Georgian (Georgia)English (United Kingdom)

თხზულება „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, რომლის უძველესი ვერსია შემოგვინახა შატბერდის კრებულმა, შეიცავს მირიან მეფის მიერ „დაწერილ“ წიგნს. აღნიშნულ „წიგნში“ მირიან მეფე მოგვითხრობს „ზემო“ ეკლესიის მშენებლობის შესახებ და გვაუწყებს:

„აღვაშენე ეკლესიაჲ მაყულოვანსა მას შინა ნინოისსა და ვქმენ მას შინა საქმეჲ, ქმნული უჩინოჲ და ცხადი, დიდებაჲ მაყულოვანთა მათ“ (ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, გვ. 354 [ქვემოთ ამ სერიის ტომებს შესაბამისი რიცხვებით აღვნიშნავთ]; შდრ. Sin. 50: „ვქმენ მას შინა საქმჱ, ქმნილ უჩინოჲ და ცხადი, დიდებაჲ მაყვლოვანთაჲ მათ“).

ციტირებულ ადგილს თავის დროზე ყურადღება მიაქცია აკადემიკოსმა გ. ჩუბინაშვილმა. პატივცემულმა მკვლევარმა სიტყვა „უჩინოჲ“ გაიაზრა, როგორც „შეუმჩნეველი“, „უმნიშვნელო“ და ზემომოტანილი წინადადების პირველი ნაწილი ასე თარგმნა რუსულად:

„И построил я церковь на месте ежевичной куши Нины, и совершил там дело невидное“.

 

გ. ჩუბინაშვილი მიიჩნევდა, რომ მირიანის მიერ აგებული ეკლესია (ე. წ. „ზემო ეკლესია“) ჩვენამდე შემონახულია სამთავროს მახლობლად მოთავსებული სამლოცველოს სახით, რომლის ფართობიც არ აღემატება 6 კვ. მეტრს. მკვლევარის აზრით, „მოქცევაჲს“ ცნობა მირიანის მიერ „უმნიშვნელო“ ზომის ეკლესიის აგების შესახებ სწორედ ამ მინიატურულ შენობას გულისხმობს.

მისი მითითებით:

„Размери церкви вполне оправдывают такое скромное определение составителя текста“ (2, 376).

ვფიქრობ სიტყვა „უჩინოჲ“ და, საერთოდ, მთელი ზემოციტირებული წინადადება სხვაგვარ ახსნას მოითხოვს.

უპირველესად, საჭიროა იმის აღნიშნვა, რომ ჩვენთვის საინტერესო კონტექსტში სიტყვა „უჩინოჲ“ ცალკე არ დგას. მისი მნიშვნელობა ვლინდება მხოლოდ მომდევნო სიტყვასთან ერთად. ეს არის სიტყვა „ცხადი“, რომელიც ანტონიმურად მიემართება მას. ფრაზა „უჩინოჲ და ცხადი“ წარმოადგენს ანტონიმურ წყვილს და შეიცავს ზუსტად იმავე შინაარსს, რასაც შესიტყვება „უხილავი და ხილული“. ძველ ქართულ მწერლობაში „უჩინოი“ სწორედ „უხილავის“ სინონიმია. იგი აღნიშნავს თვალისათვის დაუნახავ, არამატერიალურ, დაფარულ, სულიერ, გონისმიერ, საიდუმლო, სპირიტუალურ ძალას. მისი ბერძნული ეკვივალენტებია: აფანეს, ნოეტოს, ნოეროს, აპოკრიფოს, აორატოს, მისტიკოს და მისთ.

მოვუხმოთ რამდენიმე საგულისხმო მაგალითს:

„მოციქულთა... სარწმუნოებით ქადაგეს უჩინონი და დაფარულნი საიდუმლონი“ (3, 339); „გალობით ვადიდებთ მის (ქრისტეს) თანა წმიდასა გუამსა, რომელმან დაიტია უჩინოჲ ჩუენგან და უფალი ჩუენი“; „უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ“ (ფსალმ. 50, 8).

მსგავსი მნიშვნელობისაა „უჩინოსაგან“ ნაწარმოები „გამოუჩინებელი“. მაგალითად:

„[იგავთა მიერ] გამოუჩინებელი მადლი მამისაჲ გამოითქუმის“ (1, 249); „[ღმერთი] გამოუჩინებელთა დაბადებულთა და ძალთა ნათლითა თვისითა მყის მიიწის“ (1, 294); „ჩუენ ესე გამოუჩინებლად (ე. ი. სულიერად - ე. ჭ.) გულისხმავყოთ“ (1, 181): „ძუელთა მათ მცნებათა აქუნდა შინაგანი ზრახვაჲ, რომელი გამოაჩინებს გამოუჩინებელსა მხსნელსა ჩუენსა იესუ ქრისტესა (1, 186); „გფარავს გულსმოდგინედ გამოუჩინებელი (ბერძ. ნოეროს) ლომი იესუ ქრისტე“ (1, 175).

