Georgian (Georgia)English (United Kingdom)

მონაკვეთი წიგნიდან "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები"

ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი (ორიგინალის და პარალელური თარგმანების დართვით, წყაროზე მითითებით და დამატებითი სქოლიოებით) მოთავსებულია ხსენებული წიგნის 830-868 გვერდებზე

 

მოვუსმინოთ წმ. იოანე დამასკელის საუკუნოვან განჩინებას

 

"წარმატების შესახებ

ამასთან, ითქმის, რომ იგი "წარემატებოდა სიბრძნით, ასაკითა და მადლით" (ლუკა 2,52), რადგან, ერთი მხრივ, იზრდებოდა ასაკით, და ასაკის ზრდის შედეგად სააშკარაოზე გამოჰქონდა თავის თავში არსებული სიბრძნე, მეორე მხრივ კი - ყოვლითურთ განიკუთვნებდა რა ჩვენეულს, საკუთარ წარმატებად აქცევდა იგი ადამიანთა წარმატებას სიბრძნეში და მადლში, აგრეთვე მამისეული სათნოჩენის სრულყოფას, რაც არის ადამიანთა ღვთისმცოდნეობა და ხსნა. მაგრამ ვინც ამბობს, რომ წარემატებოდა იგი სიბრძნით და მადლით როგორც მიმღები ამათი შემატებისა, ამგვარი ვინმე არც იმას ამბობს, რომ ხორცის პირველწარმოქმნიდანვე1 მოხდა შეერთება2, არცთუ ჰიპოსტასურ შეერთებას თვლის იგი რადმე, არამედ ერწმუნება ამაოდ-მბრძნობ ნესტორს და შეფარდებითი შეერთებისა3 და ლიტონი შთამკვიდრებულობის4 მეზღაპრე ხდება, "არ უწყის რა არც ის, რას ამბობს, და არც ის, რის შესახებ ამტკიცებს" (1 ტიმ. 1,7). მართლაც, თუ ჭეშმარიტად შეუერთდა ღმერთ-სიტყვას ხორცი5 თავისი პირველწარმოქმნიდანვე ანდა, უკეთ, თუ ღმერთ-სიტყვაში მყოფობდა იგი და ჰიპოსტასისეული იგივეობა ჰქონდა მასთან, როგორღა არ გამდიდრდებოდა იგი სრულყოფილად ყველა სიბრძნითა და მადლით, თუმცა არა როგორც წილმიმღები მადლისა, არცთუ მომადლებით წილმქონე სიტყვისეულთა, არამედ, უმალ შედეგად ჰიპოსტასური ერთობისა და, აგრეთვე, ადამიანურთა და საღმრთოთა ერთი ქრისტესად მყოფობის გამო, რადგან თვითვე იყო ერთდროულად ღმერთიც და ადამიანიც, ქვეყნიერებისათვის მადლის, სიბრძნისა და ყოველგვარ სიკეთეთა სისავსის აღმომაცნებელი" (გარდამოცემა, თ. 66; დასახ. გამოც. გვ. 415-416).

დიახ, უკლებლივ ყველა ის, ვინც ცრუმოძღრობს, რომ მაცხოვარი იესო ქრისტე კაცობრივად პირდაპირი გაგებით ანუ რეალურად, ნამდვილად ვითარდებოდა სიბრძნესა და ცოდნაში ანუ რაღაცას იძენდა და რაღაცით განისწავლებოდა, აბსოლუტურად უარმყოფელია ღვთის განკაცებისა ანუ კაცობრივი ბუნების ღმერთ-ჰიპოსტასთან ჭეშმარიტი შეერთებისა და ამგვარი ვინმე თავისი შეულამაზებელი, ნიღაბახდილი სახით, ნაცვლად ქალკედონური დიოფიზიტობისა სამარადჟამოდ ანათემირებული ნესტორიანული დიოფიზიტობის პირწავარდნილი მიმდევარია, ვინაიდან თუკი მავანი არ ფარისევლობს და მართლა მთელი გულით აღიარებს ქალკედონურ დიოფიზიტობას ანუ ღმერთ-სიტყვასთან კაცობრივი ბუნების ჭეშმარიტ შეერთებას ამ უკანასკნელის (კაცობრივი ბუნების) პირველწარმოქმნისთანავე, მაშ რატომ უარყოფს იგი ამავე ქალკედონური დიოფიზიტობის ფუძე-დოგმატს მაცხოვრის ღმერთ-ჰიპოსტასთან ჭეშმარიტად შეერთებული კაცობრივი ბუნების სრული ცოდნისმიერი (ზოგადად ღირსებითი) გამდიდრებულობის შესახებ, ვინაიდან სწორედ ზემოციტირებული ფუძე-დოგმატის მიხედვით, "თუ ჭეშმარიტად შეუერთდა ღმერთ-სიტყვას ხორცი [=კაცობრივი ბუნება] თავისი პირველწარმოქმნიდანვე ანდა, უმალ, ღმერთ-სიტყვაში მყოფობდა იგი და ჰიპოსტასისეული იგივეობა ჰქონდა მასთან, როგორღა არ გამდიდრდებოდა იგი სრულყოფილად ყველა სიბრძნითა და მადლით, თუმცა არა როგორც წილმიმღები მადლისა, არცთუ მომადლებით წილმქონე სიტყვისეულთა, არამედ, უმალ შედეგად ჰიპოსტასური ერთობისა და, აგრეთვე, ადამიანურთა და საღმრთოთა ერთი ქრისტესად მყოფობის გამო, რადგან თითვე იყო ერთდროულად ღმერთი და ადამიანიც".

მოვუსმინოთ, აგრეთე, ნეტარ თეოფილაქტე ბულგარელს:

"იზრდებოდა იესო სხეულით, თუმცა შეეძლო, რომ თით საშოდანვე ასულიყო იგი მამაკაცის ასაკის საზომამდე, მაგრამ ზმანებად ჩათვლიდნენ მას. ამიტომ მცირე-მცირედ იზრდებოდა იგი. ამასთან იზრდებოდა რა, ვლინდებოდა ღმერთი-სიტყვის სიბრძნე, რადგან წარმატებითად როდი გახდა იგი ბრძენი. ნუ იყოფინ! არამედ მცირე-მცირედ გამოაჩინა რა მან შთანერგილი სიბრძნე, ამიტომ ითქმის, რომ სხეულებრივი ასაკის შესაბამისად "წარემატებოდა და განმტკიცდებოდა სულით". მართლაც, მცირე ასაკში რომ გამოევლინა მას მთელი სიბრძნე, მოჩვენებად ჩათვლიდნენ. აწ კი, რადგან ასაკის შესაბამისად და ასაკის დატევნისებრ გამოავლინა მან თავისი თავი, აღასრულა განგებულება, რამეთუ არათუ თანდათან შეითვისა სოიბრძნე (რაღა უნდა ყოფილიყო მასზე უფრო სრული, ვინც დასაბამიდანვე სრულია?), არამედ არსებული მამოააშკარავა ნაწილ-ნაწილ" (PG. 123, 732 D).

