Georgian (Georgia)English (United Kingdom)

I. წერილი გაიოს ბერს

(თერაპევტს)1

წყვდიადი იფანტება ნათლით და მით უფრო დიდი ნათლით. არცოდნას განაქარვებენ ცოდნანი და მით უფრო მრავალნი ცოდნანი. ამის აღმატებით და არა მოკლებით მიმღებელი იტყვის ზეჭეშმარიტად2, რომ ნამდვილი ნათლის მქონეთ და არსებულთა ცოდნას ჰბურავს არცოდნა ღვთისა და ზემდებარე მისი წყვდიადი შეუღწეველია ყოველი ნათლისათვის და დაფარული ყოველი ცოდნისათვის. და თუ ვინმემ იხილა ღმერთი, გაიაზრე, რაც იხილა3, ის [ღმერთი] კი არ უხილავს, არამედ რაიმე მისმიერი, არსებულთაგანი. ხოლო იგი ზეგონებისა და ზეარსის ზეშთამყოფია და სრულიად არ შეიცნობა. არც ყოფნაა, არსებობს ზეარსულად და ზეგონებით შეიცნობა. უზენაესის სრული არცოდნა არის ცოდნა იმის შესახებ, რაც ყველა შეცნობადზე მაღლაა.

II. წერილი მასვე, გაიოს ბერს

როგორ, ის, რაც ყველაზე მაღლაა*, ღმერთმთავრობაზე და კეთილთმთავრობაზეც მაღლაა?4 [ასეა] თუ ღმერთობას და კეთილობას მიიჩნევ საქმედ კეთილმოქმედისა და ნიჭად განმაღმრთობელისა და მიუმსგავსებელ მსგავსებად ზეღმერთისა და ზესიკეთისა, რომლის მიზეზითაც განვიღმრთობით და კეთილ-ვიქმნებით; რადგან, თუ ეს დასაბამია განღმრთობისა და კეთილმყოფელობისა განღმრთობილთა და კეთილქმნილთათვის, ყოველი დასაბამის ზედასაბამიერი, და აღნიშნული ღმერთობისა და კეთილობისა, ისევე როგორც ღმერთმთავრობისა და კეთილმთავრობისა, არის მათ მიღმა, რამდენადაც მიუმსგავსებელია და უთვისებო5, აღემატება მსგავსებათა და წვდომათა, მიმსგავსებულთ და მოზიარეთ.

--------------------------------------------------

* საღმრთოთა სახელთათვის 6,11

 

III. წერილი მასვე, გაიოს ბერს

ანაზდეული არის ის, რაც მოულოდნელია6 და ადრე უხილავი ხილული ხდება (მალაქ. 3.1; ლუკა 2.13). ვფიქრობ, რომ ქრისტესმიერი კაცთმოყვარეობით ესეც არის მინიშნებული ღვთისმეტყველებაში, რომ ზეარსი დაფარულისაგან ჩვენთვის გაცხადდა ადამიანური არსის მიღებით. იდუმალია [ქრისტე] გაცხადების შემდეგაც, ან უფრო საღვთოდ რომ ვთქვა, იდუმალია გაცხადებაშიც, რამეთუ იესოსი ესეც [საიდუმლო] დაფარულია და მისი საიდუმლო არც სიტყვით გამოითქმება და არც გონებით [მიიღწევა]; არამედ თქმული უთქმელი რჩება, შეცნობილი - შეუცნობელი.

 

IV. წერილი მასვე, გაიოს ბერს

როგორ, შენ ამბობ, რომ იესო, რომელიც ყველაზე მაღლა მყოფია, არსით ყოველი ადამიანივითაა განწესებული? აქ [იგი] ადამიანად იწოდება არა როგორც მიზეზი ადამიანთა, არამედ როგორც მთელი თავისი არსით ჭეშმარიტად ადამიანად მყოფი. ჩვენ იესოს არ განვსაზღვრავთ ადამიანური საზომით7, არც მხოლოდ ადამიანია (მხოლოდ ადამიანი არც იქნებოდა ზეარსი), არამედ ჭეშმარიტი ადამიანია, გამორჩეულად კაცთმოყვარე, ადამიანებისათვის ადამიანთა არსისაგან არსქმნილი ზეარსია, არანაკლებ აღვსილია ზეარსობით, მარადიული ზეარსია მთელი მისი სავსეობით. ჭეშმარიტად არსით მოვიდა და ზეარსი არს-იქმნა: და ქმნა ადამიანური ზეადამიანურად.

ამას ცხადყოფს ქალწული ზებუნებრივად მშობელი და წყალი უძვრელი, ნივთიერთა და მიწიერთა ფეხთა სიმძიმის შემკავებელი, რომელიც კი არ განიპო, არამედ ზებუნებრივი ძალით დაუქცევლად იდგა (მათე 14.24).

ვის ძალუძს ჩამოთვალოს სხვა დანარჩენიც, უმრავლესი საქმენი.

ვინ ჩაწვდება? ღვთაებრივად მხედველი ზეგონებით შეიცნობს, რომ ის, რაც იესოს კაცთმოყვარეობით დამტკიცებულია, უკუმტკიცების ზეაღმატებული ძალის მქონეცაა. და მოკლედ რომ ვთქვათ, იესო არც ადამიანი იყო, არც ვითარცა არა-ადამიანი, არამედ ვითარცა ადამიანთაგან ადამიანზე აღმატებული ზეადამიანი, ჭეშმარიტად ადამიანად შობილი. და ბოლოს, ქმნა საქმენი საღმრთონი არა როგორც ღმერთმა, საქმენი ადამიანური, არა როგორც ადამიანმა, არამედ განკაცებული ღმერთის ღმერთკაცობრივი ძალით ჩვენს შორის მცხოვრებმა8.

 

V. წერილი დოროთე ღვთისმსახურს9

საღვთო ნისლი არის მიუახლებელი ნათელი10, რომელშიც, როგორც ამბობენ (I ტიმ. 6.16), მკვიდრობს ღმერთი, რადგანაც უხილავია გადამეტებული ხილულობით და მიუახლებელი ჭარბი ზეარსული ნათლის გადმოღვრის გამო. მასში იმყოფება ყველა, ვინც  ღირს-არს (მათე 5.8) ცნობად და ხილვად ღმრთისა. შემმეცნებელი იმისა, რომ ვერც იხილვება11 და ვერც შეიცნობა ჭეშმარიტად ის, ვინც ხედვისა და შეცნობის მიღმა არის, რადგან მიღმაა ყოველგვარ გრძნობადსა და შეცნობადზე, წინასწარმეტყველურად ამბობს: "საკჳირველ იქმნა ცნობაჲ შენი ჩემგან, განძლიერდა და ვერ მიძლავს მისსა მიმართ" (ფს. 138.6).

ამბობენ, რომ ასევე შეიცნო ღმერთი ღვთაებრივმა პავლემ, როცა მიხვდა, რომ იგი არის ყოველგვარი გონებისა და ცოდნის მიღმა. ამიტომაც ამბობს, რომ გამოუკვლეველი არის გზები მისი, განკითხვანი გამოუძიებელი (რომ. 11.33), ნიჭნი გამოუთქმელი (II კორ. 9.15) და მშვიდობა მისი აღმატებულია ყოველ გონებაზე (ფილიპ. 4.7). მპოვნელმა იმისა, რომ [ღმერთი] ყველაფერზე მაღლაა, ზეგონებით შეიცნო, რომ ყველაფერზე მაღლა მყოფი არის მიზეზი ყველაფრისა.

 

VI. წერილი სოსიპატრე (რომ. 16.21) მღვდელს12

ნუ მიიჩნევ გამარჯვებად, კურთხეულო სოსიპატრე, აგინო სარწმუნოებასა და სადიდებელს, რაც შენ კეთილად არ გეჩვენება13. თუ მას ამხილებ სამართლიანად, არც ეს ნიშნავს, რომ სოსიპატრეს [სარწმუნოება და სადიდებელი] სწორია. შესაძლოა, ჭეშმარიტება, რამეთუ იგი ერთია14 და დაფარული, მრავალ ცრუსა და მოჩვენებითში გაგისხლტეს შენცა და სხვასაც. ის, რაც მეწამული არ არის, უთუოდ სპეტაკი არ არის; ის, რაც ცხენი არ არის, აუცილებლად ადამიანი როდია.

თუ მე დამიჯერებ, ასე მოიქეცი: განერიდე სხვების წინააღმდეგ ლაპარაკს. ჭეშმარიტება კი ისე იქადაგე, რომ ნათქვამი შენი სრულიად უცილობელი იყოს.


VII. წერილი პოლიკარპე15 მღვდელმთავარს

არ ვიცი, ელინთა ან სხვათა წინააღმდეგ თუ მითქვამს რაიმე. ვფიქრობ, საკმარისია კეთილ კაცთათვის, თუკი შეძლებენ თვითონ ჭეშმარიტების ცნობას და გამოთქმას ისე, როგორც ის [სინამდვილეში] არის. რადგან დასაბამიდან, რაც ჭეშმარიტებით მართლადაა გაცხადებული და აშკარაა, უნდა გამოირჩეს ყოველი სხვაგვარად მიჩნეული და არაჭეშმარიტი ჭეშმარიტისაგან; ისიც [უნდა ითქვას], რომ ნამდვილად არსებული არსისაგან განსხვავებული და არამსგავსი არსზე უფრო მეტად მიაჩნიათ.

მართლაც, ზედმეტია, ჭეშმარიტების გამომაჩინებელი ებრძოდეს ამათ და სხვათაც. რადგან ყოველი მათგანი იტყვის, რომ მას აქვს სამეფო მონეტა. შესაძლოა, მართლაც, აქვს რაღაც მაცდური, კერძო, ჭეშმარიტების რაღაც ნაწილისა. და თუ მას ამხილებ, ისიც და სხვაც კვლავ დაგიწყებს დავას იგივეს გამო. როცა ჭეშმარიტი სიტყვა მართლად დადგინდება და ყველა უცილობლად მიიღებს მას, ყოველი, რაც მას არ ეთანხმება, თვითონვე უარყოფს თავის თავს და ნამდვილი ჭეშმარიტებისაგან მოიკვეთება. ამიტომ, ვფიქრობ, კარგად მოვქცეულვარ, რომ არ ვიჩქარე ელინთა ან სხვათა წინააღმდეგ მეთქვა რაიმე. ჩემთვის ისიც საკმარისია და ღმერთიც ამას მომცემდეს ნეტავ, რომ პირველად ჭეშმარიტება შევიცნო და მერე ვთქვა ისე, როგორც საჭიროა.

II. შენ ამბობ, რომ სოფისტი აპოლოფანე16 მკიცხავს მე, მამისმკვლელს მიწოდებს17, რადგან ელინთაგან [მონიჭებულს] ელინთავე მიმართ უპატიოდ ვიყენებ, განა, ამის საწინააღმდეგოდ, ჩვენ უფრო მეტი ჭეშმარიტებით არ ვიტყვით, რომ თვითონ ელინები საღვთო საქმეთა საღვთოთა მიმართ უპატიოდ იყენებენ, როცა ღვთის სიბრძნით ღვთისმსახურების განდევნას ცდილობენ? მე განა მრავალთა შესახებ ვამბობ, რომელთაც პოეტთაგან, ნივთიერად და ვნებით წარმოსახულისა სჯერათ, რომელნიც დაბადებულს ემსახურებიან და არა დამბადებელს, არამედ თვით აპოლოფანიც უღირსად იყენებს ღვთაებრივს ღვთაებრივთა წინააღმდეგ. სწორედაც არსთა ცოდნამ, კარგად უწოდებს იგი მას ფილოსოფიას, ხოლო ღვთაებრივი პავლე - ღმერთის სიბრძნეს (I კორ. 11.8), უნდა აიყვანოს ჭეშმარიტი ფილოსოფოსნი თვით არსთა და ცოდნათა მიზეზამდე. თუ სხვათა არა, თვით მის აზრს კი გამოვააშკარავებ; უნდა იცოდეს აპოლოფანემ, ვითარცა ბრძენმა, რომ არავინაა შემძლებელი შეცვალოს ზეცის წესი და მოძრაობა, თუ არ არის იგი თავად მისივე მიმნიჭებელი და არ არის მიზეზი ამგვარი მოძრაობისა, შემოქმედი და შემცვლელი ყოველთა, როგორც წმინდა წერილშია (დან. 2.21). როგორ არ ემსახურება იგი ჩვენთვის ჭეშმარიტად ცხადქმნილს ყოველთა ღმერთს? როგორ არაა განცვიფრებული ყოველთამიზეზით და მისი გამოუთქმელი ძალით? როცა მზე და მთვარე, უმეტესად მის მიერი ზებუნებრივი ძალითა და ნებით, და მათთან ყოველივე უძრავად იქმნა და სრული დღის განმავლობაში იქვე იდგა იმავე თანავარსკვლავედის ქვეშ (ისუ ნავე 10. 2-14); და უფრო მეტიც, როცა ყოველთა უზენაესთა რიგი მოძრაობდა, შემადგენელნი არ იძვროდნენ. მეორე დღე ზედდართული მატებით თითქმის გასამკეცდა (4 მეფ. 20.11) და მთელი 20 საათის განმავლობაში ყოველივემ ან დროის სვლის საპირისპირო მოძრაობა შეასრულა და უკუმოიქცა ესოდენ ზებუნებრივი წინააღმდეგ სვლითა, ან მზემ თავისი სრბოლით ხუთწრიული მოძრაობა ათი საათით შეამოკლა18 და დარჩენილი მეორე ათი იგივე ადგილამდე რომელიღაც ახალი გზით გარეშემოვლო (ის. 38.8). ამით ისე სამართლიანად განაცვიფრა (ის. 39.1) ბაბილონელები, რომ უბრძოლველად დაუმორჩილა ეზეკიას, ვითარცა ღვთისსწორსა ვისმეს, ადამიანებზე აღმატებულს. მე აღარაფერს ვამბობ ეგვიპტის დიდსაქმეებზე, ან სხვაგან ღმერთის სასწაულმოქმედებაზე, მხოლოდ იმ საყოველთაო ციურზე, ყოველით ყველასათვის განთქმულზე. აპოლოფანე უეჭველად იტყვის, რომ არ არისო ეს ჭეშმარიტება. ისინი უფრო შემოინახა სპარსთა საღვთო გდმოცემებმა და მოგვები, ჯერაც, სამგზის მითრას ხსენებას აღასრულებენ. შეიძლება მას არ სჯერა ესენი არცოდნის ან გამოუცდელობის გამო. უთხარ: რას იტყვი, მხსნელის ჯვარცმისას მომხდარ დაბნელებაზე-თქო? მაშინ ორივე ერთად ვიდექით19 ჰელიოპოლისში, შევყურებდით მთვარისა და მზის დაუჯერებელ თანხვედრას (არ კი იყო დრო ამ თანხვედრისა) და ამის შემდეგ, ცხრა საათიდან საღამომდე მთვარე მზის დიამეტრზე უცნაურად იდგა; და სხვასაც ბევრს გავახსენებ; მან იცის, რომ მათი თანხვედრა, როგორც ვიხილეთ, აღმოსავლეთიდან დაიწყო ვიდრე მზის მეორე კიდემდე. შემდეგ მთვარე შემობრუნდა და გადაწმინდა მისგან  პირველად დაფარული კი არა, არამედ დიამეტრულად საწინააღმდეგო. ესენი არიან იმ დროის ზებუნებრივი საქმენი, რომელნიც შესაძლებელნი არიან მხოლოდ ქრისტესათვის, ყოველთა მიზეზისათვის, რომელიც იქმს დიდთა და განსაცვიფრებელთა საქმეთა და რომელთაც არა აქვთ თვლა.

