Georgian (Georgia)English (United Kingdom)
შობა მარიამისა

იაკობის აპოკალიფსი

 

თორმეტი ტომის შესახებ უწყებიდან:

I.1. იყო იოაკიმი ფრიად მდიდარი და სწირავდა უფალს ორმაგ ძღვენს, თანაც გულში ამბობდა: "ის, რაც მე შევმატე, მთელი ერისათვის იყოს, ხოლო ძღვენი ცოდვათმიტევებისა უფალი ღმერთისათვის, რათა მიწყალოს"1.

2. მოახლოვდა უფლის დიდი დღე და შეწირეს ისრაელის ძეებმა შესაწირავი. იოაკიმს წინ გადაუდგა რუბენი და უთხრა: "არა გაქვს ნება პირველმა სწირო შენი ძღვენი, რადგანაც არ შეგიქმნია ნაშიერი ისრაელთა შორის"2.

3. დიდად დამწუხრდა იოაკიმი. მოიარა მან თავისი ერის თორმეტი ტომი. გულში ამბობდა: "მოვიხილავ ისრაელის თორმეტსავე ტომს3, ნუთუ მხოლოდ მე არ მრჩება ნაშიერი ისრაელთა შორის"? გამოიკითხა იოაკიმმა და ნახა, რომ ყველა მართალ კაცს ისრაელთა შორის მემკვიდრე ჰყავდა. გაიხსენა მან მამამთავარი აბრაამი, რომელსაც უფალმა ღმერთმა სიცოცხლის მიწურულს უბოძა ძე ისააკი.

4. დიდად დამწუხრდა იოაკიმი, ცოლსაც კი აღარ ეჩვენა იგი, უდაბნოს მიაშურა და იქ თავისთვის კარავი აიგო. იმარხულა იოაკიმმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე; გულში ამბობდა: "არც საჭმლისთვის ჩავალ4 სადმე, არც სასმელისათვის, ვიდრე არ მომხედავს უფალი ღმერთი ჩემი. ლოცვა იყოს ჩემი საჭმელიც და სასმელიც!"

II.1. მისი ცოლი ანა ორ საგოდებელს გოდებდა და ორ სატირალს ტიროდა: "ვიგლოვ ქვრივობას ჩემსას* და ვგოდებ უშვილობას ჩემსას".

2. მოახლოვდა უფლის დიდი დღე. ასე უთხრა ანას იუთინემ, მისმა მხევალმა: "სანამდე უნდა დაიმდაბლო შენი სული? აჰა, მოიწია დიდი დღე უფლისა და არა გაქვს გოდების ნება5. აი, აიღე ეს თავსახვევი**, რომელიც მომცა მოხელეთა ზედამხედველმა. თვით ვერ მოვიხვევ, რადგანაც მხევალი ვარ შენი, თავსახვევს კი სამეფო რამ ბეჭედი ადევს".

3. ანამ მიუგო: "გამშორდი ჩემგან! თუმც არაფერი მიქნია მსგავსი, დამამდაბლა უფალმა ფრიად6. ვინ იცის, იქნებ მზაკვარმა ვინმემ გიწყალობა ეს თავსახვევი, ახლა კი ჩემთან მოსულხარ, რომ მაზიარო მეც შენს ცოდვას". უთხრა იუთინე მხევალმა: "როგორ დაგწყევლო შენ, რომელმაც არ ისმინე ჩემი ნათქვამი? უფალმა ღმერთმა დაგიხშო საშო და არ მოგმადლა ნაყოფი ისრაელთა შორის".

4. დიდად დამწუხრდა ანა. შემოიძარცვა სამგლოვიარო სამოსელი, დაიბანა თავი და შეიმოსა საქორწილოდ. მეცხრე ჟამისათვის სასეირნოდ ჩავიდა ბაღში, თვალი მოჰკრა დაფნის ხეს, მის ქვეშ ჩამოჯდა, ჩამოისვენა და ევედრა უფალს: "ღმერთო მამათა ჩემთაო, მაკურთხე მე და შეისმინე ვედრება ჩემი, ისე, როგორც აკურთხე შენ დედა ჩვენი სარა და მიანიჭე მას ძე ისააკი".

----------------------------------------------

* რადგანაც ანა ქმრის დაბრუნებას არ მოელის, თავს ქვრივად თვლის.

** "თავსახვევი" - κεφαλοδέσμιον. ბერძნული სიტყვა აღნიშნავს მოქსოვილ გრძელ თავსახვევს, ორად გაკეცილს, რომელიც ხარისხის შესაბამისად სხვადასხვა ღირებულების იყო. საყურადღებოა, რომ წმ. ათანასე ალექსანდრიელი თავის თხზულებაში "ქალწულებისათვის" ღვთისათვის შეწირულ ქალწულებს ავალდებულებს, ატარონ მატყლის κεφαλοδέσμιον (PG. 28, 264). ინტერესს იწვევს ისიც, რომ კიზილ-ჩუკურის ეკლესიის იოაკაიმ და ანას ეგვტერში მესამე ფრესკაზე სწორედ ამგვარი თავსახვევია გამოსახული (იხ. Protévangile, p. 305-306).

 

III.1. ცისაკენ აიხედა ანამ და დაფნის ხეზე თვალი ჰკიდა ბეღურების ბუდეს. მყისვე გოდებას მიეცა იგი: "ვაი! ვინ მშობა მე? რომელმა საშომ აღმომაცენა? დაწყევლილი დავიბადე ისრაელის ძეთა წინაშე, რომლებმაც შეურაცხმყვეს და გამკიცხეს მე, განმაშორეს ტაძრისაგან უფლისა ღვთისა ჩემისა.

2. ვაიმე, ვისღა ვემსგავსე? ვერ ვემსგავსე ცის ფრინველებს, რადგანაც ცის ფრინველებიც შობიერნი არიან შენს წინაშე, უფალო! ვაიმე, ვისღა ვემსგავსე? ვერ ვემსგავსე უგუნურ ცხოველებს, რადგანაც უგუნური ცხოველებიც შობიერნი არიან შენს წინაშე, უფალო! ვაიმე, ვისღა ვემსგავსე? ვერ ვემსგავსე ქვეწარმავლებს, რადგანაც ქვეწარმავალნიც შობიერნი არიან შენს წინაშე, უფალო! ვაიმე, ვისღა ვემსგავსე? ვერ ვემსგავსე წყალთა ამათ, რადგანაც წყალნიც მიწყნარდებიან და აღელდებიან, თევზები კი შენ გაკურთხებენ, უფალო! ვაიმე, ვისღა ვემსგავსე? ვერ ვემსგავსე მიწასაც კი, რადგანაც მიწაც გამოიღებს ნაყოფს ჟამსა თვისსა და შენ გაკურთხებს ისიც, უფალო".

IV.1. აჰა, ანგელოზი უფლისა გამოუჩნდა ანას და უთხრა: "ანა, ანა! შეისმინა უფალმა ღმერთმა ვედრება შენი. მუცლადიღებ და შობ შენ. განითქმება ნაშობი შენი მთელ ქვეყანაზე". ანამ კი ეს თქვა: "ცხოველ არს უფალი ღმერთი! ყრმას ვშობ თუ ქალწულს, ძღვნად ვუბოძებ უფალს, ღმერთს ჩემსას. უფლის მსახურად იყოს იგი მთელი ცხოვრება".

2. აჰა, ორი მოციქული მივიდა ანასთან და ეს აუწყეს: "იოაკიმი, შენი ქმარი, აქეთ მოისწრაფის მწყემსებთან ერთად". უფლის ანგელოზი წინ ჩაეგება იოაკიმს და უთხრა: "იოაკიმ, იოაკიმ! ისმინა შენი ვედრება უფალმა ღმერთმა. ჩამოდი დაბლა. აჰა, იხილე, მუცლად იღო შენმა ცოლმა ანამ".

3. მყის ჩამოვიდა იოაკიმი, მოუხმო მწყემსებს და უთხრა: "მომგვარეთ აქ ათი უბიწო და წმიდა ბატკანი და იყოს ეს ათი ბატკანი უფალი ღმერთისათვის. მომგვარეთ თორმეტი ჩვილი ხბო და იყოს ეს თორმეტი ხბო მღვდელთა და მოხუცებულთათვის. მომგვარეთ ასი ვაცი და იყოს ეს ასი ვაცი მთელი ერისათვის".

4. და აი, მოდის იოაკიმი მწყემსებთან ერთად. კარებში მდგარმა ანამ თვალი მოჰკრა მწყემსების გვერდით მომავალ იოაკიმს, წინ მიეგება მას, ყელზე მოეხვია და უთხრა: "ახლა კი ვიცი, დიდად მაკურთხა უფალმა ღმერთმა. აჰა, იხილე, აღარ ვარ ქვრივი და მე უშვილოს მუცლად მიღებია". დაისვენა იოაკიმმა პირველ დღეს თავის სახლში.

V.1. მეორე დღეს, მსხვერპლშეწირვის ჟამს, ეს თქვა მან გულში: "მღვდლის პეპელი გამიმჟღავნებს, შემიწყალა თუ არა უფალმა ღმერთმა"7. შეწირა ძღვენი იოაკიმმა, მივიდა უფლის საკურთხეველთან და შეაცქერდა პეპელს მღვდლისას. ვერ ჰპოვა ბიწი და თქვა: "ახლა კი ვიცი, შემიწყალა უფალმა ღმერთმა და მომიტევა ყოველი ცოდვა". ჩამოვიდა უფლის ტაძრიდან გამართლებული იოაკიმი და წავიდა სახლში.

