Georgian (Georgia)English (United Kingdom)

I-IV თავები

[შესავალი]

თუკი ქონებრივი საფასურით იქნებოდა საჭირო სათნოებით გამორჩეულთა დაჯილდოება, მცირე აღმოჩნდებოდა, როგორც ამბობს სოლომონი, მთელი ამქვეყნიური ქონება, რომ შესწორებოდა შენს სათნოებას, რადგან აღემატება სიმდიდრის პატივს შენი ღირსპატიოსნებისადმი რგებული მადლი. ხოლო ითხოვს ჩვენგან წმინდა აღდგომა სიყვარულის ჩვეულ საბოძვარს, რასაც ვუძღვნით კიდეც შენს მაღალ გონებას, - საბოძვარს, ჰოი ღვთის კაცო, თუმც უფრო მდარეს, ვიდრე ღირსეული იყო შენთვის საძღვნელად, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ჩვენს შეძლებაზე ნაკლებს. ხოლო ეს საბოძვარი არის სიტყვა, არა უშრომლად მოქსოვილი ჩემი გლახაკი გონების მიერ, როგორც რამ უბადრუკი სამოსელი. და თუმცა ამ სიტყვის მიზანი, ალბათ, კადნიერებად წარმოუჩნდება ბევრს, ნუ ჩაითვლება იგი არაჯეროვნად, რადგან ღვთის შესაქმე მხოლოდ მან შეიცნო ღირსეულად, ვინც ნამდვილად ღვთისებრ შეიქმნა (κατὰ Θεὸν κτισθεὶς) და ვინც შემოქმედის ხატებაში დაისახა სული1, ჩვენმა საერთო მამამ და მასწავლებელმა ბასილიმ, რომელმაც ყოვლიერების მაღალი სიმწყობრე მისეული განხილვის გზით ადვილსაწვდომი გახადა მრავალთათვის და ღვთის მიერ ჭეშმარიტი სიბრძნით შემტკიცებული ქვეყნიერება შეაცნობინა მათ, რომლებსაც მანვე საკუთარი შემეცნებით უწინამძღვრა ხედვისაკენ2.

ჩვენ კი თუმცა იმასაც მოკლებული ვართ, რომ ღირსებისამებრ გვიკვირდეს მისი, მაინც განვიზრახეთ, შეგვევსო, რაც ამ დიდი მამის განხილვებს აკლდა, არა იმიტომ, ნატყუარით გაგვეყალბებინა მისი შრომა (რადგან გაუმართლებელია, ჩვენეული სიტყვების მიკუთვნებით შეიგინოს ის მაღალი პირი), არამედ - არ ეფიქრათ, რომ დაკლებულია მოძღვრის დიდება მოწაფეებში. ამგვარად, აკლდა რა "ექვსი დღის" შესახებ მის შრომას "მსჯელობა ადამიანზე, თუკი, ასეთ დროს, მისდამი დამოწაფებულთაგან არავინ გამოიჩენდა რამ გულმოდგინებას დაკლებულის შესავსებად, სამართლიანად ექნებოდა ხელმოსაჭიდი სიბილწეს მისი მაღალი დიდების წინააღმდეგ, - რომ თითქოს არ ესურვა მას შემეცნებითი რამ თვისება (ἕξιν τινὰ κατανοητικὴν) ჩაენერგა მსმენელებში.

ამიტომ, ჩვენი ძალისებრ შევკადრეთ რა დაკლებულის განმარტებას, ახლა იმას ვიტყვით, რომ თუკი ჩვენს შრომაში აღმოჩნდება რამ ისეთი, რაც არ იქნება არაღირსი მისი მოძღვრებისა, ყოვლითურთ მოძღვარს განეკუთვნოს იგი, მაგრამ თუ დიდბუნებოვან ხედვას (τῆς µεγαλοφυοῦς θεωρίας) ვერ მიწვდება ჩვენი სიტყვა, თვით მოძღვარი თავისუფალი იყოს იმგვარი ბრალდებისაგან, თითქოს არ ჰქონდა მას სურვილი, ღირებული რამ შთაენერგა მოწაფეებში. ასე რომ, განერიდოს იგი გაკიცხვას, ჩვენ კი სამართლიანად უნდა ვაგოთ პასუხი ნაკლის მჩხრეკელთა წინაშე, ჩვენ რომლებმაც ვერ დავიტიეთ მასწავლებლის სიბრძნე ჩვენი გულის სივიწროვეში.