III. ესენი, თუ საჭიროა, უთხარ აპოლოფანს, და თუ შესძლო, ამხილე ჩემგან: მაშინ, შენთან მყოფი, თანამხილველი და თანამბჭობელი ყოვლისა, განცვიფრებული ვიყავი-თქო. მაშინ, აპოლოფანმა, თითქოსდა მისნური წინასწარმეტყველებით შეიგრძნო მომხდარი, მომიბრუნდა და მითხრა: "ეს, საყვარელო დიონისე, ღვთაებრივ საქმეთა ცვალებაა". ესენი წერილით მოგახსენე, შენ შეგიძლია დაამატო გამორჩეულნიც; და სრულად საღვთოდ მოაქციო კაცი, მრავლით ბრძენი; შესაძლოა ღირსად სცნოს და მშვიდად ისწავლოს ჩვენი ღვთსმსახურების ზებრძნული ჭეშმარიტება, რომელიც ყოველგვარ სიბრძნეს აღემატება.

 

VIII. წერილი დემოფილე თერაპევტს თვითნებობისა და მსახურებისათვის

1. ებრაელთა ისტორიები გვიამბობენ, კეთილშობილო დემოფილე, რომ წმინდა მოსე მისი უდიდესი მორჩილების გამო ღირსი გახდა ღმერთის ხილვისა. თუ ისინი აღწერენ, რომ ოდესღაც იგი მოკლებული იყო ღვთის ხილვას, ეს იმიტომ, რომ იგი განშორდა ღმერთს ურჩობის გამო. ამბობენ, რომ ღვთაებრივ ნება-სურვილთა შეურჩებითა და გაჯიუტებით განარისხა გულისწყრომით უფალი (გამ. 4.14). მაგრამ როცა მიენიჭა მას ღვთივ გამორჩეულობის პატივი, განადიდეს ღვთაებრივ სიქველეთა მიმბაძველობის გამო. და რადგან იყო ფრიად მორჩილი, ამის გამო ეწოდა მსახური ღვთისა; და ყველა წინასწარმეტყველს შორის ღირსი გახდა ღვთისმხილველობისა. მაშინაც, როცა მას და აჰრონს ვინმე კადნიერი მღვდელმთავრობასა და ხალხის უფროსობას ედავებოდა (რიცხ. 16.1-28), ამაღლდა ყოველგვარ პატივმოყვარეობასა და ძალაუფლებაზე და მზად იყო დაეთმო ძალაუფლება, თუკი ღმერთის რჩეული გამოჩნდებოდა ვინმე. შემდეგ აუჯანყდნენ უწინდელი საქციელის გამო, ლანძღავდნენ და ემუქრებოდნენ, თავსაც კი ესხმოდნენ, ის კი, თვინიერ, კეთილს [უფალს] ხსნად მოუწოდებდა, დიდი გაბედულებითა და თავშეკავებით ლაპარაკობდა, რომ უდანაშაულოა მისთვის მინდობილთა მიმართ ჩადენილ ბოროტებაში, მან იცოდა, რომ კეთილ ღმერთთან ვინც ლაპარაკობს, ის ყველაზე მეტად, რამდენადაც შეუძლია უნდა ემსგავსოს მას და სწამდეს თავისი თავისა სიკეთისმოყვარე საქმეებით.

რისგან იქმნა ღმერთის მამა20 დავითი სასურველი ღვთისა? იმით, რომ კეთილი იყო, მტრებისადმიც კი. მასზე ამბობს ზეკეთილი და სიქველის მოყვარე: ვპოვე კაცი ჩემი გულისად (ფს. 88.20; I მეფ. 16.13; საქმე მოც. 13.22). მისგან მოგვენიჭა კარგი კანონები21. მტრის საქონლის მზრუნველობაც კი (გამ. 23.4). იობი ხომ მისივე უბოროტობისათვის გამართლდა (იობ. 1.8; 42.7), იოსებმა შური არ იძია მზაკვარ ძმებზე (დაბ. 50.21), აბელიც22 უბრალოდ და უეჭვოდ დაემგზავრა ძმისმკვლელს (დაბ. 4.8).

ღვთისმეტყველება ყველა ისეთთა სიქველეს აღიარებს, რომელნიც არც კი გაიფიქრებენ ბოროტს, არათუ მოიმოქმედებენ. არცა სხვათა ბოროტების გავლენით დათმობენ სიკეთეს - პირიქით, ღვთისმსგავსად, ბოროტს კეთილს მიაგებენ და მიუტევებენ, თანაც კრძალვით მოუწოდებენ სხვათაც ამგვარი სიქველის მიბაძვისაკენ23.

მაგრამ ნუ მოვყვებით წმინდა მამათა თვინიერებაზე (ზაქ. 1.12; აპოკ. 7.5; დან. 10), ნურც კაცთმოყვარე ანგელოზთა კეთილ საქმეებზე, რომელნიც მწყალობელნი არიან ხალხისა და მათთვის სიკეთის მავედრებელნი, შემრისხველნი დამღუპველთა და ბოროტმოქმედთა სიმრავლისა (ლ. 15.4), დამწუხრებულნი ბოროტთათვის და გახარებულნი სიკეთისაკენ შემობრუნებულთა ხსნით და რაოდენ სხვასაცა კეთილმოქმედ ანგელოზთა შესახებ მოგვითხრობს ღვთისმეტყველება (ტობ. 8.9). ჩვენ ჭეშმარიტად კეთილი და ზეკეთილი ქრისტეს მიერ მშვიდი კეთილმოქმედებით გაბრწყინებული მზერა მივაპყროთ მის ღვთაებრივ საქმეებს. განა არ არის გამოუთქმელისა და ზეგონითი სიკეთის მაჩვენებელი, რომ არსთ არსობა მიანიჭა და ყოველივე არსებობამდე მიიყვანა და სურს, რომ ყველა მუდამ მასთან იყოს და ეზიარონ მას თავისივე შესაძლებლობის მიხედვით? როცა განდგომილთ სიყვარულით მოაქცევს, ეხვევა, ევედრება: ნუ უარყოფენ მათ მოყვარულს და თვითონ იცავს მათ, როცა უგუნურად ბრალს სდებენ; კიდევ უფრო მეტ სამსახურს ჰპირდება ჯერ კიდევ შორს მყოფთ. მისკენ მიმავალთ ასწრებს მიგებებას, მთელი არსებით შეიტკბობს ყველას და ეამბორება და არ ადანაშაულებს უწინდელ [მოქმედებათა] გამო; პირიქით, ხარობს ახლანდელით, აწყობს ზეიმს, ეძახის მეგობრებს, ცხადია, კეთილთ, რათა სუფევდეს მხიარულება (ლუკა 15.11).

დემოფილეს და ყველას, ვინც კეთილთ მტრობს, სამართლიანად განიკითხავს, მაგრამ ამასთან ასწავლის სიკეთესაც, რათა გაკეთილშობილდნენ. ამბობს: განა არ იხარებს კეთილი წარწყმედილთა ხსნის გამო ან მკვდართა აღდგენით? (ლუკა 15.31) და მართლაც, ძლივს შემობრუნებულს ცდომილებიდან იტვირთავს მხრებით (ლუკა 15.5), კეთილ ანგელოზთ მოუწოდებს სიხარულისაკენ, კეთილმოსურნეა უმადურთათვისაც კი, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა (მათე 5.45) და თვით მას სულსაცა თვისსა დასდებს მლტოლვართათვის მისგან (იოანე 10.11).

როგორც შენი ნაწერიდან შევიტყვე, მუხლმოდრეკილი გევედრებოდა მღვდელი, შენი თქმით, უწმინდური და ცოდვილი, შენ კი არ ვიცი, როგორ გაბედე და გააგდე შენთან მოსული. ბოროტებადაუფლებული შენ გევედრებოდა და გეძახდა განკურნებისათვის, შენ არც კი შეძრწუნდი, პირიქით, ის კეთილი მღვდელიც თავხედურად შეურაცხყავ, რომელმაც შეიწყალა მონანიე და განიკითხა უწმინდური. ბოლოს "განვედ" - უთხარი მღვდელს და სხვაც ამისთანანი, უკანონოდ შევარდი საკურთხეველში და შეურაცხყავ წმიდათაწმიდა. ჩვენ კი გვწერ, თითქოს ის განიზრახავდა სიწმინდეთა შეურაცხყოფას და შენი ზრუნვით გადაარჩინე იგი და აქამდის იცავ შეუხებლად. აწ ისმინე ჩვენიცა: უკანონობაა ტაძრის მსახურთაგან და შენგან უფრო - თანამდგომ მოწესეთა განკითხვა, კიდევაც რომ გეგონოს, რომ ღვთაებრივს უწმინდურად ექცევიან ან სხვა რაიმე დაუშვებელს აკეთებენ აშკარად. თუ უწესრიგობა და უწესობა არის ღვთაებრივი საზღვრისა და წესის დარღვევა, არ ჩაითვლება საღვთო სიტყვად ის, რაც ღვთივ დაწესებულსავე დაამხობს. ღმერთი თავის თავში განუყოფელია, სხვაგვარად როგორ დამყარდეს მეუფება მისი? (მათე 12.25) ვითარცა სიტყვანი იტყვიან (ისაია 30.18; რომ. 2.16): ღმერთი არის განმკითხველი, ხოლო მღვდელნი არიან ანგელოზნი და მღვდელმთავართა მერე მქადაგებელნი საღვთო სამსჯავროთა (მალაქ. 2.7). შენ, როცა გქონდეს დრო დიაკონთა დახმარებით შეისწავლე ღვთაებრივი საქმენი. რამეთუ მათგანვე გახდი ღირსი ბერობისა. წმინდა სიმბოლოებიც ამასვე არ აღიარებენ? განა ყველასათვის ერთნაირად შეუღწეველია წმიდათაწმიდა - უფრო მიახლოებული არის მასთან მღვდელმთავართა დასი, შემდეგ მღვდელთა რიგი, ამათ მოჰყვება მსახურთა დასი: ბერებისათვის საკურთხევლის შესასვლელთანაა დგომა განსაზღვრული, სრულიქმნებიან და წინ დგანან არა დაცვისათვის [საკურთხევლისა], არამედ ცოდნისათვის იმისა, რომ მათი დასი უფრო ახლოა ხალხთან, ვიდრე სამღვდელოებასთან. ამრიგად საეკლესიო კანონმდელობა აწესებს ღვთაებრივ წმინდამსახურებებს, მაგრამ მათ გადმოსცემენ ისინი, ვინც უფრო ახლოს დგანან საკურთხეველთან. ვინც, საკურთხევლის გარშემო დგანან, ხედავენ და ესმით სიმბოლურად საღვთო საიდუმლონი მათთვის ცხადქმნილი, ისინი გამოაფენენ კეთილსახეობით ღვთაებრივ საფარველთაგან და უჩვენებენ მორჩილ ბერებს, სამღვდელო დასსა და განწმენდილთა დასს ამ სიწმინდეთ ღირსებისამებრ. სიწმინდენი კეთილად დაცული და უხრწნელი იყვნენ, ვიდრე შენ მძვინვარებით შევარდებოდი წმიდათაწმიდაში და გამოაშკარავებდი მათ თვითნებურად. შენ ამბობ, ვითომ იცავდი სიწმინდეთ, თუმცა არც გინახავს, არც გაგიგია და არც გაქვს რაიმე შესაფერი მღვდელთა. როგორც ჩანს, არ გესმის სიტყვათა ჭეშმარიტება, რომ ყოველდღე სიტყვით იბრძვი მსმენელთა დასაღუპავად.

თუ ვინმეს ხალხის მართვა ხელში ჩაუვარდებოდა მეფის ხელთდასხმის გარეშე, სამართლიანად დაისჯებოდა და ასევე, თუ ვინმე გაბედავდა მის [მეფის] წინააღმდეგ გამოსვლას (აღარაფერს ვამბობ შეურაცხყოფაზე), განა ამავე დროს არ გაიფიქრებდა მთავარისაგან განდგომას და ისიც არ დაისჯებოდა?

შენ კი, ადამიანო, ასეთი კადნიერი ხარ, არაფრად აგდებ მართალსა და კეთილსა და მღვდელმთავრობით კანონმდებლობას.

