთა ეკლესიის [მღვდელმთავარმა] ალექსანდრემ, დაინახა, რომ, არიოზი მთავრობისმოყეარეობის ვნებით იყო შეპყრობილი, და მისი მკრეხელობით დატყვევებულები იკრიბებოდნენ და მართავდნენ თავიანთ კრებებს. ალექსანდრემ მისი მკრეხელობა წერილების მეშვეობით გაუცხადა ეკლესიათა მეთაურთ. მე კი მისი თანამოსახელესადმი მიწერილ ეპისტოლეს ამ თხრობაში მოვათავსებ. მასში ყველაფერი ნათლად არის [გადმოცემული], რასაც იგი (არიოზი - მთარგ.) ასწავლიდა, რათა ვინმემ არ იფიქროს, რომ ეს ჩემს მიერ შეთხზული აღვწერე; შემდეგ თვითონ არიოზისას, და შემდეგ სხვისასაც, რომლებიც აუცილებელია ისტორიის გადმოსაცემად, ჩანაწერის ჭეშმარიტება რომ დაამოწმონ და წარსულის მოვლენები უფრო ნათლად ასწავლონ.

ალექსანდრიის ეკლესიის [მღედელმთავარი] ალექსანდრე მის თანამოსახელეს სწერს შემდეგს:

 

თ ა ვ ი III

ალექსანდრიის ეპისკოპოს ალექსანღრეს ეპისტოლე კონსტანტინოპოლის ეპისკოპოს ალექსანდრეს მიმართ

"ყველაზე პატივცემულ ძმასა და თანამოაზრეს, ალექსანდრეს ალექსანდრესგან მოკითხვა უფალში.

უკეთურ ადამიანთა მთავრობისმოყვარე და ვერცხლისმოყვარე ზრახვა ყოველთივის აღმოცენდებოდა დიდ დიოცეზებად მიჩნეულთა წინააღმდეგ ვერაგულად მოქმედებისათვის. სხვადასხვა საბაბით ასე უტევდნენ ეკლესიურ კეთილმსახურებას. მათში მოქმედი ეშმაკის მიერ გაცოფებულები და მოსალოდნელი სიამოვნების მიმართ აღძრულები განუდგნენ ყოველგვარ კრძალვას და გათელეეს ღვთის მსჯავრის შიში. ჩემთვის, [მათგან] ვნებულისთვის, აუცილებელი იყო, შენი ღვთისმოშიშებისათვის გამეცხადებინა მათ შესახებ, რათა [13]დაცული იყო ასეთებისაგან, რომელიმე მათგანმა რომ არ გაბედოს და არ ჩამოვიდეს შენს დიოცეზში, თვით მათ (რადგან ამ მოგვებს შეუძლიათ სიცრუით თავის მოჩვენება), ან ცრუ შეთხზული წერილების მეშვეობით არ შეძლონ მარტივი და შეურყვნელი რწმენის მქონეთა წარტყვევნა. 

არიოზმა და აქილასმა ახლახანს შეკრეს კავშირი, კოლუთუსის  მთავრობისმოყვარეობას და მასზე ბევრად უარესს დაეშურნენ21. რადგან როდესაც თვითონ იგი მათ ბრალს დებდა, საკუთარი უკეთური განზრახვისთვის ეძებდა საბაბს. მათ კი, როდესაც დაინახეს მისი ვაჭრობა ქრისტეთი, მეტად ვეღარ აიტანეს ეკლესიის მორჩილებაში ყოფნა, არამედ თავიანთი თავისთვის ააშენეს ავაზაკთა გამოქვაბულები, განუწყვეტლივ მართავდნენ მათში სინოდებს, დღე და ღამე ქრისტეს და ჩვენს წინააღმდეგ ცილისწამებებში იწვრთნებოდნენ. ისინი ბრალს დებდნენ ყველანაირად კეთილმსახურ სამოციქულო მოძღვრებას, შემოკრიბეს იუდაურად ქრისტესმბრძოლი რაზმი. ისინი უარყოფდნენ ჩვენი მაცხოვრის ღმრთეებას და ქადაგებდნენ, რომ ის ყველას თანასწორი იყო. მისი მხსნელი განგებულებისა და ჩვენს გამო დამდაბლების [აღმნიშვნელ] ყოველ სიტყვას ამოკრებდნენ, და მათგან ცდილობდნენ, შემოეკრიბათ თავიანთი უღმერთობის უწყება; მის დასაბამიერ ღმრთეებას, მამასთან ენითუთქმელი დიდების [გამომხატველ] სიტყვებს უკუაგდებდნენ. ქრისტეს შესახებ ელინთა და იუდეველთა უღმერთო შეხედულება ეპყრათ, ქებაზე, როგორც განსაკუთრებულ რამეზე, ისე ნადირობდნენ,   ყველაფერს, რაც ჩვენს წინააღმდეგ იყო მიმართული და რასაც ისინი დასცინოდნენ, ესენი იქმოდნენ, ყოველდღე ჩვენს წინააღმდეგ ამბოხსა და დევნულებას აღძრავდნენ. აწყობდნენ სამსჯავროებს იმ უწესო ქალების თხოვნით, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს. ზოგჯერ დასცინოდნენ ქრისტიანობას იმით, რომ ყველა ქუჩაში უსირცხვილოდ დარბოდნენ მათთან მყოფი ყმაწვილი ქალები. მაგრამ მათ გაბედეს ქრისტეს დაურღვეველი კვართის გაგლეჯვა, რომლის დანაწილება ჯალათებმაც არ ისურვეს22.

[14]მაგრამ ჩვენ ეს გვიან შევიტყვეთ, რადგან დაფარული იყო, რაც მათ ცხოვრებასა და უწმინდურ საქმეებს შეეფერება, და ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გავაძევეთ ისინი ქრისტეს ღმრთეების თაყვანისმცემელი ეკლესიიდან. მათ დაიწყეს აქეთ-იქით სირბილი ჩვენს წინააღმდეგ, მივიდნენ ჩვენს თანამოაზრე თანამსახურებთან მშვიდობისა და ერთობისათვის თხოვნის მაჩვენებლობით, სინამდვილეში კი ესწრაფოდნენ ზოგიერთი მათგანის მოტაცებას თავიანთი სნეულებისაკენ. მათგან ითხოვდნენ მჭევრმეტყუველურ წერილებს, რათა როცა ამას წაუკითხავდნენ მათ მიერ მოტყუებულთ, მათ წინაშე გამართლებულები იმით, რომ მათი თანამოაზრე იყვნენ ეპისკოპოსები და მათ ეთანხმებოდნენ, მოუნანიებელი გამხდარიყვნენ და უღმერთობაში დაღუპულიყვნენ. რასაც ჩვენთან უკეთურად ასწავლიდნენ და იქმოდნენ, რის გამოც გავაძევეთ, ამას ისინი არ აღიარებდნენ; არამედ ან დუმილით გადასცემდნენ ამას, ან შეთხზული სიტყვებითა და ნაწერებით ჩრდილავდნენ და ცრუობდნენ. ასე რომ, დამაჯერებელი და მასხარას მსგავსი საუბრებით ფარავენ მათ განმხრწნელ მოძღვრებას, და, რასაც გარეგნულად აჩვენებენ, იმით სიცრუისკენ წარიტაცებენ, არ ერიდებიან, ყველასთან ჩვენს კეთილმსახურებას ცილი დასწამონ. ამიტომაც ხდება, რომ ზოგიერთმა ხელი მოაწერა მათ წერილებზე და მიიღო ეკლესიაში. მე ვფიქრობ, რომ იმ თანამსახურთ, ეინც ეს გაბედა, უდიდესი ბრალი დაედება, რადგან არათუ სამოციქულო კანონს არ ემორჩილებიან, არამედ მათში [მყოფ] ეშმაკეულ ძალას ქრისტეს წინააღმდეგ აღაგზნებენ. ამიტომ, საყვარელნო, დაუყოვნებლივ შევმართე საკუთარი თავი, რათა გაგიცხადოთ ასეთების ურწმუნოება, როდესაც ამბობენ, რომ "იყო დრო, როდესაც არ იყო ღვთის ძე, და მოგვიანებით გაჩნდა ის, რაც პირველად არ მყოფობდა, როდესაც დადგა დრო, გახდა ისეთი, როგორიც არის ყველა გაჩენილი ადამიანი". რადგან ამბობენ, რომ ღმერთმა ყველაფერი არარსებულიდან შექმნა, ამიტომ გონიერ და უგონო ქმნილებებთან ერთად ღვთის ძესაც აღრაცხავენ. ამის შესაბამისად ასევე ამბობენ, რომ იგი არის [15]ცვალებადი ბუნების მქონე. მიმღები სათნოებისაც და ბოროტებისაც. და ამ "არარსებულიდან"-ის მოსაზრებით, მის მარადიულ არსებობას წარხოცავენ საღვთო წერილიდან, რომელიც ღვთის სიტყვის უცვლელობას და სიტყვის სიბრძნის ღმრთეებას აღნიმნავს, რაც არის ქრისტე. ეს დამღუპველები ამბობენ: "ჩვენც შეგვიძლია, გავხდეთ ღვთის ძენი, როგორც იგი. რადგან დაწერილია: , "ძენი ვშვი და ავამაღლე"; და ამას დასძენს შემდეგ სიტყვას: "ისინი კი განმიდგნენ" (ეს. 1, 2); რაც არ არის დამახასიათებელი მხსნელის ბუნებისათვის, რომელიც არის უცვლელი ბუნების მქონე. ყოველგვარი კრძალულებისაგან გააუდაბურეს თავიანთი თავი და ამბობენ, მის შესახებ ღმერთმა წინასწარმცოდნეობითა და წინასწარხედვით უწყოდა, რომ არ განუდგებოდა და ყველასგან გამოარჩია. ამოარჩია არა იმიტომ, რომ ბუნებით სხვა ძეებზე აღმატებულების მიხედვით ჰქონდა რაიმე (რადგან ამბობენ, რომ არც არის სხვა ვინმე ბუნებით ძე, არც გააჩნია რაიმე განსაკუთრებული თვისება მის მიმართ), არამედ ისიც ცვალებადი ბუნების არის, რომელიც მონდომებისა და წვრთნის გზით არ შეიცვალა უარესისაკენ. თუკი პავლეც და პეტრეც ამას ცდილობდა, მათგან არაფრით გამოირჩევა მისი ძეობა.

ამ უგუნური მოძღვრების დასამტკიცებლად წმინდა წერილსაც კი შეურაცხყოფენ და იმეორებენ ქრისტეს შესახებ ფსალმუნებში ნათქვამს: "შეიყვარე სიმართლე და შეიძულე უსამართლობა; ამიტომ გცხო შენ ღმერთმა შენმა ზეთი სიხარულისა შენს თანაზიართა უმეტეს" (ფს. 44, 8). იმის შესახებ, რომ ღვთის ძე არც არარსებულიდან არის გაჩენილი, არც იყო დრო, როდესაც არ იყო, საკმარისად გვასწავლის იოანე მახარებელი, როდესაც მის შესახებ წერს: "მხოლოდშობილი ძე, რომელიც არის მამის წიაღში" (იოან. 1, 18). საღვთო მოძღვარმა იმის წარმოჩენის გათვალისწინებით, რომ ერთმანეთისაგან განუყოფელია ორი საგანი - მამა და ძე, მას უწოდა მამის წიაღში მყოფი. მაგრამ ის, რომ ღვთის სიტყვა არარსებულიდან წარმოშობილებთან ერთად არ აღირიცხება და, რომ ყოველივე მის მიერ შეიქმნა (იოან. 1, 3), ამას თვითონ იოანე [16]ამბობს. ქრისტეს საკუთარ ჰიპოსტასს23 ცხადყოფს, როცა ამბობს: "დასაბამში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და ღმერთი იყო სიტყვა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და მის გარეშე არაფერი შექმნილა" (იოან. 1, 3). რადგან თუ ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, ქმნილებებისთვის არსებობის მიმნიჭებელი, თვითონ როგორ არ იყო ოდესღაც? თუ თვითონ იყო დასაბამში, ყოველივე მის მიერ შეიქმნა და შექმნა არარსებულიდან, უგუნურება არ არის, რომ შემოქმედი იმავე ბუნების მქონედ განისაზღვროს, რაც ქმნილებებს აქვთ. რადგან არარსებულიდან შექმნილთა საპირისპიროდ და ძალიან დაშორებულად ითვლება მეოფი24. რადგან ეს არ აჩვენებს მამასა და ძეს შორის მანძილის არსებობას, სანამ რომელიმე სული არ შეძლებს ამის გონებით წარმოსახვას. მაგრამ არარსებულიდან ქვეყნიერების შესაქმის გვამოვნება25 ახალი და ნორჩი წარმოშობისაა, როდესაც ყოველივემ მამისაგან ძის მეშვეობით მიიღო ამგვარი შეარსება. ყველაზე ღვთისმოშიში იოანე ხედავს რა, რომ "იყო" ეკუთვნის ღვთის სიტყვას და არის ქმნილებათა აზროვნებაზე აღმატებული, შეუფერებლად მიიჩნეეს მისი დაბადებისა და შექმნის თქმას, არც შემოქმედის სახელდება გაბედა ქმნილებების [აღმნიშვნელი სიტყვის] მსგავსი მარცვლებით; რადგან არ იყო უშობელი (ერთი არის უშობელი, მამა), არამედ მახარებელთა აზროვნებაზე, და ალბათ ანგელოზთა წვდომაზე ზეაღმატებუღი არის მხოლოდშობილი ღმერთის გამოუთქმელი ჰიპოსტასი.

არა მგონია, კეთილმსახურად შეირაცხოს ის, ვინც ამ [საკითხების] ძიებას ბედავს შემდეგი სიტყვებისადმი ურჩობის გამო: "შენთვის უფრო ძნელს ნუ იძიებ, შენზე უფრო აღმატებულს ნუ იკვლევ" (ეკლეს.  3, 22). რადგან თუ სხვა მრავალთა და მათზე შეუდარებლად უფრო არასრულთა ცოდნა დაფარულია ადამიანური წვდომისაგან (როგორც არის პავლესთან: "რაც თვალს არ უხილავს, და ყურს არ სმენია, და ადამიანის გულზე არ ასულა, რაც მოუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულთ" (1 კორ. 2, 9); ასევე ეუბნება ღმერთი აბრაამს, რომ შეუძლებელია ვარსკვლავთა დათვლა, და მეტიც, "ეუბნება, [17]ვინ დათვლის ზღვის ქვიშასა და წვიმის წვეთებს?" (შესაქ. 15, 5), როგორ დაშვრება ვინმე ამაოდ ღმერთის სიტყვის ჰიპოსტასზე [მსჯელობით], თუ ჭკუიდან არ არის გადასული? მის შესახებ წინასწარმეტყველური სული ამბობს: "ვინ მოგვითხრობს მის წარმომავლობას?" (ეს. 53,8). თვით ჩვენი მხსნელიც დაეშურა, რომ ამ საკითხების შესახებ ცოდნის ტვირთისგან გაეთავისუფლებინა ქვეყნიერებაზე ყოველთა ქველმოქმედების სვეტები, ვგულისხმობ ღვთივწოდებულ მოციქულებს. ყველა მათგანს ეუბნებოდა, რომ ეს წვდომა არ იყო ბუნებითი, რომ მხოლოდ მამას ეკუთვნის ამ საიდუმლოს წვდომა, და ამბობდა: "არავინ იცის, ვინ არის ძე, თუ არა მამამ, მამაც არავინ იცის, თუ არა ძემ" (მათ. 11,27), რის შესახებაც, ვფიქრობ, ამბობს მამა: "ჩემი საიდუმლოა ჩემთვის" (ეს. 24,16).

მაგრამ ამ შლეგების აზრით, იმას, რომ ძე "არარსებულიდან" გაჩნდა, და [მისი] მოვლინების ჟამიერ ხასიათს თავისთავად აჩვენებს [სიტყვა]"არარსებულიდან", და უგუნურებმა არ იციან მათი სიტყვის სიშლეგე. რაც "არ იყო", ან დროში უნდა მოქალაქობდეს, ან საუკუნის რაიმე შუალედში. თუ ჭეშმარიტებაა ის, რომ ყოველივე მის მიერ არის შექმნილი, ცხადია, მის მიერ შეიქმნა მთელი საუკუნე, დრო, შუალედები და ეს "ოდესღაც", რომელთა განმავლობაში იპოვება ის, რაც "არ იყო". და როგორ არ არის დაუჯერებელი, რომ შემოქმედი დროთა, საუკუნეთა და ჟამთა, რომლებშიც არის თანაშერეული ის, რაც "არ იყო", თვითონ არ არსებობდა ოდესღაც? რადგან უაზრო და ყოველგვარი უსწავლელობით აღსავსე არის იმის თქმა, რომ რაიმეს მიზეზი მის წარმოშობაზე უფრო გვიან გაჩნდა. რადგან მათი შეხედულების თანახმად ყოვლიერების შემოქმედი ღმერთის სიბრძნეს წინ უძღვის ეს შუალედი, რომელშიც, ამბობენ, ჯერ არ იყო მამისაგან ძე შობილი; მათი აზრით წმინდა წერილი ცრუობს, როდესაც მას "ყოველი ქმნილების პირმშოდ" (კოლ. 1.15) სახელდებს. ამ სიტყვებთან თანხმობაშია ყველაზე ხმამაღლა მღაღადებელი პავლეს სიტყვაც, როდესაც მის შესახებ ამბობს: "რომელიც დაადგინა ყოველივეს მემკვიდრედ, ვისი მეშ[18]ვეობითაც შექმნა საუკუნეები" (ებრ. 1, 2); და აგრეთვე: "მასში შეიქმნა ყოველივე, რაც არის ცათა შინა და მიწაზე, ხილული და უხილავი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი, უფლებანი, თუ საყდარნი, ყოველივე მისი მეშვეობით და მის მიმართ შეიქმნა, და თვითონ არის ყოველივეს უწინარეს" (კოლ. 1, 16-17).

როდესაც ჩანს, რომ ყველაზე დიდი უღმერთობაა ის, რაც "არარსებულიდან"-ში არის ნაგულისხმევი, აუცილებელია, რომ მამა მუდამ მამა იყოს. მაგრამ არის რა მამა, მუდამ თან ახლავს ძე, ვის გამოც ეწოდება მამა. როდესაც მას მუდამ თან ახლავს ძე, მუდამ არის სრული მამა, უნაკლულო სიკეთით; არა ჟამიერად, არც შუალედიდან, არც არარსებულთაგან არის მშობელი მხოლოდშობილი ძისა. ამიტომ რა? განა უწმინდურობა არ არის იმის თქმა, რომ ოდესღაც არ არსებობდა ღვთის სიბრძნე, რომელიც ამბობს: "მე ვიყავი მასთან ერთად მომწესრიგებელი, მე ვიყავი, ვისაც შეჰხაროდა..." (იგავ. 8, 30)? ანდა [იმის თქმა], რომ ღვთის ძალა ოდესღაც არ არსებობდა, ან, რომ სიტყვა ოდესღაც მოკვეთილი იყო მისგან; ან, - სხვა რაიმე, რითაც ძე არის ცნობილი და რაც მამას ახასიათებს? რადგან იმის თქმა, რომ არ არსებობს დიდების ბრწყინვალება, მასთან ერთად ანადგურებს პირველსახე სინათლესაც, რომლის ბრწყინვალებაც არის. და თუ ღვთის ხატი არ იყო მარად, ცხადია, არც ის არის მარად, რომლის ხატიც არის; მაგრამ ღვთის ჰიპოსტასის ხატის არარსებობა მასთან ერთად სრულებით ანადგურებს მის მიერ ამ გამოხატულსაც. აქედან ჩანს, რომ ჩვენი მხსნელის ძეობას არაფერი აქვს საერთო სხვათა ძეობასთან. ამგვარად ჩანს, რომ მისი გამოუთქმელი ჰიპოსტასი შეუდარებელ სიმაღლეზე დაუზესთავდება ყოველივეს, რასაც თავად მიანიჭა არსებობა, მსგავსადვე მისი ძეობაც ბუნების მიხედვით არის მამობრივი ღმრთეებისაგან და გამოუთქმელი სიმაღლით გამოირჩვვა მისი მეშვეობით გამხდარ ძეობილთაგან. რადგან არის უცვლელი ბუნების, არის სრული და ყოვლითურთ სრულიად უნაკლულო; ხოლო ცალკეულ ცვლილებებს დაქვემდებარებულები [19]საჭიროებენ მის შეწევნას. რადგან რა წარმატება ექნება ღვთის სიბრძნეს, ან რა შემატება - თვითჭეშმარიტებას, ან ღმერთ-სიტყვას? როგორ ექნება ცვლილება უკეთესობისაკენ თვით ცხოვრებას, ან ჭეშმარიტ სინათლეს? თუ ასეა, რამდენად არაბუნებრივი არის, რომ სიბრძნე ოდესღაც უგუნურების მიმღები იყო, ან ღვთის ძალას უძლურება ჰქონდა შერთული, ან აზრი უაზრობით იყო დაბნელებული, ან ჭეშმარიტ სინათლესთან წყვდიადი იყო შერეული? მაშინ როცა მოციქული იმთავითვე ამბობს: "რა ზიარება აქვს სინათღეს სიბნელესთან, ან რა თანხმობა არის ქრისტესი ბელიართან?" (2 კორ. 6, 14); ხოლო სოლომონი, - რომ გონებისათვის შეუძლებელი იქნებოდა, აღმოეჩინა "გველის გზები კლდეზე" (იგავ. 30, 19), რაც (კლდე - მთარგ.) პავლეს მიხედვით არის ქრისტე26? მის ქმნილებებს, ადამიანებსა და ანგელოზებს, კურთხევა აქვთ მიღებული, რათა სათნოებებში წარმატებისათვის იწვრთნებოდნენ, და - რჯულის მცნებებიც, რომ არ სცოდონ. ამიტომ, ყველასგან თაყვანისიცემება უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ბუნებით მამისაგან ძედ მყოფი. მონობისგან სულით განდგომილები, ვაჟკაცური კეთილი საქმეებითა და წარმატებით ძეობილობის სულის მიმღებნი, რომელთაც ბუნებითი ძის მეშვეობით ებოძებათ ქველმოქმედება, ხდებიან ნაშვილები ძეები27. მის ნამდვილ, იმავე გვარის, ბუნებითსა და გამორჩეულ ძეობას პავლე ასე წარმოაჩენს, როდესაც ღმერთის შესახებ ამბობს: "ვინც საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ იგი ჩვენს გამო" - ცხადია, არა ბუნებითი ძეების გამო - "მისცა" (რომ. 8, 32). რადგან არასაკუთართა საპირისპიროდ თქვა, რომ იგი არის საკუთარი ძე. და სახარებაშიც: "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მესათნოვა" (მათ. 3, 17). მხსნელი ფსალმუნებში ამბობს: "უფალმა მითხრა: შენ ხარ ჩემი ძე" (ფს. 2,7). მის ყველაზე წრფელ ნამდვილობას წარმოაჩენს და აღნიშნავს, რომ არ ყავს მას ვინმე სსვა ნამდვილი ძეები მის გარდა. და რას ნიშნავს: "მუცლიდან გშვი შენ ცისკრის ვარსკვლავის უწინარეს" (ფს. 109. 5)? განა პირდაპირ არ აჩვენებს მამობრივი მშობიარობის ბუნებით ძეობას28, არა [20]საქციელზე ზრუნვითა და ასკეზაში წარმატებით, არამედ მაშინ, როცა ბუნების თვისებით მიიღო ეს? ამიტომ, მამის მსოლოდშობილ შეს აქვს უცვლელი ძეობა. მოაზროვნე [არსებათა] ძეობილობა კი, არათუ ბუნების მიხედვით აქვთ მათ, არამედ სათანადო ქცევითა და ღვთის ნიჭით, და წმინდა წერილმა იცის ცვალებადობა: "რადგან დაინახეს ღვთის ძეებმა ადამიანთა ასულები, ცოლებად მოიყვანეს თავიანთთან" (შესაქ. 6, 2) და ა.შ. ასევე ესაიას მეშვეობით ვისწავლეთ ღვთის მიერ ნათქვამი: "ვშვი ძენი და ავამაღლე, ისინი კი განმიდგნენ" (ეს. 1, 2). ბევრი მაქვს სათქმელი, საყვარელნო, მაგრამ გვერდს ავუვლი, ვფიქრობ, მძიმე არის თანამოაზრე მოძღვართ მრავალი სიტყვის მეშვეობით შეხსენება. რადგან თავად ღვთივგანსწავლული ბრძანდებით, არ ხართ იმის უმეცარი, რომ ახლახანს საეკლესიო კეთილმსახურებას წინ აღუდგა მოძღვრება, რომელიც არის ებიონის29 და არტემას30, და შური - ანტიოქიაში [ეკლესიის ეპისკოპოს] პავლე სამოსატელის, ვისი ეკლესიიდან განკვეთაც ყველა ქევყნიდან ჩამოსულ ეპისკოპოსთა კრებამ და სამსჯავრომ საჯაროდ განაცხადა31. იგი შეცვალა ლუკიანემ32, რომელიც სამი ეპისკოპოსის [მმართველობისას] მრავალი წლის განმავლობაში კრებულისაგან განკვეთილი33 რჩებოდა.

მათი უღმერთობის ლექი ჩვენთან ახლა მათ შეიწოვეს, ვინც "არარსებულთაგან" აღმოაცენა მათი დაფარული ნერგები, - არიოზმა და აქილასმა, და მათთან ერთად უკეთურების მოქმედთა კრებულმა; და არ ვიცი, როგორ, სირიაში ხელდასხმულმა სამმა ეპისკოპოსმამ34 და მათი მოწონების მეშვეობით უფრო მეტად აღაგზნეს ცეცხლი. თქვენი გამოცდით უნდა იქნას მსჯავრი გამოტანილი მათ შესახებ. ისინი გამომხსნელი ვნებების, დამდაბლებისა და წარმოცარიელების, და მისი ეგრეთ წოდებული სიგლახაკისა და მათი [აღმნიშვნელი] სიტყვები, რაც მხსნელმა ჩვენს გამო მოპოვებითად მიიღო35, მეხსიერებაში უპყრიათ, და მის უზენაეს და დასაბამიერ ღმრთეებას მიაწერენ; ხოლო გულმავიწყნი გახდნენ მისი ბუნებითი დიდებისა და კეთილშობილების და როგორც [21]მამასთან მყოფი ერთადერთის აღმნიშვნელი სიტყვების მიმართ, როგორიც არის, მაგალითად: "მე და მამა ერთი ვართ" (იოან. 10, 30). რასაც (უფალი ამბობს, ნიშნავს არა იმას, რომ თავის თავს მამას უწოდებს, არც არსით ორს ერთი ბუნებით მყოფად36 წარმოაჩენს; არამედ - იმას, რომ მამისეული მსგავსება ზედმიწევნით აქვს დაცული მამის ძეს, ყველაფერში მისი მსგავსება ბუნებით აქვს აღბეჭდილი და არის მამისაგან სრულიად განუსხვავებელი ხატი, და პირველსახისაგან აღბეჭდილის გამოხატულება37. ამიტომაც, უფალი ესოდენის ხილვისათვის მოწადინებულ ფილიპეს უშურველად წარმოუჩენს, როდესაც იგი მას ეუბნება: "გვიჩვენე მამა", იგი პასუხობს: "ჩემი მხედველი ხედავს მამას" (იოან. 14, 8-9), როდესაც როგორც რამ უზადო სარკისა და სულიერი საღვთო ხატის მეშვეობით ჭვრეტს თავად მამას, რომლის მსგავსსაც ყველაზე დიდი წმინდანები ფსალმუნებში ამბობენ: "შენს ნათელში ვიხილეთ ნათელი" (ფს. 36, 9). ამიტომ, ძისთვის პატივის მიმგები მამას მიაგებს (შდრ. იოან. 5, 23), და ეს ბუნებრივიცაა. რადგან ყველა უწმინდური სიტყვა, რაც ძის მიმართ სათქმელად გაბედეს, მამაზე გადადის38.

