Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წინათქმა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე XX საუკუნის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის გამორჩეული მოღვაწე იყო. მას წილად ხვდა დიდი პატივი, 1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ამბიონიდან სრულიად საქართველოსათვის ემცნო 116 წლოვანი მონობისაგან საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის განთავისუფლება. იგი უშიშრად, ბრძნულად ხელმძღვანელობდა ავტოკეფალია აღდგენილი ეკლესიის დროებით მმართველობას და ყველაფერი გააკეთა მისი სამართლებრივი და კანონიკური ინტერესების დასაცავად.

უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II-ის ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ, ჯერ როგორც პატრიარქის მოსაყდრე, შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ურთულეს პერიოდში ხელმძღვანელობდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. უწმიდესი ლეონიდე მოესწრო საქართველოს თავისუფლებას და ბოლშევიკური რუსეთის მიერ მის ოკუპაციას... ჩვენმა საზოგადოებამ ცოტა რამ იცის ამ პიროვნების შესახებ. შევეცადე მისი მდიდარი ეპისტოლარული მემკვიდრეობისა და დროჟამს გადარჩენილი საარქივო მასალების ანალიზის საფუძველზე აღმედგინა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი მომენტები. უწმიდეს ლეონიდეს ბედმა არგუნა დიდ საეკლესიო და ეროვნულ მოღვაწის კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის თანამებრძოლობა. ძნელია ასეთ პირობებში მკვლევარმა ყველა ნიუანსი გაითვალისწინოს. მომიტეოს მისმა სულმა თუ რამ დავაკელი...

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
2014 წ.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე, ერში ლონგინოზ სოლომონის ძე ოქროპირიძე დაიბადა 1861 წლის 15 თებერვალს გორის მაზრის სოფელ დისევში. ეს სოფელი ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული მნიშვნელობის სოფელია შიდა ქართლში, სადაც 35-ზე მეტი სალოცავი-ნიში და ეკლესიაა შემორჩენილი. სოფლის მშვენებაა IX საუკუნის ძელიცხოვლის და XI საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები. სოფლის სიახლოვეს ჩრდილო-აღმოსავლეთით იყო ისტორიული ციხე-კოშკი, რომლის აშენების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. პატარა ლონგინოზი ბავშვობიდან იზრდებოდა თავისი სახელოვანი ბიძის, ეპისკოპოს ალექსანდრეს მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც ზრუნავდა, რათა ყმაწვილს მიეღო საფუძვლიანი განათლება. ეპისკოპოს ალექსანდრეს ხშირად სტუმრობდნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი. ახალგაზრდა ლონგინოზი ისმენდა ამ დიდი ადამიანების ნააზრევს, ფიქრობდა თავის სამშობლოს რთულ აწყმოზე და იმედით უყურებდა მის მომავალს. 1867 წელს ლონგინოზი ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც ბიძის რეკომენდაციით სწავლა განაგრძო სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1884-1888 წლებში სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში. ახალგაზრდა ლონგინოზი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს. მეუფე ალექსანდრესადმი გაგზავნილ წერილში გულახდილად აღიარებდა, რომ "ქართველი სამღვდელოების დიდი ნაწილი გაუნათლებელი და უცოდინარი იყო, რომელთაც რიგიანად უბრალო წირვის შესრულებაც კი არ შეუძლიათო". კიევის სასულიერო აკადემიაში არსებული ვითარების შესახებ საინტერესოდ მოგვითხრობს ახალგაზრდა ლონგინოზი 1885 წლის 14 სექტემბერს ეპისკოპოს ალექსანდრესადმი გაგზავნილ წერილში:

 

მოწყალეო ბიძავ ბატონო!

თქვენს სიცოცხლეს და მშვიდობას ვისურვებ და ვსთხოვ უფალსა. თქვენი წერილი მივიღე და იმის პასუხსაც გწერთ. მე, როგორც თქვენც გეხსომებათ, გამოველ თბილისიდამ ორს  სექტემბერსა; ამავე დღეს ღამის ათს საათზედ ჩავედი ბათუმშიდ და მეორე დღემდინ იქ დავრჩი, მეორე დღეს ე.ი. სამს სექტემბერს, პარახოდი გავიდა ოთხ საათზედ; მართალია თავშივე ქარი ქროდა, მაგრამ პატარა იყო და საშიშათ არ ჩათვალეს, მაგრამ მერე როდესაც გავედით ტრიალ ზღვაში, დაუბერა საშინელმა ქარიშხალმა, აღელდა ზღვა და ჩვენმა პარახოდმა დაიწყო საშინელი რყევა. რასაკვირველია ყველას აგვერია გული და დაუწყეთ ლიმონებს წუწნა, მაგრამ ყველაფერი ტყუილი ყოფილა. ვისაც ზღვა აწყენს იმას წამალი აღარა აქვს რა; ჩემ თავზე ასე გამოვცადე და სხვებისა კი არ ვიცი. ზღვამ ყველაზე ძლიერ მე მაწყინა და პირველათ მე მასაქმა. ჩემი მტერიც ჩავარდნილა იმ მდგომარეობაში, რომელშიდაც მე ვიყავი, ისე შემაშინა ზღვამ, რომ ღმერთს აღთქმა მივეც, ჩემ დღეში ზღვაზე აღარ ვიმგზავრო. წყევლით ამოვაგდე ვინც ხალხს ასწავლა პირველათ არამც თუ ზღვაზედ, უბრალო მდინარეზედაც კი ცურაობა. კიდევ ღმერთმა მიბრალა და ქარი მალე ჩადგა, თორემ თქვენი მტერი, რომ ჩემი საქმე იქნებოდა. ზღვაზე დავრჩი ხუთი დღედაღამე ე.ი. ოდესაში მივედი მეშვიდეს. რადგანაც პოეზდი ოდესიდამ კიევში გადიოდა ღამის ცხრა საათზედ და ჩვენ კი მივედით დილის

რვა საათზედ, ამისთვის საღამომდინ იქ დავრჩი და ქალაქი დავათვალიერე, რადგანაც სემინარიასთან ახლო მომიხდა ყოფნა, შევედი და ვიკითხე კავკასიძე, მაგრამ მითხრეს, რომ შინ წავიდაო. მერე ვიკითხე სხვა ქართველები და მიჩვენეს ორი კაცი, რომელთაგანი ერთი ჩემი ამხანაგი იყო უჩილიშჩის მესამეში, მეოთხეშიდ და სემინარიის პირველშიდ. იმას გამოვკითხე კავკასიძეს ამბავი და მითხრა, რომ ბერძნულ ენაში პერეგზემენოვკა ჰქონდაო, მაგრამ ვერ დაიჭირაო; მერე უთხრესო, რომ ამ სემინარიიდამ თუ გადახვალ სხვაგანო, კაი ბალლს დაგისვამთო, ისიც დათანხმებულიყო და ისევ თბილისის სემინარიაშიდ წამოსულა. შვიდიდამ გამოსული კიევში მოვედი ცხრას დილით. მაშინვე აკადემიაში მივედი და გამოვეცხადე მთავრობას, რომელმაც არაფერი შენიშვნა არ მომცა დაგვიანებისათვის. ჩიკვაიძის ამბავსა კითხულობთ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი კეთილის თქმა არ შემიძლიან. სემინარიაში მივედი და ვსთხოვე რეკტორს, რომ ეგზემენიები  დაეჭირებინათ, მაგრამ იმან მითხრა, რომ არაფრით არ შემიძლიან აგისრულო თხოვნაო, რადგანაც ეგზემენიეები წელიწადში¬ ერთხელ გვაქვსო ხოლმეო და ეხლა დაგვიანებულიაო. შემდეგში წავედი ტეხნიკის შკოლაში, მაგრამ იქაც ის მითხრეს, რომ სწავლის დაწყების შემდეგ არავის არ ვიღებთო. დარჩა ახლა უმანის შკოლა და ახლა პროგრამა გამოვიწერე; რა გამოვა ბოლოს ღმერთმა უწყის. დალოცვილები დააგვიანებენ, საქმეს წაახდენენ და მერე ყვირიან გვიშველე, გვიშველეო. მერე ამის კვარტირის შოვნამ გააჭირა საქმე და ბოლოდროს ძლივს ძლივობით ვუშოვნე.

სხვა აქ ახალი არა არის რა გარდა იმისა, რომ მეოთხე კურსის სტუდენტი ქართველისთვის ქართული ისტორიიდამ დისერტაციის დაწერის ნება არ მისცეს, რადგანაც მასალები, რომლებითაც შენ ისარგებლებო ჩვენთვის უცნობი არიანო და არ შეგვეძლება გავიგოთ, თუ როგორ ისარგებლეთ იმითიო. ამის შემდეგ მე მგონი, ქართველთაგანს ნება აღარ მისცენ არავის ქართული ისტორიიდან ტემის აღებისა.

დავშთები თქვენი მორჩილი ძმისწული ლონგინოზი"1.

1887 წლის ივნისში ლონგინოზი ბერად უნდა აღკვეცილიყო. ამასთან დაკავშირებით იგი საქმის კურსში აყენებს მეუფე ალექსანდრეს.

სანატრელო, ბიძავ ბატონო!

თქვენი წერილი გამოგზავნილი ამ თვის 23 სექტემბერს, მივიღე 28 სექტემბერს საღამოთი და დღეს 29 სექტემბერს, პეტრე-პავლობა რომ არის, სამაგიერო პასუხს გწერთ.

თქვენ იწერებით, რომ მანდაური მიტროპოლიტი იოანნიკე ამ თვის 12-ს თავის იუბილეს დღესასწაულობდა და რატომ არ ნახე და არ მიულოცეო? თუ არ გინახავს, უეჭველათ ნახე და გეეცანო.

ნეტარება თქვენ, რომ აგრეთი უმანკო, უცბიერო და სოფლისაგან გაუჭუჭყიანებელი ბრძანდებით და ყოვლისფერს თქვენი უმანკო თვალით უმზერთ; ნეტარება იმასა, ვინც აგრე წმინდათ და უვნებლათ დაიცავს თავს ამ ცრუ და ცბიერ წუთისოფელში, როგორც დაგიცავთ და შეგინახავთ თქვენ თქვენი თავი. თქვენ ეპისკოპოზი ბრძანდებით, მაგრამ თქვენი სახლის კარები მუდამ ღიაა ყველასათვის: ღვდელია თუ ერი, მაღალი თუ მდაბალი, ხარისხოვანი თუ უხარისხო, გლახა თუ გამოჩენილი მდიდარი. თქვენ არ გახვევიათ მთელი ჯარი მოსამსახურეებისა, არ აცდევინებთ სტუმრებს რამდენიმე საათობით გარეთ, არ ეჩვენებით მრისხანეთ და ამაყათ თქვენ სტუმრებს, თავმდაბლურად და მამობრივის გრძნობით ელაპარაკებით დიდს და პატარას, განათლებულს და გაუნათლებელს და გგონიათ, რომ ყველა ეპისკოპოსები ასე იქცევიანო, ამისთანა შეხედულება თქვენ ხარისხზედ, მართლა რომ მაღალი, კეთილშობილური, ეკლესიური და მოციქულებრივი შეხედულობაა, ამგრამ მაგარი ესაა, რომ ამ მეცხრამეტე საუკუნემ ბევრი რამ შეცვალა ქვეყანაზედ და სხვათა შორის არც სამღვდელოება, მეტადრე უმაღლესი დარჩენილა ხელთუხლებელი, თუმცა კი, ნამდვილი უნდა ვთქვათ, უმეტესი ნაწილი ამ ცვლილებათაგანი არა სანატრელი, სამწუხარო და სავალალონი არიან. როდესაც დავფიქრდები ხოლმე, ჟრუანტელი გამივლის ტანში: როგორ ვბედავ მე უსუსური შეხებას იმისთანა წმინდა და მაღალი ხარისხისას, როგორც არის საზოგადოთ სამღვდელოება და განსაკუთრებით ეპისკოპოზობა, რატომ ენა არ მიმახმება სახეზედ, როდესაც ამისთანა უკადრისი აზრები გამივლიან ხოლმე მეთქი თავში და სხვა. მაგრამ მეორეს მხრით ვიხსენებ, რომ მაცხოვარი მუდამ ჭეშმარიტებას ქადაგებდა, არასფერს ბოროტს არ ჰფარავდა და არ თმენილობდა, არასდროს არ უთქვამს თავის მოწაფეებისათვის, რომ კაცის ბოროტ ქცევაზედ თვალები დახუჭეთო და შავს თეთრი დაარქვითო. გარდა ამისა ჭეშმარიტებისათვის არ არსებობს არც წლოვანება, არც უმაღლესი განათლებულობა, არც სიმდიდრე და არც ხარისხი. მეფე და მენახირე, მღვდელმთავარი და პონომარი, მათხოვარი და მილიონერი, მოხუცი და ჩვილი, ფილოსოფოზი და რეგვენი სუყველანი ერთნი არიან ჭეშმარიტების წინ და ჭეშმარიტებაც ერთია ყველასათვის. როგორც თვით მაცხოვარი იწმიდება ჭეშმარიტებათ, აგრეთვე კაცობრიობის უპირატეს და აუცილებელ ვალათ გახდა ჭეშმარიტების სიყვარული და მეც ხომ კაცი ვარ, მეც ჭეშმარიტება უნდა მიყვარდეს და ამიტომაცაა რომ მე უღირსი ვეხები წმინდა და ფრიად მაღალ ხარისხს. საზოგადოთ რუსის ეპისკოპოზები ძალიან მედიდურობენ და სიტყვით გამოუთქმელ განსცხრომითი ცხოვრებას ატარებენ. ისინი სცხოვრობენ მეფურათ სასახლეებში, მათი სასახლის კარები თუ არ გამოჩენილ პირს არავის გაეღება; ეპისკოპოზის მოსამსახურე იმნაირ ფრაკშია გამოკვანწული, რომ უბრალო კაცს ნება-უნებლიეთ რცხვება და წითლდება თავის უბრალო, თუმც კი საკადრის ტანისამოსზედ: შემდეგ, თუ კელენიკმა ინება და პირველი სიტყვიდანვე უარი არ უთხრა, ეპისკოპოზის ნახვის მსურველმა უნდა პერედნიაში იცადოს სრული ორი-სამი საათი; შემდეგში თუ თვით ყოვლადსამღვდელომაც ინება და მთხოვნელი შეუშვეს ზალაში, კაცი სრულებით ფრთხება, შიშობს და იკარგება. ის ხედავს პარკეტის პოლს, ოქროთ მოვარაყებულ შპალერს, ხავერდის მებელს, მდიდარ მხატვრობას, ათასნაირ მორთულობას ასე რომ ამოდენა სიმდიდრე კაცს თვალებს უჭრელებს და ნება უნებლიეთ კრთება; ახლა გამობრძანდა თვით ყოვლადსამღვდელო სახეშეჭმუხვნილი, ანაფორის შრიალით და წივილით მორთული ყველა თავის ლენტებით და ჯვრებით. აქ ხომ კაცს სულ დაავიწყდება თავი და გული წაუვა შიშისაგან, დაინახავს რა მედიდურს და შეჭმუხვნილ პირსახეს, რომელიც ცხადათ ეუბნება მას: "როგორ გაბედე შე მატლო, აქ შემოძრომა და ჩემი შეწუხებაო." ასე მედიდურათ სცხოვრობენ ყველა არქიელები საზოგადოთ და რა ლაპარაკი უნდა, რომ ეპისკოპოზების ცხოვრებას რამდენიმე წილათ აღემატება მიტროპოლიტების ცხოვრება. ყველა რუსს, ვინც კი სარწმუნოებას არ გადასდგომია, სწამს მხოლოთ ღმერთი, ხელმწიფე და მიტროპოლიტი, ესაა მათი სამება და თუ გინდ დაიჯერეთ-თუ გინდ არა, ამათ შორის განრჩევას არ სდებენ. მიტროპოლიტი აქ სცხოვრობს კრემლში, მეფის სასახლის გვერდით; მასთან მისვლა აგრე ადვილი არაა და თუ რუსული ანდაზა ამბობს რომ: "До царя далеко" მოვა დრო როდესაც შეავსებს ამ ანდაზას: "и до митрополита не близко". თქვენ რომ ბრძანებთ, რომ იუბილე უნდა მიგელოცათ, რატომ არ იკითხავთ ჩემისთანაებს იღებდნენ? და ვთქვათ, რომ მივეღე კიდეც ცარიელი სიტყვით მიმელოცნაა!? ეხლა დაჩაზეა და როდესაც ჩამობრძანდება და შემთხვევა მექნება უეჭველათ ვეცდები რომ ვნახო. თუ მიტროპოლიტის ნახვას ვერ ვეღირსე, ვეცდები ვნახო მისი ძმისწული, რომელმაც კაზანში და მე კი თბილისში გავიცანი. შარშან თქვენთან რომ გახლდით და მერე თბილისში წაველ თქვენ წერილი მიმიწერეთ ეგზარქოსთან, როგორც უბრალო მიზეზი გაცნობისა, და მიბრძანეთ, რომ მოვსულიყავ. მივედი და უთხარ კელენიკს, რომ ყოვლადსამღვდელო თუ შინ ბრძანდება მოახსენე, რომ მათი ნახვა მსურს მეთქი და უთხარ ჩემი სახელი და გვარი. მაგრამ ცივი უარი მითხრა: დღეს ძალიან დაღალული ბრძანდება და არავის არ იღებსო. შემდეგში ვუთხარი, რომ ეპისკოპოზის ძმისწული ვარ მეთქი და მაშინ კი შევიდა და მიმიღეს კიდეცა. აბა მანდ რომ ამაებს სჩადიან, აქ რა უნდა ქნან! ჭკვიანობაა თუ უჭკუობა, ამისი რა მოგახსენოთ, მაგრამ ეს კი ყველასათვის თვალსაჩინოა, რომ ჩვენი ხალხი უმაღლეს სამღვდელოებას მაგრე რიგათ მოწიწებით, შიშით და კრძალვით არ ეკიდება. ამას თვითონ ეგზარხებიც კარგათ ამჩნევენ და თუმცა ცოტა ეჩოთირებათ და არ მოსწონთ, მაგრამ მაინც საზოგადოებას მორჩილდებიან და ცოტა არ იყვეს მედიდურობას და ბატონობას უკლებენ. აქ კი, რადგანაც ხალხს, ვიხმარ ერთი ჩვენებური მწერლის სიტყვებს "მათი სლოკინი, ხელთა ფოტინი, ღვთისადმი ლოცვათ მიაჩნიათ." გრძნობენ თავიანთ ღონეს და სრულებით იცვლებიან: მაპატიეთ ამ გვარი გაბედულობა, მაგრამ იცოდეთ კი, რომ აქ არაფერია მომატებული, ან მოგონილი და გაზვიადებული. საზოგადოდ სამღვდელოებაზედ მე თქვენთან ერთხელ და ორჯერ არა მქონია ბაასი და როგორც ვსცან თქვენი ლაპარაკიდამ, უკაცრავათ კი გახლავართ, ახლანდელ ღვდლობას, მათს ცხოვრებას, გარემოებას, ზნე-ჩვეულებას, მოქმედებას და მიმართულებას არ იცნობთ და უმზერთ თქვენი უმანკო და თითქმის უბიწო თვალით. ეს თქვენი აწინდელი მღვდლობის უცოდინარობა მე საძრახისად კი არა წმინდა საქმეთ და ნეტარებათ მიმაჩნია. მორწმუნე კაცმა რომ დაწვრილებით გაიგოს ის სოდომ-გომორი, რომელშიდაც სცხოვრობს და რომლითაც ემსახურება ეხლა მღვდლობა, სწორე რომ გითხრათ, ჭკუაზე შეიშლება, მე რასაკვირველია მესამედიც არ ვიცი ახლანდელი მღვდლობის სენი, მაგრამ რაც ვიცი ესეც სამყოფათ მაფიქრებს ხოლმე. წმინდა გულით ვფიცავ ღმერთს, რომ არასდროს მღვდლობაზე ცუდი ლაპარაკი არ მყვარებია და ძალიან სამწუხაროთ მიმაჩნია ის გარემოებანი, რომლებიც მაძლევენ ხოლმე შემთხვევას ამისთანა წერილის მოწერისას: მე ვიცი, რომ თქვენი წმინდა, კეთილშობილური და გაურყვნელი გული აღშფოთდება ამოდენა უწმინდურობის და ტალახისაგან; თქვენ არ იცით ახლანდელი ღვდლობის ცხოვრება და მისი აწერა თქვენ არ შეგიძლიათ გულის სიმშვიდით მოისმინოთ, მე არ მესიამოვნება თქვენი გულის აღშფოთება; მაგრამ ნება უნებლიეთ უნდა მეთქვა რაც ვთქვი და დამტუქსავთ თუ არას მეტყვით, ეს თქვენი სრული ნებაა. მე კი კიდევ ამას ვამბობ, რომ არაფერი ჩემგნით მოგონილი და გაზვიადებული არა არის რა.

2. იწერებით, რომ მამაშენმა მონასტერს თავი დანება და კასპში დაეყნდოო. ღვთის მადლმა, არ ვიცი რა ეშველება და რა რიგათ მოევლება საქმეს. ღმერთს გეფიცებით, ისე შემძულდა ამოდენა შფოთი, აყალ-მაყალი და არეულობა, რომ ვეღარა მომიგონია რა. თავის ქერქში რომ დასდგებოდეს და არავის შფოთს და ხიფათს არ აუტეხდეს, გადაუწყდეს და გადაჰყვეს, რაც უნდა ისა ქნას და საითაც უნდა იქით წავიდეს, მაგრამ საფიქრებელი ისაა, რომ კიდევ ასტეხოს რამე და კიდევ აურ-დაურიოს სახლი.

3. კიევში თქვენგნივ გამოგზავნილი ფული და წიგნები მივიღე და დიდად უკაცრავად გახლავართ, რომ თავის დროზედ ვერ შეგატყობინეთ, რაც შეეხება იოსების ადრესს და სხვა თქვენ წერილებს, ესენი კი არ მიმიღია და ალბათ აკადემიაში იქნებიან შენახული ჩემ მისვლამდინ. Нумизматические факты, საქართველოს ისტორია რუსულ ენაზედ და გამრეკლოვის ორი ბროშურა დიდი ხანია მივიღე და კიდეც წავიკითხე. ამ წიგნებშიდ ყველაზე უფრო მომეწონა Нум. ф. ბარათოვისა და ბევრ ახალ აზრებსაც შევხვდი მეტადრე ქართულ წერაზედ ანუ ანბანზედ, მაგრამ რადგანაც წერილი ძალიან გაჭიანურდა და ადგილი ნებას არ მაძლევს, თავს ვანებებ და როცა აკადემიაში მივალ, მაშინ ამ საგანზე მოგწერთ კარგა ვრცელ და ფართო წერილს. რაც შეეხება გამრეკლოვის ბროშურებსა, მათზე ლაპარაკი არა ღირს და მიკვირს, რატომ სინდისი არ აწუხებს ამოდენა უთავბოლოდ ბლაჯნაზედ და ღობე ყორეს დებაზედ. აქაურობაზედ მაინც კიდევ ვერა ვთქვა რა და შემდგომში მოვიწერები." ბერად აღკვეცის წინ იმავე ადრესატს ლეონიდი წერდა:

"ძვირფასო ბიძავ ბატონო!

ვეშურები მოგილოცოთ თქვენთვის ფრიად გასახარელი და სასიამოვნო ამბავი: მე ბერათ ვდგები; რექტორს უკვე მოველაპარაკე და დიდის სიამოვნებით დამთანხმდა; ფორმის გულისთვის თხოვნა შემომიტანეო და მივართვი კიდეც; ახლა საქმე მხოლოდ იმაზეა, მიტროპოლიტი რა დღეს დანიშნავს საკურთხევლათ. მე ლავრაში ახლა თითქმის ყოველდღე დავიარები; ლავრის ნამესტნიკი გავიცან, იმის რეკომენდაციით, ერთი წმინდა განდეგილი ბერი ვიშოვნე, რომელიც დარიგებას მაძლევს, თუ როგორ უნდა მოვიქცე და რა გვარ უნდა ვიცხოვრო. ეს ჩემი მამა ანუ მოძღვარი ფრიად შესანიშნავი და წმინდა კაცია, მაგრამ ამაზე დაწვრილებით შემდეგში როდისმე მოგწერთ.

ახლა ბატონო, თქვენ, რასაკვირველია, მოგეხსენებათ თუ რაც დამჭირდებოდა, კაბა, ანაფორა, კუნკულა, მანტია, პარამანი, სარტყელი, კრიალოსანი, სანდალი და სხვა. ადრევე თქვენ ხუთი თუმანი გამომიგზავნეთ, ე.ი. ლექციების და წიგნების. ჩემი ახალი ტანისამოსისათვის ფული არა მქონდა, მაგრამ ღმერთმა უშველოს ჩვენ ეკონომს: ვთხოვე ამა და ამ საქმისთვის მჭირს ფული მეთქი და თუ შეიძლება უნდა ერთი თვის ვადით მასესხო იმდენი, რამდენიც მომინდება მეთქი. იმან თვითონ წამიყვანა მაღაზიაში და კაბა საანაფორე თავისი ფულით მაყიდვინა, შესაკერათ კი ლავრაში გამაგზავნა, იქ ბერი ჰკერავს და იაფად გაგიკეთებსო. ლავრაშივე შევუკვეთე კუნკული. კაბა ანაფორა სარჩულით და შეკერვით ჯდება 3 თუმანი, კუნკული ჩვიდმეტი მანეთი, მანტია ძალიან ძვირათ ჯდება და ამიტომ ვერ გავბედე მისი ყიდვა; ისევ ჩემ მოძღვარს ვთხოვ და იქნება მათხოვოს. ახლა იქნება ბრძანოთ, რატომ ჯერ მე არ შემატყობინე და მერე ისე არ იყიდე სატანისამოსოო? იმიტომ ბატონო, რომ ვაჩქარებ ყველაფერი ამ ყუდროობაში გავათავო, თორემ შემდეგში, როდესაც ამხანაგები ჩამოვლენ სოფლებიდამ (ამ წელში ჩემი ამხანაგები ძალიამ მალე ჩამოვლენ, რადგან ტემებს მოგვცემენ) მაშინ ძალიან გასაჭირი და სამძიმო შეიქნება ჩემთვის, ვგონებ თქვენც თავდაპირველად, იმავე მდგომარეობაში იქნებოდით, როგორშიდაც მე ვარ: ასე მგონია, ქვებიც კი მე მომჩერებიან მეთქი და სირცხვილით ვიწვი. ღმერთმა უშველოთ კიდევ ამ ქართველ სტუდენტობას: როგორც აკადემიელს, ისე უნივერსიტეტელებს: ისინი ძალიან მოხარულნი არიან და გულს მიმაგრებენ...

ახლა, ბატონო, უმორჩილესად გთხოვთ წერილის უმალვე ფული გამომიგზავნოთ, რომ ვალი გადავიხადო და იმ კაცთან (ეკონომთან) პირნათლად გამოვიდე. ბევრ ხარჯს გაძლევთ, მაგრამ ახლა იმგვარი საქმისათვის გთხოვთ ფულს, რომ, მე მგონი, მტერმაც არ დამიჭიროს.

დათიკოს უკვე გაუგზავნე წერილი და შეუცხადე ჩემი აზრი. ახლა თქვენც შეგიძლიანთ ყველას აცნობოთ ეს გარემოება. სახელით მე ლეონტს დავირქმევ, თუ მიტროპოლიტმა არ გამოცვალა, გამკრეჭენ ლავრაში მღვიმეში. იქნება სანამ წერილი მოგივიდეთ კიდეც ბერი ვიქნე. მინდოდა ტელეღრამა გამომეგზავნა, მაგრამ ვიცი ტელეღრამა არ გიყვართ და ვერ გავბედე, ფულს ველი".2

სამშობლოში დაბრუნებული მღვდელმონაზონი ლეონიდე თავდავიწყებით ჩაება ქართველი ერის სამსახურში. 1888 წელს საქართველოს ეგზარქოსმა პალლადიმ (რაევსკი) დანიშნა კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად. მისი აქტიური მხარდაჭერით სკოლები გაიხსნა ფშავ-ხევსურეთში, მთიულეთ-გუდამაყარში, საინგილოში. 1888 წლის იანვარში როგორც ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძისადმი გაგზავნილი წერილიდან ირკვევა ახალგაზრდა მღვდელმონაზონი ლეონიდე დათანხმდა წინადადებას და მისიონერული საქმიანობისათვის გაემგზავრა საინგილოსა და აჭარა-ქობულეთში, სადაც ამ დროს ქრისტიანობას ყველაზე მეტად უჭირდა. თუ როგორ წარმოედგინა მისიონერული საქმიანობა ამის შესახებ დაწვრილებით აცნობებდა ბიძას: თქვენი წერილი, ამ თვის 17-ს გამოგზავნილი, მივიღე დღეს 24 კვირას ეკკლესიაში წირვის დროს და ყოვლიფერი ვსცან. თქვენ იწერებით: "მისიონერობას გექადიან საინგილოში, ქობულეთ-აჭარაში და შავი ზღვის ნაპირებს და აბა რას იტყვი ამაზედო?" მისსიონერობა ანუ ქრისტიანობის გავრცელება სხვა და სხვა გაუნათლებელ ხალხთა-შუა არის იმისთანა წმინდა საქმე, რომელსაც არ უნდა ჰკიდებდეს ხელს ყოველი უბრალო მომაკვდავი; სიწმიდე და სიდიდე ამ საქმის ყოველ კაცს უნდა სჭვალავდნენ შიშით და ყოველი უნდა იხსენებდეს მას კრძალვით, სასოებით და მოწიწებით. მისსიონერობა ანუ მოციქულობა არის ხვედრი ღვთისაგან რჩეულთა და არის ისეთი დიდი, მაღალი და წმინდა მოვალეობა, რომელსაც არა გვარი სოფლიური მოვალეობა არ ეთანაბრება. ამისათვის არც ამ სოფლის სწავლა-განათლება, არც თავისი ნიჭი, შრომა და ღვაწლი თავის დღეში არ შეჰქმნიან კაცს ამ მაღალი საქმის ღირსეულად; იგი არს მადლი ღვთისა, რომელიც ეძლევა კაცს დაუმსახურებლად. პავლეობას, პეტრეობას, იოანნობას კაცი თავის დღეში ვერ დაიმსახურებს და გულშიაც არ უნდა ედოს ამ ხარისხის სიმაღლის შეწდომა თავისი შეძლებით. მე, იქნება წინათ, როდესაც ჯერ არ მესმოდა სრულებით ამ საქმის სიდიდე, დიდის სიხარულით მიმეღო იგი და მეფიქრა კიდეც, რომ ღირსი ვარ მეთქი, მაგრამ ეხლა, როდესაც ნამდვილათ შეგნებული მაქვს ჭკუითაც და საქმითაც ამ გვარი საქმეების სიმაღლე, სიდიდე და სიწმინდე, მათი სიძნელე, სიმძიმე და დიდი მნიშვნელობა, როდესაც წარმოდგენილი მაქვს რას მოითხოვს ეს საქმე ჩემგან, ეხლა თქვენი კითხვა აღმამსებს, შიშით, კრძალვით და კანკალით. მაგრამ იდიდოს ღმერთი! ვერ აღვუდგები ღვთის განგებას. ყოვლისფერში ჩემ სიცოცხლეში ხელსა ღვთისასა ვხედავ და აქაც ჭეშმარიტათ ხელი ღვთისაა. მე ვიზრდებოდი სემინარიაში "ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების" ხარჯით და მაშასადამე ჩემი ზნეობითი მოვალეობაა, რომ არ უმტყუნო მაგ საზოგადოებას, მისსიონერობა, ღვთის განგებამ ჯერ ისევ ბავშვობაში მაქონია სახსოვარში; შემდეგში ამავე ღვთის განგებამ მიჩვენა თვით ადგილიც ჩემი ღვაწლისათვის. ვინ არ მიხვდება, რომ ღვთის განგება და არა უბრალო შენთხვევა იყო, რომ მე თქვენთან ერთად ვიყავ ქობულეთში, ამ საგანზე მქონდა ლაპარაკი და თქვენთან ერთად ვნახე ძველი ეკლესიის ნანგრევი "თეთროსანი"!! ის დრო ჩემთვის დაუვიწყარი იქნება და არის კიდეც. იმ დროსვე შემიყვარდა ქობულეთი, მაშინვე ვიგრძნე ქობულეთლების სიახლოვე და გეფიცებით ღმერთსა, მასუკან ჩემი გული და სული იქ დარჩა... ღვთის განგებულობის საქმეა ჩემი ბერობაც. მისსიონერობა, ანუ სამსახური იესო ქრისტესი ითხოვს კაცი ყოვლისაგან თავისუფალი იყვეს, რომ კაცს არ უყვარდეს ქრისტეს უმაღლეს არც ცოლი, არც დედა, არც მამა, არც ქალი და არც შვილი. ამიტომ ღვთის განგებამ ჩაიბარა დედ-მამა ჩემი, დააბედნიერა და-ძმანი და თუმცა კიდევ დარჩნენ, მაინც იმათაც ესევე ღვთის განგება უპატრონებს... ახლა როდესაც სწავლას ვათავებ, როდესაც ცხოვრებას უნდა შეუდგე, უფრო გარკვევით იმოქმედა ღვთის განგებამ და მიჩვენა ის საქმე, რისთვისაც მამზადებდა ამდენ ხანს. წირვის დროს მივიღე თქვენი წერილი და არც ეს არის უმნიშვნელო. თავის დღეში ჩემი წერილი რეკტორთან არ მიუტანიათ, მაგრამ ეს წერილი საღამოთი რექტორის სახლში შეეტანა მეფოშტეს და კვირა დღეს წირვაზე რექტორის კელენიკმა გადმომცა. ალბათ წმინდა საქმე წმინდა ადგილზე უნდა შემეტყო. წერილი მაშინვე წავიკითხე და ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, რომ არასფერზე ფიქრი არ შემეძლო. რადგანაც მწირველი არ ვიყავ, დავდექი ერთ ყუდრო კუნჭულში და მთელი წირვა ცრემლის ღვრით და ცოცვით გავატარე; ვლოცულობდი იმაზე, რომ ღმერთს ჩაეგონებინა ჩემთვის, როგორ მოვქცეულიყავ: უვარი მეთქვა თქვენ კითხვაზე თუ თანახმა გაგხდომოდით, პირველმა ღელვამ გაიარა, გული ცოტ-ცოტად დამიშოშმინდა, აზრებით შემოვიკრიბე და თითქო რაღაც ლოდი მომშორდა გულიდამ, თითქო რაღაც დონემ გამინათლა გონება. თქვენი წერილი აღარ მეუცხოვა მთელის არსებით დავრწმუნდი, რომ აქ ყოველი წვრილმანიც ღვთის განგების საქმეა მეთქი და ამიტომ ყოველგვარი უარი ჩემგნივ ღვთის გმობა და წყენა იქნება. ღმერთია ჩემი მფარველი, ღმერთზე ვარ მინდობილი და რაც მას სურდს ის მოხდეს, არც განათლება არც ნიჭი არა მაქვს შესაფერი, მაგრამ ღმერთს ყოვლიფერი შეუძლიან და თუ მისი სურვილია რომ მისი მონა ვიქნა, რომ შევაგონო მისი სიტყვა სხვათაცა, უეჭველად ყოვლისფერს მომანიჭებს.

თანახმად თქვენი რჩევისა ჩემი სურვილიც ისაა, რომ საინგილო და ქობულეთში მოვყვე. პირველათ იმიტომ რომ, როგორც ზევითაც მოგახსენეთ, ხელი უფლისა პირველად ვცან ქობულეთში და ჩემი გული მას უკან იქ არის; მეორეთ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ქართული ენაა და ქართულათ შეიძლება სწავლა-ქადაგება. თუ ენა არ იცის კაცმა სულ ტყუილათ ჩაუვლის შრომა და მაშ აბა რა იქნება, რომ მე ან ოსეთში ან აფხაზეთ-სვანეთში დამნიშნონ? თუ ვინიცობაა როდესმე ეგზარხმა გკითხოთ რამე ეს გარემოება უეჭველად მოახსენეთ და ვფიქრობ, რომ პატივსაცემად იცნოს. მაგრამ აი ერთი გარემოება, რომელიც არ მესმის. საინგილოში ხომ დიმიტრი ჯანაშვილი იყო მისიონერათ და რას უპირობენ მას? დავიჯერო ართმევენ?

გარდა ამისა ძალიან საინტერესოა ჩემთვის ვიცოდე ეს სამი მისსიონერები ქართველები უნდა იყვნენ თუ რუსებიც? უეჭველათ ბერები უნდა იყვნენ თუ ღვდლებიც? აკადემიელე-ბი თუ სემინარიელებიც? ამ კითხვების გაგება საინტერესოა ჩემთვის იმიტომ, რომ ქრისტიანობის გავრცელება მართლა წმინდა საქმეა და არ მინდა, რომ სათამაშოთ შეიქმნას იგი. რუსებს არა ერთხელ განუზრახავთ კავკასიაში ქრისტიანო-ბის აღდგენა,არა ერთხელ გამოუგზავნიათ მქადაგებელნი და არა ერთხელ დაუხარჯავთ დიდძალი ფული, მაგრამ სუყველა ცდას ტყუილუბრალოდ ჩაუვლია. ვისაც სურს ამ სიტყვაში დარწმუნება, წაიკითხოს წარსული და აწყმო საუკუნის რუ-სული ეკლესიის ისტორია და საღათ დაინახავს ამ საქმის უნაყოფობას. რა იყო მიზეზი საქმის უნაყოფობისა? მარტო ისა, რომ მქადაგებელნი რუსები იყვნენ. რუსებმა არც ერთი კავკასიური ენა არ იციან და არც შეუძლიანთ შეისწავლონ და ამისთვის კავკასიაში მქადაგებლობა არ შეუძლიანთ. მეო-რეც ესა, რომ რუსი და სალდათი კავკასიაში ყველა ხალხის შეხედულებით ერთი და იგივეა, ამიტომ ვერა მისსიონერი რუსი ვერ დააჯერებს კავკასიის გაუნათლებელ ხალხებს, რომ მონათვლის შემდეგ, იგინი ან მათი შვილები, სალდათე-ბათ არ შეიქმნებიან და რუსეთში არ იქნებიან გადასახლე-ბულნი ყველა მთიულს ფანატიკურათ უყვარს თავისი არე-მარე და ყველა მძლავრ კაცს ეჭვიანი თვალით უყურებენ. რუსი მარტო თავისი რუსობით აფრთხობს ხალხს და ამიტომ ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ რუსმა მოახერხოს რამე. ყველა მთიულები გრძნობენ თავიანთ სიახლოვეს ქართველებთან, ყველა მათგანს უნახამს ქართველი ღვდელი, ყველა მათგანმა კარგა იცის, რომ ქართველი არსად არ გადაასახლებს და ამიტომ მქადაგებლებათ მთელ კავკასიაში უეჭველათ, თუ ეს საქმე ნამდვილათ ვისმე გულს ერჩის და ისტორიის მსვლელობისთვის თვალყური უდევნებია, ქართველები უნდა იყვნენ. კავკასიაში თითქმის ყველა ერმა იცის ქართული და სადაც არ იციან იქ თითონ მქადაგებელს ადვილათ შეუძლიან შეისწავლოს ადგილობრივი ენა. მქადაგებელნი უნდა იყვნენ უეჭველათ მაღალ-ზნეობის ხალხი. უწინ უბრალო წიგნის გადაწერასაც არ მიანდობდნენ ხოლმე დაბალი ყოფაქცევის კაცს და აბა სახარების გავრცელება როგორ უნდა ჩაჰბარდეს უღირს გვამს?! მხოლოთ ნამდვილი კეთილი ყოფაქცევის კაცი უეჭველათ მაღალი სწავლითაც არის აღჭურვილი და აი, თუ სურთ ნამდვილად საქმის გაკეთება, ყველა ეს გარემოებანი უნდა იქონიონ მხედველობაში.

თუ ოსეთში რუსი ვინმე არ სურთ, მე ვეცდები როგორმე შევაგონო ჩემ ამხანაგ-ტყემალაძეს ღვდლათ წასვლა და ოსეთში მისსიონერობა. ჩემი დიდი ხათრი აქვს და თუ გულით ვთხოვე არ მაწყენინებს და უეჭველათ გამიგონებს. ეს არის ძალიან სინდისიანი, მხურვალე მორწმუნე და ნიჭიერი კაცი. ამისთანას მანდ ვერსად ვერ ნახამენ. მაგრამ მე შემიძლია ამას გაუცხადო მისსიონერობა მხოლოთ ოსეთში, რადგანაც ოსებზე ახლოა და მათი ზნეჩვეულობა იცის; სხვაგან არსათ არ დათანხმდება, აი ბატონო მეორე მისსიონერიც! მხოლოდ გთხოვთ ეს მარტო თქვენ იქონიოთ მხედველობაში და თუ ოდესმე ეგზარხმა ქართველთა შორის ვისმე ძებნა დაუწყოს მოახსენეთ,რომ მეორე პირსაც მე ვიპოვნითქო და შემატყობინეთ. იმედი მაქვს, რომ ღმერთი შემაძლებინებს ამ ჩემი ამხანაგის მისსიონერობის გზაზე დაყენებას... აფხაზეთისთვის თქვენ იპოვნეთ ვინმე.

ეს დიდი საქმეა და კარგა მომზადება ესაჭიროება, მაგრამ ჯერ თხზულება არ გამითავებია და ეს მაღონებს".3

მღვდელ-მონაზონმა ლეონიდემ 1888 წლის ოქტომბერ-ნოემბერში შემოიარა საქართველოს მთიანეთი და შეამოწმა სკოლების საქმიანობა. აი რას წერდა თავის დღიურში: "აი შემოვიარე ოსეთი და ახლა ჩამოვედი გორში ახალციხეში გასამგზავრებლად. მაგრამ ვაი იმ შემოვლას, როგორც მე შემოვიარე. როგორც მოგეხსენებათ ვანათში გეახელით ორშაბათ დღეს 31-სა ოქტომბერს. ამ დღეს ისეთი ავი დარი იყო, რომ კარგი სახლის პატრონი ოთხფეხსაც არ გამოუშვებდა კარზედ. მე მეგონა შკოლამდინ როგორც იქნება გავძლებ მეთქი და იქ კი გავშრები და გავთბები. მაგრამ, "კაცი ბჭობდა, ღმერთი კი იცინოდაო" სწორეთ ასე დამემართა. შკოლაში რომ მივედი აღარც სწავლა იყო სადმე და არც ბოლი ამოდიოდა ბუხრიდამ. საწყალი მასწავლებელი გამოხვეული იყო საბანში და საცოდავათ აძაგძაგებდა. ჩემ კითხვაზე, რა დაგმართვია, ავათ ხომ არა ხარ? იმან ძროხასავით შემამბღავლა: "შენი ჭირიმე მიშველე რამე, ამ უღმერთოებმა ლამისაა სიცივით გამაფიჩხონო". არ გაუხარნია თქვენ მტერს, როგორც მე ეს ამბავი არ გამეხარდა. მაშინვე შევყარე ხალხი და ვთხოვე, რომ შეშა მოეტანათ, მაგრამ იმათაც ვერაფერი შევასმინე. დიდის გაჭირვებით და შეწუხებით გავატარეთ ის ღამე, მეორე დღეს საცოდაობით შეაგროვა ექვსი მოწაფე. დაუწყე იმათ კითხვა, მაგრამ იმათშიაც სანუგეშო ვერა ვნახე რა: მთელ იმათ სწავლას შეადგენდა მხოლოდ ქართული კითხვა-წერის ცოდნა. ასე გულდაწყვეტილი, დაღალული, გაცივებული, დასვენებული შევკუნტდი ცხენზე და გავემგზავრე ჯავას. თქვენ მტერსაც ნუ შეასწროს ის დარი, რომელიც მე შემესწრო - საშინელი, თოვლი, წვიმა, ქარი მთელი დღე გვაწუხებდა. საცოდავი ცხენები მუხლამდინ თოვლ-ჭყაპში ცვივოდნენ. ახლა ზედ შუა გზაზედ დაგვიღამდა. რას იზამთ, სად ან ვისთან მიხვალთ? ღმერთმა უშველოს იქ ახლო დათიკოს ნათლიმამა ჰყოლია მღვდელი დიმიტრი კასრაძე. იმ ღამე იმასთან მივედით და კარგათაც დაგვიხვდა ქართულის ბუხრით. მეორე დღეს თითონ ის ღვდელიც გამომყვა შკოლამდინ. ისე დავიღალე ცხენზე, რომ შკოლის კარებზე ხელით გადმომიღეს ცხენიდამ.

იმ შკოლაში დავრჩი ერთი დღე და ღამე. იქ ყველაფერი მოსაწონი იყო. მეორე ღამე ისევ კასრაძესთან გავატარე, მაგრამ, ვაი თქვენს მტერს, რაც მე დამემართა, ამიტყდა იმ ღამეს საშინელი პირსაქმობა, შემაყარა რაღაც ტანზე და ძალიან გამაცივა. მე ძალიან შემეშინდა და გადავწყვიტე შინ დაბრუნება, მაგრამ მიწყალა ღმერთმა და ჩქარა გადამიარა გამოვკეთდი თუ არა, მაშინვე შევაკაზმინე ცხენები და გაუდექი ყორნისის შკოლის გზას. ყორნისში მივედი ღამის ცხრა საათზედ. იმ ღამესვე მითხრეს, რომ მასწავლებელი აქ არ არისო. ეს მე ძალიან მეწყინა. მეორე დღეს შეუდექ რევიზიას და გავათავე შუადღის სამ საათზედ. ერთი საათი დავისვენე და ისევ უკანვე დავბრუნდი ცხინვალში. ცხინვალში ერთი ნაცნობი სახლობა მყავს და იმასთან დავდექით იმ ღამეს. მე მსურდა მეორე დღესვე გორში წამოსვლა, მაგრამ იმ ღამესაც ძალიან ავათ გავხდი, ასე რომ მხოლოთ ორ საათზედ შევი-ძელ ლოგინიდამ ადგომა და ამისთვის ერთი დღე ცხინვალში დავრჩი, ახლა გორში ვარ, მაგრამ აქაც მაცივებს, რაღაცას მაყრის ტანზედ და პირს ვასაქმებ: შევძლებ გზის გაგრძელე-ბას და მშვიდობით გადავრჩები თუ არა, - უფალმა უწყის"4.

