Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ბარნაბას ეპისტოლეს უადრესი დამოწმებები გვხვდება კლიმენტი ალექსანდრიელთან და ორიგენესთან, საიდანაც ჩანს, რომ მათ დროს იგი ავთენტური და კანონიკურ ტექსტად იყო მიჩნეული. კლიმენტი ალექსანდრიელი წერილის ავტორს უწოდებს "მოციქულ" და წინასწარმეტყველ ბარნაბას", "რომელიც ასევე ქადაგებდა პავლე მოციქულთან ერთად წარმართების წინაშე". ორიგენე ახსენებს ეპისტოლეს, როგორც "ბარნაბას კათოლიკე ეპისტოლეს" და იმოწმებს მის 5.9 მონაკვეთს. ერთი საუკუნის შემდეგ ბარნაბას და მის ეპისტოლეს რამდენჯერმე ახსენებს ევსები კესარიელი ეკლესიის ისტორიაში, მაგრამ უკვე როგორც არაავთენტურ ნაშრომს. იგი შენიშნავს, რომ "სხვა მოციქულები სამოცდაათნი იყვნენ, ერთ-ერთი მათგანი კი იყო ბარნაბა" (2.1.4, იხ ასევე, 2.25.1, 6.13.4, 6.14.1), და რომ "არაავთენტურ თხზულებათა შორის აღირაცხება... ეპისტოლე, რომელსაც ბარნაბას დაწერილად მიიჩნევენ". IV ს-ში ბარნაბა მოციქულის ეპისტოლეს ახსენებენ სერაპიონ თმუისელი და იერონიმე, თუმცა ორივე მათგანი ამ წერილს აპოკრიფულ ნაშრომებს მიათვლის. ვინაიდან ბარნაბას ეპისტოლეს ადრეული მოხსენიებები ალექსანდრიელ მამებს უკავშირდება, და რადგანაც ეპისტოლეს წერის სტილი უკიდურესად ალეგორიულია, ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს ტექსტი ალექსანდრიულ საღვთისმეტყველო სკოლაში იქნა შედგენილი, ზოგი კი, მიუხედავად ამისა, ეპისტოლეს სირიულ-პალესტინურ წრეებს მიაკუთვნებს (ვ. ჯუღელი)

 

თავი I

მისალმება და წერილის დაწერის მიზანი


1. მოგესალმებით, ვაჟებო და ქალიშვილებო, უფლის სახელით, რომელმაც შეგვიყვარა ჩვენ, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა! 2. იმდენად დიდებულია და უხვი თქვენთვის მონიჭებული განგებანი1 ღვთისა, იმდენად ჩანერგილი გაქვთ მადლი სულიერი საბოძვარისა, რომელიც მიგიღიათ, რომ ამის გამო უზომოდ ვხარობ თქვენი ნეტარი დ სახელოვანი სულებისათვის. 3. ამის გამო განსაკუთრებით ვხარობ საკუთარი თავის გამოც, რადგან ვიმედოვნებ, რომ მეც ვცხონდები, რადგან ჭეშმარიტად ვხედავ თქვენში სულიწმინდას, თქვენზე გადმოღვრილს (საქმე 2.18; ტიტ. 3.6) საუფლო წყაროს საგანძურიდან. ესოდენ განმაცვიფრებელი აღმოჩნდა ჩემთვის თქვენი დიდადსაწადელი ხილვა. 4. დავრწმუნდი ამაში, გავაცნობიერე საკუთრ თავში, რომ მას შემდეგ, რაც თქვენთან ვისაუბრე, მრავალ რამეს მივხვდი, რომ სიმართლის გზაზე უფალი მექცა თანამგზავრად2, და მეც საკუთრ თავს მთლიანად, დაჟინებით, იმისკენ მივმართავ, რომ შეგიყვაროთ საკუთარ სულზე მეტად, ვინაიდან მისმიერი სიცოცხლის იმედით დიდი რწმენა და სიყვარული სახლობს თქვენში. 5. ვინაიდან დავფიქრდი იმაზე, რომ თუკი ვიზრუნებ, გადმოგცეთ იმის ნაწილი, რაც თავად მიმიღია, ასეთი სულების დახმარება მე საზღაურად მექცევა, (ამიტომ) ვიჩქარე, გამომეგზავნა თქვენთვის მცირედი, რათა რწმენის გარდა სრული ცოდნის მფლობელნიც გამხდარიყავით. 6. მაშასადამე, არსებობს უფლის სამი სწავლება:

ცხონების იმედი - ჩვენი რწმენის თავი და ბოლო,

სამართლიანობა - სამსჯავროს თავი და ბოლო,

სიყვარული - სასიხარულო და სამხიარულო, სამართლიანობით აღსრულებულ საქმეთა მოწმობა3.

7. მეუფემ წინასწარმეტყველთა მეშვეობით გვამცნო ადრინდელ და ახლანდელ მოვლენათა შესახებ, და მოგვცა საშუალება, დაგვეგემოვნებინა მომავალში მოსახდენ მოვლენათა პირველნაყოფები. ხოლო ვინაიდან ვხედავთ, რომ უკვე აღსრულდა, ისე, როგორც მან თქვა, თითოეული მათგანი, გვმართებს, უფრო მეტი (სულიერი) სიმდიდრითა და ამაღლებულობით წარვემატოთ მისი მოშიშების მიმართ4. 8. მე არა როგორც მოძღვარი, არამედ როგორც ერთი თქვენგანი გიჩვენებთ მცირეოდენს, რომლის გამოც თქვენ ახლავე აღივსებით სიხარულით.

------------------------------------------------------------------

1 - δικαίωμα - სიტყვასიტყვით "სიმართლე", "სამართალი", "განმართლება", "განგება", "მცნება". ეს სიტყვა ტექსტში კიდევ შვიდჯერ არის გამოყენებული (2.1; 4.11; 10.2,11; 16.9; 21.1,5). გიორგი მთაწმინდელის ახალი აღთქმის ძველ ქართულ თარგმანში იგი გადმოღებულია, როგორც "სიმართლე", "სამართალი" და "განმართლება" (იხ. რომ. 2.26; 5.16; I კორ. 4.4; 9.1.10; გამოცხ. 15.4; 19.8).

2 - ეს სიტყვები მიიჩნევა წერილის ორივე ნაწილის (1-17 და 18-21) ერთიანობის მამტკიცებელ ერთ-ერთ არგუმენტად (Épître de Barnabé, 1971, გვ. 75, შენ. 4).

3 - სწავლებები (δόγματά) ტექსტში რამდენჯერმეა ნახსენები და ყოველ მათგანს ახლავს რიცხობრივი სათვალავი, კერძოდ, რიცხვი სამი. შდრ. 8.4; 9.7; 10.1,9,10. დაწვრილებით იხ. (Épître de Barnabé, 1971, გვ. 76, შენ. 2, გვ. 197, შენ. 5).

4 - მონაკვეთი ὀφείλομεν πλουσιώτερον καὶ ὑψηλότερον προσάγειν τῷ φόβῳ αὐτοῦ, მკვლევარებს სხვადასხვაგვარად აქვთ თარგმნილი. ლაითფუტთან მოცემულია შემდეგი თარგმანი: "we ought to offer a richer and higher offering to the fear of Him" ("გვმართებს შევწიროთ უფრო მდიდრული და ამაღლებული შესაწირავი მის მოშიშებას", 1907, გვ. 269), კრიტიკულ გამოცემაში კი იგი ამგვარად არის გადმოღებული: "nous devons avancer dans sa crainte par une vie plus riche et plus élevée" ("ჩვენ მის მოშიშებას უნდა მივაგოთ უფრო მდიდრული და უფრო ამაღლებული ცხოვრება", გვ. 79). აღსანიშნავია, რომ ლაითფუტის თარგმანს ეხმიანება თხზულების ლათინური თარგმანი, რომელშიც ეს მონაკვეთი ასე იკითხება: "honestius et altius accedere ad aram illius" ("უფრო პატიოსნად და ამაღლებულად მიმთხვევა მის საკურთხეველთან", PL. 2, სვ. 729-730 A).


თავი II

ღვთისთვის სასურველი შესაწირავი

1. მაშინ, როდესაც უკეთური დღეები დგას და ძალაუფლება ხელთ მოწინააღმდეგეს უპყრია (ლუკა 4.6; 22.53), თავად გვმართებს ყურადღებით ყოფნა და უფლის სჯულდებათა1 შესწავლა. 2. ჩვენი რწმენის დამხმარეები არიან მოშიშება და შეუპოვრობა, ჩვენი თანამებრძოლნი კი მოთმინება და თავშეკავება2. 3. სანამ ისინი3 წმინდად რჩებიან ღვთის წინაშე, მათთან ერთად ხარობენ სიბრძნე და კეთილგონიერება, ცოდნა და შემეცნება. 4. უფალმა ყველა წინასწარმეტყველის მეშვეობით განგვიცხადა, რომ მას არ სჭირდება არც ზვარაკი, არც ყოვლადდასაწველი და არც შესაწირავი, როდესაც თქვა: 5. "რას ვაქნევ თქვენს საკლავთა სიმრავლეს? - ამბობს უფალი. - გამაძღარი ვარ ყოვლადდასაწველით, ვერძთა ქონი და ხართა და თხათა სისხლი არ მინდა, არც როდესაც ჩემს სახილველად მოხვალთ. რადგან ვინ ითხოვა ეს ყველაფერი თქვენს ხელთაგან? ნუღარ გამითელავთ ეზოს. თუკი იფქლი მოგაქვთ, სულ ამაოდ; საკმეველი საძაგელია ჩემთვის; თქვენი "ახალმთვარეობები" და "შაბათები" ვერ ამიტანია"4 (შდრ. ესაია, 1.11-14). 6. ამგვარად, გააუქმა ეს ყველაფერი, რადგან ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ახალი კანონი, რომელიც თავისუფალია აუცილებლობის უღლისაგან, არ ღებულობს ადამიანთა ხელით შექმნილ შესაწირავს. 7. კიდევ ერთხელ ამბობს იგი მათ მიმართ: "განა ვუბრძანე მე თქვენს მამებს, რომლებიც ეგვიპტიდან გამოვიდნენ, ყოვლადდასაწველი და დასაკლავი მოერთმიათ ჩემთვის?" (იერ. 7.22-23). 8. არამედ ეს ვუბრძანე მათ: "თითოეული თქვენგანი მოყვასის წინააღმდეგ თავის გულში ნუ ჩაიდებს ავს და ცრუ ფიცილი ნუ გეყვარებათ" (ზაქ. 8.17, 7.10). 9. ამდენად, რადგანაც არ ვართ უგუნურები, უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი მამის სიკეთის მნიშვნელობა, რადგან ამას გვეუბნება ჩვენ, ვინაიდან სურს, რომ არ ავცდეთ გზასიმათ მსგავსად, არამედ ვეძიოთ, როგორ მივეახლოთ მას. 10. ამგვარად გვეუბნება ჩვენ: "შესაწირავი ღვთისთვის გულია მოდრეკილი, ნელსურნელების სურნელი ღვთისთვის ის გულია, რომელიც ადიდებს თავის შემოქმედს5" (ფს. 50.19). ამიტომაც, ყურადღება გვმართებს, ძმებო, ჩვენი ცხონების მიმართ, რათა ბოროტმა ჩვენში საცთურის შემოსასვლელი ვერ შექმნას და შურდულივით არ განგვტყორცნოს ჩვენი სიცოცხლისაგან.

------------------------------------------------------------

1 - δικαίωμα, შდრ. 1.2.

2 - ἐγκράτεια.

3 - ეს სათნოებანი.

4 - შდრ. კლიმენტი ალექსანდრიელი, პედაგოგოსი, 3.89-91; ირინეოსი, მწვალებლობათა წიააღმდეგ, 4.17.1-4.

5 - შდრ. კლიმენტი ალექსანდრიელი, პედაგოგოსი, 3.90.4; ირინეოსი, მწვალებლობათა წიააღმდეგ, 4.17.1-2.

 

თვი III

ღვთისთვის სასურველი მარხვა

1. კვლავაც ეუბნება მათ ამ ყველაფრის შესახებ: "რისთვის მარხულობთ ჩემთვის, - ამბობს უფალი, - იმისათვის, რომ დღეს თქვენი ხმა გოდებით ისმოდეს? არ ამირჩევია მე ასეთი მარხვა, - ამბობს უფალი, - არც ადამიანი, რომელიც საკუთარ სულს გვემს1. 2. ვერც მაშინ, თუკი რკალივით მოიდრეკთ თქვენს ქედს და ძაძას შეიმოსავთ და ქვეშ ნაცარს დაიგებთ, ვერც მაშინ უწოდებთ მარხვას საამოს ჩემთვის" (ესაია 58.4-5). 3. ჩვენ კი გვეუბნება: "აი, ეს არის მარხვა, რომელიც მე ავირჩიე, - ამბობს უფალი, - დაწყვიტე ბოროტების ყოველი საკვრელი, დაარღვიე ძალადობრივი უღლის აპეურები2, გაუშვი ტანჯულნი თავისუფლად და ნაკუწებად აქციე ყოველი უსამართლო საბუთი. მოუტეხე შენი პური მშივრებს და, თუ შიშველს დაინახავ, შემოსე იგი. შეიყვანე უსახლკარო შენს სახლში და, თუ ღარიბს დაინახავ, ნუ დაჰხედავ ზემოდან, ნურც მათ, ვინც შენი გვარტომის სანათესავოდანაა. 4. მაშინ გამოარღვევს დილით შენი ნათელი და შენი განკურნებაც სწრაფად მოხდება, წინ გაგიძღვება სიმართლე და გარსშემოგეხვევა ღვთის დიდებულება. 5. მაშინ მოუხმობ და ღმერთი მოგისმენს შენ, კვლავ შეჰღაღადებ, იგი კი იტყვის: "აი, აქა ვარ" (ეს კი მოხდება), თუ ხლართების დაგებას, თითის გაშვერას და დრტვინვას შეწყვეტ, თუ შენი გულიდან მისცემ მშიერს შენს პურს, და სულს შეურაცხყოფილს თუ თანაუგრძნობ3" (შდრ. ესაია 58.6-10). 6. ამისათვის, ძმებო, სულგრძელმა ღმერთმა, ვინაიდან განჭვრიტა წინასწარ, რომ ხალხს, რომელიც მან თავის საყვარელს4 (ძეს) მოუმზადა, შეუმღვრეველი ექნებოდა რწმენა, ყველა საკითხის შესახებ წინასწარ მოგვცა ცოდნა, რათა არ დავღუპულიყავით იუდეველთა კანონზე მოქცევით5.

----------------------------------------------------------------

1 - ταπεινοῦντα, სიტყვასიტყვით: ამდაბლებს.

2 - ესაია წინასწარმეტყველის შესაბამის ტექსტში მოცემულია: "დაწყვიტო უღლის აპეურები".

3 - კლიმენტი ალექსანდრიელი, პედაგოგოსი, 3.89-90; მისივე, ხალიჩები, 2.79.1; ირინეოსი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 4.17.2.

4 - საყვარელი (ἠγαπημένος) პირველად გამოყენებულია ესაია წინასწარმეტყველთან მიმართებაში (παῖς μου ᾿Ιακὼβ καὶ ἠγαπημένος ᾿Ισραήλ, 44.2), ახალ აღთქმაში კი დასტურდება მათესა (3.17, 12.18) და მარკოზის (1.11) სახარებებში, ძე ღმერთთან დაკავშრებით. შდრ. იგნატი ანტიოქიელი, ეპისტოლე სმირნელთა მიმართ, პროლოგი. დაწვრილებით იხ. Épître de Barnabé, 1971, გვ. 91-92, შენ. 2.

5 - სიტყვასიტყვით: რათა მათ კანონს არ შევმსხვრეოდეთ, როგორც ახალმოქცეულები (ὡς προσήλυτοι, "ახალმოქცეულები", Épître de Barnabé, 1971, გვ. 92; ὡς ἐπήλυτοι, "მოსულები", Lightfoot, 1907, გვ. 245).


