Georgian (Georgia)English (United Kingdom)

[63]როგორც საამო თანამგზავრი ადამიანის ცხოვრებისა, წინასწარმეტყველი დავითი - ცხოვრების ყველა გზაზე პოვნილი და შესაფერისად შერწყმული ყველა სულიერ ხნოვანებას და თანაშერთული წინმავალთა ყველა მწყობრს - თანაელაღობება ღვთისათვის ჩვილთ, თანაეღვაწება კაცთ, განასწავლებს სიყრმეს, მტკცეჰყოფს სიბერეს, ყოველთათვის ყოველი იქმნება:მეომართა საჭურველი, მებრძოლთა გამწვრთნელი, მორკინალთა ჭიდილი, გამარჯვებულთა გვირგვინი, სანადიმო სიხარული, სამგლოვიარო ნუგეშისცემა.

ჩვენს ცხოვრებისეულთაგან არაფერია ამ მადლის უნაწილო. რა ძალა აქვს ლოცვას, რომელსაც დავითი თან არ შეერთვის? რა არის მხიარულება დღესასწაულისა, რომელსაც ეს წინასწარმეტყველი არ ახალისებს? ხოლო რაც ახლა უნდა ვიხილოთ, ის არის, რომ ჩვენთვის სხვაგვარად დიდი დღესასწაული საკუთარი თავის მიერ უმეტესად დიდი ჰყო წინასწარმეტყველმა მიზეზისადმი შესაფერისად თანშემოტანით ფსალმუნთამიერი მხიარულებისა. რადგან ერთ ფსალმუნში თავის თავს უბრძანებს, რომ გახდეს ცხვარი, ღვთისაგან დამწყსილი და არცერთი სიკეთისაგან არდაკლებული (ფს. 22,2), რომლისთვისაც კეთილი მწყემსი (იოანე 10,11) იქნება საძოვრის ბალახადაც და შვების წყლადაც, საზრდოდ, სადგომად, ბილიკად, მეგზურობად და ყველაფერად - ყველა საჭიროებისათვის შესაფერისად განმყოფელი საკუთარი მადლისა. ამათ ყოველთა მიერ ასწავლის ეკლესიას, რომ უწინარესად გვმართებს, გავხდეთ კეთილი მწყემსის ცხვარი, რომელიც სიკეთისეული პირველსწავლების გზით მოძღვრებათა საღვთო საძოვრებისა და წყა[64]როებისადმი იმეგზურება, რომ მასთან ერთად დაიფლოს ნათლობის მიერ სიკვდილში (რომ. 6, 3-4) და არ შეუშინდეს ამგვარ სიკვდილს, რადგანაც სიკვდილი კი არ არის ეს, არამედ სიკვდილის აჩრდილი და ანაბეჭდი. რადგან, რომ ვვლიდე, ამბობს, სიკვდილის აჩრდილის შუა, არ შემეშინდება ბოროტის მოხდენისა, რადგან შენ ჩემთან ხარ (ფს. 22,4). ამათ შემდეგ ნუგეშს სცემს რა სულისმიერი კვერთხით (რადგან სულია ნუგეშისმცემელი) (იოანე 14,16 (15,26; 14,26), საიდუმლო ტრაპეზს წინადააგებს, გამზადებულს ეშმაკთა ტრაპეზის პირისპირ; რადგან იყვნენ ისინი კერპთმსახურების მიერ შემაჭირვებელნი ადამიანთა სიცოცხლისა, რომელთა პირისპირაცაა სულისეული ტრაპეზი. შემდეგ სულისმიერი ზეთით მირონჰყოფს თავს და გულის გამამხიარულებელი ღვინის (ფს. 103,15) წინადამგები მისდამი იმ ფხიზელ სიმთვრალეს შთანერგავს სულში, წუთიერთაგან მარადიულის მიმართ დამადგინებელი აზრთა. რადგან მგემებელი ამგვარი სიმთვრალისა დღემოკლეობის არასრულობას უნაცვლებს დღეთა სიგრძეს, აგრძელებს რა ღვთის სახლში ყოფნას.

