Georgian (Georgia)English (United Kingdom)

პაპიასი (დაახლ. 60-163 წწ.), მცირეაზიული ფრიგიული ქალაქის, ჰიერაპოლისის ეპისკოპოსი და მწერალი, მოღვაწეობდა ადრექრისტიანულ ხანაში და ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო იმ თაობისა, რომელიც მოციქულთა მემკვიდრე გახდა, სხვაგვარად რომ ითქვას, ქრისტიანთა მესამე თაობისა. იმის გამო, რომ სახელი პაპიასი მეტად გავრცელებული იყო ფრიგიაში, მას ამ მხარის მკვიდრად მიიჩნევენ. პაპიასი იგნატი ანტიოქიელთან და პოლიკარპე სმირნელთან ერთდ სახელდება იოანე მოციქულისა და მახარებლის მსმენლად და მწერლად (ფრაგ. 5, 9, 13, 19, 20, 25), ზოგ შემთხვევაში კი არისტიონისა და "უხუცესი იოანეს"(ანუ იმავე იოანე მოციქულის)1 მოწაფედ და მსმენლად (3.7). პაპიასი უშუალოდ იცნობდა მოციქულთა თვითმხილველებსა და მათ მოწაფეებს, როგორც მაგალითად, ფილიპე მოციქულის ქალიშვილებს (3.9, 5, 31) და იოანე მოციქულის მოწაფეს, პოლიკარპე სმირნელს, რომელთანაც მას მეგობრობა აკავშირებდა (3.1, 5, 14).

პაპიასის ცხოვრებისა და მისი შემოქმედების შესახებ შემორჩენილია მწირზე მწირი ცნობები, დაცული სხვადასხვა ავტორთა ნაშრომებში, კერძოდ, ირინეოსთან, ევსევი კესარიელთან, ანასტასი სინელთან და ა.შ. ამ ფრაგმენტების ავტორები პაპიასს ახასიათებენ, როგორც ეპისკოპოსს, რომელიც "წმინდად წინამძღვრობდა თავის ქალაქს", იყო "მჭევრმეტყველების ხელოვნებით შემკული" და "დიდად გამოცდილი წმინდა წერილში" (31), ხოლო მისი სამწერლო ნიჭის შესახებ დამატებით არაპირდაპირ ცნობას იძლევა იერონიმე, თავადაც არაერთი შესანიშნავი თხზულების ავტორი, რომელიც თვლიდა, რომ არ გააჩნდა საკმარისი ძალები პაპიასის ნაშრომის სხვა ენაზე შესაბამისი დახვეწილობით თარგმნისათვის (8).

ამავე ფრაგმენტებიდან ვგებულობთ, რომ იმ ხანებში, როდესაც სრულდებოდა ახალი აღთქმის წიგნების წერა და ახალი აღთქმის კანონის ჩამოყალიბება, პაპიასს დაწვრილებით გამოუკითხავს და ჩაუწერია მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების შესახებ ზეპირმეტყველებით მოღწეული, "ცხოველი წარუვალი" გადმოცემები უხუცესთაგან ანუ მოციქულთაგან, ან მათ თვითმხილველთაგან (3.4, 5, 7, 30), მათ შორის, არისტონის, "უხუცესი იოანეს" ანუ იოანე მოციქულისგან2 (3.3-4) და ფილიპე მოციქულის  ქალიშვილთაგან (3.9-10), ხოლო შეგროვებულ მასალაზე დაყრდნობით კი შეუდგენია ხუთწიგნეული ეგზეგეტური თხზულება, უფლის სიტყვათა განმარტებანი (3.1, 7, 15, 16, 18, 25), რომელსაც მკვლევარები ათარიღებენ დაახლოებით 117-138 წწ. (ბარდენჰევერი), 130-140 წწ. (ლაითფუტი)3, 140-160 წწ. (ჰარნაკი) ან დაახლ. 150-იანი წლებით (ბატიფოლი). ამრიგად, პაპიასი არის მწერალი, რომელმაც დაწერა მაცხოვრის გამონათქვამების პირველი განმარტება, ამავე დროს, იგი არის მაცხოვრის შესახებ არსებული ზეპირი გადმოცემები პირველი აღმნუსხველი.

პაპიასის ფრაგმენტები ნათელჰყოფს, რომ სახარებებში, რომლებიც დაიწერა და ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნებად იქცა (და პაპიასის ფრაგმენტებიდან ცხადია, რომ იგი ოთხივე სახარებას იცნობს, იხ. 3.16, 3.15, 33, 19-20), აღიწერა მხოლოდ ნაწილი მაცხოვრის შესახებ ცნობილი გარემოებებისა, სხვა ცნობები კი სახარებების დაწერის შემდეგაც ზეპირად გადაეცემოდა თაობებს. მაცხოვართან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების თვითმხილველთა ამ ზეპირი გადმოცემების მნიშვნელობაზე მიუთითებს პაპიასი შემდეგ ფრაგმენტში: "ვერ მივიღებდი იმდენ სარგებელს წიგნთაგან, რამდენსაც ცხოველი და წარუვალი ხმისგან" (3.4).

პაპიასის ნაშრომი მეტად გავრცელებული იყო და მას ხშირად მიმართავდნენ დამოწმებისათვის, თუმცა მოგვიანებით იგი დაიკარგა და ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ სხვადასხვა ავტორთა თხზულებებში დაცულმა მისმა ფრაგმენტებმა. პაპიასის ნაშრომის შემცველი ხელნაწერის კვალი უკანასკნელად ჩნდება შუა საუკუნეებში, 1218-1219 წლებში, საფრანგეთში, ქ. ნიმის (Nismes) საკათედრო ტაძრის წიგნთსაცავში: "ასევე, ვიპოვე საცავში... პაპიასის წიგნი, წიგნი უფლის სიტყვათა შესახებ"4. ამის შემდეგ კი მისი კვალი საერთოდ ქრება და ეს ტექსტი ამჟამად დაკარგულად ითვლება.

მიუხედავად იმისა, რომ პაპიასის ნაშრომიდან მეტად მცირე რაოდენოების ფრაგმენტები არის შემორჩენილი, ისინი მეტად ფასეულია ეკლესიის ისტორიისა და ზოგადად ქრისტიანობის ადრეული ხანის შესწავლის თვალსაზრისით. სწორედ პაპიასს მიეკუთვნება მათესა და მარკოზის სახარებათა შესახებ ყველაზე ადრეული მოწმობა. კერძოდ, პაპიასი შენიშნავს, რომ მათე მახარებელს სახარება ებრაულ დიალექტზე (არამეულზე) დაუწერია5, ხოლო მარკოზის სახარებასთან დაკავშირებით გადმოსცემს დაწერის მიზეზს და მიუთითებს, რომ მარკოზ მახარებელს, პეტრე მოციქულის თანამგზავრს, მისგან კარნახით, თუმცა არათანმიმდევრულად ჩაუწერია მისი მოძღვრება, როდესაც იგი მას მსმენელებს უქადაგებდა (3.14). პაპიასს, როგორც ჩანს, წაკითხული ჰქონდა ლუკას სახარებაც, საიდანაც ერთ სტრიქონს იმოწმებს (33). მასთან მოცემულია, ასევე, პეტრე მოციქულის პირველი წერილის ციტირებაც (21.16).

ზოგი ის მონაკვეთი, რომელშიც პაპიასის ფრაგმენტებია დაცული და განხილული, წარმოშობს აზრთა სხვადასხვაობას იოანეს სახარების (19-20)6, იოანეს მეორე და მესამე ეპისტოლეებისა (5) და იოანეს გამოცხადების (3.6) ავტორთან დაკავშირებით. კერძოდ, კატენურ კრებულებში დაცული ორი ანონიმური ფრაგმენტი იოანე მახარებლის კარნახით იოანეს სახარების ჩაწერას პაპიასს მიაკუთვნებს (19, 20), თუმცა სხვა წყაროები ამას არ ადასტურებენ. გარდა ამისა, ევსევი კესარიელი იოანეს ეპისტოლეთა და გამოცხადების ავტორად იოანე მოციქულისგან განსხვავებულ პირს, ვინმე "უხუცეს იოანეს" აცხადებს (3.6), თუმცა "უხუცესი იოანე" თავად იოანე მოციქულია7.

რაც შეეხება ზეპირ გადმოცემებს, რომლებიც პაპიასს ჩაუწერია, მის ფრაგმენტებს შორის დასტურდება მაცხოვრის უცნობი გამონათქვამები (14), ასევე, იუსტოსთან და მანაიმოსის დედასთან დაკავშირებით მომხდარი სასწაულები (3.9, 5), რომლებიც ახალი აღთქმის წიგნებში არ დასტურდება. საგულისხმოა ისიც, რომ ახალი აღთქმის ჩვენთვის ცნობილი კანონიკური წიგნების გარდა, პაპიასი თავის წყაროდ იყენებს ამჟამად დაკარგულ იუდაურ-ქრისტიანული წარმოშობის აპოკრიფულ თხზულებასაც, ებრაელთა სახარებას.

პაპიასს ახსენებს ანასტასი სინელიც. მისი გადმოცემით, სხვა ეგზეგეტებთან ერთად, პაპიასი იყო ერთ-ერთი პირველი მწერალი, რომელმაც სამოთხის ცნება ქრისტეს ეკლესიას დაუკავშირა (12, 13).

პაპიასის ჩვენამდე მოღწეულ ფრაგმენტებზე დაყრდნობით ზოგი მწერალი, კერძოდ, ირინეოსი, ევსევი კესარიელი, იერონიმე, ფილიპე სიდელი, მაქსიმე აღმსარებელი, ფოტიოს კონსტანტინეპოლელი და იოანე დარელი (3.11-12, 5, 7, 23-25), მის ესქატოლოგიაში მიუთითებენ იუდაურ-ქრისტიანულ მოძღვრებას აღდგომის შემდგომ სასუფევლის ათასწლოვანი მეუფების შესახებ დედამიწაზე, მორწმუნეთა მიწიერ განცხრომას საჭმელ-სასმელით, მაცხოვართან ერთად, რის შემდეგაც მოხდება მათი ზეცად ამაღლება. ეს მოძღვრება ეფუძნება გამოცხადების წიგნის არასწორ გაგებას. მასში კი ნათქვამია: "ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე, არამედ იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთდაც იმეფებენ ათას წელიწადს" (20.6, იხ. ასევე, 20.1-5). პირველ საუკუნეებში მეტად გავრცელებული ეს სწავლება, რომელიც შემდგომ "ხილიაზმის" (χιλιάς "ათასი") სახელწოდებით გახდა ცნობილი, პაპიასის დროს ჯერ არ იყო ისე საჯაროდ დაგმობილი8. მას აღიარებდნენ ირინეოსი, აპოლინარი, ტერტულიანე, ვიქტორინუს პეტავიელი, ლაქტანციუსი (7), იუსტინე მარტვილი, იპოლიტე რომაელი, კომოდიანოსი, მეთოდიოსი, სელპიციუს სევეროსი9 და სხვა ადრეული ავტორები. იგი დაიგმო პაპიასის გარდაცვალების შემდეგ, 255 წელს, ალექსანდრიის ადგილობრივ კრებაზე. იმის გამო, რომ პაპიასი ხილიაზმის წვალებას იზიარებდა, ევსევი კესარიელი მას მიწირი გონების ადამიანად მიიჩნევს (3.13). მეორე მხრივ, აღსანიშნავია ისიც, რომ ევსევი კესარიელი, რომელიც პაპიასის ფრაგმენტებს შედარებით ვრცლად გადმოსცემს, წერს მის შესახებ: "იგი ურთავს სხვა ამბებსაც, რომლებმაც მასთან დაუწერელი გადმოცემის გზით მოაღწია, მაცხოვრის ზოგიერთ უცხო იგავსა და მის სწავლებებს, და ზოგსაც სხვას, უფრო ზღაპრულს. მათ შრის10, იგი ამბობს, რომ მკვდართა აღდგომის შემდეგ ქრისტეს მეუფება ათასი წელი იქნება მატერიალური ფორმით დამყარებული ამ დედამიწაზე" (3.11-12). შესაძლოა, პაპიასი ხილიაზმის არამართლმადიდებლურ მოძღვრებას გადმოსცემდეს სწორედ ამ უცხო და ზღაპრულ ამბავთა შორის, როგორც სხვათა მიერ მოთხრობილს და არა როგორც საკუთარი მოძღვრების ნაწილს. თუმცა, ასეა თუ ისე, ევსევი კესარიელი, რომელიც ადრეული ეკლესიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ისტორიკოსია, პაპიასს ხილიაზმში სდებს ბრალს, მასთან ერთად კი სხვა ავტორებიც და თანამედროვე მკვლევარებიც. ამდენად, პაპიასის ნაშრომის დაკარგვა, როგორც ჩანს, განაპირობა სწორედ ხილიაზმის სწავლებამ მის თხზულებაში.

მიუხედავად ამისა, პაპიასი ეკლესიაში მუდამ უდიდესი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა, როგორც სამოციქულო ადამიანი (27), სახელგანთქმული და ძალმოსილი (12, 13) მოღვაწე, შესანიშნავი ორატორი (3.1) და ეგზეგეტი.

ფოტიოსის გადმოცემით, პაპიასმა სიცოცხლე მოწამეობრივად დაასრულა (17). იგი, როგორც ჩანს, ეყრდნობა სააღდგომო ქრონიკას (VII ს.), რომელიც პაპიასის მოწამეობის ადგილად ასახელებს პერგამონს, თარიღად კი 163 წელს11, თუმცა რადგანაც სხვა, უფრო ადრინდელ წყაროებში ამგვარი გადმოცემა არ დასტურდება, ამ ცნობას მეცნიერები არ მიიჩნევენ სარწმუნოდ. ლაითფუტის მტკიცებით, რომელიც სააღდგომო ქრონიკის ამ ფრაგმენტს ევსევი კესარიელის ეკლესიის ისტორიაში დაცულ ცნობებს უდარებს, ამ მონაკვეთში პაპიასის ნაცვლად  პაპილუსი უნდა იყოს ჩაწერილი12. პაპიასის მოწამეობას არ ახსენებს არც რომაული მარტიროლოგი, რომელშიც 22 თებერვლისათვის ჩაწერილია მოსახსენებელი "ფრიგიულ ჰიერაპოლისში (მოღვაწე) ნეტარი პაპიასის, ამავე ქალაქის ეპისკოპოსისა, რომელიც წმინდა იოანე უხუცესის მსმენელი, ხოლო პოლიკარპეს მეგობარი იყო"13.