დამაგვირგვინებლად ზემორე რჯულდებისა მოვიტანთ წმ. კირილე ალექსანდრიელის უცხადეს განჩინებას ნესტორის წინააღმდეგ:

"მაშ, როგორ არ წითლდები, როდესაც "მტკიცებულებითად", როგორც ამბობ, წინ დაგვიდებ ღვთივნამცნები ლუკას პირით თქმულს: "ხოლო იესო წარემატებოდა ასაკით, სიბრძნითა და მადლით" (ლუკა 2.52)? ამბობ კი, რომ სიბრძნეში ხდებოდა შემატება, მაგრამ როგორღა არაა ეს სულელური? მართლაც, გვწამს, რომ ღმერთად მყოფი ემმანუელი თვით ქალწულებრივი საშოდან და წიაღიდან ადამიანად (ე.ი. კაცობრივი ბუნების მქონედ, ე.ჭ.) გამოვიდა, რომელიც იყო ყოვლითურთ სავსე მასში ბუნებითად მყოფი სიბრძნითა და მადლით. ამიტომ, რა შემატებას მიიღებდა ის, რომელშიც ჰგიეს სიბრძნის ყველა საუნჯე, რომელიც არის მამასა და ღმერთთან ერთად თანამბოძებელი ზეგარდამო მადლისა? მაშ, როგორ ითქმის, რომ "წარემატებოდა"? როგორც მე ვფიქრობ, ღმერთი-სიტყვა თანაშეაზომებდა საკუთარი სხეულის ზრდასა და ასაკს მასში მყოფი უღვთისსახოვნესი სიკეთეების გამოჩინებას, რამეთუ, ჩვენი აზრით, თუმცა-კი გახდა იგი ჩვენებრი ადამიანი, დასაწყისში იმას გულმოდგინებოდა, რომ შეუმჩნეველი ყოფილყო და, თითქოსდა უხმაუროდ და მდუმარებითად, მცირე-მცირედ განეგო ძალა საიდუმლოსი. ... ამრიგად, ყველასთის უჩვეულო რამ და უცხო მოვლენად ანუ ცნობისმოყვარეობის საგნად გამოჩნდებოდა, თუკი იგი, ჯერ კიდევ ჩვილი, ღვთისთვის შესაფერის სიბრძნეს გამოავლენდა, მაგრამ როდესაც მან, მცირე-მცირედ და სხეულის ასაკთან შესაბამისობაში, განაფინა ეს სიბრძნე და ყველასთვის ცხადი გახადა იგი, სწორედ ეს შეიძლებოდა თქმულიყო "წარმატებად" (ნესტორის წინააღმდეგ, III.4. PG. 76, col. 153 B-D).

ანალოგიურ სწავლებას წმ. კირილე გადმოგვცემს, აგრეთვე, თავის შრომაში: "რომ იესო ქრისტედ იწოდება  განკაცებული სიტყვა ღვთისა". შესაბამისი ციტატა ამ შრომიდან მოტანილია არსენ იყალთოელის "დოგმატიკონში", რასაც ქვემოთ წარმოვადგენთ:

"მცირედ-მცირედ საცნაურყოფაჲ ენება [ქრისტეს] საჩინოებათა ღმრთეებისა თჳსისათაჲ და ჰასაკსა ჴორცთასა თანა-განვრცომილყოფაჲ საქმეთა თავისა თჳსისათაჲ, რაჲთა არა უცხოჲსა რაჲსმე და ფრიად უჩუეველისა ხილვამან განაცჳბრძნეს ვიეთნიმე, ვინაჲთგან ესრეთ იტყოდეს ოდესმე: "ვითარ ამან წიგნი იცის უსწავლელად?".

კვლავ წმ. კირილე ალექსანდრიელი:

"თუმცაღა გაიგონებ, რომ "წარემატებოდა იესო ასაკით, სიბრძნით და მადლით", არ იფიქრო, თითქოს ღვთის სიტყვა შემატებითად ხდებოდა ბრძენი, არამედ უმალ გაიხსენე პავლე მოციქულისგან ამგვარად დაწერილი: "ქრისტე ღვთის ძალა და ღვთის სიბრძნე" (I კორ. 1.24). ამასთან, არც იმის ბოდვითად თქმა გაბედო, რომ თითქოს "ასაკით და სიბრძნით და მადლით წარმატებას" ადამიანს ვუკავშირებდეთ, რადგან ეს, ვფიქრობ, სხვა არაფერია, თუ არა ერთი ქრისტეს ორად განყოფა" (იხ. წმ. კირილე ალექსანდრიელი, მეჩვიდმეტე სააღდგომო ქადაგება, PG. 77, col. 780 D; იხ. იგივე ტექსტი, წმ. კირილე ალექსანდრიელი, თორმეტი ანათემის აპოლოგია აღმოსავლეთელთა წინააღმდეგ, PG. 76, 341 A).

სწორედ ეს სიტყვები შეახსენეს ღმერთშემოსილ მოძღვარს ნესტორის მომხრე აღმოსავლეთელებმა, როდესაც მათ, ნესტორიანული ერესის კბილებამდე დაცვის ჟინით შეპყრობილებმა, თავხედურად "აღმართეს ქუსლი" (იოანე 13.18) წმ. კირილეს საღვთო სწავლებებზე, განსაკუთრებით კი მის ზემორე სიტყვებზე, ვინაიდან აღნიშნული სიტყვები აბსოლუტურად ამხობდა ნესტორიანულ ცრუმოძღვრებას მაცხოვრის კაცობრივი წარმატებადობის ანუ სტადიური (ეტაპობრივი) სრულქმნადობის შესახებ.

მოვისმინოთ ხსენებულ ერეტიკოსთა ნესტორიანული სიბორგილი:

"კანონზომიერი იქნებოდა, რომ აქაც [მეოთხე ანათემასთან დაკავშირებითაც, ე.ჭ.] შეგვეხსენებინა მისთვის [წმ. კირილესთვის, ე.ჭ.] მისივე განჩინებანი, რომლებშიც ამბობს: "თუმცაღა გაიგონებ, რომ წარემატებოდა იესო ასაკით, სიბრძნით და მადლით (ლკ. 2.52), არ იფიქრო, თითქოს ღვთის სიტყვა შემატებითად ხდებოდა ბრძენი, ამასთან არც იმის ბოდვითად თქმა გაბედო, რომ თითქოს "ასაკით და სიბრძნით და მადლით წარმატებას" ადამიანს ვუკავშირებდეთ". მიუხედავად იმისა, რომ აქ უარყოფილია წმინდა წერილის მოწმობა, რაც გვასწავლის, რომ უფლის ხილული ხორცის [=კაცობრივი ბუნების, ე.ჭ.] მიხედვით ხდებოდა წარმატება, ახლა არ არის დრო, ეს ვამხილოთ, ვინაიდან ვჩქარობთ [იმის განხილვას], რაც წინამდებარე თავშია [ე.ი. მეოთხე ანათემაშია, ე.ჭ.] (Concilium universale Ephesenum anno 431, Acta Conciliorum Oecumenicorum [ACO], Ed. E. Schwartz, 1.1.7, p. 41.2-8).

ამრიგად, როგორც უაშკარესია, ერთ მხარეს დგას ღმერთშემოსილი კირილე, რომელიც აბსოლუტურად უარყოფს ლუკა მახარებლის ციტირებული მუხლის პირდაპირი მნიშნელობით გაგებას და არათუ არანაირად არ უკავშირებს ხსენებული მუხლის სიტყვებს მაცხოვრის კაცობრივ წარმატება-სრულქმნადობას, არამედ, პირიქით, ამგვარ გაგებას ხაზგასმულად "ბოდვას" (ძველ ქართულად "წარრევას") უწოდებს, მეორე მხარეს კი - ნესტორიანელი ერეტიკოსები, რომლებიც ოდენ პირდაპირი მნიშვნელობით იგებენ რა მახარებლის უწყებას, ამტკიცებენ, რომ იესო ნამდვილად წარემატებოდა სიბრძნესა და მადლში ანუ სტადიურად (ეტაპობრივად) ვითარდებოდა, ამასთან კადნიერად აბრალებენ წმ. კირილეს წერილისეული მოწმობის (ე.ი. თავად წერილის) უარყოფას.

ვითარება, რა თქმა უნდა, თავისთავადაც სრულიად აშკარაა, მაგრამ ნესტორიანელთა მთელ ამ სნეულ ბორგნეულობაზე საბოლოო წერტილის დამსმელი უშუალოდ მესამე მსოფლიო კრებაა, რომელმაც, ცხადია, სწორედ კირილეს სწავლება დაბეჭდა და განსაზღვრა უცთომელ დოგმატად, ხოლო მისი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთელების ზემომოტანილ შემოპასუხებას "ერეტიკოსთა საყვედური" უწოდა.