2. განვლო თითქმის ექვსმა თვემ. მეშვიდე თვეს იმშობიარა ანამ8. ბებიაქალს ჰკითხა მან: "რა ვშობე?" მიუგო ბებიაქალმა: "ქალი". თქვა ანამ: "დღეს განდიდდა ჩემი სული", და დააწვინა მან ჩვილი. გავიდა დღეები*. განიბანა ანა ჭუჭყისაგან, ძუძუ აწოვა თავის შვილს და უწოდა სახელად მარიამი.

--------------------------------------

* იგულისხმება სჯულის მიერ დადგენილი ვადა მშობიარე ქალის განწმენდისა. შდრ. ლევ. 12, 2-7: "დედაკაცმან, რომელმან მუცლად იღოს თესლი და შვეს წული, არაწმიდა იყოს იგი შჳდ დღე... უკუეთუ ქალი შვეს, არაწმიდა იყოს იგი ორ წილ შჳდ დღე... და სამოცდაექუს დღე ჯდეს იგი სისხლითა არაწმიდითა მისითა; და რაჟამს აღესრულნენ დღენი განწმედისა მისისანი ძესა ზედა, გინა ასულსა, შეწიროს ტარიგი..."

 

VI.1. დღითიდღე ძლიერდებოდა ჩვილი. როცა ექვსი თვის შესრულდა იგი, მიწაზე დააყენა დედამ და გამოსცადა, თუ შეძლებდა ფეხზე დადგომას. შვიდი ბიჯი გადადგა ბავშვმა და მივიდა დედის კალთამდე. დედამ ხელებში აიტაცა თავისი ჩვილი და ეს თქვა: "ცხოველ არს უფალი ღმერთი ჩემი! ვიდრე უფლის ტაძარში არ მიგიყვან, აღარ დაადგამ ფეხს მიწაზე". განწმიდა ანამ თავისი საძინებელი. ყოველივე უწმინდური და ბიწიერი განაშორა მარიამისაგან. მოუხმო ებრაელთა შეურყვნელ ასულებს, რომ გაერთოთ ბავშვი.

2. როცა ერთი წლისა შესრულდა მარიამი, დიდი ლხინი გადაიხადა იოაკიმმა. სახლში მოიწვია მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები, მოხუცებულნი, მთელი ერი ისრაელისა. წარუდგინა იოაკიმმა თავისი შვილი მღვდლებს, რომლებმაც ასე დალოცეს იგი: "ღმერთო მამათა ჩვენთაო, აკურთხე ეს ბავშვი და შთამომავალთა შორის დაუმკვიდრე მას სახელი სახელოვანი და საუკუნო". თქვა მთელმა ერმა: "იყავნ, ამინ!" შემდეგ მარიამი მღვდელმთავრებს მიჰგვარეს, რომლებმაც დალოცეს იგი და თქვეს: "ღმერთო მაღალთაო, მოხედე ამ ბავშვს და უზენაესი კურთხევით აკურთხე იგი, რასაც ვერ შეცვლის ვერაფერი".

3. წმიდაქმნილ საძინებელში წაიყვანა დედამ მარიამი, ძუძუ მისცა და უფალ ღმერთს გალობა უძღვნა: "ვუგალობ უფალს გალობას წმიდას, რადგანაც მომხედა მან მე და მომისპო ყვედრება მტერთა; მომანიჭა უფალმა, ღმერთმა ჩემმა, ნაყოფი მისი სიმართლისა, რომელიც არის ერთსახეცა და მრავალგვარიც9 მის წინაშე. ვინ აუწყებს რუბენის ძეებს, რომ ანა ჩვილს ძუძუს აწოვებს? ისმინე, ისმინე ისრაელის თორმეტო ტომო: ძუძუს აწოვებს ანა". დააწვინა ანამ ჩვილი სიწმიდის საძინებელში, შემდეგ გამოვიდა და ემსახურა სტუმრებს. როცა ნადიმი დასრულდა, გარეთ გამოვიდნენ მეინახენი და ადიდეს ღმერთი ისრაელისა.

VII.1. ბავშვს თანდათან ემატებოდა თვეები. ორი წლისა როცა გახდა, ცოლს უთხრა იოაკიმმა: "წავიყვანოთ უფლის ტაძარში და აღვასრულოთ დანაპირები, თორემ ვინ იცის, არ განრისხდეს უფალი და არ უარყოს შესაწირავი". ანამ მიუგო: "დავიცადოთ სამ წლამდე; იქნებ აღარ მოისაკლისოს მამა ან დედა". თქვა იოაკიმმა: "დავიცადოთ".

2. გახდა ბავშვი სამი წლისა. ცოლს უთხრა იოაკიმმა: "მოვუხმოთ ებრაელთა უბიწო ასულებს; ხელთ იპყრან მათ ანთებული სანთლები10 და თან გაყვნენ ბავშვს, რომ არ მობრუნდეს იგი უკან, და მისი გული არ დატყვევდეს ტაძრის გარეთ"11. ქმნეს კიდეც ასე და ავიდნენ უფლის ტაძარში. მიიხუტა ბავშვი მღვდელმა, ეამბორა მას და ასე აკურთხა: "შთამომავალთა შორის განადიდა უფალმა ღმერთმა შენი სახელი. უკანასკნელ ჟამს შენ მიერ გამოიხსნას უფალმა ისრაელის შვილები".

3. შემდეგ დასვა მან მარიამი საკურთხევლის მესამე საფეხურზე*, უფალმა კი თავისი მადლი მიჰფინა ბავშვს. ფეხები ააცეკვა მარიამმა. ისრაელის მთელმა სახლმა შეიყვარა იგი.

--------------------------------------------

* რადგანაც საკურთეველთან ამგვარი შეთამამება წარმოუდგენელი ჩანდა, როგორც ვარაუდობენ, ამ მიზეზით სირიულ და ეთიოპურ ვერსიაში ნაცვლად "საკურთეველისა" გვაქვს "ტაძარი" (Protévangile, p. 101).

 

VIII.1. განცვიფრებული წავიდნენ მშობლები. აქეს და ადიდეს უფალი ღმერთი, რადგანაც ბავშვი არ გაეტირა მათ. მტრედივით12 ცხოვრობდა მარიამი უფლის ტაძარში, ანგელოზის ხელით იღებდა საზრდოს.

2. როცა თორმეტი წლის შესრულდა ბავშვი, შეიკრიბნენ მღვდლები და თქვეს: "აჰა, მარიამი თორმეტი წლისა გახდა უფლის ტაძარში. რა ვუყოთ მას? არ შეამწიკვლოს მან სიწმიდე უფლისა ღვთისა ჩენისა". მღვდელმოძღვარს13 უთხრეს: "შენ ხარ დადგინებული უფლის საკურთხეველთან. შედი შიგნით და ილოცე მარიამისთვის. რასაც გაგიცხადებს უფალი ღმერთი, ჩვენც იმასვე ვიქმთ".

3. შიგნით შევიდა მღვდელმოძღვარი, წმიდათა წმიდაში შეიტანა თორმეტი14 ზარი და ილოცა მარიამისთვის. აჰა, ანგელოზი უფლისა გამოუჩნდა მას და უთხრა: "ზაქარია15, წადი და შეკრიბე შენს ხალხში ყველა, ვინც ქვრივია. ხელთ იპყრან მათ კვერთხები და ვის კვერთხზეც უფალი ნიშანს აჩვენებს, მის ცოლად იყოს მარიამი". მთელს იუდეას მოეფინენ მალემსრბოლები. ახმიანდა უფლის საყვირი და, აჰა, მოაწყდა ხალხი.

IX.1. იოსებმაც დააგდო თავისი ეჩო16 და მალემსრბოლებს მიაშურა. ერთად შეკრებილი ხალხი, კვერთხებით ხელში, მღვდელმთავრისაკენ გაემართა. მღვდელმოძღვარმა ყველას ჩამოართვა კვერთხი, შევიდა ტაძარში და იწყო ლოცვა, შემდეგ კი, როცა დაასრულა, აკრიფა კვერთხები, გამოვიდა გარეთ და კვლავ ხალხს ჩამოურიგა ისინი, არც ერთ მათგანზე არ იყო ნიშანი. სულ ბოლო კვერთხი იოსებმა აიღო: და, აჰა, მტრედი გამოფრინდა კვერთხიდან და იოსების თავზე დაჯდა. მღვდელმთავარმა უთხრა მას: "იოსებ, იოსებ, წილად გხვდა წაიყვანო უფლის ქალწული და დაიცვა იგი შენთვის".

2. მიუგო იოსებმა: "შვილები მყავს და მოხუცი ვარ მე, ის კი ნორჩია. სასაცილო გავხდები ისრაელთა შორის". მღვდელმთავარმა უთხრა: "იოსებ, გეშინოდეს უფლისა ღვთისა შენისა! გაიხსენე, რა შეამთხვია ღმერთმა დათანს, აბირონსა და კორეს მათი ურჩობის გამო; როგორ გაიპო მიწა და როგორ შთაინთქნენ ყველანი. ამიტომაც გეშინოდეს, არ მოიწიოს ამგვარი რამ შენს ოჯახზე" (რიცხ. 16.31-32).

3. შეშინდა იოსები, წამოიყვანა ქალწული, რომ თავისთვის დაეცვა იგი და უთხრა მას: "მარიამ, წამოგიყვანე უფლის ტაძრიდან, ახლა კი ჩემს სახლში გტოვებ, მივდივარ სხვათა სახლების საშენებლად, და ისევ მოვალ, მანამდე კი უფალი გფარავდეს".