თავი IV

საშინელი სამსჯავროს მოახლოება. რწმენისა და სულიერი სიწმინდისაკენ მოწოდება

1. ამდენად, გვმართებს, უფრო მეტად გამოვიკვლიოთ ეს საკითხები, რათა მოვიძიოთ ის, რასაც ჩვენი ცხონება შეუძლია. ჩვენ მთლიანად უნდა გავექცეთ უკანონობის ყოველგვარ საქმეს, რათა უკანონო საქმეებმა არ დაგვიმორჩილოს, უნდა მოვიძულოთ ახლანდელი ხანის ცთომილება, რათა შეგვიყვარონ ჩვენ მომავალში. 2. არ მივცეთ საკუთარ სულს მოცალეობა, რათა ვერ მოიპოვოს მან უკეთურ და უწმინდურ ადამიანებთან შეერთების შესაძლებლობა, რათა მათ არ დავემსგავსოთ. 3. უკანასკნელი საცთური, რომლის შესახებაც დაწერილია, როგორც ამას ენოქი ამბობს, მოახლოვდა. ამის გამო შეამცირა დრონი და დღენი მეუფემ, რათა იჩქაროს მისმა საყვარელმა (ძემ) და მიეახლოს თავის მემკვიდრეობას. 4. რადგან ამგვარად ამბობს წინასწარმეტყველი: "ათი სამეფო იმეფებს დედამიწაზე და აღდგება მათ უკან მცირე მეფე, რომელიც სამს დაუმორჩილებს ერთ-ერთს მეფეთაგან" (შდრ. დან. 7.24). 5. ამგვარადვე ამბობს ამის შესახებ დანიელი: "და ვიხილე მეოთხე მხეცი, ბოროტი, ძალმოსილი და დედამიწის1 ყველა მხეცზე უფრო სასტიკი, და ვიხილე, როგორ ამოვიდა მისგან ათი რქა, და მათგან ამონაზარდი პატარა რქა, და როგორ დაამდაბლა სამი დიდი რქა ერთის წინაშე" (შდრ. დან. 7.7-8). 6. თქვენ ეს უნდა გაიაზროთ. ამას გარდა, ამას გთხოვთ თქვენ, როგორც ერთი თქვენგანი, რომელსაც განსაკუთრებულად მიყვარხართ ყველანი, ჩემს სულზე მეტად, ყურადღებით მოეკიდეთ ახლა საკუთარ თავს და ნუ მიემსგავსებით თქვენ შორის მყოფ ადამიანებს, რომლებიც ცოდვებს იგროვებენ და ამბობენ, რომ მათი აღთქმა ჩვენც გვეკუთვნის2. რადგან იგი ჩვენია, მათ კი საბოლოოდ დაკარგეს იგი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის მოსესგან მიიღეს. 7. ვინაიდან წმინდა წერილი ამბობს: "და იყო მოსე მთაზე, მარხულობდა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, და მიიღო აღთქმა უფლისაგან, ქვის ფიქალები, დაწერილი უფლის ხელის თითით" (გამოსვლ. 31.18. 34.28). 8. მაგრამ ისინი მიბრუნდნენ კერპებისაკენ და დაკარგეს იგი. რადგან ამგვარად ეუბნება უფალი: "მოსე, მოსე, სწრაფად ჩადი, რადგან უსჯულო გახდა ერი შენი, რომელიც ეგვიპტის მიწიდან გამოიყვანე" (გამოსვლ. 32.7). და მიხვდა მოსე და გადააგდო ორი ფიქალი თავის ხელთაგან, და დაამსხვრია მათი აღთქმა, რათა საყვარელი იესოს აღთქმა ჩვენს გულებში ყოფილიყო ჩაბეჭდილი, მისი რწმენის სასოებაში. 9. მრავალი რამ მინდა დავწერო, არა როგორც მოძღვარმა3, არამედ როგორც შეჰფერის თქვენს მოყვარულს, რომ არ დაკარგოთ ის, რაც გვაქვს. ამისათვის, უნარჩევესმა4 (შდრ. I კორ. 4.13) თქვენ შორის, საწერად განვისწრაფე. ამიტომაც, ყურადღებით უნდა მივუდგეთ უკანასკნელ დღეებს. ვინაიდან არას გვარგებს მთელი ჩვენი ცხოვრებისა და რწმენის ხანგრძლივობა, თუკი ახლა, ამ უსჯულოების ხანაში და მომავალი საცთურებისას, წინ არ აღვუდგებით ისე, როგორც ღვთის ძეთ შეჰფერის, იმისათვის, რომ ვერ შესძლოს შავმა ძალამ5 ჩვენში შემოსასვლელის პოვნა6. 10. გავექცეთ ყოველგვარ ამაოებას, ყოველმხრივ მოვიძულოთ საქმეები ბოროტი გზისა7. ჩაღრმავებულნი საკუთარ თავში, ნუ მიეცემით განდეგილურ ცხოვრებას, როგორც უკვე განმართლებულნი, არამედ ერთ ადგილას შეიკრიბეთ და ითათბირეთ საერთო სარგებლის შესახებ8. 11. რადგანაც ამბობს წმინდა წერილი: "ვაი მათ, ვინც ბრძენნი არიან საკუთარ თვალში და მცოდნენი საკუთარ თავთა წინაშე" (ესაია 5.21). გავხდეთ სულიერნი, გავხდეთ სრულყოფილი ტაძრები ღვთისათვის9. ვიწვართოთ ღვთის მოშიშება (ესაია 33.18), რამდენადაც ეს შეგვიძლია, ვიასპარეზოთ მის მცნებათა დასაცავად, რათა ვიხაროთ მისი სჯულდებებით10. 12. უფალი მიუკერძოებლად განსჯის სამყაროს, თითოეული იმას მიიღებს, რაც ჩაიდინა. თუკი კეთილი იყო, მისი სიმართლე წინ გაუძღვება მას, ხოლო თუ ბოროტი - ბოროტების საზღაური იქნება მის წინაშე (შდრ. რომ. 2.5-8). 13. ყურადღებით ვიყოთ, რათა ჩაძინებული სტუმრებივით არ მივეცეთ თვლემას ჩვენს ცოდვებში და ბოროტმა მთავარმა არ მოიპოვოს ბატონობა ჩვენზე და არ განგვაშოროს უფლის სასუფეველს. 14. ესეც შეიმეცნეთ, ჩემო ძმებო: როდესაც ხედავთ, რომ ამდენ ნიშანთა და სასწაულთა შემდეგ, რომლებიც მოხდა ისრაელში, უფალმა მაინც მიატოვა ისინი, ყურადღებით ვიყოთ, რომ არ აღმოვჩნდეთ, როგორც დაწერილია: "მრავალნი არიან მოწვეულნი, მაგრამ მცირედნი - რჩეულნი" (მათე 22.14).

-------------------------------------------------------------------

1 - ეს არის სინური ხელნაწერის იკითხვისი. ბერძნული კრიტიკული გამოცემის ძრითად ტექსტში იკითხება τῆς θαλάσσης ("ზღვის", გვ. 94), იერუსალიმური ხელნაწერისა და ძველი ლათინური თარგმანის შესაბამისად.

2 - ἡ διαθήκη ἡμῶν μένει ἐκείνοις (Lightfoot, 1907, გვ. 246). შდრ. კრიტიკული გამოცემა:  ἡ διαθήκη ἡμῶν  ἡμῖν μένει (Épître de Barnabé, 1971, გვ. 96). ამ მონაკვეთში კონტექსტთან ყველაზე მეტად შესაფერისი იკითხვისი დაცულია ძელ ლათინურ თარგმანში: "testamentum illorum et nostrum est" და ჩვენც მას მივმართავთ სათარგმნად.

3 - შდრ. 1.8.

4 - περίψημα, სიტყვასიტყვით "სიბინძურე", "ნაგავი". შდრ. აქვე, 6.5; ასევე, იგნატი ანტიოქიელის ეპისტოლე ეფესელთა მიმართ 8.1, გვ. 111, შენ. 4.

5 - შდრ. 20.1.

6 - მონაკვეთი "იმისათვის, რომ ვერ შესძლოს შავმა ძალამ ჩვენში შემოსასვლელის პოვნა" ლაითფუტის გამოცემაში (1907, გვ. 246) ასრულებს წინადადებას, კრიტიკულ გამოცემაში კი იწყებს (გვ. 100).

7 - შდრ. 4.1, თ. 20.

8 - შდრ. დიდაქე, 16.2.

9 - შდრ. 6.15, 16.7-10.

10 - δικαίωμα, შდრ. 1.2.


თავი V

ახალი აღთქმა - გზა ცხონებისკენ. მაცხოვრის ვნების მიზეზი

1. უფალმა იმის გამო დაითმინა თავისი სხეულის1 მიცემა სიკვდილისათვის, რომ განვწმენდილიყავით ცოდვათა მიტევებით, ანუ მისი სისხლის პკურებით2 (I პეტრე 1.2; შდრ. ლევ. 16.14-16). 2. ზოგი რამ მასთან დაკავშრებით ისრაელისთვის არის დაწერილი, ზოგი კი ჩვენთვის. წმინდა წერილი ასე ამბობს: "იგი იწყლა ჩვენი უსჯულოებების გამო და იგვემა ჩვენი ცოდვების გამო, მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ; როგორც ცხვარი, დასაკალავად იქნა წაყვანილი და როგორც კრავი, უხმოდ იდგა თავისი მპარსველის წინაშე" (ესაია 53.5,7). 3. ამგვარად, დიდად უნდა ვემადლიერებოდეთ უფალს, რადგან მან გვამცნო წარსული, განგვაბრძნო ახლანდელ ჟამს და არც მომავლის უცოდინარნი ვართ3. 4. წმინდა წერილი იტყვის: "არცთუ ტყუილად არის გაშლილი ფრინველებისთვის ბადე" (იგავ. 1.17). ამას ამბობს იგი, ვინაიდან სამართლიანად დაიღუპება ადამიანი, რომელსაც აქვს ცოდნა სიმართლის გზისა, მაგრამ საკუთარ თავს წყვდიადის გზაზე აკავებს. 5. კიდევ ესეც, ჩემო ძმებო: თუკი უფალმა დაითმინა ვნება ჩვენი სულისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი მთელი სამყაროს უფალია, რომელსაც ღმერთმა სამყაროს შექმნის შემდეგ უთხრა: "შევქმნათ ადამიანი ხატებისაებრ და მსგავსებისაებრ ჩვენსა" (დაბ. 1.26), როგორღა დაითმინა ადამიანთა ხელიდან ვნება? შეიმეცნეთ: 6. წინასწარმეტყველებმა, რომლებმაც ამის მადლი მისგან მიიღეს, იწინასწარმეტყველეს მის შესახებ. მან კი, სიკვდილის გასაუქმებლად და მკვდრეთით აღდგომის საჩვენებლად, - რისთვისაც იგი სხეულით უნდა გამოცხადებულიყო4, - ეს დაითმინა. 7. დაითმინა, რათა მამებისათის აღესრულებინა აღთქმა და თავად, თავისთვის ახალი ხალხის5 მომზადებით ეჩვენებინა დედამიწაზე ყოფნისას, რომ როდესაც მოახდენდა მკვდრეთით აღდგომას, სამსჯავროს თვითონ წარმართავდა. 8. გარდა ამისა, იგი განსწავლიდა ისრაელს, უდიდეს სასწაულებსა და საკვირველებებს ახდენდა, უქადაგებდა და გარდამატებულად შეიყვარა იგი6. 9. მაგრამ როდესაც გამოარჩია საკუთარი მოციქულები, რომლებსაც მომავალში უნდა ექადაგათ მისი სახარება, და რომლებიც ყველა ცოდვაზე უფრო ცოდვილნი იყვნენ, - რათა ეჩვენებინა, რომ "არ მოსულა მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა" (მათე 9.13)7, - მაშინ გაამხილა, რომ თვითონ ძე იყო ღმრთისა. 10. ხორციელად რომ არ მოსულიყო, როგორ შესძლებდნენ მისი მხილველი ადამიანები ცოცხლად გადარჩენილიყვნენ, მაშინ, როდესაც მათაც კი არ ხელეწიფებათ მის სხივთა ცქერა, ვინც უყურებს მზეს, რომელიც მომავალში მზე აღარ იქნება და რომელიც მის ხელთა შემოქმედებაა8. 11. ამგვარად, ძე ღვთისა იმიტომ მოვიდა ხორციელად, რომ საკუთარ თავზე აეღო სიმრავლე იმათი ცოდვებისა, ვინც სიკვდილამდე მისდევდა მის წინასწარმეტყველებს. 12. ამის გამო დაითმინა ეს. რამეთუ ღმერთი ამბობს, რომ მისი სხეულის წყლული მათ მიერ იქნა მიყენებული (ესაია 53.4-5,8; ზაქ. 13.6): "როდესაც განგმირავენ მათ მწყემსს, მაშინ დაიღუპებიან სამწყსოს ცხვრები" (ზაქ. 13.7). 13. მაგრამ მას თვად სურდა ამგვარად ვნებულიყო, რადგან მართებდა ხეზე დაეთმინა ვნება. ვინაიდან ამბობს წინასწარმეტყველი მის შესახებ: "იხსენი ჩემი სული მახვილისაგან (ფს. 21.21) და განმსჭვალე ჩემი სხეული (ფს. 118.120), რადგანაც უკეთურთა კრებულნი აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ" (შდრ. ფს. 21.17). 14. და კვლავ ამბობს: "აი, მივეცი ზურგი ჩემი წყლულებათათვის, ღაწვნი ჩემნი სილის გასარტყმელად, დავდე სახე ჩემი, როგორც მყარი კლდე" (ესაია 50.6-7)

-----------------------------------------------------------


1 - τὴν σάρκα.

2 - ეს მონაკვეთი წარმოადგენს მაცხოვრის სიკვდილის პირველ განმარტებას და მასში საუბარია როგორც სისხლიანი მსხვერპლშეწირვის (შდრ. 8.1-4), ისე ნათლობისა და ნათლობის მეშვეობით ცოდვების მიტევების შესახებ (შდრ. 6.11, 11.1). დაწვრილებით იხ. Épître de Barnabé, 1971, გვ. 105, შენ. 7.

3 - შდრ. 1.7, 7.1.

4 - ὅτι ἐν σαρκὶ ἔδει αὐτὸν φανερωθῆναι.

5 - τὸν λαὸν τὸν καινὸν.

6 - τηλικαῦτα τέρατα καὶ σημεῖα ποιῶν ἐκήρυσσεν, καὶ ὑπερηγάπησεν αὐτόν. წინადადების მეორე მონაკვეთი კრიტიკულ გამოცემაში იერუსალიმური ნუსხის მიხედვით არის წარმოდგენილი: τηλικαῦτα τέρατα καὶ σημεῖα ποιῶν οὐχ ὅτι ἐκήρυσσεν, καὶ ὑπερηγάπησεν αὐτόν ("ils ne furent pas amenés, par sa prédication, a l'aimer par-dessus tout, გვ. 110,111).

7 - ამ მონაკვეთს იმოწმებს იერონიმე თხზულებაში პელაგიანელთა წინააღმდეგ, 3.2, თუმცა მას იგნატი ანტიოქიელს მიაკუთვნებს.

8 - მსგავსი შინაარსის მონაკვეთები ხშრად დასტურდება პატრისტიკულ ლიტერატურაში, იხ. მაგალითად, ირინეოსი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 4.29.1; თეოფილე ანტიოქიელის, ავტოლიკეს მიმართ, 1.5. უფრო ვრცლად Épître de Barnabé, 1971, გვ. 111, შენ. 4.

