Georgian (Georgia)English (United Kingdom)

19

ჩვენ ამჯერად შევეხებით კიდევ ერთ ჟანრს საეკლესიო ლიტერატურისას, რა თქმა უნდა, კვლავაც უაღრესად ზოგადად, მხოლოდ ძირითად ხაზებში, ეს გახლავთ პოლემიკის ჟანრი, პოლემიკური ლიტერატურა.

აღვნიშნავდით, რომ პოლემიკა, როგორც ჟანრი, შეიძლება ნაკლებ ექვემდებარებოდეს ცალკე გამოყოფას, იმიტომ, რომ იგი ჩვეულებრივ დოგმატიკასთან ერთად მოიაზრება, რადგანაც დოგმატურ დებულებებზე წარმოებდა ჩვეულებრივ პოლემიკა და დოგმატური ძეგლებიც უმრავლეს შემთხვევაში პოლემიკის საფუძველზე დაწერილა და ჩამოყალიბებულა ეკლესიის მამათაგან. მიუხედავად ამისა, მაინც ამ შემთხვევაში ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ საკუთრივ პოლემიზმზე, პაექრობაზე და პაექრობითი თვისების უფრო მეტად ამსახველ ძეგლებზე, რითაც მეტ-ნაკლებად შესაძლებელი ხდება, რომ პოლემიკური მწერლობა, როგორც ცალკე ჟანრი გამოვყოთ დოგმატიკისგან და ეს გამოყოფა, თავისთავად ცხადია, ყველა შემთხვევაში პირობითია.პოლემიკური ლიტერატურის აღმოცენებას განაპირობებდა ქრისტიანული მოძღვრების გარდაუვალი კონფლიქტი იმ სარწმუნოებებთან, იმ მოძღვრებებთან, იმ აღმსარებლობებთან, რომლებიც რომის საზოგადოების, ანდა ზოგადად კაცობრიობის სხვადასხვა რეგიონში იყო გაბატონებული. იმიტომ, რომ ქრისტიანობა მხოლოდ რომის იმპერიით არ განისაზღვრებოდა, თავდაპირველად ამგვარად იყო, მაგრამ შემდეგში ის თანდათანობით მთელ მსოფლიოს მოედო და პოლემიკა ქრისტიანობისა სხვადასხვა სარწმუნოებებთან ყოველთვის სახეზეა. ისტორიულად პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რომის იმპერიაში მიმდინარე პაექრობანია ჩვენთვის ყურადღების საგანი და ამ ნიადაგზე აღმოცენებული საეკლესიო ძეგლები.

ქრისტიანობის კონფლიქტი ყველაზე მეტად თვალსაჩინო გახლავთ, რა თქმა უნდა,  კერპთაყვანისმცემლობასთან, მეკერპეობასთან, რაც დამკვიდრებული ცხოვრებისა და რწმენის წესი იყო ელინებისთვის, რომაელებისთვის, წარმართებისთვის. წარმართობა და კერპთაყვანისმცემლობა ერთიდაიგივეა, იგივე მრავალღმერთიანობა. წარმართობასთან დაპირისპირება ქრისტიანობამ პირველი საუკუნიდანვე დაიწყო. მათ შორის კონფლიქტი აბსოლუტურად გარდუვალი გახლდათ. გარდუვალი გახლდათ ღვთის განგებითაც, რადგანაც მრავალი წარმართი უნდა გაქრისტიანებულიყო. პაექრობის ჟამს, ბევრი, რომელიც მანამდე გულმხურვალე თაყვანისმცემელი იყო ამა თუ იმ კერპისა, ხდებოდა ამგვარივე მოშურნე ქრისტიანი (საეკლესიო მნიშვნელობით). მაცხოვრის ანდერძი მოწაფეებისადმი მიცემული, რომ წადით და დაიმოწაფეთ ყოველი წარმართი, სწორედ ამგვარი პოლემიკური ღვაწლის შედეგად აღასრულეს მოციქულებმა და მოციქულების ნაკვალევს მიდევნებულმა საეკლესიო მამებმა.

მეორე მხრივ ასევე თითქმის თავიდანვე, თითქმის სათავეშივე ქრისტიანობას პოლემიკა ჰქონდა იუდაიზმთან.

პოლემიკის ეს ორი ნაირსახეობა ცალკეულ საეკლესიო ძეგლების აღმოცენებასაც განაპირობებდა. პირველ რიგში ჩვენს წინაშე სახეზეა ე.წ. აპოლოგეტური ლიტერატურა, აპოლოგეტური ჟანრის ლიტერატურა, რაც ჩვეულებრივ II ს-ით განისაზღვრება. იმიტომ, რომ II საუკუნეა ამ მხრივ ყველაზე ღირსშესანიშნავი ეპოქა პოლემიკის თვალსაზრისით, როდესაც ქრისტიანობა ეპაექრება ერთი მხრივ წარმართობას, მეორე მხრივ იუდაიზმს და იქნება, დავუშვათ, ისეთი სახის აპოლოგიები, როგორებიცაა არისტიდე ათენელის აპოლოგია, არისტონ პელაიელის აპოლოგეტური შრომა – იასონისა და პაპისკონის სიტყვისგება; წმ. ათენაგორას ასევე აპოლოგეტური თხზულება იმპერატორებისადმი წარდგენილი; იუსტინე მარტვილის ორი აპოლოგია და სხვა. მათ გვერდით უნდა ვახსენოთ ასევე ანონიმური ძეგლი “ეპისტოლე დიოგნეტესადმი”, სადაც წარმართობასთან პოლემიკაც სახეზეა, იუდაიზმთან პოლემიკაც სახეზეა და ორივე მათგანთან პაექრობაში ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებაა ურყევად დასაბუთებული. ამავე სურათს ვხედავთ ჩვენ ლათინურენოვან ძეგლში მინუციუს ფელიქსის თხზულებაში “ოქტავიუსი”, სადაც წარმართობასთან პაექრობა და ქრისტიანული მოძღვრების საზეიმო გამარჯვებაა წარმოდგენილი. ისევე თეოფილე ანტიოქიელის აპოლოგეტურ შრომებში, რომელთაგან მხოლოდ ერთია მოღწეული (“ავტოლიკესადმი”), წმ. ირინეოს ლიონელის ვრცელ თხზულებაში, რომელიც უკვე საკუთრივ ფსევდო ქრისტიანულ სექტებთან პაექრობას მოიცავს.