X. 1. ეს განიზრახეს და თქვეს მღვდლებმა: „ფარდით შევამკოთ ტაძარი ღვთისა“. თქვა მღვდელმთავარმა: „უხმეთ უბიწო ქალწულებს დავითის ტომიდან“. წავიდნენ მსახურები, გამოიკითხეს და ჰპოვეს შვიდი ქალწული. ამ დროს გაიხსენა მღვდელმოძღვარმა ბავშვი მარიამი, უბიწო ღვთისა, რომელიც დავითის ტომიდან იყო. წავიდნენ მსახურები და მოიყვანეს ისიც.

2. ყველანი ტაძარში შეუშვეს. უთხრა მათ მღვდელმთავარმა: „წილი ჰყარეთ, ვინ რა დაართოს თქვენს შორის: ოქრო, ამიანტი, ბისონი, აბრეშუმი, იაკინთონი, ძოწეული, თუ ჭეშმარიტი პორფირი?“ წილად ხვდა მარიამს ჭეშმარიტი პორფირი და ძოწეული, წაიღო ისინი და წავიდა სახლში (სწორედ მაშინ დამუნჯდა ზაქარია და კვლავ ენის ამოდგმამდე სამუელმა შეცვალა იგი).17 მარიამი შეუდგა სახლში მიტანილი ძოწეულის დართვას.

XI. 1. აიღო მარიამმა სარწყული და წავიდა წყლის მოსატანად. და, აჰა, ხმა რამ მოესმა მას: „გიხაროდეს, მიმადლებულო, უფალი შენ თანა; კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“; მიმოიხედა მარიამმა მარჯვნივ და მარცხნივ, გაეგო საიდან მოესმა ხმა, შემდეგ კი შეძრწუნებული მიბრუნდა სახლში, დადო სარწყული, აიღო პორფირი, სავარძელზე ჩამოჯდა და განაგრძო რთვა.

2. და, აჰა, პირისპირ ეჩვენა მას ანგელოზი და ეს უთხრა: „ნუ გეშინის, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ყოველთა უფლისა; მუცლად-იღებ შენ სიტყვითა მისითა“.18 მოისმინა რა მარიამმა, ჩაფიქრდა თავისთვის და თქვა: „ნუთუ მუცლად-ვიღებ უფლისა ღვთისა ცხოველისაგან და ვშობ ისე, როგორც შობს ყოველი ქალი?“

3. აჰა, ანგელოზი ეჩვენა მას და უთხრა: „არა იმგვარად, როგორც ყველა, მარიამ! ძალი ღვთისა დაგიფარავს შენ; ამიტომ, ნაშობი შენი წმიდა იქნება, ეწოდება მას ძე მაღლისა და ერქმევა მას სახელად იესუ, რადგანაც ცოდვებისაგან გამოიხსნის იგი თავის ერს“. თქვა მარიამმა: „აჰა, მხევალი უფლისა მის წინაშე! მექმნეს მე თქმისებრ შენისა!“

XII. 1. დაართო მარიამმა პორფირი და ძოწეული და მიართვა მღვდელმოძღვარს, რომელმაც მიიღო მორთმეული, აკურთხა მარიამი და თქვა: „მარიამ, განადიდა უფალმა ღმერთმა სახელი შენი: იქნები შენ მარადის კურთხეული შთამომავალთა შორის ამ ქვეყანაზე“.

2. სიხარულით აივსო მარიამი, მიაშურა მან ელისაბედს, თავის ნათესავს და უხმო კარზე. ხმა გაიგონა ელისაბედმა, დააგდო ძოწეული, მიირბინა კართან, გამოაღო და ასე აკურთხა მარიამი: „ვით მოვესწარი, დედა უფლისა მოვიდა ჩემთან? აჰა, შეტოკდა ის, ვინც ჩემშია და გაკურთხა შენ“. მარიამს დავიწყებოდა საიდუმლო, რაც გაბრიელ ანგელოზმა აუწყა მას. ცას შეაცქერდა ქალწული და ეს წარმოთქვა: „ვინა ვარ მე, რომ შემნატრის ყოველი ქალი ამ ქვეყანაზე?“

3. სამი თვე დარჩა მარიამი ელისაბედთან. დღითი-დღე ივსებოდა მისი მუცელი. შეშინდა ქალწული, სახლში დაბრუნდა და დაიფარა თავი ისრაელის შვილთაგან. თექვსმეტი წლისა იყო მარიამი, როდესაც ეს საიდუმლო აღსრულდა მასზე.

XIII. 1. მეექვსე თვეში რომ გადადგა ქალწული, აჰა, დაბრუნდა იოსები ხუროობიდან, შევიდა და ჰპოვა მარიამი ორსულად. სახეში ხელები იცა იოსებმა, დავარდა მიწაზე, იქ სადაც ძაძა* ეფინა, ატირდა მწარედ და თქვა: „რა პირით შევხედო უფალ ღმერთს? რად ვლოცულობდი ამ ქალისათვის? ქალწულად წამოვიყვანე უფლის ტაძრიდან; ვერ დავიცავი, ვინ მიმუხთლა მე? ვინ ქმნა ჩემს სახლში ეს ბოროტება? ვინ მიიტაცა ჩემგან ქალწული, ვინ შებილწა იგი? ასრულდა ჩემზე ის, რაც ადამს გადახდა ადრე! როცა ადამი სადიდებელს აღავლენდა, მოვიდა გველი, განმარტოებით ჰპოვა ევა, აცთუნა და შებილწა იგი. მეც ეს შემემთხვა!“

2. ადგა ძაძიდან იოსები, მოუხმო ქალწულს და უთხრა: „ღვთისაგან გამორჩეულო, ეს რა ჰქმენ? ნუთუ დაივიწყე უფალი ღმერთი შენი? რად დაიმდაბლე შენი სული? აღზრდილი იყავ წმიდათა წმიდაში და ანგელოზის ხელი გაწვდიდა საზრდოს!“

3. მწარედ ატირდა მარიამი და მიუგო: „წმიდა ვარ მე და არ ვიცი მამაკაცი“. უთხრა მას იოსებმა: „საიდან გაჩნდა ის, რაც არის შენს მუცელში?“ ქალწულმა მიუგო: „ცხოველ არს ღმერთი ჩემი; არ ვიცი საიდან!“

----------------------------------------------

* "ძაძა" - σάκκος. ეს სიტყვა, ჩვეულებრივ, გულისხმობს სამგლოვიარო შესამოსელს, თუმცა „ესაიას წიგნში“, ისევე როგორც ჩვენს ძეგლში, ეგევე სიტყვა ტანსაცმლის ნაცვლად ქვეშსაგებს ნიშნავს: „არცა მო-თუ-იდრიკო, ვითარცა ტრკალი, ქედი შენი ძაძაჲ და ნაცარი დაირეცო“ (ეს. 58,5; „დაირეცო“ ნიშნავს „დაიგო“) (შდრ. Protévangile, p. 123).

 

XIV. 1. ძლიერ შეშინდა იოსები, გაშორდა ქალწულს და დაფიქრდა, რა უნდა ექნა. თქვა მან თავისთვის: „თუკი დავფარავ მის ცოდვას, უფლის რჯულის მტრად შევირაცხები; თუ გავამჟღავნებ მას ისრაელთა შორის, შიში მიპყრობს, იქნებ ანგელოზისაგან იყოს ის, რაც მასშია და აღმოვჩნდები უცოდველი სისხლის სიკვდილით დამსჯელი. როგორ მოვექცე მარიამს? ჩუმად გავეყრები“. ეწია ღამე იოსებს.

2. აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა მას ძილში, და უთხრა: „ნუ გეშინია ქალწულისა; სულიწმიდისაგან არის ის, რაც მასშია. გიშობს ქალწული ძეს და უწოდებ მას სახელად იესუს, რადგანაც ცოდვებისაგან იხსნის იგი თავის ერს“. გამოიღვიძა იოსებმა და ადიდა ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ასეთი მადლი მიანიჭა მას. ამის შემდეგ იცავდა იგი ქალწულს.

XV. 1. მოვიდა იოსებთან ანა მწიგნობარი და უთხრა მას: „იოსებ, რა მიზეზით არ გამოჩნდი ჩვენს შეკრებაზე?“ მიუგო იოსებმა: „მგზავრობისაგან დავიქანცე და ვისვენებდი ეს ერთი დღე“. მიიხედა ანამ და იხილა მარიამი ორსულად. სირბილით მიაშურა მან მღვდელმოძღვარს და უთხრა: „აჰა, იოსებმა, რომელსაც თავდებად დაუდექი, დიდად დაარღვია რჯული!“ ჰკითხა მღვდელმოძღვარმა: „რა ქმნა?“ ანამ მიუგო: „შებილწა მან ქალწული, რომელიც წაიყვანა უფლის ტაძრიდან; ფარულად იქორწინა მასზე, ისრაელთა შვილებს კი არაფერი გაუმჟღავნა“. თქვა მღვდელმოძღვარმა: „იოსებმა ქმნა ეს?“ უთხრა ანამ: „გაგზავნე მასთან მსახურები და ორსულად ჰპოვებ ქალწულს“. წავიდნენ მსახურები, ნახეს ქალწული ისე, როგორც ეს თქვა ანამ, წამოიყვანეს იგი ტაძარში და წარუდგინეს სამსჯავროს.