წინამდებარე განხილვის საგანი უმნიშვნელო როდია. არცთუ მეორეხარისხოვანია იგი იმ სასწაულთა შორის, რაც ამ ქვეყნადაა, ან იქნებ აღემატება კიდეც ყველაფერს იმას, რაც ცნობილია, რადგან არსებულთაგან არაფერია სხვა, რაც ემსგავსა ღმერთს, გარდა ადამიანური ქმნილებისა. ასე რომ, ადვილად მიეცეს ჩვენს ნათქვამს შენდობა კეთილგონიერ მსმენელთაგან, თუნდაც რომ ღირსებისაგან ბევრად დაშორებულად ვიდოდეს სიტყვა. ხოლო, ვფიქრობ, საჭიროა, ადამიანის შესახებ სრულიად არაფერი დავტოვოთ გამოუკვლევი, - არც ის, რაც, როგორც გვწამს, ადრე მოხდა, არც ის, რაც, მოველით, რომ მოგვიანებით ასრულდება და არც ის, რასაც ახლა ვხედავთ, რადგან უთუოდ გვემხილება, რომ გულმოდგინება დაკლებულია დაპირებისაგან, თუკი ადამიანის განხილვის დროს გვერდზე გადავდებთ რაიმე ისეთს, რაც უახლოვდება განხილვის საკითხს. ამასთან ყველაფერი, რაც ადამიანის შესახებ წინააღმდეგობრივი ჩანს, - რადგან იძულებით რამ მიზეზშედეგობრიობის გამო არა იმასვე ვხედავთ მის ბუნებაში ახლა, რაც იყო პირველქმნილთა შორის,- ყველაფერი ამგვარი როგორც წერილისეული სწავლების გზით, ასევე ნაფიქრობათა მიერ (παρὰ τῶν λογισµῶν) აღმოჩენილი აზრის შედეგად უნდა თანაშეიწყოს, რომ მთელი მსჯელობა სიმწყობრეში და წესრიგში შეკავშირდეს და ის, რაც თითქოსდა წინააღმდეგობრივია, ერთი და იმავე დასკვნისაკენ წარემართოს; და სწორედ ასე, საღვთო ძალამ იმედი შესძინოს უიმედოებს, უმწეოებს კი შემწეობა.

ხოლო მეტი თვალსაჩინოებისათვის მართებულად ჩავთვალე, თავების მიხედვით წარმოგიდგინო სიტყვა, რომ საშუალება გქონდეს მთელი შრომის შინაარსი მოკლედ გაიგო ცალკეული დასკვნების სახით.

 

თავი I

რომელშიც არის ქვეყნიერების შესახებ ნაწილედი ბუნებისმეტყველება და უფრო მწყობრი (ἁβροτέρα) თხრობა მათ შესახებ, რომლებიც ადამიანის დაბადებაზე უწინ შეიქმნენ

ეს არის ცისა და მიწის შექმნის წიგნი, ამბობს წერილი, როდესაც სრულქმნა ყოველივე ჩენილი და არსებულთაგან თითოეული გამოიყო და განცალკევდა საკუთარი მდებარეობის მიმართ და როდესაც ყველაფერი წრიულად გარემოიცვა ციურმა სხეულმა, ხოლო ყოვლიერების შუა ადგილი განიკუთვნეს მძიმე და ქვევარდნადმა სხეულებმა, - მიწამ და წყალმა, - ურთიერთშორის შეცვულებმა.

