Georgian (Georgia)English (United Kingdom)

[8]ღვთის ეკლესია, რომელიც მკვიდრობს1 რომში, ღვთის ეკლესიას კორინთოში2 მკვიდრს, მოწოდებულთ, განწმენდილთ3 ღვთის ნებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ! მადლი თქვენ და მშვიდობა ყოვლისმპყრობელი ღვთისა. იესო ქრისტეს მიერ გამრავლდეს4!

 

თავი I

მოულოდნელი და ერთიმეორის მიდევნებით ჩვენთან მომხდარი უბედურებებისა და შემთხვევების გამო5, ვფიქრობთ, დაგვიანებით მივაქციეთ ყურადღება, საყვარელნო, თქვენ შორის გამოსაძიებელ საქმეებს და იმ ბილწსა და უწმინდურ ამბოხს, უცხოსა და შეუფერებელს ღვთის რჩეულთათვის, რაც რამდენიმე უგულისყურო და [9]თავხედმა პირმა ჩამოაგდო და იმგვარ სიშლეგეში გადაიზარდა, რომ ღირსეული, სახელგანთქმული და ყოველი ადამიანისათვის სანუკვარი თქვენი სახელი დიდად შეურაცხყო.

რადგან ვის უცხოვრია თქვენთან თუნდაც მცირე ხნით ისე, რომ არ გამოეცადოს თქვენი ყოვლადსათნო და მტკიცე რწმენა? ვინ არ განცვიფრებულა ქრისტეში თქვენი გონიერი და კრძალული კეთილმორწმუნეობით? არ უღიარებია თქვენი სტუმართმოყვარეობის სულგრძელი ჩვეულება? ვის არ ნეტარუყვია სრული და მყარი ცოდნა?

რადგან ყველაფერს პირუთვნელად იქმოდით და ღვთის დადგენილებათა მიხედვით იქცეოდით6. ემორჩილებოდით თქვენს წინამძღოლებს7 და ჯეროვან პატივს მიაგებდით თქვენს ხუცესებს8. ახალგაზრდებს შთააგონებდით, რომ ზომიერად და ღირსებით მოქცეულიყვნენ, ქალებს არიგებდით, რომ ყველაფერი ეკეთებინათ უმწიკვლო, პატიოსანი და სუფთა სინდისით, ჯეროვნად ჰყვარებოდათ თავიანთი ქმრები, ასწავლიდით, რომ მორჩილების კანონი ეტვირთათ, ღირსეულად განეგოთ საოჯახო საქმეები და მოქცეულიყვნენ ფრიადი გონიერებით.

 

თავი II

[10]ყველანი სიმდაბლით იქცეოდით, არავინ ამაყობდით, უფრო ემორჩილებოდით, ვიდრე იმორჩილებდით. სიხარულით გასცემდით, ვიდრე იღებდით (შდრ. საქმე მოციქ. 20,35; “მოციქულთა განწესებანი” IV, 3,1). სჯერდებოდით ქრისტეს საგზალს და გულმოდგინეთ ფიქრობდით მის სიტყვებზე, ინახავდით გულის სიღრმეში და მისი ვნებანი თქვენს თვალწინ იყო.

ამრიგად, ყველას გვებოძა ხანგრძლივი, სასიხარულო მშვიდობა და განუძღომელი წადიერება კეთილმოქმედებისა; სულიწმინდის სავსე გადმოღვრა აღსრულდა ყველაზე (რომ. 5,5).

წმინდა ზრახვით აღსავსენი კეთილი გულმოდგინებით, ღვთისმოსავი გულდაჯერებით იწვდიდით თქვენს ხელებს ყოვლისმპყრობელი ღვთის მიმართ, ევედრებოდით მას მოწყალება გამოეჩინა თუ უნებურად რამ შეგეცოდათ. დღე და ღამ ღვაწლში იყავით მთელი საძმოსთვის (I პეტრ. 2,17; 5,9), რომ გადარჩენილიყო მის რჩეულთა რიცხვი გულმოწყალებისა და შეგნების თანხმობაში. გულწრფელნი და სპეტაკნი იყავით, ურთიერთისადმი ძვირუხსენებელნი. ყოველგვარი ამბოხი და განხეთქილება გძაგდათ თქვენ. ახლობელთა შეცდომებზე გლოვობდით, მათ ნაკლოვანებებს საკუთრად რაცხდით. უშურველნი იყავით ყოველგვარ კეთილქმედებაში, “მზადმყოფნი ყოველი კეთილი საქმისათვის” (II ტიმ. 2,11; ტიტე 3,1; II კორ. 9,8; კოლას. 1,10; II ტიმ. 3,17; ტიტე 1,16).

ყოვლადსათნო და სათაყვანო მოღვაწეობით შემკობილნი ყველაფერს მისი შიშით აღასრულებდით; უფლის ბრძანებები და რჯულიერი მოთხოვნები თქვენი გულის ფიცარზე იყო დაწერილი (იგავთა 7,3; 22,20).

თავი III

ყოველი დიდება და სიფართოვე9 მოცემულ იქნა თქვენთვის და აღსრულდა დაწერილი: “ჭამდა და სვამდა, გაფართოვდა და გასუქდა და წიხლი ჰკრა მან, შეყვარებულმა” (II რჯული 32,15).

[11]ამისგანაა შური და ღვარძლი, კამათი და შფოთი, დევნა და ამბოხი, ბრძოლა და ტყვეობა. ასე აღდგნენ უპატიონი პატივდებულებზე (ესაია 3,5), სამარცხვინონი – სახელგანთქმულებზე, უგუნურები – გონიერებზე, ახალგაზრდები – მოხუცებულებზე. ამის გამო შორს განდგა სამართლიანობა და მშვიდობა (ესაია 59,14). თითოეულმა დატოვა ღვთის შიში და მის რწმენაში დაჩლუნგდა. არც მისგან მცნებულ ბრძანებათა თანახმად იქცევა (ლევიტ. 18,3; 20,23), არც მოქალაქეობს ქრისტესთვის ღირსად, არამედ თითოეული დადის თავისი ბოროტი გულის სურვილებით. და შეითვისეს მათ უსამართლო და უღმრთო შური, რომლისაგანაც “სიკვდილი შემოვიდა ქვეყნად” (სიბრძნე 2,24; რომ. 5,12).

თავი IV

რადგან ასეა დაწერილი: “და იყო დღეთა შემდგომ მიუტანა კაენმა ღმერთს მსხვერპლი მიწის ნაყოფთაგან და აბელმა მიართვა, მანაც თავისი პირველმოგებული ცხვრებისაგან და მათ ცმელთაგან. და მოიხილა ღმერთმა აბელზე და მის ძღვენზე, ხოლო კაენზე და მის მსხვერპლზე არ მოიხილა. და ძალიან დამწუხრდა კაენი და მოიქუფრა მისი სახე. და უთხრა ღმერთმა კაენს: რატომ დამწუხრდი და რატომ მოიქუფრა შენი სახე? თუ სწორად შემოწირე, სწორად კი არ გაყავი, არ შესცოდე? დამშვიდდი! შენს მიმართ არის მოქცევა მისი და შენ იბატონებ მასზე. და უთხრა კაენმა თავის ძმას აბელს: გავიდეთ დაბლობზე! და იმ დროს მოხდა, როცა ისინი ველად იმყოფებოდნენ, რომ აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე, და მოკლა ის”10.

[12]ნახეთ ძმებო, შურმა და ღვარძლმა ძმათმკვლელობა აღასრულა. შურის გამო ივლტოდა ჩვენი მამა იაკობი თავისი ძმის, ესავის პირისაგან (დაბ. 27,41). შურმა სიკვდილამდე დევნულებაში ამყოფა იოსები და მონობამდე მიიყვანა იგი (დაბ. თ. 37). შურმა აიძულა მოსეს გაქცევა, ეგვიპტის მეფის, ფარაონის პირისაგან, როდესაც თვისტომისაგან მოესმა მას: “ ვინ დაგადგინა შენ ჩვენს მსაჯულად ან მოსამართლედ? ნუთუ გსურს შენ, რომ მომკლა მე, როგორც გუშინ ეგვიპტელი მოკალი?” (გამოსვლათა 2,14). შურის გამო აარონი და მარიამი ბანაკს გარეთ ათევდნენ ღამეს (რიცხვთა 12, 14-15). შურმა დათანი და აბირონი ცოცხლად ჩაიყვანა ჯოჯოხეთში, რადგან აუჯანყდნენ ღვთის მსახურ მოსეს (რიცხვთა 16 თ.). შურის გამო დავითს მტრად გაუხდნენ არა მხოლოდ უცხოტომელნი, არამედ იგი ისრაელის მეფის, საულისაგანაც დევნილ იქნა (I მეფეთა 18,29).

 

თავი V

ხოლო იმისათვის, რომ თავი დავანებოთ ძველ მაგალითებს, გადავიდეთ უახლოეს მოღვაწეებზე. თვით ჩვენი თაობიდან ავიღოთ ღირსეული ნიმუშები. შურისა და ღვარძლის გამო იდევნებოდნენ [13]უმართლესი ბურჯები11 (ეკლესიისა), რომლებმაც სიკვდილამდე იღვაწეს. თვალი მივაპყროთ კეთილ მოციქულებს: პეტრეს, რომელმაც უსამართლო შურის გამო არა ერთი და ორი, არამედ მრავალი ტანჯვა დაითმინა და სწამა რა12, მიაღწია დიდების შესაფერის ადგილს. შურისა და უთანხმოების გამო მოთმინების საზღაური მიიღო პავლემ. შვიდგზის თავს იდვა მან ბორკილები; დევნეს იგი, ქვით ჩაქოლეს13 და მაინც ქადაგებდა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე და თავისი რწმენის შესაფერისი სახელიც გაითქვა. მთელ ქვეყანას ასწავლა მან სიმართლე და დასავლეთის საზღვრამდეც მივიდა, სწამა მან მთავართა წინაშე. ასე გარდაიცვალა ამ სოფლიდან და როგორც მოთმინების დიადი სახე, წმინდა ადგილს მიეახლა.

თავი VI

ასეთ კაცებს რომლებიც წმინდად მოქალაქეობდნენ, შეუერთდა რჩეულთა დიდი სიმრავლე, როლებმაც შურის გამო ბევრი შეურაცხყოფა და ტანჯვა გადაიტანეს და უბრწყინვალესი ნიმუშები გახდნენ ჩვენთვის. შურით იდევნებოდნენ ქალები: დანაიდები და დირკები14. საშინელი და უწმინდური შეურაცხყოფა განიცადეს [14]მათ. მტკიცედ განვლეს რა რწმენის სარბიელი და ხორციელად უღონოებმა ღირსეული საზღაური მოიპოვეს.

შურმა გაჰყარა ცოლები ქმრებს და გადაასხვაფერა ჩვენი მამის, ადამის მიერ ნათქვამი: “აი ეს, ახლა არის ძვალი ჩემი ძვლებისაგან და ხორცი ჩემი ხორცისაგან”15.

შურმა და განხეთქილებამ დააქცია დიდი ქალაქები და ძირფესვიანად აღმოფხვრა დიდი ტომები.

თავი VII

ყოველივე ამას, საყვარელნო, არა მარტო იმისთვის გწერთ, რომ თქვენ დაგარიგოთ, არამედ საკუთარ თავსაც ვახსენებთ. რადგან იმავე არენაზე ვართ და იგივე ბრძოლა მოგველის ჩვენც.

ამიტომაც, დავტოვოთ ამაო და ფუჭი საზრუნავები და მივიდეთ ჩვენი გადმოცემის სახელოვან და ღირსეულ კანონთან. ვნახოთ რა არის კეთილი, სასიამოვნო და მოსაწონი ჩვენი შემქმნელის წინაშე. დავაკვირდეთ ქრისტეს სისხლს და შევიგნოთ, როგორ ძვირფასია (I პეტრე 1,19) გი მისი მამისათვის, რადგან ჩვენი ხსნისათვის დაიღვარა და მთელ ქვეყანას სინანულის მადლი მოუტანა. მიმოვიაროთ ყველა თაობა და გავიგებთ, რომ თაობიდან თაობაში სინანულის საშუალება მისცა მეუფემ მისკენ მოქცევის მსურველებს (სიბრძნე 12,10). ნოემ იქადაგა სინანული და ყურადმღებელნი გადარჩნენ. იონამ ნინეველებს განადგურება უქადაგა, მაგრამ მათ, მოინანიეს [15]რა ცოდვები, გული მოულბეს ღმერთს და მავედრებლებმა მიიღეს ხსნა (შდრ. იოანე 3, 4-10; მათე 12,41; ლუკა 11,32), თუმცა უცხონი იყვნენ ღვთისა.

თავი VIII

ღვთის მადლის მსახურნი სულიწმინდის მიერ სინანულის შესახებ ლაპარაკობენ და თავად ყოველთა მეუფემაც სინანულის შესახებ თქვა ფიცით: “რადგან მე ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, მნებავს არა იმდენად ცოდვილის სიკვდილი, როგორც სინანული” (ეზეკ. 18,23; 31,11) დასძენს კეთილშეგონებასაც: “შეინანეთ, ისრაელის სახლო, თქვენი ურჯულოებისაგან. უთხარით ჩემი ხალხის ძეებს: მიწიდან ცამდე რომ გაწვდეს თქვენი ცოდვები, მეწამულზე უფრო წითელი და ძაძაზე მეტად შავიც რომ იყოს და მთელი გულით რომ მოიქცეთ ჩემსკენ და თქვათ: მამაო! შევისმენ თქვენგან, როგორც წმინდა ხალხისგან” (უცნობია. შდრ. ეზეკ. 18,30; ფს. 102,11; იერემია 3.19.22; ისაია 1,18). და სხვა ადგილას ასე ამბობს: “განიბანეთ და წმინდა გახდით, განიშორეთ ბოროტებანი თქვენი სულებიდან ჩემს თვალთა წინაშე, დასცხერით თქვენი სიბოროტისგან, ისწავლეთ კეთილის ქმნა, გამოიძიეთ მსჯავრი, იხსენით ჩაგრული, უსაჯეთ ობოლს და გაამართლეთ ქვრივი. და მოდით და განვსაჯოთ, ამბობს უფალი: და თუ იქნება თქვენი ცოდვები, როგორც მეწამული, თოვლივით გავათეთრებ, ხოლო თუ წითელი იქნება, მატყლივით გავათეთრებ და თუ ინებებთ და მომისმენთ მე, შეჭამთ მიწის სიკეთეს, ხოლო თუ არ ინებებთ და არც ჩემსას მოისმენთ, მახვილი გაგანადგურებს თქვენ, რადგან უფლის პირმა თქვა ეს”16.

[16]ამრიგად, მას სურს, სინანულს აზიაროს მისი მოყვარულნი და დაამტკიცა ეს მისი ყოვლისმპყრობელური ნებით.

თავი IX

ამიტომ დავემორჩილოთ მის დიდადშესაშვენ და განთქმულ ნებას, ვევედროთ მის წყალობასა და თანაგრძნობას, დავეგოთ და მივიქცეთ მისი გულმოწყალებისაკენ. მივატოვოთ ფუჭი გარჯა, უთანხმოება და შური, რომელიც სიკვდილისაკენ მიგვიძღვის.

შევხედოთ მათ, რომლებიც სრულყოფილად ემსახურნენ მის დიდადშესაფერის სახელს (შდრ. II პეტრე 1,17). ავიღოთ ენოქი, რომელიც თავისი მორჩილებით აღმოჩნდა მართალი. იგი გარდაიცვალა და არ უნახავს სიკვდილი (შდრ. დაბ. 5,24)

ნოე მორწმუნე აღმოჩნდა, რომელმაც თავისი ლიტურგიით17 ქვეყნიერებას განახლება უქადაგა და მის მიერ იხსნა მეუფემ ის ცხოველები, რომლებიც თანახმიერად შევიდნენ კიდობანში (დაბ. 6, 8-9, 17; II პეტრე 2,5)

თავი X

აბრაამი, მეგობრად სახელდებული, მორწმუნე აღმოჩნდა, როდესაც იგი მორჩილი გაუხდა ღვთის სიტყვებს. მორჩილების გამო გამოვიდა ის თავისი ქვეყნიდან, თავისი ნათესაობიდან და თავისი მამის სახლიდან, რომ მცირე ქვეყნის, უძლური ნათესაობის და პატარა სახლის დატოვებით ღვთის აღთქმათა მემკვიდრე გამხდარიყო. ვინაიდან ასე ეუბნება ღმერთი: “გამოდი შენი ქვეყნიდან, შენი ნათესაობიდან და შენი მამის სახლიდან მიწისაკენ, რომელსაც გიჩვენებ შენ და გაქცევ შენ დიდ ხალხად და გაკურთხებ შენ და განვადიდებ შენს სახელს და იქნები კურთხეული და ვაკურთხებ შენს მაკურთხეველს და დავწყევლი შენს დამაწყე[17]ვართ და შენში იკურთხება მიწის ყოველი ტომი”18. და კვლავ, როდესაც განეშორა ის ლოტისაგან, უთხრა მას ღმერთმა: “აღიხილე შენი თვალებით და გაიხედე ამ ადგილიდან, სადაც ახლა შენ ხარ, ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და ზღვისკენ, რომ მთელ მიწას, რომელსაც შენ ხედავ, შენ მოგცემ მას და შენს თესლს უკუნისამდე. და გავხდი შენს თესლს, როგორც მიწის ქვიშას. თუ ძალუძს ვინმეს მიწის ქვიშის აღრიცხვა, შენი თესლიც აღირიცხება”19.. და კვლავ ამბობს: “გამოიყვანა ღმერთმა აბრაამი და უთხრა მას: “აიხედე ცაში და აღრიცხე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი აღრიცხვა, ასევე იქნება შენი თესლი”. ხოლო აბრაამი ერწმუნა ღმერთს და შეერაცხა მას სიმართლედ”20.

