Georgian (Georgia)English (United Kingdom)
წიგნიდან "ადამიანი ღვთის წინაშე"

ტექსტი ქვეყნდება გამომცემლობა "სიესტას" ნებართვით

siestabooks.blogspot.com

www.facebook.com/SiestaBooks


მე ვფიქრობ, ათეიზმი, როგორც „გამოცდილებითი ცოდნა“ - გაუგებრობაა. იდეოლოგიური ათეიზმი, ვთქვათ, ათეიზმის ფილოსოფია შეიძლება უბრალოდ შეესაბამებოდეს იმ აღზრდას, რომელიც თქვენ მიიღეთ. მაგრამ როცა ადამიანი ამბობს: მე ღმერთის შესახებ არაფერი ვიცი, და ამიტომ ის არ შეიძლება არსებობდესო, ეს ძალიან პრიმიტიული მიდგომაა. მე შეიძლება ბრმა ან ყრუ ვიყო, არაფერი ვიცოდე მუსიკის ან ხილული სამყაროს შესახებ, მაგრამ ეს როდი ამტკიცებს, რომ ის არ არის. ეს შეიძლება იმით იყოს გართულებული, რომ ბოროტი ადამიანები ან თვითონ დაბრმავებულები (სხვა მიზეზებიც არსებობს: მე გიჩვენებთ ერთ ძალიან საინტერესო მაგალითს) სხვებსაც უკეტავენ გზას რწმენისკენ, უბრალოდ ცდილობენ ყველას ჩაუკლან რწმენის უნარი, რწმენის რაღაც რელიგიურ მდგომარეობამდე დაყვანით, მაშინ, როცა რწმენა გაცილებით მეტ სივრცეს უნდა მოიცავდეს.

მაგრამ ზოგჯერ ადამიანი ურწმუნო იმიტომ ხდება, რომ ეს მისი ერთადერთი დაცვაა სინდისის წინაშე. ახლა მე მახსენდება პარიზში ერთი ჭკვიანი, ფაქიზი, განათლებული მღვდლის ნაამბობი. როდესაც ის „უღმერთო“ იყო, ანუ ღმერთი არ სწამდა და თავის თავს ძალიან კულტურულ და განათლებულ ადამიანად თვლიდა საიმისოდ, რომ თუნდაც ეფიქრა იმაზე, რატომ მორწმუნე არა ვარო. ის ერთ მღვდელს ესაუბრა. სოფლის მღვდელმა, რომელიც რუსეთიდან ემიგრაციაში მოხვდა, და არავითარი განსაკუთრებული განათლება არ გააჩნდა, დიდხანს უსმინა და მას ორი რამ უთხრა: ჯერ ერთი, საშა, არც ისე მნიშვნელოვანია, რომ შენ ღმერთი არ გწამს - მისთვის ეს არაფერია, შესანიშნავი ის არის, რომ მას შენი სწამს... და მეორე: შენ კი საშა, წადი სახლში და დაფიქრდი, რა მომენტში და რატომ დაკარგე რწმენა, რა მომენტში დაგჭირდა, რომ ღმერთი არ ყოფილიყო...