 

თავი VI

წინასწარმეტყველთა მიერ მოსწავებული მაცხოვრის ვნება. ახალი შესაქმის აღთქმული მიწა

1. როდესაც მცნება დაუდო, რა თქვა? "ვინ არის ჩემი მოდავე? წინ აღმიდგეს მე. ან ვინ არის ჩემი მომჩივანი? მიუახლოვდეს მსახურს1 უფლისა. 2. ვაი თქვენ, რადგან თქვენ ყველანი, როგორც შესამოსელი, დაძველდებით და მღილი შეგჭამთ თქვენ" (ესაია 50.8-9). და ისევ ამბობს წინასწარმეტყველი, რადგან მტკიცე ლოდივით დასდო დასამსხვრევად: "აი, დავდებ სიონის საძირკველში ლოდს ძვირფასს, გამორჩეულს, ქვაკუთხედსა და დიდად პატიოსანს" (ესაია 28.16, შდრ. რომ. 9.33). 3. შემდეგ რას ამბობს? "და ვინც მასზე დაამყარებს იმედს, იცოცხლებს უკუნისამდე" (ესაია 28.16). მაშ, ჩვენი იმედი ლოდზეა დამყარებული? ნუ იქნება ასე! არამედ იგი ამგვარად იმიტომ ლაპარაკობს, რომ უფალმა მის სხეულს მიანიჭა ძლიერება. რამეთუ ამბობს: "და დამდო, როგორც ლოდი მტკიცე" (ესაია, 50.7). 4. ისევ იტყვის წინასწარმეტყველი: "ლოდი, რომელიც მაშენებლებმა დაიწუნეს, იგი იქცა ქვაკუთხედად" (ფს. 117.22). და კვლავ ამბობს: "ეს არის დიდებული და საოცარი დღე, რომელიც შექმნა უფალმა" (ფს. 117.24). 5. მარტივად გწერთ2, რათა გესმოდეთ, რომ მე უნარჩევესი3 ვარ თქვენი სიყვარულისა. 6. კიდევ რას ამბობს წინასწარმეტყველი? "გარემომიცვა მე უკეთურთა კრებულმა, გარს შემომერტყნენ, როგორც ფუტკრები სკას, და წილი ჰყარეს ჩემს კვართზე" (ფს. 21.17,19; 117.12). 7. რადგანაც იგი სხეულით უნდა მოვლენილიყო და ვნება დაეთმინა, მისი ვნებაც წინასწარ იქნა წარმოჩენილი. ამბობს წინასწარმეტყველი ისრაელის შესახებ: "ვაი მათ სულს, რადგანაც უკეთური განზრახვა ჩაიფიქრეს საკუთარ თავში, და იტყოდნენ: გავთოკოთ მართალი, რადგან უსარგებლოა იგი ჩვენთვის" (ესაია 3.9-10). 8. რას ეუბნება მათ სხვა წინასწარმეტყველი, მოსე? "აი, ამას ამბობს უფალი ღმერთი: შედით კეთილ მიწაზე, რომელიც აღუთქვა უფალმა აბრაამს, ისააკს და იაკობს, და დაიმკვიდრეთ იგი, მიწა, რომელზეც მოედინება რძე და თაფლი" (გამოსვლ. 33.1; ლევ. 20.24). 9. ხოლო რას ამბობს შემეცნება?4 მოისმინეთ: "დაამყარეთ იმედი იესოზე, რომელიც თქვენ ხორციელად გამოგეცხადებათ". რადგანაც ადამიანი არის ვნებული მიწა5: ადამის შექმნა ხომ პირისაგან მიწისა მოხდა (დაბ. 2.7). 10. რას ამბობს შემდეგ? "კეთილი მიწისაკენ, მიწისაკენ, რომელზეც მოედინება რძე და თაფლი" (გამოსლ. 33.3). კურთხეულია უფალი ჩვენი, ძმებო, რომელმაც მოგვცა სიბრძნე და მის საიდუმლოთა შეცნობის უნარი!6 რამეთუ ამბობს წინასწარმეტყველი: უფლის იგავს ვინ შეიმეცნებს, თუ არა ბრძენი, მეცნიერი და მოყვარე უფლისა მისისა?7 (შდრ. გამოსლ. 40.13; იგავ. 1.5-6). 11. რადგანაც ცოდვათა შენდობის მეშვეობით განგვაახლა ჩვენ, ახალი სახე მოგვცა, რათა ბავშვური სული გვქონოდა, ისე, თითქოს ხელახლა შეგვქმნა8. 12. წმინდა წერილი ამბობს ჩვენს შესახებ, როდესაც ეუბნება ძეს: "შევქმნათ ადამიანი ხატებისაებრ და მსგავსებისაებრ ჩვენისა, და მეუფებდეს ცხოველებზე მიწისა და ფრინველებზე ცისა და თევზებზე ზღვისა" (დაბ. 1.26). და თქვა უფალმა, როდესაც გვიხილა, რომ ჩვენ მშვენიერი ქმნილება9 ვიყავით: "აღორძინდით და გამრავლდით და აღავსეთ დედამიწა!" (დაბ. 1.28). ეს ძის წინაშე თქვა. 13. კიდევ გიჩვენებთ, როგორ საუბრობს იგი ჩვენ შესახებ. ჟამთა დასასრულს მან მეორე შესაქმეც მოახდინა. რამეთუ უფალი ამბობს: "აი, მე ვაკეთებ ამ უკანასკნელ საქმეებს, როგორც პირველს10" (შდრ. მათე, 19.30, 20.1-16; გამოცხ. 2.19). სწორედ ამიტომ იქადაგა წინასწარმეტყველმა: "შედით მიწაზე, რომელზეც მოედინება რძე და თაფლი, და ეუფლეთ მას!" (გამოსლ. 33.1,3). 14. შეხედე, ჩვენ ხელახლა ვართ შექმნილნი, როგორც ამბობს ის სხვა წინასწარმეტყველის პირით: "აი, იტყვის უფალი, ამოვარიდებ მათ, - ანუ იმათ, ვინც წინასწარ განჭვრიტა სულიწმინდამ უფლისა, - ქვის გულებს და ჩავუდგამ ხორციელ გულს" (ეზეკ. 11.19, 36.26), ვინაიდან იგი თავად უნდა გამოცხადებულიყო ხორციელად და დასახლებულიყო ჩვენში. 15. რამეთუ უფლისათვის წმინდა ტაძარი, ჩემო ძმებო, არის ჩენი გულის სავანე11. 16. კვლავ იტყვის უფალი: "და რითი დავენახვები უფალს, ჩემს ღმერთს და შევიმკობი დიდებით?" (ფს. 41.3), ამბობს: "ჩემს ძმათა კრებულის წინაშე გეტყვი აღსარებას და წმინდათა კრებულის წინაშე გიგალობ შენ" (ფს. 21.23). ამდენად, ჩვენ ვართ ისინი, ვინც მან კეთილ მიწაზე შეიყვანა. 17. მაშ, რაღა არის "რძე" და "თაფლი"? ისევე როგორც ბავშვი თავდაპირველად ცოცხლობს თაფლით, შემდეგ კი რძით, ასევე ჩვენც, აღთქმის რწმენით და სიტყვით ცოცხალნი, ვიცხოვრებთ და ვებატონებით დედამიწას. 18. ზემოთაც ვთქვით: "და აღორძინდნენ და გამრავლდნენ და ებატონონ თევზებს"12. (დაბ. 1.26,28). მაშ, ვის შეუძლია ახლა ებატონოს ცხოველებს ან თევზებს ან ციურ ფრინველებს? უნდა გვესმოდეს, რომ ბატონობა ძალაუფლებას ნიშნავს, როდესაც მავანი ბრძანების გაცემით მეუფებს. 19. თუმცა ეს არ მომხდარა ახლა, არამედ აღგვეთქვა მომავალში, როცა თავად ჩვენ გავხდებით სრულყოფილნი და მემკვიდრენი უფლის აღთქმისა.

--------------------------------------------------------------------------


1 - ὁπαῖς (τῷ παιδὶ) ითარგმნება, როგორც "შვილი", "ბავშვი", "მსახური". იგივე სიტყვა აღნიშნავს "ახალგაზრდა მონასაც". შდრ. დიდაქე (9.2,3,10.2,3) და კლიმენტი რომაელის პირველი ეპისტოლე (59.2), სადაც მაცხოვარს ამგვარადვე მიემართება; ასევე, Lampe, გვ. 997.

2 - შდრ. 8.2, 17.1.

3 - περίψημα, სიტყვასიტყვით "სიბინძრე", "ნაგავი". შდრ. 4.9.

4 - γνῶσις.

5 - გამოთქმა "ვნებული მიწა" ემყარება სიტყვათა თამაშს, რადგან ადამ არის პირველქმნილი კაცის სახელი, ასევე ადამ წარმოადგენს მიწის აღმნიშნელ მამრობითი სქესის საზოგადო სახელს სემიტურ ენებში. ამ მონაკვეთს განმარტავენ პირველი და მეორე ადამის (შდრ. კ. კეკელიძე. თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ მიტროფანე, ზმჳრნელ მიტროპოლიტისაჲ. ქართული ძეგლები, ტფილისის უნივერსიტეტის გამოცემანი, ტ. I: საეკლესიო მწერლობა 1. ტფილისი: სახალხო საქმე, 1920, გვ. 68-69), მიწიერი (დაბ. 2.7) და ზეციური ადამის (დაბ. 1.26), ცოდვილი ადამისა და უცოდველი მაცხოვრის, ვნებული და კეთილი (აღთქმული) მიწის, პირველი და მეორე შესაქმის, ძელი და ახალი ადამიანის დაპირისპირებით. შდრ. ფილონ ალექსანდრიელი, კითხვანი და მიგებანი გამოსვლათა წიგნზე, 2.46. დაწვრილებით იხ. Épître de Barnabé, 1971, გვ. 122, შენ. 2.

6 - νοῦν.

7 - შდრ. კლიმენტი ალექსანდრიელი, ხალიჩები, 6.65.2, 5.63.1-6.

8 - აქ იგულისხმება ნათლობა, როგორც ახალი შესაქმე, ახალი დაბადება, მაცხოვრის წყალობით და ნათლობის მეშვეობით განახლებულ ქრისტიანთა მიერ აღთქმული ქვეყნის დამკვიდრება. უფრო ვრცლად იხ. Épître de Barnabé, 1971, გვ. 123, შენ. 4.

9 - πλάσμα.

10 - შდრ. "რადგან გახდებიან უკანასკნელნი, როგორც პირველნი", იპოლიტე რომაელი, განმარტებანი დანიელის შესახებ, 4.37.5.

11 - შდრ. 19.9-10.

12 - შდრ. 6.12.


თვი VII

მარხვა და განტევების ვაცი - მაცხოვრის წინასწარმოსწავება

1. მაშ გაიგონეთ, შვილებო სიხარულისა, რომ კეთილმა უფალმა ყველაფერი წინასწარ გვამცნო, რათა გვცოდნოდა, ვის მიმართ გვმართებს მადლიერების აღვლენა და ხოტბის შესხმა. 2. თუკი ძე ღვთისა, რომელიც ამავე დროს უფალია და უნდა განსაჯოს ცოცხალნი და მკვდარნი, ევნო, რათა მის ჭრილობას ვეცხონებინეთ ჩვენ, მაშ გვწამდეს, რომ ძე ღვთისას არ ძალუძდა ვნება, თუ არა ჩვენ გამო. 3. ხოლო მას, ჯვარცმულს, ძმარი და ნაღველიც კი ასვეს (მათე, 27.34,48; ფს. 68.22). მოისმინეთ, როგორ მოასწავეს ეს ტაძრის მღვდელმსახურებმა, როდესაც დაწერეს მცნება: "ვინც არ იმარხავს მარხვას, სიკვდილით მოკვდება" (შდრ. ლევ. 23.29). ეს მცნება განაჩინა უფალმა, რადგანაც ჩვენი ცოდვებისათვის თავად აპირებდა სულის ჭურჭლის1 შეწირვას ზვარაკად, რათა აღსრულებულიყო მსხვერპლშეწირვის ის სახაე, რომელიც სამსხვერპლოზე დადებულ ისააკთან დაკავშრებით მოხდა. 4. მაინც რას ამბობს იგი წინასწარმეტყველთან? "და ჭამონ მათ ვაცისაგან, რომელიც შეწირულია მარხვისას ყველა ცოდვისათვის". ყურადღებით მიაპყარით გონება: "და ჭამონ მხოლოდ მღვდელმსახურებმა, ყველა მათგანმა, გაურეცხავი შიგნეულობა ძმრით"2. 5. რის გამო? რადგანაც როდესაც ჩემი ახალი ხალხის ცოდვებისათვის ჩემს სხეულს შევწირავ ზვარაკად, თქვენ მე ძმრით შეზავებულ ნაღველს დამალევინებთ, ამიტომ ახლაც მხოლოდ თქვენ უნდა ჭამოთ იგი, მაშინ როდესაც ძაძებშემოსილი და თავსნაცარდაყრილი ხალხი იმარხულებს და იგლოვს. ეს ითქვა იმის მოსასწავებლად, რომ იგი ევნება მათთვის. 6. მიაქციეთ ყურადღება, რა არის მცნებად მოცემული: "აიღეთ ორი კარგი, ერთმანეთის მსგავსი ვაცი3, და შესწირეთ, და ერთი აიღოს მღვდელმსახურმა ცოდვებისათვის ყოვლადდასაწველად". 7. და მეორეს რა უნდა უყონ? "მეორე, - ამბობს, - დაწყევლილია" (შდრ. ლევ. 16.7-9, 3-22). მიაქციეთ ყურადღება, როგორ არის წარმოჩენილი იესოს სახე. 8. "და მიაფურთხეთ ყველამ და განგმირეთ, და დაადეთ მეწამული მატყლი თავზე, და ამგვარად გაუშვით უდაბნოში". და როდესაც ასე ხდება, იგი, ვისაც მიჰყავს ვაცი, წაიყვანს მას უდაბნოში, იღებს მისგან მატყლს და დებს მას ბუჩქზე, რომელსაც ეწოდება ასკილი4, რომლის ნაყოფთა5 ჭამაც გვაქვს ჩვეულებად, როდესაც მას სოფელში ვპოულობთ, რადგანაც მხოლოდ ასკილის ნაყოფებია ტკბილი. 9. რას ნიშნავს ეს? მიაქციეთ ყურადღება: "ერთი - სამსხვერპლოსთვისაა, მეორე კი დაწყევლილია" (ლევ. 16.8), და დაწყევლილი შეიმკობა გვირგვინით. ეს იმის გამოა, რომ ისინი დაინახავენ მას იმ დღეს, სხეულის გარშემო მეწამული სამოსელით და იკითხავენ: "ეს ის არ არის, ვინც ოდესღაც ჩვენ ჯვარს ვაცვით, დავამცირეთ, განვმსჭვალეთ და ვაფურთხეთ? ეს ჭეშმარიტად ის არის, ვინც მაშინ საკუთარ თავზე ამბობდა, რომ იგი ძე იყო ღვთისა". 10. მაგრამ რითი ჰგავს იგი ვაცს? შემდეგის გამო: "ვაცები უნდა იყვნენ ერთმანეთის მსგავსნი, ლამაზნი და ერთნაირი ზომისა", რათა როდესაც დაინახავენ მას, მომავალს, გაოცდნენ მაშინ ვაცის მსგავსებით. ამგვარად, იხილე იესოს მომავალი ვნების სახე. 11. რის გამოა, რომ მატყლს დებენ ეკლებს შორის? ეს არის ეკლესიაში დასვენებული იესოს სიმბოლო, რადგან ვისაც სურს მეწამული მატყლის აღება, მან მრავალი ტკივილიც უნდა დაითმინოს, - ვინაიდან ეკალი საშინელია, - და ტანჯვით დაეუფლოს მას. 12. ამიტომაც, როგორც ამბობს, "ჩემი ხილვისა და ჩემი სასუფევლის მოპოვების მსურველებს მართებთ ჩემი მოპოვება ტანჯვითა და ვნებით" (საქმე, 14.22; ლუკა 16.16).

-----------------------------------------------------------------

1 - შდრ. 11.9, 21.8.

2 - შდრ. 7.3. იხ. ასევე, ჰერმასის მწყემსი, 2.5.1.2; კლიმენტი ალექსანდრიელი, ხალიჩები, 7.33.4.

3 - ორი ერთნაირი ვაცის შესახებ აღნიშნულია იუდაურ ტრადიციაში, იოამა, 6.1; შდრ. ასევე იუსტინე მარტვილი, დიალოგი, 4.4. დაწვრილებით 7.7-10-ის განხილვისათვის იხ. Épître de Barnabé, 1971, გვ. 133-137.

4 - ლაითფუტი აქ მისდევს Gebhardt-ის არასწორ წაკითხვას და მიუთითებს ἡ ῥαχία-ს ("კლდოვანი ნაპირი", "კლდე", 1907, გვ. 251; შდრ. მისივე თარგმანი: "the branch which is called Rachia", გვ. 276), რომელიც კონტექსტს არ შეესაბამება და არც ბიბლიაშია ნახსენები. ტექსტის შინაარსს ყველაზე მეტად უახლოვდება ლაითფუტთანვე მითითებული კონსტანტინოპოლის (იერუსალიმის) ხელნაწერის იკითხვისები ῥαχή და ῥαχῆς ("ეკალნარი", "კვრინჩხი", "ასკილი", გვ. 134), რომელიც კრიტიკული გამოცემის ძრითად ტექსტშია შეტანილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ლაითფუტთან ტექსტის მომდევნო სტრიქონში წარმოდგენილია ἡ ῥαχῆ-ის ვარიანტი: ἡ ῥάχος.

5 - სიტყვასიტყვით, "ყლორტების" (τοὺς βλαστοὺς).

