Georgian (Georgia)English (United Kingdom)

მცირე ხნის წინ გამოქვეყნდა ფილოლოგიის და თეოლოგიის დოქტორის ედიშერ ჭელიძის მიერ მომზადებული "მრავალენოვანი ბიბლია" (I ნაწილი, "შესაქმე"). გთავაზობთ ამ წიგნის შესავალ ნაწილს

წინათქმა

„მრავალენოვანი ბიბლია“ ანუ “Biblia Polyglotta” ბიბლეისტური კვლევის უმნიშვნელოვანესი შენაძენია, ვინაიდან მასში პარალელურ სვეტებად არის წარმოდგენილი მთელი ბიბლიის სხვადასხვაენოვანი ტექსტი. ამ მხრივ პირველი ნაბიჯი არსებითად ორიგენემ გადადგა, როდესაც მან შეადგინა თავისი სახელგანთქმული „ჰექსაპლები“, თუმცა აღნიშნული ნაშრომი მხოლოდ ებრაულ-ბერძნულ ტექსტებს შეიცავდა (პირველი სვეტი - ებრაული ტექსტი, მეორე - ებრაული ტექსტის ბერძნული ტრანსლიტერაციაა, მესამე - აკვილას თარგმანი, მეოთხე - სვიმაქოსის თარგმანი, მეხუთე - სეპტუაგინტა, მეექვსე - თეოდოტიონის თარგმანი).

პირველი „მრავალენოვანი ბიბლია,“ ამ ტერმინის თანამედროვე გაგებით, ესაა კომპლუტუმის ცნობილი პოლიგლოტას ექვსტომეული, გამოცემული Diego López de Zúñiga -ს ხელმძღვანელობით 1514-1520 წწ-ში1. მასში „ძველი აღთქმა“ წარმოდგენილია სამ სვეტად (ებრაულად, ლათინურად და ბერძნულად), რასაც ემატება ონკელოსის თარგუმის არამეული ტექსტი, (ლათინური თარგმანითურთ) და ახალი აღთქმა ბერძნულ-ლათინურად. წიგნში აღნიშნული ტექსტების განლაგება კარგად ჩანს ქვემოთ წარმოდგენილ სქემაზე:

Hebrew

roots

Hebrew

text

Latin vulgate

Septuagint

With

Interlinear

Latin

Translation.

Septuagint

With

Interlinear

Latin

Translation.

Latin vulgate

Hebrew

text

Hebrew

roots

Aramic

roots

Latin

translation

Targum Onkelos

(Aramic).

Targum Onkelos

(Aramic).

Latin

translation

Aramic

roots

ანალოგიური მიზანდასახულობის ნაშრომზე მუშაობა სამეცნიერო წრეებში კვლავაც გაგრძელდა, რამაც შედეგად მოგვცა „ანტვერპის პოლიგლოტა“ (Antwerp Polyglotta ანუ Biblia Regia), გამოცემული ბელგიაში, ანტვერპში, 1568-1572 წწ-ში რვა ტომად Christopher Plantin-ის მიერ (ამის გამო მას ეწოდება, აგრეთვე, Plantin Polyglotta). კომპლუტუმის პოლიგლოტასგან განსხვავებით, ხსენებული პოლიგლოტა დამატებით შეიცავს, ერთი მხრივ, „წინასწარმეტყველთა“, „ესთერის“, „იობის“, „ფსალმუნთა“ და სოლომონის წიგნების არამეულ თარგუმებს, მეორე მხრივ კი - სირიულ „ახალ აღთქმას“.

დაახლოებით სამოცდაათი წლის შემდეგ, 1645 წ-ს Guy Michel Lejay-ის მიერ გამოქვეყნდა კიდევ ერთი პოლიგლოტა ათ ტომად, რომელიც ცნობილია „პარიზის პოლიგლოტას“ სახელით (Paris Polyglotta). მასში პირველად შევიდა სირიული „ძველი აღთქმა“, სამარიტული ხუთწიგნეული (სამარიტული თორა) და არაბული რედაქციები (შდრ. ტიტული: Biblia hebraica, samaritana, chaldaica, graeca, syriaca, latina, arabica, quibus textus originales totius Scripturae sacree, quorum pars in editione Complutensi, deinde in Antuerpiensi regiis sumplibus extat, non integri ex manuscripts Mo fere orbe qucp.sitis exemplaribus exhibentur).

მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, აგრეთვე, ე.წ. „ლონდონის პოლიგლოტას“ (London Polyglotta) ექვსტომეული, რაც გამოიცა 1657 წ-ს Brian Walton-ის მიერ. აღნიშნულ პოლიგლოტაში, სხვა ტექსტებთან ერთად, წარმოდგენილია, სპარსული „ხუთწიგნეული“ და ეთიოპური „ახალი აღთქმა“.

