Georgian (Georgia)English (United Kingdom)
იმის შესახებ, რომ არათუ მარტოდენ საუფლო სიტყვათა წარმოთქმა, არამედ, აგერთვე, მათ შემდეგ მღვდლის ლოცვა და კურთხევა, სულიწმინდის ძალით, წმინდაყოფს საღვთო ძღვენს

[47]ჩვენ, რომლებსაც სამღვდელო მოციქულთაგან და მოციქულთა მონაცვლე ეკლესიის მოძღვართაგან მიგვიღია გადმოცემა საიდუმლო ლიტურგიისა, ვერსად ვპოულობთ მათთან, რომ ევქარისტიული ძღვენის განწმენდა და სრულყოფა, აგრეთვე, მისი გარდაქმნა უფლის ხორცად და სისხლად ხდებოდეს მარტოდენ საუფლო სიტყვათა მიერ. ყველა მათგანი ერთსულოვნად განაწესებს ამ სიტყვათა წინდაწინ წარმოთქმას უწყების სახით, რომ აღვავლინოთ ხსენებული სიტყვები იმჟამინდელ საქმეთა მოსაგონებლად. ამ დროს, წინადაგებულთა წიაღში თითქოსდა ჩადის გარდაქმნის ძალა, შემდეგ ზემოთქმულს მოსდევს სამღვდელო ლოცვა და კურთხევა, რაც უკვე ნამდვილად გარდაქმნის ძღვენს პირველსახედ, - უფლის ხორცად და სისხლად.

ამას სწამებს ყველა გადმოცემა, რომლებიც ერთხმოვანნი არიან. ეს ქადაგებაც მათ შეერთვის.

სამღვდელო მიციქულთა ლიტურგიაში, რაც დაგვიწერა კლიმენტიმ, საუფლო საკვირველებათა და საქმეთა, აგრეთვე, ვნების, აღდგომისა და ზეცად ამაღლების შესახებ უწყების შემდეგ გარკვევით წერია, „მოვიხსენებთ ყოვლივეს, რაც მან ჩვენს გამო დაითმინა და სამადლობელს აღვავლენთ შენდამი, ღმერთო ყოვლისმპყრობელო, არა იმგუარად, როგორც გვმართებს, არამედ ისე, როგორც ძალგვიძს, და აღვასრულებთ მის განჩინებას, რადგანაც იმ ღამეს, ოდეს განცემულ იქნა იგი, აიღო მას პური თავის წმინდა და შეურყვნელ ხელთა მიერ, აღიხილა შენდამი, მისივე ღვთისა და მამისადმი, განტეხა იგი, მოგვცა ჩვენ, მის მოწაფეებს და თქვა: „მიიღეთ ამისგან და ჭამეთ. ეს არის ხორცი ჩემი, მრავალთათვის განტეხილი მისატევებლად ციდვათა“. მსგავსადვე, განაზავა მან, აგრეთვე, სასმისი ღვინით და წყლით, წმინდაყო იგი, მისცა მათვე და თქვა: „სვით ამისგან ყოველთა. ეს არის სისხლი ჩემი მრავალთათვის დანთხეული მისატევებლად ცოდუათა“. ამიტომ, მივიხსენებთ რა ვნებას მისას და სიკვდილს, აღდგომას და ცად ამაღლებას, აგრეთვე სამომავლოდ მის მეორე მოსვლას, რაჟამს მოვა იგი, რომ განსაჯას ცოცხალნი და მკვდარნი და მიაგოს ყოველ კაცს საქმეთა მისთაებრ, ამის შემდეგ შევწირავთ შენდამი, მეუფეო და ღმერთო, თანახმად მისი განჩინებისა, წინამდებარე პურსა და სასმისს; მის მიერ გმადლობთ შენ, რამეთუ ღირსგვყავ წარდგომად შენს წინაშე და მღვდელმსახურებად შენდა მიმართ. გევედრებით შენ, მოწლედ მოხედე შენს წინაშე დაგებულ ამ ძღვენს, შენ, უჭირველო ღმერთო, სათნოიჩინე იგი პატივად შენი ქრისტესი, გადმოავლინე წინამდებარე მსხვერპლზე წმინდა სული, - მოწამე უფალ იესუს ვნებისა, რომ გააცხადოს მან ეს პური შენი ქრისტეს სხეულად, და ეს სასმისი შენი ქრისტეს სისხლად“.

აი, ამგვარი რამ გადასცეს ეკლესიას საღვთო მოციქულებმა ნეტარი კლიმენტის ხელით.