ამიტომ უნდა ითქვას, რომ, თუ ვინმემ ხელში ჩაიგდო ღირსების ზევით რამე, კიდევაც დამაჯერებლად რომ განახორციელოს ჩანაფიქრი, არც ეს გაამართლებს მას. განა რა ქნა ოზიამ (II ნეშტ. 26.19) დაუჯერებელი, როცა გუნდრუკი უკმია ღმერთს? ან საულმა, როცა მსხვერპლი შესწირა, ანდა მძლავრ ეშმაკთა, როცა იესოს ჭეშმარიტ ღმერთად აღიარებდნენ (I მეფ. 13.10; 15.12). ღვთისმეტყველებისაგან განიდევნება ყოველი უცხოსკენ მზირალი და თითოეული მისთვის განკუთვნილ წესს უნდა მსახურებდეს (მარკ. 3.11). მხოლოდ მღვდელმთავარს შეუძლია შესვლა წმიდათაწმიდაში და ისიც, წელიწადში ერთხელ24, ამასთან აღსავსეს მღვდელმთავრებრივი წმიდა კანონებით (I კორ. 14.23). მღვდელნი იცავენ საკურთხეველს, ლევიტელნი კი არც შეეხებიან წმიდათა, რომ არ დაიხოცონ (ლევ. 16.2; ებრ. 9.7). უფალი ხომ განურისხდა ოზიას თავშეუკავებლობის გამო (რიცხ. 4.20), მარიამს25, რომელიც განაკეთროვანა კანონმდებლობის ხელყოფისათვის (II ნეშტ. 26.19) და სკევას ძეთ დაასხა თავს ეშმაკეული (საქ. მოც. 19.14) და არ დაანება თავი, სანამ არ წააქცია ისინი სრბოლით და არაფერს ეტყოდა მათ; და წინასწარმეტყველებდნენ ისინი: უღმერთომან, რომელმაც დამიკლას ზუარაკი, ვითარცა ძაღლის დამკვლელი შეირაცხოს (იერ. 23.21) და კიდევ მარტივად ვიტყვი, ყოვლისმომცველი ღვთის სამართალი უკანონობას არ ითმენს (ისაია 66.3). ისინი [უღმერთონი] ამბობენ: სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვჰქმნენით. უფალი პასუხობს: ვითარმედ არა გიცნი თქუენ: განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი (მათე 7.22-23). ვითარცა წმიდა სიტყვანი იტყვიან, არ შეიძლება მართალთ სდიონ უღირსთა (I მეფ. 15.22), არამედ შეიკავოს თითოეულმა თავი უფრო ღრმა და მაღალი აზროვნებით; იფიქროს მხოლოდ იმაზე, რაც ღირსებისამებრ ებოძა მას (რომ. 11.20; 12.3).

II. ახლა იტყვი შენ, განა არ არის საჭირო უწმინდურ მღვდელთა ან სხვათა, რაიმე უცნაურობის ჩამდენთა, გამოსწორება? (რომ. 2.23). განა შეიძლება, რომ თავს იქებენ კანონებით და კანონების დარღვევით ღმერთს პატივს არ სცემენ? ეს მღვდელნი არიან მოციქული ღმერთისა? როგორ უნდა ამცნონ ხალხს საღვთო სათნოებანი, როცა თვითონ არ იციან მისი ძალა? ან როგორ განათლავენ ბნელქმნილნი? როგორ გადასცემენ ღვთის სულს თუ არც წმინდა სულის არსებობა სწამთ და არც დარწმუნებული არიან ჭეშმარიტებაში? (მოც. 19.2).

მე გპასუხობთ ამ კითხვებზე, რადგან შენი მტერი როდი ვარ, დემოფილე, და არც უარს ვამბობ დაგიხსნა სატანისაგან: თითოეული საეკლესიო დასი, რომელიც უფრო ახლოსაა ღმერთთან, უფრო ღვთისმსგავსია, ვიდრე შორს მყოფი, უღმრთისხილველესია და მასთან უნათლესიც, უგანმანათლებელესიც, ვითარცა ჭეშმარიტი ნათლის მახლობელი. მახლობლობაში ადგილი კი არ იგულისხმო, არამედ ღმერთის შესაფერისი შესაძლებლობანი. რაკი მღვდელთა დასი არის განმანათლებელი, ვინც ყოვლად მოშრებულია საღვთო წესსა და ძალას, ის არ არის განათლებული, უფრო სწორად მოუნათლავია. მე ვფიქრობ, კადნიერებაა ამგვარი კაცი სამღდელო საქმეებს ხელს კიდებდეს და არ ეშინოდეს, არც რცხვენოდეს, როცა საღვთოთ უღირსად ეპყრობა და ეგონოს ღმერთმა არ იცის, რაც მას საკუთარ თავში დაუნახია; ან კიდევ მამაღმერთს ცრუსახელდებით მოუწოდებდეს და თამამად ბილწსიტყვაობდეს (აღარაფერს ვამბობ ლოცვებზე) ღვთაებრივ საიდუმლოთა ქრისტესსახეობითად წარმოსათქმელად. არ არის  ეს მღვდელი, არ არის, არამედ მზაკვარი მტერია, შემგინებელი თავისივე თავისა, მგელი საღვთო სამწყსოში კრავად გადაცმული (მათე 7.15).

III. დემოფილესთვის არაა კანონიერი მათი გაკეთილშობილება, რამეთუ ღვთისმეტყველება სამართლიანად თვლის სამართლის მიდევნებას26 მაშინ, როცა მიეგება თითოეულს ღირსებისამებრ. ყველამ ასე უნდა მისდიოს სიმართლეს და არ დაავიწყდეს საკუთარი ხარისხი და ღირსება. ასევე ანგელოზთათვისაც სამართალი დაწესებულია და განსაზღვრული, პატივის მიხედვით, ჩვენგან კი არა, დემოფილე, ღმერთისაგან, - ჩვენ მათი მეშვეობით და მათ კი ზემდგომ ანგელოზთაგან მიეგებათ. მარტივად ითქმება - ყველას, პირველიდან ბოლომდე, მიეგება ღირსებებისამებრ ყოველთა მიმართ კეთილად განწყობილისა და წინასწარ გააზრებული სამართლისაგან. ვისაც ღმერთისაგან მინიჭებული აქვს უფროსობა, ღირსებისამებრ უნაწილებს მორჩილთა. დემოფილე კი, სიტყვით აყოლილი გულისთქმასა და ვნებას, უსამართლოდ იქცევა; უნდა მთავრობდეს კი სიტყვა უმაღლესი უდარესთა ზედა. თუ საკრებულოში ვიხილეთ, რომ მონა ბატონს, ან მოხუცს ჭაბუკი, ან ძე მამას აგინებს, თავს ესხმის და აწყლულებს, უწმინდურად არ შევრაცხავთ? განა არ მივეშველებით უკეთესთა, თუნდაც მათ ადრე უსამართლობა ჰქონდეთ ჩადენილი. რა თქმა უნდა, მათ დავიცავთ.

როგორ არ გრცხვენია, ვუყუროთ, როცა გულისწყრომით უსამართლო იქმნება სიტყვა, ღმერთმთავრობით ბოძებული გადასაგდები ხდება. ამითაა, ჩენს შორის უწმინდურებას, უსამართლობას და უწესობას, შფოთსა და ჯანყს რომ ვაღვიძებთ.

რა თქმა უნდა, ნეტარი ჩვენი, ღმერთისაგან შჯულისმდებელი, არა ღირს ხდის ეკლესიის მთავრად მას (ტიმ. 3,5; 2.2), ვინც თავის სახლში კეთილად არაა დამდგარი (ტიტ. 1). რამეთუ, ვინც თავისი თავი მართა, სხვაცა მართა; ვინც სხვა - სახლიცა, ვინცა - სახლი, მან - ქალაქიცა; ვინც - ქალაქი, მან - სახლიცა.

მარტივად ითქმება, წმინდა სიტყვანიც ამასვე ამბობენ, რაც მცირესათვის არის დამაჯერებელი, მრავალთათვისაცაა და რაც მცირესათვის დაუჯერებელია, ის მრავალთათვისაც ასეა (ლუკა 16.10).

IV. ახლა კი გულისთქმას, წყრომას და სიტყვას მიაგე კუთვნილი, ვითარცა შენ მოგეგება საღვთო მსახურთაგან და ამათ კი მღვდელთაგან, მღვდელთა-მღვდელმთავართაგან და მღვდელმთავართა მოციქულთაგან ან მოციქულთა მონაცვლეთაგან მიეგებათ.

თუ ვინმე, ამათგანი, შეცდეს დადგენილიდან, განისაჯოს თანამოდასე წმინდანთაგან და არ აღუდგეს წესი წესსა, არამედ თითოეულს თავისი წესი და მსახურება ჰქონდეს. ესენი შენ ჩვენგან მოგეცემა ცოდნისა და მოქმედებისათვის.

იმ კაცის, როგორც შენ ამბობ, უწმინდურისა და ცოდვილის კაცთმოძლებისათვის, არ იცი, როგორ ვტიროდი, ვითარცა ჩემი სიყვარულის წყენას. ვის მსახურად დაგადგინეთ შენ ჩვენ27, თუ არა სიკეთისა? უეჭველად საჭირო იქნება შენი ჩვენგან და ჩვენი მსახურებისაგან მოშორება. იქნებ დროა შენ სხვა ღმერთი და მღვდელი მოძებნო და მათ მიერ უფრო გამხეცდე, ვიდრე სრულიქმნე და იყო შენ მეგობართა მოძლების მკაცრი აღმასრულებელი. განა ჩვენ კი, ყველანი წმინდად სრულქმნილნი ვართ და არ ვევედრებით ღმერთს ჩენივე კაცთმოყვარეობისათვის? ვითარცა სიტყვანი იტყვიან (იერ. 2.13), ორმაგი ცოდვით ვცოდავთ უწმინდურთა მსგავსად, როცა არ ვიცით რაში ვცოდავთ. თავსაც კი ვიმართლებთ, გვგონია, რომ ვხედავთ, როცა ჭეშარიტად ბრმები ვართ; (ამას ვამბობდი) და გაიხსნა ცა და განვცვიფრდი და თავისაც აღარა მჯერა.

ნეტა არ წამეკითხა შენი წერილი და არც მქონოდა! კარგად იცოდე, არ დავიჯერებდი, ვინმეს რომც დავერწმუნებინე, რომ დემოფილე თვლის, თითქოს კეთილი ღმერთი არ არის კაცთმოყვარე, არც თავისი თავი მიაჩნია მწყალობლისა და მაცხოვნებლის მორჩილადო.

განა ხელთდასხმულ მღვდელთ, სიკეთით ღირსქმნილთ, შეჰფერით ატარონ ერი უმეცრად და თანაც კარგად იცოდნენ, რომ თავადაც გადაჰფენიათ უძლურება.

პირველმღდელმთავარი მღვდელთსრულმყოფელი (ებრ. 7.26) სხვა გზით მავალი, ვითარცა წმიდა სიტყვანი იტყვიან (იოანე 10.15; 21.15), ცოდვილთაგან გამოშორებულს სიყვარულით გამოაჩენდა ცხვართა სამწყსოში (ლუკა 15. 4-6). ბოროტს უწოდებდა მას, ვინც არ მიუტევა ვალი მეგობარს (მათე 18 30,35), არც ზომიერად გასცა ფრიადი მრავალი სიკეთიდან მისთვის მინიჭებული (მათე 19.29; 20.15). იმიტომ, რომ განსაჯა თავისივე სარგებლობისათვის. ეს ხომ გარდაუვალი საფრთხეა ჩემთვისაც და დემოფილესთვისაც. მისივე ვნების ჟამს უღმერთოთათვის მიტევებას ითხოვდა მამისაგან (ლუკა 23.34), მოწაფეთ კი რისხავდა, როცა ისინი მოითხოვდნენ მისგან სამარიტელ მდევართა შეუბრალებელ დასჯას (ლუკა 9.54), შენ კი მრავალსიტყვაობ შენს თავხედურ წერილებში, ზედას ქვევით აქცევ, ვითომ თავს კი არა, ღმერთს იცავ. მითხარ: ბოროტებით იცავ კეთილსა?

V. განვედ, არა გვყავს მღვდელმთავარი ვერ შემძლებელი თანაგრძნობისა უძლურებათა ჩვენთა (ებრ. 4.15), არამედ გვინდა უბოროტო და მოწყალე. არცა ხმობს, არცა ღაღადებს (მათე 12.19; ისაია 42.1), თავად მშვიდი, თვისით შემწყალებელი ცოდვათა ჩვენთა (I იოანე 2.2). ასე რომ, ვერ მოგიმართავთ ხელს, შენ ურწმუნო განზრახვებზე, თუნდაც ათასგზის მოუხმობდე ელიასა და ფინეზს. ასეთივე უსიამო იყო იესოსთვის მსგავსი რამის მოსმენა მოწაფეებისაგან, რომლებისთვისაც ჯერ კიდევ უცხო იყო მშვიდი და კეთილი სული.

უსაღვთოესი ჩვენი, დამდებელი წმინდა მსახურებისა, სიმშვიდით ასწავლის საღვთო მოძღვრებას მოწინააღმდეგეთ (I ტიმ. 1.5), რადგან საჭიროა განსწავლა უმეცართა და არა შურისძიება მათზე. ბრმათ როდის ვტანჯავთ, პირიქით, ხელით დაგვყავს. შენ კი უარჰყავი და დიდი მოწიწებით მოსული თავხედურად გააგდე (გეშინოდეს!) ის, გზასაცდენილი, ვისაც ქრისტე კეთილი, მთაზე ეძებს (ლუკა 15.5), ეძახის ლტოლვილს და ძლივს ნაპოვნი მხარით მოჰყავს.

ნუ, გვევედრები, ნუ განვიზრახავთ ბოროტს ჩვენთვის, ნუცა მახვილს მოვიწოდებთ ჩვენდა. რადგან ისინი, ვინც უსამართლობენ, ან სიკეთის ქმნას ცდილობენ (მართალია, მთლიანად ვერ იქმან იმას, რაც სურთ) ბოროტების ან სიკეთის მოზიარენი ხდებიან და აღივსებიან ღვთაებრივი სიქველით ან შეუკავებელი ვნებით. ერთნი - კეთილ ანგელოზთა მიმდევარნი და თანამგზავრნი არიან, და აქაც და იქაც, ყველა ბოროტებისაგან განთავისუფლებულნი სიმშვიდითა და ნეტარებით დაიმკვიდრებენ განსასვენებელს მარადისობაში და მუდამ იქნებიან ღმერთთან, რომელიც ყველა კეთილს აღემატება. მეორენი კი, განშორებულნი ღმერთისაგანაც და საკუთარი სიმშვიდისაგანაც აქაც და სიკვდილის შემდეგაც უწმინდურ ეშმაკებთან იქნებიან.

ასე რომ, ჩვენ მრავალი ზრუნვა გვმართებს, რათა ვიყოთ მუდამ კეთილ ღმერთთან და უფალთან და არა ბოროტებთან, დამსახურებისამებრ შურისძიებით განკითხულებთან. ამისა მე ყველაზე უფრო მეშინია და ვილოცავ ყველა ბოროტებისაგან შეუხებელი ვიყო. თუ გნებავს, მოგახსენებ ერთი წმინდა კაცისაგან ღვთაბრივ ხილვას. ნუ კი გაიცინებ, მე სიმართლეს ვამბობ.

