Georgian (Georgia)English (United Kingdom)

"გაიხრწნა რა თავდაპირველად ადამის ბუნებითი მოაზროვნეობის არჩევანი, თავისთან ერთად თანაგახრწნა მან ბუნება, რამაც განიშორა უვნებობის მადლი, და [ასე] მოხდა ცოდვა. პირველი და სათანადოდ გასაკიცხი1 ეს იყო კეთილისგან ბოროტებისკენ გადაცთომა არჩევანისა, ხოლო მეორე, გამომდინარე პირველისგან, - უხრწნადობისგან ხრწნადობისკენ გაუკიცხავი2 გარდაქმნა ბუნებისა. ასე რომ, ორი ცოდვა მოხდა პირველმამაში საღვთო მცნების დარღვევის კვალობაზე, ერთი - გასაკიცხი, ხოლო მეორე - არგასაკიცხი, რასაც მიზეზად აქვს გასაკიცხი3. პირველი [ცოდვა] ესაა არჩევანისა, ნებსით რომ განიშორა სიკეთე, ხოლო მეორე - ბუნებისა, არჩევანისგან გამომდინარე რომ უნებლიეთ განიშორა უკვდავება.

შესაბამისად, ბუნების ამ ორმხრივი ხრწნადობისა და ცვალებადობის განმმართველმა4 ჩვენმა უფალმა და ღმერთმა მთლიანსრული ბუნება მიიღო და ჰქონდა მასაც მისგან მიღებულ ბუნებაში ვნებითობა, შემკული არჩევანისეული უხრწნელებით, და გახდა იგი [უფალი], ერთი მხრივ, ბუნებით ჩვენს გამო "ცოდვა"5 ვნებითობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, არმცოდნე განზრახულებითი6 ცოდვისა, არჩევანის უცვალებლობის გამო, ხოლო განმართა რა მან ბუნების ვნებითობა არჩევანისეული უხრწნელების მიერ, ბუნების ვნებითობის დასასრული, ესე იგი - სიკვდილი, უხრწნელებისკენ ბუნებითი გარდაქმნის დასაბამად გახდა; და ასევე როგორც ერთი ადამიანის მიერ, რომელმაც [თავისი] არჩევანი ნებსით შეცვალა7 სიკეთისგან, ყველა ადამიანზე აღსრულდა უხრწნადობისგან ხრწნადობისკენ გარდაქმნა ბუნებისა, ამგვარადვე ერთი კაცის8 იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც არ შეუცვლია არჩევანი სიკეთისგან, ყველა ადამიანზე აღსრულდა ხრწნადობისგან უხრწნადობისკენ კვლავ-აღდგინება ბუნებისა. ამრიგად, უფალმა, არმცოდნემ ჩემი ცოდვისა, ესე იგი - ჩემი არჩევანის გაუკუღმართებისა, არ მიიღო და არც გახდა იგი ჩემი ცოდვა9, მაგრამ მიიღო მან ჩემგან10 გამომდინარე "ცოდვა", ესე იგი არჩევანისეული ცვალებადობიდან გამომდინარე ხრწნადობა ბუნებისა და ჩვენს გამო გახდა ბუნებით ვნებული ადამიანი, აღმოფხვრა რა ჩემგან გამომდინარე ცოდვის11 მიერ ჩემეული12 ცოდვა. და ისევე როგორც ადამში ბოროტებისადმი არჩევანის განკუთვნილობამ უხრწნადობის ზოგადი დიდება აღმოფხვრა ბუნებისგან13 (ვინაიდან ღვთის განბჭობით არ იქმნებოდა კარგი, უკვდავი ბუნება ჰქონოდა არჩევანით გაუკეთურებულ ადამიანს), ამგვარადვე ქრისტეში სიკეთისადმი არჩევანის განკუთვნილობამ ხრწნადობის ზოგადი სირცხვილი აღმოფხვრა მთელი ბუნებიდან, რაც, [ქრისტეს] არჩევანის უცვალებლობის გამო, აღდგომისას ბუნების უხრწნადობად გარდაიქმნა. ვინაიდან კეთილგონივრულად საჯა ღმერთმა, რომ კვლავ უკვდავი ბუნება უკუმიეღო იმ ადამიანს, რომელსაც არ შეუცვლია არჩევანი, ხოლო "ადამიანად" ვამბობ ხორცშესხმულ ღმერთ-სიტყვას იმ მოაზროვნეობითად სულიერქმნილი ხორცის გამო, რაც ჰიპოსტასურად შეუერთა მან თავის თავს, ვინაიდან თუკი ადამში ბუნებითი ვნებითობა ხრწნადობა და მოკვდავობა არჩევანის ცვლილებამ შემოიტანა, მართებულად მოხდა, რომ ქრისტეში არჩევანის უცვალებლობამ აღდგომის მიერ ბუნებითი უვნებობა, უხრწნადობა და უკვდავება აღადგინა. ამრიგად, ადამის არჩევანისეული ცოდვის სასჯელი ესაა ბუნების გარდაქმნა ვნებულების, ხრწნადობისა და სიკვდილისადმი, რაც არ ჰქონია ადამიანს დასაბამში ღვთისგან, მაგრამ რაც ქმნა და შეიცნო მან, რაჟამს ურჩობის მიერ დაჰბადა არჩევანისეული ცოდვა, რისი ნაყოფიც აშკარად არის სიკვდილისმიერი სასჯელი. სწორედ ეს სასჯელი ჩემი არჩევანისეული ცოდვისა, ესე იგი - ბუნებითი ვნებითობა, ხრწნადობა და მოკვდავობა მიიღო უფალმა და "ცოდვა გახდა" ჩემს გამო, ვინაიდან ვნებულების, ხრწნადობისა და მოკვდავობის შესაბამისად ნებაყოფლობით ბუნებითად განიკუთვნა14 სასჯელი (იყო რა დაუსჯელი არჩევანის მიხედვით), რომ მას, ამ სახით ცოდვის, ვნებულების, ხრწნადობისა და სიკვდილის განმდევნელს, ჩემი არჩევანისეული და, ასევე, ბუნებითი ცოდვა და სასჯელი დაესაჯა და აღსრულებულიყო ახალი საიდუმლო - ჩემდამი, უვნებობისგან დაცემულისადმი, მისი ჩემს გამო კაცთმოყვარებითი განგებულება, რომელმაც ჩემი ცხონების გამო ნებსით განიკუთვნა სიკვდილის მიერ ჩემი სასჯელი და ამ სასჯელის მიერ მომმადლა მე უკვდავებისკენ აღმოწოდება. ვფიქრობ, მრავალგზის წარმოგვიჩენია მოკლედ, თუ როგორ გახდა უფალი ცოდვა, თუმცა-კი არ იცოდა ცოდვა, როგორ არ გამხდარა ადამიანი15 ცოდვა, თუმცა-კი ჩაიდინა მან და იცოდა ცოდვა, - ერთი მხრივ, არჩევანისეული, რასაც მისგან [ადამიანისგან] დაედო სათავე, მეორე მხრივ კი ბუნებისეული, რაც მის [ადამიანის] გამო მიიღო უფალმა, იყო რა იგი ყოვლითურთ თავისუფალი პირველისგან16.