საშა შინ დაბრუნდა და დაიწყო ფიქრი; საკითხის ასე დაყენებამ, ასეთმა მიდგომამ საგონებელში ჩააგდო: იგი მოელოდა მისიონერის დარიგებას ან მითითებას, ეკითხა ტრაქტატები, ამის მაგივრად - წადი და დაფიქრდი, გაერკვიეო. და ის, როგორც თვითონ შემდეგ გვიამბობდა, მიზეზებს თავდაპირველად თავის განათლებაში, პარიზში ღვთისმეტყველების ინსტიტუტში ეძებდა. შემდეგ რევოლუციამდე - რუსეთის უნივერსიტეტში, მერე კიდევ სადღაც და ვერაფრით მიაგნო, ასე მივიდა იმ ასაკამდე, როცა ექვსი წლის იყო. რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობდა, საუცხოო ბიჭუნა იყო, ყოველ კვირას ეკლესიაში დადიოდა და ძალიან ღვთისმოსავ ბავშვად ითვლებოდა: მიდიოდა, პირჯვარს იწერდა, შუა ეკლესიაში წინ დგებოდა და ლოცულობდა. ყოველ კვირას მას ერთ კაპიკს აძლევდნენ, რომელიც მას ბრმა მათხოვრისთვის ქუდში უნდა ჩაედო, ის დებდა და ეკლესიაში მიდიოდა გრძნობით, რომ კეთილი საქმე ჩაიდინა, სიყვარული და ყურადღება გამოხატა - და ახლა შეუძლია ღმერთთან სუფთა სინდისით მივიდეს... ერთხელ, შობის წინ, როცა დედასთან ერთდ ქალაქში სეირნობდა, ნახა, რომ მაღაზიაში შესანიშნავი ხის რაში იყიდებოდა ექვს კაპიკად. დედას სთხოვა მიყიდეო, მაგრამ მან უარი უთხრა. ძალიან დაწყდა გული. შემდეგ კვირას, როცა ეკლესიაში მიდიოდა და მათხოვარს მიუახლოვდა, მან იფიქრა, რომ თუ ის ექვსჯერ არ მისცემდა ამ კაპიკს, ცხენის ყიდვას შესძლებდა - და კაპიკი არ მისცა. ის ასე ოთხჯერ მოიქცა, მეხუთედ კი იფიქრა: თუ მისგან ერთ კაპიკს აიღებდა, ცხენის ყიდვას ერთი კვირით ადრე შესძლებდა... და ბრმას კაპიკი მოპარა. ამის შემდეგ ის ტაძარში შევიდა და იგრძნო, რომ წინ დგომა აღარ შეუძლია: ვაითუ, ღმერთმა შემამჩნიოსო, - და სადღაც კუთხეში დადგა. შინ დაბრუნებულმა ძიძამ ეს უამბო მშობლებს, რომლებიც აღტაცებაში მოვიდნენ: აქამდე ის პატარა იყო და ღმერთის წინ დგებოდა; ახლა კი თავის თავში ჩაუღრმავდა, მისი ცხოვრება ღმერთში დაფარული ხდება, ის მოფარებულ ადგილას ეძებს, სადაც შეძლებს განჭვრეტით იდგეს ღვთის წინაშე... ოპტიმისტი დედა ჰყავდა. საშა კი გრძნობდა, რომ საქმე ძალიან ცუდად იყო და რომ ღმერთს უნდა დაემალოს. და უცბად უნივერსიტეტიდან მისი უფროსი ძმა დაბრუნდა, რომელმაც იქ უღმერთოდ ზერელე ცოდნა შეიძინა და დაუწყო მტკიცება, რომ ღმერთი არ არისო. და საშამ მითხრა: მე ამას ჩავეჭიდე. თუ ღმერთი არ არის, აბა, რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მე ეს კაპიკი მოვიპარე და ხუთი არ ჩავდე... და აქედან დაიწყო მასში „უღმერთოება“: მოძღვრება იმის შესახებ, რომ ღმერთი არ არის, მან აღიქვა, როგორც ერთადერთი ხსნა სინდისის ქენჯნის წინააღმდეგ.

ასე რომ, როცა ადამიანი ამბობს: „მე ურწმუნო ვარ“, - ან ამბობს: „ღმერთი არ არის!“, - ყოველთვის ფილოსოფიური თვალსაზრისით არ უნდა მივუდგეთ; ზოგჯერ შეიძლება დავსვათ კითხვა: საიდან მოდის ეს? ყოველთვის არ ხერხდება კითხვის ისე დასმა, როგორც მამა ბასილმა დაუსვა საშას. მაგრამ თუ თქვენ მართლა გინდათ ამ ადამიანისთვის რამე გააკეთოთ, საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვათ, რომ გაიგოთ; თუ ვერაფერს გაიგებთ, ყველა ნასროლი სამიზნეს აცდება.

რაღაც გაგებით უღმერთოება - ეს მეცნიერული გაუგებრობაა, ეს რეალობის შესწავლაზე უარის თქმაა, ეს ისევე არამეცნიერულია, როგორც იმის თქმა, რომ ჩემთვის მუსიკა არ არსებობს, და ამიტომ ის არ არის. არ შეიძლება ურწმუნოს საკითხი ასე დავუსვათ, იმიტომ რომ, რასაკვირველია, არსებობს საკმაოდ მდიდარი მასალა, რომ მოიგერიოს. მაგრამ არსებითად, უღმერთოება ეს არის უქონლობა სურვილისა მიიღოთ თუნდაც ისტორიის, თუნდაც ცალკეული ადამიანების მოწმობა, რომლებიც ამბობენ: მე ვიცი... ასეთები მეცნიერებს შორისაც მრავლად არიან, მაგალითად პავლოვი.