არსებობს პაპიას ჰიერაპოლელის ფრაგმენტთა სხვადასხვა გამოცემები14, რომლებშიც ფრაგმენტთა რაოდენობა და ნუმერაცია ხშირად ერთმანეთისგან სხვაობს15. პაპიასის ზოგი ფრაგმენტი შეტანილია PG 5-შიც, სვ. 1255-126216. მისი ნაშრომებიდან მოღწეული ფრაგმენტების რაოდენობა იმდენად მწირია, რომ ლაითფუტმა მათთან ერთად გამოსცა პაპიასის ყველა ხელმისაწვდომი მოხსენიებაც სხვა ავტორთა შრომებში. ლაითფუტთან დაცულ პაპიასის ფრაგმენტებს ჩვენ ვურთავთ ბერძნულ, სირიულ, არაბულ და სომხურ ენებზე დაცულ მონაკვეთებს, რომლებიც ამ მკვლევარის გამოცემაში არ არის შეტანილი. საკუთრივ პაპიასის სიტყვები ტექსტში დახრილად არის დაბეჭდილი.

----------------------------------------

1 - არისტიონისა და იოანეს შესახებ იხ. ფრაგ. 3,4.

2 - ჰიერაპოლისი და ეფესო, სადაც იოანე მოციქული ცხოვრობდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ერთმანეთთან ახლოს მდებარეობენ და სრულიად დასაშვებია, რომ პაპიასს უშუალოდ იოანე მოციქულისგან მოესმინა გადმოცემები მაცხოვრის შესახებ.

3 - Lightfoot, 1907, გვ. 514.

4 - "Item inveni in claustro... librum Papie (sic!), librum de verbis Domini", იხ. "Preuves de l'historie de la ville de Nismes", თ. 47, გამოცემაში: Léon Ménard. Histoire civile, ecclésiastique et littéraire de la ville de Nismes. T. 1. Paris, 1750, გვ. 67.

5 - იგულისხმება, სანამ მათეს ბერძნულენოვანი სახარება დაიწერებოდა.

6 - პაპიასის გადმოცემებთან დაკავშირებით იხ. Richard Bauckham. The Testimony of the Beloved Disciple: Narrative, History, and Theology in the Gospel of John. Grand Rapids, 2007, გვ. 51-72.

7 - შდრ. ფრაგ. 3,4.

8 - აღსანიშნავია, რომ მთავარეპისკოპოსი ფილარეტ გუმილიოვსკი, რომელიც განიხილავს პაპიასის შრომებს, არაფერს ამბობს მისი ამ მოძღვრების შესახებ, იხ. Филарет (Гумилевский). Историческое учение об Отцах Церкви. T. 1. Спв., 1859, გვ. 48-50.

9 - Малюгин О. Папий Иерапольский и его "Объяснения высказываний Господа". Ученые записки Сборник научных статей факультета теологии. ЕГП. Вып. 1. Мн.: ЕГУ, 2002, გვ. 69.

10 - καί τινα ἄλλα μυθικώτερα. 'Εν οἶς καί...

11 - სააღდგომო ქრონიკაში ნათქვამია: "წმინდა პოლიკარპესთან ერთად ფილადელფიიდან სხვა ცხრა ადამიანიც ეწამა სმირნაში, სხვები კი პერგამონში, რომელთა შორის იყვნენ პაპიასი (καὶ ἐν Περγάμῳ δὲ ἕτεροι, ἐν οἷς ἦν καὶ Παπίας) და სხვა მრავალი ადამიანი, რომელთა წამებანიც წერილობით არის შემორჩენილი (იხ. Chronicon Paschale ad exemplar Vaticanum recensuit Ludovicus Dindorfus. Vol. 1. Corpus Scriptorum Historiae Byzantinae. Bonnae, 1832, გვ. 48117-20, CCXXXV ოლიმპიადა, 163 წელი).

12 - J.B. Lightfoot. Essays on the work entitled supernatural religion. London, 1893, გვ. 148.

13 - "Hierapoli, in Phrygia, beati Papiae, ejusdem civitatis Episcopi, qui sancti Joannis Senioris auditor, Polycarpi autem sodalis fuit", Martyrologium Romanum Gregorii XIII, jussu editum Urbani VIII et Clementis X, auctoritate recognitum. Editio novissima a sanctiss. dom. nostro Benedicto XIV Venetiis, 1784, გვ. 35-36.

14 - მათეს შესახებ იხ. Clavis, ტ. 1, გვ. 20-21, N 1047.

15 - ასე მაგალითად, Clavis-ში მითითებულია მხოლოდ 8 ფრაგმენტი.

16 - ამ გამოცემაში დაცულია პაპიასის 10 ფრაგმენტი: 3.3-4 (N 1), 3.9 (N 2), 3.14-15 (N 3), 11 (N 6), 14 (N 4), 16 (N 5, აქვე, შენიშვნაში მოცემულია ფოტიოსთან დაცული ფრაგ. 17), 18 (N 7, 8). PG-ში მეცხრე ფრაგმენტად თეოფილაქტე ბულგარელის ნაშრომიდან, საქმე მოციქულთა-ს განმარტებანი, გამოქვეყნებულია ფრაგ. 18-ის ვარიანტი, რომელიც მას უმნიშვნელო სხვაობით სიტყვასიტყვით იმეორებს, მეათე ფრაგმენტად კი მოცემულია მონაკვეთი პაპიას ლექსიკოგრაფის (XI ს.) შრომიდან, სწავლების პირველსაწყისები (Elementarium Doctrinae Erudimentum). იგი გრაბემ აღმოაჩინა ხელნაწერში Bibliothecae Bodlaianae cod. 2397 (1302-1303 წწ.), რომლის ერთ-ერთ აშიაზეც აღნიშნული იყო: "პაპიასი". ამ მონაკვეთში დასახელებულია და განმარტებული ოთხი მარიამის ვინაობა: "(1) მარიამი, უფლის დედა; (2) მარიამ, კლეოპას ან ალფევსის ცოლი, რომელიც იყო ეპისკოპოს და მოციქულ იაკობის, ასევე, სვიმეონის და თადეოზის, და მავანი იოსების დედა; (3) მარიამ სალომე, ზებედეს ცოლი, იოანე მახარებლის და იაკობის დედა; (4) მარიამ მაგდალინელი. ეს ოთხნი არიან აღნიშნულნი სახარებაში. იაკობი, იუდა და იოსები იყვნენ ყფლის დეიდის ძენი. ასევე იაკობი და იოანე იყვნენ უფლის სხვა დეიდის ძენი. მარიამი, იაკობ უმცროსისა და იოსების დედა, ალფევსის ცოლი, იყო უფლის დედის, მარიამის და, რომელსაც იოანე უწოდებს კლეოპას, ან მამის გამო ან ოჯახის წარმომავლობის გამო ან სხვა მიზეზით. მარიამ სალომეს ასე ან ქმრის ან სოფლის (სახელწოდების) გამო ეწოდება. ზოგიერთები მას იგივე მარიამ კლეოპასაც უწოდებენ, რადგან ორი ქმარი ჰყავდა" (PG 5, სვ. 1261-1262). პაპიასის, იოანე მოციქულის მოწაფესთან, ამ მონაკვეთს არაფერი აქვს საერთო. ამასთან დაკავშირებით იხ. ასევე, Lightfoot, 1893, გვ. 211.

 

ფრაგმენტები1

I2

ირინეოსი და სხვები გადმოსცემენ, რომ იოანემ, ღვთისმეტყველმა და მოციქულმა, იცოცხლა ტრაიანუსის ხანებამდე,3 მის შემდეგ კი ცნობილი ადამიანები გახდნენ პაპიას ჰიერაპოლელი და პოლიკარპე სმირნელი ეპისკოპოსი, მისი მსმენელები.

-----------------------------------------

1 - წყაროები პირველ ოც ფრაგმენტთან მითითებულია ლაითფუტის გამოცემის მიხედვით.

2 - ევსევი კესარიელი (263-339 წწ.), ქრონიკა, იხ. Eusebii Chronicorum libri duo. Ed. Alfred Schoene. Vol. 2. Berolini, 1866, გვ. 162. იგივე მონაკვეთი დაცულია, ასევე, გიორგი სვინკელოსის (VIII-IX სს.) ქრონოგრაფიაში, იხ. Georgius Syncellus, Chronographiae. Ed. G. Dindorfius. Corpus Scriptorium Historiae Byzantinae 1. Bonnae, 1829, გვ. 656 14-17. ამავე ფრაგმენტს, უმნიშვნელო ცვლილებებით, ვხვდებით პროსპერ აკვიტანელის (ტვიროსელის) ქრონიკაში: „ირინეოს ეპისკოპოსი წერს, რომ იოანე მოციქულმა ტრაიანუსის დრომდე იცოცხლა, მის შემდეგ კი ცხოვრობდნენ პაპიას ჰიერაპოლელი ეპისკოპოსი, პოლიკარპე ზმირნელი და იგნატი ანტიოქიელი“ (Iohannem apostolum usque ad Traiani tempora Hireneus episcopus permansisse scribit: post quem Papias Hieropolitanus episcopus et Polycarpus Zmurneus et Ignatius Antiochenus”, Prosperi Tironis Epitoma Chronicon, N 550, იხ. გამოცემაში: Monumenta Germaniae Historica. Auctori Antiquissimi. T. 9: Chronica Minora saec. IV.V.VI.VII. Vol. 1. Ed. Th. Mommsen. Berolini, 1892, გვ. 419).

3 - იმპერატორი ტრაიანუსი ზეობდა 98-117 წწ.

II1

იმ ხანებში აზიაში ბრწყინავდა მოციქულთა მოსწავლე, პოლიკარპე, რომელმაც სმირნასთან არსებული ეკლესიის ეპისკოპოსობა უფლის თვითმხილველთა და მის მსახურთაგან მიიღო (ლუკა, 1.2). ამავე დროს, გამორჩეული იქნა თავად პაპიასიც, ჰიერაპოლისის ეპარქიის ეპისკოპოსი.

------------------------------------------

1 - ევსევი კესარიელი, ეკლესიის ისტორია. 3.36. 1-2.

 

III1

1. მოღწეულია პაპიასის რაოდენობით ხუთი თხზულება, რომელთაც სათაურად წარწერილი აქვთ უფლის სიტყვათა განმარტებანი. მათ ახსენებს ირინეოსიც, როგორც ერთადერთ ნაშრომს, რომელიც მას დაუწერია, ამბობს რა ამგვარად: „პაპიასი, (ძველი) თაობის ადამიანი, რომელიც იოანეს მსმენელი, ხოლო პოლიკარპეს მეგობარი იყო, წერილობით მოწმობს ამას თავის მეოთხე წიგნში, რამეთუ მას ხუთი წიგნი აქვს შედგენილი“.

2. ამას წერს ირინეოსი. თავად პაპიასი კი თავის სიტყვათა შესავალში არსად აცხადებს, რომ თვითონ ყოფილა წმინდა მოციქულთა მსმენელი და თვითმხილველი, მაგრამ გვასწავლის, რომ რწმენის საკითხების შესახებ ცოდნა მიუღია მათგან, ვინც მათ იცნობდა, სიტყვებით, რომელთაც ამბობს:

3. „მე არ შევყოყმანდები, რომ შენთვის დავურთო განმარტებებს ყველაფერი ის, რაც ოდესმე კეთილად მისწავლია უხუცესთაგან, კეთილად დამიმახსოვრებია და მტკიცედ ვარ დარწმუნებული მათ ჭეშმარიტებაში. რადგან არასდროს მახარებდნენ, როგორც სხვა მრავალს, ისინი, ვინც ბევრს ლაპარაკობს, არამედ ვინც ჭეშმარიტებას ასწავლის, არც ისინი, ვინც გვაუწყებს უცხო2 მცნებებს, არამედ ვინც გვაუწყებს მცნებებს, გადმოცემულთ რწმენისათვის უფლის მიერ და გამომავალთ თავად ჭეშმარიტებისაგან (შდრ. იოანე, 14.6). 4. ხოლო თუკი მოდიოდა ვინმე, ვისაც ურთიერთობა ჰქონდა უხუცესებთან, ვეკითხებოდი უხუცესთა3 სიტყვების შესახებ, რა თქვა ანდრიამ, ან რა თქვა პეტრემ ან ფილიპემ ან თომამ ან იაკობმა, ან რა - იოანემ ან მათემ ან რომელიმე სხვამ უფლის მოწაფეთაგან, რას ამბობენ არისტიონი4 და უხუცესი იოანე,5 უფლის მოწაფეები. ვინაიდან, ვერ მივიღებდი იმდენ სარგებელს წიგნთაგან, რამდენსაც ცხოველი და წარუვალი ხმისგან“6.

5. აქ ყურადღების შეჩერების ღირსია ის, რომ იგი ორჯერ მიუთითებს იოანეს სახელს. მათგან პირველს, რომელსაც მოიხსენიებს პეტრესთან, იაკობთან, მათესთან და დანარჩენ მოციქულებთან ერთად, ნათელია, რომ მახარებლად მიიჩნევს, ხოლო მეორე იოანეს, სიტყვის განვრცობის შემდეგ, იმათ უერთებს, ვინც მოციქულთა რიცხვს გარეთ იყო, მის წინ კი ათავსებს არისტიონს, 6. და მას გარკვევით უწოდებს უხუცესს. შესაბამისად, ამის მეშვეობით აჩვენებს, რომ ჭეშმარიტია მათი გადმოცემა, ვინც ამბობდა, რომ აზიაში იყო ორი ერთნაირი სახელის7 მქონე ადამიანი, რომ ეფესოში არის ორი საფლავი და თითოეულს ამ დრომდე იოანეს საფლავად იხსენიებენ. საჭიროა ყურადღება მიექცეს იმასაც, რომ, როგორც ჩანს, იოანეს სახელით ცნობილი გამოცხადება უხილავს მეორე იოანეს,8 თუკი ვინმე არ მოიწადინებს მიაკუთვნოს იგი პირველს.