 

თავი VIII

წითელი დეკეულის მსხვერპლშეწირვა - მაცხოვრის სახე-სიმბოლო

1. როგორ ფიქრობთ, რისი სახეა, რომ ებრძანა ისრაელს, რათა კაცებს, რომელთაც მძიმე ცოდვები ჰქონდათ, ზვარაკად შეეწირათ დეკეული, დაეკლათ და დაეწვათ იგი, აეღოთ ბავშვებს ფერფლი, ჩაეყარათ ჭურჭელში, გარსშემოეხვიათ ხისთვის მეწამული მატყლი (აი, კვლავ ჯვრისა და მეწამული მატყლის სიმბოლო!) და უსუპი, და ბავშვებსვე ესხურებინათ სათითაოდ ხალხისათვის, რათა ცოდვებისაგან განწმენდილიყვნენ? (შდრ. რიცხვ. 19.2-9). 2. გაიაზრეთ, როგორ მარტივად გელაპარაკებათ თქვენ. კრავი იესოა, მისი შემწირველი ადამიანები - ცოდვილები, რომლებმაც მას სიკვდილი მიაგეს1. ამის შემდეგ ისინი უკვე აღარ არიან ადამიანები, აღარც ცოდვილთა სახელი აქვთ. 3. ბავშვები, რომლებიც აპკურებენ, ჩვენთვის ცოდვათა შენდობისა და გულის განწმნდის მახარებელნი არიან, რომელთაც მიეცათ სახარების ქადაგების უფლება, რომლებიც თორმეტნი არიან, რაც შეესაბამება ისრაელის ტომთა რაოდენობას, რამეთუ თორმეტია ისრაელის ტომი (მათე, 19.28; ლუკა, 22.30). 4. რატომღა აპკურებს სამი ბავშვი? აბრაამის, ისააკისა და იაკობის დასამოწმებლად, რადგან ისინი დიდნი იყვნენ ღვთის წინაშე. 5. ხოლო რატომ იყო მატყლი ხეზე? ვინაიდან იესოს საუფლო ხეზეა2 დამყარებული (შდრ. ფს. 95.10; დაბ. 2.9,17), და რომლებიც მასზე ამყარებენ თავის იმედებს, ცხოვრობენ საუკუნოდ3 (შდრ. დაბ. 3.22). 6. მაგრამ რატომ არის დაკავშირებული მატყლი და უსუპი? რადგან მისი მეუფებისას იდგება უკეთური და უწმუნდური დღეები, რომლებშიც ჩვენ ცხონებას მოვიპოვებთ. რადგან ის, ვისაც სხეული სტკივა, უსუპის წვენით განიკურნება4. 7. ამგვარად, ამ ყველაფრის გამო ეს ყოველივე ჩვენთის ნათელია, მათთვის კი ბნელი, რადგან არ შეისმინეს სიტყვა უფლისა.

--------------------------------------------------------------


1 - შდრ. იერონიმე, განმარტებანი ეზეკიელის წიგნზე, PL. 25, სვ. 425 A.

2 - ἡ βασιλεία Ἰησοῦ ἐπὶ ξύλου. იგულისხმება ჯვარი. განმარტება ემყარება ფს. 95.10-ს (Ο κύριος ἐβασίλευσεν), რომლის სახეცვლილი ვარიანტი, "უფალი მეუფებს ხიდან" (ἀπὸ τοῦ ξύλου), გვხვდება იუსტინე მარტვილთან (პირველი აპოლოგია, 41.4; დიალოგი, 73.1); იხ. Épître de Barnabé, 1971, გვ. 140, შენ. 1.

3 - შდრ. 9.2, 11.10.

4 - ანუ, უსუპით პკურების მეშვეობით იკურნება. ῥύπος ითარგმნება, როგორც "სიბინძურე", "საბეჭდავი", "კვეთი" (შდრ. Lampe, 1961, გვ. 1219; H. Liddle, R. Scott. A Greek-English Lexicon. Oxford: Clarendon Press, 1996, გვ. 1377), თუმცა კრიტიკულ გამოცემაში იგი გადმოღებულია, როგორც "წვენი" ("le suc"), რაც სწორად ასახავს შინაარსს. უსუპს სამკურნალო თვისებებს მიაწერს მეთოდიოს ოლიმპელიც, საკვებთა შესახებ, 12.3. იხ. Épître de Barnabé, 1971, გვ. 141, შენ. 5. მის სამკურნალო თისებებს მიუთითებს ლექსიკონში სულხან-საბა ორბელიანიც, რომელიც წერს: "უსუპი არს ბალახი სუნნელი და ფრიად გამრეცხელი სარცხელთა. უსუპით ასხურებდნენ ერსა განსაწმედელად. უსუპი ქონდარიაო" (ლექსიკონი ქართული, ტ. II, თბილისი: მერანი, 1993, გვ. 171).

 

თავი IX

ჭეშმარიტი წინადაცვეთა. წინადაცვეთის სულიერი მნიშვნელობა

1. კვლავ იტყვის ყურებთან დაკავშირებით, თუ როგორ წინადაცვითა ჩვენი გული. ამბობს უფალი წინასწარმეტყველთან: "მორჩილებითა ყურისათა მისმინე მე" (ფს. 17.45). და ისევ ამბობს: "მოსმენით მოისმინონ შორიელებმა, შეიტყონ, რაც მოვიმოქმედე" (ესაია 33.13), და: "წინადაიცვითეთ, - ამბობს უფალი, - გულნი1 თქვენნი" (იერ. 4.4; 2 სჯ. 10.16). 2. და კვლავ იტყვის: "მოისმინე, ისრაელ, ისრაელ, რადგან ამას ამბობს უფალი ღმერთი შენი" (შდრ. იერ. 7.2). "ვინ არის ის, ვისაც სურს, იცოცხლოს საუკუნოდ? სმენით მოუსმინოს ხმას ჩემი მსახურისა"2 (ფს. 33.13; გამოსლ. 15.26; ესაია 50.10). 3. და ისევ ამბობს: "ისმინე ცაო, და ყური დამიგდე დედამიწავ, რადგან უფალი იტყვის ამას დასამოწმებლად" (ესაია, 1.2). და კვლავ ამბობს: "მოისმინეთ სიტყვა უფლისა, ამ ხალხის მთავარნო" (ესაია 1.10,28.14). და კვლავ ამბობს: "მოისმინეთ, ბავშვებო, ხმა, მღაღადებელი უდაბნოსა შინა" (ესაია 40.3). ამგვარად, წინადაგვიცვითა ყურები, რათა ვისმინოთ მისი სიტყვა და ვირწმუნოთ. 4. ხოლო წინადაცვეთა, რომლისაც მათ სჯეროდათ, გაუქმებული იქნა. მან თქვა, რომ წინადაცვეთა არ უნდა ყოფილიყო ხორცისა. მაგრამ მათ დაარღვიეს ეს, რადგან ისინი უკეთურმა ანგელოზმა დამოძღვრა3. 5. [წინასწარმეტყველმა] უთხრა მათ: "ამას ამბობს უფალი ღმერთი თქვენი (აქ ვპოულობ მცნებას): ნუ სთესავთ ეკალთა ზედა, წინადაიცვითეთ თქვენი უფლისათვის" (იერ. 4.3-4). და რას ამბობს? "წინადაიცვითეთ სიფიცხე თქვენი გულისა, და თქვენს ქედს ნუ განაფიცხებთ"4 (2 სჯ. 10.16). კვლავ იტყვის: "აი, - ამბობს უფალი, - ყველა ეს ტომი წინადაუცვეთელია, ამ ხალხს კი გული აქვს წინადაუცვეთელი" (იერ. 9.25)5. 6. მაგრამ შენ იკითხავ: იუდეველთა ხალხს წინადაცვეთა ხომ ბეჭდად აქვს მიღებული. მაგრამ ასევე ყველა ასურსაც, არაბსაც და კერპთა ყველა ქურუმსაც. ნუთუ ისინიც მის აღთქმას მიეკუთვნებიან? წინადაცვეთას ეგვიპტელებიც ხომ ეწევიან! (შდრ. იერ. 9.24-25). 7. მაშ, ისწავლეთ, საყვარელო შვილებო6, დაწვრილებით ყველაფერი ამის შესახებ, რამეთუ აბრაამმა პირველმა შემოიტანა წინადაცვეთა, წინადაიცვითა, რადგან სულიწმინდის მიერ წინასწარჭვრეტდა იესოს და სამი ასო-ნიშნის7 სწავლებანი მიიღო. 8. ვინაიდან ნათქვამია: "და წინადაიცვითა აბრაამმა თავისი სახლიდან თვრამეტი და სამასი (TIH=318) კაცი" (დაბ. 17.23,27ლ 14.14). მაშ რა ცოდნა მიეცა მას? მიაქციეთ ყურადღება, რომ პირველს ამბობს თვრამეტს, მცირე ხნის შემდეგ კი სამასს. თვრამეტი (IH) გულისხმობს იესოს8. ხოლო რადგანაც ჯვარი T ასოში გამოსყიდვის მადლს აღნიშნავს, იგი ამბობს სამასსაც9. ამგვარად, იგი იესოს ორი ასო-ნიშნით მიუთითებს, ერთით კი ჯვარს10. 9. ეს იცის მან, ვინც თავისი აღთქმის11 საბოძვარი ჩადო და ჩანერგა ჩვენში. არავის გაუგონია უმჯობესი სიტყვები ჩემგან, მაგრამ ვიცი, რომ თქვენ ამის მოსმენის ღირსნი ბრძანდებით.

------------------------------------------------------------

1 - ძირითად ბერძნულ ხელნაწერებში ამ მონაკვეთში იკითხება τὰς καρδίας ("გულნი"), რომელსაც ლაითფუტი ძირითად ტექსტში მიუთითებს და იკითხვისებს არ ურთავს (Lightfoot, 1907, გვ. 253). კრაფტი კი იძლევა ადრეულ ლათინურ და პაპირუსში დაცულ ტექსტის იკითხვისებს: τὰς ἀκοάς ("ყურნი"), და, ამასთან, შესაძლებლად მიიჩნევს, ამ მონაკევთში წაკითხული იქნას ἀκοάς τῆς καρδίας ("სასმენელნი გულისა", იხ.  Épître de Barnabé, 1971, გვ. 142).

2 - τοῦ παιδός μου.

3 - იგულისხმება, რომ აცთუნა. მკვლევართა თანახმად, ვინაიდან ბარნაბა იმოწმებს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს, ხოლო ისინი არ უარჰყოფდნენ წინადაცვეთას, არამედ მასთან ერთად სულიერ სიწმინდესა და ღვთის მორჩილებას მოითხოვდნენ, რისი მაგალითიც იყო აბრაამი, მაშასადამე, ბარნაბა არ უარჰყოფს წინადაცვეთას, არამედ უკეთურ ანგელოზს წინადაცვეთაზე იუდეველთა მიჯაჭვულობის შთაგონებას მიაწერს. მეორე მხრივ, ნეანდერი და ჰილგენფელდი მიიჩნევდნენ, რომ ბარნაბა ბოროტ სულს მიაწერდა იუდეველთა შორის წინადაცვეთის შემოღებას (იხ. Писания Мужей апостольских. пер. прот. п. преображенский, А. Дунаев. Москва: Издательский Совет Русской православной Церкви, 2008, გვ. 38/99, შენ. 12).

4 - ამ მონაკვეთში კრაფტი იძლევა იკითხვისს, რომელსაც თავადვე მიიჩნევს სადავოდ: "καὶ Περιτμήθητε τὴν πανηρίαν ἀπὸ της καρδίας ὑμῶν ("და წინადაიცვითეთ უკეთურება თქვენი გულიდან", შდრ. ესაია, 1.16; იერ. 4.4; იხ. Épître de Barnabé, 1971, გვ. 144).

5 - შდრ. იუსტინე მარტვილი, დიალოგი, 16.1,28.2; იხ. ასევე Épître de Barnabé, 1971, გვ. 144, შენ. 1.

6 - τέκνα ἀγάπης, სიტყვასიტყვით, "სიყვარულის შვილები".

7 - იგულისხმება, ბერძნული ანბანური სათვალავით ჩაწერილი TIH, ანუ 318, რომელსაც ტექსტის ავტორი ქვემოთ განმარტავს.

8 - თვრამეტი, ანუ, ბერძნული ანბანური სათვალავით ჩაწერილი I ("ათი") და H ("რვა"). ავტორი გულისხმობს, რომ გარდა თვრამეტისა, ეს ორი ასო-ნიშანი, IH, მაცხოვრის სახელის, იესოს (ΙΗΣΟΥΣ) პირველ ორ ასოს აღნიშნავს.

9 - ბერძნული ანბანური სათვალავით T (ტაუ) ნიშნავს "სამასს". როგორც ჩანს, ტექსტის ავტორი მიუთითებს ამ ასო-ნიშნის ჯვრის მსგავს მოხაზულობას და ჟღერადობას, რადგანაც ბერძნულად ჯვარი იკითხება, როგორც σταυρὀς (სტაუროს).

10 - ლუკიანოს სამოსატელი ახსენებს T-ს ამ მნიშვნელობას და დასცინის მათ, ვინც ასე ფიქრობს (თანხმოვანთა სასამართლო, 12). იხ. ასევე, კლიმენტი ალექსანდრიელი, ხალიჩები, 6.84.2; Épître de Barnabé, 1971, გვ. 147, შენ. 4.

11 - τῆς διαθήκης (Lightfoot, 1907, გვ. 253. იგი აქ მისდევს ორი ძირითადი ბერძნული ხელნაწერის იკითხვისს). შდრ. τῆς διδαχῆς ("მოძღვრება",  Épître de Barnabé, 1971, გვ. 148.


თავი X

მოსეს საკვების შესახებ მოცემულ მცნებათა სულიერი მნიშვნელობა

1. როდესაც მოსემ თქვა: "არ ჭამოთ ღორი, არც არწივი, არც შევარდენი, არც ყვავი, არც არავითარი თევზი, რომელსაც ზედ ქერცლი არა აქვს" (ლევ. 11.7-15; 2 სჯ. 14.7-19), ამ სიტყვებში მან სამი სწავლება იგულისხმა. 2. კერძოდ, იგი ამბობს მეორე სჯულში: "და დავუდებ აღთქმად ამ ხალხს ჩემს სჯულდებებს"1 (2 სჯ. 4.1,2,5). მაშასადამე, უჭმელობა არ არის ღვთის მცნება, ხოლო მოსე სულიწმინდის ძალით მეტყველებდა. 3. ღორი ამის გამო ახსენა: ნუ შეუერთდები, - თქვა, - ისეთ ადამიანებს, რომლებიც მსგავსნი არიან ღორებისა, ანუ როდესაც ფუფუნებაში არიან, ივიწყებენ უფალს, ხოლო როდესაც გაჭირვებაში აღმოჩნდებიან, აღიარებენ უფალს; ისევე, როგორც ღორი: როდესაც ჭამს, პატრონს ვერ ხედავს, ხოლო როდესაც შია, ჭყვიტინს იწყებს და საჭმლის მიღების შემდეგ ისევ ჩუმდება2. 4. "არ ჭამო არწივი, არც შევარდენი, არც ძერა, არც ყვავი". ნუ შეუერთდები, - ამბობს, - ნურც დაემსგავსები ასეთ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან შრომითა და ოფლით საკვების მოპოვება, არამედ უსაფრდებიან და, თავიანთ უკანონობაში, სხვების ქონებას იტაცებენ, თავად კი ისე დადიან, თითქოსდა უდანაშაულონი იყვნენ, ამასთან, თავიანთი სიხარბის გამო, იცქირებიან იქით-აქეთ, ვინც შეიძლება გაძარცვონ; ისევე, როგორც მხოლოდ ეს ფრინველები არიან, რომლებიც არა მარტო საკუთარ თავს მოუპოვებენ საკვებს, არამედ უსაქმოდ მსხდომარენი ხერხს ეძიებენ, როგორ შთანთქან სხვათა ხორცი, და თავიანთი უკეთურობით ღუპავენ მათ3. 5. "და არ ჭამოო, - ამბობს, - მურენა, არც პოლიპი, არც მელანთევზა". ნუ დაემსგავსები, - ამბობს ამით, - და ნუ შეუერთდები ისეთ ადამიანებს, რომლებიც სრულიად უწმინდურები არიან და უკვე სიკვდილი აქვთ მისჯილი, ისევე, როგორც ეს თევზები, რომლებიც ერთადერთნი არიან დაწყევლილნი, სიღრმეში ცურავენ და არ ამოდიან ზემოთ დანარჩენებივით, არამედ მიწაში, ზღვის უფსკრულში მკვიდრობენ. 6. მაგრამ "კურდღელსაც ნუ შეჭამ" (ლევ. 11.5). რატომ? ნუ იქნებიო, ამბობს, ბავშვების გამრყვნელი, ნურც მიემსგავსები ასეთებსო. რადგან კურდღელს სხეულზე ყოველწლიურად ემატება გამრავლების ადგილები, რამდენ წელიწადსაც ცხოვრობს, იმდენი გამრავლების ადგილი აქვს4. 7. მაგრამ "ნურც აფთარს შეჭამ". ამით იტყვის: ნუ იქნები მრუში, ნურც განმხრწნელი5, ნურც დაემსგავსები ასეთებს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ცხოველი ყოველწლიურად იცვლის ბუნებას და ხან მამრობითი, ხანაც კი მდედრობითი სქესისა ხდება6. 8. სამართლიანად მოიძულა კვერნაც7 (ლევ. 11.29-30). ნუ გახდებიო, - ამბობს იგი, - ისეთი, რომელთა შესახებაც გვესმის, რომ თავიანთი უწმინდურობის გამო ბაგეებით უზნეობას სჩადიან, ნურც შეუერთდებიო უწმინდურ ქალებს, რომლებიც ასევე უზნეობას სჩადიან ბაგეებით. ამას იმის გამო წერს, რომ ეს ცხოველი პირიქით ორსულდება8. 9. მოსემ, რომელმაც საკვების შესახებ სამი სწავლება მიიღო, სულიწმინდის ძალით ამგვარად ისაუბრა. მათ9 კი, სხეულის გულისთქმიდან გამომდინარე, გაიგეს იგი, როგორც საჭმელის შესახებ თქმული. 10. დავითი ჩასწვდა ამ სამი სწავლების მნიშვნელობას და ასე თქვა: "ნეტარ არს კაცი, რომელი არ წავიდა უწმინდურთა კრებაზე" (ფს. 1.1), მსგავსად იმისა, როგორც თევზები დაცურავენ უფსკრულის წყვდიადში; "და ცოდვილთა გზას არ შეუდგა", მათ მსგავსად, ვინც აჩვენებს, რომ უფლის მოშიშია, მაგრამ სცოდავს, როგორც ღორი; "და დამღუპველთა სკამზე არ დაჯდა" (ფს. 1.1), ისევე, როგორც ფრინველები სხედან ნადავლის მოლოდინში10. ახლა კი თქვენ სრულყოფილი ცოდნა გაქვთ საკვების შესახებ. 11. კვლავ იტყვის მოსე: "ჭამეთ ყველაფერი, რასაც ჩლიქი აქვს გაყოფილი და იცოხნის" (ლევ. 11.3; 2 სჯ. 14.6). რას ამბობს? (იმ ცხოველზე ამბობს), რომელიც, საკვებს რომ ღებულობს, ცნობს მას, ვინც კვებავს, და დანაყრებული, წარმოაჩენს თავის სიხარულს მის მიმართ. მშვენივრად თქვა მან მცნების თაობაზეც. რას ამბობს? დაუკავშირდით მათ, ვინც ღვთისმოშიშია, ვინც საკუთარ გულში იძიებს მიღებული მცნების მნიშვნელობის შესახებ, ვინც საუბრობს უფლის სჯულდებათა11 შესახებ და იცავს მათ, ვინც იცის, რომ ძიება სასიხარულო საქმეა და კვლავდაკვლავ ღეჭავს უფლის სიტყვას. რას ნიშნავს გაყოფილი ჩლიქი? იმას, რომ მართალი ამ სამყაროში დადის და წმინდა საუკუნესაც ელოდება. ნახეთ, როგორ კეთილად დასდო სჯული მოსემ! 12. მაგრამ როგორ შესძლებდნენ ისინი12 ამის გაგებასა და გააზრებას? ჩვენ კი, რომელთაც სწორად გვაქვს შემეცნებული მცნებები, ვლაპარაკობთ ისე, როგორც ეს უფალს სურს. სწორედ ამის გამო წინადაცვითა ჩენი ყურები და გულები, ეს რომ გაგვეგო.

