Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ფრაგმენტები1

ამ დღეების წინ, როდესაც მოვიდა აბრამიოს ალექსანდრიელი, მოვწერე მე თქვენს სიწმინდეს, ერთი მხრივ ის, თუ რას ვფიქრობ თქვენი ნაწერების შესახებ, რომლებიც თქვენ გამოაქვეყნეთ ერეტიკოსი აგნოიტების წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი - თუ რატომ გიპასუხეთ დაგვიანებით. მაგრამ როგორც მაუწყეს, ხსენებული აბრამიოსი, მგზავრობის აუცილებლობით ნაიძულები, დიდხანს იქნა გაჩერებული ქალაქ ნეაპოლში და ამიტომ, რაც მაშინ დავწერე, კვლავ დავწერ იმავე აზრით, რომ თქვენს მოძღვრებაში იმ ერეტიკოსთა წინააღმდეგ, რომლებიც აგნოიტებად ითქმიან, ფრიადი რამ არის, რაც აღგვაფრთოვანებს, ხოლო არაფერია იმგვარი, რაც არ გვესათნოება. ამავე აზრით უკვე ბევრი რამ მივწერე ჩვენს საერთო ძმას დიაკონ ანატოლიოსს. ეგზომ ყოვლითურთ თანხვდება თქვენი მოძღვრება ლათინ მამებს2, რომ არც მიკვირს ეს, რადგან სხვადასხვა ენებში სულიწმინდა განსხვავებული ვერ იქნება (PL. 77, col. 1096 C-D).

ხოლო იმასთან დაკავშირებით, რომ დაწერილია: "რამეთუ იმ დღისა და ჟამის3 შესახებ არც ძემ, არც ანგელოზებმა არ იციან" (მარკ. 13.32), ყოვლითურთ მართებულად ფიქრობს თქვენი სიწმინდე, რომ ეს უნდა მიემართებოდეს არა იმავე ძეს, - იმდენად, რამდენადაც იგი არის თავი, - არამედ მის სხეულს4, რაც ვართ ჩვენ, რის თაობაზეც მრავალ ადგილას იმავე გააზრებას გვთავაზობს თვით ნეტარი ავგუსტინე. იგი [ავგუსტინე, ე.ჭ.] ამბობს სხვა რამესაც, რაც შესაძლებელია გაგებული იყოს იმავე ძესთან დაკავშირებით, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი ზოგჯერ მეტყველებს კაცობრივი გვარ-წესით, როგორც მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც ეუბნება აბრაამს: "აწ ვიცი, რომ შიში გაქვს ღვთისა" (შესაქ. 22.12), რაც ნიშნავს არა იმას, რომ ღმერთმა ახლა შეიცნო აბრაამის მოშიშება მისდამი, არამედ იმას, რომ ახლა გაუცნობიერა მან აბრაამს, რომ შიში ჰქონდა მას ღვთისა. ისევე როგორც ვამბობთ ჩვენ, რომ მხიარული დღეა, თუმცა არა იმიტომ, რომ თვით დღეა მხიარული, არამედ იმიტომ, რომ ჩენ გვგვრის იგი მხიარულებას, ამგვარადვე ყოვლისშემძლე ძეც ამბობს, რომ არ იცის მან ის დღე, რომელსაც არსაცოდნელს ხდის, არა იმიტომ, რომ თვით მან არ იცის, არამედ იმიტომ, რომ არანაირად არ იძლევა მისი [ამ დღის, ე.ჭ.] ცოდნის ნებართვას. შედეგად, ითქმის ისიც, რომ იცის მხოლოდ მამამ, რადგან მის თანაარს ძეს, გამომდინარე იმ ბუნებიდანრაც ანგელოზებზე უზესთაესია, ძალუძს იცოდეს ის, რაც არ იციან ანგელოზებმა (PL. 77, col. 1097, A-B).

აქედან იმის ზედმიწევნითი შეცნობაც ხდება შესაძლებელი, რომ განკაცებულმა მხოლოდშობილმა, ჩვენს გამო სრულ ადამიანად ქმნილმა, კაცობრივ გონებაში იცის დღე და ჟამი განკითხვისა, თუმცა ეს არ იცის მან კაცობრივი ბუნებიდან გამომდინარე. ამრიგად, რაც მასში [კაცობრივ ბუნებაში, ე.ჭ.] იცის, არ იცის მისგან [კაცობრივი ბუნებისგან, ე.ჭ.], ვინაიდან კაცქმნილმა ღმერთმა დღე და ჟამი განკითხვისა იცის თავისი ღმრთეების ძალით (PL. 77, col. 1097, B-C).

ამრიგად, დღე და ჟამი განკითხვისა იცის ღმერთმა და კაცმა, ხოლო ეს იმიტომ, რომ ღმერთი არის კაცი5 (PL. 77, col. 1098 A).

ხოლო მეტად აშკარა ფაქტია, რომ ვინც ნესტორიანელი არ არის, არ შეიძლება აგნოიტი იყოს" (PL. 77, col. 1098 A).

მართლაც, ვინც აღიარებს, რომ ღვთის სიბრძნეა ის, რომელიც განკაცდა, რა აზრით შეძლებს ამგვარი ვინმე იმის თქმას, რომ არსებობს რაღაც, რაც არ იცის ღვთის სიბრძნემ? დაწერილია: "დასაბამში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა" (იოანე 1.1). თუკი "ყოველივე"6, ესე იგი უთუოდ - განკითხვის დღეც და ჟამიც7. მაშ, ვინ იქნება ესოდენ უგუნური, დაუშვას იმის თქმა, რომ მამის სიტყვამ შექმნა ის, რაც არ იცის? ასევე დაწერილია: "იცოდა იესომ, რომ ყოველივე მისცა მას მამამ ხელში" (იოანე 13.3). თუ - "ყოველივე", რა თქმა უნდა - განკითხვის დღეც და ჟამიც. მაშ, ვინ იქნება ესოდენ შლეგი თქვას, რომ ხელთ მიიღო ძემ ის, რაც არ იცის? (PL. 77. col. 1098 A-B).

----------------------------------------------------------

 

1 - იგულისხმება წმ. გრიგოლ დიდის ეპისტოლეთა X წიგნის 39-ე ეპისტოლე.

2 - იგულისხმება თვით წმ. გრიგოლ დიდი და იმ ეპოქის სხვა მართლმადიდებელი ლათინი მამები.

3 - ძველ ქართულ "ჟამს" აღნიშნულ ციტატაში აქაც და ყველგან ვიყენებთ "საათის" მნიშვნელობით.

4 - ე.ი. კაცების.

5 - ე.ი. ღმერთი გახდა კაცი.

6 - ე.ი. "თუკი მისგან შეიქმნა "ყოველივე".

7 - ე.ი. "უთუოდ მისგან შეიქმნა განკითხვის დღეც და ჟამიც".

 

ლათინურიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ

წიგნიდან "საეკლესიო დგმატიკა და ერესები".

ციტატები მოთავსებულია აღნიშნული წიგნის 336-343 გვერდებზე.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 JULY 2017 15:10)