Georgian (Georgia)English (United Kingdom)

12-16

ტერმინ “ეზოტერიზმის” მართლმადიდებლური და ერეტიკული გაგება

ამჯერად შევეხებით ერთ ჟანრს, რომლისადმი ცნობისმოყვარეობა, თუნდაც თანამედროვე, ამ ჟანრისადმი კვლავაც ცხოველია. ეს გახლავთ აპოკრიფული ჟანრი, აპოკრიფები, რომლებიც აუცილებელ შესწავლას და წვდომას საჭიროებენ. მათი რაობის გაგება სრულიად აუცილებელია, რამდენადაც ყველაზე უფრო მეტად, განსხვავებით სხვა ჟანრებისაგან, აპოკრიფებთან დაკავშირებით ჭირს გარკვეულობის შემუშავება, თუ რა გამოყენება შეიძლება მათ ქონდეთ, თუ რა ადგილი შეიძლება მათ მიეჩინოთ ეკლესიის ისტორიაში და ამა თუ იმ ქრისტიანის ცხოვრებაში. ჩვენ ამას ხაზს ვუსვამთ იმის გამო, რომ აპოკრიფები ერთსახოვანი არ გახლავთ და შესაბამისად ერთი შეფასება მათზე ვერ გავრცელდება და არც არასოდეს გამოთქმულა ეკლესიის მამათაგან ერთი ზოგადი დებულება აპოკრიფების შესახებ.

ისტორია ამ ჟანრისა, რასაც ამჯერადაც ჰაგიოგრაფიის ჟანრის განხილვის მსგავსად უაღრესად ზედაპირულად შევეხებით, ჩვენს წინაშე გამოკვეთს იმ აუცილებლობას, რომ ეკლესიის მიერ საუკუნეების წინ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება აპოკრიფებისადმი დღესაც უნდა შევინარჩუნოთ და დღესაც იმგვარივე მიმართება უნდა გვქონდეს ამ ხასიათის ძეგლებისადმი.

ჯერ თვითონ ტერმინ “აპოკრიფზე” ვთქვათ მცირედი. ეს ტერმინი კარგადაა ცნობილი და ცნობილია ისიც, რომ ის ბერძნული გახლავთ. ნიშნავს ფარულს და აპოკრიფი ქართულად ითარგმნებოდა, როგორც დაფარული, ხოლო აპოკრიფები ქართულად გადმოიცემოდა როგორც დაფარულნი. დაფარულობა ორი შინაარსისა შეიძლება იყოს. რაიმე შეიძლება იფარებოდეს მრავალთაგან (დაფარულობა საერთოდ ყოველთვის მრავალთაგან დაფარულობას ნიშნავს, მხოლოდ ზოგიერთებისთვის საწვდომობას ნიშნავს) იმიტომ, რომ ამ ძეგლში მოცემული სწავლებანი იმდენად ღრმაა, რომ არ შეიძლება ჩვენ დავაფინოთ ძაღლთა და ღორთა წინაშე. ამიტომ ეს დაფარულობა არის ძეგლის აღმატებული შინაარსიდან გამომდინარე და მისი ნიმუშები საეკლესიო ტრადიციაში სახეზეა. ოღონდ ეს დაფარულობა არ უიგივდება აპოკრიფს ჟანრობრივად. ჩვენ ამ შემთხვევაში ზოგადად დაფარულობაზე ვსაუბრობთ, თუ რა შეიძლება განაპირობებდეს დაფარულობას და, როგორც აღვნიშნეთ, პირველი მნიშვნელობით, ე.წ. დადებითი მნიშვნელობით აპოკრიფულობა ანუ დაფარულობა შეიძლება გულისხმობდეს იმის, რაც იფარება, განსაკუთრებულ აღმატებულებას, რომ ის მრავალთათვის მიუწვდომელია და ამიტომ არ შეიძლება, რომ ყველას წინაშე გამომზეურდეს ის, რადგან არის დიდი საშიშროება მისი შერყვნისა და გაუწმინდურებისა.

ჩვენ თუ გადავშლით წმინდა დიონისე არეოპაგელის, ამ ერთ-ერთი უდიდესი მოძღვრისა და უდიდესი ღვთისმეტყველ-მესაიდუმლის, მისტიკოს-თეოლოგის ანუ საიდუმლოდღვთისმეტყველის შრომებს, ყველა შრომის დასაწყისში ჩვენ ვნახავთ ადრესატისადმი გამოთქმულ ძალიან მკაცრ გაფრთხილებას. ადრესატი გახლავთ ტიმოთე მოციქული და როდესაც ტიმოთესადმი იწყებს თავისი შრომის გაგზავნას წმინდა დიონისე არეოპაგელი, შესავალში მკაცრად მოითხოვს მისგან, რომ მრავალთაგან დაფაროს ეს წიგნი. იმიტომ, რომ “რაითა არა საროკველ-ჰყვნენ წმიდანი-წმიდათანი”, ე.ი. რომ სათამაშო, საცეკვაო არ გახადონ ეს სიწმინდენიო. ზოგჯერ ადამიანს სჩვევია, რომ რასაც ვერ მიწვდება თავის თავს კი არ დაადანაშაულებს ამაში, პირიქით გაღიზიანდება და ყოველნაირად ცდილობს მისგან მიუწვდომელის უხეშად მოხელთებას, მის შერყვნას, მის არარაობად ქცევას. რამდენადაც უდიდეს საეკლესიო სიწმინდეებს მოუმზადებელი და წარმართული ჩვევებით დასნეულებული გონება ვერ მიწვდება, პირიქით ეცდება, რომ საკუთარი სნეულება და სიბილწე მასზე გადაიტანოს, ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გზა არსებობს სიწმინდის გადარჩენისა, რომ ის განერიდოს მრავალთა მისაწვდომობას. ეს მხარე წმინდა დიონისე არეოპაგელის შრომებში სრულიად თვალსაჩინოა, რამაც, ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ, ეს შრომები მრავალგვარი შერყვნისა და სხვადასხვა მინარევებისაგან გადაარჩინა.

კარგად არის ცნობილია, რომ დიონისე არეოპაგელი, როგორც პავლე მოციქულის მოწაფე, მოღვაწეობდა I-II სს-ის მიჯნაზე, მაშინ დაიწერა მისგან ეს თხზულებები, მაგრამ ისინი ცნობილი არ გამხდარა საკმაოდ ფართო საეკლესიო წრეებისთვისაც კი, არათუ არასაეკლესიო წრეებისთვის, VI ს-ის დამდეგამდე. ჩვენ ამაზე სხვა დროს დეტალური საუბარი გვექნება, როდესაც წმინდა დიონისე არეოპაგელზე გარკვეულ განხილვას შემოგთავაზებთ, ამჯერად უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავთ, რომ მთელი 5 საუკუნე ეს შრომები მიუწვდომელი იყო მასობრივი მკითხველისათვის (ჩვენ სიტყვა მასობრივს ხაზს ვუსვამთ იმიტომ, რომ გავრცელებული აზრით თითქოს ეს შრომები არავინ არ იცოდა არ მართლდება), რამდენადაც ძალიან ღრმა ღვთისმეტყველება იყო ამ შრომებში გამოთქმული და შესაბამისად მის წვდომას აუცილებელი მომზადება სჭირდებოდა.

როდესაც ამ საკითხს ჩვენ განვიხილავთ, ბუნებრივია ისმის კითხვა (ეს კითხვა ხშირად დასმულა სხვა შემთხვევებშიც) იმის შესახებ, თუ რა დამოკიდებულება აქვს ხსენებულ დაფარულობას, რაზეც ვსაუბრობდით, დღეისათვის განსაკუთრებით პოპულარულ ეზოტერიზმთან (ზოგჯერ გამოიყენება ტერმინი ეზოთერიზმი, რომელიც ტერმინოლოგიურადაც მცდარია, რადგან ეს გახლავთ ბერძნული სიტყვა, სადაც არის “ესოტეროს”, ანუ გამოყენებულია “ტ” და არა “თ”, რომელიც ასევე არის ბერძნულ ანბანში, მაგრამ აქ გამოყენებული არ არის). ეზოტერიზმი, რაც დღეისათვის ფართოდ გავრცელებულია და ეზოტერული მოძღვრებები დიდ პატივშია, აი ამ ეზოტერიზმთან დაკავშირებით როგორ განიმარტება ის დაფარულობა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით? ჯერ ზოგადად რა კავშირი აქვს ეზოტერიზმს და ეკლესიას და კონკრეტულად რა მიმართებაა ეზოტერიზმის დაფარულობასა და იმ დაფარულობას შორის, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობდით? სრულიად უპირობოთ უნდა ვთქვათ და ამ აზრს ყველა ე.წ. ეზოტერიკოსი უნდა ითვალისწინებდეს აუცილებლად, რომ ის რასაც ეზოტერიზმი ეწოდება ესაა აბსოლუტურად უცხო საეკლესიო ტრადიციისთვის. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ აპოკრიფების შესახებ განხილვას ვიწყებდით წინასწარ გვქონდა ჩაფიქრებული ამ საკითხზე დეტალურად გვემსჯელა, რადგან ის აუცილებლად განსამარტავი გახლავთ და სწორედ ამას შევეცდებით რამდენიმე სიტყვით, მაგრამ მკითხველს ვთხოვთ, რომ გაითვალისწინოს ჩვენი მსჯელობის ორიენტირი. ეს ყველაფერი აპოკრიფების განმარტებისკენაა მიმართული და შემდეგში კვლავ მოვიხმობთ ყოველივე იმას, რასაც ქვემოთ ვიტყვით.

რა არის ეზოტერიზმი? დაბოლოვება “იზმი” ამ შემთხვევაში ჩვენთვის საყურადღებო არ არის, თუმცა ამ დაბოლოების წარმოშობა ახალი არაა, ძველადაც ბერძნული ტერმინი “ესოტერისმოს” არსებობდა, უფრო ხშირი იყო ეპითეტური ფორმა, ზედსართავი სახელის ფორმა “ესოტერიკოს”, ხოლო ეს ტერმინები შემდეგში ფართოდ გავრცელდა ევროპულ ენებში. ქართულში ის უთარგმნელად არასოდეს არ გადმოსულა, ყოველთვის ითარგმნებოდა და ეს თარგმნა საკუთრივ ბერძნული ტერმინის რაობასაც ჩვენ აუცილებლად გვიმხელს. ზოგჯერ როდესაც სიტყვა არ ესმის მკითხველს ან მსმენელს, მისთვის ეს სიტყვა რაღაც განსაკუთრებული იდუმალებით იმოსება და უმრავლეს შემთხვევაში თვით ის ე.წ მოძღვარნი, რომლებიც მათი პირადი სწავლებების დანერგვას და გავრცელებას ცდილობენ მასობრივად, სპეციალურად იყენებენ ისეთ ტერმინებს გაუგებარი რომაა ეტიმოლოგიურად და შინაარსობრივად. ჯერ კიდევ უძველეს დროში, როდესაც გნოსტიკური სექტები არსებობდა, გამოკვეთილად ეზოტერული სექტები, მათი პრინციპი იყო მრავალი ისეთი ტერმინის თვითმიზნური შემუშავება, რომლებსაც თავისთავად არავითარი ეტიმოლოგიური გააზრება არ ჰქონდა. ეს იყო ასოების, ეს იყო თანხმოვნებისა და ხმოვნების უწესრიგო თავმოყრა მხოლოდ ერთი მიზანდასახულობით, რომ მკითხველს სიტყვის შინაარსში ვერ შეეღწია და შესაბამისად ამ სიტყას მკითხველსა და მსმენელზე მაგიური ზემოქმედება მოეხდინა. მაგალითად გნოსტიკოსების მიერ შემუშავებული სახელწოდება ერთ-ერთი ამ სამყაროს ღმერთისა, რასაც ისინი გამოთქვამდნენ სიტყვით “იალდა ბაოთ”, არავითარ ეტიმოლოგიურ გააზრებას არ ექვემდებარება, ისევე როგორც მრავალი სხვა სიტყვა. კარგა ხანია კვლევით ლიტერატურაში დასაბუთებულია აზრი იმის შესახებ, რომ ამგვარი სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ მასებზე ზემოქმედების მიზანდასახულობით შეირჩეოდა. როდესაც, კვლავ აღვნიშნავთ, ადამიანი ვერ ჭვრეტს სიტყვის მნიშვნელობას, ეს სიტყვა მას რაღაც იდუმალად, განსაკუთრებულად წარმოუჩნდება და ამ სიტყვის გავლენის ქვეშ ექცევა ის. ჩვენ არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ დაახლოებით ამგვარ ეფექტს ახდენს სიტყვები “ეზოტერიზმი” და “ეზოტერიკოს”. ამ სიტყვის მნიშვნელობა რომ ბევრმა არ იცის, ამას ცხადყოფს თუნდაც ის ფაქტი, რაც აღვნიშნეთ, რომ “თ” ფორმით ხშირია მისი დამოწმება (“ეზოთერიზმი”, “ეზოთერიკოს”). აღვნიშნავთ პარალელურ სიტყვასაც, რომელიც ასევე ანალოგიური მიზანდასახულობით მოიხმობა – “ანთროპოსოფია”. მრავალნი, ამ ტერმინის გამომყენებელნი, ასევე აბსოლუტურად ვერ წვდებიან მის შინაარსს და ეს საბუთდება თუნდაც იმით, რომ ქართულად ხშირად იმოწმებენ მას როგორც “ანტროპოსოფია”. მაშინ როცა ამ შემთხვევაში აუცილებლად “თ” უნდა იყოს გამოყენებული. თუ “ეზოტერულში” აუცილებლად “ტ” უნდა იყოს, “ანთროპოსოფიაში” აუცილებლად “თ” უნდა იყოს, რადგან ესაა ბერძნული სიტყვა “ანთროპოს” – კაცი და “სოფია” – სიბრძნე. ასე რომ ტერმინი “ეზოტერული” დღეისათვის მოიხმობა შთაბეჭდილების მოხდენის მიზანდასახულობით.

მაგრამ რა არის ეს სიტყვა თავისთავად? თავისთავად ეს სიტყვა გახლავთ ძალიან მარტივი, ლინგვისტურად ასახსნელი სიტყვა. მისი საფუძველია ბერძნული ფორმა “ესოტეროს”, ხოლო “ესოტეროს” თვითონ ნაწარმოებია ზმნისზედისგან “ესო”, რაც ითარგმნება როგორც “შიგნით” (ზოგჯერ მას ზედსართაული გააზრებაც აქვს - “შიგნითა”). აი ამ “ესოს” (შიგნით, შიგნითა) შედარებითი ხარისხი, ე.ი უფროობითი ხარისხი და არა აღმატებითი ხარისხი გახლავთ “ესოტეროს”. ბერძნულში უფროობით ხარისხს აწარმოებს ზუფიქსი “ტეროს”, ხოლო აღმატებით სუპერლატივს აწარმოებს “ტატოს”. მაგალითად “აგათოს” არის კეთილი, “აგათოტეროს” არის უფრო კეთილი, “აგათოტატოს” არის უკეთილესი, ყველაზე უფრო კეთილი. “ჰაგიოს” არის წმინდა, “ჰაგიოტეროს” არის უფრო წმინდა, “ჰაგიოტატოს” არის უწმინდესი, ყველაზე უფრო წმინდა. ისევე როგორც “თეიოს” ნიშნავს ღვთიურს, “თეიოტეროს” უფრო ღვთიურს, “თეიოთატოს” უღვთიურესს და ა.შ. ასევეა ამ შემთხვევაშიც, “ესოს” არის “შიგნითა”, “ესოტეროს” არის უფრო შიგნითა, “ესოტატოს” არის ყველაზე უფრო შინაგანი. მაგრამ ეს აღმატებითი ფორმა არ დამკვიდრებულა, დამკვიდრდა უფროობითი ფორმა “ესოტეროს”, რაც ქართულად სხვას არაფერს ნიშნავს თუ არა “უფრო შიგნითა”, ანუ უფრო სიღრმისეული. აქედანაა ნაწარმოები შემდეგ “ესოტერიკოს” ანუ უფრო შინაგანი და “ესოტერისმოს” უფრო სიღრმისეულობა. სხვა არანაირი გააზრება, რა თქმა უნდა, ამ ტერმინს არა აქვს.

ესაა სიტყვის ჩვეულებრივი გაგება. მაგრამ ის, როგორც ტექნიკური ტერმინი ანუ როგორც აღმნიშვნელი სპეციალური გარკვეული სააზროვნო მიმდინარეობისა, ის აბსოლუტურად სხვაა, ხოლო თავისი საღვთისმეტყველო შინაარსით სრულიად სხვა. წლების წინ ჩვენ გვქონდა ამაზე ცოცხალ-ცხოველი პაექრობა და აღვნიშნავდით, რომ ტერმინები “ესოტეროს”, “ესოტერისმოს” ეს გახლავთ მართლმადიდებლური ტერმინები. ისინი შემდეგ მიტაცებულნი აღმოჩნდნენ სხვადასხვა გაუკუღმართებულ მოძღვრებათა მიერ და დღეს ისინი დამახინჯებული შინაარსით ვრცელდება. მაგრამ წარმოშობით ეს ტერმინები ისევე მართლმადიდებლურია, როგორც, თუნდაც დღეს ასევე ფართოდ გავრცელებული ერეტიკულ წრეებში, “თეოსოფია”. “თეოსოფია” და “თეოსოფოსი” ესაა წმინდა დიონისე არეოპაგელის მიერ დამკვიდრებული ტერმინები და როგორც უკვე ვთქვით ისაა არსით მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლური. Mაგრამ, კვლავ აღვნიშნავთ, რომ მიტაცება მოხდა ამ ტერმინებისაც და ამიტომ დღეისათვის რომ უთარგნელი სახით “თეოსოფია” გამოვიყენოთ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ვიღაცამ ამა თუ იმ სექტის მოძღვრების დაცვაში დაგვადანაშაულოს. ერთ-ერთი დანიშნულება ეკლესიის მოძღვრებისა და საერთოდ ყველა ქრისტიანისა არის ის, რომ არცერთი მართლმადიდებლური ტერმინი არ დაუთმოს გაუკუღმართებულ გონებას, არ მისცეს საშუალება ვინმეს რომ მართლმადიდებლობა გააღარიბოს ტერმინოლოგიურად. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არამართლმადიდებლები ასევე იყენებენ თუნდაც ისეთ ტერმინებს, როგორიცაა “მადლი”, “ცხონება” და საკუთრივ “მართლმადიდებლობაც”.  ერთ-ერთი პირველთაგანი ვინც ტერმინი “მართლმადიდებელი” იხმარა, გახლდათ ცნობილი ერეტიკოსი არიოზი, რომელმაც დევნულმა ალექსანდრიიდან, თავის თანამოაზრეს და მწვალებელს, კიდევ მეტად არიანელს ევსები ნიკომიდიელს, გაუგზავნა ეპისტოლე, რომელსაც ის ამგვარად იწყებს: “მართლმადიდებელო ევსები”. ასე რომ, იმის შიშით, რომ ესა თუ ის ტერმინი მწვალებელთაგანაა გამოყენებული, ჩვენ მას (ტერმინს) ეკლესიიდან გავაძევებთ, ეს იქნება ჩვენი წინაპარი უდიდესი ღვთისმეტყველი მამების შეურაცხყოფა, რადგან სწორედ მათ დაამკვიდრეს ეს ტერმინები მართებული, მართლმადიდებლური შინაარსით და არ შეიძლება, რომ ჩვენ ეს ტერმინები ასე გავანიავოთ.