აქ გახლავთ ამგვარი ვითარება: სხვა სარწმუნოებებთან პაექრობის ჟამს, ან პაექრობის შემდეგ, ან პაექრობის თითქმის თანადროულად ეკლესიის მამები კიდევ უფრო მეტი შეუპოვრობით აწარმოებენ პოლემიკას ქრისტიანობის სახელით გავრცლებულ სხვადასხვა მწვალებლურ მოძღვრებებთან. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სიმძაფრე ეკლესიის მამთა მოღვაწეობისა, სავსებით ნათელია. გაცილებით მეტი საფრთხე ჭეშმარიტების წინაშე სწორედ ამგვარ მწვალებლურ მოძღვრებებს შეეძლოთ შეექმნათ. საქმე ისაა, რომ როდესაც წარმართი ამბობს, რომ ის კერპთაყვანისმცემელია, აქ ყველაფერი ნათელია, ის არ მალავს, რომ კერპთაყვანისცმემელია. მაგრამ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ქრისტიანია და ამ დროს ქრისტიანობის საწინააღმდეგო მოძღვრებას ქადაგებს, ხოლო უბრალო ხალხისთვის ეს განურჩეველია, მისთვის სახელსაც მნიშვნელობა აქვს და ორი პირი, რომელთაგან ორივე ამბობს, რომ ის ქრისტიანია, მისთვის (უბრალო ხალხისთვის) გარჩეული ვერ იქნება, მისთვის ორივე ქრისტიანია. ასეთ დროს მან შეიძლება ქრისტიანულ მოძღვრებად მიიღოს ის, რაც აბსოლუტურად არაა ქრისტიანული, მაგრამ თითქოსდა ქრისტეს სახელით ექადაგება მას. ამ საშიშროებას, ამ საფრთხეს ხედავდნენ რა ეკლესიის მამები, უდიდეს ძალისხმევას თავიანთი მოღვაწეობისას მიმართავდნენ სწორედ ფსევდოქრისტიანულ მოძღვრებათა სამხილებლად და ესაა საკუთრივ ის ანტიერეტიკული ხაზი, რაც განსაკუთრებით გამოკვეთილია ეკლესიის მამებთან. ტერმინი “ერესი” ყველა არამართლმადიდებლურ მოძღვრებას გულისხმობს, იქნება ეს საკუთრივ ფილოსოფიური სწავლებანი, დავუშვათ პლატონისა, არისტოტელესი და სხვა ბერძენი ფილოსოსფოსებისა, იქნება ეს მაგიური და გრძნეულებითი ხელოვნებანი, ასტროლოგიური სწავლებანი თუ სხვა, ანდა საკუთრივ ფსევდოქრისტიანული მოძღვრებანი. ზოგადი გაგებით ყველა მათგანი ერესია, მაგრამ კერძოობითი გაგებით ერესად ჩვეულებრივ იწოდება ესა თუ ის ფსევდოქრისტიანული მოძღვრება. კერძოობითი გაგებით ანტიერეტიკული ხაზიც ჩვეულებრივ სწორედ ამგვარ მოძღვრებათა მთლიანობას გულისხმობს.

