Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წმიდა გრიგოლ პალამა

ჭეშმარიტი შემეცნება აზროვნებით (ლოგიკით) არ მოიპოვება



უცხო მონაზვნის კითხვა:

მოვისმინე ზოგიერთის [1] საუბარი, რომ გარეშე სიბრძნეს (έξω σοφίαν) [2] მონაზვნებმაც უნდა მისდიონ, რადგან, თითქოს, მის გარეშე შეუძლებელია ვინმე უმეცრებისა (ὰγνοία) და მცდარი შეხედულებებისგან განთავისუფლდეს, [და] უვნებობის მწვერვალზე მიღწეულიც კი, ვერ შეეახლება სრულყოფილებასა და სიწმინდეს, თუკი, ცოდნას ყოვლითგან არ შემოკრებს, და მეტადრე, ელინური განათლებიდან; რადგან იგია ღვთის საბოძვარი, მსგავსი, წინასწარმეტყველებისა და მოციქულებისადმი - გამოცხადების მეშვეობით - მინიჭებული და სულში არსებათა (τῶν ὄντων) ცოდნის წარმომშობი... როცა ეს მოვისმინე, არ ვირწმუნე, ვინაიდან მონაზვნურ მოღვაწეობაში ჩემმა მცირედმა გამოცდილებამ სავსებით საპირისპირო მიჩვენა, მაგრამ არ შემეძლო მათდამი სიტყვის-გება, რადგან რაღაც მაღალფარდოვანს ამბობენ... მაშ, ვერ შევძელი შეპასუხება, მაშინ მათ მიმართ დავდუმდი, ახლა გთხოვ, მამაო, მასწავლე სიტყვები ჭეშმარიტების დასაცავად, რა(ჲ)თა მზად ვიყო, თანახმად მოციქულისა: "რომ იმედისთვის სიტყვა მივსცე (ვთქვა), რომელიც ჩვენი სარწმუნოებისგან გვაქვს" [3].

წმ. გრიგოლ პალამას პასუხი:

ძმაო, მოციქულებრივად ვიტყვი - "კარგია (სარწმუნო) მადლით განმტკიცებული გული" [4], თუმცა, როგორაა შესაძლებელი სიტყვით სიტყვაზე აღმატებული სიკეთის დამტკიცება? მაშასადამე, ღმერთს უნდა მადლობდე ამგვარი მადლის ბოძებისთვის, რომელიც აზრადაც არ მოუვათ მათ, ვინც მიიჩნევს, რომ გადამეტებული სიბრძნისგან ყოველივე უწყიან. და თუ [მათ] მიზნად ჭეშმარიტება არ აქვთ, ნუ დამწუხრდები, რადგან შენ, საქმით დარწმუნებული, ყველგან და ყოველთვის განმტკიცებული და ურყევი იქნები, ვინაიდან შინაგანად ჭეშმარიტების მტკიცე (უცვალებელი/ μόνιμον) საფუძვლს ფლობ, ხოლო ისინი, რომელნიც ლოგიკურ (აზროვნებისმიერი/ λογικαῖς) მტკიცებულებებს ემყარებიან, უცილობლად უკუმიიქცევიან - თუნდაც, ამ ჯერზე, არა - შენ მიერ; ვინაიდან "ყოველი სიტყვა ებრძვის სიტყვას" [5], ესე იგი, წინააღუდგება [სიტყვით] და შეუძლებელია სიტყვა ბოლომდე გამარჯვებული იყოს, ისე, რომ თავის დამარცხებას არ მოელოდოს. ეს კი, ელინ ფილოსოფოსთა მოწაფეებმა და მათსავით ბრძენებმა - ერთი მეორის მარადის დამხობითა და ერთმანეთისგან უფრო ძლიერი მტკიცებ(ულებ)ით დამხობილებმა - ცხადყვეს [6].

_______________

[1] აქ "ზოგიერთში" იგულისხმებიან "ბარლაამისტები", რომელნიც ბერმონაზვნობასა და ზოგადად, მართლმადიდებლური აღმოსავლეთის თეოლოგიურ აზროვნებაში დასავლურ სქოლასტიკურ გაგებასა და "მიწიერების" დანერგვას ცდილობდნენ, რაც მათი მხრიდან გამოიხატებოდა ფილოსოფიის, ე. წ., "გარეშე სიბრძნის" უპირატესობაში გამოცხადებითი ჭეშმარიტების მიმართ; გამოცხადებითი ჭეშმარიტება კი პიროვნულ ლოცვით მოღვაწეობასა და სამება ღმერთის უქმნელი ნათლის ჭვრეტის გამოცდილებას გულისხმობს, რაც ისიხასტურ ტრადიციაში და ისიხასტებთან იყო დაუნჯებული. ბარლაამისა და მისიანების აღქმა-გაგება ღმერთსა და მის შემეცნებასთან დაკავშირებით, საფრთხეს უქმნიდა და გამიწიერებას უქადდა მართლმადიდებლურ ცნობიერებას, რომელიც ღმერთის შემეცნების ჭეშმარიტ გამოცდილებას ფლობს; არა აზროვნებითს, არამედ გამოცხადებითს.

[2] ე. ი., ფილოსოფია.

[3] შდრ. 1 პეტ. 3: 15.

[4] შდრ. ებრ. 13: 9.

[5] "λόγῳ παλαίει πᾶς λόγος" - ამ ნაშრომში ეს იგავური გამოთქმა ხშირადაა გამოყენებული, მაგ.: კითხვა 1, 2, ასევე, 1, 3, 13.

[6] გრიგოლ პალამას ამ ნათქვამს ეხმიანება ბასილი დიდიც: "...აღდგება რა მათ წინააღმდეგ დამაჯერებელ სიტყვაში დახელოვნებულთაგან ვინმე სხვა, ამას ყოველივეს დაშლის და დაარღვევს და მის ნაცვლად თავის შეხედულებას შემოიტანს. თუ ჩვენ ახლა ამდაგვარ ვარაუდებზე დავიწყებთ საუბარს, მათივე მსგავსი მოლაყბენი აღმოვჩნდებით.
ვაცალოთ, რომ მათ ერთმანეთი დაამხონ..." (წმინდა ბასილი დიდი, ჰომილიები ექვსი დღისათვის, IV გამოცემა, თბილისი 2011: 26. მთარგმნელი გვანცა კოპლატაძე).

ბერძნულიდან თარგმნა ლევან ხატიაშვილმა შემდეგი გამოცემიდან: გრიგოლ პალამა, წმინდა ისიხასტთა დასაცავად, შრომა 2, ეკლესიის ბერძენი მამები, IV გამოცემა, თესალონიკი 1999: 50/ Γρηγορίου του Παλαμά, Ὑπερ τῶν ίερῶς ἡσυχαζόντων, άπαντα τα έργα 2, Ε.Π.Ε., δεύτερη ἔκδοση, Θεσσαλονίκη 1999: 50.

