Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ვლასიოს ფიდასის წიგნიდან "კანონიკური სამართალი" (ფრანგული ვერსია)

მოამზადა ნინო გაგოშაშვილმა (გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი", №21, 2007 წ.)

 

ეკლესიის ადმინისტრაციული წყობა

მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციულ სამართალში ძალიან რთულია სრულად და ობიექტურად განიმარტოს ტერმინები - "ავტოკეფალია" და "ავტონომია", იმ მიზეზით, რომ ერთი მხრივ, საკითხი მოიცავს მრავალ ასპექტს და მეორე მხრივ, დღესდღეობით შეინიშნება ამ ტერმინის ცალმხრივი ტენდენციაც. ამავე დროს, არსებობს ავტოკეფალიის გამოცხადების კერძო ინიციატივებიც, ერთი შეხედვით კანონიკურ საფუძველზე დამყარებული, რაც ქმნის არა მხოლოდ მრავალმხრივ კანონიკურ პრობლემას, არამედ ასუსტებს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობას, დაკავშირებულს უფლისმიერ სიყვარულთან.

მას შემდეგ, რაც I მსოფლიო საეკლესიო კრების მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 კანონებით ჩამოყალიბდა საეკლესიო ადმინისტრაციის სტრუქტურული სისტემა, ეკლესიის პრაქტიკაში ტერმინები - "ავტოკეფალია" და "ავტონომია" კანონიკური გახდა და მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული შინაარსით მოიხსენიება. IV-V საუკუნეებში ვრცელდებოდა საეკლესიო ადმინისტრაციის სამიტროპოლიტო, საეგზარქოსო და საპატრიარქო სისტემები, რაც აფიქსირებდა ადგილობრივი ეკლესიების ერთობის კანონიკურ ჩარჩოებს, სამოქალაქო ადმინისტრაციის გარე სქემის გათავისებით თუ ანალოგიით. თუმცა საეკლესიო ადმინისტრაციის თანმიმდევრული სქემები - სამოქალაქო ადმინისტრაციის შესაბამისი ფორმების ადაპტაციით - არ ირღვეოდა და არ ბღალავდა ეკლესიის ადმინისტრაციული ძალმოსილების მთავარ არსს.

ეკლესიის ადმინისტრაციული სისტემის ჩამოყალიბებას რომ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ავტოკეფალიის მინიჭების საკითხში, ამის საუკეთესო მაგალითია კვიპროსის ეკლესია. კვიპროსის ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიკური გარანტია, რაც მას III მსოფლიო საეკლესიო კრების VIII კანონით ებოძა, ეფუძნება ნიშანდობლივ შემთხვევას, გამოწვეულს ანტიოქიის მთავარეპისკოპოსის პრეტენზიებით - თავის იურისდიქციაში მოექცია აღნიშნული ეკლესია. დავა განსაკუთრებით გამწვავდა კვიპროსის მიტროპოლიტის გარდაცვალების შემდეგ, ვინაიდან მოულოდნელად დადგა ახალი მიტროპოლიტის არჩევის საკითხი. ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი, ნიკეას კრებაზე მიღებულ მე-6 კანონზე დაყრდნობით (ეს კანონი, გამონაკლისის სახით, აღიარებდა ძველ ტრადიციას, ალექსანდრიის, რომისა და ანტიოქიის საყდრების წარჩინებული უფლებამოსილების შესახებ ამა თუ იმ ეპარქიაზე) ასევე სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერითა და საკუთარი პოლიტიკური გავლენით, ცდილობდა მიზნისთვის მიეღწია. ამის შესახებ III მსოფლიო საეკლესიო კრებას თავისი მემორანდუმით აცნობა კვიპროსელმა ეპისკოპოსმა ევაგრე სოლონელმა. მან ბრძანა: "მიტაცებულია ჩენი კუნძული და მითვისებულია ხელდასხმის უფლება", ასევე ხაზგასმით მიუთითა, რომ ანტიოქიის მთავარეპისკოპოსს "სურდა ძალით დაემორჩილებინა კუნძლის წმინდა ეპისკოპოსები, მოციქულთა კანონებისა და ნიკეის წმინდა კრების შეთანხმების საწინააღმდეგოდ". ანტიოქიის მთავარეპისკოპოსის ეს პრეტენზია ეწინააღმდეგებოდა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებაზე შემუშავებულ იმ კანონებს, რომლებიც სამიტროპოლიტოებს ავტოკეფალიის გარანტიას აძლევდა. კვიპროსის ეპისკოპოსები, ეპისკოპოს ზენონ კურიონის პირით, კრებას არწმუნებდნენ: "წმინდა მოციქულთა დროიდან, ვერ მოვიხმობთ შემთხვევას, რომ მოსულიყო ვინმე ანტიოქიიდან და ხელდასხმის საკითხთან დაკავშრებით კუნძულზე ბრძანებები გაეცა... არც ანტიოქიის ეპისკოპოსს და არც სხვას, უფლება არ ჰქონდა ხელი დაესხა ვინმესთვის ჩვენს საეპისკოპოსოში".