მითითებული პუბლიკაციები, ისევე როგორც, საზოგადოდ, წინა საუკუნეების ბიბლეისტური კვლევები, უდიდესი ღირებულების მეცნიერული ნაშრომებია, თუმცა ყველა მათგანს უკურნებელ სენად და გამოუსწორებელ ხარვეზად გასდევს უმდიდრესი ქართული ბიბლიოლოგიური მასალის თითქმის სრული იგნორირება. ამ მხრივ ვითარება არსებითად არც სადღეისოდ შეცვლილა, რისი თვალსაჩინო დადასტურებაცაა „შესაქმის“ სეპტუაგინტური თარგმანის Wevers-ისეული აკადემიური პუბლიკაცია, რომელშიც თავმოყრილია წმინდა წერილის ყველაენოვანი ტექსტობრივი მასალა, გარდა ქართულისა (სიმპტომურია, რომ ბიბლიის ქართული თარგმანის არსებობაც კი არ არის მითითებული პუბლიკაციის შესავალში2) და ეს მაშინ, როდესაც, თუნდაც საკუთრივ „შესაქმის“ წიგნის ფარგლებში, სწორედ ქართულ ენაზეა დაცული განსაკუთრებული ღირსების მქონე ოთხი რედაქცია (ზოგიერთი მონაკვეთის ფარგლებში ხუთი და მეტიც). ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ზოგჯერ სქოლიოებში თითქოს ქართული მასალაც იჩენს თავს (ეს შესამჩნევი იყო ადრეც, მაგალითად, Brooke-სთან), ამგვარი რამ იმდენად მოუმზადებელ, არაპროფესიულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ აშკარა ხდება ქართული ტექსტების რაობისა და სხვაენოვან ტექსტებთან მათი მიმართების სრული გაუაზრებლობა, რაც, შესაბამისად, ვერანაირ მეცნიერულ შედეგს ვერ იძლევა (სეპტუაგინტის პუბლიკაციებში ქართული მასალის ასახვის ავკარგიანობაზე დაწვრილებითი განხილვა მოცემული გვექნება შესაბამის გამოკვლევაში).

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ რედაქციული მრავალფეროვნებისა და მასალობრივი (მათ შორის ტერმინოლოგიური) სიმდიდრის კუთხით ქართულენოვანი ბიბლიური ტექსტები ბევრად აღემატება ყველა სხვა ენას, რომელზეც კი ბიბლია არსებობს. შესაბამისად, „მრავალენოვანი ბიბლიის“ ფარგლებში აღნიშნული სიმდიდრის იგნორირება სრულიად დაუშვებლად გვესახება, რის გარკვეულ გამოსწორებასაც ისახავს პირველ მიზნად წინამდებარე პუბლიკაცია.

მეორე მიზანი, რამაც წარგვმართა ახალი პოლიგლოტას მომზადებისკენ, უკავშირდება ქართულენოვანი ბიბლიის შეგნებულ უგულებელყოფას. საქმე ისაა, რომ ესა თუ ის მასალა მეცნიერულ კვლევაში შესაძლებელია მიჩქმალული აღმოჩნდეს ხსენებული მასალის არცოდნის (ანდა არასათანადო ცოდნის) მიზეზით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი თავისთავად უმძიმესი ხარვეზია და პუბლიკაციის მეცნიერულობას შესამჩნევად აფერმკრთალებს, რაღაც გამართლება მას მაინც აქვს, მაშინ როცა ვერაფერი გაამართლებს იმგვარ ქმედებას, როდესაც საქმე გვაქვს ქართულენოვანი წმინდა წერილის შეგნებულ იგნორირებასთან, რაც უკვე არა უმეცრებითი, არამედ განზრახულებითი დანაშაულია და საჭიროებს აუცილებელ რეაგირებას.

მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ ცნობილმა საიტმა Biblical Studies and Technological Tools რამდენიმე წლის წინ (კერძოდ, 2008 წ-ის 15 აპრილს) საჯარო გახადა ტიგრან აივაზიანის ცნობა იმის შესახებ, რომ მზადდებოდა ახალი პოლიგლოტა. რამდენიმე დღით ადრე თავად აივაზიანმა გააჟღერა ეს ამბავი, აღნიშნა რა: „მე აქამდე ოფიციალურად არ განმიცხადებია „მრავალენოვანი ბიბლიის პროექტის“ შესახებ, ვინაიდან ის ჯერ კიდევ ძალიან ადრეულ სტადიაშია. ასე რომ, ესაა პირველი ადგილი (იგულისხმება საიტი bibleworks.com, ე. ჭ.), სადაც მოხდა მისი საჯარო ხსენება“. (I haven’t officially announced the Polyglot bible project yet because it is still in the very early stage. So this is the first place it is mentioned publically)3.

