Georgian (Georgia)English (United Kingdom)

56

ჩვენს წინა საუბარში ვეხებოდით კონკრეტულად სამოთხისეულ ცხოვრებაში ადამთან დაკავშირებით ენის რაობის საკითხს და აღვნიშნავდით, რომ ენა, რომლითაც ადამი სამოთხეში მეტყველებდა, თუ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ენას მხოლოდ სიმბოლურ გაგებას შევუნარჩუნებთ, ეს იყო იგივე შინაგანმდებარე სიტყვა. ჩვენ ეს ტერმინები ნაწილობრივ უკვე განვიხილეთ, რომ ეკლესიური სწავლებით არის ორი სახეობა სიტყვისა, ერთია შინაგანმდებარე სიტყვა, მეორეა გარეგანი სიტყვა, გამოვლენილი ანუ პროფორიკული სიტყვა. ის რასაც ენათმეცნიერება შეისწავლის, რაც გრამატიკულ კანონზომიერებას დამყარებული ენაა, ეს გახლავთ სწორედ პროფორიკული ანუ გარეგანი, ანუ ხმოვანი სიტყვა, ხოლო შინაგანმდებარე სიტყვა არის იგივე აზროვნებითი მეტყველება, აზრისმიერი სიტყვა და ადამს სამოთხეში სწორედ ეს მეტყველება ჰქონდა. ამავე აზრით გაიგება მის მიერ ცხოველებისადმი სახელის დარქმევაც, რომ სულიერად, აზრისმიერად განჭვრიტა მათი რაობა, მათი სახეობა და საკუთარ გონებაში განსაზღვრა კიდეც, დაახარისხა კიდეც თითოეული მათგანი. აქ, რა თქმა უნდა, არაა საუბარი იმაზე, რომ ამა თუ იმ ცხოველს რაღაც კერძოობითი, თანხმოვნებისა და ხმოვნებისგან შედგენილი სახელი დაარქვა მან.

სამოთხისეული ყოფნა ეკლესიის მამებთან ნაირგვარად განიმარტება. ჩვენ სხვა საუბრებშიც ხაზს ვუსვამდით, რომ შეიძლება ამა თუ იმ მოვლენის სხვადასხვაგვარი განმარტება შეგვხვდებს ეკლესიის მამებთან, მაგრამ ეს სხვადასხვაობა განმარტებებში არანაირად არ გულისხმობს დაპირისპირებას. ერთიდაიგივე მამა ერთსადაიმავე შრომაში, ერთსადაიმავე მოვლენაში შეიძლება სხვადასხვაგვარად განმარტავდეს, რადგან ამა თუ იმ ბიბლიურ მოვლენას, ბიბლიურ თხრობას მრავალი გაგება აქვს, სხვადასხვა სიღრმის გამოხატულება აქვს, საიდუმლოებითია ხშირად და ამ საიდუმლოთა წვდომა, რა თქმა უნდა, ერთჯერადი არ არის. ამიტომაა, რომ მაგალითად თუნდაც ჩვენს მიერ ადრე ხსენებული ოლიმპიოდორე ალექსანდრიელის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ შრომას – “ეკლესიასტეს განმარტებას” გადავშლით რა, იქ ამა თუ იმ ბიბლიური მუხლის განმარტებისას აღნიშნული მოძღვარი არათუ ერთ, არამედ ორ, სამ და ხშირ შემთხვევაში ექვს, შვიდ და ათამდე განმარტებას გვთავაზობს სხვადასხვა მამებისას. ის ამბობს, რომ ეს მუხლი გაიგება ასე, კიდევ გაიგება ასე, კიდევ ასე, კიდევ ასე და სხვა. ყველა ეს განმარტება მართებულია, ჭეშმარიტია, როგორც სხვადასხვა სიღრმის გამომხატველი ერთიდაიმავე ბიბლიური თხრობისა, რომ ერთდაიმავე ბიბლიურ თხრობას, ერთდაიმავე ბიბლიურ სიმბოლოს აქვს სხვადასხვა სიღრმე. ამგვარადვე, სამოთხის შესახებაც ჩვენ შეიძლება სხვადასხვა განმარტება ვნახოთ ეკლესიის მამებისა. ეს განმარტებანი შემდეგში თავმოყრილია წმ. იოანე დამასკელის მიერ, უფრო მოგვიანებით ნიკიტა სტითატის მიერ მის ცნობილ შრომაში “სამოთხის შესახებ”, რაც მან XI ს-ში დაწერა (სხვათაშორის ძველქართულადაც არის თაგმნილი არსენ იყალთოელის მიერ) და შესაბამისად გამოკვეთილიცაა ის აზრიც, რაც უკვე აღვნიშნეთ, რომ სამოთხისეული სინამდვილე სხვადასხვა სიბრტყეზე განიმარტება ეკლესიის მამათაგან. შეიძლება წინ წამოწეული იყოს გრძნობადი მხარე, თუ ქადაგების სახის განმარტებასთან გვაქვს საქმე, რადგან განსაკუთრებით ღრმა საღვთისმეტყველო განმარტებას მრევლი უმრავლეს შემთხვევაში ვერ დაიტევს, ზეპირად ქადაგებული სიტყვა ამისგან ჩვეულებრივ თავისუფალია, უფრო საწვდომი ტერმინებით, უფრო საწვდომი განმარტებებით არის ასეთ შემთხვევაში წარმოდგენილი ქადაგება. მაგრამ თუ საკუთრივ საღვთისმეტყველო შრომასთან გვაქვს საქმე, საკუთრივ საღვთისმეტყველო განმარტებასთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, სამოთხისეული სინამდვილე არ გადმოიცემა მიწიერი ცნებებით, მიწიერი ტერმინებით, ესაა ზეგრძნობადი მდგომარეობა (მიწიერი გაგებით). გრძნობადობა, რა თქმა უნდა, როგორც განვმარტავდით წინა საუბარში, სამოთხისეულ ყოფაში აუცილებლად არსებობს, მაგრამ ეს გრძნობადობა იმგვარადვე უხრწნელია, უკვდავია და ბიოლოგიური ტკივილგანცდისგან თავისუფალი, როგორც ეს საკუთრივ ადამთან დაკავშირებით, ადამის ხორციელ ბუნებასთან დაკავშირებით არის ეკლესიის მამათაგან განჩენილი და დადგენილი.