რწმენისა და სტუმართმოყვარეობის გამო მიეცა მას შვილი მოხუცებულობაში და მან მორჩილების გამო მიუყვანა ის ღმერთს ერთ-ერთ მთაზე, რომელიც უჩვენეს მას (შესაქმე 22, 1-18).

თავი XI

სტუმართმოყვარეობისა და კეთილმორწმუნეობის გამო გადარჩა ლოტი სოდომიდან, როდესაც მთელი შემოგარენი დაისაჯა ცეცხლით და წუმწუბით (შესაქმე თ19; II პეტრე 2, 6-7). რითაც ცხადყო მეუფემ, რომ არ ტოვებს მისდამი მსასოებლებს, ხოლო სხვად მიდრეკილთ სასჯელსა [18]და ტანჯვაში აგდებს. რადგან მასთან ერთად გამოსული მისი ცოლი, რომელიც სხვას განიზრახავდა და არ იყო მასთან თანხმობაში, მარილის სვეტად არის ქცეული დღევანდელ დღემდე21 ნიშნად იმისა, რომ შეიცნოს ყველამ: მერყევნი და ღვთის ძალის შესახებ დაეჭვებულნი სასჯელად და სანიშნედ ხდებიან ყოველი თაობისათვის.

თავი XII

რწმენისა და სტუმართმოყვარეობის გამო გადარჩა მეძავი რააბი (ისუ ნავე თ. 2), რადგან, როდესაც მზვერავები წარავლინა ისუ ნავეს ძემ იერიქოში, იმ ქვეყნის მეფემ გაიგო, რომ მათი მხარის დასაზვერად იყვნენ მოსულები და გაგზავნა კაცები მათ შესაპყრობად, რომ შეპყრობის შემდეგ მოეკვდინებინათ. მაგრამ სტუმართმოყვარე რააბმა ისტუმრა ისინი და დამალა სელის ლერწმის ქვეშ, სხვენში. წარუდგნენ მეფის წარგზავნილები და უთხრეს: “შენთან შემოვიდნენ ჩვენი მიწის მზვერავნი, გამოიყვანე ისინი, რადგან მეფე ბრძანებს ასე”; ხოლო მან მიუგო: “შემოვიდნენ ჩემთან კაცები, რომლებსაც ეძებთ, მაგრამ მალევე წავიდნენ და მიდიან ამ გზით”, - და საპირისპიროდ უჩვენა მათ. და უთხრა კაცებს: “ვცანი რა, რომ უფალი ღმერთი გაძლევთ თქვენ ამ მიწას, რადგან თქვენდამი შიში და ძრწოლა ჩამოვარდა მის მცხოვრებლებზე, ამიტომ, როგორც კი ეს მოხდება და თქვენ მიიღებთ მას, მიხსენით მე და ჩემი სახლი”. და უთხრეს რააბს: “იქნება ისე, როგორც გვითხარი ჩვენ. როცა გაიგებ, რომ მოვედით, შეკრიბე ყველა შენიანი შენს ჭერქვეშ და გადარჩებიან, რადგან სახლის გარეთ დარჩენილები ამოწყდებიან”. და შეუთანხმდნენ მას, მოეცა ნიშანი: გადმოეფინა მისი სახლიდან მეწამული რამ22. ამით [19]წინდაწინ ცხადყვეს, რომ უფლის სისხლით იქნებოდა გამოსყიდვა ყველასი, ვისაც სწამს და სასოებს ღმერთს”.

ნახეთ საყვარელნო, არა მხოლოდ რწმენა, არამედ წინასწარმეტყველებაც იყო ამ ქალში.

თავი XIII

ამრიგად, დავმდაბლდეთ, ძმებო, განვაგდოთ ყოველგვარი ზვაობა, ქედმაღლობა, უგნურება, რისხვა და აღვასრულოთ წერილი: რადგან ასე ამბობს სულიწმინდა “ნუ იქადის ბრძენი თავისი სიბრძნით, ნურც ძლიერი თავისი ძალით, ნურც მდიდარი თავისი სიმდიდრით, არამედ ვინც იქადის, უფლის მიერ იქადოს, რომ მოიძიოს ის და აღასრულოს მსჯავრი და სამართლიანობა (იერემია 9, 22-23; I მეფეთა 2,10; I კორ. 1,31; II კორ. 10,17).

განსაკუთრებით გვახსოვდეს უფალ იესოს სიტყვები, რაც მან წარმოთქვა, ასწავლიდა რა მორჩილებასა და სულგრძელობას. რადგან ასე თქვა: “შეიწყალეთ, რომ შეგიწყალონ; მიუტევეთ, რომ თქვენც მოგეტევოთ; როგორც მოექცევით, ისე მოგექცევიან თქვენ; როგორც გასცემთ, იმგვარად მოგეცემათ თქვენ; როგორც განსჯით ისე განისჯებით; როგორც კეთილს-უყოფთ, ისე კეთილს-გიყოფენ თქვენ; რა საზომითაც გაზომავთ, იმითვე გაიზომება თქვენთვის” (მათე 5,7; 6, 12-14; მარკოზი 11,25; მათე 7, 1-2,12; ლუკა 6, 37-38, 31; მარკ. 4,24).

ამ მცნებითა და ამ დარიგებებით განვიმტკიცოთ ჩვენი თავი, რომ სიმდაბლით წარვემართოთ სიწმინდის ღირსი სიტყვების მორჩილებაში. რადგან წმინდა სიტყვები ამბობს: “ვის მივხედავ, თუ არა მშვიდს, მყუდროსა და ჩემი სიტყვების მოშიშს” (ისაია 66,2).

თავი XIV

ამრიგად, კაცნო ძმანო, მართებულია და ღირსეული, მორჩილნი გავხდეთ უფრორე ღვთისა, ვიდრე შევუდგეთ მათ, რომლებიც მოთავენი არიან ქედმაღლობასა და მძულვარე შურის მშფოთვარებაში, რადგან არცთუ უმნიშვნელო ვნებას, უფრო მეტად კი დიდ ხიფათს [20]დავიტეხთ თავზე, თუ თავგამეტებით მივეცემით იმ კაცთა ნება-სურვილებს, რომლებიც გვაქეზებენ განხეთქილებისა და ამბოხისკენ, სურთ რა, რომ განგვაშორონ კეთილ მდგომარეობას. სიკეთით ურთიერთშევეტკბოთ, მსგავსად ჩვენი შემოქმედის კეთილმოწყალებისა და სიტკბოებისა. რადგან დაწერილია: “კეთილნი დამკვიდრდებიან მიწაზე, უბოროტონიც დარჩებიან მასზე, ხოლო ურჯულონი აღიხოცებიან მისგან” (იგავთა 2, 21-22; შდრ. ფს. 36,9, 38). და კვლავ ამბობს: “ვიხილე უღმრთო ამაღლებული და აზიდული, როგორც ნაძვები ლიბანისა და ჩავუარე და აჰა, არ იყო. ვეძებე მისი ადგილი და ვერ ვიპოვე. დაიცავი უბოროტობა და იხილე სიწრფელე, რადგან აქვს მშვიდობიან კაცს დანატოვარი23.

თავი XV

ამრიგად, შევუერთდეთ მათ, რომლებიც კეთილმორწმუნეობით იცავენ მშვიდობას და არა მათ, რომლებსაც თვალთმაქცურად უნდათ მშვიდობა, რადგან სადღაც ამბობს: “ეს ხალხი ბაგეებით პატივს მცემს მე, ხოლო მათი გულები შორს არის გამდგარი ჩემგან” (ისაია 29,13; მათე 15,8). და კიდევ: “მათი პირით აკურთხებენ, ხოლო გულით წყევლიან” (ფს. 61,5). და კვლავ ამბობს: “შეიყვარეს იგი მათი პირით, ხოლო მათი ენით ეცრუვნენ მას, გული მათი კი არ იყო წრფელი მასთან, არც სარწმუნო იქმნენ მის აღთქმაში” (ფს. 77, 36-37). Aმის გამო “უტყვი გახდება მზაკვარი ბაგეები, ურჯულოების მეტყველნი მართლის წინააღმდეგ” (ფს. 30,19) და კვლავ: “წარწყმიდოს უფალმა ყველა მზაკვარი ბაგე და ენა დიდმეტყველი, თქვენ რა: განვადიდოთ ჩვენი ენა, ჩვენი ბაგენი ჩვენთან არის და ვინ არის უფალი? გლახაკთა უბადრუკობისაგან და ღარიბთა გოდებისაგან ახლა აღდგებით, ამბობს უფალი: დავამკვიდრებ მათ ხსნაში და გავცხადდები მასში” (ფს. 11, 4-6).

თავი XVI

[21]რადგან ქრისტე მდაბალთათვის არის და არა მათთვის, რომლებიც დიდგულობენ მის სამწყსოზე. ღვთის სიდიადის კვერთხი, უფალი იესო ქრისტე არ მოსულა ქედმაღლური მედიდურობით, არც ამპარტავნობით, თუმცა კი შემძლე იყო, არამედ – სიმდაბლით, როგორც წმინდა სულმა თქვა მის შესახებ, ამბობს რა: “უფალო ვინ ერწმუნა ჩვენს ნათქვამს და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა? ვამცნეთ მის წინაშე, როგორც ბავშვი, როგორც მწყურვალე მიწაში ფესვი. არა აქვს მას სახე, არც დიდება. და ვიხილე ის და არ ჰქონდა სახე, არც მშვენება, არამედ მისი სახე უპატიო იყო, მოკლებული ადამიანთა სახეს; ადამიანი წყლულებასა და ტკივილში იყო და იცოდა დათმენა უძლურებისა, რადგან უკუმიიქცა მისი პირი, უპატიო-იქმნა და არ შეირაცხა, რადგან უკუმიიქცა მისი პირი, უპატიო-იქმნა და არ შეირაცხა. იგი იტვირთებს ჩვენს ცოდვებს და ჩვენს გამო ეწამება; ჩვენ კი ჩავთვალეთ, რომ ის იყო ტანჯვაში, წყლულებასა და შეურაცხყოფაში. ხოლო იგი მოიწყლა ჩვენი ცოდვების გამო და უძლურება იტვირთა ჩვენი უსჯულოებებისათვის. ჩვენი მშვიდობის სწავლა მასზეა, მისი წყლულით ჩვენ განვიკურნეთ. ყველა ცთომილი ვიყავით, როგორც ცხვრები. ადამიანი შეცდა თავის გზაზე და უფალმა გასცა იგი ჩვენი ცოდვებისათვის და ის შეურაცხყოფათა გამო არ ხსნის პირს. როგორც ცხვარი დასაკლავად მიყვანილ იქნა და როგორც უხმო კრავი მპარსველის წინაშე, იმგვარად არ აღებს თავის პირს. სიმდაბლით აღიღოცა მისი მსჯავრი. და მის შთამომავლობას ვინ მიუთხრობს? ღრადგან აღებულია მიწისაგან მისი ცხოვრება. ჩემი ხალხის უსჯულოებების მიზეზით მიდის სასიკვდილოდ. და მივცემ უკეთურთ მისი საფლავის წილ და მდიდრებს მისი სიკვდილის წილ, რადგან ურჯულოება არ ჩაუდენია, არც მზაკვრობა არ ნახულა მის პირში და უფალს ნებავს, რომ განწმიდოს ის წყლულებისგან. თუ მისცემთ (მსხვერპლს, გ.ზ.) ცოდვებისთვის, თქვენი სული იხილავს დღეგრძელ თესლს. და უფალს ნებავს, რომ მისი სული განარიდოს ტანჯვისაგან, და უჩვენოს მას სინათლე და შეუქმნას გულისხმა, რომ განამართლოს მართალი, რომელიც კეთილად ემონება მრავალთ. და მათ ცოდვებს ის იტვირთებს. ამის გამო ის მრავალთ იმემკვიდრებს და განყოფს ძლიერთა ნადავლს, [22]რომელთა გამო მიცემულ იქნა მისი სული სასიკვდილოდ და უსჯულოთა შორის შეირაცხა. და მან მრავალთა ცოდვები იტვირთა და მათი ცოდვების გამო მიეცა (ისაია 53, 1-12; მსაჯულთა 8, 32-33). და კვლავ ამბობს: “ხოლო მე მატლი ვარ და არა ადამიანი, საყვედრელ ადამიანთა და არარაობა ხალხისა. ყოველი ჩემი მნახველი დამცინის მე; იმეტყველეს ბაგეებით, აქნიეს თავი: “უფალს სასოებდა, იხსნას ის, გადაარჩინოს, რადგან ნებავს იგი” (ფს. 21, 7-9; მარკ. 15,29; მათე 27,43).

ნახეთ საყვარელნო, რა ნიმუშია მოცემული ჩვენთვის. რადგან თუ უფალმა ასე დაიმდაბლა თავი, რა უნდა ვქნათ ჩვენ, რომლებიც მის მიერ მოვედით მისი მადლის უღელქვეშ?

თავი XVII

მივბაძოთ მათაც, რომლებიც თხისა და ცხვრის ტყავებით შემოსილნი დადიოდნენ და ქადაგებდნენ ქრისტეს მოსვლას. ხოლო ვამბობთ ელიასა და ელისეს, კიდევ იეზეკიელს, წინასწარმეტყველთ, რომლებმაც სწამეს იგი.

დიდად იწამა24 აბრაამა და ღვთის მეგობრად იწოდა და ჭვრეტს რა იგი ღვთის დიდებას, ამბობს: “ხოლო მე მიწა ვარ და ნაცარი” (შესაქმე 18, 27; შდრ. ებრ. 11,37). კიდევ იობის შესახებ ასე წერია: “ხოლო იობი იყო მართალი და უბიწო, ჭეშმარიტი, ღვთისმსახური, განშორებული ყოველგვარი ბოროტისაგან” (იობი 1,1), მაგრამ იგი საკუთარ თავს ადანაშაულებს და ამბობს: “არავინ არის ჭუჭყისაგან წმინდა, თუნდაც რომ ერთი დღე იყოს მისი სიცოცხლე” (იობი 14, 4-5). მოსე “მთელ მის სახლში სარწმუნოდ” (რიცხვ. 12, 7; ებრ. 3, 2-5) იწოდა და მისი, როგორც მსახურის25 მიერ სჯიდა ღმერთი ეგვიპტეს მათი დატანჯვით და გაწვალებით, მაგრამ იგი [23]აგრერიგად განდიდებული არ ცუდმედიდობდა, არამედ ასე თქვა მაშინ, როცა მაყვლიდან წინასწარუწყება მიეცა: “ვინ ვარ მე, მე რომ მგზავნი? ხოლო მე ხმაწვრილი და ენამძიმე ვარ” (გამოსვლათა 3,11; 4,10). და კვლავ ამბობს: “ხოლო მე ორთქლი ვარ ქოთნიდან”26.


თავი XVIII

რა უნდა ვთქვა დასტურმიცემულ27 დავითზე? მისდამი თქვა ღმერთმა: “ვპოვე კაცი ჩემი გულისებრ, იესეს დავითი, საუკუნო წყალობით ვცხე მას” (მსაჯ. 13,22; შდრ. ფს. 88,21; I მეფეთა 13,14). მაგრამ თავად ის ასე ამბობს ღვთის მიმართ: “მიწყალე მე, ღმერთო, შენი დიდი წყალობით და შენი მრავალი მოწყალებით აღხოცე ჩემი უსჯულოება. უმეტესად განმბანე მე ჩემი უსჯულოებისაგან და ჩემი ცოდვებისაგან განმწმინდე მე. რადგან ვიცი მე ჩემი უსჯულოება და ჩემი ცოდვა ჩემს წინაშეა მუდამ. მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება შენს წინაშე ჩავიდინე, რომ განმართლდე შენს სიტყვებში და გაიმარჯვო შენს მსჯავრში. რადგან აჰა, უსჯულოებაში ჩავისახე და ცოდვებში მშვა მე ჩემმა დედამ. რადგან, აჰა, ჭეშმარიტება შეიყვარე, უხილავნი და დაფარულნი შენი სიბრძნისა გამიცხადე მე. მასხურე მე უსუპი და გავიწმინდები, გამბანე მე და თოვლზე უფრო გავთეთრდები. მასმენინე მე სიხარული და მხიარეულება. გაიხარებენ დამდაბლებული ძვლები. მიიბრუნე შენი სახე ჩემი ცოდვებისაგან და ყოველი ჩემი უსჯულოება წაშალე. წმინდა გული შექმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს შიგნით. ნუ განმაგდებ მე შენი სახისაგან და შენს წმიდა სულს ნუ წაიღებ ჩემგან. მომეცი მე შენი მხსნელობის სიხარული და წინამძღვრული სულით განმამტკიცე მე. ვასწავლი უსჯულოებს შენს გზებს და უღმრთონი მოიქცევიან შენსკენ. მიხსენი მე სისხლთაგან, [24]ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა. გაიხარებს ჩემი ენა შენი სამართლიანობით. უფალო, გახსენი ჩემი პირი და ჩემი ბაგეები აღმოთქვამენ შენს ქებას. რადგან, რომ გენება მსხვერპლი, მოგცემდი, მაგრამ ყოვლადდასაწველს არ ითნევ. მსხვერპლი ღვთისადმი არის სული შემუსვრილი; გულს შემუსრვილს და დამდაბლებულს ღმერთი არ შეურაცხყოფს” (ფს. 50, 3-19).

