Georgian (Georgia)English (United Kingdom)

სახარებაში მოთხრობილია, თუ როგორ გამოუჩნდა მოგვებს სასწაულებრივი ვარსკვლავი, რომელიც მათთვის დიადი მოვლენის, კაცთა მოდგმის გამომსყიდველი მესიის წუთისოფლად მოვლინების მაუწყებელი შეიქმნა და ისინი, იმავე ვარსკვლავით ნაწინამძღვრევნი და სულიერი სიხარულით განმსჭვალულნი, ბუნებრივია, გულმოდგინედ მიიჩქირიან საკუთარი მხსნელის მისაგებებლად და სათაყვანოდ. იერუსალიმში აღმოსავლელი უცხოტომელებისთვის ზეციური მანათობელი უჩინარდება, რომ აღთქმული მიწის მკვიდრებმაც მოულოდნელი სტუმრებისგან შეიტყონ სასიხარულო ამბავი. როდესაც მეფე ჰეროდე ვარსკვლავთმკითხავების ჩამოსვლის მიზეზს გაიგებს, იუდეველ მღვდელთმთავრებსა და მწიგონბრებს მოიხმობს, რომ რჯულის მცოდნე ადამიანებისგან მოისმინოს, თუ სად უნდა დაბადებულიყო ქრისტე. „ბეთლემს ჰურიასტანისასა, - ასე პასუხობენ მეფეს, - რამეთუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყუელისა მიერ: «და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი»“ (მათ. 2. 5-6). წარმოდგენილი სიტყვები ძვ. წ. აღ-ის მერვე საუკუნეში იუდეის სამეფოში მოღვაწე, ესაიას თანამედროვე მორაშეთელ მიქეა წინასწარმეტყველს ეკუთვნის, რომელმაც საოცარი სიზუსტით განჭვრიტა იმ ადგილის სახელწოდება, სადაც საუკუნეების შემდეგ კაცობრიობის მხსნელი უნდა შობილიყო. მაგრამ საქმე ისაა, რომ თუკი ძველი აღთქმის საწინასწარმეტყველო წიგნის შესაბამის ადგილს ვნახავთ, მნიშვნელოვან სხვაობას აღმოვაჩენთ მათე მახარებლის მოხმობილ ციტატასა და თავად მიქეას მიერ წარმოთქმულ სიტყვებს შორის. მეტი თვალსაჩინოებისთვის ხსენებულ განსხვავებებს წარმოვადგენთ:

I. A. წინასწარმეტყველი: „და შენ, ბეთლემ, სახლი ეგე ეფრათაჲსი…“ (აქაც და ქვემოთაც ვიმოწმებთ ოშკის ბიბლიას. შდრ. Sept.: Καὶ σύ, Βηθλεεμ οἶκος τοῦ Εφραθα...) B. მახარებელი: „და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი” (შდრ. καὶ σὺ Βηθλέεμ, γῆ Ἰούδα...); მიქეასთანაა: „სახლი ეგე ეფრათაჲსი“, ხოლო მათეს სახარებაში: „ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი“. II. A. წინასწარმეტყველი: „მცირე ხარ ათასეულთა შორის იუდაჲსთა“ (შდრ. Sept.: ὀλιγοστὸς εἶ τοῦ εἶναι ἐν χιλιάσιν Ιουδα...); B. მახარებელი: „არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა“ (შდრ. οὐδαμω̃ς ἐλαχίστη εἰ̃ ἐν τοι̃ς ἡγεμόσιν ’Ιούδα...); მიქეა იუდას ათასეულზე საუბარობს, მათე - იუდას მთავრებზე. III. A. წინასწარმეტყველი: „შენგან გამოვიდეს ჩემდა მთავარი ისრაჱლსა ზედა და გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუნეთა“ (შდრ. Sept.: ἐκ σοῦ μοι ἐξελεύσεται τοῦ εἶναι εἰς ἄρχοντα ἐν τῷ Ισραηλ, καὶ αἱ ἔξοδοι αὐτοῦ ἀπ᾽ ἀρχῆς ἐξ ἡμερῶν αἰῶνος); B. მახარებელი: „შენგან გამოვიდეს წინამძღუარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი“ (შდრ. ἐκ σου̃ γὰρ ἐξελεύσεται ἡγούμενος ὅστις ποιμανει̃ τòν λαόν μου τòν ’Ισραήλ...); მიქეა ბეთლემში ქვეყნიერებაზე მოვლენილი მესიის დაუსაბამო წარმომავლობის შესახებ გვაუწყებს, მათე კი აღნიშულ უაღრესად საყურადღებო, დოგმატური მნიშვნელობის მოვლენას გვერდს უვლის და ბეთლემში შობილს მხოლოდ ისრაელის წინამძღოლობას განუკუთვნებს.

