Georgian (Georgia)English (United Kingdom)

აქვე ყურადღებას მივაქცევთ იმასაც, რომ დაახლოებით VI-VII სს-იდან მაინც ეკლესიის მამათა და საკრებო განჩინებათა კვალობაზე, მონაზონს, ბერდიაკონს, მღვდელმონაზონსა და ეპისკოპოსს, რომელიც ასევე მონაზონია (ზოგი განჩინებით თვით მღვდელსაც და არა მხოლოდ მღვდელმონაზონს), არ ეძლევა უფლება მიმრქმელი გახდეს, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა (თუ, ვთქვათ, ინათლება მეფის ან მთავრის შვილი1, ან თუ მოსანათლის გარდაცვალების საფრთხეა2). ამგვარი აკრძალვის მიზეზი გასაგებია. საქმე ისაა, რომ მონაზონი აღთქმითად არის განდგომილი ამასოფლის საზრუნავთაგან, მკვდარია ამასოფლისათვის, მაშინ როცა მიმრქმელის საღვთო ვალდებულება, რასაც იგი აღუთქვამს ნათლისმცემელ მღვდელს და, შესაბამისად, უფალს, ესაა, მშობლისებრ, ყოველდღიური ზრუნვა თავის ნათლულზე. მონაზონი (ამასოფლისთვის მკვდარი მოღვაწე), მღვდელი (ქრისტეს მონაცვლე მოღვაწე), ეპისკოპოსი (სულიერად დაქორწინებული თავის ეპარქიაზე და ქრისტესებრ მუდმივმზრუნველი მასზე), ანუ ყველა ის, ვინც არის "საკურთხევლისაგანი" (ὁ ἐκ τοῦ βήματος), ვერ შეძლებს ნათლულისადმი ყოფით ცხოვრებაში მუდმივ თვალყურისდევნებას, რადგან მაშინ თავისი აღთქმა და მსახურება უნდა დაარღვიოს და შეაფერხოს მან, ანუ კვლავ ამქვეყნიურ საქმეებში ჩაერთოს. რათქმაუნდა, აკრძალვა ეხება თუნდაც ერთი ნათლულის მიმრქმელობას, თუნდაც ერთ ნათლულზე ზრუნვას, რაც (ე.ი. ეს ერთჯერადი მიმრქმელობაც კი) სამონაზვნო-სამღვდელმსახურო ღვაწლთან შეუთავსებლად და, შესაბამისად, დაუშვებლად არის განჩინებული. რაც შეეხება მრავალი ნათლულის ყოლას მონაზონისგან (მღვდელმსახურისგან), ამგვარი რამ წარმოდგენაშიც კი არ დაშვებულა რჯულმდებელ მამათაგან და მსგავსი მოვლენის (როგორც სრულიად გამორიცხულისა და არარსებულის) შესახებ არც საგანგებო მსჯელობა უწარმოებია ვისმე. მართლაც, თუ მონაზონსა და მღვდელთმთავარს ანუ ეპისკოპოსს თვით ერთი ნათლულის ყოლაც კი ეკრძალებათ, როგორც მათ მოღვაწეობასთან სრულიად შეუთავსებელი, რაღა უნდა ითქვას მრავალი ნათლულისადმი მათი მიმრქმელობის შეუძლებლობის შესახებ?

სრულიად ნათელია, რომ მრავალი ნათლულის ყოლა, ვთქვათ, მონაზონისგან მხოლოდ იმ დასკვნის შესაძლებლობას იძლევა, რომ ან ხსენებული მონაზონის მონაზვნობაა ოდენ გარეგანი და ფორმალური, ანდა, პირუკუ, მისი მიმრქმელობაა განცრუებული როგორც მხოლოდ ნათლისღების საიდუმლოში მონაწილეობით შემოსაზღვრული.