საყვარელნო, ამის შემდეგ რა გასაკვირი იქნება ის, რის აღწერასაც ვაპირებ, თუ გადმოვცემ ჩემი და ჩემი ერის წინააღმდეგ მიმართულ ცილისწამებებს? რადგან ღვთის ძის ღმრთეების წინააღმდეგ დარაზმულები არც ჩვენს წინააღმდეგ შეარბილებენ უმადლო შეურაცხყოფის გამოხატვას. ისინი არც ძველთაგან ზოგიერთთან შედარებას კადრულობენ, არც იმ მოძღვრებთან გათანაბრებას იტანენ, რომლებთანაც ჩვენ სიყრმიდანვე გვქონია ურთიერთობა; არამედ არც ფიქრობენ, სადმე ახლანდელ თანამსახურთაგან ვინმეს საერთოდ თუ აქვს სიბრძნის რაიმე ნაწილი. ამბობენ, რომ მხოლოდ ისინი არიან ბრძენი, უპოვარი და სწავლებათა აღმომჩენი, და მხოლოდ მათ გამოეცხადა ის, რაც მზის ქვეშ სხვა არავის მოსვლია აზრად. ო, უწმინდური სიბრმავე, უზომო სიშლეგე, გონებაცთომილთა შესაფერისი ამაო დიდება და სატანური აზროვნება რომ ფარავს მათ უწმინდურ სულებს! ვერ შეაგონა მათ ძველ წმინდა წერილთა [22]ღვთისსათნო სიცხადემ, ვერც თანამსახურთა ქრისტეს შესახებ ერთსულოვანმა კრძალვამ შეარცხვინა მის (ქრისტეს - მთარგ.) წინააღმდეგ [გამოჩენილი] მათი კადნიერება. მათ უწმინდურობას დემონებიც ვერ აიტანენ, რომლებიც თავს იზღუდავენ ღვთის ძის წინააღმდეგ გმობის სიტყვის წარმოთქმისაგან.

ეს საკითხები, რამდენადაც ძალმიძდა, წამოვჭერი მათ წინაშე, რომლებმაც განუსწავლელად ქრისტეს წინააღმდეგ მტვერი ააფრქვიეს და მიზნად დაისახეს, მის მიმართ ჩვენი კეთილმსახურებისათვის ცილი დაეწამათ. რადგან სულელური ზღაპრების გამომგონებლები ამბობენ ჩეენზე, რომლებიც უკუვაგდებთ ქრისტეს წინააღმდეგ [მათ] "არარსებულთაგან" [შექმნის] უღმერთო და წმინდა წერილში არარსებულ მკრეხელობას, რომ ვასწავლით ორ უშობელს. ეს უსწავლელები ამბობენ, რომ ორიდან ერთი უნდა იყოს: ან უნდა ვიფიქროთ, რომ იგი არის არარსებულიდან; ან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ არსებობს ორი უშობელი. ამ უწვრთნელებმა არ იციან, რომ დიდი მანძილია უშობელ მამასა და ძის მიერ არარსებულიდან შექმნილ მოაზროვნე და არამოაზროვნე [არსებებს] შორის, და რომ მათ შუაში მდგომი ბუნება მხოლოდშობილისა, რომლის მეშვეობით ყოველივე არარსებულიდან შექმნა ღმერთი-სიტყვის მამამ, თვით მამის არსებიდან იშვა. როგორც ერთ ადგილას მოწმობს თვით უფალი და ამბობს: "ვისაც უყვარს მამა, უყვარს ძეც, მისგან შობილი" (1 იოან. 5,1).

"მათ შესახებ ჩვენ გვწამს ისე, როგორც ამას სამოციქულო ეკლესია მართებულად მიიჩნევს. ერთი უშობელი მამა, არსებობისთვის არავითარი მიზეზის არმქონე, უქცეველი და უცვლელი39, მარად იგივეს მპყრობელი, არც შემატების და არც კლების მიმღები, რჯულის, წინასწარმეტყველთა და სახარებების მომნიჭებელი, მამამთავართა, მოციქულთა და ყველა წმინდანის უფალი. და ერთი უფალი იესო ქრისტე, ღვთის მხოლოდშობილი ძე, შობილი არათუ არარსებულიდან, არამედ მამის არსებისაგან, არა სხეულთა მსგავსების მიხედვით, განკვეთებით, ან განყოფილთაგან გად[23]მოღვრებით, როგორც ფიქრობენ საბელიოზი40 და ვალენტინე41, არამედ უთქმელად და ენითაუწერლად, იმ სიტყვების თანახმად, რაც ზემოთ გადმოვეცით: "ვინ მოგვითხრობს მის წარმომავლობას?" (ეს. 42.8); როდესაც მისი ჰიპოსტასი ყველა შობილი ბუნებისათვის გამოუძიებელი არის, ისევე როგორც თვით მამაც გამოუძიებელი არის, რამეთუ მოაზროვნეთა ბუნება ვერ იტევს მამისეული ღვთისწარმოობის42 სახეს.

"ეს ჩემგან არ ესწავლება ჭეშმარიტების სულით აღძრულ ადამიანებს, მაშინ როცა გვიპყრია ამის შესახებ ქრისტეს მიერ ნათქვამი და ნასწავლი: "და არავინ იცის, ვინ არის მამა, თუ არა ძემ, და არავინ იცის, ვინ არის ძე, თუ არა მამამ" (მათ. 11.27). გვისწავლია, რომ იგი არის უქცეველი და უცვლელი, როგორც მამა, თვითკმარი და სრული ძე, მსგავსი მამისა, და, რომ მას აკლია მხოლოდ უშობელობა. რადგან არის მამის ზუსტი და ზედმიწევნით მსგავსი ხატი. ცხადია, ხატი შეიცავს ყველაფერს, რისი მეშვეობითაც არის უფრო დიდი მსგავსება, როგორც გვასწავლა თვით უფალმა, რომელიც ამბობს: "ჩემი მამა ჩემზე დიდი არის" (იოან. 14.27). და ამის მიხედვით ისიც გვწამს, რომ მამისაგან მარად არსებობს ძე, "რადგან არის დიდების ბრწყინვალება და მამისეული გვამოვნების ხატი" (ებრ. 1.3). მაგრამ "მარად"-ის ქვეშ ნურავინ იგულისხმებს უშობელს, როგორც ჰგონიათ მათ, ვისაც დაზიანებული აქვს სულის გრძნობები. რადგან არც "იყო", არც "მარად", არც "საუკუნეთა უწინარეს" არ ნიშნავს "უშობელს".

"ადამიანთა რა სახის აზროვნებაც არ უნდა იყოს, ნუ დაეშურება, სახელდვას და ცხადყოს უშობელი. რაც მწამს, რომ თქვენც ასევე ღებულობთ, და მტკიცედ ვარ დარწმუნებული ყველაფრის შესახებ თქვენს მართებულ შეხედულებაში, რომ ამ სახელთაგან არცერთი სახე არ ცხადყოფს უშობელს. რადგან ისე ჩანს, თითქოს ეს სახელები ჟამის განგრძობას აღნიშნავს, ხოლო მხოლოდშობილი ღმრთეების და დასაბამობის ღირსებისამებრ აღნიშვნა არ ძალუძს; მაგრამ როდესაც წმინდა კაცები, თითოეული ძალისამებრ, იძულე[24]ბულნი იყვნენ, გაეცხადებინათ საიდუმლო, მსმენელთა მხრიდან ითხოვდნენ შენდობას კეთილგონივრული თავდაცვით და თქმით: "რასაც მივწვდით". მაგრამ, თუ ეს ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ მიერ ნაწილობრივ შეცნობილს უგულებელყოფენ, ადამიანის ბაგეთა მეშვეობით უფრო დიდ გამონათქვამებს მოელიან, ცხადია, მოლოდინზე გაცილებით შორს რჩება სიტყვები: "იყო", "მარად" და "საუკუნეთა უწიანრეს", - ეს რაც არ უნდა იყოს, არ აღნიშნავს უშობელს. ამრიგად, უშობელი მამისათვის თვისობრივი ღირსება დაცულია იმით, რომ არცერთი არსება არ არის მის მიზეზად დასახელებული. მაგრამ ძისთვის შესაბამისი პატივი შენარჩუნებულია მისთვის მამისაგან დაუსაბამო შობის მიწერით და როგორც მივწვდით მისი თაყვანისცემის დამცველები, რომლებიც მასზე კეთილმსახურებითა და კრძალვით ვამბობთ: "იყო", "მარად" და " საუკუნეთა უწინარეს", და არ უარვყოფთ მის ღმრთეებას, არამედ მამის ხატსა და გამოხატულებას ყველაფერში ზედმიწევნით მსგავსებას მივაწერთ; მაგრამ ვთვლით, რომ მამას ერთადერთი უშობელობის თვისება ახლავს თან, რაც თვით მხსნელმა თქვა: ”ჩემი მამა ჩემზე დიდია” (იოანე 14.28).

"მამისა და ძის შესახებ ამ კეთილმსახურ შეხედულებასთან ერთად, როგორც საღვთო წერილი გვასწავლის, ვაღიარებთ ერთ სულიწმინდას, რომელიც განაახლებდა43 ძველი აღთქმის წმინდა ადამიანებს, და ახლად წოდებულის საღვთო მასწავლებლებს. [გვწამს] ერთი და მხოლო კათოლიკე, სამოციქულო ეკლესია, მარად დაუნგრეველი, მაშინ როცა, ალბათ მთელ ქვეყნიერებას განუზრახავს მასთან ომი, მაგრამ უძლეველია სხვაგვარი შეხედულების მქონეთა ყველა უღმერთო წინააღდგომისათვის, როდესაც მისი სახლის უფალი გვამხნევებს: "გამხნევდით, მე ვძლიე ქვეყნიერება" (იოან. 16.33). ამის შემდეგ ვიცით მკვდრეთით აღდგომა, რისი პირველნაყოფიც გახდა ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომელსაც ღვთისმშობელ მარიამისგან ჭეშმარიტად და არა მოჩვენებითად ემოსა სხეული. საუკუნეთა დასასრულს ცოდვათა აღსახოცად [25]დაემკვიდრა ადამიანთა მოდგმაში, ჯვარს ეცვა და ევნო, მაგრამ ამით თავისი თავის ღმრთეებაზე ნაკლები როდი გახდა. აღდგა მკვდართაგან, ცად ამაღლდა და დაჯდა დიდების მარჯვნივ44.
"ეს ნაწილობრივ დავწერე ეპისტოლეში, ჩავთვალე, რომ თითოეული [დებულების] ზედმიწევნით აღწერა, როგორც ვთქვი მომაბეზრებელი იქნებოდა, მაშინ როცა თქვენი წმინდა მოშურნეობისათვის ესენი არ არის დაფარული. ამათ ვასწავლით, ამათ ვქადაგებთ, ესენი არის ეკლესიის სამოციქულო დოგმატები, რომელთა გამო მოვკვდებით კიდევაც, ნაკლებად მზრუნველნი უარყოფის მაიძულებლებზე, თუნდაც სატანჯველებით გვაიძულებდნენ, მათზე დამყარებულ ჩვენს იმედს არ უკუვაქცევთ.

"მათი წინააღმდეგი გახდნენ არიოზიც და აქილასიც, და მათთან ერთად ჭეშმარიტების წინააღმდეგ მებრძოლნი, და განიდევნენ ეკლესიიდან, რადგან გაუცხოვდნენ ჩვენი ღვთისმოსავი მოძღვრებისაგან, მსგავსად ნეტარი პავლეს ნათქვამისა: "თუ ვინმე გახარებთ თქვენ გარდა იმისა, რაც მიიღეთ, შეჩვენებულ იყოს, თუნდაც აცხადებდეს, რომ არის ანგელოზი ზეციდან” (შდრ. გალატ. 1.8-9). მაგრამ ასევე: "თუ ვინმე ასწავლის სხვაგვარად, და არ მისდევს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს საღ სიტყვებს და ღვთისმოსაობის მხიედვით სწავლებას, გაამპარტავნებულია და არაფერი იცის” (1 ტიმ. 6.3-4), და ა.შ. მათ, საძმოსაგან შეჩვენებულებმა, არაფერი არ უნდა მიიღონ თქვენგან, არც შეწყნარებულ იქნეს მათ მიერ ნათქვამი ან დაწერილი. რადგან ეს მოგვები ყველაფერს ცრუობენ და ჭეშმარიტებას არ ამბობენ. დაეხეტებიან ქალაქებში და სხვა არაფერს ეშურებიან გარდა იმისა, რომ ან მეგობრობის მაჩვენებლობით, ან მშვიდობის სახელით, პირფერობისა და მლიქვნელობის მეშვეობით გასცენ და მიიღონ წერილები, რათა მათი მეშვეობით აცთუნონ მათ მიერ მოტყუებული "უგუნური ქალები, ცოდვებით დამძიმებულნი" (2 ტიმ. 3.6).

ამგვარად, მათ, რომლებმაც ქრისტეს წინააღმდეგ ეს გაბედეს, სახალხოდ დასცინოდნენ ქრისტიანობას, სამსჯავროთა წინაშე ესწრაფოდნენ თავის გამოჩენას, ესოდენ დიდი მშვიდობის ჟამს [26]ჩვენს წინააღმდეგ დევნულებას აღძრავდნენ, ქრისტეს წარმომავლობის უთქმელ საიდუმლოებას ასუსტებდნენ. განუდექით მათ, საყვარელო და ერთსულოვანო ძმებო. ერთ აზრზე იდექით მათი შლეგური კადნიერების წინააღმდეგ, ჩვენს აღშფოთებულ თანამსახურთა მსგავსად, რომლებმაც მომწერეს მე მათ წინააღმდეგ და ხელი მოაწერეს ტომოსს, რომელიც გამოგიგზავნეთ თქვენ ჩემი ძმის, დიაკონ აპიონის ხელით.

"ეს ტომოსი არის მთელი ეგვიპტის და თებეს, ლიბიის და პენტაპოლის, სირიის, აგრეთვე ლიკიის და პამფილიის,ასიის, კაბადოკიის და სხვა მომიჯნავე ქეეყნების [ეკლესიათა], რომელთა მსგავსადაც, გვჯერა, რომ თქვენგანაც მივიღებთ. როდესაც ცთომილებაში მყოფთათვის მოვიფიქრე მრავალი დახმარება, ესეც აღმოჩნდა როგორც წამალი მათ მიერ მოტყუებული ერისთვის, გვწამს და ვეშურებით, რომ ჩვენს თანამსახურთა თანხმობაც ამ გზით სინანულისაკენ მიიყვანს [ერს]. მოიკითხეთ ერთმანეთი თქვენთან მყოფ საძმოსთან ერთად. საყვარელნო, ვლოცულობ ქრისტეში თქვენი გაძლიერებისათვის, სარგებელს ვღებულობ თქვენი ქრისტესმოყვარე სულისაგან.

"განკვეთილი მწვალებლები არიან: ხუცესთაგან, არიოზი; დიაკონთაგან, აქილასი, ევძოიოსი, აეითალასი, ლუკიოსი,სარმატესი, იულიუსი, მენასი, სხვა არიოზი, ელადიოსი".

[ალექსანდრემ] ამავე სახის წერილი მიწერა ფილოგონიოსსაც, ანტიოქიის ვკლესიის წინამძღვარს, და ევსტათისაც45, რომელსაც მაშინ ჩაბარებული ჰქონდა ბეროელთა მმართველობა, და სხვებსაც, რომლებიც იყვნენ სამოციქულო დოგმატების დამცველი. არიოზმა ვერ შეძლო დუმილის შენარჩუნება და თვითონაც მიწერა მათ, რომელთაც თანამოაზრეებად მიიჩნევდა. საღვთო ალექსანდრეს რომ არავითარი სიცრუე არ დაუწერია მის წინააღმდეგ, ეს თვითონ არიოზმაც დაამოწმა ევსვბი ნიკომიდიელისადმი მიწერილი სიტყვებით. გადმოვცემთ ამ წერილსაც, რათა მათთვის, ვინც არ იცის, გამოვააშკარავო [მისი] უღმერთობის თანაზიარნი.

 

თ ა ვ ი IV

არიოზის ეპისტოლე ნიკომიდიის ეპისკოპოს ევსების მიმართ


[27]"ყველაზე საწადელ უფალს, ღვთის კაცს, მორწმუნეს, მართლმადიდებელს, ევსების - არიოზი, პაპ46 ალექსანდრეს მიერ დევნილი და ყველაფერში გამარჯვებული ჭეშმარიტების გამო, რასაც შენ მფარველობ, გიხაროდეს უფალში.

"როდესაც ჩემი მამა ამონიოსი წავიდა ნიკომიდიაში, კეთილგონივრულად მოვალედ წარმოვჩნდი, რომ მომეკითხე მისი მეშვეობით, ამასთან გამეხსენებინა შენში შთანერგილი სიყვარული და განწყობა, რაც გაქვს ძმების მიმართ ღვთისა და ქრისტეს გამო, რადგან ძალიან გვარბევს და გვდევნის ეპისკოპოსი, ყველაფერს თავზე დაგვატეხს, ისე, რომ ქალაქიდან გაგვაძევა როგორც უღმერთო ადამიანები, რადგან არ ვეთანხმებით მის მიერ საჯაროდ წარმოთქმულ სიტყვას: მარად ღმერთი, მარად ძე, მამასთან ერთად ძეც. ღმერთთან ერთად უშობელად მყოფობს ძე, არის მარადშობილი47, უშობელი შობილი48, ღმერთი არც აზრით, არც რაიმე წამით49 უსწრებს წინ ძეს; მარად ღმერთი, მარად ძე, თვით ღმერთისაგან არის ძე. ევსები, შენი ძმა კესარიაში, თეოდოტი, პავლინე, ათანასი, გრიგოლი, აეციუსი და ყველა აღმოსავლეთში მყოფი, რომლებიც ამბობენ, რომ ღმერთი დაუსაბამოდ მყოფობს ძის უწინარეს შეჩვენებული არიან, გარდა მხოლოდ ფილოგონიოსის, ელანიკოსსა და მაკარის, მწვალებლების და უსწავლელების, რომლებიც ძეზე ამბობენ: ზოგი - ამონთხეულს, ზოგი - გამოვარდნილს, ზოგი კი - თანაუშობელს50. და არ ძალგვიძს ამ ურჯულოთა მოსმენა, თუნდაც ათასი სიკვდილით დაგვემექრონ ამ მწვალებლებმა. მაგრამ ჩვენ რას ვამბობთ, რას ეფიქრობთ, რა გვისწავლია და რას ვასწავლით? იმას, რომ ძე არ არის უშობელი, არც უშობელის ნაწილი რაიმე სახით, არც რაიმე ქვემდებარე51 [მასალისგან] არის, არამედ იმას, რომ ნებითა და ზრახვით უწინარეს ჟამთა და საუკუნეთა მყოფობს [28]სრული ღმერთი, მხოლოდშობილი, უცვლელი, და ვიდრე იშვა, ან შეიქმნა, ან განისაზღვრა, ან დაეფუძნა, არ იყო; რამეთუ არ იყო უშობელი. ვიდევნებით, რადგან ვთქვით: დასაბამი აქვს ძეს, ღმერთი კი დაუსაბამო არის. ამის გამო ვიდევნებით, და რადგან ვთქვით, რომ "არარსებულიდან" არის. ასე ვთქვით, რადგან არ არის არც ღვთის ნაწილი, არც რაიმე ქვემდებარე [ნივთისაგან], ამის გამო ვიდევნებით. დანარჩენი შენ იცი. ვლოცულობ შენი გაძლიერებისათვის უფალში, მოიხსენე ჩვენი შევიწროებები, თანალუკიანელო52, ჭეშმარიტად ევსები53".

მის მიერ ჩამოთვლილთა შორის იყვნენ: კესარიის ეპისკოპოსი ევსები, ლადიკიის - თეოდოტი54, ტვიროსის - პავლინე55, ანაძარბოსის - ათანასე56, ბერიტის - გრიგოლი57, ლიდას (ლიდას ახლა ეწოდება დიოსპოლი) - აეციუსი58. არიოზი იქადოდა, რომ ისინი მას ეთანხმებოდნენ. მოწინააღმდეგეებად ასახელებს ფილოგონიოსს59, ანტიოქიელთა წინამძღვარს, ტრიპოლეოსს - ჰელანიკოსს60, იერუსალიმის - მაკარის61. მათ ცილს წამებს, რადგან ამბობდნენ, რომ ძე და მამა თანასწორი პატივის მქონე და თანაარსია62.

როდესაც ევსებიმ მიიღო ეს ეპისტოლე, თვითონაც გადმოანთხია თავისი ურჯულოება. პავლინეს, ტვიროსის წინამძღვარს, მიწერა შემდეგი:


თ ა ვ ი V

ნიკომიდიის ეპისკოპოს ევსების ეპისტოლე ტვიროსის ეპისკოპოს პავლინეს მიმართ


"ჩემს მეუფე პავლინეს, ევსები მოიკითხავს უფალში".

"არ დუმს არც ჩემი მეუფის, ევსების მოშურნეობა ჭეშმარიტი მოძღვრების გამო, არამედ ჩვენამდეც მოაღწია [მისმა ხმამ], არც შენი დუმილი ამაზე, მეუფეო. და შესაბამისად, გახარებული ვართ მეუფე ევსების გამო, შენს გამო კი ვწუხვართ, რადგან ვასკვნით, რომ ასეთი კაცის დუმილი ჩვენი [საქმის] მარცხს ნიშნავს. ამიტომ, შენ, რომელმაც [29]იცი, რომ გონიერ კაცს არ შეშვენის სხვაგვარად ფიქრი და ჭეშმარიტებაზე დუმილი, გთხოვ, სულით ამოურიო აზრებს დასაწერად, ამით დაიწყო, რაც სასარგებლო იქნება შენთვისაც და შენი მსმენელებისთვისაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა წმინდა წერილის თანახმად, მისი სიტყვებისა და ზრახვების კვალზე წერას ისურვებ.

"მეუფეო, არც ორი უშობელი გვსმენია, არც ორად გაყოფილი ერთი ან სხეულებრივი რამ ვნებაგანცდილი გვისწავლია ან გვრწმენია; არამედ ვიწამეთ ერთი უშობელი, ხოლო ერთი მის მიერ ჭეშმარიტად, არათუ მისი არსისაგან წარმოშობილი, უშობელის მთელი ბუნებისაგან უზიარებელი, ან მყოფი მისი არსისაგან, არამედ სრულიად სხვა ბუნებითა და ძალით მყოფი, დასასრულ, ქმნილების განწყობისა და ძალის მსგავსი გახდა, რომლის დასაბამი არის არა მხოლოდ სიტყვით აუწერელი, არამედ აზრითაც მიუწვდომელი, არა მხოლოდ ადამიანთა, არამედ ყველა ადამიანებზე აღმატებულთაგანაც. და ამას არათუ ჩვენი საკუთარი აზრით ვვარაუდობთ, არამედ წმინდა წერილისგან გვისწავლია და ვამბობთ, რომ არის ქმნილება და დაფუძნებული, და არსით დაბადებული, ბუნებით უცვლელი და უთქმელი, და გვისწავლია, რომ არის შემოქმედის მსგავსებით, როგორც თავად უფალი ამბობს: "ღმერთმა თავისი გზების დასაბამად შემქმნა მე მისი საქმეებისათვის, საუკუნეთა უწინარეს დამაფუძნა; დასაბამში დედამიწის შექმნამდე, წყლის წყაროების გადმოდინებამდე, მთების დაფუძნებამდე, ყველა ბორცვის უწინარეს მშვა მე" (იგავ. 8.22-26).

"მაგრამ თუ მისგან, ესე იგი, მისი წიაღიდან63 იყო, როგორც ალბათ მისი ნაწილი, ან არსის გადმოღვრისგან, მეტად ვეღარ ითქმება [მასზე] შექმნილი და დაფუძნებული, რისი უმეცარიც ნამდვილად არა ხარ შენ, უფალო. რამეთუ უშობელისაგან მყოფი მეტად ალბათ აღარ იქნება შექმნილი ან დაფუძნებული სხვისგან ან მისგან, [როგორც] დასაბამიდან უშობელად მყოფი. მაგრამ თუ მის შობილად თქმა იმის რაიმე მტკიცებას იძლევა, რომ მამისეული არსიდან გაჩენილს მისგან ბუნების იგივეობაც აქვს; ვიცით, რომ მხოლოდ მის [30]შესახებ არ ამბობს წმინდა წერილი შობილად ყოფნას, არამედ მის მიმართ ბუნებით სრულიად არამსგავსებზეც. რადგან ადამიანებზეც ამბობს: "ძენი ვშვი და ავამაღლე, ისინი კი განმიდგნენ" (ეს. 1.3); და ასევე: "მშობელი ღმერთი მიატოვე" (II რჯ. 32.18). და სხვაგანაც ამბობს: "ვინ არის ცვრის წვეთის მშობელი?" (იობ. 38.28). [ეს] აღწერს არა [მისი] ბუნებისაგან [წარმოშობილ] ბუნებას, არამედ წარმოშობილთაგან თითოეულის მისი ნებით წარმოქმნას. რადგან არაფერი არ არის მისი არსისგან, არამედ ყველაფერი მისი ნებელობით არის გაჩენილი ისე, როგორც თითოეული არის შექმნილი. რადგან იგი არის ღმერთი; ხოლო რომლებიც მისი მსგავსი არის და სიტყვის მსგავსი გახდებიან, ისინი [მისი] ნებელობის მიხედვით არიან შექმნილი. მაგრამ ყოველივე ღმერთისგან მისი მეშვეობით არის შექმნილი; და ყოველივე არის ღმერთისგან.

"ოგორც კი მიიღებ [წერილს] და გულდასმით გამოიკვლევ ღვთისგან შენზე შემატებული ნიჭის მიხედვით, იჩქარე, მისწერო ჩემს მეუფე ალექსანდრეს. მწამს, რომ, თუ მიწერ მას, იგი მოიქცევა. მოიკითხე ყველა უფალში.

ძლიერსა და ჩვენს გამო მლოცველს საღვთო მადლი დაგიცავს, მეუფეო".

ესენიც ასე სწერდნენ ერთმანეთს, ჭეშმარიტების წინააღმდეგ ომისთვის შეჭურვილნი64. როდესაც ამგვარად მიმოაბნევდნენ მკრეხელობას ეგვიპტისა და აღმოსავლეთის ეკლესიებში,თითოეულ ქალაქსა და სოფელში საღვთო დოგმატების შესახებ დავები და ბრძოლები იჩენდა თავს. დანარჩენი ბრბო კი მოვლენათა მაყურებელი და გამონათქვამთა მსაჯული იყო, და ზოგი ერთ მხარეს, ზოგი კი მეორეს აქებდა, და იყო საქმენი ტრაგედიისა და გლოვის ღირსი. რამეთუ არა უცხოტომელები და მტრები, არამედ თანატომელები, ერთ ჭერქვეშ მცხოვრებნი და თანამეინახენი ერთმანეთის წინააღმდეგ შუბების ნაცვლად ენებს ამოძრავებდნენ, უფრო კი ერთმანეთის ასოები და ერთი სხეულის შემადგენელნი ერთმანეთის წინააღმდეგ აღიჭურვებოდნენ.


თ ა ვ ი VI

ნიკეაში დიდ კრებასთან დაკავშირებული [ამბები]


[31]როდესაც ეს შეიტყო ყოვლადბრძენმა იმპერატორმა, ჯერ ცდილობდა გადაეხერგა ბოროტებათა წყარო და გონებამახვილობით სახელგანთქმულთაგან ზოგიერთს მწიგნობრებთან ერთად გზავნიდა ალექსანდრიაში, ცდილობდა დაეცხრო დავა და მოელოდა ამბოხებულთა ერთსულოვნებას. მაგრამ შემდეგ, როდესაც იმედი გაუცრუვდა, ნიკეაში65 გამართა ეს სახელგანთქმული კრება, და ბრძანა სახელმწიფო ვირებით, ჯორებით, და ცხენებით მომსახურებოდნენ ეპისკოპოსებსა და მათთან ერთად მომავალთ. შემდეგ შეიკრიბნენ, რომლებსაც შეეძლოთ მოგზაურობის სიმძიმის ატანა, ისიც ჩამოვიდა ნიკეაში, ესწრაფოდა, ენახა მდვდელმთავართა სიმრავლე, და იღწვოდა მათი ერთსულოვნების დასამყარებლად; და მყისვე ბრძანა, ყველაფრით უშურველად უზრუნველეყოთ ისინი. შეიკრიბა სამასთვრამეტი მდვდელმთავარი. რომის [ეპისკოპოსი]66 ღრმა მოხუცებულობის გამო აკლდა, მაგრამ გამოგზავნა ორი ხუცესი67, აღმასრულებლებთან თანხმობის უფლებით აღჭურვილნი.