 



* * *


წმიდა გრიგოლ პალამა

უფლის ფერისცვალებისა და თაბორის უქმნელი ნათლის შესახებ

ოდესმე, რომელ წმინდათაგანს უწოდებია ეს ნათელი ქმნილ სიმბოლოდ (σύμβολον κτιστὸν)? გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: "ნათელი (φῶς) ღვთაებაა (θεότης), რომელიც მოწაფეებს მთაზე გამოეცხადა" [1]. თუ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტად ღვთაება არ იყო, არამედ მისი ქმნილი სიმბოლო, [მაშინ] არ უნდა ეთქვა, რომ გამოცხადებული ნათელი ღვთაებაა, არამედ - ნათელი, რომელმაც ღვთაება გამოაჩინა; ...ამას ამბობს ის, ვისაც ეპითეტად "ღვთისმეტყველება" [2] აქვს. ღვთისმეტყველი ოქროპირიც დასძენს: "უფალი საკუთარ თავს განაბრწყინებდა, ვინაიდან ღვთაებამ თავისი სხივები გამოაჩინა" [3]. ...და ნათელი, რომელიც უცხო ბუნებისგან მომდინარეობს და ღვთაების სიმბოლოა, როგორ შეიძლება ღვთაების სხივები იყოს? მაგრამ ბასილი დიდი [4] წარმოაჩენს, რომ ღმერთი, სამ ჰიპოსტასში (ἐν τρισὶν ὑποστάσεσι) თაყვანისცემული, ერთი ნათელია: "ღმერთი მიუწვდომელ ნათელში მკვიდრობს" [5], რადგანაც მიუწვდომელი (ὰπρόσιτον) უცილობლად ჭეშმარიტიცაა, და ჭეშმარიტი კი - მიუწვდომელი; ამიტომ, მოციქულები დაბლა დაემხნენ [6], ვინაიდან არ შეეძლოთ ძის ნათლის დიდების ცქერა, რადგნ იგი მიუწვდომელი ნათელია. თუმცა ნათელი სულიწმინდაცაა: "რომელმაც ჩვენს გულებში სულიწმინდით გამობრწყინა" [7]. მაშასადამე, თუ მიუწვდომელი ჭეშმარიტია - და იგი მიუწვდომელი იყო კიდეც - ის ნათელი შედგენილი [8] ღვთაების არ იყო, არამედ ჭეშმარიტი ნათელი ჭეშმარიტი ღვთაების, და არა მხოლოდ ძის, არამედ სულისა და მამის ღვთაებაც. ამიტომ, ყველა ერთად, ფერისცვალების დღესასწაულის აღსანიშნავად, უფალს ვუგალობთ: "დღეს შენს გამოცხადებულ თაბორს ზედა ნათელშიც, ნათელი ვიხილეთ მამა, ნათელი სულიწმიდა". "რამეთუ არა ცხადად გამოაჩინე, აღძარცვე რა ბრწყინვალება შენი ღმრთაებისა"[9].

_______________

[1] სიტყვა 40, 6, PG 36, 365 A.

[2] აქ გრიგოლ პალამა წმინდა გრიგოლ ნაზიანზელს ეპითეტად უწოდებს არა "ღვთისმეტყველს" (თეოლოგი/ θεολόγος) არამედ - "ღვთისმეტყველებას" (თეოლოგია/ θεολογία). ძვ. ბერძნულშიც და ახ. ბერძნულშიც, ერთი და იმავე წერია, ასე რომ, რაიმე ბეჭდური ხარვეზი და მისთ. გამორიცხულია.

[3] ოქროპირის ეს მონაკვეთი მიუკვლეველია.

[4] ევნომიოსის აპოლოგიის მხილება 5, PG 29, 640 AB.

[5] 1 ტიმ. 6: 16.

[6] იხ. მთ. 17: 6; საქ. 9: 4, 26: 14.

[7] შდრ. 2 კორ. 4: 6.

[8] "υπόκρασις" - შედგენილი, შეზავებული, შერწყმული, აგებული.

[9] განმანათლებელი, რომელიც უფლის ფერისცვალების ცისკარზე 6/ 19 აგვისტოს იგალობება. იხ. ძველ ბერძნულადაც:
«ἐν τῷ φανέτι φωτί σου,
σήμερον ἐν Θαβωρίῳ,
φῶς εἴδομεν τὸν Πατἐρα,
φῶς καὶ τὸ Πνεῦμα».
«τῆς γὰρ σῆς θεότητας
ὰμυδρὰν παρεγύμνωσας αὑτήν».

ბერძნულიდან თარგმნა ლევან ხატიაშვილმა შემდეგი გამოცემიდან: გრიგოლ პალამა, წმინდა ისიხასტთა დასაცავად, შრომა 2, ეკლესიის ბერძენი მამები, IV გამოცემა, თესალონიკი 1999: 494-496/ Γρηγορίου του Παλαμά, Ὑπερ τῶν ίερῶς ἡσυχαζόντων, άπαντα τα έργα 2, Ε.Π.Ε., δεύτερη ἔκδοση, Θεσσαλονίκη 1999: 494-496.


* * *

წმ. მაქსიმე აღმსარებელი


კითხვა 36

როგორ გავიგოთ სახარების ეს მონაკვეთი: "იოანეზე უდიდესი არ დაბადებულა, ხოლო ცათა სასუფეველში მასზე უმცირესი უდიდესია" [1]?

პასუხი:

ვინც საკუთარ თავს იოანეზე მეტად დაიმდაბლებს - რადგან ამას ნიშნავს "უმცირესი" - იგია იოანეზე უდიდესი. სხვაგვარად: რადგან გვწამს, რომ იოანემ ჭვრეტის მეშვეობით შეიძინა, რაც კი რამ ცოდნის მოპოვება შეიძლებოდა აქ (მიწაზე, ლ. ხ.), [ამიტომ] მცირე და უდარესი ცოდნაც კი, რომელიც სამომავლოდ გამოცხადდება, აქაურზე უმაღლესია. ასევე: ადამიანთაგან უდიდესი ღვთისმეტყველი უკანასკნელ (უქვემორეს, ლ. ხ.) ანგელოზებზე უმცირესია; ან, ის, ვინც სახარებისეულ მოღვაწეობაში უკანასკნელია, რჯულისეული სიმართლის მწვერვალზე [2] უმეტესია.

_______________

[1] შდრ. მთ. 11: 11; ლკ. 7: 22.

[2] იგულისხმება მოსეს რჯულის თავგამოდებული შემსრულებელი, დამცველი, ე. წ., მერჯულე.

ბერძნულიდან თარგმნა ლევან ხატიაშვილმა შემდეგი გამოცემიდან: მაქსიმე აღმსარებელი, მღვიძარეთა და მოღვაწეთა მშვენიერებათმოყვარეობა, 14 A, ეკლესიის ბერძენი მამები, პატერიკული გამოცემა "გრიგოლ პალამა", თესალონიკი 1992: 63-65/ Μάξιμος ο Ομολογιτής, ΦΙΛΟΚΑΛΙΑ ΤΩΝ ΝΗΠΤΙΚΩΝ ΚΑΙ ΑΣΚΗΤΙΚΩΝ, 14 A, Ε.Π.Ε., Πατερικές Εκδόσεις Γρηγόριος ο Παλαμάς, Θεσσαλονίκη 1992: 63-65


* * *

წმინდა იოანე დამასკელი

მყოფის, არსებისა და შემთხვევითის შესახებ

მყოფობა (το ὄν) ყველა მყოფის საერთო სახელია. მაშ, მყოფი (ὄν) არსებისა (οὐσία) და შემთხვევითისგან (συμβεβηκός) განირჩევა. არსება თვითმყოფი რამაა, რომელიც [საკუთარი] თავის შემტკიცებისთვის სხვას არ საჭიროებს, ესე იგი, ის, რაც საკუთარ თავში მყოფობს და სხვაში არსებობა არ აქვს, ხოლო შემთხვევითი ისაა, რასაც საკუთარ თავში ყოფა არ ძალუძს, არამედ არსებობა რაიმე სხვაში აქვს. ამგვარად, არსება საფუძველია (სუბსტრატი/ ὑποκείμενον), რადგან საგანთა მატერიაა [1], ხოლო შემთხვევითია ის, რაც არსებაში იხილვება, მაგ., როგორც სხეული და ფერი. ესე იგი, სხეული არაა ფერში, არამედ, ფერი - სხეულში. მაშ, სხეული - არსებაა, ხოლო ფერი - შემთხვევითი. მსგავსადვეა სულზეც და სიბრძნეზეც: სული სიბრძნეში არაა, არამედ სიბრძნე - სულში.

ამიტომ, არ ვამბობთ ფერის სხეულს, არამედ - სხეულის ფერს, არც სიბრძნის სულს, არამედ - სულის სიბრძნეს. ამგვარად, სული არსებაა (უსია/ οὐσία) და სიბრძნე - შემთხვევითი (συμβεβηκός). როდესაც სული ისპობა, სიბრძნეც ისპობა; რადგან, როცა არ არსებობს სული, სიბრძნე რაღაში იქნება? მაგრამ, როცა სიბრძნე ისპობა, სულიც მასთან ერთად უცილობლად არ ისპობა, რადგან სული სიბრძნის გარეშეც შესაძლებელია არსებობდეს.