-----------------------------------------------------------------


1 - τὰ δικαιώματά (შდრ. 1.2). მეორე სჯულის წიგნის ამ მუხლში "ბრძანებულებების" ადგილას მოცემულია მისი სინონიმი: "მცნებები" (τὰς ἐντολὰς).

2 - შდრ. ლაქტანციუსი, საღმრთო დადგენილებანი, 4.17.18-21; კლიმენტი ალექსანდრიელი, ხალიჩები, 5.51-52; 2.67,68; მისივე, პედაგოგოსი, 3.75-76; Épître de Barnabé, 1971, გვ. 150, შენ. 1.

3 - შდრ. თეოფილე ანტიოქიელი, ავტოლიკეს მიმართ, 2.16; კლიმენტი ალექსანდრიელი, პედაგოგოსი, 3.75.4.

4 - მსგავსი შინაარსის მონაკვეთები არაერთ ძველ ავტორთან დასტურდება, კერძოდ, ამას მიუთითებენ, არქელაოსის დამოწმებით, პლინიუს უფროსი ("არქელაოსი წერს, რომ რამდენი წლისაც არის კურდღელი, იმდენი ნახვრეტი აქვს სხეულში კუჭში გასასვლელად", ბუნების ისტორია, 8.218) და მარკუს ტერენციუს ვარონი (სოფლის მეურნებობის შესახებ, 3.12.4). ამის შესახებ აღნიშნულია, ასევე, ელიანესთან ("საკუთარ წლოვანებას მიუთითებს იმით, რომ ემატება ნახვრეტები", ცხოველთა ბუნების შესახებ, 2.12); კლიმენტი ალექსანდრიელი, პედაგოგოსი, 2.83.4-5, 2.88; დაწვრილებით იხ. Épître de Barnabé, 1971, გვ. 152, შენ. 3.

5 - სხვაგვარად: გამრყვნელი (φθορεὺς). კრიტიკულ გამოცემაში ეს სიტყვა "მამათმავლად" ("homosexuel") არის თარგმნილი (Épître de Barnabé, 1971, გვ. 153).

6 - ხალებიანი აფთრის სქესობრივი სისტემის უნიკალურობის გამო პირველი ნატურალისტები დედალი აფთრის სასქესო ორგანოებს მამალი აფთრისას ამსგავსებდნენ და ამ ცხოველებს ჰერმაფროდიტებად მიიჩნევდნენ, რის ნათელ მაგალითსაც წარმოადგენს ჩვენი ტექსტი. ეს აისახა, ასევე, ოვიდიუსის, არტემიდორეს, ელიანესა და კლიმენტი ალექსანდრიელის (პედაგოგოსი 2.85.2) თხზულებებში. სქესის ცვლილებას უარჰყოფდნენ არისტოტელე, დიოდორე სიცილიელი და პლინიუს უფროსი. ამასთან დაკავშირებით იხ. Épître de Barnabé, 1971, გვ. 154, შენ. 1.

7 - მცხეთური ხელნაწერის ძველ ქართულ თარგმანში ლევიტელთა წიგნის ამ სტრიქონში მოცემულია "ქურცინი", თანამედროვე, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანში კი "კვერნა".

8 - ამგვარი შეხედულება ანტიკურობაში გავრცელებული იყო. ასე მაგალითად, თხზულება ფიზიოლოგი, რომელიც შეიცავს დაკვირვებებს ბიბლიურ მხეცთა და ცხოველთა თვისებების შესახებ და სხვადასხვა დროს მიეწერებოდა ათანასე და პეტრე ალექსანდრიელებს, ეპიფანე კვიპრელსა და ბასილი დიდს, იოანე ოქროპირსა და იერონიმეს, ხოლო მისი ზოგიერთი ფრაგმენტი - არისტოტელეს და ბიბლიურ სოლომონსაც კი, გვამცნობს, რომ კვერნა "პირით ღებულობს მამრის თესლს, მაკდება და შობს ყურებიდან" (, თ. 212-3. იხ. ასევე, შატბერდის კრებულში, სათაურით "მჴეცთათჳს სახისა სიტყუაჲ წიგნთაგან თქუმული წმიდისა ბასილი ებისკოპოსისა კესარიელისაჲ", თ. 24: "სახისმეტყუელმან თქუა ვრცინისათჳს, ვითარმედ ეგევითარი სახჱ და წესი არნ მისი: თესლი მამლისაჲ პირით მიიღოს დედალმან მან, მიუდგის და ყურით შვას", გვ. 187 3-5). მსგავსი შეხედულების არსებობას მიუთითებენ ოვიდიუსი ("ore parit" "პირმშობი", მეტამორფოზები. ლათინურიდან თარგმნეს ნ. მელაშვილმა, ნ. ტონიამ, ი. გარაყანიძემ. თბილისის: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1980, გვ. 228,9.322) და პლუტარქე ("მრავალნი აქამდეც ფიქრობენ და ჰყვებიან, რომ კვერნა ორსულდება ყურით, ხოლო შობს პირიდან, რაც სიტყვის დაბადების მსგავსებას წარმოადგენს", ისისისა და ოსირისის შესახებ, 74, 38la). ამასვე მიუთითებს და უარჰყოფს არისტოტელე ("არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყვავები და იბისი ერთმანეთთან პირებით წყვილდებიან და რომ ოთხფეხთაგან კვერნა შობს პირიდან", ცხოველთა წარმოშობის შესახებ, 3.6, 756b), უფრო გვიან კი ისიდორე სევილიელიც ეტიმოლოგიების XII თავში, სადაც იგი ცხოველთა შესახებ გადმოსცემს: "არასწორად მიიჩნევს ზოგერთი, რომელიც ამბობს, რომ კვერნა ჩასახვას ახდენს პირით, ხოლო მშობიარობას ყურის მეშეობით" ("Falso autem opinantur qui dicunt mustelam ore concipere, aure effundere partum", 12.3.3).

9 - იგულისხმება: იუდეველები.

10 - შდრ. კლიმენტი ალექსანდრიელი, ხალიჩები, 2.67,68

11 - τὰ δικαιώματα.

12 - ანუ იუდეველები.

 

თავი XI

ძველ აღთქმაში მოსწავებული ნათლობა და ჯვარი

1. მოდით, გამოვიკვლიოთ, თუკი იზრუნა უფალმა, წინასწარ განეცხადებინა ნათლობის წყლისა და ჯვრის შესახებ. 2. წყლის შესახებ იყო დაწერილი ისრაელთან დაკავშირებით, რომ ისინი არ მიიღებდნენ ნათლობას, რომელსაც ცოდვათა შენდობა მოაქვს, არამედ სხვას დააწესებდნენ თავისთვის (მარკ. 7.3-4). 3. ამის გამო იტყვის წინასწარმეტყველი: „გაოცდი ცაო და შეკრთეს მიწა იმის გამო, რომ ორი უკეთურება ჩაიდინა ამ ხალხმა: მე, ცოცხალი წყარო, მიმატოვეს, და თავისთვის ამოითხარეს ჭა სიკვდილისა“ (იერ. 2.12-13). „ნუთუ უდაბური კლდეა ჩემი წმინდა მთა, სინა?1 რამეთუ იყოთ თქვენ ფრინველის ბარტყებივით, რომლებიც მიფრინავენ ბუდიდან მისი წართმევის შემდეგ?“ (ესაია, 16.1-2). 4. და კვლავ ამბობს წინასწარმეტყველი: „წინ გაგიძღვები, მთებს გავასწორებ, სპილენძის კარიბჭეებს შევლეწავ, რკინის ურდულებს დავამსხვრევ, და მოგცემ შენ საგანძურს ბნელს, ფარულს, უხილავს, რათა იცოდნენ, რომ მე ვარ უფალი ღმერთი“ (ესაია, 45.2-3). 5. და „იცხოვრებ მტკიცე კლდის მაღალ გამოქავაბულში“, და „მისი წყალი სარწმუნო2 იქნება. იხილავთ მეუფეს დიდებით, და სული თქვენი შეისწავლის უფლის მოშიშებას“ (ესაია, 33.16-18). 6. და კვლავ, სხვა წინასწარმეტყველთან ამბობს: „და იყოს ამის შემოქმედი, როგორც ხე, დანერგილი წყალთა შენაკადებთან, რომელიც თავის ნაყოფს თავის დროზე იძლევა, და მისი ფოთოლი არ ჩამოვარდება და ყველაფერი, რასაც მოიმოქმედებს, წარმატებას მიაღწევს. 7. ასე არ იქნებიან უღმრთონი, ასე არა! არამედ იქნებიან, როგორც მტვერი3, რომელსაც ქარი დევნის პირისაგან მიწისა (ფს. 34.5). ამის გამო ვერ წამოდგებიან უღმრთონი სამსჯავროზე, ვერც ცოდვილნი მართალთა სასამართლოზე. რამეთუ იცის უფალმა მართალთა გზა, ხოლო უწმინდურთა გზა კი წარწყმდება (ფს. 1.3-6). 8. ნახეთ, როგორ დააკავშირა ამ სიტყვებით წყალი და ჯვარი. რადგან ამას იტყვის: ნეტარ არიან ისინი, რომლებიც, ჯვარზე დაამყარეს რა თავიანთი სასოება, წყალში ჩავიდნენ, რამეთუ, - ამბობს, რომ - საზღაურს მიიღებენ თავის დროზე, „მაშინ, - თქვა, - გადავუხდი“. ახლა კი ამას ამბობს: „ფოთლები არ ჩამოცვივა“. გულისხმობს იმას, რომ ყოველი სიტყვა, რომელიც გამოვა თქვენგან, თქვენი ბაგეებიდან, რწმენასა და სიყვარულში, მრავალს გაუხდება მოქცევად და იმედად. 9. და კვლავ, სხვა წინასწარმეტყველი იტყვის: „და იყო იაკობის მიწა ნაქები ყველა სხვა მიწაზე მეტად“ (სოფ. 3.19). ამით იმას ამბობს, რომ განადიდებს ჭურჭელს4 თავისი სულიწმინდისა. 10. რას გვეუბნება კიდევ? „და იყო მდინარე გამდინარე მარჯვენა მხარეს, და ამოდიოდა მისგან მშვენიერი ხეები: და ვინც შეჭამს მათგან, იცოცხლებს საუკუნოდ“ (ეზეკ. 47.1,7,12; იოანე, 6.51). 11. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩავდივართ წყალში, სავსენი ცოდვებითა და სიბინძურით, ხოლო ამოსვლისას გულში გვაქვს ნაყოფი - ღვთისმოშიშება, სულში კი იესოს იმედი. „და ვინც შეჭამს მათგან, იცოცხლებს საუკუნოდ“ (დაბ. 3.22). ამით ამას ამბობს: ვინც, - თქვა, - შეისმენს მათ ლაპარაკს და ირწმუნებს, იცოცხლებს საუკუნოდ (შდრ. იოანე, 6.40,51,58).

---------------------------------------------------------------------


1 - ბიბლიურ ტექსტში მოცემულია სიონი, მაგრამ ამ სიტყვის სხვა იკითხვისები ბარნაბას ეპისტოლეს გამოცემებში არ არის აღნიშნული.

2 - πιστός, ანუ მოუკლებელი, დაუშრეტელი ("ou l'eau ne manque jamais, Épître de Barnabé, 1971, გვ. 163).

3 - ὁ χνοῦς (χνόος) ითარგმნება, ასევე, როგორც "ბზე", "ბუმბული".

4 - შდრ. 7.3. ჭურჭელში იგულისხმება მაცხოვარი.