ხშირად გვხვდება „უჩინოჲ“ ანტონიმთან ერთად. მაგალითად:

„დღესასწაულობდეს ყოველი სოფელი საჩინოჲ და უჩინოჲ“ (3, 544); „იქმნა მეუფედ... საჩინოთა ზედა და უჩინოთა ყოველთა დაბადებულთა“ (1, 372); „მან დაჰბადნა ყოველნი საჩინონი და უჩინონი“ (1, 373).

ხშირ შემთხვევაში „უჩინოჲ“ და „გამოუჩინებელი“ სწორედ „ცხადს“, „გაცხადებულს“ უკავშირდება. მაგალითად: „სიმდიდრჱ გამოუჩინებელი გამოუცხადე და სოფელი განანათლე“ (1, 311); არა უჩინო იყოს ხმაჲ საყვირისაჲ, არამედ გამოცხადებულ“ (ხელნ. A 55,42).

ძველ ქართულ მწერლობაში „უჩინოჲ“ არსად გვხვდება „უმნიშვნელოს“ შინაარსით. იგი ყველგან რაიმე უხილავს, არამატერიალურს, სულიერს აღნიშნავს. ფრაზა „უჩინოჲ და ცხადი“, როგორც ვთქვით, ზუსტად ისეთივე შესიტყვებაა, როგორც „უხილავი და ხილული“, ან „უჩინოჲ და საჩინოჲ“, „დაფარული და ცხადი“, „უსახო და სახესა შინა გაცხადებული“. ამგვარი ანტონიმია ხშირად გვხვდება ქრისტიანულ მწერლობაში. შდრ.: „შენ ხარ ზეცისაჲ და ქუეყანისაჲ, შენ ხარ გამოუჩინებელი და გამოჩინებული; შენ ხარ უხილავი და ხილული; შენ ხარ გამოუსახველი და გამოსახული“ (4, 174). ზემოციტირებულ ნაწყვეტში ფრაზას „უჩინოჲ და ცხადი“ კონკრეტული შინაარსი აქვს და ეს შინაარსი, ჩვენი აზრით, საეკლესიო სახისმეტყველების საფუძველზე ცხადდება.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ქრისტიანულ მწერლობაში „საქმე“ ეწოდება უხილავი ძალის განივთებას, სულიერის გამატერიალურებას. წმ. გრიგოლ ნოსელი თავის შრომაში „ექუსთა დღეთა შესახებ“ ხშირად მიუთითებს, რომ ღვთის მიერ წამში ანუ უდროოდ შექმნილი მატერიალური სამყაროს მოდელი, მისი სახე ანუ  გონიერი „თესლი“ (რომელიც, ცხადია, სულიერია), მატერიალური გახდა, გასაგნდა ბიბლიურ ექვს დღეში. აღნიშნული პროცესი ნისის ეპისკოპოსის მიერ სახელდებულია, როგორც „საქმის ქმნა“. თვით ბიბლიის პირველი წიგნის ზედწერილი „შესაქმე“ ღვთიური აზრის, ზეციური წინასწარგანზრახვის ნივთიერად წარმოჩენას გულისხმობს.

„მოქცევაჲს“ ზემომოტანილ ტექსტში „საქმის ქმნა“ სწორედ უხილავის გასაგნებას ნიშნავს. ეკლესიოლოგიური რჯულდებით, ტაძარი ანუ საეკლესიო შენობა არის უხილავი, სულიერი სინამდვილის, ზეციური შემომკრებელობის ამქვეყნიური მატერიალური სახე, მისი ნივთიერი გამოვლინება. ეს მნიშვნელობა აქვს მას ყველა საეკლესიო ავტორთან. ვფიქრობთ, სწორედ ამას გულისხმობს ფრაზა: „ქმნული უჩინოჲ“, სადაც „ქმნული“ აღნიშნავს მატერიალურ საგანს, ხოლო „უჩინოჲ“ - იმ ღვთიურ ძალას, რომელიც „საქმედ იქცა“ მეფის მიერ. ასე რომ ფრაზა „ქმნული უჩინოჲ“, გულისხმობს „საქმედ ქცეულ“, ნივთში განცხადებულ უხილავ სინამდვილეს, ანუ ეკლესიას. მეორე მხრივ, საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ ეკლესია განასახიერებს თვით ნივთიერ სამყაროს, ხილულ ანუ ცხად სინამდვილეს, არის სიმბოლო მთელი ხილული ქვეყნისა; ე. ი. ეკლესია ერთსა და იმავე დროს წარმოადგენს როგორც უხილავი ზეცის, ასევე ხილული სოფლის სახეს. ჩვენი აზრით, სწორედ ამ სწავლების გამოძახილი უნდა იყოს ზემოაღნიშნული ფრაზა: „ქმნული უჩინოჲ და ცხადი“.