ამ შემთხვევაში საკითხი ასე ისმის: რა განსხვავებაა ტერმინ “ეზოტერიზმის” მართლმადიდებლურ გაგებასა და ერეტიკულს გაგებას შორის? განსხვავება არის ძალიან მკვეთრი. ერეტიკული ანუ სექტობრივი გაგებით ეზოტერიზმი გულისხმობს მოძღვრებას, რომელიც მხოლოდ ელიტარული, მხოლოდ რჩეული ნაწილისთვისაა განკუთვნილი. სხვები მას ვერც მიწვდებიან და მათთვის ის არცაა ჩამოყალიბებული და შექმნილი. ჩვენს მიერ ზემოთ ხსენებულ II-III სს-ის ეზოტერულ სექტებში – გნოსტიკოსებში ეს აზრი იყო უკიდურესობამდე მიყვანილი. ისინი კაცობრიობას ბუნებითად, ანუ დაბადებითად ჰყოფდნენ სამ ნაწილად. ეს სამი ნაწილი გახლდათ შემდეგი: 1) ყველაზე რჩეულ ნაწილს კაცობრიობისას, ე.ი. დაბადებიდანვე რომ რჩეულნი არიან, რჩეულობის მარცვალი რომ აქვთ თანდაყოლილი გენეტიკურად, ისინი უწოდებდნენ “პნევმატიკოი”-ს, “პნევმურებს” ანუ სულიერებს. 2) მეორე ნაწილს, უფრო მდარე ნაწილს, ისინი უწოდებდნენ “ფსიხიკოი”-ს, ანუ მშვინვიერნი, 3) ხოლო მესამე ნაწილს, ყველაზე მდარეს და მთლად გაუბედურებულ ნაწილს, რომელსაც არაფერი არ ეშველებოდა, ე.ი. დაბადებიდანვე რომ მარადიული მოსპობისთვისაა განკუთვნილი, ისინი უწოდებდნენ “სარკიკოი”-ს, ანუ ხორციელნი.

ყველაზე მეტად მათი დამოკიდებულება გაურკვეველია მშვინვიერებისადმი. ვერაა გარკვეული ისინი რა მომავლისანნი არიან, გადარჩებიან თუ არ გადარჩებიან. რომ არ ცხონდებიან ეს სრულიად გარკვეულია მათ მიერ, მაგრამ სადღაც არც მარადიულ მოსპობაში გადადიან და თითქოს ახლოსაც იტრიალებენ ცხონების გარშემო. რაც გარკვეულია მათთვის ესაა, რომ პნევმატიკოსები არიან სწორედ ისინი, რომლებიც ცხონდებიან, გადარჩებიან, ოღონდ გადარჩებიან არა შემდეგ მეორედ მოსვლისას (ასეთი საკითხი მათთან საერთოდ არ არსებობდა, ხორციელ აღდგომას ისინი სრულიად უარყოფდნენ), არამედ ამქვეყნადვე, რაწამს ისინი საკუთარ თავში აღმოაჩენდნენ ამ რჩეულობის მარცვალს და გამოფხიზლდებოდნენ და გააცნობიერებდნენ თავიანთ განსაკუთრებულ წარმოშობას, აი ამის შემდეგ ისინი ცხონდებოდნენ. რაც შეეხებათ ხორციელთ, ანუ “სარკიკოისთ”, ისინი დაბადებიდანვე განწირულნი იყვნენ მარადიული დაღუპვისთვის, წარწყმედისთვის, სრული არარაობისთვის და ისინი ისევე განქარდებოდნენ, როგორც ბზე ცეცხლში დამწვარი. აი ასე ყოფდნენ გნოსტიკოსები კაცობრიობას. ეზოტერიზმი კი მათთვის ნიშნავდა იმ მოძღვრებას, რომელიც იმ რჩეულ ნაწილს გამოაფხიზლებდა. ე.ი. მხოლოდ გენეტიკურად ფლობა რჩეულობისა არ იყო მათთვისაც საკმარისი. ისინი თვლიდნენ, რომ ზეციური ნაპერწკალი რომ იმემკვიდრა ამა თუ იმ ადამიანმა და ამ ნაპერწკლით ის დაიბადა, მას რომ ღვთიური მარცვალი აქვს ბუნებაში დაბადებიდანვე, ეს მან უნდა გაიცნობიეროს, ის უნდა გამოფხიზლდეს ამ ზეციური ნაწილის საშუალებით, რომელიც მასშია. ეს ნაწილი როგორ მოხვდა მასში ეს ხანგრძლივი ისტორიაა, ამას თავის დროზე შევეხებით ჩვენ, როდესაც გნოსტიკოსებზე გვექნება მსჯელობა, ამჯერად მოკლედ აღვნიშნავთ, რომ გნოსტიკოსთა სწავლებით ზოგ ადამიანს აქვს ეს ნაწილი, დაბადებითვე გნოსტიკოსია ეს ადამიანი, მაგრამ ჯერ ის გნოსტიკოსი მაინც არაა, ვიდრე არ გაიცნობიერებს ის თავის თავში ამ ღვთიურ წარმომავლობას, რომ ის ღვთის რჩეულია დაბადებითვე. ამაში მას გააცნობიერებს სხვა ვინმე, რომელიც უკვე თავის მხრივ, ასე ვთქვათ, გამოფხიზლებულია ჭეშმარიტებისკენ. ხოლო მათი გამომაფხიზლებელი საერთოდ არის ზეციდან მოვლენილი ძალა, რომელსაც ისინი ზოგჯერ იესო ქრისტეს უწოდებენ, ზოგჯერ მხსნელს, რომელიც მოდის მხოლოდ და მხოლოდ გნოსტიკოსებისთვის ანუ იმათთვის, რომლებსაც დაბადებიდანვე აქვთ ზეციური ნაწილი. ე.ი. ზეციდან იგზავნება ძალა მხოლოდ იმათთვის, რომელნიც ზეციურ ნაწილს ფლობენ. ამ გამოგზავნილი ე.წ. მხსნელის დანიშნულება ერთადერთია, რომ მოიძიოს ეს ადამიანები, რომლებიც ზეციურ ნაწილს ფლობენ და ყველა მათგანს გაუცნობიეროს მათი საღვთი წარმომავლობა და გამოაფხიზლოს ისინი. სწორედ მაშინ იქნებიან ისინი ცხონებულნი. დანარჩენებს კი არაფერი არ ეშველებათ. სწორედ ეს ზეციდან მოვლენილი ძალა გადასცემს მათ გამოფხიზლების საშუალებას, ე.წ. საიდუმლო მოძღვრებას, რაც მხოლოდ მათთვისაა განკუთვნილი. თავის მხრივ გამოფხიზლებულებმა, რომლებიც უკვე გნოსტიკოსები გახდნენ, ანუ მცოდნეები გახდნენ ჭეშმარიტებისა, მათ უკვე სხვები უნდა მოძებნონ და სხვები უნდა გამოაფხიზლონ. მათ, ასე ვთქვათ, სულიერი თვალი გახსნილი აქვთ და ისინი ადამიანებში ხედავენ თუ რომელს აქვს ეს ნაწილი და რომელს არა. და რომელსაც აქვს მას გამოაფხიზლებენ, შემდეგ ისინი ასევე სხვებს გამოაფხიზლებენ, რომ ყველა, ვისაც კი ეს ნაპერწკალი აქვს, გამოფხიზლდეს (მათი რიცხვი, ცხადია, სასრულია და ძალიან მცირეა) და ყველა მათგანი ზეცად ავიდეს. გამოფხიზლება კი, კვლავ აღვნიშნავთ, ხდება ამ მოძღვრების გადაცემით, რომ უკვე გამოფხიზლებული ე.წ. საიდუმლო მოძღვრებას გადასცემს მეორეს და ესაა მათთან სწორედ ის ელიტარული, ეზოტერული ხაზი, რაც ერეტიკულ ეზოტერიზმს გულისხმობს.

 

12–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=MddEuB-m2N4&t=692s

 

ტერმინ “ეზოტერიზმის” მართლმადიდებლური და ერეტიკული გაგება (გაგრძელება)

ჩვენი განხილვა შევწყვიტეთ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს საეკლესიო დაფარულობისა და ერეტიკული ეზოტერულობის რაობათა გარკვევას და საკუთრივ ეზოტერულობის, ტერმინების - “ეზოტერისმოს”, “ესოტერიკოს”, ერთი მხრივ, მართლმადიდებლურ და მეორე მხრივ ერეტიკულ გაგებას. აღვნიშნავდით და ვსაუბრობდით ამ ტერმინთა ერეტიკული გაგების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ერეტიკული, მწვალებლური აზრით ეზოტერიზმი ესაა მოძღვრება, რომელიც მხოლოდ რჩეულთათვის არის განკუთვნილი.

სექტობრივი გაგება საზოგადოდ ასეთია, სექტები არ არიან მოწადინებულნი მთელი კაცობრიობის ცხონებისთვის. ისინი თვლიან, რომ ცხონებას ექვემდებარებიან მხოლოდ რჩეულნი, გამკვეთრება და უკიდურესობა ამ აზრისა გახლავთ II საუკუნის ეზოტერიკოსთა, გნოსტიკოსთა სწავლება, რომ დაბადებითვე აქვს ადამიანს ეს რჩეულობა, ღვთის ნაწილია ის დაბადებიდანვე, ღვთის ნაწილია მასში, ის უნდა გამოფხიზლდეს იმისთვის, რომ ეს მასში გენეტიკურად არსებული ნაწილი გაიცნობიეროს და ესაა მისი ცხონება. ხოლო მის გამოფხიზლებას თითქოს განაპირობებს სწორედ ეს საიდუმლო მოძღვრება, რაც გადაეცემათ მათ უკვე გამოფხიზლებულ გნოსტიკოსთაგან. ხოლო პირველგამომაფხიზლებელი, მათი სწავლებით, არის ზეციდან მოვლენილი ე.წ. მხსენელი, რომელიც მომტანია საიდუმლო მოძღვრებისა, ეზოტერული მოძღვრებისა. ანუ მათი აზრით მხსნელი ამქვეყნად მოდის მხოლოდ რჩეულთათვის, მხოლოდ გნოსტიკოსთათვის, მხოლოდ იმ პირთათვის, რომელთაც აქვთ ზეციური ნაწილი. ესაა ეზოტერიზმის ერეტიკული გაგება, რაც დიამეტრულად უპირისპირდება მართლმადიდებლურ მოძღვრებას, რამდენადაც მართლმადიდებლური მოძღვრება ესაა საყოველთაო ანუ კათოლიკე. ტერმინი “კათოლიკე”, რაც მისაკუთრებულია კათოლიკეთა მიერ, თავის მხრივ ისევე მართლმადიდებლურია, როგორც ჩვენს მიერ ზემოხსენებული ტერმინები. “კათოლიკე” ქართულად სხვას არაფერს ნიშნავს თუ არა საყოველთაოს (“ჰოლოს” არის მთელი, “კათოლოს” კი არის მთლიანად, საყოველთაოდ და “კათოლიკოს” არის საყოველთაო). მართლმადიდებლური მოძღვრება არის საყოველთაო, ყველა ადამიანისთვის განკუთვნილი და ეს დებულება მიწიერი ყოფის აღსრულების ჟამს მაცხოვრის ანდერძითვეა საფუძველდადებული, როდესაც მან დაუბარა თავის მოწაფეებს და ყველა ქრისტიანს, რომ “წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი (იგულისხმება მთელი სამყარო) და ნათელი ეცით მათ მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით”. ამრიგად, მართლმადიდებლური მოძღვრება მაცხოვნებელია ყველა ადამიანისათვის, ის არ გამოყოფს მხოლოდ ერთ ჯგუს ადამიანებისას, არამედ ყველა ადამიანისკენ მიაქვს მას ცხონება, ვინც კი ინებებს და იღვაწებს ამისთვის. ესაა ქვაკუთხედი მართლმადიდებლური სწავლებისა, ესაა ცხონების ქვაკუთხედი, რომ ცხონება ყველა ადამიანისთვის მოვიდა, ვინც კი ინებებს და იღვაწებს ცხონებისთვის. კარიბჭე გახსნილია ცხონებისა, მაცხოვარმა შემუსრა დასაბამიერი გველი, გახსნა პირველცოდვის კვანძი და ეს გულისხმობს სწორედ კარიბჭის გაღებას. მოტყინარე მახვილი ქერუბინის მიერ პყრობილი სამოთხის შესასვლელთან გაუქმებულია, სიმართლის მიხედვით რჩეულნი, მაცხოვნებელი გზის ამრჩევობის მიხედვით რჩეულნი შესულნი არიან სამოთხეში, სადაც ყველას შეუძლია შესვლა, ვინც კი საკუთარი პიროვნული არჩევანით ინებებს და იღვაწებს ამისთვის. ხოლო ეზოტერული გაგება, როგორც უკვე ვთქვით აბსოლუტურად საპირისპიროს გულისხმობს. ის გულისხმობს მოძღვრებას მხოლოდ რჩეულთათვის, რომელთაც (ამ რჩეულებმა) მომდევნო თაობებში მსგავსი რჩეულნი უნდა მოძებნონ და მხოლოდ მათ გადასცენ რჩეულობა. ამიტომაა, რომ ეზოტერიკოსებს არ აკმაყოფილებთ და არანაირად მათთვის მოსაწონი არაა კანონიკური საღვთო წერილი. ეძიებენ თითქოს რაღაც უფრო საიდუმლოს, უფრო მიღმას, რომელიც ვითომცდა კონკრეტულად მათ გადაეცათ. II-III საუკუნეების ეზოტერული სექტების ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი თავისებურება და ნიშან-თვისება გახლდათ და ალბათ აუცილებლობაც პრეტენზია საიდუმლო ცოდნის ფლობის შესახებ. ყველა სექტა აცხადებდა პრეტენზიას იმაზე, რომ იგი ფლობდა რაღაც განსაკუთრებულ საიდუმლო ცოდნას. ჩვენ მართალია ეზოტერულ სექტებს ერთი ზოგადი სახელწოდების – ეზოტერიზმის, ანდა მეორე ტერმინის – გნოსტიციზმის ქვეშ ვაერთიანებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი თანხმობაში იყვნენ. ყველაზე დიდ უთანხმოებას მათ შორის სწორედ ეს პრეტენზია ჰბადებს. როდესაც ერთი სექტა აცხადებს უფლებას რაღაცა განსაკუთრებულ საიდუმლო ცოდნაზე და ამავე პრეტენზიას აცხადებს მეორე სექტაც, ისინი ერთსა და იმავე მოძღვრებას კი არ გულისხმობენ, არამედ ყველა თავის მოძღვრებას თვლის ჭეშმარიტ და ერთადერთ საიდუმლო მოძღვრებად, მეორისას კი ის, რა თქმა უნდა, ყალბად თვლის. ეს განაპირობებდა ამ სექტებს შორისაც ძალიან დიდ დაპირისპირებულ დამოკიდებულებას. მაგრამ ეკლესიის წინაშე ყველა მათგანი ერთი გაუკუღმართებაა და ამიტომ ერთ მთლიან სახელწოდებად მოიხსენიება. ეს თვისება, პრეტენზია განსაკუთრებული საიდუმლო ცოდნისა, ყველასთვის ნიშანდობლივია, ყველასთვის დამახასიათებელია. ზოგი სექტა აცხადებდა, რომ მას ეს საიდუმლო ცოდნა თითქოს უშუალოდ მაცხოვრისგან გადმოეცა. ზოგი უფრო მოკრძალებული იყო და საკუთარი ე.წ. საიდუმლო ცოდნის წყაროდ ამა თუ იმ მოციქულს ასახელებდა. ზოგი უფრო მეტი მაგიურობის მისაღწევად ყველასთვის სრულიად უცნობ პირებს იგონებდა და მათ განუკუთვნებდა მოთავეობას იმ საიდუმლო ცოდნისას, რაც თითქოს ამ სექტას გადაეცა.

განსხვავებით ამისგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეკლესიური მოძღვრება აუცილებლად თვისობრივად, ბუნებითად საყოველთაოა, მთელი კაცობრიობისთვისა, ყოველი ადამიანისთვისაა განკუთვნილი და ყველა ადამიანის ცხონებას აღასრულებს, ვინც კი ინებებს და იღვაწებს პიროვნულად ამისთვის. აი ეს დიამეტრული სხვაობა, საყოველთაოობა მართლმადიდებლური სწავლებისა და კერძოობითობა სექტობრივი სწავლებისა ქმნის, რა თქმა უნდა, განსხვავებას საკუთრივ ტერმინ “ეზოტერულობის” გაგებაშიც. ჩვენ კვლავ შევახსენებეთ მსმენელებს, რომ ტერმინები “ეზოტერული”, ბერძნულად რომ მოვიხმოთ “ესოტერისმოს” ანდა “ესოტერიკოს”, ეს გახლავთ მართლმადიდებლური ტერმინები მიტაცებულნი ერეტიკოსთა მიერ (მიტაცება არ ნიშნავს მხოლოდ ტერმინის წაღებას), შინაარსშეცვლილი მათ მიერ, გადაგვარებულნი. ამიტომ როდესაც მსმენელს და მკითხველს ერთდაიმავე ტერმინს სთავაზობს მაგ. წმ. გრიგოლ ნოსელი (რომელსაც აქვს ცნობილი გამონათქვამი მაგ. ასეთი: “ჰე ესოტერიკე მისტაგოგია”) და იმავე ტერმინს სთავაზობს რომელიღაც ერეტიკოსი, რა თქმა უნდა, მკითხველი და მსმენელი ვალდებულია იცოდეს რა გაგებას დებს ამაში მართლმადიდებელი მოძღვარი (ამ შემთხვევაში წმ. გრიგოლ ნოსელი) და რა გაგებას დებს რომელიღაც სექტანტი, ე.წ. ეზოტერიკოსი. გაგება ასეთი გახლავთ:

როგორც უკვე ვთქვით, როცა ტერმინს “ეზოტერული” იყენებს ერეტიკოსი, მისთვის ეს ეზოტერული ნიშნავს აუცილებლად კერძოობითს ანუ მხოლოდ ზოგიერთი ადამიანისთვის განკუთვნილს, რომელებიც დაბადებითვე არიან ამ რჩეულობისთვის განკუთვნილნი. მათ მხოლოდ გამოფხიზლება, გაშლა, გახსნა სჭირდებათ და საკუთარ თავში აღმოჩენა იმ მარცვლისა, რაც თითქოს ზეციური ნაწილია ამ პირებში. მაგრამ სიტყვათხმარებაში და ღვთისმეტყველებაში გამოყენებული ეს ტერმინი დიამეტრულად საპირისპიროს გულისხმობს. ეკლესიური სწავლება, რა თქმა უნდა, აღიარებს ეზოტერულობას, მაგრამ არა გადაცემადობის ხაზით, რომ ერთი რჩეული მეორე რჩეულს გადასცემს, რომელიც თავის მხრივ მესამე რჩეულს გადასცემს და ასე შემდეგ, თითქოს თაობათა შორის არის აღმატებული რაღაც მწვერვალი, გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ერთმანეთს ამგვარ მემკვიდრეობითობას უქმნიან, არა ამ სახით, არამედ მხოლოდ პიროვნული კუთხით. რას ნიშნავს პიროვნული ეზოტერიზმი?