აღნიშნული მოვლენა უაღრესად მისასალმებელი იქნებოდა, რომ არა ის აშკარად წინასწარგამიზნული ჩანაფიქრი, რაც გულისხმობს ახალი „ბიბლია პოლიგლოტას“ გამოცემას კვლავაც ქართული მასალის აბსოლუტური იგნორირებით. ხაზს ვუსვამთ ჩანაფიქრის შეგნებულობას, ვინაიდან შეუძლებელია, რომ სადღეისოდ რომელიმე მეცნიერს (თუნდაც ისეთ ზერელეს, როგორიც აივაზიანია), წარმოდგენა არ ჰქონდეს იმ შეუფასებელ საუნჯეზე, რაც უძველეს ქართულ მანუსკრიპტებშია დაცული. ასევე, შეუძლებელია შემთხვევითობად მივიჩნიოთ ის გარემოება, რომ ხსენებული აივაზიანისგან მოწოდებულ ნიმუშში სომხური თარგმანი (რაც, რედაქციულად უმდიდრესი ქართული მასალისგან დიამეტრული განსხვავებით, არსებითად ერთჯერადი ტექსტია) პირველი რიგის მესამე ხაზამდეა დაწინაურებული, სეპტუაგინტისა და ლათინური ვულგატის შემდეგ. აი, ეს ნიმუში4:

ამრიგად, ვითარება თვალსაჩინოა და ზემორე გარემოებებს უთუოდ ანგარიში უნდა გაეწიოს, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ორივე მითითებული მიზანი (და მიზეზი), რამაც ბიძგი მისცა წინამდებარე ნაშრომის შედგენას, მხოლოდ მასტიმულირებელი (ძველი ქართული ტერმინით, „მაწვეველობითი“) ფაქტორია და არა, ცხადია, არსებითი, ვინაიდან ნებისმიერი მეცნიერული პუბლიკაციისთვის არსებითი მხოლოდ ისაა, რაც საკუთრივ მეცნიერული ღირებულების შედეგისკენ განიმზირება.

ეს მხარე (მეცნიერული შედეგის რაგვარობა) მკითხველისთვის თავისთავად გახდება საცნაური აღნიშნული ნაშრომის გაცნობის შემდეგ, ჩვენ კი ამჯერად შემოვიფარგლებით მხოლოდ იმ უნათლეს ფაქტზე აქცენტირებით, რომ წინამდებარე „მრავალენოვანი ბიბლია“ ბუნებრივი განგრძობა და მეტ-ნაკლები შეჯამებაა ქართული ბიბლეისტური სკოლის საუკუნოვანი მოღვაწეობისა, რამაც სხვადასხვა დროს დიდ სიკეთედ შეგვძინა უთვალსაჩინოესი ბიბლიოლოგიური მონაცემები, გამორჩეული მეცნიერული აკრიბიის გამოკვლევები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, სრულად ითვალისწინებს და ეფუძნება ჩვენეული გამოცემა.

ქვემოთ კონკრეტულად მივუთითებთ უშუალო წყაროდ გამოყენებულ შესაბამის პუბლიკაციებს ქრონოლოგიური მიმდევრობით:

წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი 978 წლის ხელნაწერის მიხედვით: ტომი 1, ნაკვეთი 1: დაბადებისაჲ. გამოსლვათაჲ, გამოსცა აკაკი შანიძემ; თბ. 1947.

აღნიშნულ გამოცემაში ოშკის ბიბლია ქვემოთ, როგორც მიღებულია, მითითებული გვაქვს ლიტერით O.

წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი: ნაკვეთი I: შესაქმისაჲ, გამოსლვათაჲ, გამოსაცემად მოამზადეს ბაქარ გიგინეიშვილმა და ცოტნე კიკვიძემ; გამოკვლევა ბაქარ გიგინეიშვილისა, თბ. 1989 (პირველ სვეტად წარმოდგენილია ოშკის ბიბლია [ა. შანიძისეული პუბლიკაციის მცირედი შესწორებებით]; მეორე სვეტად - საბასეული ბიბლია [S], და ხელნაწერები: H 1207 [A], ქუთ. № 28 [K], ქუთ. 671 [H, ფრაგმენტი]; მესამე სვეტად - ბაქარის ნაბეჭდი ბიბლია [B] და ხელნაწერი A 179 [C]; შესაბამის მუხლებთან ცალკე სვეტებადაა წარმოდგენილი ხანმეტი ფრაგმენტები ხელნაწერიდან H 999 [Pc] და, აგრეთვე, Sin 34-ის ერთი ფრაგმენტი [M]).

აღნიშნულ გამოცემას ქვემოთ აღნიშნავს სიმბოლო (Gigkik).

მცხეთური ხელნაწერი (მოსეს ხუთწიგნეული, ისო ნავე, მსაჯულთა, რუთი), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ელ. დოჩანაშვილმა, თბ. 1981.

აღნიშნულ გამოცემას ქვემოთ აღნიშნავს სიმბოლო Dch.

ნ. მელიქიშვილი, ხუთწიგნეული ძველი ქართული ლექციონარების მიხედვით, ტექსტი და გამოკვლევა, სადისერტაციო ნაშრომი ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი, 1974 (მანქანაზე ნაბეჭდი).

აღნიშნულ გამოცემას ქვემოთ აღნიშნავს სიმბოლო Mek.

ქართული ლექციონარის პარიზული ხელნაწერი, ძველი და ახალი აღთქმის საკითხავები, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს კ. დანელიამ, სტ. ჩხენკელმა, და ბ. შავიშვილმა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო კორნელი დანელიამ, ტ. I, თბ. 1987, ტ. I, ნაწილი II, თბ. 1997.