III მსოფლიო საეკლესიო კრებამ, კვიპროსის პრობლემის სათანადოდ შესწავლის შემდეგ, მე-8 კანონით განაცხადა: "დღემდე არ არსებობდა ტრადიცია იმისა, რომ ანტიოქიის ეპისკოპოსს ხელი დაესხა კვიპროსის ეპისკოპოსისათვის, როგორც ეს ჩვენ ამ საღმრთო ადამიანებმა, წერილობით თუ ცოცხალი სიტყვით გვაუწყეს. კვიპროსის წმინდა და საღვთო ეკლესიის ღირს მამებს უნდა ჰქონდეთ უფლება, თავისუფლად და ძალდაუტანებლად, წმინდა კანონებიდან გამომდინარე და ძველი ტრადიციის მიხედვით, თავად გამოარჩიონ ეპისკოპოსები. მსგავსი წესი იქნება დაცული სხვა საეპისკოპოსოებშიც და ნურავინ, ღვთისმოყვარე ეპისკოპოსთაგანი, ნუ მიიტაცებს საყდარს, რომელიც არასოდეს ყოფილა მისი დაქვემდებარების ქვეშ. მაგრამ, თუკი რომელიმე საყდარი იძულებით არის ვინმეს ხელმწიფების ქვეშ, გათავისუფლდეს იგი, რათა არ გარდავხდეთ წმინდა მამათა კანონებს, სამღვდელოებაში არ გაჩნდეს ამასოფლის პატივმოყვარეობისა და მთავრობისმოყვარეობის სული და არ წარვწყმიდოთ ის თავისუფლება, რაც თავისი სისხლით მოგვანიჭა უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ, ყოველთა კაცთა განმათავისუფლებელმა.

წმინდა მსოფლიო საეკლესიო კრებას სათნოდ მიაჩნია, რომ თითოეულმა საეპისკოპოსომ წმინდად დაიცვას საკუთარი უფლებები, უკვე არსებული წესისა და ძველი ჩვეულების თანახმად. ხოლო მიტროპოლიტებს აქვთ შესაძლებლობა, თან წაიღონ ჩვენი გადაწყვეტილებების ნუსხები (ასლები), რათა დაიცვან თავიანთი საყდრის უსაფრთხოება. მაგრამ თუკი ვინმე ჩვენგან უკვე განსაზღვრული წესის საწინააღმდეგოს შემოიღებს რამეს, წმინდა მსოფლიო კრება აცხადებს, რომ იგი გაუქმებული იქნება".