საგულისხმოა, რომ სწორედ ხსენებულ კრებაზე იქნა მოსმენილი და აღიარებული წმ. კირილეს სახელგანთქმული XVII პასქალური ეპისტოლის ის მონაკვეთი, საიდანაც, ვითომცდა კირილეს მხილების მიზნით, მოახდინეს ციტირება ხსენებულმა ნესტორიანელებმა. აღნიშნულ "პასქალურ ეპისტოლეში" წმ. კირილე ალექსანდრიელი ამომწურავ სწავლებას გვაწვდის მაცხოვრის ჰიპოსტასში ღმრთეებასთან შეერთებული კაცობრივი ბუნების პირველშექმნითვე ყოვლადი სრულქმნილების შესახებ, იქვე განმარტავს რა, ამასთან, წმინდა მოძღვართა მთელ მწყობრთან ერთბაგეობითად და თანახმიერად, რომ ლუკა მახარებლის სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ უდიადესი დადასტურებაა მაცხოვრისგან მიღებული კაცობრივი ბუნების ბუნებითი სისრულისა ანუ იმისა, რომ მაცხოვარმა განიკუთვნა სრული კაცება ყველა მისი ნიშნეულობით, მათ შორის, რა თქმა უნდა, უმეცრებითაც და მონურობითაც.

ქვემოთ დავიმოწმებთ წმ. კირილე ალექსანდრიელისეული სწავლების მთლიან კონტექსტს:

"თუმცაღა გაიგონებ, რომ "წარემატებოდა იესო ასაკით, სიბრძნით და მადლით" (ლუკ. 2,52), არ იფიქრო, თითქოს ღვთის სიტყვა შემატებითად ხდებოდა ბრძენი, არამედ უმალ გაიხსენე პავლე მოციქულისგან ამგვარად დაწერილი: "ქრისტე ღვთის ძალა და ღვთის სიბრძნე" (I კორ. 1.24). ამასთან, არც იმის ბოდვითად თქმა გაბედო, რომ თითქოს "ასაკით და სიბრძნით და მადლით წარმატებას" ადამიანს ვუკავშირებდეთ, რადგან ეს, ვფიქრობ, სხვა არაფერია, თუ არა ერთი ქრისტეეს ორად განყოფა, არამედ როგორც ცოტა ხნის წინ ვთქვი, წინასაუკუნოდ მყოფი ძე საუკუნის უკანასკნელ ჟამში ითქმის "ღვთის ძედ განჩნიბულად (რომ. 1.23-25), რომელიც განგებულებითად განიკუთვნებს თავისი ხორცის შობას. ამიტომ იგი, არის რა მშობელის სიბრძნეც, ითქმის, რომ "წარემატებოდა სიბრძნეში" და, არის რა, ცხადია ყოვლადსრული როგორც ღმერთი, ადამიანობისთვის საკუთრივთ ჯეროვნად აღიღებს თავის თავზე უმწვერვალესი შეერთების გამო. თუმცა ალბათ იკითხავს მავანი: "მაგრამ როგორღა დაიტია ადამიანის ბუნებამ გამოუთქმელი ღმრთეების ძალა?" ამასთან, ვისმენ ღვთის ბუნების მიერ ნეტარი მოსესადმი ცხადად ნათქვამს: "ვერავინ იქნება, ვინც იხილავს ჩემს პირს და გადარჩება" (გამოსლ. 33.20)? მაშ, თუ დაუტევნელია ხილვა და თუ გაუსაძლისია მიახლება, როგორ უნდა მოვიაზროთ შეერთება?6 ამასთან დაკავშირებით მე ვიტყოდი, რომ ცნობაგონებას7 აღემატება ეს საკვირველება და არანაირად არ არის მოსახელთებელი ჩვენეული ფიქრებისთვის განგებულების [=განკაცების] გვარ-წესი, თუმცა კი აღსრულებულია იგი8 ბრძნულად, ვინაიდან ღმერთი თავის ბუნებას გამოაჩინებს თვით უკიდურესად უუძლურესთა შორისაც კი. მართლაც, ყოველთა ღმერთი ამ სათაყვანო და ჭეშმარიტად განსაცვიფრებელ საიდუმლოს ცხადს ხდის ყოვლადბრძენი მოსეს წინაშე, იყენებს რა თვალსაჩინო და უგამჭვირვალეს ნიშან-სახეს9, ხოლო ამით იმასაც გვასწავლის სამღვდელო10 წერილი, თუ როგორ უნდა გავიგოთ განკაცების გვარ-წესი. გვაუწყებს კი ამგვარად: "და მოსე მწყსიდა ცხოვართა იოთორ სიმამრისა თჳსისათა, მღდელისა მადიამელისათა, და მოჰყვანდეს ცხოვარნი იგი უდაბნოდ და მოვიდა მთასა მას ღმრთისასა ქორებს. ეჩუენა მას ანგელოზი ცეცხლითა ალისაჲთა მაყულოანით გამო, და იხილა, ვითარმედ მაყულოანსა აღატყდების ცეცხლი და მაყუალი იგი არა შეიწუების. თქუა მოსე: წარვიდე და ვიხილო ხილვაჲ ესე დიდი, რამეთუ მაყუალი არა დაიწუების. ვითარცა იხილა ღმერთმან, რამეთუ მოვალს ხილვად, უწოდა მას უფალმან მაყულოანით გამო და ჰრქუა: მოსე, მოსე! ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს? ხოლო უფალმან ჰრქუა: ნუ მოეახლები აქა, წარიჴადენ ჴამლნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა შენ სდგა, ქუეყანაჲ წმიდა არს. და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი მამისა შენისაჲ, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი" (გამოსლ. 3.1-6, ვიმოწმებთ ოშკის ბიბლიის ტექსტს). ამრიგად, [უფალმა] აჩვენა მიახლოების შეუძლებლობა, მიანიშნა რა, მაშასადამე, ამით ნეტარ მოსეს იმჟამად, რომ თუ ვინმესგან საკმარისად ჩაითვლებოდა რჯულისეული [=ძველი აღთქმისეული] დამოძღვრანი და სახეთა აჩრდილები, ამგვარი ვინმე ვერ მივიდოდა ქრისტესთან ახლოს, ვინაიდან "ვერაფერი სრულყო რჯულმა" (ებრ. 7.19). გარნა გაკვირვების ღირსია შემდეგი: მაყვლოვანში ხილული ცეცლი იყო, და იგი ხმას გამოსცემდა, ამბობდა რა: "მე ვარ ღმერთი აბრაამისა, შენი მამისა". ამრიგად, ეს იყო თვით უფალი ცეცხლის სახით, რომელიც, ერთი მხრივ, შემოიცავდა მცენარეს და მას, მთლიანს, მთლიანად მსჭვალავდა, მეორე მხრივ კი, არანაირად არ წვავდა. ასე რომ, როგორღა არ იყო ყოველგვარ ცნობა-გონებაზე აღმატებული ის, რაც მოხდა, რაჟამს ესოდენ წვრილმა და ადვილდასაწველმა ნივთმა უგულებელყო ცეცხლის სიახლოვე? უფრო კი, როგორ არ განაცვიფრებს მავანს ალის თვინიერება, როდესაც ხედავს, თუ როგორ ზოგავს იგი მაყვლოვანს? მაგრამ ეს იყო, როგორც ვთქვი, სიმბოლო, [ბოძებული] ქრისტესეული საიდუმლოს ცხად ნიშან-სახედ, ვინაიდან ისევე როგორც დასატევნელი გახდა ბუჩქისთვის ცეცხლი, ამგვარადვე ჩვენი ბუნებისთვისაც - ღმრთეებისეული ზეაღმატებულება. ამრიგად, რამდენადაც წვდება ამას ჩვენი გონება და აზრი, წესით და რიგით ურთიერთ-თანაშეუწყობელია ღმრთეება და კაცება ბუნებითი ერთობის მიმართ, თუმცა მაინც მოხდა მათი თანაშეწყობა, ცხადია, ქრისტეში და ორივე მათგანისგან ჰგიეს ერთი ემმანუელი. ამრიგად, ის, ვინც ცალკე ნაწილად განაწესებს და გამიჯნულად11 წარმოაჩენს ადამიანს და ძეს, განსხვავებულს იმისგან, რომელიც ღვთისგანაა ბუნებით, ვერ წვდება უცთომლად საიდუმლოს (განკაცების, ე.ჭ.) სიღრმეს, ვინაიდან მსახურნი გავხდით და მესაიდუმლოეთ-მეწინამძღვრე წმინდანებისგან თაყვანისცემა ვცანით არა ადამიანისა, არამედ, უმალ, როგორც ვთქვი, განკაცებული ღვთისა და მამისგან მყოფი სიტყვისა, რომელიც შეიცნობა თავისი სხეულითურთ როგორც ერთი" (PG. 77, col. 780-784).