ქმნილებათა რამ ბორკილად და სიმტკიცედ საღვთო ოსტატობა და ძალა ჩაიდო არსებულთა ბუნებაში, მრჩობლი მოქმედებით ყოველიერების აღვირმპყრობელი, რადგან უძრაობითა და მოძრაობით იხელოვნა მან როგორც არარსებულთა დაბადება, ასევე არსებულთა მედეგობა (διαµονὴν), ბორბლისებრ წრიულად აბრუნებს რა იგი უძრავი ბუნების სიმძიმისა და ადგილუცვლელობის ირგვლივ, როგორც რამ მყარი ღერძის გარშემო, ცარგვალის (τοῦ πόλου) უსწრაფეს მოძრაობას და ინარჩუნებს რა ერთიმეორის მიერ ორივეს ურღვევობას, როდესაც, ერთი მხრივ, წრიულად მსრბოლი არსება სწრაფი მოძრაობით წრიულად ამჭიდროებს მიწის სიმკვრივეს (τὸ ναστὸν), მეორე მხრივ კი, ის, რაც მყარია და გამძლე (ἀνενδότου), ადგილუცვლელი სიმყარით შეუნელებლად ამძაფრებს მის გარშემო მბრუნავთა მოძრაობას, ჩანერგილია რა მოქმედებით განსხვავებულთა შიგნით, ანუ მდგრად ბუნებაში და არამდგრად მიმოქცევაში, თანაბარი ურთიერთმძლეობა, რადგან არც მიწა გადაინაცვლებს თავისი ფუძისგან, არც ოდესმე ცა შეასუსტებს და შეარბილებს მოძრაობის სიმტკიცეს.