მაშ როდის იწყება ის ენა, რომელსაც ჩვენ სალაპარაკო ენას ვუწოდებთ? ეს ენა, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, იწყება და სათავეს იღებს სწორედ იმ წერტილიდან, როდესაც ადამიანი სამოთხეს ტოვებს, როდესაც ადამი და ევა საკუთარი დანაშაულის შესაბამისად საკუთარ თავს გამოაძევებს სამოთხიდან. პირდაპირი მნიშვნელობით ეს ასე ითქმის, თუმცა პირობითი თქმით გვსმენია, რომ ღმერთი აძევებს ადამსა და ევას სამოთხიდან. საღვთისმეტყველო განმარტებით ადამმა და ევამ ცოდვა ჩაიდინეს, გაიუკუღმართეს საკუთარი ბუნება, დაეცნენ იმ სიწმინდისგან, რაშიც აქამდე იმყოფებოდნენ და შესაბამისად ცოდვით დაცემულნი, დასნეულებულნი, გაუწმინდურებულნი ისინი სამოთხეში ვერ შენარჩუნდებოდნენ. სამოთხიდან ადამიანის გამოსვლა გულისხმობს სამოთხისეული ცხოვრებიდან გამოსვლასაც. თუ სამოთხისეული უცოდველი ცხოვრება, როგორც აღვნიშნეთ, ეს იყო უხრწნელება და უკვდავება, ამის საპირისპიროდ ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანმა შეიძინა მოკვდავობა და ხრწნადობა და რამდენადაც ყოველი არსი აუცილებლად მისი არსებობისთვის, მისთვის საარსებო ყველაზე უფრო შესაფერის პირობებში ცხოვრობს ყოველთვის და სხვაგან ის უბრალოდ ვერ დამკვიდრდება, აი ამგვარი თვისებების მიმღებმა ადამიანურმა ბუნებამაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი გარემო მოძებნა და სამოთხიდან გამოსვლაც სწორედ ასე განიმარტება, რომ ადამიანი დააკლდა იმ უხრწნელ, უკვდავ, მარად ახალ წიაღს და შესაბამისად აღმოჩნდა მოკვდავ, ხრწნად, წარმავალ გარემოში, რამდენადაც მისი ბუნებაც უკვე ამ თვისებებითაა გამსჭვალული, ეს თვისებები გახდა მისთვის ბუნებითი თვისებები. მართალია ეს თვისებები ადამიანმა შეიძინა, მაგრამ შეიძინა ბუნებითად, მისი ბუნება დასნეულდა ამგვარი თვისებებით და ეს თვისებები მატერიალურ, დაცემულ ყოფაში ადამიანისთვის უკვე მართალც განუყოფელია, მოუცილებელია, ანუ ადამიანი ხდება ცხოველური ბუნების მიმღები, ცხოველურ ბუნებამდე დაცემული. ხოლო რამდენადაც ცხოველური ბუნება მართლაც მატერიალურად მოქმედებს და მატერიალურად გამოხატავს თავის მოქმედებას, ადამიანიც ურთიერთობის განსახორციელებლად, ურთიერთშორის, გარემოსთან ბრძოლაში არსებობისთვის, თავისთავად ცხადია, ეძებს ამ ურთიერთობის გამოხატვის მატერიალურ ფორმას, მატერიალურ ფორმას კონტაქტისას, რომ ისინი, ერთ საზოგადოებად შეკავშირებულნი, მოთმინებით, გამძლეობით გაჰყვნენ ამ წუთისოფლის შარაგზას, დაცემულობის, ხრწნადობის, ბიბლიური სიტყვებით თუ ვიტყვით, ეკლებისა და კუროსთავის აღმომაცენებელს და ამ კუროსთავისა და ეკლების, როგორც მათი სამყოფელის ადამიანისთვის შემამაზადებელს.