VI. ოდესღაც, მე ვიყავი კრეტაზე, წმინდა კარპემ28 მიმიპატიჟა - კაცმა, სხვებზე აღმატებულმა, დიდი გონების სიწმინდით საღვთოთა მხილველმა. თუმცა იგი მანამდე არც საიდუმლოთა წმინდა სრულებას ჰყოფდა, ვიდრე მას წმინდა ლოცვის დასასრულს არ გამოუჩნდა წყალობის მომნიჭებელი ხილვა. მომიყვა, რომ ადრე ის შეწუხებული ყოფილა ერთი ურწმუნოსაგან. ეს შეწუხება იყო ის, რომ ვიღაცა განდევნა ეკლესიისაგან უღმერთობისათვის, მაშინ, როცა ის მხიარულების დღეებს აღასრულებდა29.

საჭირო იყო ორივესათვის ლოცვა კეთილმშვენიერი და მოწოდება ღმერთისა, მხსნელისა და მაცხოვარისა, რათა ერთი მოექცია, მეორე კი სიკეთით ეძლია. დღემდე კი არა, მთელი ცხოვრების მანძლზე არ უნდა შეეწყვიტა შეგონება მათთვის, რათა მისულიყვნენ ღმერთამდე ცოდნით; გარკვეულიყვნენ იმაში, რომ შეეეჭვათ და იძულებული გახდებოდნენ, უგონოდ და თავხედურად მოქცეულნი, კანონიერ სამართლისთვის გონება გაეხსნათ. მაგრამ არ ვიცი რანაირად მოხდა, ესენი მან არ მოითმინა, იმიტომ, რომ დიდი ბრაზითა და სიფიცხით იყო აღვსებული. (რადგან ღამე იყო) დაწვა დასაძინებლად და დაიძინა ასე ცუდად მყოფმა. შუაღამისას30 (რადგან ჩვეულებად ჰქონდა ამ დროს გაღვიძება) - საღვთო ჰიმნების საგალობლად ადგა, არც თუ მრავალი სიზმრებით [სავსე], რადგან ხშირად კრთებოდა დიდი მღელვარებისაგან.

და როცა იდგა ღმერთთან მოსაუბრე, გაწვალდა უკეთური ფიქრებით და იმდურებოდა, რომ არ არის სამართალი, რაკი ცოცხალნი არიან უღმერთო კაცნი, რომელნიც არ ადგანან უფლის სწორ გზას. ამას ამბობდა და სთხოვდა ღმერთს - მოევლინა რაიმე ელვა და მით შეეწყვიტა შეუბრალებლად ორივეს სიცოცხლე. უცებ, მოეჩვენა, რომ დაინახა სახლი, რომელშიც იდგა ის შემკრთალი; და გაჰყო სახურავი შუაზე რაღაცა ცეცხლმა, გააბრწყინა ძლიერ  (ვგონებ ადგილი საკმაოდ მოცარიელდა) და ცის კიდურიდან მისკენ მოიწეოდა ცეცხლიც, რადგან ცა გახსნილი იყო. ცის ბჭესთან იხილა იესო, გარშემორტყმული ურიცხვი, ადამიანის სახის მქონე, ანგელოზებით. ამას ზემოდან ხედავდა და განცვიფრებული იყო [კარპე].

დაიხედა ქვევით კარპემ და მითხრა, რომ იხილა მიწა ცარიელი, რაღაც უფსკრული წყვდიადით გაპობილი და ის კაცები, რომელნიც დასწყევლა, უფსკრულის პირას იდგნენ გასაცოდავებულნი, შეძრწუნებულნი იმდენად, რომ თავის ფეხთა სისუსტისაგან ეცემოდნენ. უფსკრულის სიღრმიდან მოცოცავდნენ გველები, მათ ფეხებთან იხლაკნებოდნენ და როცა ცდილობდნენ მოეშორებინათ, ისინი [გველები] შემოეხვეოდნენ გარს, ამძიმებდნენ და მიათრევდნენ თან; კბილებითა და კუდებით შიშის ზარს სცემდნენ [კაცთ], სისინებდნენ და ყოველი ძალით ცდილობდნენ მათ ჩაყრას უფსკრულში. გველთა შორის იყვნენ კაცნი, რომლენიც დააჭენებდნენ გველებს, სცემდნენ და დასცინოდნენ ამათ. საფიქრებელი იყო, რომ ისინი [გაწვალებულნი] უკვე დაეცემოდნენ ან ნებსით და ან უნებლიეთ, რამეთუ ბოროტს ემძლავრა მათზე და მიეზიდა თავისაკენ.

და თქვა კარპემ, რომელიც ჩაციებით იყურებოდა ქვევით და ზემოთ კი ყურადღებას არ აქცევდა, როგორ სწყინდა და სულმოკლეობდა, რომ აქამდე არ დაეცნენ [კაცნი] და მრავალგზის მოითხოვდა, რომ ჩანთქმულიყვნენ, თუმცა ამაოდ, და წყევლიდა მათ.

მაგრამ როცა ძლივს ასწია თავი, დაინახა კვლავ ცა, იგივე, რაც პირველად იხილა; ხოლო იესო მოწყალებით მზირალი. ადგა იესო ზეციურ ტახტიდან და მათთან ჩამოვიდა, კეთილ ხელს უწვდიდა და ანგელოზებიც მასთან მყოფნი. ერთი ერთს იფარავდა, მეორე კი - მეორეს, და უთხრა კარპეს, კაცთა საცემად გამზადებულს, იესომ: "აწ, აღმართული ხელით მცემე მე, რამეთუ მზად ვარ კვლავაც ადამიანთა ცხოვრებისათვის ვიტანჯო. ეს ჩემთვის ძვირფასია, რომ სხვები ადამიანთაგან აღარ შეცდნენ". იფიქრე შენ, განა კარგია შენთვის, უფსკრულსა და გველებზე გასცვალო უფლის სავანე, კაცთა და კაცთმოყვარე ანგელოზთა სამყოფელი. ეს არის, რაც მე მოვისმინე და ვირწმუნე, რომ მართალია.

 

IX. წერილი ტიტე მღვდელმთავარს, რომელმაც წერილით იკითხა, თუ რა არის სიბრძნის სახლი, რა არის ფიალა, რა არის [ღვთაებრივი] საჭმელი და სასმელი (იგავნი 9. 1-2; 24.3)

I. კეთილო ტიტე, არ ვიცი, წმინდა ტიმოთე იცნობდა ჩემ მიერ შესწავლილ საღვთისმეტყველო სიმბოლოებს თუ არა. მე კი მას სიმბოლურ ღვთისმეტყველებაში გულდასმით გავურჩიე ყველაფერი ღმერთის შესახებ, მრავალთა აზრით, სიტყვით დაუჯერებელი. სულთა არასრულყოფილება განიწმინდება საოცარი ურწმუნოებისაგან, როდესაც გამოუთქმელი სიბრძნის მამები იდუმალ და გაბედულ ქარაგმათაგან გამოაჩენენ ღვთაებრივს, მისტიკურს და ბილწთათვის მიუწვდომელ ჭეშმარიტებას. მრავალს არ გვჯერა საღვთო საიდუმლოებათა სიტყვების, რადგან მათ ვჭვრეტთ მხოლოდ შემოღებული გრძნობადი სიმბოლოების საშუალებით. საჭიროა ისინი განვძარცვოთ თავიანთი თავისაგან და ვიხილოთ შიშველი და წმინდა სახით. ასე მჭვრეტელნი თაყვანს უნდა ვცემდეთ ცხოვრების წყაროს, თავის თავში ჩამდინარეს და თავის თავში მდგომს, ვხედავდეთ ერთ რაიმე ძალას, მარტივს, თვითმოძრავს, თვითმოქმედს, თავისი თავის არმიმტოვებელს, რომელიც არის ცოდნა აღმატებული ყოველ ცოდნაზე და მუდამ თავისი თავით განჭვრეტილი. ამრიგად, მე ვფიქრობ, მისთვისაც (ტიმოთესთვის) და სხვებისთვისაც საჭიროა, რამდენადაც შევძლებთ, განვმარტოთ საღვთო სიმბოლიკის წმინდა გამოსახვათა მრავალნაირი ფორმები, რადგან უამისოდ რამდენი რამ დაუჯერებელ და გამონაგონ ამბად ჩანს, ასე, მაგალითად, ზებუნებრივი ღმერთის დაბადება მიეწერება ღვთაებრივ საშოს, ღმერთის ხორციელად მშობელს (ფს. 110.3) – კაცობრივი გულიდან აღმოთქმული სიტყვა ჰაერში გაიბნა (ფს. 45.1) და სული მქროლვარე ბაგეთაგან ამოვიდა (ფს. 33.6).

ჩვენ ხომ ღმერთის ძის ჩამკვრელ ღვთისმშობლის უბეს ვუგალობთ ხორციელად (იოანე 1.18) ან ბუნებრივად ვთხზავთ [სიმბოლოებს]: ხე (გამოცხ. 2.7), ყლორტი (ისაია 27.6; 53.2), ყვავილი, ფესვი აღმოცენებული (ეზეკ. 16.3; იოანე 15.1; იერ. 23.5; ქებ. 11.1), წყაროს წყალი გამომდინარე, ნათება გამოსული ნათელთმშობლისაგან (ებ. 1.3; ფს. 36.9; იოანე 1.4; ფს. 98.16) ან სხვა რაიმე წმინდა მწერლობით განვმარტავთ ზეარსულ ღვთისმეტყველებას. შესაცნობად ღმერთის განზრახვათა, წყალობათა და გამოცხადებათა, ძალთა და თვისებათა, ხვედრთა და სამკვიდრებელთა, წარმატებათა, სხვაობათა და ერთიანობათა. ღმერთს გამოსახავენ ადამიანით (ფს. 145.16), ცხოველით (დაბ. 49.9; ისე 13.8; მათე 3.16) ან სხვა რომელიმე სულიერით; ან მცენარით (ქებ. 2.1), ან ქვით (პეტრ. 2.4; ეზეკ. 10.1), ან მრავალფეროვანი შესამოსელით; ქალთა სამკაულით (ის. 3. 18-23; გამოცხ. 1. 13-16) ან ბარბაროსთა საჭურველით (ფს. 45. 3-4), მექოთნეობით ან მებრძმედეობით, თითქოს ოსტატი (იობ. 10.9; ფს. 66.10) ან შემოქმედი იყოს; ხანაც ცხენის (ფს. 75.7), ეტლის (ფს. 67. 18) ან ტახტის (ფს. 44. 7; აბაკ. 3.8) სახით გამოსახავენ. [თეოლოგია] ნადიმს (ლუკა 15; 22.30) მოამზადებს მზარეულის ხელოვნებით და [ღმერთს] წარმოგვიდგენს ნასვამად (ქებ. 5.1) და მთვრალად (იერ. 46.10), მძინარედ (ფს. 42.10; 44.23) და ნაბახუსევად (ფს. 77.65).

ვინ რაღა თქვას რისხვასა და ჭმუნვაზე, მრავალგვარ ფიცსა და მონანიებაზე, წყევლასა და სიძულვილზე, მრავალსახოვნებასა და ცოდვათა სიმრუდეზე, აღთქმათა სივერაგეზე (გამ. 15.7; მსაჯ. 10.16; დაბ. 6.6; 22; 16), გმირთა ბრძოლაზე (დაბ. 2.9) “დაბადებაში”, როდესაც განიზრახეს აეგოთ სახლი არა მტერთა დასათრგუნად, არამედ საკუთარი ხსნისათვის (დაბ. 11. 1-3; 27.29) – თვალთმაქცობათა და სიცრუით აქაბისათვის (III მეფ. 22.19) მოწყობილ ზეციურ საბჭოზე, “ქება-ქებათაში” (ქებ. 4-5) [მოთხრობილ] ხორციელ და მეძაურ ვნებებზე, - და სხვა რამდენი სითამამეა ღმერთის გამოსახვაში, წმინდა ნიშნებით იდუმალ-ჩენილი, გარეშემოსილი და გამრავლებული, მხოლოობისა და განუყოფლისაგან განყოფილი, სახიერი და მრავალი ფორმის მქონე უფორმოთა და უსახოთაგან. თუ ვინმეს შეუძლია ჩაწვდეს დაფარული მშვენიერების სიღრმეს, იგი იპოვის ყველა საიდუმლოს და ღვთის სახეს, გაბრწყინებულს ღვთისმეტყველების ფრიადი ნათლით.

არა მგონია, ხილული ნიშნები თავიანთი თავისათვის იყვნენ შეთხზულნი, არამედ გამოუთქმელსა და უხილავს წარმოსახავენ მრავალი ხელოვნებით, რაც ყველასათვის როდია ადვილად ხელმისაწვდომი და რაც მხოლოდ ღვთისმოსავთა და ჭეშმარიტ მოყვარულთათვის გაცხადდება; რამეთუ [ხილული ნიშნები] წმინდა სიმბოლიკაში ყოველსავე ბავშვურ წარმოდგენას შორდებიან და გონების უბრალოებითა და განჭვრეტის ძალით, უნარით აღემატებიან სხვებს მარტივის, ზებუნებრივის ჭეშმარიტ განსაზღვრაში. უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთისმეტყველებითი მოძღვრება ორი სახისაა: ერთი – გამოუთქმელი და საიდუმლო, მეორე – ხილული და უფრო გასაგები. პირველი სიმბოლურია და საიდუმლო ღვთისმსახურებითი, მეორე – ფილოსოფიური და მტკიცებითი, რომელიც აკავშირებს თქმულს გამოუთქმელთან; არწმუნებს და აერთიანებს ნათქვამთა ჭეშმარიტებას; პირველი კი წარმოაჩენს ღვთაებრივს უშუალოდ საიდუმლო მსახურებით. მღვდელმესაიდუმლოენი არც ჩვენი და არც სჯულის კანონების მიხედვით არ აღასრულებენ უწმინდეს საიდუმლოებებს ღვთივმშვენიერი სიმბოლოების გარეშე; ვხედავთ, რომ ყოვლად წმინდა ანგელოზებიც ქარაგმებით ღვთაებრივ [საქმეებს] მისტიკურად წარმოაჩენენ და თავად იესოც ხომ იგავებით ღვთისმეტყველებს, ღვთივქმნილ იდუმალებებს ტრაპეზის სახეებით გადმოგვცემს, რამეთუ უხრწნელად უნდა დაეცვა მრავალთაგან არა მარტო წმინდათაწმინდა, არამედ ადამიანთა სიცოცხლე, რომელიც მის მსგავსად განყოფადთან ერთად განუყოფადიცაა, გაებრწყინებინა საღვთო [საქმეთა] ცოდნით. ვნებათაგან დაცლილი სული უნდა მივიდეს ღვთივ სათნო ქმნილებათა მარტივ და შინაგან ხილვამდე, ვნებით ავსებული კი იკურნებოდეს სხეულებრივი კანონების თანახმად და ამაღლდეს ღვთაებრიობამდე, უკვე განმტკიცებული სიმბოლური სახეებით შეიცნოს ღვთისმეტყველებითი ჭეშმარიტება, რამეთუ [სიმბოლოები] თავიანთ თავში შეიცავენ ღვთისმეტყველებითი ნათქვამის რაიმე სახეს, გონებითი ჭვრეტით ხელმისაწვდომს.

