Georgian (Georgia)English (United Kingdom)

59-60

ჩვენს ბოლო საუბარში, ვფიქრობთ, მსმენელთან ერთად მივედით იმ უეჭველ დასკვნამდე, რომ საეკლესიო ტერმინოლოგია, ანუ ის ერთი დედა ენა, რაც ჭეშმარიტი კაცობრიობის, ეკლესიაში ახალშობილი კაცობრიობის ერთმთლიანობას მარადიულად ინარჩუნებს, არის ზნეობრივი მონაცემი. ანუ საეკლესიო ენა უპირველეს ყოვლისა ზნეობრივია, სიწმინდის საკუთარ თავში გამოხმატველია და დამცველია, სადაც ჭეშმარიტი ერთმთლიანობაა, გამოხატულებაცაა და ერთ-ერთი განმაპირობებელიცაა ამ ერთ მთლიანობისა.

აი ამ დასკვნის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია კვლავ მივუბრუნდეთ კაცობრიობის დასაბამიერი ენის საკითხს. რამდენიმე საუბრის წინ აღვნიშნავდით, რომ საკუთრივ ამ ენის გამოხატულება კონკრეტულად როგორი იყო, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე ვერ ვიმსჯელებთ (მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გარკვეული ვარაუდები გვქონდეს). რაზეც მყარად შეგვიძლია ვისაუბროთ ეს გახლავთ იმ პროტო ენის, დასაბამიერი ენის გარკვეული თვისებები, თუ რა თვისებებით შეიძლება ყოფილიყო ის განმსჭვალული.

პირველი თვისება, რაც უკვე დებულების სახით ვთქვით და ამის შემდეგ შევეცადეთ დამტკიცებას, ეს გახლდათ ის, რომ დასაბამიერი ენა უეჭველად, უპირველეს ყოვლისა იქნებოდა ზნეობრივი თვისების მატარებელი, ეს იქნებოდა პირველადი და პრიორიტეტული ამ ენის გამოხატულებაში. თუ საეკლესიო ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით ეს მეტნაკლებად წარმოვაჩინეთ და ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ საკამათო არაფერია, რომ საეკლესიო ტერმინოლოგია როგორც უაღრესად ღრმა სულიერი ხედვის გამოხატულება, აღბეჭდილობა ამ სულიერი ხედვისა და შემნარჩუნებელი თავის თავში იმ სიწმინდისა, რასაც ამგვარი სულიერი ხედვით მოიპოვებს პიროვნება, და აქედან გამომდინარე ზნეობრივი მონაცემი, ე.ი. ეს არის განმაპირობებელი საეკლესიო ტერმინოლოგიის ზნეობრიობისა, საკუთრივ კაცობრიობის დასაბამიერ ენასთან დაკავშირებით ზნეობრიობა რა კუთხით შეიძლება წარმოჩნდეს? ჩვენ გავიხსენებთ იმას, რომ ეკლესიის მამებთან გამოკვეთილია სწავლება სამოთხისეული მეხსიერების შესახებ. ამ შემთხვევაში ამ საკითხს შევეხებით კონკრეტულად ენასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, რომ ენობრივი ფენომენი საკითხს მეხსიერების შესახებ დაუკავშირდეს. აქ გახლვთ ამგვარი ვითარება:

ხსოვნა ეს გახლავთ გენეტიკური მონაცემი, რადგან ის ცხოველშიც არის და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ რაც ცხოველში თვისებებია ის თვისებები ადამიანში ყველა გენეტიკურია, რადგან ცხოველში ყველა თვისება უეჭველად გენეტიკურია. ცხოველს რაც აქვს ყველაფერი გენეტიკურად გადაეცემა და შესაბამისად იმგვარივე თვისებები ადამიანში ასევე გენეტიკურია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ განმსაზღვრელი, როდესაც არის დავა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ჩვენში უშუალოდ ჩვენეული – პიროვნული და რა არის გენეტიკურად მიღებული. რა თქმა უნდა, აქვე ისიც ცხადია, რომ გენეტიკურად მიღებული პიროვნებამ შეიძლება ძალიან გააუმჯობესოს და გაამრავალფეროვნოს, განწმინდოს და სხვა. მაგრამ ზოგადად, თვისობრივად, გენეტიკურად რა გადეცემა და პიროვნული რა არის, რაც არასოდეს გენეტიკურად არ გადაეცემა, ადამიანში, აი ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს, ესაა განსმაზღვრელი. რაც ცხოველში თვისებებია, იმგვარივე ბუნებითი თვისებებიAადამიანში ყველა გენეტიკურია, ხოლო რა თვისებებიც, ადამიანში არსებული, არ არის ცხოველში, არცერთი ეს თვისება გენეტიკური არ გახლავთ. მაგ. ცხოველში არ არის აზროვნების, თავისუფალი ნების თვისებები და შესაბამისად ადამიანში არსებული ეს თვისებები პიროვნულობის განმსაზღვრელია, მისი პნევმურობის, გონითი ნაწილის ნიშანდობლივი თვისებებია და ისინი არასოდეს გენეტიკურად არ გადეცემა. ანუ ადამიანური პნევმა არ არის გენეტიკურად გადაცემადი, ვინც არ უნდა ასწავლიდეს დღეს ამას, ვინც არ უნდა ამბობდეს ამას. სამწუხაროდ დღესდღეობით ზოგიერთი ძალიან ავტორიტეტული პიროვნება ენერგიას არ იშურებს, რომ ეკლესიისთვის სრულიად უცხო და პირდაპირ შეიძლება ითქვას უაღრესად გამოკვეთილად მწვალებლური თვალსაზრისი თითქოსდა დაასაბუთოს და თავის მიმდევრებს შთაუნერგოს. მაგრამ ეს ამ შემთხვევაში სხვა საკითხია, ჩვენ უბრალოდ ხაზგასმა გვინდა იმაზე, რომ ამგვარი მიმართება ადამიანისა ცხოველთან ზღვარგამყოფი შეიძლება იყოს ჩვენთვის. ეს შეიძლება საინტერესო იყოს ფსიქოლოგებისთვისაც, მედიკოსებისთვისაც, საერთოდ ადამიანის პიროვნებით დაინტერესებული ყველა მკვლევარისთვის, განსაზღვრის ჟამს იმისა, თუ რა არის გენეტიკური და რა არ არის გენეტიკური ადამიანში. რაც შეეხება საკუთრივ მეხსიერებას, ამაზე ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ ის უეჭველად თავისი ბუნებითი თვისებით, თავისი მარცვლით, რა თქმა უნდა, გენეტიკურია, რადგან ცხოველშიც მეხსიერებითობა არსებობს, ცხოველს აქვს მახსოვრობის უნარი და შესაბამისად, რადგან ეს თვისება ცხოველშიცაა, ადამიანში ის უეჭველად გენეტიკურია. და თუ ეს თვისება გენეტიკურია კაცობრიობის ისტორიაში წინა თაობები, რა თქმა უნდა, მეხსიერებაში გარკვეულწილად შემოინახება, ამ შემონახვის ფორმას ჩვენ, ცხადია, ვერ განვსაზღვრავთ. ზოგჯერ ვლინდება ეს ფორმა, ზოგჯერ იხშობა და სხვათაშორის ამის გამოვლინება, მეხსიერების გამოკრთომანი, კაცობრიობის წინარე ისტორიის მეხსიერებაში გამოკრთომანი აურაცხელი მცდარი თვალსაზრისის საფუძველი ხდება, რაც დღეს განსაკუთრებით მოჭარბებულია. ე.წ. რეინკარნაციები, რომ თითქოს ადამიანი წინა ცხოვრებაში სხვა იყო, შემდეგ სხვა და ა.შ. ამგვარი რამ ეკლესიური მოძღვრებისთვის სრულიად მიუღებელია, აბსოლუტურად შეუთავსებელი, მაგრამ ეს მოვლენა, რომ ზოგჯერ ადამიანის მეხსიერებაში რაღაც გამოკრთება განსაკუთრებულ პირობებში, ეკლესიური სწავლების მიხედვით სავსებით ახსნადია, რადგან კაცობრიობის ისტორია ამ ისტორიის ერთ-ერთი გვიანდელი მემკვიდრისათვის, როგორც პიროვნებისთვის უცხო არ არის. ეს ისტორია მასში დალექილია, ეს ისტორია მასში არსებობს, მასთან ერთად თანაარსებობს. სხვათაშორის ამით აიხსნება როდესაც ეკლესიის მამები კაცობრიობის ისტორიაში გამოვლენილ ყველა ცოდვილიანობას საკუთარ თავს განუკუთვნებენ პიროვნულად. ეს არ გახლავთ, ასე ვთქვათ, პოეტური ჟესტი, მხატვრული ჟესტი, განზრახ თავმდაბლობის ჟესტი, არამედ ეს გახლავთ რეალური რამ მოვლენა, ოღონდ იმგვარი პირისგან განჭვრეტილი, ვისაც ხედვა გახსნილი აქვს ჭეშმარიტების აღსაქმელად. ამიტომ პიროვნება, რომელიც კაცობრიობას თავის თავში ხედავს, კაცობრიობის ისტორიას თავის თავში ჭვრეტს, რა თქმა უნდა, კაცობრიობის ისტორიის მანკიერ მხარეებსაც ასევე განუკუთვნებს თავის თავს, ყველაფერ ამით დამძიმებულად წარმოაჩენს საკუთარ პიროვნებას და კაცობრიობის თავის თავში შემცველი ცდილობს, რომ ამ ცოდვებისგან განიწმინდოს. როგორც ეს გამოხატულია თუნდაც, შორს რომ არ წავიდეთ, ანდრია კრიტელის “დიდ კანონში”, დავით აღმაშენებლის სინანულის გალობებში. ამრიგად, უეჭველია, რომ მეხსიერება, რაც გენეტიკურია, წარსულს მომდევნო თაობებში რაღაცნაირად ინარჩუნებს და პირველ რიგში ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამოთხისეულ ცხოვრებასთან დაკავშირებით, რომ სამოთხისეული ცხოვრება მეტნაკლებად თაობებში, რაც არ უნდა გაფერმკრთალებული იყოს, მაინც შენარჩუნებულია. სწრაფვა იმ პირველ მდგომარეობისკენ ყველა თაობაში და ყველა ადამიანში შთანერგილი თვისებაა, რაღაცის დაკარგულობის და მონატრებულობის განცდა აქვს უკლებლივ ყველა ადამიანს, თუ მთლიანად დაბინდული არაა ადამიანის სულიერი მხარე, დაუკმაყოფილებლობის განცდა, რაც ამა თუ იმ შემთხვევაში გარკვეული სამწერლობო მიმდინარეობების აღმომაცენებლიც კი გახდა. ესეც ამ საღვთისმეტყველო სწავლებიდან გამომდინარეობს, როდესაც ეძიებს პიროვნება რაღაცას, იქნება ეს რომანტიკული მისწრაფება, უფრო ადრე სენტიმენტალისტური, თუნდაც სიმბოლისტური, სიურეალისტური და ხშირ შემთხვევაში რეალისტური, დაუკმაყოფილებლობის განცდა ყველგან სახეზეა, რადგან ცოდვით დაცემის შემდეგ თავდაპირველი სამშობლოს დაკარგვის განცდა, რა თქმა უნდა, მსჭვალავს კაცობრიობის ისტორიას და ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში ზოგჯერ აჩრდილისებრ, ზოგჯერ ანარეკლისებრ, ზოგჯერ უაღრესად მკვეთრი წარმოდგომით და გამოვლინებით სახეზეა. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში მთლად დასაბამიერ ეპოქაზე ვსაუბრობთ, როცა ხსოვნა სამოთხისეული ცხოვრებისა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტადაა შენარჩუნებული. აღვნიშნავთ, რომ ეს შემონახულობა მეხსიერებაში სამოთხისეული ცხოვრებისა ბოლომდე არასოდეს არ აღმოიფხვრება. სხვათაშორის ერთ-ერთი ცნობილი ღვთისმეტყველი II საუკუნისა - თეოფილე ანტიოქიელი ამგვარ მოვლენასაც აქცევს ყურადღებას: თეოფილემ, რა თქმა უნდა, შესანიშნავად იცოდა წარმართული ცალკეული თეურგიული ქმედებები, მისტერიალური რაღაც მოვლენები და მან ყურადღება მიაქცია ერთ-ერთ მოვლენას, როდესაც ბახუსით ცნობა მიღებულნი წარმართები რიტუალს ატარებენ და ამ სიშმაგის ჟამს მათგან ხდება ამოყვირება რამდენიმეგზის სახელისა “ევჰა” და თეოფილე მიუთითებს: “ეს წარმართები თავიანთი სიშლეგის ჟამს იმ მდგომარეობას და იმ გაუკუღმართებას მათდაუნებურად ავლენენ საქციელში, რაც კაცობრიობას პირველდედამ დაუმკვიდრა, როდესაც იგი (ევა) ბოროტების მოთავის მსახური გახდა, მისი სიტყვა ისმინა და ამ შემთხვევაში ევასადმი თაყვანისცემით წარმართები იმ დასაბამიერ გველს ეთაყვანებიან. მაგრამ გველის სახელს კი არ ამბობენ (რადგან თავისთავად გველი არაა მათგან უშუალოდ თაყვანსაცემი), არამედ გველისგან გაუკუღმართებული ადამიანისას”. ანუ ზოგადად გაუკუღმართება, ცოდვა ხდება მათგან გაღმერთებული და ამ ცოდვის შემომტანი ვინცაა ადამიანთა შორის (ევა), მათეულ ამ წამოყვირებებში ქვეცნობიერად ითაყვანება. სწორედ ამის გამოხატულებად ესახება თეოფილე ანტიოქიელს ეს წამოძახილები. ესეც ერთ-ერთი დადასტურება გახლავთ იმისა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ზოგან მკვეთრად, ზოგან მიჩქმალულად, მაგრამ შენარჩუნებულად, სამოთხისეული ცხოვრება თანაარსებობს. თუმცა არა მხოლოდ უკეთურ გამოვლინებებს იტევს მეხსიერება, არამედ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმ სიკეთეს იმარხავს ის თავის შიგნით, რა სიკეთეც ასევე მეხსიერებაში შედის. სამოთხისეული ცხოვრება, როგორც ყოვლადი სიკეთე, ასევე შემონახული იქნებოდა მეხსიერებაში, თუმცა, ცხადია, გაცილებით უფრო მდარე და უკვე ცოდვისგან შებილწული სახით, მაგრამ ის სიწმინდე რაღაცნაირად მაინც შენარჩუნებული იქნებოდა გარკვეული დოზით და ეს ყველაფერი კაცობრიობის მაშინდელ ყოფაში აღიბეჭდებოდა. ერთ-ერთი გამოხატულება იმისა, რომ კაცობრიობის დასაბამიერ მდგომარეობაში ყველაზე მკვეთრი იყო ხსოვნა სამოთხისეული ცხოვრების შესახებ და ეს მათ მიწიერ ყოფაშიც გამოიხატებოდა, უნდა ყოფილიყო მათი სამეტყველო ენაც.

კვლავ აღვნიშნავთ, რომ როდესაც კაცობრიობის ისტორიაზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვეხებით ცალკეულ პიროვნებებს, ვგულისხმობთ თაობებს, როგორც ერთ მთლიან მონაცემს ანუ საზოგადოებას თავისი ისტორიის ამა თუ იმ ეტაპზე. და საზოგადოება მოცემულ ეტაპზე არის თაობა და იგივე საზოგადოება სხვა ეტაპზე არის ასევე მომდევნო თაობა. თაობათა ისტორიას განვიხილავთ ანუ საზოგადოების ისტორიას თაობებში, ხოლო კონკრეტული პიროვნებები ყველაზე უფრო წარმატებულ საზოგადოებაშიც შეიძლება გამოჩნდნენ იმგვარნი, რომლებიც უკიდურესად დაცემულნი არიან და ასევე უკიდურესად დაცემის ჟამს ამა თუ იმ თაობისა შეიძლება გამოჩნდეს კონკრეტული პიროვნება უაღრესად აღმატებული და დაწინაურებული. ამ შემთხვევაში პიროვნულობაზე არ გვაქვს მსჯელობა, არამედ კაცობრიობის ისტორიაზე და დასაბამიერი მდგომარეობა კაცობრიობისა, როგორც ხსოვნაში ყველაზე უფრო ცოცხლად შემნარჩუნებელი სამოთხისეული ცხოვრებისა, თავის მოქმედებაშიც, თავის ყოფით მდგომარეობაშიც, რა თქმა უნდა, განსხვავებული იყო შემდგომი თაობებისგან, რომლებიც გაცილებით უფრო გამიწიერდნენ, გაცილებით უფრო დაიხუნძნენ შეცოდებებით, ცოდვებით და შესაბამისად თვით ხსოვნისმიერი კავშირიც კი სამოთხესთან გაცილებით უფრო დაბინდული და წარხოცილია. აი ამის გამოხატულებად გვესახება ჩვენ ენობრივი საკითხიც, რომ დასაბამიერი (დასაბამიერში ყოველთვის ვგულისხმობთ სამოთხიდან გამოსვლის პირველ ჟამს) მდგომარეობა, ყველაზე ნაკლებ დაბინდული ჯერ კიდევ მიწიერებით, ყველაზე ცოცხლად გამომხატველია სამოთხისეული ცხოვრებისა. ამგვარივე ვლინდება ენობრივ ფენომენშიც. ენობრივი ფენომენი, როდესაც ერთმთლიანი იყო თავდაპირველი კაცობრიობისა, ეს მიმანიშნებელი იყო კაცობრიობის იმ თავდაპირველი მდგომარეობის უფრო აღმატებულებაზე, უფრო ნაკლებ მიწიერებაზე, უფრო ნაკლებ დამძიმებულობაზე და უფრო მეტად ღვთიურობაზე. კაცობრიობის ისტორია ახალ-ახალი ცოდვებით იხუნძლება და ამ საკითხს აქვს თავისი ღრმა საღვთისმეტყველო საფუძვლები.