საიდუმლო ლიტურგია გადმოგვცა, აგრეთვე, საღვთო იაკობმა, იერუსალიმის პირველმა ეპისკოპოსმა, პირველი და დიდი მღვდელთმთავრის ძმამ და [48]მონაცვლემ, რომელიც საუფლო სიტყვათა უწყების შემდეგ ამას გვიწერს: „მოვიხსენებთ რა ჩვენც, ცოდვილნი, მის ცხოველმყოფელ ვნებებს, მაცხოვნებელ ჯვარსა და სიკვდილს, საფლავსა და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომას, ცად ამაღლებას მისას და დაჯდომას შენს, ღვთისა და მამის, მარჯვნივ, მის დიდებულ და საშინელ მეორედ მოსვლას, რაჟამს დიდებით მოვა იგი, რომ განსაჯოს ცოცხალნი და მკვდარნი და მიაგოს ყოველ კაცს საქმეთა მისთაებრ, - ამის შემდეგ შევწირავთ შენდამი, უფალო, ამ საშინელ და უსისხლო მსხვერპლს“. და ცოტა შემდეგ: „გვიწყალე ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მოავლინე ჩვენზე და წინადაგებულ წმინდა ძღვენზე ყოვლადწმინდა სული შენი, უფალი და ცხოველმყოფელი, თანამოსაყდრე შენი, ღვთისა და მამისა, და თანამოსაყდრე შენი მხოლოდშობილი ძისა, თანამეუფე, თანაარსი და თანამარადიული, რომელიც იტყოდა რჯულისა და წინასწარმეტყველთა მიერ, აგრეთვე, შენი ახალი აღთქმის წიაღ, რომელიც მტრედის სახით გადმოვიდა ჩვენს უფალ იესუ ქრისტეზე მდინარე იორდანეში და დაადგრა მასზე რომელიც, აგრეთვე, გადმოვიდა შენს წმინდა მოციქუღებზე ცეცხლოვან ენათა სახით წმინდა და დიდებული სიონის ქორში წმინდა მარტვილიის ჟამს. გადმოავლინე ეს ყოვლადწმინდა სული შენი, უფალო, ჩვენზე და წინადაგებულ წმინდა ძღვენზე, რომ მოიწიოს იგი და თავისი წმინდა, კეთილი და დიდებული მოვლინებით განწმინდოს და ჰყოს ეს პური შენი ქრისტეს წმინდა სხეულად, ხოლო ეს სასმისი - შენი ქრისტეს პატიოსან სისხლად“.

ამათ შეუდგა დიდი ბასილი და მის შემდეგ იოანე ოქროპირი, რომლებმაც შეკვეცეს ხსენებული ლიტურგია. ბასილიც, როდესაც მიდის იგი ლიტურგიის ამ ნაწილთან, მოგვითხრობს უფლის მიერ გადმოცემული იმ პირველი მღდელმოქმედების შესახებ და ამბობს: „დაგვიტოვა მან მოსაგონარი თავისი ცხოველმყოფელი ვნებისა, რასაც წინადავაგებთ მცნებათა მისთაებრ, რადგანაც განიზრახავდა რა უფალი მიახლებას თავის ნებაყოფლობით, დიდებულ და ცხოველმყოფელ სიკვდილთან, იმ ღამეს, ოდეს გაიღო მან თავი თვისი ქვეყნიურების ცხონებისათვის, აიღო პური წმინდა და უხრწნელ ხელთა მიერ, წარმოაჩინა შენს წინაშე, - ღვთისა და მამისა, სამადლობელჰყო, აკურთხა წმინდაჰყო, განტეხა, მისცა თავის წმინდა მოწაფეებსა და მოციქულებს და უთხრა მათ: „მიიღეთ და ჭამეთ. ეს არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებლად ცოდვათა“. მსგავსადვე, აიღო მან სასმისი ვენახის ნაყოფისაგან, განაზავა, სამადლობელჰყო, აკურთხა, წმინდაჰყო, მისცა თავის წმინდა მოწაფეებსა და მოციქულებს და უთხრა მათ, „სვით ამისგან ყოველთა. ეს არის სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, თქვენთვის და მრავალთათვის დანთხეული მისატევებლად ცოდვათა, ამას ჰყოფდით მოსახსენებლად ჩემდა“. და ცოტა შემდეგ „ამიტომ, უფალო ყოვლადწმინდაო, ჩვენც, ცოდვილნი, და შენი უღირსი მონები, რომლებიც ღირს ვიჩინეთ ვმსახურებდეთ შენს წმინდა საკურთხეველს, არათუ ჩვენი სიმართლისა გამო, რადგან არაფერი გვიქმნია კარგი ამქვეყნად, არამედ შენი მოწყალებითა და მოწლეობით, რაც უშურველად გადმოღვარე ჩვენზე, მხნედ მივეახლებით შენს წმინდა საკურთხეველს, დავაგებთ შენი ქრისტეს წმიდა ხორცისა და სისხლის წინასახეებს, - გევედრებით და გეაჯებით შენ, წმინდაო წმინდათაო, შენეული სიკეთის სათნოყოფით გადმოვიდეს შენი წმინდა სული ჩვენზე და წინადაგებულ ძღვენზე და აკურთხოს და წმინდაჰყოს ისინი და გამოაჩინოს ეს პური თვით უფლისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს პატიოსან ხორცად, ხოლო ეს სასმისი თვით უფლისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს პატიოსან სისხლად, დანთხეულად ქვეყნიერების ცხონებისათვის“.