კვიპროსის ეკლესიის ავტოკეფალიის გარანტია III მსოფლიო კრების აღნიშნული კანონით, საზღვარს უდებს ხანგრძლივ დავას ანტიოქიასთან. ამ საკითხზე III მსოფლიო საეკლესიო კრების დებატებმა ნათლად აჩვენა, რომ ანტიოქიის მთავარეპისკოპოსის მსგავსი პრეტენზიები არ შეიძლებოდა დაკმაყოფილებულიყო, თუ ყველაფერი ა) იქნებოდა წმინდა კანონებთან შესაბამისობაში და ბ) დაეფუძნებოდა ეკლესიური ტრადიციის პრაქტიკას.

მაშასადამე, კვიპროსში დამოწმდა სამიტროპოლიტო (საარქიეპისკოპოსო) სისტემა და შედეგად აღიარებული გახდა კვიპროსის სამიტროპოლიტოს ავტოკეფალია, ვინაიდან, როგორც სწორად შენიშნავს საეკლესიო კანონისტი ბალსამონი: "ძველ დროში ყველა სამიტროპოლიტო იყო ავტოკეფალური". III მსოფლიო კრების მე-8 კანონი სამიტროპოლიტოების ადმინისტრაციული ავტოკეფალიის ძირითადი კანონიკური პრინციპებიდან გამომდინარე იძლევა, ერთი მხრივ, კვიპროსისა და მეორე მხრივ, ყველა სამიტროპოლიტოს ავტოკეფალიის გარანტიას, რაც დაფუძნებულია I მსოფლიო საეკლესიო კრების მე-4, მე-5 კანონებზე, და რომლებიც, "ძველი ჩვეულების თანახმად", წარმოაჩენს ავტოკეფალიის ტრადიციას ეკლესიის პრაქტიკაში, დაკავშირებულს ეპარქიის ეპისკოპოსთა ხელდასხმისა და გასამართლების საკითხთან. ეს ძველი ტრადიცია, ჩართული ეკლესიის ჩვეულებით (საადათო) სამართალში, თვით მსოფლიო საეკლესიო კრებასაც კი არ შეუძლია უკუაგდოს, მით უფრო, თუ ის ეჭვს არ იწვევს იმ მომენტში, როცა მას პრაქტიკაში იყენებენ.

თუმცა III მსოფლიო საეკლესიო კრებამ განამტკიცა სამიტროპოლიტოების ადმინისტრაციული ავტოკეფალია, მათ მაინც გამუჩნდა კონკურენტები არა ეპარქიის დედაქალაქების მიტროპოლიტების სახით (ეფესოს, კესარიის, ჰერაკლიის, თესალონიკის), არამედ გეოგრაფიულად ყველაზე ახლოს მყოფი საყდრების მხრიდან, სახელდობრ, რომის, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმისა, რომლებიც გამორჩეული პირველობის პატივს ფლობდნენ.

IV საუკუნეში, ეს საყდრები, მაძიებელნი დიდი საეკლესიო ავტორიტეტისა, ცდილობდნენ გაეფართოებინათ თავიანთი იურისდიქცია ეპისკოპოსთა ხელდასხმისა და გასამართლების საკითხებში. მე-5 საუკუნის პირველი ნახევარი გვაძლევს დიდი რაოდენობით წერილობით მოწმობებს ამგვარი ადმინისტრაციული მოთხოვნებისა რომის, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის საყდრების მხრიდან, რის განსამტკიცებლადაც ეს ეკლესიები ჩვეულებით სამართალს იყენებდნენ. ეს დამოწმებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი მიემართება სამიტროპოლიტოების ავტოკეფალიის გაუქმებისა და საპატრიარქო ადმინისტრაციული სისტემის აღიარებისკენ.

დროთა განმავლობაში, ეკლესიის თითქმის ყველა სამიტროპოლიტო თანდათან ექცეოდა რომის, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის ტახტების ადამინისტრაციულ იურისდიქციაში (პენტარქიის დამყარება). ხოლო IV საეკლესიო კრებამ, აღნიშნული ტახტების კანონიკური უპირატესობის საბაბით, დააფიქსირა კიდეც რომის ეპისკოპოსის იურისდიქცია დასავლეთში და აღმოსავლეთის ეკლესიების იურიდიული საზღვრები.