თავი XIX

ამრიგად, სიმდაბლემ და მორჩილმა უდრტვინველობამ აგრერიგად დასტურმიცემული ამდენი და ამგვარი ადამიანისა უკეთესნი გაგვხადა არა მხოლოდ ჩვენ, არამედ, აგრეთვე ჩვენზე უწინარესი თაობები, რომლებმაც კი შეიწყნარეს მისი სიტყვები შიშითა და ჭეშმარიტებით.

ამიტომ ვეზიარეთ რა მრავალ დიდსა და დიდებულ საქმეს, მივუბრუნდეთ თავდაპირველად ჩვენს წინაშე დასახულ მშვიდობის მიზანს. ავიხედოთ მამისა და მთელი სამყაროს შემოქმედისკენ, შევენაწევროთ მის დიდადმშვენიერ და აღმატებულ მშვიდობის საჩუქრებს, მის კეთილმოქმედებებს. შევხედოთ მას გონებით და სულის თვალებით. განვჭვრიტოთ მისი სულგრძელი ნება. გულისხმავყოთ, როგორ ურისხველად ჰგიეს მთელი თავისი შესაქმისადმი.

თავი XX

ცანი, მისი განგებით შეძრულნი, მშვიდად ემორჩილებიან მას. დღეც და ღამეც მის მიერ დაწესებულ სვლას ასრულებენ და არაფრით აფერხებენ ერთმანეთს. მზე, მთვარე და ვარსკვლავთა გუნდები მისი განწესების შესაბამისად თანხმობით, ყოველგვარი გადახვევის გარეშე, შემოწერენ მათთვის განჩინებულ საზღვრებს. მისი ნებით ნაყოფის გამომღებელი მიწა თავთავის დროს აღმოუცენებს მრავალგვარ საზრდოს ადამიანებს, ცხოველებს და მასზე მყოფ ყველა ცოცხალ არსებას. არ უპირისპირდება, არც ცვლის [25]რაიმეს მის მიერ დადგენილთაგან. უსაზღვრო ზღვის მოცულობა შექმნიდანვე თავის საცავებში შეყენებული, არ გადადის მის გარემომცველ ჯებირებს, არამედ, როგორც დაუწესა მას უფალმა, ისე მოქმედებს, რადგან უთხრა: “აქამდე მოაღწევ და შენში დაიმსხვრევა შენი ტალღები”28.

ადამიანთაგან გადაულახავი29 ოკეანე და მის მიღმა ქვეყნები30 მეუფის ამავე განწესებით განეგებიან. გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომის და ზამთრის დროები მშვიდობიანად ენაცვლებიან ერთმანეთს. ქართა სადგომები თავთავის დროს დაუბრკოლებლად ასრულებენ თავის მსახურებას. დაუშრობელი წყაროები, შვებისა და ჯანმრთელობისათვის შექმნილნი, დაუკლებლად აწვდიან ადამიანებს სიცოცხლის კერტებს. ცხოველთაგან ყველაზე მცირენი კი ურთიერთ თანაარსებობას თანხმობით და მშვიდობით ასრულებენ.

ყველაფერ ამას დიდმა შემოქმედმა და ყოველთა მეუფემ მშვიდობით და თანხმობით ყოფნა დაუწესა, კეთილმოქმედია რა ყველას მიმართ, განსაკუთრებით კი ჩვენდამი, რომლებიც ვეშურებით მის მოწყალებებს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, დიდება მისდა და დიდებულება უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

თავი XXI

გავფრთხილდეთ, საყვარელნო, რომ მისი მრავალი კეთილქმედება სასჯელად არ გვექცეს ჩვენ, თუ მის საკადრისად არ ვიღვა[26]წებთ და ერთსულოვნებით არ აღვასრულებთ მას, რაც სათნოა და მშვენიერია მის წინაშე. რადგან სადღაც ამბობს: “უფლის სული ლამპარია, რომელიც გამოიკვლევს მუცლის სიღრმეებს” (იგავთა 20,27). ვნახოთ როგორ ახლოს არის ის და რომ არაფერია მისთვის შეუმჩნეველი, რასაც კი ვფიქრობთ და განვიზრახავთ.

ამრიგად, სამართლიანი იქნება არ გავექცეთ31 მის ნებას. უმჯობესია, დავუპირისპირდეთ უგუნურ, უჭკუო და გაამაყებულ ადამიანებს, რომლებიც თავს იწონებენ სიტყვიერი ქედმაღლობით, ვიდრე ღმერთს. შევეკრძალოთ უფალ იესო ქრისტეს, ვისი სისხლიც ჩვენთვის იქნა გაღებული. რიდით მოვექცეთ ჩვენს წინამძღვრებს, პატივი მივაგოთ ხუცესებს, აღვზარდოთ ახალგაზრდები ღვთის შიშის სწავლებით, ჩვენი ცოლები სიკეთისაკენ წარვმართოთ, რომ უბიწოების ღირსადსაყვარელი ჩვეულება გამოავლინონ, წარმოაჩინონ მათი ენის თვინიერება, ხოლო მათი სიყვარული არა მიკერძოებით, არამედ თანაბრად და წმინდად მიანიჭონ ყველას, ვინც მოშიშია ღვთისა. ჩვენი შვილები ეზიარნენ ქრისტესმიერ აღზრდას და ისწავლონ, რა ძალა აქვს სიმდაბლეს ღვთის წინაშე, რა შეუძლია წმინდა სიყვარულს ღვთის წინაშე, როგორი კარგია და დიდებულია ღვთის შიში, როგორ აცხოვნებს იგი ყველას, ვინც სპეტაკი გონებით წმინდად მკვიდრობს მასში. რადგან ღმერთი გამომეძიებელია აზრებისა და განზრახვებისა. მისი მობერვა ჩვენშია და როცა ინებებს, წაიღებს მას.

თავი XXII

ხოლო, ამას ყველაფერს მტკიცეჰყოფს ქრისტეში რწმენა, რადგან თავადაც ასე მოგვიწოდებს ჩვენ სულიწმინდის მიერ: “მოდით, შვილებო, ისმინეთ ჩემი, უფლის შიშს გასწავლით თქვენ. ვინ არის ადამიანი, ვისაც სურს სიცოცხლე, ვისაც უყვარს კეთილ დღეთა ხილვა? დააცხრე შენ ენა ბოროტისაგან და შენი ბაგე ნუ იტყვის [27]მზაკვრობას. მოიქეცი ბოროტისაგან და ჰქმენი სიკეთე. მოიძიე მშვიდობა და შეუდექი მას. უფლის თვალები – მართლებზე და მისი ყურნი – მათი ვედრების მიმართ, ხოლო უფლის სახე – მათზე, რომლებიც ბოროტს ჰყოფენ, რომ მოისპოს მიწისაგან მათი სახსენებელი. იყვირა მართალმა და უფალმა შეისმინა მისი, იხსნა იგი ყოველი მისი გასაჭირისაგან” (ფს. 33, 12-18). ”მრავალი ტანჯვა ექნება ცოდვილს, ხოლო მათ, რომლებიც უფალს სასოებენ, წყალობა გარემოიცავს” (ფს. 31,10).

თავი XXIII

ყოვლითურთ მოწყალე და კეთილისმოქმედი მამა ლმობიერია მისდამი მოშიშთა მიმართ; ტკბილად და კეთილად მიუბოძებს თავის მადლს32, ვინც წრფელი გონებით მიდის მასთან. ამიტომ ნუ ვმერყეობთ, ნურც რაიმედ წარმოიდგენს თავს ჩვენი სული უფლის ზეაღმატებულ და დიდებულ საბოძვართა გამო. შორს იყოს ჩვენგან ის ნაწერი, სადაც ამბობს: “უბედურნი არიან მერყევნი, სულით დაეჭვებულნი, რომლებიც ამბობენ: ეს გვესმოდა ჩვენი მამების დროსაც და აჰა დავბერდით და არაფერი ამათგან მომხდარა ჩვენთვის”33. “ჰოი, უგუნურნო, შეადარეთ ხეს თქვენი თავი: აიღეთ ვენახი. პირველად ფოთოლი ცვივა, შემდეგ კვირტი იქმნება, შემდეგ – ფოთოლი, შემდეგ – ყვავილი და ამის შემდეგ – ისრიმი34, შემდეგ კი იძლევა მწიფე მტევანს”35. ნახეთ, რომ მცირე დროში სიმწიფეს აღწევს ხის ნაყოფი. ჭეშმარიტად, უმალ და მყის აღსრულდება მისი ნება. წერილი36 თან ემოწმება, რომ “მალე მო[28]ვა და არ დააყოვნებს” (ისაია 14,1; ებრ. 10,37); და “მყის მოვა უფალი თავის ტაძარში და წმინდა, ვისაც თქვენ ელოდებით”37.

თავი XXIV

დავუკვირდეთ, საყვარელნო, თუ როგორ გამუდმებით გვიჩვენებს მეუფე38, რომ იქნება სამომავლო აღდგომა, რომლის სათავედ მან ჰყო უფალი იესო ქრისტე. აღადგინა რა იგი მკვდრეთით (შდრ. I კორ. 15, 20-23). ვნახოთ, საყვარელნო, ჟამიჟამ ქმნილი აღდგომა: დღე და ღამე გვიცხადებს ჩვენს აღდგომას, იძინებს ღამე, აღდგება დღე; გადავა დღ, მოიწევა ღამე. თუნდაც ნაყოფი ავიღოთ, როგორ და რა სახით ხდება თესვა? გამოვიდა მთესველი და მიმოყარა მიწაზე ყოველი თესლი; ისინი, გამხმარნი და შიშველნი, მიწაზე დაცემისას იშლებიან, შემდეგ კი უფლის წინაგანგების სიდიადე დაშლილობისაგან აღადგენს მათ და ერთისაგან მრავალ ნაყოფს აღმოაცენებს და გამოიღებს.

თავი XXV

ვნახოთ აღმოსავლეთის, ე.ი. არაბეთის მხარეებში ქმნილი საკვირველი ნიშანი. არის ფრინველი, რომელსაც ფენიქსი ეწოდება. იგი ერთადერთი იშვება და ცხოვრობს ხუთასი წელი, შემდეგ კი, როდესაც კვდომას უახლოვდება, თვით იკეთებს სამარეს საკმევლისგან, მირონისა და სხვა ნელსაცხებლებისაგან, სადაც მოვა, აღსრულდება რა ჟამი. და იქ კვდება. როდესაც ხორცი დალპება, იშვება რაღაც მატლი, რომელიც საზრდოობს მომკვდარი ცხოველის სინოტივით, ფრთიანდება, შემდეგ კი მომძლავრებული აიღებს იმ სამარეს, სადაც მისი წინამორბედის ძვლებია, აზიდავს მას და არაბეთის ქვეყნიდან გადადის ეგვიპტეში, ე.წ. ჰელიოპოლისში; და დღისით, ყველას თვალწინ, მზის სამსხვერპლოზე [29]აფრინდება, იქ დააწყობს ძვლებს და ასე უკან გაეშურება. ქურუმები გასინჯავენ ჟამთააღწერილობებს და აღმოაჩენენ, რომ ხუთასი წლის თავზე მოსულა იგი39.

თავი XXVI

ამიტომ მივიჩნევთ, რომ დიდი და საკვირველი რამ იქნება, თუ ყოველთა შემოქმედი აღასრულებს მათ აღდგომას, რომლებიც კეთილი რწმენის გულდაჯერებით, წმინდად ემსახურებიან მას, მაშინ, როცა თვით ფრინველის მიერაც გვიჩვენებს იგი მისი აღთქმის დიდებულებას? რადგან სადღაც ამბობს: ”და აღმადგენ მე და გადიდებ შენ”40 და ”დავწექი და დავიძინე; ავდექი, რადგან შენ ჩემთან ხარ” (ფს. 3,6; 22,4). და კვლავ იობი ამბობს: ”და აღადგენ ამ ჩემს ხორცს, რომელმაც დაითმინა ეს ყველაფერი” (იობი 19,26).

თავი XXVII

ამრიგად, ამ იმედით შეემსჭვალოს ჩვენი სულები მას, ვინც სარწმუნოა აღთქმებში და სამართლიანია მსჯავრში. ვინც გვამცნო, რომ არ ვიცრუოთ, ბევრად უფრო თვით არ იცრუებს, რადგან ღვთისათვის არაფერია შეუძლებელი, გარდა იმისა, რომ იცრუოს (ებრ. 6,18). ამიტომ, კვლავ აღეგზნოს მისი რწმენა ჩვენში და შევიცნოთ, რომ ყველაფერი ახლოსაა მასთან. თავისი  დიდებუ[30]ლების სიტყვით შეამტკიცა ყველაფერი და სიტყვითვე ძალუძს მათი განადგურება. ვინ ჰკითხავს მას: რატომ შეჰქმენი? ან ვინ დაუდგება წინ მისი ძალის სიძლიერეს? (სიბრძნე 12,12) როდესაც ნებავს და როგორც ნებავს, ყველაფერს აღასრულებს. არაფერი განქარდება მის მიერ დადგენილთაგან. მის წინაშეა ყველაფერი და არაფერი დაეფარება მის ნებას, თუ “ცანი უთხრობენ მის დიდებას, ხოლო მის ხელთა ნაქმნარს აცხადებს სამყარო. დღე დღეს აუწყებს სიტყვას და ღამე ღამეს ამცნობს ცოდნას; და არ არიან სიტყვები, არც ნათქვამები, რომელთა ხმებიც არ ისმინებოდეს” (ფს. 18, 2-4).

თავი XXVIII

ამრიგად, გვეშინოდეს მისი, რადგან ყველაფერი დაინახება და გაიგონება. მივატოვოთ უსარგებლო საქმეთა არაწმინდა სურვილები, რომ დაგვიფაროს მისმა მოწყალებამ სამომავლო მსჯავრთაგან. რადგან, რომელ ჩვენგანს ძალუძს სადმე გაქცევა მისი ძლიერი ხელისაგან? რომელი ქვეყანა მიიღებს მისგან თვითნებურად გაქცეულებს? რადგან სადღაც ამბობს წერილი: “სად წავიდე და სად დავიმალო შენი სახისგან? ცაში რომ ავიდე, შენ ხარ იქ, მიწის მიჯნამდე რომ მივიდე, იქაც შენი მარჯვენაა, უფსკრულებშიც რომ ჩავიმალო, იქაც შენი სული” (ფს. 138, 7-10).

ამიტომ ვინ სად წავა ან სად გაიქცევა მისგან, ვინც ყოველოვეს მოიცავს?

თავი XXIX

ამრიგად, სულის სიწმინდით მივიდეთ მასთან, სუფთა და განწმენდილი ხელები მისკენ აღვაპყროთ და გვიყვარდეს ჩვენი კეთილი და გულმოწყალე მამა, ვინც თავისი რჩეულობის ნაწილად გვყო ჩვენ. რადგან ასეა დაწერილი: “როდესაც მაღალმა ტომები გაჰყო, რაჟამს განთესა ადამის ძენი, დაადგინა ტომთა საზღვრები ღვთის ანგელოზთა რიცხვის მიხედვით. უფლის ნაწილი [31]გახდა მისი ხალხი იაკობი, მისი მემკვიდრეობის მონაზომი41 – ისრაელი (II რჯული 32, 8-9); და სხვა ადგილას ამბობს: “აჰა, უფალი ირჩევს თავის ტომს ტომთა შორის, როგორც ადამიანი ირჩევს თავისი კალოს პირველთავს, და გამოვა იმ ტომიდან წმიდანი წმიდათანი”42.