ამიტომაა, რომ საეკლესიო მოძღვრება, რომელიც ყოვლითურთ განეკრძალვის ყოველგვარ სიყალბესა და გარეგანობას, მიმრქმელობის უფლებას უზღუდავს არა მხოლოდ მონაზვნებს, არამედ ერისკაცებსაც კი, თუ ამ უკანასკნელთ (მიზეზთა გამო) მიმრქმელის მოვალეობის შესრულება არ შეუძლიათ. დღეს გავრცელებული აზრი, თითქოს მიმრქმელობაზე (ნათლიობაზე) უარის თქმა არ შეიძლება, სრულიად უცხოა საეკლესიო კანონმდებლობისთვის. პირიქით, თუ ვაცნობიერებთ, რომ ვერ შევძლებთ მავანის მიმართ ჩვენი მიმრქმელობის ანუ სულიერი მშობლობის ვალდებულებათა აღსრულებას, უთუოდ უარი უნდა ვთქვათ ამაზე (გარდა, რათქმაუნდა, იმ შემთხვევისა, როდესაც მოსანათლს სიკვდილის საფრთხე ემუქრება), თუ არ გვსურს, რომ მოგვეგოს ყალბისმქმნელობის მძიმე სასჯელი. ამიტომვე იყო ძველი ეპოქისთვის სრულიად უცხო და უჩვეულო ის, რომ მიმრქმელს მრავალი სულიერი შვილი ჰყოლოდა, რადგან ამით განცრუებული წარმოჩნდებოდა მიმრქმელობის ანუ სულიერი მშობლობის წმინდა ვალდებულება. საზოგადოდ, რადგან მიმრქმელობა ნებაყოფლობითია, შესაბამისად, უჭეშმარიტესი საეკლესიო კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ იმდენი ადამიანის სულიერი მშობლობა უნდა ვიტვირთოთ, რამდენის მიმართაც ძალგვიძს ჩვენი მოვალეობის სრულად და პირნათლად შესრულება.

მიმრქმელობის ანუ სინდიკნოზობის3(იგივე თანამშობლობის ანუ ნათლისღებისმიერი სულიერი მშობლობის) შეუთავსებლობა საკუთრივ სამონაზვნო ღვაწლთან მკაფიოდ არის ნაუწყები წმ. თეოდორე სტუდიელის მიერ (+826 წ.), რომელიც მისი მოწაფის, იღუმენად ახალდადგინებული ნიკოლაოსის მიმართ გაგზავნილ წერილში აღნიშნავს:

"არ გქონდეს ერისკაცებთან დაძმობილება4 ანდა სინდიკნოზობა, ხარ რა განრიდებული ამასოფელს და ქორწინებას" (Theodori Studitae Epistulae, vol. 2 ed. De Gruyter, Berlin, 1992, 10.33-34: οὐ σχοίης μετὰ κοσμικῶν ἀδελφοποιίας ἤ συντεκνίας, ὁ φυγὰς τοῦ κόσμου καὶ τοῦ γάμου5)6.

მკვეთრი აკრძალვაა სახეზე აგრეთვე XI ს-ის მიწურულის ცნობილი მოღვაწის პეტრე ქარტოფილაქსის პასუხში. მოგვაქვს ციტატა:

"კითხვა: არის თუ არა ჯეროვანი, რომ მონაზონმა აღმოიქვას ბავშვი ნათლისღებისგან (δέχεσθαι μοναχὸν παιδία ἀπὸ βαπτίσματος) ან იპყრას გვირგვინი7 ანდა აღასრულოს დაძმობილება8?

პასუხი: კანონთა საწინააღმდეგოა, და იკრძალება (παρὰ κανόνα εἰσὶ, καὶ κωλύονται)" (იხ. სინტაგმა, ტ. V, გვ. 370)9.

აღნიშნული ძეგლი თარგმნილია ძველ ქართულადაც, რომელშიც ზემორე ადგილი ასეა გადმოღებული:

"კითხვაჲ: უკუეთუ უღირს მონაზონსა შეწყნარებაჲ ყრმათაჲ წმიდისა ნათლისღებისაგან და დამჭირვაჲ გჳრგჳნთა ქორწილისათაჲ ანუ ძმობილობისა ქმნაჲ?

მიგებაჲ: ესევითარი დაყენებულ არს ყოვლითურთ"10.

ასევე, XIII ს-ის კანონისტი ნიკიტა ქარტოფილაქსი მიუთითებს:

"ხოლო სინდიკნოზობის ან დაძმობილების ქმნა მონაზონის მიერ აკრძალულია" (συντεκνίας δὲ ἢ ἀδελφοποιήσεις ποιεῖν μοναχοὺ, κεκωλυμένον ἐστί, სინტაგმა, V, გვ. 400).