დიდი იყო ღვაწლი ახალგაზრდა ლეონიდისა საქართველოს მთიანეთში სწავლა-განათლების, სარწმუნოების სიყვარულის განმტკიცების თვალსაზრისით. ამიტომ ერთგვარი სიამაყით აღნიშნავდა იგი: "ჩემმა ხანგრძლივმა სიცოცხლემ განვლო ქართველი ერის თვალთა წინაშე, სამსახურში შესვლის პირველი დღიდან მოკიდებული აქამდე განუწყვეტლივ დავდივარ საქართველოს მთასა და ბარში სახარების სიტყვის, ჰუმანიტარული სწავლა-განათლების და ეროვნული შეგნების ხელგაშლით სათესად ქართველი ერის მაშვრალთა კლასის ფართო წრეებში. პირველად მე წავაკითხე "დედა ენა" მთის შვილებს და პირველად მე ავამღერე ჰანგზე დაბეჩავებული ჩემი მოძმენი." ახალგაზრდა მღვდელ-მონაზონი ასეთი თავგანწირული სასულიერო და საგანმანათლებლო სამსახურისათვის დიდი სიყვარულით სარგებლობდა არა მარტო ქართველ მთიელებში, არამედ ოსებშიც. მან სკოლები დაარსა ოსურ სოფლებში: როკში, ეთისში, ხუმალაგაში, გალიათში. ამასთან დაკავშირებით გაზეთი "ივერია" წერდა: "ამ თხუთმეტიოდე წლის წინ ჩრდილოეთ ოსეთში სულ ათი-თხუთმეტი სკოლა მოიპოვებოდა, ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც აქაური სკოლების ინსპექტორად დაინიშნა მღვდელმონაზონი ლეონიდი. მობრძანდებოდა თუ არა იგი აქაურ სკოლებში მაშინვე სოფლის ყრილობას ახდენდა და მცხოვრებთ ტკბილის მოძღვრებით ესაუბრებოდა. თუ სწავლა განათლებას რა მნიშვნელობა აქვს... კეთილმა თესლმა ნაყოფი კეთილი გამოიღო".5 ლეონიდმა საინგილოში მოღვაწეობის დროს ყურადღება მიაქცია ადგილობრივი მოსახლეობის უმძიმეს მდგომარეობას. XVII-XVIII საუკუნეებში აღმოსავლეთ კახეთის ეს თვალ-წარმტაცი კუთხე ირანის შაჰების აგრესიული პოლიტიკის წყალობით დაღესტანელ მთიელთა სათარეშო ასპარეზად იქცა. ლეკიანობამ იქაური მოსახლეობის დიდი ნაწილის გამაჰმადიანება გამოიწვია. მაჰმადიანური რელიგიის განმტკიცებას ემსახურებოდნენ ადგილობრივი მოლები, რომელნიც პირდაპირ თუ ფარულად დევნიდნენ ქრისტიანული აღმსარებლობის ქართველობას. დაბეჩავებული მოსახლეობა წინააღმდეგობას ვერ უწევდა ამ სამწუხარო ტენდენციებს. ლეონიდი ხელისუფლების წინაშე აყენებდა საკითხს: "-საინგილოს მოლები ცდილობენ, რომ ინგილოთა ახალთაობამ არა გაიგოს რა თავისის მამა-პაპების, ეროვნების და დედა-ენის შესახებ ფრიად საჭიროა, რომ მეჩეთებთან დაარსებული სკოლები მთავრობამ დაუმორჩილოს საერო განათლების სამინისტროს უწყებას და რუსული ენა გახადოს მათში სავალდებულოდ. აგრეთვე საჭიროა საინგილოში - მოლები საქართველოს ტომისადმი იყვნენ და კაზის და ეფენდთის მსაჯულთა უფლება ჩამოერთვათ".6 რუსული ენისადმი ლეონიდის აქცენტი გასაგებია. იმხანად ქართულ განათლებას რუსეთის ხელისუფლება არ დააფინანსებდა, მაგრამ ინგილოთა მიერ ქრისტიანობის კვლავ მიღების შემთხვევაში მათში კვლავ განმტკიცდებოდა ქართული ეროვნული ცნობიერება. ინგილოთა კვლავ გაქრისტიანების იდეას, როგორც ჩანს ხელისუფლებაც მხარს უჭერდა ამიტომ ლეონიდის გამოსვლა კიდევ უფრო მძაფრი გახდა საინგილოს მაჰმადიანიზაციის მომხრეთა წინააღმდეგ. "ინგილოები - წერდა იგი - საკმაოდ დაიტანჯნენ მაჰმადიანთა სასულიერო წოდების სივერაგის გამო. ჩვენს დროში ისინი სდგანან უეჭველის დაღუპვის უფსკრულის პირსა და ამის გამო ჩვენი ზნეობრივი ვალია, თუ არ გვსურს პასუხისმგებელნი ვიყვნეთ. ღვთისა, ჭეშმარიტების სამსჯავროისა, საკუთარის სვინდისისა და, ბოლოს ამავე ერისვე წმიდა მოწამე - წინაპართა წინაშე ვუშველით მას, დავიფაროთ იგი, ხელი შევუშალოთ მაჰმადიანობას იმის განადგურების საქმეში".7

ლეონიდის დამსახურებაა ფშავ-ხევსურეთსა და ქისტეთში სკოლების გახსნა. მისი თაოსნობით შეგროვდა შეწირულებანი თიღვის, მცხეთის, საფარის, სამების, ქურმუხის, ყორნისის ტაძრების შესაკეთებლად. მღვდელმონაზონმა ლეონიდმა დიდი ღვაწლი დასდო იოანე ზედაზნელის და სტეფანე ხირსელის მონასტერს. იგი 1891 წლიდან 1897 წლამდე მუშაობდა ჯერ ქართლ-კახეთი იმერეთის სინოდის კანტორის წევრად, 1897 წლიდან იგი დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარია. რთული იყო მისი მოღვაწეობა საინგილოში, სადაც კეთილმოწესე (ბლაღოჩინი) და ზოგიერთი ახლომხედველი ადგილობრივი მცხოვრები ეჭვის თვალით უყურებდნენ მის საქმიანობას. ამიტომ წერდა: "აქ ყოველთვის საქმე მეტადრე კეთილი დევნული ყოფილა და ეხლაც ისეა. ჯავრითა სკდებიან როგორ თუ ამ გუშინდელმა ღლაპმა გვაჯობა და ჩვენ ჭაღარა შერეულებს თავს დაგვაჯდაო... ჯიბრისგან აღარ იციან რა ქნან რევენ და მიბუნტებენ ხალხს მათში ავრცელებენ ჩემზედ ცუდ ხმებს და მამცირებენ ხალხის თვალში". ამის მიუხედავად იგი თავდადებით შრომობდა საინგილოში. იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც მაჰმადიანი ინგილოები ინათლებოდნენ, ხოლო შემდეგ კვლავ გადადიოდნენ მაჰმადიანურ სარწმუნოებაზე. მიუხედავად სიძნელეებისა ახალგაზრდა იღუმენი მაინც ერთგულად ემსახურებოდა თავის საქმეს და ქრისტიანული სარწმუნოების მადლს უქადაგებდა გამაჰმადიანებულ ინგილოებს. 1892 წლის 31 მარტს იგი სიამაყით აცნობებდა ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე): "ღვთის შეწევნით ჩემმა აქ ყოფნამ უნაყოფოდ არ ჩაიარა. მე შემოვუერთე მუსლიმანობიდან მართლმადიდებელ ეკლესიას ორმოცდაორი სული ქალი და კაცი, იმედი მაქვს რასაკვირველია ღვთის ძალით რომ შემდეგშიც ბევრი შემოუერთდება".8 1892 წელს მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის დადგენილ იქნა ზედაზნის მონასტრის იღუმენად, 1893 წელს გადაიყვანეს ხირსის მონასტრის არქიმანდრიტად. ხირსის მონასტერში ჩასვლისთანავე ენერგიულად შეუდგა საქმიანობას, მაგრამ ფაქტიურად მარტო იყო. როგორც მისი წერილიდან ირკვევა თუ ასე გაგრძელდა "ეს უბედური მონასტერი აუცილებლად დაიკეტება ჩვენთვის და რუსებს ჩაუვარდებათ ხელში, როდესაც ქართველები ასე უგულოდ ეკიდებიან ამ მონასტერს რუსები ძალიან გულმოდგინობენ, რომ როგორმე ხელში იგდონ და სამუდამოდ გამოაცალონ ქართველებს არა მარტო ეს მონასტერი, არამედ მთელი სიღნაღის მაზრა. ამ აზრის განხორციელებაში მათ ხელს უწყობს ბოდბის წმიდა ნინოს ეკლესიის იღუმენიაც... მე ქართველი ვარ, არ მინდა ჩემი მამა-პაპათ სასაფლაო უცხო ტომის ხალხს ჩაეგდო ხელში, ამაზე მეწვის გული... ზნეობრივ მოვალეობად ვრაცხ ვეცადო რამდენიც კი შემიძლიან, რომ ჩემ დროს არ მოხდეს ამ მონასტრის დამხობა და თუ შესაძლოა შემდეგისთვისაც ზურგი გავუმაგრო".9

1896 წლის 24 სექტემბერს არქიმანდრიტი ლეონიდე დაინიშნა ქართლ-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და საღვთო წიგნების გამსწორებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. 1898 წლის 19 აპრილს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ არქიმანდრიტი ლეონიდი აკურთხა გორის ეპისკოპოსად. "სიყრმიდანვე მწამდა და მტკიცედ მჯეროდა, აღნიშნა მან ეპისკოპოსად კურთხევის დროს, რომ პირისაგან უფლისა გამოვალს ბედი კაცისა და წარიმართების სავალნი მისნი. ღვთის მადლით ჩემს სიცოცხლეში არ მახსოვს არც ერთი დღე, რომ არ მეგრძნოს სინამდვილე ამ მაცხოვნებელი ჭეშმარიტებისა. მაგრამ ეს ჭეშმარიტება უფრო ცხოველ და მოქმედ არს ჩემში აწინდელს, უშესანიშნავესს ჩემთვის დღესა, მე, ჭაბუკი ხორციელის ასაკობის მხრით და ჯერ გამოუცდელი საეკლესიო მსახურებაში, აღყვანილ ვიქმნე უმაღლესსა ხარისხსა მღვდელმთავრისასა. ვაკვირდები რა ჩემის ცხოვრების წარსულსა და აწყმოს, კვლავ ვრწმუნდები, რომ გამოთქმული ჭეშმარიტება უტყუარია, და სრულის სიცხადით ჩემს თავზე ვხედავ ღვთის მზრუნველსა მარჯვენასა, რომელიც მიჩვენებს აწინდელსა მაღალსა ხვედრსა".10 ახალგაზრდა ეპისკოპოსი ლეონიდე დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსის პირველ ვიკარიუსად (ქორეპისკოპოსად). ამ ფაქტს გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძის "ივერია". წმიდა გრძნობით მოხარულნი ვართ - წერდა "ივერია" - რომ ღვაწლი, შრომა, ნიჭი და განათლება ყოვლად სამღვდელო ლეონიდისა ღირსეულად დაფასებულ იქმნა. მით უფრო გვიხარის, რომ მას ჰხვდა წილად სამსახურისათვის ის ქრისტიანობის უძველესი აკვანი, რომელსაც შეადგენს შიდა ქართლი".11

1900-1907 წლებში ეპისკოპოსი ლეონიდე ხელმძღვანელობდა, ხოლო 1908-1917 წლებში გურია-ოდიშის ეპარქიას. მეუფე ლეონიდე სრულიად იზიარებდა ილია ჭავჭავაძის ეროვნულ-განმათავისუფლებელ იდეებს. იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლაში. განრისხებულმა ეგზარქოსმა ინოკეტიმ გადაწყვიტა შეევიწროებინა ავტოკეფალისტი მღვდელმთავრები და იერიში იმერეთის ეპისკოპოს ლეონიდეზე მიიტანა, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად მის დასაცავად ხმა აღიმაღლა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე), რომელიც ისე უშიშრად შეება ეგზარქოს ინოკეტის, რომ თვით ლეონიდეც კი განაცვიფრა. მეუფე დავითმა ეგზარქოს ინოკეტის პროექტები ქართული ეკლესიის დამცირების მიზნით გაკეთებულ ოინბაზობად მონათლა. 1905 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ (როდესაც ქართველ სასულიერო პირებს გოლოვინის გამზირზე ცემა-ტყეპა გაუმართეს ეგზარქოს ალექსი ოპოცკის მიერ წაქეზებულმა რუსმა კაზაკებმა - ს. ვ.) ეპისკოპოსი ლეონიდე ეპისკოპოს კირიონთან ერთად გაწვეულ იქნა პეტერბურგში სინოდის წინარე სხდომებში მონაწილეობის მისაღებად. სინოდის წინარე სხდომებზე მეუფე ლეონიდე მედგრად იცავდა საქრთველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის იდეას. მან სინოდის სხდომაზე უშიშრად განაცხადა: "დღეს ქრისტიანობა საქართველოში განიცდის საშინელ კრიზისს, ხალხი არ დადის ეკლესიებში, სრულიად აჰყარა პატივისცემა სამღვდელოებას, მღვდლების მოქმედებას და სწავლა-დარიგებას აღარ აქვს გავლენა მრევლზედ, როგორც სამღვდელოება ისე მორწმუნე ნაწილი ქართველი ერისა, ერთადერთ საშუალებად იმისა, რომ არ მოისპოს საბოლოოდ ქრისტიანობა საქართველოში და სამღვდელოებამ მოიპოვოს კვლავინდელი ნდობა სამწყოსი, თვლის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას არჩევნებითი სისტემით, ეს დასკვნა ერისა და სამღვდელოებისა საბოლოოა, მეტად მტკიცეა და ვერავითარი მოსაზრება ვერ შეაცვლევინებს მათ ამ რწმენას".12 მეუფე ლეონიდეს სინოდის ობერ-პროკურორმა სიტყვა შეაწყვეტინა: "თქვენ ვერ დაგვარწმუნეთ როგორ აპირებს ქართველი სამღვდელოება სარწმუნოების გაუმჯობესებას საქართველოში ავტოკეფალიის მიღების შემთხვევაშიო, რაზედაც მეუფე ლეონიდემ უპასუხა: "ეკლესიის სათავეში იქნება ისეთი კაცი, რომელსაც ეცოდინება თავისი სამწყსოს ენა, ჩვეულება, ფსიქოლოგია, და განა ეს არ გააუმჯობესებს საქმესო".13 როგორც ეპისკოპოსი კირიონი იხსენებდა - ერთ-ერთი სხდომის დაწყების წინ რაღაც საკითხზე ედავებოდა ეგზარქოსს როგორც გაირკვა მან გადაჭრით უთხრა ეგზარქოსს - ქართველი სამღვდელოებას და ერს მტკიცედ აქვს შეგნებული ავტოკეფალიის აღდგენის საჭიროება და თუ მხარი არ დავუჭირეთ იმ კითხვას, თვითონ აასრულებენ თავიანთ განზრახვას, ჩვენც შერცხვენილნი დავრჩებით და ისტორია ჩვენ დაგვდებს ეკლესიური განხეთქილების ბრალს. რუსეთის ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ქართველი საზოგადოების აზრი გამოთქმული ეპისკოპოს კირიონისა და ლეონიდეს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობის შესახებ და დაიწყო ავტოკეფალისტების დევნა-შევიწროება... ეპისკოპოსი ლეონიდე სულიერად ვერ გატეხეს. მან რუსებისაგან წაქეზებულ ქართველ კოსმოპოლიტთა გასაგონად განაცხადა: "სიყვარული პირველად ქვეყნიერებისა და სამშობლოსი, შორეულისა და არა მახლობელისა, გარეშესი და არა შინაურისა ემსგავსება წაღმა წარწერის უკუღმა კითხვას, მუხის დარგვას კენწეროთი და გადაბრუნებული ტანისამოსით­ პამპულობას, ღმერთმა დაიხსნას საქართველო ამ გვარის მანკიერ შვილთაგან და სამგზის კურთხეულ იყოს მშობელი ერისა და მამულისათვის თავდადებით მოსიყვარულე ქართველი".14

ეპისკოპოსი ლეონიდი მეგობრობდა ქართული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებთან: ნ. ლომოურთან, ს. მგალობლიშვილთან, დ. კლდიაშვილთან. ნ. ლომოურისათვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა: "თქვენი პიროვნება მუდამ გაცისკროვნებული იყო ჩემს წარმოდგენაში მადლიანი და საყვარელი ადამიანის შარავანდედით, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ ამ უკანასკნელ დღეებში ერთმა გარემოებამ დიდად გამიცხოველა ესეთი ჩემი წარმოდგენა. დავით კლდიაშვილმა მიამბო, რომ ქართული ენა შემაყვარა და ხელში კალამი ამაღებინა ნიკო ლომოურმა. ისეთი თანაგრძნობით იხსენებდა თქვენს სახელს,რომ მეტი სიამოვნებისაგან გული ამიჩუყდა".15

ეპისკოპოსი ლეონიდი განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა საზოგადოებაში. მწერალ სოფრომ მგალობლიშვილის აზრით ყოვლადსამღვდელო ლეონიდიმ 25 წელიწადი ეკლიანი გზით იარა. მისი პირდაპირობა, სიმართლისმოყვარეობა, ტრფიალი სამშობლო ეკლესიისა არავის ეპრიანებოდა და ამიტომ მის სავალ გზას ეკლით უფენდნენ, მაგრამ იგი უდრეკად მისდევს თვის ვარსკვლავს. ეპისკოპოსი ლეონიდი თავის ქადაგებებში ეხებოდა საქართველოს წარსულს, აწყმოსა და მომავალს. "სარწმუნოების ერთგულებამ იხსნა საქართველო ისტორიაში - წერდა იგი - იშვიათია იმისთანა მაგალითები,როცა კაცობრიობის რომელიმე ნაწილს თავს დასტეხოდეს სარწმუნოების გულისათვის იმდენი ძარცვა-რბევა, იმდენი დევნა-ჟლეტა, რამდენიც დაითმინა საქართველომ და იგი კუთხე არ გამხდარიყოს უდაბნოდ და გარეულ მხეცთა საცხოვრებელ ალაგად იგი არ გამქრალიყოს სრულიად. საქართველო კი, როგორც ვხედავთ, დღესაც მოჭედილია ცის მსგავსი საოცნებო სვეტიცხოველით, ალავერდით, გელათით".16 მისთვის სრულიად მიუღებელი იყო საზოგადოების ერთ ნაწილში დამკვიდრებული აზრი - წარსული ჩხრეკა მომავალს არაფერს შესძენსო. იგი ცდილობდა წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის, წმიდა მეფე თამარის ცხოვრების მაგალითებზე დაყრდნობით განემტკიცებინა ქართველობაში ქრისტიანობის რწმენა და სამშობლო სიყვარული. თუ თქვენთვის ღირებულებას მოკლებული არ არის თქვენი სამშობლოს აღდგენა-გაძლიერება, თქვენი მშობელი ერის განათლება და ბედნიერება მოსვენებას არ უნდა გაძლევდეთ თამარ დედოფლის აჩრდილი - მიმართავდა თავის თანამემამულეებს. მისი აზრით განათლებული ქართველი არ უნდა ურიგდებოდეს სამშობლოს ჩაგვრას. თერგდალეულთა იდეებზე აღზრდილი მღვდელმთავრისათვის სრულიად მიუღებელი იყო სოციალ-დემოკრატის მიერ ფართოდ რეკლამირებული უღმერთობა, ათეისტობა და უსამშობლობა, რაც უბედურებას მოუტანდა ჩვენ ქვეყანას.

ეპისკოპოსი ლეონიდი ფრიად შეშფოთებული იყო XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში დამკვიდრებული სამწუხარო ტენდენციით, რაც კუთხურობისაკენ მიდრეკილებაში გამოიხატებოდა, როცა ხალხს არ ემჩნეოდა სულიერი მთლიანობა, ზნეობრივი ერთიანობა და გონებრივი განუყოფელობა. - ნაღველი მისივდება და გული შუაზე მეპობა, როდესაც ვუკვირდები დღევანდელ ჩვენ ცხოვრებას და მოქმედებას, - აღნიშნავდა იგი.

"იმ დღევანდელობის" მსხვერპლი გახდა ქართველი სასიქადულო შვილი ილია ჭავჭავაძე, რომლის დაკრძალვაზე ეპისკოპოსმა ლეონიდმა ამ სიტყვებით მიმართა თანამემამულეებს: "გლოვით შეპყრობილნო, საყვარელნო თანამემამულენო! კავკასიონის ქედის მწვერვალზე მცხოვრებ ჩვენ ძმებს სვანებს ჩვეულებად აქვთ: თუ ვისმეს მათგანს უცაბედად კაცი შემოაკვდა, ნიშნად გულითადი სინანულისა მკერდზე იკიდებს მძიმე ლოდს. ჩამოვიკიდოთ ჩვენც დღეიდან მკერდზე ლოდი სინანულისანი ამ ბრწყინვალე ცხედრის წინაშე, ჩვენი პირადი ნებითი თუ უნებლიეთი დანაშაულისა და მივცეთ ჩვენს დიდებულ მიცვალებულს უტყუარი აღთქმა, რომ არ ჩამოვიხსნით ამ ტვირთს, ვიდრე ჩვენც და ჩვენი შვილებიც არ შევითვისებთ სავსებით მისგან ანდერძად დატოვებულ მოძღვრებას".17

1908 წლიდან ეპისკოპოსი ლეონიდე განაგებდა გურია-ოდიშის ეპარქიას და მკაცრად ილაშქრებდა რუსეთის ხელისუფლების საგანმანათლებლო პოლიტიკის წინააღმდეგ, რომლის მიზანი იყო სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის განდევნა. იგი თვლიდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ერთადერთი გზა იყო ეროვნული ცნობიერებისა და ღირებულებების გადარჩენისათვის. 1914 წლის 13 თებერვალს მეუფე ლეონიდემ ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა აკაკი წერეთელს:

"ციური დიდების შარავანდედით მოსილო ბატონო აკაკი! მოგმართავთ უგულითადესი თხოვნით, ვედრებით და ხვეწნა-მუდარით:

ჩვენი სამშობლო ეკლესია მიექანება თავდაღმა, უფსკრულში ჩასახლეწ-ჩასამსხვრევად. რაც დრო გადის, უფრო და უფრო უარესდება და საშიში ხდება მისი მდგომარეობა, თუ სიჩქარით არ გამოიძებნა მის გადასარჩენად უეჭველი საშუალება, ხელიდან წაგვივა და დაგვეკარგება მამა-პაპაითაგან ნაჭირნახული ოდესმე ქებული ივერიის ეკლესია. სულთმებრძოლი ეკლესიის გამოსაბრუნებელ ნამდვილ წამლად შეგნებული ქართველობის სულ პატარა ჯგუფმა სცნო ამ ეკლესიის ცხოვრებაში ავტოკეფალიის აღდგენა და მართლაც ესაა ერთადერთი უტყუარი საშუალება. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ დღევანდლამდე ნათქვამი, ნაფიქრი, დაწერილი და გამოკვლეული ავტოკეფალიის შესახებ დარჩომილია მარტო წიგნებში და ჟურნალ გაზეთებში. არამც თუ გულამდე ხალხის ყურამდენაც ვერ მიაღწიეს ამ წიგნებმა და ჟურნალ-გაზეთებმა, ხალხმა, სოფლების და ქალაქების მცხოვრებთა მთელმა სიმრავლემ არ იცის, რა ნათელი ძალა იყო ჩვენი ერის ცხოვრებაში ეკლესიის ავტოკეფალობა, როდის გაქრა ეს სინათლე და რა უგნურობის წყვდიადში ჩავცვივდით ამის გამო. უამისოთ კი ე.ი. თუ ხალხმა არ გაითვალისწინა ვინ უკარგავს ჩვენს ეკლესიას ამ სიცოცხლის ჩამდგმელ სინათლეს და ამით აღელვებული თუ ერთი კაცივით არ შესძახებს მტერს: "ჩამომეცალე გზიდან მეყო ამდენ ხანს შენი ბანგით გაბრუებულს ძილი, ამიერიდან გადავწყვიტე შვილობა თავისუფალი სამშობლო ეკლესიისა და ამ გადაწყვეტილებას უმსხვერპლებ ჩემს სიცოცხლესო," სულ ტყუილი წყლის ნაყვა და ბზის ნიავება იქნება სამღვდელოების მეცადინეობა და გაზეთების მოთქმა-ტირილი. ეკლესია - ხალხია, ეკლესიის შემადგენლობა - ერია, ერს ხმა ღვთის ხმის ტოლია და აი სწორეთ ეს ღვთის ხმა უნდა გაიგონოს ჩვენი ეკლესიის დამჩაგვრელებმა, ერის ხმამ უნდა აგრძნობინოს ჩვენს მოპირდაპირეს, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალობის აღდგენას ერის პირით თხოულობს თვით ღმერთი დიდი...

ძველად, ამისთანა დიდი საქმეების შესაგნებად და განსახორციელებლად, ღმერთი უგზავნიდა ხოლმე ქვეყნიერებას წინასწარმეტყველებს, რომლებიც თავიანთი მძლავრი მეტყველებით ცეცხლით ანთებდნენ მსმენელების გულს და გმირებად ჰქმნიდნენ მოხუცსა და ჭაბუკს, სოფლელს და ქალაქელს, დიასახლისსა და მამაკაცს.

დღეს ამ გვარი წინასწარმეტყველებრივი საღმრთო ცეცხლის მფრქვევი ჩვენში მარტო თქვენა ხართ, ბატონო აკაკი, მარტო თქვენი სიტყვა მოედება ალად დიდსა და პატარას, არა მარტო თქვენი სიტყვა აამოძრავებს ერთსულოვნობით ერის ტალღებს, მარტო თქვენი მსუბუქფრთიანი ლექსი ჩაუძვრება სულში ქართველ ერს და აამღერებს თავთავის კილ-ოზე ვენახის მსხვლელებს და მბარავებს, გუთნის მეხრეებს, მეშაირე-მესტვირეებს, მოსწავლე ქალ-ვაჟობას, ქალაქის სამრეწველოებში მოფუსფუსე მუშებს, ვაჭარ-მეწვრილმანეებს, ლაქია-მოსამსახურეებს და სხვა. თქვენი ლექსი გაუშუქებს მთელ ერს ავტოკეფალიის საკითხს, ყველას შეაყვარებს მას გულით და შეთანხმებულად აღძრავს დიდსა და პატარას ამ ხელიდან წაგლეჯილი საუნჯის დასაბრუნებლად, ე.ი. თქვენი პატარა გრძნეული ლექსი განახორციელებს მას, რასაც მსგავსი სავსებით ვერასოდეს ვერ მიაღწევენ ვერც მღვდელთმთავრის ლმობიერი მოძღვრება-დარიგებანი, ვერც პროფესორთა მეცნიერული გამოკვლევანი და ვერც პუბლიცისტების ცხარე წერილები. ლექსის საშუალებით შესულა ყოველთვის სიმრავლის შეგნებაში სასურველი აზრების მიღება-განხორციელების აუცილებლობა და ლექსისავე საშუალებით უნდა მოუპოვოთ ჩვენი ერის სული და გული ჩვენი ეკლესიის გამოცოცხლებულ ავტოკეფალიას.

ასეთი ლექსის, ასეთი ჰიმნის შექმნას მოითხოვს თქვენგან თქვენი დედა ეკლესია, დიდებულო მგოსანო და იცოდეთ, რომ ასეთი ჰიმნის გალობით ახმაურებულ საქართველოს ვეღარ გაუმაგრდებიან ჩვენი ეკლესიის მონობით შემბოჭავი ძალები. დიდი ხანია ამ აზრს ფარულად ვატარებდი გულში, მაგრამ აქამდე ვერ გიბედავდით მომართვას, დღეიდან შეუძლებელი გახდა ჩემთვის ამის დაფარვა, გიზიარებთ გულის ნადებს სრული სიწრფელით და თქვენი ნებაა, სისულელედ ჩასთვლით მას, თუ ხელჩასაკიდებელ გონიერ მოსაზრებას.

თქვენი ღრმად პატივისმცემელი მდაბალი ეპისკოპოსი ლეონიდი."18

ლეონიდმა დაახლოებით ასეთივე შინაარსის წერილი მისწერა მელიტონ კელენჯერიძესაც.

"მამაო მელიტონ

უფალმა გიკურთხოთ მარჯვენა და კალამი. კმარა თქვენი ამდონს ხანს სიჩუმე, უნდა უსათუოდ აარაკრაკოთ ყოველდღიურ პრესაში აღებული საგნის შესახებ წყარო და მთელი წლის განმავლობაში არ შეწყვიტოთ მისი საამო წანწკარი. დღეს გაზეთს შეაქვს ბრბოში ცოდნა და გაცნობა საჭირბოროტო კითხვებთან, თქვენც ამ გზას უნდა მიმართოთ, ამ საშუალებით უნდა გააცნოთ ერს ჩვენი ეკლესიის საკითხი, ამ გზით უნდა შეაჩვიოთ ჩვენი საერო საზოგადოების ყურს ეკლესიური კითხვა, თორემ მეცნიერულ გამოკვლევებს მარ-ტო რჩეულები თუ კითხულობენ. რაც მეტ ნახნავს სთესავს და ფარცხავს მუშაკი, მით მეტი მოსავლის იმედი აქვს, იქნება თქვენგან შორს ნაყოფი თესლი იქ გასკდეს ზღვაზედ, სადაც თქვენ სრულებით არ მოელით! ასეთი წერილების ბეჭდვა უნდა ნარდად აიღოთ უსათუოდ მთელი წლის განმავლობაში და ამას შესაფერი შედეგიც მოჰყვება, თორემ ორი და სამი წერილით არა გარიგდება რა.

წინასიტყვაობა მშვენიერია,კილო დარბაისლური და წესიერია,პირველ გვერდზე ხაზგასმული სიტყვების ნაცვლად, სჯობია ვიხმაროთ: 1) ამოსაგლეჯი, 2) ეჯაჯგურებიან, 3) ჩაუგდეს, 4) გაუსკდათ. მე-12 გვერდის ბოლო და მეცამეტის დასაწყისში ვიკადნიერე და რამდენიმე პწკარი წავშალე; გთხოვთ ის სიტყვები გამოსტოვოთ, თორემ ზოგიერთ ტაკიმასხარებს მასალას მისცემს დაცინვისას და საქმე კი იქ ნაჩვენები განმარტებით არა შუქდება. ავტონომიის განმარტებაში იქნება მეტი არ იყოს ილიასგან მოყვანილი მოხევეს თქმულების ხმარება: "ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთნოდესო." მეთვრამეტე გვერდზე, სადაც ნაჩვენებია რასაც მოითხოვს ჩვენი ეკლესია ავტოკეფალიის სახელით, უსათუოდ უნდა იყოს ცხადად და ხაზგასმით ნაჩვენები საეკლესიო მამულების დაბრუნება, ან მისი ნამდვილი, აწინდელი დროის მიხედვის კვალობით, ღირებულობის გადადება საქართველოს ეკლესიის სახელობაზე.

მაშ, ღვთის სახელით შეუდექით ამ საქმეს. ეხლა თქვენ აღარაფრისა აღარ უნდა გეშინოდეთ: მოცემით არსებითად არაფერს მოგცემენ და წართმევით ვეღარაფერს წაგართმევენ, ხოლო სამშობლო საუკეთესო და საყვარელ შვილად აღგიარებს. თქვენი პოზიციაც ხელს გიწყობთ: მთავრობასთან ახლო დოგმა არ გზღუდავთ და სიშორე მთავრობის თვალსში მეტს მნიშვნელობას გაძლევთ...

დიდად დამავალებთ თუ მოიფიქრებთ რამეს: ჩვენს მომავალ საეპარქიო კრებაზე, ამ კითხვას რა სახე მივცეთ.

თქვენი პატივისმცემელი მდაბალი ეპისკოპოსი ლეონიდე".19

მოვლენები რუსეთის იმპერიაში ელვისებურად იცვლებოდა. 1917 წლის 25 თებერვალს იმპერატორი  ნიკოლოზ  II გადადგა... შეიქმნა დროებითი მთავრობა. 1917 წლის 12 (25) მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში  სამშვიდობო პარაკლისის  შემდეგ გურია-ოდიშის  ეპისკოპოსმა ლეონიდემ გაშალა გასანთლული ეტრატი და დაიწყო  კითხვა "1917  წელსა, მარტის 12 დღესა, მცხეთის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა სრულიად საქართველოის საკათალიკოსო ტაძარსა შინა, დღესა კვირიკესა, შემოვკრბით ჩვენ, სრულიად საქართველოის ეკლესიის მწყემსთმთავარნი, სამღვდელონი კრებულნი და ერისაგან წარმომადგენელნი და, შემდგო­მად ლი­ტურ­ღიი­სა და კეთილდღეო­ბი­სათ­ვის ახ­ლი­სა მთავ­რო­ბი­სა სავედ­რე­ბე­ლის პარაკ­ლი­სის შეს­რუ­ლე­ბი­სა, გუ­ლისხ­მა ვყავთ სა­ხელმ­წი­ფო­სა ში­ნა რუ­სე­თი­სა­სა მომხდარ­ნი ძირი­თად­ნი ცვლი­ლე­ბა­ნი და ახ­ლი­სა მთავ­რო­ბი­სა და­ფუძ­ნე­ბაი, ეგ­რეთ­ვე სახელმძღ­ვა­ნე­ლო­ნი დე­ბუ­ლე­ბა­ნი ამა მთავ­რო­ბი­სა­ნი, საკუთ­რივ მის მიერ სი­ნი­დი­სი­სა და სარწმუ­ნოე­ბის თავისუფ­ლე­ბის აღ­სა­რე­ბაი (მუხ. 3). ამას­თა­ნა­ვე განვბჭეთ, ვითარ­მედ: ა) ეკ­ლე­სია­სა ქართველ­თა­სა აქუნ­და, თანახ­მად მსოფ­ლიო კრე­ბა­თა კა­ნო­ნე­ბი­სა, ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი არ­სე­ბო­ბაი, რომ­ლი­სა მოს­პო­ბაი ანუ გაუქ­მე­ბაი არა­ვის ძა­ლედ­ვა, თვინიერ მსოფ­ლიო კრე­ბი­სა, გარ­ნა მას ში­ნა სრულიად არა­კა­ნო­ნიე­რად შეწყვე­ტილ იქმ­ნა ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მართ­ვა-გამ­გეო­ბაი; ბ) რუ­სეთ­სა ში­ნა დამყარ­და ახა­ლი სა­ხე სახელმ­წი­ფოის მართ­ვა-გამ­გეო­ბი­საი და მას აღარ შეე­სა­ბა­მე­ბის ქართველ­თა ეკ­ლე­სიი­სა უფლე­ბა­შე­ჩე­რე­ბუ­ლად ყოფ­ნაი; ამისათ­ვის უცი­ლო­ბე­ლად ვსცანით და ერთხმად და ერთსუ­ლად განვა­ჩი­ნეთ:

ა) ამიე­რით­გან აღდგე­ნი­ლად ჩაით­ვა­ლოს სა­ქართ­ვე­ლო­სა ში­ნა ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი საეკ­ლე­სიო მართ­ვე­ლო­ბაი; ხო­ლო, ვიდ­რე კანო­ნიუ­რად აღირ­ჩეო­დეს კა­თა­ლი­კო­სი საქართ­ვე­ლოის ეკ­ლე­სიი­საი, მოსაყდ­რედ მი­სა დაინიშ­ნოს ყოვლადსამღვ­დე­ლო ლეო­ნი­დე, გურია-სამეგ­რე­ლოს ეპის­კო­პო­სი, და მასთან, განსა­გე­ბე­ლად ეკ­ლე­სიი­სა, დაწეს­დეს დროე­ბი­თი მმართ­ვე­ლო­ბაი საქართ­ვე­ლოის ეკ­ლე­სიი­საი, სა­სუ­ლიე­რო­თა და საე­რო­თა პირთა­გან შემდ­გა­რი.

ბ) ვინაით­დან სა­ქართ­ვე­ლო ქვაკუთ­ხე­დად თვი­სი­სა არ­სე­ბო­ბი­სა აღია­რებს სრულ­სა სო­ლი­და­რო­ბა­სა რუ­სე­თი­სა ახალ­სა მთავ­რო­ბა­სა თა­ნა, გან­ჩი­ნე­ბაი ესე ეცნო­ბოს მთავრო­ბის თავმჯდო­მა­რეს უფალს როძიან­კოს, მინისტრ­თა საბჭოს თავმჯდო­მა­რეს თა­ვადს ლვოვს, სინო­დის ობერპ­რო­კუ­რორს უფალს ლვოვს და კავკა­სიის კომისარიატს - ტფილის­ში."20

დაასრულა კითხვა და ეპისკოპოსმა ლეონიდემ ჯვარი გარდასახა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შეკრებილ ათასობით მორწმუნეს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი კომიტეტის შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: დროებითი მმართველობის თავმჯდომარე გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე), წევრები: ეპისკოპოსები ანტონი (გიორგაძე), პიროსი (ოქროპირიძე), დეკანოზები: კორნელი კეკელიძე, ნიკიტა თალაკვაძე, პოლიექვტოს და ვასილ კარბელაშვილები, კალისტრატე ცინცაძე, ქრისტეფორე ციცქიშვილი, გაბრიელ ყუბანეიშვილი, დიაკონი ტიმოთე ბაკურაძე, საერო პირნი: ვასილ ბარნოვი, ანტონ ნატროშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, იპოლიტე ვართაგავა, სერგი გორგაძე, პავლე ინგოროყვა, გენერალი გიორგი ყაზბეგი, მწერალი შიო დედაბრიშვილი, პართენ გოთუა, მიხეილ მაჩაბელი, სარგის კაკაბაძე, ზურაბ ავალიშვილი, ივანე ჯავახიშვილი. დროებით მმართველობას უნდა შეემუშავებინა რუსეთის დროებითი მთავრობის სახელზე გასაგზავნი დოკუმენტების ტექსტები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება,მოემზადებინა საქართველოს მართლმადიდე-ბელი ეკლესიის პირველი კრება, რომელიც დაადასტურებდა 1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში მიღებულ დამოუკიდებლობის აქტს და აირჩევდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება შეეცადა ქართველი ერის ნების აღმსრულებელი 12 (25) მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას.

1917 წლის 13 მარტს საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ეპისკოპოსი ლეონიდე დროებითი მმართველობის მდივნის დავით დავიდოვის (დავითაშვილის) თანხლებით გაემართა ყოფილი მეფისნაცვლის სასახლეში, სადაც იმყოფებოდა რუსეთის დროებითი მთავრობის ფილიალი - ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი ("ოზაკომი") და გადასცა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დოკუმენტი. სასახლეში ეპისკოპოს ლეონიდს დახვდა კომიტეტის ერთი წევრი ბ. ხატისოვი, რომელმაც პასუხად მოსაყდრის განცხადებისა თქვა, რომ აღმასრულებელმა კომიტეტმა ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი დამოკიდებულება არ შეიძლება იქონიოს; რადგან კომიტეტი იცავს მხოლოდ არსებულ წესწყობილებას და მცხეთაში მომხდარს კი ახალი ფორმა შემოაქვს ეკლესიის ცხოვრებაში. ასეთი პასუხის გამო ეკლესიის დროებითი მმართველობის კომიტეტი სასწრაფოდ შეიკრიბა, რათა გამოემუშავებინა თავისი დამოკიდებულება ამიერკავკასიის ხელისუფლების ახალი უმაღლესი ორგანოს მიმართ.

1917 წლის 14 მარტს ეპისკოპოსები: ლეონიდე, ანტონი, პიროსი მივიდნენ საქართველოს ეგზარქოს პლატონ როჟდესტვენსკისთან და გამოუცხადეს, რომ მცხეთაში მომხდარი აქტის საფუძველზე იგი გადაყენებულია საქართველოს ეგზარქოსის თანამდებობიდან.

ეგზარქოსმა ყურადღებით მოისმინა ქართველი იერარქების წინადადება და უპასუხა - მე ყველაფერს ამას შევატყობინებ პეტერბურგში წმინდა სინოდს დეპეშით, რასაც 3-4 დღე დასჭირდება და შემდეგ განკარგულების თანახმად მოვიქცევიო. ამავე დროს გთხოვთ, ძალას ნუ დამატანთ, ეს თქვენი საქმისათვის კარგი არ იქნება, ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეც უმწეო არა ვარ. რუსის ჯარისკაცებიც და მთავრობაც მომხრედ მყავსო.

თბილისში ფრიად დაძაბული მდგომარეობა შეიქმნა.

23 მარტს ეკლესიის დროებითი მმართველობის კომიტეტის საგანგებო კომისიამ ინახულა "ოზაკომ"-ის კომისიის წევრი, რომელსაც წარუდგინა დეკლარაცია. ამ დეკლარაციით:

"1. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის იურისდიქციას უნდა ემორჩილებოდეს მართლმადიდებელი მოსახლეობა ძველი საკათალიკოზოს საზღვრებში: ქუთაისისა და თბილისის გუბერნია, ზაქათალა-ბათომის ოლქი, ბამბაკი, აბოცი, თორთუმი, კისკიმი, გიშის წყლამდე, კახეთის მონაპირე მტკვრის მარჯვენა ნაწილი განჯის გუბერნიისა და სოჭის ოლქის ნაწილი.

2. საქართველოს ეკლესიის თავს ეწოდება მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი, რომელიც ამოირჩევა საყოველთაო პირდაპირი, თანასწორ დაფარულ ხმათა ხმის მიცემით (5 წლის ვადით).

3. რომ კრედიტები ყოფილ დაწესებულებათა შესანახად გადადებული, რომელნიც იმყოფებიან საკათალიკოზოს საზღვრებში კვლავ უნდა განგრძობილ იქნას, ხოლო ამიერიდან საქართველოს ეკლესიის თავს უფლება ჰქონდეს ხარჯთაღრიცხვის შედგენისა ამ კრედიტის ფარგლებში".21 ოზაკომის წარმომადგენელი დაეთანხმა საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის დელეგაციის წინადადებებს. მან აღნიშნა, რომ პეტერბურგში დააყენებდა საკითხს მთავარეპისკოპოს პლატონის,სინოდალური კანტორის პროკურორის პოპოვისა და დეკანოზ ორეხოვის გაწვევის შესახებ. თითქოს ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, მაგრამ პეტერბურგში ასე არ ფიქრობდნენ. ჯერ იყო და მთავარეპისკოპოსი პლატონი ამიერკავკასიისა და თბილისის მიტროპოლიტად გამოაცხადეს, რომელსაც უნდა დამორჩილებოდა არაქართველი მართლმადიდებელი მრევლი, ამავე დროს მითითება მიეცა ამიერკავკასიის დროებით მმართველობას მხარი დაეჭირა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეროვნული ავტოკეფალიისათვის და გამოაქვეყნა დეკლარაცია.­

ეგზარქოსყოფილმა პლატონმა დეპეშით აცნობა მომხდარის შესახებ პეტერბურგის საერო და სასულიერო ხელისუფლებას. ამის გარდა მან სცადა შფოთისა და განხეთქილების ჩამოგდება ქართველ სამღვდელოებაში. იგი არ თმობდა სასახლეს, ატარებდა სხდომებს, მაგრამ ქართველი სამღვდელოებიდან თითქმის არავინ ესწრებოდა, როცა საქართველოს ეკლესიის დროებითმა აღმასრულებელმა კომიტეტმა შეიტყო ყოფილი ეგზარქოსის თათბირებში იმერეთის ეპისკოპოსის გიორგი ალადაშვილის მონაწილეობა, მიიღო გადაწყვეტილება ეპისკოპოს გიორგის იმერეთის ეპარქიის მმართველის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

1917 წლის 27 მარტის სხდომაზე საქართველოს საეგზარქოსოს რუსულმა სამღვდელოებამ მიიღო გადაწყვეტილება ამიერკავკასიის საეგზარქოსოს დაარსების შესახებ და რუსეთის წმინდა სინოდს მოსთხოვა ახლადშექმნილ საეგზარქოსოს უშუალოდ წმინდა სინოდის იურისდიქციაში გადაყვანა. მათი აზრით, ამიერკავკასიის საეგზარქოსოს უნდა დაქვემდებარებოდა არაქართველი ქრისტიანები. ამ გადაწყვეტილებიდან ჩანდა, რომ პეტერბურგის მმართველობა თუ ქართველებს ავტოკეფალიის აღდგენაში ხელს ვერ შეუშლიდა ეროვნულ ავტოკეფალიას დათანხმდებოდა საქართველოში, რაც საეკლესიო კანონების უხეში დარღვევა და მომავალი შფოთისა და ურთიერთშეჯახების საფუძველი გახდებოდა, სერიოზულ პრობლემებს მაინც შეუქმნიდა.

29 მარტს სასწრაფოდ შეიკრიბა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი კომიტეტი, რომელმაც ოფიციალურად პროტესტი გამოუცხადა მთავრობის გადაწყვეტილებას. შედეგმაც არ დააყოვნა. 4 აპრილს სასახლეში დაიბარეს საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის მოსაყდრე, ეპისკოპოსი ლეონიდე, ეპისკოპოსი ანტონი, სადაც ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის ოზაკომის თავმჯდომარემ ხარლამოვმა გამოუცხადა, რომ ჯარში დიდი აღელვება და უკმაყოფილება სუფევს რუს-ქართველთა შორის საეკლესიო საკითხებით გამოწვეული უთანხმოების გამო, დადის ხმები იმის შესახებ, რომ თქვენ რუსებს ავიწროებთ. ეპისკოპოსმა ლეონიდემ და ეპისკოპოსმა ანტონმა უარყვეს ეს ბრალდება.

რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში საეკლესიო საქმეების მოსაგვარებლად გამოეგზავნა პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმერ ბენეშევიჩი, რომელსაც თბილისში წამოსვლამდე შეხვედრები და კონსულტაციები გაუმართავს ზურაბ ავალიშვილთან და ივანე ჯავახიშვილთან. ეს უკანასკნელი თბილისში გამოგზავნილი დეპეშით საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის წევრებს მოუწოდებდა ეთანამშრომლათ ვლ. ბენეშევიჩთან. 9 აპრილს თბილისში ჩამოვიდა ვლადიმერ ბენეშევიჩი, რომელმაც განაცხადა, რომ ყველაფერს ობიექტურად შეისწავლიდა და ისე მიაწოდებდა ინფორმაციას მთავრობას. საქართველოს ეკლესიის დროებითი კომიტეტის დავალებით პროფ. ვლადიმერ ბენეშევიჩთან მუშაობდნენ დეკანოზები კორნელი კეკელიძე და ნიკიტა თალაკვაძე. სულ მალე ყველასათვის ნათელი შეიქმნა, რომ ბენეშევიჩი რუსული იმპერიული ინტერესების დამცველი იყო და ეგზარქოსყოფილის პლატონიც კონსულტაციებით სარგებლობდა. მან მხარი დაუჭირა საქართველოს ეკლესიის ეროვნულ-ტერიტორიულ ავტოკეფალიას, რის გამოც ქართველი საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.

საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის კომიტეტის დავალებით პეტერბურგში დროებით მთავრობასთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრნენ ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე), დეკანოზი კალისტრატე (ცინცაძე). დელეგაცია 9 ივნისს გაემგზავრა თბილისიდან და 16 ივნისს უკვე პეტერბურგში ჩავიდა. აქ მათ შეუერთდა არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია. საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაცული მასალები დაწვრილებით მოგვითხრობს პეტერბურგში დელეგაციის საქმიანობის შესახებ. ქართველ სამღვდელოებას პეტერბურგის ქართველობის დიდი იმედი ჰქონდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: მ. ჩიჯავაძე, ზ. ავალიშვილი, ნ. გელოვანი, ა. ჩერქეზიშვილი, ირ. წერეთელი, კ. ჩხეიძე.

მიუხედავად იმისა, რომ პეტერბურგის ქართველობა რუსეთში მიმდინარე მოვლენების მიმართ განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ, ისინი ერთსულოვანნი იყვნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხში და განაცხადეს, ყველაფერს იღონებდნენ, რათა რუსეთის დროებით მთავრობას დაემტკიცებინა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება.

17 ივნისს დელეგაცია ზურაბ ავალიშვილისა და ნ. გელოვანის თანხლებით წარსდგა სინოდის ობერპროკურორის ლვოვის წინაშე, რომელსაც სიტყვით მიმართა ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე). მან აუხსნა ობერპროკურორს შექმნილი ვითარების შესახებ. თავდაპირველად ლვოვმა უპასუხა: "ჩვენ თანახმანი ვიქნებით თქვენი საკითხის განხილვისა და დადებითად გადაწყვეტაზე, ოღონდ განმარტეთ, რა უფლებრივი მდგომარეობა ექნება ეკლესიას სახელმწიფოში, ან ვინ უნდა აწარმოოს დაბადების, ქორწინების და განქორწინების მოწმობები".22 ქართული დელეგაციის აზრით, საქართველოს ეკლესიის დებულების დამტკიცებამდე ამ ფუნქციას შეასრულებდა საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა, შემდეგ კი სრულიად საქართველოს კათალიკოზი და საკათალიკოზო საბჭო. როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, თვით ობერპროკურორიც არ იყო აღფრთოვანებული საეკლესიო სკოლების განათლების სამინისტროსათვის გადაცემით და არაოფიციალურად ქართული დელეგაციის წევრებსაც აგრძნობინა, რომ ადგილებზე წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ გადაწყვეტილებას და იქნებ საეკლესიო სკოლები კვლავ დაინარჩუნოთო.

ზურაბ ავალიშვილს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდა სინოდის ობერპროკურორი. ამიტომ მან დააყენა საკითხი რუსეთის დროებით მთავრობას ეცნო საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია. სინოდის ობერ-პროკურორის აზრით, საქართველოს ეკლესიის "ტერიტორიალური ავტოკეფალია ხელსაყრელი არ იქნება, ვინაიდან ვერ შევთანხმდებით. რუსები უარს ამბობენ დაემორჩილონ თქვენს კათალიკოზს, ბერძნები ავტონომიურ ეპისკოპოსს ითხოვენ, აფხაზები უეპისკოპოსო ავტოკეფალიას, რომლებიც ზოგი თქვენსკენ იწევს, ზოგიც რუსებისკენ. სულ სხვა საქმეა კულტურულ-ნაციონალური ავტოკეფალიაო".23

19 ივნისს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია შეხვდა რუსეთის სარწმუნოების მინისტრს კარტაშევს,რომელმაც გულახდილად განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების დამტკიცება გაჭიანურდება, ვინაიდან რუსეთში უმრავლესობას ვერ წარმოუდგენია საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა. ამ თვალსაზრისით, ქართველების საწინააღმდეგოდ იმოქმედებდნენ, როგორც ესერები, მენშევიკები, ასევე ბოლშევიკებიც.

ქართულმა დელეგაციამ სცადა პეტერბურგში რუსეთის სინოდის წევრებთანაც მოესინჯა ნიადაგი. ამ მიზნით 20 ივნისს მათ ინახულეს ეპისკოპოსი ანდრია უფელი, რომელმაც, მართალია ქართველებს განუცხადა, რომ მხარს უჭერდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, მაგრამ ამავე დროს უსაყვედურა მოსკოვში რუსეთის ეკლესიის ყრილობაზე ჩაუსვლელობა, რაზედაც ეპისკოპოსმა ანტონმა უპასუხა: "არ ვიყავით იმიტომ, რომ თქვენმა საქციელმა გვაფიქრებინა, თუ თბილისში მისალმების ღირსადაც არ ჩაგვთვალეს, მოსკოვში კრების დარბაზშიც არ შეგვიშვებენთქო. როცა დროებითი მთავრობა დებულებას დაგვიმტკიცებს, მაშინ ვაცნობებთ სინოდს თავისუფალ ქართულ ეკლესიას სურს ძმური და მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეს რუსეთის სინოდთანთქო. რუსეთის ეკლესიის სინოდის ზოგიერთი წევრი თავს ისე იჭერდა,თითქოს ქართველების მომხრე იყო. მან სთხოვა ქართული დელეგაციის წევრებს, ოფიციალური თხოვნით მიემართათ სინოდისათვის. ეპისკოპოს ანტონის აზრით, სინოდისათვის მიმართვას შედეგი არ ექნება, ისინი არასოდეს არ სცნობენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას. ეპისკოპოსმა ანდრია უფელმა ქართულ დელეგაციეს დაუხატა მომავალი უიმედო მდგომარეობის სურათი, "რა გეშველებათ თქვენს ეკლესიას ჩაგვრა მოელის ურწმუნოებისგან, ახლა საეკლესიო სკოლები წაგართვეს, არსებობის საშუალებას არც ხაზინა მოგცემთ, თქვენ კიდევ არაფერი გაქვთ, რომ თავი შეინახოთ." ქართულმა დელეგაციამ ღირსეული პასუხი გასცა ეპისკოპოს ანდრია უფელს. მას შეახსენეს ქართული ეკლესიის ქონება რუსმა ეგზარქოსებმა გაძარცვეს, მაგრამ ჩვენ გაჭირვების არ გვეშინიაო.24

სინოდის წევრებს აინტერესებდათ, რა ღონისძიებებს მიმართა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დროებითმა კომიტეტმა აღმოსავლეთის პატრიარქებისაგან საქართველოს ეკლესიის ცნობისათვის და რამდენად შეეფერებოდა სიმართლეს ყოვლად სამღვდელო კირიონის ჟენევაში გამგზავრების ამბავი, რატომ სინოდისაგან არ ითხოვთ დებულების დამტკიცებასო...

ქართული დელეგაცია დარწმუნდა,რომ პეტერბურგში პროფ. ვლ. ბენეშევიჩის აზრებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. სინოდის წევრების უმრავლესობა იმ აზრისა იყო, რომ ქართველები აგრესიულები არიან, რომ ისინი რუსებს დევნიან, რომ მათი მსხვერპლი გახდა არაერთი რუსი პატრიოტი. ცეცხლზე ნავთის დასხმას უდრიდა სინოდის სხდომაზე პროფ. ვლ. ბენეშევიჩის მოხსენება, რომელმაც თბილისში თავისი მივლინების შედეგები ტენდენციურად წარმოაჩინა. მისი აზრი განავრცო პროფესორმა ვერხოვსკიმ, რომელმაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა რევოლუციურ აქტად მონათლა. უფრო მეტიც, მან ქართველებს "სქიზმაში" (განხეთქილებაში) დასდო ბრალი. სინოდი გრძობდა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას ხელს ვერ შეუშლიდა, ამიტომ იმ აზრისკენ იხრებოდა, რომ ეს ეროვნულ ავტოკეფალიას არ უნდა გასცილებოდა. ქართველი პატრიარქი სვეტიცხოველში უნდა ყოფილიყო, ხოლო თბილისში რუსი მიტროპოლიტი. ამასთან დაკავშირებით, ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) ირაკლი წერეთელს მიმართა "რა გამოდის, ქართველებმა ხელი უნდა აიღონ დედაქალაქზე და დედა ეკლესიაზე, სიონზე, ამას ჩვენ ვერ დავთმობთ და უეჭველად ატყდება სისხლისღვრა, რაც თქვენთვისაც სამწუხარო იქნება".25 საქართველოს ეკლესიის პოზიცია აქტიურად დაიცვა კარლო ჩხეიძემ, რომელსაც პეტროგრადში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ჩვენი პატრიარქი არ შეიძლება თბილისში არ დაბრძანდეს, ჩვენს სიონში უცხოს რა ხელი აქვს. ჩვენი ეკლესიისათვის სულერთი არ არის თბილელი ერქმევა რუსის მღვდელმთავარს, თუ სხვა სახელი"26 აღნიშნავდა იგი. საქართველოს ეკლესიის დელეგაცია მიიღო დროებითი მთავრობის მეთაურმა კერენსკიმ, სულ მალე დროებითმა მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დროებითი დებულება. მან დაადგინა: "1). შეიმუშაოს დროებითი წესები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობის შესახებ რუსეთში; 2). მიენდოს საგანგებო კომისიას, რომელსაც შეადგენს მთავრობა, შემუშავება იმ საკითხებისა, თუ რა უნდა გამოეყოს საქართველოს საეგზარქოსოს საკათალიკოზოსათვის გადასაცემად. ამასთანავე, ამ კომისიამ უნდა შეიმუშაოს ზომა და საფუძვლები, რის მიხედვითაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა მიეცეს კრედიტი ხაზინიდან და ეს კომისიის დადგენილება უნდა წარედგინოს დროებით მთავრობას განსახილველად; 3). საქართველოს ეკლესიის საბოლოო მოწესრიგებამდე და სარწმუნოების სამინისტროს დაარსებამდე, სინოდის ობერპროკურორს ქარ-თული ეკლესიის მიმართ რჩება იგივე უფლებები, რა უფლებებიც ჰქონდა საქართველოს საეგზარქოსოს მიმართ".27

2 აგვისტოს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია პეტერ-ბურგიდან თბილისს დაბრუნდა.

1917 წლის 13 აგვისტოს ქართველმა სამღვდელოებამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის ეპარქიის აღდგენის შესახებ. თბილისის დედათა საეპარქიო სასწავლებლის დარბაზში მოხდა საჯარო არჩევნები თბილელი მიტროპოლიტისა. კრებამ ერთხმად დაადგინა ეპისკოპოს ლეონიდის თბილელ მიტროპოლიტად არჩევა. 15 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში საეკლესიო წესით მოხდა თბილელ მიტროპოლიტის გამოცხადება. უამრავი ხალხის თანდასწრებით მთავარდიაკონმა დავით სალარიძემ შემდეგი აქტი გამოაცხადა: "განბჭობითა და გამოჭვილვითა საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობისა და სამღვდელოთა და საეროთა დასთა თბილისისა და სხვათა საქართველოს ქალაქთაითა თავდადებულ იქმნა უძველესი საყდარი თბილელ მიტროპოლიტთაი, რომელი ერთი საუკუნე განიცდიდა ქვრივნობასა, ხოლო საყდარსა ამის ზედა შთაგონებითა სულისაწმიდისა და შემოკრებილთა ერთსულოვან თანხმობითა აღრჩევითა აღიყვანების სრული-ად საქართველოს ეკლესიის კათალიკოზ-პატრიარქის მოსაყდრე ეპისკოპოსი ლეონიდე, ვილოცოთ მისთვის და ვთქვათ აქსიოს".28

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში იმხანად არსებულ მრავალრიცხოვან პარტიებს შორის გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობდა, ბოლშევიკების გარდა ყველა მიესალმებოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას. მაგრამ ამ მხრივ ეროვნულ-დემოკრატები და სოციალ-ფედერალისტები გამორჩეულნი იყვნენ.

1917 წლის 23 აგვისტოს ეგზარქოსყოფილმა პლატონმა თბილისი დატოვა, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი დავით ვაჩნაძე გადმოგვცემს მას შეუკრებია სამოცამდე შეიარაღებული კაცი და დაუკავებია ყოფილი ეგზარქოსის სასახლე. სიონის ეზოში პატარა ოთახში შეკედლებული ქართული ეკლესიის აღმასრულებელი კომიტეტი კათალიკოზ-პატრიარქის მოსაყდრის ლეონიდეს ხელმძღვანელობით გადავიდა ეგზარქოსის სასახლეში. "ლეონიდემ ახედა ცარიელ კედლებს, სადაც წინათ რუსი ეგზარქოსების სურათები ეკიდა და ერთ წამს შეჩერდა. მე ვაცნობე ჩემი განკარგულება ეგზარქოსების სურათების ჩამოხსნის შესახებ. ლეონიდემ პირჯვარი გადაიწერა და წარმოთქვა: აღსრულდა... უფალო შეგვიწყალე და დაგვიფარე".29

ყოფილმა ეგზარქოსმა რუსეთის წმინდა სინოდის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო თითქოსდა განუდგა მართლმადიდებლობას, რომ ქართველ სამღვდელოებას არ ჰქონდა უფლება დაეკავებინა ეგზარქოსის რეზიდენცია თბილისში. რუსეთის დროებითი მთავრობის სარწმუნოების მინისტრის მოადგილემ კოტლიარსკიმ დეპეშით მიმართა ქართველ სამღვდელოებას, იგი ერთის მხრივ ულოცავდა ქართველებს ავტოკეფალიის აღდგენას და ამავე დროს აფრთხილებდა თუ რა განუჭვრეტელი შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ძალადობას რუსი სამღვდელოების მიმართ.

ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ დააჩქარა საეკლესიო კრების მოწვევისა და კათალიკოზ-პატრიარქის არჩევნების მოსამზადებელი სამუშაოები.

1917 წლის 3 აგვისტოს მიიღეს გადაწყვეტილება საეკლესიო კრების წინასწარი თათბირის მოწვევის შესახებ.

14 აგვისტოს გაიმართა თათბირი, რომელზედაც მოისმინეს ეპისკოპოს ანტონ გიორგაძისა და დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის ინფორმაციები პეტროგრადში ქართული ეკლესიის დელეგაციის საქმიანობაზე. მათ აღნიშნეს, თუ რა დიდი დახმარება გაუწიეს ირაკლი წერეთელმა, კარლო ჩხეიძემ და პროფ. ზურაბ ავალიშვილმა, ამავე თათბირზე მიიღეს გადაწყვეტილება საეკლესიო კრების 8 სექტემბერს გახსნის შესახებ. მიტროპოლიტმა ლეონიდემ უდიდესი როლი შეასრულა 1917 წლის 12 (25) მარტიდან 1917  წლის სექტემბრამდე საქართველოს  მართლმადიდებელი  სამოციქულო  ეკლესიის  დროებითი მმართველობის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობდა დროებითი მმართველობის სხდომებს, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები, სასულიერო და საერო პირები. დროებითი  მმართველობის სხდომებზე იხილებოდა საქართველოს ეკლესიის უფლებრივი მდგომარეობის, სახელმწიფოსა და ეკლესიისს საეკლესიო ქონების, ყოფილ საეგზარქოსოსთან დამოკიდებულების საკითხები.

1917 წლის 8-17 სექტემბერს თბილისში გამართულმა პირველმა საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ეპისკოპოსი კირიონი, რომელსაც ეწოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთის მთავარეპისკოპოსი, უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II. კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ და თბილელ მიტროპოლიტად დამტკიცდა ლეონიდე. მიტროპოლიტი ლეონიდე აქტიურად ჩაერთო ეკლესიისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში. მან მოწოდებით მიმართა თბილისის მორწმუნე მოქალაქეებს რათა ხელი შეეწყო მათ თბილისში აბო ტფილელის სახელზე ეკლესიის ასაშენებლად...

მადლი თქვენდა და მშვიდობა ღვთისა და მიერ მამისა ჩვენისა და უფლისა იესო ქრისტესი, ღვთივ სათნო ჩემო სულიერნო ძენო და ასულნო თბილისის მოქალაქენო!

პირველ მორწმუნე,რომელიც ჩვენს დედა ქალაქ თბილისში საღმრთო მსხვერპლად შეეწირა ქრისტეს და მის სახარებას, იყო "თვალი მოწამეთა" აბო.

აბო საკუთარი წმინდანი, საკუთარი მცველი და მეოხია თბილისისა. წმ. აბოს ხსენება გამეფებული უნდა იყოს თბილისელთა შორის. თბილისის მორწმუნე მოქალაქე ქალია იგი თუ ვაჟი, ვაჭარი თუ ხელოსანი, მხედარი, სწავლული, უვიცი, მდიდარი თუ ღარიბი, უნდა განსაკუთრებით პატივს სცემდეს წმ. აბოს სახელს და განუშორებლად ატარებდეს მის ხსოვნას. თბილისელ ქრისტიანებს თავი უნდა მოჰქონდეთ, რომ განგებისაგან დასაჩუქრებულები არიან საკუთარი ციური მეოხით და ამ უპირატესობას, ამ მაღალ თავიანთ წარჩინებას თვალსაჩინოდ უნდა გამოსთქვამდნენ და გამოხატავდნენ კიდეც.

სამწუხაროდ, ვერავითარს ამის მსგავსს თბილისელ მორწმუნეთა ცხოვრებაში ვერ ვამჩნევთ. თბილისს დღევანდელამდე არ მოეპოვება ეკლესია თავის საკუთარი მეოხის სახელობაზე!

კმარა დაუდევრობა, დროა გამოვისყიდოთ მძიმე დანაშაული და შეერთებული ძალღონით ახლა მაინც აღვმართოთ ეკლესია იმ ადგილზე, სადაც წმ. აბოს სისხლი მირონად ეცხო თბილისის ნიადაგს!

დაიმედებული, რომ ყოველი მორწმუნე თბილისელი განსაკუთრებული სიხარულით გაიღებს ხვედრ წვლილს ასეთი წმიდა საქმისათვის, ამ თავითვე მიუძღვნი ყველას მღვდელმთავრულ ლოცვა-კურთხევას და ვაუწყებ შემომწირველთ, რომ წმ. აბოს სახელზე ეკლესიის აშენებისათვის შემოწირულობათა მიღება დავალებული აქვთ ჩემგან დაროს მონასტრის ხაზინადარს მღვდელ-მონაზონს სერაფიმეს და თბილისის სასულიერო სემინარიის მოწაფეებს გრიგოლ ფერაძეს, გაბრიელ ჩაჩანიძეს და ალექსანდრე დათუკაშვილს.

თბილელი მიტროპოლიტი

ლეონიდი".30

მანვე 1918 წლის 12 (25) მარტს შესანიშნავი სიტყვა წარმოთქვა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის წლისთავისადმი: "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

ადამიანთა საბედნიეროთ არსებობს საღმრთო და ძვირფასი სიტყვა - თავისუფლება, რომლის მარტო გაგონება სიხარულის ფრთებს ასხავს და საამო ოცნებათა ფიანდაზად ეფინება გაგებული კაცის სულსა და გონებას. დედამიწა არ იძლევა მეორე ღირებულებას, მეორე ისეთ საუნჯეს, რომ გვერდით ამოუდგეს, დაედაროს და შეეფარდოს თავისი მნიშვნელობით თავისუფლებას. ძვირფასია მაგალითად, სწავლა-განათლება, დიდი ბედნიერებაა ჯანსაღობა-დღეგრძელობა, საგრძნობელი სიკეთეა სიმდიდრე, მაგრამ თუ კაცი მოკლებულია თავისუფლებას, თუ მისი არსებობა დაფუძნებული არ არის თავისუფლების საღმრთო ნიჭზე, უქმი, გამოუსადეგარი და ყოველგვარი მნიშვნელობა-ღირსებას მოკლებულია მისთვის სწავლაც, სიმდიდრეც და ჯანსაღობა-დღეგრძელობაც.

"შევქმნათ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა"-ო, ბრძანა ღმერთმა კაცის შექმნის წინ და აი სწორედ ეს ღვთისადმი მსგავსება და ხატებაა ის თავისუფლება, რომლითაც კაცი კაცობს, ის მადლიანი ძალა, რომელიც ადამიანს განაცდევინებს ქვეყანაზე მეფობას, აზიარებს უკვდავებას და მიაფენს განუსაზღვრელი წინსვლის, გონება-ზნეობრივი განვითარების სისრულისაკენ.

ამიტომ სრულებით ბუნებრივი და გასაგებია, რომ კაცის გულსა და გონებას ასე ძალუმად სწყურია თავისუფლება და იმ ნათელ წამს, როდესაც იგი ხელთ გდებულობს ამქვეყნიურ საუნჯეთა შორის უძვირფასეს საღირალს, უბრწყინვალეს და უსათნოეს დღესასწაულად ისახავს თავისთვის და თავისი მოდგმა-ჩამომავლობისათვის.

წელიწადი შესრულდა, ძვირფასნო, რომ სამშობლო ეკლესიის თავისუფლებას ვეზიარენით. წელიწადი გავიდა, რაც ამ დიდებული ტაძრის თაღების ქვეშ პირველად ჩავისუნთქეთ თავისუფალი ეკლესიის ჰაერი. შარშან ამ დროს იყო, რომ მორწმუნე ქართველობა, საქართველოს ყველა კუთხეებიდან მოზღვავებული ამ მამა-პაპათა თავმოსაწონი სამლოცველოს ფართო გალავანში მხიარულებით აფრიალებდა თავისუფლების სანატრელ დროშას. შარშან ამ დროს იყო, რომ ქართველმა სამღვდელოებამ პირველად შესწირა ამ ტაძარში სამშობლოსა და ერისათვის უსისხლო მსხვერპლი რუსეთის ეკლესიისაგან დამოუკიდებლად!

რა მოგვიტანა, რა შეგვძინა, რა გვაპოვნინა ახალი ეკლესიის თავისუფლების აღდგენამ, იკითხავს ვინმე თქვენთაგანი.

...თუ წარსული წლის მარტის თორმეტამდე უცხოთა ძალადობითი ბრძანებლობის გამო ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაში თითქმის არავითარი უფლებრივი ალაგი არ ჰქონდა დათმობილი ეკლესიის სხეულის უდიდეს და უძლიერეს ნაწილს - ერს, თუ მრევლს ეკლესიის მეუფროსენი შესცქეროდნენ ისე, როგორც მარტო საკრეჭ ფარას და არაფერს ეკითხებოდნენ მას გარდა ხარჯების გაწევისა, ნაჩვენები დროიდან ძირი გამოეთხარა და ბოლო მოეღო ასეთ უკუღმართობას და ეკლესიის მართვა-გამგებლობაში მთავარი ალაგი დაეთმო ერის სურვილს, ერის ნებისყოფას. აქ, სვეტიცხოველში, წარსული წლის მარტის თორმეტს იმას დღესასწაულობდა და ზეიმობდა ქართველობა, რომ ამ დღიდან იგი დადგინდა და გამოცხადდა ეროვნული ეკლესიის სრულუფლებიან პატრონ-ბატონად და მის დაუკითხავად შეუძლებელი გახდა ეკლესიის ცხოვრებაში რაიმე ცვლილებისა და ბრძანების გატარება. აი,რა შესძინა და რა აპოვნინა ახალი ჩვენს ერს მშობლიური ეკლესიის თავისუფლების აღდგენამ! დიდია ასეთი შეძენა და თავისი ვითარებით იგი უდრის ფრინველის კვერცხის ბეჭედს, რომელიც უცდომელი ნიშანია თავის დროს კვერცხ-იდან საღი ცოცხალი არსების გამოჩეკისა.

რა შედეგები მოჰყვა ცხოვრებაში ამ შეძენასო, რითი გააუკეთესა მან ჩვენი მოქალაქობაო, იკითხავს ვინმე.

ჩემდა სავალალოდ, ჩემდა სამწუხაროდ და ჩემდა გულის დასაწყვეტად, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ვერაფერ სანუგეშოს ვერ ვპოვებ სათქმელად დასმულ კითხვებზე საპასუხოდ. ეკლესიის განთავისუფლებიდან არამც თუ არ ამაღლებულა და არ გაუმჯობესებულა ჩვენი მოქალაქეობა, პირიქით, ამ დიდებული ისტორიული ფაქტის შემდეგ ისეთ ბოროტ მოვლენათა ჰქონდათ ალაგი, რომლებიც ამოურეცხელ ლაქად დარჩებიან ჩვენი ზნეობის მატეანეში. ასეთია, სხვათა შორის, ის უღვთო აწიოკება, ის განუკითხავი ძარცვა-რბევა, უმანკო ბავშვების, ჭაღარამოსილი მანდილოსნებისა და მამაკაცების ის შეუბრალებელი ხოცვა-ჟლეტა, რომელიც ჯერაც არ შეჩერებულა გორის მაზრაში და რომელიც საშიშარი ცეცხლის ენასავით ამოხეთქავს ხოლმე ხან კახეთში, ხან დუშეთის მაზრაში და ხან იმერეთში. ბოლო წლის განმავლობაში ჩვენი საბრალო სამშობლო მოძმეთაგან დახოცილ ქართველთა სისხლის ტბადაა ქცეული და ყველანი მოძმეთა სისხლის გუბეებში დავტოპავთ! სად არის აქ ქრისტიანობა, სად არის თავისუფლება, შეგნება და გონიერება, ან ღვთის მსგავსება და ხატება კაცთა შორის? არა, ზეიმი და დღესასწაული კი არა, უფრო შესაფერი და მართებული იქნებოდა, რომ დიდსა და პატარას ფერფლი და ნაცარი გადაგვებნია თავზე და ძაძაშემოსილებს, ნიშნად ღრმად მწუხარებისა მოძმეთა ამოჟლეტის გამო, საქვეყნო გლოვა-ტირილი გაგვემართა ამ ჩვენი ერის ჭირისა და ლხინის ჭაღარა მოწამის სამლოცველოს ეზოში.

მაგრამ რა ვიცით, საყვარელნო, რომ აქ მოსულებს სწორედ ერთი გრძნობები არ მოუტანიათ გულით ამ ღვთივბრწყინვალე სვეტიცხოვლის წინ ფარულად განსაცხადებლად? ვინ დაგვაჯერებს რომ აქ მოსულ ქუდოსან-მანდილოსნებში ზოგიერთი მწარე ცრემლების ღვრით აღთქმას არ სდებს სვეტიცხოვლის ქვეშ დამარხულ საუფლო კვართის წინ იმაზე, რომ დღეიდან მათი არსებობის საგნად გახდება მხოლოდ მოყვასისადმი თავდადებული სამსახური. ვინ დაგვარწმუნებს, რომ სვეტიცხოვლის წინ მდგომ მლოცველთა სიმრავლისაგან ოცი-ოცდაათი კაცის გულს მაინც არ ეცხობა ამ წამს საღმრთო მირონი დღეიდან ღვთის სათნო და მოძმეთა სასიკეთო ცხოვრების კვალზე დადგომისა და ეს ხომ სრულებით საკმარისია ჩვენთვის, ეს ხომ მართლა სადღესასწაულო და სასიხარულოა ყველასთვის, ეს ხომ ხელახლა მოგვიბრუნებს ზეციერი მამის მოწყალე გულს, ეს ხომ უტყუარი ნიშანია იმისა, რომ გაის ამ დროს მოძმეთა მოსიყვარულეების რიცხვი გაორკეცდება ჩვენს შორის, მესამე წელს გაათკეცდება და ასე ამგვარად მარად წინ ვივლით ზნეობრივ განვითარებაში, სანამ არ მივაღწევთ ყველანი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღვთისასა...

უცბად და შებერვით არა რიგდება-რა. ღმერთი ღმერთია, მაგრამ ქვეყნის შექმნას იმანაც ექვსი დღე მოანდომა. ას ჩვიდმეტი წლის მანძილზე დღე და ღამ განუწყვეტლად გვთიშავდა, გვდუღრავდა, ძვლებს გვიდნობდა, გვფიჩხავდა, გვძრავდა და გვყინავდა ჩრდილოეთის ქვის მტეხი ზამთარი და რა საფიქრებელია, რომ ერთი წლის გაზაფხულის მზის ნაზ სხივებს გაელღვოთ და გაედნოთ სრულებით ის წარმოუდგენელი სისქის ყინული, რომლითაც შებორკილ-გადაგრეხილია მთელი ჩვენი სულიერი არსება.

ყველას გინახავთ, რა უმწეოდ და უაზროდ აწყდება ხოლმე მიდამოს გაზაფხულის პირზე მზის პირველი სხივებით სკიდან გამოტყუებული, სიცივისაგან მობუზული ფუტკარი, მაგრამ გადის დრო, დგება ზაფხული და მადლიანი "ღვთის მუშაკიც" დღითიდღე ფრთებს შლის, ღონიერდება, სიცოცხლის ძალით ივსება და ბოლოს ჯარასავით ტრიალებს ყვავილებით დაფენილ ველ-მონდვრებში სკაში წასაღები თაფლის ამოსაწუწნად.

რაკი წარსული წლის მარტის თორმეტიდან აღგვეძრა თავისუფლების სიყვარული, ჩვენთვისაც ყოველივე მიზეზს გარეშე დადგება სანატრელი ზაფხული, ჩვენც აუცილებლად გავაჩაღებთ შემოქმედებით მუშაობას. მომავალ წლებში აქ მოსულები ჩვენც გაღონიერებული ფუტკრებივით ზნეობრივად დატვირთულები ვიქნებით თაფლისა და ცვილის მსგავსი ძვირფასი, საამო, სასარგებლო და სასახელო საქმეებით, გრძნობებით, მიმართულებებით და სულის განწყობილებით.

ახლა კი ამ ჩვენი ეროვნული შარავანდედისა და სიამაყის სათაყვანებელი ერეკლეს კუბოს წინ ფიცი დავდოთ, რადგანაც ჩვენს საყვარელ სამშობლოს გარეშე მტრები მოსდგომიან კარზე და აკლება-დამონებით ემუქრებიან. ლუკმას პირიდან გამოვიცლით, უკანასკნელ პერანგს გავყიდით, სულიდან დაწყებული ხმარებისგან გაცვეთილ ცოცხამდე ყველაფერს სამშობლოს სამსხვერპლოზე დავდებთ და ქალი და კაცი, ხნიერი და ახალგაზრდა, ჯანსაღი და უძლური დედასამშობლოს წინაშე იმითი გამოვისყიდით სამოქალაქო ბრძოლის წარმოებით ჩადენილ შეცოდებას, რომ მტლედ დავედებით, სამსხვერპლო ფთილებად შევეწირებით მას და ისე გულადად შევებრძოლებით სამშობლოს დასამონებლად გამზადებულ მტრის რაზმებს, როგორც ერეკლეს დროის სასახელო ასპინძის ომის ქართველი გმირები! დედაო ღვთისაო, გვისმინე და გაგვიმარჯვე, ამინ"!31

თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი გამოჩენილი სასულიერო პირი იყო, მაგრამ სამწუხაროდ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ეპისკოპოს კირიონის არჩევის შემდეგ ვერ მოერია საკუთარ თავს, რითიც ისარგებლა ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა და ცეცხლზე ნავთი დაასხეს...

შედეგად მივიღეთ ახლად აღორძინებულ დამოუკიდებელ ქართულ ეკლესიაში დაპირისპირება, დაყოფა კირიონისტებად და ლეონიდისტებად, რამაც დააზარალა საქართველოს ეკლესია, საზოგადოება, დააზარალა თვით უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II და მიტროპოლიტი ლეონიდე. საზოგადოებას სურდა ამ ორი დიდი სასულიერო პირის შეთანხმებული საქმიანობა. როგორც დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე წერდა: "კირიონის კათალიკოსად არჩევის შემდეგ გრიგოლ დიასამიძესთან ერთად მეც სიტყვით მივმართე მათ (კირიონს და ლეონიდს - ს. ვ.), ვუსურვე დღეგრძელობა და ნაყოფიერი მოღვაწეობა. იმდენი საქმეა დღეს საკეთებელი აოხრებულ საქართველოს ეკლესიაში, რომ ორივეს ძალღონეს აღემატება ამ საქმეების დამუშავება თქო. ამიტომ,მე დარწმუნებული ვარ, თქვენ დროც არ გექნებათ საკუთარ თავზე თავმოყვარეობაზე ფიქრისათვის, თქვენ უნდა მოგვიწესრიგოთ ორთავემ ხელიხელჩაკიდებულებმა სინოდისა და მისი აგენტ ეგზარქოსების ხელში აოხრებული ივერიის ეკლესიათქო" - წერდა დეკა-ნოზი ნიკიტა თალაკვაძე.

სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა...

1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტერში მოკლეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1917 წელს მიღებული დებულების თანახმად ახალი პატრიარქის არჩევნებამდე ეკლესიის მეთაურის მოვალეობის შესრულებას შეუდგა თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე).

1918 წლის 28 ნოემბერს შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: თბილელი მიტროპოლიტი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე ლეონიდე, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბროსი, ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი, ალავერდელი ეპისკოპოსი პიროსი, დეკანოზები: ნიკიტა თალაკვაძე, კორნელი კეკელიძე, კალისტრატე ცინცაძე, პეტრე ბარათაშვილი, საერო პირნი: გიორგი გვაზავა, პართენ გოთუა, პავლე ინგოროყვა, ქრისტეფორე კაპანაძე, მიხეილ მაჩაბელი.

სხდომამ გამოიტანა განჩინება:

"1. დაუყოვნებლივ, რამდენადაც შეიძლება მოკლე დროში, არჩეულ იქმნას კათალიკოზ-პატრიარქი, ვინაიდან ამას მოითხოვს, როგორც საეკლესიო ინტერესები, ისე საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური ვითარება და მისი საერთაშორისო მდგომარეობა; 2. უარყოფილ იქნას აზრი კათალიკოზის ასარჩევად საქართველოს საეკლესიო კრების მოწვევისა; 3. ვინაიდან კათალიკოზი დაუყოვნებლივ უნდა იქმნას არჩეული, საკათოლიკოზო საბჭოს კანონიერად მიაჩნია მიტროპოლიტ ლეონიდის არჩევა კათალიკოზად".32 საკათალიკოზო საბჭოს სხდომაზე აღნიშნული დადგენილების წინააღმდეგ გამოვიდნენ დეკ. ნიკიტა თალაკვაძე და ქრ. კაპანაძე. საკათალიკოზო საბჭოს უმრავლესობა თვლიდა, რომ მიტროპოლიტმა ლეონიდმა უკვე საჭირო ხმების რაოდენობა ჯერ კიდევ 1917 წლის 17 სექტემბერს I საეკლესიო კრებაზე მიიღო. საკათალიკოზო საბჭოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ეპარქიების პოზიციას. მან №4479 მიწერილობით ეპარქიების საბჭოებს მოსთხოვა წერილობით დაედასტურებინათ საკათალიკოზო საბჭოს 1918 წლის 28 ნოემბრის განჩინების სამართლიანობა. საეპარქიო საბჭოების უმრავლესობამ წერილობითი დასტური მისცა, საკათალიკოზო საბჭოს გადაწყვეტილებას. საინტერესოა ამ მხრივ ეპარქიებიდან მოსული წერილების შინაარსი. ფოთის ტაძრის სამრევლო კრების თათბირს, რომელიც 1918 წლის 30 ივნისს გამართულა ი. ბობოხიძის მოხსენების საფუძველზე დაუდგენია: 1. მართალია საეკლესიო წესების მიხედვით დაქვრივებული ეკლესია 40 დღის განმავლობაში არ უნდა ეძიებდეს ახალ მღვდელმთავარს, მაგრამ ვინაიდან რუსეთის ბოლშევიკების მხრიდან მოსალოდნელი შემოსევის გამო დღეს საქართველოს ნორჩი რესპუბლიკა და მისი ავტოკეფალური ეკლესია დიდ საფრთხეში არიან ჩავარდნილი, ამისათვის პოლიტიკური მოსაზრება და დიპლომატიური სიბრძნე თხოულობენ, რომ საქართველოს ეკლესიას ერთი საათითაც არ უნდა მოშორდეს მისი ნამდვილი თავი, მოჭირნახულე მამამთავარი".33 თუმცა იყვნენ მოწინააღმდეგენიც, მაგ. ზუგდიდიდან მღვდ. ტროფიმე ჯოხთაბერიძე შინაგან საქმეთა მინისტრისადმი გაგზავნილ დეპეშაში აცხადებდა პროტესტს. ეს არის კათალიკოზის არჩევის არაკანონიერი, არადემოკრატიული გზაო. ანონიმი ავტორი კი მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიასადმი გაგზავნილ წერილში საკითხს ასე სვამდა - "ვინ მისცა საკათალიკოზო საბჭოს განუსაზღვრელი უფლება, რომ ხალხის დაუკითხავად წყვეტს საქართველოს ეკლესიის ბედს? ჩვენ გვყავდა ღირსეული კაცი, მაგრამ მას შურით მაცქერალმა კაცმა არ აცალა სიცოხლე და თავისი ბინძური ხელი შეურია მის წმინდა სისხლში".34

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მაინც მოხდა მიტროპოლიტ ლეონიდის სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქად კურთხევა.

გაზეთმა "საქართველომ" 1919 წლის 23 თებერვალს ვრცელი სტატიები მიუძღვნა მიტროპოლიტ ლეონიდის სრულიად საქართველოს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას.

დღეს საქართველოს ეკლესიაში უდიდესი აქტი შესრულდება - წერდა გაზეთი "საქართველო" - მცხეთის საისტორიო დღის - 12 მარტის - სულის ჩამდგმელი და ხელმძღვანელი, უშიშარი და დამსახურებული მებრძოლი ჩვენი ქვეყნის ეკლესიის განთავისუფლებისათვის, ერისათვის თავდადებული მღვდელ-მთავარი აღიყვანეს სამოციქულო ეკლესიის უძველეს აღმოსავლეთის ეკლესიის კათალიკოზ-პატრიარქად!

მთელი მორწმუნე საქართველო უაღრესის აღტაცებით შეჰხვდება ამ სასიხარულო ამბავს...

ვინ უნდა იყოს ივერიის ეკლესიის საჭეთმპყრობელი, თუ არა ის, ვინც მთელი ძალა და ენერგია, უხვი ნიჭი და გამოცდილება ამ ეკლესიის აყვავებასა და განმტკიცებას შეალია?! ვის უნდა ეკუთვნოდეს მცხეთის კათედრა, თუ არა იმას, ვისი წინასწარმეტყველური და გამამხნევებელი ხმა ორი წლის წინად გაბედულად გაისმოდა ხავს-მოკიდებულ ათორმეტთა ტაძარში?! საქართველოს თავისუფალ ეკლესიას ვინ უნდა ჰმეთაურობდეს და წინაუძღოდეს, თუ არა ის ადამიანი, რომელმაც სინოდის დარბაზში ჯერ ისევ შავბნელ დროს რუსის არმიელებს დაუმტკიცა მათი უზურპატორული და ყოვლად უსამართლო მოპყრობა ტანჯულ და გაძარცულ ეკლესიისადმი?! აღმშენებლობით პროცესსში მყოფ ეკლესიას ვინ უნდა განაგებდეს, თუ არა ის დაუღალავი მოღვაწე, ვინც ურყევი საფუძველი ჩაუყარა სინოდისაგან არარად ქცეულ ეკლესიას და ქართველი ხალხი მოიხმო მის აღსადგენად?! საქართველოს ეკლესიებს ვინ უნდა ჰპატრონობდეს, თუ არა ის, ვისაც მოვლილი აქვს მთელი საქართველო კიდით-კიდემდე, და ვისი ამაგით ჰსულდგმულობდა ყოველი ტაძარი, მონასტერი, თუ საეკლესიო სხვა დაწესებულება?!.

კათალიკოზ ლეონიდის ღვაწლის დაფასება მომავალს ეკუთვნის; საგაზეთო წერილში შეუძლებელია აღნუსხვა ყველა იმ სიკეთისა, რაც მას მიუძღვის სამშობლო ეკლესიის წინაშე, მისი საეკლესიო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა წარსულშიაც დაფასებულა: ილია ჭავჭავაძემ იმ თავითვე იგრძნო, როგორი სამაგალითო მოღვაწე ევლინება საქართველოს ეკლესიას და თავის მიმართვაში განსვენებულ ალექსანდრე ეპისკოპოზისადმი ხაზგასმით აღნიშნა, რომ უპირველესი ღვაწლი მისი იმაშიაც გამოიხატება, რომ მან აღზარდა "განძი, რომელსაც ჩვენ შევხარით სასოებითა და იმედით...

ეს იმედი ჩვენმა კათოლიკოზმა სავსებით გაამართლა: დღევანდელი წინამძღოლი საქართველოს ეკლესიისა ეკუთვნის ქართველ მოღვაწეთა იმ სახელოვან პლეადას, რომელნიც მოქალაქეობრივ თვისებით იყვნენ შემკულნი განსაკუთრებით! რა უფრო სჭარბობს კათალიკოზ-ლეონიდში: საეკლესიო მოღვაწე მღვდელ მთავარი, თუ მოქალაქე - შემნატრი სამშობლოს ბრწყინვალე მომავლისა და სევდით აღსავსე დღევანდელი მისი დავაგლახავებულ მდგომარეობით!? საკმარისია მოისმინოთ უნეტარესის საუცხოვო და მჭერმეტყველური ქადაგებანი, რომ დარწმუნდეთ მის მორალ-ინტელექტუალურ ძალაში: ტაძრის ამბიონზე სდგას ეკლესიის მოჭირნახულე, ხოლო ის ერთს წამსაც არ ივიწყებს სამშობლოსა და ერს! მღვდელ-მთავარი ქრისტეს მოძღვრებას უქადაგებს ხალხს და ამავე დროს მას უნერგავს საქართველოსადმი ერთგულებასა და სიყვარულს და მოქალაქეობრივ მოვალეობის აღსრულებისაკენ მოუწოდებს მას!

ქართველი საეკლესიო რიტუალის შესრულებაში მეტად განირჩევა რუსობისაგან: ქართველი საეკლესიო წესს უფრო სახლში ასრულებს, ვიდრე ტაძარში: ტაძრად ქართველი მიდის მხოლოდ დიდ უქმეებში, მაგრამ კათალიკოზ-ლეონიდის ღვთისმსახურებისას ეკლესია ხალხით სავსეა: ლოცულობს მღვდელ-მთავარი - მოქალაქე და მის მამობრივ დარიგებასა და გამხნევებას ხალხი სიამით ისმენს და ითვისებს...

ეკლესიის თავად დღეს იკურთხება მისი განმათავისუფლებელი: ეს ისეთი ბუნებრივი მოვლენაა, რომ უნებლიედ იბადება კითხვა რატომ უფრო ადრე არ მოხდა ეს?

ეკლესიის მოდუნებული მაჯისცემა, ჩვენ გვჯერა, გაცხოველდება! ახლად კურთხეულ კათალიკოზის წარსული და აწმყო, ამისი უეჭველი თავდებია."

კათოლიკოზ ლეონიდის მწყემს-მთავრობის ქვეშ ჩვენი ეკლესიის მომავალი უზრუნველყოფილია.

როგორც გაზეთი "საქართველო" იტყობინებოდა:

დღეს, 23 თებერვალს,მცხეთის საკათედრო ტაძარში მოხდება ხელდასხმა ტფილელ მიტროპოლიტ ლეონიდის სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქად.

პირველი საგანგებო მატარებელი თბილისიდან მცხეთამდის წავა დილის 9 საათზე. შემდეგ იქნება ჩვეულებრივი მატარებლები.

მცხეთის ტაძარში წირვა დაიწყება 10 ნახ. საათზე.

მილოცვები იქნება მცხეთის სადგურზე ტაძრის გალავანში და ეკლესიაში.

წირვის შემდეგ კათალიკოზის სტუმართათვის წმ. ნინოს მონასტერში ტრაპეზზე გაიმართება.

მილოცვა

ეროვნულ-დემოკრატ ახალგაზრდათა მთავარ კომიტეტმა სრ-დ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ლეონიდეს შემდეგი დეპეშა გაუგზავნა:

"საქართველოს კათალიკოსს ლეონიდეს, ეროვნულ-დემოკრატ ახალგაზრდების მთავარი კომიტეტი გულწრფელი სიყვარულით გილოცავთ ბრწყინვალე დღეს კათალიკოსად არჩევისას და გისურვებთ ჩვეულებრივ მხნეობას ეროვნულ სიწმინდის დასაცავად. ვწუხვართ რომ მძიმე დაბრკოლებანი გვაიძულებენ ზეიმში საჭირო აქტივობა ვერ გამოვიჩინოთ.

სრულიად საქ. საკათ. სასამართლოს წევრთა 1919 წ. თებ. 16-ის თათბირის რეზოლიუცია

რადგან გაზეთებში მოთავსებული ცნობა სრულიად საქართველოს საკათალიკოზო საბჭოს თებერვლის 16-ის თათბირის შესახებ სავსებით არ გამოხატავს სასამართლოს წევრთა აზრს კათალიკოზის მომხდარ არჩევნების შესახებ, სასამართლოს წევრნი გვთხოვენ გამოვაქვეყნოთ სასამართლოს წევრთა ხსენებულ თათბირის სრული რეზოლიუცია.

აი რეზოლუციაც.

სრულიად საქართველოს საკათალიკოზო სასამართლოს წევრთა თათბირმა, მოისმინა რა ცნობა სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის არჩევისა საკათალიკოზო საბჭოს მიერ საეპარქიო საბჭოთა თანხმობით და მისის უწმინდესობის ინტრონიზაციის დანიშვნისა თებერვლის 23 და გაუწია რა ანგარიში შექმნილს მდგომარეობას - საჭიროდა სცნო თავისი დამოკიდებულება ამ აქტთან გამოხატოს შემდეგში:

1. მიესალმოს მის უწმინდესობას, როგორც ღირსეულ მამამთავარს.

2. დაესწროს სრულის შემადგენლობით მისის უწმინდესობის ინტრონიზაციას.

ესალმება რა არჩევას მისის უწმინდესობისას, როგორც ღირსეულ მამათმთავრისას და საქართველოს ეკლესიის თავდადებულ მოამაგისას, ამასთან ერთად თათბირი საჭიროდა სცნობს აღიაროს, რომ თვით წესი კათალიკოზის არჩევისა არ ეთანხმება სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების მიერ დამტკიცებულს დებულებას და ვერც გამართლდება თუნდაც არსებულ პოლიტიკურ პირობებში და გამოსთქვამს იმედს, რომ მომავალში დებულების მოთხოვნილებანი სავსებით დაცულ იქნება.

ახალი კათოლიკოსის კურთხევა დაწვრილებითაა აღწერილი: დილის ათ საათზე მატს უწმინდესობას საზოგადოება ფიანდაზით მორთულ მცხეთის სადგურზე შეეგება. აქ სიტყვით მიესალმა კათალიკოზს საეპარქიო საბჭოს წევრი ბ-ნი ივ. რატიშვილი. მცხეთის გალავნის კარიბჭე მორთული იყო გირლიანდებით. აქვე იდგა ქართული რაზმი. გალავანში შესვლისას არმაზის მონასტრის ბერი მირიანი გულმხურვალე სიტყვით შეეგება. წირვას დაესწრნენ: იუსტიციის მინისტრი შ. მესხიშვილი, საგარეო საქმეთა მინ. ამხანაგი ძ. საბახტარიშვილი, პარლამენტის წევრი ექ. თაყაიშვილი, ინგლისის მისიის წევრები. მათმა უწმინდესობამ ლიტურგიის შემდეგ სიტყვა წარმოსთქვა, რის შემდეგ მიესალმა გურია-სამეგრელოს სამღვდელოების წარმომადგენელი. შემდეგ ტაძრის კარიბჭეში მიულოცეს საქართველოს პარლამენტის სახელით - ექვთიმე თაყაიშვილმა, საქართველოს მთავრობისაგან შალვა მესხიშვილმა, მერე ბრიტანიის, საფრანგეთის, მთიელთა რესპუბლიკის, პოლონეთის და სხ. წარმომადგენლებმა. მიულოცეს აგრეთვე, ელინთა ეროვნულ საბჭოს,ლიტვის საბჭოს და სამხრეთ სლავიანთა სახელით. საქართველოს რკინის გზათა ეკლესიებმა მიულოცეს კვერთხით, ხოლო ბოდბის წმ. ნინოს მონასტერმა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი.

კათალიკოზ პატრიარქმა სიტყვით მიმართა ქართველ ჯარისკაცებს, რომელთაც სთხოვა საქართველო გულიდან არ ამოეშალათ.

სიტყვის შემდეგ გაისმოდა ქართული ეროვნული ჰიმნი. ჯარს ჩამოუარა ინგლისის გენერალ ბიჩმა. მას მიესალმა გენ. გაბაშვილი.

ნაშუადღევის 3 საათზე სტუმრები მიწვეულ იქმნენ არქიელის ბინაზედ.

თამადად არჩეულ იქმნა საკათალიკოსო საბჭოს წევრი რ. ინგილო (ივანიცკი), მის უწმინდესობას კათალიკოს-ლეონიდეს, სანადიმო სიტყვით მიმართა იუსტიციის მინისტრმა მესხიშვილმა.

სიტყვები წარმოსთქვეს ყველა უცხოელ სახელმწიფოთა წარმომადგენლებმა... "საფრანგეთის კონსულმა ბ-ნმა შარდინიმ, სხვათა-შორის სთქვა: "საფრანგეთი ამ ომში იბრძოდა მხოლოდ თავისუფლებისათვის. ეხლა მან განამტკიცა ეს, თავისუფლება აქვს პატარა ერებს და ის ერები, რომელიც ამ ომში იბრძოდნენ მოკავშირეებთან ერთად, როგორც ყოფილ რუსეთის შემადგენელნი ნაწილნი, მათ შორის, რასაკვირველია საქართველოც, უსათუოდ მიიღებენ თავისუფლებას და საფრანგეთი მხარს დაუჭერს მას".

გიორგი გვაზავამ ფრანგულ ენაზე წარმოსთქვა სიტყვა: "ბატონებო! საფრანგეთის და დიდი ბრიტანიის წარმომადგენელნო! ხომ ხედავთ, რა სიხარულით და ენთუზიაზმით ჰხვდება ყველა, თამადის სიტყვას, მიმართულს კათალიკოს-პატრიარქისადმი. გარდა სარწმუნოებრივ გრძნობისა აქ ჰმოქმედებს კიდევ სხვა ძალა. უნდა მოგახსენოთ, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოსი მატარებელია აგრედვე ეროვნული იდეოლოგიისა, იგი გამომხატველია საქართველოს პოლიტიკური მთლიანობისა. სწორედ ეს იდეა ტრიალებს ეხლა საქართველოში და აღელვებს ყველას გულს. საქართველო თითქმის ოცი საუკუნის განმავლობაში იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, ებრძოდა გმირულად სხვა და სხვა მტრებს და მხოლოდ ერთი საუკუნის წინათ ხელშეკრულებით შემოუერთდა რუსეთს. ამისთანა ხალხის გულში თავისუფლების სიყვარული აღმოუფხვრელია. ქართველი ერიც იმედით შეჰყურებდა მომავალს, იბრძოდა თავგანწირულად, სანამდე იყო რუსეთის მფლობელობა,და მერე,როცა დაინგრა რუსეთი და მის სამხედრო ძალამ დასცალა კავკასია, იგი განაგრძობდა ბრძოლას ოსმალეთის წინააღმდეგ. ეხლა იგი სრულის იმედით და რწმენით შეჰყურებს საფრანგეთს და ინგლისს. ჩვენ ყველანი ვართ შვილნი საფრანგეთის დიდი რევოლუციისა, ჩვენ ვიცით, რომ საფრანგეთმა პირველად გამოაცხადა ერთა თავისუფლება და ამ იდეისათვის გაიღო დიდი მსხვერპლი კაცობრიობის საკეთილდღეოდ. იგი ხელს ვერ აიღებს თავის დიად წარსულზე და არ შეიძლება მხარი არ დაუჭიროს პატარა საქართველოს მის პოლიტიკურ მისწრაფებაში. ჩვენთვის აგრეთვე ძვირფასია დიდი ბრიტანეთი, თავისუფლება იქ ჩაისახა პირველად, იქ დაიბადა; საფრანგეთმა იგი აღზარდა, იბრძოლა იმისთვის, რომ მოეფინა მისი სიცოცხლის მყოფელი ძალა მთელს ქვეყნიერებაზე. ეხლა ქვეყნიერებასაც თქვენკენ უჭირავს თვალი, თქვენგან მოელიან ხსნასა და განახლებას. თუ თქვენ თქვენის გმირობით და შემოქმედებით ქმნით თავისუფლებას იქაც-კი, სადაც იგი არასოდეს არ ყოფილა, ნუთუ დაივიწყებთ საქართველოს, რომელსაც აქვს თავისი შეურყეველი უფლებანი და სრული კულტურული მომზადება ამ თავისუფლების განსახორციელებლად?!

ბატონებო! მე ვსვამ თქვენს სადღეგრძელოს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში! გაუმარჯოს თავისუფლების მებრძოლს,მშვენიერს და გმირულ საფრანგეთს! გაუმარჯოს დიდ ბრიტანეთს, თავისუფლების სამშობლოს!

- გაუმარჯოს! იყვირა საზოგადოებამ და დიდის აღტაცებით მიუძღვნეს სადღეგრძელო ინგლისის და საფრანგეთის წარმომადგენლებს.

ელლინთა წარმომადგენელმა აღნიშნა ის დიდი ამაგი, რომელიც საქართველოს დაუდევს ბერძენ გადმოხვეწილთათვის და იმედი გამოსთქვა, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის ისეთივე მტკიცე იქნება კავშირი, როგორათაც საუკუნოებში იყოვო.

ილაპარაკა აგრეთვე პოლონეთის წარმომადგენელმა ბ-ნმა ოსტროვსკიმ და პარლამენტის წევრმა ბ. შალვა ქარუმიძემ.

აღორძინებაა იგი, საპატრიარქო საყდრის აღდგენა, მწერლობის წარმატება თუ კიდევ სხვა საქმე, ყველგან ლეონიდს უკვე დაუმჩნევია, შეძლებისამებრ თავისი სასიკეთო კვალი. ეს ცოტაა კიდევ. ნეტარხსენებულ გაბრიელის შემდეგ იგი ერთად-ერთი მჭევრმეტყველი მქადაგებელია. არ დარჩა არც ერთი დიდი მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, რომ მას არ გაეშუქებინა იგი ადამიანურის, და არა კლერიკალურის, თვალსაზრისით. კრწანისი 1795 წლისა, მცხეთა კირიონის პატრიარქად კურთხევას, 26 მაისი 1918 წლისა და მრავალი სხვა თემებია მის გულის საიდუმლოთა-საიდუმლოს აღმოფრქვევისა, მოსიყვარულე გულის აღმოკვნესისა სამშობლოს სიხარულისა და მწუხარებისაგან გამოწვეული. ამგვარივე ხასიათისაა მისსივე "სიტყვანი და მოძღვრებანი", რომელიც დაიბეჭდა ფოთში 1914 წელს.

ამასთანავე ახალი პატრიარქი არის მეტის-მეტად გულკეთილი და ჩვეულებრივ ქართველურ მიამიტობით დამნდო. ეს დიდი სათნოებაა, მაგრამ არა ყოველთვის: ხშირად დიდი ადამიანი ენდობა ხოლმე ისეთ უღირს კაცს, რომელიც ადვილად ითრევს მას მდუღარე მორევში. მრავალწლოვანი მისი გამოცდილება თავმდებია, რომ იგი მოერიდება ასეთებს, მით უმეტეს, რომ მის გარშემო ტრიალებენ ისეთი პირები, ვით კორნელი კეკელიძე, კალისტრატე ცინცაძე, იროდიონ ოქროპირიძე და სხვ. სახელოვანი მოღვაწეები.

პატრიარქი კირიონი უფრო მეცნიერებაზე თავს სდებდა და ვერ შეჰქმნა თავის გარშემო სააღმშენებლო წრე, ლეონიდი კი უმეტესად პრაქტიკის, საქმის კაცია და, არ ვეჭვობთ, სახელოვნად გაუძღვება ამიერიდან მისდა მიბარებულ მშვენიერ სამწყსოს. გაუმარჯოს!"

მეტად რთული იყო უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდეს პერიოდის საქართველოს როგორც საშინაო, ასევე საგარეო მდგომარეობა. 1919 წლის ოქტომბერში უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე მიტროპოლიტ ამბროსისა და დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის თანხლებით სოხუმში ჩავიდა. ინახულა ადგილობრივი ქართული გარნიზონი, რომელთაც მიესალმა და აღნიშნა, რომ ბედნიერება ხვდათ წილად, რომ ემსახურონ თავიანთ სამშობლოს. 21 ოქტომბერს მისი უწმიდესობა ესტუმრა ახალი ათონის მონასტერს, სადაც პარაკლისი გადაიხადა. 22 ოქტომბერს სოხუმში გაიმართა ეპარქიის კრება, რომელსაც დაესწრნენ აფხაზეთის მთავრობისა და ქალაქის წარმომადგენელნი. კრებაზე გაიმართა დისკუსია ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის პრობლემებზე. უწმიდესმა და უნეტარესმა ლეონიდემ საკათოლიკოსო საბჭოსა და თავისი სახელით განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყველაფერს გააკეთებდა ეპარქიის აღორძინებისათვის. უწმიდესი ლეონიდესათვის ნათელი იყო, თუ რა რთულ პირობებში მოუწევდა საქმიანობა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ათეისტური იყო და დედა ეკლესიისადმი მისი დამოკიდებულება ოფიციალური და ცივი იყო. ხელისუფლების მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტებით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებულ პრობლემებს კარგად ასახავს უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდეს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდა-ნიასადმი გაგზავნილი წერილები.

"ძვირფასო  მამულიშვილო, ბატონო ნოე ნიკოლოზის ძევ, ბოდიშს ვიხდი,რომ ჩემი უცილებელი მოვალეობა მაიძულებს წაგართვათ რამდენიმე წამი ძვირფასი დროისა, რომელიც თქვენ ჩვეულებრივად ანდომებთ საქვეყნო დიადი საქმეების მოწყობა-მოგვარებას. მე მაინც ნებას არ მივცემდი ჩემს თავს შემეწუხებინეთ, რომ ჩემ მიერ წამოსაყენებელი საკითხების მართებულ გადასაწყვეტ გზას ვხედავდე გარეშე თქვენი სახელმწიფოებრივი გამჭრიახობა-სიბრძნისა...

1. პირველი რაზედაც თქვენს ყურადღებას მივიქცევ, არის სასულიერო წოდების ყოფილი სასწავლებლების ქონება-შენობები, რომელიც გადაეცა სახალხო განათლების მინისტრის გამგეობაში, მაგრამ ჩვენ ვარაუდობდით, რომ არავინ შეავიწროებდა სასულიერო წოდებას. ახლა განათლების სამინისტრომ ხელი ჩაჰკიდა ყველაფერს და ჩვენ სასულიერო უწყების როგორც კანონიერ მფლობელებს გვაგზავნის სასამართლოში, იქ დაგვიმტკიცეთ ოფიციალური საბუთების წამოყენებით რისი პატრონებიცა ხართო. სამწუხაროა, რომ სამინისტროს პატრონობის ჟამს დაიკარგა სასულიერო სასწავლებლისა და სემინარიის პანსიონატის ქონება.

დასასრული აღარ აქვს სამინისტროს უსამართლო მიწერ-მოწერას ჩვენს უწყებასთან პროვინციის რწმუნებულის თაობაზე. აუტანელი ხდება ასეთი ძალმომრეობის დათმენა. სამღვდელოება უსათუოდ შეებრძოლება სამინასტროს იმ წარმომადგენლებს, რომელნიც მის დაჩაგვრას მოინდომებს. ეს კი ხალხის თვალში სახელს გაუტეხავს როგორც სამინასტროს, ისე მთლად საერო მმართველობას.

2. ამგვარსავე უსამართლობას ითმენს სასულიერო უწყება მიწათმოქმედების სამინისტროსაგან, რომელმაც ეკლესიებს ჩამოართვა მიწები, გლეხები, სათიბები, წისქვილები, ტყეები...

ვერ გაგვიგია, რათ დაგვაყენეს კანონის გარეშე? მონასტრებში, ეკლესიებში ადამიანები ცხოვრობენ და რით იარსებონ მათ თუ მიწა არ ექნათ? ვინ უპატრონებს გელათს, მარტვილს, შემოქმედს, ალავერდს, დავით-გარეჯას, შუამთას, ბოდბეს, შიომღვიმეს, ქვათახევს, მცხეთას?

რომელი სახელმწიფოებრივი საქმე უნდა გარიგდეს ჩვენი ბერების შიმშილისაგან გაწყვეტით და ჩვენი ქვეყნის საამაყო ისტორიული ნაშთების განზრახ დანგრევა-განადგურებით? უსამართლობაა რკინიგზაზე მღვდლის თანამდებობის გაუქმება, ჩვენ მთავრობას თავის ბოლოდროინდელ დეკლარაციაში შეუტანია ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფა. შეიძლება ეს კარგიც იყოს, თუ დაცული იქნება სამართლიანობა. საქართველოს ეკლესია უმთავრესი და უთვალსაჩინოესი ფაქტორია ჩვენი ერის სულიერი ცხოვრებისა. ჩვენს ეკლესიას განსაზღვრული დამსახურება მიუძღვის იმ პირობების შექმნაში, რომელთა მეოხებითაც დღეს ჩვენს სამშობლოს დაჰფრიალებს ეროვნული დროშა და სახელმწიფოებრივ ღვაწლს ეწევა ჩვენს დედაქალაქში დამფუძნებელი კრება.

საქართველოს ეკლესიას მოეპოვება კეთილი შენაძენი საკუთრება, რომელსაც ხელს უპოტინებდნენ რუსეთის საერო და სასულიერო მთავრობანი... დღეს დამოუკიდებელნი ვართ, რუსეთისაგან, მაშასადამე მარჯვე დრო გვაქვს აღვადგინოთ მშობელი ეკლესიის ქონობრივი უფლებების აღდგენა-ხელშეუხებლობისა.

ახლა თვითონ ჩვენმა მთავრობამ უნდა საქმით დაუმტკიცოს კაცობრიობას სრული სამართლიანობა, ღირებული ფასის გაღებით შეისყიდოს ეკლესიისაგან მისი უძრავი ქონება და სრული მშვიდობიანობით განცალკევდეს მისგან.

ჩვენი მთავრობა სოციალისტურია და პრინციპულად ვერ შეგუებია ეკლესიას. თანახმა ვარ, დიახაც დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ გაშორებაშიც, სავალდებულოა სამართლიან-ბა და ჩვენს მარტო სამართლიან გაყოფას ვთხოულობთ სახელმწიფოსაგან და სხვა არაფერს.

ჩემმა ხანგრძლივმა სიცოცხლემ განვლო ქართველი ერის თვალთა წინაშე, სამსახურში შესვლის პირველი დღიდან მოკიდებული აქამდე განუწყვეტლივ დავდივარ საქართველოს მთა და ბარში სახარების სიტყვისა, ჰუმანიტარული სწავლა-განათლებისა და ეროვნული შეგნების ხელგაშლით საფრად ქართველი ერის მაშვრალთა კლასის ფართო წრეებში. პირველად მე წავაკითხე "დედა ენა" მთის შვილებს და პირველად მე ავამღერე მშობლიურ ჰანგზე დაბეჩავებული ჩემი მოძმენი. დღევანდლამდე ვცხოვრობ მხოლოდ იმისათვის, რომ შევიძინო და რამე შევმატო სათაყვანო სამშობლოს. ეს იყო და არის ჩემი სუნთქვა, ჩემი განუშორებელი ზრახვა, ჩემი ერთადერთი ლხინი და უაღრესი ბედნიერება. სამშობლოს კეთილდღეობის სამსახურს ვანაცვალე ყველა ის, რითაც კი საამო და საინტერესოა სხვისთვის წუთისოფელი. მოძმეთა გარდამეტებული სამსახურის გამო სავსებით დავიწყებული მქონდა და მაქვს ჩემს პირად არსებობაზე ზრუნვა.

დღესაც ამ კერძო წერილს გწერთ. მხოლოდ სამშობლოს ერთგულებას ექნება რაიმე შედეგი ჩემს ნაწერს თუ არა დამოკიდებულია თქვენზე. მე კი ამით თავისუფალი ვიქნები მომავალში როგორც საზოგადოების, ისე თქვენს წინაშე ყოველი პასუხისმგებლობისაგან.

სამწუხაროდ მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხოდ დატოვა პატრიარქის თხოვნა, ამიტომ უწმიდესმა ლეონიდემ განმეორებითი წერილით მიმართა მას.

1919 წ. 5 მაისი

მოწყალეო ხელმწიფევ, ბატონო ნოე ნიკოლოზის ძევ!

განვლილი მაისის ნახევარში ვიკადნიერე თქვენი შეწუხება ჩემთვის აუდიენციის მიღებით თქვენთან პირადად და სხვადასხვა საეკლესიო საკითხებზე სათათბიროდ. როგორც მოსალოდნელი იყო პატივი დამდეთ, მიღების საათი დამინიშნეთ და გულმოდგინებითაც მოისმინეთ ჩემი სიტყვიერი ვრცელი მოხსენება.

მომახსენეს, რომ სულ ახლობელ მომავალში ისმინება საკითხი მონასტრებისათვის მიწების დატოვებისა კერძო მესაკუთრეთათვის მიღებული ნორმითაო და ჩემთანვე უბრძანეთ თქვენს მდივანს ამის თაობაზე შესაფერისი ქაღალდის გამზადება.