მსგავსად, ყველა დანარჩენ არსებებზე; რასაც მყოფობა საკუთარ თავში აქვს და არა სხვაში - არსებაა (οὐσία), ხოლო, რასაც თავისთავად არ ძალუძს ყოფნა, არამედ არსებობა სხვაში აქვს, ეს - შემთხვევითია (συμβεβηκός).

_______________

[1] ბერძნულ ტერმინზე "მატერია" (ილი/ ὕλη) იხ.: Henry George Liddell And Robert Scott, Greek-English Lexicon, Oxford, 1996: 1847-1848.

ბერძნულიდან თარგმნა ლევან ხატიაშვილმა შემდეგი გამოცემიდან: იოანე დამასკელი, დიალექტიკა, ეკლესიის ბერძენი მამები, პატერიკული გამოცემა "გრიგოლ პალამა", თესალონიკი 1991: 37-41/ ΙΩΑΝΝΟΥ ΤΟΥ ΔΑΜΑΣΚΗΝΟΥ, ΔΙΑΛΕΚΤΙΚΑ, Ε.Π.Ε., Πατερικές Εκδόσεις "Γρηγόριος ο Παλαμάς", Θεσσαλονίκη 1991.


* * *

წმინდა გრიგოლ სინელი (XIV ს.)

ისევე, როგორც გრძნობისმიერი თვალი ხედავს ასოებს და მათგან გრძნობად შემეცნებას იძენს, ამგვარად, გონებაც (νοῦς), როდესაც განიწმინდება და თავის დასაბამიერ ღირსებას დაიბრუნებს, ღმერთს ჭვრეტს და საღვთო შემეცნებას მისგან იღებს. წიგნის ნაცვლად სულიწმინდა აქვს, კალმის ნაცვლად - აზრი და ენა (διάνοια και γλώσσα), რადგან [წმინდა წერილი] ამბობს: "ჩემი ენა კალამია" [1], და მელნის ნაცვლად კი - ნათელი (φῶς). მაშასადამე, აზრს ნათელში აწობს და თავადაც ნათლად ქცეული, მსმენელთა განწმენდილ გულებში სულიწმინდის სიტყვებს წერს; მაშინ უწყის, რაც თქმულა, ე. ი., რომ მორწმუნენი ღვთისგან განისწავლებიან [2], და, რომ წინასწარმეტყველების თანახმად, ღმერთი ადამიანთ სულიწმინდის მიერ მოძღვრავს [3].

_______________

[1] ფს. 44: 2.

[2] ინ. 6: 45.

[3] ფს. 93: 10.

ბერძნულიდან თარგმნა ლევან ხატიაშვილმა შემდეგი გამოცემიდან: მღვიძარეთა და მოღვაწეთა მშვენიერებათმოყვარეობა, ეკლესიის ბერძენი მამები 20, პატერიკული გამოცემა "გრიგოლ პალამა", თესალონიკი 1996: 383/ ΦΙΛΟΚΑΛΙΑ ΤΩΝ ΝΗΠΤΙΚΩΝ ΚΑΙ ΑΣΚΗΤΙΚΩΝ, Ε.Π.Ε. 20, Πατερικές Εκδόσεις Γρηγόριος ο Παλαμάς", Θεσσαλονίκη 1996.


* * *

მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)

მღვიძარება და ლოცვა

მღვიძარება (νήψη) ყურადღებაა (προσοχή), სულიერი სიფხიზლე. ქრისტემ თავის მოციქულებს უთხრა: "იფხიზლეთ და ილოცეთ" (მთ. 26: 41). ასევე, პავლე მოციქულიც ამცნობს თავის მოწაფეს: "ყველაფერში იფხიზლე" (II ტიმ. 4: 5). ამგვარად, მღვიძარება სულიერი სიფხიზლეა, ე. ი., გონების (νοῦς) მზადყოფნა, რომ რამენაირი მაცდუნებელი გულისსიტყვა (აზრი/ λογισμός) არ შეიწყნაროს. წმინდა მამათა მიხედვით მღვიძარება აზროვნების (λογική) გულში დგომაა იმისათვის, რომ შიგნით რაიმე გულისსიტყვა არ შევიდეს და ცოდვის ჩადენის წინაპირობები არ შეიქმნას. მღვიძარება ლოცვას მჭიდროდ უკავშირდება. წმ. მაქსიმე აღმსარებლის თანახმად მღვიძარება გონებას მაცდუნებელი შემოთავაზებისგან წმინდად იცავს, ლოცვას კი ადამიანის გულში ღვთის დიდი მადლი შემოაქვს. ამის გამო მღვიძარებას გულის მცველი ეწოდება. შესაბამისად, მღვიძარება და ლოცვა, სხვა სიტყვებით, ყურადღება და ლოცვა, ორი სულიერი იარაღია, რომლებიც ქრისტესმიერი ფილოსოფიით შემტკიცდება. მაშასადამე, წმ. მაქსიმე აღმსარებლის მიხედვით ქმედითი/ საქმითი ფილოსოფია (πρακτική φιλοσοφία) არა თეორიული აზროვნება, არამედ შინაგანი გონისმიერი საქმიანობაა, რომლითაც ადამიანი საღვთო გამოცხადების სათანადო ჭურჭლი ხდება. ე. ი., ადამიანი ამ გზით გამოცხადების მატარებელი შეიქნება და ასე იმეცნებს ღმერთს. გული ყველა გულისსიტყვისგან თავისუფლდება და მხოლოდ ერთი სიტყვა - უწყვეტი ლოცვა (αδιάλειπτη προσευχή) უპყრია: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" და სხვა არანაირ გულისსიტყვას არ იწყნარებს. ცხადია, როცა გულისსიტყვათა განდევნაზე ვსაუბრობთ, მათ არა აზროვნებიდან (აზროვნებითი უნარი/ λογική), არამედ ადამიანის გონებიდან (νοῦς) - ესე იგი გულიდან (καρδιά) - დახსნას ვგულისხმობთ. მაშასადამე გული იწმინდება და ღვთისაგან ლოცვის მეშვეობით უამრავ მადლს იღებს. სულიერი ცხოვრების მთელ ამ წესს გონისმიერი მდუმარება (νοερά ἡσυχία), თანამედროვე ენაზე კი - ისიხაზმი (ἡσυχασμός) ეწოდება. ისიხაზმი სხვა არაფერია თუ არა მთელი სულიერი საშუალება, რომლითაც გული იწმინდება და მხოლოდ ქრისტეს სახელი უპყრია.

ბერძნულიდან თარგმნა ლევან ხატიაშვილმა შემდეგი გამოცემიდან: მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი, "სულიერი სნეულება და სიჯანსაღე", V გამოცემა, ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი, 2004: 122-123/ Μητροπολίτου Ναυπάκτου και Ἁγ. Βλασίου Ἱεροθέου, "Ψυχική ἀσθένεια καί ὑγεία", Ε Ἔκδοση, Ἱερά Μονή Γενεθλίου τῆς Θεοτόκου (Πελαγίας).