[49]საღვთო ოქროპირიც ამასვე გვაუწყებს უფრო მოკლედ: „რაჟამს მოვიდა უფალი და აღასრულა ჩვენს გამო ყოველი განგებულება, იმ ღამეს, ოდეს განცემულ იქნა იგი, უფრო კი, ოდეს თვით განსცა1 თავი თვისი ქვეყნიერების ცხონებისათვის, აიღო მან პური თავის წმინდა, უხრწნელ და შეურყვნელ ხელთა მიერ, სამადლობელჰყო, აკურთხა, წმინდაჰყო, განტეხა, მისცა მის წმინდა მოწაფეებსა და მოციქულებს და უთხრა მათ: „მიიღეთ და ჭამეთ. ეს არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებლად ცოდვათა“. მსგავსადვე, სასმისის შესახებაც სერობის შემდეგ ასე თქვა: „სვით ამისგან ყოველთა, ეს არის სისხლი ჩენი ახლისა აღთქმისა თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებლად ცოდვათა“. ცოტა შემდეგ კი ამას დასძენს: „შევწირავ შენდამი სულიერსა2 და უსისხლო მსხვერპლს. გევედრებით, განუკვით და გეაჯებით: გადამოავლინე შენი წმინდა სული ჩვენზე და წინადაგებულ ძღვენზე და ქმენ ეს პური შენი ქრისტეს პატიოსან ხორცად, ხოლო ის, რაც ამ სასმისშია, გარდაქმენ შენი სულიწმინდის მიერ შენივე ქრისტეს პატიოსან სისხლად“.