ამავე კრებით ძველი საეკლესიო ტრადიციიდან გამომდინარე, კონსტანტინეპოლის ტახტმა მიიღო მტკიცებულება, ეპისკოპოსების ხელდასმისა და მსჯავრის უფლებისა აზიის ეპარქიებში, პონტოსა და თრაკიაში. მან მოიპოვა მუდმივი კანონიკური იურისდიქცია არა მხოლოდ ზემოთხსენებულ ეპარქიებზე, არამედ ბარბარსოთა მიერ დაპყრობილებზეც. IV მსოფლიო საეკლესიო კრების 28-ე კანონი ზუსტად განსაზღვრავს კონსტანტინეპოლის ტახტის ადმინისტრაციულ იურისდიქციას: "ამგვარად, პონტოს, აზიისა (პროკონსულური) და თრაკიის სამიტროპოლიტო განსაგებლებს (ეპარქიებს) ასევე ეპისკოპოსებს ამ ეპარქითა ნაწილებისა, რომლებიც ბარბაროსთა მიერ არის დაპყრობილი, ხელი დაესხათ კონსტანტინეპოლის ეკლესიის წმინდა საყდრის მიერ. რასაკვირველია, თითოეული ზემოთხსენებული ეპარქიების მიტროპოლიტი, თავისი ეპარქიის ეპისკოპოსებთან ერთად, ხელს ასხამს ამა თუ იმ ეპარქიის ახალ ეპისკოპოსს, როგორც ამას საღმრთო კანონები ამოწმებენ. ხოლო, აღნიშნული ეპრაქიების მიტროპოლიტებს, როგორც ითქვა, ხელი დაესხათ კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსის მიერ, ჩვეულებისამებრ, ერთხმად გამორჩევის შემდეგ".

მაშასადამე, IV მსოფლიო საეკლესიო კრებამ აღმოსავლეთის ეპარქიებში მოაგვარა ეპისკოპოსთა გასამართლებისა და ხელდასხმის საკითხი და დაამტკიცა საპატრიარქო სისტემა. მიტროპოლიტს, ეპარქიის სინოდთან ერთად, რჩებოდა ხელშეუხებელი უფლება - აერჩია და ეკურთხებინა ეპარქიის ეპისკოპოსები, მაგრამ თავად აირჩეოდა და ხელი დაესხმებოდა საპატრიარქო სინოდის მიერ. იგი ინარჩუნებდა ასევე უფლებას, ეპისკოპოსთა გასამართლების საკითხში პირველი ინსტანცია ყოფილიყო, ხოლო მეორე და უკანასკნელი ინსტანციას საპატრიარქო სინოდი წარმოადგენდა.

ამგვარად, IV მსოფლიო საეკლესიო კრების ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით ავტოკეფალია შემოისაზღვრა 5 საპატრიარქოთი და კვიპროსის სამთავარეპისკოპოსოთი, ხოლო სხვა სამიტროპოლიტოებს ეს პრივილეგია არ მიენიჭათ. შემდეგში უკვე ზემოთხსენებული კანონების დაცვით ხდებოდა ამა თუ იმ ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭება.

 

ავტოკეფალიის გამოცხადების კრიტერიუმები

კანონიკური ადმინისტრირების ისტორიულ-კანონიკური სქემების ეს ზედაპირული მიმოხილვა გვაძლევს შემდეგი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობებს.