ხაზგასმით და მკაცრად უკრძალავს სამონაზვნო აღთქმის ქვეშ მყოფ ყველა პირს, აგრეთვე "საკურთხევლისაგანს" ყველას, ე. ი. მღვდელსაც, განსაკუთრებით კი მღვდელთმთავარს ანუ ეპისკოპოსს (რომელიც ერთდროულად მონაზონიცაა და მღვდელმოქმედიც) მიმრქმელად ყოფნას გერასიმე კონსტანტინეპოლელის სინოდალური ტომოსი, კრების მიერ ხელმოწერებითურთ გაცემული 1796 წ-ის ივლისის თვეში. აკრძალვა მოცემულია ტომოსის სათაურშივე:

"სინოდალური ტომოსი იმის შესახებ, რომ მღვდელთმთავრებმა არ უნდა დაასხან ხელნი ჰიპოდიაკონს ოცდახუთ წლამდე, არც ხუცესს ოცდაათ წლამდე, არცთუ გვირგვინები დაადგან11 ქორწინებით თანაშეუღლებულებს და არც აღმოიქვან ჩვილები საღვთო ნათლისღების სამღვდელო ემბაზიდან, ესე იგი არ გახდნენ მეჯვარეები12 და სინდიკნოზები, რადგან საღვთო რჯულდებებს ეწინააღმდეგება ეს ყოველივე და საპირისპიროა სამღვდელო მოციქულთა კანონებისა (μήτε ἀναδέχεσθαι βρέφη ἐκ τῆς ἱερᾶς κολυμβήθρας τοῦ θείου βαπτίσματος, τουτέστι κουμπάρους καὶ συντέκνους γένεσθαι, ὡς ἐναντία ταῦτα τοῖς θείοις νόμοις καὶ παρὰ κανόνας τῶν ἱερῶν ’Αποστόλων γιγνόμενα)"13.

საკუთრივ სინოდალურ ტომოსში ვკითხულობთ:

" ... ხოლო ამბობენ, რომ კიდევ სხვანი მღვდელთმთავართაგან, აგრეთვე მღვდელთა14, ბერდიაკონთა და მონაზონთაგან ... ჩვილებს აღმოიქვამენ წმინდა ნათლისღების სამღვდელო ემბაზიდან, ხდებიან რა, რათქმაუნდა, როგორც ითქმის, სინდიკნოზები (ἄλλους δὲ τῶν ἀρχιέρεων καὶ ἱερέων, ἱεροδιακόνων τε καὶ μοναχῶν... βρέφη ἀναδέχεσθαι ἐκ τῆς ἱερᾶς κολυμβήθρας τοῦ ἁγίου βαπτίσματος συντέκνους τὸ δὴ λεγόμενον γιγνομένους, დასახ. გამოც. გვ. 297).

განმარტებულია ერთ-ერთი მიზეზი ამგვარი აკრძალვისა:

"არც იმ მღვდელთმთავართა, მღვდელთა და ყოველთა საკურთხევლისაგანთა [მოქმედება] უჩანს საღვთო და სამღვდელო კანონებს სრულიად უდანაშაულო, რომლებიც ხდებიან მეჯვარეები15 და სინდიკნოზები (τῶν γινομένων κουμπάρων ἢ συντέκνων), რადგან ის, რაც, ერთი მხრივ, ღვთის მადლით, საკუთრივად უკავშირდება ნათლისღებისა და ქორწინების სამღვდელო საიდუმლოს, ამას საქმედ და სამზრუნველოდ მღვდელთმთავრებსა და მღვდლებს განუკუთვნებს ჩვენი წმინდა ეკლესია, არანაირად არ მიაახლებს რა ამასთან ერისკაცებს, მაგრამ ის, რაც, მეორე მხრივ, უკავშირდება სამღვდელო ემბაზიდან მოსანათლის აღმოქმას (τὸ δ’ ἐκ τῆς ἱερᾶς κολυμβήθρας ἀναδέχεσθαι τὸν βαπτιζόμενον) ანდა შეწყვილებულთათვის მეჯვარეებად დადგომას16, ეს მსახურება საერო იყოს და ერისკაცთა საზრუნავი" (დასახ. გამოც. გვ. 299).