ეკლესიის მამები პოლემიკურ ღვაწლში იმდენად წარემატნენ, რომ ისინი არათუ ერთ რომელიმე ერესს უპირისპირდებოდნენ, ებრძოდნენ და ამხობდნენ, არამედ ყველა მათგანს ერთად შემოკრებილს ხშირად უპირისპირდებოდა მხოლოდ ერთი საეკლესიო მოღვაწე და შესაბამისად იწერებოდა მონუმენტური ანტიერეტიკული თხზულებები, როგორც მცდელობა ყოველგვარი უკეთურების მთლიანობითი აღმოფხვრისა. ამგვარი მონუმენტური შრომებიდან პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დასასახელებელი გახლავთ წმ. იუსტინე მარტვილის სახელგანთქმული თხზულება “ყველა ერესის უარყოფა”. სამწუხაროდ ეს შრომა ჩვენამდე არ მოღწეულა, მაგრამ არ მოღწეულა, ასე ვთქვათ, ცალკე ძეგლად და ცალკე ხელნაწერად. თორემ ის არაპირდაპირ ჩვენამდე მოღწეულია, მთლიანად არის განფენილი შედარებით გვიანდელი პერიოდის ანტიერეტიკულ შრომებში, რომლებმაც მთლიანად გაითავისეს ეს თხზულება, რომელიც მათთვის ფასდაუდებელი წყარო იყო, როგორც ყველაზე უფრო ადრინდელი მონუმენტური ანტიერეტიკული ძეგლი. მაგალითად ეს შრომა უდიდესწილად არის გამოყენებული შედარებით უფრო მოგვიანო პერიოდის, II ს-ის მიწირულის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ანტიერეტიკულ თხზულებაში წმ. ირინეოს ლიონელისა, რაც ნაწილობრივ ზემოთაც ვახსენეთ, სათაურით “მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა”, სადაც გნოსტიკური ე.წ. ქრისტიანული სექტების მოძღვრებანი არის უარყოფილი, მათ შორის განსაკუთრებით ვალენტინელთა, ყველაზე უფრო ავტორიტეტულ გნოსტიკოსთა მოძღვრება. აღნიშნული შრომა წმ. ირინეოს ლიონელისა, რაც ხუთ წიგნად დაწერა მან, იუსტინე მარტვილის შრომისგან განსხვავებით ჩვენამდე მთლიანობაშია მოღწეული, ოღონდ მთლიანობაში მოღწეულია მხოლოდ ლათინურ თარგმანში. ბერძნულდ მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტებია შემორჩენილი, მაგრამ ლათინური თარგმანი იმდენად ბუკვალურია ბერძნული ტექსტისა, იმდენად ადეკვატურია, იმდენად ზედმიწევნითია, რომ ამ უკანასკნელ ხანებში განხორციელდა უკუ თარგმნითი პროცესი, ე.ი. ლათინური ტექსტი თარგმნეს ბერძნულად, როგორც კი ეს შეიძლებოდა ყოფილიყო, აღადგინეს დედანი ბერძნული ტექსტისა, საიდანაც ლათინური ითარგმნა და ეს ბერძნული ტექსტი დღეისათვის გამოცემული გახლავთ. რა თქმა უნდა, საკუთრივ ირინეოსის შრომასთან მიმართებით ამ აღდგენილ ტექსტს შეიძლება გარკვეული სხვაობები ქონდეს, მაგრამ არსებითად ეს მაინც იგივე ტექსტია, რაც ირინეოსმა დაწერა.

მომდევნო პერიოდიდან მონუმენტურ ანტიერეტიკულ შრომად ჩვენ უნდა მივიჩნიოთ და დავასახელოთ III ს-ის I ნახევრის მოღვაწის წმ. იპოლიტე რომაელის ასევე “ყველა ერესის უარყოფა”, რომელიც 10 წიგნისგან შედგება. მათგან შუა წიგნები ფრაგმენტულადაა მოღწეული. პირველი ოთხი წიგნი შედარებით სრულყოფილადაა მოღწეული და მათ ასეთი სახელწოდება აქვთ - “ფილოსოფუმენა”, რაც ზოგჯერ მთლიანად ათივე წიგნისადმი ითქმის. თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს სახელწოდება თავდაპირველად მხოლოდ პირველ ოთხ წიგნს ქონდა, იმიტომ, რომ ეს პირველი წიგნები ეხებოდა ბერძნული ფილოსოფიის სხვადახსვა წარმომადგენელს. ფაქტობრივად ეს იყო მოკლე კურსი ანტიკური ფილოსოფიისა, მხილებებითურთ. “ფილოსოფუმენა” კი სწორედ ამას ნიშნავს – ნაფილოსოფოსებნი, ანუ ვინც რაღაც იფილოსოფოსა. რა თქმა უნდა, აქ მცირედით სარკასტული თუ არა ირონიული ტონი აშკარაა, ყოველშემთხვევაში დამცირებითი ტონი აშკარაა, რამდენადაც საქმე ანტიკურ ფილოსოფიას ეხება და არა ჭეშმარიტ ფილოსოფიას.