ნებისმიერი მოძღვრება თანდათანობით შესწავლადია. მყისიერად რაიმეს დაუფლება ადამიანის გონებისთვის შეუძლებელია. ადამიანი ნებისმიერ ხელობაში ნაბიჯ-ნაბიჯ განისწავლება. იქნება ეს დავუშვათ წერა-კითხვაც კი. მან ჯერ ასოები უნდა ისწავლოს, შემდეგ ასოების წაკითხვა, შემდეგ ასოების გამოყვანა უნდა ისწავლოს და მერე შეუძლია მას წერაც და კითხვაც, ეს კი, მოგეხსენებათ, ხანგრძლივი პროცესია. ამა თუ იმ მეცნიერების ფლობა, თუნდაც მათ შორის ეკლესიის ისტორიაში დისციპლინებისა, საკუთრივ საეკლესიო ისტორიაც რომ ავიღოთ, თანდათანობით შესწავლას გულისხმობს, ჯერ ერთი ეპოქისას, მერე მეორე ეპოქისას და ა.შ. აი ეს თანდათანობითობა ყველა ამ მდგომარეობაში სახეზეა, რადგან ეს ადამიანის ბუნებითი თვისებაა, ის თანდათანობით წვდება მოძღვრებას, თანდათანობით ღრმავდება მასში. იგივე ითქმის საღვთისმეტყველო სწავლების მხრივაც. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვყოფთ უდიდეს ღვთისმეტყველთ, დიდ ღვთისმეტყველთ, ღვთისმეტყველთ და მრევლს, რომელიც ღვთისმეტყველებას ეტრფის, მაგრამ მათ ღვთისმეტყველთ ვერ ვუწოდებთ. ყველა მათგანი ერთი ჭეშმარიტების წიაღშია, მაგრამ ყველა მათგანი სხვადასხვა ხარისხითაა ამ წიაღში. მოძღვრებაში უფრო და უფრო ჩაღრმავებას არათუ უარყოფს მართლმადიდებლობა, არამედ განღმრთობის აუცილებელ პირობად მიიჩნევს მას. ვისაც ჭეშმარიტების შემეცნება სწყურია, ის ამ ჭეშმარიტებაში მარადიულად ღრმავდება და ეს მარადიული ჩაღრმავება ჭეშმარიტებაში არასოდეს დასრულდება. არასოდეს არ დასრულდება იმიტომ, რომ თვით ჭეშმარიტება არის დაუსრულებელი, უსასრულო, ამოუწურავი. შესაბამისად ამ ჭეშმარიტების მეძიებელი, ამ ჭეშმარიტების სიღრმეში შესული გონება სულ უფრო წინ დგავს ნაბიჯებს, სულ უფრო ღრმა და ღრმა სივრცეების მჭვრეტელი ხდება ის და ეს არის უსასრულო პროცესი. მაგრამ ესაა პიროვნული განღმრთობის გზა. ადამიანი, რომელიც პიროვნულად ღრმად წვდება მოძღვრებას, რა თქმა უნდა, უფრო დაწინაურებულია, ვიდრე რომელიმე კათაკმეველი, რომელიც მხოლოდ მოიქცა ქრისტიანობაზე, მაგრამ მოძღვრების წიაღში მას ჯერ ნაბიჯი არ გადაუდგავს, ტაძარში შესულადაც კი არ ითვლება ის, ვიდრე არ მოინათლება. სხვა არის ახალმონათლულთა, ახალქრისტიანთა მდგომარეობა და სხვა არის უკვე სულიერი წარმატების აღმატებულ საფეხურზე მყოფი პიროვნება. თვით სათნოებითი ღვთისმეტყველების კუთხითაც (სათნოებითი კიბე ზოგჯერ ხელნაწერებში ხატობრივადაც არის გამოსახული) ერთი ამ სათნოებითი სისრულის ზემორე საფეხურზეა, მეორე ქვემორეზე, სხვა უფრო დაბლა, ზოგი კი საერთოდ მწვერვალზე და ა.შ. არის მრავალი ამგვარი გამოსახულება, სადაც მწვერვალსაც კი აცილებულია ზოგიერთი, ანუ ისინი უკვე სასუფეველში შედიან. ასე რომ, მარადიული პიროვნული წვდომა ჭეშმარიტებისა, სწრაფვა ჭეშმაირტებისკენ განაპირობებს განღმრთობის ერთ გზაზე სხვადასხვა ხარისხებს. პიროვნება ამა თუ იმ მომენტში თავისი წინსწრაფვისა, ამა თუ იმ საფეხურზე იმყოფება, მეორე მომენტში, თუკი ის დაწინაურდება და არ გამრუდდება მისი გზა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აღმატებულ საფეხურზე იმყოფება, შემდეგ უფრო აღმატებულ საფეხურზე და ა.შ. ეკლესიის მამები გვასწავლიან, რომ მარადიულ პროგრესს განიცდიან თვით ზეციური ძალებიც, რომ ანგელოზური იერარქებიც მარად და მარად, უფრო და უფრო აღმატებული ძლიერებით ისწრაფვიან ღვთისკენ, ჭეშმარიტებისკენ და ესეც ამავე პროცესის ამსახველია, ამ ერთი გზის გამოხატულებაა. მხოლოდ ამ კუთხით გამოიყენება ეკლესიის მამათაგან ტერმინი ეზოტერული, ანუ როგორც უფრო შინაგანი, უფრო სიღრმისეული.

წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: “საღვთო წერილის სიღრმე ამოუწურავია და რაც უფრო ღრმად შევდივართ მასში, უფრო და უფრო მეტი სიღრმეები წარმოგვიჩნდება. ისევე როგორც საკმეველს, რაც უფრო მეტად ვფხვნით თითებში, უფრო და უფრო მეტ კეთილსურნელებას გამოსცემს ის, ასევე რაც უფრო ჩვენ მეტად ვწვდებით საღვთო წერილს, ახალ-ახალი სიღრმეები წარმოგვიჩნდება მის წიაღში”. წმ. გრიგოლ ნოსელს აქვს ასეთი სახე შემოტანილი, რომელიც ამავე საკითხს უფრო ნათლად წარმოგვიჩენს. ის ამბობს: “წარმოვიდგინოთ მწვერვალზე ლოდი. თუ ამ ლოდს ბიძგი მიეცემა და ის დაგორდება ფერდობზე, ეს ლოდი რაც დრო გავა უფრო და უფრო სწრაფად იმოძრავებს ქვემოთკენ, სიღრმისკენ, შიგნით. და თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს ფერდობი დაუსრულებელია, მაშინ ადვილი წარმოსადგენი იქნება თვით ამ ლოდის მდგომარეობაც. ის უსასრულოდ, უფრო და უფრო გაძლიერებადი და მზარდი სიჩქარით იმოძრავებს ქვემოთკენ, სიღრმეში”. ეს ყოფითი მაგალითი გახლავთ და თუ ამ ყოფით მაგალითს მოძღვრებაზე გადავიტანთ, ამგვარ სახეს მივიღებთ: “ფერდობი” ეს გახლავთ ღვთისმოცოდნეობის, ჭეშმარიტების წიაღი და ამ ჭეშმარიტების წიაღში, რაწამს ერთგზის ჩაღრმავდება ადამიანური გონება, ისევე როგორც მწვერვალიდან დაგორებული ლოდი, თუ მას ბიძგი მიეცემა, და ეს ჩაღრმავება ყოველგვარი დაბოლოების გარეშე წარმიმართება, ე.ი. რაიმე გამრუდება მას არ შეემთხვევა (დავუშვათ რომ წარმოვიდგინოთ ფერდობზე ლოდს რაიმე დაბრკოლება არ შეხვდეს და სრბოლა არ შეუჩერდეს), ის უფრო და უფრო მეტი წინსწრაფვით ჩაღრმავდება მასში, უფრო და უფრო შიგნით შევა ამ მოძღვრებისა. მაგრამ ის შევა არა რაღაც რჩეულთა, ელიტარული ხაზის მემკვიდრედ, ეს ყოვლად შეუძლებელია, არამედ ღვთის ნებაზე დაფუძნებული საკუთარი პირადი ძალისხმევის მეშვეობით. ახალ-ახალთა შემეცნებისკენ იმოძრავებს მარადიულად მისი გონება ანუ უფრო და უფრო შიგნით შევა ჭეშმარიტებაში. აი ამ გაგებით გამოიყენებენ ეკლესიის მამები ტერმინს “ეზოტერული” ანუ უფრო და უფრო შინაგანი, უფრო და უფრო სიღრმეში შესვლა. ვინც უფრო ღრმადაა შესული მოძღვრებაში, ის უფრო დიდი ღვთისმეტყველია, ხოლო ვინც უფრო ნაკლებადაა ამ სიღრმეში წვდომილი, ის, რა თქმა უნდა, ღვთისმეტყველების სიღრმეებს ასევე უფრო ნაკლებად წვდება. უფრო დიდი ღვთისმეტყველნი არიან სერაფიმები, ვიდრე ქერუბიმები; ქერუბიმები უფრო დიდი ღვთისმეტყველნი არიან, ვიდრე საყდარნი და ა.შ. ჩვენ ვასახელებთ ანგელოზთა მწკრივებს, რაც ეკლესიისგან დადგენილია, 9 მწკრივი, ზეციური 9 დასი ანგელოზებისა, ჩამოყალიბებული და ღვთისმეტყველურად პირველად განმარტებული წმ. დიონისე არეოპაგელის მიერ და მათ შორის ზემოდან ქვემოთ ასეთი მიმდევრობაა, რომ ყველაზე აღმატებულნი არიან სერაფიმები, შემდგომ ქერუბიმები, შემდგომ საყდარნი, უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი. ამ ანგელოზთა დასების ზემოდან მეცხრე დასს საკუთრივ ანგელოზები ეწოდებათ. დასობრივი იერარქია გულისხმობს იმას, რომ სერაფიმები უფრო ჩაღრმავებულნი არიან ჭეშმარიტებაში, ყველაზე ახლოს არიან ღვთიურობასთან მიახლებულნი, შემდეგ ქერუბიმნი და სხვა. შესაბამისად უფრო სიღრმეში შესულნი სწორედ სერაფიმნი არიან, მართლმადიდებლური გაგებით უფრო ეზოტერიკოსები სწორედ ისინი არიან ანუ უფრო სიღრმისეულნი, უფრო შინაგანნი, შემდგომ ქერუბიმები და ა.შ.

ეს მხარე, რომ პიროვნული სიღრმისეული წვდომა არის ეკლესიური სწავლებით ეზოტერულობა და არა რაღაც ე.წ. საიდუმლოებითი ხაზი კაცობრიობის ისტორიაში, რჩეულთა გამოყოფა კაცობრიობისგან, როგორც ამას ერეტიკოსები ფიქრობენ და ეს პიროვნული ეზოტერულობა, რასაც ეკლესია ყოველთვის აღიარებდა და რაც განღმრთობის საფუძველია, გულისხმობს თავის მეორე აუცილებელ მხარეს. თუკი სექტობრივ ეზოტერიზმში ერთი პირი, რომელიც, ასე ვთქვათ, ეზოტერიკოსი გახდა, ეძიებს არა იმას, რომ ეს თავისი მოძღვრება ყველას გადასცეს, არამედ ეძიებს მეორეს, მისებრ დაბადებითვე რჩეულს, რომ მხოლოდ მას და სხვას არავის გადასცეს ეს მოძღვრება, ეკლესიურ სწავლებაში არის აბსოლუტურად საპირისპირო. პიროვნება რომელიც დაწინაურდება მოძღვრებაში თავისზე უფრო ქვემორეს ეძიებს და არა თავის ტოლს, რომ მას მოძღვრება გადასცეს და შესაბამისად დაეხმაროს მასაც იმ სიმაღლის წვდომაში, რომელზეც თვითონ უკვე დგას, რომელზეც თვითონ უკვე ასულია. ეს მეორე მასზე უფრო ქვემორეს გადასცემს ამ მოძღვრებას, ის კდიევ უფრო ქვემორეს და ა.შ. მთელი კაცობრიობა, ვინც კი ჭეშმარიტებისკენ სვლას ინებებს, ქრისტიანული მოძღვრების წიაღში ჩაღრმავებას ინებებს აუცილებლად ამ დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი გახდება ის და აქაც კვლავ კათოლიკეობა ანუ საყოველთაოობა აღსრულდება მართლმადიდებლური მოძღვრებისა. ჩვენ ყველა ვგრძნობთ, რომ უდიდესი მთელის ნაწილი ვართ, არ ვართ მიტოვებულნი და შორს კი არ ვხედავთ ამ ჭეშმარიტების მოგზაურობას რჩეულთა შორის, არამედ ჩვენც ამ ჭეშმარიტების ნაწილნი ვართ. წინ წასულნი, დაწინაურებულნი მთელ ძალისხმევას და სულიერ ძმურ დამოკიდებულებას იმას ახმარენ, რომ ჩვენც წინ წაგვიყვანონ, ჩვენც დაგვაწინაურონ და შესაბამისად ჩვენზე მხოლოდ ეს მათი სიყვარულისმიერი დამოკიდებულება კი არ გადმოდის, არამედ გადმოდის ის აუცილებელი ვალდებულებაც, რომ ჩვენზე უკან ვინც არიან, ისინიც ასევე ჩვენ, შედარებით დაწინაურებულებმა, უფრო დაწინაურებული სიმაღლეებისკენ წავიყვანოთ და უფრო აღმატებულისკენ ვუწინამძღვროთ. აი ეს არის საეკლესიო გაგებით ეზოტერულობა, მარადიულად უფრო და უფრო შიგნით სვლა პიროვნულად და სხვათათვისაც, რომლებიც ქვემოთ არიან, აქეთკენ გზის ჩვენება, გზის გაკვალვა და მათი წინამძღვრობა.

წმ. დიონისე არეოპაგელი გვასწავლის, რომ სერაფიმები, რა თქმა უნდა, უფრო შინაგანნი არიან, ვიდრე ქერუბიმები, მაგრამ ამავე დროს ისინი ქერუბიმთა წინამძღვრები არიან, ქერუბიმთა მღვდელთმთავრები არიან. ქრუბიმები თავის მხრივ მღვდელთმთავრები და წინამძღვრები არიან საყდართა დასისა, თავის მხრივ საყდართა დასი უფლებათა დასისა და ა.შ. ერთდაიმავე დროს ქერუბიმები შეგირდები არიან სერაფიმებისა, მოწაფეები არიან, დამოწაფებულნი არიან სერაფიმებს ანუ, თუ ძველ ქართულ ტერმინს გამოვიყენებთ, იმღვდელთმთავრებიან სერაფიმთაგან, ე.ი. სერაფიმთა მღვდელთმთავრულ წინამძღვრობას იღებენ, მაგრამ თავის მხრივ თვითონ მღვდელთმთავრობენ საყდართ. საყდარნიც ასევე იმღვდელთმთავრებიან ქერუბიმთაგან, მაგრამ თავის მხრივ მღვდელთმთავრობენ უფლებათა მწკრივს და ა.შ. აი ამგვარი უწყვეტი ჯაჭვი, იერარქიის ამგვარი განუყოფელი მთლიანობა ჭეშმარიტების ღირსეულად მაძიებელი ყველა პირისა სუფევს მართლმადიდებლურ სწავლებაში, მოძღვრებაში, ეკლესიის წიაღში. ამას უწოდებს ეკლესია მართლმადიდებლური შინაარსით ეზოტერულობას, რომ ყველა ჩვენთაგანი მარადიულად უნდა ვწინაურდებოდეთ უფრო და უფრო შიგნით, უფრო და უფრო სიღრმეში. ესაა ღვთისგან ჩვენსკენ მოწოდება, რომ ერთ დონეზე ჩვენ არასოდეს არ უნდა შევრჩერდეთ, უკვე წვდომილი ჭეშმარიტებისგან კიდევ უფრო სიღრმეში უნდა ჩავღრმავდეთ და ეს პროცესი უბოლოოდ, დაუსრულებლად აღმატებადია. ე.ი. არა მხოლოდ დაუსრულებელია (დაუსრულებელი შეიძლება იყოს ერთ დონეზე რაღაც მიმართულების სწრაფვაც), არამედ დაუსრულებლად გაძლიერებადი და დაუსრულებლად აღმატებადი, რასაც ეკლესიის მამები გამოხატავენ სპეციალური ტერმინით “ეპექტასის”. ესაა წმინდა გრიგოლ ნოსელის მიერ ყველაზე უფრო მეტად ჩამოყალიბებული და განმარტებული ტერმინი, რომლის საფუძველიც წმ. პავლე მოციქულია. ეს უკანასკნელი სარგებლობს ბერძნული ზმნით “ეპექტეინომაი”, რომელიც ქართულად თარგმნილია, როგორც “წვთომაი”. აქ იგულისხმება პავლე მოციქულის ცნობილი სიტყვები “მარადის უკანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივწვდები”. ე.ი. ერთხელ მივწვდი და დაბოლოვდა კი არა, არამედ მარადიულად წინ და წინ ვწვდები. ესაა ეპექტასისი, დაუსრულებლად მზარდი ძლიერებით ჩაღრმავება ჭეშმარიტებაში და ახალ-ახალი მშვენიერებების იქ აღმოჩენა

 

13–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=a_R3NfsoG-s

 

როგორ განიმარტება ეკლესიურ ტრადიციაში მოთხოვნა ამა თუ იმ წიგნისა თუ წეს-განგების დაფარულობისა

მსმენელს ალბათ ახსოვს, რომ ჩვენ ვსაუბრობდით იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა საეკლესიო დაფარულობასა და ერეტიკულ ეზოტერიზმს შორის. ვფიქრობთ მსმენელისთვის სრულიად ნათელი დასკვნა გამოვიტანეთ წინა საუბრის ბოლოს, რომ ეზოტერიზმი ერეტიკული გაგებით აუცილებლად სექტობრიობას გულისხმობს, კერძოობითობას, მხოლოდ დაბადებითვე რჩეულთათვის განკუთვნილობას ე.წ. საიდუმლო მოძღვრებისას. მაშინ როცა ეკლესიური მოძღვრება საყოველთაოა, ყველა ადამიანის ცხონებისთვისაა განკუთვნილი, ვინც კი ინებებს და იღვაწებს ამისთვის. მაგრამ რამდენადაც ეზოტერულობა გამოიყენება, რა თქმა უნდა, ეკლესიურ სწავლებაშიც, ჩვენ შევეცადეთ აგვეხსნა, თუ რა მნიშვნელობით მოიხმობენ ამ ტერმინს (ბერძ. “ესოტერისმოს”, “ესოტერიკოს”) ეკლესიის მამები.