თავი XXX

ამრიგად, ვართ რა წმინდა ნაწილი, ყველაფერი სიწმინდის შესაფერისი ვაკეთოთ, გავექცეთ ბოროტსიტყვაობას, ბილწ და არაწმინდა კავშირებს, ლოთობებს, არეულობებს, ქვენა სურვილებს, საძულველ მრუშობასა და საძაგელ ამპარტავნებას. რადგან ნათქვამია: “ღმერთი ამპარტავანთა მოწინააღმდეგეა, მდაბალთ კი მადლს აძლევს” (იგავთა 3,34; იაკობი 4,6; I პეტრე 5,5). ასე რომ შევუერთდეთ მათ, რომლებსაც ღვთისაგან მიეცათ მადლი, შევიმოსოთ ერთსულოვნება, ვიყოთ მდაბალნი, თავშეკავებულნი, ყოველგვარი ჭორისა და ბოროტსიტყვაობისგან შორს დავიჭიროთ თავი. საქმეებით განვმართლდეთ და არა სიტყვებით. რადგან ამბობს: “მრავლის მთქმელმა კიდეც მოისმინოს; ან კეთილად მეტყველი იმას ფიქრობს, რომ სამართლიანია? კურთხეულია ქალისაგან დღემოკლედ შობილი. ნუ იქნები მრავლისმეტყველი” (იობი 11, 2-3). ჩვენი ქება ღვთისაგან იყოს და არა თავად ჩვენგან, რადგან ღმერთს სძულს ისინი, რომლებიც საკუთარ თავს იქებენ. ჩვენს კეთილ საქმეებს დამოწმება, დაე, სხვების მიერ მიეცეს, მსგავსად იმისა, ჩვენს მართალ მამებს რომ მიეცათ. თავხედობა, თვითნებობა და უტიფრობა ღვთისაგან დაწყევლილთათვისაა, ხოლო სიმშვიდე, მდაბალგონიერება და უდრტვინველობა ღვთის მიერ კურთხეულებთან არის.


თავი XXXI

[32]შევეკრათ მის კურთხევას და ვნახოთ, რა არის კურთხევის გზები. გავიხსენოთ დასაბამიდან მომხდარი. რის გამო იკურთხა ჩვენი მამა აბრაამი? განა სამართლიანობა და ჭეშმარიტება რწმენის მიერ არ აღსრულდა? (დაბ. 12,2; გალატ. 3, 6-19). Iისააკმა მომავალი შეიცნო და მორჩილებით წაიგვარა იგი წადიერ მსხვერპლად. იაკობი ძმის გამო სიმდაბლით გაშორდა თავის მიწას და ლაბანთან წავიდა, დაემონა და მიეცა მას ისრაელის თორმეტი ტომი43.

თავი XXXII

თუ ვინმე წრფელად გაიაზრებს ყოველივეს ცალ-ცალკე, შეიცნობს მის მიერ მოცემულ ნიჭთა სიდიადის მშვენიერებას. რადგან მისგან არიან მღვდლები44 და ყველა ლევიტელი, ვინც ემსახურებოდა ღვთის საკურთხეველს. მისგან არის ხორციელად უფალი იესო. მისგან არიან მეფენი, მთავარნი და წინამძღოლნი იუდას45 მიერ, მისი დანარჩენი ტომები არამცირე დიდებაში იმყოფებიან, როგორც ღვთის მიერ არის აღთქმული რომ “იქნება შენი თესლი, როგორც ცის ვარსკვლავები” (შესაქმე 15,5; 22,17; 26,4).

ამრიგად, ყველანი სახელოვანნი და დიდებულნი გახდნენ არა საკუთარ თავთა მიერ, არათუ მათი საქმეებისაგან ან მართლქმედების მიერ, რასაც იქმოდნენ, არამედ ღვთის ნებით. ასე რომ, ჩვენც, მისი ნებით იესო ქრისტეში ხმობილნი, არა თავად ჩვენს მიერ განვმართლდებით, არც ჩვენი სიბრძნის, გონიერების, კეთილმორწმუნეობის ან საქმეების მიზეზით, რასაც ვიქმთ გულის სიწმინდით, არამედ რწმენის მიერ, რომლის გზითაც საუკუნიდან ყველა განამართლა ყოვლისმპყრობელმა ღმერთმა, რომელსაც აქვს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თავი XXXIII

[33]ამრიგად, რა ვაკეთოთ ძმებო? დავცხრეთ კეთილმოქმედებისაგან და მივატოვოთ სიყვარული? ნურც მომხდარა, რომ ეს დაუშვას მეუფემ ჩვენზე. არამედ გულმოდგინებითა და სიბეჯითით ვეცადოთ ყოველი კეთილი საქმის აღსრულებას, რადგან თავად შემოქმედი და ყოველთა მეუფე ხარობს თავისი საქმეებით; რადგან თავისი ყოვლადდიდებული ძალით ცანი დაამტკიცა და თავისი მიუწვდომელი სიბრძნით მორთო ისინი. განაცალკევა მიწა წყლისაგან, მას რომ გარს ერტყა, და თავისი ნების მტკიცე საძირკველზე დააფუძნა ის. მისი განწესებით ებრძანა მოსიარულე ცხოველებს მიწაზე ყოფნა. მანვე წინდაწინ განამზადა ზღვა და ზღვის ცხოველები და თავისი ძალით შემოსაზღვრა ისინი. ხოლო რაც ყველაფერზე უაღმატებულესია და უდიდებულესი – წმინდა და უზადო ხელებით ადამიანი შექმნა, მისი ხატის ტვიფარი46. რადგან ასე ამბობს ღმერთი: “შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისა და მსგავსების მიხედვით და შექმნა ღმერთმა ადამიანი; მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი” (შესაქ. 1, 26-27). განასრულა რა ეს ყველაფერი, მოიწონა, აკურთხა და თქვა: “აღორძინდით და გამრავლდით” (შესაქ. 1, 22,28). დავუკვირდეთ, რო, ყველა მართალი შემკობილი იყო კეთილი საქმეებით და თავად უფალმაც, რომელმაც შეამკო თავისი თავი კეთილი საქმეებით, განიხარა. გვაქვს რა ასეთი ნიმუში, დაუზარელად მივყვეთ მის ნებას და მთელი ძალით აღვასრულოთ სამართლიანობის საქმე.

თავი XXXIV

კეთილი მშრომელი გულდაჯერებით იღებს თავისი შრომის პურს, ზარმაცი და მცონარე კი თვალს ვერ უსწორებს მისთვის სამუშაოს მიმცემს. ამიტომ, გვმართებს გულმოდგინე ვიყოთ კეთილ საქმეში, რადგან ყველაფერი მისგან არის. რადგან წინ[34]დაწინ გვაუწყებს ჩვენ: “აჰა – უფალი და მისი საზღაური – მისი სახის წინ, რომ მიაგოს თითოეულს თავისი საქმის მიხედვით” (უცნობია. შდრ. ისაია 40,10; 62,11; იგავთა 24,12; ფს. 61,13). გვაგულიანებს ჩვენ, რომ მთელი გულით მისდამი მორწმუნენი არ ვიყოთ ზარმაცები და მცონარები არანაირ კეთილ საქმეში. დაე მასში იყო ჩვენი სიქადული და გულდაჯერება. დავემორჩილოთ მის ნებას, გავიაზროთ, თუ როგორ ემსახურება მის ნებასს მის წინაშე მდგოამრე მისი ანგელოზების მთელი სიმრავლე. რადგან წერილი ამბობს: “ათიათასი ათიათასთანი იდგნენ მასთან და ათასნი ათასთანი ემსახურებოდნენ მას” (დანიელი 7,10), და ხმობდნენ: ”წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ და სავსეა მთელი შესაქმე მისი დიდებით” (ისაია 6,3).

ამიტომ ჩვენც შევიკრიბოთ ერთ ადგილას ერთი გონებით და სინდისით და როგორც ერთი პირისაგან, შეუსვენებლად ვხმობდეთ მის მიმართ, რომ მის დიდებულ და განთქმულ აღთქმათა თანაზიარი გაგვხადოს ჩვენ, რადგან ამბობს: “თვალს არ უნახავს და ყურს არ მოუსმენია, რაც განუმზადა მის მომლოდინეებს” (I კორ. 2,9).

თავი XXXV

რა ნეტარება და საკვირველებაა ღვთის ნიჭები, საყვარელნო: სიცოცხლე უკვდავებაში, ბრწყინვალება სამართლიანობაში, ჭეშმარიტება თავისუფლებაში, რწმენა სასოებაში, თავშეკავება სიწმინდეში. ეს ყველაფერი მისაღწევია ჩვენი გონებისათვის. ამრიგად, კიდევ რა არის განმზადებული მისი მომლოდინეებისათვის? შემოქმედმა და საუკუნეთა მამამ თავად მან, ყოვლადწმინდამ, იცის მათი დიდებულება და სიმშვენიერე. მაშასადამე, ჩვენც ვიღვაწოთ, რომ მის მომლოდინეთა რიცხვში აღმოვჩნდეთ, რომ აღთქმული ნიჭების მონაწილენი გავხდეთ. ხოლო როგორ მოხდება ეს, საყვარელნო?! თუ ჩვენი გონება რწმენით იქნება განმტკიცებული ღვთის მიმართ, თუ გამოვიძიებთ მას, რაც მისთვის [35]სათნოა და მოსაწონი, თუ აღვასრულებთ იმას, რაც შესაფერისია მისი უზადო ნებისათვის და შევუდგეთ ჭეშმარიტების გზას, საკუთარ თავთაგან განვიშორებთ რა ყოველგვარ უსამართლობასა და ბოროტებას, ანგარებას, შფოთს, ავზნიანობასა და მზაკვრობას, მოენეობას და ბოროტსიტყვაობას, ღვთისმოძულეობას, ქედმაღლობას, გალაღებას, ცუდმედიდობას და არასტუმართმოყვარეობას. რადგან ამათი მოქმედნი საძულველნი არიან ღვთისთვის, “ხოლო არა მარტო ისინი, რომლებიც იქმან ამათ, არამედ აგრეთვე რომლებიც მათ ითნევენ” (რომ 1,32). რადგან წერილი ამბობს: “ხოლო ცოდვილს უთხრა ღმერთმა: რატომ მიუთხრობ შენ ჩემს სამართალთ და გამოთქვამ ჩემს აღთქმას შენი პირით?  შენ შეიძულე ჩემი სწავლება და უკუგანაგდე ჩემი სიტყვები. თუ ნახავდი ქურდს, მასთან ერთად რბოდი და მრუშთან გქონდა დადებული წილი. შენმა პირმა განამრავლა ბოროტება შენი ენა თხზავდა მზაკვრობას. სამსჯავროში მჯდომარე შენს ძმაზე ავმეტყველებდი და შენი დედის ძისათვის აგებდი საცთურს. შენ ამას იქმოდი და მე ვდუმდი; ურჯულოვ, შენ იფიქრე, რომ შენი მსგავსი ვიქნებოდი. გამხელ შენ და წარგადგენ შენ შენი სახის წინაშე. გულისხმაჰყავთ ეს ყველაფერი ღვთის დამვიწყებლებმა, რომ ოდესმე არ წარგიტაცოს, როგორც ლომმა, და არ იქნება გამომხსნელი. ქების მსხვერპლი განმადიდებს მე და იქ არის გზა, რომელზეც ვუჩვენებ მას ღვთის მაცხოვარებას” (ფს. 49, 16-23).

 

თავი XXXVI

ეს არის გზა, საყვარელნო, სადაც ვიპოვით ჩვენს ცხონებას – იესო ქრისტეს, ჩვენს შეწირულობათა მღვდელმთავარს, ჩვენი უძლურების თავსმდებს და შემწეს. ამ გზისაგან ავიხედოთ ცათა სიმაღლეში და ამ გზის მიერ, როგორც სარკეში, ისე ვხედავდეთ მის უზადო და უზენაეს სახეს. ამ გზის მიერ განგვეღო ჩვენ გულის თვალები, ამ გზის მიერ უგულისხმო და დაბნელებული ჩვენი გონება იფურჩქნება სინათლისაკენ. მის მიერ ინება მეუფემ, [36]რომ გვეგემა ჩვენ უკვდავი ცოდნა,  “რომელიც არის მისი დიდების ბრწყინვალება, იმდენად აღმატებული ანგელოზებზე, რამდენადაც უაღმატებულესი სახელი დაიმკვიდრა” (ებრ. 1, 3-4). რადგან ასეა დაწერილი: “შექმნა მისი ანგელოზები სულებად და მისი მსახურები ცეცხლის ალად” (ებრ. 1,7; ფს. 10, 3-4). თავის ძეზე კი ასე თქვა მეუფემ: “ჩემი ძე ხარ შენ, მე დღეს გშობე შენ, ითხოვე ჩემგან და მოგცემ შენ ხალხებს შენს სამკვიდრებელად და მიწის კიდეებს შენს სამფლობელოდ” (ებრ. 1,5; ფს. 2, 7-8). და კვლავ ამბობს მის მიმართ: “დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავცემ შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ” (ებრ. 1,13; ფს. 109,1). ხოლო მტრები ვინ არიან? უგუნურნი და მისი ნების მოწინააღმდეგენი.

თავი XXXVII

ამრიგად, კაცნო ძმანო, მთელი ძალისხმევით ვიბრძოლოთ მისი უნაკლო ბრძანებებისათვის. დავუკვირდეთ ჩვენს წინამძღოლთა მეომრებს, როგორი წესრიგით, როგორ უდრტვინველად, როგორი მორჩილებით ასრულებენ ბრძანებებს. ყველა როდია მეთაური, ან ათასისთავი, ან ასისთავი, ან ორმოცდაათის თავი და ასე შემდეგ, არამედ თითოეული მათგანი თავის მწყობრში მეფისა და წინამძღოლების მიერ მიცემულ ბრძანებებს ასრულებს. დიდნი ვერ შეძლებენ მცირეთა გარეშე არსებობას, ვერც მცირენი – დიდთა გარეშე: რაღაც თანაშეზავებაა ყველა საგანში და ურთიერთსაჭიროება მათ შორის47.

[37]ავიღოთ ჩვენი სხეული: “თავი არაფერი არ არის ფეხების გარეშე, ასევე არც ფეხები თავის გარეშე. ჩვენი სხეულის უკნინესი ნაწილებიც კი საჭიროა და სასარგებლოა მთელი სხეულისათვის. მაგრამ აუცილებელია, რომ ყველა მათგანი ურთიერთთანხმობისა და ურთიერთმორჩილებაში იყოს, რათა შენარჩუნდეს მთელი სხეული” (შდრ. I კორ. 12, 12-27; რომ. 12, 4-5).

თავი XXXVIII

ამრიგად, დაე შენარჩუნდეს მთელი ჩვენი სხეული იესო ქრისტეში. თითოეული დაემორჩილოს თავის მოყვასს შესაბამისად იმ მადლისა, მას რომ განეკუთვნა (რომ. 12,6). ძლიერმა იზრუნოს უძლურზე, ხოლო უძლური ეკრძალოს ძლიერს. მდიდარი წყალობდეს ღარიბს, ღარიბი კი მადლობდეს ღმერთს, რადგან მისცა მან (ღმერთმა, გ.ზ.) მდიდარს, რომელმაც შეავსო მისი (ღარიბის, გ.ზ.) ნაკლებობა.  ბრძენმა გამოაჩინოს თავისი სიბრძნე არა სიტყვებით, არამედ კეთილი საქმეებით. თავმდაბალი თვით ნუ სწამებს თავის თავზე, არამედ აცადოს სხვას, რომ სწამოს მის შესახებ. სხეულით წმინდა თავს ნუ აღიმაღლებს, იიცოდეს, რომ არის სხვა ვინც ანიჭებს მას თავშეკავებას.

ამრიგად, დავფიქრდეთ, ძმანო, რაგვარი ნივთიერებისგან ვართ შექმნილნი, როგორები და რანი შემოვედით ქვეყნად, რა საფლავიდან და წყვდიადიდან შემოგვიყვანა ჩვენმა შემოქმედმა და შემქმნელმა თავის სოფელში, - მან, ვინც ჩვენს შობამდე წინდაწინ განამზადა თავისი კეთილი საქმეები. მაშასადამე, გვაქვს რა ეს ყოველივე მისგან, გვმართებს ყოვლითურთ ვმადლობდეთ მას. დიდება მისდა უკუნითი უკუნისამდე ამინ!

თავი XXXIX

უგუნურნი და უგულისხმონი, სულელნი და ბრიყვნი იცინიან და ქირქილებენ ჩვენზე, სურთ რა, რომ მათი აზრებით თავად [38]ამაღლდნენ, რადგან რა შეუძლია მოკვდავს? ან რა ძალა აქვს მიწისგან შობილს? რადგან დაწერილია: “არ იყო სახე ჩემს თვალთა წინაშე, არამედ მხოლოდ ნიავისა და ხმისა მესმოდა. რადგან რა? Gგანა შეიძლება რომ წმინდა იყოს ადამიანი უფლის წინაშე ან თავის საქმეში უბიწო იყოს კაცი, თუ იგი თავის მსახურებს არ ერწმუნება და თავის ანგელოზებშიც ნაკლს გულისხმაჰყოფს?” (იობი 4, 16-18). ზეცაც კი არ არის წმინდა მის წინაშე (იობი 15,15) და მითუმეტეს თიხის სახლებში მცხოვრებნი, რომელთაგან ვართ ჩვენც, იმავე თიხისაგანნი. მღილის მსგავსად გაჭყლიტა ისინი და განთიადიდან საღამომდე უკვე აღარ არიან. რადგან არ შეეძლოთ მათ ეშველათ თავისი თავისთვის, დაიღუპნენ. მოჰბერა მათ და აღესრულნენ, ვინაიდან არ ჰქონდათ მათ სიბრძნე. უხმე, იქნებ ყურად იღოს ვინმემ, იქნებ იხილო ვინმე წმინდა ანგელოზთაგანი, რადგან უგუნურს რისხვა სპობს, შეცთომილს კი შური კლავს. ხოლო მე ვიხილე უგუნურნი, რომელთაც ფესვები ჰქონდათ გადგმული, მაგრამ მყის განადგურდა მათი საცხოვრებელი. ხსნისაგან შორს იქნებიან მათი ძეები და აბუჩად აგდებულნი საწყალთა კართან. არავინ იქნება მათი გადამრჩენელი, რადგან, რაც მათთვის გამზადებულია, მართლები შეჭამენ, თავად ისინი კი ბოროტთაგან ვერ დააღწევენ თავს.