 

* * *

მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)

გონება და აზროვნება

ადამიანის სული (ψυχή) ყოვლადწმინდა სამების "მყოფობის გვარისამებრ": გონისმიერი (νοερά), მოაზროვნე (აზრისმიერი/ λογική) და სულიერია (πνευματική). წმინდა იოანე დამასკელი ამბობს, რომ - ღმერთმა ადამიანის სული (ფსიხე/ ψυχή) მოაზროვნე და გონისმიერი შექმნა, მეორე მხრივ [ადამიანს] "პნევმაც" (πνεῦμα) აქვს, რაც მამების თანახმად - "სულის გონისმიერი ტრფიალებაა" (ὁ νοερός ἔρως τῆς ψυχῆς). მაშასადამე, გონების ენერგიას (ἐνέργεια τοῦ νοῦ) (მო)აზროვნე(ო)ბითი ენერგიისგან (ἐνέργεια τῆς λογικῆς) განვასხვავებთ. სხვაა გონება და სხვა - აზროვნება. გონება სულის თვალია; როგორც სხეულის თვალი ხედავს ღვთის [ხილულ] შემოქმედებასა და მთელ ქმნილებას, მსგავსადვე, სულის თვალიც - "გონება" (νοῦς), ფლობს ღმერთის [მისტიკურ] გამოცდილებას (ემპირია). სულის ძალები (უნარები/ პოტენციები/ δυνάμεις) დაცემამდე ამგვარად მოქმედებდნენ: ადამის გონება ღმერთს ჭვრეტდა, ხოლო აზროვნეობა [ღმერთის] ამ გამოცდილებას გადმოსცემდა (აყალიბებდა). უნდა ვთქვათ, რომ, როგორც მამა (გონება) შობს ქრისტეს (სიტყვა), მსგავსად ადამიანის გონებაც შობს სიტყვას (აზრი/ლოგოსი). თუ გონება ჯანმრთელია, მაშინ აზრიც ჯანმრთელია; თუ გონება სნეულია, მაშინ - აზრიც. იგივე ხდება "პნევმას" (πνεῦμα) მიმართებითაც, რაც (როგორც ვთქვით) ადამიანის გონისმიერი ტრფიალებაა. თუ გონება ჯანსაღია, მაშინ ეროსიც (ტრფიალება/ სიყვარული) ჯანსაღია, რადგან [იგი] ღმერთისკენ ბრუნდება და ასე მოქმედებს "სულის თრობა" და "გონების განკვირვება" (ექსტაზი/ ἔκσταση). თუ გონება სნეულია, მაშინ ჭეშმარიტი სიყვარულისგან დაცემულნი ვართ, ანუ [მხოლოდ] მის ანარეკლს განვიცდით, რომელიც მამების მიერ "უყვარულ ტრფიალებად" (δυσέρως ἔρως) იწოდება.

ბერძნულიდან თარგმნა ლევან ხატიაშვილმა შემდეგი გამოცემიდან: მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი, "სულიერი სნეულება და სიჯანსაღე", V გამოცემა, ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი, 2004: 67-68/ Μητροπολίτου Ναυπάκτου και Ἁγ. Βλασίου Ἱεροθέου, "Ψυχική ἀσθένεια καί ὑγεία", Ε Ἔκδοση, Ἱερά Μονή Γενεθλίου τῆς Θεοτόκου (Πελαγίας).


* * *


მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)

ბერ სოფრონისთან (სახაროვი) პირველი შეხვედრა და მასთან საუბარი (1976 წ.) (ამონარიდი)

აი, რა მითხრა [ბერმა სოფრონიმ] ჩვენი პირველი შეხვედრისას:

- სულიერი ცხოვრების საწყისი ცოდვილიანობის შეგრძნებაა. ადამიანი საკუთარ თავს პირუტყვზე უარესად და ღვთის სიყვარულის უღირსად მიიჩნევს. იგი ბუნებრივი (ნორმალური) მდგომარეობაა და ღვთის მადლით აღიძვრება. [იგი] ჯოჯოხეთის განცდაა, რომელიც უქმნელი ნათლის (ἀκτίστου φωτός) უარყოფითი ჭვრეტაა. ღმერთის ნათელში ჩვენს მდგომარეობას ვხედავთ...

- ბერ სილუანს განეცდახა: "შენი გონება ჯოჯოხეთში დააკავე და სასოს ნუ წარიკვეთ". ღმერთის მადლით ჯოჯოხეთსა და მის ცეცხლს შევიგრძნობთ, არა მხოლოდ სულში, არამედ სხეულშიც. ეს ღვთის იშვიათი მადლია. სულიერი ცხოვრების კანონია, პირველად ღმერთს უარყოფითად (ἀρνητικά) განვიცდით, როგორც ცეცხლს (φωτιά), შემდეგ კი - დადებითად (θετικά), როგორც ნათელს (φῶς). ყველა დიდმა წმინდანმა ამ ცეცხლით განვლო. ჯოჯოხეთის საზღვრებში ვრჩებით, სადამდეც ავიტანთ. როდესაც სასოწარკვეთა მოდის, ღვთის სასოებით მცირე ხნით აღმოვიყვანებით (ჯოჯოხეთიდან, ლ. ხ.). ჯოჯოხეთის ცეცხლი ვნებებს (τά πάθη) წვავს და იგი (ცეცხლი) საღვთო ნათლად (θείο φῶς) გარდაიქმნება.

- გონისმიერი ლოცვა (η νοερά προσευχή) გვეხმარება ჩვენი არსებობის სიღრმეში შთავიდეთ და იქ "ღრმა გული" (βαθειά καρδία) ვპოვოთ, მაშინ იწყება ღრმა სინანული. ამ დროს გული ძალზე მგრძნობიარე ხდება. აი, საღვთო ლიტურგია კი, გვეხმარება მთელი კაცობრიობის ტრაგედიაში შევიდეთ და ადამიანთა ტკივილისათვის/ ტანჯვისთვის ვილოცოთ. გეთსიმანიაში ქრისტეს ლოცვა და გოლგოთაზე მისი ჯვარცმა გვაცოცხლებს. საღვთო ლიტურგია გვეხმარება, რომ მთელს კაცობრიობაში შევაღწიოთ და როგორც მიცვალებულთათვის, ისე ცოდვილთათვის, ვილოცოთ. საღვთო ლიტურგიის "სული" მსხვერპლშეწირვითი სიყვარულის სულია, ქრისტეს თავმდაბლობისა (დაცარიელება/ წარმოცალიერება/ κένωση) და მისი გეთსიმანიაში ლოცვის სიღრმე, რომელსაც უნდა ვემსგავსოთ.

ბერძნულიდან თარგმნა ლევან ხატიაშვილმა შემდეგი გამოცემიდან: მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი, "ვიხილე ადამიანი ქრისტეში", IV გამოცემა, ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი, 2013: 257-259/ Μητροπολίτου Ναυπάκτου και Αγίου Βλασίου Ιεροθέου, "Οίδα άνθρωπον εν Χριστώ", Ιερά Μονή Γενεθλίου της Θεοτόκου (Πελαγίας) 2013.


* * *


პროტოპრესვიტერი იოანე რომანიდისი

რა არის ადამიანის გონება

ადამიანის სულის (ψυχῆ) კურნება მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საზრუნავია. ეკლესია სულს მუდამ კურნავდა. ებრაული ტრადიციისგან, თავად ქრისტესა და მოციქულებისგან დამოწმებულია, რომ ფიზიკური გულის (φυσικῆς καρδιᾶς) ადგილზე რაღაც ფუნქციონირებს, რასაც მამებმა „გონება“ (νοῦς) უწოდეს; ე. ი., ტრადიციული [ტერმინი] „გონება“ აიღეს, რაც აზრს (გააზრება/ (მი)მოაზრება/ διάνοια) და სიტყვას (აზრი/ λόγος) ნიშნავს და გარკვეული დიფერენცირება მოახდინეს: გონებას გონისმიერი ენერგია/ მოქმედება (νοερά ἐνέργεια) უწოდეს, რომელიც სულიერად ჯანმრთელი ადამიანის გულში მოქმედებს. როდის მოხდა ეს დიფერენცირება, ჩვენთვის უცნობია, რადგან ზოგიერთი მამა იმავე სიტყვით (ე. ი., გონება/ νοῦς) „აზროვნებასაც“ (η λογική) აღნიშნავს, მაგრამ გონისმიერ ენერგიადაც სახელდებენ, როცა იგი გულის ადგილზე ჩამოდის და იქ მოქმედებს.

მაშინ, ამ გაგებით „გონისმიერი ენერგია“ სულის ერთადერთი მოქმედებაა (ენერგია), რომელიც, ერთი მხრივ, თავის ტვინში ფუნქციონირებს, როგორც აზროვნება (ლოგიკა/ λογική), ხოლო, მეორე მხრივ, მოქმედებს გულშიც, როგორც გონება (νοῦς). ესე იგი, იგივე ორგანო – გონება (νοῦς), გულში უწყვეტად ლოცულობს (იგულისხმება მათში, რომლებიც უწყვეტ გულისმიერ ლოცვას ფლობენ) და ამავდროულად, ტვინში ფიქრობს, მაგალითად, მათემატიკურად და ა. შ.