ესენი, ამავე დროს, პირველები არიან არსებულთა შორის, რომლებიც შემოქმედის სიბრძნის მიერ წინდაწინ შემზადდენ, როგორც რამ სათავე მთელი ამ ნამზადობისა (µηχανήµατος), ხოლო როდესაც დიდმა მოსემ თქვა, რომ დასაბამში ღვთისაგან შეიქმნა ცა და მიწა, ამით, ვფიქრობ, ის გააცხადა, რომ მოძრაობისა და უძრაობის ნაყოფია შესაქმეში ჩენილთაგან ყველაფერი, რამაც კი საღვთო ნებით წარმოშობა მიიღო. ამიტომ, გაყოფილია რა ცა და მიწა ურთიერთდიამეტრულად, შესაბამისად მათი საპირისპირო მოქმედებებისა, დაპირისპირებულთა შუამდგომი ქმნილება თანაეზიარება ორივე მხარეს (სიტყვ. „გვერდითმდებარეებს“) და თავისი თავით მესაშუალეობს უკიდურესობათა შორის, რომ ცხადი გახდეს შუამდგომის გავლით დაპირისპირებულთა ურთიერთშეკავშირება, რადგან ცეცხლოვანი არსების მარადმოძრაობასა და გაწლობილობას (το λεπτὸν) ჰბაძავს როგორღაც ჰაერი თავისი ბუნების სიმსუბუქითა და მოძრაობისადმი მგუებლობით (ἐπιτηδείως ἔχειν). მართლაც, არც იმგვარია იგი, რომ მყართაგან გაუცხოებული იყოს, არც მუდამ უმოძრაოდ ჰგიეს, არცთუ მარადის დის და განიბნევა, არამედ ორივესადმი მონათესავეობით საპირისპირო მოქმედებათა შუა ზღვარად წარმოჩნდება და თავისთავში ერთდროულად კიდეც შეაზავებს, კიდეც მიჯნავს ბუნებით განყოფილთ. ამავე აზრით, თხევადი არსებაც მრჩობლი თვისების გამო დაპირისპირებულთაგან ორივეს ეთანადება, რადგან, ერთი მხრივ, არის რა იგი მძიმე და ქვემდინარე, დიდი თანამონათესავეობა აქვს მას მიწასთან, ხოლო, მეორე მხრივ, ეზიარება რა იგი რაღაც დინებად და მსვლელობით მოქმედებას, ამის გამო არც მოძრავი ბუნებისგან უცხოვდება მთლიანად, არამედ მის მიერაც დაპირისპირებულთა რაღაც შეზავება და შეერთება ხდება, გადადის რა სიმძიმე მოძრაობაში და არ ფერხდება რა მოძრაობა სიმძიმის გამო. ასე რომ, ერთიმეორეს თანხვდებიან ბუნებით უკიდურესად განყოფილნი, ერთდებიან რა შუამდგომთა მიერ, უფრო კი, ზუსტად თუ ვიტყვით, თვით საწინააღმდეგოთა ბუნებაც არ არის თვისებებით მთლად უზიარებელი ერთიმეორისადმი. და ეს ხდება, ვფიქრობ, იმიტომ, რომ ურთიერთს ეთანხმებოდეს ყველაფერი ამქვეყნად ჩენილი და ერთსულოვანი იყოს თავისი თავის მიმართ საწინააღმდეგოთა თვისებებში ნახული შესაქმე. ამიტომ, რადგან მოძრაობა არა მხოლოდ ადგილის გადანაცვლებად გაიგება, არამედ იგი განიჭვრიტება, აგრეთვე, ცვალებადობაში და გარდაქმნაში, ასევე, რადგან შეუძრავი ბუნება ცვლად მოძრაობას არ შეიწყნარებს, შეანაცვლა რა თვისებები ღვთის სიბრძნემ, მარადმოძრავს უცვლელობა შთაუნერგა, უძრავს კი ცვალებადობა, განაგო რა ეს ყველაფერი რაღაც წინდახედულებით, რომ ღვთის ბუნებისათვის ნიშანდობლივთა, კერძოდ, "უცვლელობისა" და "შეუძრავობის" [გამოვლენა] შესაქმეში ხილულთაგან რაიმეზე არ გამხდარიყო მიზეზი ქმნილების ღმერთად მიჩნევისა. ცხადია, აღარ იქნებოდა ღმერთობის ეჭვი იმის მიმართ, რაც მოძრავი ან ცვლადი აღმოჩნდებოდა. ამიტომ, ერთი მხრივ, მიწა მდგრადია და არ უცვლელი, ხოლო, მეორე მხრივ, ცას, პირიქით, ცვალებადობის არ მქონეს, არც მდგრადობა აქვს. ამგვარად, საღვთო ძალამ თანაშეაწნა მდგრად ბუნებას ცვალებადობა, უცვლელს კი მოძრაობა, რომ თვისებათა შენავლებით, ერთი მხრივ, ურთიერთისადმი შეეთვისებინა ორივე, მეორე მხრივ კი, ღმერთობის ეჭვისაგან გაეშორებინა ისინი, რადგან არცერთი ამათგან, როგორც ითქვა, არ იქნებოდა მიჩნეული უსაღვთოესი ბუნებისად, - არც არამდგრადი, არც ცვალებადი.