ბოლოს, მსჯავრი:

"ამიტომ, წერით განვაჩინებთ საკრებოდ ("სინოდალურად" – συνοδικῶς), ჩვენს ირგვლივ მყოფ უსამღვდელოეს და ზესთაპატიოსან მღვდელთმთავრებთან, ჩვენს სულიწმინდისმიერ საყვარელ ძმებთან და თანამწირველებთან ერთად, რომ ამიერიდან არავინ ყოველგანთა მათ მღვდელთმთავართაგან, რომლებიც უშუალოდ თუ შუალობითად ექვემდებარებიან ჩვენს უწმინდეს საპატრიარქო, სამოციქულო და მსოფლიო საყდარს, არ გაბედოს ხელნი დაასხას ვინმეს საღვთო და სამღვდელო კანონთა და რჯულდებათა საწინააღმდეგოდ, ... არცთუ მღვდელთმთავარმა, მღვდელმა, ან ვინმე სხვამ, საკურთხევლისაგანმა, გაბედოს მეჯვარედ ყოფნა17 ანდა აღმოქმა ჩვილებისა საღვთო ნათლისღებისგან (μηδὲ τῶν ἀρχιέρεων, ἢ ἱερέων ἢ ἄλλων τῶν ἐκ τοῦ βήματος τολμήσῃ τις ἢ κουμπάρος γενέσθαι, ἢ ἀναδέξασθαι βρέφη ἐκ τοῦ ἁγίου βαπτίσματος), როგორც დაბრკოლებათა მიზეზნი და, ამასთან, - ესენივე, - ცილისწამებათა მომწევნელნი, ხოლო ამიერიდან რომელი და რაგვარი მღვდელთმთავართაგანიც, ან მღვდელთაგანი, ან ბერდიაკონთაგანი, ან მონაზონთაგანი, იკადრებს ამჟამად საკრებოდ განჩინებულთა რამეგვარად დარღვევას, უწყოდეს ამგვარმა ვინმემ, ვითარცა საღვთო და სამღვდელო რჯულდებათა და კანონთა შეურაცხმყოფელმა და ამ ჩვენი სჯულიერი და ჯეროვანი საკრებო განჩინებების უგულებელმყოფელმა, რომ ... საღვთო და სამღვდელო რჯულდებათა თანახმად, ექვემდებარება და იმსახურებს იგი სრულ განკვეთას მღვდელთმთავრობისგან ან მღვდლობისგან ანთუ ბერდიაკონობისგან, შესაბამისად იმისა, რა წესი აქვს და ხარისხი (ὑπεύθυνον καὶ ἔνοχον τῇ ἐκ τῶν θείων καὶ ἱερῶν νόμων παντελεῖ καθαιρέσει τῆς ἀρχιερωσύνης, ἢ ἱερωσύνης, ἢ ἱεροδιακονίας ὅπως ἂν τύχῃ τάξεως ἔχων καὶ βαθμοῦ) (დასახ. გამოც. გვ. 299-300).

იგივე აკრძალვა შენარჩუნებულია კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პატრიარქის, გრიგოლ სმირნელის მიერ 1806 წ-ს ხელმოწერილ სინოდალურ ტომოსში, რომელიც განაჩინებს:

"მსგავსადვე ვკრძალავთ, რომ ამიერიდან ვინმე მღვდელთმთავართაგანმა, მღვდელთაგანმა, ბერდიაკონთაგანმა ანთუ მონაზონთაგანმა აღმოიქვას ჩვილები წმინდა ნათლისღების სამღვდელო ემბაზიდან" (‘Ομοίως δέ διακωλύομεν, ἵνα μηδεὶς τοῦ λοιποῦ τῶν ἀρχιερέων, ἱερέων, ἱεροδιακόνων καὶ μοναχῶν βρέφη ἀναδέχηται ἐκ τῆς ἱερᾶς κολυμβήρας τοῦ ἁγίου βαπτίσματος)18.

აღნიშნული განჩინება საკუთრივ მონაზვნებთან დაკავშირებით აისახა ბერძნულ "სჯულისკანონშიც":

"...არც მიმრქმელად ხდება მონაზონი" (...οὐδὲ ἀνάδοχος γίνεται καλόγηρος παιδίου19 იხ. "სჯულისკანონი, რომელიც შემოკლებითად შეიცავს მოციქულების, ბასილი დიდისა და კრებების კანონებს" - Νομοκάνον ἔχον κανόνας κατ’ ἐπιτομὴν τῶν ἁγίων ’Αποστόλων, τοῦ μεγάλου Βασιλείου καὶ τῶν συνόδων, А. Павлов, Номоканон при болшом требнике... стр. 215)

იგივე აკრძალვა სახეზეა სლავურ "სჯულისკანონშიც":

და ბოლოს, ამავე განჩინებას მკაცრად იცავს წმ. ნიკოდიმე მთაწმინდელი თავის "პედალიონში", როდესაც მიუთითებს:

"არც მონაზვნები აღმოიქვამენ ბავშვებს ნათლისღებით" (შდრ. οὔτε οἱ μοναχοὶ ἀναδέχονται παιδία ἐκ τοῦ βαπτίσματος20. შდრ. ინგლ. თარგმ. neither do die monks undertake the sponsoring of children from the baptism21).

