Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button

[178]იერუსალიმში, მოუმზადებლად, ათი დოგმატის შესახებ, და საკითხავი კოლასელთა მიმართ ეპისტოლიდან: “გაფრთხილდით, ვინმე თქვენგანი არ იქნას გატაცებული სიბრძნისმოყვარებისა და ფუჭი საცდურის მიერ, ადამიანთა გადმოცემის შესაბამისად, სამყაროს სტიქიონთა შესაბამისად” (კოლ. 2.8) და შემდგომი.

1. ბაძავს სათნოებას ბოროტება და ღვარძლი იფქლად წარმოჩენას მეცადინეობს, რომელიც ფორმით იფქლის მსგავსია, მაგრამ გემოსხილვით შეიცნობა1 განმრჩეველთაგან. ეშმაკიც გარდაისახება სინათლის ანგელოზად (2 კორ. 11.14), არა იმისთვის, რომ იქ დაბრუნდეს, სადაც იყო (რადგან მოიგო განუჭედელი გული, როგორც გრდემლი (იობ. 41.15), და აქვს შეუნანებელი არჩევანი), არამედ იმისთვის, რომ ანგელოზთასწორი ცხოვრებით მოქალაქეებს სიბრმავის წყვდიადი და ურწმუნოების წყლულებითი მდგომარეობა გარეშეარტყას.2 მრავალი მგელი დაძრწის ირგვლივ ცხვართა სამოსით (მათ. 7.15),  რომელთაც ცხვართა სამოსი კი შეუძენიათ, მაგრამ არა ჩლიქები და კბილები, არამედ მოსავთ რა შინაური ცხოველის ტყავი და გარეგნობით აცდუნებენ რა უბოროტოებს, კბილებიდან უღმერთობის გამხრწნელ შხამს გადმოადენენ. მაშ, გვესაჭიროება საღვთო მადლი, ფხიზელი გონება და მხედველი თვალები, რომ არ დავზარალდეთ არცოდნის გამო ღვარძლის როგორც იფქლის მჭამელნი, არც მგლის ცხვრად მიღებით წარვიტაცოთ,  არც მომსვრელი ეშმაკის კეთილისმყოფელ ანგელოზად მიჩნევით შთავინთქათ, “რადგან დადის როგორც მბრდღვინავი ლომი და დაეძებს, თუ ვინ შთანთქოს” (1 პეტ. 5.8), თანახმად წერილისა. ამიტომაც შეგვაგონებს ეკლესია, ამიტომაც არის ახლანდელი სწავლებანი, ამიტომაცაა საკითხავები.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 20 MARCH 2013 15:07)

დაწვრილებით...

 

1. უკვე თქვენთანაა უსანატრელესი სურნელი, ჰოი ნათელღებადნო! უკვე აგროვებთ სულიერ ყვავილებს ზეციურ გვირგვინთა დასაწნავად; უკვე დაქროლა სულიწმინდის კეთილსურნელებამ; უკვე სამეუფო სასახლის წინკარს გარსშემოჯარულხართ; ჰოი, ნეტავ თვით მეუფე შემოგიძღვეთ. ეს-ესაა გამოჩნდა ყვავილი ხეთა, ჰოი, ნეტავ სრულიქმნას ნაყოფიც. უკვე იყო თქვენი სახელთა აღწერა,1 ლაშქრად მოწოდება, ლამპრები საქორწილო  პროცესიისათვის, ზეციური მოქალაქობის გულისთქმა, კეთილი განზრახვა (πρόθεσις ἀγαθή) და სასოება თანამდევი, რადგან არ ცრუობს, ვინც ამბობს: "ღვთის მოყვარეებს ყოველივე შეეწევათ სიკეთეში" (რომ. 8.28). ღმერთი ხელგაშლილია ქველისსაქმეში, მაგრამ ელოდება თითოეულის გულწრფელ არჩევანს (τὴν γνησίαν προαίρεσιν), ამის გამო დაურთო მოციქულმა და თქვა: "რომელნიც განზრახვისამებრ (κατὰ πρόθεσιν) არიან ხმობილნი" (რომ. 8.28). წრფელმა განზრახვამ განაპირობა შენი მოხმობა, რადგან თუ სხეული აქ არის, სული კი - არა, ვერაფერს იხეირებ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 01 FEBRUARY 2012 21:33)

დაწვრილებით...