შეიძლება ვინმე დაეჭვდეს იმაში, რომ კაცობრიობის ისტორია ასეთი წესით არ წარიმართება, რომ თავდაპირველად თითქოს უფრო აღმატებული მდგოამრეობა იყო ზნეობრივი თვალსაზრისით, შემდეგ და შემდეგ ეს ყველაფერი თანდათანობით ვითომ დაკნინდა და ა.შ. მაგრამ ხაზგასმით ვიტყვით, რომ საეკლესიო მოძღვრება ამას ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად წარმოაჩენს, რომ სამოთხიდან გამოსვლის შემდეგ კაცობრიობა თანდათანობით, უფრო და უფრო მძიმდებოდა ცოდვებით. და რაც უფრო მეტად მძიმდები ცოდვებით, მით უფრო უკეთურდები, მით უფრო გაუკუღმართებული ხარ, მით უფრო გამრუდებული ხარ ჭეშმარიტების გზისგან. საღვთისმეტყველო დასაბუთება ამისა კი ის გახლავთ, რომ მრავალი მოძღვარი მიგვითითებს ამ მოვლენაზე, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით ყველა მოძღვარი ამას აღნიშნავს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მაგრამ არგუმენტირება ყოველივე ამისა პირველად მოცემული გვაქვს ისეთ დიდ მოძღვართან, როგორიც იყო წმ. გრიგოლ ნოსელი, რომლის აღნიშნულ დასაბუთებასაც მოგვიანებით მრავალი ღვთისმეტყველი იმოწმებს. გრიგოლ ნოსელის სწავლებით კაცობრიობა, სამოთხიდან გამოდევნილი, ჯერ მხოლოდ იმ პირველ ცოდვით იყო სნეული, რომელიც ყველაზე ძლიერია, ყველაზე უფრო ამოუძირკვავია და ყველა თაობაში ის უეჭველად შენარჩუნებადია, მაგრამ როდესაც უკვე ამ ცოდვას სხვადასხვა მომდევნო ეპოქების პირადი ცოდვებიც ემატება, რა თქმა უნდა, მდგომარეობა გაცილებით უფრო ავადმყოფური და დასნეულებული ხდება. ასე რომ პირველცოდვით სნეული იყო კაცობრიობა, როდესაც სამოთხიდან გამოვიდა, ცალკეული პირები თანდათანობით შემომტანნი არიან ახლ-ახალი ცოდვებისა. მაგ. როდესაც კაენმა შემოიტანა მკვლელობის ცოდვა, ამით მან დედამიწაც შებილწა. ერთ-ერთი საგალობელი პირდაპირ გვაუწყებს ამის შესახებ, რომ როდესაც კაენისგან მოკლული აბელი დაეფლო “განუკვეთელი განიკუეთა ქუეყანაი და დაეფლა აბელ, რომელ მოიკლა ძმისა ხელითა, შეიწყევა ქუეყანაი (მიწა)”. აი ეს ვითარება, რომ ყოველი ცოდვა ადამიანის, საზოგადოების გამაუკუღმართებელიცაა და გარემოს დამწყევლიცაა ანუ გარემოს გამაუკუღმართებელიცაა, ეს ეკლესიური სწავლება ჩვენ იმაზე მიგვითითებს, რომ კაცობრიობა რაც უფრო ამ ისტორიის გზაზე მიდიოდა (ვერ ვიტყვით რომ წინ), უფრო და უფრო მძიმდებოდა სნეულებებით, გარემოც უფრო და უფრო მეტად უკუღმართდებოდა და ბოლოს დადგა ჟამი, რომ ყოველივე ამისგან უნდა გამოსყიდულიყო ის. მაცხოვრის მოვლინება გარკვეულ ისტორიულ მომენტში სწორედ იმ ნიშნით მოხდა, რომ აუცილებლად მართლაც იმ ისტორიულ მომენტში უნდა მოვლენილიყო ის, არც უფრო ადრე, არც უფრო გვიან. ეს საკითხი ძველადაც მრავალგზის დაისმოდა, ალბათ დღესაც მრავალგზის დაისმის, თუ რატომ მოხდა ღვთის განკაცება აუცილებლად იმ ჟამს, როდესაც ის მოხდა და როგორც უკვე გითხარით, საღვთისმეტყველო პასუხი ამასთან დაკავშირებით დეტალურად და არა ერთგზის, თავის რამდენიმე შრომაში გაცემული აქვს წმ. გრიგოლ ნოსელს. ეს პასუხი მას გაცემული აქვს თავის ერთ-ერთ ქადაგებაში, რომლის თაარგმანიც ჩვენ, სხვათაშორის, გამოვაქვეყნეთ, კერძOდ “ბეთლების ყრმათა მოწყვეტის შესახებ” ქადაგებაში. დაწვრილებითაა ამაზე მსჯელობა, აგრეთვე, მის “დიდ კატეხიზმოში”, ნაწილობრივ “მოსეს ცხოვრებაში” და სხვა ძეგლებში. წმ. გრიგოლ ნოსელი გვაუწყებს (კვლავ აღვნიშნავთ, ეს მოძღვრება საერთოა ყველა მამისთვის): ღვთის განკაცება მოხდა ერთადერთი მიზანდასახულობით – ადამიანის გამოხსნის მიზანდასახულობით და ადამიანის გზით მთელი სამყაროს ცოდვისგან გამოხსნის მიზანდასახულობით. რამდენადაც ადამიანმა დასცა ხილული სამყარო, რომლის მეუფედაც, რომლის ხელმწიფედაც ის იყო დადგენილი, ჯერ ადამიანიც აუცილებლად გამოსყიდული უნდა ყოფილიყო, როგორც გონიერი ხელმწიფე ამ სამყაროსი, მაგრამ შემდეგ მისი სამყაროც ასევე ცოდვისგან უნდა გათავისუფლდეს. ახალი ცა და ახალი მიწა, როგორც ეს აპოკალიფსშია უწყებული, სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა იმავე ხილულ სოფელს, ოღონდ თავდაპირველი უკვდავი, უხრწნელი სახით გარდაქმნილს. აი ეს გარდაქმნა კვლავ ცხონებაა ყოველივესი, კვლავ გაცოცხლებაა ყოველივესი ანუ კვლავ საღვთო მადლით ყოველივეს გამსჭვალვაა. ცენტრში კი ყოველივე ამისა არის ადამიანი, კაცობრიობა, რომელიც გამოხსნილი უნდა იქნეს. რა თქმა უნდა, ერთადერთი მიზანდასახულობა ღვთის განკაცებისა სწორედ ეს იყო, კაცთმოყვარული მიზანი, რომ კაცობრიობა გამოხსნილიყო ცოდვის ტყვეობისგან. აი ამ მიზნის აღსრულების ყველაზე უფრო საღვთო, ყველაზე უფრო საუკეთესო საშუალება იყო სწორედ იმ დროს განკაცება, როდესაც ღმერთი განკაცდა. ამგვარი დასკვნა თავისთავად ცხადია, ეს ასე უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ კი აუცილებელია აიხსნას ეს რომ ასე უნდა ყოფილიყო, კერძოდ რის საფუძველზე უნდა ყოფილიყო ეს ასე? ე.ი. რამდენადაც ღმერთი ყოველივეს საუკეთესოდ განმჭვრეტია (პირველი), რამდენადაც ის მიზნად ისახავდა კაცობრიობის გამოსყიდვას (მეორე), რამდენადაც ის განკაცდა გარკვეულ ისტორიულ ჟამს სწორედ ამ გამოხსნის აღსასრულებლად, შესაბამისად სილოგისტური წესით დასკვნა ერთადერთი და უპირობოა, რომ სწორედ ეს ჟამი იყო ღვთისგან, ყოვლისმცოდნისგან, ყოვლის საუკეთესოდ წარმართველისგან, კაცობრიობის გამოხსნისთვის ყველაზე უფრო საუკეთესო ჟამი და ყველაზე უფრო აუცილებელი და გარდაუვალი ჟამი, არც უფრო გვიან, არც უფრო ადრე. ამგვარად ეს დებულება თავისთავად სრულიად გამჭვირვალეა, მართებულია, მაგრამ ამის ახსნა ადვილი არ გახლავთ, ესაა რწმენა, მაგრამ ამ რწმენას სჭირდება ახსნა, რაც შემოგვთავაზა, როგორც უკვე გითხარით, წმ. გრიგოლ ნოსელმა. ის გვაუწყებს ამგვარ რამეს: მაცხოვარი განკაცდა სწორედ იმ მომენტში და მაშინ, როდესაც ბოროტება თავისი ყველა გამოვლინებით გამოაშკარავებული იყო. ისევე როგორც დახელოვნებული მკურნალი, რომელიც ადამიანს რაღაც სენისგან კურნებს, აუცილებლად ადროვებს ამ ავადმყოფობას, რომ მან თავისი თავი გამოავლინოს, რათა ეს ავადმყოფობა შეცნობილი იყოს თუ რა არის ის, შემდეგ დაესვას დიაგნოზი და შემდეგ ჩატარდეს მკურნალობა, ამგვარადვე იღვაწა ყოვლისმკურნალმა მეუფემ. ადროვა მან ბოროტებას, რომ ყველა სახეობით ის გამოვლენილიყო, თავისი თავი ამოეწურა ამ გამოვლინებაში, რომ ერთიანად შეემუსრა შემდეგ ის”. მართლაც, მკურნალი, რომელიც ავადმყოფობას კურნებს, თუ ის სიმპტომატურად მკურნალობს და რაღაც ერთ გამოვლინებას უმკურნალებს ჯერ ამ ავადმყოფობისას, იგივე ავადმყოფობა ამ დროს სხვა გამოვლინებითაც თავს იჩენს, ამის შემდეგ იმას უმკურნალებს და ა.შ. ეს ავადმყოფობა გამოვლინებაში სიმპტომატურად შესაძლებელია მოცემულ მომენტში განიკურნოს, მაგრამ არსებითად ის არასოდეს არ განიკურნება, რადგან მისი ძირი, საფუძველი შეუმუსრავია. ის რა არის ეს არ დადგენილა, არ განსაზღვრულა დიაგნოზი და არ შემუსრვილა ყველა ამ სიმპტომატური გამოვლინების სათავე. ამიტომ მკურნალმა უნდა ადროვოს ავადმყოფობას, რომ მან არსებითად იჩინოს თავი, გამოვლინდეს ყველა თავისი ფორმით, წარმოჩნდეს ის, როგორც ავამდყოფობა, სნეულება და შესაბამისი საკურნებელი საშუალებაც ამის შემდეგ უნდა დაედოს მას, რომ პიროვნების განკურნება მოხდეს. ამგვარადვე, როგორც გრიგოლ ნოსელი ამბობს, ყოვლის მკურნალმა ადროვა ბოროტებას, რომ ის მთლიანობაში გამოვლენილიყო, მთლიანობაში წარმოეჩინა მას თავისი თავი, რომ რაღაც მისი ერთი გამოვლინება არ განეკურნა მხოლოდ, დავუშვათ მკვლელობის სახით რომ გამოვლინდა კაენის დროს უკეთურება, მხოლოდ ეს განეკურნა. გარდა ამ სახეობისა აურაცხელი სხვა სახეობითაც უნდა გამოვლენილიყო ბოროტება, იქნებოდა ეს სიძვის სახით, ცილისწამების, ურთიერთშუღლისა და დაპირისპირების სახით, რაც თანამდევია კაცობრიობის სიტორიისა, სიწმინდეთა შერყვნის სახით, ჭეშმარიტების დავიწყების, კერპების გაღმერთების, ურთიერთბრძოლებისა და აურაცხელი სისხლისღვრის სახით თუ სხვა, ყველაფერი ეს, ამ ცოდვათა სახეობანი სიმპტომატურად ანუ ცალ-ცალკე კი არ უნდა განკურნებულიყო ჭეშმარიტი მიკურნალისგან, არამედ ყველა მათგანი რომ გამოვლინდებოდა, ბოროტების მომგონი ძალა რომ თავის თავს ამოწურავდა, ე.ი. ბოროტების ყოველი სახეობა მოგონებული და გამოვლენილი იქნებოდა. ამიტომაა, რომ ყველაზე გვიან მალამოს დადება გამართლებულია.