თავი XL

რადგან ჩვენთვის უკვე ცხადია ეს ყოველივე და განვჭვრიტეთ რა საღვთო ცოდნის სიღრმეები, გვმართებს წესისამებრ შევასრულოთ ყველაფერი, რომელთა აღსრულებაც ბრძანა უფალმა განწესებულ ჟამთა შესაბამისად. მან ბრძანა, რომ შესაწირავები და ლიტურგიები აღსრულდეს, მაგრამ არა შემთხვევით ან უწესრიგოდ, არამედ განსაზღვრულ დროს და საათს. აგრეთვე სად და რომელთა მიერ ნებავს რომ ეს ყველაფერი აღსრულდეს, თავად განსაზღვრა მისი უმაღლესი განზრახვით, რათა ყველაფერი კეთილსათნოდ ქმნილი კეთილშეწყნარებული იყოს მისი ნებით. [39]ამრიგად, კეთილშეწყნარებულნი და ნეტარნი არიან, რომლებიც თავის შესაწირავს დადგენილ დროს აღასრულებენ. რადგან, მისდევენ რა მეუფის კანონებს, არ ცდებიან. რადგან მღვდელმთავარს მიცემული აქვს თავისი მსახურებანი. მღვდლებს თავისი ადგილი აქვთ დადგენილი. ლევიტელებს თავისი მოვალეობანი განეწესებათ, ერისკაცი კი საერო დადგენილებებით არის შეკრული.

თავი XLI

ძმანო, თითოეული თქვენგანი თავის მწყობრში სათნო-ეყოს ღმერთს კეთილი სინდისით, ღირსებით. არ გადავიდეს მისთვის განკუთვნილი ლიტურგიის განსაზღვრულ კანონს. ძმებო, არათუ ყველგან სწირავენ მსხვერპლს გახანგრძლივებით ან აღთქმათა გამო, ან ცოდვებისა და შეოცდბებისათვის, არამედ მხოლოდ იერუსალიმში. და იქაც ყველა ადგილზე როდი იწირება, არამედ ტაძრის წინ, საკურთხეველზე, მას შემდეგ, რაც შესაწირ მსხვერპლს გასინჯავენ მღვდელმთავარი და ზემოხსენებული მსახურები. ხოლო მათ, რომლებიც მისი (უფლის) ნებისთვის შეუფერებელს მოქმედებენ, სასჯელად სიკვდილი აქვთ. ხედავთ, ძმებო, რაც მეტი ცოდნის ღირსი გავხდით, მით მეტად ვექვემდებარებით საფრთხეს.

 

თავი XLII

მოციქულებს ჩვენთვის ეხარათ უფალ იესო ქრისტესგან. იესო, რომელიც არის ქრისტე, ღვთისაგან48 მოივლინა. ამრიგად, ქრისტე – ღვთისაგან, მოციქულები კი ქრისტესაგან. ორივე ეს საქმე კეთილწესიერად აღსრულდა ღვთის ნებით. მიიღეს რა მოციქულებმა მცნებანი და აღივსნენ რა რწმენით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს აღდგომის შემდეგ, ამასთან, განმტკიცდნენ რა ღვთის სიტყვებში, სულიწმინდით რწმენასავსენი, წავიდნენ და ახარებდნენ, რომ მოსასვლელია ღვთის სასუფეველი. სოფლებსა და ქალაქებში [40]ქადაგებისას დაადგინეს მათი სათავეები49, რომლებიც გამოსცადეს სულით50, რომ რწმუნებული ყოფილიყვნენ ისინი სამომავლო მრევლის ეპისკოპოსებად და დიაკვნებად, თუმცა ამგვარი რამ ახალი როდია, რადგან დიდი ხნიდან იწერებოდა ეპისკოპოსთა და დიაკონთა შესახებ. ასე ამბობს სადღაც წერილი: “დავადგენ მათ ეპისკოპოსებს სამართლიანობით და მათ დიაკვნებს სარწმუნოებით (ესაია 60,17)51.

თავი XLIII

და რა რის საკვირველი, თუ მათ, რომლებსაც ღვთისაგან ქრისტეს მიერ ერწმუნათ ამგვარი საქმე, დაადგინეს ზემოხსენებული პირები? ნეტარმა მოსემ, “მთელ სახლში სარწმუნო მსახურმა (რიცხვთა 12, 7; ებრ. 3, 2-5), წმინდა წიგნებში აღნიშნა ყველაფერი, რაც მას ებრძანა, მასვე შეუდგნენ დანარჩენი წინასწარმეტყველნი, რომლებიც თანაემოწმებიან მის მიერ რჯულდებულთ. რადგან მან იმ დროს, როდესაც მოშურნეობა ჩამოვარდა მღვდლების გამო და დრტვინავდნენ ისრაელის ტომები, თუ მათგან რომელი უნდა შემკობილიყო ამ დიდებული სახელით, უბრძანა თორმეტი ტომის მთავართა, მოეტანათ მისთვის კვერთხები, რომლებზეც დაწერილი იქნებოდა თითოეული ტომის სახელი. და აიღო მან ისინი, შეკრა და დაბეჭდა თითოეული ტომის მთავრის ბეჭდით. შემდეგ სამოწმო კარავში დააწყო ღვთის ტრაპეზე და დაკეტა რა კარავი, დაბეჭდა კლიტენიც კვერთხების მსგავსად და უთხრა მათ: “კაცნო ძმანო, რომელი ტომის კვერთხიც აყვავდება, ის გამოურჩევია ღმერთს, რომ მღვდლობდეს და მწირველობდეს მისდამი”. როდესაც გათენდა, უხმო მთელ ისრაელს, ექვსასი ათას კაცს და [41]უჩვენა ტომთა მთავრების ბეჭედნი, შემდეგ გააღო სამოწმო კარავი, წინ გამოიტანა კვერთხები და აღმოაჩინა, რომ აარონის კვერთხი არამარტო აყვავებულიყო, არამედ ნაყოფიც გამოეღო” (რიცხვ. 17, 16-26). როგორ გგონიათ, საყვარელნო, არ იცოდა მოსემ, რომ ეს მოხდებოდა? ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ ასე მოიქცა, რომ ისრაელში უწესრიგობა არ მომხდარიყო, რათა განდიდებულიყო სახელი იმ ჭეშმარიტისა და მხოლოსი; დიდება მისდა უკუნითი უკუნისამდე ამინ!

თავი XLIV

ჩვენმა მოციქულებმაც უფალ იესო ქრისტესგან იცოდნენ, რომ განხეთქილება იქნებოდა საეპისკოპოსო სახელდების შესახებ. სწორედ ამ მიზეზით, მიიღეს რა სრული წინასწარმცოდნეობა, დაადგინეს ზმოხსენებული პირები, და ამასთან, კანონიც დადეს, რომ როდესაც ისინი დაიძინებდნენ52, სხვა გამოცდილ კაცებს ემემკვიდრათ მათი მსახურება. ამგვარად, ისინი, რომლებიც დადგენილ იქნენ მათგან, ანდა მათ შემდეგ სხვა შერაცხილ კაცთაგან მთელი ეკლესიის თანასათნოყოფით, და რომლებიც უზადოდ მსახურებდნენ ქრისტეს სამწყსოს თავმდაბლობით, სიმშვიდით და ღირსებით, აგრეთვე, ხანგრძლივი დროის მანძილზე ყველგან დასტურმიცემულნი – ასეთი პირების განდევნა ლიტურგიისგან სამართლიანად არ მიგვაჩნია. რადგან არამცირე ცოდვა იქნება ჩვენთვის, თუ უბიწოდ და წმინდად  ძღვენისმწირველებს53 ეპისკოპოსობისაგან განვაგდებთ. ნეტარ არიან ის ხუცესები, რმლებმაც უკვე განვლეს გზა და რომლებმაც ჰპოვეს ნაყოფიერი და სრული განსვენება, რადგან აღარ აქვთ შიში იმისა, რომ ვინმე გადააყენებს მათ მათთვის დადგენილი ადგილიდან; რადგან ვხედავთ, რომ ზოგნი, რომლებიც კეთილად მოღვაწეობდნენ, განაშორეთ თქვენ მათდამი უბიწოდ რგებული ლიტურგიისგან.

თავი XLV

[42]შფოთისმოყვარენი ხართ, ძმებო, და მოშურნენი იმ საქმეთა შესახებ, რაც უკავშირდება ხსნას. ჩაიხედეთ წმინდა წერილში, რაც ჭეშმარიტია, რაც სულიწმინდისეულია. შეიცანით, რომ არაფერია უმართლო, არც ნაყალბევი მასში. ვერ ნახავთ მართალთ, წმინდა კაცთაგან გაძევებულთ. იდევნებოდნენ მართალნი, მაგრამ – უღმრთოთაგან; დატყვევებულნი იყვნენ, მაგრამ – უწმინდურთაგან; ჩაიქოლნენ უსჯულოთაგან; მოიკლნენ მათგან, რომლებმაც ბილწი და უსამართლო შური ითვისეს. ეს ყოველივე ივნეს და კეთილსახელოვნად დაითმინეს მათ. რადგან, რა ვთქვათ, ძმებო? ნუთუ ღვთისმოშიშებმა ჩააგდეს დანიელი ლომების ხაროში? (დან. 6,17) ანდა ნუთუ მათ შეაყენეს ცეცხლის ღუმელში (დან 3,19; 3,24) ანანია, აზარია და მისაელი, რომლებიც მსახურებდნენ უზენაესის დიდმშვენიერ და დიდებულ მსახურებას? ნურასოდეს ნუ მოხდება ეს! ამრიგად, ვინ იყვნენ ასეთი საქმეთა მოქმედნი? – მძულვარნი, ყოველგვარი ბოროტებით სავსენი, რომლებიც იმ ზომამდე გაშმაგდნენ მრისხანებისგან, რომ ტანჯვა-წამებას მისცეს წმინდად და უბიწო ზრახვით ღმერთს დამონებულნი, არ იცოდნენ რა, რომ უზენაესია ზესთამბრძოლი და დამფარველი მათი, ვინც წმინდა სინდისით მსახურებს მის  ყოვლადსათნო სახელს, დიდება მისდა უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ხოლო, რომლებმაც რწმენით დაითმინეს, დიდება და პატივი დაიმკვიდრეს, ამაღლდნენ და ჩაიწერნენ ღვთის მიერ მის მოსახსენებელში უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

თავი XLVI

ამრიგად, გვმართებს, ჩვენც შევუდგეთ ამგვარ მაგალითებს, ძმებო, რადგან დაწერილია: “შევუდგეთ წმინდანებს, რადგან მათდამი შედგომილნი განიწმინდებიან”54. და კიდევ სხვა ადგილას ამ[43]ბობს: “მართალ კაცთან მართალი იყავ და რჩეულთან რჩეული იყავ და მრუდს გაშორდი” (ფს. 17, 26-27).

ამრიგად,  მივეკედლოთ უცოდველთ და მართალთ, რადგან ისინი არიან ღვთის რჩეულნი. რატომ არის თქვენ შორის განხეთქილებანი, მრისხანებანი, დაპირისპირებანი, განყოფანი და ომი? ნუთუ არა გვყავს ერთი ღმერთი და ერთი ქრისტე და მადლის ერთი სული, ჩვენზე მოფენილი, და ერთი ქრისტესმიერი მოწოდება? რისთვის განვაწვალებთ და განვყოფთ ქრისტეს ნაწილებს? რისთვის აღვუდგებით საკუთარ სხეულს და რისთვის მივდივართ იმგვარ უგუნურებამდე, რომ გვავიწყდება ერთმანეთის ნაწილები რომ ვართ? გაიხსენეთ ჩვენი უფლის, იესოს სიტყვები, რადგან თქვა: “ვაი, იმ ადამიანს, კარგი იქნებოდა მისთვის, რომ არ შობილიყო, ვიდრე ის, რომ დაებრკოლებინა ერთი ჩემს რჩეულთაგანი, უმჯობესი იქნებოდა მისთვის წისქვილის ქვა ჩამოეკიდებინა და ზღვაში გადავარდნილიყო, ვიდრე ის, რომ გზას აეცდინა ერთი ჩემს რჩეულთაგანი” (მათე 18,6; მარკ. 9,42; ლუკა 17, 1-2). თქვენმა განყოფამ მრავალი ააცდინა გზას, მრავალი ჩააგდო სასოწარკვეთილებაში, მრავალი – ეჭვში, ჩვენ კი ყველა მწუხარებაში. მუდმივი გახდა თქვენი მშფოთვარება.

თავი XLVII

აიღეთ ნეტარი პავლე მოციქულის ეპისტოლე. რა დაგიწერათ თქვენ პირველად, ხარების თავში? ჭეშმარიტად სულიერად მოგწერათ საკუთარი თავის, კეფას და აპოლონის შესახებ (I კორ. 1, 10-12), რადგან მაშინაც უთანხმოება გქონდათ, მაგრამ იმ უთანხმოებამ ნაკლები ცთომილება შეგძინათ, რადგან გადაიხარეთ დასტურმიცემული მოციქულებისა და მათ მიერ გამოცდილი კაცის მიმართ. ახლა კი დაუკვირდით, ვინ არიან, თქვენ რომ გზას აგაცდინეს და დააკნინეს თქვენი განთქმული ძმათმოყვარეობის ღირსება. სამარცხვინოა, ძმებო, მეტისმეტად სამარცხვინოა და [44]შეუსაბამო ქრისტესმიერი ცხოვრებისათვის იმის მოსმენა, რომ კორინთოს უმტკიცესი და უძველესი ეკლესია ერთი ან ორი პიროვნების გამო დაუპირისპირდა ხუცესებს. და ამ ამბავმა არამარტო ჩვენამდე მოაღწია, არამედ იმ პირებამდეც, რომლებიც ჩვენგან განდრეკილები არიან55. ასე რომ თქვენივე უგუნურების მიზეზით უფლის სახელსაც არცხვენთ და თქვენს თავსაც საფრთხეს უქმნით.

თავი XLVIII

ამრიგად, სასწრაფოდ დავაცხროთ შუღლი, შევუვრდეთ მეუფეს და ცრემლით ვევედროთ მას, რომ მოწყალე გახდეს და შეგვირიგდეს ჩვენ, კვლავ აღგვადგინოს ჩვენი სპეტაკი ძმათმოყვარეობის წმინდა ცხოვრებაში. რადგან გახსნილია თვით მაცხოვნებელი კარიბჭე, როგორც დაიწერა: ”გამიხსენით მე კარიბჭენი სიმართლისა, რომ შევიდე და ვადიდო უფალი. ეს არის უფლის კარიბჭე და მართალნი შევლნენ მასში”56. თუმცა მრავალი კარიბჭეა გახსნილი, მაგრამ ის, რომელიც სიმართლეშია, ეს არის – ქრისტესმიერი. ნეტარია ყველა, ვინც მასში შევა და ვინც წარმართავს თავის სვლას სიწმინდესა და სამართლიანოაბში, რადგან უშფოთველად აღასრულებს იგი ყოველივეს. იყოს ვინმე სარწმუნო, იყოს ვინმე შემძლე, რომ გამოთქვას ცოდნა, სხვა იყოს ბრძენი სიტყვათა გარჩევაში, სხვა  - საქმეებით წმინდა57. ხოლო რაც უფრო აღმატებულად რაცხენ მას, მით მეტად სიმდაბლე მართებს. ეძიოს მან ზიარი სარგებელი ყველასათვის და არა თავისეული.