7. და პაპიასი, რომლის შესახებაც გადმოვცემთ, აღიარებს, რომ მას მოციქულთა მოძღვრებები მიუღია მათი მიმდევრებისაგან, ხოლო არისტიონისა და უხუცესი იოანეს მსმენელი კი, როგორც ამბობს, თავად გამხდარა. იგი მათ ხშირად მოიხსენიებს სახელებით, თავის ნაწერებში კი მათი გადმოცემებიც აქვს შეტანილი. იმედია, არ იქნება უსარგებლო ჩვენ მიერ ნათქვამი ეს ყველაფერი.

8. პაპიასის ზემოხსენებული მონაკვეთებისათვის დართვის ღირსია მისი სხვა სიტყვებიც, რომლებშიც იგი აღწერს ზოგიერთ სასწაულსაც და სხვა ამბებსაც, რომლებმაც გადმოცემის სახით მოაღწია მასთან. 9. ადრე უკვე აღნიშნული იქნა, რომ ფილიპე მოციქული ჰიერაპოლისში ქალიშვილებთან ერთად ცხოვრობდა.9 ხოლო რაც შეეხება მათ თანამედროვე პაპიასს, იგი შენიშნავს, რომ ფილიპეს ქალიშვილთაგან გასაოცარი ამბავი მოუსმენია, რომელსაც ახლა მოგითხრობთ. კერძოდ, იგი გადმოსცემს მკვდრის აღდგინებას, რომელიც მის დროს მომხდარა, და შემდეგ კიდევ სხვა საოცრებასაც ყვება, რომელიც შეემთხვა იუსტოსს, მეტსახელად ბარსაბას: მან მომაკვდინებელი შხამი დალია და, უფლის წყალობით, არავითარი უსიამოვნება არ დაუთმენია (შდრ. მარკ. 16.18). 10. ეს იუსტოსი, როდესაც მაცხოვარი ამაღლდა, წმინდა მოციქულებმა დააყენეს მატათას10 შემდეგ  და ლოცულობდნენ, რომ გამცემი იუდას ნაცვლად, წილისყრის მეშვეობით, შევსებულიყო მათი რიცხვი,11 როგორც ამას წმინდა წერილი გადმოსცემს: „და დააყენეს ორნი, იოსები ბარსაბად წოდებული, რომელსაც მეტსახელად შეარქვეს იუსტოსი,12 და მატათა, და ილოცეს და თქვეს...“ (საქმე, 1.23-24).

11. იგი ურთავს სხვა ამბებსაც, რომლებმაც მასთან დაუწერელი გადმოცემის გზით მოაღწია, მაცხოვრის ზოგიერთ უცხო13 იგავსა და მის სწავლებებს, და ზოგსაც სხვას, უფრო ზღაპრულს (შდრ. იოანე, 20.30, 21.25). 12. მათ შორის, იგი ამბობს, რომ მკვდართა აღდგომის შემდეგ ქრისტეს მეუფება ამ დედამიწაზე ათასი წელი იქნება დამყარებული მატერიალური ფორმით (შდრ. გამოცხ. 20.1-6).14 მე კი მგონია, რომ ეს აზრი მან გამოიტანა მოციქულთა გადმოცემების არასწორად გაგების შედეგად და ვერ ჩასწვდა ამ მონათხრობებში იმას, რაც საიდუმლოდ იყო ნათქვამი ამ საკითხთა შესახებ. 13. რამეთუ მეტად მწირი გონების ადამიანი ჩანს, როგორც მისი ნაშრომებიდან გამომდინარე, განსჯის შედეგად შეიძლება ითქვას. და მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, მიუთითებდნენ რა, ამ მწერლის ხანდაზმულ ასაკს, მრავალი სასულიერო პირი გახდა მისი ასეთი შეხედულების თანამოზიარე, როგორც, მაგალითად, ირინეოსი ან ვინმე სხვა, ვისაც მსგავსი შეხედულება აღმოაჩნდა.

14. საკუთარ ნაწერში იგი გვამცნობს ზემოხსენებული არისტიონის სხვა მონათხრობებსაც უფლის სიტყვათა შესახებ და უხუცესი იოანეს გადმოცემებსაც, რომელთაკენაც მივმართავთ ცოდნისმოყვარეებს. ახლა კი საჭიროდ ვთვლით, ზემოთმოტანილ მის სიტყვებს დავურთოთ ამბავი, გადმოცემული მარკოზის შესახებ, რომელმაც სახარება დაწერა:

15. უხუცესმა თქვა ესეც: „მარკოზი იყო პეტრეს მთარგმანებელი.15 რაც გაიხსენა ქრისტეს მიერ ნათქვამი ან გაკეთებული, მან ჩაიწერა დაწვრილებით, მაგრამ არა თანმიმდევრულად, რადგან თავად არ მოუსმენია უფლისათვის, არც გაჰყოლია მას, თუმცა მოგვიანებით, როგორც ვთქვი, იმყოფებოდა პეტრესთან. იგი მოძღვრებას გადმოსცემდა (მსმენელთა) საჭიროებების მიხედვით, მაგრამ არა იმისათვის, რომ უფლის სიტყვები (ქრონოლოგიური) თანმიმდევრობის მიხედვით დაელაგებინა. ამგვარად, მარკოზს არაფერი შეუცოდავს, როდესაც ისინი ისე ჩაიწერა, როგორც გაიხსენა. ერთ რამეზე ზრუნავდა იგი: რომ არაფერი, რაც მოისმინა, არ გამოეტოვებინა მათგან ან არასწორად არ გადმოეცა“.

ამგვარად არის ეს ყველაფერი მოთხრობილი პაპიასთან მარკოზის შესახებ. 16. მათესთან დაკავშირებით კი ამას ამბობს:

„მათემ ებრაულ დიალექტზე16 ჩაწერა (მაცხოვრის) სიტყვები,17 ხოლო თითოეულმა ისე განმარტა18 ისინი, როგორც შესძლო“.

იგი იყენებს დამოწმებებს იოანეს პირველი ეპისტოლედან და, მსგავსად ამისა, პეტრედანაც. გადმოსცემს სხვა ამბავსაც, ქალის შესახებ, რომელსაც მრავალ ცოდვაში სდებდნენ ბრალს უფლის წინაშე,19 რაც დაცულია სახარებაში ებრაელთა მიმართ.20 აუცილებლად ჩავთვალეთ, დაგვერთო ეს ზემოთქმულისათვის.

--------------------------------------------------

1 - ევსევი კესარიელი, ეკლესიის ისტორია, 3.39. 1-17. 34-4. ევსევი კესარიელს ეყრდნობა და ამ მონაკვეთში დაცულ მის ცნობებს თითქმის სრულად იმეორებს თავის ნაშრომში ნიკიფორე კალისტოს კონსტანტინეპოლელი, ბოლოს კი ურთავს შემდეგ წინადადებას: „პაპიასთან დაკავშირებით დაწერილი ცნობებიც ასეთივე ხასიათისაა“ (იხ. ეკლესიის ისტორია, 3.20, PG 145, სვ. 936-940).

2 - ἀλλοτρίας აქ შეიძლება ითარგმნოს, ასევე, როგორც „სხვისი“.

3 - აქ არ იგულისხმება ასაკოვანი ადამიანები, არამედ უფროსი, წინა თაობა, კერძოდ, როგორც ტექსტის მომდევნო სტრიქონებიდან ჩანს, მოციქულები.

4 - არისტიონის შესახებ არ არსებობს სარწმუნო ცნობები. რომაული მარტიროლოგი მას მოიხსენიებს 22 თებერვალს პაპიასთან ერთად, და პაპიასის დამოწმებით მიუთითებს შემდეგს: „სალამინის კვიპროსზე [მარტვილობა] წმინდა არისტიონისა, რომელიც (როგორც იგივე პაპიასი მოწმობს), იყო ქრისტეს ერთ-ერთი მოწაფე სამოცდათორმეტთაგან“ („Salaminae in Cypro sancti Aristionis, qui (ut idem Papias testatur) fuit unus de septuaginta duobus Christi discipulis”, იხ. Martyrologium Romanum, 1784, გვ. 36).

5 - უხუცეს იოანეს (როგორც იოანე მოციქულს უწოდებდნენ) ევსევი კესარიელი (ამავე ფრაგმენტში, 3,5-7) და იერონიმე (ფრ. 7) სხვა პიროვნებად - იოანეს გამოცხადების ავტორად მიიჩნევენ, თუმცა, როგორც პაპიასის ამავე სტრიქონიდან ჩანს („არისტიონი და უხუცესი იოანე, უფლის მოწაფეები“), იგი იოანე მოციქული უნდა იყოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ევსევიმდე, რომელიც თავად არ ყოფილა მოციქულთა თვითმხილველი და მსმენელი, იოანე მოციქულისა და იოანე უხუცესის დიფერენცირების საკითხი არ დამდგარა და ეკლესია ახალ აღთქმაში იოანეს ავტორობით შეტანილ ყველა თხზულებას თავიდანვე იოანე მოციქულის ნაწერებად მიიჩნევდა. რაც შეეხება იოანე მოციქულისა და „იოანე უხუცესის“ დიფერენცირებას ევსევის მიერ, ამას ხსნიან ევსევის უარყოფითი დამოკიდებულებით ხილიაზმის და იოანეს გამოცხადების მიმართ (იხ. განსახილველი ტექსტისათვის დართული შესავალი, გვ. 435), რის გამოც ევსევი შეეცადა, სახარების ავტორი ამ თხზულების ავტორისაგან გამოეყო, ამასთან ერთად კი, პაპიასიც განეცალკევებინა იოანე მოციქულის მოწაფეობისაგან.

6 - შდრ. აქვე, ფრაგ. 7.

7 - საუბარია იოანეს შესახებ.

8 - შდრ. ფრაგ. 5.

9 - საქმე მოციქულთა (21. 8-9) გადმოსცემს, რომ ფილიპე მოციქულს ოთხი ქალიშვილი ჰყავდა და ოთხივე წინასწარმეტყველი იყო.

10 - Ματθίας. გიორგი მთაწმინდელთან ეს სახელი მატათიად არის თარგმნილი.

11 - იგულისხმება, შევსებულიყო კვლავ თორმეტ მოწაფემდე (იხ. ევსევი კესარიელი, ეკლესიის ისტორია, 3.31-3).

12 - „Justus“ ლათინურად ნიშნავს "სამართლიანს", "მართალს", "გულმოწყალეს".

13 - ξένας აქ შეიძლება ითარგმნოს, ასევე, როგორც "უცნაური", "გაუგონარი".

14 - შდრ. ფრაგ. 5,7. ამ მოძღვრებას, რომელიც სამყაროს დასასრულისას დედამიწაზე უფლის ათასწლოვან მეუფებას ასწავლის, ეწოდება ხილიაზმი (მილენარიზმი). იგი დაიგმო 255 წელს ალექსანდრიის ადგილობრივ კრებაზე.

15 - ἑρμηνευτής ნიშნავს, ასევე, "განმმარტებელს".

16 - 'Εβραΐδι διαλέκτῳ. ზოგი შეხედულებით, აქ იგულისხმება არამეულის ებრაული დიალექტი. იხ. მაგალითად, Hugh J. Schonfield. An Old Hebrew Text of St. Matthew’s Gospel. Edinburgh, 1927, გვ. Vii; Charles C. Torrey. Our translated Gospels. New York, 1936, გვ. Ix.

17 - τὰ λόγια.

18 - ἑρμήνευσε, სხვა მნიშვნელობით, "თარგმნა".

19 - ამ გადმოცემის განხილვისათვის იხ. გვ. 443, შენ. 1.

20 - ეს სახარება დაკარგულია და შემორჩენილია მხოლოდ სხვადასხვა ავტორებთან დაცული მისი ფრაგმენტები.

 

IV1

და ყველა წავიდა, თითოეული თავისი სახლისაკენ. ხოლო იესომ ზეთისხილის მთისაკენ გასწია. დილით კი კვლავ მივიდა ტაძარში, და მთელი ხალხი მივიდა მასთან, და დამჯდარი ასწავლიდა მათ. ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, მრუშობისას შეპყრობილი, და დააყენეს იგი შუაში და უთხრეს მას: „მოძღვარო, ეს ქალი შეპყრობილი იქნა მრუშობისას. მოსემ კი სჯულში მცნებად დაგვიდო ასეთი ქალების ჩაქოლვა, და შენ რას იტყვი?“ და ამას ამბობდნენ მის გამოსაცდელად, რათა ჰქონოდათ მისი დადანაშაულების შესაძლებლობა. იესო კი, დაბლა დახრილი, მიწაზე თითით წერდა. რადგანაც ისინი უმეორებდნენ შეკითხვას, გაიმართა და უთხრა მათ: „ვინც უცოდველია თქვენგან, პირველმა მან ესროლოს მას ქვა“. და კვლავ დაიხარა და წერდა მიწაზე. ამის გაგონებისას ისინი, უხუცესთაგან დაწყებული, სათითაოდ გავიდნენ და დარჩა იგი მარტო, და ქალი, შუაში მდგომი. გაიმართა იესო და უთხრა მას: „ქალო, სად არიან ისინი? არავინ განგსაჯა შენ?“ მან კი მიუგო: „არავინ, ბატონო“. უთხრა მას იესომ:“არც მე განგსჯი. წადი! ამიერიდან კი ნუღარ შესცოდავ“ (იოანე, 7.53-8.11).