დაცემულობა ადამიანისა სამოთხისეული ცხოვრებისგან თავისთავად გულისხმობს სამოთხისეული მეტყველებისგან ადამიანის დაცემას. რა თქმა უნდა, ხსოვნა, განცდა იმ სიწმინდისა, იმ აღმატებულებისა, განსაკუთრებულობისა, რაც სამოთხისეულ ცხოვრებას ჰქონდა, ადამიანში შემორჩენილია (ჩვენ ამ მეხსიერებაზე ადრეც ვისაუბრეთ და კვალავაც დავუბრუნდებით, რაც ერთ-ერთი საყურადღებო თემაა), რაღაცნაირად შორეული განცდით ადამიანში, რომელიც ახალი გამოსულია სამოთხიდან, ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, მაგრამ ის უკვე სხვა ცხოვრებაში მყოფობს და ეს ცხოვრება, როგორც რეალობა, როგორც სინამდვილე მას აიძულებს (როგორც ეს ბიბლურ სწავლებაშიცაა) საკუთარი ოფლით ირჩინოს თავი, ანუ იბრძოლოს არსებობისთვის. უკვდავებიდან მოკვდავობამდე დადაბლებული ადამიანი, უხრწნელებიდან ხრწნადობამდე დადაბლებული ადამიანი, ხრწნადობის გაგებით ზემატერიალურობიდან, არანივთიერებიდან (გარკვეული აზრით ნივთიერება, თავისთავად ცხადია, სამოთხეშიც იყო, მაგრამ არა ხრწნადობის გაგებით) ხრწნად ნივთიერებამდე დადაბლებული ადამიანი, რა თქმა უნდა, დაბლდება სამოთხისეული უბიწო მეტყველებიდან, მოაკლდება ის ამ შინაგანი აზროვნებითი მეტყველების უნარს, მაგრამ საურთიერთობო საშუალება მისთვის არის სასიცოცხლო და აუცილებელი და ამ საურთიერთობო საშუალების ახალ ფორმას ქმნის. მისი აზროვნებითი მეტყველება მატერიალურად უნდა გამოიხატოს, ადამიანები ერთმანეთს უკვე აზრისმიერად აღარ უკავშირდებიან, უკავშირდებიან ხილვადად (მას შემდეგ რაც შესცოდეს, მოგეხსენებათ, ეს ბიბლიურ თხრობაში არის შესანიშნავად წარმოჩენილი), მხოლოდ ამის შემდეგ გააცნობიერეს მათ ერთიმეორის სიშიშვლე, ანუ ერთიმეორის ხორციელება, ადამიანი სულიერი ხედვიდან ხორციელ ხედვამდე დადაბლდა ცოდვის შედეგად და შესაბამისად სულიერი მეტყველებიდან ხორციელ მეტყველებამდე დადაბლდა. ენა როგორც გრამატიკულ კანონზომიერებას დაქვემდებარებული ფენომენი, გახლავთ სწორედ ხორციელი მეტყველება, რომლის სათავე, თავისთავად ცხადია, აზროვნებაა, სულიერი მეტყველებაა. მაგრამ სულიერი მეტყველება უკვე საჭიროებს მატერიალურ გამოხატულებას, რასაც ის სამოთხისეულ მყოფობაში არ საჭიროებდა. ასე რომ ენობრივი არსებობის საფუძველი, შიგთავსი, უძირითადესი მარცვალი, თავისთავად ცხადია, ერთიდაიგივეა, ესაა აზროვნებითობა, გონითობა, პნევმურობა, ანუ სულიერება, იგივე შინაგანი სიტყვა. მაგრამ თუ თავის დროზე, შესაბამის გარემოში შინაგან სიტყვას, აზროვნებით მეტყველებას რაიმე მატერიალური დამხმარე საშუალებები არ სჭირდებოდა, ხრწნად მატერიაში აღმოჩენის შემდეგ, ამ ყოფით, ქვედადრეკილ მიწიერ ცხოვრებაში აღმოჩენის შემდეგ, ადამიანს უკვე, რომელიც სულიერებიდან ხორციელებამდე დადაბლდა, სულიერი ხედვიდან ხორციელ ხედვამდე დადაბლდა, რა თქმა უნდა, სულიერი მეტყველების ხორციელი გამოხატულების შეძენა საარსებოდ სჭირდება, აუცილებელია მისთვის, გარდუვალია ეს და სწორედ აქედან იწყებს სათავეს სულიერი მეტყველების გარეგანი გამოხატულება, გარეგანი სიტყვის ანუ სალაპარაკო ენის სახით.