თავი XLIX

[45]ვისაც აქვს ქრისტესმიერი სიყვარული, აღასრულოს ქრისტეს მცნებები. ვის ძალუძს გამოთქვას საკვრელი ღვთის სიყვარულისა? (კოლას. 3,14) ვის შეუძლია გადმოსცეს მისი სიმშვენიერის დიდებულება? მიუთხრობელია სიმაღლე, სადაც ავყავართ სიყვარულს. სიყვარული შეგვანაწევრებს ჩვენ ღმერთთან, ”სიყვარული ფარავს ცოდვათა სიმრავლეს” (I პეტრე 4,8; იაკობი 5,20). სიყვარული ყველაფერს დაითმენს, ყველაფრისადმი სულგრძელია, არაფერია სულმდაბლური სიყვარულში, არაფერია ქედმაღლური, სიყვარულს არა აქვს განხეთქილება, სიყვარული არ დრტვინავს, სიყვარული ყველაფერს თანხმობით იქმს. ყველა რჩეული ღვთისა სიყვარულში სრულიქმნა. სიყვარულის გარეშე არაფერია სათნო ღვთისთვის. სიყვარულით შეგვითვისა ჩვენ ღმერთმა. სიყვარულის გამო, რაც ჩვენდამი ჰქონდა, ღვთის ნებით თავისი სისხლი გაიღო ჩვენთვის ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და გაიღო მან სხეული – ჩვენი სხეულისათვის და სული – ჩვენი სულებისათვის

თავი L

ნახეთ, საყვარელნო, როგორ დიდია და საკვირველი სიყვარული. ვერ გამოითქმის მისი სრულყოფილება. ვინ შეძლებს მასში დამკვიდრებას, თუ არა ის, ვისაც ღირსყოფს ღმერთი? ამრიგად, ვევედროთ და ვითხოვოთ მისი მოწყალებისგან, რომ ადამიანური მიკერძოების გარეშე უბიწოდ დავმკვიდრდეთ სიყვარულში. გადავიდა ყველა თაობა ადამიდან ვიდრე ამ დღემდე, მაგრამ სიყვარულში ღვთის მადლით სრულქმნილნი კეთილმორწმუნეთა ადგილს ფლობენ, რომლებიც მაშინ გაცხადდებიან, როდესაც იქნება მოხედვა58 ქრისტეს სასუფეველისა. რადგან დაწერილია: ”შედით მცირე ხანს სარდაფებში, ვიდრე გადაივლის ჩემი რისხვა [46]და წყრომა და გავიხსენებ კეთილ დღეს და აღგადგენთ თქვენ თქვენი საფლავებისაგან” (უცნობია. ისაია 26,20; ეზ. 37,12). ნეტარნი ვართ, საყვარელნო, თუ ვასრულებდით ღვთის მცნებებს ერთსულოვანი სიყვარულით, რომ სიყვარულის მიერ მოგვეტევოს ჩვენ შეცოდბებები. რადგან დაწერილია: ”ნეტარნი არიან, რომლებსაც მიეტევათ უსჯულოებანი და რომლებსაც დაეფარათ ცოდვები. ნეტარია კაცი, რომლის ცოდვასაც არ შერაცხავს ღმერთი, არც მზაკვრობაა მის პირში”. ეს ნეტარება აღსრულდა ღმრთივრჩეულებზე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, დიდება მისდა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

თავი LI

ამრიგად, რაც კი ვცოდეთ და ვქმენით მოწინააღმდეგის59 რამ ხლართების მიზეზით, ვითხოვოთ, რომ მოგვეტევოს ჩვენ, ხოლო რომლებიც მოთავენი გახდნენ მშფოთვარებისა და დაპირისპირებისა, მართებთ მათ განჭვრიტონ, რაც ზიარია სასოებაში, რადგან ვინც შიშითა და სიყვარულით მოღვაწეობს, უფრო ის სურს, თვით მიეცეს ტანჯვა-წამებას, ვიდრე მისი მოძმენი. ამიტომ უჯობს მას, თვით განიცადოს გმობა, ვიდრე იმ ერთხმოვანებამ, რაც  კეთილად და სამართლიანად გადმოგვეცა ჩვენ, რამეთუ ადამიანთათვის ის არის კარგი, აღიაროს შეცოდბეანი და არა ის, რომ გაისასტიკოს თავისი გული, როგორც გაუსასტიკდათ გული მათ, რომლებიც აუმხედრდნენ ღვთისადმი მსახურ მოსეს და რომელთა დასჯაც ცხადად მოხდა. რადგან ”ცოცხლად ჩავიდნენ ჯოჯოხეთში” (რიცხვთა 16, 30,33) და ”სიკვდილმა მოძოვა ისინი” (ფს. 48,15). ფარაონი, მისი ლაშქარი, ეგვიპტის ყველა წინამძღოლი, მათი ეტლები და მხედრები ჩაიძირნენ მეწამულ ზღვაში და დაიღუპნენ, არათუ სხვა [47]რამ მიზეზის გამო, არამედ იმიტომ, რომ გასასტიკდა მათი უგულისხმო გულები მას შემდეგ, რაც სასწაულები და ნიშები მოხდა ეგვიპტეში ღვთისადმი მსახურის – მოსეს მიერ (გამოსვლათა თ. XIV).

თავი LII

უჭირველია, ძმებო, ყოვლის მეუფე, არავისაგან არაფერს ითხოვს იგი, თუ არა იმას, რომ აღმსარებელნი ვიყოთ მისდამი. რადგან რჩეული დავითი ამბობს: ”აღმსარებელი ვიქნები უფლისადმი და ეთნევა მას ჩვილ ხბოზე მეტად, რომელსაც ეზრდება რქები და ჩლიქები, ნახონ ღარიბებმა და გაიხარონ” (ფს. 68, 31-33). და კვლავ ამბობს: ”შესწირე ღმერთს მსხვერპლი ქებისა და უზღე უზენაესს შენი აღთქმანი და მიხმე მე შენი გაჭირვების დღეს და დაგიხსნი შენ და განმადიდებ მე” (ფს. 49, 14-15), რადგან ”მსხვერპლი ღვთისადმი არის სული შემუსრვილი” (ფს. 50,19).

თავი LIII

რადგან იცით, და კარგადაც იცით, საყვარელნო, წმინდა წერილი და ჩაჰკვირვებიხართ კიდეც ღვთის სიტყვებს. ამიტომ, გწერთ ამას, რომ შეგახსენოთ: როდესაც მთაზე ასულმა მოსემ ორმოცი დღე და ორმოცი ღამე გაატარა მარხვასა და სიმდაბლეში (II რჯული 9,9; გამოსვლ. 34, 28), ღმერთმა უთხრა მას: ”ჩადი აქედან მალე, რადგან რჯული დაარღვია შენმა ხალხმა, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის მიწიდან, მსწრაფლ გადადრკენ იმ გზიდან, რაც ვამცნე მათ და კერპები შექმნეს თავისთვის” (II რჯული 9,12; გამოსვლ. 32, 7-8). და თქვა უფალმა მის მიმართ: ”გითხარი შენ და ვთქვი ერთგზის და ორგზის: ვიხილე ეს ხალხი, და აჰა, ურჩი ხალხია. მაცალე, მოვსპო ისინი, და აღვხოცავ მათ სახელს ცის [48]ქვეშეთიდან, შენ კი გაქცევ დიდ და საკვირველ ხალხად, უფრო დიდად ვიდრე ეს არის” (II რჯულ. 9, 13-14; გამოსვლ. 32,10). და უთხრა მოსემ: ”არა უფალო, მიუტევე ამ ხალხს ცოდვა, ან მეც ამომშალე ცოცხალთა წიგნიდან” (გამოსვლ. 32,32). ჰოი დიდო სიყვარულო! ჰოი, უძლეველო სრულქმნილებავ! მონა თავისუფლად ლაპარაკობს უფალთან, მიტევებას ევედრება მრავალთათვის, ან კი იმას ითხოვს, რომ თვით ისიც მოისპოს მათთან ერთად.

თავი LIV

ამიტომ, ვინ არის თქვენს შორის კეთილშობილი, ვინ არის კეთილმოწყალე, ვინ არის სავსე სიყვარულით? თქვას მან: თუ ჩემი მიზეზით არის მშფოთვარება, განყოფა და განხეთქილება, წავალ, გავშორდები, სადაც გნებავთ, და შევასრულებ უმრავლესობის განჩინებას. მხოლოდ კი ქრისტეს სამწყსო იყოს მშვიდობით მათზე დადგენილ ხუცესებთან ერთად. ვინც იქმს ამას, დიდ სახელს შეიძენს იგი ქრისტეს მიერ და მიიღებს მას ყველა ადგილი, რადგან “უფლის არის მიწა და მისი სისავსე” (ფს. 23,1). ამას იქმოდნენ და კვლავაც იქმან ისინი, რომლებიც უნანებელი მოღვაწეობით მოღვაწეობდნენ.

თავი LV

წარმართებისგანაც მოვიტანოთ მაგალითები: მრავალმა მეფემ და წინამძღოლმა, მინდობილმა მისნის ნათქვამს, უბედურების ჟამს სიკვდილს მისცა თავი, რომ საკუთარი სისხლით გადაერჩინათ მოქალაქენი. მრავალი გაშორდა თავის ქალაქს, რომ მეტად აღარ ყოფილიყო მშფოთვარება60. მრავალნი ვიცით ჩვენს შორის, [49]რომლებმაც ბორკილებში ჩაიგდეს თავი, რომ სხვები გამოეხსნათ, ბევრმა მიიღო მონობა და მოპოვებული საზღაურით სხვები გამოკვება. ბევრმა ქალმა, ღვთის მადლით ძალმოცემულმა, მრავალი სიმამაცე აღასრულა. ნეტარმა ივდითმა, როდესაც ქალაქი ალყაში იყო, გამოითხოვა ნებართვა უხუცესებისგან, რომ უცხოტომთა ბანაკში გადასულიყო. საფრთხეს მისცა მან თავი და გამოვიდა ქალაქიდან სამშობლოსა და ალყაში მყოფი ხალხის სიყვარულის გამო, ხოლო უფალმა მისცა ოლოფერნე ქალის ხელს (ივდითი 8-13; 16, 5-9). არანაკლებ საფრთხეში ჩაიგდო თავი რწმენით სრულყოფილმა ესთერმა, რომ მოსალოდნელი განადგურებისგან გადაერჩინა მას ისრაელის თორმეტი ტომი, რადგან მარხვისა და სიმდაბლის გზით შესთხოვა ყოვლისმხედველ მეუფეს, საუკუნეთა ღმერთს, რომელმაც დაინახა მისი სულის სიმდაბლე და გადაარჩინა ხალხი, რომლის გამოც განსაცდელში ჩაიგდო მან თავი (ესთერი 4,16; 7).

თავი LVI

ამიტომ, ვევედროთ ჩვენც მათთვის, რომლებიც რამ ცოდვაში იმყოფებიან; მიეცეთ მათ სიმშვიდე და თავმდაბლობა, რომ მორჩილნი იყვნენ ღვთის ნებისა და არა ჩვენი, რადგან მხოლოდ ასე იქნება ნაყოფიერი და სრულყოფილი მათთვის ღვთისა და წმინდანთა წინაშე მათი თანაგრძნობით ხსენება. მივიღოთ სწავლება. არავის მართებს განრისხება ამის გამო, საყვარელნო, რადგან კარგია და უაღრესად სასარგებლოა ერთი-მეორის შეგონება, რადგან ღვთის ნებასთან შეგვანაწევრებს ჩვენ იგი. ვინაიდან ასე თქვა წმინდა სიტყვამ: “სწავლით განმსწავლა მე უფალმა და სიკვდილს არ მიმცა მე” (ფს. 117,18). რადგან “ვინც უყვარს უფალს, განსწავლის, და ტანჯავს ყოველ ძეს, ვისაც შეიწყნარებს” (იგავთა 3,12; ებრ. 12,6), ამბობს რა ასე: “მართალი განმსწავლის მე მოწყალედ და მამხილებს მე, [50]ხოლო ცოდვილთა ზეთი ნუ განაპოხებს ჩემს თავს” (ფს. 140,5). და კვლავ ამბობს: “ნეტარია ის ადამიანი, ვისაც ამხილა უფალმა. ყოვლისმპყრობლის შეგონებას ნუ უკუაქცევ, რადგან იგი ტკივილს აყენებს და კვლავ აღადგენს. დასცა და მისმა ხელებმა განკურნეს. ექვსგზის დაგიხსნის შენ გასაჭირთაგან, მეშვიდედ კი არ შეგეხება შენ ბოროტი. შიმშილობისას გამოგიხსნის სიკვდილისაგან, ომში კი გაგარიდებს მახვილის ხელისაგან. ენის შოლტისაგან დაგიფარავს შენ და არ შეგაშინებს შენ მოწევნილი ბოროტებანი. გაიცინებ უსამართლოთა და ურჯულოთა გამო და გარეულ მხეცებს არ შეუშინდები, რადგან ველური მხეცები შენს წინაშე დამშვიდდებიან. შემდეგ შეიტყობ, რომ სიმშვიდეშია შენი სახლი, ხოლო კარავში შენი ცხოვრების წესი არ წახდება. შეიცნობ, რომ მრავალია შენი თესლი, შენი შვილები კი – როგორც მინდვრის ბალახეული. საფლავში ჩახვალ, როგორც დროულად მომკილი მწიფე თავთავი ან როგორც კალოს ზვინა, ჟამიერად შეგროვილი” (იობი 5, 17-26).

ნახეთ, საყვარელნო, რამდენგვარია მფარველობა მათდამი, რომლებსაც მეუფე განსწავლის, რადგან არის რა კეთილი მამა, განგვსწავლის მხოლოდ იმიტომ, რომ წყალობა მივიღოთ მისი წმინდა განსწავლის გზით.

თავი LVII

ამრიგად, თქვენ, რომლებმაც საფუძველი მოუმზადეთ მშფოთვარებას, აწ დამორჩილდით ხუცესებს და სინანულში განისწავლეთ თქვენი გულის მუხლთა მოდრეკით. ისწავლეთ მორჩილება და განიშორეთ თქვენი ენის ქედმაღალი და ამპარტავნული თავმოთნეობა. რადგან უმჯობესია თქვენთვის, რომ მცირენი იყოთ ქრისტეს სამწყსოში, მაგრამ შერაცხილნი, ვიდრე ის, რომ აღმატებულები ჩანდეთ, მაგრამ განგდებულ იქნეთ მისი სასოებისაგან, რადგან ასე ამბობს ყოვლადსათნო სიბრძნე: “აჰა, მოვავლენ თქვენზე ჩემი მობერვის ნათქვამს, ხოლო გასწავლით თქვენ [51]ჩემს სიტყვას. რადგანაც მოგიწოდეთ და არ ისმინეთ, გაწვდიდით სიტყვებს და ყურად არ იღებდით, არამედ აუქმებდით ჩემს რჩევებს, ხოლო ჩემს მხილებებს არ ერწმუნეთ. ამიტომ მეც გავიცინებ თქვენს დაღუპვაზე, გავახარებ კი, რაჟამს განადგურება გეწვევათ ან როცა მოიწევა თქვენზე უეცრად მშფოთვარება და მოვა დამხობა, მსგავსი გრიგალისა, ანდა როდესაც გაჭირვებასა და ალყაში იქნებით, რადგან დადგება დრო, რაჟამს მომიწოდებთ, მე კი არ შევისმენ თქვენსას. მომიძიებენ უკეთურნი და ვერ მიპოვიან, რადგან მოიძულეს სიბრძნე, ხოლო არ ირჩიეს შიში უფლისა. არც ის ისურვეს, ყურად ეღოთ ჩემი რჩევები, ჩემს მხილებებს კი დასცინოდნენ. ამიტომაც შეჭამენ თავისი გზის ნაყოფთ და თავისი უწმინდურებით გაძღებიან. იმის წილ, რაც მათ ავნეს ჩვილებს, ამოწყდებიან. განკითხვა უღმრთოებს მოსპობს, ხოლო ვინც ისმენს ჩემსას, მინდობილად დაიკარვებს სასოებაში და უშიშრად მოისვენებს ყოველგვარი სიბოროტისგან” (იგავთა 1, 23-33).

თავი LVIII

ამრიგად, დავემორჩილოთ მის ყოვლადწმინდა და დიდებულ სახელს, განვერიდოთ იმ მუქარას, ურჩთათვის რომ თქვა წინდაწინ სიბრძნემ, რათა “მინდობილებმა დავიკარვოთ” (II რჯული 33, 12,28) მისი დიდებულების უწმინდეს სახელში. შეიწყნარეთ ჩემი რჩევა და სანანებლად არ გაგიხდებათ თქვენ. რადგან ცოცხლობს ღმერთი და ცოცხლობს უფალი იესო ქრისტე და სულიწმინდა – რწმენა და იმედი რჩეულთა, რამეთუ ვინც სინანულის გარეშე, მუდმივი ლმობიერებით, მდაბლად აღასრულა ღვთისაგან მოცემული სიმართლენი და ბრძანებანი, იგი ცხონებულთა რიცხვს შეერაცხება და შეერთვება იესო ქრისტეს მიერ, რომლის წიაღ არის მისი დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

თავი LIX

[52]ხოლო, თუ ვინმე არ ერწმუნება მისგან ჩვენ მიერ თქმულს, იცოდეს ასეთმა ვინმემ, რომ არამცირე ცთომასა და საფრთხეში იგდებს თავს. ჩვენ კი უბრალონი ვიქნებით ამ ცოდვისაგან და, აღვავლენთ რა ვედრებას, მხურვალე ლოცვით გამოვითხოვთ, რომ ყოვლის შემოქმედმა მთელ ქვეყანაზე შეუმუსრავად დაიცვას მის რჩეულთა აღრიცხული რიცხვი მისი საყვარელი ძის61, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. რომლის მიერ სიბნელიდან სინათლისაკენ, უმეცრებიდან მისი სახელის სიდიადის შეცნობისაკენ გვიხმო მან.