ამგვარად, ყვეაფერი თავის სასრულს ეწია უკვე, რადგან სრულიქმნა, როგორც ამბობს მოსე, ცაც, მიწაც და მათ შუაში ყველაფერი და სათითაოდ შეიმკო ისინი შესაფერისი მშვენებით: ცა მნათობთა ბრწყინვით, ზღვა და ჰაერი მცურავი და მფრინავი (სიტყვ. "ჰაერისშიგა") ცხოველებით, მიწა მცენარეებისა და პირუტყვების ყოველგვარი ნაირფერობით, რომლებიც მან, საღვთო განზრახვით ძალცემულმა, მყისვე ერთიანად შვა. და სავსე იყო მიწა ხილთაგან, აღმოაცენა რა მან ყვავილთან ერთად ნაყოფიც; სავსე იყო, აგრეთვე, წალკოტებიც მათგან, რაც წალკოტს ამშვენებს. ყველა ნაპირი თუ მწვერვალი, ყველაფერი, რაც დამრეცია თუ დავაკებული, ყველაფერი, რაც ღრმულებშია, ხასხასა ბალახითა და ხეთა ნაირფერი მშვენებით დაგვირგვინდა, მათ კი, რაწამს მიწიდან ამოიმაღლეს, მყისვე სრულქმნილი მშვენიერებისაკენ აღისწრაფეს. შესაფერისად გაიხარა ყველაფერმა. და დახტოდა ღვთისბრძანებით სულჩადგმული პირუტყვი, მიმორბოდა რა იგი ნახირებად და ჯოგებად ღრმა ტყეებში, ხოლო ყველაფერი, რაც უღრანი და დაბურული იყო, მგალობელი ჩიტების მღერით ხმიანებდა ყველგან. ასევე, ზღვის საწიერიც, როგორც წესია, რაღც ამგვარივე იყო, - მყისვე ღრმულოვან საცავებში შემდგარი სიმშვიდისა და სიწყნარისათვის, რომლის გაყოლებაზეც, ნაპირებზე, საღვთო ნებით თავისთავად გამოღრმავებულიყვნენ მისადგომები და სანავსადგურეები, მომთვინიერებლები ზღვისა ხმელეთისათვის. ტალღების მიწყნარებული მოძრაობები, სუსტი და უწყინარი სიოს მიერ მთელ ზედაპირზე გლუვად ათრთოლებულნი, დამშვენებულიყვნენ წალკოტთა სანაცვლო სიტურფით. ასე, მთელი შესაქმისეული სიმდიდრე მიწაზე თუ ზღვაზე მზა იყო, მაგრამ არ იყო წილმქონე (μετέχων).

 

თავი II

რატომ არის ადამიანი შესაქმის შემდეგ ყველაზე ბოლო

ეს დიდი და ღირსეული ქმნილება, ადამიანი, ჯერ კიდევ არ შემოსულიყო არსებულთა ქვეყანაში, რადგან არც იყო წესი ქვეშევრომებზე წინ ბატონის გამოჩენისა, არამედ შემზადდებოდა რა პირველად სამეფო, შემდეგ უნდა გამოჩენილიყო მეფობის მქონე. ასე რომ, ყოვლის შემოქმედმა წინდაწინ გაუმზადა მეფედ მოსალოდნელს, სამეფო სავანის მსგავსი რამ (ხოლო ეს იყო მიწა და კუნძულები, ზღვა და მათზე სახურავივით გადართხმული ცა) და ამ სამეფო ადგილებში ყოველგვარი სიმდიდრე დააუნჯა. სიმდირედ ვამბობ მთელ შესაქმეს, რაც კი ნერგებშია და მცენარეებში, აგრეთვე, რაც მგრძნობელობითია, სულჩადგმულია და გასულიერებული, ხოლო თუ მისაღებია ნივთიერებათა სიმდიდრედ შერაცხვა, რაც კი ადამიანების თვალისათვის რაღაც კეთილფერობის გამო ძვირფასი ჩანს, როგორც ოქროულობა და ვერცხლეულობა, დიახ, ადამიანებისათვის საყვარელი ამ ქვების, - ყველა მათგანის, - სიუხვე მიწის ღრმულებში, როგორც რამ სამეფო განძთსაცავებში ჩამალა მან და ასე გამოაჩინა ამქვეყნად ადამიანი, რომ ყოფილიყო იგი ქვეყნიურ სასწაულთაგან ნაწილის მჭვრეტელი, ნაწილის ბატონი და, ერთი მხრივ, მიღებული ტკბობის შედეგად ცნობა ჰქონოდა მას მბოძებლისა, მეორე მხრივ კი, განჭვრეტილთა მშვენებისა და სიდიადის წიაღ შემოქმედის გამოუთქმელი და სიტყვაზე აღმატებული ძალა გამოეკვლია. ამ მიზეზთა გამო შესაქმის შემდეგ ყველაზე ბოლო შემოვიდა ადამიანი, არათუ როგორც უკუგდებული და უკანასკნელთა შორის მიგდებული, არამედ როგორც შექმნიდანვე ქვეშევრდომთა მეფედ განკუთვნილი. ისევე, როგორც კეთილი ვინმე მასპინძელი, რომელიც არათუ სანოვაგის დამზადებაზე შემოიპატიჟებს წვეულს, არამედ ჯერ სათანადოდ შეამზადებს ყოველივეს, გაახალისებს სახლს, საინახეს, ტრაპეზს შესაფერისი სამკაულებით, და გაამზადებს რა უკვე, რაც საჭმელად საამურია, მაშინ ისტუმრებს მონადიმეს, ამგვარადვე, ჩვენი ბუნების მასპინძელმა, მდიდარმა და დოვლათიანმა (πολυτελὴς), შეამკო რა სამკვიდრო ყოველგვარი მშვენებით და გაამზადა რა ეს დიადი და ყოველმხრივი ყოვლადნადიმი (πανδαισίαν), ასე შემოიყვანა ადამიანი და საქმედ მისცა მას არათუ არარსებულთა ფლობა, არამედ არსებულთაგან დატკბობა. და ამის გამო ასაძირკვლებს მასში აგებულების მრჩობლ საწყისებს (διπλᾶς τῆς κατασκευῆς ἀφορμὰς) მიწიერთან ღვთიურის შეზავებით, რომ ორივეს მიერ ორივესადმი ნათესაურად და თვისობრივად ჰქონდეს ტკბობა, რომ მიეტკბოს ღმერთს უსაღვთოესი ბუნების მიერ, მიწიერ სიკეთეებს კი - მათი მონათესავე მგრძნობელობის გზით.