უნდა ვთქვათ, რომ ის, რასაც პავლე მოციქული „გონებას“ (νοῦς) უწოდებს, მამათა მიერ სახელდებულ „აზრთან“ (გააზრება/ (მი)მოაზრება/ διάνοια) იგივდება, ანუ გარკვეული ტერმინოლოგიური სხვაობაა. როდესაც პავლე მოციქული ამბობს: „სულით ვილოცებ“ [1], გულისხმობს მამების „გონებით ვილოცებ“ [2] - ს; და როცა ამბობს: „გონებით ვილოცებ“, გულისხმობს „აზრით/ გულისხმის-ყოფით ვილოცებ“ [3]. მამების [ტერმინი] „გონება“ (νοῦς) არაა პავლე მოციქულის „გონება“ (νοῦς), არამედ მისი (მოციქულის) – „სული“ (πνεῦμα). როდესაც ამბობს: „გონებით ვილოცებ“, [გულისხმობს] „სულით ვილოცებ“ ან – ვიგალობებ; და როცა ამბობს: „ღვთის სული ემოწმება ჩვენს სულებს“, სიტყვით „სული“ (πνεῦμα), გულისხმობს მამების „გონებას“(νοῦς); ხოლო, სიტყვით „გონება“, გულისხმობს „აზრს“ (გააზრება/ διάνοια), აზროვნებას (λογική).

ფრაზაში: „ღვთის სული ემოწმება ჩვენს სულებს“ [4], [მოციქული] ორ „სულზე“ საუბრობს: ღმერთისა და ადამიანურზე. ადამიანური „სული“ (πνεῦμα) [ტერმინოლოგიურად] გარკვეული უცნაურობით ვითარდება და მოგვიანებით, წმინდა მაკარი დიდის ეპოქაში „გონების“ (νοῦς) სახელწოდებით ჩნდება. ამგვარად, „გონება“ (νοῦς) „სულთან“ (πνεῦμα) გაიგივდა, ე. ი., „გულთან“ (καρδιά), რადგან პავლე მოციქულის მიხედვით ადამიანის სულის ადგილი გულია [5].

მაშასადამე, პავლე მოციქულისთვის „სიტყვიერი მსახურება“ (λογική λατρεία) გონებით (νοῦς) ხდება (ანუ აზრით/ მოაზრებით/ διάνοια), მაშინ როცა, გონისმიერი ლოცვა სულით (πνεῦμα) ხდება და [იგი] სულიერი ლოცვაა, ანუ გულისმიერი [6]. მაშ ის, რასაც პავლე მოციქული ამბობს: „ეკლესიაში მსურს ჩემი გონებით ხუთი სიტყვა წარმოვთქვა, რათა სხვებიც დავმოძღვრო, ვიდრე მრავალი სიტყვა – ენით“ [7], ნიშნავს, რომ ხუთი სიტყვა ერჩივნა ეთქვა სხვათა განსასწავლად, ვიდრე გონებრივად ელოცა. მოციქულის ეს ფრაზა ზოგიერთი მონაზვნის მიერ განიმარტება, რომ აქ, იგი იესოს ლოცვაზე საუბრობს – „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ – რომელიც ხუთი სიტყვისგან შედგება, თუმცა წმინდა პავლე, იმ სიტყვებზე საუბრობს, რომლითაც სხვებს მოძღვრავდა [8], რადგან გონისმიერი ლოცვით როგორაა შესაძლებელი დამოძღვრა, როცა იგი ადამიანის შინაგანი ლოცვაა და სხვებს, მის ირგვლივ [მყოფთ], არაფერი ესმით? მაგრამ დამოძღვრა სიტყვიერი სწავლებითა და მსახურებით ხდება. ვმოძღვრავთ და ვსაუბრობთ სიტყვიერად, რომელიც ადამიანთა შრორის ჩვეულებრივ ურთიერთობას წარმოადგენს [9].

ისინიც, რომელნიც გულში გონისმიერ ლოცვას ფლობენ, ერთი მეორესთან, [ვერბალური] საუბრის გარეშე, გონებრივად ურთიერთობენ, ანუ მათ შორის სულიერი კავშირი არსებობს. ეს ბუნებრივად ხდება. აგრეთვე ისინი მჭვრეტელობით (διορατικός) და წინასწარმცოდნეობით (προορατικός) მადლსაც ფლობენ. ჭვრეტით თითოეული ადამიანის ცოდვებსა და აზრებს იგებენ, ხოლო წინასწარმცოდნეობით მომავალ საქმეებსა და მოვლენებს ხედავენ. ასეთი მადლმოსილი ადამიანები რეალურად არსებობენ და თუ მათთან აღსარებისთვის მიხვალთ, სანამ რაიმეს თქმას დააპირებთ, [წინასწარ] ყოველივე უწყიან, რაც ცხოვრებაში ჩაგიდენიათ.

-----------------------------------------------------------------


[1] “Προσεύξομαι τῷ πνεύματι“ (I კორ. 14: 15).

[2] “Προσεύξομαι τῷ νοΐ“.

[3] “Προσεύξομαι τῇ διανοία“.

[4] შდრ. „იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩუენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი“ (რომ. 8: 16).

[5] რას ნიშნავს, რომ ღვთის სული ჩვენს სულებში საუბრობს, ე. ი., ღმერთი სულიწმინდის მადლით ჩვენს გულებში საუბრობს? წმ. გრიგოლ პალამა „წმინდა ისიხასტთა დასაცავად“-ის მეორე სიტყვაში ახსენებს, რომ: „გული“ მთელი [ადამიანური] მყოფობის წინამძღვარია; იქ არის გონება და სულის მთელი აზრები/გულისსიტყვები“ (Βλ. Φιλοκαλία, τόμος Δ, ἔκδοσις Το Περιβόλι τῆς Παναγίας, 1987, σ, 281). აქ წმინდა გრიგოლი ტერმინით „გული“ (καρδιά), არა ფიზიკურ გულს, არამედ მის სიღრმეს (βαθεῖα καρδία) გულისხმობს, მაშინ როცა, ტერმინით „გონება“ (νοῦς) არ გულისხმობს „აზრს“ (მოაზრება/ გააზრება/ διάνοια), არამედ – „გულის ენერგიას“ (ἐνέργεια τῆς καρδιᾶς), „გონისმიერ ენერგიას“ (νοερά ἐνέργεια), რომელიც გამომდინარეობს „გონების არსისგან“ (οῦσία τοῦ νοῦ), ესე იგი – გულისგან. ტერმინები „გული“ და „გონება“, არსობრივად ერთმანეთთან იგივდებიან, რისთვისაც წმ. გრიგოლი ამატებს: „გონება – ე. ი., გული – სხეულის უღრმესი სხეულია“ (ὅ.π., σ. 282). ტერმინი „სულიც“ (πνεῦμα) მათთან იგივდება.

[6] „ადამიანს ორი შემეცნებითი ცენტრი აქვს: ერთია „გონება“ (νοῦς), ორგანო, რომელიც ღვთის გამოცხადებას იღებს და შემდგომ [ეს გამოცხადება] ფორმულირდება/ გადმოიცემა „ლოგიკით“ (აზროვნებით/ η λογική), მეორე კი – „მოაზროვნეობაა“ (λογική), რომელიც ჩვენს ირგვლივ არსებულ გრძნობად სამყაროს იმეცნებს“ (Βλ. Μητρ. Ἱεροθέου (Βλάχου), Το Πρόσωπου στὴν Ὁρθόδοξη Παράδοση, ἔκδοσις Μονῆς Γενεθλίου τῆς Θεοτόκου, Λεβἀδεια, 1994, σ. 24).

[7] I კორ. 14: 19.

[8] Βλ. Και Φιλοκαλία, Γ, ἔκδοσις Αστέρος, 1976, σ. 42, § 29, και σ. 352, πθ.