იმ დროს მრავალი იყო სამოციქულო ნიჭებით გამორჩეული, მრავალი კი თავიანთი სხეულით ატარებდა უფალ იესოს ნიშნებს68, საღვთო მოციქულის თანახმად. იაკობი, [ეპისკოპოსი] მიგდონიის ანტიოქიისა, რომელსაც სირიელებიც და ასირიელებიც ნიზიბისს უწოდებენ, მკვდრებს აღადგენდა და ცოცხალთა შორის განაწესებდა, და სხვა ათასობით საკვირველებას იქმოდა, რისი ამ აღწერაში მეორეჯერ გადმოცემაც, ვფიქრობ, ზედმეტია; ესენი ღვთისმოყვარეთა ისტორიაში გიამბეთ. პავლე, [ეპისკოპოსი] ნეოკესარიისა (ეს არის ციხე-სიმაგრე ევფრატის ნაპირებზე), ლიკინიუსის სიშლეგის მსხვერპლი იყო. რადგან ორივე ხელით დაბრკოლებული იყო, გახურებული რკინით კუნთის მამოძრავებელი ნერვი გაწყვეტილი [32]და მკვდარი ჰქონდა. სხვებს კი მარჯვენა თვალი ჰქონდათ ამოთხრილი, სხვებს კი მარჯვენის მყესები ჰქონდა გადაჭრილი. ერთი მათგანი იყო პაფნუტი ეგვიპტელი. ერთი სიტყვით იხილვებოდა მოწამეთა ერი ერთ ადგილას შეკრებილი. მაგრამ ეს საღვთო და დიდებული69 ერი მოწინააღმდეგეებს არ იყო მოკლებული, არამედ იყვნენ ზოგიერთები, მცირერიცხოვანნი, მაგრამ მოჩვენებითად, მეჩეჩის მიმბაძველები, უკეთურებას ფარავდნენ და არიოზის მკრეხელობას ღიად არ ემხრობოდნენ.

როდესაც ყველა შეიკრიბა, იმპერატორმა სასახლეში მზადყოფნაში მოიყვანა დიდი სახლი, მასში, ბრძანა, დაედგათ ძალიან ბევრი საკარცხული და ტახტი, მღვდელმთავართა ყრილობისათვის საკმარისი რაოდენობის. ამგვარად მათთვის შესაფერისი პატივისცემით მოაწესრიგა. თხოვდა, რომ შესულიყვნენ და წამოჭრილ საკითხზე ეთათბირათ. ბოლოს, თვითონაც შევიდა მცირერიცხოვან ამალასთან ერთად, სანაქებო იყო მისი ახოვანება და მისი გარეგნობა - საკვირველი, მაგრამ უფრო საკვირველი - მოკრძალება მის სახეზე. შუაში იჯდა მცირე ტახტზე, ამის ნებართვას ეპისკოპოსებს თხოვდა; მასთან ერთად დაჯდა ეს საღვთო დასიც. მაშინათვე პირველი [წამოდგა] დიდი ევსტათი, ანტიოქიის ეკლესიის თავმჯდომარეობის მიმღები (რადგან ფილოგონიოსი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, უკეთეს ცხოვრებამი იყო გადასული, მდვდელმთავრებმა, მღვდლებმა და მთელმა ქრისტესმოყვარე ერმა ერთობლივი გადაწყვეტილებით აიძულეს, რომ მის ნაცვლად მას დაემწყემსა ეს ეკლესია), და მან შესხმათა ყვავილების გვირგვინით შეამკო იმპერატორის თავი, ღვთის მიმართ მოშურნეობისთვის კურთხევებით მიუზღა.

როდესაც მან დაასრულა, სახელგანთქმულმა იმპერატორმა ერთსულოვნებასა და თანხმობას მიუძღვნა სიტყვები, გაიხსენა ტირანების სისასტიკე და მის დროს ღვთისგან მონიჭებული უძვირფასესი მშვიდობა; თუ როგორი საშინელი და მეტისმეტად საშინელია ერთმანეთზე კვეთება, და მოძულეთათვის სიამოვნებისა [33]და სიცილის მოგვრა70, როდესაც მტერი განადგურებულია და ვერავინ ბედავს წინ აღდგომას; განსაკუთრებით მაშინ, როცა საღვთო საკითხებზე საუბრობენ და ყოვლადწმინდა სულის მიერ დაწერილი მოძღვრება უპყრიათ. იგი ამბობდა: "რამეთუ სახარებებისა და სამოციქულო წიგნები, და ძველ წინასწარმეტყველთა ღვთივშთაგონებული [ნაწერები] გვასწავლიან იმას, რაც ჩვენთვის საჭიროა, რომ ღვთის შესახებ ვიფიქროთ. განვდევნოთ მტრობის ჩამომგდები71 დავა და ღვთივსულიერ სიტყვათაგან მივიღოთ საძიებელ საკითხთა ამოხსნა". ეს და ამის მსგავსი [სიტყვებით], როგორც მამის მოყვარე შვილმა, ისე მიმართა მღვდლებს როგორც მამებს, და იღვწოდა სამოციქულო დოგმატებში თანხმობის მისაღწევად. კრების უმრავლესობა დაარწმუნა ამ სიტყვებმა, და ესწრაფოდა ერთსულოვნებასაც და დოგმატების სისაღესაც. მცირედნი კი, რომელთაგან ზოგიერთი ზემოთ ვახსენეთ, და მათ გარდა მენოფანტე ეფესელი, სკვითოპოლელი პატროფილე, თეოგონიოსი, თვით ნიკეის ეპისკოპოსი და ნარკისოს ნერონიელი (ნერონია არის მეორე კილიკიის ქალაქი, რომელსაც ახლა იერენოპოლისს ვუწოდებთ); მათთან ერთად, თეონა მარმარიტელი, სეკუნდოსი ეგვიპტელთა პტოლემაიდიდან72 ეკამათებოდნენ სამოციქულო დოგმატებს, და არიოზს იცავდნენ. მათ ჩააწერინეს [მათი] რწმენის მოძღვრება და წარუდგინეს კრებას, რომელმაც, როდესაც წაიკითხა, ყველამ მყისვე დახია, ყალბი და თაღლითური უწოდა. როდესაც მათ წინააღმდეგ დიდი ხმაური ატყდა და ყველამ მათ კეთილსახურების ღალატში დასდო ბრალი, სეკუნდოსის და თეონას გარდა შეშინებულები წამოდგნენ და პირველებმა განკვეთეს არიოზი. ამგვარად, როდესაც ეს უღმერთო წავიდა, ყველამ ერთხმად ახლანდელ დრომდე ეკლესიებში მოქალაქეობის მქონე მრწამსი კარნახით ჩააწერინა, ხელმოწერებით განამტკიცა, და კრებაც დაიშალა.


თ ა ვ ი VII

არიანელთა მხილება ევსტათის და ათანასეს ნაწერთაგან


[34]ზემოხსენებული [ეპიკოპოსები] მოჩვენებითად და არაგულწრფელად შეუერთდნენ ამ მრწამსს, ამას მოწმობს როგორც მოგვიანებით კეთილმსახურების წინამბრძოლთა წინააღმდეგ მათ მიერ მოწყობილი [საქმეები], ასევე მათ შესახებ ამათ მიერ დაწერილიც. ეს ევსტათი, ანტიოქიელთა ეპისკოპოსი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, გვიამბობს მომხდარ მოვლენებს, ამხელს მკრეხელობას და განმარტავს "იგავთა" სიტყვებს: "უფალმა შემქმნა მისი გზების დასაბამად მისი საქმეებისათვის" (იგავ. 8.22); და მათ შესახებ დაწერა შემდეგი. აქედან უკვე [კრების] საქმეებზეც73 გადავდივართ.

"ასე რომ, რა [მოხდა] მას შემდეგ, რაც ამის გამო ნიკეაში გაიმართა დიდი კრება და ორას სამოცდაათი [ეპისკოპოსი] შეიკრიბა? რადგან ამ მრავალრიცხოვანი ერის გამო არ ძალმიძს სინამდვილის დაწერა, თუ რა რაოდენობის იყო, რადგან ეს არც მიკვლევია დიდი მონდომებით. როგორც კი დაიწყეს რწმენის გზის ძიება, გამოტანილ იქნა მკრეხელობის აშკარა მხილება, - ევსების ნაწერები. ყველას წინაშე იქნა წაკითხული, მყისვე უკან დახევის გამო თვით მსმენელებს არასაიმედო საქციელით74 უმასპინძლა, მწერალს კი წარუხოცელი სირცხვილი მიანიჭა. ამის შემდეგ ევსების გარშემო მყოფთა საქმე აშკარად დამარცხდა, და როდესაც ურჯულო ნაწერი ყველას თვალწინ დაიხა, ზოგიერთმა [სათანადოდ] მომზადებელმა მშვიდობის სახელით დაადუმა ყველა საუკეთესო მოსაუბრე. მაგრამ არიანელები იმის შიშით, რომ ესოდენ [მრავალრიცხოვანი] კრებისგან იქნებოდნენ განდევნილი, წინ გამოხტნენ, უარყვეს და შეაჩვენეს ეს უარყოფილი დოგმატი, საკუთარი ხელით მოაწერეს [ყველასთან] თანხმობაში მყოფ ნაწერების ქვეშ. მაშინ როცა უნდა განეგდოთ [ეპისკოპოსის ხარისხიდან], შეინარჩუნეს [35]თავჯდომარეობა ესოდენი ხეტიალის მეშვეობით და ზოგჯერ ფარულად, ზოგჯერ კი ღიად ქადაგებდნენ უკუგდებულ შეხედულებებს, და იგონებდნენ სხვადასხვა მტკიცებულებებს. განიზრახავდნენ ღვარძლის მცენარეთა განმტკიცებას, მცოდნეების ეშინოდათ, გაურბოდნენ ზედამხედველებს, და ამგვარად ებრძოდნენ კეთილმსახურების მქადაგებლებს. მაგრამ ასე არ გვწამს, რომ უღმერთო ადამიანებს ოდესმე შესწევთ იმის ძალა, დაამარცხონ ღმერთი. რამეთუ კვლავ გაძლიერდებიან, და კვლავ დამარცხდებიან წმინდახმიანი წინასწარმეტყველ ესაიას მიხედვით". ამრიგად, ეს არის დიდი ევსტათის სიტყვები.

ხოლო მისმა თანამებრძოლმა და ჭეშმარიტების დამცველმა ათანასემ, სახელგანთქმული თავჯდომარის, ალექსანდრეს მონაცვლემ, აფრიკელებს მიწერა და დაურთო შემდეგი:

"რადგან როდესაც შეკრებილ ეპისკოპოსებს სურდათ არიანელთა მიერ გამოგონილი [შემდეგი] უღმერთო სიტყვების უარყოფა: "არარსებულიდან" და "ძე არის ქმნილი და დაბადებული", და "იყო მაშინ, როდესაც არ იყო", და რომ "ცვალებადი ბუნების" არის; და წმინდა წერილის მხიედვით აღიარებულის დაწერა, რომ ძე ბუნებით არის ღმერთისაგან მხოლოდშობილი, სიტყვა, ძალა, მამის მხოლო სიბრძნე, ღმერთი ჭეშმარიტი, როგორც ამბობს იოანე, და როგორც წერს პავლე, დიდების ბრწყინვალება, და მამის გვამოვნების ხატი; ევსების გარშემო მყოფნი კი, თავიანთ ბოროტ შეხედულებებს მიდევნებულები ერთმანეთს ეუბნებოდნენ: "ვეთანხმებით, რადგან ჩვენც ვართ ღმერთისგან; "რამეთუ ერთი არის ღმერთი, რომლისგან არის ყოველივე” (1 კორ. 8,6); და "ძველი წავიდა, აჰა, ყოველივე ახალი გახდა. ხოლო ყოველივე ღვთისგან არის" (2 კორ. 5.17). გაიაზრებენ იმასაც, რაც "მწყემსში” არის დაწერილი: "უპირველეს ყოვლისა ირწმუნე, რომ ერთი არის ღმერთი, ყოველივეს დამფუძნეველი და მომწესრიგებელი, და არარსებულიდან არსებობისათვის შემოქმედი"75.

"მაგრამ ეპისკოპოსებმა, როდესაც დაინახეს მათი ბოროტმოქ[36]მედება და უღმერთობის ხრიკები, უფრო ნათელი გახადეს გამონათქვამი "ღმერთისგან" და დაწერეს, რომ ძე იყო "ღმერთის არსისგან"; რადგან ქმნილებებზე, რომლებსაც თავისი თავისგან, ანუ მიზეზის გარეშე არა აქვთ არსებობა, არამედ აქვთ წარმოშობის საწყისი, ითქმება, რომ ღმერთისგან არის, მაგრამ მხოლოდ ძე არის საკუთრივად ღმერთის არსისგან. რამეთუ ეს არის მამის მხოლოდშობილი და ჭეშმარიტი სიტყვის საკუთარი თვისება76. ეს არის "არსისგან" დაწერის საბაბი.

"ეპისკოპოსებმა კვლავ ჰკითხეს მათ, რომლებიც ჩანდა, რომ ცოტა იყვნენ, - თუ იტყვიან, ძე არ არის ქმნილება, არამედ მამის ძალა და მხოლო სიბრძნე, ყველაფერში მამის მარადიული და უცვლელი ხატი, და ჭეშმარიტი ღმერთი. ამ დროს ევსების გარშემო მყოფნი შემჩნეულ იქნენ, რომ ანიშნებდნენ ერთმანეთს: "ესეც იყო ჩვენთვის მისაღები. რადგან ჩვენზეც ითქმის ღმერთის ხატი და დიდება, და ჩვენს შესახებ ამბობენ: "რამეთუ ჩვენც ვართ მარად   მცხოვრები" (2 კორ. 4.11), და, "ყველა არის ძალა" (1 კორ. 12.6); ამბობენ: "გამოვიდა ღმერთის მთელი ძალა ეგვიპტის მიწიდან" (გამ. 12.41). მუხლუხოსაც და კალიასაც ეწოდება დიდი ძალა. და: "უფალი ძალთა არის ჩვენს შორის, ჩვენი შემწე არის იაკობის ღმერთი" (ფს. 45.8). მაგრამ ის აზრი, რომ ჩვენც ვართ ღმერთის მახლობელი, არათუ მარტივად გვიპყრია, არამედ რადგან [უფალმა] ჩვენ ძმები გვიწოდა. მაგრამ თუ ძეზე ჭეშმარიტ ღმერთს ამბობენ, ეს ნუ დაგვანაღვლიანებს ჩვენ, რადგან, რაც წარმოქმნილია, ჭეშმარიტი არის".

"ეს არის არიანელთა მიერ გამოთქმული აზრი. ეპისკოპოსებმა აქედან განჭვრიტეს მათი ცბიერება და წმინდა წერილიდან შემოკრიბეს [სიტყვები]:"გამობრწყინება","წყარო" და "მდინარე", და "ჰიპოსტასის ხატი"; და: "შენს სინათლეში ვიხილხეთ სინათლე" (ფს. 35.10); აგრეთვე: "მე და მამა ერთი ვართ" (იოან. 10,30). შემდეგ უფრო ნათლად და შეჯამებულად დაწერეს, რომ ძე მამის თანაარსია. რამეთუ ყველა ზემოთქმულს ეს მნიშვნელობა აქვს. მათი დრტვინვა, [37]რომ ეს სიტყვები არ არის წმინდა წერილში, მათგან არის მხილებული, რომ ამაოა. რადგან წმინდა წერილში არარსებული [გამონათქვამებიდან] სჩადიან უღმერთობას, ხოლო წერილისეული არ არის "არარსებულიდან", და "იყო დრო, როდესაც არ იყო", და ბრალს გვდებდნენ, რომ განისაჯნენ არაწერილისეული, თუმცა კეთილმსახურებით გააზრებული სიტყვებით77. ისინი, როგორც ნაკელიდან ამოსულები, ჭეშმარიტად მიწიერს მეტყველებენ. ეპისკოპოსებს კი სათავისოდ არ გამოუგონებიათ ეს სიტყვები, არამედ მამებისგან აქვთ მოწმობა იმისა, რაც დაწერეს. რამეთუ ძველი ეპისკოპოსები იყვნენ დაახლოებით ასოცდაათი წლის წინ, დიდი ქალაქის, რომის და ჩვენი ქალაქისაც, რომლებმაც ბრალი დასდეს მათ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ძე არის ქმნილება და არა მამის თანაარსი. ეს იცოდა ევსებიმ, კესარიის ეპისკოპოსმა, რომელიც პირველად არიანულ მწვალებლობას მისდევდა, მოგვიანებით კი ნიკეის კრებას მოაწერა ხელი. მან თავისიანებს მისწერა, და ამტკიცებდა, რომ აღმოაჩინა ძველთაგან ზოგიერთი გონიერი და გამოჩენილი ეპისკოპოსი და მწერალი, რომელიც მამისა და ძის ღმრთეებაზე სახელ თანაარსს იყენებდა"78.

მათ დაფარეს სენი (რადგან შეეშინდათ ეპისკოპოსთა სიმრავლის) და დაეთანხმნენ [კრების] დადგენილებას, თავზე დაიტეხეს წინასწარმეტყველური ბრალდება. რამეთუ ყოვლიერების ღმერთი ღადადებს მათ მიმართ: "ეს ერი ბაგეებით მომაგებს პატივს, მათი გული კი ჩემგან შორს არის"  (ეს. 29.13), მაგრამ თეონას და სეკუნდუსს არ სურდათ ამის გაკეთება და ყველასგან ერთსულოვნად იქნენ განკვეთილი, როგორც ადამიანები, რომლებმაც სახარებისეული მოძღვრების წინ არიანული მკრეხელობა დააყენეს. კვლავ გაიმართა კრება და დაწერეს საეკლესიო მოქალაქეობის ოცი კანონი79.


თ ა ვ ი VIII

[38]მელეტი ეგვიპტელთან დაკავშირებული [ამბები], ვისგანაც დღემდე არის შემორჩენილი მელეტიანელთა განხეთქილება, და სინოდალური ეპისტოლე ამის შესახებ


და რადგანაც მელეტი80, რომელიც არიოზის სიშლეგემდე არცთუ დიდი ხნის წინ ეპისკოპოსის ხელდასხმის ღირსი გახდა, რაღაც კანონდარღვევებში იქნა მხილებული და განყენებულ იქნა ალექსანდრიის ეპისკოპოსის, საღვთო პეტრეს მიერ, რომელმაც დაიდგა მოწამეობის გვირგვინი. მაგრამ იგი არ დაეთანხმა განყენების გადაწყვეტილებას; თებე და ეგვიპტის შემოგარენი ხმაურითა და მღელვარებით აღავსო, ალექსანდრიელთა პირველობას აუჯანყდა; ალექსანდრიელთა ეკლესიას მისწერეს81 ის, რაც ამ სიახლის შესახებ განაჩინეს.

ეს კი არის შემდეგი სახის.

 

სინოდალური ეპისტოლე

"ნიკეაში დიდ და წმინდა სინოდზე შეკრებილი ეპისკოპოსები, ღვთის მადლით ალექსანდრიელთა წმინდა და დიდ ეკლესიას, აგრეთვე ეგვიპტეში, ლიბიასა და პენტაპოლში მყოფ საყვარელ ძმებს, მოკითხვა უფალში.

"ვინაიდან ნიკეაში ღვთის მადლით დიდი და წმინდა კრება გამართა ყველაზე ღვთისსათნო იმპერატორმა კონსტანტინემ, რომელმაც სხვადასხვა ეპარქიებიდან და ქალაქებიდან შეგვკრიბა ჩვენ, მთელმა წმინდა კრებამ აუცილებლად მიიჩნია, თქვენთვისაც გამოეგზავნა წერილები, რათა გცოდნოდათ, თუ რა საკითხები იქნა წამოჭრილი და გამოკვლეული, და რა - განჩინებული და დამტკიცებული.

"პირველ რიგში ჩვენს ყველაზე ღვთისსათნო იმპერატორ კონსტანტინეს წინაშე გამოკვლეულ იქნა არიოზის უღმერთობას[39]თან დაკავშირებული [საქმეები], და ერთსულოვნად გადაწყვეტილ იქნა, ანათემაზე გადაგვეცა მისი უღმერთო შეხედულება, მისი მკრეხელური გამონათქვამები და აზრები, რომელთაც მკრეხელურად იყენებდა; და ამბობდა, რომ ღვთის ძე არარსებულიდან არის, და შობამდე არ არსებობდა, და იყო დრო, როდესაც არ იყო; რომ ღვთის ძე თვითუფლებრივად არის მიმღები ბოროტებისაც და სათნოებისაც82. ეს ყოველივე წმინდა კრებამ ანათემაზე გადასცა, უარიც კი განაცხადა ამ უღმერთო შეხედულების, უგუნურებისა და მკრეხელური სიტყვების მოსმენაზე, და მასთან დაკავშირებით, რაც საბოლოოდ შეემთხვა, ან უკვე მოსმენილი გაქვთ, ან მოისმენთ, რათა არ ვიფიქროთ, რომ საკუთარი ცოდვის გამო ღირსეული სასჯელის მიმღებ კაცს ფეხით ვთელავთ. მაგრამ ესოდენ გაძლიერდა მისი უღმერთობა, რომ თეონა მარმარიკელმა და სეკუნდუს პტოლემაიდელმა მოიმკეს მისი შედეგები. რადგან მათგან მათაც აქვთ [სასჯელი] მიღებული.

"მაგრამ მას შემდეგ, რაც ღვთის მადლმა ეგვიპტე გაათავისუფლა ამ ბოროტი შეხედულებებისა და მკრეხელობისაგან, ასევე იმთავითვე მშვიდ ერში უთანხმოებისა და განყოფის ჩამოგდებაზე გაკადნიერებულ პირთაგან, დარჩა მელეტის დაუფიქრებლობით გამოწვეულ საქმეები და მის მიერ ხელდასხმულები. რაც კრებამ ამის შესახებ განაჩინა, წარმოგიჩენთ თქვენ, საყვარელო ძმებო. ამრიგად, წმინდა კრებამ უფრო მეტი კაცთმოყვარეობით იმოქმედა (რადგან ზედმიწევნითი სწავლების მიხედვით არავითარი შენდობის ღირსი არ იყო), და განაჩინა, ვამბობ მელეტიზე, რომ დარჩენილიყო მის ქალაქში, და არავითარი უფლება არ ჰქონოდა, არც დანიშვნის, არც ხელდასხმის, ამ საბაბით არც გამოჩენილიყო რომელიმე სოფელსა თუ ქალაქში; ოდენ პატივის სახელი დარჩენოდა. ხოლო მის მიერ დადგენილნი, საიდუმლო ხელდასხმით დამტკიცებულნი დაეთანხმონ ამათ, რომელთაც შეუძლიათ ლიტურგიის აღსრულება, ხოლო იყვნენ მეორე [საფეხურზე] მათ ქვემოთ, ვინც თითოეულ სამრევლოსა და ეკლესიაში არის ცნობილი, რომლებიც ადრე იქნენ ხელდასხმული ჩვენი ყველაზე პატივცემული თანამსახურის ალექსანდრეს მიერ; [40]მათ მიერ მოწონებულთა წინდაწინ ხელდასხმის, სახელის მიკუთვნების, ან საერთოდ რაიმეს გაკეთების არავითარი უფლება არ ჰქონდეთ ალექსანდრეს [მართვის] ქვეშ მყოფ კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსთა თანხმობის გარეშე. ხოლო მათ, რომლებიც ღვთის მადლითა და ჩვენი ლოცვებით არავითარ განხეთქილებაში არ არიან შემჩნეული, არამედ შეურყვნელად იმყოფებიან კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში, უფლება აქვთ, წინდაწინ ხელდასხმისაც, ღირსებათა წილმქონე სახელის წოდებისაც და საერთოდ ყველაფრის კეთებისა საეკლესიო რჯულისა და კანონის მიხედეით83. თუ ოდესმე მოხდება, რომ ვინმე შეისვენებს84 ეკლესიაში, მყისვე ასეთი შეძენილები85 აღსრულებულის პატივში უნდა იქნას აყვანილი; თუ ღირსი იქნებიან და ერიც აირჩევს, მათთან ერთად გადაწყვეტს და დაბეჭდავს ალექსანდრიის კათოლიკე [ეკლესიის] ეპისკოპოსი. ეს ნებადართულია ყველა სხვისთვისაც, მაგრამ მელეტის პიროვნებასთან დაკავშირებით ასე აღარ იქნას მიჩნეული, თავიდანვე მისი უწესობის, მისი ზრახვის სიმსუბუქისა და სიჩქარის გამო, რათა არავითარი უშუალო ძალაუფლება არ მიეცეს მას, ადამიანს, რომელსაც ძალუძს კვლავ ამ უწესობის ჩადენა. ეს არის ეგვიპტისა და ალექსანდრიელთა უწმინდესი ეკლესიისთვის ამოღებული და გამორჩეული [განჩინებები]. მაგრამ თუ სხვა რაიმე არის კანონად და დოგმატად განჩინებული აქ მყოფი უფლის, ჩვენი ყველაზე პატივცემული თანამსახურისა და ძმის, ალექსანდრეს მიერ, იგი აქ მყოფი თავად შეგატყობინებთ86, რომელიც არის მომხდარი მოვლენების უფალიცა და მონაწილეც.

"აგრეთვე გახარებთ ჩვენი უწმინდესი პასექის თანხმობის შესახებ, რომ ჩვენი ლოცვებით წარიმართა ეს ნაწილიც, ისე რომ მთელი აღმოსავლეთის ძმები, რომლებიც პირველად არ ეთანხმებოდნენ არც რომაელებს და არც ჩვენ, და ყველას დასაბამიდან [მარხვის] დამცველებს, ამიერიდან პასექს თქვენთან ერთად იდღესასწაულებენ. ასე რომ, გიხაროდეთ საქმეთა ასე წარმართვა, საზოგადო მშვიდობა და თანხმობა, და ყველა მწვალებ[41]ლობის ამოძირკვა. დიდი პატივითა და უშურველი სიყვარულით მიიღეთ ჩვენი თანამსახური და თქვენი ეპისკოპოსი ალექსანდრე, რომელიც გვახარებს აქ ყოფნით, და რომელიც ამ ასაკში ესოდენ ღვაწლს იტანს თქვენთან მშვიდობის დასამყარებლად. ილოცეთ ჩვენ ყველასთვის, რათა ეს მშვენივრად მიღებული და მოწონებული განჩინებები დავამტკიცოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით87, როგორც ვიწამეთ ღვთისა და მამისაგან სულიწმინდით, რომელსაც დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ".


თანაარსი და მარადიული სამება

მღვდელმთავართა ამ საღვთო ერმა ასე უმკურნალა მელეტის სენს. მაგრამ დღესაც არის დარჩენილი მისი სიშლეგის ნაშთი, და არის ამ ქვეყანაში ბერ-მონაზონთა რაღაც დაჯგუფებები, რომლებიც არც საღ დოგმატებს ემორჩილებიან, და მოქალაქეობის მიხედვითაც რაღაც ფუჭ წესებს იყენებენ, ეთანხმებიან სამარიტელთა და იუდეველთა გონებაცთომილებას.


თ ა ვ ი IX

იმპერატორ კონსტანტინეს ეპისტოლე კრებაზე მიღებული დადგენილებების შესახებ იმ ეპისკოპოსების მიმართ, რომლებიც კრებაზე არ ესწრებოდნენ

დიდმა იმპერატორმა გაუგზავნა იმ ეპისკოპოსებს, ვინც ვერ შეძლო მოსვლა, და შეატყობინა, რაც მოხდა. ჯეროვნად განვაჩინეთ ამ ეპისტოლის ამ თხრობაში მოთავსება, [რადგან] ნათლად გვაუწყებს ავტორის სულის ღვთისმოყვარეობას.