მომდევნო წიგნებში იყო მაგიური მოძღვრებები განქიქებული. ნაწილობრივ ესეც მოღწეულია და ჩვენ არ შეიძლება არ გაგვიკვირდეს ის განსაკუთრებული გონებითი სიფხიზლე მაგიური, გრძნეულებითი მსახურებების მიმართ, რასაც ამ ძეგლის ავტორი წმ. იპოლიტე რომაელი ამჟღავნებს. აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში იპოლიტე რომაელისთვის ნებისმიერი მაგიური ქმედება ესაა გარკვეული ფარსი, სპექტაკლი, რომელსაც არანაირი რეალური ძალა არა აქვს. იქ აღწერილია მაგალითად ერთ-ერთი შემთხვევა, თუ როგორ არწმუნებდა ერთი პიროვნება სხვებს, რომ მას თითქოს შეეძლო ქვესკნელიდან გამოეძახებინა გარდაცვლილთა სულები და ვიზუალურად ეჩვენებინა მისთვის, ვისაც ეს სურდა. ღამით წაიყვანდა ტყეში პიროვნებას, რომელსაც თავისი გარდაცვლილი წინაპრების ხილვა სწყუროდა და შუა ტყეში, სიბნელეში მოულოდნელად ამ ადამიანის წინაშე, ვისაც ხილვა სურდა, გაიხსნებოდა თითქოს მიწა და ის ზემოდან ხედავდა თუ როგორ დადიოდნენ თეთრით მოსილი სულები ქვეკსნელში. სინამდვილეში, როგორც წმ. იპოლიტე რომაელი გვასწავლის, აქ მხოლოდ შემდეგ მზაკვრობას ქონია ადგილი: წინასწარ ყოფილა მომზადებული ეს ყოველივე, ამოთხრილი ორმო, ოთახად გაკეთებული, რომელსაც თავზე გამჭვირვალე შუშა ქონდა გადაფარებული. ქვემოთ სანთლები იყო ჩატანილი და იქ იყვნენ დაქირავებული ქალები, რომლებსაც თეთრი სამოსელი ეცვათ. შესაბამისად პიროვნება, რომელიც გადაწყვეტდა ხილვის მიღებას, ქვესკნელის ხილვას და წაჰყვებოდა აღნიშნულ პიროვნებას ტყეში, მოულოდნელად ის საფარვლეს გადააცლიდა ზემოდან შუშას, ქვემოთ ამ დროს სანთლები ინთებოდა არა მკვეთრი სინათლით და რაღაც გარკვეული აჩრდილები უეჭველად წარმოუდგებოდა თვალწინ პიროვნებას, ქვესკნელის სურათები რომ სურდა ეხილა. აი ამგვარი ფაქტები ბევრია აღწერილი. სხვათაშორის შესანიშნავადაა განქიქებული ასტროლოგიური დარწმუნებულობა  იმაში, რომ თითქოს ვარსკვლავთმეტყველს შეეძლოს ვარსკვლავების მდებარეობის მიხედვით განსაზღვროს ახალშობილის მომავალი. იპოლიტე რომაელის მიერ ასეა ვითარება წარმოდგენილი, რომ ვარსკვლავთმეტყველი დგას მთაზე, საიდანაც ის აკვირდება ცის მნათობთა მდგომარეობას, პოზიციას, მთის ძირას არის მისი მოკავშირე, რომელმაც გარკვეული ინსტრუმენტის დარტყმით ხმა უნდა გააგონოს მას. თუ სწორად გვახსოვს სპილენძის ინსტრუმენტია, ორი დაფა, რომლებიც ერთმანეთს უნდა მიარტყას და ამ ჟღერადობით ზემორეს უნდა ამცნოს, რომ დაბადება მოხდა, ხოლო მას თვითონ ახალშობილის დაბადება უნდა შეატყობინოს იმ პირმა, რომელიც თავმდგმურია მშობიარე ქალისა. მაგრამ იპოლიტე რომაელი ჯერ კითხვას სხვამს: კი მაგრამ რომელი წამი მიიჩნევა ახალშობილის დაბადებად? მუცლიდან გამოსვლის მომენტი თუ მუცელში მყოფის, სადაც ის უკვე ზრდასრულია, ყოველშემთხვევაში მეცხრე თვეში მაინც, ის ხომ უკვე ფაქტობრივად შექმნილია, შობილია. ფიზიკურად მზის სინათლის მხილველი არ არის, თორემ ის მთლიანად ჩამოყალიბებულია. თუ შობის მომენტს ვიღებთ ამოსავლად, ამბობს წმ. იპოლიტე რომაელი და ეს შობის მომენტი აუცილებლად ის წამი უნდა იყოს, როდესაც ბავშვი დაიბადა, მაშინ ამ წამს როგორ დავადგენთ? მრავალია მშობიარობა, რომელიც ძალიან ხანგრძლივდება და ზუსტი არათუ წამის, არამედ წუთისა და საათის დადგენაც რთულია, თუ როდის დაიბადა ყრმა. მაგრამ დავუშვათ ესეც გადავლახეთ და ზუსტად დავადგინეთ წამი, როდესაც ის იშვა. ვიდრე ის თავმდგმური, ვარსკვლავთმეტყველის თანაშემწე, ამას დააფიქსირებდეს, ვიდრე მივიდოდეს მთის ძირას მდგომ პირთან და აუწყებდეს ამის შესახებ, ვიდრე ის პიროვნება, რომელიც მთის ძირას დგას დაფების ჟღარუნით ზემდგომს ამას შეატყობინებდეს, ვიდრე უშუალოდ ვარსკვლავთმეტყველი ცაში ხედავდეს, ყველაფერს დააფიქსირებდეს და ჩაიწერდეს, რამდენი დრო გადის. და განა ეს უკვე იმ დაბადებულის წამია თუ აბსოლუტურად სხვა. მნათობთა მდგომარეობა ცაზე ხომ ყოველწუთიერად იცვლება. ამგვარი გონებითი სიფხიზლით განიხილავს წმ. იპოლიტე რომაელი ყველა საკითხს, რაც კი მაგიას უკავშირდება და უმრავლეს შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის მაგიურობასა და გარკვეულ მაქინაციურ მზაკვრობას ერთიმეორესთან ათანაბრებს.

ამავე წიგნში შემდეგ განხილულია სხვადასხვა მწვალებლობანი, საეკლესიო და ქრისტიანული სახელწოდების მიმტაცებელნი და რა თქმა უნდა, უდიდესწილად ეს შრომაც წმ. იუსტინე მარტვილის თხზულებას ეფუძნება.