----------------------------------------------------------

1 - ეს ფრაგმენტი მთლიანად იოანეს სახარების 7.53-8.11 სტრიქონებს წარმოადგენს. იგი ლაითფუტმა, როგორც ჩანს, წინა ფრაგმენტში (3.16) აღნიშნული მრუში ქალის ამბავის გათვალისწინებით შეიტანა პაპიასის ფრაგმენტთა რიცხვში, თუმცა შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ პაპიასი სწორედ ამ გადმოცემაზე მიუთითებს და რომ იგი ამ ამბავს სწორედ ასეთი სახით იცნობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს ამ გადმოცემის ორი განსხვავებული ვარიანტი (რომ არაფერი ვთქვათ პაპიასის 28-ე ფრაგმენტზე): პირველი მათგანი დაცულია დიდიმოს ალექსანდრიელთან და მისი წყარო, როგორც ვარაუდობენ, იყო ებრაელთა სახარება; მეორე ვარიანტი კი დაცულია დიდასკალიაში. დიდიმოს ალექსანდრიელი განმარტებებში ეკლესიასტეს წიგნზე წერს: „ამდენად, ჩვენ ზოგ სახარებაში ვპოულობთ (შემდეგ გადმოცემას): ქალი, ამბობენ ისინი, გასამართლებული იქნა იუდეველთა მიერ და გაგზავნილი ჩასაქოლად იმ ადგილას, სადაც ეს ჩვეულებრივ ხდებოდა. ისინი გადმოსცემენ, რომ მაცხოვარმა, როდესაც დაინახა ქალი და იხილა, რომ მზად იყვნენ მის ჩასაქოლად, უთხრა მათ, ვინც მისთვის ქვის სროლას აპირებდა: ‘ვისაც არ შეუცოდავს, აიღოს ქვა და ისროლოს იგი. თუკი ვინმე საკუთარ თავს უცოდველად თვლის, აიღოს ქვა და დაარტყას მას’, და ვერავინ გაბედა ეს, რადგან კარგად იცნობდნენ საკუთარ თავს და იცოდნენ, რომ ისინიც დამნაშავენი იყვნენ რაღაცაში და ვერ გაბედეს, დაერტყათ მისთვის“ (223). დიდასკალიაში (დაახლ. 230 წ.) კი გადმოცემულია შემდეგი: „რადგან თუ არ მიიღებ მას, ვინც ინანიებს, იმის გამო, რომ ულმობელი ხარ, შენ სცოდავ უფალი ღმერთის წინაშე... რადგან მაცხოვარიც ასე მოექცა იმ ქალს, რომელმაც შესცოდა და რომელიც უხუცესებმა დააყენეს მის წინაშე. მათ თავად დატოვეს მართლმსაჯულება მის ხელთ და წავიდნენ, მან კი, გულთამხილავმა, ჰკითხა ქალს და უთხრა მას: „განგსაჯეს უხუცესებმა, შვილო ჩემო?“ ქალმა უპასუხა მას: „არა, უფალო“. და ჩვენმა მაცხოვარმა თქვა: „წადი და აღარ დაუბრუნდე ამას, თორემ მე დაგსჯი!“ (The Didascalia Apostolorum in English. Transl. M.D. Gibson. London, 1903, თ. 6, გვ. 39-40; Малюгин, 2002, გვ. 71; B. D. Ehrman “Jesus and the Adulteress”. New Testament Studies 34 (1988), გვ. 25, 33). ამ მონაკვეთისათვის ლაითფუტი მიუთითებს ახალი აღთქმის ერთ-ერთ გამოცემას: The New Testament in the Original Greek. Revised by B. F. Westcott, F. J. A. Hort. Ed. P. Schaff. New York, 1882, გვ. 241 Περὶ μοιχαλίδος περικοπή ან, ლაითფუტის მიხედვით, „Pericope Adulterae”).

 

V1

პაპიას ჰიერაპოლისის ეპისკოპოსმა, იოანე ღვთისმეტყველის მსმენელმა, ხოლო პოლიკარპეს მეგობარმა, დაწერა უფლის სიტყვათა ხუთი წიგნი, რომლებშიც იძლევა მოციქულთა ჩამონათვალს და, უფლის მოწაფეებთან, პეტრესა და იოანესთან, ფილიპეს, თომასა და მათესთან ერთად, უწერია არისტიონი და სხვა იოანე, რომელსაც უხუცესს უწოდებს. როგორც ზოგიერთები ვარაუდობენ, ამ იოანეს ეკუთვნის ორი მცირე და კათოლიკე ეპისტოლე, რომლებიც იოანეს სახელით არის გავრცელებული (რამეთუ ძველად მცხოვრებ ადამიანთა მიერ მხოლოდ პირველია აღიარებული), ზოგიერთებმა კი, შემცდარებმა, გამოცხადებაც მის შექმნილად მიიჩნიეს.2

მაგრამ პაპიასიც ცდებოდა ათასწლეულთან3 დაკავშირებით, მისგან კი ირინეოსიც.

პაპიასი მეორე წიგნში ამბობს, რომ იოანე ღვთისმეტყველი და მისი ძმა, იაკობი, იუდეველებმა მოკლეს.4

ზემოხსენებული პაპიასი გადმოსცემს, რაც მოისმინა ფილიპეს ქალიშვილთაგან, რომ ბარსაბამ, იგივე იუსტოსმა (საქმე, 1.23), რომელსაც ცდიდნენ ურწმუნოები, ქრისტეს სახელისათვის შესვა გველის შხამი და უვნებელი გადარჩა.5

იგი გადმოსცემს სხვა სასწაულებსაც, განსაკუთრებით კი მანაიმოსის6 დედის ამბავს, რომელიც მკვდრეთით იქნა აღდგენილი. ხოლო მათ შესახებ, ვინც ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით, იგი მოგვითხრობს, რომ ისინი ცხოვრობდნენ ჰადრიანუსამდე.7

--------------------------------------------------------

1 - ფილიპე სიდელი (დაახლ. 380-431 წწ.), ქრისტიანობის ისტორია. იხ. C. de Boor. “Neue Fragmente des Papias, Hegesippus und Pierius, in bisher unbekannten Excerpten aus der Kirchengeschichte des Philippus Sidetes”. Texte und Untersuchungen zur Geschichte der altchristlichen Literatur 5/2 (1889), გვ. 170, N 6 (Codex Baroccianus 142 in the Bodleian Library).

2 - შდრ. აქვე, 3.6, 30.

3 - შდრ. აქვე, 3.11 და 5.

4 - ამ ფაქტის შესახებ მოთხრობილია მომდევნო ფრაგმენტშიც, თუმცა სხვა ცნობები ამ ფაქტს არ ადასტურებენ. ცნობილია, რომ იოანე ღვთისმეტყველი აღესრულა ეფესოში ბუნებრივი სიკვდილით, დაახლ. 100 წლის ახლო ხანებში.

5 - შდრ. 3.9.

6 - Μάναϊμος. მსგავსი სახელით ახალი აღთქმიდან ცნობილია ჰეროდეს ძუძუმტე მანაენი (Μαναήν, საქმე, 13.1), თუმცა რამდენად არის დასაშვები მისი დაკავშირება პაპიასის მანაიმოსთან, ძნელი სათქმელია.

7 - იმპერატორი ჰადრიანუსი ზეობდა 117-138 წწ.

 

VI1

დომიციანუსის შემდეგ ერთი წელი ზეობდა ნერვა,2 რომელმაც გამოიხმო იოანე კუნძულიდან და ეფესოში დასახლების ნება მისცა. მაშინ იგი ერთადერთი იყო თორმეტ მოწაფეთაგან, რომელიც ცოცხალი იყო დარჩენილი. მას შემდეგ, რაც დაწერა სახარება, რომელიც მის სახელს ატარებს, იოანე მოწამეობის ღირსი შეიქმნა. პაპიას ჰიერაპოლისის ეპისკოპოსი, რომელიც მისი თვითმხილველი იყო, უფლის სიტყვათა მეორე წიგნში ამტკიცებს, რომ იგი იუდეველებმა მოკლეს,3 აღასრულა რა ამგვარად, ძმასთან ერთად, ქრისტეს წინასწარმეტყველება მათთან დაკავშირებით, ასევე, საკუთარი აღმსარებლობა და მორჩილება მის მიმართ. რამეთუ უთხრა უფალმა მათ: „შეგიძლიათ დალიოთ სასმისი, რომელსაც მე ვსვამ?“, და მათ გულმოდგინედ დაუქნიეს თავი და დაეთანხმნენ. „ჩემს სასმისს - თქვა, - შესვამთ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით“ (მარკ. 10.38-39). და ასეცაა. რამეთუ შეუძლებელია, ღმერთი ცრუობდეს. ამგვარადვე, დიდად განსწავლული ორიგენეც განმარტებაში მათეს შესახებ ამტკიცებს, რომ იოანე ეწამა, და მიუთითებს, რომ ეს მოციქულთა მემკვიდრეებისა გან შეიტყო,4 ასევე, მრავლისმცოდნე ევსევი ეკლესიის ისტორიაში ამბობს: „თომას წილად ხვდა პართია, იოანეს კი აზია, სადაც იგი ცხოვრობდა და გარდაიცვალა ეფესოში“.5

----------------------------------------------

1 - გიორგი ამარტოლოსი (IX ს.), მოკლე ქრონიკა, იხ. H. Nolte. “Ein Exzerpt aus dem zum grossten Teil noch ungedruckten Chronicon des Georgios Hamartolos”. Theologische Quartalschrift 44/1, Tubingen, 1862, გვ. 465-466. ფრაგმენტი დაცული იყო ხელნაწერში Cod. Coilsinianus 305. ეს მონაკვეთი ჩანართად ითვლება და არ არის შეტანილი ტექსტის ზოგ სხვა გამოცემაში. იხ. მაგალითად, Georgii Monachi Chronicon. Ed. Carolus de Boor. Vol. 2, Lipsiae, 1904, გვ. 447.

2 - დომიციანუსი იმპერატორი იყო 81-96 წწ., ნერვა კი 96 წლის 18 სექტემბრიდან 98 წლის 27 იანვრამდე. როგორც ჩანს, იოანე კუნძულიდან 97-ე წელს გამოიხმეს.

3 - ἀνῃρέθη. ამის შესახებ იხ. ფრაგ. 5.

4 - μεμαρτύρηκεν. Μαρτυρέο ბერძნულად ნიშნავს როგორც ‘წამებას’, ისე ‘დამოწმებას’. ამ მონაკვეთში იგი პირველი მნიშვნელობით არის გაგებული, თუმცა ორიგენე, რომელიც დასახელებულია ფრაგმენტში, მას მეორე მნიშვნელობით იყენებს. ორიგენეს თანახმად: „ზებედეს ვაჟებმა დალიეს სასმისი  და ნათლობითაც მოინათლნენ, კერძოდ, ჰეროდემ მახვილით მოკლა იაკობი, (ძმა) იოანესი, რომაელთა ხელმწიფემ კი, როგორც გადმოცემა ასწავლის, მიუსაჯა იოანეს, რომელმაც დაამოწმა ჭეშმარიტების სიტყვის გამო (κατεδίκασε τὸν Ιωάννην μαρτυροῦντα διὰ τὸν τῆ ἀληθείας λόγον), კუნძულ პატმოსზე გადასახლება“ (იხ. ორიგენე, განმარტებანი მათეს სახარებაზე, 16, PG 13, სვ. 1385A). ამავე მნიშვნელობით არის გაგებული ეს წინადადება ტექსტის PG-სეულ ლათინურ თარგმანშიც: „იოანე, რომელმაც ჭეშმარიტების სიტყვა თავისი მოწმობით დაადასტურა, კუნძულ პატმოსზე გადაასახლა“ (“Joannem veritatis verbum testimonio suo comprobantem in Patmon insulam relegavit”).

5 - ევსევი კესარიელი, ეკლესიის ისტორია, 3.1 შდრ. პაპიასის ფრაგ. 3.6.

 

VII1

პაპიასმა, იოანეს მსმენელმა, აზიაში მდებარე ჰიერაპოლისის ეპისკოპოსმა, დაწერა მხოლოდ ხუთი წიგნი, რომლებსაც სათაურად წაუმძღვარა უფლის სიტყვათა განმარტება. მათში, შესავალ ნაწილში, იგი ამტკიცებს, რომ არ მისდევს სხვადასხვა შეხედულებებს, არამედ მოციქულები ჰყავს წყაროებად, და ამბობს:

„მე ვაკვირდებოდი, რა თქვა ანდრიამ, რა - პეტრემ, რა - ფილიპემ, რა - თომამ, რა - იაკობმა, რა - იოანემ, რა - მათემ ან რომელიმე სხვამ უფლის მოწაფეთაგან, აგრეთვე, რა თქვეს არისტიონმა და უხუცესმა იოანემ, უფლის მოწაფეებმა. რადგან მხოლოდ წიგნები საკითხავად არ იქნება ჩემთვის იმდენად სასარგებლო, რამდენადაც ცხოველი ხმა, რომელიც დღემდე ჟღერს თავის ავტორებში“.2

აქედან გამომდინარე, თავად ამ სახელთა ჩამონათვალიდან ჩანს, რომ სხვა არის იოანე, რომელიც მოციქულთა შორის არის აღრაცხული, და სხვა - უხუცესი იოანე, რომელსაც არისტიონის შემდეგ ასახელებს. ეს ვახსენეთ ზემოაღნიშნული შეხედულების გამო, რომელიც გადმოცემულია, როგორც შევნიშნეთ, მრავალი ადამიანის მიერ, რომ ორი მომდევნო ეპისტოლე მიეკუთვნება იოანეს, რომელიც არ არის მოციქული, არამედ უხუცესი.3 მან,4 როგორც ამბობენ, გამოაქვეყნა იუდაური გადმოცემა მეორედ მოსვლის ათასწლეულის შესახებ,5 რომელიც გაიზიარეს ირინეოსმა, აპოლინარმა და სხვებმა, ვინც ამბობს, რომ აღდგომის შემდეგ უფალი ხორციელად იმეფებს წმინდანებთან ერთად. [ამ შეხედულებას მისდევენ ტერტულიანეც, წიგნში მორწმუნეთა იმედის შესახებ,6 ვიქტორინუს პეტავიელიც და და ლაქტანციუსიც].7

------------------------------------------------------

1 - იერონიმე (340-420 წწ.), გამოჩენილ კაცთა შესახებ, 18, PL 23, სვ. 670.