ვსასოებდეთ62 შენს სახელს, მთელი ქმნილების პირველმშობელს63, აგვიხილე რა თვალნი ჩვენი გულისა, რომ შეგიცნოთ შენ, მხოლო დავანებული უზენაესი უზენაესთა შორის, წმინდა წმინდათა შორის, ვინც მდაბალყოფ ამპარტავანთა კადნიერებას, განაქარვებ ტომთა ზრახვებს, აამაღლებ მდაბალთ და მდაბალყოფ მაღალთ, გაამდიდრებ და გააღარიბებ, მოაკვდინებ და ცხოველყოფ, რომელიც ხარ მხოლო კეთილმწყალობელი სულთათვის და ღმერთი ყოველი ხორცისა, უფსკრულთა მჭვრეტი და ადამიანურ საქმეთა მხედველი, საფრთხეში მყოფთა შემწე, სასოწარკვეთილთა მხსნელი, ყველა სულის შემქმნელი და ზედამხედველი, ვინც განამრავლებ ხალხებს ქვეყანაზე და ვინც ყველასაგან64 აირჩიე შენი მოყვარულნი, შენი საყვარელი ძის იესო ქრისტეს მიერ, რომლის მიერ გვასწავლე, განგვწმინდე და ღირსგვყავ ჩვენ. გევედრებით შენ, მეუფეო, რომ შემწე და მფარველი იყო ჩვენთვის, იხსნა ისინი, ვინც ჩვენს შორის გასაჭირშია, აღადგინო დაცემულნი, გამოუჩნდე შეჭირვებულთ, განკურნო უძლურნი, მოაქციო შეცთომილნი შენი ერისა, გამოზარდო მშიერი და გამოგვისყიდო ჩვენ, ბორკილდე[53]ბულნი, აღადგინო დაუძლურებულნი და ნუგეში სცე სულმოკლეებს; შეგიცნოს შენ ყველა ხალხმა, რომ ხარ შენ მხოლო ღმერთი და იესო ქრისტე – შენი ძე და “ჩვენ შენი ერი და შენი სამწყსოს ცხვრები” (ფს. 78,13).

თავი LX

რადგან ნამოქმედართა მიერ ცხადჰყავი შენ სამყაროს მარადიული აღნაგობა, შენ უფალო, ვინც სარწმუნო ხარ ყველა თაობაში, შეჰქმენი ქვეყნიერება, მსჯავრში მართალო, ძალითა და დიდმშვენიერებით საკვირველო, შექმნის ჟამს ბრძენო და ქმნილთა განმტკიცების ჟამს გულისხმიერო, კეთილო ხილულთა შორის და ტკბილო მათთვის, ვინც შენ გერწმუნა; გულმოწყალეო და ლმობიერო, მოგვიტევე ჩვენი ურჯულოებანი, უსამართლობანი, შეცოდებანი და ცთომილებანი. ნუ მოიხსენებ შენს მონათა და მსახურთა რაიმე ცოდვას, არამედ განგვწმინდე ჩვენ შენი ჭეშმარიტებისმიერი განწმენდით და სწორად წარმართე ჩვენი სვლანი, რომ გულის სიწმინდით ვვლოთ და აღვასრულოთ ის, რაც სათნოა და მშვენიერი შენს წინაშე, ჩვენი მთავრების წინაშე. ჰოი, მეუფეო, გამოაჩინე შენი სახე ჩვენზე, მშვიდობიანი სიკეთისათვის, რომ დაგვიფაროს ცოდვისაგან. გვიხსენი ჩვენ უსამართლოდ მოძულეთაგან. მოგვეცი ჩვენ და ყველას, ვინც ქვეყნად მკვიდრობს, ვინც დაემორჩილა შენს ყოვლისმპყრობელ და ყოვლადსათნო სახელს, აგრეთვე – ჩვენს მთავრებს და მეწინამძღვრეებს, ერთსულოვნება და მშვიდობა, როგორც მიეცი ეს ჩვენს მამებს, რომლებიც წმინდად მოგიხმობდნენ შენ რწმენითა და ჭეშმარიტებით.

თავი LXI

შენ ხარ, მეუფეო, ვინც მიუბოძე მათ ძალაუფლება მეფობისა შენი დიდმშვენიერი და გამოუთქმელი ძლიერებით. ამიტომ, ჩვენ, რაჟამს შევიცნობთ მათთვის შენს მიერ მიცემულ დიდებას და პატივს, ვემორჩილებით მათ, რადგან არანაირად არ ვეწინა[54]აღმდეგებით შენს ნებას. მიეც მათ, უფალო, სიმრთელე, მშვიდობა, ერთსულოვნება და სიმყარე, რომ უცთომლად განაგონ შენს მიერ მათთვის ბოძებული წინამძღოლობა. რადგან შენ, ზეციერო ხელმწიფეო, საუკუნეთა მეუფეო, შენ, ვინც მიეცი ადამიანთა ძეებს დიდება, პატივი და ძალაუფლება ამქვეყნიურ საქმეებზე, შენ, უფალო, სწორად წარმართე მათი ნება, როგორც ეს მშვენიერი და სათნო იქნება შენს წინაშე, რომ მშვიდობითა და უდრტვინველობით, კეთილმორწმუნედ განაგონ მათ შენს მიერ მათთვის მიცემული ძალაუფლება და მოიპოვონ შენი წყალობა. მხოლოდ შენ ძალგიძს ამგვართა და კიდევ უმეტეს სიკეთეთა აღსრულება ჩვენს შორის; შენ გადიდებთ ჩვენი სულების მფარველის და მღვდელმთავრის, იესო ქრისტეს მიერ, რომლის წიაღ დიდება და დიდებულება შენდა, ამჟამადაც, თაობიდან თაობაშიც და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

თავი LXII

იმის შესახებ, რაც შეჰფერის ჩვენს მსახურებას და რაც უმეტესად სასარგებლოა მათთვის, რომლებსაც სურთ, რომ კეთილმორწმუნედ და სიმართლით წარემართონ სათნოებითი ცხოვრებისაკენ, საკმარისად მოგწერეთ თქვენ, კაცნო ძმანო, რადგან რწმენის, სინანულის, წრფელი სიყვარულის, თავშეკავების, გონიერებისა და მოთმინების შესახებ ყველა მხარეს შევეხეთ, შეგახსენთ რა, რომ გვმართებს თქვენ სამართლიანობით, ჭეშმარიტებითა და სულგრძელებით წმინდად სათნო ეყოთ ყოვლისმპყრობელ ღმერთს, ძვირუხსენებლად ერთსულოვანნი იყოთ სიყვარულით, მშვიდობითა და გულითადი ლმობიერებით, მსგავსად ზემოწარმოდგენილი ჩვენი მამებისა, რომლებიც სიმდაბლის მიერ სათნოეყვნენ მამას, - ღმერთსა და შემოქმედს, აგრეთვე, ყველა კაცს. ყოველივე ამას წადიერად შეგახსენებთ, რადგან კარგად ვიცით, რომ გწერთ ადამიანებს, რომლებიც სარწმუნონი და უმეტესად შერაცხილნი ხართ, აგრეთვე – ღვთისმიერი მოძღვრების სიტყვებს ჩაკვირვებულნი.

თავი LXIII

[55]ამრიგად, გვმართებს, რომ ამგვარ და ეგზომ მაგალითებს მივუახლოვდეთ, მოვიდრიკოთ ქედი და მორჩილების ადგილი დავიმკვიდროთ, რომ დავცხრეთ ფუჭი მშფოთვარებისაგან და ყოველგვარი ბიწის გარეშე მივაღწიოთ ჩვენს წინაშე ჭეშმარიტებით დასახულ მიზანს, რადგან სიხარულსა და მხიარულებას მოგვანიჭებს ჩვენ, თუკი დავემორჩილებით მას, რაც  სულიწმინდის მიერ დაგიწერეთ და თუ მოიკვეთთ თქვენი შურის უჯერო რისხვას თანახმად იმ თხოვნისა მშვიდობისა და ერთსულოვნების შესახებ, რითაც მოგმართეთ ამ ეპისტოლეში. ხოლო გამოვგზავნეთ სარწმუნო და გონიერი კაცები, რომლებიც ჭაბუკბიდან მოხუცებულობამდე უმწიკვლოდ ცხოვრობენ ჩვენს შორის და რომლებიც მოწმენიც იქნებიან თქვენსა და ჩვენს შორის. ხოლო ეს იმიტომ ვქმენით, რომ იცოდეთ: მთელი ჩვენი საზრუნავი იყო და არის თქვენი დაუყონებლივი დამშვიდება.

თავი LXIV

და ბოლოს, ყოვლისმხედველმა ღმერთმა, სულთა მეუფემ და ყოველი ხორცის უფალმა, რომელმაც გამოირჩია უფალი იესო ქრისტე და მის მიერ ჩვენ – საზეპურო ერად, მისცეს ყოველ სულს ვინც მოუხმობს მის დიდმშვენიერ და წმინდა სახელს, რწმენა, შიში, მშვიდობა, მოთმინება, სულგრძელება, თავშეკავება, სიწმინდე და გონიერება მისი სახელის საამებლად, ჩვენი მღვდელმთავრისა და შუამდგომელის იესო ქრისტეს მიერ, რომლის მიერაც დიდება და დიდებულება, ძლიერება და პატივი მისდა აწ და ყოვლადვე უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

თავი LXV

ჩვენგან გამოგზავნილი კლავდიოს ეფებოსი და ვალერიოს ბიტონი ფორტუნატესთან ერთად სასწრაფოდ უკან გამოგზავნეთ ჩვენთან სიხარულითა და მშვიდობით, რომ უმალ შეგვატყობინონ ჩვენთვის საწადელი და სასურველი მშვიდობა და ერთსულოვნება, [56]რათა ჩვენც მალე გავიხაროთ თქვენი კეთილდღეობის გამო. ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან და ყველგან ყველასთან, ვინც კი მოხმობილია ღვთისგან მის მიერ, რომლის მიერ დიდება, პატივი, ძალაუფლება, დიდებულება და საუკუნო ტახტი მას, საუკუნიდან და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


------------------------------------------------------------------

შენიშვნები

1 - ἡ παροικοῦσα – ძვ. ბერძნულიდან ითარგმნება როგორც: ”ხიზანი”, ”მწირი”, ”უცხო მხარეში მცხოვრები”. ამით გამოიხატებოდა ქრისტიანთა შეგნება. რომ ისინი მწირობაში იმყოფებიან ამ მიწაზე. დიოგნეტესადმი გაგზავნილი ეპისტოლის ავტორი, რომელიც ასევე მოციქულთა მოწაფეა, წერს: ”ქრისტიანები საკუთარ მამულებში მკვიდრობენ, მაგრამ მკვიდრობენ როგორც უცხონი” (4, 5). შდრ. კლ. რომ II ეპისტოლე: ”ჩვენი სხეულით მწირობაში ყოფნა ამქვეყნად მცირე და ხანმოკლეა. ქრისტეს დაპირება კი – დიდი და საკვირველი” (თ. V). შდრ. I პეტრე 1,17 ”მოშიშებით გაატარეთ თქვენი მწირობის ჟამი”. შდრ. ებრ. 11,13; ფს. 119,5.

2 - კორინთო – თავისი დროზე ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი საბერძნეთში

3 - κλητοῖς ἡγιασμένοις. შდრ. იუდა 1,1; რომ. 1,7; I კორ. 1,2.

4 - πληθυνθείη – ამ სიტყვას ორჯერ იყენებს წმ. პეტრე მოციქული. შდრ. I პეტრე 1,2; II პეტრე 1,2; იუდა 2,2.

5 -  როგორც ფრანგი მკვლევარი ა. ჟობერი მიიჩნევს, ჰეგესიპეს და მომდევნო პერიოდის ტრადიციით აქ უნდა იგულისხმებოდეს რომის იმპერატორის, დომიციანუსის დროინდელი დევნა ქრისტიანობისა.

6 - ეს სიტყვები მოაქვს კლ. ალექსანდრიელს თავის ცნობილ “სტრომატებში” IV წიგნი. შდრ. ლევიტელთა 18,4; 20,22.

7 - ἡγουμένοις – ეს სიტყვა რამდენჯერმე გვხვდება წმ. პავლე მოციქულის ებრაელთა მიმართ გაგზავნილ ეპისტოლეში და წმ. გიორგი მთაწმინდელის მიერ ყველა შემთხვევაში თარგმნილია, როგორც “წინამძღვარი”. შდრ. ებრ. XIII, 7,17,24 (იხ. “ახალი აღთქმა” თბ. 1963, გვ. 537).

8 - πρεσβυτέροις – მოციქულთა ეპოქაში პრესვიტერი ხშირად ეწოდებოდა ეპისკოპოსს და პირიქით, ეპისკოპოსი – პრესვიტერს (იხ. საქმე მოც. XX, 17-18, 28; I პეტრე 5,2; ტიტე 1, 5-7); I ტიმ. III, 1,2,7. პრესვიტერს უწოდებდნენ თავს თვით პეტრე (I პეტრე 5,1) და იოანე (II იოანე 1,1; III იოანე 1,1) მოციქულები. სავარაუდოა, რომ პრესვიტერებსა და ეპისკოპოსებს თანაბრად მიეკუთვნებოდათ სხვა ზოგადი სახელწოდებებიც, რომლებიც მოციქულთა “საქმეებსა” და ეისტოლეებში ამა თუ იმ საეკლესიო საზოგადოების სათავეში მდგომთ მიემართება, მაგ. მწყემსები (ποιμένας - ეფეს. 4,11), წინამძღოლნი (ἡγούμενοι - ებრ. XIII, 7), წინამძღვარნი (προιστάμενοι - I თესალ. 5,12).

ხუცესისა და ეპისკოპოსის ურთიერთიმართების შესახებ წმ. ეფრემ მცირე წმ დიონისე არეოპაგელის წიგნებზე დართულ კომენტარებში ასე ამბობს: “შეისწავე, ვითარმედ მაშინ ჯერეთ ეპისკოპოსთა მღდელ უწოდიან და მღდელთა ეპისკოპოს, რამეთუ არღა განკუთვნილ იყვნეს სახელნი ესე” (წმ. დიონისეს შრომათა ტექსტი გამოსცა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო სამსონ ენუქიშვილმა, თბ. 1961, გვ. 261).

ვფიქრობთ, რომ მოცემულ კონტექსტში “ხუცესი” ნიშნავს საეკლესიო იერარქიის, საეკლესიო ხარისხის წარმომადგენელს და არა ეკლესიის უხუცეს წევრს.

9 - πλατυσμὸς – ეს სიტყვა ეკლესიის მამებთან ხშირად იხმარება გულის სასიხარულო მდგომარეობის გამოსახატად. შდრ. ჰერმესის “მწყემსი”, მცნება V. 1.

10 - შდრ. ძვ. ქართული თარგმანი: “და იყო შემდგომად დღეთა, მოართუა კაინ ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა. და აბელ მოართუა მანცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა და ცმელთაგან. და მოიხილა ღმერთმან აბელსა და ძღუენთა მისთა ზედა, ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მოიხილა. და შეწუხდა კაინ ფრიად და შეიჭუვნა პირი მისი. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან კაინს: რაითა რად შეიჭუვნა პირი შენი? არცა მართლად შემოწირე, ხოლო მართლად არა განჰყავ, სცოდე, დაყუდენ! შენდამი მიქცევა მისი და შენ ჰმსთავრობდი მას. და თქუა კაინ აბელსა მიმართ: განვიდეთ ზოგად ველად! და იყო ყოფასა მათსა ველს. აღდგა კაინ აბელსა ზედა, ძმასა თვისისა, და მოკლა იგი” (შესაქმე 4, 3-8. იხ ”წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი”, გელათური რედაქცია, თბ. 1989, გვ. 71).

უმნიშვნელოვანესად მივიჩნევთ წმ. გრიგოლ ნოსელის სიტყვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეიწირა ღმერთმა კაენის მსხვერპლი: ”რამეთუ არცამცა კაინ დაშჯილ იყო ბოროტად განყოფისათვის, უკუეთუმცა სამართლად შეწირვისა თანა ჯეროვანიცა-მცა წესი დაემარხა, რომელ არს თვისისა სახმრისა დატევებაი და ღმრთისა შეწირვაი, რამეთუ ჯერ-იყო, რაითამცა მსხვეპლი ღმრთისაი პირველთა ნაყოფთაგან შეეწირა და ნეშტთა მათგან თვით გამოზრდილიყო, ხოლო იგი უპატიოსნესთა მათგან თვით განძღებოდა და ნეშტთა მით ღმერთსა ისტუმრებდა” (წმ. გრიგოლ ნოსელი ”თაეგმანებაი ქებისა ქებათაისა”, წმ. გიორგი მთაწმინდელის თარგმანი. გამოსაცემად მოამზადა და ლექსიკონი დაურთო გ. კიკნაძემ, სადისერტაციო ნაშრომი, ხელნაწერი თბ. 1968წ. Gვ 101).

11 - στῦλοι - “ბოძები” (ძვ. ქ. “სუეტნი”) გვხვდება I ტიმ. 3,15; გალატ. 2,9, აგრეთვე “აპოკალიფსში” 3,12.

12 - μαρτυρήσας – შენიშნულია, რომ μάρτῦς ჯერ კიდევ არ ნიშნავს “მოწამეს”, ე.ი. ვინც აწამეს, არამედ “მოწმეს”, ე.ი. ვინც “სწამებს”, ვინც “ემოწმება”მ ვინც “ადასტურებს”.