II. ყველასათვის ხილული ეს ქვეყანა წარმოგვიდგენს ღვთაებრივ უხილავს, - ამბობს პავლე (რომ. 1.20) და ჭეშმარიტი სიტყვა. ამიტომაც ღვთისმეტყველნი განიხილავენ ხილულხ სახალხოდ და კანონიერად, ხოლო უხილავს – წმინდად და უხრწნელად; ერთს – ადამიანურად და საშუალოდ, მეორეს კი არაამქვეყნიურად და სრულყოფილად, ხან უხილავი ადათწესებით და ხანაც ხილული კანონებით, შესაბამისად უპირველეს წმინდა წერილთა, გონებათა და სულთა. წმინდა წერილი და ყოველი სიტყვა ლიტონი ისტრია როდი უნდა გვეგონოს, ყოველ სიტყვას ცხოველმყოფელი სრულქმნა ახასიათებს. ნაცვლად მათი საჯაროდ განქიქებისა, მოწიწებით უნდა ჩავწვდეთ წმინდა სიმბოლოთა სიღრმეს, პატივი ვცეთ ღვთაებრივი წარმოსახვის ნაყოფსა და ანაბეჭდს, გამომთქმელის და ზებუნებრივის ხილულ სახებას. გამოსახვითი სიმბოლოებითაა დაფარული არა მარტო ზეარსული და გონითი ნათელი31, არამედ ყველაფერი ღვთაებრივი. რადგან ზეარსულ ღმერთს უწოდებენ ცეცხლს (II შჯ. 4.11), ხოლო მის გონებაჭვრეტით ნათქვამს – ცეცხლოვანს (იერ. 23.29), გონებაჭვრეტითი და გონებამჭვრეტელი ანგელოზები მრავალფეროვანი და ცეცხლოვანი ღვთის სათნო სახეებით იხატებიან (ფს. 103, 4, 118). სხვაგვარად უნდა გავიგოთ ცეცხლის ხატება, როცა მისი საშუალებით გამოისახება ზეგონითი ნათქვამი ღმერთისა და – სხვაგვარად სიტყვა განჭრეტითი გონისა, სხვაგვარად კიდევ ანგელოზთა; პირველში მიზეზი უნდა ვცნათ, მეორეში – არსი, მესამეში – თანაარსი, და საერთოდ ისე, როგორც გვასწავლის განჭვრეტა და ბრძნულწყობა. წმინდა სიმბოლოები არ უნდა ავურიოთ, როგორც მოგვხვდება, არამედ გამოვსახოთ მიზეზის, არსის, ძალის, თანამიმდევრობისა და ღირსების შესაბამისად იმ ნიშნებით, რომლებითაც ისინი საჩინო არიან. მოთხოვნილს რომ არ დავცილდეთ, დავიწყებ შენ მიერ წერილში შემოთავაზებული [საკითხების] კვლევას. ჩვენ ვამბობთ, რომ ყოველგვარი საზრდო არის სრულყოფა მათთვის, ვინც იკვებება, რათა შეივსოს საზრდოს ნაკლებობა და სიმწარე. [საზრდო] ნუგეშს სცემს უძლურს, იცავს მის სიცოცხლეს, ფურჩქნის, ცხოველყოფს, მიჰმადლებს მის სიცოცხლეს სიტკბოებას და საერთოდ განაგდებს დარდს; უსრულს ანიჭებს სიმხიარულეს და სისრულეს.

III. კეთილად იგალობება წმინდა სიტყვანში ზეკეთილი სიბრძნე (იგავ. 9), რომელმაც დადგა საიდუმლო ფიალა, აღმოაცენა მისი წმინდა სასმელი, სასმელზე უფრო ადრე კი დასდო მკვრივი საზრდო და ხმამაღალი ქადაგებით მოუწოდა მავედრებელთ სიკეთისაკენ. ღვთით ბოძებული საზრდო ორგვარია: ერთი მკვრივი და მუდმივია, მეორე კი ნოტიო და განფენადი. [სიბრძნე] ფიალაში ათავსებს თავისი სიკეთის წინასწარჭვრეტას; ფიალა მრგვალია და ღია, იგი სიმბოლოა გაშლილისა და ყველასკენ მიმავლისა, დაუსაბამოსი და დაუსრულებელისა. ამასთანევ, ყველასადმი ბოძებული სიბრძნე თავისსავე თავში დგას, რჩება უძრავ იგივეობად, თავისივე გამოუვალობით უცვლელად და მტკიცედ: თვითონ ფიალაც ასე დგას, ასეა ნათქვამი [საღვთო წერილში]: სიბრძნემ აიშენა სახლი, მოამზადა მკვრივი საზრდო, სასმელი და ფიალა, რათა გაეცხადებინა საღვთონი ღვთივმშვენიერად. ყოვლის დამაგვირგვინებელი გონი არის მიზეზი არსისა და კეთილდღეობისა, ყველას წინამავალია, ყოველში იშვება, ყველას შეიცავს და ყველას აღემატება; არცერთისაგან და არცერთით არ შემოისაზღვრება, არამედ ყველასაგან განშორებული, თავის თავში მარადიულია, თავისი თავითაა იგივეობა და მარადიულობა. არსი და მდგომარეობაც მუდამ ასეთივე აქვს. არც თავს გარეთ წარმოიშვება და არც არასოდეს ტოვებს თავის სამყოფელს, უძრავ მყარობას და არსებას, არამედ მთელ თავის წინასწარხედვას კეთილმოქმედებით [ასრულებს]. ვრცელდება ყველაზე და რჩება თავის თავში, მუდამ დგას და მოძრაობს, არც დგას და არც მოძრაობს, არამედ, როგორც ამბობენ, განგებით მოქმედებს უძრაობაში; უძრაობა კი განგებაში ერთბუნებად და ერთნებად აქვს.

IV. რა არის მკვრივი საზრდო და რა არის ნოტიო? კეთილი სიბრძნე ხომ ამათ ორივეს მომნიჭებლად და წინასწარმჭვრეტელად იგალობება. ვგონებ, მტკიცე საზრდო შეზავებაა სიბრძნის მარადიული სრულქმნისა და იგივეობისა, რის შედეგადაც მიიღება მდგრადი და ძლიერი, ერთიანი და განუყოფელი საღვთო ცოდნა, რომლითაც უსაღვთოესი პავლე, სიბრძნის მიმღებელი, ჭეშმარიტ მკვრივ საზრდოს გვაძლევს (ებრ. 5. 14), ნოტიოთი კი, განფენადთან ერთად, ყველასაკენ მსწრაფველ მდინარებას, რომელიც ფრთა სიჭრელით, სიმრავლითა და დაყოფით მიიყვანს გამოკვებილთ ღვთის მარტივ და წმინდა ცოდნამდე, მსგავსად მათივე სიკეთისა. ამრიგად, საღვთონი და გონითი სიტყვები ემსგავსებიან ცვარსა და წყალს, რძეს, ღვინოსა და თაფლს, რამეთუ ცხოველმყოფელი ძალისათვის წყალია, აღორძინებისათვის რძე, აღგზნებისათვის ღვინო, განწენდისა და უხრწნელობისათვის თაფლი. ამას უხვად ანიჭებს ღვთაებრივი სიბრძნე მისკენ მიმავალთ, უწყვეტი სანოვაგის მდინარებით და აღმოცენებით - ეს ჭეშმარიტი ნადიმია. ამის გამო უგალობენ მას (ღმერთს), ვითარცა ცხოველმყოფელს, ჩვილთა მკვებავს32, ამაღორძინებელს და სრულმქმნელს (ქებ. 9.6). ამ წმინდა ნადიმის განმარტების მიხედვით, თავად ღმერთი, ყველა სიკეთის მიზეზი, მთვრალად იწოდება იმის გამო, რომ ნადიმის სავსეობა ყოველგვარ შეცნბაზე მაღლდება და, უფლის სადარად რომ ვთქვათ, ნეტარება ღმერთისა უსრულყოფილესია და გამოუთქმელად უსაზღვრო.

ჩვენთან თრობა, ცუდი გაგებით, არის ღვინით უზომო ავსება და გონებიდან და აზრიდან განკრთომა; ხოლო უკეთესი გაგებით, ღვთაებრივი თრობა გაიაზრება, როგორც ზესავსეობა, ყველა სიკეთის უზომო ფლობით გამოწვეული; ამის თანახმად, თრობით გონებიდან გამოსვლა არის ღვთაებრივი სიმაღლისა და ზეშთაგონების გამოსახვა, რაც მიუღწეველია ჩვენი გონებისათვის, ზეშთაგონებითია, გააზრებითია და ზეარსებითი. ღმერთი არის ერთსახე ყველა შესაძლებელი სიკეთისა და მთვრალი, რადგან ზესავსეა ყველა ამით და აღემატება ყველას და ყველაფერს. ამიერიდან სასურველია ამ სახით გავიგოთ წმინდანთა ნადიმები სასუფეველში. როცა ამბობენ, მეუფე მოვიდა (ლუკ. 12.37), მოუწოდა მათ პურობად და მოემსახურაო, წარმოგვიდგება წმინდანთა განუყოფლობა და ერთსულოვნება ღვთაებრივი სიკეთით, [წარმოგვიდგება] ეკლესია პირველშობილთა ზეცაში და მართალთა სულები, სრულქმნილნი და აღსავსენი ყოველი სიკეთით (ებრ. 12.23). [ნადიმზე] მოწვევაში ვგულისხმობთ მრავალ შრომათაგან დასვენებას, უზრუნველ ცხოვრებას, მოქალაქეობრივ აღმაფრენას ნათელსა და ცოცხალთა ქვეყანაში, ყველა წმინდა სიტკბოებით აღვსებას. წმინდანები სიხარულით აღივსებიან, რადგან მათი მახარებელი იესოა, რომელიც მოუწოდებს, ემსახურება და ანიჭებს მათ მარადიულ განსვენებას, უნაწილებს და გადმოაფრქვევს სიკეთის სავსეობას.

V. კარგად ვიცი, შენ ესწრაფვი ზეარსული საღვთო ძილისა და სიფხიზლის გამოცნობას. ასე ვიტყოდი: საღვთო ძილი არის განკერძოება იმისა, რაც ღმერთში მიუღწეველია და წინასწარი ცოდნისათვის უცნობი. სიფხიზლე კი არის წინასწარი ცოდნა იმისა, თუ როგორ იხსნა ღმერთმა მისი მავედრებელი შვილნი. სხვა ღვთისმეტყველებით სიმბოლოებს შენ თვითონ ჩასწვდი. მე კი ზედმეტად მიმაჩნია ტრიალი ერთისა და იმავეს გარშემო, ან სხვა მოძღვართა სიტყვების გამეორება, რომელთაც უკვე ერწმუნეთ და კარგადაც იცნობთ.

ამ ეპისტოლეთი ვწყვეტ თხრობას, დარწმუნებული, რომ მე უფრო მეტი აგიხსენი, ვიდრე შენი წერილით მოითხოვდი. ამას გარდა, გიგზავნი ჩემს საღვთისმეტყველო სიმბოლიკას, სდაც იპოვი, რა არის სიბრძნის სახლი, მისი შვიდი სვეტი და მკვრივი საზრდო, სამსხვერპლოდ და პურობად განკუთვნილი. რა არის ღვინის შერევა? ან სიმთვრალე ღვთის სასმელით? რაც აქ ვთქვი, [იმ წიგნში] უფრო გულმოდგინედაა გარჩეული. მჯერა, განმარტებული ყველა სიმბოლოთი მისწვდები საღვთო წერილთა წმინდა მოძღვრებასა და ჭეშმარიტებას.

X წერილი იოანე ღვთისმეტყველს33 მოციქულსა და მახარებელს, განწესებულს კუნძულ პატმოსზე

მოგესალმები შენ, წმიდა სულს, საყვარელო, და ეს [მოსალმება] შენ უფრო გეკუთვნის, ვიდრე სხვა მრავალთ. იხარე ჭეშმარიტად, საყვარელო, ნამდვილად სატრფიალოს, სასურველისა და საყვარლისაგან* ყოვლად შეყვარებულო. რა საოცარია, რომ ქრისტე ჭეშმარიტებას ღაღადებს, მის მოწაფეებს კი უკეთურნი ქალაქებიდან სდევნიან, ამით ისინი თავიანთ თავს კუთვნილს მიაგებენ; ეს უწმინდურნი წმინდანებს შორდებიან და ეყოფიან? ჭეშმარიტად [თვალისათვის] საჩინო ხატნი უხილავთა ხილული სახებანი არიან; მომავალ საუკუნეებში მისგან [ღმერთისაგან] სამართლიანი განშორების მიზეზი ღმერთი კი არ იქნება, არამედ ისინი, ვინც საბოლოოდ თავად განეშორნენ მას. ვხედავთ სხვებსაც, რომელნიც უკვე აქედანვე მიეახლებიან ღმერთს, რამეთუ ჭეშმარიტებას ეტრფიან, ნივთიერ სწრაფვათ უკუაგდებენ, ყველაფერში ყოველი ბოროტისაგან თავისუფალნი არიან, ყოველთა საღვთო სიკეთის მოყვარულნი, მოყვარულნი მშვიდობისა და სიწმიდისა, არსებული ცხოვრებისაგან მომავლის დამწყებნი არიან, ანგელოზებრ კაცთა შორის ცხოვრობენ ყოვლად უშფოთველნი ღვთის სახელითა და სხვა მრავალი სიკეთით.