ამ მონუმენტური ანტიერეტიკული შრომის შემდეგ ჩვენ უნდა დავასახელოთ ალბათ IV ს-ში ეპიფანე კვიპრელის ჭეშმარიტად უზარმაზარი ანტიერეტიკული თხზულება “ყველა ერესის წინააღმდეგ”, ორ უზარმაზარ ტომად. პირველ ტომში გადმოცემულია ცალკეული სექტის მწვალებლური მოძღვრება, ხოლო მეორე ტომში უკვე განქიქებულია და მხილებულია მათი მწვალებლური სწავლებანი. ე.ი. პირველ ნაწილში განქიქებანი ანუ მხილებანი ნაკლებად გვხვდება, ძირითადად მოძღვრებაა გადმოცემული, თუ რას ასწავლის ესა თუ ის პიროვნება, რას ასწავლის ესა თუ ის ერეტიკული სექტა და სხვა. ხოლო მეორე წიგნში, როგორც უკვე ვთქვით, თითოეული მათგანის საფუძვლიანი მხილებაა წარმოდგენილი.

წმ. ეპიფანე კვიპრელის ამ უზარმაზარი შრომის შემდეგ თეოდორიტე კვირელის ანტიერეტიკული შრომები უნდა დავასახელოთ. განსაკუთრებით ელინთა წინააღმდეგ მიმართული, ელინთა ბოროტმზრახველობის მხილება, უზარმაზარი შრომა.

თეოდორიტეს შემდგომ ჩვენ უნდა ვახსენოთ წმ. იოანე დამასკელი, რომელსაც წვალებათა წინააღმდეგ შრომა, თავისი სამნაწილედი წიგნის “წყარო ცოდნისას” მეორე ნაწილად აქვს წარმოდგენილი.