1. ტერმინები - "ავტოკეფალია" და "ავტონომია" გამოიყენება იმისათვის, რომ განისაზღვროს საეკლესიო ადმინისტრაციული იურისდიქცია ამა თუ იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე. I მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ შემუშავებული სამიტროპოლიტო სისტემის შემოტანასთან დაკავშირებით, ეს ტერმინები დაუკავშირდა კანონიკური სამართლის საკითხებს. ადმინისტრაციული თვალთახედვით, ყველა ეკლესია, რომლის თავი არის მიტროპოლიტი, ქმნის ავტოკეფალური ეკლესიის პირველ ფორმებს. სამიტროპოლიტოების ავტოკეფალია მეტ-ნაკლებად არის მოხსენიებული IV მსოფლიო საეკლესიო კრებამდე (451), რის შემდეგაც ის შეიცვალა საპატრიარქო სისტემამ. საპატრიარქო პენტარქიის (ხუთი საპატრიარქო) კანონიკურმა დაარსებამ, წარმოდგენილმა საპატრიარქო სისტემით და კანონიკური უპირატესობის სარგებლობის უფლებით, შექმნა ხუთი ტახტი, თავისი ხუთი ავტოკეფალური ეკლესიის ადმინისტრაციული ხელმძღვანელით, რომელთაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ეკლესიათა ავტოკეფალიის გამოცხადების საქმეში.

2. ეკლესიის ადმინისტრაციული ორგანიზაციის განვითარებისა და გაფართოების მიზანი არის ის, რომ იგი უნდა წარმოადგენდეს ადგილობრივი და უნივერსალური ეკლესიის ერთობის გარანტიას. ამგვარი ერთობა ადვილად იცავს ტერიტორიულ საზღვრებს, მის შიგნით კი ადგილობრივი სინოდი წყვეტს ამა თუ იმ პრობლემას, რადგან იგი ამისთვის არის მოწოდებული. ადგილობრივი ეკლესიების ადმინისტრაციული დმაოუკიდებლობა ყოველთვის იყო და არის ის ბირთვი, რაც ერთმანეთისაგან არ აცალკევებს ხელდასხმისა და გასამართლების საკითხსა და ღვთისმსახურებას. კანონიკური განხორციელება ხელდასხმისა და გასამართლების უფლებისა - არის ერთადერთი კრიტერიუმი ჭეშმარიტი ევქარისტიის აღსრულებისა ქრისტეს ეკლესიაში. ადმინისტრაციული ხელმძღვანელების შუამავლობით ის გამოხატავს ამ უტყუარ რწმენას მსოფლიოს ყველა ადგილობრივ ეკლესიაში და წარმოგვიდგება, როგორც კანონიკური გზის წარმომაჩინებელი. ეკლესიის ავტოკეფალიას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, ემსახუროს უნივერსალური ეკლესიის ერთობას, თუ ის მოითხოვს სხვა რამეს, მაშინ ის უცხო ხდება ამ ერთობისთვის.

3. ეკლესიის ავტოკეფალია, დაყრდნობილი ეკლესიის ერთობაზე, ჭეშმარიტ რწმენასა და სიყვარულზე, უნდა ემსახურებოდეს მოციქულთა რწმენის შენარჩუნებას საკუთარ წიაღში, რაც მას ასევე აკისრებს მოვალეობას, იზრუნოს ეკლესიის სარწმუნოებრივ სტაბილურობაზე.

4. მსოფლიო საეკლესიო კრებები არის ეკლესიის ადმინისტრირების საკითხთა მოგვარების კანონიკური ორგანო. ამიტომ არის ჩართული I და IV საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებში სამიტროპოლიტო და საპატრიარქო სისტემა. ასევე, ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია დიდ სინოდს. კონსტანტინეპოლის კრებამ (381) მოიწვია მხოლოდ აღმოსავლეთის ეკლესიების ეპისკოპოსები, მოაწყო ენდემუსას (მსოფლიო საპატრიარქოს) სინოდი და ეკლესიურ ადმინისტრაციაში ჩაერთო საეგზარქოსო სისტემა.

ენდემუსას სინოდებს, რომელსაც ხელმძღვანელობს მსოფლიო პატრიარქი და გამოხატავს აღმოსავლეთის საპატრიარქო ტახტების აზრს, აქვს შესაძლებლობა, გამოაცხადოს ეკლესიის ავტოკეფალია ან მიანიჭოს მას საპატრიარქოს პატივი. ენდემუსას სინოდის ეს კანონიკური კომპეტენცია გამოყენებული იქნა იმისათვის, რომ ეცნოთ ამა თუ იმ ეკლესიის ავტოეკფალია, საპატრიარქოს წოდებით თუ მის გარეშე (მაგ. ბულგარეთის ეკლესიებისა X, XI, XIII საუკუნეებში), სერბეთისა (XIII ს.) და სხვა).