აღნიშნულ გამოცემას ქვემოთ აღნიშნავს სიმბოლო Dan.

ხსენებული პუბლიკაციებიდან ვარიანტულ სხვაობებს შეიცავს, ერთი მხრივ, (GigKik) (ზემოჩამოთვლილი ნუსხების მიხედვით), მეორე მხრივ კი - Mek (ლექციონარული ნუსხების მიხედვით). მათზე მითითებისას წინამდებარე გამოცემაში გარკვეული განსხვავებაა. ეს ნიშნავს, რომ AKSH და CB ნუსხათა მონაცემების დამოწმებისას თუ კორექტირებისას, მითითების გარეშეც, ყოველთვის იგულისხმება ბ. გიგინეიშვილისა და ც. კიკვიძის ზემორე პუბლიკაცია (კონკრეტული მითითებანი ხსენებულ გამოცემაზე აუცილებელი არ არის, ვინაიდან ეს გამოცემა მკითხველისთვის ხელმისაწვდომია). რაც შეეხება ლექციონარულ მასალას, ამ შემთხვევაში უკლებლივ ყველგან არის მითითებული ამა თუ იმ ვარიანტული მონაცემის კონკრეტული წყარო, ე.ი. მითითებულია ან Mek (უდიდესწილად) ან Dan (შესაბამის შემთხვევებში) ან ორივე ერთად (Mek Dan). ამგვარი დაკონკრეტებითი მითითების გარეშე, გამომდინარე იქიდან, რომ Mek-ის ნაკვლევი გამოქვეყნებული არ არის, მკითხველისთვის არ იქნებოდა გასაგები, თუ რომელ ნაშრომს ვეფუძნებოდით ამათუიმ ვარიანტული სხვაობისა თუ ტექსტობრივი მონაცემის კრიტიკული შესწავლისას (მიუთითებლობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, შესაძლოა სწორედ Dan-ის პუბლიკაციას დაკავშირებოდა ზემოხსენებული მონაცემების პირველი დაფიქსირება, ვინაიდან სწორედ ეს ნაშრომია გამოქვეყნებული).

აღვნიშნავთ, რომ ყველა ვარიანტული თუ ტექსტობრივი მონაცემი, რასაც კი მოიცავს „შესაქმის“ წიგნის ძველი ქართული თარგმან-რედაქციები, ხელახლა გადამოწმდა და ზედმიწევნით შედარდა ბიბლიის სხვაენოვანი ვერსიების (პირველ რიგში, სეპტუაგინტის) კრიტიკული აპარატის მასალებთან, რამაც თვალსაჩინოდ გამოკვეთა ქართულ ბიბლიასთან დაკავშირებული ზემომითითებული ფილოლოგიური პუბლიკაციების მძიმე ხარვეზი - ბიბლიის ქართული ტექსტის გამოსაცემად მომზადება სეპტუაგინტასთან და სხვაენოვან თარგმან-რედაქციებთან არსებითი მეცნიერული შედარების გარეშე. სწორედ აღნიშნულმა ხარვეზმა განაპირობა ის ვითარება, რომ ხსენებულ გამოცემათა ძირითად ტექსტში აღმოჩნდა ათეულობით მცდარი მონაცემი, მართებულებს კი სქოლიოში განეკუთვნათ ადგილი5.

სხვაენოვან რედაქციებთან ქართულ თარგმან-რედაქციათა შედარების აუცილებლობა გარდაუვალად გულისხმობს „შესაქმის“ წიგნის მეცნიერულ გამოცემათა სრული მოცულობით გათვალისწინებას. ჩვენ ვხელმძღვანელობდით შემდეგი ეპოქალური პუბლიკაციებით:

Vetus Testamentum ex Versione Septuaginta Interpretum secundum Exemplar Vaticanum Romae editum, accuratissime denuo recognitum, una cum Scholiis ejusdem editionis, Variis Manuscriptorum Codicum Veterumquc Exemplarium Lectionibus, necnon fragmentis Versionum Aquilaa, Symmachi, et Theodotionis, Summa cura edidit Lambertus Bos, Franequerae, 1709.

აღნიშნულ გამოცემას ქვემოთ აღნიშნავს სიმბოლოები: Lamb ან Sptlamb (საკუთრივ Spt გულისხმობს სეპტუაგინტას).

Vetus Testamentum Graecum cum variis lectionibus, Edidit Robetus Holmes, T. Primus, Oxonii, 1798.

აღნიშნულ გამოცემას ქვემოთ აღნიშნავს სიმბოლოები: Holmes ან SptHolmes.

Genesis Graecae, Edidit P. A de Lagarde, Lipsiae, 1868.

აღნიშნულ გამოცემას ქვემოთ აღნიშნავს სიმბოლოები: Lgrd ან SptLgrd.