სიტყვა “პროფორიკოს”, ანუ “სიტყვა გარეგანი”, “სიტყვა ხმოვანი”, იგივე მატერიალური ენა, იგივე ხმოვანი ენა ადამიანის ისტორიაში არსებობას იწყებს იმ წამიდან, რა წამიდანაც ადამიანი სამოთხეს ტოვებს. აქედან უნდა ავითვალოთ ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში ენის არსებობა. მაგრამ რა არის ეს ენა, რისგან არის შექმნილი? როდესაც ჩვენ ქმნადობაზე ვამახვილებთ ყურადღებას, თავისთავად ცხადია, ყოველგვარ თვისებას ადამიანისას ქმნილად წარმოვაჩენთ. არ შეიძლება, რომ ადამიანში, ქმნილებაში რაიმე უქმნელი არსებობდეს, მაშინ ის შემოქმედის თანასწორი, თავად ღმერთი უნდა იყოს. ადამიანის ბუნებაში და ანგელოზის ბუნებაშიც არაფერი არ არის შეუქმნელი, აბსოლუტურად ყველაფერი არის შექმნილი. მართალია თვითონ ეს შექმნილი თვისებები სათავეს შეუქმნელი ბუნებისგან იღებს, მაგრამ იღებს იმ გაგებით, რომ ის შეიქმნა და ყოველთვის არ არსებობდა. თვით საღვთო თვისებებიც ადამიანში მადლისმიერად არის მიმადლებული ანუ მასში შთანერგილია, ანუ მასში შექმნილია ეს თვისებები. თუნდაც ავიღოთ სიწმინდის თვისება. სიწმინდის თვისება, რაც ღმერთს ბუნებითად აქვს, იგივე სიწმინდის თვისება უცოდველ ადამიანში, ანდა უცოდველობის თვისება, უფრო მკაფიოდ რომ ვთქვათ, ადამიანში არის ქმნილობითი. რაც მიმადლებულია ის აუცილებლად შექმნილობითია და ეს შექმნილობითობა ნიშნავს იმას, რომ ამ თვისების გარეშეც შეიძლება ადამიანმა რაღაც სახით იარსებოს. ამიტომ ადამიანი როდესაც ეცემა უცოდველობიდან, ის უცოდველობის თვისებას ისპობს თავის თავში, ე.ი. უცოდველობის თვისება მისთვის შეუქმნელი არ ყოფილა. ის რაც შეუქმნელია არასოდეს არ წარიწყმიდება. შეუძლებელია, რომ შეუქმნელი რამ წარიწყმიდოს. ამიტომაა, რომ უფლის არცერთი თვისება არასოდეს არ წარიწყმიდება. უფალი ქმნის ადამიანის სხეულს, ქმნის ადამიანის სულს და ადამიანის სულს შეამკობს ყველა სათნოებით. მაგრამ ეს შემკობა სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ადამიანის სულის შექმნას იმ თვისებებით, რა თვისებებითაც ის მკვიდრობდა ცოდვით დაცემამდე. ამ მომენტს ხაზს ვუსვამთ იმის გამო, რომ თვით ეს მეტყველების თვისება, მოაზროვნეობის თვისებაც, რაც რა თქმა უნდა, ღვთისგან შთაინერგება ადამიანში და იგივე თვისება, რა თქმა უნდა, ღმერთსაც აქვს, მათ შორის არის მსგავსება, რადგან ადამიანის ღირსეული თვისებები ანარეკლია საღვთო ბუნების თვისებებისა. მიუხედავად ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ხატობრივად და მსგავსებითად ადამიანი უკავშირდება უფალს, ჩვენ ამ ხატობრივი და მსგავსობრივი ნიშნით ადამიანში გამოვლენილ ღირსეულ თვისებებს შეუქმნელად არ ვთვლით. ეს თვისებები, ღმერთში არსებულნი, რა თქმა უნდა, შეუქმნელია, მაგრამ ამ თვისებების შორეული ანარეკლი ადამიანში და გნებავთ ანგელოზში, რა თქმა უნდა, მათდამი ქმნილობითად არის მიცემული. იმიტომ, რომ იყო დრო ადამიანი არ არსებობდა, იყო დრო როცა ანგელოზი არ არსებობდა, ისინი გარკვეულ ჟამს შეიქმნენ, მათი სული, მათი სხეული გარკვეულ ჟამს შეიქმნა და როგორც სული არის გარკვეულ თვისებათა ერთობლიობა და როცა ვამბობთ, რომ სული შეიქმნა, თავისთავად ცხადია, იგულისხმება ამ თვისებათა შექმნაც, თორემ თუ თვისებები არა აქვს სულს და ისე შეიქმნა, მაშინ არც ითქმის, რომ სული შეიქმნა. რაიმე არსი როდესაც იქმნება, იქმნება იმ თვისებების ერთობლიობად, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, რა თვისებებიც მის ბუნებას შეადგენს. რასაც სულის ბუნება გულისხმობს, იქნება ეს მოაზროვნეობა, თავისუფალი ნება, სათნოებისკენ სწრაფვა თუ სხვა და სხვა, ეს ყველაფერი ამ სულს შექმნის ჟამს დაუმკვიდრდა, ანუ ამ თვისებებით შეიქმნა სული და ყველა ეს თვისება მასში ქმნილობითია, მადლისმიერია. მადლისმიერი და ქმნილობითი ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ერთიდაიგივე გახლავთ. ასევე მეტყველებითი თვისებაც, შინაგანი მეტყველებაც, აზროვნებითი მეტყველებაც ადამიანში, რა თქმა უნდა, ქმნილობითია. თავისთავად ცხადია, ღვთისგანაა ის შექმნილი, მაგრამ ქმნილობითია და არა შეუქმნელი, არა თავისთავად