 

იერუსალიმში, თქმული მოუმზადებლად, წიაღმყვანებელი ნათლისღებად მოსულთათვის და საკითხავი ესაიას წინასწარმეტყველებიდან: ”განიბანეთ, განიწმინდეთ, განიშორეთ ბოროტება თქვენი სულებისგან ჩემს თვალთა წინაშე” (ეს. 1.16) და შემდგომი.

1. ახალი აღთქმის მოწაფენო და ქრისტეს საიდუმლოთა ზიარნო! აწ მოხმობით, მცირედის შემდგომ კი – მადლით “შექმენით თქვენში ახალი გული და ახალი სული” (ეზეკ. 18.31), რომ მხიარულობდნენ ზეციერნი. რადგან, თუკი ”ერთ მონანიე ცოდვილზე სიხარულია”, თანახმად სახარებისა (ლუკ. 15.7), ესოდენ სულთა ხსნა რაოდენ მეტად აღძრავს სასიხარულოდ ზეცის ბინადართ? კეთილ და მშვენიერ გზას შედგომილებში ღვთისმოშიშებით ისრბოლეთ კეთილმსახურების ასპარეზზე, რადგან თქვენი გამოსყიდვისთვის ღვთის მხოლოდშობილი ძე დგას აქ1 და ამბობს: ”მოდით ყოველი მაშვრალი და ტვირთმძიმე და მე მოგასვენებთ თქვენ” (მათ. 11.28). მძიმე ცდომილებებით გარემოცულნო და საკუთარ ცოდვათა ჯაჭვებით შეკრულნო, ისმინეთ საწინასწარმეტყველო ხმისა, რომელიც ამბობს: ”განიბანეთ, განიწმინდეთ, განიშორეთ ბოროტებანი თქვენი სულებისგან ჩემს თვალთა წინაშე” (ეს. 1.16), რომ ანგელოზთა გუნდმა თქვას თქვენთვის: ”ნეტარნი არიან, რომელთაც მიეტევათ ურჯულოებანი და რომელთაც დაეფარათ ცოდვანი” (ფს. 31.1). აანთეთ რა ახლახან სარწმუნოების ლამპრები, დაუშრეტელად იპყარით ხელში ისინი, რათა, როგორც ავაზაკს მაშინ, სარწმუნოების მიერ, გაეღო სამოთხე ამ ყოვლადწმინდა გოლგოთაზე,2 თქვენც ღირსნი გახდეთ საქორწილო სიმღერის წარმოთქმისა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 15 JANUARY 2012 19:48)

დაწვრილებით...

 

A1

იერუსალიმში, თქმული მოუმზადებლად (σχεδιασθεῖσα), სინანულის, ცოდვათა მიტევებისა და წინააღმდგომისთვის, და საკითხავი ეზეკიელიდან: "სიმართლე მართლისა მასზე იქნება და ურჯულოება ურჯულოსი მასზე იქნება. და თუ ურჯულო მოიქცევა ყოველი თავისი ურჯულოებისგან..." (ეზეკ. 18.2) და შემდგომი