აღვნიშნავდით, რომ მხოლოდ და მხოლოდ პიროვნულად უფრო და უფრო ჩაღრმავებას ჭეშმარიტებაში გულისხმობს ეზოტერულობა მართლმადიდებლური გაგებით. არა იმ აზრით, რომ მე გადმომეცა როგორც რჩეულს სხვა, ჩემზე უწინარესი რჩეულისგან მოძღვრება, მე კიდევ უნდა მოვძებნო ვინც დაბადებითვე რჩეულია, მას გადავცე და ასე შევქმნა რაღაც ხაზი, განცალკევებით მთელი კაცობრიობისგან, დაბადებითვე რჩეული ადამიანებისა, რომლებსაც თითქოს განეკუთვნათ რაღაც განსაკუთრებით საიდუმლო მოძღვრება, არა ეს, არამედ ყველა ჩვენთაგანი ერთი ჭეშმარიტების წიაღში ვართ, მაგრამ არა ერთდაიმავე ხარისხზე. ყოველი ჩვენთაგანი უფრო და უფრო აღმატებულისკენ ისწრაფვის, უფრო და უფრო შინაგანისკენ ისწრაფვის. მთლად ყველაზე უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი პირიც, რომელიც ახლახანს იწყებს ქრისტიანულ მოღვაწეობას, ისიც ამ ასპარეზს თავის წინაშე აუცილებლად გრძნობს, რომ დაწინაურდეს მოძღვრებაში, ჭეშმარიტებაში, უფრო და უფრო შიგნით შევიდეს მოძღვრებისა და მართლმადიდებლური სწავლებით სწორედ ესაა ეზოტერიზმი, აუცილებელი პიროვნული ძალისხმევა ჭეშმარიტების წიაღში შესასვლელად. ეს პირადი ძალისხმევა კი აუცილებლად დამყარებული და დაფუძნებული უნდა იყოს ღვთის ნებაზე, საღვთო მადლზე.

ჩვენ შევჩერდით იმ მომენტზე, როდესაც სახეობრივად წარმოვაჩენდით იმას, თუ როგორ ისწრაფვის უფრო და უფრო შინაგანისკენ პიროვნულად ყოველი ქრისტიანი. და არა მხოლოდ თვითონ ისწრავის და მისი სწრაფვის მიზანდასახულობა არ არის ის, რომ მხოლოდ თვითონ განიღმრთოს, არამედ უფრო შინაგანისკენ ის უწინამძღვრებს მასზე მომდევნოს და მიზანდასახულობა მისი არის ამ უკნასკნელის, მასზე უფრო ქვემორის, მას მოდევნებულის ცხონებაც. იმ მოდევნებულის მიზანდასახულობაა მასზე უფრო წინარეს კვალში მიჰყვეს, მისგან მოძღვრება მიიღოს, მისგან განისწავლოს, მას დაემოწაფოს, მაგრამ ასევე უწინამძღვროს ასევე უფრო ქვემორეს და ა.შ. მთელი ჭეშმარიტებისკენ მსწრაფველთა კრებული აი ამ მარადიული და შეუმუსრავი სურვილით არის თანაშეკრული, თანაშეზრდილი და ყველას, ამავე დროს, თავისი ადგილი, ხარისხი აქვს, ერთიმეორეზე დამოკიდებულება იერარქიული (ვგულისხმობთ სულიერ იერარქიას) სრულიად თვალსაჩინოა და იგივეა, როგორც ამას აღვნიშნავდით, ზეციურ სამყაროში. ამ გაგებით ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს როდესაც ეკლესიურ სწავლებაში ხშირად გამოყენებულს ვპოვებთ ტერმინებს “ესოტერიკოს” და თუნდაც მეორე ტერმინს, პარალელურად ხმარებულს, “მისტაგოგია”. “მისტაგოგიაც” ჩვეულებრივ მიიჩნევა, რომ ესაა რაღაც განსაკუთრებით ნიშანდობლივი, სპეციფიკური ტერმინი, რჩეულთათვის განკუთვნილი საიდუმლო სწავლებების გამომხატველი ანუ იგივე ეზოტერული სექტებისა. მაგრამ სინამდვილეში “მისტაგოგიაც” აბსოლუტურად მართლმადიდებლური ტერმინი გახლავთ, მართლმადიდებელ მამათაგან ცოხველქმნილი თავისი შინაარსით. მეტიც ნაშრომიც არსებობს სპეციალური წმ. მაქსიმე აღმსარებელისა ამ სათაურის მქონე - “მისტაგოგია”. “მისტაგოგია” სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა, ქართულად რომ კალკირებულად ვთარგმნოთ, “მესაიდუმლეთწინამძღვრობა”, მოწაფეთა წინ წაყვანა. ბერძნული “მისტეს” არის პიროვნება, რომელიც მოძღვრებას ეძიებს, მოძღვრების შინაგანობაში, დაფარულობაში, საიდუმლოობაში შესვლას ცდილობს, ვისაც მოძღვრება გადაეცემა. და აი ამგვარ პირთა წინ წაყვანა გახლავთ ამ ტერმინის შინაარსი. ძველ ქართულად ის წმ. ეფრემ მცირის მიერ ასეა თარგმნილი: “მესაიდუმლოეთმყვანებლობაი”. უზენაესი და ჭეშმარიტი მისტაგოგია ეს გახლავთ, პირველ რიგში წმ. ლიტურგია. ჩვენ ამ ტერმინს ამჯერად სწორედ ამ კუთხით ვეხებით, რომ არა მხოლოდ ეზოტერულობა და დაფარულობა, არამედ ეკლესიის წიაღში არსებობს საიუდმლოობაც, მაგრამ სექტობრივი საიდუმლოობა და ეკლესიური საიდუმლოობა კვლავაც დიამეტრულად საწინააღმდეგოა. სექტემბში საიდუმლო მხოლოდ ერეტიკული გაგებით ეზოტერიზმის შინაარსით არის დატვირთული, რომ საიდუმლო მოძღვრება, საიდუმლო ხაზი იქ კვლავ რჩეულებს გულისხმობს. მაშინ როცა ეკლსიაში საიდუმლო ეწოდება მხოლოდ და მხოლოდ იმ უწმინდეს წესებს, რომლებიც შვიდი საეკლესიო საიდუმლოს სახით არის დასაფუძვლებული მაცხოვრის მიერვე. მათ საიდუმლონი ეწოდებათ იმიტომ, რომ შინაარსით ისინი ამოუწურავნი არიან, გვანიჭებენ განღმრთობას, რაც ასევე საიდუმლოებითია, რადგან როდესაც წყალი დაგვესხმის ნათლობის ჟამს, გარეგნული შეხედულებით ეს წყალი ჩვეულებრივი წყალია, მაგრამ უზენაეს აღმოშობილობას გვანიჭებს ის, ძველი ქართული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, გვიწყაროებს ჩვენ სულიერ მადლს და ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ წყალი იკურთხება, მასზე გარდამოწვევა ხდება ყოვლადწმინდა სულისა და აღესრულება უწმინდესი წესი, რომელსაც ნათლობის წესი ეწოდება. გარეგნულად თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივია, მაგრამ საიდუმლოთა მოქმედების ნაყოფი არის იმდენად აღმატებული, რომ ადამიანური გონება ამას, რა თქმა უნდა, ვერ მიწვდება. ადამიანური გონება იღებს სწავლებას ყველა საეკლესიო საიდუმლოს შესახებ, მაგრამ შინაგანად როგორ აღსრულდება, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საღვთო საიდუმლოა, უდიდესი საიდუმლოა და ამიტომ ეწოდება ყველა საეკლესიო წესს საიდუმლო. ზიარების წესი, იგივე ლიტურგია, რომელსაც ასევე საიდუმლო ეწოდება, ამ საიდუმლოთა გვირგვინია. მას ზოგჯერ საიდუმლოთა საიდუმლო ეწოდება, ანდა იწოდება როგორც შემზარავი საიდუმლო, თავზარდამცემი საიდუმლო, რადგან ამ საიდუმლოს ჟამს მართლაც არა მხოლოდ ადამიანისთვის, არამედ მთელი ქმნილებისთვის მარადიულად მიუწვდომელი რამ მოვლენა აღესრულება. ერთი მხრივ ის, რომ ჩვეულებრივი პური და ღვინო ჭეშმარიტად გარდაიქმნება მაცხოვრის უხრწნელ სისხლად და ხორცად და მეორე მხრივ მაცხოვრის უხრწნელ სისხლსა და ხორცს ვიღებთ ჩვენ ადამიანები. ე.ი. ღვთის სისხლსა და ხორცს ვიღებთ და მისით ვსაზრდოობთ ჩვენ ადამიანები. აი ეს ორი, ადამიანისა და ზოგადად ქმნილებისთვის მარადიულად მიუწვდომელი და მარადიულად აუხსნელი თვისება აქვს ზიარების საიდუმლოს და ამიტომაა ის საიდუმლოთა საიდუმლო. ისევე როგორც მღვდლობის საიდუმლო ნებისმიერი თავისი წესით, შინაგანად რაც იგულისხმება, ასევე საიდუმლოებითია, რადგან გარეგნულად ის თითქოს ჩვეულებრივ აღესრულება, ამ დროს კი უდიდეს ცხოველმყოფელობას შეიცავს და გვანიჭებს ჩვენ. აგრეთვე ქორწინების საიდუმლო, მირონცხების საიდუმლო, შემდეგ სინანულის საიდუმლო, რომელსაც მეორე ნათლისღებას უწოდებენ ეკლესიის მამები. ზოგჯერ ეკლესიის მამებთან ასეთი ჩვენგან მიუწვდომელი სწავლებაცაა გამოთქმული, რომ ნათლობის საიდუმლოზე მაღლაც კია დაყენებული სინანულის საიდუმლო. წმ. იოანე სინელთან რამდენჯერმეა ეს ხაზგასმული, იმ გაგებით, რომ ნათლობის ჟამს ერთგზის მივიღეთ მიტევება ცოდვათა და აბსოლუტურად განვიწმინდეთ ყველა ცოდვისგან, მათ შორის პირველცოდვისგანაც. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამქვეყნად ჩვენ უდიდესი ნაწილი ნათლობის შემდგომ ვიხუნძლებით ცოდვებით და კიდევ უფრო მეტად ცოდვილნი ვხდებით, ვიდრე ნათლობამდე ვიყავით. თუნდაც იგივე ცოდვები აღვასრულოთ, რაც ნათლობამდე გვქონდა და უფრო მეტი არა, მაინც უფრო მეტად ცოდვილნი ვხდებით, რადგან სხვა არის ცოდვა მანამდე აღსრულებული ვიდრე სიწმინდეს მივიღებთ და სხვა არის ცოდვა თავისი სიმძიმით შემდეგ აღსრულებული, როდესაც სიწმინდეს მივიღებთ. აქ უკვე მხოლოდ ცოდვა კი აღარაა, არამედ არის ამავე დროს სიწმინდის შეურაცხყოფაც და ამიტომ უფრო მეტად დასნეულებულნი ვართ, როდესაც ვცოდავთ სიწმინდის მიღების შემდეგ. და როდესაც ამგვარად ცოდვილნი ვართ ნათლობის შემდეგაც, რა გადაგვარჩენს ჩვენ, რომ არ იყოს სინანულის საიდუმლო. ჯერ პირადად შევინანებთ, ჩვენს დანაშაულს ვაცნობიერებთ, ეს პირადი სინანული გვიბიძგებს იქეთკენ, რომ აღსარება წარმოვთქვათ სამღვდელო პირის წინაშე და სამღვდელო პირისგან, როგორც სულიერი შემსრულებლისგან, ღვთის მიერ შეგვენდობა, თუ ამის პირობა არსებობს მაშინვე, ანდა გარკვეული ეპიტემიის შემდეგ, ყველა აღსრულებული ცოდვა. აქედან სავსებით აშკარაა რა უდიდესი საიდუმლოებითი ზემოქმედება ჰქონია სინანულს ჩვენზე.

ამრიგად, საეკლესიო წიაღში საიდუმლო ეწოდება მხოლოდ იმ უწმინდეს წეს-განგებებს, რომლებიც ჭეშმარიტად ცხოველმყოფელობას გვანიჭებენ და მათ საიდუმლონი, ამ ჩვენთვის გონებით მიუწვოდმელი სულიერი მოქმედების გამო აქვთ. საფუძველი ყველა ამ საიდუმლოსი, როგორც აღვნიშნეთ, მაცხოვარია, მაცხოვრის განაკცებაა და ამ საიდუმლოთა ნაგულისხმევობაც უნდა ვიფიქროთ ჩვენ წმინდა დიონისე არეოპაგელის სიტყვებში, როდესაც ის ამბობს: “ხოლო იესუ საიდუმლოი არს ჩემი განკაცებამდე, ჟამსა განკაცებისასა და შემდგომადცა განკაცებისასა”. “შემდგომად განკაცებისასა” მაცხოვრის, როგორც საიდუმლოს წარმოჩენა წმ. დიონისე არეოპაგელის მიერ მრავალ სხვა დიდ საღვთისმეტყველო სიღრმესთან ერთად აუცილებლად ამასაც გულისხმობს, რომ მაცხოვარმა, განკაცებულმა ღმერთმა დააწესა ჩვენს საცხოვნებლად ის უწმინდესი წეს-განგებანი, რომლებიც ჩვენ სულიერ აღმოშობას და განღმრთობას აღასრულებენ, თუკი ჩვენივე ნებით არ დავბრკოლდებით და არ მოვაკლდებით ამ ცხონებას. ამრიგად, საეკლესიო წიაღში საიდუმლო მხოლოდ ამ აზრით გამოიყენება. რა თქმა უნდა, აქ არაა საუბარი პირობით ხმარებაზე ტერმინისა. პირობითობა ფართო არეალს უქმნის ნებისმიერი სიტყვის გამოყენებას. ჩვენ კონკრეტული საღვთისმეტყველო შინაარსით ტერმინ საიდუმლოს გამოყენებაზე ვსაუბრობთ. მაშინ როცა სრულიად სხვა გაგება აქვს საიდუმლოს ეზოტერული სექტების სწავლებით.

ამრიგად, ტერმინი “საიდუმლოც”, ბერძნულად “მისტერიონ” (ზოგჯერ ეს ტერმინი ერეტიკული სექტების მიერ არ ითარგმნება, რადგან, კვლავ აღვნიშნავთ, ეფექტს ახდენენ მსმენელსა თუ მკითხველზე. სინამდვილეში ესაა ტერმინი, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც “საიდუმლო” და ის არ შეიცავს რაღაც განსაკუთრებულ იდუმალებით შინაარსს, მაგიური ელფერი მას აბსოლუტურად არ აქვს, რაც არ უნდა ცალკეულმა პირებმა მიანიჭონ მას), ტერმინები “ესოტერიკოს”, “ესოტერისმოს”, ტერმინი “მისტაგოგია” (ძვ. ქართულად “საიუდმლოთმყვანებლობა”), თუნდაც ქართული “განდობა” (ბერძნ. “მიუესის”), “ღვთივგანბრძნობილობა”, “ღმრთივგანბრძნობილი” (ბერძნ. “თეოსოფია”, “თეოსოფოს”), კიდევ სხვა ანალოგიური ტერმინები, რომლებიც ხშირად გვხვდება ე.წ. თანამედროვე ეზოტერულ ლიტერატურაში, ყველა მათგანი გახლავთ მართლმადიდებლური შინაარსით ცხოველმქნილი, განსულიერებული ტერმინები და ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიჩინოთ ძალისხმევა იქეთკენ, რომ ეკლესიის მამათა შრომების კითხვისას ამ ტერმინების წაწყდომისას არ დავბრკოლდეთ და, რა თქმა უნდა, არ გვძლიოს თანამედროვე ცრუ გაგებებმა ამ ტერმინებისა. ვაცნობიერებდეთ უნდა მათ მართლმადიდებლურ ცხოველ შინაარსს და ამ შინაარსითვე შევიმეცნებდეთ მათ.

ვთვლით, რომ ეს განმარტება აუცილებელი იყო, როდესაც აპოკრიფების ჟანრთან დაკავშირებით ვსაუბრობდით, იმიტომ, რომ აპოკრიფულობას ეზოტერულობა ზოგჯერ მიეტმასნება და რადგან სრულიად აშკარაა, რომ აპოკრიფები ეკლსიაში სუფევს, გამოიყენება, ზოგიერთები ამას საფუძვლად მიიჩნევენ იმისა, რომ თითქოს ეკლესიაშიც არსებობს ეზოტერიზმი იმ გაგებით, რა გაგებასაც ამ ტერმინში სექტები დებენ. ჩვენ ზოგადად უკვე აღვნიშნეთ, რომ ეს აბსოლუტურად შეუძლებელია.

მაგრამ უკავშირდება თუ არა აპოკრიფებს ეზოტერიზმი? ეზოტერიზმი აპოკრიფებს აბსოლუტურად არ უკავშირდება. დაფარულობას უკავშირდება ეზოტერულობა, მაგრამ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ის დაფარულობა, რაც გულისხმობს ცალკეული შრომების მრავალთაგან დაცვას, წარმართული სნეულებით შეპყრობილ პირთაგან დაცვას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული შრომები ეკლესიის მამებს ელიტარული, რჩეულთა ხაზისთვის განკუთვნილი ძეგლების სახით შეუქმნიათ. სიწმინდეები, ისევე როგორც წმინდა ხატი, ანდა წმინდა საეკლესიო ნივთი ბევრისგან ხელშეუხებელი უნდ აიყოს, არა იმიტომ, რომ ელიტარული ადამიანებისთვისაა ის განკუთვნილი, არამედ იმიტომ, რომ არ შეირყვნას უკეთურთაგან, არ დაზიანდეს მათი სნეული მზერისა თუ ხელისგან. ასევეა წმინდა სწავლებანიც, რომ ისინიც უნდა მიეწოდოს პიროვნებას, რომელიც სიწმინდით ეძიებს მას და არა, რა თქმა უნდა, გაუკუღმართებისა და შერყვნის მიზნით. ამ გაგებით მრავალი ძეგლი გადარჩენილა, მრავალი ძეგლი სიწმინდეშენარჩუნებულა, თუმცა ყოველთვის შედეგი ვერ მიღწეულა. ესეც აუცილებლად აღსანიშნია. ამ სამწუხარო შედეგზე ერთი ნიმუშის სახით ვიმსჯელებთ ორიოდე სიტყვით.