 

[42]კონსტანტინე ავგუსტუსი ეკლესიებს

"განვიხილე რა რესპუბლიკის კეთილდღეობა, როგორც საღვთო ძალის მადლით აღმოცენებული, უპირველეს ყოვლისა განვსაჯე, რომ ამ მიზანს შევხებოდი, რათა კათოლიკე ეკლესიის უნეტარეს [წევრთა] სიმრავლეში ერთსულოვნებაში მყოფთაგან დაცული იყოს ერთი სარწმუნოება, შეუბღალავი სიყვარული და კეთილმსახურება ყოვლისმპყრობელი ღმერთის მიმართ. მაგრამ ამ შეურყეველი და მტკიცე წესის მიღება სხვაგვარად ვერ მოხდა, თუ არა იმით, რომ ამისთვის ყველა, ან უმრავლესი ეპისკოპოსი მაინც შემოკრებილიყო და უწმინდესი ღვთისმსახურების თითოეული საკითხი განხილულიყო. ამიტომ ესოდენ მრავალი [ეპისკოპოსი] იქნა შეკრებილი, და თავად მეც, როგორც ერთი თქვენგანი, მათთან ერთად ვესწრებოდი. რადგან არ უარვყოფ, განსაკუთრებით მიხარია, რომ თქვენი თანამსახური გავხდი. ყველაფერი სათანადოდ იქნა გამოკვლეული, ვიდრე ყოვლიერების ზედამხედველი ღვთისათვის სათნო აზრი ერთიანობისა და თანხმობისათვის სინათლეზე არ იქნა გამოტანილი, ისე რომ მეტი აღარაფერი დარჩა აზრთა გაყოფისა და რწმენასთან დაკავშირებული დავისათვის.

"აქ უწმინდესი პასექის დღის შესახებაც იყო გამოკვლევა. საერთო აზრმა გადაწყვიტა, რომ კარგი იქნებოდა, ყველგან ყველას ერთ დღეს აღესრულებინა. რადგან ჩვენთვის რა არის მშვენიერი, რა შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი, თუ არა ის, რომ ეს დღესასწაული, რომლისგანაც მივიღეთ უკვდავების სასოება, ერთი წესითა და ნათელი აზრით ყველასთან უშეცდომოდ იყოს დაცული? და პირველ რიგში უღირსად მიიჩნიეს, რომ ეს უწმინდესი დღესასწაული იუდაური ჩვეულების მიდევნებით აღსრულებულიყო, რომლებმაც თავიანთი ხელები ურჯულო, უწესო საქციელებით გაისვარეს, ამ უწმინდურებმა თავიანთი სულები ნებაყოფლობით დააბრმავეს. ნებადართულია, რომ მათი ჩვეულებები ამოიძირკვოს, და დადგინდეს უფრო ჭეშმარიტი წესით და მომავალი საუკუნე[43]ებისათვისაც მისი მიდევნებით აღსრულება, რასაც [უფლის] ვნების დღეების ჟამიდან ახლანდელ დრომდე ვიცავთ. აწ არაფერი არ გვქონდეს საერთო იუდეველთა ყველაზე მტრულ ერთან. რამეთუ მხსნელისაგან სხვა გზა გვაქვს მიღებული. წინ უდევს ჩვენს უსამღვდელოეს მსახურებას შესაფერისი სარბიელიცა და რჯულიც. ყველაზე პატივცემულო ძმანო, ამის ერთსულოვნად მიმღებებმა საკუთარი თავი განვაშოროთ ამ სამარცხვინო სინდისისაგან. რადგან ნამდვილად ყველაზე უფრო უჯერო არის, რომ ისინი იქადოდნენ, თითქოს მათი მოძღვრების გარეშე ამის დაცვა არ ძალგვიძს. რისი მართებულად ფიქრი შეუძლიათ უფლის ამ მკვლელობის შემდეგ გონებაცთომილთ, რომლებიც წარიმართებიან არათუ რაიმე აზრით, არამედ დაუცხრომელი აღძრვით, სადაც კი მიაქანებს მათ მათში ჩანერგილი სიშლეგე? ამიტომ, ნაწილობრივადაც ვერ ხედავენ ჭეშმარიტებას, ისე რომ მუდამ დიდწილად შემცდარი არიან ისინი, სათანადო გამოსწორების ნაცვლად ერთსა და იმავე წელს მრავალგზის ზეიმობენ პასექს. ასე რომ, რატომ უნდა მივსდიოთ მათ, რომლებიც აღიარებულია, რომ საშინელი საცთურით არიან დასნეულებული? რადგან ერთ წელიწადში მეორე პასექის აღსრულების ნებას ვერასოდეს დავრთავთ. მაგრამ თუ ეს არ ხდება, თქვენი გონებამახვილობა განუწყვეტელი მოშურნეობითა და ლოცვით ფრთხილად უნდა იყოს, რომ თქვენი სულის სიწმინდე არასოდეს არანაირი მსგავსებით არ ეზიაროს ყოვლად ბოროტი ადამიანებისას.

ამას გარდა იმისათვის არის ეს ერთობლივი განხილვაც, რომ უკანონო არის ესოდენ დიდ საკითხში და ასეთი მსახურების დღესასწაულში უთანხმოების არსებობა. რამეთუ ჩვენმა მხსნელმა გადმოგვცა ჩვენი თავისუფლების ერთი დღე, რაც არის მისი უწმინდესი ვნებების [დღე]. განზრახულია, რომ იყოს მისი ერთი კათოლიკე ეკლესია, და თუმცა მისი ცალკეული ნაწილები მრავალ და სხვადასხვა ადგილებზე არის დანაწილებული, მაინც ერთი სულით, ესე იგი საღვთო ნებით, ხურდება. გაიაზროს თქვენმა უწმინდესმა მახვილგონიერებამ, როგორი საშინელი და შეუფერე[44]ბელი არის, რომ ამ დღეებში სხვები მარხვებს მისდევდნენ, სხვები ნადიმებს აღასრულებდნენ ერთად, და პასექის დღეების შემდეგ სხვები დღესასწაულებსა და დასვენებებზე აღმოჩნდნენ, ხოლო სხვები განჩინებულ მარხვებს უძღვნიდნენ თავს. ამიტომ [ამის] სათანადოდ გამოსწორება და ერთ წესზე მოყვანა ინება საღვთო წინაგანგებამ, როგორც მე ვფიქრობ, და ყველაფერს ერთად განიხილავთ. ვინაიდან ამ საქმეს ამგვარად გამოსწორება შეშვენის, რათა ამ მამისა და უფლის მკვლელებთან საერთო არაფერი გვქონდეს, კეთილმშვენიერი წესი არის დაცული მსოფლიოს დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხარეების ეკლესიებისა და აღმოსავლეთის ადგილებიდან ზოგიერთების მიერ, რომელთა გამო დღემდე მისი კეთილად პყრობა ყველას ესათნოვა, და თავად მეც მხარი დავუჭირე, რომ თქვენი მახვილგონიერება მოიწონებდა; რადგან იმას, რასაც რომაელთა ქალაქი, იტალია და მთელი აფრიკა, ეგვიპტე, ესპანეთი, გალია, ბრიტანეთი, ლიბია, მთელი საბერძნეთი, ასიისა და პონტოს მოსახლეობა, და კილიკია ერთმანეთთან თანხმობითა და ერთი ზრახვით იცავს, თქვენი შეგნებაც სიხარულით მიიღებს არა მხოლოდ ეკლესიათა ზემოთ ჩამოთვლილ ადგილთა სიმრავლეზე ფიქრით, არამედ იმაზეც, რომ ეს არის ყველას საერთო უწმინდესი ზრახვა, რასაც, ჩანს, მოითხოვს ზუსტი აზრი, და რასაც არავითარი ზიარება არ გააჩნია იუდეველთა ცრუ ფიცთან.

"შეჯამებულად რომ მოვუყარო თავი, ვიტყვი, რომ ყველამ ერთობლივად განსაჯა, პასექის უწმინდესი დღესასწაული აღსრულდეს ერთსა და იმავე დღეს. რადგან არ შეშვენის, რომ ასეთ სიწმინდესთან დაკავშირებით იყოს უთანხმოება, და რომ კარგია ამ აზრის მიდევნება, რომელშიც უცხო საცთურთან და ცოდვასთან არავითარი აღრევა არ არის. როდესაც ამგვარად არის მოწესრიგებული ეს საკითხები, სიხარულით მიიღეთ ციური მადლი და ჭეშმარიტად საღვთო მცნება. რადგან ყველაფერი, რაც აღსრულდება ეპისკოპოსთა წმინდა შეკრებებზე, ეს საღვთო ნებასთან მიმართებაში იმყოფება. ამიტომ, როდესაც ყველა საყვარელ ძმას წარმოუჩენთ ზემოთ დაწერილს, [45]მოვალე ხართ, ზემოთ ნათქვამი სიტყვა და უწმინდესი დღის დაცვა მიიღოთ და დააწესოთ, რათა შემდეგ ამისრულდეს თქვენი კეთილგანწყობის ხილვის ჩემი დიდი ხნის წადილი, და შესაძლებელი იყოს ერთსა და იმავე დღეს თქვენთან ერთად წმინდა დღესასწაულის აღსრულება; და ყოველივე თქვენთან ერთად მეც სათნო მიჩნდეს, როდესაც ვიხილავ, თუ როგორ გაანადგურა საღვთო ძალამ ჩვენი საქმეების მეშვეობით ეშმაკის სისასტიკე; როდესაც ყველგან იქნება აღზევებული ჩვენი სარწმუნოება, მშვიდობა და ერთსულოვნება. ღმერთმა დაგიცვათ, საყვარელო ძმებო".


თ ა ვ ი X

ეკლესიათა სინოვაგით მომარაგებისა და იმპერატორის სხვა სათნოებების შესახებ

ეს მიწერა მათ, რომლებიც არ ესწრებოდნენ [კრებას]. შეკრებილებს კი, რომელთა რაოდენობა სამასთვრამეტი იყო, მრავალი სიტყვითა და ძღვენით კეთილგანწყობით ეპყრობოდა. ბრძანა, მრავალი ქვეშაგები მოემზადებიათ, და ერთად გაუმასპინძლდა ყველას, უფრო ღირსეულები თანამეინახეებად მიიღო, სხვები კი სხვებთან დააგზავნა. როდესაც დაინახა, რომ ზოგს მარჯვენა თვალი ჰქონდა ამოთხრილი, და როდესაც შეიტყო, რომ კეთილმსახურებისადმი ურყევობამ მოუტანა ეს ვნება, ბაგეები ჭრილობებს მიადო. სწამდა, რომ ამბორით აქედან კურთხევას ამოწოვდა. როდესაც ნადიმი დასრულდა, კვლავ სხვა ძღვენი მიართვა მათ, პროვინციებში განწესებულ მმართველებს წერილები გადასცა და ბრძანა, თითოეულ ქალაქში ქალწულები, ქვრივები და საღვთო ლიტურგიის აღმასრულებლები ყოველწლიური სანოვაგით მოემარაგებინა, უფრო [საკუთარი] გულუხვობით, ვიდრე [მათი] საჭიროებით, განუსაზღვრა მისი ოდენობა. დღეს ისინი მათი მესამედით არის მომარაგებული. როდესაც უღმერთო იულიანემ ერთბაშად ყველაფერი გააუქმა, მის [46]შემდეგ [მოსულმა]88 ბრძანა იმ ოდენობით მომარაგება, რაც ამჟამად არის. რადგან მაშინ შიმშილმა შეამცირა შემოსავალი. მაგრამ თუ ახლანდელზე სამმაგი მომარაგება იყო, რამდენსაც გვაძლევდა, მსურველისთვის იოლია იმპერატორის დიდსულოვნების გაგება.

სამართლიანად არ მიმაჩნია, რომ ეს დუმილს მიეცეს. რამეთუ ზოგიერთი ეპისკოპოსის მიმართ მტრულად განწყობილმა ადამიანებმა დაწერეს და ბრალდებები წერილობით გადასცეს იმპერატორს. მან ასეთ ერთსულოვნების მიღწევამდე მიიღო ეს, შემდეგ შეკრა, თითით აღბეჭდა და ბრძანა [მისი]89 შენახვა. შეკრების შემდეგ მოიტანა ესენი თვითონ დამსწრეთა წინაშე, დაწვა და დაიფიცა, რომ არცერთი ნაწერი არ ჰქონდა წაკითხული. რადგან თქვა, რომ საჭირო არ არის, მღვდლების კანონდარღვევები მრავალთათვის ცხადი გახდეს, რათა აქედან ცთუნების საბაბის მიმღებებმა უშიშრად არ სცოდონ. ამბობენ, მან ესეც დასძინა: ეპისკოპოსის უცხო სქესობრივ კავშირში შეძრომის თვითმხილველიც რომ გამხდარიყო, [იმპერატორის] პორფირით დაფარავდა ამ ურჯულო საქმეს, რათა ამ საქმის ხილვამ მხილველები არ დააზიანოს. ასე შეაგონებდა და ასე აფასებდა მღვდლების პატივს და არწმუნებდა თითოეულ მათგანს, რომ დაბრუნებოდა საკუთარ სამწყსოს.


თ ა ვ ი XI

კესარიის ეპისკოპოს ევსების ეპისტოლე ნიკეაში გადმოცემული მრწამსის შესახებ


არიანელთა სისაძაგლის გამო, რომლებიც უგულებელყოფენ არა მხოლოდ [ყველასათვის] საერთო მამებს, არამედ საკუთარსაც უარყოფენ, მე განვიზრახე, გადმოვცე ევსები კესარიელის ეპისტოლე, რომელიც დაწერა მრწამსის შესახებ, და რომელიც შეიცავს მათი სიცოფის აშკარა სამხილს. ისინი მას პატივს სცემენ როგორც თანამოაზრეს, მაგრამ ამბობენ მისი ნაწერების საპირისპიროს. მან [47]მისწერა ზოგიერთ არიანულად მოაზროვნეს, რომლებიც სავარაუდოდ ღალატს აბრალებდნენ. ნაწერები უკეთესად გააცხადებენ მწერლის მიზანს.


პალესტინის კესარიის ეპისკოპოს ევსების ეპისტოლე, რომელიც ნიკეიდან გაგზავნა, როდესაც გაიმართა დიდი კრება

"ნიკეაში გამართულ დიდ კრებაზე საეკლესიო რწმენასთან დაკავშირებით მომხდარი მოვლენები ალბათ თქვენც შეიტყვეთ სხვა გზებით, რადგან ხმა საქმეთა შესახებ ჩვეულებრივ წინ უსწრებს მათ ზუსტ გადმოცემას. მაგრამ იმისათვის, რომ ასეთი სმენისაგან ჭეშმარიტება სხვაგვარად არ გეუწყოთ, აუცილებლად ჩავთვალე გამომეგზავნა რწმენის შესახებ ჩვენს მიერ გადმოცემული პირველი წერილი, შემდეგ კი მეორე, რომელიც ჩვენ სიტყვებს დაუმატეს და გამოსცეს. ჩვენს მიერ [გადმოცემული] წერილი, რომელიც ჩვენი ღვთისსათნო იმპერატორის თანდასწრებით იქნა წაკითხული და მართებულად და ჭეშმარიტად წარმოჩნდა, არის შემდეგი სახის.


ჩვენს მიერ გადმოცემული მრწამსი

"როგორც მივიღეთ ჩვენამდე მყოფი ეპისკოპოსებისგან კათაკმეველთა პირველი განსწავლისას, და მაშინ, როცა მივიღეთ განბანვაა90, და როგორც გვისწავლია წმინდა წერილიდან, და როგორც ჩვენი პრესვიტერობისას და ეპისკოპოსობისას ვირწმუნეთ და ვისწავლეთ, ასე გვწამს ახლაც და მოგახსენებთ ჩვენ მრწამსს. ეს არის:

"გვწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისმპყრობელი, ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედი; და ერთი უფალი იესო ქრისტე, ღვთის სიტყვა, ღმერთი ღვთისაგან, ცხოვრება ცხოვრებისაგან, ძე მხოლოდშობილი, პირმშო91 მთელი ქმნილებიდან, ყველა საუკუნის [48]უწინარეს მამისაგან შობილი, რომლის მეშვეობით შეიქმნა ყოველივე, რომელიც ჩვენი ხსნის გამო განხორციელდა, და კაცთა შორის მოქალაქობდა და ევნო, და მესამე დღეს აღსდგა და ავიდა მამასთან, და კვლავ მოვა დიდებით ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად. გვწამს ერთი სულიწმინდა.

მამათგან თითოეულის ყოფნა და არსებობა გვწამს, - რომ მამა ჭეშმარიტად არის მამა, ძე ჭეშმარიტად არის ძე, სულიწმინდა ჭეშმარიტად არის სულიწმინდა, როგორც ჩვენმა უფალმა, როდესაც თავისი მოწაფეები საქადაგებლად წარგზავნა, უთხრა: "წადით დაიმოწაფეთ ყველა ერი, მონათლეთ ისინი მამის, ძის, და წმინდა სულის სახელით" (მათ. 28.19). მათ შესახებ ვამტკიცებთ, რომ ასე გვიპყრია და ასე ეფიქრობთ, და ადრეც ასე გვეპყრა, და ამ მრწამსის გამო სიკვდილამდე ვიდგებით, შევაჩვენებთ ყველა უღმერთო მწვალებლობას. ამას ვფიქრობთ [მთელი] გულითა და სულით, რაც თავი გვახსოვს და ახლაც ჭეშმარიტებისაგან ვფიქრობთ და ვამბობთ, დავამოწმებთ ყოვლისმპყრობელ ღმერთზე და ჩვენს უფალ იესო ქრისტეზე, ძალგვიძს წარმოვაჩინოთ დასაბუთების მეშვეობითაც და დაგარწმუნოთ თქვენ, რომ წარსულშიც ასე გვწამდა და ვქადაგებდით”.

"როდესაც ჩვენგან ეს მრწამსი გადმოიცა, სადავო არაფერი ყოფილა. არამედ პირველმა თავად იმპერატორმა დაამოწმა, რომ იგი სიმართლეს შეიცავდა. აღიარა, რომ თვითონაც ასე ფიქრობდა, და არწმუნებდა ყველას, რომ ეს მიეღო, ხელი მოეწერათ დოგმატებისათვის, და ამას დათანხმებოდნენ, მიეწერათ მხოლოდ ერთი სიტყვა, "თანაარსი", რაც განმარტა: რომ "თანაარსი" გულისხმობს არათუ სხეულთა ვნების მიხედვით, არც განყოფის, არც მამისაგან რაიმეს განკვეთის მიხედვით არსებობას, რადგან შეუძლებელია, რომ უნივთო, გონისმიერი და უსხეულო ბუნება სხეულებრივმა რამ ვნებამ შეაარსოს92. საღვთო უთქმელი სიტყვებით მართებს ამის შემეცნება. ასე იფილოსოფოსა ჩვენმა უბრძენესმა და ყველაზე კეთილმსახურმა იმპერატორმა. მათ კი თანაარსის დამატების საბაბით შექმნეს ეს წერილი:


[49]კრებაზე გადმოცემული მრწამსი

"გვწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისმპყრობელი, ყოველივე ხილულის და უხილავის შემოქმედი; და ერთი უფალი იესო ქრისტე, ღვთის ძე, მამისაგან შობილი მხოლოდშობილი, რაც ნიშნავს მამის არსისაგან, ღმერთი ღმერთისაგან, ნათელი ნათლისაგან, ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთისაგან, შობილი და არა ქმნილი, მამის თანაარსი, რომლის მეშვეობით შეიქმნა ყოველივე, ცაშიც და მიწაზეც, რომელიც ჩვენი, ადამიანებისა და ჩვენი ხსნის გამო ჩამოვიდა, და განხორციელდა და განკაცდა, ევნო და აღსდგა მესამე დღეს, ავიდა ცაში, და არის მომავალი ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად. და ერთი წმინდა სული.

წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია შეაჩვენებს მათ, რომლებიც ამბობენ: "იყო დრო, როდესაც არ იყო", და, "შობამდე არ იყო", და, "რომ არარსებულიდან შეიქმნა", ან ამბობენ, რომ ღვთის ძე არის "სხვა გვამოვნებისგან" ან "არსისგან", ქცევადისა და ცვალებადისაგან".

"და როდესაც ეს ნაწერი მათ მიერ იქნა ნაკარნახევი, ჩვენ გამოუკვლეველი არ დაგვიტოვებია მათ მიერ ნათქვამი "მამის არსისაგან" და "მამის თანაარსი". ამიტომ, აღიძრა კითხვები და პასუხები, გამოძიებულ იქნა გამონათქვამთა აზრი. და მათ მიერ ცხადად იქნა აღიარებული, რომ "არსისაგან" ნიშნავს მამისაგან არსებობას, არა როგორც მამის ნაწილის არსებობას. ჩვენც ჩავთვალეთ, რომ კარგი იქნებოდა მიგვეღო ეს მოსაზრება, როდესაც კეთილმსახური მოძღვრება გვკარნახობს, რომ ძე არის მამისაგან, არათუ მისი არსის ნაწილი. ამიტომ, ამ მოსაზრებას თავადაც ვეთანხმებით, არც გამონათქვამს უარვყოფთ, როცა მშვიდობის მიზანი ჩვენს თვალწინ ძევს, და არ უკუვაგდებთ მართალ მოსაზრებას. ამის გამო ვღებულობთ ამ გამონათქვამსაც, "შობილი და არა ქმნილი", რადგან ამბობენ, "ქმნილი" არის იმ დანარჩენ ქმნილებათა აღმნიშვნელი სიტყვა, რომლებიც ძის მეშვეობით შეიქმნა და რომლებ[50]თანაც არავითარი მსგავსება არა აქვს ძეს. ამიტომ არ არის იგი ქმნილება მისი მეშვეობით შექმნილთა მსგავსი, არამედ არის ყველა ქმნილებაზე უკეთესი არსისგან. საღვთო სიტყვა93 გვასწავლის, რომ არის მამისაგან შობილი, [მისი] შობის გვარი კი არის ყველა ქმნილი ბუნებისათვის გამოუთქმელი და მოუაზრებელი. ასევე გამონათქვამი - "ძე არის მამის თანაარსი", გამოკვლეულ იქნა და აღნიშნავს არც სხეულებრივი გვარის მიხედვით და არც ცოცხალი მოკვდავი [არსებების] მსგავსად [თანაარსებობას]. რადგან არათუ არსის გაყოფით ან მოკვეთით არის, არც მამის ძალის რაიმე ვნებით ან ქცეულებით, ან განსხვავებით არის, რადგან ეს ყოველივე უცხო არის მამის უშობელი  ბუნებისათვის. მამის თანაარსობა თვალსაჩინოდ გამოხატავს იმას, რომ ღვთის ძე დაბადებულ ქმნილებათა არავითარ მსგავსებას არ ატარებს [თავის თავში], მხოლოდ მშობელი მამისადმი აქვს ყველანაირი მსგავსება და არის არა სხვა რაიმეს ჰიპოსტასისაგან და არსისაგან, არამედ მამის [არსისაგან]. ჩანდა, რომ კარგი იქნებოდა მიგვეღო ამგვარად განმარტებული [გამონათქვამი]; ამასთან ვიცით, რომ ზოგი ადრინდელი გონიერი და გამოჩენილი ეპისკოპოსი და მწერალი იყენებდა მამისა და ძის ღვთისმეტყველებისათვის სიტყვა "თანაარსს".

"ეს ითქვა გადმოცემული მრწამსის შესახებ, რომელსაც ყველა დაეთანხმა, არათუ გამოუკვლეველად, არამედ თვით ღვთისსათნო იმპერატორის წინაშე გამოკვლეული მოსაზრებების და [ზემოთ] ნათქვამი შეხედულებების მიხედვით. ასევე მისაღებად მივიჩნიეთ მათ მიერ მრწამსის შემდეგ დართული ანათემატიზმა, წმინდა წერილში არარსებული სიტყვების გამოყენების გამო, რომელთა მეშვეობით თითქმის მთელს ეკლესიაში შეიქნა არეულობა და შფოთი; მაშინ როცა ღვთივშთაგონებული წერილი არ იყენებს გამონათქვამებს: "არარსებულიდან", "იყო დრო, როდესაც არ იყო", და ა. შ. და არცთუ კეთილგონივრული ჩანს ამის თქმა და სწავლება. ესეც მართებულად მივიჩნიეთ და დავეთანხმეთ, მაშინ როცა წინათ ჩვენ არ გვჩვეოდა ამ გამონათქვამების გამოყენება. ამასთან უჯეროდ [51]არ ჩავთვალეთ, შეგვეჩვენებია გამონათქვამი, - "შობამდე არ იყო", და გვეღიარებია, რომ ღვთის ძე ხორციელ შობამდეც იყო. შემდეგ ჩეენმა ღვთისსათნო იმპერატორმა ამ მოსაზრებითაც განამტკიცა, რომ მისი საღვთო შობის მიხედვით იგი საუკუნეთა უწინარეს მყოფობდა; და მოქმედებით შობის უწინარეს შესაძლებლობაში მყოფობდა უშობელად მამაში, როდესაც მამა მარად მამა იყო, როგორც მარად მეუფე, და მხსნელი, და შესაძლებლობაში ყოველივედ მყოფი, და მარად იგივე და იგივურად მოქმედი.

აუცილებლად მივიჩნიეთ, რომ თქვენთვის გამოგვეგზავნა ეს ჩვენს მიერ მიღებული კვლევისა და თანხმობის ცხადი გადაწყვეტილება, საყვარელნო, და ისიც, თუ როგორ კეთილგონივრულად ვიდექით უკანასკნელ წუთამდე, როდესაც სხვაგვარად დაწერილი [გამონათქვამებით] შეურაცხგვყოფდნენ; ხოლო მაშინ კამათის გარეშე მივიღეთ ის, რაც წყენას არ იწვევდა, როდესაც გონივრულად გამოიკვლიეს სიტყვებში ნაგულისხმევი აზრი, ჩავთვალეთ, რომ აშკარად ესადაგებოდა თვით ჩვენს მიერ წინათ გადმოცემულ მრწამსში აღსარებულს.


თ ა ვ ი XII

ამჟამად მგმობელ არიანელთა მხილება კესარიის ეპისკოპოს ევსების ნაწერებიდან


ევსები ნათლად დაემოწმება იმას, რომ გამონათქვამი "თანაარსი" არ არის ახალი, არც მაშინ შეკრებილ მამათა გამონაგონი, არამედ თავიდანვე მამათაგან შვილებს გადაეცემოდა. ის, რომ ყველა იქ შეკრებილმა ერთხმად მიიღო გადმოცემული მრწამსი, თავის ადგილას თქვა და კვლავ სხვა ნაწერებით დაამოწმებს, როდესაც დიდი კონსტანტინეს მოქალაქობას ხოტბას შეასხამს94. ხოლო გვიამბობს შემდეგი სახით95.

[52] ეს წარმოთქვა ლათინურ ენაზე96, როდესაც სხვა თარგმნიდა და სიტყვას გადასცემდა კრების თავმჯდომარეთ. მაშინ ზოგიერთმა დაიწყო მის მეზობლებზე ბრალის დადება; ზოგიერთმა კი - თავის დაცვა და თავის მხრივ [მათი] გაკიცხვა, ცხადია, [ამას] იქმოდა უმრავლესობა ყოველი მხრიდან. როდესაც პირველად დაიწყო დიდი კამათი, იმპერატორი ყველას მოთმინებით უსმენდა, ძალდაუტანებელი გულმოდგინებით იწყნარებდა საკითხებს, თითოეული მხრიდან ნათქვამს ნაწილობრივ სიტყვას უგებდა, მშვიდად არიგებდა მოპაექრეთ, წყნარად ესაუბრებოდა თითოეულ მხარეს. უფრო ტკბილი და სასიამოვნო იყო მისი ბერძნული ენით საუბარი (რადგან არც ამის უმეცარი იყო): ზოგს არწმუნებდა, ზოგს კი სიტყვით ულბობდა გულს, კარგად მოუბართ კი აქებდა; ყველას ერთსულოვნებისაკენ ეწეოდა, ვიდრე ისინი ყველა საკამათო საკითხთან დაკავშირებით ერთ აზრსა და შეხედულებაზე არ დააყენა; რათა ერთსულოვანი მრწამსი ეპყრათ და ხსნის დღესასწაულის ერთიდაიგივე ჟამი ყველგან ყოფილიყო აღიარებული. ნაბრძანები ჩაწერილ იქნა, რაც თითოეულის მიერ იქნა ხელმოწერილი და ერთობლივად განჩინებული".