2. ჰკითხა მას მღვდელმთავარმა: „მარიამ, ეს რა ჰქმენ? რად დაიმდაბლე შენი სული? დაგივიწყებია უფალი ღმერთი შენი, თუმცა აღიზარდე წმიდათა წმიდაში და ანგელოზთა ხელით იღებდი საზრდოს. ისმენდი შენ ანგელოზთა გალობას და იმღერდი მათ წინაშე,* აწ კი ეს რა ჰქმენ?“ მწარედ ატირდა მარიამი და თქვა: „ცხოველ არს ღმერთი, რამეთუ წმიდა ვარ მე მის წინაშე და არ ვიცი მამაკაცი“.

3. თქვა მღვდელმოძღვარმა: „იოსებ, ვინ ქმნა ეს?“ იოსებმა მიუგო: „ცხოველ არს ღმერთი ჩემი და ცხოველ არს ცხებული მისი19; წმიდა ვარ მე ქალწულისაგან“. უთხრა მას მღვდელმთავარმა: „ცრუდ ნუკი დაემოწმები, არამედ სიმართლე თქვი. ფარულად იქორწინე შენ მასზე და არაფერი გაუმჟღავნე ისრაელის შვილებს, არ მოუხარე თავი ძლიერ ხელს,20 რომელიც აკურთხებდა შენს ნაშიერს“. დადუმდა იოსები.

---------------------------------------------------

* „იმღერდი“- χορεύσασα (შდრ. ფრანგ. as dansé); „მღერა“ ამ შემთხვევაში მოხმობილი გვაქვს ძველი ქართული მნიშვნელობით („თამაში“, „ცეკვა“), რადგანაც მის ნაცვლად სიტყვა „ცეკვა“ აშკარად შეუფერებელი ჩანს. რაც შეეხება „როკვას“, იგი უფრო წარმართულ რიტუალურ ქმედებას გულისხმობს. საკრალური ცეკვა ანუ „მღერა“ „ძველ აღთქმაში“ ცნობილია: „და დავით და ყოველი ისრაჱლი იმღერდა წინაშე ღმრთისა ყოვლითა ძალითა, გალობითა და ქნარითა“ (1 ნეშტ. 13, 8; შდრ. აქვე VII, 3).


XVI. 1. თქვა მღვდელმოძღვარმა: „დამიბრუნე ქალწული, რომელიც წაიყვანე უფლის ტაძრიდან“. აცრემლდა იოსები. მაშინ თქვა მღვდელმოძღვარმა: „შეგასმევთ თქვენ უფლისმიერი მხილების წყალს21 და გაცხადდება თქვენი ცოდვა თქვენს თვალთა წინაშე.

2. აიღო წყალი მღვდელმოძღვარმა, შეასვა იგი იოსებს და გაგზავნა იგი უდაბნოში, საიდანაც იოსები უვნებელი დაბრუნდა; შემდეგ ქალწულსაც შეასვა წყალი და უდაბნოში გაგზავნა ისიც. ქალწულიც უვნებლად ჩამოვიდა უდაბნოდან. განცვიფრდა მთელი ხალხი, რომ არ გამჟღავნდა მათი ცოდვა.

3. თქვა მღვდელმოძღვარმა: „თუკი უფალმა ღმერთმა არ გაამჟღავნა თქვენი ცოდვა, აღარც მე განგსჯით“, და გაუშვა ისინი. წაიყვანა იოსებმა მარიამი და წავიდა თავის სახლში. იხარებდა იგი და ადიდებდა ღმერთს ისრაელისას.

XVII. 1. ბრძანება გასცა ავგუსტოს მეფემ, აღეწერათ, რამდენი მცხოვრები იყო იუდეის ბეთლემში. თქვა იოსებმა: „აღვწერ ჩემს ძეებს, ამ ქალწულისათვის კი რა ვქნა? როგორ აღვწერო ისიც? ვით ჩემი ცოლი? სირცხვილი მიპყრობს. როგორც ასული? იციან ისრაელის შვილებმა, არ მყავს ასული. თვით უფლის დღემ ქმნას მისთვის, როგორც ინებებს“.22

2. შეკაზმა ვირი იოსებმა და დასვა მასზე ქალწული. იოსების ძე გაუძღვა ვირს, სამუელი კი უკან გაჰყვა,23 განვლეს სამი მილიონი.24 მოიხედა იოსებმა, დაინახა, რომ მოეწყინა მარიამს და თქვა თავისთვის: „იქნებ აწუხებს მას მუცელში მყოფი“. კვლავ მიიხედა იოსებმა და მოცინარი იხილა იგი. ჰკითხა: „მარიამ, რა ხდება? ვხედავ შენს სახეს, ზოგჯერ მხიარულს, ზოგჯერ მოწყენილს!“ მიუგო მარიამმა: „იოსებ, ვხედავ ორ ხალხს ჩემი თვალებით: ერთი მოთქვამს და თავში იცემს, მეორე ხარობს და ილხენს“.25

3. შუა გზამდე მივიდნენ ისინი. ეუბნება მარიამი იოსებს: „იოსებ, გადმომიყვანე ვირიდან, რადგანაც მუცელში მყოფი მაჩქარებს შობას“. ჩამოსვა იოსებმა ქალწული და უთხრა მას: „სად წაგიყვანო და სად დავფარო შენი სირცხვილი, რადგანაც უდაბნოა ეს ადგილი?“

XVIII. 1. იპოვა იოსებმა გამოქვაბული,26 შიგ შეიყვანა მარიამი და თავმდგმურებად დაუტოვა თავისი შვილები. თვით გამოვიდა გარეთ, რომ ებრაელი ბებიაქალი ეპოვა ბეთლემის მხარეში. იპოვა კიდეც ვიღაც ქალი, მთიდან ჩამომავალი და მიჰგვარა იგი მარიამს. თქვა იოსებმა:

2. „როდესაც მე, იოსები, მივდიოდი და არც მივდიოდი,27 ავხედე ცის თაღს და უძრავად ვიხილე იგი. გავხედე ჰაერს, გაშეშებული ვნახე იგი. არ ირხეოდნენ ცის ფრინველები.28 დავხედე მიწას, ვიხილე ზედ ვარცლი: მუშაკნი გვერდით მიწოლოდნენ და ხელები შიგ ჩაეწყოთ. ის, ვინც ღეჭავდა, აღარ ღეჭავდა, ვისაც ხელი გაეშვირა ამოსაღებად, აღარ იღებდა, ვისაც პირისკენ მიჰქონდა ლუკმა, აღარ მიჰქონდა.29 ყველას ზევითკენ მიეპყრო მზერა.

3. ვხედავდი გარეკილ ცხვრებს და უცებ შეჩერდნენ ცხვრები. ხელი ასწია მწყემსმა, რომ დაერტყა მათთვის, მაგრამ ის ხელი ზეაწეული გაუშეშდა. გავხედე მდინარის ნაკადს და ვიხილე თიკნები, რომლებსაც პირი მიეშვირათ წყლისათვის, მაგრამ არ სვამდნენ და, აჰა, წამში ყველა ქმნილება კვლავ ადრინდელ სრბოლას მიეცა.

XIX. 1. ვიხილე ქალი ჩამომავალი მთიდან, რომელმაც მითხრა: „კაცო, საით მიდიხარ?“ მივუგე: „ბებიაქალს ვეძებ ებრაელს“. მან კი მკითხა: „ისრაელთაგანი ხარ?“ ვუთხარი: „ჰო“. კვლავ მკითხა: „ვინ არის იგი, ვინც გამოქვაბულში უნდა იმშობიაროს?“ მივუგე: „დანიშნული ჩემი“. მკითხა მან: „ნუთუ არ არის შენი ცოლი?“ მივუგე: „მარიამია იგი, რომელიც აღიზარდა უფლის ტაძარში. წილით მხვდა ცოლად, თუმცა არ არის ჩემი ცოლი. მუცლად-იღო მან სულიწმიდისაგან“. ისევ მკითხა ბებიაქალმა: „ჭეშმარიტია, რასაც ამბობ?“ მივუგე: „მოდი და იხილე“, და წამოვიდა ჩემთან ერთად.

2. დავდექით გამოქვაბულთან. მუქი ღრუბელი ჩრდილავდა მღვიმეს.30 თქვა ბებიაქალმა: „დღეს განდიდდა სული ჩემი; საკვირველებანი იხილეს ჩემმა თვალებმა, რამეთუ იშვა მაცხოვარება ისრაელისა“. მყის გაეცალა ღრუბელი გამოქვაბულს, გამოჩნდა შიგნით ნათელი დიდი, რომელსაც თვალნი ვერ იტევდნენ. თანდათან ნათელიც გაფერმკრთალდა და გამოჩნდა ჩვილი, რომელიც დაეშურა დედის ძუძუს. ღაღადყო ბებიაქალმა და თქვა: „რა დიადია დღევანდელი დღე, რადგანაც ვიხილე სახილველი ახალი“,31 გამოვიდა გამოქვაბულიდან ბებიაქალი; შეეგება მას სალომე. უთხრა ბებიაქალმა: „სალომე, სალომე, მოსათხრობი მაქვს შენთვის სახილველი ახალი. ქალწულმა შობა ის, ვისაც ვერ იტევს მისი ბუნება“. მიუგო სალომემ: „ცხოველ არს უფალი ღმერთი ჩემი. თუ არ შევახებ ჩემს თითს და არ გამოვიკვლევ მის ბუნებას, არ ვირწმუნებ შობას ქალწულისაგან“.

