Georgian (Georgia)English (United Kingdom)

[43]ალექსანდრიის ეკლესიაში წმ. დიონისე დიდის დროიდან (248-265 წწ.) დამკვიდრებული იყო ჩვეულება, რომლის თანახმადაც ალექსანდრიის ეპისკოპოსი ყოველ წელს, წინასააღდგომო მარხვის დაწყებისას, სადღესასწაულო ეპისტოლეს გზავნიდა მთელ თავის ეპარქიაში. აღნიშნულ ეპისტოლეს ჰომილიის სახე ჰქონდა.

ჩვენამდე მოღწეულია ამ სახის ჰომილიები, რიცხვით ოცდაათი, რომელთა ავტორია ეკლესიის უდიდესი მოძღვარი წმ. კირილე ალექსანდრიელი (412-444 წწ.). ქვემოთ წარმოვადგენთ მისი 21-ე სააღდგომო ჰომილიის თარგმანს (ორიგინალი გამოქვეყნებულია შემდეგ გამოცემაში. Patrologia Graeca, t.77, col. 849-857.).

1. სავალდებულოა ჩემთვის, ძმანო, და ფრიად საამურიც, რომ ამჟამადაც, ჩვენი წმინდა დღესასწაულის შესახებ უწყებისას, ჩვეული სიტყვებით მოგმართოთ თქვენ და არაფერი დაგვრჩეს ისეთი, რაც სულიერი სარგებლობის მომტანი იქნება და განგვიმტკიცებს ჩვენი უფლის იესო ქრისტესადმი მართალ და უცთომელ რწმენას, რადგან ამ სახით, ერთი მხრივ, მეც სარგებელს შევიძენდი ჩემეული წადიერებისგან და, მეორე მხრივ, არც თქვენ გავნებდათ ის, რაც სასარგებლოა. ამასთან, რადგან ადამიანთა საქმენი ყოველთვის ზურგის ქარით როდი რბის მათი ჩანაფიქრებისკენ და რადგან შედეგიც ყოველგვარად და ყოვლითურთ როდი თანხვდება უშუალოდ იმას, რაც განზრახულია, ამიტომ, რამდენადაც შესაძლებელია, აუცილებელი ვთქვათ, უფრო კი - იმდენი, რამდენის შესაძლებლობასაც მოგვცემს ჩვენზე დღემდე თავს დატეხილი ავადმყოფობის სიძლიერე, რომელმაც იმ ზომამდე დაგვამძიმა თავისი შემოტევებით, რომ იმასვე ვხმობთ, რაც წმინდა მოწაფეთა მიერ ითქვა მაცხოვრისადმი, როდესაც ისინი საფრთხეში იყვნენ: „უფალო, გვიხსენი ჩვენ, ვიღუპებით“ (მათე 8.26). ვიცი, რომ გონიერებით მშვენობთ, რომ ბრძენი და საზრიანი გულისხმა გაქვთ, რომ ჟღერადია თქვენში ჩვენს წმინდა მამათა და ყოვლადრჩეულ მოძღვართა შეგონებანი, ამიტომ, საჭიროებაც არაფრისაა ჩვენგან, თანახმად ნეტარი მეიგავისა, რომელიც ამბობს „ყოველივე თვალნათლივია გამგებთათვის და მართებულია ცოდნის აღმომჩენთათვის“ (იგავ. 8.9). ასე რომ, გავბედავ და მცოდნეთა მიმართ ავმეტყველდები:

2. აჰა, ამჯერადაც დაგვიდგა წმინდა დღესასწაულის კეთილნიშნოვანი და მაცხოვნებელი ჟამი, რომლის დროსაც გადავიგდებთ ძველი ცოდვების მძიმე ტვირთს და ნებსით შევებმით ციდან ჩამოსული ღმერთ-სიტყვის მაცხოვნებელ უღელში, თუმცა - არათუ კვლავაც დამაშვრალნი და ტვირთმძიმენი, არამედ განსწავლულნი მშვიდი და ცხონების შემძლე ემმანუელის სიტყვით.

ამრიგად, ეკლესიებში ურთიერთშორის თანამოხარულნი ამ საზიარო, სამღვდელო და ერთსულოვანი თანაშეკრებილობის გზით სამადლობელ საგალობლებს აღვავლენთ მაცხოვრის, ქრისტეს მიმართ, ვინც ყველანი გაგვათავისუფლა იმ ბიწისგან, ჩვენზე ძველთაგან რომ იყო მოკრული პირველქმნილი [მამის] დანაშაულის გამო.