და მალევე კვლავ ამას დაურთავს:

"როდესაც ამგვარად განაგო, ყველა გაუშვა თავის დიოცეზში დასაბრუნებლად. ისინი სიხარულით დაბრუნდნენ. შემდგომაც ყველგან იმპერატორის წინაშე შეთანხმებული ერთი აზრი უპყრიათ, როდესაც დიდი მანძილით დაშორებულები შენაწევრებული არიან როგორც ერთი სხეულის ქვეშ. და გაიხარა იმპერატორმა საქმეების წარმართვის გამო, და ვინც ვერ დაესწრო კრებას, მდიდრული ნაყოფი ეპისტოლის მეშვეობით მიართვა, მთელი ერისთვის კი, როგორც სოფლებში, ასევე ქალაქებში მცხოვრებთათვის, ბრძანა, უშურველად გაეცათ ფული; ასე აღნიშნა [მისი] ზეობის ოცი წლის თავი".

ამგვარად, არიოზის მსგავსად მოაზროვნეებს მისი უნდა ერწმუნათ, ამ ერთსულოვანი შეთანხმების მიღწევის მთხრობელის, [53]ვინც მათში ყოველთვის იწვევდა გაკვირვებას, თუ ეს უღმერთოები სხვა მამებისთვისაც არ განიზრახავდნენ სიტყვის გებას. მაშინ როცა საკუთარ მამათა შეხედულებებს ებრძოდნენ, ალბათ უნდა ცოდნოდათ არიოზის სამარცხვინო და საზარელი აღსასრული და მთელი ძალით გაქცეოდნენ მის მიერ ნამზაკვრებ უღმერთობას. ვინაიდან სავარაუდოდ ყველამ არ იცის [მისი] სიკვდილის სახე, მე გიამბობთ ამასაც, თუ როგორ მოხდა.


თ ა ვ ი  XIII

ათანასეს ეპისტოლიდან არიოზის აღსასრულის შესახებ97

არიოზმა დიდი ხანი დაჰყო ალექსანდრიაში და კვლავ  განიზრახა, ხმაურით შეჭრილიყო საეკლესიო კრებებზე, უარყო უღმერთობა და პირობა დადო, რომ მიიღებდა მამების მიერ გადმოცემულ აღსარებას. მაგრამ როდესაც არც საღვთო ალექსანდრემ და არც მისი თავმჯდომარეობისა და კეთილმსახურების მონაცვლემ, ათანასემ98 არ დაუჯერა მას, კვლავ ევსები ნიკომიდიელის მოშურნეობის ხელშეწყობით გაიქცა კონსტანტინოპოლში. მის მიერ არეულ საქმეებსა და სამართლიანი მსაჯულის მიერ გამოტანილ განაჩენს ყველაფრით კეთილშობილი ათანასე უკეთესად გვიამბობს აპიონის მიმართ წერილებში; მე კი ამ ნაშრომში მოვათავსებ შემდეგ ნაწილს.

"მე არ ვიმყოფებოდი კონსტანტინოპოლში, როცა იგი აღესრულა, მაგრამ იმყოფებოდა პრესვიტერი მაკარი და მისი ნათქვამიდან მოვისმინე. ევსების გარშემო მყოფთა მოშურნეობის დახმარებით არიოზს მოუხმო იმპერატორმა კონსტანტინემ. როდესაც არიოზი შევიდა, იმპერატორმა ჰკითხა, თუ ეპყრა კათოლიკე ეკლესიის მრწამსი. მან დაიფიცა, რომ მართებულად სწამდა და გადასცა [54]მრწამსის ჩანაწერი; დაფარა, რომ ეპისკოპოს ალექსანდრეს მიერ ეკლესიიდან იყო გაძევებული, საფარველად იყენებდა სიტყვებს წმინდა წერილიდან. როცა ახლა დაიფიცა, რომ იგი ისე არ ფიქრობდა, რისთვისაც ალექსანდრემ გააძევა, [იმპერატორმა] გაუშვა და უთხრა: "თუ შენი მრწამსი მართალი არის, კარგად დაიფიცე, ხოლო თუ შენი მრწამსი უღმერთო არის და ისე დაიფიცე, დაე, ციდან ღმერთმა განსაჯოს შენი ნაქმნარი". როცა იგი იმპერატორისგან ასე გამოვიდა, ევსების გარშემო მყოფებმა მათთვის ჩვეული ძალადობით მოინდომეს ეკლესიაში შესვლა. მაგრამ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი, ნეტარი ალექსანდრე ეწინააღმდეგებოდა, ამბობდა, რომ მწვალებლობაში შემჩნეულები ზიარებაში არ უნდა მიეღოთ. შემდეგ ევსების მომხრეები დაემუქრენ, რომ "როგორც თქვენი სურვილის წინააღმდეგ გავაკეთეთ, რომ იმპერატორმა მოუხმო მას, ასევე ხვალ დილით შენი განზრახვის წინააღმდეგ რომ მოხდეს, არიოზი შეკრებაზე ჩვენთან ერთად მოვა ამ ეკლესიაში". შაბათი იყო, როცა ამას ამბობდნენ. როდესაც ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ეს მოისმინა და ძალიან დამწუხრდა, შევიდა ეკლესიაში, ხელები ღვთის მიმართ აღაპყრო, ტიროდა და პირქვე ეცემოდა საკურთხეველში, ძირს გართხმული ლოცულობდა. მასთან მაკარიც იმყოფებოდა, მასთან ერთად ლოცულობდა და ისმენდა მის სიტყვებს. ამ ორს ითხოვდა და ამბობდა: "თუ არიოზი შეკრებაზე მოვა, მე, შენი მონა განმიტევე, და არ დაიღუპოს კეთილმსახური უღმერთოსთან ერთად. მაგრამ თუ ზრუნავ შენს ეკლესიაზე, და მე ვიცი, რომ ზრუნავ, თვალი ადევნე ევსების მომხრეთა სიტყვებს, და ნუ მისცემ შენს მემკვიდრეობას გასანადგურებლად და გასაკიცხად; და წაიყვანე არიოზი, რათა როდესაც იგი შემოვა ეკლესიაში, არ იქნას მიჩნეული, რომ მწვალებლობაც მასთან ერთად შემოვიდა, და შემდეგ უღმერთობა კეთილმსახურებად არ ჩათვალონ". როდესაც ასე ილოცა ეპისკოპოსმა, წავიდა მეტად შეშფოთებული. მოხდა საზარელი და საოცარი საკვირველება. რადგან როდესაც ევსების მომხრეები დაიმუქრნენ, ხოლო ეპისკოპოსმა ილოცა, არიოზი კი [55]ევსების მომხრეების მიერ გათამამებული ბევრს ყბედობდა, სკამზე დაჯდა თითქოს მუცლის საჭიროების გამო, და მეყსეულად, როგორც არის დაწერილი, "ძირს დაეცა და შუაზე გასკდა" (საქმე. 1.18) და მაშინათვე ამოხდა სული, ერთდროულად ორივეს, ზიარებასაც და სიცოცხლესაც მოაკლდა. ამრიგად, ასეთი იყო არიოზის აღსასრული. ევსების მომხრეები დიდად შერცხვნენ და დამარხეს მათი თანამოაზრე. ნეტარმა ალექსანდრემ ახარა ეკლესიას და კეთილმსახურებითა და მართლმადიდებლობით აღასრულა შეკრება, ყველა ძმასთან ერთად ლოცულობდა და დიდად განადიდებდა ღმერთს. მას არათუ სიკვდილის გამო უხაროდა, ნუ იყოფინ! რადგან "ოდესღაც ყველა ადამიანს მოუწევს სიკვდილი" (ებრ. 9.27), არამედ, რადგან ეს ადამიანთა განსჯაზე აღმატებულად წარმოჩნდა. რადგან თავად უფალმა განიკითხა ევსების მომხრეთა მუქარები და ალექსანდრეს ლოცვით დასაჯა არიანელთა მწვალებლობა, აჩვენა, რომ იგი საეკლესიო ზიარების ღირსი არ იყო; და ყველასათვის ცხადი გახადა, რომ თუმცა იმპერატორისა და ადამიანებისაგან ჰქონდა მოწმობა და მფარველობა, არამედ დაისაჯა თავად ჭეშმარიტებისაგან".

უკეთური თესლების ასეთი მოსავალი მოიმკო არიოზმა, მომავალში მოსახდენი სასჯელის წინა ეზოს მხილველმა, და მის უღმერთობას სასჯელის მეშვეობით დაედო ბრალი.

მე კი დავუბრუნდები იმპერატორის კეთილმსახურების გადმოცემას. რომაელთა ძალაუფლების ქვეშ მყოფ ყველა ერს გაუგზავნა და არწმუნებდა, რომ მიეტოვებინათ მათი პირვანდელი სიცრუე, და შეაგონებდა, რომ შეესწავლათ ჩვენი მხსნელის მოძღვრება, და ამ ჭეშმარიტებისაკენ მიუძღოდა ყველას. ხოლო ქალაქებში მცხოვრებ ეპისკოპოსებს ეკლესიათა აღშენებისათვის აღძრავდა, არა მხოლოდ წერილებით შეაგონებდა ამისკენ, არამედ ფულსაც უხვად გასცემდა, და მშენებლობის ხარჯებს განკარგავდა. ამას ცხადყოფს წერილებიც, რომლებსაც აქვს შემდეგი სახე.


თ ა ვ ი XIV

იმპერატორ კონსტანტინეს ეპისტოლე ეკლესიათა აგების შესახებ99

[56]"მძლე კონსტანტინე, უზენაესი, ავგუსტუსი ევსების.

"საყვარელო ძმაო, როდესაც უწმინდური ზრახვისგან ამ დრომდე ტირანულად იდევნებიან მხსნელი ქრისტეს მსახურები, მჯერა და ზედმიწევნით დავარწმუნე ჩემი თავი, რომ ყველა საეკლესიო საქმეთა ღირსება დამცირებულ იქნა ან გულგრილობის გამო, ან აწ უსამართლობის წინათგრძნობის შიშით. ახლა, როდესაც თავისუფლება არის მინიჭებული და ეს დრაკონი რესპუბლიკის მმართველობისაგან უზენაესი ღვთის წინგანგებითა და ჩვენი მსახურებით განდევნილ იქნა, ვფიქრობ, ყველასათვის ცხადი გახდა საღვთო ძალა, და შიშით, ურწმუნოებით ან რაიმე ცოდვებით გატაცებულები, როდესაც შეიცნობენ ჭეშმარიტად მყოფს, მივლენ ჭეშმარიტი და მართალი ცხოვრების დადგინებამდე. ამიტომ შეახსენე შენს თავს, რომელიც წინამძღვრობ ესოდენ ეკლესიებს, ასევე სხვა ადგილებზე წინამდგომელ ეპისკოპოსებს, ხუცესებს და დიაკვნებს, ვისაც შენ იცნობ, რომ მოშურნედ იღვწოდნენ ეკლესიათა საქმეებისათვის, არსებულის შესაკეთებლად, ან კიდევ უფრო გასადიდებლად, ანდა სადაც საჭიროება ითხოვდა, ახლის ასაგებლად. ითხოვეთ თვითონაც და სხვებმაც მაგისტრატებისა და პროვინციათა მმართველებისგან ის, რაც აუცილებელია. რადგან მათ მივწერე, რომ მთელი მოშურნეობით მოემსახურონ შენი სიწმინდის მიერ ნათქვამს. ღმერთმა დაგიცვას შენ, საყვარელო ძმაო".

ამგვარად, ეს მიწერა თითოეული პროვინციის100 ეპისკოპოსს ეკლესიათა აგების თაობაზე. ის, თუ რა მიწერა ევსები პალესტინელს წმინდა წიგნების101 თხზულებათა თაობაზე, ადვილად შეიტყობთ მისი წერილებიდან.


თ ა ვ ი XV

მისივე ეპისტოლე საღვთო წერილის წიგნების შესახებ


[57]"მძლე კონსტანტინე, უზენაესი, ავგუსტუსი, ევსების.

"თქვენს სახელოვან ქალაქში102 ღვთისა და მხსნელის შემწე წინაგანგებით ადამიანთა უდიდესმა სიმრავლემ თავი მიუძღვნა უწმინდეს ეკლესიას. როდესაც აქ ყველაფერი ღებულობს დიდ წამატებას, მეტად ღირსეულად გვიჩნს მასში უფრო მეტი ეკლესიების აგება. ამიტომ, დიდი გულმოდგინებით მიიღე ეს ჩვენი არჩეული მოსაზრება. რამეთუ მართებულად მივიჩნიე, შენი გონიერებისათვის გამეცხადებია, რომ გიბრძანებ, ორმოცდაათი ტომი დამუშავებულ პერგამენტებად შემზადებული, საკითხავად და გამოსაყენებლად მოსახერხებელი, ხელოვანი კალიგრაფებისა და ხელობის ზედმიწევნითად მცოდნეების მიერ იქნეს დაწერილი; ცხადია, საღვთო წერილი, რომლითაც მომარაგება და რომლის გამოყენებაც იცი, რომ განსაკუთრებით აუცილებელია საეკლესიო კრებულისათვის. ჩვენი მოწყალების მიერ გაგზავნილია წერილები დიოცეზის კათოლიკოსის103 მიმართ, რათა რაც საჭიროა მათი დამზადებისათვის, ყველაფრის მოცემაზე იზრუნოს. რადგან იმისათვის, რომ ტომები ყველაზე სწრაფად დაწერილი დამზადებულ იქნას, ეს შენი მზრუნველობის საქმე იქნება. ჩვენი ამ წერილის ძალაუფლებით შენ უნდა მიიღო იმის უფლება, რომ ის ორი სახელმწიფო ეტლით მოიტანო. ასე განსაკუთრებით მშვენივრად დაწერილი ჩვენს მზერამდე ადვილად იქნას მოტანილი. ცხადია, ამას შენი ეკლესიის დიაკონთაგან ერთ-ერთი აღასრულებს, რომელიც მას შემდეგ, რაც ჩვენთან მოვა, გამოცდის ჩვენს კაცთმოყვარეობას. ღმერთმა დაგიცვას, საყვარელო ძმაო".

ესეც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, უფრო კი იმის ნათლად საჩვენებლად, თუ როგორ ყველას ასწავლა ყოვლად [58]სახელოვანმა იმპერატორმა ღვთის მიმართ მოშურნეობა. თუმცა, ზემოთ ნათქვამს დავურთავ მხსნელის საფლავთან დაკავშირებით მის მიერ წამოწყებულ საქმეებს. რადგან როდესაც შეიტყო, თუ როგორ მიწით ამოავსეს მეუფის საფლავი შლეგებმა და კერპების მსახურმა ბაკხებმა, რათა ჯიბრით დავიწყებისათვის მიეცათ გამოხსნის ძეგლი; და თუ როგორ დააშენეს მასზე გარყვნილი დემონის ტაძარი და დასცინოდნენ ქალწულებრივ მშობიარობას; ბრძანა, დაენგრიათ ეს საძაგელი შენობა და გაეტანათ ამ ბილწი მსხვერპლებით შებღალული მიწა, და ქალაქისაგან შორს გადაეყარათ; შემდეგ კი - უდიდესი და უმშვენიერესი ტაძრის აგება. ამას უფრო ნათლად ცხადყოფს ეპისტოლე, რომელიც ამ ეკლესიის თავმჯდომარეს გაუგზავნა. ხოლო იგი იყო მაკარი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, და რომელიც მონაწილეობდა დიდ კრებაში და სხვებთან ერთად ებრძოდა არიოზის მკრეხელობას. ეს კი არის [შემდეგი].


თ ა ვ ი XVI

მისივე ეპისტოლე იერუსალიმის ეპისკოპოს მაკარის მიმართ ღვთის ტაძრის აგების თაობაზე


"მძლე კონსტანტინე, უზენაესი, ავგუსტუსი მაკარის.

"ესოდენი არის ჩვენი მხსნელის მადლი, რომ ვფიქრობ, ვერავითარი სიტყვა ვერ იქნება აქ წარმოდგენილი საკვირველების ღირსი. რადგან ჭეშმარიტად ყოველგვარ აღფრთოვანებას ზეაღემატება, რომ უწმინდესი ვნების ნიშანი ადრე მიწის ქვეშ დაფარული, ამდენი წლის განმავლობაში დამალული ელოდა, ვიდრე ყველას საერთო მტრის განადგურების მეშვეობით მისი თავისუფალი მსახურება არ ამობრწყინდებოდა. რადგან თუ ყველა, ვინც კი მთელ მსოფლიოში ბრძნად ითვლება, ერთ ადგილას შეკრებილი [59]მოისურვებს, რაიმე ამ საქმის ღირსი თქვას, ალბათ უმცირესის მიღწევასაც ვერ შეძლებს; ესოდენ ზეაღემატება ყოველგვარ ადამიანური აზრის დამტევ ბუნებას ამ საკვირველების რწმენა, რამდენადაც ზეციური ადამიანურზე უფრო უმჯობესია. ამიტომ, ეს არის ჩემი მარადიული უპირველესი და ერთადერთი მიზანი, რათა როგორც ჭეშმარიტების რწმენამ საკუთარი თავი ამდენი ხნის შემდეგ უფრო ახალი საკვირველებებით წარმოაჩინა, ასევე ყველა ჩვენგანის სულები წმინდა რჯულის მიმართ ბრძნული და ერთსულოვანი გულმოდგინებით უფრო მოშურნე გახდნენ. მსურს, განსაკუთრებით შენ დაგარწმუნო იმაში, რაც უკვე ვფიქრობ, ყველასათვის ნათელი არის, რომ ყოველივეზე მეტად იმაზე ვზრუნავ, რათა მშვენიერი შენობებით შევამკო ეს წმინდა ადგილი, რომელიც ღმერთმა სამარცხვინო კერპის ზედნაშენისაგან, როგორც რამ მასზე მდებარე ტვირთისაგან, [თავისი] ბრძანებით აღამსუბუქა, დასაბამიდანვე ღვთის განსჯით განწმენდილი, ხოლო უფრო მეტი სიწმინდით  წარმოჩენილი; საიდანაც დღის სინათლეზე გამოიტანა მხსნელის ვნების რწმენა.

"აწ შენს გონებაგამჭრიახობას შეჰფერის, რაც რამ [ამისათვის] აუცილებელია, თითოეული მათგანის წინაგანგება ისე განაწესო და გააკეთო, რომ არა მხოლოდ ბაზილიკა იყოს ყველაფრით საუკეთესო, არამედ დანარჩენიც ისეთი უნდა იყოს, რომ თითოეულ ქალაქში ყოველივე გამშვენებულს ამ შენობით ჯობნიდეს. რაც შეეხება კედლების აგებას და მოჩუქურთმებას, იცოდე, რომ ჩვენს მეგობარ დრაკილიანოსს, უბრწყინვალეს პრეფექტთა თანამდებობის მპყრობელს და პროვინციის მმართველს, ჩვენგან აქვს ჩაბარებული ეს საზრუნავი. რადგან ჩვენი კეთილმსახურების მიერ ნაბრძანებია, რომ ხელოსნების, მუშების და ყველაფრის შესახებ, რაც მშენებლობისათვის აუცილებელია, შეიტყოს შენი მახვილგონიერებისაგან, და მყისვე მათი წინაგანგების მეშვეობით გამოგზავნოს. იჩქარე, მოგვწერო სვეტებისა და შემდეგ მარმარილოს შესახებ, და იმის შესახებ, რასაც უფრო ძვირფასად და საჭიროდ ჩათვლი მათთვის, [60]როდესაც განიხილავ; რათა რამდენიც და რაც საჭიროა შენი წერილის მეშვეობით შევიტყოთ და შესაძლებელი იყოს ამის მოზიდვა ყველა კუთხიდან. რადგან ეს უსასაკვირველესი ადგილი იმსახურებს ღირსებისამებრ სამკაულით გამშვენებას. მსურს შენგან ვიცოდე, როგორ ფიქრობ, ბაზილიკის თაღი ფილებით უნდა მოპირკეთდეს თუ სხვა რამ სახის სამუშაოთი. რადგან თუ ფილებით უნდა იყოს, შესაძლებელი იქნება ოქროთი შემკობაც. დარჩა ის, რომ შენმა სიწმინდემ ზემოხსენებულ მსაჯულებს სწრაფად აუწყოს, თუ რამდენი მუშა, ხელოსანი და რა ოდენობის ხარჯის გაწევა არის საჭირო. რაც შემეხება მე, დაეშურე, მაშინათვე მომმართო, არა მხოლოდ მარმარილოებისა და სვეტების შესახებ, არამედ ფილების შესახებაც, თუ განსჯი, რომ ეს მშვენიერი იქნება. ღმერთმა დაგიცვას, საყვარელო ძმაო".


თ ა ვ ი XVII

იმპერატორის დედის, ელენეს104 შესახებ და საღვთო ტაძრის აგებისადმი [მისი] მოშურნეობის შესახებ


ამ წერილებით არათუ სხვა ვინმე ემსახურა, არამედ თვით იმპერატორის დედა, ამ მშვენიერი შვილის მშობელი და ყველა კეთილმსახურისაგან სიმღერებით განდიდებული, ამ დიდი მნათობის მშობელი და მისთვის კეთილმსახურების საზრდოს მიმცემი. მან თავს იდო მოგზაურობის სიმძიმე და მოხუცებულობის სიძაბუნეზე არ იფიქრა, რადგან საზღვარგარეთ ეს გამგზავრება [მის] გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე აღასრულა და ოთხმოცი წლისამ მიიღო ცხოვრების აღსასრული.

როდესაც იხილა ეს ადგილი, სადაც საყოველთაო გამოხსნის ვნება აღსრულდა, მყისვე ბრძანა, დაენგრიათ ეს საძაგელი ტაძარი105 და მიწა გაეტანათ. ხოლო როდესაც დაფარული საფლავი დღის [61]სინათლეზე გამოიტანა, მეუფის საფლავის გვერდით ნახა [მიწაში] ჩაფლული სამი ჯვარი. ყველამ ეჭვგარეშე ირწმუნა, რომ ერთი მათგანი ჩვენი მეუფისა და მხსნელის იესო ქრისტესი იყო, ხოლო სხვები - მასთან ერთად მილურსმნული ავაზაკების. მაგრამ არ იცოდნენ, თუ რომელი მათგანის სიახლოვეს იყო მეუფის სხეული, და რომელი იყო [მისი] ძვირფასი სისხლის სინოტივის მიმღები. მაგრამ ამ უბრძენესმა და საღვთო მაკარიმ, ამ ქალაქის [ეკლესიის] თავმჯდომარემ, ეს ამოცანა ასე ამოხსნა. დიდი ხნის განმავლობაში დასნეულებულ ერთ წარჩინებულ ქალს მოშურნე ლოცვებით შეახებდა თითოეულ ჯვარს, და შეიცნო მხსნელის ძალა. რადგან, როდესაც იგი ქალს მიუახლოვა, მყისვე განიდევნა ეს მძიმე სნეულება და ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამგვარად მიხვდა იმპერატორის დედა, რომ აღუსრულდა საწადელი, და ლურსმნებიდან ზოგი სამეფო მუზარადში მოათავსა, შვილის თავზე ზრუნავდა, რათა მტრის ისარი აესხლიტა, ზოგი კი ცხენის ლაგამზე მიაბა და იმპერატორისათვის მოიგონა [ასეთი] უსაფრთხოება; და აღასრულა ძველი წინასწარმეტყველება, რადგან დიდი ხნით ადრე განაცხადა წინასწარმეტყველმა ზაქარიამ: "და ექნება ცხენის ლაგამზე წმინდა ყოვლისმპყრობელი უფლისათვის" (ზაქ. 14.20).

ჯვრის რაღაც ნაწილი სასახლეში წაიღო106, ხოლო დანარჩენისთვის დაამზადა ვერცხლის საჭურჭლე, ამ ქალაქის ეპისკოპოსს უბოძა და დააბარა, რომ მომავალი თაობებისათვის დაეცვა მხსნელის ხსოვნა107. ყველა მხრიდან ყველა სახის მასალა და ხელოსნები შემოკრიბა და ეს უდიდესი და უბრწყინვალესი ტაძარი ააგო. მათი მშვენიერებისა და სიდიადის აღწერა ზედმეტი არის და მას გამოვტოვებ, მაშინ როცა, როგორც იტყვიან, ყველა ღვთისმოყვარე იქ მიეშურება და ჭვრეტს საქმეთა სიდიადეს.

სხვა ხსოვნის ღირსი [საქმეც] გააკეთა ამ სახელოვანმა და ღირსეულმა დედოფალმა. ყველა ქალწულებრივი ცხოვრებით წვრთნილი შემოკრიბა და დააწვინა მრავალ ქვეშაგებზე. თავად[62]აღასრულებდა მომვლელის საქმეს და ემსახურებოდა, საკვებს მიართმევდა, სასმისს აწოდებდა, ღვინოს უწდევდა, ჭურჭელი მიჰქონდა ლაგანისათვის და წყალს თავისი ხელით უსხამდა.

როდესაც ეს და ამის მსგავსი ქმნა, შვილთან დაბრუნდა და მალევე სხვა ცხოვრებაში გადავიდა, უამრავი რამ დააბარა შვილს კეთილმსახური მოქალაქობის შესახებ, და წასვლისას კურთხევებით ნიაღვარი დაადინა მის თავს. ასე რომ, იგი აღსასრულის შემდეგ მიემთხვია პატივს, როგორიც მოუტანა ყოვლიერების ღმერთის ასე ყურადღებით და თბილად მსახურებამ.


თ ა ვ ი XVIII

ევსები ნიკომიდიელის უკანონო გადასვლის შესახებ

არიოზის დაჯგუფების წევრები108 არ იშლიდნენ უკეთურ თათბირებს.

რადგან ამისთვის მოაწერეს ხელი მრწამსის აღსარებას, რომ ცხვრის ქურქით მგლის [საქმეები] ეკეთებინათ. ეს საღვთო ალექსანდრე, რომელმაც ლოცვით დასცა არიოზი, ვგულისხმობ ბიზანტიელს (რადგან კონსტანტინოპოლი იმ დროს არ ერქვა), უკეთეს ცხოვრებაში გადავიდა. ევსები, ამ უღმერთოების დამცველი, ნაკლებად ფიქრობდა იმ განჩინებაზე, რომელზეც ცოტა ხნის წინ სხვა მღვდელმთავრებთან ერთად მოაწერა ხელი. მან მაშინათვე დატოვა ნიკომიდია და იმ კანონის109 საპირისპიროდ, რომელიც კრძალავს ეპისკოპოსებისა და პრესვიტერების გადასვლას ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში მიიტაცა კონსტანტინოპოლის საყდარი. რა გასაკვირია, მხოლოდშობილის ღმრთეების წინააღმდეგ ასე შლეგურად მოქმედმა რომ სხვა კანონები უშიშრად დაარღვიოს. ეს სიახლე პირველად ახლა არ შემოუღია, არამედ უკვე ადრეც გაბედა ეს, რადგან წინათ ბერიტა ჰქონდა ჩაბარებული და ნიკო[63]მიდიაში გადავიდა; აქედან გაძევებულ იქნა კრების შემდეგ მისი უღმერთოების გამოაშკარავების გამო, და მასთან ერთად თეოგონიოს ნიკეელიც. ეს იმპერატორმა კონსტანტინემ წერილების მეშვეობით ცხადყო. მე კი ეპისტოლის დასასრულს ჩავურთავ ამ თხრობაში. ხოლო ნიკომიდიელებს მიწერა შემდეგი.

 

თ ა ვ ი XIX

იმპერატორ კონსტანტინეს მიერ ნიკომიდიელებისადმი ევსებისა და თეოგონიოსის წინააღმდეგ მიწერილი ეპისტოლე


"ვინ არის, ვინც ასე ასწავლის უბოროტო ერს? ცხადია, ევსები, ტირანული სისასტიკის თანამესაიდუმლე. ის, რომ იგი ყველა მხრივ ტირანის ამონაყარი იყო, მრავალი საქმიდან გამოჩნდა. რადგან ამას მოწმობს ეპისკოპოსთა ჭრილობები, სწორედ რომ ჭეშმარიტ ეპისკოპოსთა. ამას ცხადად ღაღადებს ქრისტიანთა უმძიმესი დევნულება.

"ახლა არაფერს ვიტყვი ჩემს შეურაცხყოფაზე, რომლის მეშვეობით განსაკუთრებით მოქმედებდა თავდასხმები მოწინააღმდეგეთა მხრიდან. მან მსტოვრებიც გამოგზავნა ჩემს წინააღმდეგ, ერთადერთი იარაღით არ გაუწევია სამსახური ტირანისთვის. ნუვინ იფიქრებს, რომ მე ამის დასამტკიცებლად მოუმზადებელი ვარ. ზუსტი სამხილი მოიპოვება. ჩემს მიერ გამოცემულ იქნა დადგენილება, შეეპყროთ აშკარად ევსების მომხრე ხუცესები და დიაკვნები. მაგრამ ამას გამოვტოვებ, რაც ახლა არათუ უკმაყოფილების გამო, არამედ მათ შესარცხვენად იქნა ჩემს მიერ ნახსენები.