XX. 1. შევიდა ბებიაქალი და უთხრა მარიამს: „მარიამ, მოიწესრიგე თავი.32 არცთუ მცირე გაჭირვება მოგელის შენ ამიერიდან“. მოისმინა რა მარიამმა, მოიწესრიგა თავი. გამოიკვლია სალომემ თითით ქალწულის ბუნება, შემდეგ კი ღაღადყო და თქვა: „ვაი, ურჯულოებას ჩემსას და ურწმუნოებას ჩემსას, რადგანაც გამოვცადე ღმერთი ცხოველი. აჰა, მეწვის და მძვრება ხელი“.

2. მოუდრიკა სალომემ მუხლები უფალს და თქვა: „ღმერთო მამათა ჩემთაო, მომიხსენე მე, რომელიც ვარ ნათესავი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა. ნუ შეურაცხმყოფ ისრაელის ძეთა წინაშე; ნაცვლად ამისა მამსახურე გლახაკთათვის. შენ უწყი, უფალო, ხალხს ვკურნებდი შენი სახელით და საზღაურსაც შენგან ვიღებდი“.

3. აჰა, ანგელოზი უფლისა გამოჩნდა მას და უთხრა: „სალომე, სალომე, ისმინა ვედრება შენი ყოველთა უფალმა. ხელი მიუპყარ ჩვილს, აიყვანე იგი და მოგეცეს მისგან ხსნა და სიხარული“.

4. ლხენით აივსო სალომე, მიუახლოვდა ბავშვს, მიიხუტა იგი და თქვა: „თაყვანს-ვცემ მას, რომელიც იშვა მეუფედ ისრაელისა“. მყის განიკურნა სალომე და გამოვიდა გამოქვაბულიდან გამართლებული. აჰა, ხმა ესმის მას: „სალომე, სალომე, ნურავის ეტყვი, რაც აქ იხილე საკვირველება, ვიდრე იერუსალიმში არ შევა ეგ ყრმა“.

XXI. 1. აჰა, განემზადა იოსები იუდეაში დასაბრუნებლად; ამ დროს დიდი მშფოთვარება ატყდა იუდეის ბეთლემში, რადგანაც მოვიდნენ მოგვები და იკითხეს: „სად არის მეუფე ებრაელთა? ვიხილეთ ვარსკვლავი მისი აღმოსავლეთით და მოვედით, რომ თაყვანი ვცეთ მას“.

2. როცა ჰეროდემ ეს გაიგონა, შეძრწუნდა და მოგვებთან მსახურები მიავლინა. თავის სასახლეში უხმო მან მღვდელმოძღვრებს და ეს ჰკითხა მათ: „რა წერია ქრისტეს შესახებ? სად უნდა იშვას იგი?“ მიუგეს: „იუდეის ბეთლემში, როგორც ამბობს წერილი“. გაუშვა ისინი ჰეროდემ, ახლა კი მოგვებს ჰკითხა: „რა ნიშანი იხილეთ შობილი მეფისათვის?“ თქვეს მოგვებმა: „ვიხილეთ უჩვეულოდ დიდი ვარსკვლავი, რომელიც ბრწყინავდა სხვა ვარსკვლავთა შორის და ჩრდილავდა მათ, ისე რომ ეს ვარსკვლავები არც კი ჩანდნენ“*. ასე შევიტყეთ, რომ იშვა მეუფე ისრაელისა და მოვედით, თაყვანი ვცეთ მას“. უთხრა მათ ჰეროდემ: „წადით და ეძიეთ! თუკი იპოვით, მაუწყეთ მეც, რომ მოვიდე და თაყვანი ვცე“.

3. წავიდნენ მოგვები. და, აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთით, წინ გაუძღვა მათ, ვიდრე გამოქვაბულში არ შეიყვანა ისინი. თავზე დაადგა ვარსკვლავი ახალშობილს; მოგვებმა იხილეს ყრმა, დედასთან მდგარი, გახსნეს მათ ხალთა და უძღვნეს ჩვილს ოქრო, გუნდრუკი და მური.

4. ანგელოზისაგან ეუწყათ მოგვებს, არ შესულიყვნენ იუდეაში. სხვა გზით წავიდნენ ისინი თავიანთ მხარეში.

-----------------------------------------------

* ეს ადგილი ძალიან ემსგავსება წმ. ეგნატი ანტიოქელის სიტყვებს: „როგორ გამოუჩნდა [მაცხოვარი] საუკუნეებს? ცაში გაბრწყინდა ვარსკვლავი, რომელიც აღემატებოდა ყველა სხვა ვარსკვლავს; ნათელი მისი ენით უთქმელი იყო და გაკვირვებას იწვევდა მისი სიახლე; დანარჩენი ვარსკვლავები, მზესთან და მთვარესთან ერთად, თანმხლები გახდნენ ამ ვარსკვლავისა, რომელიც ყველას აჭარბებდა თავისი ბრწყინვალებით... მაშინ გაუქმდა ყოველგვარი გრძნეულება და უჩინო იქმნა ბოროტების ყველა ბორკილი.“ (ეფეს. XIX. 2; Sources Créttennes. N 10; Protévangile, p. 171).


XXII. 1. როდესაც მიხვდა ჰეროდე, რომ გააბრიყვეს იგი მოგვებმა, განრისხებულმა ყველგან მკვლელები მიმოგზავნა. უბრძანა მათ, გაეწყვიტათ ყველა ჩვილი ორი წლისა და უდარესი.

2. გაიგო მარიამმა, რომ ჩვილებს კლავდნენ, შეშინებულმა აიყვანა ყრმა, სახვევებში გაახვია იგი და დააწვინა საქონლის ბაგაში.

3. ელისაბედმაც გაიგო, რომ ეძებდნენ იოანეს,33 აიყვანა იგი და მთაზე ავიდა. მიმოიხედა ელისაბედმა, რომ დაემალა სადმე ჩვილი, მაგრამ ვერსად იპოვა სამალავი. კვნესით ამოთქვა მან: „მთაო ღვთისაო, მისტუმრე მე ჩემს შვილთან ერთად“. კვლავ ზეასვა ვეღარ შეძლო ელისაბედმა შიშის გამო. ამ დროს უეცრად მთა გაიპო და შეიფარა იგი. გამჭვირვალე სინათლედ ექცა ელისაბედს მთა (უფლის ანგელოზი იყო დედა-შვილის გვერდით, რომელიც იფარავდა მათ).

XXIII. 1. ჰეროდე ეძებდა იოანეს. გაგზავნა მან მსახურები ზაქარიასთან საკურთხეველში და ეს ჰკითხა: „სად გადამალე შენი შვილი?“ მიუგო ზაქარიამ: „მსახური ვარ ღვთისა და ვცხოვრობ მის ტაძარში. როგორ გავიგო სად არის ჩემი ძე?“ დაბრუნდნენ უკან მსახურები და უთხრეს ჰეროდეს ყველაფერი. განრისხდა ჰეროდე და გულში თქვა: „ნუთუ ისრაელის მეფობას განიზრახავს მისი ძე?“34 კვლავ მიუვლინა მსახურები ზაქარიას და ჰკითხა: „სიმართლე მითხარ, სად არის შენი ძე? ნუთუ არ იცი, შენი სისხლი ჩემს ხელშია?“ მსახურებმა ზაქარიას გადასცეს ჰეროდეს ნათქვამი.

2. ზაქარიამ მიუგო: „მოწამე ვარ ღვთისა, ეუფლე ჩემს სისხლს, სული ჩემი კი უფლისაგან შეიწყნარება, რადგანაც უცოდველი იქნება ის სისხლი, რომელსაც დაღვრი უფლის ტაძრის შემოსასვლელში“...35 განთიადისას მოკლეს ზაქარია, ისრაელის შვილებმა კი არ იცოდნენ, რომ მოკლული იყო იგი.

XXIV. 1. თავის დაკვრის ჟამს განდგნენ მღვდლები,36 მაგრამ არ შემოხვდა მათ ზაქარია ჩვეული კურთხევით. შეყოვდნენ მღვდლები. მოელოდნენ, რომ ზაქარია, წესისამებრ, ლოცვით მოიკითხავდა მათ და ადიდებდა მაღალ ღმერთს.

2. შეაგვიანდა ზაქარიას. შეშინდნენ ყველანი. ერთმა მათგანმა სიწმინდეში გაბედა შესვლა და იხილა უფლის საკურთხეველთან შედედებული სისხლი. ხმა რამ მოესმა მას: „მოკლული არის ზაქარია, არ წარიხოცება მისი სისხლი, ვიდრე არ მოვა შურისმგებელი“. ამ სიტყვებმა შეაკრთო იგი, გამოვიდა გარეთ და მღვდლებს აუწყა ნანახი და სმენილი.

3. სხვებმაც გაბედეს შიგნით შესვლა; ნახეს, რაც მომხდარიყო. ვაებდნენ ტაძრის კედლები. ჩამოიხიეს მღვდლებმა შესამოსელი თხემით ტერფამდე. ვერსად იპოვეს მათ ზაქარიას ნეშტი, მხოლოდ ქვად ქცეული სისხლი ნახეს მისი...37. შეშინებულნი გამოვიდნენ გარეთ და გამოაცხადეს, რომ მოკლული იყო ზაქარია. გაიგეს ისრაელის ტომებმა ეს ამბავი. სამი დღე და სამი ღამე მოსთქვამდნენ და თავში იცემდნენ ზაქარიასთვის.

4. სამი დღის შემდეგ განიზრახეს მღვდლებმა, რომ დაედგინათ ვინმე ზაქარიას ადგილზე. წილი ხვდა სვიმეონს, რომელიც სულიწმიდისაგან იყო უწყებული: არ ნახავდა მანამდე სიკვდილს, ვიდრე არ იხილავდა ხორციელად ქრისტეს.