ის პირველი სახეობა რომ შემდეგ დავიწყებას ეძლეოდეს და ახალი სახეობით ჩნდებოდეს ბოროტება, როგორც სნეულება, მაშინ შეიძლებოდა ეს აზრი საკამათო ყოფილიყო, მაგრამ ადამიანისგან დაუძლეველი ბოროტების გამოვლინებანი იმგვარია, რომ ერთი სახეობა რომ წარმოჩნდება ის სახეობა შემდეგ დავიწყებას არ ეძლევა, ის თანამდევი ხდება კაცობრიობისა, რადგან მის ბუნებას მსჭვალავს, მის ბუნებას მუსრავს, ანკესივით ამოეცმევა მის ბუნებას. შემდეგ ახალი სახეობა ჩნდება და ა.შ. და როდესაც ყველა სახეობა ბოროტებისა გამოვლენილ იქნა, მაშინ მოვიდა დიდი მკურნალი, რომ ერთიანად შეემუსრა ბოროტება, როგორც ქვეწარმავლის თავი. როდესაც გველის თავი შეიმუსრა, გაიჭეჭყა, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შემუსრულია. მაგრამ, - ამბობს გრიგოლ ნოსელი, მრავალნი შეგვეკამათებიან, როგორ არის ბოროტება შემუსრვილი, როდესაც მაცხოვრის განკაცების შემდეგაც მრავალგზის, თუ უფრო მეტად არა, ვხედავთ ბოროტების მკვეთრ გამოვლინებას, რომ კაცობრიობა კიდევ უფრო მეტად მიცემულია ვნებებსა და სხვადასხვა უკეთურ ქმედებებს. სად დასტურდება, სად ჩანს ის, რომ ბოროტება შეიმუსრა მაცხოვრისგან, რომ ბოროტება ამოიძირკვა მაცხოვრის მიერ? ეს გახლავთ არსებითი საკითხი, რაც ჩვენს პრობლემას ენასთან დაკავშირებით მჭიდროდ უკავშირდება და რასაც ჩვენ შემდეგ საუბარში შევეცდებით რომ შევეხოთ.

 

 

59–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=GIwyfcoqlYM


მაცხოვრის განკაცების ჟამის შესახებ. ადამიანის ცხონებისათვის აუცილებელი მისი პირადი ნება და ღვაწლი. კაცობრიობის დასაბამიერი საერთო ენის შესახებ