მას უკან აგერ თვე გადის და დღევანდელობამდე ამ საკითხისა არა ვიცი რა, მონასტრების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება: ბერები ზოგნი შიმშილისგან იხოცებიან და ზოგნიც რაკი არაფერს საიმედოს აღარა ხედავენ გარშემო, გარბიან მონასტრებიდან და ამის გამო საქართველოს საამაყო ისტორიული ნაშთები სულ უპატრონოდ დატოვებულნი, ხდებიან მგლების და ტურების საცხოვრებელ ბუნაგებად. მორწმუნენი აღარაფერს სიკეთეს აღარ გამოელიან მთავრობისაგან და გამწარებულნი ტოვებენ მონასტრებს.

ამის გამო, რადგანაც საქმე აღარ ითმენს გაგრძელება-გადადებას და მეტად რთულდება, უმორჩილესად გთხოვთ შესაძლო სიჩქარით ინებოთ ბრძანების მიცემა, ვისდამიც ჯერ არს, რათა მიწის მიმღებმა კომისიებმა...

ვსასოებ, რომ ამ თვის 16-მეტს მისცეთ სასურველი მიმართულება ჩემს შუამდგომლობას.

1919 წ. 9 ივნისი".35

 

უწმიდესმა და უნეტარესმა ლეონიდემ გულთან ახლოს მიიტანა 1920 წელს გორში დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეული ტრაგედია და მიმართა სრულიად საქართველოს.

"კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე, მონა და მსახური უფლისა იესო ქრისტესი, ღვთივკრძალულთა მღვდელმთავართა, მღვდელთა და მორწმუნეთა ძეთა და ასულთა საქართველოს წმინდა ეკლესიისათა: მადლი თქვენდა და მშვიდობა ღვთისა მიერ მამისა ჩვენისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი!

მდგომარე წლის თებერვლის ოცი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დარჩება საუკუნეთა განმავლობაში წაუშლელ ნიშნად უღრმესი ეროვნული უბედურებისა და საშინელი ღვთის რისხვისა! ამ დღეს ჩვენში არგაგონილი სიმძლავრის მიწისძვრისაგან მოისპო და საკუთარ ნანგრევებში ჩაიმარხა ქართლის გული ქ. გორი და მისი მაზრის ჩვიდმეტი სოფელი. მე ვინახულე ეს საშინელების ალაგი. დავრწმუნდი, რომ სინამდვილე ბევრად აღემატება გაზეთებში აღწერილ სურათს. ხალხის თავზე დატეხილ უბედურების გამოთქმა შეუძლებელია ჩვენი ენითა და ცრემლით. უძლეველ სტიქიურ ძალას მტვრად უქცევია ყველაფერი, რის შექმნისა და მოპოვება-შეძენისათვის შეულევია თვითოეული ოჯახის წევრს თავისი მხნეობა, ცოდნა და გამოცდილება. ესეც ცოტაა: ნანგრევებს ქვეშ მოუქცევია და უფსკრულის ძირში ჩაუნთქავს ოჯახების ამშენებელნი, მარჩენელნი, მომავლის იმედნი: ვაჟკაცნი, ყრმანი და მოხუცნი! ზოგიერთი ოჯახი მთლად მოსპობილა, ზოგიდან ერთიღა დარჩომილა, ზოგნი თუ სასწაულებრივი ძალით ცოცხლები გადარჩენილან, ნამეტანი შიშისაგან ჭკუაშეშლილად გამოიყურებიან და დედას შვილი ვერ უცვნია.

უჭეროდ და უკერძოდ დარჩომილებს თავი შეუფარებიათ მთავრობისაგან მიწოდებულ ტილოს კარვების ქვეშ. რომელ კარავთანაც კი მივედი ნუგეშის-მისაცემად, დიდმა და პატარამ, ქალმა და კაცმა, ყველამ ხელების აპყრობით, ერთხმად, ცეცხლის ცრემლების ფრქვევით შემომტირა: "მამაო, გვიშველე, შეგვიბრალე, შეგვავედრე უფალს, ნუღარ დაგვსჯის, ნუღარ გვკითხავს ცოდვებს, აღარა ვართ ღირსნი მისი შვილობისა, მაგრამ შემოაბრუნებიე მას ჩვენზე მამობრივი გულიო!"

თანაძმანო და თანამსახურნო, მწყემსმთავარნო და მწყემსნო სულიერნო ძენო და ასულნო! ბეჯითად და გულმოდგინედ შეუსრულოთ უბედურებაში ჩაცვენილ ჩვენს ძმებს და შვილებს მათი პირველი და მდუღარე ცრემლებით ჩვენდამი მომართული ვედრება: ყველა ქალაქში და დაბა-სოფელში გადავიხადოთ სასინანულო სავედრებელი, შემუსვრილი გულით შევავედროთ ზეციერ მამას მიწისძვრისაგან გაჭირვებაში მყოფნი და შვილებრივი კადნიერებით გამოვთხოვოთ მას მთელი ჩვენი ერისათვის მშვიდობა, სიმრთელე და ხსნა სიმშილისაგან, ძვრისა და სვრისა!

ამ ტეხა-სიცივის დროს ტილოს კარვების ქვეშ მყოფთ ესაჭიროებათ საზრდოც და შესამოსიც. ღმერთმაც უწყის და ქვეყანამაც, რა ხელმოკლეობას და ნაკლუვანებასაც განიცდის ჩვენი სამღვდელოება, მაგრამ მიწისძვრისაგან დასჯილები სულ უსახსრონი არიან, ამიტომ გთხოვთ და გევედრებით მღვდელმთავრებს და მღვდლებს, მშიერებს ლუკმა გაუყოთ, თავზედ მეხდატეხილ ჩვენს ძმებს გაცრეცილი ანაფორებით შეუმოსოთ ყინვისაგან გათოშილი სხეული და ჩვენი ხელით მოვწმინდოთ მწუხარების ცრემლი. ეკლესიებში, ოჯახებში, გზებზე და ყველგან გვახსოვდეს გაჭირვებულთა მდგომარეობა, თვალწინ გვედგას მათი მწუხარება და ყოველი ნაბიჯი, ყოველი მოძრაობა სულისა და გულისა, მიმართული გვქონდეს მათ ტანჯვათა შესამსუბუქებლად, ნუ დავზოგავთ და ნუ დავიშურებთ მათ მისაწვდენად ნურაფერს, რაც კი მოგვეპოვება.

სულიერნო ძენო და ასულნო! დღეს დიდმარხვის პირველი კვირიაკეა. ყველანი ემზადებით,რომ ეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ქრისტე კი, მიწისძვრისაგან უბედურებაში ჩაცვინულთა სახით, მწვავე ცრემლებით გევედრებათ ქალსა და კაცს შებრალება-გაკითხვას.

მაშ, ეზიარეთ, ძვირფასნო, ნამდვილად თქვენი მაცხოვრის სისხლასა და ხორცს, გაიკითხეთ, რითაც კი შეგიძლიათ უბედურობაში ჩავინულნი თქვენი მოყვასნი, მიეცით მათ საზრდო და საკვები, აუშენეთ განადგურებელი ბინები, მოჰბანეთ მათ მწუხარების ცრემლები და ამით თქვენც ჩამოგეხდებათ ზეციერი მამისაგან თქვენი ცოდვების მძიმე ტვირთი.

ჩვენი ქვეყნის დიდო იმედო, ქართველო ახალგაზრდობავ! სიყვარული, თანაგრძნობა და სიკეთისათვის თავდადება შენი ბუნებაა. შენ უნდა შენი გმირული მკერდით შეიჭრა იმ უბედურების ზღვაში, რომელმაც წალეკა გორი და მისი მიდამო, შენ უნდა შენი უთვალავი გუნდებით ტარბისებრ მოედო სტიქიისაგან აოხრებულ კუთხეს და შენი მადლიანი მკლავით ისევ აამოძრავო ყველგან სიცოცხლე, აანთო გამქრალი კერა და ისევ აამღერო საზარელი მოვლენისაგან თავზარდაცემული შენი თანაძმები. იცოდე, ეხლა შენკენ აქვს მოპყრობილი თვალი დანგრეულ გორს და მის მიდამოს!

შვილნო! დაუმტკიცეთ კაცობრიობას, რომ ვიცით თანაძმათა უბედურების გაზიარება და ღირსეულად ვატარებთ ღვთის ხატებასა და მსგავსებას.

შეწირულება გროვდება საკათოლიკოსო საბჭოში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე".36

კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს მმართველობის პერიოდში მოხდა მეტად შემაშფოთებელი ფაქტი: გელათისა და ჯრუჭის მონასტრის განძეულობის ჩამორთმევა და მათი სახელმწიფოს ხაზინაში გადატანა. გაზეთმა "საქართველომ" 1920 წლის №169-ში გამოაქვეყნა გელათის მონასტერში მომხდარი ამბები, რითაც საზიოგადოება გაეცნო საქმის ვითარებას: "ნოემბრის 24-ს, მისმა უწმინდესობამ კათოლიკოსმა ლეონიდემ ასეთი ხასიათის მოულოდნელი დეპეშა მიიღო ქუთათელ მიტროპოლიტ ნაზარისაგან: "23 ნოემბერს, თბილისიდან ჩამოსულმა მთავრობის წარმომადგენელმა ნ. ჟორდანიას პირადმა მდივანმა გ. ცინცაძემ, ადგილობრივი პროკურორის, ერობის თავმჯდომარის და მილიციის უფროსის თანხლებით, ჩემდა ნებადაურთველად და დაუკითხავად წაიღო გელათის მონასტრიდან ძვირფასი ხატები და განძეულობა ამა მონასტრისა და ჯრუჭისა, გაენათის მონასტერში დაცული, დაწვრილებითი მოხსენება იგზავნება."37

ამ ცნობის მიღებისთანავე მისმა უწმინდესობამ მთავრობის თავმჯდომარეს დაუყონებლივ გაუგზავნა შემდეგი ტელეგრამა: "მოწყალეო ბატონო, ნოე ნიკოლოზის ძევ! - ქუთათელ მიტროპოლიტისგან მომივიდა შემაძრწუნებელი დეპეშა (მოყვანილია ზემოთ მოყვანილი ცნობა). გაცნობებთ რა ზემოაღნიშნულს, პატივისცემით გთხოვთ, მოწყალეო ბატონო, გასცეთ განკარგულება ნივთების გელათშივე დატოვებისათ-ვის."38

ამ მიმართვაზედ მისმა უწმინდესობამ მთავრობის თავმჯდომარის სამმართველოდან შემდეგი პასუხი მიიღო: "პასუხად თქვენი ტელეფონოგრამისა, მთავრობის თავმჯდომარის დავალებით მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ დღეს ან ხვალ ქუთაისიდან დაბრუნდება საგანგებო რწმუნებული, რის შემდეგ დაწვრილებით გეცნობება ყველაფერი გელათის მონასტრის განძეულობის შესახებ - მთავრობის საქმეთა მმართველი კ. ჯაფარიძე."39

აღნიშნული სახით, კათოლიკოს-პატრიარქმა მთვარობის თავმჯდომარისაგან მიიღო დაპირება, რომ თავის დროზე ყველაფერს აცნობებდნენ. მიუხედავად ამისა, არაფერი აცნობეს. როდესაც ამ რწმუნებულმა მთელი განძეულობა გამოიტანა მონასტრიდან და დაბრუნდა თბილისში, კათოლიკოს-პატრიარქმა მიწერა წერილი მთავრობის თავმჯდომარეს:

დიდად პატივცემულო ნოე ნიკოლოზის ძევ! ტელეფონოგრამით, რომელიც თქვენი სახელით გადმომცა ბატონმა ჯაფარიძემ ნოემბრის 26-ს, თქვენ მითვლიდით: "დღეს ან ხვალ ქუთაისიდან დაბრუნდება ჩემი რწმუნებული და მაშინ დაწვრილებით გეცოდინებათ გელათის ამბებიო". დღეს დეკემბრის 5-ს, თქვენი რწმუნებული, კარგა ხანია, დაბრუნდა და თბილისში იმყოფება, მაგრამ მე მაინც ღირსი არ გავხდი თქვენგან აღთქმული ცნობების მიღებისა! დღეიდან ეს ცნობები აღარ მჭირდება, მე უკვე მივიღე სრულებით საიმედო წყაროდან საჭირო ცნობები მთელი სისრულით.

ვცდილობ მივხვდე, რამ გაიძულათ თბილისიდან რწმუნებულის გაგზავნა გელათში მონასტრის განძეულობის გადმოსატანად და ვერ გამიგია, ვერ მივხვედრილვარ, ვერ გამოვკრვეულვარ, ეს რა ჩაგიდენიათ და როგორ აგიყირავებიათ ყველაფერი. უეჭველია, თქვენ მიმითითებთ სოციალ-დემოკრატების გაზეთებში მოყვანილ ცნობაზე გელათის მონასტრის ვითომდა ბერებისაგან გაძარცვის შესახებ, მაგრამ ეს საბუთები არ გამოგადებათ, რადგანაც დღეს ჩვენში სამი წლის ბავშვმაც კი კარგად იცის, რა ღირებულების და სისწორის ცნობებიც იბეჭდება ეკლესიებზე სოციალისტების ორგანოებში. დავანებოთ ამას თავი, წარმოვიდგინოთ შეუძლებელი, დავიჯეროთ, რომ სოციალისტების გაზეთში მოყვანილი შემთხვევები გელათის გაძარცვის შესახებ და ქუთაისის მილიციის უფროსის მოხსენებაც ვითომდა ნაქურდალის აღმოჩენაზე სინამდვილეა, მერე ეს გარემოება გიკარნახებდათ იმ სახიფათო ნაბიჯის გადადგმას, რომელიც თქვენ გადაგიდგამთ? განა თქვენ გქონდათ უფლება, თუ თქვენს გარდა უფლებას სხვებსაც არგუნებთ, რომ მონასტრის გაძარცვის ამბავი იმავე დღეს არ შეგეტყობინებინათ საკათოლიკოსო საბჭოსათვის ბეჯითი მოთხოვნით, რომ მას დაუყოვნებლივ მიეღო ფიცხელი ზომები ჩადენილი ბოროტმოქმედების გამოსარკვევად და შედეგები ძიებისა ეცნობებია თქვენთვის!

საკათოლიკოსო საბჭო ხომ ჩვენი რესპუბლიკისაგან ჯერ-ჯერობით ცნობილი და შეწყნარებული უზენაესი საეკლესიო ორგანოა და რომელი უფლებამოსილებით ამ ორგანოს გაუსვით განადგურების ხაზი?

მეორე, ნუთუ ჩემი მდგომარეობა, როგორც საქართველოს მთელი მორწმუნე მოსახელობის მამათმთავრისა და დროული საზოგადო მოღვაწისა, საბუთია თქვენთვის იმისი, რომ არაფერი ანგარიში არ გამიწიოთ, ჩვარივით მთელოთ და ჩემდა სრულებით დაუკითხავად ზიდოთ ტომრებიდან თქვენს ძირ-გავარდნილ ხაზინებში ვითომდა დასაცველად სასწაულთ-მოქმედი ხატები, ჯვრები, წმინდა ნაწილები, შესამოსლები, ბარძიმ-ფეშხუმები და სხვა. არც სიცოცხლე, არც გონება და არც მორწმუნე ერისაგან მინიჭებული უფლებამოსილება, ღვთის მადლით, ჯერჯერობით არა დამიკარგავს, და ვერ გამიგია, რომელი უფლებით გინებებიათ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის კვერთხის აღება ხელში და ბრძანების გაცემა ასეთი რამეების გადმოტანა გელათის მონასტრიდან, რასაც მორწმუნენი მუხლს უყრიან, წმინდა სანთელს უნთებენ და, თუ ეხებიან მათ, მხოლოდ და მხოლოდ დიდი კრძალვა-მოწიწებითი ამბორისყოფით, ისიც სამღვდელო პირთა დახმარებით და არა სხვა რომელიმე სახით.

მესამე, განა თქვენ გქონდათ ან დღეს გაქვთ იმის საბუთი, რომ შეიარაღებული მილიციონერების რაზმით შეჭრილიყავით მონასტერში ცნობის მიუცემლად და სრულებით დაუკითხავად ქუთაისის ეპარქიარული მწყემსმთავრისა, რომელსაც ასეთი თქვენი საქციელით პატივისცემას უკარგავთ და საზოგადოების თვალში სახავთ ნდობადაკარგულ, საეჭვო პირად!

მეოთხე, თქვენ შეუფერხებლად შეეხეთ და შეურაცხყავით მორწმუნეთა სვინდისი, იმ ხალხისა რომელიც ეკლესიის ეზოდან გამოსული ფეხს იბერტყავს, წმინდა ადგილის მტვერი არ გამყვესო, რომელიც ეკლესიის ეზოში ნაპოვნ ლურსმანს ხელს არ ჰკიდებს, ღვთისა არისო, თქვენ აბუჩად იგდებთ როდესაც მის სალოცავ და სათაყვანო წმინდა ნაწილებით სავსე ხატებს, ჯვრებს და ბარძიმ-ფეშხუმებს ტყემლის ტყლაპების ყუთებში აყრევინებთ უბრალო საინების მსგავსად, თქვენგან გაგზავნილ საერო პირს. განა ეს თქვენის მხრით სხვისი სვინდისის შეგინება არ არის მორწმუნეთათვის და ბრძოლაში გამოსაწვევი ხელთათმანის გადაგდება არ არის? ნუთუ თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ამგვარ პროფანაციას მორწმუნე ქართველობა აპატიებს და შეარჩენს ვინმეს?! სასტიკად სცდებით.

გელათში დანთებულია თქვენგან ისეთი ცეცხლი, რომელიც თუ ეხლავე თქვენივე ხელით არ ჩააქრეთ, სულ ჩქარა ცაში ავარდნილი გრანდიოზული ჭიაკოკონა წითლად შეღებავს მთელ საქართველოს არემარეს და ამ კოცონის გარშემო მომუშავე ქრისტიანებს გვერდში ამოუდგებიან მაჰმადიანი ქართველებიც, რომლებიც ხმამაღლა გაიძახიან: სოციალისტები თავიანთი სჯულის ეკლესიას რომ სპობენ, განა ჩვენ კი სიკეთეს დაგვაყრიან, ჩვენ კი არ შეგვიბილწავენ მეჩეთებს და ყურანს?

თქვენ გაგეცინათ ამაზე, მაგრამ მოგახსენებთ, რომ თქვენი გაცინება თუ რისხვა არ აჩერებს არც მტკვარსა და არც სხვა რომელიმე მდინარეს.

გული სისხლით მეწურება, როდესაც ვითვალისწინებ თქვენგან ჩადენილი ფაქტის შესაძლო სავალალო შედეგებს და სამშობლოს სახელით გემუდარებით, ნუ გაამწვავებთ ამ საქმეს, ნუ გაიტანთ გელათიდან საეკლესიო განძეულობის გამოტანის ამბავს ფართო საზოგადოებაში, ინებეთ უკანვე მიბრუნება მონასტერში განძეულობისა და ყველაფერი თავისთავად მიჩუმდება, თორემ იცოდეთ, სავსებით გამომჟღავნდება ხალხში თქვენი განკარგულებისა - ნავთის ტბაში ანთებული ასანთის გადასროლა იქნება.

თუ გელათის მონასტერს არ დაუბრუნდება მისი საკუთრება, ვერც მე შემიძლია გაჩუმება და იმ შემთხვევისათვის ვიტოვებ მოქმედებათა თავისუფლებას.

თქვენთვის უცნობი არ არის წმინდა წყლის ქართლური დიდი მოთმინება და მოკრძალება, არასოდეს ამ ენითა და კილოთი არ მილაპარაკნია თქვენთან. მაგრამ ამ ქვეყნად ყველაფერს საზღვარი აქვს: უკანასკნელი საქციელით თქვენ შარაზე დასვით ქართული ეკლესიის ყოფნა-არყოფნის საკითხი და ასეთ შემთხვევაში ჩემი გაჩუმება იქნებოდა ღალატი, ურომლისოდაც ერთ წამსაც არ მსურს სიცოცხლე.

თქვენგან უსამართლოდ უფლებააყრილი, შეურაცხყოფილი კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე."

ბატონმა ნოე ჟორდანიამ არც ამ წერილს გაუწია არა-ვითარი ანგარიში და მაშინ, კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე საკათოლიკოსო საბჭოს და მცხეთა-თბილის-ურბნისის საეპარქიო დელეგატთა თანხლებით თვით გაემართა მთავრობის თავმჯდომარესთან.

ამ დარბაზობის დროს ადგილი ჰქონდა ასეთ დიალოგს, რომელიც ჩვენ სტენოგრაფიული სისწორით მოგვყავს:

მისი უწმინდესობა: ბატონო ნოე ნიკოლოზის ძევ!

თქვენს წინ დგანან საქართველოს თავისუფალი და დამოუკიდებელი ეკლესიის თავი, ამ ეკლესიის მუდმივი საღმრთო კრების წევრები და ამ სამი დღის წინედ დასრულებული მცხეთა-თბილისი-ურბნისის საეპარქიო კრების დელეგატთა წარმომადგენლები. ამ შემადგენლობით მოვედით თქვენთან იმ მიზნით, რომ განგიმეოროთ, ჩემდა, საეკლესიო უზენაესი ორგანოს და ქუთაისის მღვდელმთავრის დაუკითხავად თქვენს რწმუნებულს გადაუზიდია გელათიდან ქუთაისის ხაზინაში, ვითომდა დასაცველად, ჯვრები, ხატები, წმინდა ნაწილები და სხვა. 25 ნოემბერს ტელეფონოგრამით გთხოვთ განკარგულება ნივთების უკანვე დაბრუნებისათვის, თქვენ აღმითქვით დამაკმაყოფილებელი პასუხის მოცემა რწმუნებულის დაბრუნების შემდეგ. მაგრამ მე ასეთი არ მიმიღია, თუმცა თქვენი რწმუნებული დიდი ხანია დაბრუნდა თბილისში. ამის გამო მე გიცხადებთ უღრმეს გულისწყრომას და უსასტიკეს გაკიცხვას.

მთავრობის თავმჯდომარე: მე ვსწყვეტ ამ სხდომას, ამ კილოთი ლაპარაკს და გულისწყრომას მე, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ვერ მოვისმენ. ამას მე ვაუწყებ მთავრობას.

მისი უწმინდესობა: ჩვენ სწორედ იმისათვის მოვედით, რომ დამოუკიდებელი ეკლესიის სახელით მოგვეთხოვა თქვენი რწმუნებულის მიერ გელათის მონასტრიდან წაღებული ნივთების უკან დაბრუნება.

მთავრობის თავმჯდომარე: საქართველოს ეკლესია დამოუკიდებელი და თავისუფალი არ არის, ის ჯერ სახელმწიფოსაგან გამოუყოფელია, ვერც შევქმნით სახელმწიფოს სახელმწიფოში. რაც შეეხება საეკლესიო ნივთებს, ისინი შეადგენენ სახელმწიფოს საკუთრებას და სახელმწიფოს საქმეა, სად შეინახავს მათ... უნდა იცოდეთ, ვისთან მიდიხართ...

მისი უწმინდესობა: თქვენ უფლება გაქვთ, ციხეშიდაც ჩამსვათ, მე ვასრულებ ჩემს საღრმთო მოვალეობას, ჩვენ მხოლოდ ის გვინდოდა გაგვეგო, რომ საეკლესიო ნივთებს თქვენ სთვლით სახელმწიფო საკუთრებად... მშვიდობით ბრძანდებოდეთ!

მთავრობის თავმჯდომარე: კარგად ბრძანდებოდეთ"!40

ყოველივე ამის შემდეგ მთავრობამ ქუთაისში გაგზავნა საგანგებო რწმუნებული, რომელთაც დაავალა დაუყოვნებლივ ჩამოიტანონ თბილისში გელათის და ჯრუჭის მონასტერთა მთელი განძეულობა.

როგორც კი საზოგადოებაში ხმა გავრცელდა ამ აღმაშფოთებელი ამბავის შესახებ, კათოლიკოს-პატრიარქი ინახულეს მრავალმა საზოგადო მოღვაწემ და აღშფოთება განუცხადეს მას მთავრობის მოქმედების გამო.

"ეკლესიას ყველაფერი ჩამოართვეს, რაც რუსეთის სასულიერო მთავრობამ დააკლო ჩვენს უბედურ ეკლესიას, ის საერო მთავრობამ შეუსრულა, ფეხქვეშ გათელეს ნაამაგარი ქართველი ერისა და კულტურის აღმზრდელი დედა ეკლესია" - წერდა დანანებით დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე. ასეთი რთული ურთიერთობის მიუხედავად როდესაც ბოლშევიკური საოკუპაციო ჯარები მოუახლოვდნენ დედაქალაქს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მეთაური უყოყმანოდ დადგა ხელისუფლების მხარეზე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე".41

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ეკლესიას ფაქტიურად უნდობლობა გამოუცხადა და რელიგიის შესახებ მიღებული კანონით იგი გაუთანაბრა საქართველოს მომქმედ სხვადასხვა კონფესიების "ხელისუფლების ძირითადი მიზანი იყო საქართველოს ეკლესიის იზოლაცია სახელმწიფო პოლიტიკისაგან,რადგან მან კარგად უწყოდა ეკლესიის დიდი ისტორიული ავტორიტეტი ქართველ მოსახლეობაში, რომლის ძირითადი ნაწილი ეკლესიასთან ერთად, სახელმწიფოში გატარებული რეფორმის წინააღმდეგი შეიძლებოდა გამოსულიყო". ერთადერთი დადებითი რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ გააკეთა ეს იყო 1920 წლის 17 თებერვლის მთავრობის დადგენილება კავკასიის სინოდალური კანტორის გაუქმების შესახებ, ხოლო 7 აგვისტოს დადგენილებით რუსული, ბერძნული და ოსური სამრევლოები დაექვემდებარა საქართველოს ეკლესიას. ამით დასრულდა სამწლიანი გაურკვევლობა, ურთიერთდაპირისპირება და ინტრიგები, რომელსაც მიმართავდა რუსეთის სინოდი საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, როცა მათ დაარსეს ამიერკავკასიის საეგზარქოსო და მასში გააერთიანეს არაქართული მრევლი. ისინი ედავებოდნენ საქართველოს საკათალიკოზოს ქონებას, ეკლესია-მონასტრებს. მართალია ოფიციალურად 1920 წლიდან ისინი იძულებულნი გახდნენ დამორჩილებოდნენ სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქს, მაგრამ 1921 წლის თებერვლის შემდეგ როცა საქართველო კვლავ რუსეთის საოკუპაციო ჯარებით აივსო რუსული სამრევლოები კვლავ დაუპირისპირდნენ საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქს და აღარ ემორჩილებოდნენ მას. რა თქმა უნდა მათ უკან ისევ რუსეთის ეკლესია იდგა.

1921 წლის 11-12 თებერვალს ვითომც "აჯანყებული მშრომელების" დასახმარებლად საქართველოს საზღვრები გადმოლახა ბოლშევიკური რუსეთის XI არმიამ. საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სამშობლოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დადგა. 1921 წლის 21 თებერვალს თბილისში შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოზო საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელმაც იმსჯელა შექმნილ ვითარებაზე და სპეციალური წერილით მიმართა მცხეთა-თბილისის, ურბნისის, ქუთაის-გაენათის, ჭყონდიდისა და ცხუმ-ბედიის ეპარქიებს: "1. ეკლესიებში დაუყოვნებლივ გადახდილ იქნას პარაკლისები მტრებისაგან საქართველოს განთავისუფლებისათვის; 2. ეკლესიებში წინამძღვრების მიერ განმარტებულ იქნას დღევანდელი ომის მნიშვნელობა; 3. სამრევლო საბჭოების მიერ გადადებულ იქნას ეკლესიის ქონებისგან შეწირულებანი ომისაგან გამოწვეულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად; 4. მათ მიერ მიღებულ იქნას ზომები ტაძართა განძეულობისა და სიწმინდეთა დასაცავად; 5. იმავე საჭიროებისათვის წირვა-ლოცვის დროს შეკრებილ იქნას ნებაყოფილობითი შეწირულობა; 6. კრებულის წევრთა მიერ მიღებულ იქნას ყოველგვარი ზომები ჯარში გაწვეულთა ოჯახების სულიერ მოთხოვნილებათა დაუყოვნებლივ დასაკმაყოფილებლად".42

საკათალიკოზო საბჭოს წერილით მიმართა უწმიდესმა ლეონიდიმ 1921 წლის 22 თებერვალს, სადაც უნდა ემსჯელათ შემდეგ საკითხებზე: 1. სად და როგორ იქნას დაცული ომისაგან მოსალოდნელ საშიშროებისაგან სოფლებისა და ქალაქის ეკლესიების განძეულობა და სიწმინდე? 2. სად იქნას დაცული საკათალიკოზო საბჭოს ქონება და არქივი? 3. როგორ შეიცვალოს ეკლესიის მართვა-გამგეობის წესები ამ შიშიანობის ჟამს? 4. როგორ მოვიქცე პირადად მე, ვინიცობაა ჩვენმა მთავრობამ მოახდინოს ქალაქის ევაკუაცია? 5. რა ზომების მიღებაა საჭირო საკათალიკოზოში ომისაგან შექმნილი არაჩვეულებრივი პირობების გამო".43

საქართველოს ეკლესიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თბილისის საკითხს, როცა მთავრობამ მიიღო თბილისის დატოვების გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს საკათალიკოზო საბჭომ მიიღო დადგენილება საეკლესიო განძეულობის, ძვირფასი ხატების თბილისის ეკლესია-მონასტრებიდან გამოტანისა და ქუთაისში ევაკუაციის შესახებ. ამავე დროს მან თხოვნით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო დაცვა რკინიგზაზე განძეულობის უსაფრთხოდ გადატანისათვის. საკათალიკოზო საბჭოს სპეციალური რწმუნებით აღიჭურვა ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე) და არქიმანდრიტი პავლე (ჯაფარიძე), რომელნიც პასუხს აგებდნენ განძის უსაფრთხოებაზე. უწმენდისმა ლეონიდმა ასეთი წერილით მიმართა დიმიტრი ლაზარიშვილს: "მამაო დიმიტრი, მთავრობა მზად არის მოგვცეს მცველები და გადავიტანოთ რკინიგზით ჩვენი განძეულობა ქუთაისში. თუ ჩვენ ყველა ამას მივიტანთ ვაგზლამდე. აბა დატრიალდი იშოვე რამდენიმე ურემი და ჩააბარე რკინიგზაზე. რაც შეიძლება ჩქარა".44


24 თებერვალს უწმიდესმა და უნეტარესმა ლეონიდმაც დატოვა თბილისი და ქუთაისში წავიდა, ხოლო საკათალიკოზო საბჭოს დროებითი თავმჯდომარის მოვალეობას დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე ასრულებდა. როცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ემიგრაციაში წასვლის და ამავე დროს საქართველოს ეროვნული სიწმინდეების, განძის წაღების შესახებ, ეს იყო თავზარდამცემი სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქ ლეონიდისათვის. საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში გაემგზავრა 11 მარტს, განძეულობით დატვირთული კრეისერი "ერნესტ რენანი" ბათუმიდან გავიდა. საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი უწმიდესი და უნატარესი ლეონიდი 13 აპრილს თბილისში დაბრუნდა... აღარც დამოუკიდებელი სახელმწიფო, აღარც საეკლესიო სიწმინდენი, პატრიარქი თითქოს უცხო ქალაქში დაბრუნდა გაპარტახებული ქუჩები, დაღვრემილ-გატანჯული ქართველობა და გახარებული უცხო ტომელნი. ასეთი გამხდარიყო ქართველთა დედაქალაქი... "ახალმა ხელისუფლებამ პირველი სიურპრიზი დაახვედრა მას. საპატრიარქოს ჩამოართვა ერთადერთი ავტომობილი... წინ კიდევ ბევრი უსიამოვნებანი იყო მოსალოდნელი".45

1921 წლის 15 აპრილს საქართველოს რევკომმა №21 დეკრეტით მიიღო დადგენილება "სახელმწიფოსაგან ეკლესიისა და ეკლესიისგან სკოლის გამოყოფის შესახებ". დადგენილების მუხლებში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ თითოეული პიროვნების საქმეა იწამოს ან არ იწამოს ესა თუ ის რელიგია, რომ სარწმუნოება არავითარ უპირატესობას არ ანიჭებდა არავის, სკოლა გამოყოფილია ეკლესიისგან, საერო სასწავლებლებში იკრძალებოდა საღვთო სჯულის სწავლება. განსაკუთრებით საგანგაშო იყო დადგენილების მე-14 და მე-15 მუხლები. "არცერთ საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებას არა აქვს უფლება იქონიოს საკუთრება. მათ არ აქვთ იურიდიული პიროვნების უფლება, საქართველოს რესპუბლიკაში არსებული საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებათა მთელი ქონება გამოცხადებულია სახალხო კუთვნილებად". ამ დეკრეტით ფაქტიურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონგარეშედ ცხადდებოდა. ბოლშევიკები არ მალავდნენ ეკლესიისადმი თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას, ისინი რელიგიას "ხალხის ოპიუმს" უწოდებდნენ და ხაზგასმით აღნიშნავდნენ: საზოგადოება რაც მალე გათავისუფლდებოდა ამ "სენისაგან", მით უკეთესი. თბილისში გაუსაძლისი ვითარება შეიქმნა, ქალაქში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. მისი მსხვერპლი გახდა სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდი (ოქროპირიძე), რომელიც იყო თვალსაჩინო საეკლესიო მოღვაწე. იგი სამართლიანად აღნიშნავდა: "ჩემმა ხანგრძლივმა სიცოცხლემ განვლო ქართველი ერის თვალთა წინაშე, სამსახურში შესვლის პირველი დღიდან მოკიდებული აქამდე... სამშობლოს კეთილდღეობას ვანაცვალე ყველა ის, რითაც კი საამო და სანეტაროა სხვისთვის წუთისოფელი". 11 ივნისს გარდაცვლილი პატრიარქის ნეშტი 17 ივნისს დაკრძალეს სიონის საპატრიარქო ტაძარში. რა დრო მოვიდა, სწორედ ის ხალხი იყო ხელისუფლების სათავეში, რომელთა შესახებაც უწმიდესი ლეონიდი ბრძანებდა: "სიყვარული პირველად ქვეყნიერებისა და არა სამშობლოსი, შორეულისა და არა მახლობელისა, გარეშესი და არა შინაურისა ემსგავსება წაღმა წარწერის უკუღმა კითხვას.

ეპისკოპოსმა პიროსმა საქართველოს რევკომს ასეთი დეპეშა გაუგზავნა: საკათალიკოზო საბჭო გაცნობებთ, რომ მიმდინარე თვის 11 ნაშუადღევს, 5 საათზე ღვთივმიიცვალა საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი ლეონიდი. დაკრძალვა მისი გვამისა დანიშნულია კვირას 17 ივლისს სიონში".46 მისი დაკრძალვა არ მომხდარა დიდი ამბით, ვერავინ ვერ გაბედა ღირსეული სიტყვით უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა მამულისათვის დამაშვრალი. ზაქარია ჭიჭინაძეს მოუმზადებია გამოსათხოვარი სიტყვა, მაგრამ წაკითხვა ვერ მოუხერხებია, მისი აზრით "ლეონიდი იყო საქართველოს ეკლესიის მამამთავარი და თავი, იგი იყო ღირსეული მამულიშვილი, ქართველი პატრიოტი და ყველა ამასთან უღრმესი მოქალაქე და გულშემატკივარი საქართველოსი... კირიონი და ლეონიდი ქართულ ეკლესიას ანათებდნენ ცხოველსმყოფელი შუქით". უწმინდესი ლეონიდის დაკრძალვამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს საკათალიკოზო საბჭოს დამკრძალავ კომისიას, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ალექსანდრე ასათიანი და ნიკიტა თალაკვაძე, მიმართა თხოვნით დავით ოქროპირიძემ და მარიამ კარიჭაშვილმა, რომლებიც მოითხოვდნენ, რომ უწმიდესი ლეონიდის ნეშტი დაეკრძალათ შიო მღვიმის მონასტერში, მაგრამ კომისიამ ეს აზრი არ გაიზიარა.

დიდი მღვდელმთავრები

ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ეპისკოპოსი გაბრიელი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე, დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს გურიის ლამაზ სოფელ ბახვში, სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება პატარა გერასიმემ ოჯახში მიიღო. 1837 წელს გერასიმე ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიის "მცირე განყოფილებაზე", რომელიც წარჩინებით დაასრულა 1839 წელს და გადაყვანილ იქნა "მაღალ განყოფილებაზე." 1841 წელს იგი სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა ფსკოვის სასულიერო სემინარიაში, სადაც სწავლობდა 1842-1843 წლებში, 1844-1845 წლებში სწავლა გააგრძელა პეტერბურგის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ 1849 წლამდე სწავლობდა სასულიერო აკადემიაში. ახალგაზრდა გერასიმეს მოწოდება იყო სამშობლოს სამსახური, ამიტომ სასულიერო აკადემიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება. იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში დაინიშნა ინსპექტორის თანამდებობაზე. თუმცა ბუნებით პედაგოგი და შემოქმედი კაცისათვის არ იყო მიმზიდველი სემინარიის ინსპექტორობა, ამიტომ იგი 1854 წელს თავს ანებებს ინსპექტორობას და სემინარიაში რჩება მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლად. იმავე წლის 7 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ გერასიმე ქიქოძე სიონის ეკლესიაში დიაკვნად, 8 ნოემბერს კი მღვდლად აკურთხა. 1856 წელს მას დიდი უბედურება დაატყდა თავს, გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი. ასეთ უბედურებას ადამიანი იშვიათად გადაიტანს, მაგრამ მამა გერასიმემ იაკობ გოგებაშვილის სიტყვებით, ამაში განგების ნება დაინახა, რომელიც მას სულ სხვა, უფრო ფართო და ნაყოფიერი გზით წარმართავდა, რის გამოც მალე ბერად აღიკვეცა." და განახლებული ძალით შეუდგა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. ბერად აღკვეცილ გერასიმეს სახელად ეწოდა გაბრიელი იგი განწესებულ იქნა დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრად. 1858 წლის აპრილში გარდაიცვალა გორის ეპისკოპოსი იოანე (ავალიანი) და რუსეთის იმპერატორის ბრძანებით იმავე წლის 6 დეკემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა გორის ეპისკოპოსად, 1860 წლის 2 ივლისიდან ეპისკოპოსი გაბრიელი გარდაცვალებამდე (1896 წ.) განაგებდა იმერეთის ეპარქიას. ამ დროს იმერეთის ეპარქია აერთიანებდა მთელ დასავლეთ საქართველოს. მეუფე გაბრიელი შეუდგა ნაყოფიერ სასულიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. მისი საოცარი სულიერება, პატიოსნება, მოყვარისადმი თავდადება, პირად ცხოვრებაში მოკრძალება და უბრალოება გახდა საფუძველი იმ დიდი სიყვარულისა და პატივისცემისა, რითაც მოცული იყო ეს დიდებული მღვდელმთავარი. მეუფე გაბრიელის სახელთანაა დაკავშირებული დასავლეთ საქართველოში ასზე მეტი სამრევლო სკოლის, ბიბლიოთეკის, 1890 წელს ქუთაისში ქალთა სასწავლებლის, 1894 წელს კი სასულიერო სემინარიის გახსნა. იგი მფარველობდა ნიჭიერ ახალგაზრდობას, მატერიალურად ეხმარებოდა მათ, რომელნიც სწავლობდნენ საზღვარგარეთის სასულიერო თუ საერო სასწავლებლებში. ეპისკოპოს გაბრიელის ზრუნვის შედეგად იმერეთის ეპარქიაში რესტავრაცია ჩაუტარდა ნიკორწმინდის, ბიჭვინთის, მოქვის, ილორის ეკლესიებს, აშენდა ორასზე მეტი ახალი ეკლესია. 1887 წელს მეუფე გაბრიელის თაოსნობით შეიქმნა "ქართული საეკლესიო გალობის აღმდგენელი კომიტეტი". იგი შედგებოდა საუკეთესო მგალობლებისაგან, მათ უნდა შეეკრიბათ და ნოტებზე გადაეტანათ ეს ფასდაუდებელი განძი. იგი ბევრს მოგზაურობდა ეპარქიებში, არ დარჩენილა სოფელი და ქალაქი, სადაც მეუფე გაბრიელს წირვა-ლოცვა არ აღევლინოს და ექადაგოს. 1890 წელს ეპისკოპოსი გაბრიელი განსაკუთრებული დამსახურებისათვის არჩეულ იქნა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" საპატიო წევრად. ეპისკოპოს გაბრიელს "ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები" ამ ტიპის ერთადერთი სახელმძღვანელო იყო მთელი რუსეთის იმპერიაში და ადასტურებდა მისი ავტორის ღრმა განსწავლულობას.

მეუფე გაბრიელი XIX საუკუნის II ნახევრის ეროვნულგანმათავისუფლლებელი მოძრაობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. მკაცრად ამხელდა რუსეთის ხელისუფლების კოლონიურ პოლიტიკას საქართველოში, არაერთხელ დაუპირისპირდა კავკასიის განათლების მზრუნველ კირილე იანოვსკის, ეგზარქოს პავლე ლებედევს, კოსმოპოლიტიზმითა და ეროვნული ნიჰილიზმით დაავადებულ გადაგვარებულ ქართველ თავად გიორგი მუხრანბატონს. ეს უკანასკნელი ქართული ენის დაცვას ფუჭ საქმედ მიიჩნევდა, ვინაიდან მისი აზრით დროთა განმავლობაში ქართული ენის გაქრობა მაინც მოხდებოდა. მეუფე გაბრიელმა მეცნიერულად დაასაბუთა რენეგატი ქართველის მოსაზრებათა უსაფუძვლობა. "ხალხის ინდივიდუალობის უმთავრესი ელემენტი სწორედ ენა არის. მშობლიურ ენას მოკლებული ყოველი ხალხი მოკლებულია ყოველგვარ ინდივიდუალურ ნიშან-თვისებას და უსარგებლოა თავისთვისაც და სხვისთვისაც." ილია ჭავჭავაძის სიტყვებით, მეუფე გაბრიელი "ქრისტეს ჯვრით ხელში თავგამეტებით იდგა ჩვენი ენის მწედ და მფარველად." ეპისკოპოსი გაბრიელი იყო გულისხმიერი მწყესი თავისი სამწყსოსი, უყვარდა წესრიგი, მკაცრი, მაგრამ სამართლიანი იყო სამღვდელოების მიმართ. ერთხელ ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშოვმა პირადი ახირების საფუძველზე მოინდომა ხონის წმიდა გიორგის ეკლესიის მღვდლის ქუთათელაძის გუბერნიიდან გაძევება. ეპისკოპოსმა გაბრიელმა დაიცვა თავისი მღვდელი და გუბერნატორს უშიშრად უთხრა - "შენ ვინ მოგცა ჩემს ეპარქიაში განკარგულების ნება უჩემოდ! რამდენჯერ შენ დათვრები და საქეიფოდ წახვალ, იმდენჯერ ვინ შეგაწუხებინებს ისედაც ილაჯგაწყვეტილ ჩემს სამღვდელოებას! ვინ გკითხავს შენ ჩემი მღვდლის გადაყვან-გადმოყვანას და იმასაც უმიზეზოდ. შენი სიმკაცრით, აუტანელი ხასიათით შევიწროებულია ქვეყანა! მე ვიკითხავ, სადაც ჯერ არს, გაქვს თუ არა შენ ნება ასეთი საქციელისა." გუბერნატორმა უკან დაიხია. 1888 წლის შემოდგომაზე საქართველოში სტუმრად მყოფი ალექსანდრე III თავისი ამალის თანხლებით ქუთაისში ჩავიდა და ეკლესიისაკენ გაემართა. "ის-ის იყო ამბიონისაკენ გაემართა, რომ ეპისკოპოს გაბრიელის ხმა მოესმა: შესდექ, რუსეთის ხელმწიფევ... ხელმწიფე შეყოყმანდაო, ამბობდნენ დამსწრენი, უნდოდა სვლა განეგრძო, მაგრამ უნებლიეთ შედგა კარიბჭეში, სადაც ეპისკოპოსის შემოძახებამ მოასწრო და ცხადის უკმაყოფილებით მოისმინა ეპისკოპოსის სიტყვა: ეს ქვეყანა უძვირფასესი მარგალიტია შენს გვირგვინში და როგორც ასეთი, სხვა ყურადღებისა და ზრუნვის ღირსია, სხვა მოპყრობას მოითხოვს, ვიდრე ის, რომელსაც ადგილი აქვსო." ასეთი პირდაპირი იყო მეუფე გაბრიელი როდესაც საქმე ეროვნული და ეკლესიური ინტერესების დაცვას ეხებოდა. ეპისკოპოსი გაბრიელი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად, მას დიდ პატივს სცემდა მორწმუნე მრევლი, XIX საუკუნის II ნახევრის ქართული ინტელიგენცია. მოშურნენი და ცილისმწამებელნიც ბევრი ჰყავდა რუსი ეგზარქოსებისა და მათი აგენტების სახით, მაგრამ მის სიდიადეს ვერაფერს აკლებდნენ. მისი ქადაგებები გამოირჩეოდა სისადავითა და უბრალოებით. იგი ახალი დროის მსოფლიო ჰომელიტიკის თვალსაჩინო წარმომადგენელია, მის ქადაგებათა ძირითადი მსოფლმხედველობრივი საფუძველი ქრისტიანული რწმენა და საღმრთო წიგნებია. იგი ეკლესიას ზნეობრივი აღზრდისა და რწმენის განმტკიცების უპირველეს კერად მიიჩნევდა, მისი ცხოვრება და მოღვაწეობა მყარად დაეფუძნა იმის შეგნებას, რომ "ეპისკოპოსი, რომელი სხვათა ასწავებს სიწმიდესა და მოითხოვს, რათა ყოველნი უბრალოდ და უბიწოდ ატარებდნენ თვისსა ცხოვრებასა, თვით პირველი უნდა აძლევდეს მათ სახესა კეთილად ცხოვრებისასა, არა თუ მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაცა და ყოვლითა ცხოვრებითა თვისითა."

1896 წლის იანვარში მეუფე გაბრიელი შეუძლოდ შეიქმნა, ექიმებმა ვერ შეუმსუბუქეს მძიმე მდგომარეობაში მყოფ მღვდელმთავარს მდგომარეობა. იგი ერთი კვირა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო, ავადმყოფს არ შორდებოდნენ მორწმუნენი, საკუთარი ნათესავები, 25 იანვარს მეუფე გაბრიელმა თვალები გაახილა და იქვე მყოფ თავის ძმიშვილს ჰკითხა: "ვინ ხარ შენ? თქვენი ძმიშვილი მეუფეო, ჩემი ძმიშვილი? სად არის ჩემი ცოლ-შვილი? სამოთხეში მეუფეო, სამოთხეში? მარია..." (მისი მეუღლის სახელია) და გარდაიცვალა... დიდთოვლობის გამო ორმოცდაექვსი დღე ვერ მოხერხდა ეპისკოპოს გაბრიელის გელათში გადასვენება. ორმოცდაექვსი დღე ეთხოვებოდა საქართველო დიდებული მწყემსმთავრის ნეშტს. 10 მარტს განსვენებული გადაასვენეს გელათის მონასტერში. ცხედარს წინ მიუძღოდნენ: საქართველოს ეგზარქოსი ვლადიმერი, ეპისკოპოსები გრიგოლი და ბესარიონი, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი შალიკოვი, თავად-აზნაურობის წინამძღოლი თ. წერეთელი. გელათში წარმოთქმულ სიტყვაში ილია ჭავჭავაძემ ასე დაახასიათა განსვენებული: "დღეს სამუდამოდ ვეთხოვებით იმისთანა დიდ ბუნებოვანს კაცს, რომელსაც ღმერთი მოუვლენს ხოლმე ამ ცოდვილს ქვეყანას, რომ ადამიანმა მისის მიხედვით და მაგალითით შეიძლოს საკუთარის ზნისა და ხასიათის გაწვრთნა და განმტკიცება... აი, ჩვენს წინაშე მდებარეა იგი, მადლით მოსილი კაცი, რომლის მარტო სახელის ხსენებაც კი გვწურთნის ჩვენ. საკმაოა კაცმა გაიხსენოს მარტო სახელი გაბრიელ ეპისკოპოსისა, რომ გულში მადლი ჩაეფინოს, ვითარცა მზის შუქი, თითოეული წამი მისი ცხოვრებისა მოძღვრებაა, მაგალითია, ანდერძია ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის."

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლსიის გაფართოებულმა კრებამ, რომელიც 1995 წლის 19 სექტემბერს გაიმართა სვეტიცხოველში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია-II-ის ლოცვა-კურთხევით, ეპისკოპოსი გაბრიელი წმინდანად შეირაცხა. მისი ხსენების დღედ დაწესდა ძველი სტილით 25 იანვარი (7 თებერვალი).




ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე)

წმიდა ეპისკოპოსი ალექსანდრე, ერისკაცობაში ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე დაიბადა 1824 წელს გორის მაზრის სოფელ დისევში, მღვდლის ოჯახში. ბავშობიდანვე ეკლესიურ ცხოვრებას ნაზიარებმა, სწავლა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 1845 წელს, თბილისის სემინარიის კურსის დამთავრებისთანავე, იგი თბილისის ფერისცვალების მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ალექსანდრე უწოდეს,იმავე წლის 18 აგვისტოს აკურთხეს მთავარდიაკვნად.

ალექსანდრე სწავლის გასაგრძელებლად ყაზანის სასულიერო აკადემიაში გაემგზავრა, წარჩინებით დაამთავრა იგი და სამშობლოში ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა. პირველ ხანებში, 1851 წლის 27 ივნისამდე, იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა საღმრთო წერილსა და ლათინურს, ზნეობრივ ღვთისმეტყველებასა და არქეოლოგიას. ამის შემდეგ, უწმიდესი სინოდის ბრძანებით (1851 წ. 21 სექტემბერი), მღვდელმონაზონი ალექსანდრე დაინიშნა აფხაზეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად, მასვე მიენდო მღვდელმონაზონთა ხელმძღვანელობა აფხაზეთის ეპარქიაში, შეთავსებით ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორის მოვალეობასაც ასრულებდა.

ალექსანდრე უმთავრეს საქმედ მიიჩნევდა ირგვლივ მყოფთა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევა-განმტკიცებასა და მათთვის სასწავლებელთა დაარსებას, აფხაზეთში ჩასულმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ილორში დაარსებულ სასწავლებელს. დაუღალავი ღვაწლისათვის მას აფხ-აზეთის მეორე მოციქული უწოდეს.

1869 წელს ეპისკოპოსი ალექსანდრე აფხაზეთიდან ქართლ-კახეთის ეპარქიის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ალექსანდრე ოქროპირიძე ოცდახუთი წელი გორის ეპისკოპოსი და ქართლ-კახეთის ეპარქიის პირველი ქორეპისკოპოსია. 1882 წელს ქართლ-კახეთის სამწყსომ თვალცრემლიანმა გააცილა იგი დასავლეთ საქართველოში. გამოსამშვიდობებელი სიტყ-ვით მიმართა ილია ჭავჭავაძემ: "თქვენს სიყვარულს თქვენი საყვარელი ქვეყანა, საცა გინდა ბრძანებოდეთ, არ დაივიწყებს. ადიდე კვერთხი ესე, და წარიყვანე ერი შენი გზასა სიმართლისა და სარწმუნოებისა. დაგვლოცე და შენი მადლიანი ხელით გვაკურთხე შენი მადლობელნი და შენი ღვაწლ-დებულნი." მეუფე ალექსანდრემ მადლობა გადაუხადა თავის სამწყსოს და გაეშურა გურია-სამეგრელოს ეპარქიაში. 1882-1885 წლებში იგი მართავდა გურიის ეპარქიას, ხოლო 1903 წლამდე - გურია-სამეგრელოს ეპარქიას. 1887 წლის 25 ოქტომბერს სტავროპოლში მოკლეს დიმიტრი ყიფიანი... სამშობლოს ინტერესებს მსხვერპლად შეწირული დიდი ქართველის ნეშტი სამშობლოში ჩამოასვენეს. მისი დაკრძალვა რუსეთის იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის დემონსტრაციად იქცა. ხელისუფლება შეეცადა გოლოვინის (რუსთაველის) გამზირზე არ გაეტარებინა პროცესია, რომელიც მთაწმინდაზე მიასვენებდა დიმიტრი ყიფიანს. დააყენეს საგანგებო რაზმები, მაგრამ ეპისკოპოსმა ალექსანდრემ, რომელიც წინ მიუძღოდა მათ, აღმართა სამღვდელმთავრო კვერთხი და მრისხანედ შესძახა მათ - როგორ ეპისკოპოსს არ ატარებთო? გზა გახსნეს და პროცესიამ გზა განაგრძო გოლოვინის გამზირზე...

ეპისკოპოსმა ალექსანდრემ მკაცრად გაილაშქრა დეკანოზ ი. ვოსტორგოვის ვერაგული გეგმის წინააღმდეგ, რომლის მიზანი იყო სკოლებიდან ქართული ენის გამოდევნა და ჩაშალა ხელისუფლების ზრახვები, რის გამოც მას რუსეთის იმპერატორთან აბეზღებდა რენეგატი ქართველი ეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე).

