Georgian (Georgia)English (United Kingdom)
მოწამეთა მიმართ და არიანელთა წინააღმდეგ

[58]1. განა შესაძლებელია იმის გადმოცემა, რაც სახილველია თვალთათვის? რაგვარი სიტყვა იქნება ჩვენთვის საჩინო სიკეთეთა სწორი? აი, რა დაუჯერებელი სანახაობა იშლება ჩვენს თვალწინ! მართალია, ხშირად მოწადინე ვიყავით მისი ხილვისა, მაგრამ იგი ჩვენთვის საწადელსა და სასურველზე ბევრად აღმატებულია.

და კვლავ აქაური პატივის მიგება მოწამეთათვის, რომლებიც აქამდე მრავალი ხნის განმავლობაში უპატიოდ იყვნენ დატოვებულნი; კვლავ ღვთისმსახურთა შეყრა, კვლავ ქოროთა შემოკრება და სულიერი დღესასწაული: ხალხმრავალი თავშეყრა მედღესასწაულეთა და არა ბრძოლის მოსურნეთა. ჰოი, საკვირველებავ! განხდილია ხელთაგან იარაღი, დახსნილია წინააღდგომა, დავიწყებულია მტრობა, აღარ ისმის საბრძოლო ყიჟინა. ნაცვლად ამისა დღესასწაულნი, მხიარულებანი და გულის მშვიდი სიხარული ავსებენ მთელ ქალაქს, რომელიც წმინდანთა დედა იყო ოდესღაც, ხოლო შემდგომ მრავალი ხნის განმავლობაში აღარ მონაწილეობდა თავისი შვილებისადმი პატივის მიგებაში. აწ კი “მაქუს მე ყოველი და გარდამრევიეს”, როგორც ამბობს მოციქული (ფილლიპ. 4,18).

დიდება თქვენდა, მოწამენო! თქვენია ეს ღვაწლიც. დარწმუნებით ვიცი, რომ თქვენ გაასრულეთ გამარჯვებით ეს დიდი ბრძოლა, მხოლოდ თქვენ მოიღვაწეთ ეს კეთილი საქმენი, თქვენ აღუმართეთ მშვიდობას ძლევის ძეგლი, თქვენ შემოკრიბეთ ღვთისმსახურნი, თქვენ დაუდგინეთ წინ ამ შეკრებას მეფერხულენი სულიწმიდისა. ო, რაოდენი დააკლდა მათ, ვინც ვერ მოესწრო ამ სახილველს, რომ მათაც, ჭირთა ნაცვლად სავსებაში დამკვიდრებულთ, შეძლებოდათ მშვიდო[59]ბის სიკეთით ლხენა.

2. გარდავიდა და განქარდა, ვითარცა ნისლი, სულიწმინდისაგან გაფანტული მწვალებლური ცთომილება, გაბრწყინდა მშვიდობის წმინდა ზეცა, გამოჩნდნენ მასზე ამ ქალაქის ვარსკვლავები, ჭეშმარიტების ცხად ნათელში მოციაგენი, არა ღამისა და წყვდიადის წილხვედრნი, არამედ დღისითვე სახილველნი, სიმართლის ჭეშმარიტი ნათლით განათლებულნი. და რადგანაც მოციქულის სიტყვით, “ღამე იგი განგუეშორა” (რომ. 13,12), უფრო კი, სრულიად განქარდა და ყოველივე ნათდება დღის სინათლით, ამიტომ გარბიან ის მხეცები, ღამით რომ ეძებდნენ საკბილოს; და გროვდებიან ტყეებში და მღვიმეებში; დრტვინვით ილტვიან მწვალებელი ღამურები, ჭეშმარიტების ნათლით დაბრმავებულნი და წყება-წყება ინთქმებიან კლდეთა ღრმულებში.

ამ დღიდან შეწყდა მეღრევეთა და მემთვრალეთა თავშეყრა. მძარცველნი, ავაზაკნი, მპარავნი და სხვა ყველანი, ღამის საქმესთან წინლაყარნი, მშვიდობის ნათლის გამოჩენისთანავე მიიმალნენ. ხოლო სანამ იყო ეს ღამე, რაც აბნელებდა ყოველივეს ცთომილების წყვდიადით, რაგვარი საქმენი აღესრულებოდა მაშინ? – დავიწყებისა და ღრმა დუმილის ღირსი, რომ უამური მოგონებით არ შეიბღალოს აწინდელი მადლი.

ან კი როგორ უნდა გამოითქვას ამ ღამის ბოროტებანი? ან როგორ დავდუმდეთ მათზე? რომელ ტრაგედიაშია ესოდენი ვნებები? რომელი ზღაპრობა მოიგონებს უარესს? რომელი პოეტი განადიდებდა ამგვარ ვნებას სცენაზე წარმოდგენით? ენით უთქმელია ეს უბედურება, სათხრობლადაც კი ძნელია ეს ვნებები!