 

თვი XII

მაცხოვრის ჯვარი ძველ აღთმაში

1. მსგავსად ამისა, კვლავაც ჯვრის შესახებ მიუთითებს სხვა წინასწარმეტყველთან, რომელიც იტყვის: „და როდის აღსრულდება ეს? ამბობს უფალი: როდესაც ხე დაიხრება და აღდგება, და როდესაც ხისგან სისხლი გადმოწვეთავს“ (3 ეზრა 5.5). აქ ისევ გაქვს მითითებული ჯვრისა და იმის შესახებ, ვისაც ჯვარს აცვამენ. 2. კვლავ ეუბნება ამას მოსეს, როდესაც ისრაელს უცხოტომელები ეომებიან (გამოსლ. 17.8-14), რათა შეაგონოს იმათ, ვინც ომობს, რომ თავ-თვიანთი ცოდვებისათვის გადაეცნენ ისინი სიკვდილს; ეტყვის მოსეს გულს სულიწმინდა, რომ გააკეთოს გამოსახულება ჯვრისა და იმისა, ვინც მომავალში ევნება მასზე, რადგან თუკი ისინი, - ამბობს იგი, - არ დაამყარებენ მასზე სასოებას, მათ წინააღმდეგ მუდმივად იქნება ომი. ამგვარად, დააწყო მოსემ იარაღი ერთმანეთზე ბორცვის შუაგულში, და დადგა ყველაზე მაღლა და ასწია ხელები, - და ასე კვლავ გაიმარჯვა ისრაელმა. შემდეგ, როდესაც ჩამოუშვებდა ხელებს, მისი თანამემამულენი ისევ იხოცებოდნენ. 3. რის გამო? რათა სცოდნოდათ, რომ ვერ შესძლებდნენ გადარჩენას, თუ სასოებას მასზე1 არ დაამყარებდნენ. 4. და კვლავ, სხვა წინასწარემტყველთან ამბობს: „მთელი დღე მქონდა გაწვდილი ჩემი ხელები ურწმუნო ხალხის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჩემს მართალ გზას“ (ესაია 65.2; რომ. 10.21). 5. კვლავ, ისრაელის დაცემისას2, მოსე იძლევა იესოს სიმბოლოს, მის სიმბოლოს, ვინც უნდა ევნოს და ვინც თავადვე იქნება ცხოველმყოფელი, და ვის შესახებაც ჩათვლიან, რომ ჯვარზე3 აღესრულა (რიცხ. 21.6,8; იოანე 3.17). უფალმა დაუშვა ის, რომ ყველანაირი გველი კბენდა მათ4 და ისინიც იხოცებოდნენ, - რადგანაც ევაში5 გველის მეშვეობით მოხდა გარდაცდომა (დაბ. 3.1 და შემდეგ.), - რათა შეეგონებინა მათთვის, რომ ისინი საკუთარი შეცოდების გამო მიეცნენ სიკვდილის ტანჯვას. 6. ბოლოს მოსე, როდესაც იძლევა მცნებას: „არ გქონდეთ არც ჩამოსხმული, არც გამოქანდაკებული გამოსახულება თქვენი ღმერთისათვის“ (ლევ. 26.1; 2 სჯ. 27.15)6, ამას იმისათვის აკეთებს, რომ იესოს სიმბოლო წარმოაჩინოს. გააკეთა მოსემ სპილენძის გველი, ჩამოჰკიდა იგი ყველას თალწინ და საჯარო განცხადებით მოუხმო ხალხს. 7. როდესაც მასთან მოვიდნენ, სთხოვეს მოსეს, რომ მათი სახელით შეეწირა ზვარაკი მათი განკურნებისათვის. უთხრა მათ მოსემ: „როდესაც, - თქვა, - რომელიმე თქვენგანი დაკბენილი იქნება, მივიდეს გველთან, რომელიც ხეზეა ჩამოკიდებული, და ჰქონდეს იმედი და სჯეროდეს, რომ თუმცა ის მკვდარია, მას შეუძლია ცხოველყოფა, და მყისვე გადარჩება“ (რიცხ. 21.8; შდრ. იოანე 3.14-15). და ასეც იქცეოდნენ. ამ სიტყვებში კვლავ გაქვს იესოს დიდება, რადგან მასში და მისთვის არის ყველაფერი (რომ. 11.36; კოლ. 1.16). 8. რას ეუბნება ისევ წინასწარმეტყველ ისუ ნავეს ძეს მოსე, რომელმაც მას ეს სახელი მისცა (რიცხ. 13.17; გამოსლ. 17.9-10) მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მთელს ხალხს შეეტყო: მამა ნათელჰყოფს ყველაფერს თავისი ძის, იესოს შესახებ?7 9. მოსე ეუბნება ისუ ნავეს ძეს (ეს სახელი უწოდა, როდესაც მზვერავად გაგზავნა იგი იმ მიწაზე)8: „აიღე ხელთ წიგნი და ჩაწერე, რასაც იტყვის უფალი - რომ ამოძირკვავს ძე ღვთისა ძირფესვიანად ამალეკის მთელ მოდგმას9 უკანასკნელ დღეებში“ (გამოსლ. 17.14). 10. აი კვლავ იესო10, არა ძე კაცისა, არამედ ძე ღვთისა, რომელიც ხორციელი სახით წინასწარგანცხადდა. ამის შემდეგ, ვინაიდან შეიძლებოდა ეთქვათ, რომ ქრისტე დავითის ძეა, ეს იწინასწარმეტყველა დავითმაც, რადგან ეშინოდა და ამჩნევდა ცოდვილთა შეცდომას: „უთხრა უფალმა ჩემს უფალს: იჯექ ჩემს მარჯვნივ, სანამ არ დავანარცხებ შენს მტრებს შენს ფეხებქვეშ“ (ფს. 109.1; მათე, 22.43-45). 11. და კვლავ, ამგვარად ამბობს ესაია: „ეუბნება უფალი ქრისტეს, ჩემს უფალს11, რომელსაც ვუპყარ მარჯვენა ხელი, რათა დაემორჩილონ მას ხალხები და მეფეთა ძლიერება დავამსხვრიო“ (ესაია 45.1). ხედავ, როგორ ამბობს მის შესახებ დავითი „უფალს“ და არ ამბობს „ძეს“.

-----------------------------------------------------------------------

1 - იგულისხმება მაცხოვარი.

2 - იგულისხმება ებრაეული ჯარის უკან დახევა ბრძოლის დროს, მოსეს მიერ ხელების დაშვებისას.

3 - ἐν σημείῳ. ეს სიტყვა მცხეთურ ხელნაწერში თარგმნილია, როგორც „საზღვარი“ (2 სჯ. 21.8). მისი ჯვრის მნიშვნელობით გამოყენებისათვის იხ. იუსტინე მარტვილი: ὅτι μέλλομεν αὐτὸν ταπεινοῦν ἐν σημείῳ (“რომ დავამდაბლოთ იგი ჯვარზე“), დიალოგი, 72.1; იხ. Épître de Barnabé, 1971, გვ. 169, შენ. 4.

4 - წმინდა წერილის ამ მონაკვეთის თანახმად, რომლის შესახებაც აქ არის საუბარი, უფალმა იუდეველებს შხამიანი გველები მიუსია.

5 - ევას გველისა და მოსეს გველის დაკავშირებისათვის იხ. ფილონ ალექსანდრიელი, წმინდა კანონთა იგავები, 2.71-81; მისივე, სოფლის მეურნეობის შესახებ, 94-101; იხ. Épître de Barnabé, 1971, გვ. 169, შენ. 5.

6 - შდრ. ასევე, კლიმენტი ალექსანდრიელი, ხალიჩები, 3.37.3; იხ. Épître de Barnabé, 1971, გვ. 170, შენ. 2.

7 - იესო და ისუ ბერძნულად (იესუს) და ებრაულად (იეჰოშა) ერთნაირად იწერება. ამ მონაკვეთში ავტორი ერთმანეთს უკავშირებს ისუ ნავეს ძეს, რომელიც მიუძღვის იუდეველებს აღთმული მიწიერი ქვეყნისაკენ და იესო მაცხოვარს, რომელიც მიუძღვის მორწმუნეებს აღთქმული ზეციური ქვეყნისაკენ. იხ. ასევე, კლიმენტი რომაელის პირველი ეპისტოლე, 12.2, გვ. 33, შენ. 1.

8 - ქანაანის მიწაზე.

9 - სიტყვასიტყვით: სახლს (τὸν οἶκον).

10 - იხ. შენიშვნა 2.

11 - ჩვენს ტექსტში მოცემულია „უფალი“ (τῷ Χριστῷ μου κυρίῳ), ბიბლიურ ტექსტში კი „კიროსი“ (τῷ χριστῷ μου Κύρῳ), სპარსეთის მეფე, შდრ. მაგალითად, მცხეთური ხელნაწერი: „ცხებულსა ჩემსა კჳროსს“.



თავი XIII

ქრისტიანები - აღთქმის მემკვიდრენი

1. მაგრამ ვნახოთ, მემკვიდრე ეს უკანასკნელი ხალხია თუ პირველი ხალხი, და ჩვენ გვეხება აღთქმა თუ მათ? 2. ისმინეთ, რას ამბობს ხალხის შესახებ წმინდა წერილი: "ლოცულობდა ისააკი თავისი ცოლის, რებეკას გამო, რადგან ბერწი იყო. და დაორსულდა. შემდეგ, გამოვიდა რებეკა, რათა ეკითხა უფლისათვის. და უთხრა უფალმა მას: ორი ტომია შენს მუცელში და ორი ხალხი შენს წიაღში, და ერთი ხალხი მეორე ხალხს გარდაემატება, და უფროსი ემსახურება უმცროსს" (დაბ. 25.21-23). 3. უნდა მიხვდეთ, ვინ არის ისააკი და ვინ - რებეკა, და ვის შესახებ ასწავლის, რომ ეს იქნება უფრო დიდი ხალხი, ვიდრე ის. 4. სხვა წინასწარმეტყველებაში უფრო ნათლად ეუბნება იაკობი იოსებს, თავის ძეს, როდესაც ამბობს: "აი, არ მომაკლო მე უფალმა შენი სახე; მომიყვანე შენი ძენი, რათა ვაკურთხო ისინი" (დაბ. 48.11,9). 5. და მოიყვანა ეფრემი და მანაზე, სურდა, რომ მანასე ეკურთხებინა, რადგან უფროსი იყო. მიიყვანა იგი იოსებმა მამის, იაკობის მარჯვენა ხელთან. იაკობმა კი სულიწმინდის ძალით იხილა მოგვიანებით დაბადებული ხალხის სახე. და რას ამბობს იგი? - "და იაკობმა შეცვალა თავისი ხელები, და დადო მარჯვენა ეფრემის, მეორე კი უმცროსი ძის თავზე, და აკურთხა იგი. და უთხრა იოსებმა იაკობს: გადადე შენი მარჯვენა მანასეს თავზე, რადგან ის არის ჩემი პირმშო ძე. და უთხრა იაკობმა იოსებს: ვიცი, შვილო, ვიცი, მაგრამ უფროსი უმცროსის მსახური იქნება. და ეს არის, ვინც იქნება კურთხეული" (დაბ. 48.9-20). 6. იხილეთ, რომელს განესაზღვრა, რომ ეს ხალხი იქნებოდა პირველი და აღთქმის მემკვიდრე. 7. ხოლო თუ კიდევ ამასვე ვიტყვით აბრაამის შესახებაც, მაშასადამე, ჩვენი ცოდნის სრულყოფისათვის მიგვიღწევია. მაშ, რას ეუბნება აბრაამს, როდესაც იგი ერთადერთი მორწმუნე იყო და ეს მორწმუნეობა მას სიმართლედ შეერაცხა? "აი, დაგაყენე შენ, აბრაამ, მამად ტომებისა, რომელნიც წინადაუცვეთელნი არიან და ღმერთი სწამთ" (დაბ. 15.6, 17.5; რომ. 4.3,9-13).

 

თავი XIV

იუდეველთათვის ბოძებული და მოსეს მიერ დამსხვრეული აღთქმის ქრისტიანთათვის გადაცემა

1. დიახ. მაგრამ ვნახოთ და გამოვიკვლიოთ, თუ უბოძა აღთქმა, რომლის ხალხისთვის მიცემაც შეჰფიცა მამებს. უბოძა. ისინი კი, თავიანთი ცოდვების გამო, არ აღმოჩნდნენ მისი მიღების ღირსნი. 2. წინასწარმეტყველი ამბობს: "და მარხულობდა მოსე სინას მთაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, რათა მიეღო უფალს აღთქმა ხალხისათვის" (გამოსლ. 24.18). და მიიღო უფლისაგან ორი ფიქალი, უფლის ხელის თითით სულიერად დაწერილი (გამოსლ. 31.18). და მიიღო მოსემ იგი და ჩამოჰქონდა ხალხისათვის გადასაცემად. 3. და უთხრა უფალმა მოსეს: "მოსე, მოსე, ჩადი სწრაფად, რადგან შენმა ხალხმა, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის მიწიდან, უსჯულოება ჩაიდინა" (გამოს. 32.7,8). და შეატყო მოსემ, რომ მისმა ხალხმა კვლავ ჩამოასხა გამოსახულება, და გადააგდო ხელთაგან და დაიმსხვრა უფლის აღთქმის ფიქალები (გამოსლ. 32.19). 4. ამგვარად, მოსემ მიიღო იგი, ისინი კი ღირსნი არ აღმოჩნდნენ. მაშ ჩვენ როგორღა მივიღოთ? ისმინეთ: მოსემ ისინი მიიღო, როგორც მსახურმა1, ჩვენ კი უფალმა თავად მოგვცა, როგორც სამემკვიდრეო უფლების მქონე ხალხს, იმით, რომ ჩვენთვის ევნო (ებრ. 3.5-6). 5. იგი განცხადდა, რათა მათ მიეღწიათ ზღვრამდე თავიანთი ცოდვებით, ჩვენ კი,  რათა უფალი იესოს აღთქმა მიგვეღო თავად მემკვიდრის მეშვეობით, რომელიც განმზადებული იყო იმისათვის, რომ სიკვდილით უკვე გამოფიტული და საცთურის უსჯულოებას გადაცემული ჩვენი გულები გაეთავისუფლებინა სიბნელისაგან თავისი გამოცხადებით და თავისი სიტყვით აღთმა დაედო ჩვენთან. 6. რამეთუ დაწერილია, თუ როგორ უბრძანებს მას მამა, გაგვათავისუფლოს ჩვენ სიბნელისაგან და მოამზადოს თავისთვის წმინდა ხალხი (ესაია, 62.12). 7. ამგვარად, წინასწარმეტყველი ამბობს: "მე, უფალმა ღმერთმა შენმა, სიმართლით მოგიწოდე შენ, და მიჭირავს ხელი შენი, და გაგაძლიერებ შენ. და დაგადგინე შენ აღთქმად გვართათვის, ნათელად ტომთათვის, უსინათლო თვალების ასახელად, შებორკილთა ბორკილებიდან გამოსახსნელად და ბნელში მსხდომარეთა დილეგიდან გამოსაყვანად" (ესაია, 42.6-7). მაშ ვიცოდეთ, საიდან გავთავისუფლდით. 8. კვლავ ამბობს წინასწარმეტყველი: "აი, დაგაყენე შენ ხალხთა ნათელად, რათა იყო შენ ხსნა ვიდრე კიდემდე დედამიწისა. ასე ამბობს უფალი ღმერთი, შენი განმათავისუფლებელი" (ესაია, 49.6-7). 9. და კვლავ ამბობს წინასწარმეტყველი: "უფლის სულია (გადმოსული) ჩემზე, იმისათვის მცხო მე, რომ მდაბალთათვის მადლი2 მეხარებინა, მომავლინა მე შემუსვრილ გულთა განსაკურნებლად, ტყვეებისათვის თავისუფლების და უსინათლოთათვის თვალის ახელის საქადაგებლად, უფლის წყალობის წელიწადისა და შურისგების დღის გამოსაცხადებლად, სანუგეშებლად ყველა მგლოვარისა" (ესაია, 61.1-2).


----------------------------------------------------------------------

1 - θεράπων. იგულისხმება: ღვთისმსახურება.

2 - ეს სიტყვა ლაითფუტის გამოცემაში არ არის მოცემული, იხ. Lightfoot, 1907, გვ. 260. შდრ. Épître de Barnabé, 1971, გვ. 180.

 

თავი XV

ღვთის ჭეშარიტი შაბათი

1. ამის შემდეგ შაბათის შესახებაც არის დაწერილი ათიოდე სიტყვით, რომლებიც უფალმა სინას მთაზე პირისპირ უთხრა მოსეს: "და წმინდა ჰყავთ შაბათი უფლისა სუფთა ხელებითა და სუფთა სულით" (გამოსლ. 20.8; 2 სჯ. 5.12,15; ფს. 23.3-4). 2. სხვა ადგილას კი ამბობს: "თუკი დაიცავენ ჩემი ძენი შაბათს, მაშინ გარდამოვავლენ მათზე ჩემს წყალობას" (შდრ. იერ. 17.22-25; ესაია, 56.1-8). 3. შაბათს ახსენებს შესაქმის დასაბამისასაც: "და შექმნა ღმერთმა ექვს დღეში თავის ხელთა საქმენი, და დაასრულა მეშვიდე დღეს, და დაისვენა ამ დღეს და წმინდა ჰყო იგი" (დაბ. 2.2-3). 4. ყურადღება მიაქციეთ, შვილებო, რას გულისხმობს "დაასრულა ექვს დღეში". ეს გულისხმობს, რომ ექვსი ათას წელიწადში დაასრულა უფალმა ეს ყველაფერი. ვინაიდან დღე მისთვის ათასი წელია. იგი თავად მემოწმება, როდესაც ამბობს: "აი, უფლის დღე იქნება, როგორც ათასი წელი" (ფს. 89.4; 2 პეტ. 3.8). ამგვარად, შვილებო, "ექვს დღეში" ანუ ექვს ათას წელიწადში აღსრულდება ყოველი. 5. "და დაისვენა მეშვიდე დღეს". ეს ნიშნავს, რომ როდესაც მოვა ძე მისი და დასასრულს დაუდებს უსჯულოს ჟამს, განსჯის უღმრთოებს, შეცვლის მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს, მაშინ მეშვიდე დღეს კეთილად დაისვენებს. 6. ბოლოს კი ამბობს: "წმინდა-ჰყოფ მას სუფთა ხელებით და სუფთა გულით". თუკი ვიფიქრებთ, რომ ახლა ვინმეს, ვინც სუფთა იქნება გულით, შეუძლია წმინდა-ჰყოს დღე, რომელიც წმინდა-ჰყო ღმერთმა, სრულიად შევცდებით. 7. ხოლო თუ (ახლა) არა, კეთილად დასვენებულნი წმინდა-ვყოფთ1 მას2 მაშინ, როდესაც ამას თავად შევძლებთ, მას შემდეგ, რაც განვმართლდებით და აღთქმულს მივიღებთ, როდესაც აღარ იქნება უსჯულოება და განახლდება ყოველივე უფლის მეშვეობით. მაშინ შევძლებთ მის განწმენდას, როდესაც თავდაპირველად თავად განვიწმინდებით3. 8. ბოლოს, იგი ეუბნება მათ4: "თქვენი ახალმთვარეობები და შაბათები ვერ ამიტანია" (ესაია, 1.13)5. ნახეთ, როგორ ამბობს: "არ არის ახლანდელი შაბათები ჩემთვის საამო, არამედ ის, რომელიც მე შევქმენი, და რომელშიც დავასვენებ ყველაფერს და დასაბამს მივცემ მერვე დღეს, რომელიც სხვა სამყაროს დასაბამია"6. 9. ამის გამო ვატარებთ სიხარულში მერვე დღეს, რომელშიც იესო აღდგა მკვდრეთით, გამოაჩინა საკუთარი თავი7 და ზეცად ამაღლდა.