ამგვართა მომმადლებელი ჩვენთვის ერთერთში ფსალმუნთაგან უმეტესი და უსრულესი მხიარულებისადმი აღადგენს სულს შემდგომ ფსალმუნში და, თუ სათნო გიჩნთ, ამის აზრსაც გადმოგცემთ მცირედით შემმოკლებელნი: უფლისაა მიწა და მისი სავსება (ფს. 32,1). მაშ რა გაოცებს კაცო, თუ მიწაზე იქნა ხილული ჩვენი ღმერთი და თუ ადამიანებთან ერთად დაემკვიდრა? რადგან მისი ქმნილებაა მიწა, ამიტომაცაა შენაქმნი. ასე რომ, არაფერია ახალი, არც შეუფერებელი იმაში, რომ საკუთართა მიმართ მივიდეს მბრძანებელი (იოანე 1,11). რამეთუ უცხო ქვეყანაში კი არ ქმნილა, არამედ მასში, რომელიც თავად შეამყარა ზღვებზე დამაფუძნებელმა მიწისა და მდინარეთა მოვალეობისადმი კეთილშეწყობით მისმა განმამზადებელმა. ამრიგად, ვის გამო იყო მოსვლა? - რომ ცოდვიის უფსკრულთაგან შენს განმაშორებელს სასუფევლის მთაზე აეყვანა სათნოებითი მოქალაქეობის - აღმართისაკენ ეტლის, - მომხმეველი; რადგან არ შეიძლება იმ მთაზე ასვლა, [65]თუ სათნოებებთან ერთად არ ივლის ვინმე, ხელთა მიერ უცოდველქმნილი და არარა უკეთური საქმით არ შებილწული, არამედ გულით განწმენდილი, არანაირი ამაოებისადმი არ მიმძღვნელი საკუთარი სულისა, არც რამე მზაკვრობის შემამზადებელი მოყვასისათვის. ამ აღმასვლის ჯილდოა კურთხევა, დაუნჯებულ მოწყალებას მოგვიბოძებს ამით უფალი. ეს არის მოდგმა მის მეძიებელთა, რომელნიც სათნოების გზით ადიან სიმაღლისაკენ და ეძიებენ ღვთის პირს - იაკობს (ფს. 23, 2-6)... ეს მაღალი წინასწარმეტყველი კი, თვით საკუთარი თავისაგან განმდგარი, რათა სხეულის ტვირთით არ დამძიმებულიყო, და ზექვეყნიურ ძალთათვის შემრეველი საკუთარი თავისა, მათეულ ხმებს გადმოგვცემს ჩვენ, როცა მეუფის წინმსწრობნი ბრძანებენ, რომ ჩამოსვლის ჟამს აღებულ იქნან შესასვლელნი მიწის გარშემო მყოფი ანგელოზებისა, რომელთაც ადამიანური სიცოცხლე აქვთ რწმუნებული, და ამბობენ: ასწიეთ ბჭენი თქვენი, მთავარნო, და აიწიეთ, საუკუნო ბჭენო, და შემოვა მეუფე დიდებისა (ფს. 23,7). და რამდენადაც, ვის მიმართაც იქმნება, მიმღებლისადმი თანაშეზომილჰყოფს საკუთარ თავს ყველაფრის თავის თავში გარშემომცველი (ფს. 94,4) (რადგან არა მხოლოდ ადამიანთა შორის იქცევა ადმაიანად, არამედ თანმიმდევრულად უთუოდ ანგელოზთა შორის ქმნილიც ქვედაადაბლებს საკუთარ თავს იმათეული ბუნების მიმართ), ამიტომ სჭირდებათ კარიბჭის მცველთ განმაცხადებელი: ვინ არის ეს მეუფე დიდებისა? რის გამო წარმოაჩენს მათდამი მძლედ და ძლიერად ომში (ფს. 23,8), რომელიც განიზრახავს, შეერკინოს დამატყვევებელს ადამიანური ბუნებისა და შემუსროს სიკვდილის ძალმოსილების მფლობელი (რომ. 7,23); ებრ. 2,14), რომ უკანასკნელი მტრის განქარვების (I კორ. 15,26) შემდეგ თავისუფლებისა და მშვიდობისადმი იქნეს უკუხმობილი ადამიანობა. კვლავაც გადმოგვცემს მსგავს ხმებს (რადგან გასრულდა უკვე სიკვდილის საიდუმლო და მბრძოლთა წინააღმდეგ წარემატა და აღიმართა მათეული ძლევის ძეგ[66]ლი - ჯვარი და კვლავაც ავიდა სიმაღლედ ტყვეობის ტყვექმქმნელი, სიცოცხლისა და სასუფევლის. ამ კეთილ ძღვენთა მომცემელი ადამიანთათვის) და ხამს, კვლავაც განეხვნან მას ზემდებარე ბჭენი. წინაუწყებას მიიღებენ ჩვენი მცველნი და მისდამი განხვნა ებრძანებათ ზემდებარე ბჭეთ, რათა კვლავაც იდიდოს მათ შორის; მაგრამ უმეცარია ჩვენს ცხოვრებაზე უწმინდური სამოსის მომსხმელი, რომლის შესამოსელთა სიწითლეც ადამიანურ ბოროტებათა საწნახელისგანაა (ებრ. 63,2). ამიტომაც მათგან ეს შეკითხვითი ხმა წინმსწრობთა მიმართ იქმნება. ვინ არის ეს მეუფე დიდებისა? (ფს. 23,10) მერე აღარ იქნება ამათი განსჯა; მძლე და ძლიერი ომში (ფს. 23,8; 23,10), მაგრამ: მეუფე ძალთა - ყოვლიერების ძალმოსილების მიმხვეჭელი, ყველაფრის საკუთარ თავში შემომკრებელი, ყველაფერში პირველმყოფი, ყველაფრის პირველი ქმნილების მიმართ კვლავაღმდგენელი, იგია მეუფე დიდებისა. იხილეთ, თუ უმეტესად საამო როგორ გახდა ჩვენთვის დღესასწაული დავითმა, საკუთარი მადლი შეურია რა ეკლესიის სიხალისეს. ამრიგად, ჩვენც მივბაძოთ წინასწარმეტყველს, რაშიც შესაძლებელია, რომ ბაძვა წარემატოს, ღვთის მიმართ სიყვარულში, ცხოვრების სიწყნარეში, მოძულეთადმი დიდსულოვნებაში, რომ იქმნეს წინასწარმეტყველის სწავლება - ღვთისმიერი მოქალაქეობისადმი ხელისაპყრობად ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომელსაც დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ*.

----------------------------------------------

* აღნიშნული ძეგლი წარმოადგენს ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ ყველაზე ძველ ჰომილიეს საეკლესიო მწერლობის ისტორიაში.



ძველი ბერძნულიდან თარგმნა
მაია თოდუამ
ჟურნალი “გზა სამეუფო”, №1 1995წ.

კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია ჟურნალის გვერდები

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 22 MARCH 2013 20:27)