ჩვენი ბოლო საუბარი ეხებოდა ენობრივი ფენომენის გარკვევასთან დაკავშირებით კაცობრიობის ცოდვილიანი ისტორიის თვალის გადევნებას და ეკლესიის მამათა განმარტების მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აღსრულდა ღვთის განკაცება, როგორც გამომსყიდველობითი ღვაწლი კაცობრიობისა ცოდვის ტყვეობისგან კონკრეტულად იმ ჟამს, როდესაც ეს აღსრულდა. აღვნიშნავდით, რომ ეკლესიის მამათა და ამ შემთხვევაში გამოკვეთილად წმ. გრიგოლ ნოსელის სწავლებით, მკურნალმა, მაცხოვარმა ადროვა ბოროტებას, რომ ყველა სახეობით ის გამოვლენილიყო და შემდეგ აღესრულებინა კურნება კაცობრიობისა, რომ ეს კურნება ყოფილიყო ბუნებითი, ჭეშმარიტი, ბოროტების მთლიანობაში ამომძირკველი. ამგვარი ღვაწლი მაცხოვრისგან განხორციელდა და სწორედ ამ ღვაწლის განხორციელებას ახლავს კეთილ ნაყოფად კაცობრიობის ცხონების შესაძლებლობა. რომ ღვაწლი აღსრულებულია, კაცობრიობა ბუნებითად გამოხსნილია ანუ კააცობრიობის ბუნება გამოხსნილია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცხონების კარიბჭე გაღებულია, რაც აქამდე აბსოლუტურად დახშული იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობის ყველა წევრი პიროვნულად, უნდა თუ არა მას, უკვე ცხონებულია. ცხონების შესაძლებლობა მოვიდა, ცხონება აღსრულდა რეალურად ბუნებისა, მაგრამ პიროვნულად ესა თუ ის ადამიანი ცხონდება მაშინ, როცა თვითონ დადგება ცხონების გზაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცხონების კარიბჭე ჭეშმარიტად განიღო, მაგრამ ამ კარიბჭეში შესვლა ყველა ადამიანის პიროვნული ნება და ღვაწლია. ვინც ინებებს და იღვაწებს ამ კარიბჭეში შესასვლელად ის ცხონდება. უფრო ადრე, მაცხოვრის განკაცებამდე, ბევრიც რომ ეღვაწა და ენება ვინმეს, სულიერად ყველაზე უფრო აღმატებულ პირებსაც კი (მათ შორის მამამთავრებს აბრაამს, ისააკს და ა.შ.), არანაირი საშუალება არ იყო მათთვის, რომ ისინი ცხონების კარიბჭეში შესულიყვნენ, რადგან ეს კარიბჭე დახშული იყო უკეთურებისგან, ცოდვისგან და სწორედ ესაა ცოდვის ტყვეობა. ამიტომაა, რომ მაცხოვრის მოსვლამდე ეკლესიური სწავლებით ყველა ადამიანი უკლებლივ ჯოჯოხეთში მიდიოდა, მაგრამ მაცხოვრის მოსვლამ განაღო ბჭენი სამოთხისანი. ხოლო ის რაც განხმულია, ცხადია,  არ გულისხმობს აუცილებლად იმას, რომ კაცობრიობის ყველა წევრი მისდაუნებურად იქაა შეყვანილი. კაცობრიობა ჯერ კიდევ ქვეყანაზე, მიწაზე მკვიდრობს და ყველა ადამიანის, ვინც კი ცხონების მოსურნეა, ვალდებულებად რჩება პიროვნულად ინებოს და და იღვაწოს უკვე გაღებულ ბჭეთა შიგნით შესასვლელად.

ეს გახლავთ სწავლება ეკლესიის უკლებლიც ყველა მოძღვრისა, მათ შორის წმ. გრიგოლ ნოსელისა, მაგრამ იგივე მოძღვარი ჩვენ შესაძლოა შემოპასუხებასაც წარმოგვიჩენს. მისი თქმით “როგორ ვირწმუნოთ, - ამბობენ მავანნი, რომ შეიმუსრა ბოროტება, ამოიძირკვა უკეთურება, როდესაც მაცხოვრის განკაცების შემდეგაც ვხედავთ ბოროტების მკვეთრ გამოვლინებას და მეტიც, ბოროტება ისეთ არნახულ მასშტაბებს იძენს, რაც მანმადე შეიძლებოდა უცნობი ყოფილიყო”. წმ. გრიგოლ ნოსელი, რა თქმა უნდა, სხვებზე ნაკლებ არ იყო გათვითცნობეირებული ამ საკითხში, რომ მაცხოვრის განკაცების შემდეგაც თუნდაც იმ ოთხი საუკუნის მანძილზე, რაც აშორებს კაბადოკიელ მამათა მოღვაწეობას მაცხოვრის განკაცებისგან, აურაცხელი რამ გამოვლინება ჰქონდა ბოროტებას კაცობრიობის ისტორიაში და მისი სხვადასხვა ტომის ამქვეყნიურ ცხოვრებაში. გრიგოლ ნოსელი ზემოთ დასმულ შეკითხვას შემდეგნაირად პასუხობს: “მაცხოვარმა, ბუნებით ღმერთმა, ისევე როგორც ყველა სხვა ქმედებაში, ამ ქმედებაშიც ბუნებითი ღვაწლი აღასრულა”. ე.ი. არა გარეგანი, არა სიმპტომატური, არა პირობითი, არამედ ბუნებითი ღვაწლი. ბუნებითი ანუ არსობრივი ღვაწლი და საერთოდ არსობრივი ქმედება (ისევე როგორც ბუნებითი და არსობრივი მსჯელობა) გულისხმობს რაიმეს ყველაზე უფრო არსებითის მიმართ აღსრულებას მოქმედებისას. წმ. გრიგოლ ნოსელს მოაქვს ასეთი მაგალითი: როდესაც ქვეწარმავალი ჩვენგან მოიკვლება და როდესაც ჩვენ თავს გავუჭეჭყავთ ქვეწარმავალს, უეჭველია, რომ გველის თავი, მკვდარი, თავისთავად გველის სიკვდილს ნიშნავს. როდესაც თავი მოკლულია, თავი განგმირულია, რა თქმა უნდა, ის ქვეწარმავალიც განგმირულია. მაგრამ ამავე დროს ვხედავთ, რომ ქვეწარმავალი, რომლის თავიც განიგმირა, თავისი კუდით არათუ მანამდე რომ ირხეოდა იმგვარად ირხევა, არამედ გაცილებით მომეტებულად. ის აგონიაშია, მისი კუდი მთელი ძალით ირხევა და ვინც ამ ქვეწარმავლის ბუნება არ იცის და საერთოდ მოვლენების ბუნება არ იცის, შეიძლება იფიქროს, რომ ეს ქვეწარმავალი არათუ მოკვდა, არამედ რაღაც ზღაპრულ არსებასავით კიდევ უფრო გაცოცხლდა და მოემატა ძლიერება. სინამდვილეში შემუსრვილია ის, გარდუვალად განადგურებულია და მომსპარია და მოქმედება კუდის მხრიდან, რომ ის ამგვარად ძლიერად ირხევა, ეს ყველაფერი თანდათანობითი დაცხრომისთვის არის განწირული. ესაა მხოლოდ და მხოლოდ აგონია ქვეწარმავლისა, რაც ცოტა ხანში აბსოლუტურად დაცხრება და მთელი კვდომა, თავისგან დაწყებული, მთელ სხეულზე გამოვლინდება.

ისევე როგორც მოჭრილი ტოტი აუცილებლად ამ ტოტის კვდომას ნიშნავს, თუნდაც რომ ფოთლები ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყოს მასზე, ნაყოფიც შეიძლება კარგა ხანს შენარჩუნებული იყოს, მაგრამ გარდუვალად მკვდარია ის, რადგან არსებითად მოისპო მასში სიცოცხლის ძარღვი და დღეს თუ ხვალ ის უეჭველად დაჭკნება, მხოლოდ დროებითია, ლოკალურია ანუ შემთხვევითია მისი არსებობა. ამგვარადვე, - ამბობს გრიგოლ ნოსელი, მაცხოვარმა ბუნება განგმირა ბოროტებისა, არსება განგმირა ბოროტებისა, ანუ თავი განგმირა ბოროტებისა და არა მისი ცალკეული დროებითი გამოვლინებანი. დროებითი გამოვლინებანი იმავე ღვთის ნებით კვლავ რჩება კაცობრიობის ისტორიაში. იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნეთ, მაცხოვრის განკაცებით ცხონება მოვიდა, მაგრამ ცხონების მოსვლა არ გულისხმობს პიროვნულად ყველა ადამიანის მისდაუნებურად ცხონებას. ადამიანს შესაძლებლობა მიეცა დამკვიდრდეს სასუფეველში ანუ განიღო სასუფევლის კარები, სამოთხის კარები, მანამდე ცოდვისგან დახშული, მცველად დაყენებული ქერუბიმი თავისი მოტყინარე მახვილით უკუქცეულ იქნა, მიბრუნებულ იქნა (როგორც ეს სახეობრივად აღწერილია წმ. რომანოზ მელოდოსის ერთ-ერთ საგალობელში, თუ როგორ ხდება ჯვრისგან სამოთხემდე ამაღლებული ცხონებული ავაზაკის მისვლა სამოთხის კარიბჭესთან. მას ჯვარი აქვს ხელთ და ჯვრის ნიშზე ქერუბიმს ენიშნა, რომ აღსრულდა ძლევა უკეთურებისა, რომ სამოთხის კარი კვლავ უნდა განიღოს. ამიტომ ქრუბიმი მოტყინარე მახვილს, ანუ ელვარე მახვილს, უკან მაიქცევს და ავაზაკი გააღებს სამოთხის ბჭეს). ეს ხდება მაცხოვრის ღვაწლით, ამას ნიშნავს ცხონება, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, კარიბჭეში ყველა უნდა შევიდეს პიროვნული ნებით და ღვაწლით და ეს ნება და ღვაწლი მოქმედებაში, საქმეში უნდა გამოიხატოს. შესაბამისად ცხონების მოსვლის შემდეგ კაცობრიობის ისტორიას აუცილებლად ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი თავის გამოხატვისა, საკუთარი თავის მიმართ საბოლოო არჩევანის გაკეთებისა. აქამდე, კარიბჭის გახსნამდე, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს შეეძლო თავის მართლება, საბაბი ყველას ჰქონდა იმისა, რომ რაც არ უნდა ვიღვაწო ამ ღვაწლს ფასი არა აქვს, რადგან კარიბჭე დახშულია. მაგრამ როდესაც გაიხსნა კარიბჭე, უკვე თავის მართლების საბაბი შეწყდა და თუ ადამიანი ინებებს და იღვაწებს ის ცხონდება. ხოლო თუკი კვლავ ბოროტების გზას დაადგება შეგნებულად, რა თქმა უნდა, მას გახსნილი კარიბჭე ვერაფერს არგებს და ის ცხონების მიღმა დარჩება.