ხსნებული განსხვავებები აშკარად თვალშისაცემია. ზოგიერთი განმმარტებლის აზრით, მახარებელთა მიერ ძველი აღთქმის წიგნებიდან ციტირება ხშირად ზეპირად, მეხსიერებაზე დაყრდნობით ხდებოდა და, რიგ შემთხვევაში, მსგავსი სახის უზუსტობებს სწორედ ეს განაპირობებდა, რადგან, მათი თქმით, შეუძლებელია, ადამიანს მთელი ძველი აღთქმა ზედმიწევნითი სიზუსტით ახსოვდეს; მაგრამ ნეტარი იერონიმე, მიქეას ზემომოხმობილი წინასწარმეტყველების განმარტებისას, აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება. სტრიდონელი მოძღვრის სიტყვებით, მახარებელმა უცთომელად სწორედ ის სიტყვები აუწყა მკითხველს, რომლებიც ჰეროდე მეფის წინაშე მყოფმა მღვდელთმთავრებმა და რჯულისმოძღვრებმა წარმოთქვეს და ამით განსაკუთრებულ მოვლენას გაუსვა ხაზი: ადამიანებმა, რომლებიც ერის სულიერ წინამძღოლებად მიიჩნევდნენ თავს, რჯულში განსწავლულობას იჩემებდნენ და, შესაბამისად, მსგავსი მესიანური წინასწარმეტყველებები სრული სიზუსტით უნდა სცოდნოდათ (რაც მათი ვალდებულება იყო), ამგვარი ცდომილებით წმინდა წერილისადმი საკუთარი ზერელე, უგულისხმო დამოკიდებულება წარმოაჩინეს და სწორედ ამას გვამცნობს დაფარულად მახარებელი მათე.

ბეთლემი იერუსალიმთან ახლოს, ორი საათის სავალ მანძილზე მდებარეობდა. სწორედ ხსენებული ქალაქიდან იყო წარმოშობით დიდი მეფე და სიტყვათმგალობელი დავითი. ბეთლემი განიმარტება როგორც „პურის სახლი“, მაგრამ იმავე ადგილს, მიქეას თანახმად, მეორე წოდებაც ჰქონდა: ეფრათა – ნაყოფიერი (Gr. καρποφόρον). ორივე სახელის წარმომავლობა დავითის ქალაქის გარშემო არსებულ მოსავლიან ველებს უკავშირდებოდა, სადაც ხორბლის საუკეთესო სახეობები ხარობდა; თუმცა, გარდა წარმოდგენილი განმარტებისა, იმავე სახელებში, ეკლესიის მამათა განმარტებების თანახმად, უდიადესი საიდუმლო წინასწარმეტყველება გაენდო კაცობრიობას, რომ ზეციდან გარდამოსული პური (შდრ. [იოან. 6.41]: „მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდმოვჴედ“) პურის სახლში (ბეთლემში) მოევლინებოდა ქვეყნიერებას და ცოდვით დაცემულ ადამიანში ღვთის ხატებისა და მსგავსების განახლების გზით ნაყოფიერებით (καρποφόρον) შემოსავდა განკურნებულ კაცობრივ ბუნებას.