[9] Βλ. Και Φιλοκαλία, τόμος I, ἔκδοσις Αστέρος, Αθήνα 1976, σ. 352, πθ.

ბერძნულიდან თარგმნა ლევან ხატიაშვილმა შემდეგი გამოცემიდან: პროტოპრესვიტერი იოანე რომანიდისი, „პატერიკული თეოლოგია, I გამოცემა, თესალონიკი, 2004: 19-22/ Πρωτοπρ. Ἰωάννου Σ. Ρωμανίδου, Πατερική Θεολογία, Α ἔκδοση, Θεσσαλονίκη 2004.


* * *


პროტოპრესვიტერი იოანე რომანიდისი

ადამის დაცემის შესახებ

მამების თანახმად ადამის დაცემით ადამიანის გონება (νοῦς) დაბნელდა. ისინი არა, საკუთრივ, ადამით, არამედ მისი გონებით არიან დაინტერესებულნი, რომელმაც იგი (ადამი) დაასნეულა, რადგანაც გონება დაუბნელდა (ἐσκοτίσθηκε). ეკლესიის მოძღვარნი "უგუნურ გონებაზე" (უგულისხმო/ უცები/ ἀσύνετον νοῦν) საუბრობენ. ყველგან, პატერიკულ თხზულებებში დაცემის თემა ადამიანის გონების დაბნელებაა.

მაგრამ ჩვენ საიდან ვიცით, რომ ადამიანი დაეცა? წმინდა წერილში მოხსენიებული დაცემის ისტორიული აღწერილობიდან? და რას ნიშნავს დაცემა და რას - სამოთხე? რა იყო სამოთხე? ზემოაღნიშნულ თემაზე ორი პატერიკულ ტრადიცია (გადმოცემა) არსებობს, რომელთაც წმინდა იოანე დამასკელი აჯამებს და ორივეს შეხედულებას წარმოაჩენს, ისე, რომ თავად ამ თემის განხილვაში არ მონაწილეობს.
ერთი მათგანის გადმოცემით სამოთხეში ადამის გონება განათ(ლ)ებული (φωτισμένος) იყო, მეორეს თანახმად კი - სამოთხეში მისი გონება ჭვრეტაში (ἐν θεοπτίας) იმყოფებოდა, და რომ მისი სამოთხე ეს იყო, ე. ი, ღვთის დიდების (δόξα τοῦ Θεοῦ) ჭვრეტა. ალექსანდრიული ტრადიცია, ისევე, როგორც კაპადოკიური (წმ. ბასილი დიდი), საუბრობენ დაცემამდე ადამის გონების ჭვრეტაში (ἐν θεοπτίας) ყოფნაზე, ანტიოქიური (წმ. იოანე ოქროპირი) კი - გონების მხოლოდ განათ(ლ)ებაზე (φωτισμένος) [1].

მამებმა საკუთარი გამოცდილებით იციან [თუ] რას წარმოადგენს გონების განათლება და სამოთხეში ყოფნა; რომ ადამიანის განათ(ლ)ება (φωτισμός) მის გულში სულიწმინდის დამკვიდრებაა; მაშინ ადამიანი სულიწმინდის ტაძარი ხდება, თავადვე (ე. ი, სულიწმინდა) მოქმედებს გონებაში და ანათლებს მას - ასეთი ადამიანი განათ(ლ)ებულია. ანტიოქიური ტრადიციით ადამის გონება ამგვარი იყო.
ადამის გონება დაცემამდე განათლებაში იყო თუ ჭვრეტაში (ე. ი. განღმრთობის პროცესში), [ამ მოსაზრებათაგან] იოანე დამასკელი რაიმე [კონკრეტულ] პოზიციას არ იკავებს. რატომ? - იმიტომ, რომ ეკლესიის ამ მამის ინტერესი ორივე [ტრადიციის] განმარტების გადმოცემაა - თუ როგორი იყო გონება და [რომ ის] დაბნელდა. მაგრამ ადამის გონების დაბნელება ჩვენ საიდან ვუწყით? - უმარტივესია, გონება თავადვე გვაქვს დაბნელებული და ესაჭიროება განკურნება (თერაპია), ხოლო, თერაპია განათლებასა და განღმრთობას წარმოადგენს, ე. ი., ორი სტადიაა. განღმრთობა სრული განკურნებაა.

მაგრამ რას ნიშნავს დაბნელებული გონება? - ნიშნავს ადამიანის გულის ენერგიის (ἐνέργεια τῆς καρδιᾶς) უმართებულო ფუნქციონირებას. გონისმიერი ენერგია (νοερά ἐνέργεια) [2] მართებულად მოქმედებას მხოლოდ მაშინ იწყებს, როცა ადამიანი განიწმინდება და განათლდება. დაცემის შემდეგ გონება დაბნელებულია, რატომ? - იმიტომ, რომ [იგი] სავსეა გულისსიტყვებით (აზრები/ λογισμοί) და მათ მიერაა დაბნელებული. როდის ხდება გონების (νοῦς) გულისსიტყვებისგან დაბნელება? - მაშინ, როცა ისინი აზროვნებითი (διάνοια) ნაწილიდან [3] გულში ჩადიან და გონების (νοῦς) [4] გულისსიტყვები (აზრები) ხდებიან, ე. ი., როდესაც აზროვნებასა (ლოგიკა/ λογικῆ) და გონებას (νοῦς) შორის გულისსიტყვების აღრევა ხდება. მაშასადამე, გონებაში (გულში) გულისსიტყვები არსებობენ, რომლებიც იქ არ უნდა იყვნენ, რადგან ისინი აზროვნებას (აზროვნების უნარი/ διάνοια) ეკუთვნიან. გონება (გული) გულისსიტყვათაგან სრულიად ცარიელი უნდა იყოს, რათა სულიწმინდამ ადამიანში შესვლა და დამკვიდრება შეძლოს.

_______________

[1] იხ. Αθανασίου του Παρίου: Επιτομή (Συλλογή των Θείων της Πίστεως Δογμάτων), Λειψία, 1806, σσ. 256-257.

[2] გულის/ გულისმიერი ენერგია (ἐνέργεια τῆς καρδιᾶς) და გონისმიერი ენერგია (νοερά ἐνέργεια) ეკლესიის წმ. მამებისგან ერთმანეთთან იგივდებიან, იხ.: მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი, მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია, თბილისი, ახალი ივერონი, 2010: 120-220.

[3] კონტექსტუალური თვალსაზრისით მრავალმნიშვნელობიანი ტერმინის "ἡ διάνοια" (დიან(ო)ია)-ს შესახებ იხ.: Henry George Liddell And Robert Scott, Greek-English Lexicon, Oxford, 1996: 405; ასევე, ე. ჭელიძე, ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, I, თბ., 1996: 403-411.

[4] "გული" (καρδιά) და "გონება" (νοῦς) წმინდა მამათა მიერ ერთმანეთთან იგივდებიან, იხ.: მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი, მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია, თბილისი, ახალი ივერონი, 2010: 120-233.

ბერძნულიდან თარგმნა ლევან ხატიაშვილმა შემდეგი გამოცემიდან: პროტოპრესვიტერი იოანე რომანიდისი, „პატერიკული თეოლოგია, I გამოცემა, თესალონიკი, 2004: 37-39/ Πρωτοπρ. Ἰωάννου Σ. Ρωμανίδου, Πατερική Θεολογία, Α ἔκδοση, Θεσσαλονίκη 2004.