მაგრამ კეთილსინდისიერმა მეცნიერმა, რეალობის საიდუმლოს დანახვისას, შეიძლება მასში თვით ღმერთის საიდუმლოება ვერ დაინახოს. ურწმუნო დამიანმაც შეიძლება რაღაც იგრძნოს.

ხედავთ, თუ ის ჩაღრმავდება თავის გამოკვლევებში და გაიაზრებს იმას, რაზეც მე ვლაპარაკობ, - რომ რწმენის სივრცე არ არის რელიგიურობის შეზღუდული სივრცე, არამედ ცხოვრებისადმი მიდგომაა, - მაშინ, რასაკვირველია, თავის მეცნიერულ კვლევებში ის წააწყდება სამყაროს ყველა ქმნილების საიდუმლოებას, მაგრამ ამან შეიძლება სხვა კითხვების დასმის საშუალება მისცეს. მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სამყაროს სიღრმეთა საიდუმლოს აღმოჩენისას, მათ დასკვნა გამოიტანეს, რომ ღმერთი უნდა იყოს, ერთგვარად მერყევ საფუძველზე დგანან, რადგან იმის თქმა, რომ მორწმუნე გახდი, შესაძლებელია მაშინ, როცა შენ შეეხე ღმერთის რეალობას - უშუალოდ, ან ადამიანების საშუალებით, მაგრამ უბრალოდ ლოგიკურად ასეთი დასკვნის გაკეთება არ შეიძლება. მე ვიცნობ ახალგაზრდა კაცს, ძალიან ნიჭიერს; ის უღმერთოებაში იყო გაზრდილი. როცა მან უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო, ის ოთახს ქირაობდა ჭკვიან, განათლებულ მორწმუნესთან. ყმაწვილი ახალგაზრდა იყო და მოუმზადებელი, სახლის პატრონი - ჭკვიანი და გამოცდილი. ბუნებრივია, აჯობა და იმ ფაქტიდან, რომ ის დიალექტიკურად დამარცხდა, ყმაწვილმა გამოიტანა დასკვნა: მაშასადამე, მე მორწმუნე უნდა გავხდე. მან თავი მორწმუნედ გამოაცხადა, მოინათლა, ღვთისმეტყველების სწავლას შეუდგა; მისგან დიდ საქმეებს ელოდნენ; და რაღაც მომენტში, ის უცებ მიხვდა, რომ მას არასოდეს, არავითრი სახით რელიგიური გამოცდილება არ მიუღია, რომ მან ლოგიკური დასკვნები იქიდან გამოიტანა, რომ ის ლოგიკის სფეროში უფრო ჭკვიანმა, უფრო გამოცდილმა და განათლებულმა ადამიანმა დაამარცხა...

აქ ძალიან ძნელი საკითხია, რადგან ყოველთვის არის სფერი, როცა მოძღვარიც კი არ არის ბოლომდე დარწმუნებული, ამ ადამიანმა გამოცდილების რა ზომით იცის ან არ იცის. მაგრამ მაინც, სანამ გარკვეული ობიექტურობით ადამიანში ვერ აღმოგვიჩენია (სანამ მას თავის თავში აღმოჩენა არ შეუძლია), რომ მან ღმერთის შესახებ პირადად იცის და არა ყურმოკრულად, ნუ ვიჩქარებთ მის მონათვლას ან მართლმადიდებლობაში მიღებას. ჩვენ, დასავლეთში, ადამიანებს ძალიან დიდხანს სწორედ იმიტომ ვაყოვნებთ, რომ მე ასე მჯერა: მარადიული ცხოვრების შესახებ მან პირადი გამოცდილებით უნდა იცოდეს.

მაგრამ ნათლობამ ხომ შეიძლება ამას ხელი შეუწყოს?

შეიძლება, ხელი შეუწყოს, მაგრამ ყველაფრის შეცვლა არ შეუძლია. მე ვიცი შემთხვევები, როცა არამორწმუნეს, რომელიც ხელის ცეცებით ეძებდა ჭეშმარიტებას, ანგლიკანი ან კათოლიკე მღვდლები ეუბნებოდნენ: მოინათლე და რწმენა მოგეცემა... ეს კატასტროფაა, რადგან რწმენა ასე არ მიეცემა; მიეცემა ოღონდ, მხოლოდ იმიტომ არა, რომ მასზე ნათლობის წესი შესრულდა. ორ ასეთ ადამიანს მე ვიცნობდი და მართლმადიდებლობაში მივიღე, ოღონდ მე ათობით წლები მომიხდა მათთან მუშაობა, რათა აღმოეფხვრათ განწირულობა და გულგატეხილობა, რომ ღმერთმა ისინი მოატყუა: „მე შენ ჩაგაყურყუმალებ წმინდა წყალში, და შენ რწმენას მიიღებ“; ჩააყურყუმალეს - და არაფერი მოხდა. ერთ ადამიანს უარესი დაემართა: ფსიქიკა მოშლილი ჰქონდა და მას არა მარტო რწმენას, არამედ განკურნებასაც დაჰპირდნენ; ამას არც რწმენის გაჩენა მოჰყვა, და არც განკურნება.