მაცხოვრის "წარმატების" შესახებ მახარებლისეული უწყების პირდაპირი მნიშვნელობით გაგებას იესო ქრისტეს ღმერთობის უარყოფის ტოლფასად რაცხს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომელიც შეჩვენებას განუწესებს ამგვარად მოფიქრალ ცრუმართლმადიდებლებს:

"თუკი ვინმე საქმეთაგან სრულწმნილად იტყვის მას და - ან ნათლისღების ანთუ აღდგომის შემდეგ - ღირსქმნილად ძეობილობისა, - იმ ცრუდშერაცხილი12 [ღმერთების] მსგავსად, ელინებს რომ შემოჰყავთ, - შეჩვენებული იყოს, ვინაიდან ის, რაც დაწყებადია13 ანდა "წარმატებადია" ანთუ სრულქმნადია, არ არის ღმერთი, თუმცა მცირე-მცირედ გამოვლენის გამო14 ამგვარად (ე.ი. "წარმატებულად", ე.ჭ.) ითქმის იგი [ქრისტე]" (შდრ. ეპ. 101.23-24, PG. 37, col. 180-181).

ამრიგად, ნათელია, რომ ქალკედონური დიოფიზიტობის რჯულდებით, ნესტორიანული დიოფიზიტობისგან დიამეტრული ანუ, ძველი ქართულით, განრემზომობითი (ეფრემ მცირის ტერმინი, ბერძნული "დიამეტრის" შესატყვისი) განსხვავებით, ლუკა მახარებლის ზემორე სიტყვები გაიგება არა როგორც უწყება განკაცებული ლოგოსის ანდა ლოგოსთან შეერთებული კაცობრივი ბუნების ცოდნასა და სიბრძნეში თანდათანობითი გონებრივი თუ მადლმოსილებითი განვითარების ანუ სტადიური (ეტაპობრივი) სრულქმნის შესახებ პირდაპირი აზრით, როგორც ამას "წარრევს" ანუ ბოდვითად ბილწმეტყველებს ებიონიტ-ადოპტიონისტთა და ნესტორიანელ-კრიპტონესტორიანელთა საკრებულო, არამედ, აბსოლუტურად პირიქით, როგორც, ერთი მხრივ, რჯულდებითი მითითება იმაზე, რომ მაცხოვარი თავისი ასაკობრივი ზრდის შესაფერისად ანუ თავის კაცობრივ ასაკთან თანაშეზომილად ავლენდა, ასაჩინოებდა კაცთა წინაშე (სწორედ ამ უკანასკნელთა ანუ კაცთა თანდათანობითი განბრძნობისა და მადლისმიერი სრულქმნის მიზანდასახულობით) საკუთარ კაცებაში შინაგანად არსებულ იმ ყოვლადსრულ სიბრძნესა და ცოდნას, რითაც ხსენებული კაცება ყოვლითურთ გამდიდრდა ღმერთ-ჰიპოსტასთან შეერთებისთანავე ანუ თავისი პირველწარმოქმნიდანვე, მეორე მხრივ კი, ეგევე სიტყვები (მახარებლისა) იმის უნათლესი ცხადყოფაცაა, რომ მაცხოვარი, წმ. იოანე დამასკელის დოგმატური  ფორმულირებისამებრ, "ყოვლითურთ განიკუთვნებდა რა ჩვენეულს, საკუთარ წარმატებად აქცევდა ადამიანთა წარმატებას სიბრძნესა და მადლში, აგრეთვე მამისეული სათნოჩენის სრულყოფას, რაც არის ადამიანთა ღვთისმცოდნეობა და ხსნა", ეს კი ნიშნავს, რომ, პირდაპირი მნიშვნელობით, თვით მაცხოვარი კი არ იყო მიმღები რაიმეგვარი წარმატებისა კაცობრივად (წარვედინ ესე!), არამედ კაცობრიობა წარემატებოდა იმ სიბრძნესა და მადლში, რასაც კაც-ქმნილი უფალი თანდათანობით (კაცობრივ ასაკთან თანაშეზომილად) ავლენდა ადამიანთა წინაშე ანუ ადამიანები (და არა თავად განკაცებული ღმერთი) ხდებოდნენ თანდათან უფრო და უფრო განბრძნობილნი და მადლმოსილნი, რაც, როგორც ჭეშმარიტი გზა დაცემულობიდან განთავისუფლებისა და ცხონებისა, თავის მხრივ, აღსრულება იყო მამისეული ნებისა (სათნოჩენისა). სწორედ (და მხოლოდ) ამას ნიშნავს, ლუკა მახარებლის სიტყვები, რომ იესო წარემატებოდა "წინაშე ღმრთისა", ანუ მამის წინაშე აღასრულებდა განკაცების განგებულებას, ე.ი., სახელდობრ, განგებულებას იმისას, რომ მადლსა და სიბრძნეში წარემატებინა ანუ ცხონებისკენ მიემართა მის კვალს შედგომილი ადამიანები, რომელთა წინაშე, მათივე სულიერი ზრდის შესაბამისად ანუ მათი მიმღებელობისამებრ, მათთან თანაშეზომილად განკაცებული ღმერთი ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ ავლენდა თავის ყოვლადსრულად-განღმრთობილ-კაცებაში ღმრთეებასთან შეერთებიდანვე დაუნჯებულ მთლიან სიბრძნესა და მადლს, რაც გარეშე თვალისთვის თით მის "წარმატებად" წარმოჩნდებოდა. ამის (და მხოლოდ ამის) მაუწყებელია მუხლის დასასრული, რომ იესო "წარემატებოდა წინაშე კაცთა". მართლაც, საკუთრივ მაცხოვრის როგორც კაცის რეალურ წარმატებაზე რომ ყოფილიყო საუბარი პირდაპირი გაგებით, რა აზრობრივი დატვირთვა უნდა ჰქონოდა სიტყვებს: "წინაშე კაცთა", გამომდინარე იქიდან, რომ საეკლესიო მოძღვრებით, წარმატებადი პირი სხვათაგან, პირიქით, ყოველგვარად უნდა ფარავდეს საკუთარ წარმატებას და არანაირად არ ახდენდეს იმის გამომზეურებას, იმის აფიშირებას, თუ რა სულიერ ხარისხამდეა იგი ასული.