მე არასოდეს ვიქნები ისეთი უგუნური, მეგონოს, რომ თქვენ იტანჯებით, მაგრამ სხეულის გვემას თუ [სწორად] განვსჯით, მწამს, რომ განიცდით. ხოლო მათ, ვინც უსამართლოდ გექცევიან და ფიქრობენ სახარების მზე უკანონოდ დაატყვევონ, სამართლიანად ვადანაშაულებ, ვლოცულობ მათთვის, რათა განუტევონ ბოროტი, რითაც ვნებენ საკუთარ თავს; მოიქცნენ სიკეთისაკენ, მიგიახლოვონ და ეზიარონ ნათელს.

ჩვენ ვერავითარი ძალა ვერ მოგვაკლებს იოანეს ყოვლად ბრწყინვალე სხივებს. ახლა მე გავიხსენებ და აღვიდგენ შენს ჭეშმარიტ ღვთისმეტყველებას. ცოტა ხანში [ამას ვამბობ, თუმცა კი ვკადნიერდები] მეც ვეზიარები თქვენს საქმეთ. მერწმუნე, ღვთისაგან წინასწარ მეცნობა, შემიტყვია და გეუბნები, რომ განთავისუფლდები პატმოსის საპყრობილიდან და აზიელთა ქვეყანას კვლავ დაუბრუნდები და მსგავსად კეთილი ღმერთისა იქ იღვაწებ, რასაც შენს შემდგომთ გადასცემ.

-------------------------------------------------

* იგულისხმება იესო ქრისტე


ეპისტოლე XI [ყალბი]34 დიონისე ფილოსოფოს აპოლოფანეს.

აი, ახლა, სიყვარულო ჩემი გულისა, სიტყვით მოგმართავ. ჩემ მრავალ ფიქრსა და ღელვას [შენ გამო], აწ უკვე დათმენილს, ხსოვნას გადავცემ. ნაზი და კეთილად განწყობილი სულით ვამხილებ შენს სიჯიუტეს, ცდომილებაში მყოფო, მართალია, მსუბუქი მიზეზების გამო. ვამხილებ, რომ მაგ ამაო შეხედულებებისათვის, რომლებსაც შეუპყრიხარ, ბრალი დაგდო. ხოლო ახლა შენდამი ღვთაებრივი წყალობის მსურველი მე, რამდენადაც ძალმიძს უდიდესი სიყვარულით პატივისმცემელი, შენი გონიერების გულისმყოფელი, ჩემო სულის ნაწილო, ვიმედოვნებ, რომ მათთვის, ვისაც ადრე უარყოფდი, ახლა შესაძლოა მოგენებოს სიტყვის თქმა, და რომელთა ნაცნობობასაც პირველად უარყოფდი, კვლავ იმგვარადვე დაახლოება. რადგან ხშირად გესაუბრებოდი შენ კაცზე, ღვთის მიერ პირველად თიხისაგან შექმნილზე, [რაც მოსემაც გადმოგვცა წერილში] და სამყაროს გამოსყიდულ ცოდვებზე, და თავად მოსეს შესახებ სიყვარულით ღმერთთან შეერთებულზე, მრავალ [ამბებზე] ეგვიპტეში და ეგვიპტიდან გამოსვლაზე თავად ღმერთის მიზეზით და სიკეთით განხორციელებულ სასწაულებზე და არამარტო მას [მოსეს], არამედ ხშირად წარმოვადგენდი შესაბამისად სხვებსაც, ღვთაებრივ წინასწარმეტყველებს, რომლებმაც წინასწარ განჭვრიტეს ბევრად ადრე, რომ ღმერთი ქალწულისაგან ადამიანურ ბუნებას მიიღებდა. ერთხელ კი არა, არამედ ხშირად გიპასუხია ჩემთვის, რომ მხოლოდ შენ არ ხარ, რომ არ იცი, არის თუ არა ეს [ყველაფერი] ჭეშმარიტი, მოსესაც კი სრულიად არ ჰქონდა წარმოდგენა, რომ სამუდამოდ გაერკვეოდა [ყველაფერში], ხოლო სახარებას იესო ქრისტესას, რომელიც არის ღმერთი სრული დიდებისა, [სახარებას] ჩემად უწოდებდი, უარყოფ და არ გსურს მიიღო პავლე სამყაროს გარეშემომწირველი და ვერბისატორი მიწიერიდან ზეციურამდე აღტაცებული. ბოლოს [ისე ლაპარაკობ] თითქოს მამეულ სარწმუნოებრივ აღმსარებლობას უარვყოფდი მე, სულმდაბალი, და უღვთო მკრეხელობას ჩავდიოდი, ხოლო შენ მაბრკოლებდი ამისგან და მირჩევდი, რომ ის, რასაც ვემყარებოდი, დამევიწყებინა, ან ყოველ შემთხვევაში, სხვა საქმე მეკეთებინა; საკმარისად მიმეღო, რომ ჩემი აზრი მქონოდა და არ მეწამებინა ღვთაებრივი ნება, მამეული წესები. იმის შემდეგაც, რაც ჭეშმარიტად ზენათელმა მამეული დიდების ზეგონითი წყვდიადისა და თავისი სიკეთის სხივები თავისი ნებით გარდამოგვივლინა, ერთხელ ჩემ გულის გულში ჩაღვარა, რათა შენთვის გამეხსენებინა ღვთისმოსაობის სრული დაშვრომა.

ჩვენი ჰელიოპოლისში ყოფნისას (მაშინ ვიყავი დაახლოებით 25 წლისა) მეექვსე დღეს და დაახლოებით მეექვსე ჟამს აღმოხდა მთვარე და მზე საშინლად დაბნელდა. (არა ღმერთს, არამედ ღმერთის საქმეს) თავისი სინათლის მოკლების გამო ნათება აღარ შეეძლო და მაშინ შენ მეკითხებოდი იმის შესახებ, რასაც შენ ყოვლად გულისხმიერო ადამიანო, ხედავდი. და შენ იმგვარივე პასუხსაც იძლეოდი, რაც გონებაში აღიბეჭდა. ასე რომ, არაფერი ეძლევა დავიწყებას და არც არაფერს შეუძლია სიკვდილის სახით გაქრობა. რადგან მთელი სამყარო შემზარავი წყვდიადით ერთნაირად შემოიბურა, მზის დისკო ხელახლა უნდა განწმენდილიყო. მაშინ ფილიპე არიდეუსის35 წესი მიღებულ იქნა და ცის ხილულ წრეებს მივწვდით. აგრეთვე რაც იყო ყოვლად ჩვეულებრივი, მას არ შეეძლო მზის დროის ნაკლებობის გამო გასრულებულიყო.

შემდეგ დავაკვირდით და ვნახეთ, რომ მთვარე მზის აღმოსავლეთი მხრიდან ამოვიდა და მის სხივებს გადაეფარა, სანამ მთლად არ დაჩრდილა. ჩვეულებრივ, მთვარე დასავლეთიდან უნდა გამოჩენილიყო. ისიც აღვნიშნეთ, რომ, როდესაც მთვარემ მზის მეორე კიდეს მიაღწია და მისი მთელი დისკო დაფარა, მაშინ კვლავ აღმოსავლეთის მხარეს მოიქცა, თუმცა, ის დრო იყო, როცა არც მთვარის ამოსვლა, არც მზის გეზი არ უნდა თანხვედრილიყო. მაშასადამე, მრავალნაირ ცოდნათა ტაძარო, რადგან ამ საიდუმლოსი არაფერი ვიცოდი, შენ ასე მოგმართავდი:

„რა ინება უფალმა, ცოდნის განსახიერებავ, აპოლოფანე? გამოვლენილი ეს უჩვეულო ამბები განა საიდუმლოთა რაიმე ნიშნად მიგაჩნია?“ შენ მიპასუხე უფრო ღვთაებრივი, ვიდრე ადამიანური ბაგით: „ესენი არიან, კეთილო დიონისე, ღვთაებრივ საქმეთა ცვლილებანი“. შემდეგ აღვნიშნე დღე და წელი და ამასთან დრო და როცა პავლემ მე, მისდა შედგომილს, თავისი პირით მაუწყა [ყოველივე] აშკარად მღაღადებელი ნიშნებით, [აზრთა] თანახვედრა დავინახე. მაშინ ჭეშმარიტებას ხელი გავუწოდე და თავი დავიხსენი სიცრუის ხლართებისაგან. ამიტომ ჭეშმარიტება საკვირველად განვაცხადე და შენ მოგიძღვენი. გადმოგეცი: რა არის ცხოვრება და გზა და ნათელი იგი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად (იოან. 1.9), და რომელთანაც ბოლოს შენც მიხვალ, როგორც ჭეშმარიტად გონიერი; [მიხვალ] ცხოვრებასთან, რადგან სიკვდილს განაგდებ და უაღრესად საღად თანამიმდევრულად იმოქმედებ, თუ იმავე ჭეშმარიტებას სრულად დაიცავ. ამრიგად, ჩვენ შემოგვიერთდები მტკიცედ, ხოლო ის ნათქვამი ჩვენთან იქნება ამიერიდან, რომლის სიტყვათა მშვენიერებით ჩემს გონებას დაეუფლე. შენ ბრალს მდებ მჭევრმეტყველების შეფერადებული ელვარებით, ჩვენი გულის გულს იძიებ დამარცხებული, და ზოგჯერ ავსიტყვაობის საჩხვლეტითაც მრისხანედ გვაწვალებ. ამის შემდეგ, იმით, რაც უწინ შეგეძლო დაგეშვა, ახლა თავს ნებას აღარ აძლევ დატკბე, ქრისტიანული მოძღვრებითა და წმინდა წერილის სიტკბოთი. აქამდე მხოლოდ მიდიოდი ამ საჭაშნიკებლამდე შენი გონების სრულყოფის მსურველი, და თითქოს გულში საყუდლის შექმნას ცდილობდი. მას შემდეგ, რაც გულმეცნიერი და წინასწარმჭვრეტელი შეიქმენ, ისწრაფე უზენაესისაკენ, ოღონდ არა იმისათვის, რაც არ არის, არამედ გახსენ ის, რაც ჭეშმარიტად არსებობს. მხოლოდ მათ მიმართ, რომლებიც შენ აღგძრავდნენ ტყუილისათვის, იყავ შეუვალი, და ჩვენთვის, რადგან ჩვენი აღთქმით ყოველთვის ჭეშმარიტებისაკენ მოგიწოდებთ, იქმენ  შეურყეველი. ამრიგად, უფალი იესოსათვის, რომელიც არის ჩემთან და მაცხოვნებს, ამიერიდან ნეტარებით მოვკვდები, რამდენადაც შენც მისით ცხოვრობ.

 

ღვთაებრივი დიონისე არეოპაგელის XII ეპისტოლე მოციქულთაგან უპირველესს პავლეს.

მადლობის მწირველი ყოვლად დიდებული ქალწული მარიამისა ჭეშმარიტისა ღმერთისა იესო ქრისტესი. უკნინესი მონა მირონცხებული დიონისე ჭურს ურჩეულესს, ცისიერ პავლეს, მოძღვარს და მთავარს უძღვნის სალამს.

ჩემო უდიდესო მთავარო, არ ვირწმუნე (ვაღიარებ ღვთის წინაშე), რომ გარეშე ღვთისა წყვდიადი ზეკეთილი არის. და ისიც, რომ არსებობს და არ შეუძლია ადამიანთაგან შეცნობილ იქნას. რაც მე არა მარტო გონების, არამედ სხეულებრივი თვალითაც მინახავს, განსაკუთრებული გონებით განვიცადე. ინტუიციურად მივეახლები ღმერთის სახეს. ყოველს აღმატებულს სულს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს უწმიდეს დედას, რომელიც არის ჩემთვის მადლი ღმერთისა და მოციქულის უმაღლესი რწმუნება და ქალწული დედის მოუკლებელი წყალობა. ვაღიარებ ისევ და ისევ ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე, რომ წილად მხვდა მაცხოვრის წყალობა და მისი ქალწული დედის უდიდებულესი ღვთივ სათნოება. იოანე მახარებლისა და წინასწარმეტყველისაგან ნათქვამი - ვინც სხეულში არსებობს, ვითარცა მზე ანათებს ცას - ეხება ქალწულში [წიაღში] ღვთის სახედ არსებობას. და მხოლოდ განუსაზღვრელმა ღვთაებრივმა მშვენიერებამ გამანათა მე, გარეგნულადაც და უფრო სრულად, შინაგანად. და სურნელებამ ყოველთა სურნელებათა ჩემში იმრავლა. და არც უბადრუკ სხეულს და არც სულს არ ძალუძს შეინარჩუნოს მარადიულად ბედნიერების ნიშნები.

წარხდა ჩემი გული. წარხდა შეჭირვება სულის უმაღლესი დიდებისა. მწამს, ვინც ქალწულში იმყოფებოდა ღმერთად. თუ შენი ღვთაებრივი გონებით წარმოსახული არ მმოძღვრავდეს, ვირწმუნებდი, რომ ეს [ქალწული] ჭეშმარიტად ღმერთია. ნეტართა არავითარ დიდებას არ შეუძლია გადასძლიოს ის ბედნიერება, რომელსაც ახლა მე უბედური [განვიცდი] და რაც მაშინ ჭეშმარიტად უბედნიერესმა ვიგემე.

მადლობას ვწივარ უმაღლესსა და უკეთილესს ღმერთს ჩემსას და ღვთაებრივ ქალწულს და იოანეს უგამოჩინებულესს მოციქულს და შენ ეკლესიის თავს და ძლევაშემოსილს მთავარს, რომელმაც მიწინამძღვრე მე ესოდენ უბრწყინვალესად და უმოწყალესად. ნახვამდის.

----------------------------------------------------------------------

1 - თერაპევტი - ფსევდო-დიონისე არეოპაგელის (I-IV და VIII წერილების ადრესატები თერაპევტებად იწოდებიან. თერაპევტი არეოპაგელთან ნიშნავს მოწესეს, მსახურს, ბერს (EH. § 6). მათი ადგილი ღვთისმსახურებისას საკურთევლის შესასვლელთანაა განკუთვნილი და (ep. VIII) "მოწესედ მონაზონთა უწოდს რომელთათჳს მოიჴსენებს "საეკლესიოჲსა მღდელთმთავრობისა" მეექუსესა თავსა და წინა კერძო განაწესებს ადგილსა დგომისა მათისასა" (მაქსიმე აღმსარებელის სქოლიო, I ეპისტოლე M 528A, ხელნაწ. A-110, გვ. 417). ეფრემ მცირის განმარტებით მსახური ანუ მოწესე იგივე დიაკონია (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი, შრომები, თბ. 1961. გვ. 263).

 

ვინ იყვნენ თერაპევტები?