ამრიგად კარიბჭე გაიღო და კაცობრიობას ეძლევა შესაძლებლობა, ჟამი, დრო იმისა, რომ გამოხატოს თავისი არჩევანი. ყველა ადამიანს ეძლევა ამის ჟამი და ამის შესაძლებლობა. ამიტომაა შენარჩუნებული ჯერ კიდევ კაცობრიობის ისტორია და ამიტომვეა შენარჩუნებული ბოროტების თუნდაც, თავშემუსრვილი ქვეწარმავლისებრ რხევის მსგავსად გამოვლინება. ეს იმიტომ, რომ ესაა სამოღვაწეო უბანი და სამოღვაწეო ასპარეზი ადამიანისა, ბოროტება არსებითად შეიმუსრა, მაგრამ ყოფითად, შემთხვევითად ის კვლავ ვლინდება და მასთან დაპირისპირებაში ვლინდება კაცობრიობის ნება, თითოეული პიროვნების ნება, უერთგულებს ის ბოროტებას თუ დაუპირისპირდება მას, ღვთის გზაზე დადგება, მაცხოვნებელ ღვაწლს გაჰყვება თუ წარმწყმედ უკეთურებას კვლავ, ძველ აღთქმაში მკვიდრი ადამიანებისებრ, შეუდგება უკან და დაიხშობს მზერას იმ სინათლისკენ, რომელმაც ცხონება მოიტანა.

ამრიგად, ბოროტება მთლიანობაში იმიტომ არ აღმოფხვრილა, რომ ესეც ძალდატანება იქნებოდა ადამიანზე. ჩვენ ერთ-ერთ საუბარში განვიხილავდით საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ღვთის განკაცება, ეს უზენაესი და გონებით მიუწვდომელი მოვლენა და არა მხოლოდ განკაცება ღვთისა, არამედ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისგან ჯვარცმა-ტანჯვით სიკვდილის მიღება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ უფალმა თავის მიერ შექმნილ ადამიანს თავისუფალი ნების, თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არასოდეს არ დაუჩრდილა და ყოვლადსამართლიანი რომ ყოფილიყო ადამიანის გამოხსნა, ის გამოხსნილ იქნა იმავე წესით რა წესითაც მისი დაცემა მოხდა. ანუ როგორც თავისუფალი ნებით დაეცა ადამიანი და უკეთურებას ის მძალვრებითად არ მიუტაცია, უკეთურებამ შესთავაზა მას დაცემა, მისი სიტყვების სმენა, მის მხარეს გადასვლა და ადამიანმა თავისი ნებით ირჩია ეს, შესაბამისად უფალს, როგორც ყოვლისშემძლეს, რა თქმა უნდა, მყისიერად შეეძლო ყოველგვარი სახეობის ბოროტებისა და მისი მოთავის შემუსვრა და მისგან ადამიანის გამოტაცება, მაგრამ ეს გამოტაცება არ იქნებოდა სამართლიანი. როგორც ჩვენ ერთგან აღვნიშნავდით უფალი არა მხოლოდ ცოდვას განგმირავს, არამედ ცოდვის გამო რაიმე საბაბის მომიზეზების, თავის მართლების შესაძლებლობასაც კი მთლიანად აღმოფხვრის და აღხოცავს (ჩვენ ეს საკითხი განხილული გვქონდა ებრაელებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც მათეს სახარება დაიწერა). მითუმეტეს უკეთურების მოთავის მიმართ, რომელსაც ეკლესიის მამათა სწავლებით, ყოველთვის შეიძლებოდა საბაბი თავის მართლებისა ჰქონოდა, რომ მე მძალვრებით არ მიმიტაცია და მძალვრებით რატომ იქნა წარტაცებული ჩემგან ადამიანი. ეს ერთი მხარეა, რომ ამ კუთხით ეს ყოველივე ყოვლადსამართლიანი არ იქნებოდა, უკეთურების მიმართაც კი. უფლის ყოვლადსამართლიანობა, როგორც ბუნებითი თვისება მისი, ყველგან ასევე ვლინდება. შეუძლებელია, რომ რაიმე ქმედებაში უფალმა რომელიმე მისი ბუნებითი თვისება ერთობლივად არ გამოავლინოს, იქნება ეს ყოვლადსამართლიანობა, ყოვლადძლიერება, ყოვლისმპყრობელობა, გულმოწყალება ქმნილებისადმი, სიყვარული მისდამი და სხვა. ამ კუთხით ყოვლადსამართლიანობის დარღვევა შეუძლებელია და რაც ნებაყოფლობით იქნა მიტაცებული, ის ნებაყოფლობითვე უნდა იქნეს უკან დაბრუნებული. ეს ერთი მხარე, რომ საკუთრივ ბოროტებას ესპობა ყოველგვარი თავის მართლების საბაბი და მის წინაშეც უფლის ქმედება ყოვლადსამართლიანი წარმოჩნდება. მაგრამ, მეორე მხრივ, საკუთრივ ადამიანის წინაშეც, ის რომ გამოტაცებული ყოფილიყო უფლის მიერ მძლავრებითად, ეს იქნებოდა ადამიანის თავისუფალი ნების გაუქმება და ადამიანის, როგორც ქმნილების, მთლიანი გაქრობა. იმიტომ, რომ საკმარისია რომელიმე ბუნებითი თვისება, თუნდაც ერთი, ამა თუ იმ არსებაში გაქრეს, რომ ეს არსება აბსოლუტურად მთლიანად დაირღვევა და გაუქმდება, რადგან ყველა ბუნებითი თვისება არის ერთმთლიანობა და ერთი მათგანის დაჩრდილვაც კი, ერთი მათგანის აღხოცვაც კი მთლიანი ბუნების შემუსრვას იწვევს. ნიმუშისათვის რომ ავიღოთ, საკმარისია ჩვენ ღვთის თვისებათაგან რომელიმე თვისება არ ვაღიაროთ, მაგალითად არ ჩავთვალოთ, რომ ღმერთი არის ყოვლადძლიერი, ჩვენთვის უკვე ღმერთი აღარ იქნება ღმერთი, რადგან ის, რაც ყოვლადძლიერი არ არის, არ შეიძლება რომ ღმერთი იყოს. მას თავისზე ძლიერი უნდა ჰყავდეს რაღაც და შესაბამისად თვითონ ქმნილება აღმოჩნდება. ანდა თუნდაც ის, რომ დავუშვათ ღმერთი არ არის ყოვლისმპყრობელი, საკმარისია ეს თვისება ჩვენს გონებაში გავაუქმოთ ღვთისთვის, რომ ჩვენ ჭეშმარიტი ღვთის ამღიარებელნი აღარ ვიქნებით, ღმერთი ჩვენთვის გაუქმდება, რადგან არსება, რომელსაც ყოვლისმპყრობელობა არა აქვს არ შეიძლება ღმერთი იყოს, რამდენადაც ის შეზღუდული ყოფილა და მხოლოდ ნაწილის მპყრობელობა ჰქონია, მეორე ნაწილის მპყრობელობა კი სხვას ჰქონია, რომელიც მასზე არ არის დამოკიდებული და ამგვარად სივრცესა და ჟამში შეზღუდული არსება არანაირად არ შეიძლება ღმერთი იყოს. ამგვარად ნებისმიერ არსებაში ერთი ბუნებითი თვისების აღხოცვაც კი მთელი ამ ბუნების და არსების გაუქმებას იწვევს. აქედან გამომდინარე ადამიანშიც ყველაზე მთავარი თვისების, თავისუფალი ნების, გაუქმება თვით ადამიანის, როგორც არსების მთლიან მოსპობას განაპირობებდა. შესაბამისად ღმერთი ადამიანის თავისუფალ ნებას არასოდეს არ აუქმებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანის მთლიან მოსპობას განაპირობებს, არამედ ამგვარად გამოტაცებული ადამიანი არავითარი ღირსებით აღარაა დაჯილდოებული, ამგვარი ცხონება არავითარ ღირსებას აღარ შეიცავს, ანუ ეკლესიის მამათა სწავლებით: “იძულებით ქმნილი არაოდეს გვითქვამს სათნოებად”. აი ამიტომ ხდება ეს უზენაესი მოვლენა, უფალი განკაცდება, რომ თვითვე შესთავაზოს ცხონება ადამიანებს, არათუ მძლავრებითად გამოტაცოს ბოროტისგან, არათუ მძლავრებით შემუსროს ადამიანთათვის ბორკილები, არამედ ადამიანს შესთავაზოს ხსნა, გათავისუფლება, მათი ბუნება გამოიხსნას, მთლიანად წარწყმიდოს და მოსპოს ცოდვა მათი ბუნებისგან, მაგრამ თითოეულ მათგანს, როგორც პიროვნებას დაუსახოს გზა ცხონების კარიბჭეში შესვლისა. ესაა გამოხსნის მიზანდასახულობა და გზის დასახვა თითოეული პიროვნებისათვის სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამა თუ იმ პიროვნებამ თავისი თავისუფალი ნებით უნდა ინებოს და იღვაწოს ჭეშმარიტებაში დასამკვიდრებლად. ნება ერთია, მაგრამ მხოლოდ ნება არ კმარა, რომ ინებოს პიროვნებამ, შორიდან შეიძლება ყველას ესათნოება ცხონება, მაგრამ უნდა იღვაწოს კიდეც ამისთვის, რადგან ერთხელ ბოძებული და დაკარგული მან უკვე საკუთარი ძალისხმევითაც უნდა მოიპოვოს და ეს ძალისხმევა, ეს ღვაწლი სწორედ ასპარეზობაში ვლინდება. ამიტომაა შენარჩუნებული ასპარეზობა, ამიტომ არის დაშვებული ღვთისგან ის, რომ ბოროტების თავის განგმირვის შემდეგ მისი კუდი, მისი დარჩენილი ნაწილი უფრო მეტად ბობოქრობს, რადგან უკეთურებამ იცის, რომ ის აგონიაშია და ამ აგონიის შემყურე კაცობრიობა, რა თქმა უნდა, კვლავაც ღვაწლშია, კვლავაც გამოიწრთობა, კვლავაც თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობა აქვს მას.