არსებული. ეს ქმნილობითი თვისება თავდაპირველადვე აქვს ადამიანს და თუ ჩვენ მართლაც გვინდა ადამიანის ბუნებითი რამ, არა მარტო ცხოველისგან განმასხვავებელი, ზოგადად მისთვის ნიშანდობლივი მოვინიშნოთ, შინაგანი მეტყველება უეჭველად ამგვარი გახლავთ, მაგრამ ჩვენ მაინც ამას ხაზს არ ვუსვამთ, არც გაგვისვამს ადრე, როდესაც ადამიანის ბუნებით თვისებებზე ვსაუბრობდით, რადგან ეს არ გახლავთ დამოუკიდებელი თვისება. შინაგანი მეტყველება ეს იგივე აზროვნების თვისებაა და როცა ვამბობთ, რომ ადამიანს აქვს აზროვნების თვისება, ადამიანის ბუნების თვისებაა აზროვნებითობა, ამ თვისებაში თავისთავად იგულისხმება შინაგანი მეტყველებაც ანუ შინაგანი სიტყვა. სწორედ ეს აზროვნებაა იგივე შინაგანი სიტყვა, მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის. ეს აზროვნებაა აგრეთვე საფუძველი მატერიალური, გარეგანი სიტყვისა, ხმოვანი სიტყვისა, რომელიც იგივე სალაპარაკო ენაა. ასე რომ, თავისი წარმომავლობით (თავისი საფუძვლით, შინაგანი აზრის მიხედვით) ადამიანის სალაპარაკო ენა, რა თქმა უნდა, ადამიანური ქმნილებისგან განუყოფელია. მაგრამ საკუთრივ გამოხატულება შინაგანი მეტყველებისა - სალაპარაკო ენა, რა თქმა უნდა, განუყოფელი არ გახლავთ ადამიანისგან, როგორც ამაზე მრავალგზის გვისაუბრია. ამრიგად, სალაპარაკო ენა ანუ მატერიალური ენა მხოლოდ მაშინ იქმნება და მხოლოდ იმის შესაბამისად იქმნება, როდესაც ადამიანი სულიერი ხედვიდან მატერიალურ ხედვამდე დადაბლდება და მის შინაგან მეტყველებას აუცილებლად მატერიალური გამოხატულება, მატერიალური სამოსელი ესაჭიროება. სალაპარაკო ენა სხვა არაფერია, თუ არა შინაგანი სიტყვის მატერიალური, გარეგანი სამოსელი.

აქ ჩვენ არ შეიძლება კვლავ არ გავიხსენოთ ბერძნული ტერმინი “პროფორიკოს” ანუ გარეგანი, ხმოვანი სიტყვის აღმნიშვნელი ტერმინი, რომელსაც იოანე პეტრიწი თარგმნიდა როგორც “გარემოსილი” (აქ “მოსილებაზე” ვამახვილებთ ყურადღებას). თვით პეტრიწის ეს თარგმანი (“გარემოსილი”) ადვილად ასახსნელია. საქმე ის გახლავთ, რომ ბერძნული ტერმინი “ფორიკოს”, რაც “ფოროს”-ს უკავშირდება და გამომდინარეობს ზმნიდან “ფერო”, ძველქართულში ჩვეულებრივ ითარგმნებოდა სწორედ როგორც “მოსილი”, ანდა “შემოსილი”. მაგალითად “თეოფოროს” ძველ ქართულად ითარგმნებოდა როგორც “ღმერთშემოსილი”, ანდა “პნევმატოფოროს” - “სულშემოსილი”, “ხრისტოფოროს” - “ქრისტეშემოსილი”, იყო ასეთი ტერმინიც “სარკოფოროს” - “ხორცშემოსილი” და სხვა. ე.ი. ეს “ფოროსი” ძველქართულში ყოველთვის გადმოდიოდა როგორც “შემოსილი” და რამდენდაც იგივე ტერმინია, უფრო სუფიქსირებული სახით, ტერმინში “პროფორიკოს”, იოანე პეტრიწის თარგმანი, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ყოველთვის ტერმინოლოგიურია, სავსებით გამართლებულია ტერმინოლოგიურად - “გარემოსული”. აქ “გარე”-ზე ჩვენ შეიძლება ცოტა ვიდაოთ ერთი შეხედვით, რადგან სიტყვა “პრო” არ ნიშნავს “გარე”-ს, არამედ ის ნიშნავს “წინ”, თუმცა რამდენადაც ეს “წინსვლა” გარეგანობას უკავშირდება, რომ შინაგანობიდან გარეთ გამოდის მოვლენა, აი ამ გაგებით პეტრიწისეული წინსართი “გარე” სავსებით გამართლებულია, რომ “პროფორიკოს” ალბათ ტერმინოლოგიურად ზედმიწევნით ზუსტად ქართულად როგორც “გარემოსილი” ასე უნდა ითარგმნოს. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ეს თარგმანი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ზედმიწევნით იმავეს გვაუწყებს, იმავე ინფორმაციას შეიცავს, რაზეც ვსაუბრობდით, რომ სალაპარაკო ენა სხვა არაფერია, თუ არა შინაგანი მეტყველების გარეგანი სამოსელი. მატერიალურ ყოფაში ამის აუცილებლობა როდესაც შეიქმნა, შინაგანი მეტყველება შეიმოსა მატერიალურად, ნივთიერი სამოსელით ანუ ის შემოსილი გახდა, ანუ ის გარემოსილი გახდა. აი ეს გარემოსილობა გახლავთ სწორედ სალაპარაკო ენა, ესაა სწორედ ის გრამატიკული კანონიკა, ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი, რითაც შინაგანი მეტყველება შეიმოსა მას შემდეგ, რაც ადამიანი სამოთხიდან გამოვიდა, მას შემდეგ რაც ადამიანი წარმავლობის, ხრწნადობის წუთისოფელში ცხოვრებას შეუდგა.