 

თავი III

რომ ადამიანის ბუნება მთელ ჩენილ შესაქმეზე უფრო ძვირფასია

ხოლო საჭიროა არც ის დავტოვოთ განხილვის გარეშე, რომ ამოდენა ქვეყნისა და პირველსაფუძვლებისებრ ყოვლიერების შესამტკიცებლად დასაძირკვლებული მისეული ნაწილების შესაქმე როგორღაც დაფიქრების გარეშე ხდება (ἀποσχεδιάζεταί) საღვთო ძალის მიერ, არსდება რა [ყოველივე], ბრძანებისთანავე, ხოლო ადამიანის შემზადებას ბჭობა უძღვის წინ და სიტყვისმიერი გამოხატვის გზით (διὰ τῆς τοῦ λόγου γραφῆς) ოსტატის მიერ წინადაისახება სამომავლო [საქმე], თუ რაგვარი იყოს იგი და როგორი მთავარსახისადმი3 ატარებდეს მსგავსებას და რა მიზნით უნდა შეიქმნას და რას იმოქმედებს შექმნილი ანდა რას უბატონებს იგი, - ყოველივე ამას წინდაწინ განჭვრეტს სიტყვა, რომ შესაქმის უფრო აღმატებული ღირსება ხვდეს მას, ვინც არსებულთა ბატონობის მფლობელია ვიდრე არსებობაში მოსვლამდე, რადგან "თქვა", ამბობს, "ღმერთმა: შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისამებრ და მსგავსებისა და ბატონობდნენ ზღვის თევზებს და მიწის ნადირებს და ცის ფრინველებს და პირუტყვებს და მთელ მიწას" (შესაქ. 1.26).

ჰოი საკვირველებავ! მზე იბადება და არანაირი ბჭობა არ უძღვის მას წინ, ცაც - ასევე, მათი სწორი კი ქმნილებათაგან არაფერია. მარტოდენ თქმით წარმოჩნდა ამგვარი საკვირველება. არც ის, თუ საიდან, არც ის, თუ როგორ, არცთუ სხვა რამ ამგვარი აღუნიშნავს სიტყვას. ასევე, სათითაოდ ყველაფერი, - ეთერი, ვარსკვლავები, შუამდებარე ჰაერი, ზღვა, მიწა, ცხოველები, მცენარეები, - ყველაფერი ეს სიტყვით შემოდის შესაქმეში. მარტოდენ ადამიანის შემზადებას შეუდგება ბჭობითად4 ყოვლიერების შემოქმედი, ისე რომ, აგებულების ნივთიც წინდაწინ გაუმზადა მას, მთავარსახის რამ მშვენიერებასაც მიამსგავსა დასახულობით (τὴν φύσιν), მიზანიც განუსაზღვრა, რის გამო შეიქმნებოდა, ბუნებაც დაუბადა, მისი საფერი და მოქმედებათა შესაფარდისი, რაც მის მომავალს ეთვისებოდა.