ეს ყოველივე ამგვარად საბუთდება ეკლესიის მამათაგან. რა თქმა უნდა, აქ მრავალი სხვა მხარეცაა, რომელთაც ჩვენ, ცხადია, დეტალურად ვერ შევეხებით, მაგრამ არსებითი იყო იმის დადგენა, რომ ეკლესიის მამათა სწავლებით კაცობრიობის ისტორია თანდათანობით ცოდვებით მძიმდებოდა და როდესაც ყველა სახეობა ბოროტებისა გამოვლინდა, სწორედ მაშინ მოვიდა მაცხოვარი, რომელმაც თავი უკეთურებისა განგმირა. კვლავ აღვნიშნავთ, რომ ზემოთ წარმოდგენილი შემოპასუხებაზე, ჩვენ უკვე ერთის მხრივ პასუხი გავეცით, რომ კვლავ ბოროტებანი ვლინდება და ეს ბოროტებანი მხოლოდ და მხოლო უკვე განგმირული ქვეწარმავლის კუდის რხევას უტოლდება და მეტი არაფერი, მაგრამ ორიოდე სიტყვა აუცილებლად იმაზეც უნდა ვთქვათ, თუ რას ნიშნავს ბოროტების თავის განგმირვა.

აქ შემოდის კვლავ ის ფრაზა, რაც ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ ეკლესიური სწავლებით მაცხოვარმა შემუსრა ბოროტების მომგონი ძალა. ე.ი. სხვადასხვა სახეობანი ბოროტებისა, რაც კი კაცობრიობის ისტორიაში მანამდე ვლინდებოდა, მთლიანად ამოიწურა და ამცხოვარი სწორედ იმ ჟამს მოვიდა, როცა ყველა სახეობა გამოვლინდა ბოროტებისა, ანუ როდესაც ბოროტება არსობრივად გამოაშკარავებულია ყველა კუთხით. აი ეს იყო განმსაზღვრელი მაცხოვრის მოვლინების ჟამისათვის, რომ მოივლინა მაშინ, როდესაც ყველა სახეობა გამოვლინდა და ყველა სახეობა ერთობლიობაში სწორედ მაშინ განგმირა. მაცხოვრის მოვლინების შემდეგ რაც გამოვლინებანია ბოროტებისა, ეს უკვე რაიმე ახალი სახეობა კი არაა, არამედ უკვე გამოვლენილ ძველ ბოროტებათა გვიანდელი გამოკრთომანი, შემუსრული ცხოველის კვლავ ფართხალია, აგონიაში მყოფისა, რომელიც უეჭველად დაცხრება, რადგან თავი შემუსრულია. ამრიგად, ჩვენ რომ დებულებად დავიმახსოვროთ, მაცხოვარმა განგმირა და შემუსრა ბოროტების მომგონი ძალა, ახლ-ახალი მოგონებანი ბოროტების სახეობებისა უკვე აღარ ხდება, რადგან ეს ყველაფერი განგმირულია. ძველ სახეობათა გამოკრთომა, რხევა, მიმორხევა კაცობრიობის ისტორიაში სახეზეა, მაგრამ ეს ყველაფერი დაშვებულია ღვთისგან იკონომიურად, რომ კაცობრიობა ცხონების გზაზე დადგეს, ასპარეზობაში თავისი საბოლოო არჩევანი საკუთარი თავის წინაშეც და ღვთის წინაშეც გამოკვეთოს და ნაბიჯიც გადადგას. განიგმირა ბოროტების მომგონი ძალა და არანაირი ახალი სახეობანი კვლავ მაცხოვრის განკაცების შემდეგ არ ვლინდება.