Vetus Testamentum Graecae iuxta LXX Interpretes, … Prolegomenis et Epilegomenis Instruxit C. Tischendorf, Editio Quarta, T. I,  Lipsiae, 1869.

აღნიშნულ გამოცემას ქვემოთ აღნიშნავს სიმბოლოები: Tisch ან SptTishc.

The Old Testament in Greek According to the Septuagint, Edited for the Syndics of the University Press by H. B. Swete, vol. I, Cambridge, 1901.

აღნიშნულ გამოცემას ქვემოთ აღნიშნავს სიმბოლოები: Swete ან SptSwete.

The Old Testament in Greek, Edited A.E. Brooke, and N. Mclean, Cambridge, vol I, Part I: Genesis, University Press, 1906.

აღნიშნულ გამოცემას ქვემოთ აღნიშნავს სიმბოლოები: Brooke ან SptBrooke.

Septuaginta id est Vetus Testamentum Graece Iuxta LXX Interpretes, Edidit Alfred Rahlfs. Vol. I – II. Editio quarta. Stuttgart, 1950.

აღნიშნულ გამოცემას ქვემოთ აღნიშნავს სიმბოლოები: Rahlfs ან SptRahlfs.

Septuaginta, Vetus Testamentum Graecum, Auctoritate Academiae Scientiarum Gottingensis editum, I, GENESIS, Edidit John William Wevers, Gottingen 1974.

აღნიშნულ გამოცემას ქვემოთ აღნიშნავს სიმბოლოები: Wevers ან SptWevers.

ყოველივე ზემოთქმული ცხადყოფს, რომ წინამდებარე „მრავალენოვანი ბიბლია“, განსხვავებით აქამდე გამოცემულ „პოლიგლოტათაგან“, გამოკვეთილად კვლევითი პროფილისაა, რაც გამოხატულებას პოულობს ასეულობით სქოლიოში.

რაც შეეხება პუბლიკაციის აღნაგობას, აღვნიშნავთ, რომ მისი ძირითადი (პირველი) ნაწილი წარმოადგენს პარალელურ სვეტებად განლაგებულ სხვადასხვაენოვან ბიბლიურ ტექსტებს. ქვემოთ ვუთითებთ სვეტებში დამოწმებული ტექსტების წყაროებს:

ოთხი ქართული რედაქციის გვერდით წარმოდგენილი ბერძნული ტექსტი არსებითად Wevers-ის რედაქციისაა, თუმცა ზოგჯერ ფრჩხილებში ან სქოლიოში ვუთითებთ განსხვავებულ მონაცემსაც Brooke-ის პუბლიკაციიდან (ხაზს გავუსვამთ, რომ, მიუხედავად დამკვიდრებული შეხედულებისა Wevers-ის პუბლიკაციის კრიტიკული აპარატის განსაკუთრებული სისრულის შესახებ, სინამდვილეში ეს ასე არ არის და როგორც თავად მკითხველიც ნახავს, არაიშვიათად Brooke-სეული მნიშვნელოვანი მონაცემები Wevers-თან ან შეკვეცილია ან საერთოდ არ არის ასახული).

ბერძნულის გვერდით წარმოდგენილი ლათინური თარგმანი იერონიმესეული (ვულგატური) რედაქციისაა. ტექსტისათვის ვისარგებლეთ P. Sabatier-ის უნიკალური სამტომედი პუბლიკაციის პირველი ტომით:

Bibliorum sacrorum latinae versions antiquae, seu Vetus Italica, et Caeterae quaecunque in Codicibus Mss. et antiquorum libris reperiri poterunt: Quae cum Vulgata Latina, et cum Textu Graeco comparatum, … Opera et Studio Petri Sabatier, Tomus Primus, Remis, 1743. აღნიშნულ გამოცემას ქვემოთ ვიმოწმებთ როგორც SabatierLat. თვით ვულგატას ვუსადაგებთ სიმბოლოს: LT. ზემორე პუბლიკაციაში მოცემულია იერონიმემდელი ლათინური ტექსტიც ანუ Vetus Italica, იგივე Vetus Latina, რომლის მონაცემებიც გათვალისწინებული გვაქვს შესაბამის სქოლიოებში (აღვნიშნავთ როგორც LaVT ან LaVTS).

მეორე რიგის პირველ სვეტში წარმოდგენილი სომხური ტექსტი ეყრდნობა 1805 წ-ის ცნობილ გამოცემას: Աստուածաշունչ Մատեան Հին եւ Նոր կտակարանների... Վվենետիկ, 1805. სქოლიოებში ამ ტექსტს ვიმოწმებთ როგორც Arm (სომხური ბიბლიის ხელნაწერულ მონაცემებს, რაც დაფიქსირებულია ბიბლეისტურ კვლევებში, Brooke-ს კვალობაზე აღვნიშნავთ როგორც Armcod, ხოლო გამოცემის მონაცემებს - როგორც Armed).