5. ენდემუსას, მსოფლიო საპატრიარქოს სინოდს, აქვს ასევე კანონიკური ადმინისტრირების კომპეტენცია, აამაღლოს ეკლესია საპატრიარქოს ღირსებაში და საპატიო ადგილი მიუჩინოს ძველ საპატრიარქო ტახტებს შორის. ამ შემთხვევაში აუცილებელია სპეციალური კანონიკური შეთანხმება აღმოსავლეთის ყველა საპატრიარქოსთან. ასევე საჭიროა ყველა საპატრიარქოს თანხმობა, რათა გააუქმოს საპატრიარქოს ტახტი.

კანონიკური ორგანო, ეკლესიის ავტოკეფალიის გამოსაცხადებლად, მასზე საპატრიარქოს პატივის მინიჭების გარეშე, ყოველთვის აუცილებლად არ მიიჩნევს ამ საკითხზე ეკლესიათაშორისი მოლაპარაკებების გამართვას. მოცემულ შემთხვევაში, პირველი სიტყვა მომდინარეობს მსოფლიო საპატრიარქოდან და ტახტიდან, რომლის იურისდიქციაშიც (კანონიკურად თუ ტრადიციიდან გამომდინარე) იმყოფება ავტოკეფალიის მსურველი ეკლესია. ამის შემდეგ, იმისათვის, რომ გადაწყდეს ავტოეკფალიის აქტის კანონიერება, აუცილებელია ავტოკეფალური ეკლესიების საპატრიარქოების კანონიკურმა ხელმძღვანელებმა მისცენ მას დასტური ან უარყონ.

6. ამა თუ იმ ეკლესიის ავტოეკფალიის საკითხი მტკიცე კავშირშია იმასთან, თუ რამდენად აქვს მას განსაზღვრული ტერიტორიული საზღვარი. ამ კონდიციის გარეშე, კანონიკიდან გამომდინარე, ავტოეკფალიის გამოაცხადება შეუძლებელია. ამის გამოა, რომ კანონიკური თვალსაზრისით, დაუშვებელია (მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში არასდროს მომხდარა), გამოცხადდეს ავტოკეფალია ეკლესიისა, რომელშიც გაერთიანებულია ხალხი, რომელიც ცხოვრობს სხვა ერის (ეკლესიის) კონკრეტულად და ზუსტად განსაზღვრულ ტერიტორიულ საზღვრებში.

7. ავტოკეფალიის კანონიკურად გამოცხადების პროცედურაში, კრებათა გადაწყვეტილების მიხედვით, პირველ ადგილს იკავებს ეკლესიები, რომლებიც მართლმადიდებელ დიპტიხში (პატივის მიხედვით განლაგების კანონიკური რიგი) გამორჩეულ ადგილს იკავებენ. იმ ტახტებს, რომლებიც ეკლესიის კანონიკური ტრადიციის მიხედვით იმყოფებიან ამ რიგში, შეუძლიათ აიღონ ინიციატივა თავიანთი იურისდიქციის მიღმა გამოექომაგონ მართლმადიდებლობას. ეკლესიის ისტორიაში, ყოველი ინიციატივა ავტოკეფალიის მინიჭებისა თუ ჩამორთმევისა, ყოველთვის სპეციალური ავტორიტეტების პრეროგატივას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, კანონიკური სამართლის ფარგლებში.

8. ავტოკეფალიის გამოცხადება თავისთავად მოითხოვს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართლის პრინციპების მკაცრად დაცვას. ესენია:

ა) საკუთარი ძალებით ეპისკოპოსთა ხელდასხმისა და გასამართლების საკითხების მოგვარების შესაძლებლობა.

