Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ანოტაცია

სადოქტორო ნაშრომში წარმოდგენილია პატრისტიკულ მემკვიდრეობაში დაცული ჰექსემერონული კომენტარების თეოლოგიური ანალიზი. გამოკვლევა ორ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილის სათაურია ქრისტიანული კოსმოლოგია, ხოლო მეორისა - ქრისტიანული ანთროპოლოგია. პირველი ნაწილი ცხრა თავისაგან შედგება და წმინდა წერილში აღწერილი თანმიმდევრობის შესაბამისად არის განხილული თითოეული მუხლი; კერძოდ, თუ როგორ განიმარტება საეკლესიო ტრადიციაში მოსე წინასწარმეტყველისთვის გაცხადებული უწყება დასაბამად ქმნილი ცისა და ქვეყნის შესახებ (შდრ. დაბ. 1. 1-2). ცალკე თავი ეძღვნება ჰექსემერონის პირველ დღეს («დღე ერთისას») არარსებობიდან მყოფობაში შემოყვანილი სინათლის ეგზეგეზისს (შდრ. დაბ. 1.3). მორიგი საკვლევი საკითხია მყართან და მყარსზედა წყლებთან დაკავშირებული თემატიკა (შდრ. დაბ. 1.6). გაანალიზებულია საეკლესიო სწავლება მესამე დღეს აღსრულებული დედამიწის დამფარავი წყლების შემოკრებას, ხმელეთის გამოჩენასა და მცენარეების აღმოცენებასთან დაკავშირებით (შდრ. დაბ. 1. 9-11). ახალი თავი ეთმობა უაღრესად საყურადღებო თემატიკას, თუ როგორ ხდებოდა დღე-ღამის მიმოქცევა პირველი სამი დღის განმავლობაში, მზის შექმნის უწინარეს. ვრცლად არის განხილული ჰექსემერონის მეოთხე დღეს ციური სხეულების ქმნადობის შესახებ საეკლესიო ეგზეგეტიკურ წყაროებში დაცული ცნობები (შდრ. დაბ. 1.14); ასევე შეჯერებულია ეკლესიის მამათა შესაბამისი განმარტებანი სტიქიონთა ურთიერთმიმართების თაობაზე. შემდეგ თავში წარმოდგენილია ვრცელი წყაროთმცოდნეობითი ანალიზი შესაქმის დღეების საათობრივ ხანგრძლივობასთან მიმართებით, თუ როგორ განიმარტება უაღრესად საყურადღებო ხსენებული მოვლენა საეკლესიო თვალთახედვით. ვინაიდან სამყაროს შექმნის ხანგრძლივობა წმინდა წერილში ექვსი დღით განისაზღვრება, ახალი განსახილავი თემაა რიცხვი ექვსის სრულყოფილებასთან დაკავშირებით მამათა შრომებში დაცული ცნობები.

სადოქტორო ნაშრომის მეორე ნაწილს ქრისტიანული ანთროპოლოგია ეწოდება და შვიდ თავს აერთიანებს. რადგან ადამიანის შესახებ სწავლების გადმოცემისას ეკლესიის მოძღვარნი ხშირად ღვთის ხატისებრ შექმნილი გონიერი არსების სხვა ქმნილებებზე აღმატებულებას მეხუთე და მეექვსე დღეს, ადამიანის შექმნის უწინარეს მყოფობაში შემოყვანილ ცხოველურ სამყაროსთან მიმართებით წარმოაჩენენ და შესაბამის მაგალითებს მრავლად მოიხმობენ, სწორედ ხსენებული მიზეზით ჰექსემერონის მეხუთესა და მეექვსე დღეს აღსრულებული შესაქმე სადისერტაციო ნაშრომის მეორე ნაწილში გავაერთიანეთ.

კვლევა იწყება განხილვით, თუ საკუთრივ ვის «ხატისებრ» შეიქმნა ადამიანი (შდრ. დაბ. 1. 26-27) და როგორ უნდა გაიგებოდეს წმინდა წერილის ბერძნულ ტექსტში ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით დამოწმებული ტერმინოლოგია - κἀτ ἐικόνα (წმ. ეფრემ მცირის თანახმად, «ხატებრ»; პარალ. ფორმები: «ხატისებრ», «ხატისაებრ», «ხატებისაებრ») და რას გულისხმობს ხატება და მსგავსება. შემდეგ თავში წყაროთმცოდნეობითი ანალიზის საფუძველზე მიმოხილულია, ერთი მხრივ, ადამიანში შთაბერილი სამშვინველისა (ψυχὴ) და, მეორე მხრივ, ცხოველისთვის მინიჭებული იმავე ტერმინოლოგიური შესატყვისის მქონე სამშვინველის (ψυχὴ) ურთიერთმიმართების საკითხი და მათ შორის არსებული განსხვავება, რადგან გონიერი არსების გარდაცვალებისას სამშვინველი მარადისობაში გადაინაცვლებს, ხოლო უტყვი ქმნილების სიკვდილის შემდეგ მისი yucѕ უკვალოდ განქარდება. ცალკე თავადაა გატანილი ადამიანში ღვთისაგან შთაბერილი სულის ადგილსამყოფელის შესახებ საეკლესიო რჯულდება. ასევე ეკლესიის მამათა შესაბამის შრომებზე დაფუძნებით განმარტებულია ღვთის ხატისებრ ქმნილ არსებაში წარმოდგენილი სქესობრივი განსხვავების (მამრობისა და მდედრობის) მიზეზი. ვრცელი მიმოხილვა ეთმობა ცოდვით დაცემის შემდეგ სტიქიონებად დაშლას დაქვემდებარებული ადამიანური სხეულის აღდგომის თაობაზე ეკლესიის წიაღში დაცული ეგზეგეზისის ანალიზსს. მორიგ ნაწილში, შესაბამის განმარტებებზე დაყრდნობით, „დაბადების“ წიგნის პირველ თავში მოსე წინასწარმეტყველის მიერ იდუმალი სახით კაცობრიობისთვის გაცხადებული ერთარსი ღმერთის სამპიროვნულობის გამაცხადებელი ადგილებია მოხმობილი შესაბამისი კომენტარებითურთ; ამასთან, საეკლესიო განმარტებების საფუძველზე განხილულია საკითხი: იცოდნენ თუ არა ძველი აღთქმის ეპოქაში მოღვაწე მამათმთავრებმა და წინასწარმეტყველებმა, რომ ერთბუნებოვანი ღმერთი სამჰიპოსტასოვანია. და ბოლოს, ბიბლიური ენისთვის ნიშანდობლივი საიდუმლო ღვთისმეტყველების წარმომჩენი რამდენიმე ადგილია გაანალიზებული ეკლესიის მამათა შესაბამისი შრომების საფუძველზე, თუ როგორ არის შესაძლებელი, მოსე წინასწარმეტყველის მიერ აღწერილი სწავლება (და, ზოგადად, წმინდა წერილში გადმოცემული მოძღვრება), გარდა პირდაპირი გააზრებისა, დაფარულ, ღრმა, იდუმალ შინაარსს დაიტევდეს საკუთარ თავში.

 

იხ. სრულად ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ გვერდზე: ირაკლი ორჟონია - ეკლესიის მამათა ჰექსემერონული კომენტარების თეოლოგიური ანალიზი
AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 17 October 2018 12:13)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96