* * *


პროტოპრესვიტერი იოანე რომანიდისი

რა არის მართლმადიდებლური ტრადიციის არსი

საუბარია იმაზე, თუ რა არის მართლმადიდებლური ტრადიციის არსი. იგი ადამიანის გონების (νοῦς) - ესე იგი, მისი სულის (ψυχῆ) - კურნების (თერაპია/ θεραπεία) მეთოდს იძლევა. როგორც აღვნიშნეთ, ამ კურნებას ორი სტადია - განათ(ლ)ება (φωτισμός) და განღმრთობა (θέωση) აქვს. განღმრთობა, ანუ ჭვრეტა (θεοπτία), [ადამიანის] სრული განკურნების მოწმობაა. მართლმადიდებლური ტრადიციისგან მონიჭებული ეს თერაპიული მეთოდი-აღზრდა, თაობიდან თაობას იმ ადამიანებით გადაეცემა, რომლებიც განათლდნენ და განიღმრთნენ, და სხვათათვის მკურნალნი შეიქნენ. მაშ, ეს არაა, უბრალოდ, წიგნიდან ცოდნის გადაცემა, არამედ განათლებისა და განღმრთობის გამოცდილების (ἐμπειρία) გადაცემა-მემკვიდრეობა.

აღსანიშნავია, რომ ძველ აღთქმაში განათლებისა და განღმრთობის მდგომარეობას მხოლოდ პატრიარქები და ისრაიტელი წინასწარმეტყველნი ფლობდნენ. ეს ისტორიული მოვლენაა! წინასწარმეტყველებამდე პატრიარქები გვყავდნენ, მოსემდე - აბრაამი. თუმცა, ძველ აღთქმაში ვკითხულობთ, რომ აბრაამამდე განათლებისა და განღმრთობის სინდისის მდგომარეობა არსებობდა. თავად აბრაამი, [რომ] მჭვრეტელი (θεόπτης), ანუ განღმრთობილი იყო, ეს ცალსახაა. ასევე, აბრაამამდელ ეპოქაში - ებრაული ტრადიციით - განათლება და განღმრთობა მის წინაპრებშიც არსებობდა, მაგ.: მადლმოსილ ნოეში. ეს [უწყვეტი] ტრადიცია (ე. ი., განათლებისა და განღმრთობის), გადაცემადია. ამგვარად, იგი სპონტანურად, მაგ.: XI ან XII საუკუნეში არ ჩნდება.

ახალ აღთქმაში ამის დამოწმება უფრო მარტივია, რადგან იგი (ე. ი., ახ. აღთქმა, ლ. ხ.) დროის მცირე მონაკვეთშია შემოსაზღვრული, მაგრამ ძვ. აღთქმა მრავალწლიან ისტორიას მოიცავს. ამ ეპოქაში ძირითადი ღერძი - განათლებისა და განღმრთობის ტრადიცია - გვაქვს, რომელიც გადადიოდა წინასწარმეტყველიდან წინასწარმეტყველში, და იგია მართლმადიდებლური ტრადიციის არსიც. ძველ აღთქმაში, ამ გამოცდილების თაობიდან თაობაში გადაცემა, აბრაამიდან იოანე წინამორბედამდეა განვრცობილი. ეს საწინასწარმეტყველო ტრადიციაა, პატრიარქთა და წინასწარმეტყველთა.

თუმცა კი, მანამდე პირველი პერიოდიც გვაქვს, რომელიც ადამიდან ნოეს გავლით, ვიდრე აბრაამამდეა გადაჭიმული. დღეისათვის ძველი აღთქმის ისტორიულ მოვლენათა ჭეშმარიტებანი - სულ მცირე მოსეს ეპოქამდე - არქეოლოგიურად დამტკიცებულია. ამჟამად არ არსებობს არავინ, ვინც ძველ აღთქმას, როგორც დიად ისტორიულ ღირებულების ტექსტს, ეჭქვეშ დააყენებს. მაშ, მოსედან აბრაამის ეპოქამდე, არქეოლოგებს ფაქტები აქვთ ნაპოვნი, რომელებიც ძველ აღთქმაში, დაახლოებით აბრაამის [ეპოქიდან] ნახსენებ [ცნობებს] ცხადყოფენ.
ამგვარად, ვხედავთ, რომ მართლმადიდებლური ტრადიციის არსი... ადამიდან დღევანდლამდე განათლებისა და განღმრთობის გამოცდილების მემკვიდრეობითად გადაცემაა.

ბერძნულიდან თარგმნა ლევან ხატიაშვილმა შემდეგი გამოცემიდან: პროტოპრესვიტერი იოანე რომანიდისი, პატერიკული თეოლოგია, I გამოცემა, თესალონიკი, 2004: 39-41/ Πρωτοπρ. Ἰωάννου Σ. Ρωμανίδου, Πατερική Θεολογία, Α ἔκδοση, Θεσσαλονίκη 2004.


* * *


პროტოპრესვიტერი იოანე რომანიდისი

თეოლოგია და ფილოსოფია

მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები [1], რომელნიც ღმერთის პიროვნულ გამოცდილებას ფლობენ, მუდამ იგივე თეოლოგია აქვთ, მას არ ცვლიან, მსგავსად ფილოსოფოსებისა...

ფილოსოფოსნი გარდამოცემას (ტრადიცია) ლოგიკური მონახაზების გამო ცვლიან [2], უფრო მეტად თავიანთ ლოგიკას (აზროვნება/ λογική) სასოებენ, ვიდრე განღმრთობილთა გამოცდილებას (εμπειρία); რაიმეს თავიანთი ლოგიკით აყალიბებენ და ამას ღვთის შესახებ რეალობასთან აიგივებენ. ყველა ერესი ამგვარი მცდარი საფუძვლიდან მომდინარეობს.

განღმრთობილთ, ვინც ღმერთის განმანათლებელი და ღმერთმყოფელი ენერგიის წილმქონენი არიან, საერთო ემპირია აქვთ იმაზე, რომ ღმერთი სამყაროსთან თავისი უქმნელი ენერგიებით (άκτιστες ενέργειες) ურთიერთობს. ეს გამოცდილების საკითხია და არა იჭუეული და ზმანებითი სწავლება... [3].

_______________

[1] აქ, რა თქმა უნდა, აკადემიური თეოლოგიის პროფესორ-მასწავლებლები არ იგულისხმებიან, არამედ ეკლესიის წმინინდა მამები, რომელნიც ლოცვითა და სახარებისეულ მცნებათა აღსრულებით განიწმინდნენ, განათლდნენ და განიღმრთნენ, აქედან გამომდინარე კი, წმინდა სამებისა და სამყაროს ავთენტიკური ცოდნა შეიძინეს. სწორედ ღმერთის ამ პიროვნული გამოცდილებიდან ღვთისმეტყველებენ ისინი და არა ლოგიკურ-სილოგისტური მსჯელობა-ანალიზით.

[2] აქ პროტ. იოანე რომანიდისი გულისხმობს, რომ ყოველი მომდევნო ფილოსოფოსი თავისი წინამორბედის მიერ შემუშავებულ ცოდნის სისტემას აკრიტიკებდა და ამხობდა, ეს ნათლად ჩანს, თუნდაც არისტოტელეს "მეტაფიზიკაშიც". ამასთან დაკავშირებით ბასილი დიდი აღნიშნავს: "...აღდგება რა მათ წინააღმდეგ დამაჯერებელ სიტყვაში დახელოვნებულთაგან ვინმე სხვა, ამას ყოველივეს დაშლის და დაარღვევს და მის ნაცვლად თავის შეხედულებას შემოიტანს. თუ ჩვენ ახლა ამდაგვარ ვარაუდებზე დავიწყებთ საუბარს, მათივე მსგავსი მოლაყბენი აღმოვჩნდებით.

ვაცალოთ, რომ მათ ერთმანეთი დაამხონ..." (წმინდა ბასილი დიდი, ჰომილიები ექვსი დღისათვის, IV გამოცემა, თბილისი 2011: 26. მთარგმნელი გვანცა კოპლატაძე).