2 - შდრ. აქვე, 3.4.

3 - შდრ. ფრაგ. 5. აღსანიშნავია იერონიმეს გადმოცემაც: „მან (იოანემ) დაწერა ერთი ეპისტოლე, რომლის დასაწყისია: „რომელიც იყო დასაბამიდან“ (1 იოანე, 1.1), რომელიც ყველა საეკლესიო და სწავლულ კაცთა მიერ არის აღიარებული. დანარჩენ ორს კი, რომელთა დასაწყისია, პირველისა: „უხუცესი - რჩეულ ქალბატონს“ (2 იოანე, 1.1), მეორისა კი: „უხუცესი - საყვარელ გაიუსს“ (3 იოანე, 1.1). უხუცეს იოანეს დაწერილად თვლიან. მისი საფლავი ახლაც დგას ეფესოში. ზოგი ფიქრობს, რომ არსებობდა იოანე მახარებლის ორი საფლავი, რის შესახებაც განვმარტავთ, როცა პაპიასამდე, მის (იოანეს) მსმენელამდე მივალთ“ (გამოჩენილ კაცთა შესახებ, 9, PL 23, სვ. 656 AB).

4 - იგულისხმება პაპიასი.

5 - „Hic dicitur mille annorum Iudaicam edidisse  δευτέρωσιν”. ამ მონაკვეთზე დაყრდნობით ზოგი მკვლევარი გამოთქვამს აზრს, რომ პაპიასს კიდევ ერთი თხზულება ჰქონდა დაწერილი, მაცხოვრის მეორედ მოსვლისა და აღდგომის შემდეგ ათასწლოვანი მეუფების შესახებ. იხ. ასევე, ფრაგ. 3.12 და 5.

6 - περὶ τῆς ἐλπίδης τῶν πιστῶν (De Spe Fidelium) ტერტულიანეს დაკარგული ნაშრომია.

7 - იერონიმესთან დაცული ამ მონაკვეთის ბოლო წინადადებას, რომელიც ლაითფუტთან გამოტოვებულია, ვურთავთ PL-ს მიხედვით (PL 23, სვ. 669 B).

 

VIII1

მეტიც, შენამდე მოაღწია ჭორმა იმის შესახებ, რომ მე ვთარგმნე იოსების წიგნები და წმინდანთა, პაპიასის და პოლიკარპეს, ნაშრომები, რაც სიცრუეს წარმოადგენს, რადგან არც თავისუფალი დრო მაქვს, არც ძალები იმისათვის, რომ ასეთი ნაშრომები სხვა ენაზე შესაბამისი დახვეწილობით გადავთარგმნო.

-------------------------------------------------

1 - იერონიმე, ეპისტოლე ლუკინიუსის მიმართ, 715, PL 22, სვ. 671.

IX1

გადმოსცემს ირინეოსი, [სამოციქულო ჟამთა ადამიანი]2 და პაპიასის, იოანე მახარებლის მსმენელის, მოწაფე.

-------------------------------------------------

1 - იერონიმე, ეპისტოლე ქვრივ თეოდორას მიმართ, 75.3, PL 22, სვ. 687.

2 - ეს მონაკვეთი არ არის დაცული ლაითფუტთან. წინადადების აზრის გასამართად ის ჩვენ დავურთეთ იერონიმეს ეპისტოლეს (იხ. შენ. 7) მიხედვით.

X1

ამ ღმრთივშთაგონებული წიგნის (ანუ იოანეს გამოცხადების) შესახებ სიტყვის გაგრძელებას ზედმეტად ვთვლით, რადგან მისი ღირსსარწმუნოობა დაამოწმეს, ნეტართაგან გრიგოლს ვიტყვით ღვთისმეტყველსა და კირილეს,2 მათთან ერთად კი უფრო ძველმა მწერლებმა: პაპიასმა, ირინეოსმა, მეთოდიოსმა და იპოლიტემ.3

-------------------------------------------------

1 - ანდრია კესარიელი, განმარტებანი იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაზე, შესავალი, PG 106, სვ. 220 B. შდრ. ფრაგ. 33.

2 - იგულისხმება, სავარაუდოდ, კირილე იერუსალიმელი.

3 - იგულისხმება იპოლიტე რომაელი.


XI1

პაპიასი კი სიტყვასიტყვით წერს ასე:

„ზოგიერთებს მათგან“, - ცხადია, ანგელოზთაგან, რომლებიც ადრე საღმრთონი იყვნენ, - „გადასცა წესრიგის მართვა დედამიწაზე და კეთილად მართვა უბრძანა“. და შემდეგ იტყვის: „მაგრამ ისე მოხდა, რომ მათი (განგებული) წესრიგი არაფრით დამთავრდა, და ჩამოგდებული იქნა დიდი ურჩხული, გველი დასაბამიერი,2 ეშმაკად და სატანად წოდებული, ჩამოგდებული იქნა მიწაზე მთელი ქვეყნიერების მაცდური3 და მისი ანგელოზები“4 (გამოცხ. 12.9, 20.2).

-----------------------------------------------------

1 - ანდრია კესარიელი, განმარტებანი იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაზე, 34. 12, PG 106, სვ. 325C-328. შდრ. ფრაგ. 33.

2 - ἀρχαῖος, სიტყვასიტყვით, ‘ძველი’.

3 - ὁ πλανῶν τὴν οἰκουμένην. შდრ. დიდაქე, 16.4

4 - საუბარია დაცემულ ანგელოზთა ბრძოლის შესახებ ღვთის წინააღმდეგ.

 

XII1

რაც იღებს საფუძვლებს სახელგანთქმული პაპიას ჰიერაპოლელისაგან, რომელიც განისწავლა (მაცხოვრის) წიაღში, კლიმენტისგან,2 პანტენოს ალექსანდრიელთა მღვდელისა და უბრძნესი ამონიონისაგან, ყველაზე ადრინდელი და პირველი განმმარტებლებისგან, რომელნიც ჩასწვდნენ და ერთმანეთთან თანხმობაში იყვნენ იმასთან დაკავშირებით, რომ „ექვსი დღე“3 ქრისტესა და ეკლესიას მიემართებოდა.

----------------------------------------------

1 - ანასტასი სინელი (დაახლ. VII-VIII სს.), განმარტებანი ექვსთა დღეთათვის. ბერძნული ტექსტის გამოცემისათვის იხ. Petrus Halloix Leodiensis. Illustrium ecclesiae orientalis scriptorum qui sanctitate iuxta et eruditione secundo Christi saeculo floruerunt, vitae et documenta. Vol. 2. Dvaci, 1636, გვ. 851. ლათინური ტექსტისათვის იხ. Anagogicarum Contemplationum in Hexaemeron, I, PG 89, სვ. 860BC. ანასტასის ეს თხზულება არაავთენტურია და X ს-ს მიეკუთვნება.

2 - იგულისხმება კლიმენტი ალექსანდრიელი. იხ. ფრაგ. 13.

3 - საუბარია სამყაროს შესაქმის ექვსი დღის შესახებ.


XIII1

უძველესმა მწერლებმა საეკლესიო განმმარტებელთაგან, - ფილონს ვიტყვი ფილოსოფოსსა და მოციქულთა თანამედროვეს, და პაპიას ჰიერაპოლელს, რომელიც იოანე მახარებლის ძალმოსილი მოწაფე იყო, [ირინეოს ლიონელს, იუსტინე მარტვილსა და ფილოსოფოსს, პანტენოს ალექსანდრიელს, კლიმენტი სტრომატელს2]3 და მათ გარშემო მყოფთ, - სამოთხის შესახებ გამონათქვამები სულიერი თვალსაზრისით განმარტეს და ქრისტეს ეკლესიას დაუკავშირეს.

-----------------------------------------------

1 - ანასტასი სინელი, განმარტებანი ექვსთა დღეთათვის, ბერძნული ტექსტის გამოცემისათვის იხ. H. Nolte. “Miscellanea”. Theologische Quartalschrift 49/1. Tubingen, 1867, გვ. 56, ლათინური ტექსტისათვის კი: Anagogicarum Contemplationum in Hexaemeron, 7, PG 89, სვ. 961-962.

2 - ანუ კლიმენტი ალექსანდრიელი, სტრომატას („ხალიჩების“) ავტორი.

3 - ეს მონაკვეთი არ არის მოცემული ლაითფუტის გამოცემაში (1907), მიუხედავად იმისა, რომ იგი დაცულია ანასტასი სინელთან.

 

XIV1

ამგვარად, ნაწინასწარმეტყველევი კურთხევა უეჭველად მიეკუთვნება (უფლის) მეუფების ჟამს, როდესაც იმეფებენ მკვდრეთით აღმდგარი მართალი ადამიანები, როდესაც, აგრეთვე, განახლებული და განთავისუფლებული ქმნილება2 ცის ნამისაგან და მიწის ნაყოფიერებისაგან გამოიღებს ყველა სახის საზრდელის სიმრავლეს (დაბ. 27.28). ასევე უხუცესებმაც, რომლებმაც იხილეს იოანე, უფლის მოწაფე, მოიგონეს, რომ მოუსმენიათ მისგან, როგორ ასწავლიდა იმ ჟამთა შესახებ უფალი და ამბობდა:

„მოვლენ დღეები, როდესაც ვაზები გაიზრდებიან, თითოეულს ექნება ათი ათასი ტოტი, და თითო ტოტზე - ათი ათასი შტო, და თითო შტოზე - ათი ათასი ყლორტი, და თითო ყლორტზე - ათი ათასი მტევანი, და თითოეულ მტევანზე - ათი ათასი კუფხალი, და თითოეული დაწურული კუფხალით დაიწურება 25 მეტრეტა3 ღვინო. და როდესაც იმ წმინდანთაგან რომელიმე ხელს მოჰკიდებს მტევანს, სხვა დაიყვირებს: „მე უკეთესი მტევანი ვარ, მე მომწყვიტე, დალოცე უფალი ჩემი მეშვეობით“. მსგავსად ამისა, ხორბლის მარცვალი ათი ათას თავთავს წარმოშობს, და თითოეულ თავთავს ექნება ათი ათასი ხორბლის მარცვალი, და თითოეულ ხორბლის მარცვალს - ხუთი ბილიბრისი4 უწმინდესად დაფქული და სუფთა ფქვილი, და დანარჩენი ნაყოფიერი ხეები, თესლები და მცენარეული მათ შესაბამისად გამრავლდება, და ყველა ცხოველი, რომელიც გამოიყენებს იმ საკვებს, რომელსაც მიიღებს მიწისაგან, მშვიდობიანი გახდება, და თანხმობაში მყოფი, და მორჩილი იქნება ადამიანებისა ყოველგვარი მორჩილებით“ (შდრ. გამოცხ. 21.6).5

პაპიასი, ძველი (თაობის) ადამიანი, იოანეს მსმენელი, ხოლო პოლიკარპეს მეგობარი, წერილობით მოწმობს ამას თავის მეოთხე წიგნში, რამეთუ მას ხუთი წიგნი აქვს შედგენილი.6 და დაამატა და თქვა:

"ეს სარწმუნოა მორწმუნეთათვის. და როცა იუდა, - თქვა, - გამცემი, არ ერწმუნა და ჰკითხა: "მაგრამ როგორ შექმნის უფალი ასეთ სიმრავლეს?", უფალმა მიუგო: "იხილავენ ისინი, ვინც მასში შევლენ".

-------------------------------------------------

1 - ირინეოსი (II ს.), მწვალებლობათა წინააღმდეგ, 5.33 3-4. შდრ. ასევე, უხუცესთა გადმოცემები, 16.

2 - „creatura“. იგულისხმება უფლის მიერ შექმნილი სამყარო, დედამიწა, მთელი ქვეყნიერება. შდრ. ჰერმასის მწყემსი, 1.3. 4.1.

3 - metreta (ὁ μετρητής) იყო 39.29 ლ-ს ტევადობის სითხის ათენური საწყაო. 25 მეტრეტა უდრის 982.25 ლ-ს.

4 - bilibris ანუ ორგირვანქიანი საწყაო. ერთი რომაული გირვანქა (ფუტი) 327.45 გრამს იწონიდა. 5 ბილიბრისი 1.637 კგ.-ის ტოლია.

5 - მალიუგინი ამ მონაკვეთს ადარებს აპოკრიფულ ბარუქის აპოკალიფსისს, თუმცა თავადვე მიუთითებს, რომ პაპიასის ფრაგმენტი უფრო დახვეწილი და დამუშავებულია (Малюгин, 2002, გვ. 69; М. Э. Поснов. История христианской церкви. Брюссель, 1964, გვ. 169).

6 - შდრ. ფრაგ. 3.1. ეს წინადადება ლაითფუტის გამოცემაში ორ ენაზე, ლათინურ და ბერძნულ ენებზე არის წარმოდგენილი.


XV1

მათ, ვინც საღმრთო უბიწოებას2 ინახავდა, ბავშვებს უწოდებდნენ,3 როგორც პაპიასი მიუთითებს უფლის (სიტყვათა) განმარტებების პირველ წიგნში, კლიმენტი ალექსანდრიელი კი პედაგოგოსში4.

-------------------------------------------------

1 - მაქსიმე აღმსარებელი (580-662 წწ.), განმარტებები დიონისე არეოპაგელის წიგნზე „საეკლესიო იერარქიის შესახებ“, 2.5, PG 4, სვ. 48-49.

2 - ἀκακία.