ამავე "პედალიონში" სხვა ადგილას დამოწმებულნი არიან პეტრე და ნიკიფორე ქარტოფილაქსები (რომელთა სიტყვები უკვე მოვიტანეთ ზემოთ) და აღნიშნულია: "პეტრე ქარტოფილაქსი ამბობს, რომ მონაზონები არც ბავშვებს აღმოიქვამენ ნათლისღებით. ... და ნიკიფორე ქარტოფილაქსი კი ამბობს, რომ ეკლესია ბრძანებითად განუკუთვნებს მონასტრების იღუმენებსა და წინამძღვრებს, რომ მონაზონებმა არ აღასრულონ სინდიკნოზობანი [ე. ი. მიმრქმელობანი, ე. ჭ.] და დაძმობილებანი" (შდრ. ‘Ο δὲ χαρτοφύλαξ Πέτρος λέγει ὅτι, οἱ μοναχοὶ, οὔτε παιδία νὰ ἀναδέχωνται ἀπὸ τοῦ βαπτίσματος... Καὶ Νικηφόρος δὲ ὁ χαρτοφύλαξ λέγει, ὅτι προσάζει [sic, ხომ არ უნდა იყოს: προσαρμόζει] ἐνταλματικῶς ἡ ἐκκλεσία εἰς τοὺς Ἡγουμένους, καὶ ἐξάρχους τῶν μοναστηρίων συντεκνίας καὶ ἀδελφοποιήσεις οἱ μοναχοὶ νὰ μὴν κάμνουν, დასახ. გამოც., σ.  126-127, σχόλιον 4; შდრ. ინგლ. თარგმ. Peter the Chartophylaxs says that monks must not become godfathers to children being baptized (except in cases of urgent necessity). … Nicephoms the Chartophylax also says that the Church mandatorily prescribes it as a law to abbots and exarchs of monasteries that the monks are not to be allowed to form relations as godfathers with tile parents of children or to enter into any compact of brotherhood, დასახ. გამოც. გვ. 249).

---------------------------------------------------------------

1 - ამ გამონაკლისზე მიუთითებს ა. პავლოვი, როდესაც აღნიშნავს:  изъ летописей и другихъ историческихъ источниковъ хорошо известно, что восприемниками княжескихъ и потомъ царскихъ сыновей были б. ч. монахи (А. Павлов, Номоканон при болшом требнике... стр. 217). ამავე ვითარების გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ წმ. გრიგოლ ხანცთელი მიმრქმელი იყო გურგენ და დავით კურაპალატებისა (შდრ. „ცხოვრება“: „და ადარნერსე ჴელმწიფემან ძჱ თჳსი გურგენ ნათლითა მისცა მას, და რამეთუ ბაგრატ კურაპალატისა ძე დავით კურაპალატი ნეტარისა მამისა გრიგოლისვე აქუმული იყო, - ორნი ესე ჴელმწიფენი დავით კურაპალატი და გურგენ კურაპალატი, - რომლისათჳსცა გარდაცვალებისა ჟამსა ანდერძი-ეყო გურგენ კურაპალატსა, ვითარმედ: „ნათლისმამისა ჩემისა ძუალთა მახლობელად დამდევით, ფერჴთა თანა მისთა, და სხუათა მათ მამათა ძუალნი ჩემ ზედა დაუსუენენით“, რომელ ყვესცა ესრეთ“, ძქალძ, I, გვ. 276; აღვნიშნავთ, რომ შემოკლება „ძქალძ“ ნიშნავს კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ცნობილ გამოცემას: „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები“).

2 - შდრ. Русс. Истор. Библиот. т. VI, столб. 254 (იხ. А. Павлов, Номоканон при болшом требнике... стр. 217).

3 - ამ ტერმინის შესახებ იხ. სტატიის დასაწყისში.