"მხოლოდ ეს მაშინებს, ეს მაფიქრებს, რომ ვხედავ დანაშაულებრივ თანამონაწილეობაში თქვენს მოხმობას. რადგან შეიწყნარეთ ევსების საქციელისა და მანკიერების მეშვეობით ჭეშმარიტებისაგან განშორებული სინდისი, მაგრამ მკურნალობა ხანგრძლივი არ იქნება, თუკი ახლა მიიღებთ მორწმუნე და უმწიკვლო[64]ეპისკოპოსს, ღვთის მიმართ აღაპყრობთ მზერას; რისი გაკეთებაც ახლა თქვენს ხელთაა, რასაც ადრეც გამოიყენებდით თქვენს განსჯაზე დამოკიდებულს, რომ არ მოსულიყო ზემოხსენებული ევსები, როდესაც მას მხარს ძლიერ უჭერდნენ, და არ აეშალა გამართული წესი.

"მაგრამ, რადგან მცირედი რამ უნდა ითქვას თქვენი სიყვარულის მიმართ ამავე ევსების შესახებ, თქვენი თვინიერება გაიხსენებს ნიკეელთა ქალაქში გამართულ კრებას, რომელსაც თავად მეც ვესწრებოდი ჩემი სინდისის მსახურებით. მე სხვა არა მსურდა რა გარდა ყველას ერთსულოვნებაში მოყვანისა და ყველას წინაშე იმ საქმის მხილებისა და დარღვევის, რასაც სათავე დაედო არიოზ ალექსანდრიელის გონებაცთომილების მეშვეობით და მაშინათვე გაძლიერდა ევსების უჯერო და დამღუპველი მოშურნეობის მეშვეობით. მაგრამ, საყვარელნო და პატივცემულნო, იცოდეთ, თვით ამ ევსებიმ, სინდისისაგან ძლეულმა, თუ რა ზეწოლითა და უსირცხვილობით განამტკიცა ყველგან მხილებული ცრუ მოძღვრება! ჩემთან გამოგზავნა მისი გულისთვის სხვადასხვა მთხოვნელები, და ჩემგან ითხოვდა გარკვეულ თანამებრძოლობას, რათა ასეთ სისაძაგლეებში არ ყოფილიყო მხილებული და არ განშორებოდა მისი პატივი. ჩემი მოწმე თავად ღმერთია, რომელიც ჩემსა და თქვენს მიმართაც სიკეთისმოყვარე დარჩება. შემდეგ მან მეც შემაცდინა და [ჩემთვის] შეუფერებლად გამიტაცა, რაც თქვენც იცით. რადგან მაშინ ყველაფერს ისე იქმოდა, როგორც თავად ეწადა, ყველა ბოროტება გონებაში ჰქონდა დაფარული.

"მაგრამ მისი უგუნურების დანარჩენ [საქმეებს] გვერდი რომ ავუარო, მოგიწოდებთ, მოისმინოთ, რაც ახლახანს გააკეთა განსაკუთრებით თეოგონიოსთან ერთად, რომელიც გონებაცთომილების თანაზიარი არის. ნაბრძანები მქონდა, რომ ვიღაც ალექსანდრიელები, ჩვენი სარწმუნოებისაგან განშორებულები, იქიდან გაეგზავნათ, მას შემდეგ, რაც მათი მსახურების მეშვეობით აღეგზნო განხეთქილების ნაღვერდალი. მაგრამ ამ მშვენიერმა და კეთილმა110 ეპისკოპოსებმა, რომელთა მიერ კრების ჭეშმარიტებით სინანულისათვის ვიქენი დაცული, არა [65]მხოლოდ მიიღეს ისინი და უსაფრთხოება უბოძეს თავისთან, არამედ ბოროტი ჩვეულების გზებით მათი თანაზიარიც გახდნენ. ამიტომ, ამ უმადლოებთან დაკავშირებით გადავწყვიტე ამის გაკეთება: რადგან ვბრძანე ამ მტაცებლების შორს განდევნა.

"აწ თქვენ ძალგიძთ ღვთის ჭვრეტა ამ მრწამსით, რომლითაც ყოველთვის იყავით განმტკიცებული, და რომელთან თანხმობაც მართებს. ამგვარად გვიხარია, რომ გვყავს წმინდა, მართლმადიდებელი და კაცთმოყვარე ეპისკოპოსები. მაგრამ, თუ ვინმე გაბედავს ამ წარმწყმედთა გახსენებას ან დაუფიქრებლად ქებას, მყისვე საკუთარი კადნიერებისაგან ღვთის მსახურის, ესე იგი ჩემი, მოქმედებით შეჩერებული იქნება. ღმერთმა დაგიცვათ, საყვარელო ძმებო".

ამრიგად, ისინი მაშინ განყენებულ იქნენ და ქალაქიდან იქნენ გაძევებული. ნიკომიდია ამფიონს111 ჩააბარეს, ნიკეა - ქრესტოსს112. მაგრამ კვლავ ჩვეულებისამებრ გამოიყენეს მზაკვრობა და ყველგან გაიკვლიეს გზა იმპერატორის კაცთმოყვარეობისაკენ, განაახლეს და დაიბრუნეს პირვანდელი ძალაუფლება.

 

თ ა ვ ი XX

ევსების და მისი მომხრეების მიერ ანტიოქიის ეპისკოპოსის, წმინდა ევსტათის წინააღმდეგ მოწყობილი სივერაგის შესახებ


მაგრამ ევსებიმ, როგორც უკვე ვთქვი, ტირანულად დაიპყრო კონსტანტინოპოლის მმართველობა113. ამგვარად დიდი ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, ხშირად დარბოდა იმპერატორთან და მასთან მუდმივი ურთიერთობებით გაკადნიერდა, და ჭეშმარიტების წინამბრძოლთა წინააღმდეგ მოაწყო მზაკვრობა. ჯერ იერუსალიმის ხილვის სურვილი მოიმიზეზა და ამით ატყუებდა იმპერატორს, რათა აღმშენებლობის მრავალრიცხოვანი სამუშაოების მხილველი იქიდან მრავალი პატივით წამოსულიყო, მისთვის იმპერატორის [66]მიერ გამოყოფილი ეტლებითა და სხვა მომსახურებით. მასთან ერთად გაემართა თეოგონიოს ნიკეელი, რომელიც, როგორც ზემოთ ვთქვით, უკეთური თათბირების მონაწილე იყო. როდესაც ჩავიდნენ ანტიოქიაში და მიიღეს მეგობრული სახე, განსაკუთრებით მრავალგვარი მომსახურებით ტკბებოდნენ. რადგან ჭეშმარიტების წინამბრძოლი დიდი ევსტათი მათ ყოველგვარი ძმური კეთილგანწყობით ეპყრობოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც წმინდა ადგილებზე მივიდნენ და მოინახულეს თანამოაზრეები, ევსები, კესარიის ეპისკოპოსი, სკვითოპოლელი პატროფილე, აეციუსი, ლიდიის ეპისკოპოსი, ლაოდიკიის - თეოდოტე, და სხვები, რომლებმაც მიიღეს არიოზის უწმინდურობა; გააცხადა ჩანაფიქრი და მათთან ერთად ჩავიდა ანტიოქიაში. ერთი მომხიბლავი გარეგნობის ჰეტერა მოისყიდეს, მოტყუებით წაიყვანეს და დაარწმუნეს, რომ მათთვის გადაეცა [თავისი] ენა114, და შევიდნენ კრებაზე. შემდეგ ბრძანეს, გარეთ გასულიყო ყველა დანარჩენი და შეიყვანეს ეს უაღრესად საბრალო ქალი. იგი აჩვენებდა მეძუძურ ჩვილს და ამბობდა, რომ ის ჩაესახა და შვა ევსტათისთან სქესობრივი კავშირისგან, და [ამას] ურცხვად გაჰყვიროდა. მან იცოდა რა, რომ აშკარა ცილისწამება იყო, ბრძანა, თუ ყავდათ ვინმე ამის მოწმე, შუაში გამოეყვანათ. მაგრამ როდესაც არავინ აღმოჩნდა ამ გამოთქმული ბრალდების მოწმე, უმართლესმა მსაჯულებმა შესთავაზეს დაფიცება, თუმცა, რჯული გარკვევით აცხადებს: "ნათქვამი ორი და სამი მოწმის წინაშე არის მტკიცე"; და მოციქული პირდაპირ ბრძანებს: "ხუცესის წინააღმდეგ საჩივარი არ მიიღო ორი ან სამი მოწმის გარეშე" (1 ტიმ. 5.19). მაგრამ ისინი უგულებელყოფდნენ საღვთო რჯულს და ასეთი კაცის წინააღმდეგ მიიღეს დაუმოწმებელი ბრალდება. მას შემდეგ, რაც იგი წარმოთქმულ ფიცს შეძახილით დაეთანხმა, რომ ჩვილი ევსტათის იყო, შემდეგ როგორც მრუშობის წინააღმდეგ, ისეთი განაჩენი გამოიტანეს ამ "ჭეშმარიტებისმოყვარეებმა". მაგრამ როდესაც სხვა მღვდელმთავრებმა (რადგან ესწრებოდა არცთუ ცოტა სამოციქულო დოგმატთათვის მებრძოლი, რომელმაც სრულებით არ უწყოდა ეს არეულობა), აშკარად შეეწინააღმდეგა და ხელი შეუშლა დიდ [67]ევსტათიზე ამ უკანონო განაჩენის მიღებას, მაშინ ამ საქმის მომგონები უსწრაფესად დაბრუნდნენ იმპერატორთან და იგი დაარწმუნეს, რომ ჭეშმარიტი იყო საჩივარი და მართალი - განყენების განაჩენი, ამზადებდნენ კეთილმსახურებისა და უბიწოების115 მებრძოლის ერთდროულად როგორც მრუშისა და ტირანის გაძევებას.

იგი თრაკიის გავლით ილირიკიის ქალაქში იქნა წაყვანილი116.


თ ა ვ ი XXI

წმინდა ევსტათის წასვლის შემდეგ ანტიოქიაში დადგინებულ მწვალებელ ეპისკოპოსთა შესახებ

პირველად მათ მის ნაცვლად ხელი დაასხეს ევლალიონს; ხოლო მას შემდეგ, რაც მან მცირე ხნის განმავლობაში იცოცხლა, მოისურვეს ევსები პალესტინელის ხადმოყვანა. მაგრამ როდესაც მან თავი აარიდა გადასვლას და იმპერატორმაც აღკვეთა ეს, გამოიყვანეს ევფრონიონი. როდესაც იგი აღესრულა, რადგან წელიწადი და ერთი თვე იცხოვრა ხელდასხმის შემდეგ, ამ ეკლესიის თავმჯდომარეობა ფლაკიტოსს გადასცეს. ყველას ერთნაირად ფარულად ეპყრა არიოზის უწმინდურობა. ამის გამო მღვდლების უმრავლესობამ, რომელთაც აირჩიეს კეთილმსახურება, მიატოვეს საეკლესიო კრებულები და ცალკე იკრიბებოდა. ყველა მათ ევსტათიანელს უწოდებდა, რადგან ევსტათის წასვლის შემდეგ შეიკრიბნენ. ეს სამგზის საბრალო ქალი უმძიმესმა და ხანგრძლივმა სნეულებამ მოიცვა, გააცხადა შეთქმულება და ამ ტრაგედიას შემოაძარცვა საბურველი, არათუ ორმა და სამმა, არამედ ყველა მღვდელმა გაიგო ეს მზაკვრობა. რადგან განაცხადა, რომ ფულის გამო გაბედა ეს ცილისწამება. თუმცა, ეს ფიცი მთლად ცრუ არ ყოფილი, რადგან ვიღაც ევსტათი მჭედლის იყო ეს ჩვილი. ასე რომ, ამ საუკეთესო დაჯგუფებამ ეს გაბედა ანტიოქიაში.


თ ა ვ ი XXII

ინდოელთა117 სარწმუნოების შესახებ


[68]ინდოელებთან ამ დროს ამოვიდა ღვთისმცოდნეობის ნათელი. რადგან როდესაც ყველგან განითქვა იმპერატორის სიმამაცე და კეთილმსახურება, და ირგვლივ ბარბაროსებმა გამოცდილებით ისწავლეს ომთან შედარებით მშვიდობის არჩევა, ყველამ უშიშრად დაიწყო ერთმანეთთან ურთიერთობა, და მრავალი [უბრალოდ] მოსანახულებლად, მრავალი კი სავაჭროდ შორს სამოგზაუროდ გაემართა. მაშინ ვინმე ტირიოსი118, გარეშე ფილოსოფიის მიმდევარი, უკიდურესი ინდოეთის მონახულებისთვის მოწადინებული, ორ ახალგაზრდა ძმისშვილთან ერთად გაემგზავრა. როდესაც მიემთხვია საწადელს, ხომალდით უკან ბრუნდებოდა, მაგრამ როცა წყლის ასავსებად რომელიღაც ნავსაყუდელს მიადგა ხომალდით, თავს დაესხნენ ბარბაროსები, ზოგი დაახრჩვეს, ხოლო ზოგი შეიპყრეს. იგი მოკლულებთან ერთად აღირიცხა, ძმისშვილები კი მეფეს მიჰგვარეს. მათი სახელები იყო აიდესიოსი და ფრუმენტიოსი. ამ მიწის მბრძანებელი გარკვეული ხნის განმავლობაში სცდიდა მათ და როდესაც დაინახა, რომ გონებამახვილი იყვნენ, სახლის ზედამხედველებად განაწესა. თუ ვინმეს ნათქვამის არ სჯერა, იოსებისა და ეგვიპტის მეფის ამბავი იხილოს, ამას გარდა გაიხსენოს წინასწარმეტყველი დანიელი და ის სამი კეთილმსახურებისთვის მებრძოლი. რადგან ისინიც დატყვევებული იყვნენ და მიიღეს ბაბილონელთა მმართველობა. სოლო როდესაც ეს მეფე აღესრულა, დარჩნენ მის შვილთან და მრავალი პატივით ტკბებოდნენ. კეთილმსახურებაში განსწავლულები იქ ჩამოსულ ვაჭრებს შეაგონებდნენ, რომაელთა ჩვეულების თანახმად შეკრებილიყვნენ და აღესრულებიათ საღვთო ლიტურგია. როცა გავიდა დიდი ხანი, მივიდნენ მეფესთან და კეთილგანწყობის საზღაურად სთხოვეს, [69]შინ დასაბრუნებლად ნება დაერთო მათთვის. როდესაც ეს მიიღეს, წავიდნენ რომაელთა ქვეყანაში, აიდიოსი ტვიროსში ჩავიდა, ფრუმენტიოსმა კი ღვთის მიმართ მოშურნეობით მშობლების უწინარეს ღმერთს მიაგო პატივი; ჩავიდა ქალაქ ალექსანდრიაში, აუწყა ეკლესიის მეთაურს, რომ ონდოელები მეტად ესწრაფოდნენ გონისმიერი ნათელის მიღებას. მაშინ ათანასეს ეპყრა ეკლესიის მმართველობა და როდესაც მან ეს ამბები მოისმინა, თქვა: "შენზე უკეთესი ვინ გაფანტავს წარმართების უმეცრების ნისლს და ვინ მოუტანს მათ საღვთო ქადაგების ბრწყინვალებას?" ეს უთხრა და მას გადასცა მღვდელთმთავრობის მადლი, და გაგზავნა წარმართთა აღსაზრდელად119. მან კი დატოვა სამშობლო და არაფრად ჩააგდო უდიდესი ოკეანე, და [სულიერად] დაუმუშავებელ ერთან ჩავიდა. მაგრამ გულმოდგინედ დაამუშავა, შემწედ ჰქონდა ღვთივბოძებული მადლი. რადგან იყენებდა სამოციქულო საკვირველთმოქმედებებს, მოწინააღმდეგეებს სიტყვებით მოინადირებდა და სასწაულმოქმედებაც დაამოწმებდა ნათქვამ სიტყვებს, და ყოველდღე უამრავ [სულს] იპყრობდა120.


თ ა ვ ი XXIII

იბერიელთა კეთილმსახურებისაკენ წარმართვის შესახებ121


ამრიგად, ფრუმენტიოსი გახდა ინდოელთა ღვთისმცოდნეობის მიმართ წარმმართველი. იბერიელებს კი ამ დროს ტყვე ქალი მიუძღვა ჭეშმარიტებისაკენ. იგი ხანგრძლივად ლოცულობდა, ხოლო მისთვის რბილი სარეცელი და ზეწარი იყო ტომარა მიწაზე გაშლილი, ფუფუნების მწვერვალად კი მარხვას მიიჩნევდა. ამ ღვაწლმა მას გადასცა სამოციქულო მადლი. რადგანაც ბარბაროსებს არ ყოფნიდათ სამკურნალო განათლება, სნეულებს სჩვე[70]ოდათ ერთმანეთთან სიარული, და უკვე დაავადებულთა და სნეულუბისაგან გამობრუნებულთაგან გამოჯანმრთელების გზის შესწავლა; რომელიღაც ქალი, რომელსაც ავად ჰყავდა შვილი, მივიდა ამ ღირსადქებულ ადამიანთან და სთხოვდა ესწავლებინა, თუ რა ექნა. მან ყრმა აიყვანა და დააწვინა სარეცელზე, ევედრა ყოვლიერების შემოქმედს, კეთილგანწყობილი ყოფილიყო და დაეხსნა სნეულებისაგან. მან შეიწყნარა ვედრება და მიანიჭა სიმრთელე. აქედან დიდად განითქვა სახელი ამ საკვირველმა ქალმა, რადგან მომხდარი ამბავი არც მეფის მეუღლისგან დაიმალა. მან მყისვე გაგზავნა [მსახური] მასთან, - იგი რაღაც მძიმე სნეულებით იყო შეპყრობილი. მან კი ზომიერ თავდაჭერილობას მიმართა და დედოფლის თხოვნა ყურად არ იღო. მაგრამ მან, გაჭირვებისგან იძულებულმა არ ისურვა, აზრად გაევლო დედოფლის ღირსება, არამედ თავად მივიდა ტყვესთან. მან იგი ღარიბულ საწოლზე წამოაწვინა და ვნებას ბოროტებისაგან დამხსნელი წამლით, ლოცვით უმკურნალა. დედოფალმა კი მკურნალობის საზღაური მიართვა, რაც კი ფასეულ სიმდიდრედ მიაჩნდა: ოქრო და ვერცხლი, მოსასხამები და შესამოსლები, და რაც კი ძვირფასი სამეფო ძღვენი არის. მაგრამ ამ ღვთის ქალმა განაცხადა, რომ ესენი არ სჭირდებოდა, ხოლო დიდ საზღაურად ჩათვლიდა კეთილმსახურების შეცნობას. და რაც შეეძლო, გადასცემდა საღვთო სწავლებებს და არწმუნებდა, ტაძარი აეგოთ [მათი] მხსნელი ქრისტესთვის. როდესაც დედოფალმა ეს მოისმინა, სასახლეში მივიდა. მეუღლე მყისვე შეძრწუნდა მისი სწრაფი განკურნებისაგან. მას შემდეგ, რაც ცხადი შეიქნა ტყვე-ქალის ღმერთის ძალა, იგი მოუწოდებდა, მხოლოდ ეს ღმერთი სცოდნოდათ, მისთვის ტაძარი შეემზადებინათ და მთელი ერი მის მსახურებაზე გადასულიყო. იგი გაკვირვებული იყო იმით, რაც მეუღლეს გარდახდა თავს, მაგრამ არ სურდა ტაძრის აგება. როდესაც გამოხდა მცირე ხანი, იგი წავიდა სანადიროდ. კაცთმოყვარე მეუფემ იგი პავლეს მსგავსად მოინადირა. რადგან ანაზდად იგი წყვდიადმა მოიცვა და არ უშვებდა, რომ წინ წასულიყო. [71]ხოლო მონადირეები მზის სხივით ჩვეულებრივ ტკბებოდნენ, მხოლოდ იგი იყო ამას მოკლებული და უხილავობის ბორკილებით იყო შეკრული. ამ გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როცა ხსნის გზა იპოვა, რადგან მყისვე აზრად მოუვიდა საკუთარი ურწმუნოება და შემწედ ტყვე-ქალის ღმერთს მოუხმო. წყვდიადი გაიფანტა. იგი ამ საოცარ ტყვე-ქალთან მივიდა და სთხოვა, ეჩვენებინა მშენებლობის გეგმა. ვინც ბესელიელი აღავსო არქიტექტურული სიბრძნით, მან ესეც ღირსყო მადლით, რათა დაეხაზა საღვთო ტაძარი. და მან დახაზა, ისინი კი თხრიდნენ და აგებდნენ. მას შემდეგ, რაც დასრულდა მშენებლობა და კიდევაც გადახურეს, მხოლოდ მღვდლები აკლდა და აქედან გამოსავალიც იპოვა საკვირველმა ქალმა. ერის მმართველი დაარწმუნა, რომის იმპერატორისათვის გაეგზავნა ელჩები და ეთხოვა, მათთვის გამოეგზავნა კეთილმსახურების მოძღვრები. მეფემ მიიღო რჩევა და გაგზავნა ელჩები. როდესაც იმპერატორმა (ხოლო იგი იყო კონსტანტინე, კეთილმსახურების უმხურვალესი მოყვარე) შეიტყო თხოვნის მიზეზი, ელჩები სრული კეთილგანწყობით ღირსყო. მან რწმენით, გონებითა და ცხოვრებით შემკული კაცები, და მღვდელმთავრობითაც ღირსქმნილი, უამრავ საჩუქართან ერთად გაგზავნა ერისათვის ღვთისმცოდნეობის საქადაგებლად. მთხოვნელები ამ წინასწარი ზრუნვის ღირსიც გახადა. სპარსეთში კეთილმსახურების აღსაზრდელებზე თავად წინაგანაგო. რადგან გაიგო, რომ ისინი ურჯულოთა მიერ იდევნებოდნენ, და მათი მეფე სიცრუით იყო დამონებული, ყოველგვარ შეთქმულებებს უწყობდნენ მათ. მან მიწერა, შეაგონებდა კეთილმსახურებისთვის, და სთხოვდა, რომ კეთილმსახურთათვის მიეგო პატივი. მაგრამ წერილი უკეთესად წარმოაჩენს მწერლის მოშურნეობას. 

 

თ ა ვ ი XXIV

იმპერატორ კონსტანტინეს ეპისტოლე სპარსთა მეფის საპორის122 მიმართ ღვთის ერზე წინაგანგების შესახებ


[72]"ვეზიარები საღვთო სარწმუნოების დამცველი ჭეშმარიტების ნათელს, ჭეშმარიტების ნათლით ნაწინამძღვრები შევიცნობ საღვთო სარწმუნოებას. ასე რომ, როგორც საქმეები ამტკიცებენ, ვაღიარებ უწმინდეს მსახურებას უწმინდესი ღმერთის შემეცნების მასწავლებლად. ვაღიარებ, რომ მიპყრია ეს მსახურება. ამ ღმერთის ძალა მაქვს თანამებრძოლად, ოკეანის კიდეებიდან დაწყებული ერთი მეორის მიყოლებით მთელი მსოფლიო გამოვაღვიძე მყარი სასოებით. ეს ყველა [ერი] ესოდენი ტირანების მიერ დამონებული და ყოველდღიური უბედურებებით შეჭირვებული დაუძლურებული იყო, და როდესაც რესპუბლიკის მფარველობა მიიღო, გამოცოცხლდა როგორც რამ მკურნალობით.

"ამ ღმერთს ვცემ თაყვანს, რომლის ნიშანსაც ჩემი ჯარი მხრებით ატარებს, და რომლისთვისაც მართალი სიტყვა მოუწოდებს, წარმართავს, ხოლო თვით მათგან ბრწყინვალე გამარჯვებებით მყისვე ვიღებ სანაცვლო მადლს. ამ ღმერთს ვაღიარებ უკვდავი ხსოვნით პატივის მიგებით; მას ზეცაში დამკვიდრებულს ვუჭვრეტ უბიწო და განწმენდილი გონებით; მას მოვუხმობ მუხლმოდრეკილი, ხოლო გავურბივარ ყოველგვარ საძაგელ სისხლს, და ვერიდები უწმინდურ და მყრალ სურნელებებს, და ყოველგვარ მიწიერ ბრწყინვალებასაც, ყველაფერს, რითაც წაბილწულმა ურჯულო და უთქმელმა საცთურმა მრავალი ერი და მთელი მოდგმა გაანადგურა და ქვემოთ [ჯოჯოხეთის] ალაგებში გადაიყვანა.

"რამეთუ ყოვლიერების ღმერთი ნებას არ იძლევა, რომ თითოეულმა [საკუთარი] გულისთქმისაკენ მიიზიდოს ის, რაც მან წინაგანგებით მისთვის თვისობრივი კაცთმოყვარეობის გამო კაცთა [73]საჭიროებისათვის დღის სინათლეზე გამოიტანა. იგი მხოლოდ განწმენდილ გონებას და უმწიკვლო სულს ითხოვს ადამიანთაგან, და მათში სათნოების და კეთილმსახურების საქმეებს აფასებს. რადგან წესიერებისა და თავმდაბლობის საქმეებს იწონებს, სათნო უჩნს მშვიდნი, ხოლო სძაგს შფოთის ამტეხნი; უყვარს რწმენა, სჯის ურწმუნოებას; ამხობს ყოველ მზვაობარ ძალაუფლებას, აღკვეთს ამპარტავანთა სითავხედეს; სპობს ქადილით აღზევებულებს, ღირსეულად მიაგებს დამდაბლებულებს და უბოროტოებს. ამგვარად მრავალ რამეს იქმს იგი სამართლიანი სამეფოსათვის, თავისი მფარველობით განაგებს, და უშფოთველი მშვიდობით იცავს მეფის გონებას.

"ჩემო ძმაო, არ მგონია, რომ ვცდები, როდესაც ღმერთად ვაღიარებ მას, ყოველთა წინამძღოლს123 და მამას, რომლის უარყოფასაც ცდილობდა მრავალი მათგანი, ვინც აქ ჩემამდე მეფობდა, შლეგური საცთურებით მოტყუებული. მაგრამ ყველა ისინი ისეთი შურისმგებელი აღსასრულით დაიღუპა, რომ მათ შემდეგ ადამიანთა მთელი მოდგმისთვის მათი უბედურებები წყევლის მაგალითად აქვთ მსგავს [საქმეთა] მოშურნეთ124. ვფიქრობ ერთი მათგანი იყო, რომელსაც საღვთო რამ რისხვა დაატყდა თავს და აქედან განიდევნა, თქვენს მხარეებში გადავიდა, და მისთვის სირცხვილის ყველგან ცნობილი ძეგლი თქვენთან აიგო125. მაგრამ ჩანს, რომ [საქმეები] უკეთესობისკენ წარიმართება, და ჩვენს საუკუნეში ასეთი სასჯელები აშკარად წარმოჩნდება. რადგან თავადაც ვიხილე მათი აღსასრული, რომლებიც ახლახან უკანონო ედიქტებით აშფოთებდნენ ღვთისთვის მიძღვნილ ერს. ამიტომ, დიდი მადლობა ღმერთს, სრული წინაგანგებით რომ მიანიჭა საღვთო მშვიდობა ყველა ადამიანს, საღვთო კანონის მსახურს, რითაც ისინი ხარობენ და ამაყობენ.

"აქედან თავად ჩვენც ვირწმუნეთ, რომ ყველაფერი უმშვენიერესი და უსაფრთხო არის, როდესაც მათი წმინდა და ჭეშმარიტი მსახურების მეშვეობით ღვთის მიმართ ერთსულოვნებისაგან ყველა მასთან შემოკრებით არის ღირსქმნილი. როგორც ხვდები, ჩემთვის სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ სპარსეთის საუკეთესო მხარეები ამ ადამიანთა [74](ვგულისხმობ ქრისტიანებს, რადგან მათ გამოა მთელი ჩემი სიტყვა) დიდი სიმრავლით არის გამშვენებელი, რაც ჩემთვის სასურველიცაა. ამრიგად, რაც შენთვის საუკეთესოა, ასევე მათაც მიანიჭე ეს საუკეთესო, რამეთუ ეს არის შენთვისაც და მათთვისაც [საუკეთესო]. ამგვარად იქნება ყოვლიერების მეუფე შენს მიმართ მშვიდი, მოწყალე და კეთილმოსურნე. რადგანაც ესოდენ დიადი ხარ, მათ შენ გადმოგცემ, თვით მათ გაბარებ, რადგან კეთილმსახურებით გამოირჩევი. შეიყვარე ისინი შენი კაცთმოყვარეობის შესაფერისად. რადგან შენს თავსაც და ჩვენც მოგვანიჭებ რწმენის მეშვეობით გარშემოუწერელ მადლს".