ასე მიდგომა არ შეიძლება; არ შეიძლება, დაჰპირდეთ, რომ საიდუმლოებები ადამიანებზე ავტომატურად იმოქმედებენ. ეს მორფის ინექცია არ არის, წამალი არ არის, რომელიც იმოქმედებს, ვინც უნდა იყო და რაც უნდა გჭირდეს. მართლმადიდებლურ სწავლებაში არის საიდუმლოებათა სინამდვილის ცნება, მაშასადამე, იმის შესახებ, რომ საიდუმლოება, კანონიერად დასმული მღდლის მიერ შესრულებული და ადამიანისთვის გადაცემული, რეალურია. მაგალითად, ევქარისტია: ეს არის ქრისტეს სხეული, ეს კი ქრისტეს სისხლი, - არ არის მიმღების რწმენაზე ან არარწმენაზე დამოკიდებული. მაგრამ მეორე მხარეც არის: ის ნამდვილია, მაგრამ შეიძლება უმოქმედო იყოს, რადგან არ არის ნიადაგი, რომელიც მას მიიღებდა. როცა მოციქული პავლე ამბობს: ფრთხილად იყავით, რათა არ მიიღოთ საიდუმლოება არა სასჯელად გინდა სასჯელად, სწორედ ამაზეა ლაპარაკი: არ შეიძლება საიდუმლოების იმ იმედით მიღება, რომ იქნებ რამე მოხდეს. რამე რომ მოხდეს, ადამიანს უნდა სწყუროდეს ღმერთი. მაშინ საიდუმლოების მეშვეობით შეიძლება ის მოხდეს, რაც დიალექტიკის, კამათის და ა.შ. საშუალებით არ შეიძლება მოხდეს.

და მაინც, ათეიზმი სამყაროს მიმართ უაღრესად ღრმა რეალიზმთან არის დაკავშრებული. ეს ათეიზმში ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ის, რომ მას თავის გამართლება არ შეუძლია. მე მგონი, ქრისტიანობის მხრივ ათეიზმისადმი დამოკიდებულება დაფიქრებული უნდა იყოს...

პროფესორმა ფრანკმა, მგონი, ერთ თავის რეცენზიაში თქვა, ერთადერთი ნამდვილი მატერიალიზმი - ეს ქრისტიანობაა, რადგან მატერიისა გვწამს, ანუ ჩვენ გვწამს, რომ მას აქვს აბსოლუტური და სასრული რეალობა, გვწამს აღდგომის, გვწამს ახალი ცის და ახალი მიწის, არა იმ გაგებით, რომ ყველაფერი, რაც ახლაა, უბრალოდ ბოლომდე განადგურდება, არამედ ყველაფერი ახალი გახდება; მაშინ როცა ათეისტს არ სწამს მატერიის ბედი. ის - წარმავალი მოვლენაა. არა იმ აზრით, როგორც მას ბუდისტი ან ინდუისტი განიხილავს, როგორც საფარველს, საბურველს, რომელიც გაიფანტება, არამედ როგორც არსებული რეალობა, რომელიც თითქოს შთანთქავს თავის ფორმებს: მე ვიცოცხლებ, შემდეგ ელემენტებად დავიშლები; ელემენტები ყოფნას განაგრძობენ, მე აღარ ვარ; მაგრამ მატერიის ბედი რაღც გაგებით მატერიის მოძრაობა რაღც მიმართულებით არ ჩანს, გამოსავალი არ არის.