უძველეს პერიოდში საეკლესიო წიაღში შეიქმნა ერთ-ერთი უდიდესი ძეგლი სახელწოდებით “მოციქულთა განწესებანი” (“დია ტაქსეის ტონ აპოსტოლონ”), ანდა ძველი ქართული ფორმით თუ ვიტყვით “განწესებანი მოციქულთანი”. ეს ძეგლი მართალია მოციქულთა სახელწოდებითაა, მაგრამ დაწერილობითი თვალსაზრისით ეკუთვნის წმინდა კლიმენტი რომაელს, მოციქულთა უშუალო ისტორიულ მოწამფეს (მოციქულთა მოწამე შესაძლოა უფრო გვიანდელი მოღვაწეც იყოს, სულიერად დამოწაფებული მოციქულებს, მაგრამ კლიმენტი იყო ისტორიული გაგებით მოწაფე, კონკრეტულად პეტრე მოციქულისა). უფრო ზუსტად თუ ვიტყვით რაც მოციქულებმა გადასცეს კლიმენტის ზეპირად, რა განწესებანიც გადასცეს მას, ეს ყოველივე მან წერილობითად წარმოადგინა. აღნიშნული ძეგლი თავის დროზე გახლდათ უაღრესად გამორჩეული სხვა ძეგლებისგან. იმდენად გამორჩეული, რომ ის ერთი მხრივ შექონდათ ახალი აღთქმის კანონში და მეორე მხრივ ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნთა შორისაც გარკვეულწილად გამოარჩევდნენ. ამ მხრივ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ძეგლი, რომელსაც თითქმის იგივე სახელწოდება აქვს, “მოციქულთა კანონები”. “დიდი სჯულის კანონი” ბევრს სმენია, რა თქმა უნდა, რომლის დანიშნულებაცაა საეკლესიო მოღვაწეობის მკაცრი რეგლამენტირება და ამ უდიდესი წიგნის მესაფუძვლე და პირველი ძეგლი გახლავთ სწორედ “მოციქულთა კანონები” (85 კანონი მოციქულებისა), ამით იხსნება “დიდი სჯულის კანონი”. საკუთრივ “სჯულის კანონი” იმ სახით, რა სახითაც დღეს ეკლესიაში მოქმედებს, IX ს-ის დიდმა მოღვაწემ წმ. ფოტი პატრიარქმა შეადგინა, რომელმაც მცირედი რედაქციული ცვლილებები განიცადა შემდეგში. არსებითად ისაა ფოტი პატრიარქის მიერ ჩამოყალიბებული რჯულდებითი შრომა. მაგრამ მანამდე “სჯულის კანონად” მიიჩნეოდა სწორედ აღნიშნული მოციქულთა 85 კანონი და ეს ძეგლი გახლდათ მცირე “სჯულის კანონი”. 85-ე კანონში ამ ძეგლისა ჩამოთვლილია, სხვათაშორის, ახალი აღთქმის კანონიკური წიგნები, თუ რა წიგნები შედის ახალ აღთქმაში მოციქულთა განწესებით. ბოლო წიგნად დასახელებულია “საქმე მოციქულთა”, მაგრამ მანამდე (ე.ი. ახალი აღთქმის წიგნთა შორის) არის დასახელებული სწორედ “მოციქულთა განწესებანი”. კერძოდ ძველ ქართულ თარგმანში, რომელიც წმ. არსენ იყალთოელის მეირაა შესრულებული, ჩვენ ვკითხულობთ (ჩამოთვლილია ოთხი სახარება, პავლე მოციქულის 14 ეპისტოლე, შემდეგ კათოლიკე ეპისტოლენი, შემდეგ არის, სხვათაშორის წმ. კლიმენტი რომაელის ორი ეპისტოლე (რაზეც ჩვენ შემდგომ ვიმსჯელებთ) და შემდგომ არის ნათქვამი): “და განწესებანი ჩუენ (ეს იმიტომ, რომ მოციქულები ამას ზეპირად პირველ პირში ამბობენ) მოციქულთანი კლიმინტოის მიერ აღწერილნი, რომელთაი არა ჯერ-არს ყოველთა საანჯმნო ყოფაი (ე.ი. ყველას წინაშე მისი წაკითხვა არ არის სავალდებულო), მათ შორის მყოფთათვის საიდუმლოთა”. ე.ი. ერთადერთი წიგნი, რომელსაც კომენტარი ახლავს და უაღრესად აღმატებული კომენტარი მითითებულ კანონში ჩამოთვლილ წიგნებს შორის (კომენტარი შეიძლება რაიმეს უარყოფითი მნიშვნელობითაც ახლდეს), გახლავთ სწორედ “მოციქულთა განწესებანი”. ე.ი. ის უბრალოდ კანონიკური წიგნი კი არ ყოფილა, ამ კანონიკურ წიგნთა შორისაც განსაკუთრებული და არა ყველასთვის განკუთვნილი “მათ შორის მყოფთათვის საიუდმლოთა”. ვინმეს, ე.წ. ეზოტერიკოსს შეიძლება თანამედროვე სექტობრივი გაგებით მოეჩვენოს, რომ ეკლესიაშიც ყოფილა რაღაც დაფარული და ეს ვითომცდა საკუთარი შეხედულების დასადასტურებლად გამოიყენოს. სინამდვილეში აქ “საიდუმლო” გულისხმობს იმას, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, კერძოდ საეკლესიო წმინდა წესებს, შვიდ საეკლესიო საიდუმლოს. ძველად ყოველთვის ასეთი ტრადიცია გახლდათ, ვიდრე XIV საუკუნემდე და უფრო მოგვიანებითაც კი, რომ უწმინდესი საეკლესიო წესები დაწვრილებით წერილობითად არასოდეს არ აღიწერებოდა. ჩვენ გვაქვს პირველაღწერილობანი შვიდი საეკლესიო საიდუმლოსი, თუნდაც მაგალითად წმ. დიონისე არეოპაგელის შრომაში “საეკლესიო მღვდელთმთავრობის შესახებ”, სადაც ნათლობის, ზიარების, მირონცხების, მონაზვნად სრულყოფის და სხვა წესებია წარმოდგენილი, ანდა თუნდაც III ს-ში წმ. იპოლიტე რომაელის “სამოციქულო გადმოცემა” და სხვა შრომები, მაგრამ ამ შრომებში არის მხოლოდ ძირითადი შტრიხები წარმოჩენილი წერილობითად, მაგრამ არა დეტალიზებულად ყველაფერი. მაგალითად დიონისე არეოპაგელთან როდესაც ზიარების საიდუმლოა აღწერილი, კვეთა საერთოდ არაა გამოყოფილი, ყველაზე საიდუმლოებითი და უწმინდესი ნაწილი. იმიტომ, რომ ეს საჯაროდ ყველასთვის საცოდნელი არ გახლდათ, არ იყო აუცილებელი, რომ მღვდელმოქმედების ყველა პუნქტი მრევლის წევრს ცოდნოდა. ისენი წერილობით არასოდეს არ აღიწერებოდა. დიაკონი მღვდლობას სწავლობდა უშუალოდ მოქმედებაში, როდესაც ის მღვდლის თანაშემწედ მოქმედებდა და აღასრულებდა გარკვეულ მსახურებებს, მღვდლობას სწავლობდა მღვდელთან თანამშრომლობაში. სამღვდელო პირი ეპისკოპოსობას და საეპისკოპოსო ქმედებას სწავლობდა სწორედ ეპისკოპოსის გვერდით და ეს ხილვადად მოქმედებაში შეისწავლებოდა მათგან და ასე გადადიოდა თაობიდან თაობაში. თვით XIII-XIV სს-შიც კი, როდესაც შვიდი საეკლესიო საიდუმლოს მთლიანობითი აღწერილობანი მოგვცა ჩვენ უდიდესმა მოძღვარმა წმ. სვიმეონ თესალონიკელმა, ისიც კი ძალიან ზოგადია. იქაც მხოლოდ არსებითი, უზოგადესი შტრიხებია წარმოჩენილია, მაგრამ არა დეტალიზებული. იმიტომ, რომ აპრობირებული ეკლესიისგან ასეთი რამ არასოდეს არ ყოფილა, რომ საეკლესიო წესები, რაც ყველასთვის არაა განკუთვნილი, ყველა არაა მღვდელი, ყველა არაა ეპისკოპოსი და ეს მხოლოდ მათგან შესასრულებელია, რა თქმა უნდა, დეტალიზებულად, დაწვრილმანებით ყველაფრის აღწერა და გამოფენა არასოდეს აპრობირებული არ გახლდათ.

სხვათაშორის ამ მხრივ ჩვენ მთლად ვერ გავამართლებთ თანამედროვე მცდელობას იმისას, რომ თუნდაც უწმინდესი მსახურება ზიარებისა თითქმის სრულად ილუსტრაციებით, კონკრეტული აღწერილობებით მასობრივად იყოს მიმოფენილი. შეიძლება ეს რაღაცნაირად გამოიცეს, მაგრამ მხოლოდ იმ პირთათვის, რომლებიც ამის შემსრულებელნი არიან და ანდა ამის შემსრულებელნი უნდა გახდნენ. მაგრამ მასობრივად გავრცელება და გაყიდვა ამ ყველაფრისა ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი, ყოველშემთხვევაში მთელი ტრადიცია ამის საწინააღმდეგოა. აი ეს იგულისხმება “მოციქულთა განწესებების” “საიდუმლონში”, რომ რადგანაც საეკლესიო წესები იმ უადრეს პერიოდში მხოლოდ ამ ძეგლში იყო სხვებთან შედარებით დეტალურად აღწერილი, შესაბამისად ისინი ყველასთვის საჯაროდ წასაკითხად დაშვებული არ იყო და, რა თქმა უნდა, ეს მხარე “მოციქულთა განწესებანის” გამორჩეულობას მიუთითებდა.

მაგრამ მიუხედავად ამგვარი სიფრთხილისა, მომდევნო საუკუნეებში მაინც მოხდა ამ წიგნის (“მოციქულთა განწესებანი”) მრავალთაგან გაცნობა, გადამწერთა მიერ, როდესაც მათ გაიცნეს ეს წიგნი, თვითნებური მინარევების შეტანა და მისი დამახინჯება. აქ ასეთი ვითარებაა, რომ ესა თუ ის გადამწერი ზოგჯერ პრეტენზიული იყო, მასაც თავისი განსწავლულობა ჰქონდა, ინფორმაციას ფლობდა, თუნდაც საეკლესიო მსახურების შესახებ და წაიკითხავდა რა ამ წიგნს, რომელიც უნდა გადაეწერა, ზოგჯერ შეიძლებოდა ვერ ეპოვა ისეთი რამ, რაც მას რომელიღაცა კერძო პირმა გადმოსცა და კერძო ტრადიციაში არსებობდა, ანდა ზმანებითი რაღაც იყო თუნდაც მის გონებაში, რასაც თვლიდა, რომ ამგვარი რამ მღვდელმსახურებას შემატებოდა. მიუმატებდა მართლაც ტექსტს, თავისი წესისამებრ შეავსებდა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმ სიწმინდეს აუკუღმართებდა ამ წიგნს რომ თავდაპირველად ჰქონდა. ამიტომ მოხდა, რომ უკვე VI-VII სს-ში ეს წიგნი მრავალი ამგვარი არაჭეშმარიტი შევსებით დაიტვირთა და უკვე მკითხველისთვის, ცხადია, ძნელი გასაგები იყო თავდაპირველი უწმინდესი ტექსტი და თუ რა შეერია მას მოგვიანებით. შესაბამისად ტრულის VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ გამოიტანა სპეციალური დადგენილება ამ წიგნთან დაკავშირებით. ამ დადგენილებაში ჯერ ისაა ხაზგასმული, რომ მოციქულთა 85-ე კანონი თხზულებას სახელწოდებით “მოციქულთა განწესებანი” უწმინდეს წიგნად აღიარებს, მაგრამ იქვე მითითებაცაა იმაზე, რომ საუკუნეთა მანძილზე ამ წიგნს შეერია ბევრი რამ უკუღმართი და ამიტომ ის აკრძალული უნდა იქნეს საეკლესიო გამოყენებისთვისაც და მითუმეტეს ფართო წაკითხვის მხრივ. აქ საყურადღებო ის გახლავთ, რომ ერთიდაიგივე ძეგლთან დაკავშირებით დაახლოებით ერთიდაიგივე გაფრთხილება ორგზის გამოითქვა, დაფარულობა მრავალთაგან. მაგრამ პირველ შემთხვევაში გამოითქვა სრულიად სხვა შინაარსით, რომ განსაკუთრებული სიწმინდის გამოა მრავალთაგან ეს წიგნი დასაფარავი და მეორე შემთხვევაში უკვე უარყოფითი მიზანდასახულობით, რომ მრავალთაგან დასაფარავია, რადგან ბევრი რამ არის მასში შერყვნილი და გაუწმინდურებული. ასეა თუ ისე ეს წიგნი არის ერთ-ერთი სამწუხარო ნიმუში იმისა, რომ ჩვენი, კაცობრივი, ადამიანური გაუფრთხილებლობით დავაზიანეთ ასეთი სიწმინდე. ამიტომ გასაკვირი არ არის, თუ რატომ ითხოვდნენ ეკლესიის მამები ზოგ შემთხვევაში მათი უწმინდესი სწავლებების მოუმზადებელ პირთაგან დაცვას. აქ მოუმზადებელ პირებში ზოგჯერ შესაძლოა ქრისტიანებიც იგულისხმებოდნენ. ქრისტიანისთვის არ კმარა მხოლოდ სახელწოდება, ანდა მონათლულობა. თუ ის გონებით ისევე გაუკუღმართებულია, როგორც ვინმე წარმართი, ვინმე ერეტიკოსი, თავისთავად ცხადია, არც მისთვის არ უნდა იყოს მისაწვდომი ისეთი სიწმინდეები, რომლებსაც თავის ჭკუაზე გადააკეთებს და სხვა. აი ამგვარ პირთაგან განრიდება წმინდა წიგნებისა, ეს ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა, ამა თუ იმ შრომაში მკვეთრად გამოხატული, წერილობითად და ზეპირადაც ხშირად გამოთქმული ეკლესიის მამათაგან და ეს განაპირობებდა საეკლესიო დაფარულობის იმ პირველ მხარეს, რაზეც ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით, რომ დაფარულობა ამ შემთხვევაში სიფრთხილის, სიწმინდის გაფრთხილების მიზანდასახულობით, ესაა საეკლესიო დაფარულობის ერთი გაგება. აქ რომელიმე ადამიანი კი არ არის გამოკლებული ამ სიწმინდისგან, რომ ვინმე დავუშვათ ვერ შეწვდება მას, არამედ უწმინდურზეა ლაპარაკი, გაუწმინდურებულზე. ვიდრე ისინი არ განიწმინდებიან მათ უფლება არ უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ წმინდა ხატების ამბორისა, არა მხოლოდ წმინდა ნივთების შეხებისა, არამედ წმინდა სწავლებების თავისი ნებისამებრ ჩხრეკისაც. იმიტომ, რომ ესეც ისეთივე სიწმინდეა, როგორც სხვა ნივთიერი და შეხებადი სიწმინდეებია ეკლესიაში. როგორც იკრძალება მოუნათლავისთვის ტაძარში მართალთა ლიტურგიაზე დასწრება და სმენა, რადგან ის არ არის ჯერ მზად ასეთი სიწმინდის სასმენად და მისაღებად, ამგვარადვე იკრძალება ეკლესიისგან მოუმზადებელი, გაუწმინდურებული და უკეთური პირებისთვის წმინდა სწავლებების მოუფრთხილებლად წინ დაგება, წინ დადება. ესაა ის აუცილებელი ვალდებულება ყველა მოძღვრისა, ყველა ქრისტიანისა, რაც უძველესი საუკუნეებიდან და უშუალოდ სამოციქულო ეპოქიდან მოდის.

 

14–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=Vxapw4r39g0

 

აპოკრიფულ წიგნთა ნაირსახეობანი. “გამოცხადების” კანონიკურად ცნობის ისტორია

ჩვენს წინა საუბრებში ვეხებოდით აპოკრიფების ჟანრს და კონკრეტულად განვიხილავდით საკითხს დაფარულობის შესახებ, რომ საეკლესიო ტრადიციაში არსებობს გამოკვეთილად ორი სახის დაფარულობა. პირველ მათგანზე ჩვენ, რაც შეგვეძლო, დეტალურად ვისაუბრეთ, ესაა დაფარულობა სიწმინდის მოფრთხილების მიზანდასახულობით, მაგრამ არსებობს დაფარულობის მეორე სახეობა, რომელიც გულისხმობს დაფარულობას გარკვეული დამახინჯებისას, გაუკუღმართებისას მრავალთაგან. ე.ი. იფარება ის, რაც არაჭეშმარიტია, ის რაც არაწმინდაა, რომ მრავალნი არ მოაქციოს თავის ქვეშ, მრავალნი არ დაასნეულოს. ამრიგად თუ პირველი დაფარულობა რაც იფარება იმის გაფრთხილებაა, მეორე დაფარულობა მსმენელთა და მკითხველთა გაფრთხილებაა და იფარება ის, რაც არაჭეშმარიტია.

ტერმინი “აპოკრიფი” უფრო გამოკვეთილად ჟანრობრივი თვალსაზრისით მეორე დაფარულობას გულისხმობს, თუმცა ეს ზოგადი დებულება ყოველთვის ასე ამ ჟანრის განმარტებისა და უფრო ფართოდ წარმოჩენის ჟამს შენარჩუნებული ბოლომდე არაა. მართალია ჩვენ ვამბობთ, რომ მეორე დაფარულობა ესაა დაფარულობა ისეთი რამისა, რაც არ უნდა გავრცელდეს საყოველთაოდ, რადგან ის ზიანს მოიტანს, მაგრამ არის ზოგჯერ ძეგლი, რომელიც იფარება მრავალთაგან არა ზიანის მოტანის გამო, არამედ იმის გამო, რომ ის მხოლოდ პირველდაწყებით ეტაპს წარმოადგენს ჭეშმარიტების შესწავლისა და ნორმად, რჯულდებად, რა თქმა უნდა, ის ვერ მიიღება. ჩვენ ფაქტობრივად შეგვიძლია ეს ცალკე სახეობადაც კი გამოვყოთ დაფარულობისა, მაგრამ ამას ამჯერად ვერ შევუდგებით, რადგან მესამე სახეობას დაფარულობა აღარც ქვია. ეს დაფარულობა კი არ გახლავთ, არამედ სავალდებულო ნორმად დამკვიდრებისგან თავის შეკავება. უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, რაიმე ძეგლი საყოველთაო მოხმარებისთვის სავალდებულოდ შეიძლება არ დაწესდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მას რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს. ის, რაც სავალდებულო ნორმაა განსაკუთრებული მნიშვნელობის უნდა იყოს. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორც ეკლესიის მამები ასაბუთებენ, ღვთივსულიერი უნდა იყოს. ღვთივსულიერი წიგნების შესწავლა და ღვთივსულიერი მოძღვრების ფლობა და ამ მოძღვრების კვალზე სვლა ყველა ქრისტიანისთვის სავალდებულოა. მაგრამ არის ძეგლები, რომლებიც გაუკუღმართებულს არაფერს არ შეიცავენ, მაგრამ არც ღვთივსულიერებით არიან აღბეჭდილნი. ისინი არიან, როგორც შუალედური რგოლები. როდესაც ადამიანი, ახალდაბადებული პირველნაბიჯებს დგამს, ეს პირველი ნაბიჯების გადადგმა არ არის მყარი სიარული და შესაბამისად მოძღვრებაში პირველი ნაბიჯის გადადგმაც არ ნიშნავს ამ მოძღვრების ფლობას, ღვთივსულიერებამდე ამაღლებას იმ პირისას, რომელიც მოძღვრებაში შედის. აი ეს პირველდაწყებითი ეტაპი უკავშირდება ზოგჯერ აპოკრიფებს და ასეთი აპოკრიფები რაღაც დაფარულნი, მიუწვდომელნი სრულიადაც არ გახლავთ, მაგრამ მათ აპოკრიფულობას განაპირობებს მათი არასავალდებულოობა, რომ ისინი სავალდებულნი არ არიან.