-----------------------------------------------------------------------------

1 - ე.ი. ნამდვილად დასაგამობი, სასაყვედურო, "საყვედრელი".

2 - ე.ი. არდასაგმობი, უსაყვედურო, "უყვედრელი".

3 - იგულისხმება, რომ გასაკიცხმა გაუკუღმართებამ (არჩევანის ცვალებადობამ) განაპირობა გაუკიცხავი გაუკუღმართება (უხრწნადი ბუნების ხრწნადად გარდაქმნა).

4 - ე.ი. გამომასწორებელმა.

5 - ანუ ჩვენი ცოდვითდაცემული და ხრწნადი ბუნების, იგივე "პირველცოდვის შედეგის" (და არანაირად თვით პირველცოდვის) მიმღები.

6 - ე.ი. ჯერჩინებითი, გნომური, არჩევანისეული.

7 - ე.ი. უკუაქცია.

8 - ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვარს "კაცს" უწოდებს მხოლოდ ბუნებითი და არა პიროვნული (ჰიპოსტასური ანუ გვამოვნებითი) გაგებით. ეს ნიშნავს, რომ მაცხოვართან მიმართებით სახელი "კაცი" უიგივდება გამონათქვამს: "კაცობრივი ბუნების მქონე" და არანაირად როგორც პიროვნება-ადამიანს, რაც ნესტორიანიზმია. როგორც ვნახეთ, თვით მაქსიმე დასძენს, რომ მაცხოვარს "კაცი" ეწოდება მხოლოდ იმიტომ, რომ კაცობრივი ხორცი (=კაცობრივი ბუნება, კაცება) მიიღო.

9 - ესაა პირველი ანუ არჩევანისეული ცოდვა, უფლისგან არმიღებული.

10 - ე.ი. ჩემი არჩევანისეული ცოდვისგან.

11 - "ჩემგან გამომდინარე ცოდვის" - ე.ი. ჩემი არჩევანისეული ცოდვისგან გამომდინარე ცოდვის ანუ ბუნებისეული ხრწნადობის.

12 - ე.ი. ჩემი არჩევანისეული.

13 - სიტყ. "ზოგადობა ბუნების უხრწნადობის დიდებისა აღმოფხვრა", ე.ი. მთელ ბუნებას მოუსპო უხრწნადობა.

14 - სიტყ. "შეიმოსა".

15 - ე.ი. ადამი.

16 - ე.ი. არჩევანისეულისგან

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ

ციტატა მოტანილია სტატიიდან "ედიშერ ჭელიძე - როგორი კაცობრივი სხეული მიიღო მაცხოვარმა - ადამის დაცემამდელი (ცოდვამდელი) თუ დაცემის (ცოდვის) შემდგომი? (გამოქვეყნებულია "საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომების" VII ტომში)

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 12 July 2017 17:43)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96