Georgian (Georgia)English (United Kingdom)

იხ. გაზეთი: "საპატრიარქოს უწყებანი", 28 აგვისტო, 2008 წ.

 

მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოს I-ის წერილი უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს

12 აგვისტო

უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ქრისტეს მიერ საყვარელ ძმას და თანამწირველ ილია II-ს

ძმური და უფლსმიერი ამბორით გაუწყებთ:

გულდამძიმებულნი თქვენთვის მოყენებული ტკივილის გამო, ცრემლიანი თვალებით უკვე რამდენიმე დღეა, თვალყურს ვადევნებთ ღვთის მორწმუნე ქართველ ერზე მოულოდნელად თავს დატეხილ ტრაგედიას: უდანაშაულო მსხვერპლთა სისხლის ღაღადი ყურთ ჩაგვესმის. ჭრილობებით მოყენებული ტკივილი, ძალდატანებით გადაადგილებულთა უბედურება, საყვარელ ადამიანთა დანაკარგით გლოვა, უპასუხოდ დარჩენილი გასაჭირი, მიტოვებულ, უძლურ მოხუცთა შიში, რომელიც განიცადა ერთნაირად ქართველმა და ოსმა ხალხმა. თქვენი ჯვარი დღეს ჩვენი ჯვარიც ხდება. თქვენთან ერთად ჩვენც ვგლოვობთ და გულს გვტკენს საქართველოზე თავს დატეხილი უბედურება.

მუხლს ვიდრეკთ მშვიდობის მთავრის წინაშე, სულის სიღრმიდან ვევედრებით და ლოცვებს აღვავლენთ უფლის მიმართ, რათა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, დიდმოწამე გიორგის და მოციქულთასწორის წმინდა ნინოს შეწევნით თქვენს ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგუროს, შვება მიეცეს დატანჯულ ერს, ხოლო მტრის მშვილდები შემუსროს და "საჭურველი და ფარები დაწუას ცეცხლითა (ფს. 45,10). დასრულდეს მართლმადიდებელ ქრისტიანთა ძმათამკვლელი ომი, დამყარდეს ღმრთივმონიჭებული ერთსულოვნება კავკასიის მოწამეობრივ მიწაზე.

წმინდაო ძმაო, მედგრად იდეგით ქარიშხლის წინაშე, რადგან თქვენ ხართ ნუგეშინისმცემელი და მეოხი ღირსეული ქართველი ქრისტიანი ხალხისა. უწყვეტი ლოცვითა და დიდი სიყვარულით გვიგულეთ თქვენს გვერდით, თანამოსაგრეობით, თანაგრძნობით და ღვთისადმი სასოებით. ვეამბორებით თქვენს ღირსეულ უნეტარესობას მხურვალე ქრისტესმიერი ამბორით. ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყავნ თქვენ თანა.

თქვენი ქრისტეს მიერ საყვარელი ძმა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 23 May 2018 09:25)