------------------------------------------------------------------------

1 - ლაითფუტი ამ მონაკვეთში (καλῶς καταπαυόμενοι ἁγιάσομεν, 1907, გვ. 261) მისდევს ორ ძირითად ბერძნულ ნუსხას, კრიტიკული გამოცემა კი დანარჩენი ბერძნული ხელნაწერებისა და ლათინური თარგმანის იკითხვისებს: "კეთილად დასვენებული წმინდა-ჰყოფს" (καλῶς καταπαυόμενος ἁγιάσει, "refrigerans sanctificavit", გვ. 186).

2 - αὐτήν, ანუ მეშვიდე დღეს, შაბათს.

3 - შდრ. 6.19.

4 - ანუ, იუდეველებს.

5 - შდრ. 2.5.

6 - მერვე დღე, როგორც განკითხვისა და სამსჯავროს დღე, რომელიც გადის სამყაროს ციკლიდან, პატრისტიკულ ლიტერატურაში არაერთგზის არის აღნიშნული. მერვე დღის ერთ-ერთი პირველი მოხსენება დასტურდება აპოკრიფულ ენოქის წიგნში (2 ენოქი, 33.1), რომელიც მხოლოდ სლავური თარგმანით არის შემონახული. მასში აღნიშნულია: "შემდეგ მე დავადგინე მერვე დღეც, რადგან მერვე დღე უნდა იყოს პირველი, პირველქმნილი ჩემი შრომის შემდეგ, რადგან პირველი შვიდი გულისხმობს რიცხობრივად შვიდი ათასს, და რადგან რვა ათასის დასაწყისში დრო იქნება აღურიცხავი, უსასრულო, და არ იქნება წლები, არც თვეები, არც კვირები, არც დღეები, არც საათები" (The Book of the secrets of Enoch. Transl. from  the Slavonic W.R.Morfill, with introduction, notes and indicces by R.H.Charles. Oxford: Clarendon Press, 1896, შესწორებული გამცოემა: Filiquarian Publishing, LLC., 2006). აღსანიშნავია, რომ ამ ციტატას ფრანგული თარგმანი სხვაგვარად ასრულებს: "რვა ათასის დასაწყისში როგორც კვირის პირველ დღეს, ასევე მერვე დღესაც, რადგან კვირები იბრუნებენ ("reviennent") განუწყვეტლივ" (Le LIvre des Secrets d'Hénoch. Trad. A. Vaillant. Paris, 1952, gv. 103-105; Épître de Barnabé, 1971, გვ. 187, შენ. 3). ამ შინაარსის მონაკვეთი დასტურდება ნეტარი თეოდორიტე კვირელის ფსალმუნთა განმარტებების X ს-ის 60-70-იანი წლების ქართულ თარგმანშიც (6.1), რომელიც აღსანიშნავია იმითაც, რომ ბერძნულ დედანს ზუსტად არ შეესაბამება: "მერვესა მიეახლების და მერმე ყოფადსა მას დღედ განსუენებისა და სუფევისა საწინაჲსწარმეტყუელოჲ სიტყუაჲ უწესს. რამეთუ რომელნი ჟამნი ნებსით შჳდთა მათ დღეთა შაბათისათა შინა იქცევიან. რამეთუ პირველით დღითგან იწყებს ვიდრე მეშვიდედმდე, ხოლო მუნ კუალად საქმედ იწყებს მსგავსად დასაბამისა და აღიღებს კუალად პირველით დღით შჳდთა მათ სლვათა. და ესე არს უფროჲს შჳდთა მათ დღეთასა გარეგან ჟამთა მათ, ესე იგი არს უაღრეს ყოვლისა სოფლისა. ამას უწოდს დღედ მერვედ. დღესა აღდგომისასა და სუფევისასა აჴსენებს ფსალმუნი ესე სიკუდილისათჳს და ჯოჯოხეთისათჳს და საშჯელისა" (ვ. ჯუღელი. ნეტარი თეოდორიტე კვირელი. ტ. I. თბილისი: ლოგოსი, 2008, გვ. 460-461). შვიდდღიანი ციკლი ("შჳდეულობითსა ცხორება") და მერვე დღე, როგორც მკვდრეთით აღდგომის დღე, გვხვდება სხვა ავტორებთანაც. ასე, მაგალითად, ეკლესიასტეს სიტყვებს, "ეც ნაწილ შჳდთა და მერმე რვათაცა" (11.2), მიტროფანე სმირნელი შემდეგნაირად განმარტავს: "შჳდთა ჰგულისხმობს შჳდეულობითისა ამისა საწუთროჲსა დღეებითაცა და საუკუნეებითა შჳდ მოქცევასა, რამეთუ შჳდთა მიერ დაბადებულისაგან შექმნულთა დღეთა მომრგულებული სამარადისოდ ყოველი საუკუნე, უფროჲსად საუკუნენი, სოფლიოჲსა ამის ჟამის-განფენისა მყოფობისა შორის თჳსისა მქონებელ არიან... რვათა [უწოდებს] - ყოფადსა საუკუნესა, შემდგომად შჳდეულობისა აქათ-ამათ-თჳს საუკუნეთაჲსა გამოჩინებადსა, რომლისა-თჳს იტყჳს დავით, ვითარმედ "ფსალმუნი მერვისა-თჳს", ყოფადისა ცხორებისა სახელის-მდებელ მერვედ, რომელსა შინა შემდგომად შჳდეულობითისა ამის ცხორებისა აღდგენ მკუდრეთით ყოველნი კაცნი" (კ. კეკელიძე, 1920, გვ. LI). კ. კეკელიძე მის ამ სტრიქონებს ადარებს გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულების, "დღისა მისთჳს მეერგასისა, რომელ არ მარტჳლიაჲ", ეფთვიმე მთაწმინდელის თარგმანს: "ესრეთ უკუე პატივცემულმან მან შჳდეულისა რიცხჳსამან პატივი მეერგასისა ამის დღისაჲ შემოიღო, რომელ არს მარტჳლიაჲ; რამეთუ შჳდეული შჳდეულად შეწყობილი შობს ერგასისსა ერთითა ნაკლულად დღითა, რომელი იგი მერმისა მის საუკუნისა-გან მივიღოთ, რომელი იგი მერვე არს, რამეთუ ჯერ-არს მუნ დადგომად განსვენებასა აქამყოფთა სულისა, რათა მიეცეს ნაწილი შჳდთა მათ და უფროჲსღა მერვესა, ვითარცა ვიეთმე პირველ ჩუენსაცა სიტყუაჲ იგი სოლომონისი განჰმარტეს" (იქვე, გვ. L-LI).

7 - იგულისხმება, რომ აღდგომის შემდეგ მაცხოვარი მოწაფეებს ეჩვენა


თავი XVI

სულიერი და ნივთიერი ტაძარი

1. ბოლოს, ტაძრის შესახებაც გეტყვით თქვენ, როგორ ამყარებდნენ იმედებს შეცდომაში ჩავარდნილები, საბრალონი, არა თავიანთ ღმერთზე, მათ შემოქმედზე, არამედ შენობაზე, როგორც სახლზე ღვთისა. 2. რადგან ისინი თითქმის წარმართებივით ეთაყვანებოდნენ მას ტაძარში. უფალი კი როგორ ამბობს, როდესაც აუქმებს ტაძარს? მოისმინეთ: "ვინ გაზომა ცა მტკაველით ან დედამიწა წყრთით? განა მე არა?", ამბობს უფალი (ესაია, 40.12), "ცა ჩემი ტახტია, დედამიწა კი ჩემს ფეხთა კვარცხლბეკი. როგორ სახლს ამიშენებთ? ან რომელი ადგილი იქნება ჩემი განსასვენებელი?" (ესაია, 66.1)1. იცოდეთ, რომ ამაოა მათი იმედი. 3. ბოლოს კი ისევ ამბობს: "აი, ამ ტაძრის დამანგრეველები, ისინივე ააშენებენ მას" (შდრ. ესაია, 49.17; იერ. 52.17; 1 ეზრა, 5.12, 6.15-19; მათე, 26.61). 4. ასეც ხდება. მათი ომის გამო, ტაძარი მტრების მიერ იქნა დანგრეული. ახლა კი თავად მტერთა მსახურები ააშენებენ მას. 5. კვლავაც, როგორც წინასწარ ითქვა, რომ ქალაქი, ტაძარი და ისრაელის ხალხი მიცემული უნდა ყოფილიყო მტრისათვის, ეს აცხადდა. ვინაიდან ამბობს წმინდა წერილი: "და იქნება ეს უკანასკნელ დღეებში, და მისცემს უფალი თავისი საძოვრის ცხვრებს და მათ ბაკსა და კოშკს განსახრწნელად". და მოხდა ისე, როგორც ეს უფალმა თქვა. 6. ახლა ვიკითხოთ, თუ არსებობს ტაძარი ღვთისა. არსებობს იქ, სადაც თავად თქვა, რომ ააშენებს მას და მოაწყობს. რადგან დაწერილია: "და როდესაც კვირა დასრულდება2, აშენდება ტაძარი ღვთისა დიდებულად, უფლის სახელით" (შდრ. დან. 9.24-27; ანგია, 2.6-9). 7. მე ახლა აღმოვაჩინე, რომ ტაძარი არსებობს. როგორ "აშენდება იგი უფლის სახელით"? მოისმინეთ. სანამ ჩვენ ვირწმუნებდით ღმერთს, ჩვენი გულის სავანე ხრწნადი იყო და მყიფე, როგორც ჭეშმარიტად ხელით აშენებული ტაძარი; რადგან იგი სავსე იყო კერპთაყვანისმცემლობით და დემონთა სახლს წარმოადგენდა, რადგან ჩვენ იმას ვაკეთებდით, რაც საწინააღმდეგო იყო ღვთისა. 8. "იგი აშენდება უფლის სახელით". მიაქციეთ ყურადღება, რომ უფლის ტაძარი დიდებულად აშენდება. როგორ? ისმინეთ: როდესაც მივიღეთ ცოდვათა მიტევება და იმედები უფლის სახელზე დავამყარეთ, განვახლდით, კვლავ შევიქმენით ახლიდან. ამის გამო, ჩვენს სავანეში, ჩვენში ჭეშმარიტად მკვიდრობს ღმერთი. 9. როგორ? მისი სიტყვა რწმენისა, მისი მოწოდება აღთქმისა, მისი სჯულდებების3 სიბრძნე, მოძღვრების მცნებები, იგი თავად წინასწარმეტყველებს ჩვენში, იგი თავად სახლობს ჩვენში, და ჩვენ, სიკვდილს დამონებულებს, გვიხსნის ტაძრის კარს, ანუ ბაგეებს, მოგვმადლებს მონანიებას და მიგვიძღვის უხრწნელი ტაძრისაკენ. 10. ის, ვისაც სურს ცხონდეს, შესცქერის არა ადამიანს, არამედ მას, ვინც მასში სახლობს და ლაპარაკობს, და განცვიფრებულია მისით, იმით, რომ არც არასოდეს გაუგონია ამ პირიდან ასეთი სიტყვები, არც არასოდეს მოუსურვებია თავად მათი მოსმენა. სწორედ ეს არის უფლისათვის აგებული სულიერი ტაძარი.

--------------------------------------------------------------------------

1 - შდრ. კლიმენტი ალექსანდრიელი, პროტრეპტიკოსი, 8.78.2; ირინეოსი, სამოციქულო ქადაგების შესახებ, 45.

2 - შესაძლებელია, აქ იგულისხმებოდეს შესაქმის კვირა ან მერვე დღე.

3 - τῶν δικαιωμάτων.

 

თავი XVII

წერილის პირველი ნაწილის დასკვნა

1. ჩემი სული იმედოვნებს, რომ, როგორც ამის სურვილი მქონდა, განგიმარტეთ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო და რამდენადაც მარტივად შეიძლებოდა ამის გაკეთება, და არაფერი გამომიტოვებია მათგან, რაც ცხონებას ეხება. 2. ხოლო თუკი აწმყოსა ან მომავლის შესახებ მოგწერთ, თქვენ ვერ გაიგებთ, რადგან ამის შესახებ ცოდნა იგავებშია დაფარული1. ესეც ასე2.

-----------------------------------------------------------

1 - ზოგი იგავი ავტორმა უკვე განმარტა.

2 - ეს წინადადება (ταῦτα μὲν οὕτως) ლაითფუტის გამოცემაში ქვეთავს ასრულებს (გვ. 262), კრიტიკულ გამოცემაში კი მომდევნო თავს იწყებს (გვ. 194).



თავი XVIII

წერილის მეორე ნაწილი. ორი გზა1

1. გადავიდეთ სხვა ხასიათის შემეცნებასა და სწავლებაზე2. არსებობს ორი გზა: ცოდნისა და ძალაუფლების, ერთი ნათლისაა, მეორე კი ბნელის. სხვაობა დიდია ამ ორი გზისა. ერთთან დაყენებულნი არიან ღვთის ნათლისმფენი ანგელოზები, მეორესთან კი სატანის ანგელოზები. 2. ერთი უფალია უკუნისიდან უკუნისამდე, მეორე კი უსჯულოების ამჟამინდელი ჟამის მთავარი3 (იოანე, 12.31, 14.30, 16.11).

---------------------------------------------------------------

1 - ეს მონაკვეთი თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს დიდაქეს, 1,1, შდრ. ასევე, თთ. 1-5. მას ეხმიანება ყუმრანის ტექსტებს შორის დაცული თხზულება, ნათლის ძეთა ბრძოლა ბნელის ძეთა წინააღმდეგ.

2 - სიტყვასიტყვით, "მოძღვრება" (διδαχή).

3 - ὁ ἄρχων καιροῦ τοῦ νῦν τῆς ἀνομίας. შდრ. ასევე, იგნატი ანტიოქიელი, ეპისტოლე ეფესელთა მიმართ, 17.1, 19.1.

 

თვი XIX

გზა ნათლისა

1. სინათლის გზა ესაა: ვისაც სურს გაიაროს გზა განსაზღვრულ ადგილამდე, გულმოდგინება უნდა გამოიჩნოს თავის ქმედებაში. შემეცნება, რომელიც ჩვენ ამ გზაზე სავალად მოგვეცა, ამგვარია:

2. გიყვარდეს შენი შემოქმედი (ზირ. 7.30).

იყავი მოშიში შენი შემქმნელისა (ზირ. 7.31).

განადიდე ის, ვინც შენ დაგიხსნა წარწყმედისაგან (ზირ. 7.31).

იყავი მარტივი გულით (სიბრძ. 1.1) და მდიდარი სულით.

ნუ შეუერთდები მათ, ვინც წარწყმედის გზაზე დადის1.

მოიძულე ყველაფერი, რაც არ მოსწონს ღმერთს (სიბრძ. 9.10).

მოიძულე ყოველგვარი მოჩვენებითობა2.

ნუ მიატოვებ უფლის მცნებებს3.

3. ნუ განადიდებ საკუთრ თავს4, არამედ იყავი თავმდაბალი ყველაფერში5 (შდრ. კოლ. 3.20,22; 1 პეტ. 3.8).

ნუ მიაკუთვნებ დიდებას საკუთრ თავს.