სომხური მომდევნოდ მოგვაქვს სლავური ტექსტი, ვისარგებლეთ შემდეგი პუბლიკაციით: Библия, Книги Священного Писания Ветхого и Нового Завета, На церковнославянском языке с параллельными местами, Москва 1997. სლავურ ტექსტს სქოლიოებში აღვნიშნავთ როგორც Slav. ვითვალისწინებთ, აგრეთვე, ოსტროგის სახელგანთქმულ სლავურ ბიბლიას, დასტამბულს 1581 წ-ს, რასაც აღვნიშნავთ როგორც Slavostr (ვეყრდნობით (Рафаил [Роман] Турконяк)-ის მიერ 2006 წ-ს გამოცემულ ტექსტს უკრაინული თარგმანის დართვით).

სლავურის მომდევნოა ებრაული ტექსტის ზედმიწევნითი ინგლისური თარგმანი (Genesis Hebrew), რაც სამარიტული „შესაქმის“ პარალელურ სვეტად არის წარმოდგენილი B. Tsekada-ს პუბლიკაციაში: The Israelite Samaritan Version of the Torah: First English Translation Compared with the Masoretic Version, Benyamin Tsekada-Editor and Translator, Sharon Sullivan co-editor, Cambridge, 2013, pp. 3-123 (აღნიშნული თარგმანი, ისევე როგორც ის თარგმანები, რომლებზეც ქვემოთ მივუთითებთ, მოგვაქვს იმ მიზნით, რომ მკითხველთა უფრო ფართო წრისთვის გახდეს შესაძლებელი ებრაულ-არამეული ტექსტობრივი მონაცემების გათვალისწინება).

მარცხენა გვერდის ძირითად მონაკვეთში წარმოვადგენთ ებრაულ ტექსტს და, აგრეთვე, თარგუმებს ებრაულად შემდეგი თანმიმდევრობით: ებრაული ტექსტი, ონკელოსის თარგუმი, ფსევდო-იონათანის თარგუმი, ნეოფიტის თარგუმი, თარგუმის ორი ფრაგმენტი: ერთი პარიზული ნუსხა, შემოკლებით FTP (Fragment Targum Paris), მეორე ვატიკანური ნუსხა, შემოკლებით FTV (Fragment Targum Vatican)6. ზემორე ტექსტებს განეკუთვნა შემდეგი სიმბოლოები:

Msr - მასორეთული ბიბლია (= MT); Trg - თარგუმი (ზოგადად); TrgOnk - ონკელოსის თარგუმი; TrgJer - იერუსალიმური თარგუმი; TrgPal-Jer - პალესტინურ-იერუსალიმური თარგუმი; MsrOnk - მასორეთული ბიბლია ონკელოსის თარგუმში; MsrPal - მასორეთული ბიბლია პალესტინურ თარგუმში. მითითებული ტექსტების კომპიუტერული დამუშავებისთვის ვიყენებდით განსაკუთრებული სამეცნიერო ღირსების ვებ-პროდუქტს: http://call.cn.huc.edu.

ამავე მარცხენა გვერდზე, ებრაული ტექსტისა და თარგუმების ქვემოთ, მოცემულია სირიული (არამეული) პეშიტა [პეშიტო] ანუ ებრაულიდან თარგმნილი სირიული „შესაქმე“7. ამ ტექსტის კომპიუტერული დამუშავებისთვისაც ვხელმძღვანელობდით ზემომითითებული წყაროთი: http://call.cn.huc.edu.

მარჯვენა გვერდის ქვემორე რიგში წარმოდგენილია ონკელოსისა და პალესტინურ-იერუსალიმური თარგუმების ინგლისური თარგმანი, რომლებსაც ვიმოწმებთ შემდეგი პუბლიკაციიდან: J.W. Etheridge, The Targums of Onkelos and Jonathan ben Uzziel on the Pentateuch, with the fragments of the Jerusalem Targum from the Chaldee, Genesis and Exodus, London 1862, pp. 35-156 (ონკელოსის თარგუმი) და pp. 157-344 (პალესტინურ-იერუსალიმური თარგუმი).

აღნიშნული თარგუმების გვერდით, მესამე სვეტში ვიმოწმებთ არამეული ბიბლიის ინგლისურ თარგმანს, რაც მთარგმნელის სახელის კვალობაზე „ლამსას ბიბლიად“ არის ცნობილი და მას, შესაბამისად, აღვნიშნავთ სიმბოლოთი: Lamsa (იხ. Holy Bible from the Ancient Eastern Text, George M. Lamsa’s Translation from the Aramaic of the Peshitta, 1989).