მართლმადიდებლური წვდომა ლუკა მახარებლის სიტყვებისა სწორედ იმის განმარტებაა, რომ "კაცთა წინაშე" ანუ "კაცთა დასანახად" თითქოსდა თვით მაცხოვარი წარემატებოდა, ვინაიდან, რა თქმა უნდა, გარეშე თვალისთვის იესო ქრისტე აღიქმებოდა როგორც თანდათან, ეტაპობრივად უფრო და უფრო მომეტებულად გამომავლენელი სიბრძნისა და მადლისა, თუმცა სინამდვილეში ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ სოტერიოლოგიური (გამომხსნელობითი) განგებულების ანუ იმ პედაგოგიური, იმ "ყრმათ-მყვანებლობითი" (აღმზრდელობითი) მიზანდასახულობის შემადგენელი ნაწილი, რაც გულისხმობდა ადამიანთათვის მათი გადამრჩენი სულიერი საზრდოს (საღვთო ცოდნისა და ცხოველმყოფელი მადლის) ნაწილ-ნაწილ, მცირე-მცირედი შემატებით მიწოდებას ამ უკანასკნელთა (კაცთა) დატევნითობისა და შემთვისებლობითი ძალის შესაბამისად.

მთელი ეს სწავლება უსაღვთოესი სიცხადით შემოგვიკრიბეს კვლავაც წმ. მაქსიმე აღმსარებელმა და წმ. იოანე დამასკელმა:

წმ. მაქსიმე თავის უდიდეს ჰაგიოგრაფიულ-საღვთისმეტყველო ძეგლში "ცხოვრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა", როგორც უკვე ციტირებული გვქონდა, სიტყვა-სიტყვით შემდეგს გვამცნებს:

"ორი ბუნების შეერთებისას დაუყოვნებლივ მასში [მაცხოვრის კაცებაში, ე.ჭ] დამკვიდრდა ღმრთეების მთელი სისავსე ხორციელად, როგორც წმინდა მოციქული პავლე ამბობს (კოლას. 2.9), ხოლო თით ის ნათქვამი, რომ იგი "აღივსებოდა და წარემატებოდა სიბრძნითა და მადლით" (ლკ. 2,52) იმას ნიშნავს, რომ ღმრთეებისა და კაცების შეერთებიდანვე მასში [მაცხოვრის კაცებაში, ე.ჭ.] დამკვიდრებული სისავსე მადლისა და სიბრძნისა ხორციელი ასაკის ზრდასთან ერთად მეტად და მეტად ჩნდებოდა და ბრწყინავდა, არათუ ახლად მიეცემოდა უფრო მეტი მადლი და სიბრძნე, არამედ მისი მადლისა და სიბრძნის სისრულე მისი დიდებული საქმეების მიერ ჩნდებოდა და ცნაურდებოდა, რადგან როგორც მოციქული ამბობს: "თავად იგი არის ყოველივეზე უწინარეს და ყოელივე მის მიერ დაემყარა" (კოლას. 1.17), ვინაიდან მასში იყო შესაფერისი მთელი სისავსის დამკვიდრება" (Maxime le Confesseur, Vie de la Vierge, Editee par M. van Esbroeck, Louvanii, 1986, p. 75).

წმ. მაქსიმეს შემდეგ შევეხოთ წმ. იოანე დამასკელს, კერძოდ კი მის ფუძემდებლურ დოგმატურ ნაშრომს - ერთი მხრივ, მონოფიზიტ-მონოთელიტ-მონოენერგისტთა, მეორე მხრივ კი ებიონიტ-ორიგენისტ-ადოპტიონისტ-არიანელ-ნესტორიანელთა და ფარულ-ნესტორიანელთა ცრუსაღვთისმეტყველო განჩხიბვების საუკუნოდ შემმუსვრელს - სათაურით: "ქრისტეში ორი ნებისა და მოქმედების შესახებ", რომელიც ძველ ქართულად თარგმნა წმ. არსენ იყალთოელმა თავისი სახელგანთქმული "დოგმატიკონისთვის".

დამასკოს დიდი მოძღვარი აღნიშნულ ნაშრომში, უპირველესად, ხაზს უსვამს მაცხოვარში გონითი და მოაზროვნე კაცობრივი სულის არსებობის უეჭველობას, რის მტკიცებულებადაც მას მოაქვს სწორედ ლუკა მახარებლის სიტყვები:

"ხოლო მოაზროვნე და გონითი სულისგან [მაცხოვარს ჰქონდა] სიბრძნე, ვინაიდან "წარემატებოდა სიბრძნითა და ასაკით (ლკ. 2.52)" (PG. 95, col. 177 A).

მაგრამ თვით სახარებისეული სიტყვები რისი მაუწყებელია?

იოანე დამასკელი აკეთებს უაღრესად მნიშვნელოვან დასკვნას, რომ ლუკა მხარებელი მოცემულ შემთხვევაში საუბრობს არა კონკრეტულად მაცხოვრის საღვთო სიბრძნეზე, არამედ მის საკუთრივ კაცობრივ სიბრძნეზე, ანუ იმაზე, რომ მაცხოვარს საღვთო სიბრძნესთან ერთად ჰქონდა კაცობრივი სიბრძნეც, რითაც მთელი უეჭველობით საუბუთდება ქრისტეში ორი გონების, საღვთოსი და კაცობრივის, ჭეშმარიტი არსებობა. თუმცა ჩვენთვის ამჯერად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული სწავლების წინმსწრები განმარტება, რაც უშუალოდ მაცხოვრის კაცობრივი სისრულის საკითხს განიხილავს და სიტყვა-სიტყვით შემდეგს მაუწყებლობს:

"არათუ საღვთო სიბრძნით "წარემატა" იგი, იმდენადა რამდენადაც უმწვერვალესი მუცლადღებიდანვე სრული შეერთება და უმწვერვალესი თანაშეკავშირება მოხდა და არ ჰქონია მას [განკაცებულ ღმერთს კაცობრივად, ე.ჭ.] მატება რაღაც საღვთო ძალისა, არამედ იგი "წარემატა" კაცობრივი სიბრძნით" (PG. 95, col. 177 B).

ამრიგად, დოგმატის პირველსაფუძვლები უკვე ცხადყოფილია, ვინაიდან მკაფიოდაა უწყებული, რომ განკაცებულ ღმერთს შემდეგში კაცობრივად არანაირი მატება არ ჰქონია საღვთო ძალისა (=საღვთო ღირსებებისა), იყო რა იგი სრული თავისი კაცობრივი ჩასახვისთანავე ("არ ჰქონია მას [განკაცებულ ღმერთს, ე.ჭ.] შემატებულობა რაღაც საღვთო ძალისა"), ვინაიდან მუცლადღებითვე ანუ პირველშექმნითვე მაცხოვრისგან მიღებულ ადამიანურ ბუნებას მყისვე ჰქონდა "სრული შეერთება და უმწვერვალესი თანაშეკავშირება" ღმრთეებასთან (აქ რომ მაცხოვრის საკუთრივ კაცობრივ სისრულეზე საუბრობს მოძღვარი, ეს მისგანვე იქნება უაშკარესად განმარტებული ცოტა ქვემოთ).

მაშასდამე, მკაფიოდ ითქვა, რომ მაცხოვარი კაცობრივად ანუ კაცობრივი ბუნებით [და არა მხოლოდ საღვთოდ ანუ არა მხოლოდ საღვთო ბუნებით] სრული იყო ჩასახვისთანავე და, შესაბამისად, ვერარა საღვთო ძალა (ე.ი. ვერარა საღვთო ღირსება) ვეღარ შეემატებოდა მას შემდეგში უფრო მეტად, თუმცა ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბუნდოვანი რჩება ის გარემოება, თუ როგორ, რა სახით, რა გაგებით "წარემატებოდა" იგი კაცობრივ სიბრძნეში.

აშკარაა, რომ ხსენებული ბუნდოვანება გარდაუვალ ვალდებულებას უქმნიდა წმ. იოანე დამასკელს, ნათლად განემარტა მახარებლისეული უწყება მაცხოვრის კაცობრივი წარმატებულობის შესახებ.