 

თავი IV

რომ ადამიანის შემზადება ყველაფრით მიანიშნებს მის მთავრულ ძალაუფლებას

ისევე, როგორც ამ ცხოვრებაში ოსტატთა მიერ საჭიროებისდა მიხედვით ეძლევა სახე (σχηματίζεται) ჭურჭელს (τὸ ὄργανον), მსგავსადვე, რჩეულმა ოსტატმაც ჩვენი ბუნება, როგორც რამ ჭურჭელი, სამეფო მოქმედებისათვის ვარგისად შექმნა, და იმგვარი შეამზადა იგი, - სულისმიერი ღირსებებითაც და თვით სხეულის აღნაგობითაც, - როგორიც შეჰფეროდა მეფობას. ამიტომ, სული თავისთავად მეფურობისა და ამაღლებულობის ცხადმყოფელია, რითაც შორს განუდგება იგი მდაბიურ უბადრუკობას და არის რა უბატონო და თითმეუფე, საკუთარ ნებათა მიერ თვითმპყრობელობითად ხელმწიფობს კიდეც, ხოლო სხვას ვის ეთვისება ამგვარი რამ, თუ არა მეფეს? ამათ გარდა, კიდევ ისიც, რომ გახდა იგი ყოვლიერების ძლიერმმართელი ბუნების ხატი, სხვა არაფერი, თუ არა მყისვე მეფედ დაბადებული ბუნებისა. ისევე, როგორც ისინი, რომლებიც ადამიანური ჩვეულებისამებრ მეფეთა ხატებს ქმნიან, სახის ანაბეჭდს რომ მოავლებენ, პორფირის მოსასხამით სამეფო ღირსებასაც შესძენენ მას, და იწოდება, ჩვეულებრივ, ხატიც მეფედ, ასევე ადამიანური ბუნებაც, რადგანაც სხვებზე საბატონოდ შეიქმნა იგი, ყოვლიერების მეუფისადმი მსგავსების გზით აღიმართა, როგორც რამ გასულიერებული ხატი, ზიარებული მთავარსახესთან ღირსებითაც და სახელითაც, არა პორფირით შემოცმული, არცთუ სკიპტრითა და დიადემით წარმომაჩენელი ღირსებისა (რადგან ამათში როდი ჰგიეს მთავარსახე), არამედ ნაცვლად ძოწეულისა სათნოებით მოსილი, რაც უთუოდ ყველა სამოსზე უმეტესად სამეუფოა, ხოლო ნაცვლად სკიპტრისა უკვდავების ნეტარებაზე დანდობილი, სამეფო დიადემის ნაცვლად კი სამართლიანობის გვირგვინით მკობილი; და აი ასე, ზედმიწევნით მიმსგავსებული მთავარსახოვან მშვენიერებას5, ყველაფრით მეფობის ღირსებაში წარმოიჩინა იგი.

-----------------------------------------------------------------------

სათაურს ახლავს ადრესატზე მითითება: "ძმას, ღვთის მონა პეტრეს გრიგოლი, ნისის ეპისკოპოსი".

1 - ἐν εἰκόνι τοῦ κτίσαντος τὴν ψυχὴν µεµορφωµένος.

2 - იგულისხმება ბასილი დიდის შრომა "ექვსი დღის შესახებ".

3 - "მთავარსახე" - ἀρχέτυπονς; სინონიმური πρωτότυπος ჩვენს მიერ ითარგმნება, როგორც "პირველსახე".

4 - περιεσκεμμένως.

5 - δι' ἀκριβείας πρὸς τὸ ἀρχέτυπον κάλλος ὁμοιωθεῖσαν.

 

ძელი ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ

ჟურნალი "გზა სამეუფო", 1995 წ. №1

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 05 December 2018 16:25)