3. ეშმაკის ბუნაგი იყო ეს საკრებულო. აქ დასცა მან თავისი ბანაკი, აქ დაადგინა მეაბჯრენი. აქ იყო: სიცრუის ლაშქარი, ცთომილების დამცველნი, დემონთა ურდო, უწმინდურ სულთა ლეგეონები და თუ საჭიროა გარეშე სახელებით თქმა1, (ვიტყვი, რომ) აქედან ეკლესიას თავს ესხმოდა მზაკვრული ლაშქარი დემონთა, ანუ ერინიათა2, რადგან იძულებული ვარ ასე ვუწოდო იმ ქალებს, რომლები არაბუნებრივად გამბედავნი აღმოჩნდნენ ბოროტებისათვის.

ერთ-ერთი ასეთი ელიას დროს იყო ვინმე იეზაბელი, უფლის წინასწარმეტყველთა სისხლისმოსურნე. და არცხვენს მას ღვთივშთაგინებული ამბავი (III მეფ. 21,1 და შემდეგ), ვფიქრობ იმისათ[60]ვის, რომ თავაშვებული ქალის გახსენებით ცხოვრების გაკვეთილი მიიღოს ამიერიდან ყველამ.

აწ კი რამდენი ვინმე, იმ იეზაბელის მსგავსი, სარეველასავით ერთბაშად აღმოცენდა მიწიდან და ხსენებულ ქალსაც კი გადააჭარბა მომეტებული სიავით. თუ არ ერწმუნები სიტყვას, დაუკვირდი (ქვემორე) თხრობას. იმ ქალმა ნაბოთეს ვენახით აამა თავაშვებულ აქაბს, რათა ექცია ვენახი ბაღად, შვების ადგილად, ქალურ განცხრომად. ეს ქალები კი ცდილობდნენ სრულიად გაენადგურებინათ ღვთის ცხოველი ვენახი, ანუ ეკლესია და თავადვე აღასრულებდნენ ბოროტებას.

რაგვარი მაგალითი ვპოვო ნათქვამისათვის? რაგვარი სახე მივუსადაგო ამგვარ უკეთურებას?  ვიხილე თეთრ კედელზე მსგავსი გამოსახულება. იტვირთეთ ბოროტებათა მოგონებისაგან მღელვარე ჩემი გული, ან უმჯობესია, თქვენც იგლოვოთ ჩემთან ერთად დათმენილი უბედურებანი, რადგან აღვწერ არა სხვათა, არამედ ჩვენსავე საკუთარ ვნებებს. რაგვარია სურათი, რომელსაც მივუსადაგებ ამ საქმეებს?

ეს იყო უმსგავსო ფერხული ქალთა, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა სახით როკავდა და იგრიხებოდა. ამგვარ ქალებს მენადებად3 ხმობენ ზღაპრობანი. ქარისაგან აშლოდათ თმები. სიშლეგეს გამოხატავდა მზერა. ხელთ ეპყრათ ჩირაღდნები და მათი მროკველი სხეულები ალში ჩანდა გამოხვეული. მკერდთა ღელვა4 ტანსაცმლის კეთილნაკვთიანობას ბღალავდა. ფეხის წვერებზე შემდგარნი დახტოდნენ. არც ერთი მათი მოძრაობა არ გამოხატავდა კეთლზნეობრივ მოკრძალებას.

4. ამ ფერხულის შუაში მამაკაცის აი, ამგვარი კერპი იყო მოთავსებული: რაღაც ქალისმაგვარი, გაურკვეველი ბუნებისა, განაზებული შესახედაობის, საშუალო (მამაკაცურ და ქალურ) ბუნებათა შორის, მოდუნებული სახით მწოლიარე, თითქოს ძილ-ბურანით თუ სიმთვრალით დაბანგული. იგი რაღაც ოთხთვალაზე გადაწოლილიყო, რომელსაც მხეცები მენადების ფერხულს შორის დაატარებდნენ, მას კი კრატერიდან ბლომად ეღვრებოდა განუზავებელი ღვინო. ამ კერპს გარს უვლიდნენ ვიღაც მოჟრიამულე უცნაური არსებანი ცხოველური გამომეტყველებით, რომლებიც მის გარშემო თხის ფეხებზე ხტოდნენ5.

[61]ამგვარია იმ ღამის შესახებ თხრობანი. ქალებმა, თავიანთი მოდგმის შერცხვენით ცნობილებმა, თავიანთი სქესის საერთო ბრალთან ერთად შეურაცხყოფა მიაყენეს ქალთათვის ჩვეულ კეთილზნეობას – საზეიმოდ დაიარებოდნენ შუა ქალაქში, სამარცხვინოდ წარმოადგენდნენ მათ მიერვე უშვერქმნილ ბუნებას. ფარების ნაცვლად ხელში ქვებით შეიარაღებულნი, სიკვდილით მზირალი განმგმირავი ურცხვი გამომეტყველებით შევიდნენ ღვთის ალაგში და წმინდა ამბიონზე აიყვანეს თავიანთი კორიბანტი6. შემდეგ კი დაიწყო მთვრალობა, იღვრებოდა ღვინო, განშორებულ ადგილთაგან პანებიც7 კი გამოჩნდნენ და იყო ღამე, აღრეული დროსტარება და ყოველივე ის, რის ხსენებასაც კი კრძალავს მოციქული, რომელიც ამბობს: “რამეთუ რაი-იგი ფარულად იქმნების მათ მიერ, საძაგელ არს სიტყუადცა” (ეფეს. 5,12).