საუკეთესო იმპერატორმა ესოდენ იღვაწა ყველა კეთილმსახურებით შემკობილისათვის, არა მხოლოდ მის ქვეშევრდომთათვის იზრუნა, არამედ სხვისი სკიპტრის მმართველობის ქვეშ მყოფთათვისაც განაგო შეძლებისამებრ. ამის გამო თავადაც დატკბა საღვთო მზრუნველობით, და ეპყრა მთელი ევროპის, ლიბიის, ამასთან ასიის დიდი ნაწილის მართვის სადავეები, [მის მიმართ] კეთილგანწყობილი ჰყავდა ქვეშევრდომები,რომლებიც ლაგამს სიამოვნებით ემორჩილებოდნენ. ბარბაროსებიდან ზოგი ნებაყოფლობით დაიმონა, ზოგი ომით დაიპყრო. და ყველგან აღმართა გამარჯვების ძეგლები, და წარმოჩნდა ძლევამოსილ იმპერატორად.

მაგრამ ამ ამბებს სხვებმაც დიდად განუთქვეს სახელი, მაგრამ ჩვენ გვეჭიროს წინამდებარე თხრობის [გეზი]. ამრიგად, ამ ყოვლად სახელგანთქმულმა იმპერატორმა სულში განავრცო სამოციქულო მზრუნველობა. მღვდლობის ღირსების მიმღებთ კი არა მხოლოდ აგება არ სურდათ, არამედ ეკლესიის თვით საძირკვლის დანგრევასაც ცდილობდნენ. რადგან ყოველგვარი ცილისწამების შემთხზველები ამხობდნენ და დევნიდნენ სამოციქულო დოგმატებთან თანხმობაში მყოფ მათ წინამძღვრებს. არ მოყირჭდათ შური და ევსტათი დიდის წინააღმდეგ ეს საყოველთაოდ ცნობილი საქმე ჩაიდინეს. მაგრამ ასევე სცადეს კეთილმსახურების სხვა უდიდესი კოშკისათვის ძირის გამოთხრა, და ყველა სახის სივერაგეს მიმართეს. რამდენადაც შესაძლებელი იქნება, ძალიან მოკლედ მოგითხრობთ ამ ტრაგედიას.


თ ა ვ ი XXV

საღვთო ათანასეს წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების შესახებ

[75]როდესაც საკვირველმა ეპისკოპოსმა ალექსანდრემ, რომელიც ებრძოდა არიოზის მკრეხელობას, ნიკეის კრების შემდეგ ხუთი თვის შემდეგ მიიღო ცხოვრების აღსასრული, ალექსანდრიელთა ეკლესიის თავმჯდომარეობა გადავიდა ათანასეზე, რომელიც ყრმობიდანვე საღვთო სწავლებებით იზრდებოდა, და საეკლესიო დასის თითოეულ წესში126 გასაოცარი იყო. მან დიდ კრებაზე გადაიტანა ბრძოლა სამოციქულო დოგმატების გამო, ჭეშმარიტების წინამბრძოლებს შორის განითქვა სახელი, ხოლო მოწინააღმდეგეებისთვის გახდა ანტაგონისტი, მტერი და მებრძოლი. ყოვლად სახელოვან ალექსანდრესთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ასაკით ყმაწვილი და დიაკვნების დასის წინამძღოლი იყო. ჭეშმარიტების გამო მისი ასეთი გულმოდგინება გამოცდილებით შეიტყვეს მათ, ვინც განიზრახა მხოლოდშობილ ღმერთთან ბრძოლა, და როდესაც შეიტყვეს, რომ მას ჩააბარეს ალექსანდრიის ეკლესიის საჭე, განიგულეს თავიანთი ძალით მისი მმართველობის განადგურება. ამის გამო მოიგონეს ასეთი სივერაგე. მას შემდეგ, რაც ეს მელეტი, რომელიც ნიკეის კრებაზე განაყენეს, არ წყვეტდა თებესა და მახლობელი ეგვიპტის არევასა და აღშფოთებას, მის ამბოხებულთაგან ზოგიერთი მოისყიდეს იმისათვის, რომ საქციელი ბრალდებისათვის არასაეჭვო ყოფილიყო, დაარწმუნეს, იმპერატორთან მიეშურებია, და შეთხზეს ცილისწამება, თითქოს ათანასე ეგვიპტეს გადასახადს აკისრებდა, ხოლო აკრეფილ ოქროს ვიღაც [ამისთვის] განწესებული ტირანი კაცი განაგებდა. ამ ხმის მიტანით იმპერატორი შეცდომაში შეიყვანეს და ათანასე კონსტანტინოპოლში ჩაიყვანეს. ხოლო როდესაც იგი ჩავიდა, ამხილა ბრალდების სიცრუე და ღვთისგან მისთვის ჩაბარებული ეკლესია უკან დაიბრუნა. რათა [76]წარმოვაჩინოთ ესეც და ისიც, რაც იმპერატორმა მიწერა ალექსანდრიის ეკლესიას, მათ ბოლო ნაწილს ჩავურთავ ამ თხზულებაში.

 

ალექსანდრიელთა მიმართ იმპერატორ კონსტანტინეს ეპისტოლის ნაწილი

"მერწმუნეთ, ძმებო, უკეეთურნი ვერ გაძლიერდნენ თქვენი ეპისკოპოსის წინააღმდეგ, სხვას ვერაფერს გახდნენ, გარდა იმისა, რომ ჩვენი დრო გამოიყენეს და ამ ცხოვრებაში სინანულს არავითარი ადგილი აღარ დაუტოვეს. მოგიწოდებთ, შეეწიეთ საკუთარ თავს, გიყვარდეთ თქვენი სიყვარული, და მთელი ძალით დევნეთ თქვენი ერთსულოვნების მადლის გაუჩინარების მოსურნეები, მზერა მიაპყარით ღმერთს და გიყვარდეთ თქვენი თავი127. რადგან მე თქვენს ეპისკოპოს ათანასეს სიხარულით შევეგებე, და ისე ვესაუბრე, თითქოს იგი ღვთისგან ჩემზე მონდობილი ადამიანი ყოფილიყო".


თ ა ვ ი XXVI

სხვა შეთქმულება ათანასეს წინააღმდეგ


მაგრამ არც ასე შეიცვალნენ ეს უღმერთოები, არამედ სხვა ამბავი შეთხზეს, რომლის მსგავსი არცერთ ადრინდელ ტრაგიკოსს ან კომიკოსს შეუქმნია ოდესმე. კვლავ ამავე დაჯგუფებიდან მოისყიდეს ბრალმდებლები და მიიყვანეს იმპერატორთან. ისინი აცხადებდნენ, რომ სათნოების მებრძოლი ბედავდა მრავალ ენითუთქმელი სისაძაგლის ჩადენას. მათ წინამძღოლობდნენ ევსები და თეოგონიოსი, და თეოდორე პერინთელიც (ახლა პერინთოს [77]ჰერაკლეა ეწოდება). ისინი ამბობდნენ, რომ აუტანელი იყო ამის არსებობა, არც მოსმენა იყო გასაძლები. იმპერატორი დაარწმუნეს, რომ პალესტინის კესარიაში გაემართა კრება, სადაც მრავალი მტერი ჰყავდა ათანასეს, იქ ებრძანა მისი განსჯა. იმპერატორმა დაუჯერა მათ როგორც მღვდლებს, რადგან სრულიად არ უწყოდა, თუ რა იყო მოწყობილი, და ბრძანა ამის გაკეთება.

მაგრამ ათანასემ იცოდა რა მსაჯულების მტრობა, არ მივიდა კრებაზე. იქიდან უამრავი საბაბი მიიღეს ცილისწამებისათვის, და ჭეშმარიტების წინააღმდეგ ომის წამომწყებებმა სხვა კანონდარღვევებთან ერთად მას ტირანიასა და კადნიერებაში დასდეს ბრალი. და სრულებით არ გაცრუებიათ იმედი. ნათქვამმა განარისხა მშვიდი იპერატორი, მიწერა მას მრისხანედ და უბრძანებდა ტვიროსში ჩასვლას, რადგან იქ ბრძანა კრების გამართვა; როგორც მგონია, ეჭვობდა, რომ ათანასე ერიდებოდა კესარიელთა [ეკლესიას], მისი წინამძღვრის გამო. მიწერა კრებას, რომ რაც საჭირო იყო კეთილმსახურების შესამკობად მიეწერათ [მისთვის]. ეს კი არის შემდეგი სახის.


თ ა ვ ი XXVII

იმპერატორ კონსტანტინეს ეპისტოლე ტვიროსის კრების მიმართ128


"კონსტანტინე ავგუსტუსი ტვიროსში [გამართულ] წმინდა კრებას.

"სამართლიანად თანმიმდევრული იყო და კეთილი ჟამისთვის განსაკუთრებით შესაფერისი, რომ უშფოთველად გებულიყო კათოლიკე ეკლესია, და ან ქრისტეს მსახურები ყოველგვარი გაკიცხვისაგან განთავისუფლებული იყვნენ.

"რადგანაც ზოგიერთი, არცთუ საღი კამათის ნესტრით დევნილი, რომ არ ვთქვა თავისთვის უღირსად მცხოვრები, ცდილობდა ყველაფრის აღრევას, რაც ჩემი აზრით აღემატება ყოველგვარ [78]უბედურებას. ამის გამო თქვენთან მოსწრაფე, სიტყვით მოგმართავთ, რომ დაუყოვნებლივ შეიკრიბოთ ერთად, და შეავსოთ კრება, გაჭირვებაში მეოფთა შემწეობით დასახმარებლად, საფრთხეში მყოფი ძმების განსაკურნავად, განშორებული ასოების ერთსულოვნებისაკენ უკან დასაბრუნებლად, როგორც ჟამი მოითხოვს, შეცდომების გამოსასწორებლად; რათა ესოდენ ეპარქიებს შესაფერისი თანხმობა გადასცეთ, რაც - ჰოი, უცნაურობა! - უბოროტესი ადამიანების მზვაობრობამ განდევნა. რადგან ეს ყოვლიერების ღმერთისა და მეუფისათვისაც არის სათნო, და ჩვენთვისაც ყველა ლოცვაზე აღმატებული და ასევე თვით თქვენთვისაც. ვფიქრობ, თუ აღადგენთ მშვიდობას, არცთუ უმნიშვნელო მოწონების ღირსი იქნება ამის აღიარება ყველა ადამიანის მიერ.

"სხვაზე ნურაფერზე ზრუნავთ, არამედ იმაში გამოიჩინეთ გულმოდგინება, და დაეშურეთ, რომ სათანადო ზღვარი დაუდოთ ჩვენ წინ არსებულ [დავებს], როდესაც მთელი სიწრფელითა და რწმენით შეიკრიბებით, რასაც თითოეულისაგან თითქმის ხმის აღმოტევებით მოითხოვს მხსნელი, რომელსაც ვემსახურებით.

"რაც შეეხება ჩვენს კრძალულებას, ჩვენგან არაფერი მოგაკლდებათ. მე ყველაფერი გავაკეთე, რაც წერილობით ამიხსენით. მივწერე იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც თქვენ ინებეთ, რათა მანდ ჩამოსულები გეზიარონ [თავიანთი]შეხედულებებით. კონსულებიდან გავგზავნე დიონისე, რომელიც შეახსენებს მათ, ვისაც ევალება თქვენთან ერთად კრებაზე მოსვლა, და მიმდინარე საქმეებზეც წესრიგისათვის საუკეთესო თვალყურის მდევნებელი იქნება. რადგან თუ ვინმე, რაც არა მგონია, ახლაც ეცდება ჩვენი ბრძანების უარყოფას და არ ინებებს მოსვლას, იქიდან წარიგზავნება ჩვენს მიერ და საიმპერიო განკარგულებით მას განდევნის, რათა არ ასწავლოს თვითმპყრობელის მიერ ჭეშმარიტების გამო მიღებული განჩინებების უკუგდება.

"დანარჩენი თქვენი სიწმინდის საქმე არის, ერთსულოვნად განსაჯეთ, არათუ მტრობისთვის, არც მადლობისთვის, არამედ [79]საეკლესიო და სამოციქულო კანონის თანახმად, შეცდომაში შეყვანილთათვის და შემდეგ დაცემულთათვის შესაბამისი მკურნალობის მოსაფიქრებლად. იმისათვის, რომ ყოველგვარი მკრეხელობისაგან გაანთავისუფლოთ ეკლესია, და ჩვენი საზრუნავიც შეამსუბუქოთ, მშვიდობის მადლი გადასცეთ ამჟამად ამბოხებულთ და თავად თქვენ მოიხვეჭოთ უდიდესი სახელი. ღმერთმა დაგიცვათ, საყვარელო ძმებო".

როდესაც ამგვარად ერთად იყვნენ ეპისკოპოსები ტვროსში, ჩამოვიდნენ სხვებიც დოგმატების გახრწნაში დადანაშაულებულები, რომელთაგან ერთი იყო ასკლეპას ღაზელიც. ჩამოვიდა საკვირველი ათანასეც. მსურს პირველ რიგში ბრალდების ტრაგედია მოგითხროთ, შემდეგ კი აგიწეროთ ამ საყოველთაოდ ცნობილ სამსჯავროზე მომხდარი მოვლენები.

 

თ ა ვ ი XXVIII

ტვიროსში გამართული კრების შესახებ


მელეტის თანაზიართაგან იყო ერთი ეპისკოპოსი, არსენი. ამ დაჯგუფების წევრებმა იგი დამალეს, და სთხოვეს, რომ დიდი ხნით დამალულიყო. შემდეგ რომელიღაც მიცვალებულის სხეულს მოკვეთეს მარჯვენა ხელი და ხის ყუთში დაბალზამებული ჩადეს. ყველგან დაჰქონდათ ის და ამბობდნენ, რომ ეს არსენს ჰქონდა მოკვეთილი და ათანასეს მკვლელს უწოდებდნენ. მაგრამ ყოვლისმხედველმა თვალმა არ დაუშვა, რომ არსენი დიდ ხანს ყოფილიყო დამალული; არამედ ჯერ ეგვიპტესა და თებეში გაცხადდა, რომ ცოცხალი იყო. შემდეგ [ღმერთმა] ის ტვიროსში ჩაიყვანა, სადაც მსაჯულების წინაშე მოიტანეს ეს ტრაგიკული ხელი. იგი შეიპყრეს ათანასეს მეგობრებმა, მოიყვანეს და აიძულეს, რომ სასტუმროში [80]მცირე ხნით დამალულიყო. თავად დიდი ათანასე კი დილით მივიდა კრებაზე.

პირველად შეიყვანეს გარყვნილი ქალი. იგი ურცხვად გაიძახოდა, რომ ქალწულობის აღთქმა ჰქონდა დადებული, და რომ ათანასემ აიძულა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება და მისი ნების წინააღმდეგ გახრწნა. როდესაც იგი ამას ამბობდა, შემოვიდა ბრალდებული, მას თან ახლდა ღირსადქებული ხუცესი, მისი სახელი იყო ტიმოთე. როდესაც მსაჯულებმა ათანასეს უბრძანეს ბრალდებაზე პასუხის გაცემა, იგი დუმდა, თითქოს იგი არ იყო ათანასე. მაგრამ ტიმოთემ უთხრა ქალს: "ქალო, ოდესმე მე შენ შეგხვედრივარ, და შენს სახლში შემოვსულვარ?" მან კი გაცხარებით კიდევ უფრო ურცხვად დაუყვირა ტიმოთეს, ხელი გაიშვირა, თითით უჩვენებდა და ამბობდა: "შენ წარიტაცე ჩემი სიქალწულე, შენ გააშიშვლე ჩემი უმანკოება", და რამდენი სხვა რამ, რისი თქმაც სჩვევიათ გარყვნილების ზეაღმატებულების გამო სირცხვილის არ მქონეთ. როდესაც ასე შერცხვნენ ამ საქმის მომგონები, და მსაჯულებიც, რომლებიც ამის თვითმხილველი იყვნენ, გაწითლდნენ, გაიყვანეს ეს ქალი.

მაშინ დიდმა ათანასემ თქვა, რომ საჭირო არ იყო ქალის გაშვება, არამედ გამოძიება და ამ მოწყობილი საქმის შესწავლა. მათ კი დაიყვირეს, რომ სხვა, უფრო მძიმე ბრალდებაც იყო, რისი დახსნაც შეუძლებელი იყო რაიმე ხელოვნებითა და ძალისხმევით, რადგან მზერა და არა სმენა განსჯიდა სამხილს. ეს თქვეს და აჩვენეს ეს ცნობილი ჭურჭელი, და გამოაჩინეს დაბალზამებული ხელი. ყველამ, ვინც ეს დაინახა, შეჰყვირა, ზოგიერთმა დაიჯერე, რომ ეს დანაშაული ჭეშმარიტება იყო, ზოგიერთმა კი იცოდა, რომ სიცრუე იყო, მაგრამ ეგონა, რომ არსენი დამალული იყო. როდესაც მცირე ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, ბრალდებულმა ჰკითხა მსაჯულებს, თუ იყო მათ შორის ვინმე, ვინც იცნობდა არსენს. ბევრმა უპასუხა, რომ ზედმიწევნით იცნობდა არსენს, მაშინ ბრძანა მისი შემოყვანა, და კვლავ ჰკითხა, ის თუ იყო არსენი, "ჩემს მიერ მოკლული, მათგან [81]შეურაცხყოფილი და სიკვდილის შემდეგ მარჯვენა მოკვეთილი?" როდესაც მაღ აღიარეს, რომ ის იყო, ათანასემ გაუშიშვლა მას ზედა სამოსი და აჩვენა მისი ორივე ხელი, მარჯვენაც და მარცხენაც; და თქვა: "სხვა ნურაფერი იქნება გამოძიებული, რადგან ყველა ადამიანმა ყოვლიერების შემოქმედისგან მხოლოდ ორი ხელი მიიღო".

როდესაც ისინი ასე წარმოჩნდნენ, ბრალმდებლები უნდა დამალულიყვნენ, და როდესაც მსაჯულები მიუხვდნენ, უნდა ელოცათ, რომ მიწა გარღვეოდათ, მაგრამ მათ კრება ხმაურითა და ამბოხით აავსეს, ათანასეს გრძნეული უწოდეს, და ამბობდნენ, რომ რაღაც ხრიკებით მოატყუა ადამიანთა მზერა; ცოტა ხნის წინ მკვლელობის ბრალმდებლები ცდილობდნენ მის გაგლეჯვასა და მოკვლას. მაგრამ მათ, ვისაც იმპერატორმა წესრიგზე ზრუნვა მიანდო, არ დაუშვეს მკვლელობა. რადგან ეს ძლევამოსილი გაიტაცეს, უნდოდათ მისი ხომალდში ჩასმა, და [ასე] მიანიჭეს ხსნა.

როდესაც იგი ჩავიდა იმპერატორთან, აუწყა მთელი ეს დანაშაულებრივი ტრაგედია. მათ კი მარეოტში გაგზავნეს რამდენიმე მათი თანამოაზრე ეპისკოპოსი: თეოგონიოსი, ვამბობ ნიკეელს, თეოდორე პერინთელი, მარის ქალკედონელი, კილიკიელი ნირკისოსი, და სხვა მათი თანამზრახველები. ხოლო მარეოტი არის ალექსანდრიის მხარე, მარიას ტბისაგან სახელის მიმღები. იქ მოქსოვეს სიცრუე და რაღაც ოქმები შეთითხნეს, გამოაშკარავებულ ცილისწამებებს [სხვა] ბრალდებები როგორც ჭეშმარიტი დაურთეს და გაუგზავნეს იმპერატორს.

თავად კი ჩავიდნენ ელიაში.


თ ა ვ ი XXIX

იერუსალიმში [ტაძრის]კურთხევისა129 და წმინდა ათანასეს გადასახლების შესახებ

[82]იმპერატორმა ბრძანა, რომ მთელი კრება ტვიროსიდან ჩასულიყო ელიაში130, ასევე ბრძანა, რომ ყველა სხვაც ყველა მხრიდან შეკრებილიყო, და ეკურთხებიათ მის მიერ აგებული ტაძარი. გაუშვა ასევე ზოგიერთი მისი მეგობარი მმართველი, კეთილმსახურებითა და რწმენით გაბრწყინებული, უბრძანა, რომ ყველა ყველაფრით უხვად მოემარაგებიათ, არა მხოლოდ მდვდელმთავრები და მათი თანმხლები პირები, არამედ ყველა, ვინც ყველა მხრიდან იქ მოიყარა თავი. ხოლო საღვთო საკურთხეველი შეიმკო საიმპერიო ფარდებითა და ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ოქროს ჭურჭლებით. როდესაც დასრულდა ასეთი ბრწყინვალე დღესასწაული, ისინი დაბრუნდნენ სამშობლოში. ხოლო როცა იმპერატორმა შეიტყო, რომ ზეიმი ბრწყინვალედ და დიდებულად ჩატარდა, სიხარულით აღივსო, სიკეთეთა გამგებელს უგალობა, ასეთი თხოვნა რომ მიანიჭა მას.

მას შემდეგ, რაც ათანასე უსამართლო განაჩენით დამწუხრებული მივიდა, ბრძანა, მისულიყვნენ ბრალმდებელი ეპისკოპოსები. ხოლო როდესაც ისინი ჩავიდნენ და ეჭვი გაუჩნდათ, რომ აშკარად იქნებოდნენ მხილებული, წინა ცილისწამებებისაგან თავი შეიკავეს. იმპერატორს კი უთხრეს, რომ ათანასე იმუქრებოდა ხორბლის გატანისთვის ხელის შეშლით. იმპერატორმა დაიჯერა მათი სიტყვები და იგი გადაასახლა გალიელებად წოდებულთა ერთ-ერთ ქალაქში, სახელად ტრევერში. იყო მისი ზეობის ოცდამეათე წელი.


თ ა ვ ი XXX

ნეტარი იმპერატორის, კონსტანტინეს აღთქმის შესასებ


[83]მომდევნო წელი და რამოდენიმე თვე იყო გასული131, როდესაც იგი დაუძლურდა ბითვინიის ნიკომედიაში ყოფნისას. ადამიანური ცხოვრების გაურკვევლობის მცოდნემ მიიღო საღვთო ნათლისღების ნიჭი132. ამ დრომდე აყოვნებდა და ეწადა ამის მიღება მდინარე იორდანეში. მან საიმპერიო ტახტის მეკვიდრედ დატოვა სამი ვაჟი: კონსტანტინე, კონსტანციუსი, და უმრწემესი კონსტანსი133. მან ბრძანა ათანასეს დაბრუნება ალექსანდრიაში, როდესაც ევსებიც იქ იმყოფებოდა და ცდილობდა მის საპირისპიროში დარწმუნებას.


თ ა ვ ი XXXI

აპოლოგია იმპერატორის გამო


ნურავის გაუკვირდება, თუკი იგი შეცდა და ესოდენ დიდი ადამიანები გადაასახლა. რადგან დაუჯერა ჭეშმარიტების დამმალავ მღვდელმთავრებს და სხვა დიდი სახელის მქონეთ. საღვთო [წერილით] განსწავლულებმა იციან, თუ როგორ მოტყუვდა საღვთო წინასწარმეტყველი დავითი. მაგრამ იგი მოატყუა არა მღვდელმთავარმა, არამედ შინაურმა გარეწარმა მსახურმა, ვგულისხმობ სიბას, ვინც მემფიბოსეთის წინააღმდეგ მეფეს სიცრუე შეატყობინა და მისი მიწა დაისაკუთრა. და ამას ვამბობ არათუ წინასწარმეტყველისთვის ბრალის დასადებად, არამედ ამ იმპერატორის გამო აპოლოგიისათვის და ადამიანური უძლურების საჩვენებლად, და იმის სასწავლებლად, რომ არ უნდა ვენდოთ მხოლოდ ბრალმდებლებს, თუნდაც ნდობის ღირსი იყვნენ, არამედ მეორე ყური ბრალდებულსაც უნდა შევუნახოთ.


თ ა ვ ი XXXII

თავად იმპერატორის აღსასრულის შესახებ


[84]ამრიგად, იმპერატორი გადავიდა უკეთეს სამეფოში.

პრეფექტებმა, მაგისტრებმა და ყველა დანარჩენმა იგი ოქროს კუბოში ჩააწვინეს და კონსტანტინოპოლში გადაიყვანეს. ყველა ჯარის მეთაური და მათი ხელქვეითები მწარედ გლოვობდნენ დანაკლისს. რადგან ყველას ალერსიან მამად ჰყავდა [იგი] მიღებული. ის, თუ რაოდენი პატივი მიაგეს ამ სხეულს და რამდენი ხანი გააჩერეს სასახლეში, როდესაც მთავრები ვაჟიშვილის დაბრუნებას ელოდებოდნენ, ვფიქრობ, ზედმეტია ამის დაწერა, მაშინ როცა ეს სხვებმა აღწერეს, რისი წაკითხვაც იოლია და იმის გაგებაც, თუ როგორც პატივს მიაგებს ყოვლიერების განმგებელი მის ერთგულ მსახურებს. თუ ვინმე მათ არ ირწმუნებს, შეხედოს ახლა, რაც ხდება მისი საფლავის და ქანდაკების სიახლოვეს, ირწმუნოს დაწერილისა, და მეუფის მიერ ნათქვამის: "ვინც მე განმადიდებს, განვადიდებ, ვინც მე არად ჩამაგდებს, მეც უგულებელვყოფ" (I მეფ. 2.30).

-----------------------------------------------------------------------

თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემიდან: J. P. Migne, Patrologiae Cursus Completus, Patrologiae Graecae Tomus 82, p. 881-1280.

შენიშვნები

1[302]იგულისხმება პავლე მოციქული. იხ. საქმე, 9.5-6.

2 - ეკლესიისთვის.

3 - იხ. ევსები კესარიელი, საეკლესიო ისტორია, თბ. 2007, წიგნი IX-X.

4 - ე.ი. ეკლესია.

5 - Δημιουργὸν, ლათ. Opifex mundi.

6 - მან შეცვალა თეონა 300 წელს, მაქსიმინუსის ბრძანებით თავი მოკვეთეს 311 წელს.

7 – 311-312 წ.წ. იყო ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი, მან დაასხვა ხელი არიოზს.

8 - მთავარეპისკოპოსი იყო 312-326 წ.წ.

9 - κτίσμα καὶ ποίημα, ლათ. Creatum et factum. სიტყვა „დაბადება“ თანამედროვე ქართულში ხშირად „შობის“ სინონიმად გამოიყენება, მაგრამ ძველად იგი „შექმნის“ სინონიმი იყო. ამ შემთხვევაში სწორედ ძველი მნიშვნელობით ვიყენებთ. შემდეგში მას ასევე გამოვიყენებთ γενεμα-ს მნიშვნელობითაც.

10 - κορυβαντιοντα – „კორიბანტი“, სიტყვა-სიტყვით ქალღმერთ კიბელეს ქურუმი, გადატანითი მნიშვნელობით შეპყრობილის, ჭკუიდან გადასულის, შლეგის მნიშვნელობით გამოიყენებოდა. შდრ. ლათ. Insanire.

11 [303]რომის ეპისკოპოსი იყო 314 წ.-ის 31 იანვრიდან 335 წ.-ის 31 დეკემბრამდე.

12 - სხვაგვარად მელქიადესი. წინამძღვრობდა 310 წ.-ის 2 ივლისიდან 314 წლის 10 იანვრამდე.

13 - წინამძღვრობდა 296 წლის 30 იანვრიდან 304 წლის 25 ოქტომბრამდე. დიოკლეტიანეს ზეობისას დაადანაშაულეს რწმენისაგან განდგომილებაში.

14 - ანტიოქიის ეპისკოპოსი დიოკლეტიანეს დროს.

15 - ანტიოქიის ოცდამეერთე ეპისკოპოსი 312-318 წლებში.