4 - იგულისხმება „დაძმობილების“ საეკლესიო მსახურება.

5 - შდრ. А. Павлов, Номоканон при болшом требнике... стр. 216.

6 - უფრო ადრე ამგვარსავე აკრძალვას ვხვდებით 578-590 წწ-ის აუტისიოდორის კრების (Concilium Autissiodorense) 25-ე კანონში, რომლის სათაურია: „იღუმენსა და მონაზონს არ აქვთ უფლება შვილები ჰყავდეთ ნათლისღებისგან“ (შდრ. Abbati aut monacho fillos do baptismo habere non licet. იხ. Canones Apostolorum et Concillorum Saeculorum IV. V. VI. VII, Recognovit Atque Insignioris Lectionum Varietatis Notationes Subiunxit Hermm. Theod. Bruns Dr. Pars Altera, Berolini, 1839, p. 240. ამ მონაცემს იმოწმებს ა. ალმაზოვიც, თუმცა მას მცდარად მოაქვს ზემორე კრების სახელი: Concil. Antissiodor., იხ. А. Алмазов, დასახ. შრომა, გვ. 617. თვით კანონის ტექსტი, გრაციანის მიხედვით, გვამცნობს: „არ შეიძლება, რომ იღუმენმა ან მონაზონმა ნათლისღებიდან აღმოიქვას შვილები ან [იღუმენია და მონაზონი ქალი] მიმრქმელ ქალად ჰყავდეთ“ (შდრ. Non licet abbati vel monacho de baptismo suscipere filios nec commatres habere, იხ. Corpus Juris Canonici, Post Justi Henningii Boehmeri Curae Brevi Adnotatione Critica Instructum Ad Exemplar Romanum Denuo Edidit Aemilius Ludovicus Richter, Opus Uno Volumine Absolutum, Pars I: Decretum Gratiani, Lipsiae, 1839, col. 1216).

7 - „იპყრას გვირგვინი“ - ე. ი. მეჯვარე, ხელისმომკიდე იყოს.

8 - ე. ი. დაძმობილების საეკლესიო წეს-განგებით დაუძმობილდეს ვინმეს.

9 - შდრ. А. Павлов, Номоканон при болшом требнике... стр. 216, თუმცა მკვლევარი მცდარად უთითებს 570-ე გვერდს. ბერძნული ტექსტი ვარიანტული სხვაობებითურთ იხ. შემდეგ გამოცემაში В. Н. Бенешевичъ, Ответы Петра Хартофилакса (конца XI века), Спб., 1909, стр. 5.

10 - იხ. В. Н. Бенешевичъ, Ответы Петра Хартофилакса (конца XI века), Спб., 1909, стр. 13.

11 - ე. ი. არ დაუდგნენ მეჯვარეებად ანუ ხელისმომკიდეებად.

12 - ე. ი. ხელისმომკიდეები ანუ (როგორც საეკლესიო ტრადიცია უწოდებს მათ) „გვირგვინის (ან ბეჭდის) შემცვლელები“, იგივე „გვირგვინის დამდგმელები“. აქ „მეჯვარის“ შესაბამისი ბერძნული ტერმინია κουμπάρος რაც დამოწმებულია აგრეთვე აგაპი მღვდელმონაზონისა და წმ. ნიკოდიმე მონაზონის (იგივე ნიკოდიმე მთაწმინდელის) მიერ შედგენილ და 1800 წ-ს გამოცემულ „პედალიონშიც“ (გვ. 522; აღნიშნული პუბლიკაციის სრული დასახელება იხ. ქვემოთ), რაც ინგლისურად თარგმნილია როგორც best man (იგივეა, რაც რუსული шафер. შდრ. ორიგინალი: „ხოლო იმას, ვინც შეცვლის ბეჭდებს და გვირგვინებს, ესე იგი მეჯვარეს, არანაირი ნათესაობა არა აქვს შეუღლებულებთან“ – Ἔκεῖνος δὲ ὁποῦ ἀλλάξει τὰ Δακτυλίδια καὶ τὰ Στέφανα, ἤτοι ὁ Κουμπάρος, κἀμμίαν συγγένειαν δὲν ἔχει μὲ τὸ ἀνδρόγυνον, დასახ. გამოც. σ. 522, ინგლ. თარგმანი: The man who changes the rings and the crowns, or, more expressly speaking, the so-called best man … bears no relationship whatever to the married couple, იხ. The Rudder, p. 993), თუმცა ეგევე ტერმინი κουμπάρος ნიშნავს, აგრეთვე, „ნათლიასაც“ ანუ „მიმრქმელსაც“, ე. ი. უიგივდება „ანადოქოსსაც“ („პედალიონის“ ზემომითითებულ ინგლ. თარგმანში მთარგმნელისაგან ჩართულია განმარტება: in Greek vernacular called koumparos, a word which also means a man related to one by reason of his acting as godfather of one’s child, p. 993. შდრ. აგრეთვე: Κουμπάρος - godfather; Κουμπάρα – godmother; Κουμπαρία, ᾶς, s. f. a spiritual alliance formed by being godfather; Κουμπαριάζω, α, or ον, σα, v. n. to be godfather, or godmother; Κουμπάριασμα, ατος, s. n. the act of being godfather or godmother, A Modern Greek and English Lexicon, Isaac Lowndes, 1837, p. 358; კუმპაროსის როგორც მიმრქმელის შესახებ მსჯელობს Benjamin J. Broome წიგნში: Exploring the Greek mosaic: a guide to intercultural communication in Greece, p. 48).