რა თქმა უნდა, ანტიერეტიკული შრომები, პიროვნული, ცალკეული ერესისკენ მიმართული ძალიან ბევრია. ჩვენ ამ შემთხვევაში მონუმენტურზე გვქონდა აქცენტი, რითაც თვალსაჩინოდ წარმოჩნდა, რომ ეკლესია ყოველთვის ყველა ეპოქაში ერესების მხილებას უდიდეს მნიშვნელობას განუკუთვნებდა. აქ არის ასეთი საინტერესო რამ: ზოგჯერ ჩვენ ერესის მამხილებლად, ერესის მგმობელად ვხედავთ თვით ერეტიკოსსაც კი, რომელიც იმ საკითხში რა საკითხშიც სხვას გმობს, მართლმადიდებლურ მოძღვრებას იცავს. ერეტიკოსობა არ ნიშნავს ყველა საკითხში გაუკუღმართებას. როგორც ეკლესიის მამები მკვეთრად გახაზავენ და წმ. არსენ იყალთოელის “დოგმატიკონშიც” ეს სავსებით ხაზგასმითაა თქმული, ესა თუ ის პიროვნება, რომელიც გაუკუღმართებულია და შესაბამისად ერეტიკოსია რაღაც საკითხში მოძღვრებისა, მეორე საკითხში ის შესაძლოა სავსებით ჯანსაღად მსჯელობდეს. ამიტომ ამ მეორე საკითხში თვით ეს ერეტიკოსიც შეიძლება სხვებს უპირისპირდებოდეს. ანუ რომელიმე ერეტიკოსი მეორე ერესს ებრძვის იმ შემთხვევაში, თუ ის იმ მეორე საკითხში არ არის გაუკუღმართებული და მართლმადიდებლურ მოძღვრებას იცავს. მაგალითად ორიგენე, რომელიც მრავალ საკითხში მოძღვრებისა გაუკუღმართებული იყო, თავის მხრივ შეუპოვრად და უშეღავათოდ ებრძოდა გნოსტიკურ სექტებს და მისი ეს ბრძოლა ეკლესიამ სათანადოდ შეაფასა და დააფასა კიდეც. ყოველთვის იხსენიება ორიგენე გნოსტიკოსთა სექტების წინააღმდეგ მებრძოლად. ისევე როგორც ჩვენს მიერ ადრე ხსენებული დიოდორე ტარსელი აპოლინარიზმს მკვეთრად უპირისპირდებოდა. ანდა უფრო ადრე მარკელოზ ანკვირელი არიანელობას და ა.შ. საკუთრივ ნესტორიც კი, რომელიც ერეტიკოსთა შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძვინვარე გახლდათ, მონოფიზიტობას უპირისპირდებოდა და ასაბუთებდა ორბუნებოვნებას განკაცებული ღვთისას. მისი ერესი მდგომარეობდა არა, რა თქმა უნდა, ღვთის ორბუნებოვნების დასაბუთებაში, არამედ ორბუნებოვანი ღვთის ორი პირის, ორი ჰიპოსტასის შესახებ ცრუ სწავლებაში. მონოთელიტებიც, რომლებიც ეპაექრებოდნენ მაქსიმე აღმსარებელს, რა თქმა უნდა, განკაცებული ღვთის შესახებ დოგმატში ცდებოდნენ, მაგრამ ყოვლადწმინდა სამების შესახებ დოგმატში პირდაპირი გაგებით არ ცდებოდნენ. პირდაპირი გაგება იმას ნიშნავს, რომ როდესაც ერთ დოგმატში ცდება პიროვნება, ის ამას დიდ ცთომილებად არ მიიჩნევს, რადგან გონია, რომ მისი ცთომილება მხოლოდ ამ ერთი საკითხით ამოიწურება. ჯერ ერთი ის ერთი საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საზოგადოდ ეკლესიურ მოძღვრებაში თუკი ერთ საკითხში გაუკუღმართდება პიროვნება, დოგმატიკის სხვა საკითხებსაც შეეხება ზოგჯერ ეს გაუკუღმართება, თუმცა ყველას შეიძლება ის არ შეეხოს. ამიტომ რაშიც არის გაუკუღმართებული ესა თუ ის პიროვნება, ამ კუთხით ხდება ყოველთვის მისი ანათემირება. მაგრამ თუ რაიმეში ის მართლმადიდებლურ სწავლებას ინარჩუნებს, ამ მხრივ მართლმადიდებლობა ყოველთვის გარკვეულ ღირსებას განუკუთვნებს. მაგრამ მაინც ისმის საკითხი. ერეტიკოსიც ებრძვის ერესს, არის თუ არა რაიმე განსხვავება ერეტიკოსის ერესის წინააღმდეგ ბრძოლასა და  მართლმადიდებელის ერესის წინააღმდეგ ბრძოლას შორის, თუნდაც ერთსა და იმავე ერესს ებრძოდეს ორივე? რა თქმა უნდა, განსხვავება აქაც სახეზეა. როდესაც ერეტიკოსი ერესს ებრძვის, ის ერესს ებრძვის ყოველთვის ერეტიკულად, ხოლო მართლმადიდებელი ყოველთვის მართლმადიდებლურად ებრძვის ერესს. ეკლესიის ისტორიის მანძილზე ეს მხარე მკვეთრად გამოსაყოფია და მრავალი ნიმუში შეგვიძლია მოვიხმოთ ამის დამტკიცებისა და დასაბუთებისათვის. კერძოდ აქ რა იგულისხმება, რას ნიშნავს ერესის წინააღმდეგ ერეტიკული ბრძოლა? ზოგჯერ სამწუხაროდ ჩვენ ვხვდებით, რომ ერესის წინააღმდეგ ერეტიკულად, ასე ვთქვათ, მართლმადიდებელიც იბრძვის, რომელიც მართლმადიდებელია მხოლოდ ტრადიციულად, თორემ ისე თავისი სულისკვეთებით ერეტიკოსისგან არაფრით არ განსხვავდება. ერესის წინააღმდეგ ერეტიკული ბრძოლა ნიშნავს რაიმესადმი ფანატიკურ დაპირისპირებას. სადაც არსებობს ფანატიზმის მარცვალი იქ მართლმადიდებლობას ადგილი აღარ აქვს. ფანატიზმი და მართლმადიდებლობა არის დიამეტრულად სხვადასხვა მოვლენა და ერთიმეორის გამომრიცხველი. რაიმეს წინააღმდეგ ფანატიკური ბრძოლა იმიტომაა ერეტიკული, რომ ფანატიკურობა გულისხმობს მხოლოდ ცალმხრივობას, მხოლოდ ერთი მიმართულებით ხედვას. ჩვენ უკვე აღვნიშნავდით, რომ პიროვნება, რომელიც შეიძლება ერეტიკოსი იყოს ერთი კუთხით, მეორე კუთხით შესაძლებელია სავსებით ჯანსაღ სწავლებას ინარჩუნებდეს და ფანატიკური მიდგომით როდესაც მისი უშეღავათოდ უარყოფა ხდება  ყველანაირი აზრით, ამ შემთხვევაში უარყოფა ხდება მისი ჯანსაღი სწავლებებისაც, ის მთლიანად მოწყვეტილი ხდება. შესაბამისად არ ვლინდება მისდამი გულშემატკივრული განწყობა, რომ ვეპაექრებით რა ვინმეს, ცთომილებაში მყოფს, ნიშნისმოგებით კი არ ვეპაექრებით და მისი მოკვეთა კი არ გვსურს, პირუკუ, მას ვეპაექრებით გულშემატკივრულად, გვტკივა მისი გაუკუღმართება და გვინდა, რომ გაუკუღმართებისგან უკან მოიქცეს იგი. აი ესაა გულშემატკივრობა პიროვნებისადმი, რომელსაც ვეპაექრებით. პიროვნება, ჩვენი პაექრობის ობიექტი, ჩვენი თანაგრძნობის ობიექტიც უნდა იყოს და ესაა ერესის წინააღმდეგ ყოველთვის მართლმადიდებლური ბრძოლა. ანათემირება და საბოლოო დაგმობა პიროვნებისა ამ შემთხვევაში პოლემიკის გვიანდელი შედეგია, ხოლო საკუთრივ პოლემიკა, ვიდრე ჯერ კიდევ პოლემიკა მიმდინარეობს, ანათემირება კი არ ხდება, არამედ არის მცდელობა, რომ დარწმუნდეს როგორმე ცთომილებაში მყოფი პირი საკუთარ გაუკუღმართებაში, დარწმუნდეს ადამიანი, რომ ის მოძღვრებისგან გადახვეულია და უკან მოქცევის საშუალება მას აქვს. როდესაც ყოველგვარი იმედი გადაიწურება ამგვარი უკან მოქცევისა და პირიქით, უფრო მეტად გაკერპებულია ცთომილი თავის ცთომილებაში და შესაბამისად ის, ასე ვთქვათ, თავის მხრივ მოღვაწეობასაც იწყებს, რომ საკუთარი ცთომილება მასობრივი გახადოს, მაშინ, რა თქმა უნდა, ეკლესიური წეს-განგება იღებს გადამწყვეტ ზომებს, დგამს გადამწყვეტ ნაბიჯს და ანათემირებულ-ჰყოფს ამგვარ პირთ. ამიტომაა, რომ ხშირ შემთხვევაში ანათემირება ძალიან გვიანდება (ამ შემთხვევაში კარგი გაგებით), რომ კვლავ და კვლავ ქონდეს შესაძლებლობა გაუკუღმართებულს უკან მოქცევისა, უკუ მიბრუნებისა დედა ეკლესიაში. ესაა ერთადერთი მიზანდასახულობა პოლემიკისა მართლმადიდებლური კუთხით. მაგრამ ერეტიკოსი, რომელიც უშეღავათოდ ებრძვის და დაუყონებლივ მოკვეთას განიზრახავს ცთომილისას, რა თქმა უნდა, მას არავითარი გულშემატკივრობა ამ ცთომილისადმი არა აქვს. ასეთი თვისება თვით ამ მოპაექრეს თანდათანობით უეჭველად ჩააგდებს საცთურში. ჩვენ მოვიტანთ რამდენიმე ნიმუშს ერესის წინააღმდეგ ერეტიკული ბრძოლისას. ამის მკვეთრი გამოხატულება გახლავთ ის, რომ როდესაც ერეტიკულად ებრძვის ვინმე რაიმეს, შეიძლება ის ერესი უარყოს, რომელსაც ებრძვის, მაგრამ რადგან უკიდურესი ფორმით არის ეს ბრძოლა, უეჭველად თვით ეს პიროვნება, მებრძოლი, აღმოჩნდება მეორე უკიდურესობაში, რომელიც ასევე ერესია. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: “ხე, რომელიც ერთი მიმართულებით არის გადახრილი, თუ მყისიერად იქნება გაშვებული ჩვენგან, უეჭველად მეორე მიმართულებით გადაიხრება. თუ გვინდა, რომ ის გასწორდეს ნელ-ნელა უნდა გავუშვათ ხელი”. თანდათანობითი განსწავლა ცთომილისა და თანდათანობითი მცდელობა მისი მოქცევისა თავის უეჭველ ნაყოფს გამოიღებს, მაგრამ მკვეთრად, უკიდურესად და ფანატიკურად დაპირისპირება რაიმესადმი, ჯერ იმ დაპირისპირებულს კიდევ უფრო ცთომილსა და გაუკუღმართებულს ხდის და მეორე მხრივ თვით იმას, ვინც უპირისპირდება ცთომილს, ასევე ცთომილებაში აგდებს, რადგანაც უკიდურესობა მას ვერანაირად ვერ დატოვებს მართლმადიდებლური მოძღვრების სამეუფო გზაზე. მაგალითად კვლავ გავიხსენებთ დიოდორე ტარსელს, რომელიც აღმოჩნდა ნესტორიანიზმის მესაფუძვლედ, იმის გამო, რომ იგი სრული უშეღავათობით ებრძოდა აპოლინარიზმს. აპოლინარიზმი არის მოძღვრება იმის შესახებ, რომ განკაცებულმა ღმერთმა მხოლოდ განსულიერებული სხეული შეიმოსა, მაგრამ არ მიუღია მას ადამიანური გონიერი სული და რომ შესაბამისად მას ადამიანური ნებელობა არ ჰქონდა. ეკლესია ასწავლის, რომ განკაცებულ ღმერთს, როგორც ორბუნებოვანს ორი ნება სრულად ჰქონდა – საღვთო ნება და კაცობრივი ნება. აპოლინარი ამას უარყოფდა. აპოლინარიზმი ფაქტობრივად ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია მონოფიზიტობისკენ, სადაც მონოფიზიტობის დებულება განკაცებული ღმერთის ერთბუნებითობას უკვე წინა პლანზე აყენებს. დიოდორე ტარსელი, რომელიც აპოლინარიზმს ებრძოდა, ებრძოდა იმ კუთხით, რომ საღვთო წერილიდან წარმოეჩინა მტკიცებულებანი მაცხოვრის კაცობრივი ბუნების და შესაბამისად კაცობრივი ნების დასადასტურებლად. მაგრამ იმდენი კაცობრივი თვისება გამოავლინა დიოდორე ტარსელმა საღვთო წერილში განკაცებული ღვთისა, რომ ის ჩავარდა მეორე უკიდურესობაში და არა მხოლოდ ორბუნებოვნება დაუშვა განკაცებული ღვთისა, არამედ ორპიროვნულობაც, რომ პიროვნება ძე ღმერთი – მისი თქმით, შეუერთდა კაც პიროვნებას და მათი შეერთება არის განკაცება. სწორედ ეს აზრი იმემკვიდრა შემდეგ ნესტორმა. მაშინ როცა მართლმადიდებლური სწავლებით ორი პირის – ძე ღმერთისა და კაც იესოს შეერთება კი არ არის განკაცება, არამედ ერთიდაიგივე პიროვნების – ძე ღმერთის, რომელიც საღვთო ბუნებისა იყო განკაცებამდე, და იმავე პიროვნების მიერ განკაცებისას ხდება კაცობრივი ბუნების მიღება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გზით განკაცებული ღმერთი, მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე არის იგივე პიროვნება, რაც ის განკაცებამდე იყო, ოღონდ უკვე ხორცშესხმული, ადამიანურ ბუნებამიღებული, თორემ პიროვნება კვლავ იგივეა რაც მანამდე იყო. ანუ ერთია ეს პიროვნება, განკაცებამდე მხოლოდ საღვთო ბუნების მქონე და შესაბამისად მარტივი, შეუდგენელი, განკაცებისას საღვთო ბუნებასთან ერთად კაცობრივი ბუნების მქონეც და შესაბამისად რთული ანუ შედგენილი. ეს გახლავთ ნესტორის საწინააღმდეგო მართლმადიდებლური მოძღვრება, მაგრამ საკუთრივ ნესტორიანიზმი და მისი მესაფუძვლე დიოდორე ტარსელი, უარმყოფელი აპოლინარიზმისა, მეორე უკიდურესობას წარმოადგენს. ე.ი. აპოლინარიზმი უარყოფდა არა მხოლოდ ორპირვნულობას, არამედ ორბუნებოვნებას განკაცებული ღვთისას. პირუკუ, ნესტორიანიზმი ასაბუთებს არა მხოლოდ ორბუნებოვნებას, არამედ ორპიროვნულობასაც, რაც უკვე მცდარობა და უკიდურესობაა და მისი საპასუხო რეაქციაა მონოფიზიტობა, რომელიც არა მხოლოდ ერთპიროვნულობას ასაბუთებს ნესტორის საწინააღმდეგოდ, რაც მართებულია (განკაცებული მაცხოვარი ერთი პიროვნებაა), არამედ ამასთან ერთბუნებითობასაც, რაც უკვე მცდარობაა.