თუ ჩვენ აქედან ავითვლით კაცობრიობის ენის არსებობას, შესაბამისად იმის თქმაც შეგვეძლება, რომ მიუხედავად არადასაბამიერობისა, ე.ი. არა თავდაპირველი არსებობისა, რომ სამოთხეში გარემოსილობა ენას არ ჰქონია, მაინც ის უაღრესად არქაულია. სამოთხიდან გამოსვლა, მოგეხსენებათ გახლავთ ერთ-ერთი უარქაულესი მოვლენა ადამიანის, კაცობრიობის ისტორიაში და აი ასეთი უძველესი წეტრილიდან იღებს სათავეს ადამიანური ენა, მაგრამ იღებს სათავეს მაინც როგორც შენაძენი. ანუ სალაპარაკო ენა, როგორც გარემოსილება, როგორც სამოსელი შინაგანი მეტყველებისა, რა თქმა უნდა, შენაძენია. როდესაც, სიმბოლურად რომ ვთქვათ, ადამიანს სამოსელი არ სჭირდება და არ სჭირდებოდა მას სამოთხეში (ვგულისხმოთ მატერიალურ სამოსელს), ის არც იყო კიდეც მისით შემოსილი. მაგრამ როდესაც ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ადამიანი, რომ მას სხეული უნდა შეემოსა სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენისგან თავის დასაცავად, ე.ი. როცა ამის აუცილებლობა შეიქმნა, მან ტანსაცმელი გარეშემოიხვია, მან შექმნა თავისი თავისთვის ტანსაცმელი, სამოსელი შეიქმნა. მაგრამ ეს სამოსელი მისთვის არის დროებითი. როდესაც დასჭირდა მაშინ შეიმოსა, გარკვეული პირობებიდან გამომდინარე. როდესაც ამის საჭიროება არ იყო სამოთხეში მას სამოსელი არ ჰქონია, როდესაც ამის საჭიროება არ იქნება, როდესაც ის სხეულს დატოვებს, რა თქმა უნდა, ასევე კვლავაც არ ექნება სამოსელი. აბსოლუტურად იგივე ვითარება გახლავთ სიმბოლურად ენასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ადამიანის შინაგან მეტყველებას არავითარი გარემოსილება ანუ არავითარი გარესამოსელი, მატერიალური გამოხატულება არ სჭირდებოდა. არც ჰქონდა კიდეც ის და შინაგანი მეტყველებით ადამიანი ეზრახებოდა ყველას, ღმერთსაც, მეორე ადამიანსაც, სხვა არსებებსაც, ანგელოზებს, ეშმაკს. ხოლო როდესაც ცოდვით დაეცა ის და მატერიალურ ცხოვრებაში შემოვიდა, ისევე როგორც მისი სხეულისთვის შეიქმნა აუცილებელი შესამოსელი, ასევე შეიქმნა აუცილებელი მისი შინაგანი მეტყველებისთვის შესამოსელი ანუ სლაპარაკო ენა, ანუ იგივე გრამატიკულ კანონიკას დაქვემდებარებული ენა, რასაც ენათმეცნიერება შეისწავლის.

თავისთავად ცხადია, ამის შემდეგ ყურადღების მიქცევა კაცობრიობის ისტორიაზე ენობრივი ნიშნით არის უაღრესად საყურადღებო. საკითხი იმის შესახებ, თუ როგორი იყო მაინც ის თავდაპირველი სალაპარაკო ენა, მართალია მატერიალური, მართალია სამოსელი შინაგანი მეტყველებისა, მაგრამ მაინც უარქაულესი და უმნიშვნელოვანესი, ვიდრე ბაბილონის გოდლის დაცემამდე, აქ ალბათ ჩვენ არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ეს ენა იყო ყველაზე უფრო მარტივი, ყველაზე ნაკლებ დაწვრილმანებული, მთლიანობითი და მონოლითური. ეკლესიური სწავლებით, რაც უფრო შორდება სამოთხისეულ ყოფნას ადამიანი, რაც უფრო ახალ-ახალი თაობები მოდის, ის ხსოვნა სამოთხისა და ამ ხსოვნის შესაბამისი მადლმოსილების მიფენაც ადამიანზე ფერმკრთალდება. ამ შემთხვევაში ინდივიდზე არაა საუბარი, აქაა თაობებზე საუბარი. ზოგიერთი მოძღვარი თაობათა რიცხვსაც კი ასახელებს, თუ როდის რამდენი თაობის შემდეგ გახდა აუცილებელი ადამიანისთვის რჯულის დაწესება და სხვა. ე.