3 - საუბარია ძველ ქრისტიანთა შესახებ, რომლებიც მათ ამგვარად უწოდებდნენ.

4 - იხ. მაგალითად, პედაგოგოსი, 1.5.13.

 

XVI1

ამას რომ ამბობს, გულისხმობს, მგონი, პაპიასს, რომელიც მაშინ ჰიერაპოლის ეპისკოპოსი იყო აზიაში და საღმრთო მახარებლის, იოანეს დროს მოღვაწეობდა. ეს პაპიასი თავის უფლის (სიტყვათა) განმარტებების მეოთხე წიგნში ახსენებს აღდგომისას საკვებით მიღებულ სიამოვნებებს2. [აპოლინარმა სწორედ ამის შემდეგ ირწმუნა ამ დოგმატისა, რომელსაც ზოგიერთები ათასწლეულის3 (მოძღვრებას) უწოდებენ4]... ირინეოს ლიონელი მწვალებლობათა წინააღმდეგ მეხუთე წიგნში ამასვე ამბობს და თავის ნათქვამთა დასამოწმებლად მოჰყავს ხსენებული პაპიასი.

-----------------------------------------------

1 - მაქსიმე აღმსარებელი, განმარტებები დიონისე არეოპაგელის წიგნზე "საეკლესიო იერარქიის შესახებ", 7.2, PG 4, სვ. 176 CD. ფრაგმენტის ავტორობასთან დაკავშრებით იხ. ფრაგ. 15

2 - შდრ. მომდევნო ფრაგმენტი.

3 - შდრ. ფრაგ. 3.12, 5, 7.

4 - ეს მონაკვეთი არ არის მოცემული ლაითფუტის გამოცემაში. იგი ჩვენ დავურთეთ ტექსტს მაქსიმე აღმსარებლის ზემოხსენებული ნაშრომის მიხედვით.


XVII1

[იგი არ მისდევს გრიგოლის, ნისის ეპისკოპოსის წმინდა გამონათქვამებს აპოკატასტასის შესახებ]2, არც პაპიასს, ჰიერაპოლისის ეპისკოპოსსა და მოწამეს, არც ირინეოსს, ლიონის წმინდა ეპისკოპოსს, რომლებიც ამბობენ თავიანთ ნაშრომებში, რომ ცათა სასუფეველი რამე საკვების მიღების სიამოვნებაა3 (შდრ. რომ. 14.17).

--------------------------------------------------

1 - ფოტიოს კონსტანტინოპოლელი, ბიბლიოთეკა, 232, PG 103, სვ. 1104A.

2 - ეს მონაკვეთი ლაითფუტის გამოცემაში არ არის მოცემული. იგი დამატებულია ფოტიოსის ბიბლიოთეკის მიხედვით.

3 - შდრ. წინა ფრაგმენტი.


XVIII1

აპოლინარისგან: "იუდა არ მომკვდარა ჩამოხრჩობით, არამედ გააგრძელა ცხოვრება, რადგან ჩამოხსნეს, სანამ დაიხრჩობოდა"2. მოციქულთა საქმენი კი მიუთითებენ იმას, რომ "იგი დაეცა და შუაზე გასკდა, და გადმოსცვივდა მისი შიგნეულობა" (1.18). ამას უცხადესად გადმოსცემს პაპიასი, იოანეს მოწაფე, რომელიც ამგვარად ამბობს უფლის სიტყვათა განმარტებების მეოთხე წიგნში:

"უწმინდურობის უდიდესი ნიმუში, დადიოდა ამ ქვეყანაზე იუდა, იმდენად გაუსივდა ხორცი, რომ სადაც ურემიც ადვილად გავიდოდა, მას არა მხოლოდ თავად არ შეეძლო გავლა, არამედ იქ არც მხოლოდ მისი გასივებული თავი გაეტეოდა. მისი თვალების ქუთუთოები, როგორც ამბობენ, იმდენად გასივებული იყო, რომ ის სრულებით ვეღარ ხედავდა ნათელს, ხოლო რაც შეეხება მის თვალებს, მათი დანახვა აღარც ექიმს შეეძლო სარკეების მეშვეობით, იმდენად ღრმად იყვნენ გარე ზედაპირიდან. მისი სასქესო ორგანო ყოველგვარ სიმახინჯეზე უფრო საზიზღარი და გადიდებული ჩანდა, და მისგან მთელი მისი სხეულიდან გადმოედინებოდა ჩირქი და მატლები, სამარცხვინოდ, თავად აუცილებელი (მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დროსაც). მრავალი ტანჯვისა და სასჯელის შემდეგ, როგორც ამბობენ, იგი თავისსავე სოფელში გარდაიცვალა, ხოლო ის სოფელი სიმყრალისგან აქამდე უკაცური და დაუსახლებელია, და დღემდე არავის შეუძლია იმ ადგილას გავლა, თუკი ნესტოებზე ხელები არ მოიჭირა. ასეთი გამონადენი გადმოვიდა მისის ხეულიდან დედამიწაზე.

---------------------------------------------------------

1 - აპოლინარი ლაოდიკიელის (IV ს.) განმარტება. მისი გამოცემისათის იხ. J.A. Cramer. Catena in Acta SS. Apostolorum e Cod. Nov. Coll. descripsit et nunc primum edidit adjecta lectionis varietate e cod. Coislin, Vol. 3. Oxonii, 1838, გვ. 12-13. ეს გადმოცემა თითქმის სიტყვასიტყვით არის დამოწმებული ეკუმენიოსთან (X ს., მოციქულთა საქმეთა განმარტებანი, 2.1.16-20, PG 118 სვ. 57-60) და თეოფილაქტე ბულგარელთან (XI-XII სს., მოციქულთა საქმეთა განმარტებანი. სრულად იხ. პაპიასის ფრაგმენტთა შორის, 9, PG 5, სვ. 1261, შემოკლებით კი თეოფილაქტეს განმარტებებში მათეს სახარებაზე, 27.5, PG 123, სვ. 460 BC).

2 - იუდას ცოცხლად გადარჩენის შესახებ არაფერია აღნიშნული არც წმინდა წერილში (იხ. მაგ. მათე, 27.3; საქმე, 1.18), არც წმინდა მამებთან, მათ შორის, იოანე ოქროპირთან.


XIX1

აქ იწყება იოანეს სახარების გადმოცემა.

იოანეს სახარება განეცხადა და მიეცა ეკლესიებს იოანეს მიერ, ვიდრე იგი ჯერ კიდევ სხეულში იმყოფებოდა2, როგორც ეს ეგზოთერულ3, ანუ უკანასკნელ ხუთწიგნეულში გადმოსცა პაპიასმა, ჰიერაპოლელად სახელდებულმა, იოანეს საყვარელმა მოწაფემ. ხოლო მან4 ჩაიწერა სახარება სწორად, ისე, როგორც იოანე5 კარნახობდა.

---------------------------------------------------------

1 - Josephi Mariae Thomasii Cardinalis Opera Omnia. Ed. A. F. Vezzozi. Tomus primus continens sacrorum bibliorum veteres titulos sectiones. Romae, 1747, გვ. 344 (მოცემულია, როგორც იოანეს სახარების შესავალი) . გამოცემა ემყარება ხელნაწერს Codex Vaticanus Alexandrinus 14 (IX ს.).

2 - სხვაგვარად რომ ითქვას: ვიდრე ცოცხალი იყო.

3 - შესაძლოა "exotericis"-ის ნაცვლად იგულისხმებოდეს "exegeticis" ეგზეგეტური (შდრ. Lightfoot, 1907, გვ. 524).

4 - როგორც აქედან და მომდევნო ფრაგმენტიდან ჩანს, იგულისხმება პაპიასი.

5 - საუბარია იოანე მოციქულის შესახებ.

XX1

მათ შორის უკანასკნელმა, იოანემ, მეტსახელად "მეხის ვაჟმა", როდესაც მეტად მოხუცდა, როგორც გადმოგვცემენ ირინეოსი, ევსევი და სხვა, ერთმანეთის მომდევნო სანდო ისტორიკოსები, იმ საშინელი მწვალებლობების აღმოცენების ხანებში უკარნახა სახარება თავის მოწაფეს, სათნოდ მცხოვრებ პაპიას ჰიერაპოლელს, იმათი ნათქვამის განსასრულებლად, ვინც მის წინ უქადაგა სიტყვა მთელი მსოფლიოს ხალხებს.

----------------------------------------------------

1 - ანონიმური კომენტარი (Ανεπιγράφου). გამოცემისათვის იხ. B. Corderius. Catena Patrum Graecorum In Sanctum Joannem ex antiquissimo Graeca Codice Ms. nunc primmum in lucem edita. Antwerpiae, 1630, [გვ. 13 (პაგინაცია არ ახლავს)]


დამატება1

XXI2

იმდენად გაასხივოსნა კეთილმსახურების ნათელმა პეტრეს მსმენელთა გონება, რომ არ ჩათვალეს საკმარისად ერთხელ მოსმენა მისი, არც საღმრთო ქადაგების დაუწერელი სწავლებით დაკმაყოფილდნენ, არამედ სხვადასხვაგვარი თხოვნებით დაჟინებით ევედრებოდნენ მარკოზს, ვისი სახარებაც არის შემორჩენილი, პეტრეს თანამგზავრს, რომ მათთვის სიტყვით გადმოცემული მოძღვრების სახსოვარი წერილობითაც დაეტოვებინა, ხოლო არ შეჩერდნენ მანამ, სანამ ეს კაცი არ დაარწმუნეს, და ამით გახდნენ მიზეზნი სახარების დაწერისა, რომელიც მარკოზის სახელით იწოდება. როდესაც მომხდარი, როგორც ამბობენ, მოციქულმა სულიწმინდის გამოცხადების მეშვეობით შეიტყო, გაიხარა ამ ადამიანთა გულმოდგინების გამო და ნაწერი ეკლესიებში საკითხავად დაადგინა. ამ ამბავს გადმოსცემს კლიმენტი ჩანახატის3 მეექვსე წიგნში, მას ემოწმება ჰიერაპოლელი ეპისკოპოსი, სახელად პაპიასი4. ხოლო პეტრე მარკოზს ახსენებს თავის პირველ ეპისტოლეში, რომელიც, როგორც ამბობენ, მას დაუწერია რომში, რასაც თავადაც აღნიშნავს, როდესაც სახისმეტყველებით მას ბაბილონს უწოდებს შემდეგი სიტყვებით: "მოგესალმებით თქვენ თანარჩეული (ეკლესია, რომელიც არის) ბაბილონში და მარკოზი, ძე ჩემი" (1 პეტრე, 5.13).

---------------------------------------------------

1 - "დამატებაში" შეტანილია ბერძნულ, ლათინურ, სირიულ და სომხურ ენებზე მოღწეული ფრაგმენტები, რომლებსაც არ შეიცავს ლაითფუტის გამოცემა. დამატებით მონაკვეთთა წყაროები მითითებულია თითოეულ მათგანთან, მათი რუსული და ინგლისური თარგმანებისათვის იხ. Малюгин, გვ. 67-88 და ტ. შმიდტის (T. Schmidt) ვებგვერდი: http://www.chronicon.net/index.php/papias.

2 - ევსევი კესარიელი, ეკლესიის ისტორია, 2.15.1-2. ფრაგმენტში გადმოცემული ამბავი დასტურდება ნიკიფორე კალისტოსის ეკლესიის ისტორიაშიც (2.15, PG 145, 792 C), რომელიც, როგორც ჩანს, ევსევის ეყრდნობა (შდრ. ფრაგ. 3.15).

3 - კლიმენტი ალექსანდრიელის ეს ნაშრომი (Υποτύπωσις) დაკარგულია. იგი მოიცავდა შვიდ წიგნს, რომლებშიც გადმოცემული იყო განმარტებები წმინდა წერილზე.

4 - ეს წინადადება ნიკიფორესთან შემდეგნაირად არის წარმოდგენილი: "მარკოზის სახარებასთან დაკავშირებით ამ მიზეზს გადმოსცემს კლიმენტი ჩანახატის მეექვსე წიგნში. მას ეთანხმება ჰიერაპოლელი ეპისკოპოსი პაპიასიც" (2.15, PG 145, სვ. 792BC); "მარკოზის სახარებასთან დაკავშირებით ამ მიზეზს გადმოსცემს კლიმენტი ჩანახატის მეექვსე წიგნში, ასევე, ჰიერაპოლელი ეპისკოპოსი პაპიასიც" (2.45, PG 145, სვ. 884BC).

 

[XXII]1

ზემოხსენებული იმპერატორის ზეობის მესამე წელს, კლიმენტიმ რომის ეკლესიის საეპისკოპოსო ღვთისმსახურების აღსრულება გადასცა ევარესტოსს და მიიცვალა ამ ცხოვრებიდან, მას შემდეგ, რაც მთელი ცხრა წლის განმავლობაში წინამძღოლობას უწევდა საღმრთო სიტყვის მოძღვრებას. მაგრამ როდესაც სვიმეონიც გარდაიცვალა ზემოაღწერილი გზით, იერუსალიმში საეპისკოპოსო კათედრის მემკვიდრე გახდა მავანი ებრაელი, სახელად იუსტოსი2, - იმ მრავალი ათასიდან, ვინც მაშინ წინადაცვეთას ზურგი აქცია და ქრისტე ირწმუნა, ერთ-ერთი იყო იგიც (შდრ. საქმე, 18.7; კოლ. 4.11). იმ ხანებში აზიაში ბრწყინავდა მოციქულთა მოწაფე, პოლიკარპე, რომელსაც უფლის თვითმხილველთა და მსმენელთა ხელით მიენდო სმირნის ეკლესიის საეპისკოპოსო. ამავე დროს გახდა ცნობილი პაპიასი, ჰიერაპოლისის ეპარქიის ეპისკოპოსი.

--------------------------------------------------------

1 - ევსევი კესარიელი, ეკლესიის ისტორია, 3.34.1-3.36.2.

2 - შდრ. ფრაგ. 3.9-10, 5.