13 - იხ. მანუილ გედეონის მიერ შეკრებილ-გამოცემული „კანონიკური განწესებანი, ეპისტოლენი, ახსნა-განმარტებანი, განჩინებანი კონსტანტინეპოლის უწმინდესი პატრიარქებისა გრიგოლ ღვთისმეტყველიდან ვიდრე დიონისე ადრიანოპოლელამდე“ (სრულად: ...).

14 - ბერძნულ ტექსტში აქაც და ქვემოთაც გვაქვს სწორედ „მღვდელთა“ (ἱερέων), მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ უმეტესწილად მასში იგულისხმებოდეს კონკრეტულად მონაზონი მღვდელი ანუ მღვდელმონაზონი (ე. ი. ἱερομοναχός), რადგან, ერთი მხრივ, სწორედ მონაზონებს უკრძალავს მიმრქმელობას წინარე ტრადიცია (იხ. ზემოდამოწმებული განჩინებანი წმ. თეოდორე სტუდიელისა, პეტრე ქარტოფილაქსისა და ნიკიტა ქარტოფილაქსისა), მეორე მხრივ კი თვით კონტექსტიც არსებითად სწორედ სამონაზვნო აღთქმის ქვეშ მყოფ პირებს გულისხმობს. საყურადღებოა, რომ შესაბამის მონაკვეთებში, მაგალითად, ნაცვლად დიაკონისა, ყველგან მითითებულია მხოლოდ ჰიეროდიაკონი, რაც ჩვეულებრივ, მონაზონ-დიაკონად, იგივე ბერდიაკონად გაიგება (შდრ:

Полный церковнославянский словарь. Cоставил священник магистр Григорий Дьяченко, стр. 235, თუმცა იმავე „ჰიეროდიაკონს“ Isaac Lowndes „დიაკონად“ განმარტავს: Ἱεροδίακονος, Ἱεροδιάκος, s. m. a deacon, A Modern Greek and English Lexicon, Isaac Lowndes, 1837, p. 289). აღნიშნულიდან გამომდინარე, თითქოს უფრო მიზანშეწონილი ჩანს, რომ ზემორე ციტატაში (და ანალოგიურ ადგილებში) ბერძნული ἱερεύς გავიაზროთ და ვთარგმნოთ ტერმინით „მღვდელმონაზონი“, მაგრამ, მეორე მხრივ, უთუოდ ანგარიშგასაწევია ის გარემოება, რომ ბერძნულ ტექსტში არაიშვიათად შესამჩნევია განზოგადებაც, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული სინოდალური ტომოსის მიერ რამდენიმეგზის მიმრქმელობის აკრძალვა განვრცობილია ყველაზე, ვინც „საკურთხევლისაგანია“, ასეთი კი არის, ცხადია, მღვდელიც (ზოგადი გაგებით) და არა მხოლოდ მღვდელმონაზონი. შესაბამისად, ორიგინალის ἱερεύς-ს არ ვავიწროებთ მხოლოდ „მღვდელმონაზონამდე“ და, წესისამებრ, „მღვდლად“ ვთარგმნით მას (თუმცა მაინც გავუსვამთ ხაზს, რომ ტომოსის აქცენტი, პირველ რიგში, სწორედ მონაზონ მღვდლებზეა).