ეპისკოპოს ალექსანდრეს ფინანსრური დახმარებით 1878 წელს თბილისში დაარსდა ქალთა სასწავლებელი, რომელმაც ჩვენს ერს აღუზარდა მრავალი განათლებული ქალი და შესანიშნავი დედა.

ეპისკოპოს ალექსანდრეს მიერ გაღებული საფასით დაიბეჭდა მრავალი სასულიერო და ისტორიული წიგნი, სახელმძღვანელო და საგალობლების კრებული.

წმიდა ალექსანდრეს ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე საქართველოში არ დაწყებულა არც ერთი სარწმუნოებრივ-ეროვნული საქმე მისი თანადგომისა და მონაწილეობის გარეშე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მღვდელმთავარი მთელი ცხოვრების მანძილზე თავგამოდებული დამცველი იყო ქართული ენისა. მან ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა სამეგრელოს სამრევლო სკოლებში ქართული ენის სწავლების დასაცავად. ამის შემდეგ მცხოვანი ეპისკოპოსი დიდი ხანი აღარ დარჩენილა გურია-სამეგრელოს ეპარქიაში. ეგზარქოსისა და უწმიდესი სინოდის განკარგულებით, "საკუთარი თხოვნის" საფუძველზე განთავისუფლდა ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და "მოსასვენებლად" თავისსავე აღდგენილ შიომღვიმის მონასტერში გაიგზავნა. მონასტრიდან მხოლოდ ერთხელ, 1907 წელს, წმიდა ილია მართლის დასაფლავებისას გამოვიდა და დაიტირა თავისი სულიერი შვილი. ოთხმოცდასამი წლის მხცოვანმა მღვდელმთავარმა, ყოვლადსამღვდელო ალექსანდრემ თვითონაც იმავე წელს, 9 ნოემბერს მიიძინა საუკუნო ძილით შიომღვიმის სავანეში. იგი 16 ნოემბერს დაკრძალეს იმავე მონასტერში, საფლავის ქვაზე ასეთი წარწერა აქვს: "განუსვენე უფალო, მონასა შენსა, საქართველოს ჭეშმარიტს შვილს და მოღვაწე ბერს, შიომღვიმის დიდებული ლავრის აღმდგენელს, შენს სადიდებლად მას შინა სამუდამო კრებულის დამაარსებელს და მის ნივთიერად უზრუნველმყოფელს. საკუთარის საფასით ორსავე ტაძრის განმაახლებელს და ყოველის სამკაულით აღმავსებელს, წინამძღვრისა და კრებულისათვის სახელების ამგებელს და ლავრის გამამდიდრებელს ვენახებით, ბაღებით, სახნავის მიწებით, წისქვილით, სამუშაო იარაღით და საქონლით. ყოვლად-უსამღვდელოესს ალექსანდრეს 1822-1907 წ." როგორც არქიმანდრიტი ამბროსი (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) გამოსათხოვარ სიტყვაში აღნიშნავდა: "განსვენებულმა ყოვლადსამღვდელომ გვასწავლა ჩვენ, რამდენად შეიძლება ამ უკუღმართ დროშიც ვიყოთ ნამდვილი ქრისტიანენი, ქრისტიანული იდეალების მატარებელნი. როგორც მატარებელი ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულისა, იმ სიყვარულის, რომელიც ყველას ერთ რიგად უნდა ეფინებოდეს, არ არჩევდეს არა ახლობელისაგან, რომელიც უნდა ავიწყებინებდეს პირად ინტერესებს და აბედვინებდეს სიცოცხლის შეწირვას მოყვასისათვის, როგორც მატარებელი ამნაირ სიყვარულისა, ის თვისის ცხოვრებით გვიმტკიცებს, რომ ეს ქრისტესგან მის მიმდევართათვის დახატული იდეალი ამ ქვეყნად შესაძლებე-ლია განხორციელდეს..."

ბოლშევიკური მმართველობის ხანაში ეპისკოპოს ალექსანდრეს ღირსეული დაფასება ვერ მოხერხდა... 1995 წლის 19 ოქტომბერს მცხეთაში საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ეპისკოპოსი ალექსანდრე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დააწესა 26 (8.11) ოქტომბერი.

ალექსანდრე ეპისკოპოსის ჩანაწერი აფხაზეთზე:

გურია იწყების რიონიდან მარნის პირათ ახალციხის მთებს გადმოღმა და მიდის ვიდრე შავ ზღვადმდე. რიონ გაღმა მარნიდგან დაწყობილი და ცხენისწყლითგან დაწყობილი იწყობა სვანეთს გარდმოღმა მინგრელია ანუ ოდიში და მივა ვიდრე ინგურის წყლადმდე ანუ აფხაზეთამდე. ინგურიდამ შავი ზღვის პირათ არის ზემო აფხაზეთი ანუ სამურზაყანო ვიდრე ოხურევს ხევამდე და ილორადმდე. ოხურევიდგან იწყების ნამდვილი სააფხაზო ანუ სამთავრო და მიდის ზღვის პირათ ვიდრე ბიჭვინთადმდე და ჯიქეთამდე. უკანა აფხაზთა მთებში სახლობენ ჩერქეზნი.

მაშასადამე, როგორც ვიხილეთ ამ აღნაწერიდან, ოდესაც ქართლითგან ანუ თბილისიდგან მოგზაური წამოვა აფხაზეთში, პირველად მას სურამის მთების გარდმოღმა დახვდება იმერეთი.

ამ ზაფხულშიდ მხოლოდ ჩვენ სამნი: მე, თარჯიმანი ეშმა და მოსამსახურე ზემოხსენებულ მენგრელთ ვიყავით. ამის გამო რომ ამ ზაფხულშიდ აფხაზეთის მთავარი წაბრძანდა საქართველოში წყლებზედ: ბორჯომს ახალციხეს და მეუღლე მისი მთავრინა... გიორგის ასული სამშობლოშიდ წავიდა ოდიშს: გიორგი ნიკოს ძესთან ბატონიშვილ-დადიანთან: მხოლოდ ოცდახუთს ამ ივლისის თვისას მობრძანდა აქ სახლეულობა ნიკოლოზ შარვაშიძისა და თვით შარვაშიძეც ოცდაცხრას ამ თვეს მოვიდა. ამ შარვაშიძეს მეუღლე კნეინა ანნა დუტუ ბატონიშვილის ასული არის დედით დადიშქელიანისა, მამით დადიანის დუტუ ბატონიშვილის ასული და ქმრით მეუღლე მოხსენებული შარვაშიძისა, სასულიერო პირებს აფხაზეთში ეს კნეინა იმედია რომ ქრისტიანობით შეეწიოს, აფხაზთაგან გამიგონია რომ ხშირად დაიარება დიდ მარხვაში. ზედ ეტყობა თავიანი ქალია, ოჯახის ქალი შეიქნა.

2-ს აგვისტოს მობრძანდა აქა ღვარდიის პოლკოვნიკის გრიგოლ შარვაშიძის სახლეული და რადგან ოდესაც ოდიში დათავდება შეხვდება მოგზაურს ინგურის დიდი მდინარე წყალი, საიდამაც იწყების სამურზაყანო ნაწილი აფხაზეთისა. სამურზაყანოსი და სამთავრო აფხაზეთის სამზღვარი არის ოხურევის ანუ ოხუჩევის ხევი და წყალი მახლობლივ სოფლის ილორისა და ილორის წმ. გიორგის ეკლესიისა. ილორიდგან სამთავრო აფხაზეთი იწყობა, ილორს იქეთ არის დაბა ოჩამჩირე ზღვისპირათ, აქამდინ ილორიდგან 7 ვერსია. ამ დაბას ოჩამჩირეს ვაჭრობენ თათარნი უმეტესად აჭარელნი და მენგრელნი. აქ დაბა ოჩამჩირეს აქვს საზამთრო სასახლე აფხაზეთის მთავრისა მიხაილ გიორგის ძეს შარვაშიძესი. ოჩამჩირედან ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის მხრით კავკასიის მთებია, სამხრეთისა და დასავლეთის მხრით შავი ზღვა და მის გაღმა არის ტრაპეზონი და სტამბოლი, თათრის სამფლობელოა, ოჩამჩირედგან დაწყობილი ზღვის პირად მიმავალს დაგხვდებათ ზღვის პირად სოფლის ტამუშნია რუსის ყაზახის ფოჩტა, რომელი შორამს ოჩამჩირიდგან ათ ვერსს. იქიდ წასული ზღვის პირით თუ ხმელეთით მიხვალ დიდ მდინარე წყალზედ კოდორზედ და კიდევ იქ დაგვხდებათ ყაზახის ფოჩტა საიდანაც ტამუშიდგან არს ოც და ხუთი ურსტი (ვერსი). აქედგან ზღვის პირად წასული მიხვალ სუხუმს. ეს სუხუმი ქალაქი ანუ ციხე დგას ზღვაზედ. აქ არის ჯარი ბატალიონი რუსი, მათი ღენერალი მასთან აქ არის კარგი გემების საყდნო ადგილი, ბოღოზი, და აქ გამოულელად არის სამი, ოთხი და ხუთი ვაგონის გემები დგა, რომელნიც რიგრით იცვლებიან და მიდიან ნიკოლაევს, სადაც გემების საყნდოა, ამ გემებს გარდააქვთ და გარდმოაქვთ საზრდო ჯარისა ციხეებშიდ და გარდაჰყამთ და გარდმოჰყამთ ჯარი. სუხუმს მცხოვრებნი და ვაჭარნი არიან: მინგრელნი, იმერელნი, ბერძენნი და თათარნი - მენავენი და თევზის დამჭერელნი. აფხაზები დგომით არ დგანან სუხუმს, მხოლოდ სურამამდინ ანუ იმერეთის საზღვრიდან ქართლი, სურამიდგან იწყებს იმერეთი და მივა ვიდრე მინგრელების სამზღვრამდე ანუ ცხენის წყლადმდე და გურიადმდე. გურია ამ მთების გარდაღმა კასპიის (მე მგონი შავი ზღვა უნდა ეწეროს-შენიშვნა) ზღვიდგან კიზირიდგან და მაზდოკიდგან საცინოს ანუ კიტაის სამზღვრიდგან და სიბირიდგან ვიდრე შავ ზღვადმდე და დუნაიდმდე რუსეთია და რუსეთს უკავია: კავკასიაში სახლობენ ესე ხალხნი: ლეკნი კასპიის ზღვიდგან ვიდრე ვლადიკავკასადმდე და გადაღმა ყიზლიარადმდე ანუ საქართველოს ჯარის გადმდე, იქიდგან დაწყობილი სცხოვრობენ ჩეჩენნი და მერე ჩერქეზნი ვიდრე შავ ზღვადმდე სადაც მთები ზღვაში ჩავა აფხაზეთის უკან აფხაზეთის სამზღვრზედ: კავკასიის მთებში იმ ზემო აღწერილ ხალხის ზურგით გარდმოღმა სახლობენ ჩუენნი ქართველნი-თუშნი, ფშავი, ხევსური, მთიელი, მერე ოსნი ვლადიკავკასიის და ანანურის და დუშეთის საზღვრიდგან ვიდრე რაჭადმდე ანუ იმერეთადმდე, მერე სვანნი ვიდრე აფხაზეთის სამზღვრადმდე, მერე ყარაჩაია, ალანნი, ფხუელნი, და ჯიქნი, აფხაზეთის ბიჭვინთის სამზღვრადმდე ანუ შავი ზღვის პირადმდე საქართველო ამ მთებს ანუ ხალხებს გარდმოღმა არის ესრეტით სახითა. ლეკებს წინა კახეთი მტკვრადმდე და ვიდრე თბილისამდე, თბილისსა და მტკვარს იქით სამხრეთით და დასავლეთით სომხეთი, ქართლნი ანუ ქართველნი ტფილისიდგან­ და მცხეთიდგან დაწყობილი ჩეჩ-ნებს და ოსებს წინ არი.

წარმკითხველნო ამა მოვალედ აღწერისა ტყვარჩელის აბანოსანო, ქართველნო მემამულენო, მინგრელნო მოსახლენო და მონაწილენო ქართლისანო, აფხაზნო და ოვსნო მესაზღვრენო და მოკავშირენო ქართლისანო, ნუ ეძიებთ აღწერასა ამას შინა განსხვავებით რასამე მხოლოდ მიხედავთ ჩემსა ერთგულებასა კავკასიის ძეთადმი. მე ქართველნო და უმეტესად ქართველნო და კახელნო, თქუთ აქ ხართ აღზრდილი მე საკვირველად ნუ მიგაჩნიათ, რომ ვერ ვმფლობელობ თქუენი ბუნების ენითა ვითარცა რიგია, რადგან მე ახალ რუსულ სასწავლებელში მომისმენია ყოველივე საგანნი რუსულის ენითა და ფრაზით და არა ქართულით და რადგან ქართული ენა დაკნინებით არს ამ ჩვენს საუკუნეში, მეტადრე საღმრთო წერილისა მიზეზისა გამო მიხედულობისა სხვათა ენათა და აწ უკეთუმცა ცისკარი და მწევრნი და მეშრომენი ცისკარისანი განაცისკროვნებენ: განაღვიძებენ, განაახლებენ და განამშვენებენ და განამტკიცებენ ქართულს ენასა და მეცა ვისურვებ გაბრწყინებულ წარმატებასა. მე ქართველს უწოდებ ყოველთა ვინც ქართულს ენაზედ ლაპრაკობს ესე იგი იმერელთ, ლეჩხუმელს, გურულებს, ქართლელებს და კახელებრთ, ხევსურელებთ და მთიულებითურთ.

მე მხოლოდ იმას ვინატრი რომ ქართველთა სწავლულთა პირთა ერთმანეთის სიყვარულით იცხოვრონ და განავრცონ და განამტკიცონ ქართული ენა, მხოლოდ ძნელ ეს არს, რომ ფრიად მცირე ხასიათს აცხადებენ მრავალნი. ვისურვებდი სახელნი ესრეთთა ქართველთა განათლებულთა პირთა აღბეჭდილიყო გორიზონტსა ზედა საქართველოს ისტორიისასა.

მდაბალი არქიმანდრიტი აფხაზეთის არქიერეის კათედრისა ალექსანდრე.

ზაქარია ჭიჭინაძის წერილი ალექსანდრე ეპისკოპოსისადმი:­

თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ,ყველასაგან პატივცემულო ალექსანდრე!

ამ ერთი კვირის წინეთ წერილი მოგწერეთ, რომელიც ერთ გურულ ყმაწვილკაცს გამოვატანე. უეჭველია მიიღებდით. სხვათა შორის იმ წერილში მე დამავიწყდა მომეწერა, რომ საბა სულხან ორბელიანის ლექსიკონს ერისთავი აჩქარებს, მაგრამ საქმე მაინც გვიანდება, რადგანაც ერთობ დიდ დროს თხოულობს მისი დაბეჭდვა. საბას სურათიც მოუმზადებია, ამ დღეებში ვნახავ ერთი ეგზემპლიარი და სწორედ საგანგებო რამ არის, დედანივე მშვენივრად არის დაცული, გარდამე-ტებით მშვენიერია ამ ჟამად თბილისში ჩამოვიდა ფრანგის (პატრი) მღვდელი იოანე (ვინმე მესხი "დროება"-ში) გვარამიძე, რომელიც ამ ორ კვირას დარჩება აქ. გვარამაძეს სურდა რომ ენახეთ, მაგრამ არ იქმნა. ამაზე ძალიან შეწუხდა, მაგრამ არა უშავსო, თუ ცოცხალი ვიქენ შემდეგ ვნახავ მის მაღალ ღირსებასაო. მოკითხვას დიდის მოწიწებით გითვლისთ და სთხოვს ღმერთს, რომ დღეგრძელ იქმნეთ, რათა ჩვენს ღარიბ მწერლობასაც შეეწიოთ მითო. გვარამიძე აქ ქართველ კათოლიკების საქმის შესახებ არის ჩამოსული, სომხის კათოლიკები ქართულს ენაზე წირვა-ლოცვის წირვის ნებას არ აძლევენ, ამაზე კარგა ხანია ბჭობაა ატეხილი, არ ვიცი როგორ გათავდება, დღეს რომში ორი გამოჩენილი ბერია წასული პაპის კარზე, რომ ეგებო როგორმე გაათავონ საქმე, ქართველ კათოლიკები ქართველებათ დარჩნენ და წირვა ლოცვის ნებაც მიეცეთ, რომ ქართულს ენაზე სწირონ ხოლმე. ამ საგნის შესახებ დიდი ბჭობაა ატეხილი რომის კარზე და ვნახოთ საქმე როგორ წავა. სინოდიდამ გამომძიებელი მოვიდა ახალციხისკენ და სოფლებში გამოუკითხავთ,თუ ვინ ხართ თქვენო, გლეხებს უთქომთ, რომ ქართველ კათოლიკებიო. ერთი მათ-განი ალექსანდრიაშია წასული მღვდელი ნასყიდოვი, მისგან ამ დღეებში მივიღეთ წერილი.

ბაქრაძე ბათუმისკენ გეახლათ, თუ ნახავთ მოახსენეთ, რომ მღვდელ გვარამაძეს დიდათ უნდოდა მისი ხილვა და საუბარი. ამ  ახალმა  ეპისკოპოზმა თავი მოგვაძულა, ლაფი  დაესხა მაკარის და მის კომპანია ჩლენებს, რომ თქვენი მყოფობა არ ისურვეს აქა და თქვენს ნაცვლათ ეს ჭარხლუა  გადმოათრიეს. ოხ, რატო ღმერთი არ მისცემს სამაგიეროს და ან ერი, რომ საქართველოს დედა ქალაქში ქართველი ეპისკოპოზიც არ იყოს. ნეტა როდის რა იქნება, ეგები მოგვწეროთ, თუ როდის ჩამობრძანდებით აქ. მართლა რა უნდა მოგახსენოთ, ამ დღეებში ერთი ძველი წიგნი მომიტანეს კიდევ სულხან საბა ორბელიანისა, სახელით "სწავლა კიდობანთა",რომელიც ჯერ არ დაბეჭდილა. შემდეგ რომ დაიბეჭდა ეს კი ორსავ ძალიან კარგი იქმნება.

ანტონ კათოლიკოზის "მარტიროკის" შესახებ უეჭველად მოგვწერეთ რომ ისურვებთ თუ არა? როგორც ისე მოქმედებით, ამის იმედი გვაქვს თქვენის კაცთმოყვარეს საზოგადო ჩვეულებისაგანა. როგორც წინანდელი წერილიდან შეიტყობდით იმას ასე 50 მანეთი ეყოფა, მაგრამ მშვენიერობა რამ კი იქმნება. ჩვენი ყმაწვილკაცობა დიდს მადლობას და მოკითხვას მოგითვლიან.

სხვაფრივ დავშთები თქვენი მარად მორჩილი და მარად პატივის მცემელი.

ზაქარია ჭიჭინაძე 5 ივნისს ქ. ტფილისს.


მაქსიმე მახარაძის წერილი ალექსანდრე ეპისკოპოსისადმი:

ყოვლად უსამღვდელოესო, მოწყალევ, სულიერო მამავ, ღირსო ბატონო ალექსანდრე!

უპირველესად ყოვლისა ვისურვებ, თქვენს დღეგრძელობას და კარგად მხნედ ცხოვრებასა, ყოვლად სამღვდელოვ, დიდი ხანია, რომ ბარათით ღმერთს ვევედრები ყოველს კეთილს თქვენთვის, მაგრამ ვგონებ ღმერთიც განმირისხდა. აგერ მესამე ბარათს გწერამ, ყველანი დაიკარგა, ერთიც არ მიგიღიათ, ცხადად სჩანს, რომ ღმერთმა არ მომცა ის ბედნიერება, რომ ვყოფილიყავი ღირსი ჩემი ბარათის თქვენდამი მოწევნადმდე, რომლითაც გწერამდი ყოველს აქაურს ამბავებს დამწვრილებითა, ყოვლად სამღვდელოვ ეხლა რა მოგახსენოთ, ახალი სასურველი ამბავი არაფერი არის, რაც იყო თქვენც გექნებათ გაგონილი, როცა სეკრეტარი მჭედლიძე მოკლეს, იმერეთის ეპისკოპოზი გაბრიელ აგვიტირეს საძაგლად, მჭედლიძე იყო დიდი ერთგული გაბრიელისა, მის გადაუვალს და უმისოდ არაფერს არ შვებოდა - ძრიელ ეწყინა გაბრიელ ეპისკოპოზს და თვითონ დაიწყო მკვლელის ძებნა, თქვა, რომა - მოვნახოვო მკვლელი და დავახრჩოვო, მოგახსენებენ რომ ის მჭედლიძე საზოგადოებისთვინ არ ყოფილიყო კარგი კაცი, შეწამებით დაიჭირეს ქელბაქიანებში, ამ დროს ვიღაცამ გავრიელს ბარათი გაუგზავნა ფოჩტით, რომელშიაც წერამდენ, სხვას ნუ სტირიო, თავი არ შეგექნას სატირლათო, შენ რომ კაცი ხარო და მომქმედიო ქვეყანამ იცისო, უკეთესია თავს მოუფრთხილდე და კარგი რამე ეცადოვო, ეს ბარათი რომ მიიღო ტირილი დაიწყო, გუბერნატორს მოახსენა, გუბერნატორმა მფარველობა მისცა, თუ ისურვებ ყარაულებს მოგცემო, მაგრამ ვარი უთხრა გავრილმა, გამრეკლოვის საქმეზედ ძრიელ ჩაფიქრებული არის, მღვდელი გამრეკლოვი კარშიდ აღარ გამოდის, საქმის გათავებას უყურებს, გავრიელ, როგორც ხელგასული ყოველგან საქმეს აჩერებიებს, არ შეხყავს ჯერჯერობით ძიებაში, ვინ იცის როდის და რა იქნება. სხვა ყოვლად სამღვდელოვ თქვენს ეპარხიის გადატანაზედ დამტკიცებით ჯერ არაფერი არ ისმის, როგორც მოგეხსენებათ ისე ამბავთ არის, ამბობენ საცაღა ბესარიონ დადიანი გადაყავანო და სადა თქვენ გეცოდინებათ, თქვენ ყოველივეს გაიგებდით. ამასთანავე ყოვლად სამღვდელოვ ვიცი, თქვენი სულგრძელი გონიერების ამბავი არ გამირისხდებით, იმედი გვაქვს გურიის ეპარხიის დასაცველადა და გასაუმჯობესებლად სადაც რომ გარდაიტანონ, თქვენ იმაცადინებთ და ისურვებთ ეპისკოპოზობასა, ეხლა იმისანა დრო არის ყოველი სულდგმული, სასულიეროც და სახორციელოც თავისთვინ ცდილობენ და საზოგადოებისთვინაც, თვარა ხო იცით ყოვლად სამღვდელოვ უთქვენოთ ვერ ენდობა გურიის სამღვდელოება მეგრელიის მეზობლობასა თუ თქვენ არ დააიმედნეულებთ, მე კარგად ვიცი, როგორც მითხრეს ზოგიერთმა უმჯობესად მიაწვებიან დასავლეთის დაშორებულს ოსმალოს საზღვარს და რასაკვირველია ყოვლად სამღვდელოვ თუ თქვენ ისურვებთ და მოინდომებთ, ყოველგან იმფარველებთ გურიის ეპარხიას.

დავშთები თქვენი მონა მორჩილი გულითადი მოსურნე თქვენი დღეგრძელობისა და ბედნიერების მაქსიმე მახარაძე.

გავრიილ ეპისკოპოსი ცდილობს სადმე გადასვლას და თუ ვერ მოახერხა უნდა უდსტავკაში გამოვიდეს.

ილარიონ ოქროპირიძის წერილი ალ. ეპისკოპოსისადმი:

თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ, ჩვენთვის უძვირფასესო ბიძავ ბატონო! მოგილოცავთ ქრისტეს შობას, ნათლისღებას და ახალ წელიწადსა. კეთილის გულით ვისურვებ: ძველს წელიწადთან განქრეს თქვენი სნეულებანი და ვევედრები უფალს, ეს ახალი წელი მშვიდობისა, სიმრთელისა და დღეგრძელობისა დაგიყენოთ ჩვენ `უბადრუკების~ სანუგეშოდ და სასარგებლოდ მამულისა. იმედია ბატონო ამ დაგვიანებულ მოლოცვის ბარათს მიიღებთ. შესაწყნარებელი მიზეზის გამო დაგიგვიანეთ მოლოცვა. თქვენი მამობრივი კეთილი გული ჩვენს ამბავსაც იკითხავს. ჩვენ ხორცით არა გვიშავს რა, მაგრამ სულით კი ძალიან ვიტანჯებით. თქვენი მტერი ყოფილა იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც აქაური ქართველი სემინარიელები ვართ. აქაური სემინარიის მთავრობა ყოველ მხრით გვაიწროებს და ყველაში გვდევნის. მიზეზი რომ ვერა მოგვდეს, ეხლა წერილებს მივარდნენ.

ქართველებს მოგვივა თუ არა წერილი, უწინ თვითონ მთავრობა ხსნის და თუ ქართულ ენაზე არის დაწერილი, ხელში არ გვაძლევენ, ჯერ გადაათარგმნინებენ ხოლმე (გარეშე პირები ქართველები) და მერე გვაძლევენ. ახლა კი ინსპექტორმა შემდეგი ამბავი გამოგვიცხადა: მისწერეთ მშობლებს წერილი, რუსულად მოიწერონო ხოლმეო. თქვენ, როგორც რუსეთის ქვეშევრდომებს, ნება არა გაქვთ ქართულ ენაზე იქონიოთ მიწერ-მოწერაო. თუ ამას იქით ქართულ ენაზე დაწერილი მოგივიდათ რამე, იცოდეთ დავხევ და ქუჩაში გადავყრიო რას ვიზამთ! ვითმენთ და კიდევ სხვა განსაცდელებს მოველით. მაგრამ კმარა ამაზე ლაპარაკი. დღეს 5 იანვარს 20 მ. მივიღე და 12 მ. წიგნები ვიყიდე. მამიკოსა შინებია ამ ფულის ადრე გამოგზავნა. დღესასწაულებში ილიკო არ დათვრეს და კაკანათში არ გაებასო, მაგრამ დარწმუნებული იყოს, რომ მე სასმელი, აქ მოსვლისთანავე, ავკვეცე. ნეტავი კარგა ვიყო თორემ უსასმელოდაც კარგა გავძლებ. ლეონიდი წინათ, როცა ბალღი ვიყავ, მაქეზებდა ხოლმე და წიგნებს ბლომად მყიდულობდა ხოლმე, ახლა კი როცა ჭკუაში ჩავვარდი მიმატოვა...

მოვიკითხავ მამიკოს და მანდაურ ჩემს ნაცნობებს.

"მუხლმოდრეკით გეამბორებით და დავშთები თქვენი მორჩილი ძმისწული ილარიონი.

1895 წ. იანვრის 5 დღესა."

 

ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე)

ეპისკოპოსი პიროსი, ერისკაცობაში მათე იოანეს ძე ოქროპირიძე, დაიბადა 1874 წლის ნოემბერს სოფელ დისევში (გორის მაზრა). 7 წლის ასაკში მამამ მიაბარა ალავერდის მონასტერს, სადაც მიიღო დაწყებითი სასულიერო განათლება თავისი პაპის მღვდელ-მონაზონ სილვესტერის მიერ (ცნობილი თავისი მკაცრი ცხოვრებით), რომელიც იყო ალექსანდრე ეპისკოპოსის ძმა. მალე ის შეიყვანეს თბილისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო კურსის დასრულების შემდეგ, 1890 წელს, გადაიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1893-94 სასწავლო წლებში გადავიდა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში და დაამთავრა 1896 წელს სემინარიის სტუდენტის ხარისხით, იმავე წელს შევიდა კიევის სასულიერო აკადემიაში, 1900 წელს დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით, 1900 წლის სექტემბერში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად პიროსი, ამავე დროს აკურთხეს ჯერ იერო-დიაკვნად, შემდეგ - მღვდელმონაზვნად; 1900 წლის 14 ნოემბერს დაინიშნა კავკასიაში მართლმადიდებლუ¬რი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის ინსპექტორად, 1902 წლის 10-17 მაისს სინოდის დადგენილებით დაინიშნა გორის სასულიერო სასწავლებლების უფროსის თანაშემწედ, 1905 წლის 9 ივლისს - მოწამეთის მონასტრის წინამძღვრად, 1907 წელს აიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში, 1909 წლის 29 მაისის წმ. სინოდის დადგენილებით დაინიშნა საქართველოს-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და დავითგარეჯის უდაბნოს წინამძღვრად; 1915 წლის 10 დეკემბრის ბრძანებით დაინიშნა ალავერდის ეპისკოპოსად, 1916 წლის 15 იანვარს მოხდა კურთხევა ეპისკოპოსად პეტროგრადის წმ. ალექსანდრე ნეველის ლავრაში ალავერდის ეპისკოპოსად, ეპისკოპოსმა პიროსმა მღვდელმთავრად კურთხევის დროს წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა: "ლმობიერად თავს მოვიდრეკ რა წინაშე ღვთის განგებისა, მე მთელი ჩემი არსებითა ვმადლობ უფალსა, რომ მან გადამიწყვიტა შევწირო ჩემნი დღენი დიდსა სამღვდელმთავრო ხარისხში ამ კათედრასა, რომელიც სახელგანთქმულია ქრისტიანული, თავდადებულ ღვაწლთა ჩემის სამშობლოს მოსაქმე ადამიანთა. ჭეშმარიტად კათედრა იგი მდიდარია ბრწყინვალე მშრომელებითა, რომელნიც სხივმოსილ გზა მაჩვენებელ ვარსკვლავივით მიუძღოდნენ ჩემს თანამემამულეებს სასუფევლისაკენ ღვთისა. აი ჩემს თვალწინ დიდების ბრწყინვით მეხატებიან ღირსი მამა იოსებ ალავერდელი, რომელმაც მეექვსე საუკუნეში განამტკი¬ცა ქრისტიანობა კახეთში, ასაფლავია ალავერ¬დის ტაძარში. ეპისკოპოსი იოანე, რომელმაც მიიღო მოწამებრივი სიკვდილი ლეკთაგან 1480 წელს, ეპისკოპოსი ვარსანოფი, რომელმაც მეთხუთმეტე საუკუნეში უქადაგა ქრისტიანული სარწმუნოება ლეკთა, რომელთაგან ბევრი მოაქცია ქრისტიანობაში, ეპისკოპოსი ზენონი, რომელმაც მოიარა ადგილი მაცხოვრის ვნებათა და ჯვარზე სიკვდილისა და რომელიც უკან დაბრუნებისას თურქებმა დაატყვევეს, მაგრამ მაინც ღირს იქმნა ამავე ტაძარში დასაფლავებისა.

ეპისკოპოსი გაბრიელი, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნეში ცხოვრობდა და რომელმაც მოიტანა ალავერდის ტაძარში რუსეთის პატრიარქის იობისაგან შეწირული წმიდა ხატები და საეკლესიო სამკაული. ჩემსავე თვალთა წინა მე მეხატებიან მოწამებრივი გვირგვინებით გასხივოსნებულნი კეთილმორწმუნე დედოფალი კახეთისა ქეთევანი, რომელიც აწამა შაჰ-აბასმა სპარსეთში 1624 წელსა ქრისტეს სარწმუნეობის მტკიცედ დაცვისათვის, მეფე ალექსანდრე, ძე ღვთისა, რომელიც ვერაგობით მოჰკლეს კახეთში, რუსის ელჩის ტატიშჩევის თვალწინ და სხვა. ვიგონებ რა იმ დიდებულ და ღვაწლშემოსილებს, დიდებულთ სარწმუნოებით, თავდადებით და ვადარებ რა ჩემ თავს იმათ, მე ცხადად ვგრძნობ ჩემ უძლურებას და უღირსებას, მე ვგრძნობ, რომ ჩემი მცირე ძალთა და მცირე ცხოვრების გამოცდილებით, ვერ შევძლებ იმ დიდს და საპასუხისმგებლო საქმეს, რომელსაც მავალებს მე ჩემი ახალი სამსახური. მე ვიცი, რომ ამ სამსახურის გზაზე გადამეღობებიან ის ბოროტი ვერაგობანი, რომელიც გაშლილია და კვლავ გაიშლება ამ გზაზე ბოროტი სულისა და სიბნელისაგან დასაღუპავად ეკლესიის შვილთა. ვითვალისწინებ რა ყველა ამას და სხვაგვარ დაბრკოლებათა ჩემი სამსახურის ასპარეზზე, წყნარად გევედრებით თქვენ, ღვთივგაბრძნობილნო, აღვსილნო ცხოვრების გამოცდილებით მწყემსმთავარნო ეკლესიისა ღვთისა, აღავლენთ უმაღლესი მწყემსმთავარ უფლისა იესო ქრისტესადმი წმიდა ლოცვანი თქვენნი, რათა გამაბრნოს მე და გამხადოს მე, უღირსი მსახური მისი, ძლიერი, სამართლიანი და წყნარი სადიდებლად წმიდისა მართლმადიდებელ ეკლესიისა და სასარგებლოდ აწ ტანჯულის ჩემი ძვირფასი სამშობლოსი.~ მსახურობდა იმერეთის ეპარქიაშიც, დაინიშნა მონასტრების კეთილმოწესედ და იმ პირთა გამოსაცდელი კომისიის თავმჯდომარედ, რომელთაც ეკავათ მღვდელმსახურებისა და მედავითნეთა ადგილები, ხოლო საქართველოს ეპარქიაში გადასვლის შემდეგ სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საეკლესიო მუზეუმის თავმჯდომარის ამხანაგის და ქართულ ენაზე საეკლესიო და საღვთისმეტყველო წიგნების გამოცემის კომიტეტის თავმჯდომარე, სინოდალურ კრებასთან არსებული ღვთისმშობლის საძმოს თავმჯდომარე "საქართველოს საეგზარხოსოს მოამბის" რედაქტორი და სხვა. 1916 წლის 24 მარტს დაინიშნა საქართველოს ეპარქიაში მესამე ქორეპისკოპოსად; 1917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ აირჩია ალავერდის საეპარქიო კათედრაზე სახელწოდებით "ალავერდელი"; 1922 წლის 23 აპრილს დაემართა დამბლა. გარდაიცვალა 1922 წლის 28 აპრილს თელავში, დაკრძალეს 30 აპრილს ალავერდის საკათედრო ტაძარში, ეპისკოპოს პეტრეს საფლავის მარცხნივ, წესი აუგო ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ, რომელიც ალავერდში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით იქნა გაგზავნილი.

 

XX საუკუნის I მეოთხედის საქართველოს ეკლესიის ისტორიის მასალები (დოკუმენტები)

(დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე. ნაწყვეტები მოქალაქე მღვდლის დღიურიდან. თბილისი, 2013 წ.)

1921 წლის 16 თებერვალს დილით კათოლიკოსთან (ლეონიდე) დამიბარეს: იქ მოვიდა დეკ. კ. ცინცაძე და მოიტანა ამბავი:    გენ. ზაქარიძემ ღამის 2 საათზე დამიბარა მომეხსენებინა კათოლიკოსისათვის, რათა ეკლესიის განძეულობა გადასცეს სახელმწიფო ბანკს დასახიზნავად თბილისიდან...

კათოლიკოსმა თქვა: "აუხდათ თუ არა ჩემი სიტყვაო". 6 თებერვალს მან ბალტაზარი უწოდა ნოე ჟორდანიას მთავრობას, რომელმაც გელათის განძეულობა გამოზიდა ქუთაისის ხაზინაში: ამის თაობაზე დიდი შეტაკება (პირადად) და პოლემიკა (გაზეთებში) მოხდა კათოლიკოზ-ჟორდანიას შორის. 6 თებერვალს "დე იურედ" ცნობის დღესასწაულზე, სამღვდელოებას რუსთაველის პროსპექტზე გამოსვლის ნება არ მოგვცეს (პროცესიით) და ქვაშვეთში ვიყავით მომწყვდეულნი. აი, აქ უწოდა ლეონიდმა მათ "ბალტაზარი", რომელმაც იერუსალიმის ტაძრის სასმისებით სვა ღვინო და სუფრიდან ადგომაც ვერ მოასწრო, რომ სამეფოც დაჰკარგა და მოჰკლეს კიდეცო..." (გვ. 62).

კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს თბილისიდან გასვლის შემდეგ (1921 წლის 24 თებერვალს გავიდა). დიდი უბედურება განუცდია გზაში, დამცირება, უყურადღებობა; შეჩერებულა გორში, იქნებ აღარ დამჭირდეს იმერეთში წასვლა, საქმე გამობრუნდესო. მეორე დღეს კათოლიკოს უნახავს ასეთი სურათი: მთელი გორი ჩვენი ჯარისკაცებით აივსო, ზღვა ჯარი შემოვიდა გორში, ვხედავდი, ზოგს ორი თოფი ჰქონდა მხარზე, ზოგს სამიც და მეტიც, ეს ჩემი სათაყვანებელი ქართლელები იყვნენ, მიეტოვებინათ თავისი სარდლობა, ჩამოშორებიან ჯარს, რომელიც საბრძოლველად უკან იხევდა და სახლში მიდი-მოდიოდნენო! ამან მეტად გული დამწყვიტა, ცრემლები ჩამომცვივდა, ჩავჯექ მატარებელში და იმერეთში წავედი, მიველ გელათში, მაგრამ იქ უკვე დამხვდნენ ონის მხრიდან შემოსული ბოლშევიკებიო! მაშინ სახტად დავრჩი: ამათ გამოვექეცი, ესენი კი აქვე დამხვდნენ! მეტად დავინანე ქალაქიდან წამოსვლა, ნეტავი იქ მომვკვდარიყავიო” (გვ. 89).

"1921 წლის 9 მარტს ოთხშაბათს მოხდა მიხეილის საავადმყოფოდან (სადაც ჩამოასვენეს კოჯრის მიდამოებიდან) კოჯრის მიდამოებზე ბრძოლის დროს დაღუპულთა დასაფლავება. მთელი თბილისის სამღვდელოება მონაწილეობდა, გამოვასვენეთ 32 კუბო; გალობდა სამი გუნდი. წინ მოგვიძღოდა ჯვარი შავი ბაირაღით, დაგვესწრო მთელი თბილისი განურჩევლად ეროვნებისა: გაიმართა ისეთი პროცესია, რომლის მსგავსი არ ახსოვს ჭაღარა თბილისს, მოვდიოდით შესანიშნავი დისციპლინით სამხედრო ტაძრის გალავანში, სადაც მათთვის იყო გამზადებული საფლავები. იქ, ჯერ კიდევ მენშევიკების ქალაქიდან გასვლამდე დავასაფლავეთ ისევ ამ ბრძოლაში დახოცილი ოფიცრები, იუნკერები, ჯარისკაცები, 15 კუბო. ამათ წირვა გადაუხადა ლეონიდმა სამხედრო ტაძარში, იქვე ავუგეთ ანდერძი, ანდერძის კურთხევანს მე ვკითხულობდი. ნოე ჟორდანიაც დაგვესწრო მაშინ მთელი მინისტრებით და დამფუძნებელი კრების წევრთა თანდასწრებით, ეხლა კი ანდერძი აუგეთ ეზოში, საფლავების პირზე, ზღვა ხალხით გარშემორტყმული, გრანდიოზული სურათი იყო. ანდერძის კურთხევანს ისევ მე ვკითხულობდი. ხმამაღლა, მკაფიოდ და მწუხარებით, ხალხს ჟრუანტელი უვლიდა ტანში, სიტყვები არ წარმოთქმულა განგებ, "უსიტყვოდ" უფრო მეტი ითქვა. ბოლოს საუკუნოდ ხსენებაზე დაიჩოქა სამღვდელოებამ, დაიჩოქა მთელმა ხალხმა, როგორც ეზოში მდგომმა, ისე გალავნის ნაპირებზე თუ სახლის სახურავ-აივანზე. გამოვიდა დიდი დემონსტრაცია ჩვენი დედაქალაქის ასე ვერაგულად და მუხანათურად რუსი არმიის დაჭერისა გამო ჩვენი უბედურ-უგუნური ქართველ ბოლშევიკების წინამძღოლობით. ეს საცოდავები ჯერაც ვერა გრძნობენ თუ რა უმაგალითო ღალატში მიიღეს მონაწილეობ" (გვ. 91-92).




ქ. ქუთაისში გაგზავნილი ნივთები ხაზინაში შესანახავად სიონის ტაძრისა 24  თებერ. 1921 წ. (პირველი ყუთი)


1. დიდი ტრაპეზის ჯვარი

2. ომოფორი დიდი, ოლარი, საოჯახო, საბუხრეები ენქერი

3. კვერთხი მოოქროვილი

4. ოქროს მიტრა თავისი ჯვრებით

5. ძვირფასი ქვებით მოჭედილი მიტრა პატრიარქისთვის ბრილიანტის ჯვრით

6. მიტრა ძვირფასი ქვებით

7. მიტრა ეგეთივე

8. მიტრა ეგეთივე

9. მიტრა მარგალიტით ნაკერი

10. მიტრა მარგალიტით ნაკერი

11. მიტრა მარგალიტით ნაკერი

12. დიდი ბარძიმ-ფეშხუმი თავისი სამკაულით

13. პატარა სამი – ორი გოჯის სიგრძე ძვირფასი სახარება

14. ოთხი კოვზი ტაკუკი, მისი ორი თეფშებით

15. ორი ვარსკვლავი

16. წინ გასაძღოლი ჯვარი საპატრიარქო

17. სამი დაფარნები ოქრომკერდით ნაკერი

18. რიპიტები ვერცხლისა

19. ორი ტაკუტის თეფში

20. ფეშხუმი ორი

21. ბარძიმი თავისი მოწყობილობით

22. ხუთი ტრაპეზის ჯვარი

23. ვერცხლის სახარება

24. პატრიარქის გულის ჯვარი ძეწკვით


მეორე ყუთში არის ჩაწყობილი

1. დიდი სახარების ვერცხლის ყდა

2. დიდი სინა ვერცხლის

3. ორი ვერცხლის სინა

4. ხელის საბანი

5. ვერცხლის მოოქროვილი მიტრა

6. ბარძიმი სამი

7. ფეშხუმ-კამარა, ტაკუტი და კოვზი

8. ხელის საბანი

9. რიპიდების ტარები

10. სახარება პერგამენტის

11. ბარტყულის ანგელოზები

12. ძეწკვი ვერცხლისა

13. ცამეტი პანაღია

14. ცამეტი პანაღია

15. ოთხი გულის ჯვრები

16. პატარა წითელ პარკში ექვსი ძვირფასი თვლები


მცხეთის ტაძრის ნივთები იმავე ყუთში

1. სახარება №1

2. ოქროს ჯვარი ძვირფასი თვლებით ორი დიდი თვალი აკლია

3. ჯვარი ხის ვერცხლით შემოჭედილი

4. იმგვარივე პატარა ჯვარი

5. დიდი ვერცხლის ძველებური ჯვარი

6. კიდევ ჯვარი ფინიკებიანი

7. ოქროს ფეშხუმ კამარა და კოვზი

8. ჯვარის ხატი ვერცხლის ფუტლიარში ასო მთავრულ წარწერით

9. პარკში შეხვეული წვრილ-წვრილი ნივთებით

10. ხატის გვირგვინაკები ერთად შეხვეული

11. მიტრის ჯვარი

12. ოქროს ბარძიმი

13. ვერცხლის წმ. გიორგის ხატი მოჭედილი

14. ვერცხლის სურა

15. ფუტლიარი ბრასლეტებით და ჯვრებით ბეჭდები

16. წინ გასაძღოლი ჯვარი საპატრიარქო

17. სამი დაფარნები ოქრომკერდით ნაკერი

18. რიპიტებივერცხლისა

19. ორი ტაკუკის თეფში

20. ფეშხუმი ორი

21.  ბარძიმი თავის მოწყობილობით

22. ხუთი ტრაპეზის ჯვარი

23. ვერცხლის სახარება

24. პატრიარქის გულის ჯვარი ძეწკვით




მეორე ყუთში არის ჩაწყობილი

1. დიდი სახარების ვერცხლის ყდა

2. დიდი სინა ვერცხლის

3. ორი ვერცხლის სინა

4. ხელის საბანი

5. ვერცხლის მოოქროვილი მიტრა

6. ბარძიმი სამი

7. ფეშხუმ-კამარა

8. ხელის საბანი

9. რიპიდების ტარები

10. სახარება პერგამენტის


მესამე ყუთში მცხეთის ნივთები

1. სახარება

2. წმ. გიორგის ხატი №18

3. სანაწილე ტრაპეზისა დიდი

4. ღვთისმშობლის ხატი №2

5. ღვთისმშობლის ხატი №1

6. ღვთისმშობლის ხატი №12

7. დიდი ნაწილებიანი ხატი№1

8. ორი ბარძიმ-ფეშხუმი წითელ წითელ პარკებში

9. დიდი ბარძიმ-ფეშხუმი

10. პატარა ბოხჩაში ძვირფასი თვლები

11. ბარძიმ-ფეშხუმი

12. გატეხილი ჯვარი



კადეტთა კორპუსის ვერცხლის ნივთები

1. სანაწილე დიდი

2. ბარძიმი დიდი

3. ორი ფეშხუმი

4. ერთი კოვზი

5. ორი ვარსკვლავი

6. ერთი ტაკუკ თეფშით, ლახვარი

7. დიდი სახარება რუსული შეჭედილი ვერცხლში

8. ორი ვერცხლის გვირგვინი /მიცვალებულისათვის/.

 

აღნიშნული ნივთები ჩავიბარე არქ. პავლემ (ჯაფარიძე)

ჩავაბარე საკათალიკოზო საბჭოს სამეურნეო გამგეობის დირექტორმა დ. ლაზარიშვილმა


სამივე ყუთი ჩემი მინდობილობით დაბეჭდა არქიმანდრიტმა პავლემ კათალიკოზი ლეონიდი


24. 02. 1921 წ.

 


ქუთაისის მაზრის პოლიტბიუროს ნიკოლოზ არქიმანდრიტის (ნამორაძე) მოხსენება

თანახმად პოლიტბიუროს წინადადებისა, ამა წლის 10 ივნისიდან, გელათის ძვირფასეულობიდან ზოგიერთ რამეების დაკარგვაზე, მოვახსენებ შემდეგსა:

მონასტერს მართავს წინამძღვარი, კლიტეები კი ყოველგვარი აბარია ეკონომს, რომელიც აღებს და ჰკეტავს ეკლესიას და სალაროს თავის ნებაზე. ნივთების აღწერილობას ჰქონდა მარავალი ნაკლი, დაცვივნული თვალმარაგალიტი და ოქროს რამეები ინახებოდა გახსნილი რიცხვის აღუნიშვნელად; ერთი სიტყვით, თუ სურვილი ვისმე ექნებოდა ბოროტმოქმედების ჩადენა ადვილი იყო გინდ ცალკე, გინდ ურთიერთშორის შეთანხმებით. ასეთ წესში დამხვდა გელათი 1904 წლის 11 ოქტომბერს. ამ ნაკლის აცილება და ახალი უფრო არასაეჭვო წესის დადგენა იმ დროს ჩემთვის შეუძლებელი იყო, ვინაითგან ერთის მხრივ რევოლუციონურ მოძრაობაში მეტათ ვიყავი გართული და მეორეს მხრივ, თუ რას მე ცვლილებას მოვიწადინებდი ბერებს არ მოსწონდათ და მაშინდელი იმერეთის ეპისკოპოზი ლეონიდიც ამ გაუნათლებელ და უიდეო ხალხს უჭერდა მხარსა, რამაც ბოლოს დამამარცხა კიდეც. ამგვარად ეს მონასტერი იმავე უხეირო ხმებით გადავიდა ჩემიდან სხვა წინამძღვრის ხელში 1906 წელს, როდესაც მე რეაქციამ გადამიწყვიტა გადასახლება. მაგრამ გელათის სურათი თან გამყვა იმდენათ ღრმათ აღბეჭდილი, რომ 1917 წელს სულ ადვილად, სიების გაუსინჯავად შევამჩნიე შემ-დეგი დანაკლისები: 1. ერთი მუჭა თვალმარგალიტი წვრილი და მსხვილი, ცალკე ჭინჭარში გამოკრული, გამქრალიყო; 2. ერთი ოქროს შესაკინძი ღილი შეცვლილი იყო სხვა ოქროსფერი ღილით. 3. ვედრებისა ღვთისმშობლის ხატზე ერთ ქვემო კუთხეში დარჩენილი იყო ნაწილი ძველი სამკაულისა, - აღარ აღმოჩნდა; 4. მასვე ხატს აკლდა თვალი; 5. ნივთების სიაში, ერთ ადგილას, ვიღაცას კარანდაშით ასეთი შენიშვნა გაუკეთებია: "ეს თვალი არ არის ძვირფასი, არამედ უბრა-ლო". აქ ეჭვი იბადება: თვალი ნამდვილი იყო, მაგრამ ვიღაცამ შეცვალა; 6. აღმოჩნდა ცალკე ყუთში დამტვრეული ტიტველი ვერცხლის პლასტინკები, რომლებიც ჩემ დროს არ იყვნენ; ჩემს შეკითხვაზე მიპასუხეს ხატებიდან ჩამოცვივნილებიაო. ხატებს პლასტინკები თავის თავად არ ცვივა. აშკარა იყო ვიღაცისაგან ბოროტად ხელის რევა. ამაზე მე ხმამაღლა ლაპარაკი დავიწყე და ეს ამბავი გადავიდა მაშინდელ გაზეთ "სოციალ-დემოკრატის" ფურცლებზედაც. ამ დანაკარგების შესახებ ზოგიერთი რამეები იცის აგრეთვე ტყიბულის რაიონის შრომის მცხოვრებმა და იპოლიტე ლუკას ძე ჭირაქაძემ, როგორც გელათის მცხოვრებმა და გულშემატკივარმა ინტელიგენტმა,რომელიც რევოლუციის დროს იარაღით იცავდა მონასტერსა.

ჩემს აქ არ ყოფნაში გელათის მონასტრისთვის შეიქმნა უფრო სახიფათო მდგომარეობა: 1912 წელს მისი წინამძღვრობა მიიღო იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ; ის ცხოვრობდა განუშორებლივ ქუთაისში, ხოლო მონასტრის და მთელი მასში დაცულ ნივთების მოვლა-პატრონობა ჩააბარა ეკონომ ზენონს. 1917 წლის რევოლუციის დაწყებისთანავე სამღვდელოებამ გიორგი ეპისკოპოზი ადგილიდან გადააყენა, ქუთაისიდან განდევნეს და მონასტერზე არსებული ის მისი ნომინალური კონტროლიც მოისპო, მონასტერი დარჩა უპატრონოთ ეკონომ ზენონის ხელში; ხოლო რამოდენიმე ხანმა რომ გაიარა, ქუთაისის საგუბერნიო რევკომმა დაკეტა სალარო და კლიტეები ქუთაისში წაიღო. ასე დამხვდა გელათი 1917 წლის 13 ოქტომბერს. 1917 წლის ნოემბერში განსვენებულ ანტონ მიტროპოლიტის მიწერილობით საგუბერნიო რევკომის თავმჯდომარემ გრიგოლ უროტაძემ ჩამაბარა სალაროს კლიტეები, როგორც მონასტრის წინამძღვარს და პასუხის მგებელს. გავაღებინე ეკონომ ზენონს ეკლესია, შევიყოლე სალაროში, რომ მენახა, რა მდგომარეობაში ჰქონდა ნივთები და ზემოაღნიშნული დანაკლისები მაშინ შევამჩნიე. დაუყოვნებლივ შეველ პირადათ სამიტროპოლიტო საბჭოში სიტყვიერ წინადადებით, რომ გელათის ნივთები აღწერილ-შემოწმებული და ისე ჩამბარებოდა. საბჭოს წევრმა ტრიფონ ჯაფარიძემ განაცხადა, ეგ დიდ შრომას და დროს ითხოვსო, - საქმე არ შედგა. მაშინ ბოროტმოქმედების ასაკეცად და ჩემზე ყველანარი ეჭვის ასაცილებლად მე მივიღე შემდეგი ზომები: მუდმივი წირვა-ლოცვა წარმოებდა იმ ეკლესიაში, სადაც ნივთებია დაცული; მე ამ ეკლესიაში წირვა-ლოცვა სრულებით ავკრძალე, განმარტოებით ერთი ცალკე პატარა ეკლესია არის, ბერებს აქ ვალოცებდი; სალაროს დავუტოვე ისევ ეკონომს, მონასტრის მცველს ერმილე გელაძეს დავადებინე შესასვლელ კარებზე მეორე ბოქლომი და ამის კლიტე ჩავაბარე მას; ამნაირად მოვშალე ეკლესიაში ცალკე პირის შესვლა და ეს შევლაც ისე გავაიშვიათე, რომ მთელი ის დამდეგი ზამთარი ეკლესია სრულებით არ გაღებულა და მხოლოდ გამოზაფხულზე გავაღებინე გამოსაგველად.