13 - შდრ. II კორ. 11, 24-25. პირდაპირი მოწმობა შვიდგზის ბორკილების თავსდების შესახებ მოციქულთა საქმეში არა გვაქვს. სავარაუდოა, რომ კლიმენტი ამის შესახებ საუბრობს ან როგორც თანამედროვე თვითმხილველი, ანდა ეყრდნობა სარწმუნო გადმოცემას.

14 - ∆αναΐδες καὶ ∆ίρκαι – დანაიდების შესახებ აკაკი გელოვანის მიერ შედგენილ მითოლოგიურ ლექსიკონში ვკითხულობთ: “ლიბიის მეფის, დანაოსის 50 ასული. იძულებული გახდნენ მიეტოვებინათ სამშობლო, რადგან არ სურდათ თავისი ბიძაშვილების, ეგვიპტოსის ვაჟების ცოლობა. საბოლოოდ მათ თავი შეაფარეს არგოლიდას, მაგრამ ეგვიპტოსის ვაჟებმა დაამარცხეს არგოლდის მეფე პელასგე და დანაიდები მაინც შეირთეს. დანაიდებმა ქორწილის ღამეს დახოცეს თავიანთი ქმრები, მართალია მათ ეს ამბავი ღმერთებმა სიცოცხლეში აპატიეს, მაგრამ სასჯელს ჰადესის პირქუშ სამეფოში იხდიან, ავსებენ უძირო ქვევრს” (იხ. ა. კუნი ძველი საბერძნეთის ლეგენდები და მითები”, თბილისი 1965, გვ. 318). დანაიდებს ახსენებს ტატიანე სირიელიც. იხ. მისი შრომა “ელინთა წინააღმდეგ”, თ. 26.

რაც შეეხებათ დირკებს (∆ίρκαι), მათ შესახებ კლ. რომაელის ეპისტოლის რუსულად მთარგმნელი შენიშნავს: “ბოროტმა დირკემ ანტიოპეს დევნის გამო, რომელიც თებეს მეფეს ნიკთეოსის ქალიშვილი იყო, სასჯელი მიიღო ამ უკანასკნელის ვაჟიშვილისგან. იგი ხარის რქებზე მიაბეს და სიკვდილამდე ნაწამები მდინარეში ჩააგდეს”.

ბერძნული მითოლოგიის ამ ცნობილ დანაშაულებებს, რაც წარმართული სამყაროს ქალებმა ჩაიდინეს, კლიმენტი კონტრასტისათვის უპირისპირებს ქრისტიან წამებულ ქალებს, რომლებმაც უდანაშაულოდ დაითმინეს წამება წარმართებისგან. კოტელიერი დანაისა და დირკეს თვლიდა ქრისტიან მოწამეებად, მაგრამ ასეთი სახელები მარტიროლოგიებში შემონახული არ არის. იაკობსონი ფიქრობს, რომ ეს სიტყვები მოუხერხებელი გადამწერის მიერ შეტანილი იქნა აშიებიდან თავად ტექსტში (იხ. Антология. Мужи апостольские и апологеты, Брюсель, 1988. стр. 46).

15 - შდრ. ძვ. ქართული თარგმანი: ”ესე აწ ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგან” (დაბ. 2.23; იხ. გელათური რედაქცია).

16 - შდრ. ძვ. ქ. თარგმანი: “განიბანენით, წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქუენდა წინაშე თვალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქუენთა. ისწავეთ კეთილისა ქმნაჲ, გამოიძიეთ მშჯავრი, იჴსენით მიმძლავრებული. უსაჯეთ ობოლსა და განამართლეთ ქურივი. და მოვედით და შევიტყუნეთ, - იტყჳს უფალი, - და უკუეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. ხოლო უკუეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო. და უკუეთუ გინდესთ, და ისმინოთ ჩემი, კეთილნი ქუეყანისანი შჭამნეთ, ხოლო უკუეთუ არ გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახჳლმან შეგჭამნეს თქვენ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ” (ესაია 1, 16-20. იხ. “მცხეთური ხელნაწრი”, თბ. 1985).

17 - მოცემულ კონტექსტში სიტყვა “ლიტურგია” (ბერძნ. λειτουργίας) აღნიშნავს “მსახურებას”, “მოღვაწეობას”.

18 - შდრ. ძვ. ქართ. თარგმანი: “გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ და გყო შენ ნათესავად დიდად და გაკურთხო შენ. და განვადიდო სახელი შენი და იყო კურთხეულ. და გაკურთხნე მაკურთხეველნი შენნი და მწყევარნი შენნი გწყევნე და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი” (შესაქმე 12, 1-4; იხ. “წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი”, I ნაკვეთი I, თბ. 1989).

19 - შდრ. შესაქმე 13, 14-16: იხ. ძვ. ქ. თარგმანი: “აღიხილენ თუალნი და იხილე ადგილითგან, რომელსა ხარ შენ აწ, ჩრდილოდ მიმართ და სამხრად და აღმოსავალად და ზღუდ, რამეთუ ყოველი ქუეყანა, რომელსა შენ ჰხედავ, შენ მიგცე იგი და თესლსა შენსა უკუნისამდე. და ვყო თესლი შენი, ვითარცა ქჳშა ქუეყანისა, უკუეთუ ვისმე ძალ-უც აღრიცხვად ქჳშა ქუაყანისა, და თესლიცა შენი აღრიცხოს”.

20 - შდრ. ძვ. ქართ. თარგმანი: “და განიყვანა იგი გარე და ჰრქუა მას: “აღიხილენ ცად მიმართ და აღრახენ ვარსკულავნი, უკუეთუ ძალ-გიც აღრაცხა მათი. ესრეთ იყოს თესლი შენი. და ჰრწმენა აბრაამს ღმრთისა და შეერაცხა მას სიმართლედ”. შესაქმე 15, 5-6.

21 -  იოსებ ფლავიოსს უნახავს ეს სხვეტი (იხ. “იუდაური სიძველენი” 1.11.14). წმ. ირინეოს ლიონელიც მოწმობს ამ სხვეტის არსებობას მის დროს (იხ. მისი შრომა “ერესების წინააღმდეგ” IV. 31).

22 - მისტიკური განმარტება იმ ნიშნისა, რომლითაც გადარჩა მეძავი რააბი გვხვდება წმ. იუსტინე მარტვილთან (იხ. დიალოგი ტრიფ. II,3), წმ. ირინეოს ლიონელთან (იხ. “ერესების წინააღმდეგ” IV, 20) და სხვებთან.

23 - იგულისხმება შთამომავლობა.

24 - დასტური მიიღო, დამოწმებულ იქნა - Ἐμαρτυρήθη.

25 - სიტყვ. ”მისი მსახურობის (ὑπηρεσίας) მიერ”.

26 - ციტატის წყარო უცნობია. ა. ჟობერის შენიშვნით წმ. კლიმენტი ალბათ სარგებლობდა მოსეს ცხოვრების აპოკრიფით. შესაძლოა ეს აპოკრიფი ყოფილიყო “მოსეს ამაღლება”, რაც მხოლოდ ფრაგმენტულადაა მოღწეული.

27 - μεμαρτυρημένος – გულისხმობს პირს, ვისაც ღვთის სათნოყოფის დასტური, მოწმობა, ნიშანი მიეცა ღვთისგანვე.

28 - შდრ. ძვ. ქართ. თარგ. “აქამომდე მოხვდე და არა გარდაჴდე და შენზედვე შეიმუსრნენ ღელვანი შენნი” (იობი 38,11. იხ. “მცხეთური ხელნაწერი”, თბ. 1983წ.).

29 - ἀπέραντος – ნიშნავს, როგორც “დაუსრულებელს”, “უკიდეგანოს”, ასევე “გაუღწეველს”, “გადაულახავს”, ძვ. ქართ. “წიაღუვლელს. ა. ჟობერის შენიშვნით, შესიტყვება “გადაულახავი ოკეანე” გვხვდება ორიგენესთან, წმ. დიონისე ალექსანდრიელთან, კოზმა ინდიკოპლეუსტთან, რომლებიც აქცენტს აკეთებენ ოკეანის გადაულახავობაზე, გადაუსვლელობაზე.

30 - ა. ჟობერი შენიშნავს: “რომელია ეს ქვეყნები ოკეანის მიღმა? არის აქ გამოძახილი ლეგენდარულ ატლანტიდის შესახებ, რომელიც ჩაიძირა ზღვაში ჰერკულესის სვეტების მიღმა (ტიმაოსი 24c-25d; კრიტია, 113 cs.)? ანტიკურ ავტორებთან არსებობს ბუნდოვანი მინიშნებები იმ კუნძულების თუ კონტინენტების შესახებ, რომლებიც დაფარული არიან ატლანტის ოკეანეში (ფს. არისტოტელე, სამყაროს შესახებ, 3: სენეკა, მედეა, 2,375). ამასთან, სტრაბონი (გეოგრაფი. I, 18), არისტოტელე (ცის შესახებ II. 14=298a; მეტეორ. II.5=362b) სარწმუნოდ მიიჩნევენ, რომ ოკეანე უწყვეტად განივრცობოდა ინდოეთამდე" (p. 135. შენ. 4).

31 - λειποτακτεῖν – სამხედრო ტერმინია და აღნიშნავს დეზერტირობას. აქ იგი მოხმობილია მორალური დეზერტირობის გამოსახატად.

32 - სიტყ. ”მადლებს”.

33 - უცნობია.

34 - მწვანე მტევანია.

35 - შდრ. კლ. რომაელის II ეპისტლ. თ. XI.

36 - იგულისხმება წმ. წერილი ანუ ”ბიბლია”.

37 - მალაქია 3,1. ”სეპტუაგინტაში” არის არა ”წმინდა”, არამედ ”ანგელოზი აღთქმისა”.

38 - ὁ δεσπότης - იგულისხმება მამა ღმერთი, რომელმაც აღადგინა თავისი ძე მკვდრეთით.

39 - ქრისტიანულ მწერლობაში ესაა პირველი დამოწმება ფენიქსის ლეგენდისა. ხსენებული ლეგენდა მეტად გავრცელებული იყო. იგი გვხვდება ჰეროდოტესთან, პომპონიუს მელასთან, პლინიუს უფროსთან. ელინიზებულმა ებრაელებმა, როგორც ჩანს, ფენიქსის ლეგენდა უკვე შეიტანეს თავიანთ ისტრიაში. ქრისტიანობაში კი ეს ლეგენდა სრულად გვხვდება სახელგანთქმულ ძეგლში “ფიზიოლოგია” (ძვ. ქართ. თარგმანში “მხეცთათვის სახისა სიტყუაი”). ლეგენდას ახსენებს ტერტულიანეც (de resurr. c. 13), რომელიც ფსალმუნის სიტყვებს: “მართალი ვითარცა ფინიკი აყვავდეს” (ფს. 91,13) განმარტავს ფენიქსთან მიმართებაში. ლაქტანციუსი მიიჩნევს, რომ ხეს ფრინველისგან ეწოდა ეს სახელი, ვინაიდან ამ ხის კენწეროზე ჯდებებოდა თითქოს ფენიქსი.

40 - ა. ჟობერი შენიშნავს: ”ეს ციტატა, რაც შტაგონებულია ფს. 27,7 და 87,11-ით, ალბათ აპოკრიფიდანაა ამოღებული.

41 - σχοίνισμα – ნიშნავს თოკით სამოსახლო ადგილის მოზმოვას. ძვ. ქართ. თარგ. ”ნავთაული”, გელათური – ”საზომი”. შდრ. “ოდეს განყვნა მაღალმან ნათესავი, ვიტარ მიმოსთესნა ძენი ადამისნი, დაადგინა საზღვარნი თესლებისანი რიცხვისაებრ ანგელოზთა ღმრთისათა და იქმნა ნაწილ უფლისა ერი მისი იაკობი, საზომ სამკვიდრებელისა მისისა – ისრაელი” (II რჯული 32, 8-9. იხ. წიგნი ძუელისა აღთქუმისანი”, თბილის, 1990, გელათური რედაქცია).

42 - უცნობია.

43 - სიტყვ. ”თორმეტი კვერთხი” - δωδεκάσκηπτρον.

44 - აქ პირველად იხსენიებიან ”მღვდლები” (ბერძნ. ἱερεῖς).

45 - იუდა - იაკობის ერთ-ერთი შვილი.

46 - τῆς ἑαυτοῦ εἰκόνος χαρακτῆρα.

47 - ბერძნული დედანი სიტყვასიტყვით ასეთია: “თანაშეზავება რამ არის ყოველთა შორის და მათშია სარგებლობა”. ნაგულისხმევი აზრი უფრო გამოკვეთილია უძველეს ლათინურ თარგმანში (II ს. II ნახ.): “ყველაფერში არსებობს რაღაც თანაშეზავება და ყოველი ნივთი საჭიროებს მეორეს”. მიუთითებენ პარალელეზე ევრიპიდესთან: “არაფერი სასარგებლო არ შეიქმნება დიდთა და მცირეთა თანაშეზავების (συγκρασίς) გარეშე. ჭეშმარიტად, დაწესებულია გარკვეული ურთიერთშეზავება, რისი შედეგიც მეტად საკეთილდღეოა”.

48 - იგულისხმება მამა ღმერთი.

49 - სათავეები – ἀπαρχὰς. როგორც მიიჩნევენ, სახეობრივად, ალეგორიულად გულისხმობს მოციქულთა მიერ დადგენილ ეპისკოპოსებს და დიაკვნებს. შდრ. რომ. 16,5 (ძვ. ქართ. “პირველი ნაყოფი”) I კორ. 16,15. (ძვ. ქართ. “პირველი ნაყოფი”, პირველი”).

50 - სულით - πνεύματι – ფრანგ. თარგმანში გვაქვს სული მთავრული ასოთი, ე.ი. სულიწმინდა, თუმცა შენიშვნაში მითითებულია, რომ ხსენებული ბერძნული სიტყვა მოცემული კონტექსტში შეიძლება ითარგმნოს, როგორც: ”სულიერად”, ”სულის მიხედვით”.

51 - მითითებულ მუხლში მხოლოდ ეპისკოპოსები (ძვ. ქართ. ”ზედამხედველნი”) გვხვდება.

52 - ე.ი. გარდაიცვლებოდნენ.

53 - იგულისხმება ევქარისტიული ძღვენი.

54 - უცნობია.

55 - ἑτεροκλινεῖς – იგულისხმება წარმართები (სიტყვ. ”სხვაგვარდმიდრეკილები”).

56 - ფს. 117. 19-20. კარიბჭის შესახებ აღნიშნული სწავლება ციტირებულია კლიმენტი ალექსანდრიელის მიერ (შდრ. ”სტრომატა” VI,8).

57 - აღნიშნული ადგილი პერიფრაზულად ციტირებულია კლიმენტი ალექსანდრიელის მიერ: ἤτω γοργὸς ἐν ἔργοις, ἤτω ἁγνός (Clem. Al. Strom. VI, 8-65.3; შდრ. Strom. 1.7-38.8). რუსულ თარგმანში ἤτω გადმოტანილია ასე: Да Будет (იხ. Строматы, пер. Н.Корсунского, 1882, с. 49; შდრ. სქოლიოც).

58 - ἐπισκοπῇ - ფრანგ. სიტყ. visite (იხ. შენ. 1. გვ. 182).

59 -  ἀντικειμένος - ლათ. Contrarius, ფრანგ. Adversaire, ძვ. ქართ. ”მჴდომი” (აღნიშნავს სატანას). ამ სიტყვის შემცველი წინადადება ციტირებულია კლიმენტი ალექსანდრიელის მიერ (იხ. “სტრომატა” IV,18).

60 - საგულისხმოა ა. ჟობერის შენიშვნა: ”ყურადღებას მივაქცევთ კლიმენტის აღტაცებას ნებაყოფლობითი მსხვერპლშეწირვის ამგვარი მაგალითებით წარმართთა შორის. ეს საკითხი, ხშირად არის განხილული ფოლოსოფოსთა და რიტორთა მიერ”. იხ. მაგალითად, ციცერონი. Tusculanes, I, 48-49; (ტ. 187, შენ. 4, გვ. 186); voir Sanders, p. 41-56. Pour les implications theologiques, Introd., p. 60-61.

61 - ბერძნულ ტექსტში გვაქვს παῖς, რომელიც ნიშნავს როგორც ”ყრმას”, ”ბავშვს”, ”შვილს”. ასევე – ”მსახურს”.

62 - ბერძნ. ინფინიტივი ἐλπίζειν, ა. ჟობერის შენიშვნით, ლიტურგიკული ტექსტის გამოხატულება უნდა იყოს.

63 - ბერძ. ἀρχεγόνος – დასაბამის მიმცემი, მშობელობითი სათავე, პირველმშობელი; ბოლოდან მეორე მარცვალზე მახვილი მკვლევართა გასწორებაა. ხელნაწერშია ἀρχεγόνος - დასაბამში შობილი, პირველშობილი, რაც არ შეესაბამება ღმერთს.

64 - ე.ი. ყველა ხალხისაგან.



ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ
ჟურნალ “გზა სამეუფოს” დანართი N3. 1997 წ.

[] - კავებში ჩასმული  ნუმერაციით მითითებულია გამოცემის გევრდები

 

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 21 March 2013 15:14)