15 - აქაც სახეზეა κουμπάρους, (მხ. რ. κουμπάρος, რაც, როგორც აღვნიშნეთ, „მეჯვარეს“, „ხელისმომკიდეს“, ანუ „გვირგვინის, ბეჭდის შემცვლელს“, „გვირგვინის დამდგმელს“ ნიშნავს, ე. ი. იმავეს, რასაც, როგორც აღვნიშნეთ, ინგლ. best man და რუს. шафер.

16 -  სიტყვ. „გვირგვინის დადგმას“ (στέφειν).

17 - κουμπάρος γένεσθαι.

18 - ΚΑΝΟΝΙΚΑΙ ΔΙΑΤΑΞΕΙΣ, დასახ. გამოც., ΤΟΜΟΣ ΔΕΥΤΕΡΟΣ, ΕΝ ΚΩΝΣΤΑΝΤΙΝΟΥΠΟΛΕΙ, 1889, σ. 111.

19 - შდრ. καλόγηρος-ის განმარტება: Καλόγηρος – monk, Καλογηρικός – monastic, monastical, relating to monks or nuns, monkish, A Modern Greek and English Lexicon, Isaac Lowndes, 1837, p. 308.

20 - Εἰς δόξαν Πατρὸς, Υἱοῦ καὶ ἀγίου Πνεύματος, τοῦ ἑνὸς Θεοῦ, Πηδάλιον τῆς νοητῆς Νηός, τῆς μίας, ἁγίας καθολικῆς καὶ ἀποστολικῆς τῶν ’Ορθοδόξων Ἐκκλησίας, ἢτοι ἅπαντες οἱ ἱεροὶ, καὶ θεῖοι κανόνες τῶν ἁγίων καὶ πανευφήμων ἀποστόλων, τῶν ἁγίων Οἰκουμενικῶν Συνόδων, τῶν τοπικῶν, καὶ τῶν κατὰ μέρος θείων πατέρων, ἑλληνιστὶ μὲν, χάριν ἀξιοπιστίας, ἐκτιθέμενοι, διὰ δὲ τῆς καθ' ἡμᾶς κοινοτέρας διαλέκτου, πρὸς κατάληψιν τῶν ἁπλουστέρων ἑρμηνευόμενοι, παρὰ Ἀγαπίου Ἱερομονάχου, καὶ Νικοδήμου Μοναχοῦ; καὶ μετ` ἐπιμελείας ἀνακριθέντες, καὶ διορθωθέντες, ψήφῳ τοῦ Παναγιωτάτου καὶ τῆς ἱερᾶς καὶ ἁγίας Συνόδου, παρὰ τοῦ σοφολογιωτάτου διδασκάλου καὶ ἱεροκήρυκος Κυρίου Δωροθέου. Νῦν πρῶτον τύποις ἐκδοθέντες  ἀδείᾳ μὲν καὶ προτροπῇ, καὶ ἐπιταγῇ τοῦ Παναγιωτάτου καὶ οἰκουμενικοῦ πατριάρχου, καὶ τῆς ἁγίας Συνόδου, ἐπιστασίᾳ δὲ καὶ ἐπιμελείᾳ τοῦ εὐτελοῦς ἐν ἱερομονάχοις Θεοδωρίτου Ἀθωνίτου τοῦ Ἐξ ’Ιωαννίνων.  Ἐν Λειψίᾳ τῆς Σαξωνίας1800, σ. 523.

21 - The Rudder (Pedalion): Of the metaphorical ship of the One Holy Catholic and Apostolic Church of the Orthodox Christians, or all the sacred and divine canons of the holy and renowned Apostles, of the holy Councils, ecumenical as well as regional, and of individual fathers, as embodied in the original Greek text, for the sake of authenticity, and explained in the vernacular by way of rendering them more intelligible to the less educated. Comp. Agapius a Hieromonk and Nicodemus a Monk, First printed and published A.D. 1800. Trans. D. Cummings, from the 5th edition published by John Nicolaides (Kesisoglou the Caesarian) in Athens, Greece in 1908, (Chicago: The Orthodox Christian Educational Society, 1957; Repr., New York, N. Y.: Luna Printing Co., 1983).

 

წიგნიდან "სული-ცხოველი", თბილისი, 2012.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 20 FEBRUARY 2019 20:32)