ამრიგად მთელი ეს მსჯელობა ჩვენ გვიდასტურებს იმას, რომ კაცობრიობის ისტორია იხუნძლებოდა ახალ-ახალი სახეობებით ბოროტებისა, ვიდრე მაცხოვრის მოვლინებამდე და რაც უფრო მეტი სახეობა ბოროტებისა ვლინდებოდა კაცობრიობის ისტორიაში, მსჭვალავდა მის ბუნებას და ანკესივით ამოეცმეოდა მას, ეჭვი არაა, რომეს ბუნება უფრო და უფრო სნეული ხდებოდა. აი ამის საფუძველზე ვამბობდით ჩვენ, რომ კაცობრიობის ისტორია ძველი აღთქმის ეპოქაში უფრო ნაკლები სნეულებიდან უფრო მეტი სნეულებისკენ მიემართებოდა, უფრო და უფრო დასნეულებული ხდებოდა. შესაბამისად რაც უფრო ახლოს ვართ სამოთხისეულ ცხოვრებასთან, სამოთხისეულ ჟამთან უკუსვლით, მით უფრო ნაკლები სნეულებაა კაცობრიობის ერთ მთლიან ბუნებაში, კაცობრიობის ისტორიაში. შესაბამისად თაობაც უფრო ნაკლებ სნეულია. და ის პირველ თაობები, რაც ბაბილონის გოდლამდე იყო, მომდევნო თაობებთან შედარებით, როგორც უკვე ვთქვით, ნაკლებ იყვნენ დასნეულებულნი და მათი სამეტყველო ენაც გაცილებით მეტად ინარჩუნებდა სიწმინდეს კაცობრიობის ბუნებისას და მეხსიერებაში შემონახული სამოთხისეული ცხოვრების გაცილებით მეტად საკუთარ თავში გამოხმატველი და აღმბეჭდველი იყო, ვიდრე ეს ბაბილონის გოდლის დანგრევის შემდეგ კაცობრიობის ისტორიაში დაინახება და განიჭვრიტება. აი ეს მხარე გვეგულვის ჩვენ ყველაზე არსებითად, როდსაც გვინდა ენის დასაბამიერი მდგომარეობა წარმოვაჩინოთ, რომ ეს ენა კაცობრიობისა იმიტომ იყო ერთი, იმიტომ იყო კაცობრიობის გამაერთიანებელი, რომ ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი ჟამი ცოდვილიანობის შედეგად იმგვარი გაუკუღმართებისა, იმგვარი დაყოფისა და დანაწილებისა, რაც აუცილებლად შემდეგ ენობრივ ფენომენშიც გამოიხატებოდა. ჯერ კიდევ ზნეობრივი სიწმინდე შენარჩუნებული იყო ზოგად კაცობრივ ბუნებაში, შედარებით მომდევნო თაობებთან. ცხადია ისიც დასნეულებული ბუნება იყო, მაგრამ სნეულებაშიც ხარისხებია. ეკლესიური სწავლებით ხარისხებია როგორც ცხონებაში, ასევე ხარისხებია დაცემულობაში. და დაცემულობაში მყოფი კაცობრიობის ყველაზე უფრო წმინდა ეპოქა სწორედ ის დასაბამიერი ეპოქა გახლდათ. შესაბამისად ამ სიწმინდის გამომხატველი ენობრივი ფენომენიც, მომდევნო ეპოქებთან შედარებით, გაცილებით უფრო განწმენდილი გახლდათ. ანუ ენობრივი ფენომენი იტევდა და ინარჩუნებდა იმ სიწმინდეს, რაც მაშინდელ კაცობრიობას, როგორც თაობას, ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდა სამოთხისეული ცხოვრების მეხსიერებაში შემონახვის საფუძველზე. ცოცხლად გამოხატულება ამ მეხსიერების სწორედ ენაში იყო აღბეჭდილი.

ამრიგად, პირველი და უმთავრესი თვისება წინა ბაბილონური ენისა გახლდათ ზნეობრივი მხარე, რომ ეს ენა და ამ ენის შემადგენელი ლექსიკური ერთეულები და გნებავთ ის კანონზომიერება, რაც გრამატიზების ნიშან-თვისებებს გულისხმობს, ყველაფერი ეს აღბეჭდილი იყო ზნეობრიობის, სიწმინდის ნიშნით. შეიძლებოდა თუ არა ეს ასე ყოფილიყო? რა თქმა უნდა, ეს შეიძლებოდა. სხვათაშორის არ შეიძლება აქ იმას ხაზი არ გავუსვათ, რომ ბოლო ხანებში საქართველოში რატომღაც გარკვეულ პირთაგან დაცინვის საგანი გახდა საკითხი ენის გაქრისტიანების შესახებ და ათასგვარ ფსევდო არგუმენტს მოუხმობენ, მოუხმობენ არგუმენტებს სწორედ, თითქოსდა, ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან გამომდინარე. მაგრამ ეს გახლავთ სრულიად ყალბი შეხედულება ენაზე, სრულიად უცხო ეკლესიური მოძღვრებისთვის. ის გარკვეულ პირთა პირადი ე.წ. ქრისტიანული ხედვების ნაყოფია, ჭეშმარიტებასთან არაფერი არა აქვს საერთო და ამიტომ საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ენა ჭეშმარიტების აღქმის ჟამს წმინდა ხდება, ანდა თანდათანობით შემდეგ შეიძლება გაუწმინდურდეს, გაუკეთურდეს, შემდეგ კვლავ გაქრისტიანდეს, სიწმინდით შეიმოსოს და სხვა, ეს ყველაფერი ეკლესიური მოძღვრების ერთ-ერთი ნაწილი გახლავთ. ამიტომ ამ თემასთან დაპირისპირება სწორედ იმ ნიშნით, რომ თითქოს ეს არ არის ეკლესიური და ეკლესიისგან უცხო სწავლებაა, არის სრულიად მცდარი. ამ საკითხზე ჩვენ მოგვიანებით აუცილებლად ვისაუბრებთ, როდესაც ქართულ ენას შევეხებით, მაგრამ იმ დასაბამიერ ენაზე მსჯელობისას იგივე მომენტი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გაქრისტიანების თვალსაზრისით არა, მაგრამ სიწმინდის შენარჩუნების და მეტნაკლებად თავის თავში დატევნის მხრივ, უეჭველად სახეზეა.

ამრიგად, პირველი, ჩვენთვის ყოველშემთხვევაში, უპირობო დასკვნა ის გახალვთ, რომ კაცობრიობის თავდაპირველი ენის უმთავრესი თვისება გახლდათ ის, რომ ეს ენა იყო ზნეობრივი მონაცემი, ზნეობრივი ღირებულების მქონე ფენომენი და არა აუცილებლად პირველ რიგში ინფორმატიული საშუალება, ურთიერთობის ჟამს ურთიერთობის გადაცემის საშუალება. ეს თავისთავად ცხადი იყო, მაგრამ თვითონ ინფორმაციის გადაცემის უპირველესი მიზანდასახულობაც ასევე ზნეობრივი გახლდათ, ეს იყო სიწმინდის გადაცემა, რამდენადაც ამას მაშინდელი ცოდვილიანი მდგომარეობა კაცობრიობის პირველთაობისა იტევდა. კვლავ აღვნიშნავთ, ისევე როგორც მომდევნო პერიოდში საეკლესიო ტერმინოლოგია შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზანდასახულობით, რომ სულიერად წვდომილი სიწმინდე ასევე წმინდად გადაცემულიყო უკვე მატერიალურ სიტყვაში მომდევნო თაობებს, ანუ ეს ტერმინოლოგია, საეკლესიო ენა მხოლოდ ერთადერთი მიზანდასახულობისა იყო, რომ სიწმინდე ეტვირთა და გადაეცა სხვათათვის. რაღაც ანარეკლისებრ, ცხადია ამ სიმაღლეზე ვერ იქნებოდა ის ენა, რომელიც ამგვარად იყო დასნეულებული პირველცოდვით, საეკლესიო ენა იმ მოღვაწეთა მიერ იქმნება და იმ წიაღში იქმნება, სადაც პირველცოდვა უკვე შემუსრულია მაცხოვრისგან, ამიტომ ეს სხვა სიმაღლეა, მაგრამ რაღაც ანარეკლი ამ მდგომარეობისა უეჭველად იყო იმ პირველ თაობებში კაცობრიობისა, სამოთხის სიწმინდის მეხსიერებაში გაცილებით მკვეთრად შენარჩუნების საფუძველზე, მომდევნო თაობებთან შედარებით. გამოხატულების ფორმაც ამ სიწმინდისა აღმატებული იყო და ეს გამოხატუყლების ფორმა, როგორც ენა, მიზანდასახულობის მხრივ სწორედ იმ თვისებას ინარჩუნებდა, რაც ჩვენ საეკლესიო ენასთან დაკავშირებით ვთქვით, სიწმინდის გადაცემის თვისება, რომ ერთისგან მეორეს სიწმინდე გადასცემოდა. თავისთავად ცხადია ამ თაობებში გაუკეთურებულნიც ბევრნი იქნებოდნენ, რომელნიც იმავე ენით ისარგებლებდნენ და მათგანვე დაიწყებოდა ამ პირველ ენის უმთავრეს თვისებათა დაჩრდილვა, შერყვნა ზნეობრივი თვისების შინაარსისა, რომ სიწმინდის გადაცემის დანიშნულება ყოფილიყო მისთვის, აი ამ ორი მომენტის – ზნეობრივისა და სიწმინდის გადაცემის დანიშნულების თანდათანობითი შერყვნა სწორედ ამ თითოოროლა პირთაგან დაიწყებოდა და როდესაც ყოველივე ამან ეპიდემიასავით მოიცვა კაცობრიობა, მაშინ მოხდა ის, რომ ენისგან დაიკარგა ზნეობრივი დანიშნულება, სიწმინდის გადაცემის დანიშნულება და როდესაც ეს იკარგება მაშინ ენის მთლიანობაც დაუყონებლივ აუცილებლად ირღვევა.

60–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=1hX-zHaLXRw


ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 15 OCTOBER 2017 17:35)