1918 წლის გაზაფხულის თურქებმა ბათუმი დაიჭირეს და აქეთ წევა დაიწყეს; საშიში შეიქმნა გელათის ნივთების ბედი; გაგებული ჰქონდა გელათში სამალავი არისი. ერთ დღეს შევიყოლე ზენონი და იატაკზე დარტყმით დავიწყეთ ცარიელი ადგილის ძებნა სამალავის დასამზადებლად საჭირო დროისათვის. ამ დროს მოვიდა განსვენებული ანტონი მიტროპოლიტი, რომელსაც უკვე გადაეწყვიტა დამალვა ნივთებისა. თან მოიყოლა სოფელ კურსების დეკანოზი გიორგი ცირღილაძე, რომელსაც ადგილობრივ სცოდნოდა ძველადანვე დამზადებული სამალავი და კურსებელივე ხელოსნები ბერეკაშვილები ოთხი კაცი. ეს ხელოსნები ჯვარ-სახარებაზე დავაფიცე და თან სიკვდილს დავემუქრე ვინც ჩვენს საიდუმლოებას გასცემდა. ეკონომი ზენონი გარეთ დავითხოვეთ; საბჭოს წევრს გიორგი ამირეჯიბს სურდა დასწრება, - ის თითონ ხელოსანმა ბერიკაშვილებმა დაითხოვეს, - თქვენგამი სამზე მეტი ნუ დაესწრება, არ ვიმუშავებთო. ჩავიკეტენით შიგნით სამნი ჩვენ, - მე, ანტონი მიტროპოლიტი და დეკანოზი გიორგი ცირღილაძე და სამი ხელოსანი ბერიკაშვილები - ერთი გარეთ გავაგდე როგორც მოშიშარი - სულ ექვსი კაცი, გარეთ ყარაულათ დავაყენეთ მილიციონერი გელაძე და რაც სალაროში და ეკლესიაში ნივთები იყო, სამალავში შევზიდეთ, ხვრელი ქვითკირით ამოვქოლეთ და კედლისფრად შევალესინე, რომ მტერი აზრს ვერ მოსულიყო. დავკეტე ეკლესია იმავე წესით და დავუბარე მილიციონერს გელაძეს, რომ თუ შესავალ კარებთან გლახა დროს ვინმე ნახოს, ესროლოს; თანაც რომ მეტ სიფრთხილეში ყოფილიყო გარეთ კარები ლუქით დავბეჭდე.

ასე ვიცავდი მონასტერს 1919 წლის შუა ზამთრამდე, ამ დროს ნაზარი მიტროპოლიტის ინტრიგით მე წინამძღვრობიდან გადამაყენეს, მონასტერი გადააბარეს ისევ ეკონომ ზენონს, მაგრამ კლიტეები მე შემრჩა ხელში და არავის ვუშვებდი ეკლესიაში. მხოლოდ როდესაც იარაღი ჩამომართვეს მოტყუებით, სამიტროპოლიტო საბჭოს წევრებმა მაშინ გამაღებინეს ეკლესია და რაც ფული იყო, წაიღეს ხოლო სამალავი არა ვაჩვენე. გელათს ჰქონდა საკუთარი ხარჯით გაკეთებული ჩემ დროს სანთლის ქარხანა, ისიც წაიღეს მთელი მოწყობილობით და თანხით. მე ასე ვეჭობ, რომ ამ კინკლაობის ამბავი მივიდა ჟორდანიას ყურამდე და ამიტომ მან გამოგზავნა იმავე წლის ზაფხულის თვეში დამალულ ნივთების ასაწერად ყოფილ დამფუძლებელ კრების წევრი არხეოლოგი ექვთიმე თაყაიშვილი. ამან სამალავი გამახსნევინა, თან მიტროპოლიტი ნაზარი ახლდა, ეკონომი ზენონიც შემოუშვეს. თაყაიშვილმა აწერა ნივთები, სამალავი როგორც იყო, იმფრადვე ამოვაქოლინე, იმავე ზაფხულს აგვისტოს ნახევარში გელათის მონასტერი იმ სახით დავტოვე, მოწამეთის მონასტერში გამომიყვანეს, და მას იქ რა ხდებოდა, ან ნივთებ-სამალავს რა ემართებოდა, სრულიად აღარაფერი ვიცი. მხოლოდ ერთხელ, სახელდობრ 1919 წლის 8 სექტემბერს გელათობა დღეს სადღესასწაულო სუფრაზე ლაპარაკი ჩამოვარდა გელათის ნივთებზე. ნესტორ არხიმანდრიტის სიძემ ტრიფონ ჯაფარიძემ კითხვა დასვა, სამალავი როდის გაიხსნებაო; იქ დამსწრე ყველა გაჩუმდა, მე ვუპასუხე, სამალავი გაიხსნება მხოლოდ მაშინ,როდესაც ქვეყანა სრულიად დამშვიდდება და ყოველგვარი შიში გაივლის მეთქი და ამით შეწყდა ნივთებზე ლაპარაკი: მეორეთაც იმავე წლის ნოემბრის დამლევს მე გავხდი შემდეგი შემთხვევის მოწმე.

ქუთაისში მოვდიოდი თბილისში წასასვლელად. გელათის მონასტრის მცველმა ერმილე გელაძემ გზიდან გამომაბრუნა - ხვალ მთავრობა გელათში გიბარებსო. მეორე დღეს გელათში მოვიდნენ: ჟორდანიას რწმუნებული გიორგი ცინცაძე, სამაზრო გამგეობის თავმჯდომარე კონსტანტინე სულაქველიძე, სასამართლოს პროკურორი იამანიძე და მაზრის კომისარი ახვლედიანი. ეკლესია დაბეჭდილი დაგვხვდა ახვლედიანის ბეჭდით. მან ახსნა ბეჭედი, წამიყვანა, პირდაპირ სამალავის წინ დამაყენა და მკითხა, ეს შენი ამოქოლვილიაო. მე ჩემ ამოშენებულად ვერ ვიცან და ვუპასუხე: "არა". შენი ამოქოლვილი არ იქნება, ჩვენ აქ კაცები დავიჭირეთო. იქ პირველად მოვისმინე შემდეგი ამბავი: ძველი ეკონომი ზენონი სხვაგან დანიშნეს, მის ადგილზე დააყენეს ბერი ექვთიმე. ამა მოითხოვა სამალავის გახსნა, - ისე ნივთების რაფერ მივიღებო. ზენონმა და ექვთიმემ სამალავი გახსნეს და შევიდნენ ჯერ ერთხელ, მერე მეორეჯერ. მონასტრის მცველმა ერმილე გელაძემ აიღო ეჭვი და აცნობა ახვლედიანს, ახვლედიანმა აცნობა სულაქველიძეს; სულაქველიძე საჩქაროთ მოვიდა გელათში ახვლედიანის თანხლებით და დარწმუნდა, რომ სამალავი ღიაა და შიგნიდან ხმაურობა გამოდის, გაბრუნდა და დაუყოვნებით აცნობა ჟორდანიას, რომელიმაც იმავე წუთში გამოგზავნა გელათში თავის რწმუნებულად გიორგი ცინცაძე ფართო უფლებებით. ამით განისაზღვრებოდა ჩემ მიერ მიღებული ცნობები.

მანამდე ხმა დადიოდა, გელათის ბერებმა ზოგიერთი რამეები გაყიდესო. ამიტომ რაც გელათში დამიბარეს, ვიფიქრე მიიწევდნენ დანაკლისის გამოსაკვლევად და როდესაც სამალავიდან ნივთების გამოზიდვა დაიწყეს, მე იმის თვალიერება დავიწყე, თუ ნივთები ყველა და იმ ფრად არის თუ არა. ამ უცაბედ ჩხრეკაში შევამჩნიე, რომ ხახულის ღვთისმშობლის ხატიდან სულ ახლად იყო ამოღებული ერთი დიდი თვალი, რაიცა მაშინვე მივუთითე იქ დამსწრეებს და ყველამ ნახა. ნივთების დამალვისას ხახულის ღვთის მშობლის ორი თვალი ავარდა, რომელთაგან ერთი შეამჩნია ანტონ მიტროპოლიტმა და მეორე მე. ეს ორივე თვალი ჩვენ სამმა ერთმანეთის თვალწინ ერთ ქაღალდზე გამოვიხვიეთ სხვა პატარა ნივთებთან ერთად და მიტრის ყურეში ჩავდეთ. ქაღალდი ნახელარი დაგვხვდა. მიუხედავად გულმოდგინე ჩხრეკისა ჩემი ჩადებული თვალი ვეღარ ვნახე; ანტონის ჩადებული თვალზედაც ეჭვი დამებადა, ვითომ იყო ვიღაცა და არც იყო ანტონის ჩადებული. თვალი იყო მეტად სპეტაკი და მომცრო, ეხლა კი ვხედავდი მის ადგილს რაღაც ბუნდოვან წითელ ქვას, უფრო მეორე სამალავში შეტანილი იყო სხვათა შორის ერთი მომცრო ტანის ოქროს ხატი მაცხოვრისა, სხვადასხვა ძვირფასი თვლებით; მიუხედავად დიდი სურვილისა ვერც ეს ხატი ვნახე; სიჩქარეში ვერ შევამჩნიე და ისე გაჰყვა წაღებული ნივთებსა, თუ გულში დარჩა ან დაიკარგა, არ ვიცი; ხოლო თუ შევიტყე რომ დაკარგულია, მე თითქმის შეუცდომლად მივხვდები, ვინც იქნება იმის წამღები.

ერთ ხანათ სამალავიდან გარეთ გამოველ გამოტანილი ნივთების სანახავად. ეს ნივთები ყუთში ჩაეწყოთ და თოკი შემოეჭრათ; მე გავსანჯე და შენიშვნა მივეცი, ეს ყუთი ისე გლახათ არის შებოჭილი, რომ შესაძლოა სახურავი ფიცრის გამოწევა და ნივთის ამოღება; ამაზედ პასუხს ეხლა ჩვენ ვაგებთო; ეს ჩვენი ლაპარაკი გაიგონეს გელაძემ და იამანიძემ. მე პირველად მაშინ შევიტყვე, რომ მთავრობას გადაწყვეტილი ქონდა ნივთების წაღება. ცინცაძე ბევრს წყრებოდა და ბერებს ურისხდებოდა, რამდენჯერაც ეკონომი გამოყავლება, იმდენჯერ რომ სამალავი ტეხოთ, საქმე შორის წავაო, რამდენი ვერცხლის შანდალი აკლია? იმავე ხმის კილოთი მიმართა ექვთიმეს; ექვთიმემ უპასუხა, ერთი. "გუშინ ამბობდი ორი აკლიაო და დღეს ერთი აკლია?". ნახულმა სცენებმა მეც მოთმინება დამაკარგვინეს და პირქუშათ მივმართე ჩემზე უფრო ხნიერს ადამიანს არქიმანდრიტ ნესტორს, რათ მიუშვი ბერები და საქმე ამ ბოლომდე მიიყვანე მეთქი. მან ამაზე დამსწრეების წინაშე თქვა, მე არც კი ვიცოდი, ბერები ისე შემოსულიყვნენო.

სულ ბოლოს ლაპარაკი შეიქმნა ხახულის ღვთისმშობლის ხატზე; ცინცაძე შემეკითხა და ავუხსენ, რომ ამ ხატის აქედან წაღება ფრიად სახიფათოა, ვინაითგან ძველია, დაიშლება და ეს ძვირფასი ხელოვნება სამუდამოთ დაეკარგება ქართველ ერს. თურმე სულაქველიძე არ ანებებდა წასაღებად ამ ხატს; ცინცაძე შეეკითხა იამანაიძეს და იამანიძემაც უარი უთხრა; ამნაირად ეს ხატი, გელათისა და ღვთის მშობელი და რამდენიმე სხვა ხატი დავატოვებინეთ გელათში, ხოლო დანარჩენი განძეულობა უფრო დიდი ნაწილი ჩააწყეს ყუთებში და იმავე დღეს დიდი "ახრანა" ქვეშ წაიღეს ქუთაისში.

ნივთების შემდეგი ბედი ძლიერ მეინტერესებოდა; მეორე დღეს წაველ ქუთაისში; სულაქველიძისაგან შევიტყე, რომ ნივთები შეტანილი ხაზინაში და მეც იქით გავეშურე. იქ უკვე შეკრებილიყვნენ იგივე მთავრობის პირნი, გარდა სულაქველიძისა, არხიმანდრიტი ნესტორი და რამოდენიმე სხვა. მიეყვანათ მესაათე ვოლოხი თვალებისა და მეტალის გამოსაცნობად და წერდენ სიაში. ნივთები აწერეს, ჩააწყეს დაუწვავ ყუთში, ვისაც თან ბეჭედი ჰქონდა დაბეჭდეს და ჩააბარეს ხაზინადარს. სია გაკეთდა სამ პირად; ერთი გადასცეს არხიმადრიტ ნესტორს, ერთი დაუტოვეს ხაზინადარს და ერთიც დაიკავა ცინცაძემ თბილისში წასაღებად, ბოლოს დაიწერა ოქმი და ასე დაბოლოვდა საქმე.

გაბრიელ ეპისკოპოსის პანაღიას რაც შეეხება, ამაზედ ვიცი შემდეგ: გელათზე თუ იყო შეწირული, ის არ ვიცოდი და არც სიებში შემხვედრია. მხოლოდ 1904 წელს ის ვნახე ლეონიდ ეპისკოპოსის ხელში, ის ატარებდა მას, ლეონიდის დროსვე, 1906 წელს, მე გელათიდან გადამიყვანეს. 1917 წელს რომ ხელმეორედ დავბრუნდი, ამ პანაღიაზე შევიტყვე ის, რომ იგი თან წაიღო თბილისში იმერეთის ეპარქიიდან. იმავე წელს, რომელ თვეში არ მახსოვს, ამისთვის საგანგებოდ წავიდა თბილისში ჩემი პირადი მეგობარი მთავარ ანგელოზის მღვდელი ამბროსი ფოფხაძე, ის პანაგია ჩამოართვა გიორგი ეპისკოპოზს, მოიტანა ქუთაისში და გადასცა სამიტროპოლიტო სახლს, სადაც ის მართლა რამდენჯერმე ვნახე.

ამასთანავე გთხოვთ ეს ქაღალდი შემდეგ საქმის დაბოლოებისა უკან დამიბრუნდეს.

არხიმანდრიტი ნიკოლოზ ნამორაძე!

1922 წ. ივნისის 13.

საქ. უიცსა. ფ. 516, ან2, საქმე1. ფურც. 285-287



საქართველოს ეკლესიის დროებითის მმართველობის სხდომის ჟურნალი 1

13 მარტს, 1917 წ.

სხდომა დაიწყო დილის 11 საათზე

თავმჯდომარეობდა ყოვლადსამღვდელო ლეონიდე, მოსაყდრე სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქისა;

დაესწრენ: ეპისკოპოსი ანტონი,ეპისკოპოსი პიროს,დეკანოზი კ[ორნელი] კეკელიძე,დეკანოზი ნ[იკიტა] თალაქვაძე, მღვდელი ვასილ კარბელაშვილი, გ[რიგოლ] ყიფშიძე, ან[ტონ] ნატროშვილი, პეტრე კიზირია, პეტ[რე] ბარათაშვილი, იპ[ოლიტე] ვართაგავა, დ[ავით] ნახუცრიშვილი, ს[ერგი] გორგაძე, ს[ოფრომ] მგალობლიშვილი, ვ[ასილ] ბარნოვი, დ[ავით] დავითაშვილი.

მ ო ი ს მ ი ნ ე ს: 1. სიტყვიერი განცხადება მათის მეუფების - თავმჯდომარისა, რომ საჭიროა არჩეულ იქნას დროებითის მმართველობის პრეზიდიუმი: თავმჯდომარის ორი ამხანაგი და ორი მდივანი.

ც ნ ო ბ ა: წინადადების თანახმად მოხდა არჩევანი პრეზიდიუმისა ბარათების შემწეობით. არჩეული აღმოჩნდნენ: თავმჯდომარის ამხანაგებად: ყოვლადსამღვდელო ანტონი და იპ[ოლიტე] ვართაგავა, მდივნებად: დ[ავით] დავითაშვილი და ს[ოფრომ] მგალობლიშვილი.

გ ა ნ ა ჩ ი ნ ე ს: თავმჯდომარის ამხანაგებად არჩეულ იქმნან: ყოვლადსამღვდელო ანტონი და იპოლიტე ვართაგავა, ხოლო მდივნებად: დავით ალექსანდრეს ძე დავითაშვილი და სოფრომ მგალობლიშვილი.

ხელს აწერენ: თავმჯდომარე - სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრე ეპისკოპოსი ლეონიდი;

ანტონი, ეპისკოპოსი გორისა;

პეტრე ბარათაშვილი;

დეკანოზი კორნელი კეკელიძე;

ს. მგალობლიშვილი;

ვ. ბარნოვი;

იპ. ვართაგავა;

ნ. მელიქიშვილი;

დ. ნახუცრიშვილი;

პ. კიზირია;

ს. გორგაძე;

მდივანი: დ. დავითაშვილი.

 

საქართველოს ეკლესიის დროებითის მმართველობის სხდომის ჟურნალი №2

14  მარტს 1917    წ.

მ ო ი ს მ ი ნ ე ს: 1. ა) მცხეთის მთავარეპისკოპოსის და ყოვლისა საქართველოის კათალიკოზ-პატრიარქის მოსაყდრის ყოვლადსამღვდელო ლეონიდეს განცხადება; რომ იგი თანახმად დავალებისა, მმართველობის მდივნის დავითაშვილის თანხლებით მარტის 13-სა დღესა წავიდა ტფილისის აღმასრულებელ კომიტეტის მთელ შემადგენლობის სანახავად, მაგრამ ვერ ინახულა და რადგან ქალაქის თვითმმართველობაში კომიტეტის მხოლოდ ერთი წევრი - ხატისოვი დაესწრო, უნებლიეთ მოუხდა მასთან საუბარი. მე, განაგრძო ყოვლადსამღვდელომ, გამოვუცხადე ხატისოვს, რომ კვირას, 12 მარტს მცხეთას შესდგა ივერიის სამოციქულო ეკლესიის წმიდა კრება, რომელზედაც განგრძობილ იქმნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური მართვა-გამგეობა, ხოლო ვიდრე მოხდებოდეს საქართველოის ეკლესიის კათალიკოზის აღრჩევა საქართველოს ეკლესიის გამგედ სამღვდელო და საერო პირთაგან ჩემის თავმჯდომარეობით დაინიშნა დროებითი მმართველობა.

ხატისოვმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან ტფილისის აღ-მასრულებელ კომიტეტს არავითარი დამოკიდებულება არ შეუძლია იქონიოს, რადგანაც კომიტეტი იცავს მხოლოდ არსებულ წეს-წყობილებას და მცხეთაში მომხდარ ფაქტს კი რეფორმატორული ხასიათი აქვს. ამისთანა პასუხის შემ-დეგ მსურდა მენახა თვით თავმჯდომარე აღმასრულებელი კომიტეტისა ნოე ჟორდანია, მაგრამ შინ, ბინაზე არ დამიხვდა.

გ ა ნ ა ჩ ი ნ ე ს: ა) დაუყოვნებლივ მიეწეროს საქართველოს საკათალიკოზოს სამზღვრებში არსებულ ეპარქიათა სამღვდელოებას, რომ მათ მარტის 12 დღიდან შესწყვიტონ ყოველივე დამოკიდებულება სინოდთან, მთავარეპისკოპოს პლა-ტონთან, სასინოდო კანტორასა და კანცელარიასთან ყოველ საჭირო შემთხვევაში მიმართონ სრულიად საქართველოის კათალიკოზის მოსაყდრეს ყოვლადსამღვდელო ლეონიდეს და მათთან არსებულ დროებითი საეკლესიო მმართველობას.

მ ო ი ს მ ი ნ ე ს:
2. ბ) მეორე მოხსენებაში ყოვლად-სამღვდელო ლეონიდემ გააცნო მმართველობას შედეგი მთავარეპისკოპოს პლატონთან საუბრისა. ამა 14-სა მარტსა დღესა სამი მღვდელთმთავარი - მე, ეპისკოპოსი ანტონი გორისა და ეპისკოპოსი პიროსი ალავერდისა მივედით მთავარეპისკოპოს პლატონთან და გადავეცით შემდეგი შინაარსის განცხადება: «Управление грузинской церковью, искони пользовавшейся автокефальными правами, вначале 19-го века было забрано в свои руки, без согласия на то самой церкви, Святейшим Синодом русской церкви. Находя этот акт канонически неправильным, практически же гибельным для грузинской церкви, последняя с 1906 года возбудила вопрос о возстановлении в ней каноническаго строя, но вопрос этот до сего дня оставался вопросом. С установлением в России новаго строя государственной жизни, провозгласившаго свободу веры и совести, грузинская церковь в лице своих иерархов и представителей клира и мирян, 12 марта 1917 года во Мцхете, отслужив божественную литургию и благодарственный Господу Богу молебен об укреплении новаго русскаго правительства, возстановила у себя канонический строй. Посему с этого дня Вы юридическии и фактически перестаете быть Экзархом Грузии, Архиепископом Карталинским и Кахетинским, и лишаетесь права распоряжаться грузинскими епархиями и приходами, духовно-учебными заведениями и церковными учреждениями /5/ Экзархата в пределах территорий Грузинскаго Католикосата, а равно и кредитами, отпускаемыми на содержание грузинской церкви.

В Управление грузинской церковью, до выбора в ней Католикоса, с этого момента вступаю по выбору, Я».
ამ განცხადების წაკითხვის შემდეგ ყოვლადუსამ-ღვდელოესმა პლატონმა გვიპასუხა: მე დადგენილი ვარ ჩემ მთავრობისაგან და, მაშასადამე, მის დაუკითხავად და სხვა ვისმეს წინადადებით არ შემიძლიან ავიხადო უფლებანი. მივსწერ სინოდს ვადიან დეპეშას, ვსთხოვ რჩევას როგორ მოვიქცე და მათ წინადადებას შევასრულებ. ამას მოუნდება 3-4 დღე და გთხოვთ დამაცალოთ, არაფერი ძალა არ დამატანოთ, ეს თქვენ საქმისათვისვე არ იქნება კარგი, რადგან ამას დაერქმევა ძალმომრეობა; მე მას არ დავემორჩილები, ჩავიკეტები ოთახში და ყველა ეს კი გაამწვავებს ურთიერთობას რუს-ქართველთა შორის. მეც ხომ უმწეო (не беззащитный) არა ვარ, - ჯარისკაცებიცა მყავს მომხრედ და მთავრობაც. გარდა ამისა, განმარტა პლატონმა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველა კრედიტები ჩემს სახელზეა დადასტურებული და რომ აჩქარდეთ, შეიძლება სამღვდელოებაცა და ყველა სასულიერო უწყების დაწესებულებანიც სრულიად უსახსროდ დასტოვოთ. დაბოლოს, ყოვლადსამღვდელო ანტონს უსაყვედურა და უთხრა: თქვენ ჩემი ქორეპისკოპოსი ხართ და ჩემ ნება-დაურთველად კვირას მცხეთაში როგორ წახვედითო?

ც ნ ო ბ ა: I. ბატონ ხატისოვის უადგილო პასუხმა გულისწყრომა გამოიწვია მმართველობის წევრთა შორის, თუმცა ყველამ ერთის მხრივ აღიარა, რომ ხატისოვის მხრით ასეთი მოპყრობა ქართულ საქმისადმი მოსალოდნელი იყო. მმართველობის ზოგიერთმა წევრმა საჭიროთ სცნო ცალკე კომისიის არჩევა, რომელმაც უნდა ინახულოს ტფილისის ქალაქის აღმასრულებელი კომიტეტი და თვით კავკასიის კომისარიატიც.

ც ნ ო ბ ა: II. მთავარეპისკოპოსის პლატონის პასუხმაც - ვითომ მას მომხრედა ჰყავს ჯარისკაცები და თვით მთავ-რობაც, - მეტად გააოცა მმართველობა. მისი განცხადება კი კრედიტების შესახებ - ვითომ კრედიტები მის სრულ განკარგულებაში იმყოფება - სცნო უსაფუძვლოდ. ასეც რომ ყოფილიყოს,მმართველობის აზრით,ეხლა ნივთიერ მხარეზედ ლაპარაკს ადგილი არ უნდა ჰქონდესო. მმართველობას თავის დროზედ მსჯელობა ექნება არამც თუ კრედიტებზე, არამედ უფრო მნიშვნელოვან საგანზე - იმაზე, თუ რა სახით უნდა დაუბრუნდეს საქართველოს ეკლესიას სინოდისაგან მითვისებული ქონება-სიმდიდრე, მაგრამ ეხლა ამაზედაც კი მეტად მიაჩნია საუბარი.

მმართველობის წევრის, ბარათაშვილის აზრით ამ გზობით უადგილო არ იქნება - მთავარეპისკოპოსის პლატონის ჯარისა და მთავრობის სახელით გამოთქმული მუქარა ეცნობოს ტფილისის აღმასრულებელ კომიტეტს, რომლის მოვალეობას შეადგენს წესიერებისა და მშვიდობიანობის დაცვა.

ც ნ ო ბ ა: III. მმართველობის წევრმა იპ[ოლიტე] ვართაგავამ განაცხადა, რომ ჩვენ მოქმედებას საკმარისი გაბედულება და უნარი არ ემჩნევა და ალბად ამით აიხსნება, რომ მთავარეპისკოპოსს პლატონს, რომელსაც ივერიის სამოციქულო ეკლესიის წმიდა კრების გადაწყვეტილება უნდა გამოსცხადებოდა მხოლოდ შესასრულებლად, გაუბედნია ეთქვა ეპისკოპოს ანტონისათვის: "თქვენ ჩემი ქორეპისკოპოსი ხართ და როგორ წასულხართ 12 ამა მარტს მცხეთაში ჩემ ნება-დაურთველადო". ამის შემდეგ უფრო ცხადი შეიქმნა, რომ საჭიროა დაუყოვნებლად შევუდგეთ მტკიცე საქმიანობას.

ამას ბატონმა გორგაძემ დასძინა, რომ საქმის გასაძლიერებლად საჭიროა, მოვიწვიოთ საზოგადოების ზოგიერთი პატივცემული და ამ საქმის თანამგრძნობელი პირნი, რომ იმათაც მიიღონ მონაწილეობა მუშაობაში.

ც ნ ო ბ ა: IV. მთელმა გამგეობამ საჭიროთა სცნო ეხლავე მიეწეროს საქართველოს ეკლესიების სამღვდელოებას, სასულიერო და სამრევლო სასწავლებლების მმართველთა, სასულიერო სემინარიათა უფროსებსა, უწყების ყველა დაწესებულებათა და სანთლის ქარხნის გამგეობას, რათა განკარგულების მიღების დღიდან მოსპონ ყოველივე დამოკიდებულებანი როგორც სინოდთან, ისე სინოდალურ დაწესებულებებთან და პირებთან. ყოველ საჭირო შემთხვევაში მოჰ-მართონ სრულიად საქართველოის კათალიკოზ-პატრიარქის მოსაყდრეს, ყოვლად სამღვდელო ლეონიდს და მის თავმჯდომარეობით არსებულ საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობას.

გ ა ნ ა ჩ ი ნ ე ს: ბ) ეკლესიაში დიდ კვერექსზე იხ-სენიებოდეს მოსაყდრე კათალიკოზისა ამ სახით: "უფლისა ჩვენისა სრულიად საქართველოის კათალიკოზის მოსაყდრეს, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოზის ლეონიდისათვის უფლისა მიმართ ვილოცოთ", რომელი ქერუბიმთას დროს: "უფალი ჩვენი,სრულიად საქართველოის კათალიკოზის მოსაყდრე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდი მოიხსენოს უფალმან ღმერთმან ჩვენმან ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე".

3) სასინოდო კანტორის ქართველ წევრებს აღეკრძალოს დასწრება სხდომებზე, მხოლოდ მთხოვნელების დასაკმაყო-ფილებლად, რომ საქმიანობა არ შეფერხდეს და ამით ხალხი არ შეწუხდეს,დაევალოთ მომდინარე ქაღალდებს ხელი მოაწერონ.

4) დაარსდეს კომისია, არჩეულ იქმნას ოთხი კაცი: ყოვლადსამღვდელო ანტონი, დეკანოზი კ[ორნელი] კეკელიძე, დეკანოზი ნიკ[იტა] თალაქვაძე და ს[ერგი] გორგაძე. დაევალოს ამ კომისიას ნახვა და მოლაპარაკება როგორც ტფილისის ქალაქის აღმასრულებელ კომიტეტთან, ისე კავკასიის კომისარიატთან.

5) მიეწეროს საქართველოს საკათალიკოზოს საზღვრებში არსებულ უწყებათა ყველაგვარ სასწავლებელთა გამგეთ და ტფილისის სანთლის ქარხნის გამგეობას, რომ დღეიდან იმათ დამოკიდებულება იქონიონ ყოველგვარ კითხვების გადასაწყვეტად მხოლოდ საქართველოს ეკლესიის კათალიკოზ-პატრიარქის მოსაყდრე, ყოვლადსამღვდელო ლეონიდესთან.

ხელს აწერენ: სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიაქრის მოსაყდრე ეპისკოპოსი ლეონიდი;

ეპისკოპოსი ანტონი;

პეტრე ბარათაშვილი;

ს. გორგაძე;

პ. კიზირია;

სოლ. ახვლედიანი;

დეკ. კორ. კეკელიძე;

ვ. ბარნოვი;

დ. ნახუცრიშვილი;

იპ. ვართაგავა;

ს. მგალობლიშვილი;

 

მდივანი-წევრი: დ. დავითაშვილი.


საქართველოს ეკლესიის დროებითის მმართველობის სხდომა №3

17 მარტს 1917 წ.

მ ო ი ს მ ი ნ ე ს: 1. მმართველობის წევრის პ[ეტრე] კიზირიას განცხადება შემდეგის შინაარსისა: "ვიდრე ავტოკეფალური მართვა-გამგებლობის უფლებანი ფაქტიურად არ მოგვენიჭება, ძალიან ფრთხილად უნდა შევეხოთ კრედიტების - ფულის ოპერაციას, ვინაიდგან ეს ნაწილი, ყოველ შემთხვევაში, მთავრობის განკარგულებაში უნდა იმყოფებოდეს და, მაშასადამე, შესაძლოა ჩვენის გარევით ამ საკითხში რაიმე გავაფუჭოთ, ახალ მთავრობას ვაწყენინოთ.

ც ნ ო ბ ა: კამათმა საკმარისად ცხად ვერ ჰყო ეს საკითხი და ამისათვის ზოგიერთმა წევრმა საჭიროდ დაინახა კომისიის საშუალებით გარჩევა ამ საკითხისა.

გ ა ნ ა ჩ ი ნ ე ს: მიენდოს ბატონ კიზირიას შეადგინოს მცოდნე იურისტებისაგან კომისია, აღძრული საკითხის განსახილველად და თავიანთი დასკვნა ამცნონ მმართველობას.

მ ო ი ს მ ი ნ ე ს: 2. ამიერკავკასიის კომისარიატის სახელზედ  შედგენილი  ქაღალდი  იმის  შესახებ  თუ  რა  აქტი მოახდინა სამღვდელოებამა და ერმა 12 მარტს ს. მცხეთაში.

ც  ნ  ო  ბ  ა: ქაღალდი  მოწონებულ  იქმნა  წარსადგენად კომისარიატის   წევრთან   კიტა   აბაშიძესთან   შემდეგის
შინაარსით:­

«1917 года, марта 12, в воскресенье, мы архипастыри грузинской церкви, клир церковный и представители мирян, собравшись во Мцхет в католикосском всея Грузии храме святых двенадцати апостолов, по совершении литургии и молебна о благоденствии новаго русскаго правительства, уяснили себе происшедший в России коренной переворот и установление в ней новаго правительства, а так-же основныя руководственныя положения этого правительства,
в    особенности исповедание им свободы совести и веры (пунк. 3), и, приняв во внимание, что 1) в грузинской церкви, имевшей, согласно с канонами Вселенских Соборов, автокефальное существование, уничтожение или упразднение котораго не подлежало компетенции ни-какой силы, за исключением Вселенского Собора, совершенно /10/ антиканонически приостановлено было автокефальное управление, и что 2) в России установилась новая форма государственнаго управления, с которою не гармонирует безправное существование грузинской церкви, _ признали необходимым и    единогласно и единодушно постановили: 1) С этого момента считать возстановленным автокефальное церковное управление в Грузии и, пока произведены будут канонические выборы Католикоса грузинской церкви, местоблустителем его назначить преосвященнаго Леонида, епископа Гурийско-Мингрельскаго, и принем, для управления церковью, под его председательствованием, учредить Временное Управление грузинской церкви в составе духовных и светских лиц; 2) так, как Грузия краеугольным камнем своего существования признает полную солидарность с новым русским правительством, настоящее решение до- вести до сведения председателя правительства г. Родзянко, председателя совета министров кн. Львова, обер-прокурора Синода г. Львова и Кавказскаго Коммисариата в Тифлисе».

Состав Временного Управления грузинской церкви таков: Председательствующий _ Местоблюститель Католикоса-Патриарха, Епископ Гурийско-Мингрельский, Леонид.

Члены: а) из духовныхь: Епископ Антонии, Епископ Пирр, Протоиерей Корнилий Кекелидзе, Протоиерей Каллистрат Цинцадзе, Протоиерей Никита Талаквадзе, Священник Полиевкт Карбелашвили, Священник Василий Карбелашвили, Священник Христофор Цицкишвили, Диакон Тимофей Бакурадзе, Псаломщик Гаврил Кубанеишвили.

б) Из мириян: Василий Захарьиевич Барнов, Антон Иванич Натрошвили, Петр Висарионович Кизирия, Петр Сименович Бараташвили, Софрон Захарьевич Мгалоблишвили, Григорий Феодорович Кипшидзе, Ипполит Петрович Вартагава, Сергий Романович Горгадзе, Давид Алексеевич Давиташвили, Давид Георгиевич Нахуцришвили, Феодор Сахокия, С. Яс, Ахвледиани, Симон Росанович Мачавариани.

Доводя о сем до сведения Кавказскаго Коммисариата Временнаго Правительства, покарнейще прошу оградить членов грузинской церкви от посягательстве на свободу их совести, а меня и членов Управления от насильственнаго вмешательства в проведении и осуществлении нами канонических начал церковной жизни. Местоблюститель Каталикоса-Патриарха всея Грузии Епископ Леонид».

გ ა ნ ა ჩ ი ნ ე ს: კომისარიატის სახელზე შედგენილი ქაღალდი გადაეცეს ბატონ კიტა აბაშიძეს.

მ ო ი ს მ ი ნ ე ს: 3. ცნობა სინოდალურ კანტორის პროკუ-რორის პოპოვის შესახებ, რომლიდგანაც გამოირკვა, რომ მისი ყოველი მოქმედება და ნაბიჯი სავნოა ჩვენი ეკლესიისათვის და წინააღმდეგია ახალი მთავრობის პრინციპებისა. მრავალ ნაკლულებათა შორის დასახელებულ იქმნა ისიც, რომ პოპოვი მფარველობდა ყველასათვის ცნობილ საეპარქიო მისიონერს პლატონოვს, რომელიც თვით ტფილისის აღმასრულებელ კომიტეტსაც უცვნია მავნებელ ადამიანად და უკვე გაუძევებია საქართველოდან. პლატონოვი, ითქვა კრებაზედ, ომამდე გაძევებული იყო კავკასიიდან და მთავარეპისკოპოსს პლატონს იგი უკან დაუბრუნებია ზემო აღნიშნული პოპოვის რჩევით. გარდა ამისა პოპოვს თვითნებობაც ემჩნევა: იგი მთელ სინოდალურ კანტორის უკონტროლო პატრონად გამხდარა, როგორც უნდა ისე ყველაფრით სარგებლობს და იმასაც კი არ ერიდება, რომ სახელმწიფო შენობაში თავის სიძეს - ყაზახთა ჯარის კაპიტანს - მიხას, ნებას აძლებს შიგ ცხოვრებისას. თვით ეს სიძეც არაა ცნობილი რიგიან კაცად, იგი ამხნევებს თავის სიმამრს და მთავარეპისკოპოსს პლატონს იმით, რომ საჭირო შემთხვევაში მას შეუძლია ყაზახთა ჯარი დაიხმაროს.

ც ნ ო ბ ა: არა ნაკლებ მავნე კაცებად იცნეს კრებაზე სამხედრო სობოროს წინამძღვარი დეკანოზი ტიმოთე ვესელოვსკი, რომელიც ჩუმად დაიარება მთავარეპისკოპოს პლატონთან. ეს დეკანოზი /12/ წინათაც ყველასაგან ცნობილი იყო როგორც უკუღმართი ადამიანი და უკიდურესი შავრაზმელი.

დაასახელეს ჩამოთვლილ პირთა შორის განდევნის ღირსად პროკურორ პოპოვისაგან ჩაყენებული ყოფილის საექზარხოსოს კანცელარიის მდივანი ნიკ[ოლოზ] დობროვოლსკიც.

გ ა ნ ა ჩ ი ნ ე ს: ყველა დასახელებულ პირთა სია გადაეცეს კომისარიატის წევრს ბატონ კიტა აბაშიძეს და ეთხოვოს მათი დაუყოვნებლივი განდევნა კავკასიის საზღვრებიდან, როგორც მეტად მავნე ადამიანებისა.

მ ო ი ს მ ი ნ ე ს: 4. მოხსენება მმართველობის მდივნისა - დავითაშვილისა, იმის შესახებ, რომ ყველა სასულიერო უწყების სასწავლებელთა და დაწესებულებათა სახელზე დამზადებულია მიწერილობა და როგორ მოიქცეს - ეხლავე დაგზავნოს ქაღალდები თუ ჯერ შეაჩეროს.

ც ნ ო ბ ა: კრებამ საჭიროდ სცნო მიწერილობათა გაგ-ზავნა შეჩერებულ იყოს. გაგზავნილა მხოლოდ ტფილისის საეპარქიო სასწავლებელში.

გ ა ნ ა ჩ ი ნ ე ს: მიწერილობათა გაგზავნა ცოტა ხნით შეჩერდეს.

მ ო ი ს მ ი ნ ე ს: 5. მისივე მოხსენება იმის შესახებ, რომ ეხლავე საჭიროა კანცელარიის პატარა შტატის ყოლა, მანქანაზე დამბეჭდავი მომუშავე, საბეჭდი მანქანის ყიდვა, ბეჭდების შეკვეთა და სხვ.

ც ნ ო ბ ა: I. პ[ეტრე] ბარათაშვილმა განაცხადა, რომ თავადაზნაურთა საკრებულოს მოეძებნება ორას თუმანზედ მეტი, რომელიც შეუძლიან გადმოსცეს საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობას.

ც ნ ო ბ ა: II. დ[ავით] ნახუცრიშვილმა განაცხადა, რომ მას, როგორც მნათეს, შეუძლია მოსცეს ფული დიდუბის ეკლესიის კასიდან, ოღონდ ყოვლადსამღვდელო ლეონიდემ განკარგულება მისცეს.

გ ა ნ ა ჩ ი ნ ე ს: ა) ნება მიეცეს მდივანს დავითაშვილს ზომები მიიღოს, რომ კანცელარია მოეწყოს თანახმად მისის შუამავლობისა; ბ) თავადაზნაურთა საკრებულოს და დიდუბის ეკლესიის წინამძღვარს და მნათეს მიეწეროს წერილები, რათა მათ დროებით მმართველობას საჭირო დახმარება აღმოუჩინონ.

მ ო ი ს მ ი ნ ე ს: 6. მმართველობის წევრის დ[ავით] დავითაშვილის მოხსენება: "გუშინ 16 მარტს, ქალთა საეპარქიო სასწავლებელში სამღვდელოების კრებაზედ ჩვენმა მმართველობის წევრმა დეკანოზმა ნიკ[იტა] თალაქვაძემ სიტყვა წარმოსთქვა, რომელშიაც მოითხოვა დაუყოვნებლივ წირვა-ლოცვის შესრულება ქართულ ენაზე იმ ეკლესიებში, რომელნიც თავის მრევლის შემადგენლობით და ისტორიულად ქართველ ერს ეკუთვნიან. ეს აზრი დეკანოზ თალაქვაძისა ეწინააღმდეგებოდა მმართველობის გადაწყვეტილებას, ვინაიდგან ამ უკანასკნელმა უმჯობესად იცნო დროებით არ შეცვლილიყო ეკლესიებში არსებული წესი და ამით არავინ არ აეღელვებინა. ჩემის აზრით, მმართველობის წევრებმა სრული სოლიდარობა უნდა დავიცვათ და თუნდაც პრინციპიალურად თანახმა არ ვიყოთ ზოგიერთი გადაწყვეტილებისა, მაინც წინააღმდეგობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი".

ც ნ ო ბ ა: დეკანოზმა ნიკ[იტა] თალაქვაძემ განმარტა, რომ მისი სიტყვა გამოწვეული იყო სხვის შეკითხვით და მან მხოლოდ თავისი პრინციპიალური აზრი წარმოსთქვა.

გ ა ნ ა ჩ ი ნ ე ს: სოლიდარობა წევრთა მოქმედებაში და ნალაპარაკევში სავალდებულოდ უნდა ითვლბოდეს ყველასათვის.

მ ო ი ს მ ი ნ ე ს: 7. მმართველობის წევრის იპ[ოლიტე] ვართაგავას წინადადება შემდეგის შინაარსისა: "ის წევრნი საქართველოს ეკლესიის მმართველ კომიტეტისა, რომელნიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალობის პრინციპების განმტკიცების დიდად პასუხსაგებ ხანაში მიზნად დაისახავენ ისეთის აზრების და დებულებების პროპაგანდა-განხორციელებას (გამგებლობაში ანდა გარედ), რომელიც ძირითადად ეწინააღმდეგება 12 მარტს მომხდარ ისტორიულს აქტს, მაშასადამე, ნებსით, თუ უნებლიეთ ხელს შეუწყობენ მთელი ქართველი ერის გულითად წადილის გაქარწყლებას, ანდა კერძოდ, კომიტეტის კრებებს გადააქცევენ პირად ანგარიშების გასასწორებელ ასპარეზად, - განთავისუფლებულ უნდა იქმნან კომიტეტში მუშაობისაგან, თუკი ეს უტყუარად დამტკიცდება და უმრავლესობის ფარული ხმით გადაწყდება.

გ ა ნ ა ჩ ი ნ ე ს: ცნობად მიღებულ იქმნას.

მ ო ი ს მ ი ნ ე ს: 8. მმართველობის მდივნის - დავითაშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ 16 მარტის კრებაზედ ტფილისის ქალაქის სამღვდელოებამ თავის რწმუნებულებად აირჩია დროებითი მმართველობის წევრებად ოთხი პირი: დეკანოზი კალ[ისტრატე] ცინცაძე, მღვდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი, მთავარდიაკონი ტიმ[ოთე] ბაკურაძე და მედავითნე გაბ[რიელ] ყუბანეიშვილი.

გ ა ნ ა ჩ ი ნ ე ს: სამღვდელოებისაგან არჩეული პირები დროებითი მმართველობის წევრთა სიაში შეტანილ იქმნან.

ხელს აწერენ: სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის მოსაყდრე ეპისკოპოსი ლეონიდი;

ანტონი, ეპისკოპოსი გორისა;

პ. კიზირია;

დეკ. კორ. კეკელიძე;

ვ. ბარნოვი;

დ. ნახუცრიშვილი;

იპ. ვართაგავა;

ს. მგალობლიშვილი;

ს. გორგაძე;

პეტრე ბარათაშვილი;

სოლ. ახვლედიანი;

მდივანი-წევრი: დ. დავითაშვილი.



საქართველოს ეკლესიის დროებითის მმართველობის სხდომა №4

20 მარტს 1917    წ.

მ ო ი ს მ ი ნ ე ს: 1. თავმჯდომარის მოხსენება, რომ იგი და ყოვლადსამღვდელო ანტონი იყვნენ ყოფილ სასახლეში და ინახულეს კომისარიატის წევრები: ხარლამოვი და კიტა აბაშიძე, ხარლამოვს გულითადი მადლობა გამოუცხადებია სამღვდელოებისათვის თანაგრძნობით დახვედრისათვის. შემდეგ, როცა მას მოხსენდა, რომ 12 მარტს მცხეთაში ხალხისა და სამღვდელოების სურვილით აღდგენილ იქმნა ავტოკეფალური მართვა-გამგეობა საქართველოს ეკლესიისა, ხარლამოვს უპასუხნია, რომ ამ ნაბიჯს დიდის სიამოვნებით მივეგებებით და საჭირო დახმარებასაც აღმოგიჩენთ, თუკი თქვენი მოქმედება საეკლესიო კანონებს არ ეწინააღმდეგებაო, მოხსენდა პასუხად, რომ საწინააღმდეგო არაფერი ჩადენილა და ამის შესახებ ცალკე კომისია გეახლებათ, რომელიც ყველაფერს წერილობით და უფრო დაწვრილებით მოგახსენებთო. უკანასკნელ წინადადებაზე ხარლამოვმა სთქვა, პასუხს იმისას, თუ როდის შეეძლება კომისარიატს მიღება თქვენგან გამოგზავნილ კომისიისა, შეგატყობინებთ ბატონი კიტა აბაშიძეო.

ც ნ ო ბ ა: მმართველობამ საჭიროდ სცნო დამუშავება დეკლარაციისა, რომელიც უნდა მიერთვას კომისარიატსა. ამ დეკლარაციაში აღნიშნული უნდა იყოს საკათალიკოსოს საზღვრები.

გ ა ნ ა ჩ ი ნ ე ს: დეკანოზ კორ[ნელი] კეკელიძეს დაევალოს თხოვნისა და დეკლარაციის შედგენა, ხოლო ბატონს ს[ერგი] გორგაძეს ამ დეკლარაციისათვის დაევალოს საკათალიკოზოს ტერიტორიის ისტორიული საზღვრების გამორკვევა.­

მ ო ი ს მ ი ნ ე ს: 2. ზოგიერთი წევრების წინადადება, რომ გამორკვეულ იქმნას რაოდენობა და ღირებულება იმ საეკლესიო მამულებისა, რომელიც სახაზინოდ ჩამოგვართვა უწინდელმა მთავრობამ.

ც ნ ო ბ ა: ამ დარგში სამუშაოდ სასარგებლოდ სცნეს მოწვევა მიხეილ ვასილის ძე მაჩაბლისა; ანტონ ივანეს ძე ნატროშვილისა და მღვდელ პოლიევკტოს კარბელაშვილისა.

გ ა ნ ა ჩ ი ნ ე ს: დაარსდეს კომისია, რომელშიც მიწვეულ იქმნან: მიხეილ ვასილის ძე მაჩაბელი, ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი  და მღვდელი პოლიევკტოს კარბელაშვილი და დაევალოს მათ გამორკვევა აღძრულის საკითხისა.

მ ო ი ს მ ი ნ ე ს: 3. თავმჯდომარის მოხსენება, რომ თავადი ვლ. ს. მიქელაძის აზრით საჭიროა პეტროგრადში გაგზავნა ისეთის ადამიანისა, რომელსაც დაევალება აქაური საქმის ვითარება გააცნოს ჩვენ მამულიშვილებს: პროფესორ ცაგარელს, ავალიშვილს და ჯავახიშვილს, რათა ამ უკანასკნელებმა ნიადაგი მოამზადონ სადაც ჯერ არს დაწყებული საქმის კეთილად დასამთავრებლად.

ც ნ ო ბ ა: აღნიშნული მოსაზრება მომეტებულს წევრებს მოეწონა, მხოლოდ ჯერ ნაადრევად იცნეს კაცის გაგზავნა ვიდრე რაიმე გარკვეულ პასუხს არ მოიცემა კომისარიატი.

გ ა ნ ა ჩ ი ნ ე ს: წინადადება მიქელაძისა პრინციპიალურად მიღებულ იქმნას, მხოლოდ იმის შესახებ, თუ როდის უნდა გაიგზავნოს ეს კაცი, მმართველობამ ცალკე მსჯელობა იქონიოს.

ხელს აწერენ:
სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის მოსაყდრე ეპისკოპოზი ლეონიდი;

ანტონი, ეპისკოპოსი გორისა;

დეკ. კორნ. კეკელიძე;

ვ. ბარნოვი;

იპ. ვართაგავა;

დ. ნახუცრიშვილი;

პ. კიზირია;

სოლ. ახვლედიანი;

მღვდელი პოლიევკტოს კარბელაშვილი;

ს. გორგაძე;

ს. მგალობლიშვილი;

პ. ბარათაშვილი;

მდივანი-წევრი: დ. დავითაშვილი.

 

საქართველოს ეკლესიის დროებითის მმართველობის სხდომა №5

21 მარტს 1917    წ.

მ ო ი ს მ ი ნ ე ს: 1. დეკანოზ კ[ორნელი] კეკელიძისაგან შედგენილი პროექტი დეკლარაციისა, რომელიც მას მიენდო წინა კრების - 20 მარტის ჟურნალის განჩინებით. ეს დეკლარაცია შემდეგის შინაარსისაა: «В IV веке в пределах грузинскаго царства утвердилась поместная церковь, глава которой вскоре стал называться, по восточной терминологий Католикосом или Католикосом-Патриархом. Церковь эта, с самаго начала имевшая фактическую независимость, в половине XI века получила каноническую автокефалию, как это видно, между прочим, из слов знаменитаго греческаго канониста XII века, патриарха Антиохийскаго, Феодора Вальсамона, который в толковании на 2-е правило 2-го Вселенскаго Собора, говорит: «Если находишь и другия автокефальныя церкви, как то Болгарскую, Кипрскую и Иверскую, не удивляйся этому. Ахиепископа Иверскаго почтило независимостью определение Антиохийскаго Собора. Говорят, что во дни господина Петра святейшаго патриарха Феопола, т. е. великой Антиохии, было соборное распоряжение о том, чтобы церковь Иверская, подчиненная тогда патриарху Антиохийскому, была свободною и автокефальной». Таковой она признавалась всеми православными церквами, в том числе и Русской, которая для суда над патриархом Никоном пригласила, между прочим, и преставителя грузинскаго католикоса. И    после добровольнаго присоединения грузинскаго государства к России церковь грузинская в течение десяти лет еще аставалась независимой и только в 1811 году (в силу высочайшаго указа, от 30 июня 1811 года) она подчинена была церкви русской, которая стала управлять ею через своих Экзархов. Таковое подчинение было актом явнаго насилия и незаконнаго вмешательства в чужия дела. Оно 1) не было согласно с волею народа и желанием грузинской церкви, глава которой, католикос-патриарх, насильственно был выслан в Россию; 2) не вызывалось соображениями государственной необходимости, ибо, если на територии Византийской Империи существовали в древности, как ныне в Турции, четыре независимых друг от друга патриархата, то и в России могли ужиться две самоглавныя церкви; 3) Противоречило канонам церковным, по которым ни одна церковь не имеет права подчинить себе другую церковь без согласия последней и без решения компотентной соборной власти (35 апос. прав., 2 прав. II Всел. Собора, 8 прав. III Всел. Собора, 20 прав. VI Всел. Собора); 4) не оправдывалось идеею народнаго и церковнаго блага, ибо она повлекло за собой насильственную руссификацию одной из древнейших восточных церквей, искажение школы духовной, пренебрежение к языку богослужебному, что, в свою очередь, сопровождалось упадком веры, нравственности и добрых христианских обичаев в Грузии, а также возбуждением недобрих чувств между двумя единоверными народами.

Это ненормальное явление побудило грузинскую церковь в 1905 году возбудить вопрос о возстановлении в ней каноническаго строя и независимаго от русской церкви управления, но вопрос этот благодаря пративлению Синода досел оставался вопросом. Ныне, с утверждением в России новаго правоваго строя, провозгласивщаго, между прочим, свободу религиознаго, а следовательно и церковнаго само определения, грузинская церковь выходит из антиканоническаго подчинения русской церкви и возстанавливает у себя канонический строй.

Приступая к осуществлению неотьемлемо принадлежащих ей автокефальных прав, грузинская церковь поставляет себе священной задачей служить благу церковному и укреплению братских уз между русским и грузинским народами, на почве взаимнаго доверия и уважения к свободе религиозной совести верующих, и долгом своим почитает сообщить Кавказскому Комиссариату Временнаго Правительства, для зависящих распоряжений, следующее: 1) Юрисдикции грузинскаго католикоса подчиняется православное население на территории древне-грузинскаго католикосата, обнимавшаго собою, по теперешней административной терминологии, губернии Кутайсскую и Тифлисскую, округи Закатальский и Сухумский, область Батумскую и Ардаганский и Ольтинский, округи Карсской, северный сектор Александропольскаго уезда (Бамбок и Абоц), Прикуринскую Кахетию, приписанную к Елисаветопольской губернии, первий полицейский участок Нухинскаго уезда (от Саингило до реки Гишисцкали), Бзибскую Абхазию (от Пицунды до Гагры), приписанную к Сочинскому участку, три казы бывшей Турецкой Грузии: Тортом, Киским, Испир. Православное русское население названных местностей будет иметь своего русскаго епископа, который пользуясь широкой автономией, будет находиться в канонической зависимости от католикоса-патриарха грузинской церкви, ибо церковные каноны не признают возможным существование на однои и той же церковной территории двух независимых друг от друга иерархов. Чтоже касается православнаго населения других местностей Закавказья, оно остается в ведении русской церкви.