სწორედ ქრისტესადმი ვხმობთ იმას, რაც ძველადვე ბრძნულად თქმულა: „ქრისტემ გამოგვისყიდა ჩვენ რჯულის წყევლისგან, გახდა რა ჩვენს გამო [44]წყევლა“ (გალატ. 3.13), რადგან მას შემდეგ, რაც ეშმაკისეული მოშურნეობის შედეგად სამოთხისა და სამოთხის შიგნითა შვებისგან დავეცით და სამართლიანად მოვექეცით შემოქმედის რისხვის ქვეშ, ვისმინეთ რა ის საშინელი და ყოვლადსამძიმო ხმა: „მიწა ხარ და მიწად მიიქცევი“ (შეს. 3.19), ნანადირევი გავხდით ეშმაკისეული მძლავრებისა და შიშით მფრთხალნი ვეღარ ვბედავდით მაღლა ახედვას. ამიტომ, რაღა რჩებოდა ხსნის გზად მათთვის, ვისაც ეს სურდა? რაღა იპოვებოდა მიზეზად შენდობისა მათთვის, რომლებიც გადავიდნენ მეუფის მცნებას? - მარტოდენ კაცთმოყვარეობა ღვთისა, გულმოწყალება და წყალობა ესოდენ გამოუთქმელი და მოუთხრთბელი ძალისა! ამიტომ მოგვივლინა მან ჩვენ მაცხოვრად და მხსნელად თავისი ძე, რომელსაც შეეძლო ერთადერთს ეშმაკის ხელისგან გამოეზიდა ადამიანის ბუნება. მან, მამაღმერთის მხოლოდშობილმა სიტყვამ ესოდენი სიკეთე გამოავლინა ჩვენდამი, რომ თუმცა იყო თავისი მშობლის თანამოსაყდრე, სწორსახელოვანი და თანამარადიული, შემოქმედი და დამბადებელი ცისა და მიწისა, ანგელოზებისა და ადამიანებისა, „მინატაცებად როდი შერაცხა ღვთის სწორად ყოფნა, არამედ თავისი თავი დააცარიელა, მიიღო რა ხატი მონისა“ (ფილიპ. 2.6) და ითვისა მან ჩვენდამი მსგავსება, რომ ყოვლითურთ ძმებისადმი მიმსგავსებულს (გარდა მარტოდენ ცოდვისა) თავისი თავის მიერ ეხსნა ყველა და მიეყვანა ისინი ღმერთთან და მამასთან, განწმენდილები ბიწისა და მწიკვლისაგან. ამიტომაა, რომ შიმშილსაც დაითმენს იგი და იმარხულებს თავის დროზე, რომ ნიმუში გახდეს ჩვენთვის უცოდველი ცხოვრებისა და დასაბამი ხსნისა. ამის გამო ხდება, რომ თვით ჩვენს შორისაც წმინდა დღესასწაულის უწინარეს მარხვაა დაწესებული, თუმცა „არა ძველი საფუარით, არცთუ ბოროტებისა და უკეთურების საფუარით, არამედ სიწრფოებისა და ჭეშმარიტების უფუართა მიერ“ (I კორ. 5.8), რადგან რაჟამს უმანკოდ და უბიწოდ დავიცავთ თავს და ყოვლადწმინდად გამოვიწრთობით ღვთისსათნო მოღვაწეობაში, ჯეროვნად გავიგონებთ კიდეც, ვით გულითადი მონები „კარგია, მონავ კეთილო და სანდოო! მცირეზე სანდო იყავი, ბევრზე დაგადგენ შენ. შედი შენი უფლის სიხარულში“ (მათე 25.23). მართლაც, არ იქნება ურგები მარხვის ნაყოფი მათთვის, რომლებიც უფალს სასოებენ, არცთუ იმ დამაწყევარ და იუდეველთა საკადრის ხმას გაიგონებენ ოდესმე: „ეს მარხვა არ ამირჩევია, ამბობს უფალი“ (ეს. 58.5), რადგან ადანაშაულებს იგი იუდეველებს (და ძალიან სამართლიანად) ესაიას ხმით, როდესაც ამბობს „მარხულობთ და მუშტებით სცემთ გლახაკს. რადღა მარხულობთ ჩემდამი?“ (ეს. 58.4). ასე რომ, სარგებელი ყოვლადმშვენი ცხოვრებისა, რასაც მარხვასთან ერთად თან ახლავს ნათელი და ურყვნელი მშვენიერება, ესაა უხრწნელების მდიდრული საგზალი, ცათა სასუფევლის ღირსსატრფიალო წინდი, საუკუნო სიცოცხლის ურყევი და შეუმუსრავი საძირკველი. ამიტომაც შეგვფერის ჩვენ, „რომლებმაც განვიწმინდეთ თავი ხორცისა და სულის ყოველგვარი ბიწისგან, ღვთისმოშიშებით აღვასრულოთ სიწმინდე“ (II კორ. 7.1), რადგან ესოდენ ახოვანნი და მოუდრეკელნი წარვუდგებით ქრისტეს დალიჭს, შემოსილნი მბრწყინავი სამოსელით და უმეტესი ენახსნილობით მხმობელნი: „აჰა, ჩვენ შენი ვიქნებით, რადგან შენ ხარ უფალი ღმერთი ჩვენი“ (იერემ. 3.22).