რომელი ძეგლებია სავალდებულო საეკლესიო ტრადიციაში? სავალდებულო გახლავთ საღვთო წერილის კანონიკური წიგნები ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმისა. აქ სავალდებულო მხარეზე საუბარი არ გულისხმობს აუცილებლად ამა თუ იმ კონკრეტულ პიროვნებას, ვამბობთ ზოგადად, როგორც ეკლესიისთვის სავალდებულო. ეკლესიისთვის სავალდებულო გახლავთ პირველ რიგში სწორედ ბიბლიის კანონიკური წიგნები ძველი და ახალი აღთქმისა. მაგრამ კანონიკური წიგნების გარდა, რა თქმა უნდა, მსმენელისთვის ცნობილია არსებობს ბევრი წიგნი, ბიბლიური წარმოშობის წიგნი, ბიბლიური შეფერილობის წიგნი, ანდა ბიბლიური მიზანდასახულობის წიგნი, რომელიც კანონში არ შედის. ასეთი წიგნები ჩვენ გვაქვს, როგორც ძველი აღთქმისა ასევე ახალი აღთქმისა. აი ეს წიგნები, რომლებიც კანონში არ შედიან, უკავშირდებიან იმ ჟანრს, რასაც აპოკრიფების სახელით ვიცნობთ ჩვენ. აპოკრიფები პირველ რიგში გულისხმობენ იმ წიგნებს, ბიბლიური შინაარსის, ბიბლიური წარმოშობის, ბიბლიური საფარველის წიგნებს, რომლებიც ბიბლიის, საღვთო წერილის კანონში არ შედიან.

კონკრეტულად, როდესაც ჩვენ ქრისტიანული მწერლობის ისტორიაზე ვსაუბრობთ, აქცენტი, რა თქმა უნდა, კეთდება ახალი აღთქმის აპოკრიფებზე. რა თქმა უნდა, ჟანრობრივი ზღურბლის გავლება ყოველთვის შესაძლებელი არ არის და როდესაც კანონიკაზე და აპოკრიფულობაზე ვსაუბრობთ, აქაც, იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ მაინც შესამჩნევია გარკვეული მერყეობა, პირველ რიგში ძველი აღთქმის წიგნებთან დაკავშირებით. მართალია ჩვენ ვამბობთ, რომ აპოკრიფები არსებობს ძველი აღთქმისაც და ახალი აღთქმისაც, მაგრამ მათ შორის საკმაოდ მკვეთრი მიჯნაა. ეს მკვეთრი მიჯნა გულისხმობს იმას, რომ ძველი აღთქმის აპოკრიფების დიდი ნაწილი მიღებულია, შეწყნარებულია და ზოგ შემთხვევაში კანონშიცაა შეტანილი. თუნდაც ეზრას პირველი და მეორე წიგნი ამის თვალნათლივი ნიმუშია, ანდა ტობიას წიგნი, ივდითის წიგნი, სიბრძნე სოლომონისა და სხვა, რომლებიც აპოკრიფულ წიგნებად განიმარტება სხვადასხვა შემთხვევაში, რომლებიც მკვლევართა აზრით შემდგომ დაუკავშირდნენ კანონს და დღეს ისინი კანონში შედიან. მაგრამ ახალი აღთქმის აპოკრიფთა შორის არცერთი არ ამაღლებულა იმ ღვთივსულიერებამდე გარკვეულ ტრადიციაში, რომ ისინი კანონში შეეტანათ.

შეიძლება დაისვას ასეთი კითხვა: თუ თავდაპირველად არ შედიოდა ძველი აღთქმის ფარგლებში რომელიმე წიგნი კანონში და შემდეგ იქნა შეტანილი, რა განმარტება შეიძლება ამას მიეცეს. ნუთუ უფრო მოგვიანებით უფრო მეტად განჭვრიტეს ამ წიგნის სულიერება და ამიტომ შეიტანეს ის კანონში. როგორ აიხსნას ეს მოვლენა? ამგვარი შეკითხვა ახალი აღთქმის მიმართაც დაისმის (ამას მოგვიანებით განვმარტავთ), მაგრამ ზოგადად აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიბლიის კანონი და თუნდაც კონკრეტულად ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის კანონი ერთბაშად არ შემუშავებულა. საუკუნეების მანძილზე მცირედი მერყეობა კანონის ფარგლებში შემავალი წიგნებისა სახეზეა. ავიღოთ ამ კუთხით ახალი აღთქმის კანონიკური წიგნი იოანე ღვთისმეტყველის “აპოკალიფსი”, ანუ “გამოცხადება”. ეს წიგნი V-VI სს-ის შემეგ უცვლელად არის კანონში, მაგრამ ასე არ გახლდათ ყოველთვის. მერყეობა ამ წიგნთან დაკავშირებით სრულიად ადვილი დასანახია საუკუნეების მანძილზე. მერყეობა არა რაღაც უბირ წრეებში, არამედ უდიდეს ღვთისმეტყველთა შორის, რომლებმაც საეკლესიო-სამოძღვრო ტრადიცია ჩამოაყალიბეს და შექმნეს. თვალი რომ ძალიან ზერელედ გავადევნოთ ამ წიგნის ისტორიას, ჩვენ ასეთ სურათს მივიღებთ: მოციქულთა 85-ე კანონში, რომელიც “დიდი სჯულისკანონის” ტექსტში შედის (ნებისმიერ მსმენელს შეუძლია მოიძიოს “დიდი სჯულისკანონის” თუნდაც ძველი ქართული თარგმანი, რომელიც გამოცემულია 1975 წელს, ასევე ახალი თარგმანი, რომელიც “საეკლესიო კალენდარში” დაიბეჭდა), სადაც კანონიკური წიგნებია ჩამოთვლილი, დასახელებულია “აპოკალიფსიც”. სხვათაშორის, აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ამავე კანონში (და ამაზე აღმატებული კანონი ძნელად თუ წარმოიდგინება, რადგან ის მოციქულთაგან დადებული კანონია. არა აპოკრიფულად, არამედ ჭეშმარიტად, როგორც ამას ეკლესია სწამებს და ადასტურებს. ეკლესიის უცთომელი სწავლებით მოციქულთა 85 კანონი არის მოციქულთაგან დადებული და მათ შორის კონკრეტულად 85-ე), ახალი აღთქმის წიგნთა ჩამონათვალში მოციქულებს შეაქვთ არა მხოლოდ დღეისათვის ჩვენთვის ცნობილი წიგნები, მათ შორის “აპოკალიფსიც”, არამედ წინა საუბრებში განხილული “მოციქულთა განწესებანი”, რომელიც მოგვიანებით გაუკუღმართდა და ის ეკლესიამ ანათემირებულ-ჰყო, და აგრეთვე წმ. კლიმენტი რომაელის ორი ეპისტოლე. თუმცა ეს ძეგლები კანონში არ შეაქვთ უკვე IV საუკუნიდან. ასე რომ მოციქულთაგან დადებული განაწესი და ჩამონათვალი ახალი აღთქმის წიგნებისა შეცვლილია. Eს კი უეჭველი დადასტურებაა იმისა, რომ კანონმა შედგენილობის თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები განიცადა. მაგრამ ჩვენ ვეხებოდით ამ შემთხვევაში “მოციქულთა განწესებებს”, კლიმენტი რომაელის ეპისტოლეებს და განსაკუთრებით “აპოკალიფსს”. “აპოკალიფსი” შეტანილი მოციქულთა 85-ე კანონში ახალი აღთქმის წიგნთა შორის, ხოლო საკუთრივ ეს კანონი შედის “დიდ სჯულისკანონში”. განვაგრძობთ რა ჩვენ “დიდი სჯულისკანონის” შესწავლას, მივადგებით IV ს-ის უდიდესი ღვთისმეტყველის წმ. გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებას, რომელიც მთლიანდაა შეტანილი “დიდ სჯულისკანონში”, ლექსითი ფორმის შრომას (იამბიკოს ჟანრით არის დაწერილი და ის რაიმე პოეტურ მიზანდასახულობას, ცხადია, არ ფლობს), სადაც ჩამოთვლილია ძველი და ახალი აღთქმის კანონიკური წიგნები. მიზანდასახულობას კანონიკურ წიგნთა ჩამონათვალისა გრიგოლი შესავალშივე განმარტავს. იგი ამბობს: “რათა უცხოთა არა მოგიპარონ, წიგნთა რიცხუთა ჩუენთასა გაუწყებთ ღვთისმოყუარევ”. ე.ი. ვინმე უცხომ რომ არ მოიპაროს და არ თქვას ეს წიგნი ჩემიაო, ჩვენეული რა წიგნებიცაა ამ ყოველივეს ჩამოგითვლითო. ლექსითი ფორმითაც იმიტომ წერს ამას გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომ ადვილად დასამახსოვრებელი იყოს მკითხველისთვის. ლექსითი ფორმით უფრო იბეჭდავს მკითხველი გარკვეულ ინფორმაციას, ვიდრე პროზაული სახით. აი ამ ძეგლში, ჩამოთვლილია რა ახალი აღთქმის კანონის წიგნები, ყველა წიგნია დასახელებული, რაც დღეს ვიცით, გარდა “აპოკალიფსისა”, ეს წიგნი ხსენებული არ არის. პირიქით, როდესაც ჩამონათვალი მთავრდება იქ გარკვეული მკაცრი მითითებაცაა. ძველ ქართულ, წმ. არსენ იყალთოელისეულ თარგმანში ეს მითითება ამგვარი სახისაა: “ამათ თვინიერ (გარდა) სხუაი არა საკუთარ არს”. იგულისხმება, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველის ამ განჩინებით IV ს-ში “აპოკალიფსი” არ ითვლებოდა “ჩვენეულად”, ანუ ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნად. თავისთავად გრიგოლ ღვთისმეტყველი უდიდესი ავტორიტეტია და ამ ავტორიტეტულობას გაცილებით ამაღლებს ისიც, რომ მისი ეს ძეგლი “დიდ სჯულისკანონშია” შეტანილი, ე.ი. რჯულდებითი სანქცია აქვს მას. უშუალოდ მომდევნოდ გრიგოლ ღვთისმეტყველის ამ შრომისა “დიდ სჯულისკანონში” შეტანილია წმ. ამფილოქე იკონიელის, უდიდესი მოძღვრის, ასევე ლექსითი ხასიათის შრომა იმავე, ძველი და ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნთა ჩამონათვალის მიზანდასახულობისა. ამ ძეგლშიც ჩამოთვლილია რა ახალი აღთქმის ყველა კანონიკური წიგნი, რაც დღეს ვიცით და მთავრდება რა ეს ჩამონათვალი, რაშიც არ შედის აპოკალიფსი, გრიგოლ ღვთისმეტყველისგან განსხვავებით გარკვეული კომენტარი მოსდევს. კერძოდ თქმულია: “ხოლო იოანეს გამოცხადებასაცა სხუანი აღირცხუენ ამათ წიგნთა თანა (ზემოთ რომ წიგნები ჩამოვთვალეთ მათთან ერთად სხვები და არა ჩვენ იოანეს გამოცხადებასაც აღრიცხავენო), გარნა საეჭუელ-ჰყოფენ მას უმრავლესნი” (მაგრამ უმრავლესობა მას საეჭვოდ თვლისო). ესაა უკვე IV-V სს-ის მიჯნა. ჩვენ აღარ განვაგრძობთ ამ ისტორიას. V ს-ის მიწურულსა და VI ს-ის დამდეგს იოანე ღვთისმეტყველის “აპოკალიფსის” კანონიკურობა საბოლოოდ დამტკიცდა და ასევეა დღემდე. მაგრამ მანამდე, როგორც ვხედავთ, მერყეობა ამ წიგნთან დაკავშირებით სავსებით თვალნათლივია. ეს მერყეობა გახლავთ არა უარყოფითი რამ მოვლენა, არამედ აბსოლუტურად დადებითი, დამადასტურებელი საეკლესიო წინდახედულობის და სიფრთხილის განსაკუთრებისა. ეს ძალიან ბევრ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ დავადასტუროთ, რომ ეკლესიური დებულება, ეკლესიური გადაწყვეტილება არასოდეს არ არის ნაჩქარევი, ის ყოველთვის არის დიდი შესწავლისა და საფუძვლიანი აწონ-დაწონვის შედეგი. სხვათაშორის ეს უკავშირდება არა მხოლოდ წიგნების ვითარებას, წიგნების ხვედრს, თუ რომელი მათგანი შევრაცხოთ კანონიკურად და რომელი არა, არამედ პიროვნებებსაც. ბევრგზის მომხდარა და ეს დღესაც პრობლემურობას ქმნის ამა თუ იმ პირისთვის, რომ ესა თუ ის მოღვაწე, ესა თუ ის ქრისტიანი გარდაცვლილა სულიერი გაგებით დიდებაში მყოფი, ე.ი. მართლმადიდებლურ პატივში მყოფი, საკუთრივ ეკლესიისგან (ამ შემთხვევაში გარკვეულ რეგიონალურ და ეპოქალურ მხარეს ვგულისხმობთ და არა ეკლესიის უცთომელობას) და ეკლესიურ მოღვაწეთაგან ამგვარად მიჩნეული, მაგრამ თანდათანობით იქნა რა სიღრმისეულად მათი ლიტერატურული მემკვიდრეობა შესწავლილი, შემდეგ ისინი ერეტიკოსებად წარმოჩენილან. თუნდაც მაგალითად ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ დიოდორე ტარსელი, იოანე ოქროპირის მასწავლებელი, რომელიც უდიდესი პატივით იყო შემოსილი თავის დროზე და II მსოფლიო კრების სინოდალური აქტების ერთ-ერთ ნაწილში, ერთ-ერთ რედაქციაში მას ეწოდება “მართლმადიდებლობის კლდე”. მაგრამ შემდეგ და შემდეგ, როდესაც უდიდესმა ღვთისმეტყველმა წმ. კირილე ალექსანდრიელმა V ს-ის I ნახევარში, ნესტორთან და ნესტორიანიზმის ერესთან დაპირისპირებულმა, ნესტორიანიზმის ფესვები გამოიკვლია და დეტალურად შეისწავლა მათ შორის დიოდორე ტარსელის შრომებიც, რომელსაც ქონდა უაღრესად მრავალრიცხოვანი ნაშრომები დაწერილი (სხვა რომ არაფერი მთელი საღვთო წერილი სიტყვა-სიტყვით განმარტა მან), ნესტორიანიზმის ფესვები აღმოაჩინა მათში. ისევე როგორც მის მოწაფე თეოდორე მოფსუესტიელთან, სიცოცხლეში ასევე დიდი პატივით შემოსილთან. კირილემ პირველმა გახსნა გზა მათი მოძღვრების ობიექტური შეფასებისკენ. მას თვითონ ანათემა ამ პირებისთვის არ გამოუცხადებია, რადგან არ იყო ამის ჟამი (ანათემასაც თავისი ადგილი აქვს, თუნდაც იმ ანათემის შინაარსი გამართლებული იყოს. ყოფით ვითარებასაც ეკლესია ყოველთვის ანგარიშს უწევს, რომ რაიმე არევ-დარევა არ იქნეს შემოტანილი ეკლესიის წიაღში და ასეთ შემთხვევაში იკონომიას იჩენს) და მათი ანათემირება ხდება კონსტანტინოპოლის V მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 553 წელს.

არის საპირისპირო შემთხვევები, როდესაც ადამიანს გარკვეულ ბრალდებებეს უყენებენ, მართლმადიდებელ მოძღვართაგან ზოგნი, მაგრამ ის ადამიანი შემდეგ უდიდეს წმინდანად წარმოჩენილა. თუნდაც წმ. იოანე ოქროპირი, რომელსაც მეორე მართლმადიდებელი მოძღვარი ალექსანდრიის ეპისკოპოსი თეოფილე უკიდურესად ლაძღავდა, კიცხავდა. კრებაც მოიწვია 404 წელს (ე.წ. მუხის კრება), სადაც მან თავის მომხრეებთან ერთად ეკლესიისგან განკვეთა იოანე ოქროპირი და სამწუხაროდ გარკვეულ პერიოდში მისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა წმ. კირილე ალექსანდრიელიც, რომლის ბიძაც იყო თეოფილე. მაგრამ ჭეშმარიტებამ იზეიმა, იოანე ოქროპირი წმინდანად შეირაცხა და ეს წმინდანობა იოანე ოქროპირისა თვალნათლივი გახდა კირილე ალექსანდრიელისთვისაც, რომელმაც მოგვიანებით, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადების შედეგად ირწმუნა რა იოანე ოქროპირის წმინდანობა ალექსანდრიულ დიპტიხში შეიტანა მისი ხსენება. თეოფილე კი, რომელმაც სცადა იოანე ოქროპირის განკვეთა, მართლმადიდებელი მოძღვარი გახლავთ და იმავე “სჯულის კანონში” მას წმინდა ეწოდება, თუმცა ის კანონიზებული წმინდანი არ გახლავთ. “სჯულის კანონში” წერია: “თეოფილესაგან წმიდისა” და მოტანილია მისი რამდენიმე რჯულდებითი სწავლება.

ეს ყველაფერი დადასტურებაა იმისა, რომ თანდათანობით და მისხალ-მისხალ აიწონება ეკლესიაში ყოველივე და ამის შემდეგ გამოდის საბოლოო მსჯავრი. და თუ პირველ ზოგად ფონს საბოლოო მსჯავრი ეწინააღმდეგება, ეკლესია, რა თქმა უნდა, ამას არასოდეს არ უფრთხის. კვლავ აღვნიშნავთ, რომ იგივე დიოდორე ტარსელი, თუმცა მართლმადიდებელ მოძღვრად მიიჩნეოდა (იმიტომ, რომ შეუძლებელი იყო იმ უზარმაზარი ლიტერატურული მემკვიდრეობის, რაც ამ პირმა დატოვა, დაუყოვნებლივი მუხლობრივი შესწავლა, ეს თანდათანობით უნდა მომხდარიყო), პირველად ის ეკლესიის მესვეურთაგან, მოღვაწეთაგან დიდი პატივით იყო შემოსილი, მაგრამ გამოიკვეთა რა ყველაფერი და სურათი თვალნათლივი გახდა, არავითარი შეღავათი ამას არ გასწევია, ამ მდგომარეობას, რომ თავდაპირველად მას დიდი პატივი განეკუთვნა და ანათემირება მოხდა მისი. ასე რომ საეკლესიო ტრადიციაში ყოველივე, ყველა დებულება, ყველა გადაწყვეტილება აბსოლუტურ, მისხალ-მისხალ აწონ-დაწონილობას ექვემდებარება და შესაბამისად უცთომელ დასკვნაც სახეზეა. იგივეა ამ წიგნთან (“გამოცხადება”) დაკავშირებითაც. და თუ იოანეს “აპოკალიფსმა”, ე.ი. მოციქულის ნამდვილი წიგნის ისტორიამ ასეთი სურათი გვიჩვენა ჩვენ, რა თქმა უნდა, არაა გასაკვირი, რომ ასეთი მერყეობა კანონში ვნახოთ ძველი აღთქმის წიგნთა შორისაც. ეს სურათი კვლავ იმავე სიფრთხილისა და წინდახედულობის დადასტურებაა, რაზეც რამდენიმე მაგალითის სახით ვსაუბრობდით.

15–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=FtBvS25f8FA

 

ეკლესიის მიერ შეწყნარებული და შეუწყნარებელი აპოკრიფები

ჩვენი ბოლო საუბარი, მსმენელს ახსოვს, ეხებოდა აპოკრიფების ჟანრს. რამდენიმე თხზულების შესახებ განსაკუთრებული აქცენტის გაკეთებით ეკლესიური შეხედულება გადმოვეცით და ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ძეგლების მიმართ დამოკიდებულება ზოგჯერ საუკუნეების განმავლობაში შეიძლებოდა შეცვლილიყო. ეს აბსოლუტურად გასაკვირი არ არის, რადგან თვით კანონიკურ ძეგლებთან დაკავშირებითაც კი ურყევი, ჩამოყალიბებული, ეკლესიური დასკვნა მხოლოდ საუკუნეების შემდეგ ხორციელდებოდა. როგორც ეს მაგალითად იოანეს “აპოკალიფსთან” დაკავშირებით უკვე ვაჩვენეთ.