მეორე მხრივ, ჩვენთან არ არის დამუშავებული ან ძალიან მცირედ არის დამუშავებული მატერიის ღვთისმეტყველება. ეს ისეთი ღვთისმეტყველებაა, რომელიც ბოლომდე გაიაზრებდა მატერიას, და არა მხოლოდ ისტორიას. მაგალითად, მოძღვრება განხორციელების შესახებ: ღმერთი ძეკაცი ხდება - და აქ მოდის ისტორიული წყება, ჩვენი მონანიება და ა.შ. მაგრამ როგორც მე მეჩვენება, ჩვენ ძალიან ცოტას ვლაპარაკობთ იმის შესახებ, რომ სიტყვა ხორცშესხმული გახდა და ისტორიის რაღაც მომენტში თვით ღმერთი შეუერთდა ამ ქვეყნის მატერიას ცოცხალი ადამიანის სხეულის სახით, - რაც, არსებითად, იმას გვეუბნება, რომ ამ ქვეყნის მატერიას უნარი აქვს, იყოს არა მარტო სულთმოსილი, არამედ ღვთითშემოსილიც. ამის თაობაზე ჩვენ დასკვნები თითქმის არ გვაქვს, ეს ძლიან შორს მიდის, და მე ვფიქრობ, დამღუპველია საიდუმლოებათა ღვთისმეტყველების სფეროში. რადგან საიდუმლოებათა ღვთისმეტყველებაში ჩვენ ვამტკიცებთ მოვლენის რეალობას (ეს - ქრისტეს სხეულია, ეს - ქრისტეს სისხლია); ხოლო მატერიას, რომელიც მონაწილეობს, ჩენ განვიხილავთ, როგორც რაღაც მკვდარს. ჩვენ გვავიწყდება, რომ ქრისტეს განხორციელებამ ჩვენ დაგვიმტკიცა: ამ სამყაროს მატერიას მთლიანად აქვს უნარი, შეუერთდეს ღმერთს, და ის, რაც სრულდება ამ პურსა და ამ ღვინოზე - ესქატოლოგიური მოვლენაა, ანუ შემდგომ ხანას განეკუთნება. ეს არ არის მატერიაზე მაგიური ძალდატანება, რომელიც მას გარდაქმნის; ეს მატერიის იმ მდგომარეობაში აყვანაა, რომლისკენაც მოწოდებულია კოსმიური მატერია. როდესაც პავლე მოციქული ამბობს: როცა ღმერთი იქნება ყველაფერი ყველაფერში, - მე ვფიქრობ, ის იმას მოწმობს, რომ ყოველივე მატერიალური გამსჭვალული იქნება ღვთაებით.

სამწუხაროდ, მატერიალიზმსა და ქრისტიანობას შორის კამათი არ ხდება, საუბარი არ არის. არიან ადამიანები, რომლებიც წიგნებს წერენ, მაგრამ ძალიან იშვიათად, რომ შეხვდნენ და ისაუბრონ. ბევრია თემაა, სადაც შესაძლებელია თანხვედრა, არა იმ გაგებით, რომ ერთმანეთს დავეთანხმებოდით, არამედ იმ გაგებით, რომ ჩვენ კვლავ ამაზე ვილაპარაკებდით. ვთქვათ, შეხების პირველი წერტილი - ადამიანია. თეორიულად სწორედ ადამიანი დგას მატერიალიზმის მსოფლმხედველობის ან ზრუნვის ცენტრში, ისევე, როგორც ქრისტიანული მსოფლმხედველობის ცენტრში. როგორი ადამიანი - აი, დიალოგის თემა. მეორე - საზოგადოება, რომელსაც უნარი აქვს, შეცვალოს ინდივიდი. ჩვენ ხომ გვჯერა, რომ ეკლესია - არა როგორც სოციალური მოვლენა, არამედ როგორც ქრისტეს სხეული - ჩვენ საღვთო ბუნების თანამონაწილეებს გვხდის (2 პეტრე. 1.4). მაშასადამე, აქაც არის რაღაც თემა. ფოიერბახის გამოთქმა: ადამიანი ხდება ის, რაც არის... ჩენ გვწამს, რომ წმინდა საიდუმლოს ზიარებისას, ჩვენ ვხდებით ის, რაც არის ქრისტე. ესეც ისეთი თემაა, რომელზეც შეგვიძლია ერთმანეთს ვესაუბროთ და არა ერთმანეთს დავცინოთ ან ერთმანეთს ვუსაყვედუროთ. ალბათ, სხვა თემებიც არის, რომლებზეც ნაკლებად მიფიქრია. სამწუხაროდ, ნამდვილი დიალოგი არ არის; მაგრამ არიან ათეისტები, რომლებსაც დიალოგი სურთ, რომლებიც ის კი არა, რომ კომპრომისზე არიან თანახმა, მაგრამ უკვე რაღაც სიმპატიით და ინტერესით გვიახლოვდებიან.