3. ის, რისი აღიარებაც არ ინება იუდეველთა ბრბომ, ძველთაგანვე იყო მისდამი სმენილი, ღვთისგან თქმულად, ესაიას ხმით: „ვაი, ცოდვილო მოდგმავ, ცოდვებით სავსე ხალხო, უკეთურო თესლო, ძენო ურჯულონო! მიატოვეთ უფალი და განარისხეთ წმინდა ისრაელისა. კვლავ რად განიგმირე ურჯულოებათა შემატებით?“ (ეს. 1.4), რადგან არც თავად მაცხოვრისგან [45]აღსრულებულ საქმეთა უჩვეულობამ განაცვიურა ისინი, არც უფლის ძალით ნამოქმედარი საღვთო ნიშნები გაიკვირვეს მათ და ღვთის მოწინააღმღეგეთაგან გამხნევებულნი ამბობდნენ: „ეშმაკთა მთავრის, ბეელზებულის მიერ დევნის იგი ეშმაკებს“ (მათე 12.21). ჰოი, ღვთისმოძულე სიცოფევ და გამოუთქმელო უღვთოებავ! „ვერ შეიცნეს, ვერც გულისხმაყვეს. სიბნელეში მიმოდიან და მათგან მცირენიც და დიდნიც ცდებიან“ (შდრ. ფს. 81.5). თუ არ შეიცნობ, უფლის შესახებ რაც დაწერილა, ვერც წმინდა მოწაფეთა ნაუწყებს ჩაწვდები. რად მედიდურობ, რად გეზმანება, თითქოს რჯულისეულ მცნებათა დამცველი იყო? როდის იხილე ახდენილად, რაც ძველად ითქვა? „მაშინ გაეხსნებათ თვალები ბრმებს და გაიგონებენ ყრუთა ყურები. მაშინ ირემივით იხტუნებს კოჭლი და მკაფიო იქნება ენაბრგვილთა მეტყველება“ (ეს. 35.5-6). განა ემმანუელის მოვლინებისას არ იმედოვნებ და არ მოელი ყოველივე იმას, რისი ასრულებაც ნახე უკვე? ნუთუ ნამოქმედართაგან არაფერი არ მიგმართავს იქეთკენ, რომ დაიჯერო საკვირველება (პირიქით, გსურს, რომ დაფარო ის, რაც ყველასათვის გახდა ცნობილი)? ნუთუ თვალებს იხშობ და ყურებს იცობ ქრისტეს საკვირველთმოქმედებათა მიმართ? ამიტომაც გაქვს შენსავე ცთომათა ღირსი მისაგებელი, რადგან უკვე აღარ არის შენთან კეთილმსახურების ნიშანდებანი. არც ქალაქი, არცთუ მსხვერპლი დღესასწაულისა. მთელ სამკვიდროში განთესილხარ მოხეტიალედ. ისმინე, აგრეთვე, ერთერთი იმათგანისა, მართებულად აზროვნება რომ აურჩევიათ, ვინც კიცხვით ამბობს იმის გამო, წინდაწინ რომ ეუწყა ბარუქს: „რა არის, ისრაელო, რომ მტრების მიწაზე ხარ? დაძველდი უცხო მიწაზე, შეიბილწე მკვდრებთან ერთად, თანაშეირაცხე ჯოჯოხეთის მყოფთა შორის. მიგიტოვებია სიბრძნის წყარო“ (ბარუქ. 3.10). ამრიგად, არ ძალგიძს, რომ თავი დაიცვა ბრალდებებისგან. ფუჭია შენთვის ყოველი წრფელი სიტყვა, რადგან ცდილობ განაცრუო ჭეშმარიტება. ამიტომაც ჯეროვნად ისმინე მისი, ვინც ყველას მსაჯული იქნება: „ვიდოდეთ თქვენი ცეცხლის სინათლეში და იმ ალში, თქვენ რომ დაანთეთ“ (ეს. 50.11).