მარჯვენა გვერდის სულ ქვედა მონაკვეთში, „შესაქმის“ XII თავიდან დაწყებული (მანამდე შესაბამისი ხელნაწერი ნაკლულევანია)8, მოგვაქვს ცნობილი „სამარიტული თარგუმი“, რაც, როგორც ცნობილია, ეფუძნება „სამარიტული ხუთწიგნეულის (პენტატევქის)9“ ტექსტს და ინტენსიურად შეისწავლება ბიბლეისტების მიერ. გამომდინარე იქიდან, რომ სვეტების რაოდენობა შეუზღუდავი ვერ იქნებოდა, „სამარიტული ხუთწიგნეულის“ ტექსტს ვამჯობინეთ სწორედ „სამარიტული თარგუმი“, ვინაიდან ხსენებული „სამარიტული ხუთწიგნეული“, მიუხედავად შთამბეჭდავი ვარიანტული სხვაობებისა, არსებითად იგივე ებრაული ტექსტია და არა დამოუკიდებელი ტექსტობრივი მონაცემი10 (მართალია, ხშირად ხდება აპელირება იმ ფაქტზე, რომ „სამარიტული თორა“ ანუ „სამარიტული ხუთწიგნეული“ დაახლოებით ექვსიათას ვარიანტულ განსხვავებას ითვლის ებრაული ტექსტისგან, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ თავად ხუთწიგნეული, საშუალო მოცულობითი განლაგებით, თუ მეტი არა, დაახლოებით ექვსასი გვერდი შეიძლება იყოს, ასეთ დროს თითო გვერდზე ათი ვარიანტული წაკითხვის არსებობა ჩვეულებრივი ტექნოლოგიური მოვლენაა და ამგვარი მოცემულობა „სამარიტულ ხუთწიგნეულს“ მკვეთრად არ მიჯნავს მასორეთულისგან11), მაშინ როცა „სამარიტული თარგუმი“ წარმოადგენს „სამარიტული თორას“ უადრეს არამეულ თარგმანს12 ანუ დამოუკიდებელ ტექსტობრივ მოვლენას (დაწერილს სამარიტული ანბანით13), რომლის კრიტიკული ტექსტიც დღეისათვის ხელმისაწვდომია14. ყურადღებას მივაქცევთ იმაზეც, რომ ორიგენეს მიერ მითითებული „სამარიტული დედანი“ (τὸ Σαμαρειτικὸν ἀντίγραφον) მკვლევართა ნაწილის აზრით, შესაძლოა გულისხმობდეს არა „სამარიტულ ხუთწიგნეულს (სამარიტულ თორას)“, ანდა „სამარიტული ხუთწიგნეულის ბერძნულ თარგმანს“ (იგივე „სამარიტულ ბერძნულ ხუთწიგნეულს“, რომელზეც ზემოთაც მივანიშნეთ და რომლის არსებობაც, საზოგადოდ, ეჭვის ქვეშაა დაყენებული)15, არამედ „სამარიტულ თარგუმს“16. თუ ამ მოსაზრებას გავიზიარებთ, „სამარიტული თარგუმის“ მნიშვნელობა (კერძოდ, მისი ტექსტობრივი უპირატესობა მასორეთულ ბიბლიაზე) კიდევ უფრო გამოიკვეთება, ვინაიდან ორიგენეს ერთმნიშვნელოვანი მითითებით, სეპტუაგინტის მონაცემის მართებულობას დადასტურება ეძლეოდა სწორედ „სამარიტული დედნით“ ანუ „სამარიტიკონით“ (σαμαρειτικὸν)17. აი, მისი უაღრესად მკაფიო ფილოლოგიური შენიშვნა კონკრეტულად II სჯ-ის 27.26 მუხლთან დაკავშირებით, რომლის სეპტუაგინტურ ტექსტშიც დასტურდება წინდებულიანი სიტყვა ἐν πᾶσιν („ყოველივეში“)18:

„[სიტყვა] „ყოველივეში“, რაც მოცემულია სეპტუაგინტაში, მტკიცდება სამარიტული დედნის (ანტიგრაფის) მიხედვით, რომელშიც ვპოულობთ, რომ სახეზეა „ხოლ“, რაც არის ან „ყველაში“, ან „ყველანი“ (შდრ. ....... PG 17, col. 16 A; ლათ. თარგმ. Illud “in omnibus”, quod occurit apud Septuaginta, confirmatur ex Samaritano antigrapho, in quo “Chol”, id. Est, “omnibus” vel “omnia” haberi invenimus, Ibid, col. 35 A).

აქვე ხაზს გავუსვამთ, რომ, როგორც ნაწილობრივ მივუთითეთ ზემოთ, „სამარიტულ თარგუმს“ ვიმოწმებთ უადრესი J ნუსხის მიხედვით, რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ XII თავიდან არის შემორჩენილი19.

ამრიგად, წინამდებარე პუბლიკაციის პირველი და ძირითადი ნაწილი ესაა პარალელურ სვეტებად წარმოდგენილი ბიბლიური ტექსტები.

მეორე ნაწილში ცალკე მონაკვეთებად (დანართებად) მოგვაქვს ეთიოპური და კოპტური თარგმანები, რომელთა წყაროებიც იქვეა მითითებული20.

ამასთან, ზემოხსენებული „სამარიტული ხუთწიგნეულის“ მკითხველისგან გარკვეული გათვალისწინების მიზნით, ცალკე დანართად წარმოვადგენთ მის ინგლისურ თარგმანს, შესრულებულს ა. სიგალოვის მიერ21.