ამგვარად, ყველა მათგანი თანახმიერად ამბობს წინდაწინ საუფლო სიტყვებს, რომელთა მიერ იმჟამინდელ საქმეთა ხსოვნას აცოცხლებენ ჩვენს წინაშე და შესაწირავთა წიაღში წმინდამყოფელ ძალას შთანერგავენ, შემდეგ ლოცვას აღავლენენ და გარდამოიწვევენ სულიწმინდის მადლს, რომ მისმა მოსვლამ იმჟამინდელი სიტყვები აწინდელ მსახურებას შეუტყბოს, სრულყოს წინადაგებულნი და საუფლო ხორცად და სისხლად გარდაქმნას ისინი, რადგან სწორედ ამავე მადლმა შემზადა ქალწულის საშოში ღვთისმტვირთველი ხორცი თანახმად ანგელოზის სიტყვისა: „სულიწმინდა მოვა შენზე და მაღლის ძალა მოგიჩრდილებს შენ“. ამიტომ, როდესაც დიდი ბასილი უწყების სახით წარმოთქვამს უფლის სიტყვას, როგორც უფლისგანვე თქმულს წმინდა ხორცისა და სისხლის შესახებ, „წინასახეებად“ სახელდებს იგი წინადაგებულთ, ცხადია, იმის გამო, რომ ზემორე სიტყვათა მიერ ჯერ კიდევ არ სრულქმნილან ისინი. არამედ კვლავაც სახე და ხატი არიან. შემდეგ მყისვე ლოცვას აღავლენს იგი, რომ მოივლინოს სულიწმინღა და გამოაჩინოს ეს პური თვით პატიოსან ხორცად, ხოლო ეს სასმისი თვით პატიოსან სისხლად. ამგვარი რამ ფრიად მართებულია, რადგან როგორც იმ პირველი შესაქმის ჟამს მიიღო მიწამ, საღვთო განჩინებით, ძალა ნაყოფთა აღმოცენებისა, ხოლო ეს განჩინება, თვით მოძღვრის თქმით, შთანერგილია მიწაში და მარადჟამს ანიჭებს მას აღმოცენების უნარს, მაგრამ მიუხედავად ამისა, საჭიროა მაინც ჩვენმიერი გულმოდგინება და მიწათმოქმედთა ხელები, რომ სრულიქმნეს ნაყოფი, ასევე, ზემორე სიტყვაც, ერთგზის თქმული მაცხოვრის მიერ, მარადჟამს მოქმედებს, როგორც ამას ამბობს საღვთო ოქროპირი, მაგრამ თანამოქმედებს მასთან, აგრეთვე, საღვთო მღვდლობის ძალაც, რაც ლოცვისა და კურთხევის გზით სრულყოფს წინადაგებულთ. ეგევე ძალა, საღვთო სულის უხილავი თანამსრბოლობით, ნათლისღებისას, გარეგნულად ლიტონ წყალსაც ყოველგვარი ცოდვის გამწმენდად გარდაქმნის. ეგევე ძალა, ყოვლადწმინდა სულის მადლით, სრულყოფს მირონცხებას, თვით მღვდლებსაც და, აგრეთვე, სხვა საეკლესიო საიდუმლოთაც, თუმცა ეს როდი ნიშნავს, რომ მივენდოთ მხოლოდ ჩვენეულ ლოცვას, საუფლო სიტყვებს კი უძლურება დავდოთ ბრალად, არამედ უნდა ვილოცოთ წინადაგებულთათვის და გვწამდეს, რომ ამ გზით სრულიქმნებიან ისინი, მაგრამ, ერთი მხრივ, ვაღიაროთ, რომ უფლის სიტყვები მათთვის ნიშნეულ ძალმოსილებას [50]იმარხავენ, მეორე მხრივ კი, საღვთო მღვდლობის ძალაც წარმოვაჩინოთ, რაც სრულყოფს ყოველ საიდუმლოს მის მიერ მოქმედი სულიწმინდის გარდამოწვევით. საღვთო ოქროპირიც ამასვე ამბობს მესამე ნაწილში თავისი შრომისა „მღვდლობის შესახებ“: „დგას მღვდელი; არათუ ცეცხლს გასცემს იგი, არამედ სულიწმინდას; აღავლენს ფრიად ვედრებას, თუმცა არა იმიტომ, რომ რომ სანთელმა, ზეანთებულმა, შთანთქას წინადაგებული ძღვენი, არამედ იმიტომ, რომ შესაწირავზე გადმოსულმა მადლმა ამ მსხვერპლის მიერ აანთოს ყოველი სული და გავარვარებულ ვერცხლზე მეტად გააბრწყინოს იგი; გვმართებს, რომ ლოცვის ჟამს არ მივეცეთ გაურკვეველ ეჭვსა და უნდობლობას, რადგან თვით განმაღმრთობელმა და ზიარმყოფელმა უფალმა მცნებად დაგვიდო ამის აღსრულება: „იქმოდეთ ჩემს მოსაგონებლად“, - გვითხრა მან და მანვე აღგვითქვა, რომ სულიწმინდას მიმადლებდა ყოველ მვედრებელს, არათუ - მარტოდენ მღვდლებს. ფრიად ენება უფალს, რომ ყოველდღიურად აღგვესრულებინა მოსაგონარი, როგორც ეს სრულად საჩინოვდება შემდგომში. შენ კი, ამ მადლში თუ დაეჭვდები, ეჭვს შეიტან, ნათლისღებაშიც, რადგან ისიც ლოცვათა და გარდამოწვევათა მიერ სრულიქმნება. დაგაეჭვებს ისიც, ჭეშმარიტად მიგეტევა თუ არა შეცოდებანი, რადგანაც სამღვდელო მადლით გვენიჭება მიტევებაც. ასე თანდათან გააქარწყლებ ყველა საეკლესიო საიდუმლოს მაგრამ არ არის ეს ამგვარად, დიახ, არ არის, რადგან ღირსსარწმუნოა, ვინც აღთქმა მოგვცა იმისა, რომ ჩვენთან ერთად დაიკარვებდა „დღესა ყოველსა“ საუკუნეთა აღსასრულამდე. ეს ყოველივე გადმოგვეცა წმინდა სამღვდელო მოციქულებისა და მოციქულთა მონაცვლე მამების მიერ, მათ ვიმარხავთ შეუცვლელად და მათში ჩადებულ აზრს გადმოგცემთ.

------------------------------------------------------------------

შენიშვნები


1
- ე.ი. გაიღო

2 - ბერძნ. „ლოგიკოს“. ძველად ითარგმნებოდა, როგორც „სიტყვიერი“. ეს ტერმინი გულისხმობს „ზეციურს“, „გონისმიერს“, „სულიერს“

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ

„სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004 წ.

კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია გამოცემის გვერდები

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 MARCH 2013 18:27)