წმ. გრიგოლ პალამა კი შემდეგს დასძენს: "ნებისმიერი რამ, რაც ღმერთისგან არ მომდინარეობს, არაა არსებული (მყოფი/ ὅν); ამიტომაც, ელინების სიბრძნე ცრუა. რა თქმა უნდა, გონება (νοῦς), რომელმაც იგი (ფილოსოფიური ცოდნა, ლ. ხ.) მოიპოვა, რადგანაც გონებაა, მომდინარეობს ღვთისაგან, თუმცა იგი, მას შემდეგ, რაც ღვთისშემეცნებისკენ [მავალი] შესაბამის მიზანს აცდა, მავანმა მას სამართლიანად შეიძლება უწოდოს დაცემული და უაზრო სიბრძნე (έκπτωση σοφία και άλογη σοφία), სხვაგვარად კი - გაუგუნურებული (გრიგოლ პალამა, წმინდა ისიხასტთა დასაცავად, ეკლესიის ბერძენი მამები, შრომა II, IV გამოცემა, თესალონიკი 1999: 75/ Γρηγορίου του Παλαμά, Υπέρ των ιερώς ησυχαζόντων, Ε.Π.Ε., έργα 2, έκδοση δεύτερη, Θεσσαλονίκη 1999: 75).

[3] წმინდა გრიგოლ პალამა შენიშნავს: "მაშ, მსურველთ, მათგან, ვისაც არ აურჩევია მონაზვნური ცხოვრება, არ ვაბრკოლებთ, რომ გარეშე განათლებით (έξω παιδεία/ იგულისხმება ფილოსოფია) დაკავდნენ, თუმცა საერთოდ არავის ვურჩევთ მასზე თავის გადაგებას [ცხოვრების] განსრულებამდე. მაგრამ ვინმეს მოლოდინი, რომ მისით (ფილოსოფიით, ლ. ხ.) საღვთოდან რაიმეს სიზუსტით (με ακρίβεια) შეიმეცნებს - აბსოლუტურად ვკრძალავთ, რადგან შეუძლებელია მისგან ღმერთის შესახებ რაიმეს ზუსტი სწავლა. აწ "განაცოფა ღმერთმან" იგი (I კორ. 1: 20)" (გრიგოლ პალამა, წმინდა ისიხასტთა დასაცავად, ეკლესიის ბერძენი მამები, შრომა II, IV გამოცემა, თესალონიკი 1999: 73/ Γρηγορίου του Παλαμά, Υπέρ των ιερώς ησυχαζόντων, Ε.Π.Ε., έργα 2, έκδοση δεύτερη, Θεσσαλονίκη 1999: 73).

პროტოპრესვიტერი იოანე რომანიდისი, ცდისეული დოგმატიკა.

ბერძნულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ხატიაშვილმა.


* * *

არქიმანდრიტი ზაქარია ესექსელი (სოფრონი სახაროვის მოწაფე)

სულიერი გული

გული შინაგანი ადამიანია, ე. ი., მისი პიროვნულობის ცენტრი [1]. იქ, სადაც შესაძლებელია ადამიანი ღმერთს შეხვდეს და მასზე თავისუფალი არჩევანი გააკეთოს. მას გულის პოვნა მხოლოდ საკუთარი ძალებით არ შეუძლია. უნდა ვთქვათ, რომ ქრისტიანული ცხოვრების მიზანი ჩვენი გონების გულთან გაერთიანებაა, რადგან მაშინ ვართ განკურნებული, სრულქმნილი და მთელი ჩვენი მყოფობით - ღმრთივ შვენიერ მცნებათა აღსრულებით - ძალგვიძს ღმერთთან დაბრუნება, რომ ასე, მთელი ჩვენი გულით, სულითა და არსებით შევიყვაროთ იგი. აქედან გამომდინარე, სულიწმინდის შეძენა და ღმერთის ცოდნა (γνώση) არ შეგვიძლია, თუ გონება გულთან არ გაერთიანდა. ეს ადამიანური ძალებით შეუძლებელია. გონება გულთან მხოლოდ ღვთის მადლის ენერგიით (მოქმედება/ ενέργεια) ერთიანდება და ეს მადლი მოდის, როცა ადამიანი თავის გონებას სახარებისეული მცნებებით ჯვარს აცვამს: იგი სწავლობს, ცხოვრობს, ფიქრობს და რეაგირებს სახარებისეულ მცნებათა მიხედვით. აი, მაშინ გონება "ღრმა გულში" (βαθειά καρδιά) ეშვება და იქიდან მთლიანი ღმერთს უბრუნდება. მაშინ ადამიანი განკურნებულია. ამ სასწაულის (θαύμα) მოხდენა - ანუ ჩვენი გულების ღვთის სულთან გაერთიანება - მხოლოდ ჩვენი ძალებით არ ძალგვიძს, რადგან ესაა, რაზეც ბერმა სოფრონიმ თქვა - უდიდესი სასწაული მთელს ქვეყნიერებასა და სამყაროში ადამიანის გულის ღმერთის სულთან გაერთიანებაა.

_______________

[1] შდრ. "გულის დაფარული ადამიანი, სულის სიმშვიდისა და მყუდროების უხრწნელებით/ უკვდავებით გამშვენებული, რომელიც ღვთის წინაშე უძვირფასესია" (1 პეტ. 3: 4).

ვიდეო საუბრიდან (ბერძნულიდან) თარგმნა ლევან ხატიაშვილმა. წყარო: http://www.pemptousia.gr/…/archim-zacharias-zacharou-i-pne…/


* * *


პროფესორი გიორგი მანძარიდისი

ღვთისმეტყველების მეცნიერება და ღვთისჭვრეტა

არსებით განსხვავებას ღმერთის [შესახებ] აზროვნებითი ცოდნისა გამოცდილებითი ღვთისშემეცნებისგან (εμπειρική θεογνωσία) წარმოაჩენს წმინდა გრიგოლ პალამა ტერმინების - ღვთისმეტყველება (თეოლოგია/ θεολογία) და ღვთისჭვრეტა (თეოპტია/ θεοπτία) - გამოყენებით. იმდენად შორსაა - ამბობს იგი - ღვთისმეტყველება ნათელში განხორციელებული ღვთისჭვრეტისაგან, რამდენადაც რაიმე საგნის [შესახებ] ცოდნა მისი შეძენისაგან. სხვაა ვინმე ღმერთზე საუბრობდეს და სხვა მასთან ზიარებაში იყოს: "ღმერთზე უბნობა და მასთან თანაყოფნა (შეხვედრა/ συντυγχάνειν) იგივე არაა" [1]. თეოლოგია ხმოვან (გარეგანი/ წარმოთქმითი/ προφορικός) სიტყვას და ასევე, სიტყვის ხელოვნებას საჭიროებს, როგორც ლოგიკური აზროვნებისა და მტკიცების გამოყენება თავისი ცოდნის სხვათათვის გადაცემის სურვილით. ადამიანებს ეს ქვეყნიური სიბრძნითაც და სულიერი განწმენდის გარეშეც ძალუძთ მოიმოქმედონ, მაგრამ ვინმემ საკუთარ თავში, რომ ღმერთი მოიპოვოს და მის უწმინდეს ნათელთან ხმობილ იყოს - რამდენადაც შესაძლებელია ეს ადამიანური ბუნებისათვის - ეს შეუძლებელია, თუ არ განიწმინდა სათნოებათა მოღვაწეობითა და საკუთარი თავიდან არ გამოვიდა, მეტადრე, თუ არ აღემატა მას (საკუთარ თავს) [2].

_______________

[1] წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, ეთიკა, 15, 94, გამომცემა: J. Darrouzès, Syméon le Nouveau Théologien, Traités théologiques et éthiques, "Sources Chrétiennes", ტომი 129, Paris 1967: 450.

[2] წმ. გრიგოლ პალამა, წმინდა ისიხასტთა დასაცავად, 1,3, 42, Π. Χρήστου, ტომი 1, თესალონიკი 1962: 453.

ბერძნულიდან თარგმნა ლევან ხატიაშვილმა შემდეგი გამოცემიდან: გიორგი მანძარიდისი, მდუმარების ნაყოფები, ათონის მთის ვატოპედის მონასტერი, I გამოცემა 2016: 31/ Γεωργίου Ι. Μαντζαρίδη, Ησυχίας καρποί, Ιερά Μεγίστη Μονή Βατοπαιδίου, Α' έκδοση 2016: 31.

ციტატები გადმოღებულია ფეისბუქ გვერდიდან: ეკლესიის პატერიკული ტრადიცია

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 30 August 2018 16:20)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96