XXV. 1. როდესაც აღესრულა ჰეროდე, მშფოთვარება ატყდა ხალხში, ხოლო მე, იაკობმა, რომელმაც იერუსალიმში აღვწერე ეს ამბავი, მშფოთვარების დაცხრობამდე უდაბნოს შევაფარე თავი. აწ კი ვადიდებ უფალს, რომელმაც მომცა მე სიბრძნე, აღმეწერა ეს ამბავი.

მადლი ყოველთა მოშიშთა უფლისა, ამინ!
შობა მარიამისა
იაკობის აპოკალიფსი
მშვიდობა დამწერსა და ამომკითხველსა!

------------------------------------------------------------

თარგმანი ეყრდნობა ე. დე სტრიკერის მიერ ბოდმერის პაპირუსის საფუძველზე გამოცემულ უძველეს ტექსტს. თარგმანს დავურთეთ სათანადო კომენტარები, სადაც  ე. სტრიკერის ნაშრომი შემოკლებულად დამოწმებული გვაქვს, როგორც Protévangile. ვფიქრობ, ქრისტიანული მწერლობისუძველესი ძეგლისგაცნობა სარგებლობას მოუტანს "სათნო გადმოცემათა" მაძიებელ, მორწმუნე მკითხველს.

 

1 - მსხვერპლის იოაკიმესეული შენამატი (ე.წ. "ორმაგი ძღვენი" - τὰ δῶρα διπλᾶ) არის არა რიტუალურ-საკრალური დანიშნულებისა, არამედ მას მხოლოდ საქველმოქმედო ფუნქცია აქვს (განკუთვნილია ხალხში, ღარიბებში დასარიგებლად), მაშინ როცა ცოდვათმიტევების შესაწირავი (τὸ τῆς ἀφέσεςω) ემსახურება სწორედ ცოდვების მიტევებას. ამ სახის შესაწირავი ხშირად ფიგურირებს ძველ აღთქმაში (Protévangile, p. 65, N. 2).

2 - მიიჩნევენ, რომ რუბენი აქ აღნიშნავს არა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ ზოგადად რუბენის ტომს (ე.ი. იაკობის ძის რუბენის შთამომავლობას).

3 - "თორმეტი ტომი" (δωδεκάφυλον), ზოგი მკვლევარის აზრით, უნდა იყოს რომელიღაც წერილობითი წყაროს სახელწოდება, ე.ი. მათი შეხედულებით, იოაკიმი ამ შემთხვევაში ისრაელის ძეთა გენეალოგიას იკვლევს სწორედ იმ "უწყებების" მიხედვით, რომელიც "იაკობის აპოკალიფსის" დასაწყისში იხსენიება. ვფიქრობთ, ბერძნული ტექსტიდან ძნელია ამგვარი დასკვნის გამოტანა. პირიქით, ცხადად ჩანს, რომ იოაკიმს თორმეტი ტომის გენეალოგია გამოუკითხავს ამ ტომების მემკვიდრეთა შორის, რომლებსაც უთუოდ ექნებოდათ წინაპართაგან გადმოცემული ზეპირი ცნობები. შდრ. ძველი ქართული თარგმანი: "და მოჰვლიდა იგი ათორმეტთა ტომთა ერისა თჳსისათა" (ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, 20, თბ. 1977, გვ. 22. ქვემოთ ძველი ქართული თარგმანი ყოველთვის აღნიშნული გამოცემიდან იქნება დამოწმებული.

4 - საგულისხმოა იმის აღნიშვნა, რომ ხსენებული ძგლის ავტორისათვის "უდაბნო" უიგივდება "მთას". ამიტომაა, რომ თხზულებაში ყველგან აღნიშნულია უდაბნოდან "ჩამოსვლა" (καταβαίνω). ვფიქრობთ, საქმე უნდა გვქონდეს გარკვეულ სიმბოლიზაციასთან. "უდაბნო" როგორც განწმენდისა და სპირიტუალური ცხოვრების ადგილი, ავტორისათვის მაღლა მდებარეობს არა მარტო რეალურად, არამედ სულიერი აზრითაც. ასევე მაღლა ადგილზეა წარმოდგენილი ძეგლში ტაძარი უფლისა, როგორც ჩანს, იმავე მიზეზის გამო, (შდრ. მარკ. 3.22; ლუკა 18.10; 18.14; იოანე 7.8; 7.10).

5 - სადღესასწაულო დღეებში მწუხარების გარეგნული გამოხატვა აკრძალული იყო. შდრ. ივდითი 8.6; ფსალ. 117.24.

6 - ესაა, შეიძლება ითქვას, ყველაზე ბუნდოვანი ადგილი ტექსტში (შდრ. καὶ ταῦτα οὐ ἐποίησα); როგორც მიიჩნევენ ამ სიტყვებით ანა უარყოფს მხევლის საყვედურს, თითქოს მან დაარღვია უფლის კანონი, რადგანაც დღესასწაულის ჟამს მოთქვამდა და გოდებდა.

7 - "პეპელი" არის πέταλον-ის ძველი ქართული შესატყვისი (შდრ. "პეპლი იგი მღდელისაჲ გამომეცხადენ მე"). ხსენებული ბერძნული სიტყვა ზოგჯერ უთარგმნელადაც გადმოდის როგორც "პეტალი" (იხ. გამოსლ. 28.36, მცხეთური ბიბლია). "პეტალი" აღნიშნავდა ოქროს წვრილ ზოლს, რომელსაც ჰქონდა წარწერა "შეწირული იაჰვესადმი" და რომელიც ჩამაგრებული იყო მღვდელმოძღვრის მიტრის საშუბლე ნაწილზე. მღვდელმოძღვარი ამ ორნამენტს ატარებდა მსხვერპლშეწირვის ჟამს, რომ ამ გზით მიეტევებინა ხალხისათვის და მღვდლებისათვის რიტუალური ცდომილებანი. გვიანიუდეურ მწერლობაში პეტალი მიიჩნევა "იაჰვეს დიდების" მოსასვენებელ ადგილად. "იაკობის აპოკალიფსში", როგორც ფიქრობენ, პეტალი, ვითარცა გამოცხადება უზენაესი სიდიადისა, გაბრწყინდება მხოლოდ უცოდველთა თვალწინ, მაშინ როცა იგი თავს იფარავს ცოდვილთა ჭვრეტისაგან. "პირველსახარების" ზოგ ვერსიაზე დაყრდნობით, ნაწილი მკვლევარებისა ფიქრობს, რომ, თხზულების ავტორის აზრით, პეტალი სარკესავით ირეკლავს ადამიანის ცოდვებს.

8 - როგორც ფიქრობენ, აქ არ იგულისხმება ნაადრევი შობა. ექვსი თვე გასულია არა ანას მუცლადღებიდან, არამედ იოაკიმის უდაბნოდან ჩამოსვლის შემდეგ.

9 - καρπὸν...  μονοούσιον  (უძველესი ხელნ. μονόσιον) πολυπλάσιον, შდრ. ფრანგ. თარგ. simple (et) multiple. ესაა საკმაოდ ბუნდოვანი ადგილი. ვფიქრობთ, საქმე უნდა გვქონდეს კატაფატიკურ-აპოფატიკური მეტყველების ნიმუშთან: მარიამი, როგორც დედა ღვთისა, არის "ერთსახე" ანუ ერთადერთი, სრულიად გამორჩეული, მაგრამ, ამავე დროს, როგორც მომცველი ღვთისა (რომელიც თავად არის მომცველი ყველაფრისა), მარიამი "მრავალგვარიც" ანუ ყოვლისმომცველიც, ე.ი. ყველაში განფენილი, ყველაში განწილული უნდა იყოს.

10 - "ანთებული სანთლები" - λαμπάδες... καιόμεναι. როგორც ჩანს, მარიამი ტაძარში ღამით უნდა წაეყვანათ.

11 - იგულისხმება, რომ მარიამის გულს ამქვეყნიური ცხოვრებისაკენ არ უნდა გაეწია, გული არ დაწყვეტოდა მას ამქვეყნიურობასთან განშორების გამო.

12 - მტრედი სიმბოლოა სიწმიდისა (შდრ. მათე 10.16).

13 - ბერძნულ ტექსტში მხოლობითი ἱερεύς, ჩვეულებრივ, სწორედ "მღვდელმოძღვარს" აღნიშნავს, მაშინ როცა მისი მრავლობითი ფორმა (οι ἱερεῖς) "მღვდლებს" გულისხმობს.

14 - როგორც ცნობილია, "ზარები" ანუ "ეჟვნები" (τὰ κώδωνα) მღვდელმოძღვრის სამოსელზე იყო ჩამოკიდებული (შდრ. "ეჟუანი და ყუავილედი ქუე ქუემოსა ზედა ქუეშეთსაცუმელისასა გარემოჲსა", გამოსლ. 28.34). "თორმეტი" ზარი, როგორც მიიჩნევენ, ისრაელის თორმეტ ტომს უნდა აღნიშნავდეს.

15 - ამ ადგილას ირკვევა, რომ ადრე ხსენებული მღვდელმოძღვარი არის ზაქარია, მამა იოანე ნათლისმცემლისა.

16 - "ეჩო" - τὸ σκέπαρνον (სათლელი ცული).