[XXIII]1

მანამდეც პაპიასი, ჰიერაპოლისის ეპისკოპოსი, და ნეპოსი, ეგვიპტის მხარეთა ეპისკოპოსი, ათასწლოვანი მეუფების შესახებ იმგვარადვე ფიქრობდნენ, როგორც ვიქტორინუსი2.

-----------------------------------------------

1 - იერონიმეს შესავალი, დართული ვიქტორინუს პეტავიელის აპოკალიფსის განმარტებისათვის, იხ. "Commentarii in Apocalypsin, editio Viqtoriniet recensio Hieronymi una cum posteriorum additamentis", გამცოემაში: Victorini episcopi Petavionensis Opera. Ed. Iohann Haussleiter. CSEL 49. Vindobonae, Lipsiae, 1916, გვ. 148-10.

2 - საუბარია ხილიაზმის შესახებ. იხ. შესავალი, ასევე ფრაგ. 3.12, 5, 7, 16.

 

[XXIV]1

ასე მიატოვა მწვალებელმა აპოლინარმა ცხოველ სიტყვათა მთელი ეს ბრწყინვალე ნათება თავის თანამოაზრეებთან ერთად, დაიბრმავა იუდეველებივით სიმართლისაგან საკუთარი თავი და გაკადნიერდა ეთქვა, ცოტა არ იყოს ფარისეველთა მსგავსად, რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ კიდევ ათასი წელი ვიცხოვრებთ დედამიწაზე, იერუსალიმში, მაცხოვართან ერთად, სხეულებრივი სიამოვნებებითა და ბავშვთა მსხვერპლშეწირვებით, და მიწიერ ნადიმებს (მიცემულნი) ვიმხიარულებთ მის წინაშე, ამ ყველაფრის აღსრულების შემდეგ კი იმწამსვე აყვანილნი ვიქნებით ზეცად. და არ შერცხვა მას პავლეს გამონათქვამისა, რომელმაც თქვა, რომ ღვთის სასუფეველი არც საჭმელია და არც სასმელი, არამედ სამართლიანობა, მშვიდობა და სიხარული სულიწმინდაში (რომ. 14.17). მის მსგავსად ირინეოსიც, გალიაში (მდებარე) ლუგდუნის2 ეპისკოპოსი, ცდებოდა ამ (საკითხებში), რომლებიც პაპიასის წიგნიდან არის  (გადმოღებული), როგორც ევსევი გადმოსცემს.

--------------------------------------------------

1 - იოანე (იოხანან) დარელი (IX ს.), სხეულთა აღდგომის შესახებ, Cod. Vaticanus Syr. 100, 33v, იხ. გამოცემაში: A. Baumstark. "Zwei syrische Papiascitate". Oriens Christianus 2. Roma, 1902, გვ. 354-356 (სირიული ტექსტი), გვ. 355-357 (ლათინური თარგმანი).

2 - ანუ საფრანგეთში მდებარე ლიონის.

 

[XXV]1

პაპიასი, ეპისკოპოსი აზიის ჰიერაპოლისისა, რომელიც იოანე მახარებელთან განისწავლა, ამბობს უფლის (სიტყვათა) განმარტებების მეოთხე წიგნში, რომ განცხრომები საკვების სახით იქნება აღდგომისას2. და ირინეოსიც ამასვე ამბობს ქადაგებაში მწვალებლობათა წინააღმდეგ, როდესაც დამოწმებას ახდენს პაპიასის წიგნიდან. მოგვიანებით, ეს შეხედულება მიიღო აპოლინარმა.

----------------------------------------------------

1 - იოანე დარელი, ზეციური და მიწიერი იერარქიის შესახებ; Vat. Syr. 100, 115v; იხ. Baumstark. 1902, გვ. 356 (სირიული ტექსტი), გვ. 357 (ლათინური თარგმანი).

2 - შდრ. 14, 24.


[XXVI]1

პეტრემ პირველი კათოლიკე ეპისტოლე რომიდან გაგზავნა. ევსევის თანახმად, მას თანამგზავრად ჰყავდა მარკოზ მახარებელი, რომელმაც იმ დროს რომაელთა თხოვნით შეადგინა სახარება, როგორც გადმოსცემენ კლიმენტი ჩანახატის მეექვსე წიგნში და პაპიას ჰიერაპოლისის ეპისკოპოსი. იგი მასში2 ახსენებს მარკოზს და ბაბილონის ქალაქს (1 პეტრე, 5.13)3.

-----------------------------------------------

1 - გიორგი სვინკელოსი, ქრონოგრაფია (Georgius Syncellus. Chronographiae. Ed. G. Dindorfius. Corpus Scriptorium Historiae Byzantinae 1. Bonnae, 1829, გვ. 62711-6).

2 - იგულისხმება პეტრეს ეპისტოლე.

3 - შდრ. ფრაგ. 3.15, 21.

 

[XXVII]1

და დიდი მოწამე მეთოდიოსი... ასევე ირინეოს ლუგდუნის2 ეპისკოპოსი და პაპიას ჰიერაპოლისის ეპისკოპოსი. პირველმა შეიმოსა მოწამის გვირგვინი, მომდევნო ორი კი სამოციქულო ადამიანები იყვნენ და თავიანთი ცხოვრების გზებით სასწაული გამოაბრწყინეს. თუმცაღა, თუკი ისინი ჭეშმარიტებას უგულებელყოფდნენ და შემცდარნი საუბრობდნენ საყოველთაო და საეკლესიო დოგმატის წინააღმდეგ, ამაში ჩვენ მათ არ მივყვებით, მეორე მხრივ კი, სრულიად არაფერს ვაკლებთ მათ მამობრივ ღირსებასა და დიდებას.

-------------------------------------------------

1 - ფოტიოსი, ეპისტოლე აკვილეის არქიეპისკოპოსის მიმართ, 24.21, PG 102, სვ. 813D-816A.

2 - ანუ ლიონის.

 

[XXVIII]1

იმ დროს მენბიჯში2 ცხოვრობდა დიდებული მოძღვარი, რომელსაც მრავალი (ნაშრომი) ჰქონდა (შექმნილი). მან დაწერა ხუთი (თხზულება) სახარების შესახებ. თავის იმ ნაშრომში, რომელიც მან იოანეს სახარების შესახებ შეადგინა, იგი აღნიშნავს:

"იოანე მახარებლის წიგნში არის (გადმოცემა) ქალის შესახებ, რომელიც მრუში იყო. და როდესაც იგი მიიყვანეს ჩვენს უფალთან, ქრისტესთან, - დიდება მას!, - მან უთხრა ებრაელებს, რომლებმაც იგი მასთან მიიყვანეს: "რომელი თქვენგანიც დარწმუნებულია, რომ უდანაშაულოა იმისაგან, რაშიც ეს ქალი არის დადანაშაულებული3, დაამოწმოს მის წინააღმდეგ, იმ (მტკიცებულებებით), რომლებიც ხელთ აქვს". და როდესაც უთხრა ეს მათ, არავინ გასცა პასუხი მათგან და ისინი წავიდნენ4.

-------------------------------------------------

1 - აღაპიოს ჰიერაპოლელი (IX-X სს.), მსოფლიო ისტორია, იხ. Patrologia Orientalis 7, სვ. 48-49/504-505 (არაბული ტექსტი ფრანგული თარგმანით). ფრანგულიდან გადმოღებული ჩვენი თარგმანი არაბულთან შეაჯერა ფილ. დოქტ. თამარ მოსიაშვილმა, რისთვისაც მას უღრმეს მადლობას მოვახსენებთ.

2 - ანუ ჰიერაპოლისში.

3 - იგულისხმება მრუშობის ცოდვა.

4 - შდრ. ფრაგ. 3.16, 4, 35.

 

[XXIX]1

ასე მაგალითად, ევსევი პამფილიელმა გადმოსცა ეკლესიასთან დაკავშირებული მოვლენები, დაიწყო ქრისტეს დროიდან და მიაღწია კონსტანტინე დიდის ხსენებამდე. მან თავისი ისტორია შეადგინა ფილონიდან2 და იოსებიდან3, კლიმენტი სტრომატევსიდან4 და ჰეგესიპოსიდან5, იპოლიტედან6 და პაპიასიდან ამოკრებილ ცნობებზე დაყრდნობით.

---------------------------------------------------

1 - ნიკიფორე კალისტოსი, ეკლესიის ისტორია, 1.1, PG 145, სვ. 605C.

2 - საუბარია ფილონ ალექსანდრიელის, თავისი დროის ერთ-ერთი მეტად გამოჩენილი და ნაყოფიერი მწერლის შესახებ.

3 - იგულისხმება იოსებ ფლავიუსი, ავტორი ისტორიული ნაშრომებისა იუდაური ომის ისტორია და იუდაურ სიძველეთა ისტორია.

4 - ანუ კლიმენტი ალექსანდრიელი, სტრომატას ("ხალიჩების") ავტორი.

5 - ადრექრისტიანული ხანის მწერალი, ჰეგესიპოსი, ცხოვრობდა ჰადრიანუსის ზეობისას (117-138 წწ.). მისი ყველა ნაშრომი დაკარგულია. მოღწეულია მხოლოდ მის შრომათა ცალკეული დამოწმებები სხვადასხვა ავტორებთან.

6 - სავარაუდოა, საუბარია იპოლიტე რომაელის შესახებ. მისი თხზულებები ეგზეგეტური და პოლემიკური შინაარსისაა.

 

[XXX]1

იოანეს სამი ეპისტოლედან, პირველის გარდა, დანარჩენ ორს მრავალი სადავოდ მიიჩნევს. არსებობს შეხედულება, რომ ისინი ეკუთვნის სხვას, უხუცეს იოანეს, რომელიც ეფესოში იოანესთან ერთად ცხოვრობდა, როგორც ამბობს პაპიას ჰიერაპოლელი, როდესაც გადმოსცემს, რომ ეფესოში იყო ერთი და იმავე სახელის, იოანეს, მქონე ორი საფლავი, რომელთაგან ერთს, ამბობს იგი, ეწოდებოდა "უხუცესისა", მეორეს კი "მოწაფისა". ხოლო როდესაც ჩამოთვლის მოციქულთაგან უხუცესებს, ამ ორსაც ახსენებს და ასე ამბობს: "ხოლო თუკი მოვიდოდა ვინმე, ვისაც ურთიერთობა ჰქონდა უხუცესებთან, ვეკითხებოდი უხუცესთა სიტყვების შესახებ, რა თქვა ანდრიამ, ან რა თქვა პეტრემ ან ფილიპემ ან თომამ ან იაკობმა, ან რა - იოანემ ან მათემ ან რომელიმე სხვამ უფლის მოწაფეთაგან, რას ამბობენ არისტიონი და უხუცესი იოანე. ვინაიდან, ვერ მივიღებდი იმდენ სარგებელს წიგნთაგან, რამდენსაც ცხოველი ხმისგან2. ზოგს ჰგონია, რომ მეორე და მესამე ეპისტოლეები, ასევე გამოცხადებაც, ამ უხუცესისაა, რომელიც ეფესოში ცხოვრობდა3.

---------------------------------------------------

1 - ნიკიფორე კალისტოსი, ეკლესიის ისტორია, 2.46, PG 145, სვ. 885CD.

2 - შდრ. ფრაგ. 3.7, 7.

3 - შდრ. ფრაგ. 3.6, 5.

 

[XXXI]1

ისინი2 საეპისკოპოსო მსახურებას ტრაიანუსის3 დრომდე აგრძელებდნენ, ვიდრე მისი საყვარელი მოწაფე ცოცხალი იყო. ამ დროისათვის გამორჩეული იქნა პოლიკარპეც აზიის სმირნაში, რომელიც ეპისკოპოსად იოანეს მიერ იქნა ხელდასხმული4, ხოლო პაპიას ჰიერაპოლელი, მჭევრმეტყველების ხელოვნებით შემკული და დიდად გამოცდილი წმინდა წერილში, წმინდად წინამძღვრობდა თავის ქალაქს5. მათ შემდეგ გაბრწყინდა წინასწარმეტყველური მადლით კოდრატოსიც და გამოირჩა ფილიპეს ქალიშვილებთან ერთად. და მათი თანამედროვე სხვაც იყო მრავალი, გაბრწყინებული სამოციქულო მადლით, ვისაც მოციქულთა შემდეგ მათი მემკვიდრეობა ხვდა წილად. წინამდებარე ისტორიაში თანმიმდევრულად იქნება ასახული მსგავსი ამბები კლიმენტის, იგნატის, პოლიკარპესა და პაპიასის შესახებ.

---------------------------------------------------

1 - ნიკიფორე კალისტოსქსანთოპულოსი, ეკლესიის ისტორია, 3.2, PG 145, სვ. 893D-896A.

2 - იგულისხმება მოციქულთა მემკვიდრეები.

3 - იმპერატორი ტრაიანუსი ზეობდა 98-117 წწ.

4 - ἐγκεχειρισμένος.

5 - შდრ. ფრაგ. 1.

 

[XXXII]1

იმ დროს, ასევე, რომში ბრწყინავდა კლიმენტი, გამოირჩა იგნატი ანტიოქიელიც, პაპიასიც, რომელიც იმყოფებოდა ჰიერაპოლისში და წერდა, პანკრატიოსიც და სმირნელთა წინამძღვარი პოლიკარპეც. ისინი პეტრეს მოწაფეები იყვნენ, პოლიკარპე კი, ამასთანავე, გულითადი მეგობარი (შდრ. იოანე, 13.23,25; 21.20).

---------------------------------------------------

1 - ნიკიფორე კალისტოსი, ეკლესიის ისტორია, 3.18, PG 145, სვ. 929D.