ი. სამოთხიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანი, როგორც ჯერ კიდევ უფრო ახლოს მყოფი სამოთხესთან, ადამიანი როგორც თაობის წარმომადგენელი, გარკვეულ სიახლოვეს სამოთხისეულ მდგომარეობასთან ფლობდა, რაც შემდგომში თანდათანობით უფრო და უფრო ფერმკრთალდებოდა და ადამიანის ცხოვრება უფრო რთულდებოდა, ყოფითად უფრო დანაწილებული, დაყოფილი, გამრავალფეროვნებული ხდებოდა. თანდათანობით შემდეგ აღმოცენდა კერპთაყვანისმცემლობაც, ათასგვარი გაუკუღმართებანი შემოვიდა ადამიანის ყოფაში, პირველცოდვა ნაირგვარი სხვადასხვა ცოდვით შეივსო, ცოდვამ შეიძინა ათასგვარი განფენა, სხვადასხვა გამოხატულებანი, საკუთრივ ადამიანის ცხოვრებამაც ათასგვარი განფენა შეიძინა, ჩვენ თვითონ ამის მხილველნი ვართ, დამნახავნი, შემსწავლელნი, თუ როგორ უფრო და უფრო განივრცობა კაცობრიობის ისტორია, ათასგვარი წვრილმანებით იტვირთება და ეს ყველაფერი ენობრივ ფენომენშიც, რა თქმა უნდა, აისახება. თუნდაც ის ფაქტი, რომ რაღაც ახალი მოვლენა როდესაც ჩნდება, ანდა ახალი რამ საგანი შეიქმნება (თუნდაც თანამედროვე ტექნიკის ამსახველი საგნები), მათ თავისი შესაბამისი სახელწოდებაც აუცილებლად უჩნდებათ. ე.ი. ენა, ლექსიკური ფონდითაც რომ ავიღოთ მხოლოდ, მოცულობითად უფრო და უფრო იზრდება, მრავლდება. ასევე საურთიერთობო საშუალებებშიც ათასგვარი სხვადასხვა სფერო ჩნდება, რაც აუცილებლად ენაში უნდა გამოიხატოს. ესეც ენობრივ მხარეს მრავალფეროვანს ხდის. აქ ერთ ენაზე კი არაა საუბარი, ენის დაყოფას უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ის იწვევს, რომ ცხოვრების წესი ადამიანებში ერთიდაიგივე არ ნარჩუნდება. სხვადასხვა მდგომარეობაში ადამიანი სხვადასხვა გარემოს უკავშირდება, შესაბამისად სამეტყველო საშუალებაც სხვადასხვა გამოხატულებას იძენს და ენობრივი ფენომენიც განსხვავებულია. ვითარება, მდგომარეობა მატერიალურ გამოხატულებას შინაგანი მეტყველებისას დიდად განაპირობებს, დიდად ახდენს მასზე გავლენას. ეს საკითხი, კვლავ აღვნიშნავთ, ცალკე შესწავლის საგანია, ჩვენ უბრალოდ ამ შემთხვევაში პრინციპს ვამბობთ, თვალსაზრისს ვამბობთ, რომ კაცობრიობის ისტორიას განუხრელად ახასიათებს და განუხრელად თან სდევს ორი მოვლენა, ერთი ესაა დანაწილება, დაწვრილმანება, გამრავალფეროვნება და მეორე სწრაფვა საურთიერთობო კავშირების რაც შეიძლება უფრო და უფრო გაფართოებისაკენ და ყოვლისმომცველობისაკენ. მარტო ერთ-ერთი ელემენტი რომ ყოფილიყო, კაცობრიობის მონოლითურობა კარგა ხანია საბოლოოდ დაირღვეოდა, მაგრამ შინაგანად კაცობრიობაში ყოველთვის არის შენარჩუნებული ურთიერთისკენ სწრაფვა და ამიტომ კაცობრიობა, როგორც ასეთი, ყველა ეპოქაში შენარჩუნდა მეტნაკლებად. დღეს მითუმეტეს განსაკუთრებულია სწრაფვა გამთლიანებისკენ კაცობრიობისა, ენობრივი ნიშნით იქნება ეს, თუნდაც ყოფა-ცხოვრებითი პირობებით, მიმოქცევაში გამოყენებადი ვალუტის მხრივ და სხვა. ყველანაირი ნიშნით დღეს გამჭვირვალეა და სახეზეა კაცობრიობის სწრაფვა საურთიერთობო შეკავშირებისკე. მაგრამ იგივე გამოვლენილია ყველა ეპოქაში მეტ-ნაკლებად, ანუ გამქრალი ის არასოდეს არაა, იმიტომ, რომ ეს გამოიწვევდა კაცობრიობის, როგორც ერთი მთლიანის საბოლოო დარღვევას და გაუქმებას. ეს ორი ურთიერთგანსხვავებული მოვლენა ყოველთვის თანმდევია კაცობრიობის ისტორიაში, ერთი – დაწვრილმანება, ახალ-ახალი დეტალების, ახალ-ახალი მოვლენების, ახალ-ახალი საგნების, ახალ-ახალი ურთიერთობების წარმოჩენა, რაც უეჭველად აისახება ენაში და ამავე დროს სწრაფვა ურთიერთშემჭიდროებისა და შეკავშირებისკენ. ზოგჯერ არის მონაცვლეობა ამ ორ თვისებაში. არის ეპოქები, სადაც გამჭვირვალეა დაშორება კაცობრიობის სხვადასხვა ნაწილებისა, უფრო დაწვრილმანებისკენ სწრაფვა, თავისთავადობისკენ სწრაფვა, განყოფისკენ სწრაფვა, არის მომენტები, სადაც სახეზეა ურთიერთშეკავშირებისკენ სწრაფვა, გამთლიანებისკენ სწრაფვა და სხვა. ეს როგორც ერთიანი რაღაც ორგანიზმი, ოღონდ მრავალი თვისებების