17 - ზაქარიას დამუნჯების ისტორია ცნობილია სახარებიდან (ლუკა 1.20). რაც შეეხება მის მღვდელმთავრობასა და მისი დამუნჯების დროს სამუელის დანიშვნას, ეს ამბავი მხოლოდ ხსენებული ძეგლიდან ირკვევა. ზოგ ხელნაწერში "სამუელის" ნაცვლად "სვიმეონი" იკითხება, მაგრამ ეს აშკარა შეცდომა უნდა იყოს, რადგანაც ამავე "აპოკალიფსის" მიხედვით, სვიმეონი (ყრმის მიმრქმელი) მღვდელმთავრად ინიშნება მხოლოდ ზაქარიას სიკვდილის შემდეგ.

18 - συνλήμψῃ ἐκ λόγου αὐτοῦ. ეს ადგილი ე. სტრიკერს თარგმნილი აქვს ასე: tu concevras de son Verbe (მუცლად-იღებ შენ მისი სიტყვისაგან). ამგვარი თარგმანი და სიტყვა Verbe დიდი ასოთი ცხადყოფს, რომ ე. სტრიკერის აზრით აქ იგულისხმება თავად ძე ღვთისა, ლოგოსი. მკვლევარი სათანადო კომენტარსაც ურთავს თავის თარგმანს და აღნიშნავს, რომ "აპოკალიფსის" ავტორი, ერთი მხრივ, ეყრდნობა ლუკას სახარების სიტყვებს: "სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ" (ლუკა 1.35), მეორე მხრივ კი, ზოგი უადრესი ქრისტიანი მწერლის (მაგ. იუსტინე მარტვილის) მსგავსად, "სულსა" და "ძალს" აიგივებს ლოგოსთან და ამდენად, მარიამს სიტყვისაგან ანუ ლოგოსისაგან მუცლადღებულად სახავს. ვფიქრობთ, ამგვარი გააზრება "იაკობის აპოკალიფსის" სიტყვებისა არადამაჯერებელია. საყოველთაო ანუ კათოლიკე ტრადიციის მიხედვით, მარიამი მუცლადღებულია სული წმიდისაგან და ეს აზრი გვხვდება კიდეც იმავე "იაკობის აპოკალიფსში": "მუცლად-იღო მან სულიწმიდისაგან" (σύλλημα ἔχει ἐκ πνεύματος ἁγίου) XIX, 1. ამასთან მარიამმა მუცლად-იღო თავად ლოგოსი, რაც ცხადია, გამორიცხავს ამავე დროს ლოგოსისაგან მუცლადღებას. ვფიქრობთ, ბერძნული ორიგინალის ფრაზა συνλήμψῃ ἐκ λόγου αὐτοῦ კარგად არის გაგებული ძველი ქართველი მთარგმნელის მიერ: "მიუდგე (ე.ი. მუცლად-იღო, ე.ჭ.) სიტყჳთა წმიდითა მისითა" (და არა "სიტყვისაგან წმიდისა მისისა"). ჩვენი აზრით λόγος აღნიშნულ ადგილას ნიშნავს "განზრახვას", "ნებას", "ჩანაფიქრს". ე.ი. ზემომოტანილი ფრაზა იმას უნდა გულისხმობდეს, რომ მარიამმა მუცლად-იღო მისი (მამა ღმერთის) "განზრახვით", "ნებით", "განჩინებით" (როგორც ცნობილია, ცნება logos-ის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელობა სწორედ ესაა). გამოთქმა "სიტყვა ღვთისა" ძველ და ახალ აღთქმაში ხშირად სწორედ მამაღმერთისეულ ნებას, მის სურვილს ნიშნავს.

19 - "და ცხოველ არს ცხებული მისი" - καὶ ζῆ ὁ χριστὸς αὐτοῦ. ზოგი ხენაწერი უმატებს: καὶ ὁ τῆς ἀληθείας αὐτοῦ μάρτυς - "და მისი ჭეშმარიტების მოწმე". მკვლევართა ნაწილი ამ უკანასკნელ წინადადებასაც ავთენტურად თვლის და შესაბამისად, "იაკობის აპოკალიფსის" აღნიშნულ ადგილს ტრინიტარული ფორმულის უძველეს დამოწმებად მიიჩნევს. ვფიქრობთ, ამგვარი გააზრება ტექსტზე ძალდატანების შედეგია. საეჭვოა ვიფიქროთ, რომ იოსებისთვის მარიამის მშობიარობამდე სამების საიდუმლო სრულად ყოფილიყო გაცხადებული, ისე რომ, ებრაელი მღვდლების წინაშეც შეძლებოდა მას ამ საიდუმლოს გამჟღავნება. ჩვენი აზრით χριστός ამ შემთხვევაში ჯერ კიდევ ზედსართავის შინაარსს შეიცავს და იმგვარივე გააზრება უნდა ჰქონდეს მას, როგორიც აქვს ამ სიტყვას "ფსალმუნთა" ბერძნულ ტექსტში. იოსების სიტყვათა უშუალო წყარო სწორედ "ფსალმუნნი" ჩანს, სადაც χριστός ("ცხებული"; χρίω "ცხება") არის დავითის მიერ მისტიკურად განჭვრეტილი (და არა უკვე რეალურად შობილი) ძე ღმრერთის, ლოგოსის მხოლოდ ერთ-ერთი სიმბოლო და არა მისი კონკრეტული საკუთარი სახელი, როგორადაც იგივე სიტყვა გვევლინება ლოგოსის ხორცშესხმის შემდეგ (იესუ ქრისტე). ამიტომაა, რომ (ამის შესახებ გვაუწყებს ეფრემ მცირე) "ფსალმუნთა" გიორგი მთაწმიდლისეულ რედაქციაში (ასევე, უფრო ადრინდელ რედაქციებშიც) ბერძნული χριστός ყველგან გადმოტანილია, როგორც "ცხებული" და არა როგორც "ქრისტე" (ე.ი. არა, როგორც საკუთარი სახელი). ჩანს, ყველაფერი ეს კარგად ესმოდა "იაკობის აპოკალიფსის" ძველ ქართველ მთარგმნელსაც, რადგანაც მას χριστός გადმოაქვს, არა როგორც "ქრისტე", არამედ, როგორც "ცხებული" ("ცხოველ არს... ცხებული მისი").

20 - "ძლიერი ხელი" (ἡ κραταιὰ χεῖρ) გულისხმობს ღვთის ხელს ანუ ღვთის ნებას. ეს შესიტყვება გვხვდება პეტრეს 1 ეპისტოლეში (5.6), ასევე ძველ აღთქმაშიც (II სჯულ. 3.24).

21 - "მხილების წყალი" (τὸ ὕδωρ τῆς ἐλέγξεως) ცნობილია "რიცხვთა" წიგნიდან: "ჴელსა მღდელისასა იყოს წყალი იგი მხილებისაჲ" (5.18).

22 - შდრ. αὕτη ἡ ἡμέρα Κυρίου ποιήσει ὡς βούλεται. ამ შემთხვევაში "უფლის დღე" ისევეა პერსონიფიცირებული, როგორც "ხვალინდელი დღე" მათეს სახარებაში (5.34): "ნუ ჰზრუნავთ ხვალისათჳს, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა".

23 - ეს ადგილი საკმაოდ ბუნდოვანია. "იოსების ძე" უნდა იყოს იოსების ერთ-ერთი შვილი, მაგრამ ვინ არის სამუელი? მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა იგი იყოს ზაქარიას მონაცვლე მღვდელმოძღარი, რომლის შესახებაც ზემოთ იყო უწყებული. ზოგ ვერსიაში (მათ შორის, ქართულშიც) "სამუელი" ეწოდება სწორედ იმ "იოსების ძეს", რომელიც ვირს გაუძღვა (შდრ. "და შეუდგა მათ სამოელ, ძე მისი"). ვფიქრობთ, შესაძლოა საქმე გვქონდეს გადამწერისეულ შეცდომასთან. ჩვენი აზრით, გამორიცხული არ არის ორიგინალის თავდაპირველ ტექსტში ყოფილიყო არა "სამუელი", არამედ "სალომე", რომელიც, როგორც ეს შემდეგ ირკვევა, მართლაც ახლავს იოსებსა და მარიამს.

24 - "მილიონი" (μίλιον) - სიგრძის ერთეული.

25 - ჰარნაკის აზრით, "ორი ხალხი" (δύο λαούς) გულისხმობს ებრაელებსა და წარმართებს, ე. სტრიკერის აზრით კი, ზოგადად "მორწმუნეებსა" და "ურწმუნოებს" (Protévangile, p. 145, n. 9).

26 - როგორც ვხედავთ "პირველსახარების" მიხედვით, შობა აღსრულდა გამოქვაბულში (τὸ σπήλαιον) ბეთლემთან ახლოს (მაგრამ არა უშუალოდ ბეთლემში). აქ ჩვენ გვაქვს ყველაზე უადრესი ხსენება იმ გამოქვაბულისა, სადაც იმშობიარა მარიამმა. იგივე ეპიზოდი გვხვდება ცნობილ საეკლესიო მწერალთან იუსტინე მარტვილთან, რომელიც გვაუწყებს: "მაშინ, როდესაც ბეთლემში ყრმა უნდა შობილიყო, იოსებმა თვით სოფელში მოსასვენებელი ადგილი ვერსად ჰპოვა და ამიტომ თავი შეაფარა გამოქვაბულს (ἐν σπηλαίῳ τινι) - სოფლის ახლოს (σύνεγγυς τῆς κώμης). აქ მათი ყოფნის ჟამს მარიამმა შვა ქრისტე და დააწვინა იგი ბაგაში. სწორედ აქ იპოვეს ყრმა არაბეთიდან (ἀπὸ 'Αραβίας) მოსულმა მოგვებმა" (Justinus, Dialogus, 78,5; შდრ. Protévangile, p. 416).