ძალაუნებურად დიალოგი ჩვენ შიგნით ხდება, რადგან ჩვენ (მხოლოდ ჩემ თავზე არ ვლაპარაკობ) ათეიზმი საკუთარი გამოცდილებით ვიცით...

იცით, ათეიზმის საკითხისადმი ზოგჯერ დიდ ინტერესს იჩენენ ქრისტიანები, ღვთისმეტყველები. თქვენ ალბათ გსმენიათ ღვთისმეტყველება „ღმერთის სიკვდილის“ შესახებ. პრიმიტიული გაგებით, ეს დაიწყო ნიცშეს სიტყვებით „ღმერთი მოკვდა“. მაგრამ ღვთისმეტყველება „ღმერთი მოკვდა“ გასცდა ამ პუნქტს. ყველაფერი ამერიკაში ანკეტით დაიწყო: რამდენ ადამიანს სწამს სერიოზულად ღმერთი, და რამდენის მსოფლმხედველობაში „მოკვდა“ ღმერთი. შემდეგ, როგორც საინტერესო თემა, ეს ბევრმა ღვთისმეტყველმა აიტაცა, და ყველას თავისებური მიდგომა აქვს. ერთ ასეთ ღვთისმეტყველეს მე ვიცნობ; ჩვენ ჟენევაში ერთ ყრილობაზე შევხვდით. თემა იყო - ღმერთის პატივისცემა; რვა კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა, სადაც მეც ვიყავი, რაღაცის განხილვა დაიწყო და დავინახეთ, რომ ჩვენ მიდგომაც და გამოცდილებაც იმდენად განსხვავებული გვაქვს, რომ ერთმანეთთან ლაპარაკი არ შეგვიძლია: არაფერი გვაქვს სათქმელი, თითქოს განსხვავებულ ენაზე ვლაპარაკობთ, როგორც „ბაბილონის გოდოლში“. მაშინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მთელი დღე ერთმანეთის გაცნობისათვის დაგვეთმო: შენ მიამბე შენ შესახებ, რა ხარ, ანუ ბიოგრაფიულ ცნობებს კი ნუ მომაწვდი, არამედ მითხარი, როგორია შენი რელიგიური გამოცდილება, შენი მსოფლმხედველობა. და მე ერთ-ერთ მათგანს, ვანბურენს, რომელიც ჩემთვის ყველაზე გაუგებარი იყო, ვკითხე: როგორ განსაზღვრავთ საკუთარ თავს? ის ამბობს: მე საკუთარ თავს, როგორც უღმერთო ქრისტიანს განვსაზღვრავო... რას ნიშნავს ეს? ძალიან ხანგრძლივი, რთული საუბრის შემდეგ ჩვენ ასეთ ფრაზაზე ამოვტივტივდით: მე არაფერი ვიცი აღდგომის შესახებ - მე არ აღვმდგარვარ. მე შემიძლია ვირწმუნო, სად ვდგავარ, უკეთეს შემთხვევაში ტრაექტორიის იმ პუნქტზე ვდგავარ, სადაც ქრისტე ამბობს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე? იქ, სადაც ქრისტემ თითქოს ღმერთი დაკარგა... მაგრამ გესმით, როცა თქვენ წერთ: მე - ქრისტიანი უღმერთო ვარო, ეს თითქოს იმ აზრს ბადებს, რომ თქვენ ღმერთს უარყოფთ; ეს სულაც არ ამბობს იმას, რომ თქვენ იმ ტრაგიკულ ზღვარზე დგახართ, სადაც თქვენ ქრისტეს გამოცდილებაში მონაწილეობთ და ჯერ არ მომკვდარხართ, და ჯერ არ აღმდგარხართ. ასე რომ, ამ ღვთისმეტყველებაში არის თემა, რომელიც გამოხატულებას შეგნებაში პოულობს, რომ მე ჯერ არაფერი ვიცი ჯვრის მიღმა...

 

 

"ადამიანი ღვთის წინაშე", გამომცემლობა სიესტა, თბილისი 2009 წ.

რუსულიდან თარგმნა ნ. გურბანიძე-ქადაგიძემ (დ. ბოკერიას, ა. ჟვანიას, გ. ჟვანიას, ნ. დოლიძის და მ. წულუკიძის თანამონაწილეობით)

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Monday, 04 September 2017 12:55)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96