მოძღვარი ჯერ მოკლე დებულებას გვაწვდის:

"სხეულებრივ ასაკთან შეზომილად წარმოჩნდებოდა მასში არსებული კაცობრივი სიბრძნე" (PG. 95, col. 177 B).

როგორც ვხედავთ,სახეზეა ზედმიწევნით იმგვარივე განმარტება, როგორიც ზემოთ არაერთი უწმინდესი წყაროთი და საკუთრივ მსოფლიო საეკლესიო კრებით ბეჭედდადებული ვნახეთ.

თუმცა, ზემორე დებულება ჯერ, ცხადია, მხოლოდ მოკლე ფორმულირებაა დოგმატისა, რაც მომდევნო სიტყვებში უდიადეს და უნათლეს საღვთისმეტყველო განვრცობას იძენს.

მოძღვარი, იმოწმებს რა წმ. ბასილი დიდს, პირველ რიგში ხაზგასმას აკეთებს იმ ზებუნებრივ მოვლენაზე, რაც მაცხოვრის შობასთან დაკავშირებით არის ცნობილი, - რომ კაცობრივად შობილი იესო თანდათანობით ანუ მცირე-მცირედ (ეტაპობრივად) კი არ შემტკიცდა ხორციელად, არამედ მყისვე და ერთბაშად გახდა იგი "სრული ახალშობილი".

ეს საღვთო საკვირველება წმ. იოანე დამასკელს განაჭვრეტინებს უჭეშმარიტეს დოგმატს საკუთრივ ჩვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით ანუ იმასთან დაკავშირებით, რომ, ზემოხსნეებული მყისიერი ჩვილური სისრულის მსგავსად, მყისიერადვე სრული იყო იესო ქრისტე კაცობრივადაც (ანუ თავისი კაცობრივი ბუნებითაც) როგორც საღვთო, ასევე ადამიანურ (ე.ი. აბსოლუტურად ყველა) სიბრძნეში (=ცოდნაში) თავისი ხორციელი ჩასახვისთანავე, რაიმეგვარი შემდგომი თანდათანობითი განვითარებისა და თანდათანობითი სრულქმნადობის აბსოლუტური გამორიცხვით.

განსაკუთრებული და გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტი მოცემულ შემთხვევაში არის ის, რომ დამასკელი გამოკვეთილად საუბრობს არა იესო ქრისტეს ღმრთეებითი სისრულის შესახებ, რაც ისედაც ყოვლად ცხადია (ღმრთეება ბუნებითადაა ყოვლადსრული და ამის საგანგებო აღნიშვნის საჭიროება არც არსებობს), არამედ კონკრეტულად და საკუთრივ იესო ქრისტეს კაცობრივი სისრულის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ (კვლავ მკაფიოდ აღვნიშნავთ) განკაცებული ღმერთი სწორედ როგორც კაცი, ანუ სწორედ როგორც კაცობრივი ბუნების მქონე, კაცობრივადაც სრული იყო საღვთო და ადამიანური (ანუ ყოველგვარი) სიბრძნით პირველჩასახვისთანავე ანუ უმწვერვალესი შეერთებისთანავე.

კვლავ მივუთითებთ, რომ სახეზეა მოძღვრის საგანგებო ხაზგასმა იმაზე, რომ იგი საუბრობს მხოლოდ და მხოლოდ მაცხოვრის როგორც ადამიანის [ე.ი. როგორც ადამიანური ბუნების მქონის] სისრულეზე ანუ მაცხოვრის სისრულეზე საკუთრივ მისი ადამიანური ბუნების მიხედვით.

ეჭვი არაა, რომ ასეთი საგანგებო ხაზგასმა მიზნად ისახავდა იმ მზაკვრული (უმზაკვრულესი) საფრთხის წინასწარ გაუვნებელყოფას, რაც მის დროსაც გამოკვეთილი იყო, შემდეგ კი, და განსაკუთრებით ბოლო ხანებში, ტოტალური გახდა. ხსენებული საფრთხე გულისხმობდა და გულისხმობს ერთადერთ რამეს - საეკლესიო დოგმატის შეგნებულად მცდარ ინტერპრეტირებას ნესტორიანული დიოფიზიტობის გამართლმადიდებლების (მართლმადიდებლურ ანუ ქალკედონურ დიოფიზიტობად წარმოჩენის) მიზანდასახულობით.

ამგვარი გეგმის განხორციელება მოიმედეთა (კაცობრივად-მოიმედეთა) მეთოდი იყო და არის შემდეგი:

გარეგნულად თითქოსდა მიღება (არ-უარყოფა) საეკლესიო დოგმატის იმ ფორმულირებისა, რაც სახეზეა ღმერთშემოსილ მოძღვართა ზემოდამოწმებულ შრომებში, თუმცა ამ ფორმულირების იმგვარად განმარტება, თითქოს მასში საუბარი იყოს იესო ქრისტეს ოდენ-ღმრთეებითი სისრულის და არა, ამავე დროს, საკუთრივ კაცობრივი სისრულის, კაცობრივი სრულყოფილების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოდამოწმებულ დოგმატურ წყაროებში არაერთგზის გვხვდება უმკვეთრესი ხაზგასმა სწორედ მაცხოვრის კაცობრივ სისრულეზე უმწვერვალესი შეერთებისთანავე ანუ კაცობრივი ჩასახვისთანავე15, მაინც წმ. იოანე დამასკელის წინამდებარე რჯულდება ცალკეა გამოსაყოფი, ვინაიდან მასში განსაკუთრებით აშკარად ჩანს წმინდა ეკლესიის (რომლის ბაგეცაა წმ. იოანე დამასკელი16) უაღრესი შეშფოთებულობა უსაღვთოესი ქალკედონური სწავლების შესაძლო  ნესტორიანული "გარდაგვლარძნისა" (გაუკეთურების) მზარდი საფრთხის გამო ანუ იმ საფრთხის გამო, რაც გულისხმობს რეალურ საშიშროებას ნესტორიანელთა (და განსაკუთრებით ფარულ-ნესტორიანელთა) მხრიდან მაცხოვრის კაცობრივი სისრულის დაკნინებისა ანუ მაცხოვრის კაცებაში თანდათანობითი (ეტაპობრივი, სტადიური, პროგრესირებადი) განვითარების და შეზღუდული ღირსეულობითი გამდიდრებულობის დაშვებისა, რაც, როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, უიგივდება განკაცების უარყოფას ანუ, დამასკელის სიტყვისებრ, "ჰიპოსტასური შეერთების არაფრად ჩათვლას"17.

კვლავ აღვნიშნავთ, რომ ფარულ-ნესტორიანული ბორგნეულობა ყოველთვის მიზნად ისახავდა ერთადერთ რამეს:

კერძოდ იმას, რომ წმინდა სწავლება იესო ქრისტეს აბსოლუტური სისრულის შესახებ ინტერპრეტირებული ყოფილიყო ოდენ საღვთო ბუნების სისრულესთან მიმართებით (რაც, რა თქმა უნდა, ისედაც ყოვლითურთ ცხადია და არანაირ საგანგებო მტკიცებულებას არ საჭიროებს), რათა ამ გზით მაცხოვრის კაცობრივი ბუნების გარკვეული არასრულობის ანუ ღირსეულობითი ნაკლულევანებისა და განვითარებადობის (შესაბამისად, გარდაუვალად ცალკე ჰიპოსტასურობის) ამღიარებელ ცრუ-დიოფიზიტურ აგნოიტიზმს "ვითარცა სრსვილს" "საძოვარი ეპოვა" ერში და, შედეგად, მიღწეულიყო ნესტორიანული ერესის გარეგანი გამართლმადიდებლება, ანუ - ქალკედონური დიოფიზიტობის ჩანაცვლება ნესტორიანული ცრუ-დიოფიზიტური ბოროტმადიდებლობით.