1. საშინელია ცოდვა და სულის უმძიმესი სნეულებაა ურჯულოება, არღვევს მის ძალებს და მიზეზია საუკუნო ცეცხლისა. უკეთური თვითხელმწიფება, არჩევანის ამონაყარი.2 და რომ საკუთრივი არჩევანით ვცოდავთ, ცხადად ამბობს სადღაც წინასწარმეტყველი: "მე შენ დაგნერგე ნაყოფიერ ვენახად ყოველი ჭეშმარიტებით, როგორ შეიცვალე მწარე უცხო ვენახად"? (იერ. 2.21). ნერგი კეთილია, ნაყოფი ბოროტი. არჩევანისმიერია ბოროტება, დამნერგველი უბრალოა, ვენახი კი ცეცხლით დაიწვება, რადგან კეთილად დაინერგა, მაგრამ ბოროტად ინაყოფიერა წინააღრჩევის მიერ. ეკლესიასტეს თანახმად, "ღმერთმა წრფელი (εὐθύν) შექმნა ადამიანი, მათ კი მოიძიეს მრავალი გულისთქმა" (ეკლ. 7.29). "რადგან მისი ქმნილებანი ვართ, შექმნილნი კეთილი საქმეებისთვის" (ეფეს. 2.10), ამბობს მოციქული. შემოქმედმა, არის რა კეთილი, კეთილი საქმეებისთვის შექმნა, ხოლო შექმნილი საკუთარი არჩევანით ბოროტისკენ მიიდრიკა. ამრიგად, საშინელი ბოროტებაა ცოდვა, როგორც ითქვა, მაგრამ არა უკურნებელი. საშინელია შემნარჩუნებლისთვის, ხოლო ადვილად კურნებადია სინანულით უკუმგდებლისთვის. რადგან წარმოიდგინე ვინმე, ვისაც ცეცხლი უპყრია ხელთ. სანამ მას ნაკვერჩხალი უჭირავს, იწვის, რა თქმა უნდა, ხოლო თუ განაგდებს ნაკვერჩხალს, მხურვალებასაც განაგდებს იმასთან ერთად. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ შემცოდე არ დაიწვება, მას ეუბნება წმინდა წერილი: "გამოიკრავს ვინმე ცეცხლს უბეში სამოსის დაუწველად" (იგავ. 6.27)? რადგან წვავს ცოდვა სულის ძალებს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 29 DECEMBER 2011 19:40)

დაწვრილებით...

 

იერუსალიმში, თქმული მოუმზადებლად (σχεδιασθεῖσα), ნათლისღების შესახებ

და საკითხავი რომაელთა მიმართ ეპისტოლიდან: "ნუთუ არ იცით, რომ რომელთაც ქრისტე იესოს მიმართ ნათელვიღეთ, მისი სიკვდილის მიმართ ნათელვიღეთ? თანადავეფლენით მას ნათლისღების მიერ სიკვდილში" (რომ. 6. 3-4) და შემდგომი.

1. "იხარეთ, ცანო, და იმხიარულე, მიწავ" (ეს. 49.13). იმათ გამო, რომელთაც მოელით უსუპით სხურება და სულიერი უსუპით განწმენდა ვნებისას უსუპითა და ლერწმით დარწყულებულის ძალით. ზეციურმა ძალებმა იხარონ, ხოლო სულიერ სიძესთან შეერთების მომლოდინე სულები განემზადონ, რადგან "ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, გაამზადეთ გზები უფლისა" (ეს. 40.3). რამეთუ არ არის უმნიშვნელო საქმე, არც სხეულებრივი ჩვეულებისა არის გამოუკვლეველი შეერთება, არამედ ყოველივეს გამომეძიებელი სულიწმინდის სარწმუნოებისამებრი რჩეულობა. ამქვეყნიური ქორწინებანი და შეერთებანი ყოველთვის არ ხდება შეთანხმებულად, არამედ სადაც სიმდიდრეა ან მშვენიერება, იქ მყის თანხმდება სიძე. აქ კი, არა სხეულთა მშვენიერება, არამედ სულის უმწიკვლო სინდისი, აქ არა დასჯილი მამონაა, არამედ სულის სიმდიდრე ღვთისმოშიშებაში.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 09 NOVEMBER 2011 11:52)

დაწვრილებით...

 
More Articles...