სხვათაშორის, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკლესიის ამგვარი გააზრება სხვაგანაც გვხვდება ორიგინალურ ქართულ მწერლობაში. ჩვენამდე მოაღწია ძველი წარმოშობის ერთმა აპოკრიფულმა კითხვა-მიგებამ, რომელშიც შეკითხვაზე - „ეკლესიაჲ რაჲ სახე არს“ - ასეთი პასუხია გაცემული: „სახე არს უხილავისა მის საუკუნოჲსა სასუფეველისა და ხილულისა ამის საწუთროჲსა სოფლისა“ (5, 230).

როგორც ვხედავთ, ეკლესია როგორც სატაძრო ნაგებობა, რომელიც თავის მხრივ ნივთიერია ანუ „ქმნილია“, არის განსახიერება როგორც „უხილავისა“, ასევე „ხილულისა“ ანუ, რაც იგივეა, როგორც „უჩინოსი“, ასევე „ცხადისა“.

რაც შეეხება ციტატის ბოლო ნაწილს („დიდებაჲ მაყულოვანთა მათ“), მისი ახსნა, ვფიქრობთ, სირთულეს არ იწვევს. „მოქცევაჲს“ ავტორის აზრით, მირიანის მიერ აგებულმა ეკლესიამ ანუ ტაძარმა დიდება მოუპოვა ნინოს სამკვიდრებელს, სამარადისოდ განადიდა იგი. საინტერესო უნდა იყოს იმის აღნიშნვაც, რომ მაყვლის ბუჩქი, სადაც მირიანმა ეკლესია აღაშენა, თავის მხრივ, სწორედ ეკლესიის სიმბოლოს წარმოადგენს. იგი „მოქცევაში“ შემთხვევით არ გვხვდება. მისი სიმბოლიკა ეფუძნება ბიბლიურ თხრობას, თუ როგორ იხილა მოსემ ალმოდებული მაყვლის ბუჩქი, რომელიც „არა შეიწვებოდა“ და რომელსაც, ვითარცა უზენაეს სიწმინდეს მოსე ფეხშიშველი მიეახლა. საეკლესიო სახისმეტყველებამ თავიდანვე დიდი ყურადღება მიაქცია აღნიშნულ ეპიზოდს. ორიგენეს აზრით, მაყვლის ბუჩქი ღვთისმშობლის სიმბოლოა. როგორც მაყვლის ბუჩქს „აღედვა ცეცხლი“ და „არა შეიწვა“, ასევე ღვთისმშობელს მიენიჭა ზეციური ცეცხლი ანუ ღვთის ძე და მას არაფერი ევნო. ორიგენეს აზრი დამკვიდრდა საეკლესიო მწერლობაში განსაკუთრებით წმ. გრიგოლ ნოსელის გზით, რომელმაც თავის შრომაში „მოსეს ცხოვრება“ დიდი ადგილი დაუთმო აღნიშნული ეპიზოდის განმარტებას.

მეორე მხრივ, ეკლესიის მამათა შორის გავრცელდა აზრი მაყვლის ბუჩქის, ვითარცა ეკლესიის სიმბოლოს შესახებ. წმ. იპოლიტე რომაელი ერთ თავის თხზულებაში გვაუწყებს:

„აწ ვინ არს, რომელი-იგი ეჩუენა მოსეს მაყულოვანსა მას, არამედ იგი, რომელ-იგი აწ სოფლად მოსრულ და ეკლესიასა შინა, ვითარცა მაყულოვანსა მას შინა, წმიდათა ეტყვის“ (1, 215).

ვფიქრობთ, „მოქცევაში“ ასახვა ჰპოვა სწორედ უკანასკნელმა აზრმა იმის შესახებ, რომ მაყვლის ბუჩქი გულისხმობს ეკლესიას, რომელიც თავის მხრივ უხილავისა და ხილულის, ანუ უჩინოსა და ცხადის (ე. ი. ზეცისა და ხილული სოფლის) შემომკრებელობას წარმოადგენს.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიის გაზეთი „კლიტე დავითისი“, № 1-2 იანვარი, თებერვალი 2017 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Tuesday, 05 February 2019 17:20)