სწორედ ამ შემზარავი საფრთხის თავიდან აცილებისა და ზემომითითებული უმძიმესი დოგმატური ცთომილების წინასწარ გაუვნებელყოფის მიზნით დიდი წმინდანი და ქრისტეს ახოვანი მხედარი სიტყვა-სიტყვით შემდეგს ბრძანებს:

"ისევე როგორც სრული ჩვილი გახდა იგი უმწვერვალესი მუცლადღებიდანვე, და არა ისე, თითქოს მცირე-მცირედ შენაწევრდებოდა და შემყარდებოდა სხეული (როგორც ამბობს დიდი ბასილი "შობის შესახებ" საკითხავში18), ამგვარადვე, სრული გახდა იგი კაცობრივსა და საღვთო სიბრძნეში უმწვერვალესი მუცლადღებიდანვე, ცხადია, როგორც კაცი, ვინაიდან არ გამხდარა იგი სრული საღვთო სიბრძნეში როგორც ღმერთი, არამედ [როგორც ღმერთი] მარადიულად იყო ამგვარი, ხოლო სხეულის ასაკის "წარმატებასთან" ერთად მასში არსებული სრული კაცობრივი სიბრძნის გამოვლენა "წარმატებად" შეირაცხა" (PG. 95, col. 177 B).

და ბოლოს, ზემორე მსჯელობაში დანაწილებულ ტექსტს მოვიტანთ მთლიანი სახით, რომ მკითხველმა სრულად შეიმეცნოს მართლმადიდებელი ეკლესიის უცვალებელი დოგმატი მაცხოვრის ე.წ. "წარმატებულობის" შესახებ:

"ხოლო მოაზროვნე და გონითი სულისგან [მაცხოვარს ჰქონდა] სიბრძნე, ვინაიდან "წარემატებოდა სიბრძნითა და ასაკით" (ლკ. 2.52), რამეთუ არათუ საღვთო სიბრძნით "წარემატა" იგი, იმდენადა რამდენადაც უმწვერვალესი მუცლადღებიდანვე სრული შეერთება და უმწვერვალესი თანაშეკავშირება მოხდა და არ ჰქონია მას [განკაცებულ ღმერთს კაცობრივად, ე.ჭ.] მატება რაღაც საღვთო ძალისა, არამედ იგი "წარემატა" კაცობრივი სიბრძნით, ვინაიდან სხეულებრივ ასაკთან შეზომილად წარმოჩნდებოდა მასში არსებული კაცობრივი სიბრძნე, რადგან ისევე როგორც სრული ჩვილი გახდა იგი უმწვერვალესი მუცლადღებიდანვე, და არა ისე, თითქოს მცირე-მცირედ შენაწევრდებოდა და შემყარდებოდა სხეული (როგორც ამბობს დიდი ბასილი "შობის შესახებ" საკითხავში), ამგვარადვე, უმწვერვალესი მუცლადღებიდანვე სრული გახდა იგი კაცობრივსა და საღვთო სიბრძნეში უმწვერვალესი მუცლადღებიდანვე, ცხადია, როგორც კაცი, ვინაიდან არ გამხდარა იგი სრული საღვთო სიბრძნეში როგორც ღმერთი, არამედ [როგორც ღმერთი] მარადიულად იყო ამგვარი, ხოლო სხეულის ასაკის "წარმატებასთან" ერთად მასში არსებული სრული კაცობრივი სიბრძნის გამოვლენა "წარმატებად" შეირაცხა" (PG. 95, col. 177 A-B).

დავძენთ, რომ ამ შემთხვევაში, წმ. იოანე დამასკელისთვის უშუალო საღვთისმეტყველო წყაროა წმ. მაქსიმე აღმსარებელი, რომელიც მარიამისგან შობილის ეტაპობრივ ანუ სტადიურ განვითარებადობას აბსოლუტურად უარყოფს და გმობს თავის აღმსარებლობით შრომაში "ქრისტეს შესახებ კათოლიკე ეკლესიის შესაბამისად აღსაარებული რწმენითი უწყებების მოკლე განმარტებითი გადმოცემა". მოძღვარი სახელდობრ, განაჩინებს:

"ხოლო ვაღიარებთ, აგრეთვე, წმინდა ყოვლადდიდებულ ქალწულს, საკუთრივად და ჭეშმარიტად ღვთისმშობელს, ვინაიდან იგი გახდა დედა არა ვინმე ლიტონი ადამიანისა, როგორც თუნდაც წამიერად სიტყვასთან შეერთების გარეშე წინადასახულისა და საქმეთა წარმატებულობისა და სათნოებაში აღმატებულობის შედეგად განღმრთობილისა, არამედ - თვით ჭეშმარიტად ღმერთი-სიტყვისა, წმინდა სამებისგან ერთისა, მისგან [ღვთისმშობლისგან, ე.ჭ.] გამოუთქმელი მუცლადღების შესაბამისად ხორცშესმხულისა და სრულად განკაცებულისა" (PG. 91, col. 504 A).

----------------------------------------------------------------------

 

1 - ე.ი. ხორცის პირველშექმნიდანვე, მისი არსებობის დასაბამიდანვე, შექმნისთანავე.

2 - ე.ი. შეერთება ხორცისა ღმრთეებასთან ძე ღმერთის ჰიპოსტასში.

3
- შეფარდებითი შეერთება (ή σχετική ένωσις) გულისხმობს იმგვარ შეერთებას, როდესაც ვინმე ვინმეს უერთდება არა ჭეშმარიტად, არა აბსოლუტური უეჭველობით, არამედ მხოლოდ პირობითად, მიმართებითად, რელატიურად, სიყვარულისმიერად, მთვისებლობითად, კეთილგანწყობითი მიმართებით, ღირსჩენითად, მოწყალებითად, რაც პიროვნების პიროვნებასთან სიახლოვის გამოხატულებაა და გულისხმობს არა ღვთის პიროვნულ განკაცებას (ე.ი. არა ძე ღმერთის ჰიპოსტასის მიერ ადამიანური ბუნების მიღებას), არამედ ღვთის კავშირს ადამიანურ პიროვნებასთან (ე.ი. ძე ღმერთის ჰიპოსტასის შეერთებას ადამიანის ჰიპოსტასთან მოთვისეობითი ანუ კეთილგანწყობითი ნიშნით).

4 - ე.ი. ღვთის შთამკვიდრება პიროვნულად ადამიანში, რაც გულისხმობს არა ღვთის განკაცებას, არამედ ადამიანის განღმრთობას. ღმერთი მკვიდრობდა წინასწარმეტყველებში, საზოგადოდ, ყველა წმინდა ადამიანში და თუ ასევე მკვიდრობდა ღმერთი იესო ქრისტეში, მაშინ ქრისტეც ერთ-ერთი წმინდა ადამიანი ყოფილა და არა თავად ღმერთი ბუნებით, ადამიანთა ხსნისთვის კაცქმნილი.

5 - როგორც არაერთგზის გვაქვს აღნიშნული, "ხორცი" აქ, ისევე როგორც ყველა ანაოლოგიურ კონტექსტში, წმ. ევლოგისა და უკლებლივ ყველა სხვა მართლმადიდებელი მოძღვრის დოგმატური განმარტებით, ნიშნავს სრულ კაცობრივ ბუნებას (ე.ი. კაცობრივ გონიერ სულსა და სხეულს), ნებსით მიღებულს მაცხოვრისგან.

6 - ე.ი. შეერთება ღმრთეებისა და კაცებისა.

7 - მოცემულ შემთხვევაში ამგვარად ვთარგმნით ბერძნულ  λόγος-ს.

8 - განკაცების საღვთო განგებულება.

9 - ამ ტერმინით ვთარგმნით ბერძნულ "პარადიგმას" (παράδειγμα)

10 - ტერმინი "სამღვდელო" ძველ ქართულში, გარდა თავისი ცნობილი მნიშვნელობისა, ნიშნავდა აგრეთვე (ბერძნული ἱερός-ის კვალობაზე), საკრალურს.