ნუ ჩაიფიქრებ უკეთრ ზრახვას შენი მოყვასის წინააღმდეგ!6

ნუ შეუშვებ შენს სულში თავხედობას!7

4. ნუ მიეცემი სიძვას!

ნუ იმრუშებ! (გამოსლ. 20.14)

ნუ გარყვნი ბავშვებს!8

ნუ წარმოთქვამ ღვთის სიტყვას უწმინდურ ადამიანთა წინაშე! (შდრ. მათე, 7.6).

ნუ შეხედავ სახეს კაცისას9, როდესაც ვინმე უნდა ამხილო გარდაცდომაში! (ლუკა, 20.21)10.

იყავი მშვიდი, იყავი წყნარი, გეშინოდეს სიტყვების, რომლებიც მოგისმენია! (ესაია, 66.2)11.

ნუ იქნები გულღვარძლიანი შენი ძმის მიმართ!12

5. ნუ დაეჭვდები, მოხდება ეს თუ არა!13

ნუ წარმოთქვამ ამაოდ სახელს უფლისა! (გამოს. 20.7; 2 სჯ. 5.11).

გიყვარდეს მოყვასი შენი შენს სულზე მეტად!14

ნუ მოკლავ ბავშვს მუცლის მოშლით, ნურც უკვე დაბადებულს გამოასალმებ სიცოცხლეს!15

ნუ ააღებ შენს ხელს შენი ძისა ან შენი ასულისაგან, არამედ ყმაწვილობიდანვე ასწავლე ღვთის მოშიშება! (ფს. 33.12)16.

6. ნუ გექნება გულისთქმა შენი მოყვასის ქონებისა!17

ნუ იქნები ანგარებიანი!18

ნუ შეუერთდები შენი სულით მედიდურ ადამიანებს, არამედ იტრიალე სამართლიანთა და თავმდაბალთა შორის!19

ყველაფერი, რაც შეგემთხვევა, მიიღე, როგორც სიკეთე, და იცოდე, რომ ღვთის გარეშე არაფერი ხდება!20

7. ნუ იქნები ორგული, ნურც ორპირი21, რადგან ორპირობა სიკვდილის მახეა22 (შდრ. იგავ. 14.27, 21.6).

დაემორჩილე ბატონებს, ვით სახეს ღვთისა, რიდითა და მოშიშებით23 (შდრ. კოლ. 3.22; ეფეს. 6.5; 1 ტიმ. 6.1).

ნუ უბრძანებ გულისწყრომით შენს მონას ან მხევალს, რომელნიც იმავე ღმერთზე ამყარებენ იმედებს, თორემ შეეშინდებათ ღვთისა, რომელიც ორივე თქვენგანის ღმერთია. რადგან იგი მოვიდა არა სახის მიხედვით24 მოსაწოდებლად, არამედ მათთან მოვიდა, ვინც სულიწმინდამ მოამზადა25.

8. გაუზიარე ყველაფერი შენს მოყვასს და ნუ იტყვი: ეს ჩემია26 (საქმე, 4.32). რადგან თუკი მოზიარენი ხართ უხრწნელში, რაოდენ უფრო მეტად ხართ მოზიარენი იმაში, რაც ხრწნადია?27 (ლუკა, 16.11-12; საქმე, 2.44, 4.32).

წინ ნუ წაგისწრებს ენა, რადგანაც ბაგე სიკვდილის მახეა28.

რამდენადაც შეგიძლია, დაიცავი შენი სულის უბიწოება.

9. ნუ გექნება ხელები გაშლილი მისაღებად, გასაცემად კი მომუჭული29(ზირ. 4.31).

შენი თვალისჩინივით30 გიყვარდეს ყველა, ვინც შენ უფლის სიტყვას გეუბნება (ებრ. 13.7; 2 სჯ. 32.10)31.

10. გახსოვდეს სამსჯავროს დღე ღამით და დღისით!32

ეძიე ყოველდღე33 წმინდანებთან ურთიერთობა34 ან საუბრით დაშვრომა!

იარე სანუგეშებლად და სიტყვის მეშვეობით სულის ხსნაზე საზრუნავად!

შენი ხელებით მოიმუშაკე გამოსასყიდი შენი ცოდვებისა35.

11. ნუ შეყოყმანდები გაცემისას, ნურც იბუზღუნებ, როდესაც გასცემ, არამედ იცოდე, ვინ არის ის, ვინც კეთილად მიაგებს საზღაურს (შდრ. მათე, 5.42; იგავ. 19.17)36.

დაიცავი, რაც მიგიღია, ნურც მიუმატებ, ნურც მოაკლებ37 (2 სჯ. 4.1-2; გამოცხ. 22.18-19);

ბოლომდე მოიძულე ბოროტი38.

განსაჯე სამართლიანად (შდრ. 2 სჯ. 1.16)39.

12. ნუ გამოიწვევ განხეთქილებას, არამედ ერთმანეთთან მიიყვანე და მშვიდობა მიეცი მოწინააღმდეგეებს40.

აღიარე შენი ცოდვები (ლევ. 5.5).

ნუ აღავლენ ლოცვას უკეთური სინდისით (მათე, 5.23-24; ებრ. 10.22)41.

ეს არის სინათლის გზა42.

----------------------------------------------------------------------

1 - შდრ. 20.1.

2 - შდრ. დიდაქე, 4.12

3 - შდრ. დიდაქე, 4.13.

4
- შდრ. დიდაქე, 3.9.

5 - ეს მონაკვეთი დასტურდება შენუტის ცხოვრების არაბულ ვერსიაში შემდეგი სახით: "ნუ იქნები ქედმაღალი ("orgueilleux") შენს სულში, არამედ მუდამ თავმდაბალი იყავი" (3.9). იხ. Épître de Barnabé, 1971, გვ. 198. შენ. 5.

6 - შდრ. დიდაქე, 2.6.

7 - შდრ. დიდაქე, 3.9. სიტყვასიტყვით: ნუ მისცემ შენს სულს თავხედობას.

8 - შდრ. დიდაქე, 2.2, ასევე კლიმენტი ალექსადნრიელი, პედაგოგოსი, 2.89.1.

9 - სხვაგვარად რომ ითაქვას: ნუ იქნები მიკერძოებული.

10 - შდრ. დიდაქე, 4.3.

11 - შდრ. დიდაქე, 3.7-8. იხ. ასევე, კლიმენტი რომაელის პირველი ეპისტოლე, 13.4.

12 - შდრ. დიდაქე, 2.3.

13 - შდრ. დიდაქე, 4.4.

14 - შდრ. დიდაქე, 2.7.

15 - შდრ. დიდაქე, 2.2.

16 - შდრ. დიდაქე, 4.9.

17 - შდრ. დიდაქე, 2.2.

18 - შდრ. დიდაქე, 2.6.

19 - შდრ. დიდაქე, 3.9.

20 - შდრ. დიდაქე, 3.10.

21 - სხვაგვარად: ნუ გექნება ორი ზრახვა და ორი სიტყვა.

22 - შდრ. 19.8, ასევე, დიდაქე, 2.4. სტრიქონის მეორე მონაკვეთი (πάγις διγλωσσία), ორი ძრითადი ბერძნული ნუსხის შესაბამისად, ლაითფუტთან არ გვხვდება (Lightfoot, 1907, გვ. 263), იხ. ასევე, Épître de Barnabé, 1971, გვ. 204.

23 - შდრ. დიდაქე, 4.11.

24 - κατὰ πρόσωπον, ანუ მიკერძოებულად.

25 - შდრ. 14.6, ასევე, დიდაქე, 4.10.

26 - οὐκ ἐρεῖς ἴδια εἶναι, სიტყვასიტყვით, ეს საკუთარია.

27 - შდრ. დიდაქე, 4.8.

28 - შდრ. 19.7.

29 - შდრ. დიდაქე, 4.5.

30 - სიტყვასიტყვით: თვალის კაკალივით (ὡς κόρην τοῦ ὀφθαλμοῦ).

31 - შდრ. დიდაქე, 4.1.

32 - შდრ. დიდაქე, 4.1.

33 - შდრ. დიდაქე, 4.2.

34 - სიტყვასიტყვით: წმინდანთა სახეები (τὰ πρόσωπα τῶν ἁγίων, Lightfoot, 1907, გვ. 264). ეს მონაკვეთი სინურ ნუსხაში აშიაზეა დაცული და დასტურდება სხვა ბერძნულ ხელნაწერთა ტექსტებშიც. მიუხედავად ამისა, იგი კრიტიკული გამოცემის ძირითად ტექსტში წარმოდგენილი არ არის (იხ. Épître de Barnabé, 1971, გვ. 206).

35 - შდრ. დიდაქე, 4.6.

36 - შდრ. დიდაქე, 4.7.

37 - შდრ. დიდაქე, 4.13. ახალ აღთქმაში, პირიქით, დამარხული ტალანტის მფლობელია გაკიცხული (მათე, 25.14-30).

38 - შდრ. დიდაქე, 4.12.

39 - შდრ. დიდაქე, 4.3.

40 - შდრ. დიდაქე, 4.3.

41 - შდრ. დიდაქე, 4.14.

42 - ეს წინადადება დაცულია სინური ნუსხის აშიაზე და დანარჩენ ბერძნულ ხელნაწერებშიც. მიუხედავად ამისა, ბარნაბას ეპისტოლეს კრიტიკულ გამოცემაში იგი არ არის წარმოდგენილი (იხ. Épître de Barnabé, 1971, გვ. 210). დიდაქეში, მონაკვეთში, რომელიც ამ სტრიქონს შეესაბამება, მოცემულია "ეს არის სიცოცხლის გზა" (4.14.), განსხვავებული იკითხვისების გარეშე (შდრ. La Doctrine des Douze Apotres, 1978, გვ. 164).

 

თავი XX

გზა სიბნელისა

1. ხოლო შავი გზა მრუდეა და სავსეა წყევლით1. მთლიანობაში, ეს არის საუკუნო სიკვდილისა და სასჯელის გზა. მასზეა ყველაფერი, რაც კაცთა სულს წარსწყმედს2:

კერპთაყვანისმცემლობა, თავხედობა, ძალაუფლებით გამოწვეული მედიდურობა, თვალთმაქცობა, ორგულობა, მრუშობა, მკვლელობა, მიტაცება, ქედმაღლობა, კანონდარღვევა, მზაკვრობა, ბოროტება, თვითკმაყოფილება, მწამლველობა3, მოგვობა, ანგარება, ღვთისუშიშება4. 2. (ამ გზას ადგანან) კეთილთა მდევნელნი, ჭეშარიტების მოძულენი, სიცრუის მოყვარულნი, ვინც არ სცნობს მისაგებელს სიმართლისა, ვინც არ ერთგულობს სიკეთეს, არც სამართლიან სასამართლოს5, ვინც არ ზრუნავს ქვრივსა და ობოლზე, ვინც მღვიძარებს არა ღვთის მოშიშების, არამედ უკეთურობის გამო6, ვისგანაც შორს, მოშორებით არის სახიერება და მოთმინება, ვისაც უყვარს ყოველივე ამაო, დასდევს ნაცვალგებას7 (ლუკა, 14.12; რომ. 11.9), ვინც არ გაიკითხავს ღარიბს, ვინც დაჩაგრულს არ გამოესარჩლება (საქმე, 7.24)8, ვინც დახელოვნებულია ცილისწამებაში, ვინც არ იცის თავისი შემოქმედი, შვილების მკვლელები, ღვთის ქმნილების განმხრწნელნი9, გაჭირვებულთათვის ზურგის შემაქცევარნი, შევიწროებულთა მჩაგვრელნი, მდიდართა ქომაგნი, ღარიბთა მიმართ უკანონობის ჩამდენი მოსამართლეები, ყოვლადცოდვილნი10.

----------------------------------------------------------------------

1 - შდრ. დიდაქე, 5.1.

2 - მომდევნო ჩამონათვალი, ძირითადად ზედმიწევნით ემთხვევა დიდაქეს, 5.1-2. თანხვედრა შეინიშნება ახალ აღთქმასთანაც (მარკ. 7.20-23; რომ. 1.29-32).

3 - შდრ. ჰერმასი, მწყემსი, 1.3.9.7.

4 - შდრ. დიდაქე, 5.1.

5 - შდრ. დიდაქე, 5.2.

6 - შდრ. დიდაქე, 5.2.

7 - ἀνταπόδομα, სხვაგვარად, გასამრჯელო.

8 - შდრ. დიდაქე, 5.2.

9 - იგულისხმება, ასევე, მუცლის მოშლით მომკვლელნი.

10 - შდრ. დიდაქე, 5.2.

 

თავი XXI

დასკვნითი შეგონება

1. ამდენად, კარგი იქნება, თუ ადამიანი ისწავლის უფლის სჯულდებებს, რამდენიც არის დაწერილი, და იმათ მიხედვით წარმართავს თავის სვლას. ვინაიდან ის, ვინც ასე იქცევა, დიდებით შეიმკობა ღვთის სასუფეველში, ხოლო ის, ვინც მეორე გზას აირჩევს, წარწყმდება თავისი საქმეებითურთ. პირველისთვის იქნება აღდგომა, ხოლო მეორისთვის - ნაცვალგება (იოანე, 5.29). 2. გავლენიან ადამიანებს კი გთხოვთ, თუკი თქვენ მიმართ ჩემს კეთილგანწყობილ რჩევას მიიღებთ, გყავდეთ თქვენ გვერდით ისინი, ვისთვისაც სიკეთე გაგიკეთებიათ, ნუ მიატოვებთ (სიბრძ. 6.5). 3. ახლოს არის დღე, როდესაც ყველაფერი დაიღუპება უკეთურთან ერთად1. "ახლოს არის უფალი და მისი საზღაური" (ესაია, 40.10; გამოცხ. 22.12). 4. კიდევ და კიდევ გევედრებით თქვენ: იყავით საკუთრ თავთათვის კეთილი სჯულისმდებლები, დარჩით საკუთარ თავთათვის სანდო მრჩეველებად, განიშორეთ თქვენგან ყოველგვარი თვალთმაქცობა2. 5. ღმერთი კი, რომელიც მთელს სამყაროზე მეუფებს, გიწყალობებთ თქვენ სიბრძნეს, კეთილგონიერებას, ცოდნას, მისი სჯულდებების3 შემეცნებასა და მოთმინებას4. 6. იყავით ღვთის მიერ განსწავლულნი (1 თეს. 4.9), გამოიძიეთ, რას ეძიებს უფალი თქვენგან, და აღასრულეთ ის, რათა გადარჩეთ5 სამსჯავროს დღეს6. 7. ხოლო თუკი არსებობს (თქვენში) სიკეთის რამე მოგონება, მომიგონეთ მე და იფიქრეთ ამ ყველაფერზე, რომ ჩემმა სურვილმა და ჩემმა მღვიძარებამ რამე სიკეთემდე მიგიყვანოთ7. გევედრებით და ამას გთხოვთ, როგორც მადლს: 8. სანამ ეს მშენიერი ჭურჭელი8 თქვენთან არის, ნურც ერთს ნუ დატოვებთ მათგან9, არამედ უწყვეტლივ გამოიძიეთ ისინი და აღასრულეთ ყველა მცნება, რადგან ისინი ღირსეულნი არიან. 9. მე იმის გამო უფრო ვიჩქარე მომეწერა, რამდენადაც ეს შემეძლო, რომ თქვენ გამეხარებინეთ10. ღმერთმა მოგმადლოთ ცხონება, სიყვარულისა და მშვიდობის შვილებო!11 დიდებისა და ყოველგვარი მადლის უფალი ყოფილიყოს თქვენს სულთან!

--------------------------------------------------------------------

1 - შდრ. 4.9, 15.5.

2 - შდრ. 19.2, 20.1.

3 - τῶν δικαιωμάτων.

4 - შდრ. 2.3.

5 - εὑρεθῆτε, სიტყვასიტყვით: ნაპოვნი იქნათ, აღმოჩნდეთ.

6 - შდრ. 21.1.

7 - შდრ. 1.5.

8 - ანუ სხეული. შდრ. 7.3, 11.9.

9 - იგულისხმება უფლის მცნებები.

10 - εἰς τὸ εὐφρᾶναι ὑμᾶς დაცულია სინური ხელნაწერის აშიაზე და მოცემულია ლაითფუტთან (1907, გვ. 265), კრიტიკულ გამოცემაში კი იგი არ არის წარმოდგენილი (Épître de Barnabé, 1971, გვ. 216).

11 - შდრ. 7.1, 9.7.

 

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ვიქტორია ჯუღელმა

გამომცემლობა "ლოგოსი", "სამოციქულო მამები", თბილისი, 2014.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Tuesday, 18 December 2018 12:34)