რაც შეეხება საკუთრივ აპოკრიფებს. ორივე მხარე საკუთრივ აპოკრიფებთან დაკავშირებით (რომ თავდაპირველად ძეგლი მიღებული იყო და შემდეგ მოხდა მისი უარყოფა, ანდა მეორე მხრივ თავდაპირველად ძეგლი ნაკლებად მიღებული იყო და გვიან მოხდა მისი შეწყნარება და საკითხავ წიგნად მიჩნევა და დადება მორწმუნეთათვის) სავსებით გამოკვეთილია და ეს გასაკვირი არ არის, რადგან თვით კანონიკური ძეგლების და ზოგადად ბიბლიის კანონის მხრივაც მსგავსი მოვლენა სახეზეა. მაგალითად ერთი მხრივ იმასთან დაკავშირებით, რომ ძეგლი თავის დროზე საბოლოო და ურყევი განჩინებით ჯერ კიდევ არ იყო მიჩნეული კანონიკურად და გვიან მოხდა მისი აბსოლუტური კანონიზება, ამის ნიმუშია იოანე ღვთისმეტყველის “აპოკალიფსი”, ხოლო პირუკუ შემთხვევა, როდესაც ძეგლი კანონიკურად იყო მიჩნეული და შემდეგ მისი ანათემირება მოხდა, ამის ნიმუშია ჩვენს მიერ ვრცლად განხილული “მოციქულთა განწესებანი”.

რაც შეეხება სხვა ძეგლებს და სხვა აპოკრიფებს. აპოკრიფთა სიმრავლე ჩვენ, რა თქმა უნდა, საშუალებას არ გვაძლევს, რომ დეტალურად შევეხოთ თითოეულ მათგანს, ანდა საერთოდ ვახსენოთ ყველა მათგანი. მაგრამ ზოგიერთი აპოკრიფი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და შეიძლებოდა მსმენელისთვისაც საყურადღებო ყოფილიყო მათზე გარკვეული აქცენტის გაკეთება.

აპოკრიფები, როგორც აღვნიშნეთ, ეკლესიის ისტორიის სათავეშივე ჩნდება, კანონიკური ძეგლების გვერდით და მათი რიცხვი ყოველთვის აღემატებოდა კანონიკურ წიგნებს. ეს, რა თქმა უნდა, ასეც უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ ის, რაც გამორჩეულია, ის, რაც რჩეულია, რიცხობრივად ყოველთვის უმცირესია უფრო მდარეზე, უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანზე, ანდა საზოგადოდ პოპულარულ და მასობრივად გავრცელებულ ძეგლებზე. აპოკრიფების რაოდენობამ ბოლოს იმ მასშტაბებს მიაღწია, რომ სპეციალური კვლევითი ძიებანიც წარმოებს მათი დახარისხებისათვის, მათი რედაქციული თავისებურებების განსაზღვრისათვის, სხვადასხვა ენოვანი თარგმანების მოძიებისათვის და სხვა, და უზარმაზარი ლიტერატუერაა ამასთან დაკავშირებით შექმნილი. მაგრამ ერთი მხარე აპოკრიფებისა ყოველთვის ჩვენს მიერ აღსანიშნი უნდა იყოს. ეს გულისხმობს შემდეგს:

ჩვენ ამაზე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც ხაზს გავუსვამთ, რომ აპოკრიფები არის ორგვარი, ნაწილი ეკლესიისგან მიღებული, ნაწილი ეკლესიისგან ანათემირებული და მიუღებელი. ეკლესიისგან მიღებული და საკითხავად დაშვებული აპოკრიფები ესაა ის ძეგლები, რომლებიც დოგმატის თვალსაზრისით არავითარ ცთომილებას არ შეიცავენ და ამიტომ ისინი შესაძლებელია, რომ წაკითხული იქნენ. არც ფაქტობრივი ცთომილებანი და გაყალბებანია მათში, მაგრამ არც კანონში შედიან ისინი, რადგან იმ ღვთივსულიერებას, რასაც კანონიკური წიგნები უეჭველად გულისხმობენ, ვერ ეთანასწორებიან, იმ სიმაღლემდე ვერ ადიან. შესაბამისად ღვთივსულიერების ხარისხით ბევრად ნაკლებნი არიან კანონიკურ წიგნებზე, მაგრამ არც ცთომილებათა შემცველნი არიან და პირველდაწყებითი სწავლებისათვის ისინი ეკლესიისგან დაშვებულია მორწმუნეთათვის. ესაა აპოკრიფთა ერთი ნაწილი, ხოლო აპოკრიფთა მეორე ნაწილი, მიუღებელი ეკლესიისთვის, ანათემირებულია და როდესაც ჩვენ რამდენიმე საუბრის წინ განვიხილავდით საკითხს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენი სახის ლიტერატურა, ანდა რამდენ ნაწილად დასაყოფია ქრისტიანული ლიტერატურა, აღვნიშანვდით, რომ ეკლესიის მამათა ნაწილი ორად ჰყოფს მას – კანონიკურ და აპოკრიფულ წიგნებად, ხოლო მეორე ნაწილი სამად – კანონიკურ, არაკანონიკურ და აპოკრიფულ წიგნებად. ამ ორ თვალსაზრისს შორის აბსოლუტურად არავითარი სხვაობა არაა, მხოლოდ გამოთქმის ფორმაში გახლავთ სხვაობა. კერძოდ ის მამები, რომლებიც ორნაწილედობას წარმოაჩენენ ქრისტიანული ლიტერატურისას და ქრისტიანულ ლიტერატურას განყოფენ კანონიკურ და აპოკრიფულ ნაწილებად, საკუთრივ აპოკრიფს ორმნიშვნელოვნად მოუხმობენ. ე.ი. აპოკრიფულ ნაწილში ახდენენ გამიჯვნას ერთი მხრივ შეწყნარებული აპოკრიფებისას, რაზეც ეხლა ჩვენ ვსაუბრობდით და მეორე მხრივ შეუწყნარებელი და ეკლესიისგან მიუღებელი, ეკლესიისგან განგდებული წიგნებისას. ე.ი. საკუთრივ აპოკრიფებია მათთვის, ორნაწილედობის ამღიარებელი მამებისათვის, ორნაწილედი შინაგანად. ხოლო რაც შეეხება იმ მამებს, რომლებიც სამნაწილედობას წარმოგვიდგენენ ქრისტიანული ლიტერატურისას და ჰყოფენ მათ კანონიკურ, არაკანონიკურ და აპოკრიფულ ნაწილებად, მათთვის უკვე აპოკრიფი მხოლოდ უარყოფით ძეგლებს ნიშნავს. ხოლო ის, რაც შეწყნარებულ აპოკრიფებად მიიჩნევა პირველი თვალსაზრისის მომხრეთათვის, რომლებიც ორნაწილედობას აღიარებენ, ამ შეწყნარებული აპოკრიფების შინაარსით სამნაწილედობის მომხრენი იყენებენ ტერმინს არაკანონიკური. სხვაგვარად რომ ვთქვათ ორნაწილედობის მომხრეთათვის რასაც ნიშნავს აპოკრიფთა შიგნით პირველი ნაწილი – შეწყნარებული აპოკრიფები, იმავეს ნიშნავს სამნაწილედობის მომხრეთათვის მეორე ნაწილი – არაკანონიკური წიგნები.

ძველი ქართული ტერმინოლოგია საკმაოდ ნაირგვარია, ამავე დროს სრულყოფილია წიგნების რაობის გასარკვევად და ალბათ მსმენელისთვისაც კარგად არის ცნობილი, რომ კანონიკური შინაარსით მოიხმობოდა ძალიან საყურადღებო ტერმინი “დაბეჭდული”. “დაბეჭდულნი წიგნნი” ესაა იგივე კანონიკური წიგნები ძველი და ახალი აღთქმისა. ამავე შინაარსით ჩვენ დაახლოებით XII ს-ის დამდეგიდან გვხვდება აგრეთვე ტერმინი “განკანონებული”, ე.ი. “განკანონებულნი წიგნნი” და “დაბეჭდულნი წიგნნი” ესაა იგივე კანონიკური წიგნები ძველი და ახალი აღთქმისა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ტერმინი “განკანონებული” საეკლესიო ხმარებაში მეორე მნიშვნელობასაც შეიცავს, კერძოდ ის ნიშნავს ეპიტემია დადებულს. ზმნა “განკანონება” გულისხმობდა ეპიტიმიის ანუ გარკვეული სასჯელის დადებას. აი ამ მნიშვნელობაში არ უნდა აგვერიოს იმავე ტერმინის მეორე მნიშვნელობა, რაზეც ვსაუბრობდით, კონკრეტულად კანონიკური წიგნების მხრივ. ამრიგად “კანონიკური”, “განკანონებული”, “დაბეჭდული” ესაა ერთი და იმავე შინაარსისა. რაც შეეხება არაკანონიკურს, ის ძველად გამოითქმოდა ტერმინით “დაუბეჭდველნი” (“დაუბეჭდველნი წიგნნი - იგივე არაკანონიკური წიგნები), ანდა იგივე განუკანონებელნი წიგნნი. ხოლო აპოკრიფებთან დაკავშირებით აღვნიშნავდით, რომ ძველქართულად ის ითარგმნებოდა როგორც “დაფარული”.

ამ განმარტების შემდეგ კვლავ შეგახსენებთ, რომ არაკანონიკურობა წიგნისა ანდა შეწყნარებულობა აპოკრიფისა ჩვეულებრივ უფრო თვალსაჩინოა ძველ აღთქმასთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ძველი აღთქმის წიგნთა შორის გამოიყოფა ჯგუფი წიგნებისა, რომლებიც არაკანონიკურნი არიან, ანდა აპოკრიფულნი არიან, მაგრამ მიღებულნი არიან და არა უარყოფილნი. რაც შეეხება ახალ აღთქმას, მასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ჟანრის მხრივ (ეს გახლავთ საქმეთა ჟანრი, მოციქულთა მიმოსვლის, მოციქულთა მისიონერული ღვაწლის ამსახველი ლიტერატურული ჟანრი) შეგვიძლია ვისაუბროთ შეწყნარებულ აპოკრიფებზე. აბსოლუტურად ყველა სხვა ჟანრი, დაკავშირებული ახალ აღთქმასთან, იქნება ეს სახარების ჟანრი, იქნება ეს ეპისტოლარული ჟანრი, აპოკალიფსის ჟანრი, ყველა ამ ჟანრის წარმომადგენელი არაკანონიკური ძეგლი უარყოფილია ეკლესიისგან. არცერთი სახარება, გარდა ოთხი სახარებისა არასოდეს ეკლესიას არ უღიარებია, არ დაუშვია საყოველთაო საკითხავად. არცერთი ეპისტოლე, გარდა კანონიკური ეპისტოლეებისა ასევე არ დაუშვია ეკლესიას საყოველთაოდ. მართლაც აურაცხელია ასეთი ეპისტიოლეები. თუნდაც მაგალითად ისეთი ძნელად გამოსაყოფი კანონიკურთაგან “ბარნაბას ეპისტოლე” (სადაც არის ისეთი ელემენტები, რაც ვერანაირად ვერ თავსდება მართლმადიდებლურ სწავლებასთან, თუმცა ამის შემჩნევა არც ისე ადვილი გახლდათ, რადგან მთლიანად კანონიკური ჩანდა ეს ეპისტოლე და გარკვეული პერიოდი მიღებულიც კი იყო ზოგიერთი მოძღვრის მიერ კანონიკურად), ანდა “მოციქულთა ეპისტოლე”, პავლეს ეპისტოლე ლაოდიკიელთა მიმართ და სხვები. ისევე როგორც ეკლესიისთვის მიუღებელია არაკანონიკური აპოკალიფსები. ერთადერთი, რაც ეკლესიისგან აღიარებულია ესაა საქმეთა ამსახველი აპოკრიფები. კანონიკური “საქმე მოციქულთას” გვერდით აპოკრიფული საქმენი მოციქულთა დიდწილად ეკლესიისგან მიღებულია და ამის ახსნა არ არის რთული, რადგანაც საქმე ეხება აღწერილობას, ისტორიულ და სათნო გადმოცემას. მასში რაიმე გაუკუღმართება და დოგმატთან დაკავშირებით უმრავლეს შემთხვევაში წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, არ არის, ფაქტობრივი მონაცემები კი ძალიან ძვირფასია. იმიტომ, რომ ესა თუ ის მოციქული ყოველთვის ამა თუ იმ ერში ქადაგებდა, რაც კანონიკურ საქმეში ვერ აისახა, მაგრამ იმ ერში, რომელიც მოაქცია ამა თუ იმ მოციქულმა, გადმოცემა სამოციქული ღვაწლის შესახებ, რა თქმა უნდა, არსებობდა. ამიტომ ასეთი გადმოცემები ეკლესიამ სათნო და წმინდა საეკლესიო გადმოცემებად მიიჩნია და მათი აღწერილობანიც საკითხავად დაუშვა. თუმცა ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ მოციქულებთან დაკავშირებული მათი მოღვაწეობის ყველა აღწერილობა ეკლესიამ მიიღო. რა თქმა უნდა, ეს ასე არ გახლავთ. აქაც მკვეთრი გამორჩევა გაკეთდა, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ იმას ვუსვამთ ხაზს, რომ სხვა ჟანრის ძეგლებთან დაკავშირებით არავითარი გამორჩევა არ მოხდა, იქ გამორჩევა შეუძლებელი იყო. სახარება მხოლოდ ოთხია კანონიკური, ეპისტოლეები ერთი მხრივ პავლე მოციქულის 14 ეპისტოლე და მასთან ერთად შვიდი კათოლიკე ეპისტოლე, ეს გახლავთ კანონიკურნი. აპოკალიფსებიდან კი მხოლოდ იოანე ღვთისმეტყველის კანონიკური “აპოკალიფსი” (კანონიკურს იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ იმავე იოანე ღვთისმეტყველის ავტორობით აურაცხელი არაკანონიკური აპოკალიფსიცაა ცნობილი. ისევე როგორც სხვა მრავალი აპოკალიფსი, რომლებიც ეკლესიისგან უარყოფილი გახლავთ).

ჩვენ შეგვიძლია თითო ოროლა ნიმუში ამგვარი უარყოფილი აპოკრიფებისა ორიოდე სიტყვით დავახასიათოთ. მათ შორის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ალბათ ყველაზე უფრო მეტად პოპულარულია II-III სს-ში, ე.წ. “თომას სახარება”. “თომას სახარება” გახლდათ ის აპოკრიფული ძეგლი, რომელსაც გარკვეული საეკლესიო წრეები კანონიკურად იღებდნენ. ეს საეკლესიო წრეები ამ შემთხვევაში გულისხმობდნენ თვითრჯულ ეკლესიებს, სექტანტურ მიმდინარეობებს, რომლებიც თავიანთ საღვთო წერილად პირველ რიგში სწორედ თომას სახარებას მიიჩნევდნენ. რა თქმა უნდა, ისინი ბოლომდე არ უარყოფდნენ კანონიკურ ძველ და ახალ აღთქმას და ამ შემთხვევაში კანონიკურ სახარებებს, მაგრამ თავისებურ რედაქტირებას ახდენდნენ სახარებებისას, გამოკრეფდნენ იმ ადგილებს, რომლებიც თითქოსდა შესაბამისობაში იყო მათ სექტანტურ და ერეტიკულ მოძღვრებასთან, მაგრამ განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდნენ ე.წ. მეხუთე სახარებაზე ანუ “თომას სახარებაზე”.

“თომას სახარება” ეკლესიის მამათაგანაც იქნა ყურადღება მიქცეული, იმიტომ, რომ უარყოფდნენ რა “თომას სახარების” დამცველ ერეტიკულ სექტებს, ამ ერეტიკული სექტების უარყოფასთან ერთად ისინი აღნიშნული სექტების უმთავრს დასაფასებელ და ავტორიტეტულ ძეგლსაც (“თომას სახარებას”) უარყოფდნენ. “თომას სახარების” შესახებ მაგალითად ინფორმაციას გვაწვდის წმინდა კირილე იერუსალიმელი, რომელიც განაქიქებს კიდეც ამ ძეგლს. ის ამბობს: “ზოგიერთები, რომლებიც ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტების დარღვევას ცდილობენ, მოუხმობენ “თომას სახარებას”, რომელიც თუმცა შეფერილია საღვთო ხარებად წოდების სურნელით, მაგრამ მარტივთა სულებს რყვნის”. თომას სახარება მითითებულია თითქმის ყველა იმ ინდექსში აპოკრიფული წიგნებისა, რომლებიც ეკლესიის მამებმა შეადგინეს სპეციალურად მორწმუნეთათვის, რათა მათ გაეთვალისწინებინათ, თუ რომელი წიგნები არ იყო საყოველთაოდ წასაკითხი და ჭეშმარიტი მოძღვრების დამცველი. მეტიც, ძველ ინდექსებს ზოგჯერ ერთვოდა ამა თუ იმ აპოკრიფის მუხლობრივი რაოდენობის აღმნუსხველი ციფრი, აპოკრიფების სტიქომეტრიული (მუხლობრივი დაყოფა და ამ მუხლთა აღრიცხვა) მონაცემი და IX ს-ში საკუთრივ თომას სახარებასთან დაკავშირებით ამგვარი მუხლობრივი აღრიცხვა ანუ ამ ძეგლის მოცულობის შეფასება მოგვცა ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ წმინდა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელმა, იგივე წმინდა ნიკიფორე აღმსარებელმა.