რაც შეეხება კოპტური ბიბლიის დიალექტურ  (და ხელნაწერულ) სახესხვაობებს (განსაკუთრებით სხვაობებს კლასიკურ კოპტურ დიალექტად წოდებულ საჰიდურსა22 და ქვემო ეგვიპტის დიალექტ ბოჰაირულს შორის), ისევე როგორც, აგრეთვე, ეთიოპური თარგმანის ხელნაწერულ ან გამოცემებისეულ მონაცემებს, ისინი, საჭიროებისამებრ, ასახულია სქოლიოებში (შესაბამისი ლიტერებით).

იგივე ითქმის ზემომითითებულ სირო-ჰექსაპლურ ვერსიაზე (სქოლიოებში ლიტერი: Syh). ანუ თელას ეპისკოპოსის პავლეს მიერ სეპტუაგინტის ორიგენესეული რეცენზიის (ჰექსაპლების მეხუთე სვეტის) სირიულად თარგმნილ ტექსტზე (დაახლ. 617 წ-ს)23, რომელსაც, ასევე, საჭიროებისამებრ ავსახავთ სქოლიოებში24.

და ბოლოს, დანართებს ვასრულებთ „შესაქმესთან“ დაკავშირებული ორიგენესეული ჰექსაპლური ფრაგმენტების წარმოდგენით, რომლებიც თავის დროზე უდიდესი რუდუნებითა და შეუფასებელი წყაროთმცოდნეობითი კვლევით გამოაქვეყნა I. Field-მა (მკვლევარი გვერდი-გვერდ წარმოგვიდგენს ებრაულ ორიგინალს, ლათინურ თარგმანს და სეპტუაგინტას, აგრეთვე, აკვილას, სვიმაქოსისა და თეოდოტიონის თარგმანებს, რომლებსაც თან ურთავს უაღრესად ინფორმატიულ სქოლიოებს).

ნაშრომს აბოლოებს პუბლიკაციის სქოლიოებში გამოყენებული სიმბოლოების განმარტება (შესაბამის ადგილას მოცემული გვაქვს, აგრეთვე, Brooke-სა და Wevers-ის მიერ გამოყენებული და განმარტებული სიმბოლოების სრული სურათი).

კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომ წინამდებარე პუბლიკაცია არ წარმოადგენს სტანდარტული სახის პოლიგლოტას, ვინაიდან იგი აქცენტირებულია საკუთრივ ქართულ მასალაზე, ხოლო სხვაენოვანი ვერსიებიდან მოხმობილია მხოლოდ ისინი, რომლებთანაც ქართულ თარგმან-რედაქციებს უთუოდ ჰქონდათ (ან შესაძლოა ჰქონოდათ) ამა თუ იმ სახის პირდაპირი თუ არაპირდაპირი შემხებლობა25.

დასასრულს მოკლედ შევეხებით საკუთრივ პუბლიცირებასთან დაკავშირებულ პროცესს და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ წინამდებარე ნაშრომის გამოცემის საქმეს საგანგებო ყურადღება მიაქცია მისმა უწმინდესობამ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, რომლის კეთილი ნებაც აღნიშნული წიგნის აუცილებელი გამოქვეყნების შესახებ არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულის უაღრესად გულმოდგინე მეცადინეობით ეუწყა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. სწორედ ბ-ნი გიორგი კვირიკაშვილის გულმხურვალე დაინტერესებითა და მასთან ერთად, სრულიად გამოკვეთილად, ამ წიგნის რედაქტორის, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ჭეშმარიტად დაუღალავი და დაუცხრომელი ღვწით შესაძლებელი გახდა ქართული „მრავალენოვანი ბიბლიის“ პირველი ტომის გამოცემა. არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ, აგრეთვე, სულიერი შეწევნა დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილისა და არაერთი სხვა ღირსეული მოღვაწისა, რომლებიც დიდად განგვამტკიცებდნენ ნაშრომის მომზადების ჟამს.

ზემოხსენებულ მოსაგრეთა გვერდით, გამორჩეულად და წრფელი გულითადობით, განსაკუთრებულ მადლობას ვუძღვნით საეკლესიო წიგნების ცნობილ გამომცემელს, ჩვენი დროის (პირდაპირ ვიტყვით) ნამდვილ და სადღეისოდ ერთადერთ მეცენატს საეროთა შორის - ბ-ნ ალექსი შოშიაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში მრავალმხრივ შეგვეწეოდა და ყოვლითურთ უზრუნველყოფდა ბიბლიურ წყაროებზე ჩვენს გახანგრძლივებულ მუშაობას, რისი ნაყოფიც წინა წელს იყო საკუთრივ ბიბლიის სრული ძველი ქართული შეჯერებული ტექსტის გამოქვეყნება, შემდეგ - „ახალი აღთქმის“ სქოლიური გამოცემა, ამჯერად კი - „მრავალენოვანი ბიბლიის“ პირველი ტომის წარდგენა საზოგადოების წინაშე.

ვმადლობთ ყველას, რომლებიც ვახსენეთ ზემოთ ან ვერ ვახსენეთ და ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებით გავეზრახებით: „სუემდით სიხარულსა“26.