16 - ანტიოქიის უძველესი უბანი.

17 - წინამძღვრობდა 319-323 წ.წ.

18 - წინამძღვრობდა 302-311 წ.წ.

19 - ბერძნულად ნიშნავს ნეტარს. იგულისხმება, რომ თავისი ცხოვრების წესით ამართლებდა საკუთარ სახელს.

20 - ἀποστολικῃ χαρίσματι, ლათ. Apostolicis donis.

21 - ალექსანდრეს სიტყვებიდან ჩანს, რომ კოლუთუსი გავიდა განხეთქილებაში და მიითვისა ეპისკოპოსის ძალაუფლება და მისი ქმედებების ერთ-ერთი უარყოფითი მხარე ისიც იყო, რომ მან არიოზის წინააღმდეგ ალექსანდრესთან შედარებით უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა. 324 წელს ჰოსიუს კორდუბიელის თავჯდომარეობით გამართულმა კრებამ იგი მხოლოდ პრესვიტერად სცნო.

22[304]ქრისტეს კვართის საეკლესიო ერთობასთან შედარება გვხვდება წმ. კვიპრიანე კართაგენელის ცნობილ ნაშრომში „ეკლესიის ერთიანობისთვის“. იგი წერს: „ეს ერთიანობის საიდუმლო, განუყოფელი ერთსულოვნების ეს კავშირი მოსწავებულია უფალ იესო ქრისტეს კვართის შესახებ სახარებისეულ თხრობაში“. იხ. ასევე ნიკოლოზ გულაბერიძის „დაუჯდომელი სუეტისა ცხოველისა და კუართისა საიფულოისა“ (გამოცემულია 1988 წლის საეკლესიო კალენდარში).

23 - ἶδιοτροπον ὑπόστασιν.

24 -  τὸ ὀν.


25 - ὑποστασις. ბერძნულ ენაში ტერმინი „ჰიპოსტასი“ გამოიყენებოდა არსის სინონიმადაც, ვიდრე ეკლესიის მამებმა არ დაიწყეს მისი გამოყენება წმინდა სამების პირთა აღსანიშნავად და მოგვიანებით ბერძნულ ენაში პიროვნების აღმნიშვნელი ტერმინის „პროსოპონის“ სინონიმი გახადეს. იხ. წმ. გრიგოლ ნოსელის (ადრე მისი ავტორობა მიეწერებოდა ბასილი დიდს) 38-ე ეპისტოლე, ასევე შემდეგი გამოკვლევები: Prestige G.L. God in Patristic Thought. London, 1952;     აქედან გამომდინარე ფილოსოფიურ აზროვნებაში მომხდარი რევოლუციის შესახებ იხ. John Zizioulas, Being as Communion. St. Vladimir’s Seminary Press, Crestwood, NY, 1997. თუმცა, შემდგომ ხანაშიც გამოიყენებოდა „ჰიპოსტასი“ არსის აღმნიშვნელად, ახლაც ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

26 - იხ. 1 კორ. 10.4

27
- θεσει υἰοι, ლათ. Filii adoptive.

28 - τῆς πατρικῆς μαιεύσεως φυσυκὴν ὑιότητα, ლათ. Naturalem paterni partus filiationem.

29 [305]ებიონიზმის დამაარსებლის წარმოსახვითი სახელი, რომელიც პირველად ტერტულიანემ გამოიყენა.

30
- იგი უარყოფდა ქრისტეს საღვთო ბუნებას, განკვეთილ იქნა რომის პაპ ზეფირინუსის მიერ.

31 – αποκηρυχθεντος, ლათ. ejectus.

32
- ლუკიანე იყო ანტიოქიის ეპისკოპოსი, რომელიც გახდა ამ ქალაქის საღვთისმეტყველო სკოლის წინამძღვარი, სადაც აღიზარდნენ არიანობის მოთავეები. პაელეს განყენების შემდეგ მას უარი ეთქვა პავლეს სამ მონაცვლესთან - დომნესთან, ტიმეოსთან და კირილესთან - თანაზიარებაზე. ბოლო ეპისკოპოსის დროს იგი ერთხელ შევიდა ანტიოქიის ეკლესიასთან თანაზიარებაში.

33 - ἀποσυνάγωγος, ლათ. sejunctus.

34 - ევსები კესარიელმა, თეოდოტე ლაოდიკიელმა და პავლინე ტვიროსელმა.

35 - ὧν ἐπικτήτους ὁ Σωτὴρ δι' ἡμας ἀνεδέξατο φωνὰς, ლათ. quaecunque Servator ascititia nomina nostril causa suscepit. იგულისხმება, რომ ზემოხსენებული სიტყვებით აღნიშნული თვისებები მხსნელს ბუნებით არ გააჩნია და ისინი თავისი ნებით მოიპოვა და მიიღო.

36 - τῇ ὑποστάσει δύο φύσες μίαν ἐιναι, ლათ. duas subsistentia naturas unam esse. ჩანს, რომ ჯერ კიდევ წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელისათვის ტერმინოლოგიურად მიუღებელი იყო მამისა და ძის ბუნებითი ერთიანობა: მისთვის ბუნება და არსი აღნიშნავს იმას, რის გამოსახატავადაც მოგვიანებით კაბადოკიელი მამები გამოიყენებენ ტერმინ „ჰიპოსტასს“ (ძველ ქართულ შესატყვისად გვხვდება „გვამოვნება“). იხ. აგრეთვე შნშ. 22.

37 - [306]χαρακτήρ, ლათ. effigem. ძველი ქართული შესატყვისი იყო „ხატი“, იხ. ე. ჭელიძე, მართლმადიდებლური ხატმეტყველება, თბ. 2001 წ.

38 - εἰς τὸν Πατέρα τὴν ἀναφορὰν ἔχει; მაგრამ ლათ. in Patrem redundant – „მამისკენ გადაედინება“.

39
- ἄτρεπτόν τε καὶ ἀναλλοίωτον, ლათ. qui converti aut mutari non potest.

40 - საბელიოზი - მისი სწავლების თანახმად წმინდა სამების პირებს არ გააჩნდათ აბსოლუტური არსებობა, ისინი მხოლოდ ერთი ღმერთის სხვადასხვა გამოვლინებები იყო. 261 წელს ანათემირებულ იქნა ალქსანდრიის კრებაზე.

41
- ვალენტინე - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გნოსტიკური სექტის დამაარსებელი. ასწავლიდა რომში 140 წელს და გარდაიცვალა კვიპროსზე 160 წელს.

42 - ἠ πατρικὴ θεογονία.

43 - τὸ καινίσαν, სიტყვ. განმაახლებელი; ლათ. innovavit. მაგრამ ზოგ ხელნაწერში არის το κινῆσαν - სიტყვ. აღმძვრელი.

44
- შდრ. საქმე 2.33.

45 - ჯერ იყო სირიაში ქალაქ ბეროას ეპისკოპოსი, შემდეგ - ანტიოქიის 324-331 წ.წ.

46 - სახელი „პაპი“ პირველ ხანებში ეწოდებოდათ ახალმოქცეულთა მოძღვრებს, შემდეგ ეპისკოპოსებს და მოგვიანებით ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, კონსტანტინოპოლის და რომის პატრიარ[307]ქებს; დღეს მხოლოდ რომისა და ალექსანდრიის ეკლესიების მწყემსმთავრებს შემორჩათ ეს წოდება.

47 - ἀειγεννής, ლათ. simper genitus.

48
- ἀγεννετογενης, ლათ. ingenite genitus.

49 - ἀτομῳ, ლათ. momento.

50 - სამივე ამ ტერმინის დედნისეული შესატყვისებია: ἐρύγη, προβόλη, συναγέννητος; ლათ. eructationem, ejectionem, coingenitum.

51 - ἐξ ὑποκειμένου τινός. შდრ. არისტოტელე, მეტაფიზიკა, VI. 3,1.

52
- არიოზი და ევსები იყვნენ ანტიოქიელი მღვდლის ლუკიანეს მოწაფეები, რომელიც მოწამეობრივად აღესრულა მაქსიმინუსის დროს 311 ან 312 წლებში.

53 - არიოზი სიტყვებით თამაშობს, სახელი „ევსები“ ბერძნულად ნიშნავს „კეთილმსახურს“.

54 - იყო სხეულის მკურნალი, ისევე როგორც სულის (იხ. ევსები კესარიელი, საეკლესიო ისტორია, III.15).

55 - შემდეგ იყო ანტიოქიის ეპისკოპოსი, გარდაიცვალა 329 წელს.

56 - ანაძარბოსი არის მნიშვნელოვანი ქალაქი კილიკიაში. ეს ეპისკოპოსი არიანიზმში იქნა დადანაშაულებული მისი თანამოსახელეს, ათანასე დიდის მიერ (იხ. ათანასე დიდის „კრების შესახებ“; გამოცემ. J.P. Migne, Patrologiae Cursus Completus, Patrologiae Graecae, Tomus 27).

57[308]მან შეცვალა ევსები ნიკომიდიელი ბერიტაში (ბეირუთში), მაშინ როცა ეს უკანასკნელი გადავიდა ნიკომიდიაში.

58 - ეს არის „საქმე მოციქულთას“ ლიდა, ახლა ეწოდება ლუდი, ქალაქი ელ-ხუდრში. ეს ეპისკოპოსი ანტიოქიაში არიანეული კრების გამართვიდან მალევე გარდაიცვალა 330 წელს, იგი უნდა განვასხვავოთ არიანელობის ერთ-ერთი მოთავისაგან აეციუსისგან, რომელმაც იცოცხლა 367 წლამდე.

59
- იგი აირჩიეს პირდაპირ ერისკაცობიდან, წმინდა ამბროსი მედიოლანელის მსგავსად, იგი შეცვალა არიანელმა პავლინემ.

60
- იგი ესწრებოდა ნიკეის კრებას, მაგრამ არიანელობის მიერ იქნა გაძევებული ფინიკიის ტრიპოლეოსიდან (ათანასე დიდი, არიანელობის ისტორია მონაზვნების მიმართ, 5; იხ. გამოც. J.P. Migne, Patrologiae Cursus Completus, Patrologiae Graecae, Tomus 27).

61 - მას ძალიან აქებს ათანასე დიდი (I სიტყვა არიანელების წინააღმდეგ).

62
- τοῦ Πατρὸς ὁμότιμόν τε κοὶ ὁμοούσιον, ლათ. Patrique honore parem et consubstantialem.

63
- εξ αυτου, τουτ 'εστιν, απ 'αυτου. ლათ. ex ipso, hoc est, de ipso. წინდებულები εξ (ex) და απο (de) ქართულად ითარგმნება ერთი და იმავე ბოლოსართით „-გან (-დან)“.

64 - არიოზმა თავის მწვალებლობა საჯაროდ პირველად გააცხადა 319 წ.

65 - თავდაპირველად ეწოდებოდა ანტიგონეა, მისი დამაარსებლის სახელის მიხედვით, შემდეგ ნიკეა ლისიმახეს დედოფლის სახელის მიხედვით, ახლა ეწოდება იზნიკი.

66
[309]სილვესტრი.

67 - ვიტუსი და ვინცენტიუსი.

68 – στιγματα. შდრ. გალ. 6.17. აქ აღნიშნავს დევნულების ნიშნებს.

69 - ἀοιδιμος. სიტყვ. სიმღერებით განდიდებული.

70 -  προξενεῖν. სიტყვ. გამასპინძლება.

71 - πολεμοποιὸν.

72 - მენოფანტე იყო ლუკიანეს ერთ-ერთი მოწაფე. მან აღიარა ნიკეის გადაწყვეტილება, მაგრამ განკვეთილ იქნა სარდიკიის კრების მამების მიერ. პატროფილე იყო მტკიცე არიანელი, იგი მონაწილეობას ღებულობდა ევსტათის გადაყენებაში. თეოგნისეს ემუქრებოდა ანათემა ნიკეის კრებაზე მის მიერ გამოხატული არიანული შეხედულებების გამო, მაგრამ თავი დააღწია ნიკეის "მრწამსის" მოჩვენებითი აღიარებით. ნარკისოსი იყო კილიკია სეკუნდას ქალაქ ირენეპოლისიდან, აქტიურად მონაწილეობდა არიანულ მოძრაობაში; ათანასე დიდი აღნიშნავს, რომ სამჯერ იქნა გადაყენებული სხვადასხვა კრებების მიერ და იყო ყველაზე უკიდურესი ევსებიანელი. მარმარიკა არის მხარე დასავლეთ ეგვიპტეში. ეგვიპტეში იყო ორი ქალაქი სახელწოდებით პტოლემაიდა, ერთი ზემო ეგვიპტეში აბიდოსის ქვემოთ; მეორე წითელი ზღვის პორტი. კონსტანტინეს შემდეგ კილიკია გაიყო სამ ნაწილად: კილიკია პრიმა, დედაქალაქით ტარსუსი; კილიკია სეკუნდა, დედაქალაქი - ანაძარბუსი; ტერტია, დედაქალაქით - სელევკია.

73 – πεπραγμένα, მაგრამ ლათინურში დაზუსტებულია: acta consilii.

74[310]συμφορὰν ἁστάθμητον, მაგრამ ლათინური თარგმანი რამდენადმე განსხვავებულია: immensum dolorem.

75 - ჰერმესი, მწყემსი, V ხილვა.

76
- ἶδιον.

77 – λεξεις

78
- "აფროსის მიმართ", 5 და 6.

79
- νόμους.

80
- მელეტი იყო ზემო ეგვიპტეში ლიკოპოლის ეპისკოპოსი, რომელიც დაადანაშაულეს განდგომილებაში. დევნულების დროს ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს პეტრეს გადასახლებაში ყოფნის დროს მან მიიტაცა ალექსანდრიის საყდარი. იგი განყენებულ იქნა 306 წ.

81
- იგულისხმება ნიკეის კრების მონაწილეები.

82
- იგულისხმება, რომ მათი სწავლებით ძე თავისუფალ არჩევანს აკეთებს სიკეთესა და ბოროტებას შორის. მაგრამ მართლმადიდებლური სწავლებით ძე როგორც თავისი ბუნებით სრული ღმერთი არ აკეთებს არჩევანს სიკეთესა და ბოროტებას შორის, ვინაიდან ამის მტკიცება ნიშნავს, რომ ღმერთს მერყეობა და შესაბამისად უმეცრება და უძლურება მივაწეროთ, მაგრამ რაც მთავარია, ეს ტოლფასი იქნებოდა ღმერთი დაგვეყენებინა არჩევანის წინაშე საკუთარ ბუნებას და იმას შორის, რაც ის არ არის.

83
- κατὰ νόμον κοὶ θεσμὸν τὸν ἐκκλησιαστικόν.

84 - ე.ი. გარდაიცვალა.

85
[311]განხეთქილებიდან ეკლესიაში დაბრუნებული.

86 - ἀκριβέστερον ἀνοίσει πρὸς ὑμᾶς - ზოგიერთ ხელნაწერშია.

87
- ზოგიერთ ხელნაწერში არის: ταῦτα βεβαιομένη διὰ τοῦ παγκράτορος Θεοῦ κοὶ τοῦ Κυρίου ἡμῶν' Ιησου Χριστοῦ σὺν Πνεύματι ἁγίῳ κατ' εὐδοκίαν.

88 - იგულისხმება იმპერატორი იობიანუსი.

89
- იგულისხმება წერილი.

90
- ე.ი. ნათლობა.

91 – πρωτότοκον, ლათ. primogenitum.

92
- ὑφίστασθαι, ლათ. recipiat.

93 - იგულისხმება წმინდა წერილი.

94
- იხ. „კონსტანტინეს ცხოვრების შესახებ“ წიგნი III, თავი XIII (იხ. J.P. Migne, Patrologiae Cursus Completus, Patrologiae Graecae, Tomus 23), იმავეს იმეორებს სოკრატე სქოლასტიკოსი „საეკლესიო ისტორიაში“, I,8 (გამოც. J.P. Migne, Patrologiae Cursus Completus, Patrologiae Graecae, Tomus 67).

95
- ევსები კესარიელი, კონსტანტინეს ცხოვრების შესახებ, III წ. 13 თ.

96 - იგულისხმება იმპერატორი.

97
- წერილი დაიწერა თმუიტის ეპისკოპოს სერაპიონის მიმართ. [312]გადმოცემის თანახმად წმინდა ანტონმა თავისი ცხვრის ტყავებიდან ერთი სერაპიონს დაუტოვა, მეორე - ათანასე დიდს (იხ. ნეტარი იერონიმე სტრიდონელი. გამოჩენილ კაცთა შესახებ, 99).

98 - ათანასე არჩეულ იქნა მომაკვდავი ალექსანდრეს სურვილით, ხალხის შეძახილებით და ეპისკოპოსებისგან არჩევით, და ხელდასხმულ იქნა 326 წ.

99
- ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით ის დაიწერა 324 ან 325 წ.წ.

100
- ἐπαρχία, ლათ. prიvincia. რომის იმპერიის ადმინისტრაციული ერთეულია, მაგრამ დღესაც არის შემორჩენილი მართლმადიდებელ ეკლესიაში ეპისკოპოსის განმგებლობის ქვეშ არსებული ადმინისტრაციულ ერთეუუის სახელწოდებად მისი ბერძნული შესატყვისი, „ეპარქია“.

101- იგულისხმება წმინდა წერილის დამზადებული ასლები.

102
- კონსტანტინოპოლი დაარსდა 330 წ. ძველი ბიზანტიუმის ადგილას.

103
- იგივე „Cიmes fisci“, მოხელე, რომელიც განაგებდა პროვინციის შემოსავლებს. დიოცეზი გამოიყენება საერო მნიშვნელობით.

104 - ფლავია იულია ჰელენა, კონსტანციუს ქლორუსის პირველი ცოლი. ცნობები მისი მშობლების შესახებ არ მოგვეპოვება. დაიბადა ბითვინიაში, გარდაიცვალა 328 წ.

105 - იგულისხმება ქალღმერთ ვენერას ტაძარი, რომელიც გადმოცემით აღმართა იმპერატორმა ჰადრიანემ, რათა წაებილწა ქრისტიანების სათაყვანებელი ადგილი.

106
- [313]სოკრატე სქოლასტიკოსის ცნობით ეს ნაწილი კონსტანტინემ ჩადო ქანდაკებაში, რომელიც იდგა სვეტზე კონსტანტინოპოლის ფორუმზე.

107
- ის გატაცებულ იქნა იერუსალიმიდან ირანის შაჰ ხოსრო II-ის მიერ 614 წ. გადმოცემის თანახმად აღმოჩენილ იქნა ჰერაკლე კეისარის მიერ 628 წ. „ჯვართამაღლების“ ღღესასწაული თავის თავში აერთიანებს კონსტანტინეს მიერ ჯვრის ნიშის ხილვას, მის აღმართვას იერუსალიმში და ხოსროს მიერ მისი გატაცებიდან ტრიუმფალურ დაბრუნებას.

108 - οἱ δὲ τῆς ‘Αρείου συμμοριας, ლათ. Ariani. როგორც ვხედავთ, აქ ლათინური არის შემოკლებული თარგმანი. συμμορια ათენში გადასახადების აკრეფის ორგანიზების მიზნით მოსახლეობის დაყოფის ერთეულების აღსანიშნავი ტერმინია. ეტიმოლოგიურად იგი უნდა უკავშირდებოდეს სიტყვა μορος-ს, რაც ნიშნავს ხვედრს, ბედს.

109 - იხ. „მოციქულთა“ 14-ე კანონი.

110
- καλοί καὶ ἀγάθοι, ანტიკურ საბერძნეთში ზნეობრივი სრულყოფის აღმნიშვნელი (რაც ამავე დროს ესთეტიკურ სრულყოფასაც გულისხმობდა) სიტყვებია, რაც კომპოზიტის სახითაც იყო გაერთიანებული - „კალოკაგათია“.

111 - ათანასე ამფიონს მოიხსენებს როგორც კილიკია სეკუნდაში ეპიფანიის მართლმადიდებელ ეპისკოპოსს.

112 - ქრესტუსი და ამფიონი განყენებულ იქნა მას შემდეგ, რაც დაბრუნდნენ თეოფნისი და ევსები, რომელთა „სინანულის წიგნი“ გადმოცემულია სოკრატე სქოლასტიკოსის „საეკლესიო ისტორიის“ I წიგნის XIV თავში.

113 - [314]იგულისხმება საეკლესიო მმართველობა.

114 - ე.ი. რასაც ისინი ეტყოდნენ, ის უნდა ელაპარაკა.

115 - σωφροσύνης, ლათ. continentiae. წმ. ეფრემ მცირე ამ სიტყვას თარგმნიდა „მრთელცნობიერად“ (იხ. „გზა სამეუფო“,  N2, 1995 წ.).

116 - ნეტარი იერონიმე ამბობს, რომ ტრაიანოპოლისში, მაგრამ ევსტათი გარდაიცვალა ფილიპეში დაახ. 337 წ. ათანასე ევსტათეს უწოდებს "აღმსარებელს და რწმენაში საღს" ("არიანელობის ისტორია მონას ვნების მიმართ", 4). იგი ასევე აღნიშნავს, რომ ევსტათი არამართებულად დადანაშაულებულ იქნა იმპერატორ კონსტანტინეს წინაშე, თითქოს მას ცილი დაეწამა იმპერატრიცა ელენესთვის. სოძომენე აღწერს მის მოთმინებას, რისი გამოჩენაც მოუწია ევსტათის, და მის ხასიათს აფასებს შემდეგი სახით.: "კეთილი და მართალი კაცი, განსაკუთრებით გამორჩეული მჭევრმეტყველებით, რაზეც მოწმობს მისი ნაწერები, აღმაფრთოვანებელი მათი ღირსებითაც და ძველი სტილითაც, საღი სიბრძნით, ენის სილამაზით და გამოხატვის მადლით" ("საეკლესიო ისტორია", II. 9). მისი ნაშრომებიდან ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ მისმა კრიტიკამ ორიგენეს მიერ წმინდა წერილის განმარტებაზე.

117 - ტერმინი "ინდოეთი" გამოიყენება გაურკვეველი მნიშვნელობით, ნაწილობრივ ძველი შეხედულებიდან, რომ აზია და აფრიკა ერთმანეთს უერთდებოდა ინდოეთის ოკეანის სადღაც სამხრეთით. აქ ინდოელები აღნიშნავს აბისინელებს, იგივე ეთიოპელებს.

118
- რუფინუსის მიერ მიღებული ვერსია არის უძველესი გავრცელებული წყარო ამ ამისათვის, რასაც მისდევენ სოკრატე, სოძომენე და ნეტარი თეოდორიტე. მასთან ტირიანოსს ეწოდება მეროპიუსი.

119
- εἰς τὴν γεωργίαν, ლათ. ad culturam. ინგ. to the spiritual culture. [315]მაგრამ კონტექსტი გვიჩვენებს, რომ აქ იგულისხმება წარმართების, როგორც სულიერი მიწის დამუშავება, ამ სიტყვის ლათინური შესატყვისი აგრეთვე აღზრდის მნიშვნელობით გაგების საშუალებასაც იძლევა, რაც ამტკიცებს აქ ნაგულისხმევი "დამუშავების" სულიერ მნიშვნელობას.

120 - თუ ამ თხრობას გავაიგივებთ ამ ამბის ეთიოპურ ვერსიასთან, მეფედ უნდა მივიჩნიოთ ეთიოპური ანალების აბრეჰას და აცბეჰას მამა. ფრუმენტიოსმა მიიღო ტიტული აბბანა, ან აბბა სალამა, "მშვიდობის მამა". აუქსუმის საეპისკოპოსომ მიიღო სამიტროპოლიტოს ხასიათი. მოგვიანებით იმპერატორმა კონსტანციუსმა მიწერა ეთიოპიის პრინცს, რომ ფრუმენტიუსი შეეცვალა არიანელი თეოფილეთი, მაგრამ პრინცმა მას არ დაუჯერა. (ათანასე დიდი, "აპოლოგია კონსტანციუსის წინაშე", 31) .

121 - ეს ამბავი გარკვეული სახეცვლილებებით თეოდორიტეს გარდა ასევე სოძომენესა და სოკრატეს მიერ გადმოღებულია რუფინუსის მიერ გადმოცემული ვერსიიდან.

122 - საპორ (შაბურ) II, ჰორმიზდ I-ის ძე, იყო ერთ-ერთი უდიდესი სასანიდი. იგი მეფობდა 310-381წ.წ. და წარმატებით იბრძოდა კონსტანციუს II-ისა და იულიანეს წინააღმდეგ.

123 - ἀρχήγον , ლათ. ducem. ბერძნული პირველ რიგში მიზეზს და სათავეს ნიშნავს და შემდეგ მმართველ, ბელადს და წინამძღოლს, მაგრამ, ვფიქრობთ, კონტექსტი უფრო მეორე მნიშვნელობას გულისხმობს, რასაც ლათინური თარგმანიც ადასტურებს.

124 - წერილის ავტორი ალბათ გულისხმობდა ტიბერიუსს, რომელიც მოკლეს; გაიუსს, რომელიც საკუთარმა მცველმა განგმირა მახვილით; კლავდიუსს, რომელიც მეუღლემ მოწამლა; ნერონს, [316]რომელიც თვითმკვლელობამდე მივიდა; ვიტალიუსს, რომელიც ბრბომ სასიკვდილოდ ცემა; დომიციანესა, რომელიც მოკლა მისმა ცოლმა; კომოდუსს, რომელიც მოკლეს მისი კარის მოხელეებმა; პერტინაქსს, რომელიც მოკლეს მისმა მცველებმა; კარაკალა, ასევე მოკლულია; ჰელიგაბალს, მოკლულს; ალექსანდრე სევერუსს, მაქსიმიონუსს, გორდიანუსს, რომლებიც მოკლულ იქნენ; დეკიუსს, რომელიც ომში დაიღუპა; გალუსს, ემილიანუსს, გალიენუს, ავრელიანეს, პრობუსს, კარუსს, რომლებიც მოკლულ იქნენ, მაგრამ ქრისტიანებს ასევე დევნიდნენ ტრაიანე, მარკუს ავრელიუსი და დიოკლეტიანე, რომლებიც მშვიდად გარდაიცვალნენ.

125 - იგულისხმება ვალერიანე, რომელიც იმპერატორად გამოცხადებულ იქნა როეტიაში 254 წ., დამარცხდა სპარსელების წინააღმდეგ ლაშქრობაში. სპარსელებმა ის ტყვედ აიყვანეს და ტყავი გააძრეს, მისი ტყავი კი ჩამოკიდეს სპარსულ ტაძარში.

126 - ἐν ἑκάστῃ τάξει τῶν ἐκκλησιαστικῶν χορῶν.

127 - ინგლისურ თარგმანშია, love one another, რაც ზნეობრივად შეიძლება, უფრო გამართლებული ჩანდეს, მაგრამ არც დედანი, არც ლათინური თარგმანი და არც წინადადების კონტექსტი ვერ ამართლებს ასეთ თარგმანს.

128 - ტვიროსის კრება გაიმართა 335 წ.

129 - ἐγκαίνια, სიტყვ. განახლება. „ἐγκαίνια იყო რიტუალი, რომელიც აკურთხებდა ქრისტიანულ შენობებს, ის ასევე იყო ადგილობრივი დღესასწაული, რომელიც აღნიშნავდა Martirium basilica-ს, ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის ადგილის, კურთხევას“ (Michael Alexander Fraeser, The feast of the Encaenia in the Fourth Century and in the Ancient Liturgical Sources of Jerusalem, University of Durham, 1996, p. 8).

130[317]ელია კაპიტოლინი, სახელი, რომელიც აღდგენილ იერუსალიმს უწოდა იმპერატორმა ჰადრიანემ.

131
- 337 წ.

132 - არიანელი ევსები ნიკომიდიელის მიერ.

133 - კონსტანტინე II-მ მიიღო გალია, ბრიტანეთი, ესპანეთი და აფრიკის ნაწილი; კონსტანციუსმა - აღმოსავლეთი; კონსტანსმა - ილირიკია. იტალია და დანარჩენი აფრიკა. 340 წ. კონსტანსი დაამხო მისმა ძმამ, რომელმაც ის მოკლა აკვილეის მახლობლად და გახდა დასავლეთის მბრძანებელი.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა

საეკლესიო ბიბლიოთეკა, ტ. X, გამომცემლობა "ახალი ივირონი", 2008 წ.

კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია გამოცემის გვერდები

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 02 JUNE 2013 18:08)