“თომას სახარებამ” საეკლესიო ფილოლოგიაში უაღრესად საყურადღებო კვალი დატოვა. როდესაც საეკლესიო ლიტერატურის მეცნიერული, ე.წ. ფილოლოგიური კვლევა დაიწყო, დაახლოებით XVII-XVIII სს-დან, ამ პერიოდისათვის მკვლევართათვის, რა თქმა უნდა, ცნობილი გახდა ეკლესიის მამათა პირდაპირი უარყოფანი თომას სახარებისა, მაგრამ საკუთრივ ეს ძეგლი მათთვის ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა, ის ვერსად ვერ მოიძიეს. შესაბამისად, ნაწილმა მკვლევართაგან ივარაუდა, რომ ეს ძეგლი ალბათ დაიკარგა, მაგრამ მეორე ნაწილისთვის ასეთი პოპულარული ძეგლის უკვალოდ გაქრობა მთლად დამაჯერებელი არ აღმოჩნდა და მიიჩნიეს, რომ იქნებ ეს თხულება შემორჩენილი იყოს, ოღონდ სხვა სათაურით. ხშირად ხდება, რომ რომელიმე ძეგლი ზოგჯერ შეიძლება სათაურის მხრივ შეიცვალოს და ასე შემორჩეს ისტორიას. როდესაც ეს აზრი გამოითქვა, თითქმის დაუყონებლივ ყურადღება მიექცა იმდროინდელ კვლევაში კარგად ცნობილ აპოკრიფს “სიყრმე უფლისა”. ეს აპოკრიფი და მისი მონათესავე აპოკრიფები, რომლებიც მაცხოვრის ბავშვობას ეხებიან, საკმაოდ გავრცელებული იყო საეკლესიო ლიტერატურაში თითქმის ყველა ენაზე და დღეისათვის შემორჩენილიც გახლავთ მრავლად. მაგრამ ის ძირითადი ამ აპოკრიფული წრიდან მაცხოვრის ბავშვობის შესახებ, რასაც საკუთრივ “სიყრმე უფლისა” ეწოდება, განსაკუთრებით ყურადღება მისაქცევი გახდა მკვლვართათვის, რომლებიც თომას სახარების ტექსტს ეძიებდნენ ერთი ნიშნის გამო. ერთ-ერთ ხელნაწერში თქმულია, რომ “სიყრმე უფლისა” დაწერა თომა მოციქულმა. ამიტომ რამდენადაც “სიყრმე უფლისა” თავისი ჟანრობრივი კუთვნილებით სახარებაა, რაც უფლის ცხოვრებას ეხება ის სახარებაა და რამდენადაც ის თომა მოციქულს დაუწერია, მკვლევართათვის, რა თქმა უნდა, იოლი გახდა ამ ძეგლის დაკავშირება იმ “თომას სახარებასთან”, რასაც ეკლესიის მამები უარყოფდნენ, რაზეც ისინი უთითებდნენ და ციტატაც კი მოჰქონდათ ამ სახარებიდან. მრავალმ მკვლევარმა მიიჩნია, რომ თომას სახარება ესაა იგივე სიყრმე უფლისა, რაც ჩვენამდე მოღწეულია. ამ ორი სახარების გაიგივება თითქმის აბსოლუტური გახდა და სხვათაშორის ქართულ მეცნიერებაშიც ეს აზრი რამდენჯერმა გამოკრთა. გამოკრთა იმიტომ, რომ ჯერ ერთი სიყრმე უფლისა, ეს აპოკრიფი ქართულადაც იყო თარგმნილი, მართალია სრული სახით ის ჩვენამდე ძველ ქართულ თარგმანში არ მოღწეულა, მაგრამ არ მოღწეულა მხოლოდ ხელნაწერის დაზიანების გამო. ერთადერთ ხელნაწერშია ფრაგმენტი ამ თარგმანისა დაცული, ეს გახლავთ სახელგანთქმული “პარხლის მრავალთავი”. ამ ხელნაწერში, მისი დაზიანების გამო, აღნიშნული აპოკრიფის მხოლოდ დასაწყისია დაცული, რომელიც რამდენჯერმეა გამოცემული (ბოლო გამოცემა ეკუთვნის აკაკი შანიძეს). ანუ სიყრმე უფლისა ქართულად მოღწეულია და თავისთავად ცხადია მისი იდენტიფიკაციისათვის ევროპულ კვლევაში უკვე საყოველთაოდ გაბატონებული აზრი  ამ აპოკრიფის იგივეობისა თომას სახარებასთან, ცხადია ასახული იქნა ფართო მეცნიერებაში. ამის შესახებ ჩვენ გვაქვს მითითება კორნელი კეკელიძესთან, პავლე ინგოროყვასთან და საკუთრივ აკაკი შანიძესთან. მაგრამ მხოლოდ ეს მხარე არ გახლდათ ქართული მეცნიერებისთვის ის საფუძველი, რომ სიყრმე უფლისა და თომას სახარების იგივეობაზე, ანდა პირუკუ მათ არაიდენტურობაზე ემსჯელათ. საქმე ისაა, რომ ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ, ბიზანტიური ინდექსების ანუ ბიზანტიური სიების მსგავსად, ქართულადაც არსებობდა აპოკრიფულ წიგნთა სია, აპოკრიფულ წიგნთა ინდექსი შედგენილი წმ. ექვთიმე ათონელის მიერ. აი ამ ინდექსში გვერდიგვერდ, სხვადასხვა თხზულებებად იხსენიება ერთი მხრივ “თომას სახარება”, მეორე მხრივ “სიყრმე უფლისა”. თომას სახარებასთან დაკავშირებით იქ წერია: “და სხუა რაიმე Aარს თომას სახარებაი და იგიცა შეუწყნარებელ არს ქრისტიანეთა წესისაგან” და შემდეგ, რამდენიმე სტრიქონის მომდევნოდ ვკითხულობთ, “და სიყრმე უფლისა სხუაი არს, უცხო არს იგიცა ჩუენდა და არა შესაწყნარებელ არს”. ე.ი. ექვთიმე ათონელის მიხედვით უეჭველია, რომ თომას საახარება და სიყრმე უფლისა სხვადასხვა თხზულებაა. ამ ფაქტმა როგორც ჩანს დააფიქრა კორნელი კეკელიძე და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ უარყოფს ევროპულ კვლევაში მიღებულ აზრს ამ ორი ძეგლის იდენტურობის შესახებ, მაინც, როგორც ამ დიდ მეცნიერს შეჰფეროდა, ის ფრთხილობს და ხაზგასმით არ აღნიშნავს მათ იგივეობას. რაც შეეხება პავლე ინგოროყვას, ის დაუყოვნებლივ აიგივებს ამ ორ ძეგლს და კიდევ უფრო მკვეთრი ხაზგასმა ამ ორი ძეგლის იგივეობაზე გვაქვს აკაკი შანიძესთან, რომელიც მიუთითებს, რომ თუმცა ექვთიმეს ინდექსით თომას სახარება და სიყრმე უფლისა სხვადასხვა თხზულებაა, მტკიცდება, რომ თომას სახარება არის იგივე სიყრმე უფლისა. თუმცა მკვლევარი არ მიუთითებს იმას, თუ საიდან მტკიცდება ამ ორი ძეგლის იდენტიფიკაცია.

ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ მეცნიერულ კვლევაში ეს ორი წიგნი გაიგივებულ იქნა, ამ გაიგივების საფუძვლები რაც იყო ზემოთ უკვე მოგახსენეთ. მაგრამ ეს გაიგივება მაინც საყოველთაო არ ყოფილა. ბევრმა მკვლევარმა გამოთქვა დაეჭვება ამ გაიგივებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს დაეჭვება მათ მიერ არ გამოთქმულა განსაკუთრებული სიმკვეთრით, მაგრამ მაინც სახეზეა გარკვეული მერყეობა ამ აზრის გაზიარების ჟამს. რა განაპირობებს მერყეობას? პირველი რაც გვაეჭვებს ჩვენ თომას სახარებისა და სიყრმე უფლისას იდენტურობაში, ეს გახლავთ ის, რომ წმ. კირილე იერუსალიმელისგან მოტანილი ციტატა (და ეს ციტატა ჩვენამდე მოღწეულია) სიყრმე უფლისას ტექსტში არ დასტურდება. ბუნებრივია, თუ თომას სახარება იგივე სიყრმე უფლისაა, ეკლესიის მამის წმ. კირილე იერუსალიმელის ციტირება თომას სახარებიდან უნდა დასტურდებოდეს, თავისთავად ცხადია, სიყრმე უფლისას აპოკრიფში. თუმცა როგორც უკვე ვთქვით ეს არ დასტურდება. მეორეც, როგორც აღვნიშნეთ IX ს-ის უდიდესმა მოღვაწემ წმ. ნიკიფორე კონსტანტინოპოლელმა მუხლობრივი რაოდენობაც აღრიცხა თომას სახარებისა, მაგრამ ეს მუხლობრივი რაოდენობა ორჯერ მეტია სიყრმე უფლისას ყველაზე ვრცელ ვერსიაზეც კი. აი ეს ორი მომენტი ქმნიდა მერყეობას, დაეჭვებას, რომ არის კი მართლაც ერთიდაიგივე ეს ორი ძეგლი? ყოველივე ამას წერტილი დაესვა XX ს-ის 40-იანი წლების მიწურულს. 1945-46 წლებში პირველი ცნობები გაჩნდა იმ აღმოჩენასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობდა გნოსტიკური ბიბლიოთეკის გამოვლენას პალესტინაში. გნოსტიკური ბიბლიოთეკა გულისხმობდა იმ ძეგლებს, რომლებიც გავრცელებული იყო ე.წ. გნოსტიკურ სექტებში. გნოსტიკური სექტები გახლდათ ის ფსევდოქრისტიანული მიმდინარეობანი, ფსევდოქრსიტიანული ერეტიკული დაჯგუფებანი, რომლებიც აურაცხელი რაოდენობით მიმოფანტულნი იყვნენ ხმელთაშუაზღვის აუზში II-III სს-ში. მათ გნოსტიკური სექტები ეწოდებათ იმის გამო, რომ საკუთარ თავს ამ სექტების წარმომადგენლები უწოდებდნენ გნოსტიკოსებს. ჩვენ ალბათ შემდეგში გვექნება შესაძლებლობა გნოსტიკოსებს ვრცლად შევეხოთ. ამჯერად აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ სიტყვა “გნოსტიკოს” ნიშნავს მცოდნეს და ამ სექტების წარმომადგენლებს ქონდათ სწორედ პრეტენზია განსაკუთრებული ცოდნის, საიდუმლო ცოდნის ფლობაზე, რაც თითქოს ეზოტერული წესით დაფარულად გადაეცათ მათ, როგორც რჩეულებს. სწორედ ამ გნოსტიკოსთა შორის იყო გავრცელებული თომას სახარება და კიდევ მრავალი საიდუმლო ანუ ე.წ. ეზოტერული თხზულება. ეკლესიის მამები ხშირად მიუთითებდნენ გნოსტიკოსთა ნაყალბევ ე.წ. დაფარულ თხზულებებზე, მაგრამ თვით ეს თხზულებები უდიდესწილად ჩვენთვის მიუწვდომელი იყო. და აი 1945-46 წლებში პალესტინაში, იერუსალიმის მახლობლად, ცნობილი საბაწმინდის მონასტრიდან 18 კმ-ის დაშორებით ნაქჰამადის ტერიტორიაზე, სადაც არის დაბა ქენობოსკიონი, იქ სრულიად შემთხვევით მოხდა ერთ-ერთი მწყემსის მიერ აღმოჩენა დიდი ტევადობის დოქისა, თიხის ჭურჭლისა, რომელიც შეიცავდა უძველეს ეტრატის ხელნაწერებს. რა თქმა უნდა, ამ მწყემსმა ვერაფერი ვერ გაუგო მის მიერ აღმოჩენილ ფურცლებს, მიიტანა ის თავის სოფელში, სადაც ერთ-ერთ იქ მოღვაწე მღვდელს (არამართლმადიდებელს) ანახა, რომელიც არცთუ ისე დიდად განათლებული იყო და ისიც ვერ ჩაწვდა ამ ხელნაწერების რაობას, თუმცა იმას კი მიხვდა, რომ რაღაც სიძველესთან ქონდა საქმე და დაუყოვნებლივ იქ ნაპოვნი ხელნაწერები გადააგზავნა მან კაიროში, სადაც ეგვიპტური სიძველეების ცნობილი ინსტიტუტი არსებობს. მაშინ სხვათაშორის მისი ხელმძღვანელი იყო ცნობილი ენთუზიასტი და დაუცხრომელი მოღვაწე ტოგო მინა, რომელმაც მაშინვე ჩააყენა საქმის კურსში მკვლევარები და მოხდა ამ ხელნაწერთა შესწავლა. აღმოჩნდა ამგვარი რამ, რომ საქმე გვქონდა კოპტურ ენაზე დაწერილ, ე.წ. გვიან ეგვიპტურ ენაზე დაწერილ ტექსტებთან და ეს ტექსტები წარმოადგენდა სწორედ გნოსტიკური სექტების თხზულებებს, თარგმნილებს ბერძნულიდან კოპტურად III-IV სს-ში. აღმოჩნდა 50-მდე ძეგლი, ის ძეგლები, რომლებიც მხოლოდ სახელწოდებით იყო აქამდე ჩვენთვის ცნობილი. მათ შორის აღმოჩნდა თომას სახარებაც. ეს ძეგლები დღეისათვის სრულყოფილადაა შესწავლილი. თუ არ ვცდებით თითქმის ყველა ევროპულ ენაზეა თარგმნილი ისინი სრულად, ფაქსიმილიის სახითაც გამოიცა აღნიშნული აღმოჩენა, ითარგმნა გერმანულად, ინგლისურად, იტალიურად, ესპანურადაც, გარკვეული ტექსტები თარგმნილია რუსულადაც და დაუცხრომელი შესწავლა მიმდინარეობს მათი, ანალიზი, ტექსტობრივი, მსოფლმხედველობრივი და სხვა. Aმჯერად ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ამ ტექსტებს შორის არის თომას სახარებაც და ამ აღმოჩენამ საბოლოოდ გადაწყვიტა საკითხი. თომას სახარება სრულიად განსხავებული ძეგლია სიყრმე უფლისასგან, აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ექვთიმე ათონელის მითითება ამ ორი ძეგლის სხვადასხვაობაზე აღნიშნული აღმოჩენით ზედმიწევნით დადასტურდა.

ამ დადასტურების შემდეგ, რა თქმა უნდა, უკვე ჩვენ თომას სახარებაზე დამოუკიდებლად უნდა ვისაუბროთ და სიყრმე უფლისაზე ასევე დამოუკიდებლად. თუმცა ეს საუბარი შეიძლება სხვა დროს განხორციელდეს, ამჯერად ჩვენი მიზანდასახულობა მხოლოდ ზოგადი ცნობების მოწოდებაა, ხოლო ეს ზოგადი ცნობები იმას გულისხმობს, რომ თომას სახარება, რომელიც ესოდენ პოპულარული იყო გნოსტიკურ სექტებში, სხვა არაფერია თუ არა თვითმიზნურად გასაიდუმლოებული, თვითმიზნურად იდუმალების ხიბლში გახვეული გარკვეული ფრაზების, გამონათქვამების, თითქოს მაცხოვრისგან ნაუწყები რაღაც უღრმესი სწავლებების კონგლომერატი, რომელსაც არა აქვს არანაირი არც, თავისთავად ცხადია, თხრობითი ხაზი და არც მოძღვრებაში რაიმე სისტემურობა. ეს ყველაფერი გახლავთ მოწოდებული სრულიად უწესრიგოდ, მაგრამ ის გამოირჩევა ერთადერთი თვისებით, რითაც როგორც ჩანს თავის დროზეც ახდენდა გავლენას მკითხველზე და არ არის გამორიცხული ზოგიერთ პირზე დღესაც მოახდინოს გავლენა, რაც გახლავთ უაღრეად გასაიდუმლოებული, იდუმალებითი ტონით და ფერებით მოწოდება თხრობისა. იქ არის უაღრესად  ბუნდოვანი გამონათქვამები, რომელთა წვდომა უბრალოდ შეუძლებელია იმიტომ, რომ მათ არანაირი ღრმა დატვირთვა თვაისთავად არა აქვთ. ეს უკვე პიროვნების ფანტაზიაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაიგებს ის ამა თუ იმ ადგილს და რამდენადაც მეტად მოექცევა მკითხველი და მსმენელი ტყვეობაში იმ იდუმალების ხიბლისა, რაც გარეგნულად აქვს ამ სახარებას, მით მეტად დაიჯერებს ის, რომ თითქოს რაღაც სიღრმეში შევიდა დაფარული სწავლებისა. მაგრამ ვერანაირ სიღრმეში ის ვერ შევა, რადგან არანაირი დაფარული სწავლება პირდაპირი მნიშვნელობით იქ არაა. იქაა მხოლოდ სრული სიცარიელე და მხოლოდ ხიბლის მდგომარეობა, რითაც, როგორც ჩანს ამ სახარებამ თავის დროზე ასეთი პოპულარობა მოიხვეჭა.

რაც შეეხება მეორე აპოკრიფს სიყრმე უფლისას, მასში თხრობაა გადმოცემული. არის ცალკეული ეპიზოდები მაცხოვრის ბავშვობიდან. რა თქმა უნდა, ამ ხასიათის აპოკრიფების აღმოცენების საფუძვლის დადგენა რთული არ გახლავთ. იმდენად დიდი იყო მორწმუნე თაობათა დაინტერესება მაცხოვრის ცხოვრების ნებისმიერი ეპიდოზით, ნებისმიერი წუთით, ამ დროს კი კანონიკურ სახარებებში მისი ბავშვობის შესახებ თითქმის არაფერია თქმული, რომ დაინტერესების საფუძველზე ეძიებდნენ კიდეც ხომ არ შემორჩენილა ზეპირ ხსოვნაში რაიმე გადმოცემა მაცხოვრის ბავშვობის, სიყრმის შესახებ. რაღაც გადმოცემები ალბათ მართლაც ცოცხლობდა ასეთ ხსოვნაში, ეს ყველაფერი მოაგროვეს, უხვად განზავებული პირადი ფანტაზიებით, ხიბლისმიერი წარმოსახვებით შემდეგ ჩამოაყალიბეს კიდეც გარკვეულ ნაწერებად და ეს ნაწერები, როგორც ძალიან მარტივი ენით აღწერილნი, საკმაოდ პოპულარულნი გახდნენ და როგორც უკვე ვთქვით ძველქართულადაც თარგმნილა და გარკვეული ნაწილი მისი მოღწეულია. ამ ნაწილში კერძოდ აღწერილია, თუ როგორ გაფრინდებიან მაცხივრის მიერ მიწისგან გაკეთებული ჩიტები, თუ როგორ შეიძენენ ისინი ნამდვილ სიცოცხლეს და ა.შ.

სხვა აპოკრიფებთან დაკავშირებით შეიძლებოდა გვეხსენებინა უადრესი პერიოდიდან მაგალითად იმავე სახარებებთან დაკავშირებით “კერინთუსის სახარება”, “ვალენტინუსის სახარება”, “ბასილიდეს სახარება”, “ჭეშმარიტების სახარება”, “სრულყოფის სახარება” და სხვა და სხვა. თვითონ სახელწოდებებიც ცხადყოფს, რომ სახელის დარქმევის მხრივაც სექტის წევრები ცდილობდნენ მასების მიზიდვას. იმიტომ, რომ თხზულება, რომელსაც აწერია ჭეშმარიტების სახარება, რა თქმა უნდა, გულუბრყვილო მკითხველს და მსმენელს უეჭველად მიაქცევინებს ყურადღებას. სხვათაშორის ჩვენ შეგვიძლია პირდაპირი ანალოგი დავინახოთ დღევანდელ დღესთან, სადაც მსგავსი სახელწოდების თხზულებები არაერთი ჩნდება დახლზე და მრავალ პიროვნებას მართლაც იზიდავს. მაგრამ ყველა ეს ძეგლი იმგვარივე ხიბლის ნაყოფი გახლავთ, რა ხიბლითაც იყო შემოსილი ეს ადრინდელი მიუღებელი ქრისტიანული აპოკრიფები. ნაყოფი და შედეგი მათი იგივე იქნება დღევანდელ დღესაც რა შედეგიც მათ თავის დროზე მოიტანეს. ესაა მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი გზიდან ნამდვილი ცხოვრებისეული, მაცხოვნებლობითი შინაარსით დატვირთული გზიდან გადადრეკა, გზასაცდენა პიროვნებისა და სრულ ხიბლისმიერ, ფანტაზიისმიერ წარმოსახვებში მათი დაუსრულებელი ხეტიალი, რომელსაც არასოდეს დასასრული არ ექნება, თუ პიროვნებამ დროზე არ მოუხმო გონს.

 

16–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=cPNPD2EMDKU


ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 15 December 2017 19:47)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96