წინამდებარე ტექსტში ჩვენ "გამოქვაბულად" გადმოგვაქვს ბერძნული τὸ σπήλαιον, რომელიც ძველად ითარგმნებოდა, როგორც "პარეხი", "ნაპრალი", "ქვაბი" (შდრ. "პირველსახარების" ძველი ქართული თარგმანი: "და პოვა ქუაბი ერთი").

27 - ფრაზა "მივდიოდი და არც მივდიოდი" (περιεπάτουν καὶ οὐ περιεπάτουν) იმას მიანიშნებს, რომ იოსები გვიყვება არა რეალურად მომხდარ ამბავს, არამედ ხილვას, გამოცხადებას, სულიერ მოგზაურობას.

28 - იგულისხმება არა ის, რომ ცაში ფრინველები არ ჩნდებიან, არამედ ის, რომ ცაში ხილული ფრინველები გაშეშებულნი იყვნენ და არ მოძრაობდნენ.

29 - იგულისხმება, რომ ყველა გაშეშებულიყო იმ მდგომარეობაში, რაშიც მოუსწრო მათ უჩვეულო სახილველმა: ზოგს ღეჭვის დროს ღიად დარჩენოდა პირი, ზოგს საჭმლის ამოსაღებად გაშვერილი ხელი გაქვავებოდა, ზოგს კი პირთან მიტანილი ლუკმა შეყინვოდა თითებში.

30 - "მუქი ღრუბელი" - νεφέλη σκοτεινή: ეს წაკითხვა გვხვდება მხოლოდ უძველეს (III ს-ის) ხელნაწერში. სხვა ხელნაწერები (აგრეთე, სხვაენოვანი ვერსიები) ნაცვლად სიტყვისა σκοτεινή (ბნელი, შავი, მუქი) შეიცავენ (ან გულისხმობენ) საპირისპირო მნიშვნელობის φωτεινή-ს (ნათელი, განათებული). შდრ. ძვ. ქართული თარგმანი: "და ღრუბელი ნათლისაჲ ჰფარვიდა ქუაბსა". ე. დე სტრიკერის დამაჯერებელი მტკიცებით, მართებული უნდა იყოს ზემოხსენებული უძველესი ხელნაწერის წაკითხვა. "მუქი ღრუბელი", მკვლევარის აზრით, არის სიმბოლო საღვთო ტრანსცენდენტურობისა, ზემიღმიერი ღმრთეებისა. ეს "სიმუქე" თანდათან იფანტება, უჩინარდება, როდესაც საღვთო იდუმალება თავისივე ნებით ნივთდება ამქვეყნიურ სიცხადეში, როდესაც უცნაური საცნაურდება და მხილველთა თვალწინ ჩნდება განკაცებული ღმერთი ყრმა იესუ ქრისტე.

31 - "სახილველი ახალი" - τὸ καινὸν θεάμα; შდრ. ძველი ქართ. თარგ. "ვიხილე ხილვაჲ ახალი".

32 - "მოიწესრიგე თავი" - σχημάτισον σεάυτην. ზმნა σχηματίζω სხვა მნიშვნელობებთან ერთად ნიშნავს, აგრეთვე, "მოწესრიგებას", განსაკუთრებით ტანსაცმლისას (შდრ. ე. სტრიკერის განმარტება: "arrnger, disposer en ce qui concerne le vêtement"-Protév., p. 159, n. 1).  ძველი ქართული თარგმანი ასეთ ტექსტს გვაწვდის: "გამოისახე თავი შენი". ეს ადგილი მნიშვნელოვანი გვეჩვენება ხსენებული თარგმანის წარმომავლობის გასარკვევად. ჟ. გარიტი, რომელიც სპეციალურად შეეხო "პირველსახარების" ძველ ქართულ თარგმანს, ვარაუდობდა, რომ ეს თარგმანი სომხურზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული (იხ. G. Garitte, Le "Protévangile de Jacques" en géorgien, ჟურნ. Le muséon, n. 70, 1957, pp. 235-239). ქართული თარგმანის მომდინარეობით დაინტერესდა ე. დე სტრიკერიც, რომელმაც არ გაიზიარა ჟ. გარიტის თვალსაზრისი და ტექსტობრივი ანალიზის საფუძველზე დაასკვნა: "პირადად ჩვენ უფრო იმ აზრისაკენ ვიხრებით, რომ ქართველი მთარგმნელი მუშაობდა უშუალოდ ბერძნულზე" (Protévangile, p. 360-361). ვფიქრობთ, ქართული თარგმანის ტერმინოლოგიური შესწავლა ადასტურებს ე. დე სტრიკერის მოსაზრებას. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ზემომოტანილი ფრაზა: "გამოისახე თავი შენი", სადაც სიტყვა "გამოისახე" გადმოსცემს ბერძნულ σχηματίζω-ს. მივუთითებდით, რომ აღნიშნულ კონტექსტში σχηματίζω ნიშნავს "მოწესრიგებას". როგორ მივიღეთ ძველ ქართულ თარგმანში "გამოსახვა"? ტერმინი σχῆμα, საიდანაც მიღებულია ზმნა σχηματίζω, ნიშნავს "სახეს", "შესახედაობას", "გარეგნობას", "ფორმას". იგი ძველად სწორედ "სახედ" ითარგმნებოდა. ზმნა σχηματίζω, ძრითადი მნიშვნელობით, სწორედ "სახის მიცემას", "გამოსახვას" ნიშნავს და ისიც ასე ითარგმნებოდა. მოგვაქვს რამდენიმე საგულისხმო ნიმუში წმ. დიონისე არეოპაგელის შრომიდან "ზეცათა მღდელმთავრობისათჳს", რომელიც XI ს-ში ქართულად თარგმნა ეფრემ მცირემ: "უნივთონი მღდელმთავრობანი ნივთიერებითა სახეებითა (σχήμασι)... თითოფერ-ყვნა" (1.3);

"სიტყჳსმოქმედთა მრავალფერობაჲ დაუსახველთა (ἀσχηματίστων) მათ გონებათათჳს იჴუმია ღმრთისმეტყუელებამან" (2.1);

"კაცისსახეობასაცა აღსწერენ... სახისა (σχήματος) მართლობისა და მდგომობისათვის" (15.3);

"წმიდითა ხატებითა გამოსახვენ (σχηματίζουσι) ზეცისა შემკობილებათა.

"დაჰსახავს (ἐσχημάτισε) ღმრთისმეტყუელებაჲ ზეცისათა მათ გონებათა".

ამგვარად, როდესაც "პირველსახარების" ქართველი მთარგმნელი σχηματίζω-ს თარგმნის "გამოსახვად", იგი უთუოდ ეფუძნება ამ სიტყვის არა კონტექსტისეულ, არამედ ძირეულ მნიშვნელობას, მაშინ როცა სომხური თარგმანის ორსავე ვერსიაში (მესამე სომხურ ვერსიას საერთოდ აკლია თხზულების ეს ნაწილი) სწორედ ხსენებული სიტყვის კონტექსტისეული მნიშვნელობაა გადატანილი. ამ ვერსიებში σχηματίζω-ს გადმოსცემს ზმნა "ზსპელ", რომელსაც მიუხედავად პოლისემიურობისა, არც ძირეული, არც გადატანითი მნიშვნელობით არაფერი აქვს საერთო "სახესთან", "გამოსახვასთან". მისი მნიშვნელობებია: "დამორჩილება", "შევიწროება", "აკეცვა", "აკრეფა", "დაფარვა", "დამალვა". ვფიქრობთ, აშკარად ჩანს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ქართული თარგმანი უშუალოდ ბერძნულიდან მომდინარეობს.

33 - იგულისხმება იოანე ნათლისმცემელი, შვილი ზაქარიასი და ელისაბედისა.

34 - რადგანაც ზაქარია მღვდელმოძღვარია, ჰეროდე ეჭვობს, რომ ახალშობილი მეუფე, მოგვების მიერ უწყებული, შესაძლოა იყოს მისი ძე (Protévangile, p. 179,3).

35 - ეს ადგილი შეიძლებოდა მიგვეჩნია ახალმოწამეობის პირველნიმუშად. შდრ. ბერძნ.

36 - როგორც სახარებიდან ვიცით (იხ. ლუკა 1.8), განთიადისას მღვდელმოძღვარი შედიოდა საკურთხეველში საცისკრო შესაწირავის მისატანად. ამ დროს მრევლი და დანარჩენი მღვდლები მოშორებით იდგნენ და ელოდნენ მის დაბრუნებას, რომ თავის დაკვრით მისალმებოდნენ მღვდელმოძღვარს და მისგან კურთხევა მიეღოთ (შდრ. რიცხვთა 6.22 და მომდ.), შემდეგ კი ერთობლივად აღევლინათ სავედრებელი და სადიდებელი ლოცვები.

37 - შდრ. καὶ  τὸ πτῶμα αὐτοῦ οὐχ εὕρωσαν, ’αλλ’ εὗρον τὸ αἷμα αὐτοῦ λίθον γεγενημένον.

 

ძველბერძნულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ედიშერ ჭელიძემ

"საღვთისმეტყველო კრებული". 1. 1991. (საქართველოს საპატრიარქო)

 

ტექსტის მოძიებისათვის მადლობას ვუხდით ჯაბა ქოიავას, ელ. ვერსიის შექმნაში დახმარებისთვის კი ანზორ ჩიქობავას

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 31 January 2019 19:36)