I საუკუნეში ეგვიპტეში არსებობდა თერაპევტთა საზოგადოება, რომლის ცენტრალური დასახლება ივარაუდება მარეოტიდის ტბის ახლოს.

თერაპევტი (θεραπευτής) ბერძნულად ნიშნავს ღვთისმსახურს, მკურნალს ზმნიდან θεραπεύω, რომლის შესატყვისადაც ბიზანტიურ-ქართლი დოკუმენტირებული ლექსიკონის მასალები იძლება მნიშვნელობებს: მსახურება, განწმენდა, განსუჱნება, განწუართნა, კერპთმსახურება, დაბანა. თერაპევტთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის არსს სულთა განკურნება წარმოადგენდა, განკურნება ყოველგვარი მანკიერებისაგან, როგორიცაა: სურვილი, დარდი, შიში, სიძუნწე, უსამართლობა, განუსჯელობა. ფილონ ალექსანდრიელი (I ს. ჩვ. წ.) ტრაქტატში "De vita contemplativa"1 - "ჭვრეტით ცხოვრების შესახებ" - წერს, რომ თერაპევტებმა ეს სახელი მიიღეს იმიტომ, რომ ექიმთა მსგავსად ზრუნავდნენ საზოგადოების თითოეულ წევრზე და კურნავდნენ მათ.

ცნობები თერაპევტების შესახებ შემონახულია აგრეთვე ევსები კესარიელის "საეკლესიო ისტორიაში", ფლავიუსის, პლინიუს უფროსისა და ეპიფანე კვიპრელის თხზულებებში. ამ უკანასკნელი ავტორის მიერ თერაპევტები გაიგივებული არიან ესეველებთან (იუდეველთა რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც, ფლავიუსის ცნობით, ქრისტიანობამდე წარმოიშვა და არსებობდა იერუსალიმის დაქცევამდე. ესეველთა შესახებ იხ. К. Каутский, Античный мир, иудейство и христианство, СПБ, 1909).

თერაპევტების გაიგივება ესეველებთან მკვლევარ მ. ელიზაროვას არ მიაჩნია მართებულად. მისი აზრით, თერაპევტების საზოგადოება ესეველთა რელიგიური მიმდიანრეობის ერთ-ერთი განშტოება იყო, რომელიც განვითარდა ეგვიპტურ ნიადაგზე ელინისტური გავლენით2.

ევსები კესარიელი გადმოგვცემს, რომ თერაპევტები ღვთისმსახურებას ასრულებდნენ ტაძრებში. ისინი მთელ დღეს წმინდა წიგნების კითხვაში ატარებდნენ. საკვებს ღებულობდნენ მზის ჩასვლის შემდეგ, რადგანაც მათი აზრით, დღის სინათლეზე მხოლოდ ცოდნით შეიძლება კვება. თერაპევტთა საზრდო ფრიად თავშეკავებული იყო: პური, მარილი და წყალი, იშვიათად შვრია. ასევე თავშეკავებულნი იყვნენ ჩაცმაშიც, რამეთუ თერაპევტთა აზრით, უბრალოება ჭეშარიტების საწყისია, საიდანაც გამომდიანრეობს ღვთაებრივი და ადამიანური სიკეთე (DVC. § 39).

ღმერთი თერაპევტებთან არის არსი (το ὄν) სიკეთეზე აღმატებული, ერთზე წმინდა და უწინარესი მონადისა (DVC. § 2). ამ არსის ხილვა მიიღწევა მარადიული ჭვრეტის გზით - ექსტაზით. თერაპევტები ლოცულობდნენ დაჩოქილნი დღეში ორჯერ - მზის ამოსვლისას და ჩასვლისას, მზისკენ ხელებგაწვდენილნი. მათთვის მზე იყო ხილული, მატერიალური ორეული ღმერთისა, სიმბოლო გონითი მზისა (ღმერთისა). მკვლევარი ე. დომასი3 ცდილობდა მზის კულტის არსებობა თერაპევტებთან აეხსნა ეგვიპტური გავლენით, თუმცა უფრო სავარაუდებელია ელინური გავლენა. მზე ბერძნულ-რომაულ ცივილიზაციაში არა მარტო აცოცხლებს სამყაროს, არამედ სამყაროს გონია, გონითი ცეცხლია, ყოველგვარი გონითის საწყისია, ამდენად, ადამიანური გონების საწყისიც. მზე ქმნის სულს, სხივების საშუალებით აღწევს ადამიანამდე დამასში აღვიძებს სიბრძნეს.

ფსევდოარეოპაგელის ფილოსოფიაში ღმერთი - მზე ცენტრალური ფიგურაა გარს შემოხვეული ბნელი შრეებით და მასში გადატეხილი სინათლის სხივებით (ანგელოზებით).

თერაპევტები აღთქმის წიგნების საიდუმლოთა ამოცნობას ალეგორიული განმარტებებით ცდილობდნენ. ფსევდო-დიონისე არეოპაგელის მთელი მოძღვრებაც სიმბოლურ-ალეგორიულია, რომლის თანახმადაც გრძნობადის გზით ადამიანი შეიმეცნებს ჭეშარიტებას. თერაპევტების მოძღვრებათა მისტიკურ-ეზოტერული ხასიათზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მათ ჰქონდათ განსაკუთრებული საიდუმლოებანი, რომელთაც ასრულებდნენ მარტოობაში, ე.წ. სემნიონებში (σεμνεῖον) და მონასტრებში. სემნიონებშ აკრძალული იყო საჭმლის ან სასმლის შეტანა, იქ მხოლოდ განბანილნი, წმინდა წიგნებით შედიოდნენ (DVC. § 25).

ფსევდოარეოპაგელთანაც მოძღვრება სიბრძნეზე ორგვარია: ერთია დაფარული, რომელიც ყველასთვის არ არის მისაწვდომი, მეორე ხილული, რომელიც ცოდნით მიიღწევა.

ბერძნული ორგასტერული დღესასწაულების გამოძახილი უნდა იყოს თერაპევტთა მისტიკური ღამის დღესასწაულები4, რომლის ანალოგიას ფსევდო-დიონისე არეოპაგელის ექსტაზში ვხედავთ და რომელიც მიიღწევა ღვთაებრივი სიმთვრალით.

თერაპევტებს შორის იყვნენ ქალებიც, რომლებიც უარყოფდნენ ყოველგვარ გრძნობით სიამოვნებას და ღმერთთან სულიერ კავშირში აღწევდნენ სრულყოფილ ნეტარებას.

თერაპევტთა საზოგადეობისადმი ინტერესი განსაკუთრებით გაცხოველდა მკვდარი ზღვის ხელნაწერების აღმჩენის შემდეგ (1947 წ.). ეს ხელნაწერები ცნობილია კუმრანული ტექსტების სახელწოდებით5 და შეიცავენ მნიშვნელოვან ცნობებს თერაპევტების შესახებ. მათი შესწავლისას აღმოჩნდა, რომ კუმრანული სექტის, ანუ ესეველთა იდეოლოგია და საზოგადოებრივ-ორგანიზაციული წყობა თანხვდება ადრექრისტიანული სექტების იდეოლოგიას. ძრითადად ანალოგიურობა ჩანს მესიის მოლოდინში, რომელსაც აკისრია უკანასკნელი სამსჯავროს როლი. პავლე მოციქული წერილში თესალონიკელთა მიმართ ამბობს: "თქვენა ხართ შვილნი დღისა და სინათლისა, ჩვენ არა ვართ შვილნი ღამისა და სიბნელისა" (I თეს. 5.5). მსგავსი ტერმინოლოგია "შვილნი დღისა სინათლისა", და "შვილნი ღამისა სიბნელისა" დასტურდება კუმრანულ ტექსტებშიც. კუმრანები თავიანთ თავს ებიონიტებს (საზოგადოება ღრიბთა, უქონელთა) უწოდებდნენ, ასევე ეწოდებოდა ადრექრისტიანულ საზოგადოებებსაც. ამუსინის აზრით, კუმრანთა ტრაპეზი წარმოადგენს შუალედურს იუდეველთა წესჩვეულებებსა და ქრისტიანულ ზიარებას შორის6. მოყვანილი მაგალითები ადასტურებენ ადრექრისტიანული იდეოლოგიის წარმოშობას კუმრანული საზოგადოებიდან7, რომლის სექტებიც იყო ესეველთა და თერაპევტთა საზოგადოება. ამ უკანასკნელთ იუდაისტური სექტანტიზმი გააერთიანეს ბერძნულ-რომაულ მისტიციზმთან8. პარალელები დაიძებნა ნეოპლატონიზმთანაც, საიდანაც წარმოიშვა ქრისტიანული ბერმონაზვნური ორდენი.

რაც შეეხება ფსევდო-დიონისე არეოპაგელთან დამოწმებულ ზედწოდებას θεραπευτής. სკვორცოვის აზრით, ავტორს სურდა შეეხსენებინა თანამედროვეთათვის, რომ ქრისტიანული ბერმონაზვნობა სათავეს იღებს ჯერ კიდევ I საუკუნეში და რომ მონაზვნური იდეალი საძებნია თერაპევტთა იდეოლოგიაში. ამრიგად, ფსევდო-დიონისე არეოპაგელის მიერ, თერაპევტების ხსენება შეიძლება აიხსნას ავტორის სურვილით, რომ უფრო მაღლა ასწიოს მონაზვნობის იდეალი და ავტორიტეტი მისსავე თანამედროვეთა თვალში, კიდევ ერთხელ დაარწმუნოს მკითხველი იმაში, რომ ავტორი თანამედროვეა მის მიერ ნახსენები თუ აღწერილი მოვლენებისა.

----------------------------------------------------------------

1 - Philonis Alexandrini, "De vita contemplativa". ტექსტი გამოსცა Conybeare P., Philo about the Contemplative Life or the Fourth Book of the Treatise Concerning Virtues, Oxford, 1895.

2 - Елизарова М., Община терапевтов (из истории ессейского общественно-религиозного движения I в. н. э), М., 1967, с. 18 (автореферат).

3 - Daumas E., La "solitude des Therapeutes et les antecedents egyptines du monachisme chretien, Lyon, 1966; Paris, 1967.

4 - Елизарова М., Община терапевтов, М., 1972, с. 58.

5 - Лившиц Г., Происхождение христианства в свете рукописей Мертвого моря, Минск, 1967, с. 29.

6 - Амусин И., Тексты Кумрана. Вып. 1. М., 1974. с. 111.

7 - Ковалев С., Кубланов М., Находки в Иудейской пустыне, М., 1964, с. 37.

8 - Елизарова М., Община..., с. 123.

 

2 - ზოგადად სიბნელეს იწვევს სინათლის ნაკლებობა, არცოდნას - ცოდნის ნაკლებობა, რომელიც ცოდნითვე შეივსება. აქ საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ დიდი ცოდნის (სიჭარბით მიღებული ცოდნის) შემდეგ შესაძლებელია ითქვას, რომ ყველაზე დიდი ცოდნა ღმერთის შესახებ არის ის, რომ ღმერთი უცოდნელია, რადგანაც ღმერთი - დამაბრმავებელი ნათელი - შებურულია ანუ დაფარულია ყოველგვარი ცოდნისათვის და აღიქმება წყვდიადად სწორედ ნათლის სიჭარბის გამო და არა ნათლის ნაკლებობით.

3 - ღმერთის გამოცხადების ფორმა სხვადასხვაა: აბრაამს ღმერთი გამოეცხადა სიმართლედ, რომელსაც ჰრწმენა მან (დაბ. 15.6; 28.13), იაკობს - კაცის სახით, რომელსაც შეებრძოლა იგი (დაბ. 32.30), მოსეს ნათლით (გამ. 3.3). თუმცა ღმერთი ნამდვილად არავის უხილავს. Nemo videt id guod Deus est (იოანე ოქროპირის ჰომილია "De Eutropio").

4 - გაიოსის კითხვას: როგორ, ღმერთი მისივე ღმერთობის დასაბამია? დიონისე არეოპაგელი პასუხობს, რომ ღმერთობა, რომლითაც განვიღმრთობით, ღმერთისაგან ბოძებული ნიჭია და არა თვითღმერთობა. "ყოვლისა დასაბამისა მიზეზ და დასაბამ იგი თავადი არს. მისი ღმერთობაჲ არათუ თჳსებით მოგებულ არს, ვითარ ესე ჩუენდა სახიერებაჲ: "არამედ ბუნებით არს და ყოვლად სამარადისოჲ" (მაქსიმე აღმსარებელი, A-110, გვ. 418).

5 - დედნისეული ἄσχετος ეფრემს თარგმნილი აქვს "უთჳსოდ", რაშიც იგულისხმება ის, რასაც თავისი მსგავსი არა ჰყავს და არაფერთან არა აქვს კავშირი, არაფრის ნათესაური არ არის. "ვინაჲცა უმსგავსო და უთჳსო უწოდს ღმერთსა, რამეთუ რაოდენცა ვინ მსგავსებად და თჳსებად მისსა წარემართოს, ესოდენ უფროჲს გულისჴმა ჰყოფს მიუწდომელობასა მსგავსებასა და თჳსებისა მისისასა" (მაქსიმე აღმსარ. სქ. II ეპისტოლეზე, გვ. 418).

6 - არეოპაგიტული კორპუსის კომენტატორთა აზრით, აქ სიტყვა ანაზდეულის (ἐξαίφνης) დიონისესეული განმარტება გამოწვეულია, როგორც ჩანს, გაიოსის შეკითხვით. განმარტებულია ძველი აღთქმის სიტყვები: "მეყსეულად მოვიდეს ტაძრად თჳსსა უფალი" (მალაქ. 3.1). მოულოდნელის აღსანიშნავად ფსევდო-დიონისე VIII წერილში, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ დიონისესა და აპოლოფანესათვის მზის ამგვარი დაბნელება მოსალოდნელი არ იყო, ხმარობს ტერმინს παραδοξῶς-ს.

7 - "არა კაცობრივ განვათჳსებთ ქრისტესა, არამედ ზესთა კაცთასა ვიტყჳთ, ვითარცა უცხოსა არა ხოლო კაცებითა, არამედ ზოგად ღმრთაებითა და კაცებითა, რამეთუ არა ხოლო კაც არს, არამედ ღმერთ და კაც. დაღაცათუ ყოველი არსებაჲ კაცობრივი მიიღო, არცა ეგრეთ უცხო ვჰყოფთ მას ღმრთაებისაგან. რამეთუ არა ხოლო კაც არს, არამედ ღმერთ და კაც". მაქსიმე აღმსარებელი აქ მოყვანილ კომენტარში კიდევ უფრო ხაზგასმით წარმოაჩენს არეოპაგელის დიოფიზიტურ შეხედულებას.