ბ) საკმარისი მოტივი და შიდა თუ გარე არგუმენტები, რაც ამ აქტს აუცილებელს გახდის.

გ) ავტოკეფალიის გამოცხადებით, არ უნდა მოხდეს ჭეშმარიტ კანონიკურ ტრადიციასთან დაპირისპირება და წმინდა კანონებზე ძალადობა, კერძოდ, ავტოკეფალიის თვითგამოცხადება, რასაც შედეგად მოჰყვება კანონიკური ტრადიციის დარღვევა და არაკანონიკური კრიტერიუმების დანერგვა (საერო ძალაუფლების სიყვარული ეკლესიის წიაღში, ამქვეყნიური ამბიციების მონობა და სხვა).

დ) თანამედროვე მართლმადიდებელი ეკლესიის გამოცდილება წარმოაჩენს ეკლესიის ერთობიდან გადახრის სამწუხარო შედეგებს (მაგ. დიასპორის ადმინისტრაციული პრობლემები, ე.წ. მაკედონიის ეკლესიის "ავტოკეფალია" და ა.შ.).

9. კანონიკური პროცედურით უნდა იყოს შემოსაზღვრული ეკლესიის ტერიტორიის საზღვრები, რაც ერთ-ერთი უპირატესობაა ავტოკეფალიის მისაღებად.

10. ავტოკეფალიის გამოცხადების ჩამოყალიბებული კანონიკური ფორმები ყოველთვის მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ამა თუ იმ ადგილობრივი ეკლესიის ავტონომია, რაც ეფუძნება ზოგიერთ კანონიკურ კონტექსტს. XIX-XX საუკუნეებში, მსოფლიო საპატრიარქომ ზოგიერთ ეკლესიას, საპატრიარქო და სინოდალურ ოქმებზე დაყრდნობით, მიანიჭა ავტოკეფალია, რასაც სხვა ეკლესიებმაც მისცეს თანხმობა. ეს წარმოაჩენს ეკლესიის ადმინისტრაციული სტრუქტურის ურყევობას, განმტკიცებულს ერთობითა და საღვთო სიყვარულით. მაშასადამე:

ავტოკეფალიისა და ავტონომიის კანონიკური ინსტიტუტი, მართლმადიდებელი ტრადიციის მიხედვით, განსაზღვრავს ეკლესიის შიგნით სინოდალური, საღვთისმსახურო, პასტორულ თუ სხვა საეკლესიო საქმეების დამოუკიდებელ წარმართვას.

ავტოკეფალური ეკლესია არის ინსტიტუტი, რაც ემსახურება მართლმადიდებლურ ერთობას. ის არ შეიძლება მიენიჭოს რომელიმე ეკლესიას, თუ მას აქვს არაწმინდა კანონიკური მიზანი (რასიზმი, ფილეტიზმი, პოლიტიკური ამბიცია, უპირატესობის სურვილი).

გ) ავტოკეფალია უნდა პასუხობდეს ადგილობრივი ეკლესიის არსებით საჭიროებებს, ანუ იმ მოთხოვნებს, რომელსაც ვეღარ აკმაყოფილებს არსებული კანონიკური ორგანიზაცია: ავტოკეფალია ეკლესიისათვის თვითმიზანი არ უნდა იყოს.

დ) ავტკოფელიის მინიჭება უნდა ემსახურებოდეს მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობას.

11. ეკლესიის ავტკოფელიის მინიჭების პროცედურა უნდა ეფუძნებოდეს კანინიკურ ტრადიციებს, განსაკუთრებით კი - მსოფლიო საეკლესიო კრებებს და ხანგრძლივ საეკლესიო გამოცდილებას. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება იგი ვარგისი და კანონიკური, სხვაგვარად კი - ეკლესიის საწინააღმდეგო და მისი ერთიანი სხეულის დამანგრეველი.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 22 June 2018 14:24)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96