ჯვარს გადაეცი დიდების უფალი და ყოველთა დამბადებელი. ასე გეგონა იმას შეძლებდი, რომ სიკვდილს შეაპყრობინებდი სიცოცხლეს, მაგრამ ვერ შეიცანი, ვერც ისაზრე, რომ ადამიანური ბუნებისათვის სწორედ უხრწნელება მოიმუშაკა მან, რადგან სწორედ იესო ქრისტემ, უფალმა ჩვენმა, რაჟამს ჩავიდა ჯოჯოხეთში და მოიალაფა იგი, სამეუფო ქადაგებით უბრძანა შებორკილთ: „გამოდით“ და სიბნელეში მყოფთ: „გაცხადდით“ (ეს. 49.9), თვით კი გაცოცხლდა სამი დღისა და მკვდართაგან ამოსვლის შემდეგ, წარმატებულით მოხარულმა (χαίρων έπί τω κατορθώματι) ეს ამცნო თავის მოწაფეებს: „წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და მონათლეთ ისინი მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით“ (მათე 28.19).

4. ამრიგად, რადგან ამგვარი მოძღვარნი შეგვიძენია, ვირჩევთ, რომ ვერწმუნოთ და დავენდოთ მათ, ვისწავლოთ მათგან ჭეშმარიტება და, ამასთან, გვაქვს რა საღვთო წერილი სრულ მოძღვრებად და სწავლებად, ვხმობდეთ ჩვენი მაცხოვრისა და მხსნელის მიმართ ნეტარი მოსესგან თქმულს „ვინ არის შენი მსგავსი ღმერითა შორის, უფალო? ვინ არის შენს მსგავსად დიდებული წმინდათა შორის?“ (გამოსვლ. 15.11). და კიდევ „ვინ არის შენებრ ღმერთი, ურჯულოებათა აღმომფხვრელი და უსამართლობის უგულებელმყოფელი?“ (მეორე სჯ. 34.7). ამიტომ, არავინ თქვენგანი არ ერწმუნოს ცთომილებას, არ მიდრკეს მართალი სარწმუნოებისაგან. სამეუფო გზით ვიაროთ. არ მივიდრიკოთ არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. მარტივად და უვაჭრელად დავიცვათ მართალი სარწმუნოება, შევიმეცნოთ არა მწვალე[46]ბლური სიგყვამბრძოლობის ხერხები, არამედ ჭეშმარიტი კეთილმსახურების სარწმუნოება, თანაარსად ვაღიაროთ სამება მამისა, ძისა და სულიწმინდისა, რადგან თავიდანვე ეს გადმოგვცა ჩვენ საღვთო წერილმა. შევიმეცნოთ ჩვენთვის განკაცებული და ნეტარი ქალწულის, ღვთისმშობელ მარიამის მიერ შობილი უფალი. ვთქვათ მისდამი წერილისებრ: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“ (იოანე 19.28).

ასე შევამკოთ ჩვენი ცხოვრება, რომ მართალი და ღირსეული მოღვაწეობით ჩამოვირეცხოთ ძველ შეცოდებათა ლაქა და ყოველგვარი აუგისგან თავდახსნილები წმინდად და უბიწოდ გამოვჩნდეთ, რაჟამს მივაგებთ ობლობით სნეულთ მამობრივ გულმოწყალებას, ქვრივებს კი წმინდანთათვის შესაფერის თანალმობას მივმადლებთ. ანუ, ერთბლივად რომ ვთქვათ, შევიყვარებთ მოყვასს, განვდევნით ჩვენი სულისგან ყოველგვარ უსამართლობას, სახლში შევიყვანთ იმ გლახაკებს, ჭერი რომ არა აქვთ, რათა ყოველივე ის, რაც საცხოვრებლად გვებოძა ღვთისგან, მშიერთათვის საზიაროდ შევრაცხოთ, შიშველნი შევმოსოთ ანუ, მარტივად, შევიმკოთ ყოველივე იმით, რაც ესათნოება ღმერთს და ამ გზით შევძლოთ მოპოვება მოსალოდნელ სიკეთეთა სიტკბოებისა.

ვიწყებთ წმინდა ორმოცეულს მექირის თვის ოცდაშვიდიდან, მაცხოვნებელი პასქის შვიდეულს კი - ფამენოთის თვის ოცდაოთხიდან, ხოლო ვაუქმებთ მარხვას იმავე ფამენოთის თვის ოცდაცხრიდან, ღრმა მწუხრისას, თანახმად სახარებისეული ქადაგებისა და მომდევნო განთიადისას, კვირას, იმავე თვის ოცდაათში აღვასრულებთ დღესასწაულს, დავურთავთ რა შემდეგ წმიდა ერგასისეულის (სულმოფენობის) შვიდ შვიდეულს, რადგან ამ სახით ვიმემკვიდრებთ ცათა სასუფეველს ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომლის მიერ და რომელთან ერთადაც იყოს დიდება და მპყრობელობა მამისა უკუნითი უკუნისადმე. ამინ!

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა  ედიშერ ჭელიძემ

„სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004 წ.

კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია გამოცემის გვერდები

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 21 March 2013 18:24)