 

[XXXIII]1

1. და პაპიასი თავის ნაწერებში ამგვარად ამბობს:

2. "ვერ აიტანა ზეცამ მიწიერი მისი2 ჩანაფიქრები, რადგან სინათლესთან სიბნელეს არაფერი აქვს საერთო (შდრ. 2 კორ. 6.14). 3. იგი ჩამოგდებულ იქნა მიწაზე (გამოცხ. 12.9), რომ იქ ეცხოვრა, და როდესაც მოვიდა კაცობრიობა აქ, სადაც იგი იყო, (ამ უკანასკნელმა) არ მისცა მას ბუნებრივი საჭიროების მიხედვით მოქცევის შესაძლებლობა, არამედ აცთუნა იგი და მრავალ ბოროტებაში (ჩააგდო). 4. მაგრამ მიქაელი და მისი მხედრობა, რომლებიც სამყაროს მეთვალყურენი არიან, დაეხმარნენ კაცობრიობას, როგორც დანიელი ასწავლიდა (დან. 4.14, 12.1, 10.13,21), მისცეს მას (მოსეს) სჯული და განაბრძნეს წინასწარმეტყველები. 5. და ეს ყველაფერი წარმოადგენდა ომს გველის წინააღმდეგ, რომელიც (მუდმივად) წინ უყენებდა საცთურებს კაცობრიობას. 6. ამგვარად, მიაღწია ამ ომმა ზეცამდე, ქრისტემდე. 7. მაგრამ მოვიდა ქრისტე და მან კანონი, რომელიც შეუძლებელი იყო ყველა სხვისათვის (რომ. 8.3), მოციქულის თანახმად, საკუთარი სხეულით აღასრულა (ეფეს. 2.15; კოლ. 1.22; ებრ. 10.20,10; რომ. 7.4). 8. მან ცოდვას უკან დაახევინა და სატანა დაგმო, და სიმართლე საკუთრი სიკვდილის მეშვეობით ყველაზე განავრცო. 9. ხოლო როდესაც ეს მოხდა, განხორციელდა და აღსრულდა მიქაელისა და მისი მხედრობის, მეთვალყურეთა გამარჯვება, და გველს მეტად აღარ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა, რადგან ქრისტეს სიკვდილმა დასაცინი გახადა იგი და მიწაზე ჩამოაგდო. 10. ამასთან დაკავშირებით ქრისტემ თქვა: "ვხედავდი სატანას, ჩამოგდებულს ზეციდან ელვის ჩამოვარდნასავით" (ლუკა, 10.18). 11. ამ მნიშვნელობით გაიგეს მოძღვრებმა არა პირველი მისი დაცემა, არამედ მეორე, რომელიც ჯვარცმის მეშვეობით განხორციელდა. და ეს არ იყო (რომელიმე განსაზღრულ) ადგილას ჩამოგდება როგორც პირველად, არამედ მსჯავრდებისა და მომავალი სასჯელის მოლოდინი (შდრ. გამოცხ. 20.1-6)3. რადგან, ამასთანავე, იგი დამარცხდა ბრძოლაში, როგორც მან თავად თქვა, როცა ანტონის4 წინაშე აღიარა, რომ რაც მის შესახებ ფსალმუნში (იყო დაწერილი), აღსრულდა: "მტრის იარაღი ბოლომდე განადგურდა" (ფს. 9.7). ვინაიდან განსაჯა ის ქრისტემ და იგი სრულიად დაეცა. ხოლო მოძღვრები გადმოსცემენ, რომ ამ დაცემამდე მას5 იმედი ჰქონდა უწინდელი დიდების დაბრუნებისა, და ამიტომაც განვარდა გარეთ"6.

ამის შესახებ მოაქვს ირინეოსს იუსტინე მარტვილის შემდგომი სიტყვები.

-------------------------------------------------------------

1 - ანდრია კესარიელი, განმარტება გამოცხადების წიგნზე, 12.7-9 (ურჩხულის ჩამოგდება ზეციდან დედამიწაზე), კონსტანტინე ჰიერაპოლელის თავისუფალი სომხური თარგმანიდან. სომხური ტექსტისთვის იხ. The Apostolic Fathers in English. Ed. M. W. Holmes. Grand Rapids: Baker Academic, 2006, გვ. 762, ფრაგ. 23 (სომხური ტექსტი); F. Siegert. Unbeachtete Papiaszitate bei armenischen Schruftstellen. New Testamment Studies 27/5. Cambridge: Cambridge University Press, 1981, გვ. 606 (სომხური ტექსტის ლათინური ტრანსკრიფცია და გერმანული თარგმანი). ამ მონაკვეთისთვის ზიგერტმა გამოიყენა ფრაგმენტის 1855 წლის გამცოემა, რომელიც ემყარებოდა იერუსალიმის 3 ხელნაწერს (უადრესი თარიღდება 1306 წლით), და ვენის მეხითარისტების ბიბლიოთეკის XIII-XIV სს. და XVIII-XIX სს-ის ორი ნუსხა (Basil Lourie. "An Unknown Danielic Pseudepigraphon from an Armenian Fragment of Papias". Journal for the Study of the Pseudepigrapha 21/4 (June, 2012): 323-339. შდრ. ფრაგ. 10 და 11.

2 - ანუ სატანის.

3 - მალიუგინის გამოცემაში ფრაგმენტი აქ მთავრდება (2002, გვ. 88, ფრაგ. 25).

4 - საუბარია ანტონი დიდის, ეგვიპტელი ასკეტის შესახებ.

5 - ანუ სატანის.

6 - ანდრია კესარიელის ეს ფრაგმენტი ბერძნულადაც არის შემორჩენილი, თუმცა მასში პაპიასის ნაშრომის დამოწმებას სულ ორიოდე სტრიქონი უკავია. ეს ტექსტი ქართულად მოღწეულია ეფთვიმე ათონელის თარგმანით. მასშ პაპიასის ნაცვლად დასახელებულია დიონისე, სავარაუდოდ, არეოპაგელი, თუმცა ამ უკანასკნელის შრომებში მსგავსი შინაარსის მონაკვეთი არ იძებნება. ქართულ თარგმანში აღნიშნულია: "12.7-8. და ესეცა პირველისა მის დაცემისა მისისათჳს არს და მეორისათჳსცა, რაჟამს დაეცა ვნებითა უფლისაჲთა, რომელი გარდამოვარდა ზეცით ამპარტავანებისაგან და შურისა მისისა, რომლისა ამპარტავანებასა  ვერ თავს-იდებდეს ანგელოზნი მთავარსა მათსა მიქაელს თანა და ამისთჳს გარდამოაგდეს ღმრთისა ბრძანებითა, ვითარცა იეზეკიელ იტყჳს: ქერობინთა მიერ გამოიდევნა იგი შორის ქვათა ცეცხლისათა, რომელ არიან მჴედრობანი ანგელოზთანი, რამეთუ იპოვა მის თანა უშჯულოებაჲ. და კუალად ჯუარ-ცუმასა უფლისასა სრულიად დაეცა იგი, ვითარცა უფალმან თქუა, ვითარმედ: აწ საშჯელი არა სოფლის-მპყრობელისაჲ, აწ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ განიდევნოს თჳსისა მის მძლავრებისაგან. ხოლო ესე საცნაურ იყავნ. ვითაჲმედ შემდგომად ხილულისა ამის სოფლისა დაბადებისა გარდამოვარდა ზეცით ეშმაკი თჳსითა ამპარტავანებით. და შურითა, რომლისადა ჰაერთა ერისთვობაჲ რწმუნებულ იყო პირველ, ჳითარცა მოციქული იტყჳს. და კუალად დიდი დიონოსი იტყჳს, რაჟამს ანგელოზთათჳს იტყოდა, ვითარმედ: რომელთამე მათგანთა წესიერობის მის ქუეყანისა მთავრობაჲ მისცა და კეთილად მთავრობად ამცნო, არამედ არად მოჰჴდა აღსრულებაჲ მათისა მჴედრობისაჲ. 12.9. რამეთუ ვერ თავს-იდებდა ცაჲ გონებასა მას ბოროტსა, რამეთუ ბნელისაჲ ნათლისა თანა ზიარებაჲ არა არს. ხოლო ეშმაკი გამოითარგმანების: შემასმენელ, რამეთუ შემასმენელი არს სათნოებათაჲ და კაცთაჲ და ღმრთისაჲცა, ვითარცა-იგი ადამის თანა შეასმენდა, ვითარმედ: გეშურებისო. ხოლო სატანა გამოითარგმანების: წინააღმდგომ, რამეთუ წინააღმდგომ არს ღმრთისაცა და კაცთა. ხოლო სრულიად დაცემაჲ მისი იქმნა შემდგომად ჯუარ-ცუმისა, ვითარცა მან თჳთ აღუვარა მამასა ანტონის აღსრულებად მის ზედა სიტყუასა მას ფსალმუნისასა, ვითარმედ: მტერისა მახჳლსა მოაკლდა სრულიად. დაცემაჲ უკუე მისიარს ბოროტთა მათ ჴელოვნებათა მისთა დარღუევაჲ" (იოვანეს გამოცხადება და მისი თარგმანების ძველი ქართული ვერსია. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ი. იმნაიშვილმა. თსუ ძელი ქართული ენის კათედრის შრომები 7. თბილისი: თბილისის სახ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1961, გვ. 76-77).

 

[XXXIV]1

ხოლო ალოე, რომელიც მიიტანეს (შდრ. იოანე, 19.39)2, ზოგიერთების თქმით, ზეთისა და თაფლის ნაზავი იყო. მაგრამ სინამდვილეში ალოე წარმოადგენს გუნდრუკის სახეობას. გეოგრაფი3 და პაპიასი4 გადმოსცემენ, რომ ინდოეთში თხუთმეტი სახეობის ალოე არსებობს5, და ოთხი მათგანი ძვირფასი ალოეა, რომელთა სახელებიც ასეთია: ნიკრე, ანდრატარაზი, ჟერავორი, ძაკოტკენი. აქედან იყო ის (სახეობაც), რომელიც უფლის დაკრძალვაზე მიიტანეს იოსებმა6 და ნიკოდემოსმა, ვინაიდან მდიდარნი იყვნენ (შდრ. მათე, 27.57), და რომელიც ითქვა, (რომ იყო) ასი ლიტრა (იოანე 19.39).

-----------------------------------------

1 - ვარდან ვარდაპეტი (XII-XIII ს.), წმინდა წერილის განმარტება, კონსტანტინე ჰიერაპოლელის სომხური თარგმანიდან. ფრაგმენტის გამცოემისათვის იხ. Évariste Prud'homme. "Extraits du livre intitulé Solutions de passages de l'Écriture sainte, écrites à la demande de Héthoum I, roi d'Arménie, par le vardapet Vardan, traduits de l'arménien vulgaire sur le texte original". Jurnal Asiatique, sér 6, t. 9 (1867): 147-204, გვ. 158 (სომხური ტექსტი ფრანგული თარგმანით). მასში დაცულია მონაკვეთი: "გეოგრაფი და პაპიასი - ძაკოტკენი". ამავე ფრაგმენტის უფრო ვრცელი ნაწყვეტისათვის იხ. Siegert, 1981, გვ. 608 (სომხური ტექსტის ლათინური ტრანსკრიფცია და მისი გერმანული თარგმანი).

2 - მაცხოვრის საფლავზე ალოე მიიტანა ნიკოდემოსმა, მაცხოვრის საიდუმლო მოწაფემ, რომელიც ფარისველი და სინედრიონის წევრი იყო.

3 - პრიუდომის განმარტებით ეს მოსე ხორენელია.

4 - სომხური ტექსტის პაპიასი (Պապիաս) პრიუდომს ფრანგულ თარგმანში გადმოაქვს, როგორც "პაპუსი" (Pappus).

5 - მალიუგინის გამოცემაში ფრაგმენტი აქ მთავრდება (2002, გვ. 88, ფრაგ. 26).

6 - იოსებ არიმათიელმა პილატეს სთხოვა იესოს ჯვრიდან ჩამოხსნის ნება, მაგრამ ალოე მას არ მიუტანია, ალოე მიიტანა ნიკოდემოსმა (იოანე, 19.38-39).

 

[XXXV]1

ის მონათხრობი მრუში ქალის შესახებ, რომელიც სხვა ქრისტიანებმა ჩაწერეს თავიანთ სახარებაში, დაწერილი იყო ვინმე პაპიასის, იოანეს მოწაფის მიერ2, რომელიც მწვალებლობას ქადაგებდა და (ამის გამო) განიკვეთა3. ამის შესახებ თქვა ევსევიმ4. შემდგომში კი ეს მათაც დაწერეს. სხვაგან დასტურდება ის ფრაზაც, რომელიც პილატეს დაუწერია: "ჰურიათა მეფე", და რომელიც, - ამბობს იგი, - დაწერილი იყო ებრაულად, დალმატიურად5 და ბერძნულად, ზედა (ნაწილში ჯვრისა) (შდრ. ლუკა, 23.38).

-----------------------------------------

1 - ვარდან ვარდაპეტი (XII-XIII ს.), წმინდა წერილის განმარტება, კონსტანტინე ჰიერაპოლელის სომხური თარგმანიდან. ფრაგმენტის გამცოემისათვის იხ. Évariste Prud'homme, 1867, გვ. 167-168 (სომხური ტექსტი ფრანგული თარგმანით), Siegert, 1981, გვ. 609 (სომხური ტექსტის ლათინური ტრანსკრიფცია და მისი გერმანული თარგმანი).

2 - შდრ. ფრაგ. 3.16, 4.28.

3 - ამის შესახებ არავითარი ცნობა არ არსებობს და ვარდაპეტის ეს გადმოცემა სხვა წყაროებით არ დასტურდება.

4 - ევსევი კესარიელი, ეკლესიის ისტორია, 3.39.17 (იხ. პაპიასი, ფრაგ. 3.16 და 4). მალიუგინის გამოცემაში ფრაგმენტი აქ მთავრდება (2002, გვ. 88, ფრაგ. 27).

5 - იგულისხმება ლათინურად.


მთარგმნელ შემდგენელი ვიქტორია ჯუღელი

გამომცემლობა "ლოგოსი", "სამოციქულო მამები", თბილისი, 2014.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 16 JANUARY 2019 14:20)