2) Во главе грузинской церкви стоит «Архиепископ Мцхетский, Католикос-Патриарх всея Грузии», который избирается достигшими гражданскаго совершеннолетия членами грузинской церкви по всеобщему, равному, прямому и тайному голосованию из лиц духовных, а равно и светских, обладающих необходимыми для этого высокаго сана качествами, при чем выбранный кандидат, до посвящения в сан, представляется на утверждение высщей государственной власти. Католикос являясь первым между равными (34-е апостольское правило), председательствует на поместном Соборе грузинской церкви и в сущесствующем при нем католикозском совете. Ему принадлежит право архипастырской визитации всех епархии католикосата, в которых поминается его имя, вместе с именем епархиальнаго архиерея, за богослужением а также право верховнаго руководительства делом школьнаго воспитания духовнаго юнощества в католикосате. Заботясь, вместе с католикосским советом о своевременном замещении, по каноничесским принципам, в довствующих кафедр, он принимает жалобы на епископов и церковныя учреждения и назначает следствия. Вчинить дела, имеющия общецерковное значение, католикос может с согласия поместнаго Собора грузинской церкви, суду котораго он подчиняется на равне с другими епископами. Являясь предстоятелем грузинской церкви и имея свою собственную печать, католикос сносится по церковным делам со всеми афтокефальными церквами, а равно с высшими государственными инстанциами.

3) Во внутреннем своем управлении церковь грузинская будет руководствоваться постановлениями Вселенских и поместных Соборов, Собора грузинской церкви, а также теми распоряжениями католикоса и церковнаго при нем совета, которыя не будут в противоречии с канонами церковными и законоположениями государственными.

4) Внешнее юридическое положение грузинской церкви не должно быть умалено сравнительно с положением в государстве церкви русской, ибо члены ея, будучи полноправными гражданами русскаго государства, будут нести одинаковия с членами русской церкви государственныя повинности.

5) Отсюда, те средства, которыя ныне отпускаются из государственнаго казначейства в распоряжение св. Синода на покрытие расходов на содержание бывшаго грузинскаго Экзархата, должны быть отпускаемы и впредь до разрешения церковнаго вопроса вообще в России, тем более, что в 1850-1869 годах в Русскую Государственную Казну отобрано было многомиллионное церковное имение, которое ранее, до русскаго владычества в Грузии служило главным источником содержания церкви. Средства эти следующия: а) 173.160 руб. 15 коп. – пособие из Государственнаго Казначейства, по $9 ст. 1 сметы св. Синода, на содержание мужских духовно-учебных заведений края, (все эти заведения находятся в пределах католикосата грузинскаго); б) 937.397 руб. 59 коп. отпускается по $7, ст. 1 сметы св. Синода в распоряжение Синодальной Конторы на содержание городскаго и сельскаго духовенства и духовных учреждений, в упомянутых пределах католикосата; в) 354.968 р. 40 коп. – на содержание начальных церковных школ.

6) Смета в пределах указанной суммы будет составляться и представляться непосредственно в государственныя учреждения главою грузинской церкви, в распоряжение котораго и должны быть открываемы кредиты как текущаго, так и последующих годов. Организация церковной жизни и церковнаго в Грузии управления будет детально разработана и в свое время представлена правительству; на этот же раз указываются лишь основныя положения, определяющия физиономию автокефальной грузинской церкви. Грузинская церковь всегда стоявшая на страже прогрессивнаго движения в Росссии и ныне проникнутая искренним желанием служить делу упрочения в ней новаго государственнаго строя, питает полную уверенность, что новое правительство окажет ей всяческое содействие к устроению ея жизни на канонических началах, изложенных в настоящей докладной записке».

ც ნ ო ბ ა: I. დეკლარაციაში შეტანილი საქართველოს საკათალიკოზო ტერიტორიის საზღვრები წარმოდგენილიყო ს[ერგი] გორგაძისაგან, რომელსაც დაუმუშავებია ეს მასალა ბატონ ექ[ვთიმე] თაყაიშვილის და პ[ავლე] ინგოროყვას თანადახმარებით.

ც ნ ო ბ ა: II. დეკანოზმა კეკელიძემ განაცხადა, რომ მას დილით კიტა აბაშიძე უნახავს და მისთვის წაუკითხნია დეკლარაცია. მას მოუწონებია და ზოგიერთი ადგილისათვის ყურადღება მიუქცევია. თანაც წინადადება მიუციათ, რომ 22-ს დილით კიდევ ინახულოს ყოფილ სასახლეში.

გ ა ნ ა ჩ ი ნ ე ს: დეკლარაცია მოწონებულ და მიღებულ იქმნას; ერთი ამისა ასლი მიერთვას კავკასიის კომისარიატსა.

მ ო ი ს მ ი ნ ე ს: 2. იმერეთის სამღვდელოების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მღვდელ სპ[ირიდონ] ლეკვეიშვილის  რაპორტი  (18  მარტის  თარიღით)  შემდეგის შინაარსისა:  "გაახლებთ  ამასთანავე  ამოწერილობას  ოქმის წიგნიდგან, დადგენილს  იმერეთის  სამღვდელოების  აღმასრულებელი კომიტეტისას, 17 ამა მარტიდან ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ დადგენილებას თქვენი მეუფება მისცემს შესაფერს მსვლელობას საკეთილდღეოდ ჩვენი დაჩაგრულ სამღვდელოებისა და აღსადგენათ შესაფერი მართვა-გამგეობისა.

ც ნ ო ბ ა I. ამოწერილობა ოქმის წიგნიდგან შემდეგი შინაარსისაა: "1917 წ. მარტის 17, პირველი საათის ნახევარზე, მოხდა კრება იმერეთის სამღვდელოების აღმასრულებელი კომიტეტისა, რომელზედაც მორიგი საკითხების განხილვისას დაადგინა შემდეგი:

4) იქმნეს იმერეთის აღმასრულებელი კომიტეტის მხრით წარმომადგენელი ბატონი სერგო რომანოზის ძე გორგაძე საკათლიკოზო ცენტრალურ კომიტეტში, რისთვისაც გაეგზავნოს შესაფერისი უწყება.

16) ეცნობოს საკათალიკოზო დროებით აღმასრულებელ კომიტეტს ჩვენი წარმომადგენელის საშვალებით, რათა გათავისუფლებულ იქმნეს ეპისკოპოსი გიორგი იმერეთის ეპარქიის მართვა-გამგეობისაგან, ვინაიდგან ღრმა მოხუცებულებისა გამო და თავის მიმართულებით არ შეესაბამება დღევანდელ მომენტს.

17) სრულიათ უკავშირდება-რა საერთო, საქართველოს საეკლესიო საქმეებში საკათალიკოზო დროებით მმართველობას, იმერეთის სამღვდელოების აღმასრულებელი კომიტეტი იტოვებს თავისუფლებას ადგილობრივ ეპარქიის შინაურ საქმეების მოწყობა მოწესრიგებაში.

18) გაიგზავნოს მღვდელ მიხეილ ბუაჩიძე საკათალიკოზო კომიტეტთან ზემო აღნიშნულ დადგენილების სისრულეში მოსაყვანად."

ც ნ ო ბ ა II: მღვდელმა მიხ[ეილ] ბუაჩიძემ განმარტა, რომ კომიტეტი შესდგება 14 კაცისაგან და ყველა წევრნი სასულიერო პირთაგანია, საერო არავინ ურევია.

ყოვლადსამღვდელო გიორგის შესახებ სთქვა, რომ ის არავითარ საქმეში ხელმძღვანელობას ვერ გვიწევს, ქადაგებას ვერ ამბობს, რადგან არც ეხერხება. მისი ხელქვეითები - ნათესავები უზნეოდ იქცევიან და სხვ. თუ ეხლავე არ დაკმაყოფილდა იმერეთის სამღვდელოების დადგენილება, კომიტეტი იძულებულ შეიქნება დაიშალოს.

ც ნ ო ბ ა III: ამ საკითხმა გამოიწვია ცხარე კამათი; მომეტებული რიცხვი წევრთა იმ აზრისანი იყვნენ, რომ ეხლა დათხოვნა ეპისკოპოსისა ყოვლად უადგილო იქნება; ეს მოვლენა გამოიწვევს უთანხმოებას, ჩვენ დაწყობილ საქმეს არევ-დარევს და ამით მტერს გავახარებთ. იყო გამოთქმული ის აზრიც, რომ ეპისკოპოსი გიორგი არ შეეფერება ეხლანდელ დროის მოთხოვნილებათა, მაგრამ მისი დათხოვნა მათაც სცნეს უდროვო მოქმედებათ. ს[ერგი] გორგაძემ განაცხადა, რომ კანონიურად, თვინიერ საეკლესიო კრებისა, ჩვენ მღვდელმთავრის დათხოვნა არ შეგვიძლია, ეს ჩვენ უფლებას აღემატება, თუნდაც რომ გიორგი მართლა ღირსიც იყოს დათხოვნისა. დეკანოზმა თალაქვაძემ აღნიშნა, რომ იმერეთის სამღვდელოება უკანონოდ მოიქცა, მას ჩვენ ნებადაურთავად არ უნდა დაენიშნა არავითარი კომიტეტი. ეპისკოპოსმა ანტონმა ასეთი შენიშვნა სამღვდელოებისადმი ეხლა უხერხულად სცნო, რადგან ამ შენიშვნას შეუძლიან გააღიზიანოს იგი და ამით აიძულოს ახალი რამ შეცდომა ჩაიდინოს. ყოვლადსამღვდელო ანტონს დაეთანხმა ვ[ასილ] ბარნოვიც, რომელმაც, სხვათა შორის, შენიშნა, რომ კომიტეტის შემადგენლობა არ შეესაბამება ეკლესიის დემოკრატიზაციის იდეას, ვინაიდგან იგი შესდგება მხოლოდ სასულიერო პირთაგან და კანონით კი მათში საერონიც უნდა ერიონ.

მდივანმა დ[ავით] დავითაშვილმა განაცხადა: "მართალია, ყველამ ის აზრი გამოსთქვა, რომ ეხლა ყოვლადსამღვდელო გიორგის იმერეთიდან მოშორება უდროვოა და მოუხერხებელი, მაგრამ მე მინდა გულწრფელად აღვიარო, რომ აქ არამც თუ არავითარი უხერხულობა არ იქნება, არამედ სამართლიანობას გამოიჩენდა ჩვენი მმართველობა, ვინაიდგან ყველამ კარგად იცის, რომ ეპისკოპოს გიორგის იმერეთის სამღვდელოება ეხლა კი არ იწუნებს, არამედ დიდი ხანია უკმაყოფილო იყო. ჩემის აზრით, თუკი მთავარეპისკოპოსის პლატონის საქციელს, - რომ იგი 12 მარტს შემდეგ არ აპირებს გასვლას, - ვუძახით უკანონობას, რატომ იგივე სახელი არ უნდა ვუწოდოთ ჩვენის მღვდელმთავრის ისეთსავე საქციელს. ამისთვის დავასკვნი, რომ ყოვლადსამღვდელო გიორგი თვითონვე უნდა გადასდგეს".

გ ა ნ ა ჩ ი ნ ე ს: გამოეცხადოს მღვდელს მიხ[ეილ] ბუაჩიძეს გადასაცემად კომიტეტში, რომ დროებითმა მმართველობამ ეხლა უდროოთ მიიჩნია ყოვლად სამღვდელო გიორგის დათხოვნა და ამიტომ სთხოვს იმერეთის სამღვდელოების კომიტეტს ცოტას ხნით შეაჩეროს თავისი განაჩენი, რათა მმართველობამ შეიძლოს საქმის გამორკვევა და შემდეგ ზომების მიღებაც. ამასთანავე ეცნობოს იმერეთის კომიტეტს, რომ გამოძიება საქმისა მიენდობა მმართველობის ერთ-ერთ წევრს, რომელიც, სხვათა შორის, მოაწესრიგებს კომიტეტების დაარსების საკითხს. ყოველშემთხვევაში, რაიმე ურიგობის მოხდენის ასაცილებლად, ეხლავე დაბარებულ იქმნას იმერეთიდან ეპისკოპოსი გიორგი და სამღვდელოების დასაშოშმინებლად გაგზავნილ იქმნას ერთი წევრთაგანი.

ხელს აწერენ: სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პა-ტრიარქის მოსაყდრე ეპისკოპოსი ლეონიდი;

ანტონი, ეპისკოპოსი გორისა;

დეკ. კ. ცინცაძე;

პ. კიზირია;

დეკ. კორნ. კეკელიძე;

ვ. ბარნოვი;

დ. ნახუცრიშვილი;

ი პ. ვართაგავა;

სოლ. ახვლედიანი;

ს. გორგაძე;

პ. ბარათაშვილი;

ს. მგალობლიშვილი;

მღვდელი პოლიევკტოს კარბელაშვილი;

მდივანი-წევრი: დ. დავითაშვილი.




საქართველოს მეორე საეკლესიო კრება (სტენოგრამა)

27 ივნისი. 1920 წელი. კვირა. კრების დაწყების წინ, წესისამებრ, საეკლესიო კრების ყველა დელეგატი სიონის საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო. ამ დღეს საღვთო ლიტურღიას აღასრულებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე. უწმიდეს ლეონიდესთან ერთად თანამწირველნი იყვნენ აგრეთვე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი და ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი. წირვის შემდგომ თავის ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქმა სიტყვით მიმართა II საეკლესიო კრებას, რის შემდეგაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი იქნა გადახდილი. პანაშვიდის შემდგომ საეკლესიო კრების გამართვასთან დაკავშირებით პარაკლისი აღესრულა. სხდომა 1920 წლის 28 მარტის დილისათვის იქნა დანიშნული, შესაკრებელ ადგილად კი ძველი სემინარიის შენობა გამოცხადდა.

28 ივნისს კრება მისასალმებელი სიტყვით თავად კათოლიკოს-პატრიარქმა გახსნა. მან თავის გამოსვლაში მოკლედ შეაჯამა საკათოლიკოსო საბჭოს ორწლიანი მუშაობა და ეკლესიაში არსებულ მდგომარეობას შეეხო. თავისი გამოსვლის ბოლოს კათოლიკოს-პატრიარქმა წინადადება მისცა დელეგატებს, აერჩიათ პრეზიდიუმი. კრებამ აირჩია პრეზიდიუმი, რომელშიც შედიოდნენ: "თავმჯდომარის ამხანაგები": ცხუმ-აფხაზეთის მიტოპოლიტი ამბროსი, ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი, დეკ. ტარიელ ცაგარეიშვილი, დეკ. დიმიტრი მარღანია, პართენ გოთუა, სპირიდონ კედია, ალექსანდრე ასათიანი და ზ. ქიტიაშვილი. მდივნებად არჩეულ იქნენ: ერასტი თუთბერიძე, ილარიონ ჟღენტი, დეკანოზი გიორგი ინაშვილი, პლატონ ჯიშკარიანი და პავლე ჩხეიძე. სამანდატო კომისის დეკანოზი სიმონ ჭელიძით, ბ. ღუდუშაურით, ი. ბობოხიძით, ივ. მარგიანით, დათეშენიძითა და გერასიმე იმნაიშვილით დაკომპლექტდა. თვითონ ის ფაქტი, რომ არამარტო მდივნებად, არმედ პრეზიდიუმშიც კი მაღალ სასულიერო იერარქებთან ერთად საერო პირებიც არიან წარმოდგენილინი, სრულ შესაბამისობაში მოდიოდა საკათოლიკოსო კრების წევრთა არჩევნების წესდებასთან. კერძოდ, ამ წესდების §3 და §4-ში ვკითხულობთ:

"§3. კრების წევრებად ითვლებიან ყველა ქართველი ეპისკოპოზები და საქართველოს ეკლესიის დროებითის მმართველობის ათი წევრი: ხუთი სასულიერო და ხუთი საერო.

§4. მორწმუნე ერი ირჩევს კრების წევრებად მამაკაცს, ან დედაკაცს."

კრების შემადგენლობა სხვა მხრივადაც იყო საინტერესო. ჯერ ერთი, უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ ამ კრებას ეკლესიისათვის (და შესაბამისად ქვეყნისათვისაც) უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამ კრებაზე უნდა გადაჭრილიყო ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ეს კი თავისთავად მოითხოვდა არა მარტო მთავრობის წევრებთან დიალოგსა და მუშაობას, არამედ ამ კრებაზე მათ უშუალო მონაწილეობასაც.

კრებას მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა. რაც თავისთავად საინტერესოს ხდიდა ასრებულ ვითარებას. სხდომაზე დაისვა კიდევ კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ არ იყო არავინ მოსული მთავრობიდან. ამ კითხვაზე კრების მოწვევის ორგანიზატორებმა პასუხი ვერ გასცეს. კრებამ ამის შემდეგ მთავრობასთან გასაგზავნი დელეგაცია აირჩია, რომელშიც საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელი შედიოდა. ამ ფაქტს საარქივო მასალაში განსაკუთრებით ესმევა ხაზი. თვითონ დელეგაციის დაკომპლექტება სხდომის ბოლოსათვის გადაიდო. საბოლოოდ ის თერთმეტი კაცისაგან დაკომპლექტდა და დაევალა გაეშუქებინა ეკლესიის საერთო მდგომარეობა და გამოეკვლია ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართება.

ზემოთ ხსენებული იყო, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა II საეკლესიო კრებას. გარდა აღნიშნულისა ამ კრების სერიოზულობას იმ საკითხთა სიმრავლეც განსაზღვრავდა, რომელიც კრებას აუცილებლად უნდა გადაეჭრა. დასმულ პრობლემათაგან იყო: 1) ეკლესიებში ძველი ღვთისმსახურების აღდგენა; 2) ეკლესიის მდგომარეობა ზაქათალის ოლქში; 3) სამღვდელო პირთა მიერ ორი თანამდებობის აღსრულება; 4) ბოდბის სამიტროპოლიტოს დაარსება; 5) სარწმუნოებრივი მოღვაწეობის გამო იმერეთის სამღვდელო პირთა დაპატიმრება; 6) საეკლესიო ცხოვრების დაცემის მიზეზები; 7) ეკლესიის კანონიერი და უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს რესპუბლიკაში; 8) ჭყონდიდელის არჩევა; 9) გურიის ეპარქიის დაარსება; 10) საქართველოს სამღვდელოების პროფესიული კავშირების დაარსება; 11) მრევლთა გამიჯვნა იმერეთის ეპარქიაში; 12) ტიბიკონისა და ლიტურგიის წესისი გადასინჯვა.

კრებამ ყველა ამ საკითხზე წერილობითი მოხსენება მოითხოვა, რომლის გასარჩევად და კრებაზე წარსადგენად ექვსი კომისია შეიქმნა.

კრებაზე საკათოლიკოსო საბჭომ სამუშაო რეგლამენტი წარმოადგინა. კრების დელეგატებს წარმოდგენილი რეგლამენტისათვის დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. მხოლოდ მის მე-9 და მე-10 მუხლებში იქნა შეტანილი კორექტივები. კრების გადაწყვეტილებით ორატორს ერთსადაიმავე საკითხზე ორჯერ გამოსვლის უფლება ეძლეოდა. აქედან პირველად ოც წუთიანი, ხოლო მეორედ ათწუთიანი გამოსვლით უნდა შემოფრაგლულიყო.

28 ივნისის სხდომა დელეგატ ავქსენტი აბესაძის გამოსვლით დასრულდა, რომელიც II საეკლესიო კრების სახელით საქართველოს ჯარსა და გვარდიას მიესალმა. საეკლესიო კრებამ საქართველოს ეს შეიარაღებული უწყება "სახელოვანი ჯარისა და გვარდიის" ეპითეტით შეამკო.

კრება მეორე დღეს, 29 ივნისს, დილის 9-ის ნახევარზე განახლდა ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში. მას კვლავინდებურად კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე ხელმძღვანელობდა. ამ სხდომამ თავის მხრივ დაამტკიცა წინა დღეების ოქმები და საბოლოოდ დაადასტურა მთავრობასთან გასაგზავნ დელეგატთა სია. ამის შემდგომ სიტყვით გამოვიდა პოლკ. ავქსენტი აბესაძე, რომელმაც თავის მისასალმებელ გამოსვლაში მოკლედ აღნიშნა ის დიდი ღვაწლი და ამაგი, რომელიც საქართველოს ეკლესიას და მის სამღვდელოებას სამშობლოს წინაშე მიუძღვის.

სხდომაზე დაყენებულ იქნა მღვდელ სიმონ ფხალაძის პრობლემა, რომლის გადასინჯვა და კრებისათვის მოხსენება პავლე ჩხეიძისაგან და ბ-ნ დოჭვირისაგნ შემდგარ კომისიას დაევალა.

ამის შემდგომ კრებამ საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის საკითხის განხილვა დაიწყო.

კრებაზე საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის საკათოლიკოსო საბჭოსაგან გამზადებული დებულების პროექტი დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ წარადგინა. კრებამ წარმოდგენილი პროექტი მცირე შესწორებებით მიიღო. ამ შესწორებათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისაა, რომ კრებაზე ხმის უფლებით დასწრების უფლება მიეცათ სასულიერო, უმაღლესი, საშუალო სასწავლებლებისა და საქართველოს უნივესიტეტის წარმომადგენლებს. ამასთან მითითებულ იქნა, რომ საერო პირთაგან საეკლესიო კრების დელეგატი მხოლოდ ის შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ მაინც იქნებოდა ნაზიარევი.

სხდომას დელეგატთა გარდა მრავალი სხვა პირიც ესწრებოდა, რისი აღკვეთაც მოითხოვა კრების გარკვეულმა ნაწილმა. მათი წინადადებით სხდომა დროებით შეწყდა და გაკეთდა ბილეთები, რომლებიც დელეგატებს დაურიგდათ. ამის შემდგომ სხდომაზე დასწრება მხოლოდ ამ ბილეთის მფლობელს შეეძლო. გამონაკლისს მხოლოდ ის პირები შეადგენდნენ, რომელთა მოწვევაც კრების რეგლამენტით იყო გათვალისწინებული. ამ პროცედურულმა საკითხების გადაჭრამ პრაქტიკულად 29 ივნისის სხდომის მიმდინარეობა განსაზღვრა. მეტი საკითხი ამ დღეს აღარ განხილულა.

კრებამ მუშაობა მეორე დღეს, 30 ივნისს, დილის 9 საათზე კვლავ ქაშუეთის ეკლესიაში განაგრძო. წინა დღეს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კრებას მხოლოდ დელეგატები ესწრებოდნენ, თუმცაღა ამასთან დაკავშირებით პრობლემამ მაინც იჩინა თავი. საქმე ეხებოდა მღვდელ სარდიონ ალადაშვილს, რომელიც საოლქო კრების მიერ კი იყო არჩეული, მაგრამ იმავდროულად ყოვლადსამღვდელო ალავერდელი მიტროპოლიტ პიროსისაგან სამართალშიც იყო მიცემული. მღვდელი სარდიონი კრებისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავდა, რომ ის ყოვლადსამღვდელო პიროსისაგან ძლიერ უბრალო საქმისათვის იყო განკვეთილი და სამართალში მიცემული. მიღებულ ინფორმაციაზე კრებამ განმარტება სთხოვა ალავერდელ მღვდელმთავარს. მეუფე პიროსმა ასეთი წერილობითი ცნობა მიაწოდა კრებას:

"13 ივნისს საეპარქიო საბჭოს სახელზე შემოვიდა სრულიად სანდო სას. პირისაგან განცხადება, შესახებ იმისა, რომ მღ. სარდიონ ალადაშვილმა 12 ივნისს შეასრულა საეკლესიო წესი ანდერძის აგებისა და დასაფლავებისა მიხეილ რაზმაძისათვის, ეპარქიის სასამართლოს მიერ მღვდლის ღირსება აყრილ დავით ოთარაშვილის მონაწილეობით."

ყოვლადსამღვდელო პიროსს დაუბარებია მღვდელი სარდიონი და ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება უთხოვია. ამ უკანასკნელს არ უარყვია ხსენებული მიცვალებულისათვის წესის აგების ფაქტი, მაგრამ ოთარაშვილთან დაკავშირებით უთქვამს, რომ ის იქ უბრალოდ იდგა და არც წესის აგებაში მიუღია მონაწილეობა და არც რაიმე უთქვამსო. მეუფე პიროსმა ამის გამო მოკვლევა ჩაატარებინა ეპარქიის სასამართლოს ერთ-ერთ წევრს, რის შედეგადაც დადასტურდა მღვდელ სარდიონ ალადაშვილისა და მღვდლობაჩამორთმეულ დავით ოთარაშვილის ერთობლივი მსახურება. საეპარქიო სასამართლოს დადგენილებით მღვდელი სარდიონ ალადაშვილი მოციქულთა კანონის მე-11 მუხლის დამრღვევად იქნა ცნობილი. მეუფე პიროსი თავის წერილობით ცნობაში აღნიშნავდა, რომ ეს დანაშაული არ არის უბრალო, როგორც ამას ალადაშვილი აღნიშნავდა, არამედ ხარისხის ჩამორთმევის ღირსიო. მღვდელმთავარი იმასაც მიუთითებდა, რომ პირადად მას სამართალში მიცემული არავინ ჰყავდა. მღ. სარდიონი სამართალში საეპარქიო საბჭოს მიეცა. ალადაშვილისათვის ამავე სასამართლოს ჰქონდა საეკლესიო კრებაზე დასწრების უფლება ჩამორთმეული და სწორედ ამის კვალობაზე არ აძლევდა საეპარქიო საბჭო მანდატს მღ. ალადაშვილს. აღნიშნულის გამო კრებამ ალადაშვილი დელეგატად არ სცნო. სხვა რაიმე ამგვარი პრობლემა კრებაზე აღარ წამოჭრილა, რის გამოც დელეგატთა არსებული სია დამტკიცებულ იქნა.

სხდომაზე გაიმართა კამათი იმის შესახებ, თუ როგორი ორგანოს დაწესებულება უნდა ყოფილიყო მუდმივი კრება, ანუ უნდა ყოფილიყო ის აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო; რა დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა მას პროექტის თანახმად წელიწადში ერთხელ მოსაწვევ საეკლესიო კრებასთან. ამასთან დაკავშირებით მრავალი აზრი იქნა გამოთქმული. ზოგი მუდმივ კრებას თათბირის უფლებას ანიჭებდა მხოლოდ, ზოგი - აღმასრულებლობითს, სხვანი კი საკანონმდებლო უფლებებს განუკუთვნებდნენ მას. ეს უკანასკნელნი ამ უფლებებს ძლიერ შეზღუდული სახით წარმოადგენდნენ. იყო ისეთი აზრიც, რომ სახელმწიფოსათვის ეკლესიის უდიდესი მნიშვნელობის გამო, ამ უკანასკნელსაც ჰქონდა მმართველობის სამი სახე: კანონმდებლობითი, აღმასრულებელი და სასამართლო. ამ მოსაზრების მქონენი სამივე ფუნქციას საკათოლიკოსო საბჭოს განუკუთვნებდნენ, ხოლო საეკლესიო კრება დამფუძნებლად მიაჩნდათ. ამის გამო ისინი თვლიდნენ, რომ ეკლესიაში პატარა კრება უნდა მოწყობილიყო, რასაც მუდმივი ხასიათი ექნებოდა და დიდი კრების მაგივრობას გასწევდა. მცირე კრებას დიდისათვის მასალა უნდა მიეწოდებინა. საბოლოოდ სხდომამ მუდმივ კრებას საკათოლიკოსო საბჭოს სახელით ისეთი განკარგულების მიცემის უფლება მიანიჭა, რომელიც არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მოთავსდებოდა. საკათოლიკოსო საბჭოს იმ წევრის გადაყენების უფლება მიეცა, რომელიც არ შეასრულებდა თავის მოვალეობას. ამის შემდგომ ამავე საბჭოს აუცილებლად უნდა წარედგინა ახალი კანდიდატი და მოხსენება გაეკეთებინა მომდევნო კრებისადმი. სავალდებულო იყო მოხსენებაში მითითებულიყო გადაყენებულ პირთა ბრალეულობა. კრებამ გადაწყვიტა, რომ საკათოლიკოსო საბჭოს ექვსივე წევრს ჩამორთმეოდა უფლება სხვა თანამდებობაზე ყოფნისა. საკათოლიკოსო საბჭოს დაევალა ყველა ეპარქიაში საეპარქიო კანცელარიის შექმნა, სადაც შესაბამისი შტატები უნდა შემუშავებულიყო და უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულიყო.

კრებამ ერთხმად მიიღო ილარიონ ჟღენტის სამი წინადადება:

1. ქადაგების ხმა განუწყვეტლივ უნდა ისმოდეს სოფლებსა და ქალაქებში.

2. ყველაფერში, არამც  თუ  მხოლოდ  დაწესებულებებში, არამედ ეკლესიაშიც ეროვნული მომენტები უნდა აღდგეს და ხატებზე რუსული წარწერები უნდა შეიცვალოს.

3. გათვალისწინებული უნდა იყოს დელეგატთა ხარჯები.

ამ უკანასკნელის საკითხის რეალიზება კრებამ სხდომის ბოლოსვე მოახდინა. კერძოდ, დაავალა საფინანსო კომისიას მიეღო ყველა დელეგატისაგან ინფორმაცია ჩამოსვლისას გაწეული ხარჯების შესახებ, შეექმნა დელეგაცია და დახარჯული თანხის ანაზღაურების თხოვნით მთავრობასთან გეგზავნა. უნდა აღინიშნოს, რომ დელეგაციამ პასუხი მთავრობისაგან მხოლოდ 2 ივლისის სხდომაზე მოიტანა. კერძოდ, ხელისუფლება იძლეოდა პირობას, რომ საეკლესიო ხარჯებისათვის ას ასი ათას (100. 000) მანეთს გაიღებდა.

ამის შემდგომ კრებაზე დადგა საკითხი იმის შესახებ, შეეძლო თუ არა სასულიერო პირს მსახურების მიღმა არ ეტარებინა სამღვდელო შესამოსელი. კრებამ საჭიროდ ჩათვალა ამის შესახებ 1917 წელს გამართული I საეკლესიო კრებაზე გამოთქმული მოსაზრება მოესმინა. დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ სხდომას მოახსენა, რომ ხსენებულ კრებაზე გამოთქმული იყო აზრი, რომ არ იყო სავალდებულო მსახურების გარდა სადმე სხვა ვითარებაში სასულიერო პირს ანაფორა ეტარებინა და გრძელი თმისა და წვერის შეკვეცაც შეეძლო. ამის შემდეგ ანაფორის მუდმივად ტარების მომხრე-თა შემდეგი მოხსენება იქნა მოსმენილი:

"სარწმუნოებრივი მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს ანაფორას. მას ხალხი მიეჩვია, ეს არის გარეგნობის ნიშანი, რითაც განირჩევა მოძღვარი, ქრისტეს მოციქული, მახარებელი, სხვა ერის კაცისაგან. ამ ტანისამოსში გამოწყობილ კაცს ძალაუნებურათ პატივს სცემს მორწმუნე ერი და ამას დიდი ანგარიში უნდა გაეწიოს. ანაფორის გახდილს და თმა და წვერ-ულვაშ შეკვეცილს, აღარ აქვს პატივი და მას ზიზღით უყურებს მრევლი."

კრებაზე აღნიშნული აზრის მოწინააღმდეგენიც იყვნენ, ისინი მიიჩნევდნენ, რომ ტანისამოსს არავითარი მნიშვნელობა არ უნდა მისცემოდა. "მეტადრე ახლა - ამტკიცებდნენ ისინი - ყველა თავისუფალი მოქალაქეა და უნდა ატაროს ის ტანისამოსი, რომელიც მას სურს. გარდა ამისა, ბევრი მღვდელთაგანი სხვა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მსახურებენ, თვით მთავრობა თხოულობს მათთაგან ანაფორის გახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგინი გარიყულები იქნებიან სამსახურებიდან."

მიუხედავად ამისა, ხმათა დიდი უმრავლესობით მიღებულ იქნა ანაფორის მუდმივად ტარების გადაწყვეტილება.

სხდომის ბოლოს მისმა უწმინდესობამ "ბათომისა და მისი ოლქის საქართველოზე დაბრუნების შესახებ" წარმოთქვა სიტყვა. კრება დიდი სიამოვნებით შეხვდა ამ ფაქტს და კათოლიკოს-პატრიარქის წინადადებით, გადაწყვიტა მეორე დღეს, თავისუფლების მოედანზე დღის 12 საათზე ამ სასიხარულო ფაქტთან დაკავშირებით პარაკლისი გადაეხადათ და შემდგომ პანაშვიდიც აღესრულებინათ ფრონტზე დაღუპულ გმირთა სულების მოსახსნებებლად. კრებამ ქალაქის თვითმმართველობასთან მოლაპარაკება დეკანოზ იასონ კაპანაძეს დაავალა. ამ უკანასკნელის ვიზიტი უშედეგოდ დამთავრებულა. მოურავი ადგილზე არ დახვედროდა, ხოლო მის მაგივრად მყოფ მოადგილეს შეხვედრა მოგვიანებით დაუნიშნავს. მეორე დღეს დეკანოზი იასონ კაპანაძე აცხადებდა, რომ მას მოცდა კრებისათვის სათაკილოდ ჩაეთვალა და უკანვე გამობრუნებულიყო.

1 ივლისის განახლებულ სხდომაზე რეგლამენტით გათვალისწინებული საკითხების შემდგომ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით, კრებას მოკლე სიტყვით მიმართა სამხედრო უწყების წარმომადგენელმა, რომლის მხოლოდ გვარია მოხსენებული კრების საარქივო მასალაში. იგი გახლდათ ვინმე შაფათავა. მან ითხოვა, რომ საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლისას დაღუპულ მეომართა სულთა მოსახსენიებლად ღვთისმსახურების დროს ამ მეომართა მოხსენიება მომხდარიყო. კრებამ დიდი სიამოვნებით დააკმაყოფილა ეს თხოვნა და ფეხზე ადგომით პატივი სცა დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას.

სხდომამ შემდეგ საკითხად მღვდელმთავრის უფლება-მოვალეობა დააყენა. მისი განხილვის დასრულების შემდგომ წაკითხული იქნა თბილისის სომეხთა სამღვდელოების II საეკლესიო კრებისადმი გამოგზავნილი მისასალმებელი სიტყვა. წერილში იყო თხოვნა იმის შესახებ, რომ მათ წარმომადგენელს კრებაზე დასწრების უფლება მისცემოდა, რაც კრების მიერ დაკმაყოფილებულ იქნა.

წინა დღეს დეკანოზ იასონ კაპანაძის ქალაქის თვითმმართველობასთან შეხვედრის განუხორციელებლობის გამო, კრებამ ვინმე დეკ. თათაბაძე და ბ-ნი შელია გააგზავნა გარ-ნიზონის უფროსთან. მათ თავისუფლების მოედანზე გასამართავი პარაკლისისა და პანაშვიდის შესახებ კრების სახელით განცხადება უნდა გაეკეთებინათ.

კრება დღის თორმეტ საათზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მეთაურობით ქაშუეთის ეკლესიიდან სრული შესამოსელით შემოსილი თავისუფლების მოედნისაკენ გაემართა. სამღვდელოებას დიდძალი ხალხი მიყვებოდა. როგორც განსაზღვრული იყო, საქართველოს მთლიანობისათვის და სხვა ბრძოლებში დაღუპულ მამულიშვილთა სულთა საოხი პანაშვიდი და ბათუმისა და ბათუმის ოლქის საქართველოსადმი დაბრუნებისადმი სამადლობელო პარაკლისი იქნა გადახდილი.

უწმინდესმა ლეონიდემ თავისუფლების მოედანზე სიტყვა წარმოთქვა. იგი აღნიშნავდა იმ დიდ სიხარულს, რაც ბათუმისა და საერთოდ აჭარის დაბრუნებით იყო გამოწვეული. უწმინდესი ლეონიდეს თქმით: "სამღვდელოება ესე, როგორც წარსულში და აწყმოში, ისე მომავალშიდაც თავდადებული თანამშრომელია მთელი საქართველოს ერისა და ღვთის წინაშე მავედრებელი მისი სამშობლო ქვეყნის და ერის წარ-მატებისა და კეთილდღეობისათვის."

1 ივლისის სხდომა ამით დასრულდა.

2 ივლისის სხდომა რეგლამენტით გათვალისწინებული საკითხის განხილვით არ დაწყებულა. სიტყვა კრების თავმჯდომარემ, კათოლიკოს პატრიარქმა ლეონიდემ წარმოთქვა. მან სხდომას გაზეთ სახალხო საქმის №-ში (გაზეთის ნომერი კრების ოქმებში არ იკითხება) გამოქვეყნებული უგვანო წერილი გააცნო. წერილის ავტორი II კრებას არა საეკლესიო, არამედ სამღვდელო კრებად მიიჩნევს. კათოლიკოს-პატრიარქის შე-ფასებით, კრებისადმი ამგვარი დამოკიდებულება "უდიერია". წინააღმდეგ ამისა 2 ივლისის სხდომაზე მაინც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მოწვეული კრება იყო "მთელი მორწმუნე ერის ნადვილი საეკლესიო კრება". კრებამ პროტესტი გამოუცხადა ხსენებულ გაზეთს, რის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული საკითხები იქნა გამოტანილი. მას დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე წარადგენდა. კრების გადაწყვეტილებით გაუქმებული იქნა საეპარქიო საბჭო და მისი მოვალეობა და უფლებამოსილება მღვდელმთავრის ხელში გადავიდა. ამ გადაწყვეტილებას ავტომატურად მოჰყვა საოლქო საბჭოების გაუქმება და მათი მოვალეობებისა და უფლებამოსილების უხუცესი მღვდლის ხელში გადასვლა. სხომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მათ, რომლებსაც ბავშვი სამ წლამდე მოუნათლავი ეყოლებოდა ან სულაც უკანონო ქორწინებაში იქნებოდა, უფლება წართმეოდა სამრველო კრებაზე მონაწილეობის მიღებისა.

ამის შემდეგ დადგა საკითხი ეკლესიის სახლემწიფოსაგან გამიჯვნის შესახებ. კრებამ ერთსულოვნად დაადგინა:

"ივერიის ეკლესია უძველეს დროიდანვე უძლიერესი ეროვნული და კულტურული ძალა იყო ქართველი ერისათვის. ეკლესია და სახელმწიფო თანაშეზრდილი და შეთვისებული იყო მრავალ საუკუნეთა განმავლობაში და ქართველ ერს არასოდეს არ დაუპირისპირებია ერთმანეთისათვის ეს ორი ეროვნული ძალა. ერმა ეკლესიაში ძველთაგანვე განასახიერა თავისი კულტურული ცხოვრება, აქ ჩაისახა მისი მწერლობა, ხუროთმოძღვრება, მხატვრობა და საზოგადო მხატრვული ხელოვნება.

საეკლესიო ნაშთები საუკეთესო ძეგლებია ქართველი ერის ისტორიული განვითარებისა. მრავალ საუკუნეთა განმავლობაში უკანასკნელ საუკუნეში თავისუფლების დაკარგვამდე, ეკლესია და სახელმწიფო ერთის მზით ვლიდნენ და განამტკიცებდნენ ეროვნულს ცხოვრებას.

ჩვენი სამშობლოს სახელმწიფოებრივი თავისუფლების დაკარგვის შემდგომაც არ დაუკარგავს ეკლესიას თავისი ეროვნული გზა. ის განაგრძობდა ბრძოლასა და მოღვაწეობას ეროვნულ და სარწმუნოებრივი თავისუფლებისათვის იმ კულტურულ ძალებთან ერთად, რომელნიც იყვნენ სახელმწიფოებრივი თავისუფლების იდეის მატარებელნი. საქართველოს ეკლესიის ასეთი ხალხოსნური ბუნებით აიხსნება, რომ ჩვენს სამშობლოში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არ ყოფილა რაიმე ბრძოლა და არ არსებობდა მასში ეგრეთ წოდებული კლერიკალიზმი. შემთხვევითი არ ყოფილა ის მოვლენა, რომ ჩვენი ეროვნული ცხოვრების სხვა ნაწილებთან შედარებით ეკლესიამ ყველაზე მეტი ბრძოლა განიცადა ეროვნული თავისუფლების დასაცავად და 1917 წლის 12 მარტს პირველად მან აღმართა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დროშა.

ჩვენი სახლემწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა მოხდა ერთი წლის შემდგომ რევოლუციური დუღილის პროცესში. სახელმწიფოებრივი ცხოვრება ჯერ კიდევ არ გამტკიცებულა და არ ჩამოყალიბებულა თავის ფრომაში. ასეთს ცვალებადსა და გარდამავალ ხანაში სახელმწიფოებრივის წრეებში ისმევა საკითხი ერთმანეთისაგან განშორებისა და განცალკევებისა სახელმწიფოსა და ეკლესიისა, რომლებიც მრავალსაუკუნოვანი ცხოვრებით იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი და შეხორცებული.

საეკლესიო კრება ჰფიქრობს, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობისაგან განშორება თავისთავად არ წარმოადგენს საშიშროებას იქ, სადაც ამისთვის მომზადებულია საზოგადოებრივი აზროვნება, სადაც სახელმწიფოსა და ეკლესიას შეუძლიათ ურთიერთის დაუხმარებლად მოაწყონ სასურველად ორივესათვის საერთო საზურნავი საგანი - ერის კეთილი ცხოვრება.

საეკლესიო კრების აზრით, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვართ, იმდენად მომზადებული, რომ ერთმანეთის დაუხმარებლივ შევძლოთ მშობელი ერის სამსახური, განსაკუთრებით დღეს, როცა "სამკალი ფრიად არის, ხოლო მუშაკნი მცირედ" (მათ. 9,37). ეკლესიის დახმარება და თანამშრომლობა დღესაც დიდ სამსახურს გაუწევდა სახელმწიფოებრივი სიმტკიცისა და ძლიერების შექმნის საქმეს."

ამგვარი შესავლის შემდგომ, საეკლესიო კრება აცხადებდა, რომ სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამიჯვნის საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვეტილიყო. მისი აზრით ამ საკითხთან დაკავშირებით თავად ერს უნდა მიეღო გადაწყვეტილება. კრება იმასაც უშვებდა, რომ შესაძლებელი იყო ხელისუფლებას რეფერენდუმამდე არც კი მიეყვანა საქმე და თავად გადაეწყვიტა სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოცალკევება. ამ შემთხვევაში კრება იშველიებდა რა წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებს: "ხელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ" (რომ 13,1) ემორჩილებოდა დამფუძნებელი კრების უზენაეს ნებას. ამ შემთხვევაში ეკლესია ითხოვდა რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მომხდარიყო ეს გამოცალკევება სახელმწიფოსაგან და ისეთი რამ "უფლებრივი პირობანი" შემუშავებულიყო, რომ ამ გამიჯვნის შემდეგ ეკლესიას თავის სამართლებრივი უფლებები ჰქონოდა ქვეყანაში. ყველაფერთან ერთად, ეკლესია ზემოთხსენებულ უფლებებში საარსებო წყაროს გათვალისწინებასაც გულისხმობდა. სახელმწიფოს უნდა ეზრუნა რუსეთისაგან ივერიის ეკლესიისათვის წართმეული ქონების დაბრუნებაზე. ამასთან, თავის მხრივ თვითონ სახელმწიფოსაც უნდა დაემტკიცებინა ეკლესიისათვის თავისი საეკლესიო ქონება.

მიღებული დადგენილება გაეგზავნა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს, ბ-ნ ნოე ნიკოლოზის-ძე ჟორდანიას და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროს ამხანაგს ალექსანდრე სპირიდონის-ძე ლომთათიძეს.

ამით სხდომა დაიხურა და მისი გაგრძელება მეორე დღისათვის გადაიდო.

3 ივლისს კრება წინანდებურად ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში განახლდა. თავდაპირველად მოსმენილ იქნა ფინანსურ-ეკონომიკური კომისიის წარმოდგენილი მოხსენება, რომელიც საეკლესიო მართვა-გამგეობისა და სასულიერო პირთა საარსებო წყაროებს შეეხებოდა. კომისიის მუშაობა ერთგვარად ურთულესი საკითხის გადაჭრას მოითხოვდა. არსებულ სიტუაციაში საჭირო თანხების გამონახვა იოლ საქმეს ნამდვილად არ წარმოადგენდა. კომისიას სრულიად სამართლიანად სურდა, რომ ის ფინანსური წყაროები, რაც სასულიერო კრებაზედ უნდა ყოფილიყო ორიენტირებული, თავისი შესაძლებლობით გადამხდელუნარიანი და ერთგავარდ სტაბილური ყოფილიყო. თავდაპირველად კომისიის წევრები ვარაუდობდნენ ამ სახსრების მრევლიდან მიღებას. კერძოდ, უნდა დაწესებულიყო კომლობრივი გადასახადი და შეგროვებული თანხით მომხდარიყო ხარჯების დაფარვა, მაგრამ ეს აზრი ჯერ კიდევ კომისიის მუშაობისას იქნა უარყოფილი, რადგანაც არც სასულიერო ხელისუფლება და არც მისი ადგილობრივი წარმომადგენელი მრევლისაგან გადასახადის აკრეფის არანაირი იურიდიულ საფუძველს არ ფლობდა. შესაბამისად, დასახელებული წყარო "მერყევი და უიმედო ხასიათისა" იყო და ამ საბაბით, ის არც იქნა კომისიის მიერ პროექტში შეტანილი. კომისია მუშაობას საკათოლიკოსოს ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით აწარმოებდა.

კრება იმასაც ითვალისწინებდა, რომ საქართველოს კონსტიტუციის პროექტში არსებობდა მუხლი ეკლესიის სახლმწიფოსაგან გამოცალკევების შესახებ. ეს კი იმას ნიშნავდა,რომ ეკლესია ვერ იქნებოდა დამოკიდებული ქვეყნის ბიუჯეტზე. ამასთან ერთად, ეკლესიის მართლაც ძლიერ დიდი ქონების შესახებაც იდგა საკითხი. ეს უკანასკნელი თავის დროზე ეკლესიისათვის მუდმივ ფინანსურ წყაროს წარმოადგენდა. ორი ხელისუფლების მიერ მატერიალური თვალსაზრისით საქართველოს ეკლესია ძლიერ შევიწროებული გახლდათ და ის მხოლოდ მრევლის მიერ გაღებული შემოწირულობების ანაბარა იყო დარჩენილი.

საკათოლიკოსო ხაზინადარის განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში ეკლესიას შემოსავლის ძლიერ მწირი წყარო გააჩნდა და ისიც კერძო სახისა.

ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით გამოწვეული გამოუვალობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს II საეკლესიო კრების სახელით რესპუბლიკის მთავრობისადმი გაგზავნილი ყოფილიყო შემდეგი თხოვნა:

1. ზემოთ აღნიშნულ საჭიროებით გათვალისწინებული თანხის დაფარვა მომხდარიყო ხაზინიდან. თანხის უზრუნველყოფა ჩამორთმეული მამულების შემოსავლიდან განხორციელებულიყო.

2. თუ ეს გზა მიუღებელი იქნებოდა რესპუბლიკის ხელმძღვანელობისათვის, მაშინ მას აღნიშნული თანხა სახელმწიფო ხაზინიდან გამოეყო.

3. იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელიც მიუღებელი აღმოჩნდებოდა ხელისუფლებისათვის, მაშინ თავად ეთავა აეკრიფა მოსახლეობიდან კომლობრივი გადასახადი იმ რაოდენობით, რომელსაც სასულიერო ხელისუფლება ადგილობრივ მრევლთან შეთანხმებით დააწესებდა.

4. თუ მთავრობისათვის არც ერთი ჩამოთვლითაგანი მისაღები არ იქნებოდა, მაშინ საკათოლიკოსო საბჭოს უნდა ეზრუნა თანხების მოწესრიგების საქმე, რაშიც მას აბსოლიტურად თავისუფალი მოქმედების უფლება ეძელოდა.

კრებაზე მორიგ საკითხად საკათედრო ტაძრების მდგომარეობა იქნა გატანილი. იგი დეკ. იასონ კაპანაძემ წარადგინა. გაიმართა მსჯელობა იმის შესახებ, თუ რამდენგვარი უნდა ყოფილიყო საკათედრო ტაძრები (სამიტროპოლიტო და საეპისკოპოსო), თითოეულში რამდენკაციანი შტატი იყო დაწესებული, ვის უნდა შეენახა საკათედრო ტაძარი და მათი კრებული და სხვ. დებულებაში სულ 16 მუხლი იყო. ამ დებულებით სამიტროპოლიტო ტაძარი ათკაციანი შტატით დაკომპლექტდა. კერძოდ, ამგვარ ტაძარში უნდა ყოფილიყო წინამძღვარი, 2 მღვდელი, ერთი პროტოდიაკავანი, ერთი მთავარდიაკვანი,ორი იპოდიაკვანი, ერთი წიგნისმკითხველი, ერთი მსახური. საეპისკოპოსო შტატი შვიდი კაცისაგან შესდგებოდა: წინამძღვარი, 1 კანდელაკი, 1 პროტოდიაკვანი, ერთი მთავარდიაკვანი, 1 იპოდიაკვანი და 2 მსახური.

საკათედრო ტაძრის შტატი შესაბამისად ამა თუ იმ ეპარქიის მღვდელმთავრის სამოღვაწეო ტაძარში იმსახურებდა. აღნიშნული კრებული არჩევითი იყო. თუ ტაძარი უმრევლო იყო, მაშინ მას საეპარქიო კრება ირჩევდა, ხოლო თუ ტაძარს მრევლი ეყოლებოდა,მაშინ მრევლს ეძლეოდა არჩევის უფლება. არჩეული ამომრჩეველსავე უნდა შეენახა. საკათედრო ტაძრის კრებულს ჯამაგირს ადგილობრივ ვითარების გათვალისწინებით, საეპარქიო კრება უნიშნავდა. საკათედრო ტაძრებში ყოველდღიური მსახურება იქნა დადგენილი, რაშიც რიგრიგობით კრებულის უკლებრივ ყველა წევრს უნდა მიეღო მონაწილეობა. ამ შესწორების შემდგომ წარმოდგენილი თექვსმეტივე მუხლი მიღებულ იქნა.

შემდგომში დაისვა საკათედრო ტაძრებში მუდმივი გუნდების დაარსების შესახებ საკითხი. ამავე დროს აუცილებელი იყო ამ გუნდების შენახვის პრობლემაც გადაჭრილიყო. ორივე საკითხმა საკმაო კამათი გამოიწვია. საბოლოოდ დადგინდა, რომ გუნდები უნდა არსებულიყო და მათი შენახვის საკითხი ადგილობრივ ტაძრებს უნდა მოეგვარებინათ. ამავე დროს დადგენილ იქნა, რომ საკათედრო ტაძრის კრებაზე წარმომადგენლის წარმოგზავნის უფლება არ ჰქონდა.