მიქეას სიტყვები: „მცირე ხარ ყოფად ათასეულთა შორის იუდასთა“, განმმარტებელთა აზრით, ასე უნდა გვესმოდეს: მოსე წინასწარმეტყველმა თავის დროზე იუდეველი ერი ორმოცდაათეულებად, ასეულებად და ათასეულებად დაყო და სათავეებში წინამძღოლები დაუდგინა. იგივე დაყოფა აღთქმული მიწის დაპატრონების შემდეგაც გაგრძელდა. ათასეულით წარმოდგენილი საზოგადოება ქანაანის მიწაზე დამკვიდრებისას დიდ ქალაქებში სახლდებოდა, ხოლო ორმოცდაათეულებად და ასეულებად დაჯგუფებული ოჯახები სოფლებსა და დაბებს, მცირე ზომის დასახლებებს ეუფლებოდნენ. იმავე ეგზეგეტთა აზრით, ბეთლემი საკუთარი სიმცირის მიზეზით ვერ შეედრებოდა იუდეაში არსებულ დიდ ქალაქებს და ამიტომაც იყო უმნიშვნელო (შდრ. „მცირე ხარ ყოფად ათასეულთა შორის იუდასთა“). მასში არ სახლობდა ათასი მამაკაცი, რომელთა აღრიცხვა ოცი წლის ზემოთ წარმოებდა და, შესაბამისად, საკუთარი მოსახლეობის ხარჯზე ვერ ქმნიდა ცალკეულ ათასეულს. სწორედ ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ადგილი, რომელმაც იუდეველ ერს ოდესღაც დიდი მეფე დავითი და სამეფო მოდგმა უბოძა, მიქეას სიტყვების თანახმად, გარკვეულ ჟამს არა მარტო ებრაელებს, არამედ მთელ კაცობრიობას უწყალობებდა მხსნელს; მაგრამ წინასწარმეტყველის სიტყვების მოსმენისას ვინმეს რომ საკუთარი შეხედულებისა თუ მოლოდინისამებრ არ განემარტა ბეთლემში შობილის ვინაობა, მორაშეთელი მოღვაწე იქვე დოგმატური შინაარსის უმნიშვნელოვანეს ცნობას გვთავაზობს: „შენგან (ე. ი. ბეთლემიდან; ი. ო.) გამოვიდეს ჩემდა მთავარი ისრაჱლსა ზედა და გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუნეთა“. წარმოდგენილი სიტყვები ორაზროვნების გარეშე მიუთითებენ, რომ ის, ვინც მეფე დავითის ქალაქში გარკვეულ დროს ადამიანური ბუნებით დაიბადება, ამავდროულად, დაუსაბამო წარმომავლობისაა. სწორედ ასე განმარტავს მიქეას წინასწარმეტყველებას ეკლესიის დიდი მოძღვარი, წმ. იოანე დამაკელი. ღირსი მამა ერთგან ბრძანებს: „მიქეა წინაჲსწარმეტყველი ქალწულისაგან ბეთლემს შობილისათჳ ესრეთ იტყჳს: „და გამოსავალნი მისნი დაწყებითგან დღეთასა საუკუნეთა“. ვითარ უკუე იყვნენ გამოსავალნი მისნი დაწყებითგან საუკუნოჲსათაჲთ არათუ იგივე ღმერთიცა იყო პირველ საუკუნეთა?“1 ბუნებრივია, აღნიშნული უწყება, დამოწმებული ეგზეგეზისის თანახმად, განკაცებულ ღმერთს, იესო ქრისტეს მიემართება, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ჟამიერად ევლინება კაცობრიობას, მაგრამ მამისაგან მარადიულად, უჟამოდ, დაუსაბამოდ იშვება (შდრ. „გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუნეთა“) და სწორედ ამას ახარებს ადამის მოდგმას წინასწამრეტყველი მიქეა. ჩვენს სტატიას ქრისტეშობასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ საკითხავში გადმოცემული სიტყვებით დავასრულებთ: „ჭეშმარიტადრე გამოუთქმელ არს მოწყალებაჲ ღმრთისაჲ. და დიდად სასიხარულო არს კაცთად! რამეთუ ღმერთი ზეციური მოსრული ქუეყნად იქმნა კაცად, მცხოვრებად ქუეყნიერად; ხოლო კაცი ქუეყნიერი იქმნა ზეციერად. მეუფე სამეუფოთა ზეციერთა იქმნა დადგრომილ ქუაბსა შინა, ხოლო კაცი ძლეული სოფლისაგან აღადგინა და ყო დამკჳდრებულ ზეციერსა სამეფოსა შინა. უფალმან ყოვლადძლიერმან და ყოვლისშემძლებელმან მიიღო ქუეყნიერი სიგლახაკეჲ, ხოლო კაცსა ქუეყნიერსა მიანიჭა ზეციური სიმდიდრე. მეუფე ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა, შემოქმედი უჴორცოთა ჴორციელ იქმნა და ჴორციელნი თჳთ ნებით თჳსით განშორებულნი ღმრთისგან შეაერთნა ღმერთსა. აჰა მიზეზი ქრისტეს განხორციელებისა!“2

 

------------------------------------------------------------------------

 

1 - „მისივე მამისა იოვანე ხუცისა დამასკელისა ოქრონექტარისაჲ სიტყუაჲ დასამჴობელი ნესტორიანთაჲ“, ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენ ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშნვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბილისი, 1997, გვ. 37. შევნიშნავთ, რომ ღირსი იოანე ერთგან ძველი აღთქმის წიგნებიდან მოიხმობს შესაბამის ციტატებს, რომლებიც ძე ღმერთის მარადისობის საიდუმლოს გაამხელს. ხსნებულ ჩამონათვალი სწორედ მიქეას ზემომოხმობილი წინასწარმეტყველებით იწყება: „ხოლო მიქეა: «ქვეყანაო იუდაჲსო, სახლო ეფრათაჲსო, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაელი და  მცირე ხარ ათასეულთა შორის იუდაჲსთა და გამოსავალნი მისნი დასაბამითგან დღეთაგან საუკუნოთაჲსაჲთ»... ესენი არა განცხადებულად წარმოაჩენენა უწინარეს მყოფობასა ქრისტესსა?! (წმინდა იოანე დამასკელი, დასახ. გამოცემა, გვ. 54. ტექსტი დამოწმებულია მცირედი კორექტირებით).

2 - ქრისტეშობის სადღესასწაულო სახარების განმარტება, თბილისი, 2004, გვ. 24.

 

სტატია ქვეყნდება ავტორის ნებართვით

 

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 05 July 2017 15:40)