8 - მაქსიმე აღმსარებელი: "ცხად არს, ვითარმედ არსთა მას შინა ღმერთ-მამაკაცებრსა გუამსა სიტყჳსა ღმრთისა განკაცებულისასა იხილვების ორობისა ბუნებათასა ორობაჲ მოქმედებათა" (მაქ. აღმს. A-110, 420).

9 - ღვთისმსახური (λειτοῦργος) სასულიერო ხარისხით უტოლდება დიაკონს (διάκονος) EH. § 5,6). ლათინურ თარგმანში Dorotheo ministro.

10 - "თვალთშეუდგამ და უხილავ იწოდების ღმერთი, რამეთუ იგი წარსულაჲ ნათლისა უქმ-ჰყოფს მხედუელობითთა ძალთა, ეგრევითარსავე სიბრმესა შეიქმს, მიხედუაჲ და შემსჭუალვაჲ თუალთაჲ მზისა თუალსა მოწევნულსა ადგილთა შუადღისათა" (მაქ. აღმს. A-110, 420).

11 - "და ჰრქუა უფალმა მოსეს: ვერ ძალ-გიც პირისა ჩემისა ხილვად, რამეთუ არა არს კაცი, რომელმან იხილა პირი ჩემი და ცოდნა" (გამ. 33.20).

12 - წერილის შინაარსი თითქმის ანალოგიურია ზოგიერთი ადგილისა მოც. პავლეს წერილშ ტიტესადმი: "ხოლო სიცოფისათა მათ ძიებათა და ცუდთა სიტყუათა და ჴდომათა და ლალვათა შჯულისათა განეშორვე, რამეთუ არიან ურგებ და ამაო" (ტიტ. 3.9).

13 - აქ დიონისე გულისხმობს სხვადასხვა რელიგიურ შეხედულებებს, რომელთა მხილებას სჯობია ჭეშმარიტების ქადაგება. რადგან, როგორც მაქსიმე აღსმარებელიც განმარტავს, ვინც არიოზსა და აპოლინარიუსს ებრძოდა, არანაკლენ მწვალებლობაში ჩავარდა. "წესისაებრ მოძღუართასა ჭეშმარიტებისა სიტყჳსა გამოწულილვით დადებითად. ხოლო წინააღსადგომელთა სიტყუათათჳს მაშინ ოდენ მოსწრფებად, რაჟამს იძლებით საჴმარ იქმნეს ზედა აღდგომისათჳს უღმრთოთასა" (მაქ. აღმს. A-110, 421).

14 - ἕν ὄν - "ერთი", "ერთ-მყოფი" - შდრ. τὸ ἕν ὄν პროკლესთან, პარმენის. IV, 7. არეოპაგელის მიერ პროკლეს კომენტარების გამოყენების შესახებ იხ. E. von Ivanka "Die Aufban der Schrift "De divinis nominibus" des Ps. - Dionysios", Scholastik 15 (1940), p. 392.

15 - პოლიკარპე - ფსევდო დიონისეს ფსევდოადრესატი - პოლიკარპეს შესახებ ვიცით, რომ იყო მოწაფე იოანე მოციქულისა, რომლის მიერაც იქნა ხელთდასხმული (I-II სს.).

პოლიკარპე, საკმაო ხანში შესული, მონაწილეობას იღებდა ქალაქ რომში გამართულ სიდკუსიაში, კერძოდ პასექის დათარიღების გადაწყვეტაში. აქ მან განიცადა დევნა მარკუს ავრელიუსის მიერ და მოწაომეობრივად დაასრულა სიცოცხლე. პოლიკარპეს ეკუთვნის ორი წერილი ფილიპელთა მიმართ (ლათინურ ენაზე), აგრეთვე მიმართვა "ათენის ეკლესიისადმი" და სახარებისეული განმარტებანი - "სწავლანი და პასუხები" (Harrison P, N., Polycarp's two Epistles to the philipians, 1936; I. ightfoot I., The Apostolic Fathers, Revised texts, London, 1885, p. 905.

16 - აპოლოფანე - წარმართი ფილოსოფოსი, სირიელ მხედართუფროს ტიმოთესთან დაახლოებული პირი, მოიკლა იუდა მაკაბელის მიერ (2 მაკ. 10.37). მის შესახებ მეტი ცნობები არ მოიძებნება. მე-7 წერილის თანახმად, დიონისე არეოპაგელი აპოლოფანესთან ერთად უყურებდა მზის დაბნელებას. მაქსიმე აღმსარებელის თქმით, აპოლოფანე "მოყუას იყო დიდისა დიონჳსისა სასწავლოსა შინა და შემდგომად ქრისტეანობად მოქცევისა ამის წმიდისა იგი აგინებდა ამას, ვითარცა მამათა მათთა ჰსჯულისა დამტევებელსა და ელლენთა საცთურისა მამხილებელსა" (A-110, 422).

17 - ფსევდო-დიონისესთან ელინი და წარმართი სინონიმური მნიშნელობის მქონეა. აქ იგი უთითებს თავის განსწავლულობაზე წარმართულ ფილოსოფიაში, რაც ქრისტიანობისათვის თავდადებუ სამსახურს მიუძღვნა და რასაც აპოლოფანე მამის მკვლელობად უთვლის.

18 - მაქსიმე აღმსარებლისა და გიორგი პახიმერის განმარტებით მზის ხუთწრიული მოძღაობის ქვეშ იგულისხმება მზის ჩეულებრივი ოთხწრიული შემობრუნება ტროპიკებიდან ეკვატორისაკენ და პირიქით. მეხუთე წრე საპირისპირო მიმართლებით იქნა შესრულებული, ე.ი. სასწაული მდგომარეობდა იმაში, რომ მზემ 10 საათისათვის გაიარა წრიული ციკლის მთელი ორბიტა და გაჩერდა აღმსოავლეთ ჰორიზონტალურ წერტილში იმავე თანავარსკვლავედის ქვეშ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა შეცვლილიყო თანავარსკვლავედი და მასთან ერთდ მზის გზა.

19 - ამ ბერძნული ფრაზის ზუსტი გაგება არ ხერხდება. პირველი ვერსიით დიონისე და აპოლოფანე შეესწრნენ ქრისტეს ჯვარცმისას მზის დაბნელებას. მეორე ვერსიით მათ საუბარი ჰქონდათ დაბნელებაზე, როგორც უკვე მომხდარ ფაქტზე და განიხილავდნენ მას ერთად (იხ. Скворцов К., О творениях приписываемых св. Дионисия Ареопагиту, Киев, 1865).

20 - იოანე დამასკელის ცნობით, დიონისე არეოპაგელმა პირვემა უწოდა დავითს "ღმერთის მამა" - θεοπάτωρ Δαυϊδ/И. Дамаскин, Точное изложенное православной веры, СПБ. 1894). მაქსიმე აღმსარებელი განმარტავს: "აწ ესერა ქრისტესთჳს უწოდს მამად ღმერთისა წინასწარმეტყუელსა დავითს", რადგან ძე ღმერთისა "იშვა თესლისაგან დავითისა ჴორციელად. ვინაჲცა ამით წესითა სამართლად ღმერთის მამა არს დავით" (A-110. 425).

21 - დიონისეს მხედველობაში აქვს დავითის ერთ-ერთი კანონი "უკუეთუ შეემთხუა ზროხასა მტერისა შენისასა, ანუ კარაულსა მისსა შეცთომილსა, მომაქცეველმან მისმან კუალად აგნე მას" (გამ. 23.4).

22 - აბელი - ადამისა და ევას ძე, მოიკლა საკუთარი ძმის კაენის ხელით. ეკლესიის მამანი აბელს უწოდებენ "პირველ მოწამეს", "ქრისტეს პირველსახეს", რადგან აბელი, ვითარცა ქრისტე, იყო მართალი; მწყემსი ცხვართა, რომელმაც შესწირა უფალს მსხვერპლი - კრავი და ჰპოვა აღსასრული ბოროტი და შურიანი კაცის ხელით (დაბ. IV).

23 - "ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყვარდეთ მტერნი თქუენნი, და აკურთევდით მწყევართა თქუენთა, და კეთილს უყოფდით მოძლეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძ₾ავრობდნენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ" (მათ. 5.44). ცოდვილის მიტევება და შეწყალება უფრო მეტი ქველმოქმედება და სიკეთის გამოვლინებაა, ვიდრე განდიდება კარგისა (იხ. ლუკა, 15 - უძღები შვილის სიუჟეტი).

24 - ბიბლიის თანახმად, წინასწარმეტყველს ზაქარიას და დანიელს გამოეცხადათ უფალი, რომელმაც მისცა მათ დარიგებანი ქვეყნის საკეთილდღეოდ (ზაქ. 1; დან. 10).

25 - მარიამი - აბრაამის ასული, მოსესა და აჰრონის და. მარიამი ერთხელ შეეჭვებულა მოსეს წინასწარმეტყველურ უნარში, რისთვისაც დაისაჯა კიდეც. "და ღრუბელი იგი განეშორა მიერ კარვით. და აჰა ესერა, მარიამ განკეთრდა, ვითარცა თოვლი" (რიცხ. 12.10).

26 - მაქსიმე აღმსარებელის აზრით, აქ დიონისე განმარტავს "თუ რაჲ არს სამართლად მიდევნება სამართალთა, რომელი ესე ანგელოზთა განეკუთვნის, რაჲთა თჳთოეულსა მიაგებდნენ საქმეთაებრ, რამეთუ ყოველთა შინა არსთა ესრეთ განწესებულ არს: რაჲთა პირველთა მიერ შემდგომთა მიეგებვოდეს ღირსებისაებრ" (A-110. 430).

27 - არეოპაგიტული კორპუსის ახალ ბერძნულ ენაზე მთარგმნელთა აზრით, დემოფილე თერაპევტი დიონისეს მიერ ხელთდასხმული უნდა იყოს.

28 - კარპე - ერთი 70 მოციქულთაგანი და მოწაფე მოც. პავლესი. ზოგიერთი ცნობის მხიედვით, კარპე იხსენიება კარეტის ეპისკოპოსად, ზოგიც ვერიის ეპისკოპოსს უწოდებს მას. კარპე დამოწმებულია მოც. პავლეს წერილში ტიმოთესადმი, როგორც ტროადელი: "ფილონ, რომელი დაუტოვე ტროადს კარპოსის თანა, - მორაჲ - ხჳდოდი" (II ტიმ. 4.13).

29 - ჯერ კიდევ მხიარულების დღეებს აღასრულებდა. ილარიები - ზეიმები გაზაფხულის ბუნიობისას ეწყობოდა. გიორგი პახიმერის განმარტებით, აქ ქორწილის დღეებს უნდა აღნიშნავდეს, τέλος იგივეა, რაც γάμος (ქორწილი), "ქორწილსა აღსასრულად სახელ-ჰსდებდეს, ვითარცა ცხოვრებისა მიმართ სრულმყოფელსა კაცისასა" (A-110,434).

30 - კარპეს, ვითარცა ეპისკოპოსს და მოციქულთა მოწაფეს, წესად ექნებოდა შუაღამისას ღმერთის სადიდებლად ჰიმნების გალობა. ამ სპეციალური ჰიმნების შესახებ ცნობებს გვაწვდის იოანე ოქროპირიც, რომელიც ღამის წმიდა მსახურებას უწოდებს მათ.

31 - მაქსიმე აღმსარებლისა და გიორგი პახიმერის განმარტებით გონითი ნათელი წმიდა სამებას გამოხატავს.

32 - Κουρόρτρφος - ეს ტერმინი მაქსიმე აღმსარებელმა ნახა პროკლესთან და მიიჩნია ჰომეროსისეულად (ოდისეა 1.27 (9.27). Liddell-Scott-ი სულ სხვა წარმომავლობას უძებნის ტერმინს და თვლის, რომ იგი ჰეკატეს ეპითეტი უნდა იყოს, რომელიც დამოწმებულია ორფიკულ ჰიმნებში. თითქოს პროკლეს უნდა ჰქონოდა ნაშრომი ჰეკატეს მითებზე (Note Balt asario Corderio 589, PG. t. 3).

33 - იოანე ღვთისმეტყველი, მოციქული და მახარებელი, ზებედესა და სალომეას ძე, წარმოშბით იყო გალილეველი. მან პირველმა იწინასწარმეტყველა ქრისტეს აღდგომა. თავდადებული ქრისტიანობისათვის გადასახლებული იყო ეფესოში, შემდეგ კი კუნძულ პატმოსზე. იოანე გარდაიცვალა 120 წლის ასაკში ეფესოში და იქვეა დაკკრძალული. იოანეს ეკუთვნის: იოანეს სახარება (21 თავი(, 3 ეპისტოლე და აპოკალიფსი (გამოცხადება), რომელიც მან დაწერა კუნძულ პატმოსზე ყოფნისას.

34 - XI წერილს ახლავს პეტრე ლანსელის კომენტარი, სადაც ნათქვამია, რომ ეს წერილი თარგმნილი უნდა ყოფილიყო ბერძNულიდან და იგი აბატ ჰილდუინს შეუტანია დიონისეს ცხოვრებაში (Patrologia latinae, t. 56, col. 33). შემდეგ ბერძნული დედანი დაკარგულა. მაქსიმე აღმსარებელი არეოპაგელის X წერილის სქოლიოში ეხება XI წერილსაც და აღნიშნავს, "მივაკუთვნებთ ღვთაებრივ დიონისეს, რომელმაც უფლის ჯვარცმა იხილა 25 წლისამ, როგორც ვფიქრობ და როგორც ვიცი". ლათინური წერილი საკმაოდ დაუხვეწავია, იგრძნობა ბერძNულის გავლენა. გამომცემელთ კი წერილი ნაყალბევად მიიჩნიეს და სათაურშივე აღნიშნეს - ყალბია (spuria).

35 - ფილიპე არიდეუხი - მაკედონიის მეფე 323 წლიდან 317 წლამდე, ჩვ. წ. აღრიცხვამდე (პლუტარქე, დიოდორე).

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ჯულიეტა შოშიაშვილმა

ბიზანტიური ეპისტოლოგრაფია და ფსევდო-დიონისე არეოპაგელის წერილები : (გამოკვლევა, თარგმანი, კომენტარები), 1992 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 03 June 2018 15:06)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96