ამრიგად, ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში ყოველთვის ვარდება ის, ვინც ერეტიკულად იბრძვის ერესის წინააღმდეგ და ამგვარი ბრძოლის სათავე გახლავთ ის, რომ ბრძოლა მიმდინარეობს სრული უშეღავათობით, ყველაფრის ფანატიკური უარყოფით. ტატიანე სირიელი, რომელიც ფანატიკურად უარყოფდა რაიმე სიკეთის გამოკრთომას ანტიკურობის პერიოდში, წინაქრისტიანულ პერიოდში, თვითონ ჩავარდა ისეთ უკიდურესობაში, რომ ის ანათემირებული გახდა ეკლესიისგან. მსგავსადვე ტერტულიანე, ყოველივეს ფანატიკურად უარმყოფელი და არსად არნაირად არაგვარი სიკეთის არ დამნახავი, თავად ჩავარდა იმგვარ უკდირესობაში, რომ ბოლოს საეკლესიო მოძღვრების უარყოფაც დაიწყო და სულ სხვა მოძღვრებაზე გადავიდა. მარცვალი ფანატიზმისა ჯერ კიდევ ე.წ. მართლმადიდებლური მოღვაწეობის ეპოქაში შეინიშნება ამგვარ პირთა შორის და ეს მარცვალი შემდეგში თანდათანობით მკვეთრ გამოვლენას იძენს და ეს პირები ამის გამო უკუღმართდებიან.