ვინ აღწერს გამოწვლილვით ცეცხლს, ქვებს, მკვლელობებს, ჭრილობებს? ვინ აღწერს, თუ როგორ ეცილებოდნენ ერთმანეთს სრულიად მოესპოთ წმ. სახლთა მსახურნი, თუ როგორ სცემდნენ სასიკვდილოდ ხელკეტებით შუა ქალქში ჭეშმარიტების ერთ მიმდევარს და მხოლოდ იმან, რომ მკვდრად ჩათვალეს, ნამდვილი სიკვდილისაგან იხსნა იგი?

მაგრამ არ ვიცი, თუ ვით დასცილდა სიტყვა მართებულ სიხარულს მიწიერ ამბებზე შეყოვნებით. ასე რომ, დავუბრუნდეთ მას, რითაც დავიწყეთ, რათა ტკბილი და სასიამოვნო სიტყვით განვიწმინდოთ უსიამოვნო სასმენელი, რადგან ნათქვამია: “დღეთა შინა კეთილთასა დაივიწყებენ ბოროტნი” (ზირაქ. 11,25). მაშ, კვლავ ვუბრუნდები იმავ ნათქვამს, რომ განქარდა ის ღამე და წყვდიადი. მშვიდობის სხივები ჭეშმარიტების ნათელს აბრწყინებენ მოწმენდილ ცაზე. ამიტომ საღვთო ალაგებიდან გაძევებულია ყოველივე ბილწი და არაწმინდა. ამის სანაცვლოდ ღვთისმოსავთა სახლები სავსეა ყოვენაირი მხიარულებით და არაფერია აკლია ამ მხიარულებას – არც წვეულნი და არ მაწვევარნი. ტაბლა სავსეა კეთილმარგებელი საზრდოთი.

-----------------------------------------------------

შენიშვნები

1 - “გარეშე სახელებით თქმა” – ბერძნ. “ექსოთენ” (სიტყვასიტყვით “გარეშე”) “წარმართულს” აღნიშნავს ახალ აღთქმასა და პატრისტიკულ ლიტერატურაში (И. Х. Двояецкий, Древнегяеческо-яусский словарь, т. 1. M., 1958. A. patristic Greek Lexicon, ed. by G. W. H. Lampe, Oxford, 1961). აქ იგულისხმება ანტიკური მითოლოგიური სახელწოდებების დასახელება.

2 - ერინები – შურისძიების ქალღმერთები ანტიკურ მითოლოგიაში, ქვესკნელის ბინადარნი, საშინელი გარეგნობისა, ხელში ჩირაღდნებით.

3 - მენადები – იგივე ბაკხი ქალები, მეღვინეობისა და ნაყოფიერების ღვთაება დიონისეს (იმავე ბაკხევსის) გახელებული თანმხლებნი უხამსი ვარცხნილობითა და ჩაცმულობით. ანთებული ჩირაღდნებით, ხელში მოხტუნავენი ყოველივეს ანადგურებდნენ თავიანთი ორგიასტული მსვლელობისას.

4 - შდრ. ჰომეროსი, ილიადა XXII, 460.

5 - იგულისხმება ნახევრადთხა სატირები – ნაყოფიერების დემონები, დიონისეს ნახევრადმთვრალი აღვირახსნილი მხლებელნი, ქორუმში მროკველნი, თხისმაგვარი ყურებით, წვერით, ცხვირით, კუდითა და ჩლიქებით, ბანჯგვლიანი სახეებით. მათი ატრიბუტებია: ფლეიტები და ღვინით სავეს ჭურჭლები და ტიკები.

6 - კორიბანტები – ნაყოფიერების ქალღმერთ რეა-კიბელეს თანამგზავრები და ქურუმები. მათი კულტი ექსტატური ხასიათისა იყო.

7 - პანი – ტყვეებისა და ჭალების ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში, ნახირთა მწყემსი, მოცეკვავე, მხიარული, სალამურზე დამკვრელი, თმით დაფარული, თხის ჩლიქებითა და კუდით. უფრო გვიან, როცა პანის სახელი განზოგადდა, პანები დიონისეს თანამგზავრებად გაიაზრებოდა. ა. ფ. ლოსევის მიხედვით, პანი ადრეულ ქრისტიანობაში “შუადღის ეშმაკად” იქნა სახელდებული (мифологический словарь, M., 1990, c. 417).


ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო
ქეთევან ბეზარაშვილმა
ჟურნალი “გზა სამეუფო”, №1 1995წ.

კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია ჟურნალის გვერდები

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 22 March 2013 20:21)