მქონე, სხვადასხვა გარემოში მყოფი სხვადასხვაგვრად შეიძლება ავლენდეს თავს. კაცობრიობის ისტორიაც ამას თვალნათლივ წარმოაჩენს და ამ ისტორიის თანმდევი და განუყოფელი ნაწილი - ენობრივი ფენომენი, ყოველივე ამას, რა თქმა უნდა, ირეკლავს თავის თავში. ის პირველადი მარცვალი, პირველშემოსვა ენისა, შინაგანი მეტყველებისა, მატერიალური გარსით რა სახისა იყო ამის დადგენა დღეისათვის შეუძლებელია, თუმცა ჩვენ ვიტყვით, რომ ეს აბსოლუტურად შეუძლებელი არ უნდა იყოს, რადგანაც ის მაინც მატერიალური გარსი იყო და რამდენადაც ამ პირველ ენიდან აღმოცენდა ყველა სხვა ენა და თუნდაც რომ დღეს შეიქმნას რაიმე ენა ისიც მაინც იმ ძველ საფუძვლებს ეყრდნობა და იქიდან მომდიანრეობს, რაღაც დიდი და მასშტაბური კვლევა-ძიება უკუ სვლით შეიძლება ჩვენ მიგვიყვანდეს დასაბამიერი პროტო ენის აღდგენისკენ. ამის მცდელობანი, მოგეხსენებათ, არსებობს. მაგრამ დღესდღეობით ეს მხოლოდ ვარაუდების დონეზეა და რაიმე მყარი მასალა ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ რაც შეიძლება მაინც ითქვას, ეს გახლავთ ის, რომ ბაბილონის გოდლამდე ჯერ კაცობრიობის რაოდენობაც, როგორც ჩანს იტევდა მეტ-ნაკლებად ერთ ენოვნებას, მაგრამ უკვე შინაგანი სწრაფვა განყოფისკენ, დანაწილებისკენ, დაწვრილმანებისკენ მეტად ძლიერი იყო და მათმა უგუნურმა საქციელმაც, ღვთის მოხელთების ამგვარმა უგუნურმა გამოხატულებამ შეასრულა ის როლი, რომ უკვე კაცობრიობის წიაღში ჩაბუდებული ცოდვილიანობის გამო, სხვადასხვა პირადი უკეთურებების გამო, კაცობრიობის წიაღში ჩაბუდებული დაშლადობისკენ მისწრაფება რეალური გახადა, რადგან ეს იყო ყველაზე უფრო მეტად დიდი უგუნურება, რაც კაცობრიობის ისტორიაში აქამდე გამოვლენილა. ამ მაქსიმალურმა უგუნურებამ ცხადი გახადა მაშინდელი კაცობრიობის შინაგანი გამოფიტულობა. და რაც გამოფიტულია ის აუცილებლად იმსხვრევა და ინგრევა და ასევე დაიშალა ენობრივადაც კაცობრიობის მანამდე მთელი და განუყოფელი მექანიზმი. ჩვენ კიდევ აღვნიშნავთ და ხაზს გავუსვამთ, რომ აქ კაცობრიობაზე და თაობებზე ვმსჯელობთ და არა ინდივიდებზე, რომლებიც ღვთის ნებით და პირადი ძალისხმევით სხვადასხვა ეპოქაში, ყველაზე გაუბედურებულ ეპოქაშიც ახერხებენ ამ ყოფითობისგან, ცოდვით დაცემისგან მეტნაკლებად თავის დაღწევას და განღმრთობას საღვთო მადლით. მაგრამ რაც შეეხება თაობებს და ზოგადად კაცობრიობას, როგორც ერთ შენაქმნს, როგორც საზოგადოებას, როგორც კრებულს, ეს ცოდვილიანობა უაღრესად მსჭვალავდა. ცოდვა ყოველთვის დამანგრეველია, ყოველთვის განმყოფელია, გამთიშველია და რამდენადაც გროვდებოდა ცოდვები კაცობრიობის სულიერ ორგანიზმში, ეს დამღუპველი თვისება თანდათანობით უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ამას, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალიზება შესძინა, ბიძგი მისცა და საბოლოოდ ეს ყოველივე ბოლომდე მიიყვანა, დააგვირგვინა იმ ყველაზე უფრო უგუნურმა ნაბიჯმა, რამაც საბოლოოდ გათიშა ერთიმეორისგან სხვადასხვა იმდროინდელი ტომები. საბოლოოდ ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ ცოდვილიანობით გათიშვას, რომ ცოდვილიანობა ყოველთვის თიშავს სხვადასხვა ტომებს, ერთი ტომის შიგნით სხვადასხვა ოჯახებს, პიროვნებებს და სხვა. ბაბილონის გოდლის მშენებლობამ, ამ უგუნურებამ, წერტილი დაუსვა მანამდე კაცობრიობის შეკავშირებულ ყოფნას, ერთ ენაში მათ მზრახველობას, ერთ ბაგე და ერთ ზრახვა კაცობრიობის ყოფნას.

 

56–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=cpVIzNJn_x8

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 15 October 2017 17:54)