ამრიგად ერესის წინააღმდეგ შეიძლება ერეტიკოსიც იბრძოდეს, მაგრამ ჩვეულებრივ ერეტიკოსი ერესის წინააღმდეგ იბრძვის ერეტიკულად, ფანატიკურად, ხოლო მართლმადიდებელი ერესის წინააღმდეგ ყოველთვის იბრძვის გულშემატკივრულად,  თანაგრძნობითად, რომ საბოლოო ანათემირებამდე იქნებ მოხერხდეს მისი მოქცევა, თვითონაც გადარჩეს და მისი მიმდევრებიც ჭეშმარიტების გზას დაადგნენ. მაგრამ თუ ამგვარი რამ არ მოხდება, კურნება და გადაწყვეტილება აუცილებელია, რომ სხვებიც მრავალნიც, უკვე დასნეულებულთან ერთად, რომელთაც უკვე აღარაფერი ეშველებათ, ისინიც არ დასნეულდნენ და ეს მაკურნებელი წამალი გახლავთ ანათემირება, რაც პოლემიკის ყველაზე უფრო მძიმე გამოხატულებაა, რადგან ანათემამდე ერთბაშად არ მიდის ეკლესია, ანათემამდე მიდის, კვლავ აღვნიშნავთ, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როცა არანაირი იმედი იმ ცთომილის უკან დაბრუნებისა, შენანებისა უკვე აღარ არსებობს. ყველა გზა მოისინჯა, ყველა გზა დახშული აღმოჩნდა ამისთვის და სხვებიც რომ არ წარწყმდნენ, აუცილებელია მოკვეთა იმისა ვინც სნეულებას მთელი შეგნებით, ყოველგვარი სინანულის გარეშე ავრცელებს.

მრიგად, ჩვენ ვისაუბრეთ პოლემიკის საფუძვლებზე და პოლემიკური ლიტერატურის ცალკეულ უმნიშვნელოვანეს ნიმუშებზე, რაც პოლემიკური ჟანრის არსებობის დამადასტურებელი გახლავთ.

 

19–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=dgRROep8reY&t=2s


ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 13 December 2017 22:12)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96