11 - გამიჯნულად ლოგოსისგან, როგორც რამდენიმე სიტყვის შემდეგ თვით კირილეს მიერაა დაკონკრეტებული ("განსხვავებულს იმისგან, რომელიც ღვთისგანაა ბუნებით").

12 - ტერმინი "ცრუდშერაცხილი" ("ცრუდ-ჩარიცხული" - παρέγγαπρτος) საეკლესიო ანტინომიაა ტერმინ "შერაცხილისა" ანუ "ჩარიცხულისა" (ἔγγραπτος, ascriptitlus), რითაც ელინები (წარმართები) აღნიშნავდნენ მათეული ე.წ. ღმერთების იმ ნაწილს, რომლებიც, ანტიკური მითების კვალობაზე, ჯერ ადამიანები იყვნენ და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გახდნენ ე.წ. ღმერთები ანუ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ "შეირაცხნენ", "ჩაირიცხნენ" ღმერთების დასში. აღნიშნული პარალელის გავლებით წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი მიანიშნებს იმას, რომ ვინც პირდაპირი გაგებით აღიქვამს ლუკა მახარებლის სიტყვებს და მიიჩნევს, რომ მაცხოვარი კაცობრივი გონითი სულით ნამდვილად წარემატებოდა სიბრძნეში ანუ ნამდვილად იძენდა იგი, განსწავლის შედეგად, უფრო და უფრო მეტ ცოდნას, ამგვარი ვინმე იესო ქრისტეს აღიარებს არა განკაცებულ ღმერთად, არამედ გაღმერთებულ ადამიანად, მსგავსად იმ წარმართული ცრუ-ღმერთებისა, რომლებიც ჯერ ადამიანები იყვნენ და მერე თითქოსდა გაღმერთდნენ.

13 - აქ ტერმინი "დაწყებადი" (ἠργμένον) უკავშირდება არა არსებობის დაწყებას, არამედ - სულიერი განვითარების გზაზე შედგომას, რომლის მომდევნო ეტაპი, ადამიანებთან დაკავშირებით, ესაა "წარმატება" ანუ "განვითარებაში წინსვლა", დამაბოლოებელი კი -სრულქმნილებამდე მისვლა. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, როგორც ვხედავთ, სრულიად აშკარად მაცხოვრის ღმერთობის უარყოფად მიიჩნევს და ამიტომაც ანათემირებულ-ჰყოფს აზრს იმის შესახებ, რომ თითქოსდა მაცხოვარიც კაცობრივად ისევე ექვემდებარებოდა სულიერი და გონებრივი განვითარების კანონებს, როგორც სხვა ადამიანები, ანუ მისი სულიერი და გონებრივი განვითარებაც თითქოსდა ისევე იქნა დაწყებული, წარმატებული (დაწინაურებული, პროგრესირებული) და სისრულემდე მისული, როგორც განღმრთობის გზაზე მდგარი რომელიმე რიგითი ადამიანისა. რაც შეეხება იმავე "დაწყებადის" ანუ "დასაბამიერის" ონტოლოგიურ (არსებობასთან დაკავშირებულ) შინაარსს, ამ მხრივ განკაცებული ლოგოსის ჰიპოსტასი, ღმრთეებითად დაუსაბამო ანუ დაუწყებელი, მისგან მიღებული კაცობრივი (ქმნილებითი) და, შესაბამისად, დასაბამიერების ანუ დაწყებულობის მქონე ბუნების კვალობაზე, როგორც ამაზე დაწვრილებით ვიმსჯელეთ ზემოთ, ამავე დროს დასაბამიერიცაა ანუ დაწყებულიცაა. კვლავ დავიმოწმებთ საეკლესიო დოგმატს, ფორმულირებულს წმ. იოანე დამსკელის მიერ: "რაჟამს ორი ბუნებისგან ერთი შედგენილი ჰიპისტასი ჰგიეს, მაშინ ესენიც და ისინიც, კერძოდ, მაგალითად, საღვთო ბუნების ბუნებითი და ჰიპოსტასური თვისებებიც და ადამიანისეულნიც ერთი და იმავე ჰიპოსტასის შემადგენელი ხდება. აქედანაა ქრისტე ღმერთიც და კაციც, დაუსაბამო [დაუწყებელი] და დასაბამიერი [დაწყებული] - ერთი შედგენილი ჰიპოსტასი, ხილული და უხილავი, ქმნილი და უქმნელი, გარეშეწერილი და გარეშეუწერელი, ვნებადი და უვნებო" ("ქრისტეში ორი ნების შესახებ", Die Schriften des Johannes von Damaskos, IV, დასახ. გამოც., p. 175).

14 - ე.ი. ღმერთ-სიტყვასთან ჰიპოსტასური შეერთების პირველწამიდანვე მაცხოვრის კაცებაში ღმრთეებისგან გამდიდრების გზით შთამკვიდრებული ყოვლადი სიბრძნისა და ცოდნის ასაკთან თანაშეზომილი თანდათანობითი (მცირე-მცირედ) გამოვლინების, სხვათა წინაშე ნაწილ-ნაწილ გაცხადების გამო.

15 - ვინაიდან აღნიშნულ წყაროებში საუბარია ჩასახვისთანავე რეზულტირებულ (შედეგად მიღებულ) სისრულეზე, შესაბამისად, ნათელია, რომ ზემორე დოგმატი ეხება მაცხოვრის კაცობრივ სისრულეს (მართლაც, უკიდურესი მკრეხელობა იქნებოდა, რომ საღვთო ბუნების სისრულეზე მსჯელობისას ხაზი გასმოდა "ჩასახვას", ვინაიდან მაცხოვრის ღმრთეება, როგორც ბუნებითი დაუსაბამობის მქონე, ცხადია, არასოდეს ჩასახულა და არც მისი ბუნებითი სისრულე დაწყებულა რაიმე დროიდან).

16 - წმ. იოანე დამასკელს ეპითეტურად ეწოდება "ღვთისმეტყველთა საერთო ენა". წმ. გრიგოლ პალამა ბრძანებს: "საღვთო ღვთისმეტყველთა ღვთიური და საერთო ენა - ღმერთშემოსილი დამასკელი" ("ასორმოცდაათი თავი - ბუნებისმეტყველებითი და ღვთისმეტყველებითი, ზნეობრივი და საქმითი, და განმწმენდელობითი ბარლაამიტური მწიკვლისგან".

17 - კვლავ შდრ.: "ვინც ამბობს, რომ წარემატებოდა იგი სიბრძნითი და მადლით როგორც მიმღები ამათი შემატებისა, ამგვარი ვინმე არც იმას ამბობს, რომ ხორცის პირველწარმოქმნიდანვე მოხდა შეერთება, არცთუ ჰიპოსტასურ შეერთებას თვლის იგი რადმე, არამედ ერწმუნება ამაოდ-მბრძნობ ნესტორს".

18 - შდრ. "ხორცის ზოგადი ბუნებისამებრ როდი შეექმნა უფალს აგებულება, ვინაიდან მუცლადღებული მყისვე სრული იყო ხორცით და არა - მცირე-მცირე შემზადებებით ჩამოყალიბებული, როგორც ცხადყოფს [ზემორე] სიტყვები, რამეთუ ითქვა არა "ჩასახული", არამედ "შობილი" [შდრ. "მისგან შობილი სულიწმინდისგან არის", მთ. 1.20, ე.ჭ.]. ამრიგად, სიწმინდისგან შემყარებული ხორცი ღირსი იყო მხოლოდშობილის ღმრთეებასთან შეერთებისა" (PG. 31, 1465 A-B).

 

მონაკვეთი წიგნიდან "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები" (ედიშერ ჭელიძე), თბილისი, 2016 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 JULY 2017 09:51)