შემდგომ საკითხად დეკ. კალისტრატე ცინცაძემ წარმოადგინა დებულების პროექტი ქორწინების შესახებ. იგი 8 პარაგრაფის, 5 შენიშვნისა და მე-7 პარაგრაფის განმარტებისაგან შედგებოდა. დებულების მიხედვით დაოჯახების მსურველებს აუცილებლად ჯვარი უნდა დაეწერათ და ეს საეკლესიო საიდუმლო აუცილებლად ტაძარში უნდა შესრულებულიყო. ქორწინების უფლება ვაჟს 17, ხოლო ქალს 15 წლიდან ჰქონდა. ასაკს ქალ-ვაჟის მოძღვრები ადასტურებდნენ. აუცილებლობის შემთხვევაში ეპარქიის მღვდელმთავრის კურთხევით ვაჟს 17 წლამდეც შეეძლო ჯვრის წერა, ხოლო ქალს 16 წლამდე ნახევარი წლით ადრე შეეძლო დაქორწინება. ქორწინება ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო. წყვილთა მიერ ამ პირობის დაკმაყოფილება კრებულის წინაშე უნდა გაცხადებულიყო. უკიდურეს შემთხვევაში კრებულის ამ პირობის ტვირთვა ორ სრულწლოვან მოწმეს შეეძლო. ამ ორიდან ერთი სასიძოს მხრიდან იქნებოდა, ხოლო მეორე - სასძლოსი. მოწმეები თავიანთ მოწმობას ხელს აწერდნენ. იმ პერიოდში, როდესაც კრება ამ დებულებას ამუშავებდა, სახელმწიფოში სრულწლოვნების ასაკად 20 წელი იყო განსაზღვრული. შესაბამისად 20 წლამდე წყვილთა ქორწინებას მშობლების ნებართვაც უნდა ჰქონოდა. ქორწინება ეკრძალებოდათ სისხლით ნათესავებს, ჯერ კიდევ განუქორწინებელთ, სასულიერო პირებსა და სამჯერ დაქორწინებულებს. ამ პროექტთან დაკავშირებით მცირეოდენი შენიშვნა გამოთქვა. მხოლოდ ის შესწორება იქნა შეტანილი, რომ წყვილთა ასაკი მღვდელს უნდა დაემოწმებინა და დასაქორწინებელი პირების მიერ ყველა წარმოდგენილ მოწმობათაგან, უპირატესობა მღვდლისაგან გაცემულ ცნობას უნდა მისცემოდა. ქორწინების შესახებ წარმოდგენილ დებულების პროექტთან ერთად, დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ განქორწინების შესახებ შემუშავებული პროექტიც წარადგინა. ეს უკანასკნელი 10 პარაგრაფისა და სამი შენიშვისაგან შედგებოდა. აქედან პირველი 19 მუხლს შეიცავდა, სადაც განქორწინებისათვის დასაკმაყოფილებელი მიზეზები იყო ჩამოთვლილი. უმნიშვნელოვანესია, რომ განქორწინებისათვის კმარ პირობად პროექტის მიხედვით ერთ-ერთი მეუღლის ეპილეფსიით დაავადებაც ითვლებოდა, რაც საბოლოოდ არ იქნა მიღებული და გაზიარებული. განქორწინებისათვის დასაკმაყოფილებელ პირობათაგან იყო: ერთ-ერთი მეუღლის მართლმადიდებლობისაგან განდგომა, მრუშობა, არაბუნებრივი სქესობრივი მიდრეკილება, მეუღლისათვის მრუშობის იძულება, მეუღლის ან შვილების მკვლელობის განზრახვა ან მათი ფიზიკური წამება, შვილის განაჩენის წინააღმდეგ რაიმე ზომის მიღება, საჭურისობა, განუკურნებელი ცვედანობა (აქ არ იგულისხმევა მოხუცებულება), ათაშანგი, კეთრი, განუკურნებელი სიგიჟე, იდიოტიზმი, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ყველა სამოქალაქო უფლებათა დაკარგვა და განზრახ თავის დანებება. გარდა ამისა, სხდომაზე დიდი კამათი გამოიწვია საკითხმა იმის შესახებ, თუ რამდენად შესაძლებელი იყო განქორწინებისათვის კმარ მიზეზთა შორის მეუღლეთა მუდმივი ურთიერთქიშპი ყოფილიყო დასახელებული. ამასთან, რამდენად სამართლიანი იქნებოდა მართალ მხარეს დაუყოვნებლივ მისცემოდა კვლავ ქორწინების უფლება. დადგინდა, რომ განქორწინების საქმე საეპარქიო სასამართლოს უნდა ეწარმოებინა, რომელსაც გამოძიების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების მიღების უფლებაც ენიჭებოდა. საეპარქიო სასამართლოს განაჩენით უკმაყოფილოს შეეძლო ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით საკათოლიკოსო საბჭოში გაესაჩივრებინა უკვე მიღებული გადაწყვეტილება.

სხდომის ბოლოს მოსმენილ იქნა მოხსენება, რომელიც მღვდელ სიმონ ფხალაძეს ეკუთვნოდა. საგანგებო კომისია მას საეკლესიო მაღალიერარქებისადმი სისტემატურ წინააღმდეგობაში სდებდა ბრალს, მაგრამ მისი უწმიდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შუამდგომლობა, მღვდელ სიმონ ფხალაძის თბილისის რომელიმე ტაძარში დანიშვნის შესახებ, კრებამ ყურად იღო, ხოლო თავად მღვდელ სიმონ ფხალაძეს სასტიკი შენიშვა გამოუცხადა. კომისიის აზრით დიდი ხნით მღვდლობისაგან დაყენებას მისთვის საკმარისი სასჯელი მოეხდევინებინა.

3 ივლისის სხდომა ამით დასრულდა და მორიგი სხდომა მეორე დღისათვის დაიანიშნა.

4 ივლისს კრება საღამოს 5 საათზე დაიწყო. დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის მიერ წაკითხული იქნა მოხსენება, რომელიც სამღვდელო პირთა საგანმანათლებლო კურსების დაარსებასა და მის ფინანსურ მხარეს შეეხებოდა. ამ საკითხზე საკმაოდ დიდხანს და სერიოზულად ემუშავა საგანმანათლებლო კომისიას, რომლის 1920 წლის 30 ივნისის ოქმში ვკითხულობთ: "ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა გვიკარნახებს, რომ პირველი საგანი რასაც უნდა შევსწიროთ ჩვენი გონებრივი, ზნეობრივი და მატერიალური ძალა, არის სამღვდელო და საეკლესიო მსახურთა სათანადო მომზადება, რომელზედაც არის დამოკიდებული ჩვენი ეკლესიის სვე-ბედი". კომისიას აუცილებლად მიაჩნდა დაარსებულიყო შესაბამისი სასწავლებელი, რომელიც აღნიშნულ პრობლემას გადაჭრიდა. სასწავლებლები სამ ხარისხად უნდა დაყოფილიყო: დაბალ, საშუალო და მაღალ სასწავლებლებად. კომისიას მიაჩნდა, რომ თითოეულ ეპარქიაში სასულიერო პირი ადგილობრივი მაცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, რადგან მას უკეთესად ეცოდინებოდა გარშემომყოფთა ტრადიციები, დადებითი თუ უარყოფითი თვისებები, ამიტომაც კომისია თვლიდა, რომ თითოეულ ეპარქიაში უნდა გახსნილიყო ოთხ წლიანი დაბალი საეკლესიო სასწვალებელი, რომელიც ადგილობრივ სასულიერო კადრებს მოამზადებდა. აღნიშნული საგანმანათლებლო ერთეული საერო სასწავლებელდამთავრებულს მიიღებდა. საშუალო ხარისხის სასწვალებელი ორი უნდა გახსნილიყო: თბილისსა და ქუთაისში, სადაც დაბალი ხარისხის სასწვალე-ბელდამთავრებულები უგამოცდოდ შევიდოდნენ. საშუალო ხარისხის სასწავლებელიც ოთხ წლიანი უნდა ყოფილიყო. უმაღლესი სასულიერო საგანმანათლებლო ცენტრი თბილისში იქნებოდა. ყველა ხსენებულ სასწავლებელს აუცილებლად უნდა ჰქონოდა პანსიონი და სწავლება უფასო უნდა ყოფილიყო. ასევე აუცილებელ პირობად დასახელდა ისიც, რომ ყველა სასწავლებელში ქართული საეკლესიო გალობის კათედრაც უნდა არსებულიყო. სანამ დასახელებული სასწავლებლები დაარსდებოდა და ასე ვთქვათ, პირველ ნაყოფს გამოიღებდა, კომისია აუცილებლად თვლიდა ყველა ეპარქიაში რამდენიმე პირისათვის სწრაფი სამღვდელო და სამედავითნეო კურსები შექმნილიყო. სასწვალებლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საეკლესიო კითხვა-გალობის ცოდნას.

საგანმანათლებლო კომისიას შესაძლებლად მიაჩნდა უნივერსიტეტში არსებულ ფილოსოფიის ფაკულტეტთან გახსნილიყო საღვთისმეტყველო ფაკულტეტი ორი კათედრით:

1. დასაბამითი და დოგმატური ღვთისმეტყველება;

2. საეკლესიო კანონიკა და ეგზეგეტიკა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ამ საქმის სისრულეში მოსაყვანად უნდა დახმარებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორი დეკანოზი კორნელი კეკელიძე და ადგილობრივი სასულიერო პირები. კომისია გეგმავდა სტუდენტებისათვის დაეარსებინა გაბრიელ ეპისკოპოსის, ალექსანდრე ეპისკოპოსის, უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის და სხვათა სახელობის სტიპენდიები. საგანმანათლებლო კომისიას აუცილებლად მიაჩნდა სამგალობლო კურსების ჩამოყალიბება, რომლის ხარჯები ადგილობრივ ეკლესიას უნდა ეტვირთა. აგრეთვე უნდა შექმნილიყო ე. წ. "მგალობელთა მოგზაური გუნდი", რომლის მოვალეობაც იქნებოდა ეპარქიის სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში გალობა. ეს მიზნად იმასაც ისახავდა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას გალობის შესწვალისა და მგალობელთა გუნდის ჩამოყალიბების სურვილი გასჩენოდათ. საგანმანათლებლო კომისიის აზრით სასურველი იყო, რომ გუნდებს ასევე საერო სიმღერები შეესწავლათ, "რადგან როგორც გადმოგვცემს ჩვენი ისტორია - აღნიშავდნენ კომისიის წევრები - მათი ჭირი და ლხინი, როგორც საეკლესიო, ისე საერო, იწყებოდა და მთავრდებოდა გალობით, მხიარულ ან მწუხარე კილოთი".

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, საგანმანათლებლო კომისიის ეს წინადადებები დებულების პროექტის სახით დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ წარადგინა. ამ პროექტში ისიც იყო აღნიშნული, რომ შესაძლებელი იყო სასულიერო სასწავლებელს დარქმეოდა "სამოძღვრო სემინარია". სწავლება ისე უნდა წარმართულიყო, რომ ორ კურსდამთავრებულს წიგნის მკითხველად ან დიაკვნად დადგომა შეძლებოდა,ხოლო ოთხ კურსდამთავრებულის მღვდლად კურთხევა უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის აზრით სასწავლებელში უნდა ესწავლებინათ:

1. საღვთო რჯული ძველი და ახალი აღთქმისა;

2. ძველი და ახალი აღთქმის მიმოხილვა;

3. საქართველოსა და მსოფლიო ეკლესიათა ისტორია;

4. ღვთისმსახურება;

5. ღვთისმეტყველება (დოგმატიკია, ეთიკა, პოლემიკა, და სხვა სარწმუნოებათა მიმოხლივა);

6. კანონიკა;

7. მქადაგებლობა;

8. ქართული ენა;

9. ჰიგიენა და ელემენტარული მედიცინა;

10. ფილოსოფია;

11. საეკლესიო გალობა.

ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა დეკანოზმა კორნელი კეკელიძემ. მისი აზრით ზემოთ ჩამოთვლილ დისციპლინებს მეთორმეტეც უნდა დამატებოდა და მას მეურნეობა უნდა დარქმეოდა.

დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე სასწავლებლის საარსებო წყაროდ ოთხს ასახელებდა: 1. სასულიერო უწყების შენობათა საიჯარადო გადასახადები; 2. სანთლის ქარხნების შემოსავლები; 3. სამრევლო ეკლესიების შემოსავლები და 4. საეკლესიო კრებულთა გადასახადები. მომხსენებლის მიერ დასახელებულ წყაროთაგან ბოლო ორი არსებულ პრობლემას ვერ გადაჭრიდა, რადგანაც სამრევლო ეკლესიები, რომლებიც ადრე მართლა ინახავდა ადგილობრივ სასულიერო სასწავლებელს, ახლა თავად იყო ხელგასამართავი. აქედან გამომდინარე ამგვარ ეკლესიებს მხოლოდ 30%-ის გადახდა დაევალათ, რაც შეეხება საეკლესიო კრებულის გადასახადს, აქ დეკანოზ კალისტრატეს ცნობით ჯერ არ იყო გარკვეულობა, ამიტომაც მისი მოგვარება საეპარქიო საბჭოს უნდა ეთავა. ამასთან დაკავშირებით დეკანოზი კორნელი კეკელიძე აღნიშნავდა, რომ მის მიზანს აღნიშნული პრობლემიდან გამოსავალის ძებნა არ წარმოადგენდ. ის უბრალოდ მიუთითებდა, რომ სასულიერო საგანმანათლებლო სისტემის შენახვის ვალდებულება და ზრუნვა მთელ საკათოლიკოსოს უნდა აეღო.

კრების დადგენილებით სასულიერო სასწავლებელს სემინარია ეწოდა.

დეკანოზ ი. აბესაძის მოხსენების შემდგომ, რომელიც გალობის,საღვთო რჯულის სწავლებასა და ბეჭვდითი ორგანოს დაარსებას ეხებოდა, კრება ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ყველაფერი ის რაც სხდომაზე იქნა წარმოდგენილი აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო.

4 ივლისის სხდომას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მრავალრიცხოვან მშობელთა სურვილს აფიქსირებდნენ იმის თაობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვნად მიაჩნდათ მათ ყველა სახის სასწავლებელში საღვთო რჯულის სწავლების აღდგენა. "მის მაგიერობა არ შეუძლია გასწიოს არავითარმა მორალურმა სწავლამ, რომელიც მოკლებულია სარწმუნოებრივ საფუძველს" - აცხადებდნენ ხალხის სახელით კრებაზე მოსული სტუმრები.

საგანმანათლებლო კომისიას საჭიროდ მიაჩნდა საეკლესიო კრებას მოეთხოვა რესპუბლიკის ხელმძღვანელისათვის მომავალი სასწავლო წლიდან ყველა სახის სასწავლებელში აღედგინა ახალი პროგრამით საღვთო სჯულის სწავლება. კომისია, მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიჩნევდა, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებით ხელისუფლება მთელი მორწმუნე ერის სურვილს გაიზიარებდა.

აღნიშნული თხოვნა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, გრიგოლ სპირიდონის-ძე ლორთქიფანიძეს გაეგზავნა.

რაც შეეხება ბეჭდვით ორგანოს, რომელიც აუცილებელი იყო ეკლესიისათვის, საგანმანათლებლო კომისიამ წამოაყენა წინადადება იმის შესახებ, რომ რადგანაც უსახსრობის გამო ყოველდღიური გაზეთის გამოშვება ვერ ხერხდებოდა, გამოშვებულიყო ყოველკვირეული ჟურნალი სახელწოდებით "საქართველოს განახლებული ეკლესია". ჟურნალს ორი, ოფიციალური და არაოფიციალური განყოფილება ექნებოდა. კომისიამ რედაქტორად სასულიერო პირი ივარაუდა, რომელიც თავის საქმიანობაში არ იქნებოდა შეზღუდული. ჟურნალის გამოწერა თითოეულ ეკლესიას უნდა დავალებოდა.

კრებამ მიიღო კომისიის მიერ წამოყენებული წინადადებები და ყოველკვირეული ჟურნალი საკათოლიკოსო საბჭოს პასუხისმგებლობას დაუქვემდებარა.

მეორე დღეს, 5 ივლისს, სხდომა დილის 9 საათზე კვლავინდებურად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ გახსნა. სხდომაზე შემოტანილ იქნა თერთმეტკაციანი ჯგუფის თხოვნა იმის შესახებ, რომ კრებას საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრების გაღვიძებასა და ხალხში სარწმუნოებრივ-ზნეობრივი შეგნების გამტკიცების საკითხზე ემსჯელა. მოხსენება საგანმანათლებლო კომისიამ წარმოადგინა,რომელიც სხდომას დეკანოზმა იასონ კაპანაძემ გააცნო.

კომისიის აზრით თითოეული მონასტერი და მასში მოღვაწე პირი უნდა დაკვირვებოდა პირნათლად ასრულებდა თუ არა თავის მოვალეობას. სამონასტრო ცხოვრება შრომაზე უნდა აგებულიყო. მონასტრებს უნდა ჰქონოდა საკუთარი მეურნეობა, მეფუტკრეობა და სახელოსნოები. ბერებისათვის აუცილებელი იყო წიგნის კითხვისას ადგილობრივ კილოზე გალობა შეძლებოდათ. მონასტრების ბერსა თუ არქიმანდრიტს ეკრძალებოდათ თვითნებურად მონასტრიდან სოფელში ან ქალაქში წასვლა. საამისოდ მღვდელმთავრის კურთხევა იყო საჭირო.

განურჩევლად იმისა, სასულიერო პირი თეთრ სამღვდელოებას ეკუთვნოდა თუ შავს, მრევლზე ზრუნვა ევალებოდა, რაც ყველაფერთან ერთად შაბათ-კვირას წირვა-ლოცვასა და ქადაგებასაც გულისხმობდა. ამ მიზნით გამოცდილი მქადაგებელი მღვდლების დანიშვნაც კი იყო გათვალისწინებული. ამ უკანასკნელს კვირაობითა და დიდ დღესასწაულებში მაზრისა და თავისი ოლქის სხვადასხვა ეკლესიებში უნდა ექადაგა. ამავე მღვდლის მოვალეობაში შედიოდა ადგილობრივი სამღვდელოებისათვის ქადაგების შესწავლა და საამისოდ რაიმე გეგმის შედგენა. აუცილებელი იყო მღვდელს განემარტა სახარება, რაიმე სასულიერო წიგნიდან მცირე რამ წაეკითხა და ჟურნალ-გაზეთები გაეცნო მრევლისათვის. ასევე აუცილებლობას წარმოადგენდა ამა თუ იმ დღესასწაულთა განმარტებაც. დიდ მარხვაში ზიარების მსურველნი ძველ და ახალ აღთქმას უნდა გაცნობოდნენ.

გარდა ამისა, საგანმანათლებლო კომისიას აუცილებლად მიაჩნდა განსაკუთრებული ყურადღება მიქცეოდა საეკლესიო სიძველეებსა და ქონებას. მთავარ არქიმანდრიტს წელიწადში ორჯერ უნდა მოენახულებინა მისდამი რწმუნებული მონასტრები და ტაძრები და ზედმიწევნითი რევიზია უნდა ჩაეტარებინა. არავის ეძლეოდა უფლება საეკლესიო სიძველე არქეოლოგიური სიძველე-საგანძურის საბაბით გაეტანა ტაძრიდან ან მონასტრიდან. ამგვარ ნივთთა მხოლოდ მცირე ხნით გამოტანა იყო შესაძლებელი და ისიც ხალხისა და საეკლესიო კრების ნებართვით. ამის პარალელურად იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ეკლესია-მონასტრებში არსებული ძველი ძვირფასი ნივთებისა და წიგნების თბილისში გადმოტანისა და მთავრობის მიერ დაარსებულ კომისიაზე გადაცემის შესახებ წამოჭრილი საკითხი იქნა განხილული. კრებამ ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხსენებული საგნები ხელუხლებლად უნდა იქნეს დატოვებული იქ, სადაც ისინი ამჟამად არიან დაცულნი.

დეკანოზ იასონ კაპანაძის მიერ წაკითხული ეს მოხსენება კრების მიერ ერთხმად იქნა მიღებული.

ამის შემდგომ, იგივე საგანმანათლებლო კომისია, მოხსნებას აკეთებს ზაქათალის ოლქში ქრისტიანობის მდგომარეობისა და მისი აღდგენის შესახებ. კომისია გაცნობოდა საინგილოს მცოდნე ქართველი ისტორიკოსის მოსე ჯანაშვილის ცნობებს, რომელიც წარმოშობით საინგილოდან იყო. მოსე ჯანაშვილს კომისიისათვის გაუცნია მაშინ საინგილოში არსებული ვითარება და კრებისათვის უთხოვნია, ამ საკითხთან დაკავშირებით დუმილი აერჩია,რადგან იმ ჟამად ამ საკითხის ზედმიწევნით გარჩევა, ხიფათს შეუქმნიდა ინგილო ქრისტიანებსა და მთელ საინგილოს.

ამის შემდგომ სიტყვა გადაეცა დეკანოზ ივლიანე აბესაძეს. მან კრებას ქვემო იმერეთში არსებული მდგომარეობა მოახსენა. მრავალ საკითხთა შორის, რომელიც მომხსენებელმა კრებას წარუდგინა იყო ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ ხალხს თვითნებური გადაწყვეტილებით, ქვეყნად არსებული მრავალი სიძნელეებისა და შეჭირვების გამო, შაბათი საღამოდან მოყოლებული, მთელი კვირა დღე, საეკლესიო უქმეებსა და მათ წინა დღეებში, მუშაობა და ვაჭრობა აეკრძალა, რის სანაცვლოდაც ტაძრებში წასვლა დაედგინათ. ხსენებული ქმედება რესპუბლიკის მიერ დადგენილ დღესასწაულებზეც ვრცელდებოდა. პარალელურად გაჩენილიყო ჯგუფები, რომლებიც სოფლებსა და ქალაქებში აქტიურ პროპაგანდას ეწეოდნენ საიმისოდ, რომ ზემოთ ხსენებული იდეა ხალხს აეტაცებინა. შექმნილი ვითარება მთავრობას საეკლესიო პირებზე ეჭვის შესატანად გამოეყენებინა. ყოფილა დაპატიმრების შემთხვევებიც. კრება თავის მხრივ მთავრობისაგან ითხოვდა დაპატიმრებულთა გათავისუფლებას და საერთოდ, მსგავსი ეჭვების მხოლოდ გამოძიებით ან გაქარწყლებას, ან სულაც დადასტურებას.

შემდგომ დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე მოხსენებას აკეთებს ეპარქიათა გაერთიანების შესახებ. შეერთებულად გამოცხადდა მცხეთისა და თბილისის ეპარქიები, რის გამოც ღვთისმსახურებისას კათოლიკოსის წოდება ასე განისაზღვრებოდა: "უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და სრულიად საქართველოს კათოლიკოსი". ამასთან ურბნისის ეპარქიაც მცხეთა-თბილისისას შეუერთდა. ამის გამო საკათოლიკოსო საბჭომ შესაბამისი საშტატო ცვლილებები განახორციელა. მოხდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის საქართველოს საკათოლიკოსოში მიღება და ამ ეპარქიის მღვდელმთავრის მიტოპოლიტის პატივით აღჭურვა.

კრებამ მორიგ საკითხად სამღვდელოების საერო დაწესებულებებში მსახურების შესახებ იმსჯელა. საკითხის დაყენება იმ რეალობამ გამოიწვია, რაც ამ კუთხით ქვეყნის ცხოვრებაში შეიმჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ რაიმე კანონი სამღვდელო პირს საერო დაწესებულებებში სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის სასულიერო პირი იყო, მაინც ხდებოდა. კრება ქვეყნის ხელმძღვანელობისაგან მოითხოვდა, რომ სასულიერო პირთა საერო დაწესებულებებში მიღება ისე განხორციელებულიყო, როგორც ეს საერო პირის შემთხვევაში აღესრულებოდა. 1918 წლის 16 მაისის დეკლარაცია სოციალური მდგომარეობისა და სარწმუნოებრივი ნიშნით არცერთი მოქალაქის უფლებას არ ზღუდავდა. კრებაც თავის მხრივ სწორედ ამაზე მიუთითებდა მთავრობას. არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხშირად სამსახურში მიუღებლობის მიზეზი ადამიანის მღვდლობა და სამღვდელო შესამოსელი სახელდებოდა და პიროვნების პროფესიონალიზმს არავითარი ყურადღება არ ექცეოდა. საეკლესიო კრების განჩინებით, მთავრობასა და მინისტრებს განკარგულება უნდა გაეცათ იმის შესახებ, რომ თუ სამღვდელო პირი რაიმე მოცემული საქმისათვის საკმაოდ მომზადებული იქნებოდა, მისი სასულიერო პირობა არ ყოფილიყო სამსახურის დაწყებისათვის დამაბრკოლებელი მიზეზი.

სხდომაზე უქმე დღეების შესახებ დაისვა საკითხი, რასაც ხანგრძლივი კამათი მოჰყვა. მთავრობის წინაშე დაყენებული იყო საკითხი საუფლო დღესასწაულების სამოქალაქო უქმეებად კვლავ აღდგენის შესახებ. გარდა ამისა, უქმედ უნდა გამოცხადებულიყო გიორგობა, ნინოობა, სვეტიცხოვლობა, ალავერდობა, მარიამობა და წმინდა დავით და კონსტანტინეს ხსენება. აღნიშნული შუამდგომლობა მთავრობის წინაშე საკათოლისკოსო საბჭოს ჰქონდა დაყენებული.

კრებაზე ყოველგვარი კამათის გარეშე და აბსოლუტური ერთსულოვნებით იქნა დადასტურებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს, ქუთათელ მიტროპოლიტ ნაზარისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ამბროსის შემოკლებული წესით არჩევა.

სხდომის გაჭიანურების გამო იყო წინადადება საკითხი სამღვდელოების შენახვის შესახებ მეორე დღისათვის გადატანილიყო, მაგრამ კრებამ ამ საკითხის განხილვა 5 ივლისის სხდომაზევე ისურვა. აღნიშნული საკითხის გასარკვევად შეიქმნა კომისია, რომელსაც კრებამ პირველი სხდომა იმავე დღის 7 საათზე განუკუთვნა. ამის შემდეგ წაკითხული იქნა გენერალ ართმელიძის მიერ მეორე საეკლესიო კრებისადმი გამოგზავნილი დეპეშა, სადაც ეწერა:

"ჩემს სარდლობის ქვეშ მყოფ გაგრის ფრონტზე მდგომ ჯარების სახელით წრფელ მადლობას ვსწირავ საქართველოს მეორე საეკლესიო დელეგატთა ყრილობას. ნორჩი არწივები მთელი ხალხის თანადგომით დუღაბად ქცეულ სალ კლდეთ ევლინება მტერს მრავალ ტანჯულ სამშობლოს ზღუდეებზე. გწამდეთ რომ გათვითცნობიერებული მხედრობა არავის წააბილწვინებს და ძირს არ დახრის მის წმინდათა წმიდას სამფეროვან ალამს, მშობელ ალამს მშობელი რაინდი ერისა."

სხდომის ბოლოს კრების წევრებზე მთავრობისაგან შემოსული შემწეობების განაწილების წესი დადგინდა, რითაც 5 ივლისის სხდომა დაიხურა.

მეორე დღეს, 6 ივლისს კრება დილის 9 საათზე, კვლავ ქაშუეთის ტაძარში განახლდა. რეგლამენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ცხუმ-აფხაზეთის მიტოპოლიტმა ამბროსიმ განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ 5 ივლისს გურია-სამეგრელოს ("გურია-მეგრელიის") ეპარქიის ყველა დელეგატთაგან შემდგარ კრების მიერ ჭყონდიდელ-შემოქმედელი მიტროპოლიტის ადგილზე ერთხმად არჩეულ იქნა ეპისკოპოსი გიორგი. აღნიშნული არჩევნები კრებამ კანონიერად სცნო, რის შემდეგაც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი გიორგი კრების წევრად იქნა ჩათვლილი.

სხდომაზე დაისვა საკითხი იმ მღვდელმოქმედებააკრძალული პირების შესახებ, რომლებიც აშკარად თუ ფარულად კვლავ განაგრძობდნენ მოღვაწეობას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამგვარ უკანონო ქმედებას, კანონიერი მოძღვრის გაძევების მოთხოვნაც მოჰყოლია. იმის სანაცვლოდ კი, თუ მრევლი ასეთ მღვდლობააკრძალულ პირს მიიღებდა, "დიდი შეღავათებით" ისარგებლებდა, სხდომაზე ისიც აღინიშნა, რომ მღვდელმთავრის მოწოდებაზე, ამგვარი უკანონობა აღეკვეთათ, შედეგი არ ჩანდა.

კრებამ გაითვალისწინა რა საღვთო წერილის I კორ. XIV, 33, 40 და სჯულის კანონის (მოციქ. 39; ლაოდ. 57) მითითებით, განაჩინა, რომ ამგვარ საქციელში მხილებულნი თუ სინანულს არ გამოთქვამდნენ და უკანონო ქმედებებს თავს არ დაანებებდნენ, პასუხისგებაში უნდა მიცემულიყვნენ. მსჯავრი ეპისკოპოსის დასკვნის საფუძველზე საკათოლიკოსო საბჭოს გამოჰქონდა. განკვეთილი მღვდლის სახელი აუცილებლად გაზეთში უნდა დაბეჭდილიყო, რათა ხალხს ამგვარი მღვდელი მღვდელმოქმედებისათვის არ მიეწვია, რამეთუ მისი ყოველგვარი მოქმედება ფუჭად ჩაითვლებოდა, ხოლო ის პირი, რომელიც განკვეთილს მაინც მოიწვევდა სამსახურებლად, ეკლესიურ ერთობას მოაკლდებოდა, როგორც "წარმართი და მეზვერე" (მოციქ. 10,11,12; წმ. ბასილი დიდი 88; მათ. XVIII,17).

მორიგ საკითხად სამღვდელოების ჯამაგირი იქნა დაყენებული. კომისიას, რომელსაც ამ საკითხზე უნდა ემუშავა ამავე კომისიის მოსმენა მოუწია. კომისიის გადაწყვეტილებით აღნიშნული საკითხის მოგვარება საკათოლიკოსო საბჭოს უნდა დავალებოდა, რომელსაც თავის მხრივ აქტიური მოლაპარაკება უნდა დაეწყო მთავრობასთან. საკათოლიკოსო საბჭოსვე ევალებოდა განეხილა საკითხი სამღვდელო პირთა დაჯილდოვებისა. კრებამ მიიღო კომისიის დადგენილება და განაჩინა, რომ ერთი თვის მანძილზე საკათოლიკოსო საბჭოს ყოველი ეპარქიიდან თითო წარმომადგენლის მონაწილეობით შეემუშავებინა საკითხი თითოეული ეკლესიის ჯამაგირის შესახებ.

II კრებამ დაადასტურა I კრების გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მედავითნეს სამრევლო შემოსავლიდან გასამრჯელოდ 2/5 მიეცემოდა და თავის მხრივ დასძენდა, რომ ყოველი მედავითნე სათანადოდ უნდა ყოფილიყო მომზადებული, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უნდა გაეთავისუფლებინათ.

კრებამ დასაშვებად მიიჩნია მღვდელმონაზონის უმრევლო მრევლში განწესება.

სხდომაზე შემოსულ იქნა მედავითნეთა შეკითხვა, რომელიც ეხებოდა მიმდინარე კრების მიერ განხილულ დებულებას, სადაც აღნიშნული იყო, რომ კრებაზე ოლქიდან ხდებოდა ერთი ერისკაცისა და ერთი სასულიერო პირის არჩევა. მედავითნეთა განცხადებაში მითითებული იყო, რომ სიტყვა სამღვდელო არ გულისხმობსო მედავითნე-დიაკვანს და შესაბამისად მომავალ კრებაზე მედავითნის მოხვედრა გამორიცხულიაო. აღნიშნული ჯგუფი კრებას ამ საკითხის განხილვასა და სიტყვაზე "სამღვდელო", ფრაზის "ანუ მედავითნის" მიმატებას სთხოვდა. აღნიშნული განცხადების განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მედავითნე საარჩევნო წესების თანახმად სასულიერო წრეს ეკუთვნოდა და სიტყვა "ერისკაცთას" წილ "სამღვდელო" იქნა ჩაწერილი.

კრების მიერ მოსმენილ იქნა იურიდული კომისიის დასკვნა იმის შესახებ, რომ ცხუმ-აფხაზეთისა და გურია-სამეგრელოს ეპარქიათა ზოგიერთ ეკლესიაში ხალხის მიერ საეკლესიო შემოსავლების მიტაცება ხდებოდა. კრებამ საკათოლიკოსოს დაავალა, აღეძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, რათა ეკლესიის ქონების მიტაცება არ მომხდარიყო.

სხდომაზე მოსმენილ იქნა ერთ-ერთი დელეგატ მღვდლის, მელიტონ კუხალაშვილის განცხადება სოფ. ჭაგნის მრევლსა და მღვდელ სიმონ შენგელიას შორის არსებული დაძაბული მდგომარეობის შესახებ. კრებამ არ სცნო საჭიროდ მისი განხილვა და საქმის ვითარებაში გარკვევა ქუთათელ მიტროპოლიტს დაავალა.

შეიქმნა კომისია, რომელსაც ევალებოდა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ აღმოსავლეთის საპატრიარქოებისადმი მოსახსენებელი რეზოლუცია შეემუშავებინა.

საქართველოს II საეკლესიო კრების ბოლო, დამამთავრებელი სხდომა, 7 ივლისს დილის ცხრა საათზე ქაშუეთის ეკლესიაში გაიხსნა, რომელსაც ტრადიციულად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე ხელმძღვანელობდა. უწმიდესმა პატრიარქმა აღნიშნა აფხაზეთში არსებული მდგომარეობა. იგი მიუთითებდა, თუ რანაირი ყურადღება იყო საჭირო ამ მხარისადმი, რათა აქ ეკლესიასა და ხალხს "კეთილნაყოფიერი ნიადაგი მოემზადებინა და მაგარი საძირკველი ჩაეყაროს".

პატრიარქ ლეონიდეს შემდგომ სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ეპარქიიდან წარმოგზავნილი დელეგატი, დეკანოზი დიმიტრი მარღანია. ამ უკანასკნელმაც თავის მხრივ აღნიშნა, თუ რა მდგომარეობა სუფევდა აფხაზეთის ეპარქიაში. დეკანოზი დიმიტრი აღნიშნავდა, რომ იმ ისტორიულად ქრისტიანულ მხარეში, როგორიც აფხაზეთი იყო, ჯეროვანი ყურადღების დატოვების შემთხვევაში, შესაძლებელია ქრისტიანობა სრულიად გამქრალიყო. მომხსენებელი თავის სიტყვაში მიუთითებდა თურქთა ბოგინის შედეგებზე, რაც ამ კუთხეში მუსულმანობის დანერგვა-გავრცელებით გამოხატულიყო. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებში მუსულმანობას ფესვები ბოლომდე ვერ გაედგა, იმდენი კი მოეხერხებინა, რომ თავისი ნამოღვაწარით უკვე ყურადღებას იქცევდა. დეკანოზ დიმიტრის მითითებით, მოცემულ პერიოდში, ამის შედეგად აფხაზები აღარც ქრისტიანები ყოფილან და აღარც მუსულმანები. მომხსენებლის მითითებით რუსეთი ცდილობდა აფხაზეთში ქრისტიანობის გავრცელებას, მაგრამ მის ამ ცდას ნაყოფი ვერ გამოეღო. ამის მიზეზად არასწორი მოქმედება იქნა დასახელებული. იმის მაგივრად, რომ რუსეთს თავიდან ხალხის განათლებაზე ეზრუნა, სოფლებში ეკლესიების შენება და აბსოლუტურად მოუმზადებელი მღვდლების დანიშვნა დაეწყო. დეკანოზი დიმიტრი მიუთითებდა, რომ აფხაზეთში ტაძრების მდგომარეობა საგანგაშო იყო. თავად სამღვდელოებას დიდი ხნის განმავლობაში საარსებო წყარო აღარ გააჩნდა. დაფიქსირებული იყო მუსულმანების მიერ ქრისტიანული ტაძრების მიტაცება.

დეკანოზი დიმიტრი მარღანია აღნიშნავდა, რომ აფხაზეთში ქრისტიანობის გავრცელებას დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ენიჭებოდა. იგი მიუთითებდა: "რადგან არის ერთადერთი უტყუარი ხალხთა შემაერთებელი საშუალება, ჩემის ფიქრით უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთში ქრისტიანობის აღდგენის საქმეს, მკვიდრთა შორის კულტურულ მოქმედებას და საზოგადო განათლების გავრცელებას". მომხსენებელი მიუთითებდა, რომ ის კეთილი ურთიერთობა, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის სუფევდა, თურქების შემოჭრისა და აფხაზეთში ქრისტიანობის შერყევის შემდგომ იყო მტრულ დამოკიდებულებად ქცეული. მომხსენებლმა თავისი გამოსვლის ბოლოს მიუთითა, რომ აუცილებელი იყო აფხაზეთის სამღვდელოებისათვის ხელის გამართვა.

შემდგომ სიტყვა მიეცა ცხუმ-აფხაზეთის მიტოპოლიტ ამბროსის. მან ბრძანა: "დღეს აფხაზეთი არც მაჰმადიანია და არც ქრისტიანი. იგი მხოლოდ დროებითი პროპაგანდისტების ხელშია ჩავარდნილი. აქ შველაა საჭირო და ეს შველა დროზედ უნდა იქმნეს მიწოდებული."

კრებამ დიდი ყურადღებით მოისმინა აღნიშნული მოხსენებები და მიიღო რა მხედველობაში ის, რომ აფხაზები ქართველების მოძმე ტომია და საქართველოს ისტორია როგორც საერო, ისე საეკლესიო, წარმოუდგენელია თვინიერ აფხაზეთისა, დაადგინა:

1. ეთხოვოს მთავრობას, რომ მან, მიუხედავად იმისა, ეკლესიას სახელმწიფოსაგან გამოყოფს თუ არა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს აფხაზეთში ქრისტიანობის გავრცელებას, რამეთუ აფხაზეთში ქრისტიანობის გავრცელება აქ საქართველოს რესპუბლიკის სიძლიერის უზრუნველყოფა იქნება. ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცეს აფხაზეთის სამღვდელოების ფინანსურ მდგომარეობასაც.

2. II საეკლესიო კრების სახელით სათანადო ორგანოების საშუალებით გამოეცხადოთ აფხაზებს, რომ როგორც ქართველი ერი ვერ ამოშლის განვლილი ისტორიის ფურცლებიდან ქართველი ერისა და აფხაზების მჭიდრო ურთიერთობას, ასევე ვერ აღმოფხვრის თავისი გულიდან მათდამი ღრმა სიყვარულს და შეეცდება ღვთისა და ერის დახმარებით მათ შორის ქრისტიანობის განმტკიცებას.

3. ქრისტიანობის განმტკიცებისათვის სასაზღვრო კუთხეებში, განსაკუთრებით კი აფხაზეთში, დაარსდეს "ფონდი".

4. ფონდის მხარდაჭერა დაევალოს საკათოლიკოსო საბჭოს.

კრებამ საეკლესიო სიძველეებთან დაკავშირებით საღამოს 7  საათზე ბ-ნი ექვთიმე თაყაიშვილი მოიწვია.

კრებამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ყველა ფინანსური თუ ნივთიერი დახმარებისათვის შემოსული თხოვნა პატარა კრებას ანუ საკათოლიკოსო საბჭოს უნდა განეხილა.

დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ მოხსენება გააკეთა იმის შესახებ, თუ კანონიერად ვის უნდა დამორჩილებოდა საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში არსებული რუსთა, ბერძენთა და ოსთა სამრევლოები და სცნობდნენ თუ არა დამოუკიდებლად საქართველოს ეკლესიას აღმოსავლეთის საპატრიარქოები. საქართველოს ეკლესიის II კრებამ მიიღო რა მხედველობაში ის, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ 1920 წლის 17 თებერვალს გამოიტანა დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში რუსეთის სინოდის კავკასიის ეგზარქატის იურისდიქციის გაუქმების შესახებ და რომ კათოლიკოს-პატრიარქებს კირიონსა და ლეონიდეს აღმოსავლეთის პატრიარქებისადმი უკვე გაეგზავნათ მოკითხვის წერილები, ამავე დროს საკათოლიკოსო საბჭოც შესდგომოდა პატრიარქებისადმი მისასალმებლად და ჩვენი ეკლესიის მდგომარეობის გასაცნობად აღმოსავლეთში სპეციალური დელეგაციის გაგაზავნისათვის მზადებას, განაცხადა: სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება იმედოვნებს, რომ:

1. რესპუბლიკის მთავრობა სისრულეში მოიყვანს მის მიერ საეკლესიო კანონთა და დამფუძნებელი კრების 1919 წლის გიორგობისთვის 21 №210 დეკრეტის თანახმად 1920 წლის 17 თებერვალს გამოტანილ განაჩენს.

2. საკათოლიკოსო საბჭო სულ მოკლე დროში შეძლებს აღმოსავლეთის პატრიარქებთან დელეგაციის გაგაზავნას.

კრებამ მორიგ საკითხად კრების წევრთა ჯამაგირის შესახებ საკითხის განხილვა დაიწყო. ამავე კრების დადგენილებით აღნიშნულ პირებს სხვა რაიმე სამსახურში ყოფნის უფლება არ ჰქონდათ. მოხდა არსებული სიტუაციის შეფასება და აღმოჩნდა, რომ კრების წევრთა ჯამაგირის მიცემის საშუალება ეკლესიაში არ არსებობდა, რის გამოც მითითებულ დებულებას შენიშვნის სახით დაერთო: "მოწვეულ იქნენ ისეთნი, რომელთაც სხვაგანაც აქვთ სამსახური". ამის შემდეგ მოხდა საკათოლიკოსო საბჭოს არჩევა. მასში შევიდნენ:

1. ეპისკოპოსი დავითი

2. დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე;

3. დეკანოზი ბენიამინ კონტრიძე;

4. სპირიდონ კედია;

5. გრიგოლ ვეშაპელი;

6. იასონ აფაქიძე.

ამით საქართველოს მეორე საეკლესიო კრება დასრულდა.­




დეკანოზ ქრისტეფორე ციცქიშვილის რეცენზია ეპ. ლეონიდეს ქადაგებათა კრებულზე: "სიტყვანი და მოძღვრებანი. ნაწილი პირველი. ქართველ წმინდანების დღეები." ფოთი. 1914  წ.


ბიბლიოგრაფია:

ეპ. ლეონიდი. სიტყვანი და მოძღვრებანი. ნაწილი პირველი. ქართველ წმინდანების დღეები. ფოთი 1914 წ. ფასი ერთი მანეთი. ყოვლად სამღვდელო ლეონიდი უკვე ცნობილია, როგორც შეურყეველი მამულიშვილი, რომელიც სიტყვით და საქმით ემსახურება ჯერ ღმერთსა და მერე თავისს მოყვასს, თავის მშობელ ერს. ამ გზით მიდის იგი და არც ერთხელ არ გადაუხვევია მისგან, როგორც ეს ხშირად გვემართება სხვებს და კერძოთ სასულიერო პირთ.

ჩვენ წინ დებული ქადაგებათა კრებული ეპ. ლეონიდისა არის დამამტკიცებელი, თუ რამდენად შესტკივა გული მქადაგებელს საქართველოს ეკლესიისათვის, ქართველი ერისათვის. ამ წიგნით ავტორი შეავსებს თვალსაჩინო ნაკლს ჩვენი სასულიერო მწიგნობრობისას, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ არ მოგვეპოვებოდა ქადაგებანი ჩვენის წმინდანების შესახებ.

მდაბიო, გასაგების და გულში ღრმად ჩამწვდომის ენით გვამცნობს მქადაგებელი ცხოვრებასა და ღვაწლსა, რომლი­ თაც განაძლიერეს და ააყვავეს საქართველოს ეკლესია ჩვენი ქვეყნის წმინდანებმა. თან მქადაგებელი შეუმჩნევლად გაგვა­ ცნობს საქართველოს ისტორიის უმთავრეს მომენტებს და უცხოელებს მკითხველს სამშობლო ქვეყნის სიყვარულს. მქადაგებელი სწუხს, რომ ქართველ წმინდანების ცხოვრებას არ იცნობს ჩვენში არც ერი და რაც უფრო სამწუხაროა, არც სამღვდელოება. მოუწოდებს ამ უკანასკნელთ გაეცნონ და გააცნონ ხალხს თავის ეკლესიის წმინდანების ვინაობა (გვ. 39).­

ქადაგებებს არ აქვს განყენებული ხასიათი, იგინი დაკავშირებული არიან ცხოვრებასთან. მქადაგებელი წარსულიდგან გადმოდის აწმყოში, ადარებს ძველსა და ახალს, მოუწოდებს მსმენელთ შეიყვარონ ძველ მოღვაწეების მტკიცე სარწმუნოება, სიფაქიზე ზნეობა და თავდადება მამულისათვის. სარწმუნოებრივი აღზრდა საჭიროა მიეცეს ახალგაზრდებს, ვაჟებსა და ქალებს, უფრო უკანასკნელთ, რადგან უკეთესი მომავალი ეკუთვნით იმ ხალხებს, რომელთაც ჰყავთ სარწმუნოებით და მაღალზნეობით აღჭურვილი დედები, - ამბობს მქადაგებელი (გვ. 21). ქალს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ისტორიაში. ამ მნიშვნელობის საბუთნი არიან წმ. ნინო, წმ. შუშანიკი, წმ. თამარ მეფე, წმ. ქეთევანი და მრავალნი სხვანი. მხოლოდ დღევანდელ ქალს "აღარ მიაჩნია სასახელოდ წმ. ნინოს გზით სიარული. იგი სულ სხვა გზას ადგია სულითა და გულით, ამიტომ წინანდებურათ აღარ გუზგუზობს ჩვენი საკუთარი არსებობის კერა" (გვ. 74). `წმ. ნინოს ქადაგება დასაბამად გაუხდა ქართულ ენას; ამ ქადაგებამ გაზარდა ქართული ენა, განავითარა, გაფურჩქნა, დაამუშავა და აიყვანა იმ საოცარ სისრულემდე, როგორიც არის ქართული სახარებისა და ვეფხისტყაოსნის ენა; წმ. ნინოს სახელს პატივისცემამ და მისი ქადაგების ერთგულებამ მოაქარგვინა ჩვენს მამა-პაპას საქართველოს პირი იმ დიდებულ ტაძრებით, რომლებსაც დღესაც განცვიფრებაში მოჰყავთ უგანათლებულეს ერების წარმომადგენელნი; წმ. ნინოს სახელის პატივისცემამ და მისი მოძღვრების ერთგულებამ გადააქცია მთელი საქართველო რჩეული გმირების აკვნად, რომელთაც შეგვინახეს თავიანთი მკერდით სიცოცხლე და მიწა-წყალი (გვ. 53).

აცნობს მქადაგებელი მსმენელებს ღვაწლს ახოვან გმირ-მეფის დავით აღმაშენებლისას, ქვეყანას რომ ცხოველმყოფელი სული ჩაჰბერა, ქვეყნის ეკონომიურად და გონებრივად ამაღორძინებელს და განმაძლიერებლისას (გვ, 88), - "საოცნებო სიბრძნის, გამჭრიახობის, მაღალ გონების, სათნოების, სიმდიდრის, მეფურ სიმძლავრის და მომხიბლავ სილამაზის მქონ პირველ ქართველ მეფე-ქალის თამარისას (გვ. 94), ვის დროსაც საქართველოს ძლიერებამ, კულტურულმა და სამხედრომ, მიაღწია უმაღლეს მწვერვალს. თამარის უზენაესი თვისებანი აქეზებენ მჭერმეტყველ, გულმხურვალე მამულიშვილ მქადაგებელს მიმართოს თანამედროვე დედებს, - იშრომონ თავდადებულად მამულისათვის: "თუ თქვენთვის ძვირფასია თქვენი სამშობლოს აღდგენა - გაძლიერება, თქვენი მშობელ ერის განათლება და ბედნიერება, მოსვენებას არ უნდა გაძლევდეთ თამარ დედოფლის აჩრდილი. თქვენც მის მსგავსად დღე და ღამეს უნდა ასწორებდეთ სამშობლოს სამსახურისათვის" (გვ. 104).

და მამულისა და სარწმუნოებისათვის თავდადების მაგალითად მოიყვანს მქადაგებელი ცხოვრებას წმ. მოწამეთა: მეფეთა არჩილ და ლუარსაბისას, ქეთევანისას, ბიძინას, შალვას და ელიზბარისას. მოიყვანს ცხოვრებასა და ღვაწლსა ქართველთა განმანათლებელთა: წმ. იოანე ივერისას, დიდებულ ივერიის ლავრის დამაარსებლისას, რომელიც შეიქმნა განათლების წყაროდ სრულიად საქართველოსათვის, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა, რომელთაც ქართული ენა შეიმუშავეს უმაღლეს ხარისხამდე, რომ შესაძლებელი გახდა ამ ენით გამოთქმა ღრმა ფილოსოფიურ და საღვთისმეტყველო აზრებისა. განსაკუთრებით მიაქცევს ყურადღებას გიორგი მთაწმინდელის ამაგს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის დაცვაში (გვ. 139). ამ მოღვაწეთა ცხოვრება გამოათქმევინებს მქადაგებელს თავის შეხედულებას ნამდვილ ბერის სამსახურზე: "ბერი თავდადებული, თავგანწირული მსახურია, ჯერ ღვთისა და მერე თავისის სამშობლოსი, ჯერ ქრისტესი და მერე თავის ერის განათლებისა, გაძლიერებისა.

ქეთევან დედოფლის დღესასწაული (ალავერდობა) საბუთს აძლევს მქადაგებელს დღეობების მნიშვნელობაზე გამოთქვას თავისი აზრი. ჩვენებურ დღეობებში იგი ჰპოვებს ბევრ სასურველ მხარეებს: სხვა და სხვა კუთხის ქართველთაგან ურთიერთის გაცნობას, დაახლოებას, ერთობის და ხალხოსნობის შეგნებას. დღეობებში ხალხი რამდენადმე ეცნობა თავისს წარსულს ძველ ეკლესიათა ხილვით. ხალხი სრულიად ხალისიანდება, სულიერ ენერგიას იკრებსო. დღეობები შეიძლება გამოიყენონ სხვა და სხვა დარგის მოღვაწეებმა ხალხში სინათლის შესატან საშუალებადაო, სამეურნეო იარაღების გაცნობით, წიგნების გავრცელებით, წარმოდგენების გამართვით და სხვა. დღეობის ცუდ მხარეებს უნდა ვებრ-ძოლოთ,მაგრამ ნაგავს მარგალიტი არ უნდა გავატანოთ თანაო" (გვ. 196)

მთელ ქადაგებათა კრებულის დედათა აზრია, რომ უწინ ქართველი სარწმუნოების სიმტკიცით და მამულის სიყვარულით ძლიერი იყო შინაგანათ. მქადაგებელი მოუწოდებს თავისს მსმენელებს, რომ ყველამ შეუწყოს ხელი საქართველოს ეკლესიის და ერის დიდებას, რომ ძველებურად პატივდებული იყოს ქართველი ერი სხვა ერთა შორისო.

ბევრი საგულისხმო აზრებია გამოთქმული აღნიშნული ქადაგებათა კრებულში, და ამიტომაც მკითხველს ვურჩევთ თვითონ გულდასმით გადაიკითხოს ქადაგებანი. ეს წიგნი აუცილებლად უნდა შეიძინოს ყოველმა ქართველმა, სასულიერო პირი იქნება იგი, თუ საერო.

"ვერტყვიჭალელი"

--------------------------------------------------------------------------

დამოწმებული ლიტერატურა

1. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის არქივი, ფ. 715;

2. იქვე, ფ. 175;

3. იქვე, ფ. 1202;

4. იქვე, ფ. 1209;

5. სერგო ვარდოსანიძე. "XX საუკუნის ქართველი მღვდელმთავრები", თბილისი, 2010 წ. გვ. 53;

6. სერგო ვარდოსანიძე. "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (1918-1921 წწ.)", თბილისი, 2000 წ. გვ. 4;

7. იქვე, გვ. 5;

8. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის არქივი 54, დოკუმენტი 1213;

9. იქვე, დოკუმენტი 1222;

10. სერგო ვარდოსანიძე. "XX საუკუნის ქართველი მღვდელმთავრები", თბილისი, 2010 წ. გვ. 55;

11. იქვე, გვ. 55;

12. სერგო ვარდოსანიძე. "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (1918-1921 წწ.)", თბილისი, 2000 წ. გვ. 9;

13. იქვე, გვ. 10;

14. იქვე, გვ. 11;

15. იქვე, გვ. 11;

16. იქვე, გვ. 11;

17. იქვე, გვ. 10;

18. სერგო ვარდოსანიძე. "XX საუკუნის ქართველი მღვდელმთავრები", თბილისი, 2010 წ. გვ. 57;

19. იქვე, გვ. 58-59;

20. გაზეთი "საქართველო", 1917 წ. №61;

21. სერგო ვარდოსანიძე. "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წწ." თბილისი, 2001 წ. გვ. 16;

22. იქვე, გვ. 19;

23. იქვე, გვ. 20;

24. იქვე, გვ. 21;

25. იქვე, გვ. 21;

26. იქვე, გვ. 22;

27. იქვე, გვ. 22;

28. ჟურნალი "სვეტიცხოველი", 1917 წ. №1;

29. სერგო ვარდოსანიძე. "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (1918-1921 წწ.)", თბილისი, 2000 წ. გვ. 14;

30. საქართველოს საპატრიარქოს არქივი. მიტროპოლიტ ლეონიდეს ფონდი №25, საქმე 5;

31. გაზეთი "საქართველო", 1918 წ. №28;

32. საქართველოს საპატრიარქოს არქივი. მიტროპოლიტ ლეონიდეს ფონდი, საქმე 6468;

33. სერგო ვარდოსანიძე. "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (1918-1921 წწ.)", თბილისი, 2000 წ. გვ. 15;

34. საქართველოს საპატრიარქოს არქივი. მიტროპოლიტ ლეონიდეს ფონდი, საქმე 6468;

35. საქართველოს საპატრიარქოს არქივი. მიტროპოლიტ ლეონიდეს ფონდი 6443, გვ. 1-3;

36. იქვე, გვ. 4-2;

37. საქართველოს ეკლესიის კალენდარი. 2009 წ. გვ. 100;

38. იქვე, გვ. 101;

39. იქვე, გვ. 103;

40. იქვე, 102-103;

41. მოქალაქე მღვდლის დღიურიდან. თბილისი, 2013 წ. გვ. 48;

42. სერგო ვარდოსანიძე. "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წწ." თბილისი, 2001 წ. გვ. 44;

43. იქვე, გვ. 45;

44. იქვე, გვ. 45;

45. იქვე, გვ. 45;

46. იქვე, გვ. 46.

 


ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე

იხ. წიგნის pdf ვერსია https://sangu.ge/images/leonide.pdf


საიტზე ქვეყნდება ავტორის ნებართვით

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 12 July 2017 21:43)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96